შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პალიასტომის ტბა

იმ დღეს სამდღიან შეხვედრაზე წავედით. მთელი ერთი ავტობუსი ხალხი ვიყავით, ზოგი აცრილი, ზოგიც აუცრელი. თუმცა, ყველა პსრ ტესტ ნაზიარები და შესაბამისი საბუთით შეიარაღებულნი. ნიღბებიც მორგებული გვქონდა და  ამ ნიღბებს მიღმა სუნთქვაც ჭირდა, მაგრამ იყო მაინც რაღაც ხიბლი, რომ კომპიუტერებს მოვწყდით და ერთმანეთს ეკრანებიდან კი არა, რეალურად ვუყურებდით.

არც მეტი, არც ნაკლები, ფოთში წავედით. ამ ქალაქს მეორედ ვესტუმრე. ადრე, 2008 წელს ფოთის პირველ საშუალო სკოლაში სამეცნიერო პოპულარულ ლექციებს ვკითხულობდი. გამაოცა ფოთელი მოსწავლეების ქიმიაში  მომზადება -მონდომებამ და ამ სკოლის ქიმიურმა ლაბორატორიამ.

ამჯერად, ჩვენი მიზანი პალიასტომის ტბიდან ფიჩორზე გასვლა, წყლის სინჯების ადგილზე გაანალიზება და ერთად დისტანციურ ზონდირებაზე მსჯელობა იყო.

სასტუმროდან გადავუხვიეთ და გრძელ გზას დავადექით. აქეთ იქიდან ქუჩის ძაღლები მიგვაცილებდნენ  და ეზოებში გამომწყვდეულ სხვა ძაღლებთან რაღაც გადაძახილ დიალოგს აწყობდნენ. ასე ვიარეთ მდინარე კაპარჭინაზე გადებულ ხიდამდე, ხიდზე გადავედით და პალიასტომის ნაპირს მივადექით. იქვე ახლოს საცხოვრებელი სახლები დგას, რაღაც კორპუსის ტიპის ბარაკები. უნებურად ვიფიქრე, რომ ალბათ აქ მცხოვრები ხალხი ვერც კი აცნობიერებს წინ გადაშლილ ხედს და ტბიდან მომავალ ჰაერს. და კიდევ, წესით ესენი ავად არასდროს არ უნდა ხდებოდნენ.

ნაპირიდან ბორანზე გადავდივართ და ტბაში შევდივართ.

„პალიასტომის შესახებ გურიაში არსებობს ერთი ლეგენდა: ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას უწინმ თურმე, ხმელეთი იყო, ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს „პავლიას ტომს“ ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცებ წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხიც და ყოველივე სულდგმული დაიხრჩო, მხოლოდ ერთმა დიაკვანმა მოასწრო, გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანიც გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენესო. ჯუმათის მთაზე ეკლესია დღესაც არსებობს. ხალხი, გვარად დარჩია, დღესაც ცხოვრობს სოფ. ჯუმათში და ბევრი მათგანი სასულიერო წოდებისაა, მაგრამ ლეგენდაში მოყვანილი ამბავი რამდენად მართალია, ამისი კი რა მოგახსენოთ. პალიასტომის ტბა უფრო მის მახლობლად მდებარე მთებიდან მონაწრეტსა და დაბლობში შეგროვებულ წყალსა ჰგავს, მიწამ მიწისძვრისგან ამონახეთქსა, თუმცაღა შეუძლებელი კი არც ამ უკანასკნელშია რამე “. (პალიასტომის ტბა, ეგნატე ნინოშვილი).

ჰოდა, ჩვენც ამ ტბაში შევცურეთ. ტბის შუაგულში ჯვარი აღუმართავთ და ზედ რაღაც დიდი ფრინველები სხედან. ამ ჯვარზე ლეგენდებს ყვებიან. ხალხი იხრჩობოდა თურმე ამ ადგილას. რაღაც წამოსდებიათ ხელში, მოსჭიდებიან და გადარჩენილან. ეს რაღაც ჯვარი აღმოჩნდა, შეიძლება სულაც იმ დატბორილი სოფლიდან, რაზეც ეგნატე ყვებოდა წეღან. შემდეგ ჯვარი სადღაც წაუბრძანებიათ და სანაცვლოდ ეს სიმბოლური აღუმართავთ, სადაც ახლა დიდი ფრინველები სხედან და ფრთებს იშრობენ.

ცოტა მოშორებით სფაგნიუმის ხავსებია. ტუნდრისთვისაა დამახასიათებელი და სახელწოდება ღრუბელს აღნიშნავს. ღრუბელივით იწოვს ნალექებს და 25-ჯერ იმატებს თურმე ზომაში.

თურმე, ასტრახანში, მიძინების ტაძარში, სადაც ჩვენი ორი ქართველი მეფის საბოლოო განსასვენებელია, ერთ-ერთ მათგანში, კერძოდ, კი თეიმურაზ პირველის საძვალეში ჩაფენილი სფაგნიუმის ხავსები უპოვიათ. საოცრად ცოცხლად შეუნახავთ, თურმე ცხედარი. მე ასტრახანში 12 წლისა ჩავედი დედასთან ერთად. მოგზაურობა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილების წყაროა. ამას დიდი მოგზაურებიც ხვდებოდნენ და ალბათ ამიტომაც სერავდნენ დაუღალავად ზღვებსა და ოკეანეებს.

ისე, ყველაფერში ბედი გინდა ადამიანს.

ერთი კაცი იყო, 1193-1203 წლებში იმ დროისთვის ცნობილ სამივე კონტინენტზე იმოგზაურა. ინდოეთში ჩავიდა და იქიდან ჩინეთისკენ განაგრძო გზა. გადავიდა მონღოლეთში, ხატაეთში, ხაზარეთში, რუსეთში. იქიდან კიევის რუსეთის გავლით დასავლეთიდან დაუყვა შავ ზღვას, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, იქიდან-საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში და რა ვიცი, სად აღარ.

ლამის საუკუნის შემდეგ კიდევ ერთმა კაცმა გაიარა იგივე გზა და მთელ დუნიაზე გაითქვა სახელი. პირველის ვინაობა კი, დუნიას ვინ ჩივის, თითო-ოროლა ქართველმა თუ იცის…

პირველი თამარ მეფის მდივანი ჩახრუხაძეა, მეორე-მარკო პოლო.

ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა-კაკალიც არაო, ამაზე უთქვამთ.

ჰოდა, მე და დედაც იმხანად მოგზაურობის ჟინით ვიყავით შეპყრობილნი. უფრო სწორად, დედა ჰყავდა ატანილი მოგზაურობის ჟინს, მე კი კვერს ვუკრავდი.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ახლა უკვე საქმიანი მიზნით მიწევდა ხოლმე მოგზაურობა. 2020-ში კი ყველაფერი გაჩერდა და აგერ ახლა დაიწყო ამოძრავება.

ჰოდა…

სადღაც ფიჩორის მისადგომებთან შესვენებისთვის ხმელეთზე გადავედით და სახელდახელოდ  წყლის ანალიზებიც ჩავატარეთ.  რაც ჩვენ იქ გამოვიკვლიეთ, ზუსტად იმავეს გამეორება თქვენც შეგიძლიათ იმ მდინარეებისა და წყლებისთვის, რაც თქვენთან ახლოს ჩამოედინება.

მაშ ასე…

 

წყლის საერთო ტუტიანობა

საჭირო რეაქტივები: 0.1N HCl/H2SO4;  ფენოლფტალეინი 1% და მეთილ წითელი 1%.

250-300მლ კონუსისებრ კოლბაში ასხამენ 100მლ საანალიზო წყალს, ამატებენ 2-3 წვეთ თითოეულ ინდიკატორს და ტიტრავენ 0.1N მარილმჟავას ხსნარით, ხსნარის შეფერილობის ყვითლიდან ვარდისფერში გადასვლამდე.

ფორმულა: α×K×1000/100 ×100= α×K/10=0.1×α ×K

სადაც, α გატიტვრაზე დახარჯული მჟავას რაოდენობაა მლ-ში, K -შესწორების კოეფიციენტი;

 

წყლის საერთო მჟავიანობა

საჭირო რეაქტივები: 0.1N NaOH; მეთილ წითელი 1%.

250-300მლ კონუსისებრ კოლბაში ასხამენ 100მლ საანალიზო წყალს, ამატებენ 2-3 წვეთ ინდიკატორ მეთილწითელს და ტიტრავენ 0.1N ნატრიუმის ტუტის ხსნარით, ხსნარის შეფერილობის  ვარდისფრიდან არ გადავა ნათელ ყვითელში.

ფორმულა: α×K×49

სადაც, α გატიტვრაზე დახარჯული მჟავას რაოდენობაა მლ-ში, K -შესწორების კოეფიციენტი;

 

ნიტრატ იონების აღმოჩენა

სინჯარაში ვათავსებთ 5-10 მლ წყალს და წვეთობით ვამატებთ გოგირდმჟავაში გახსნილი დიფენილამინის ხსნარს. ნიტრატ იონების არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება თეთრი ფიფქები. თუ მორუხო ფერში გადავლენ, ნიშნავს იონების მაღალ კონცენტრაციას.

 

ფოსფატ  იონების აღმოჩენა

სინჯარაში ვათავსებთ 5-10 მლ წყალს და წვეთობით ვამატებთ ვერცხლის ნიტრატის ხსნარს. ფოსფატ  იონების არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება ყვითელი ვერცხლის ფოსფატის ნალექი.

 

სანაპირო წყლებში, განსაკუთრებით მდინარეების შესართავებთან, ხშირად შეინიშნება მღვრიე წყლის ნაკადი. სიმღვრიე  გამოწვეულია წყალში არსებული ნახევარი მიკრონიდან რამდენიმე მილიმეტრამდე  ზომის მცირე ნაწილაკებით, ასევე  ზოგიერთი მინერალის (თიხა ან ორგანული წარმოშობის) შემცველობის გამო. სიმღვრივის გამომწვევ ნაწილაკებს -შეწონილი ნაწილაკები ეწოდება. მათ შორის შეიძლება იყოს წყალმცენარეებიც.

სპეციალური სენსორის მეშვეობით შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციაც განვსაზღვრეთ. შეწონილი ნაწილაკები თავიანთი შედგენილობით განსხვავებულია ბუნებრივ წყლებში. შეწონილ ნაწილაკებს ყოფენ ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებად. პირველს ჰუმუსის ნაწილაკები, მცენარეთა და ცხოველთა  ნარჩენები, სხვადასხვა საოჯახო და ტექნოლოგიური ნარჩენები მიეკუთვნება. ეს ყველაფერი ხშირად გვხვდება მდინარეებში. მინერალური შეწონილი ნაწილაკები წარმოდგენილია ქვიშით და ხრეშით. ასევე წვრილდისპერსიული თიხით, სხვადასხვა მინერალების ნამცეცებით და მთის ქანებით.

სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მონიტორინგისთვის ინფორმაცია, შეწონილი ნაწილაკების გავრცელების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ორგანული ნაწილი შედგება ორგანიზმის ხრწნადი ფრაგმენტებისა და ფეკალიებისგან;
  • სხვადასხვა ნაწილაკები ქმნიან სხვადასხვა ფორმის და სტრუქტურის ე.წ. ფანტელებს (ჰუმუსური მასალის ნაწილს);
  • ფანტელები მრავალი მიკროორგანიზმის სუბსტრატს წარმოადგენს და ისინი ვითარდებიან ფანტელებში არსებული მინერალური მასალის გახრწნის ხარჯზე;
  • მთელი რიგი არაორგანული და ორგანული „კვალის“ ნივთიერებები შეტივტივდებიან შეწონილ ნაწილაკებთან და მონაწილეობენ ფანტელების ფორმირებაში.

 

ფიჩორზე გასვლისას ხის რაღაც მორები წყალში იმგვარად ტივტივებენ, ნიანგი გეგონება. თან მხიარული, ენაწყლიანი  ადგილობრივი თანმხლები გვყავს. იცინის, ერთი ჯგუფი მყავდაო, ფიჩორზე ნიანგების არსებობა დავაჯერეო. ოღონდ, ავუხსენი, რომ საღამოს შვიდის შემდეგ გამოდიანო. ირწმუნესო… სიაც კი შედგა, ვინ რომელ დღეს ნახავდა ნიანგებს საღამოს შვიდის შემდეგ ფიჩორზე.

ახლა ამას გნებავთ ცნობისმოყვარეობა დაარქვით, გნებავთ გულუბრყვილობა და გნებავთ… თავგადასავლების სიყვარული.

ჩვენ კი უკან დავბრუნდით, კვლავ პალიასტომის გამოვლით და მომავალი თავგადასავლების იმედით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი