სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფრენისა და ზუიზე, სქელუა დეიდასა და ბესის ბულიონზე

ჭკუისკოლოფობა რთული საქმეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შვიდი წლისას თავი მსოფლიო ლიტერატურით გაქვს გამოტენილი (ვინ იცის, ვინი პუჰის მსუბუქი ნახერხი ინატრო ოცდახუთი წლის ასაკში, საფეთქელზე ლულამიბჯენილმა საკუთარ თაფლობისთვეში). ასეა თუ ისე, სელინჯერი გამუდმებით ჭკუისკოლოფებზე წერს და არცერთი პერსონაჟია ისეთივე პირქუში, როგორც თავად მწერალი. სელინჯერის განდეგილობა და რწმენა, რომ ქალისთვის (მისი ქალისთვის) გზა სამზარეულოდან საძინებლამდე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია (“ქუხნა”- “კრაოტის” ქართული ვერსიის ამერიკული განხორციელება) სრულიად სცდება ფრენის სახეს. “ფრენი” და “ზუი”, ეს ვრცელი მოთხრობები (გია ჭუმბურიძის ახალი, კარგი თარგმანი), ერთი შეხედვით, იმდროინდელი პოპულარული  თემის (თუმცაღა, რაღა თქმა უნდა უკვდავი)- ღვთის სახის, მისი ავატარების არსებობის გამართლება- გაუმართლებლობისა თუ რწმენის, როგორც მიზეზ- შედეგობრივი სისტემის, როგორც სურვილების დათრგუნვის შედეგად მიღწეული განწმენდის, როგორც ცხოვრებისეული კომპრომისის არც ისე მარტივ საკითხებს ეხება. მეორე მხრივ კი, ერთი გრძელი მოთქმა- გოდებაა ადამიანებისა, რომლებმაც ვერაფრით გაარღვიეს ოჯახური, მოჯადოებული წრე და წრის შიგნით მოძრაობის დარეგულირება კი  საკუთარ სურვილებზე, როგორც ყოყლოჩინურ გამოხდომებზე ხელის აღებით გადაწყვიტეს. 

ფრენი, რომელიც ლოგინად ჩავარდნილი იმეორებს ლოცვას და სამაგიეროდ, სწავლისა და სცენის მიტოვება განუზრახავს, არც ფანატიკოსია, არც- გულმართალი მორწმუნე. წიგნი, რომელიც რუსი გლეხის მოგზაურობასა და უწყვეტი ლოცვის საიდუმლოს ამოხსნას ეხება, ფრენის ახალი თავსატეხია. ორსიტყვიანი ლოცვის (უფალო, შეგვიწყალე) ძალა მის შემდგომ, ავტონომიურ მოქმედებაში მდგომარეობს, ისევე, როგორც აღმოსავლური სიბრძნე აღიარებს ადამიანის შვიდ, ასტრალურ ჭიპს  და “მესამე თვალის” გახსნას ჭეშმარიტებასთან ზიარებისას. საკითხავია, რა არის ფრენისთვის ჭეშმარიტება?- საკუთარი ღმერთის ფუნჩულა სახე, ბესი გლასის ბულიონი თუ საკუთარ ოთახში მარტვილობა?! 

ზუის ფინალური მონოლოგი ერთი მხრივ გაკიცხვაა არა მხოლოდ ფრენის, უმეტესწილად- უფროსი ძმების, სეიმურისა და ბადის, მეორე მხრივ- საკუთარ თავთან საუბარი, საკუთარი ეგოს გამართლებაა (რადგან “მეს” მუდმივი დამალვა ვერასდროს ვერაფრის შექმნის გარანტია) და მესამე მხრივ- არაჩვეულებრიობის უზარმაზარი სევდა. სევდიანია პარმაღზე მჯდარი სქელუა დეიდა, ის მარტოა, დარჩენილი რადიოდან მომავალი ხმამაღალი, ძველმოდური მუსიკის პირისპირ: “არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სად თამაშობს მსახიობი- ღია საზაფხულო თეატრში, ტელევიზიაში, რადიოდადგმაში გამოდის თუ ბროდვეიზე, ნაღები საზოგადოების წინაშე… მაყურებელი ის ერთი დიდი, სქელი დეიდაა, იმ შენი პროფესორი ტაპერის ჩათვლით. დედამიწის ზურგზე არავინაა, სიმორის სქელ დეიდას რომ არ ჰგავდეს- გამიგე? და იცი, სინამდვილეში, ვინაა? მართლა აზრზე არა ხარ? ე- ეჰ, შენც ხარ რა! ეგაა სწორედ ქრისტე ღმერთი! ეგაა ჩვენი მაცხოვარი!” 

ალბათ მხოლოდ ასეთი სიტყვები გაიძულებს, პროფესორი ტაპერის აფუებული ვარცხნილობა  ვერ დაინახო, რადგან ჩვენ ხშირად მძაფრად განვიცდით ყალბ, მხოლოდ მასებზე გათვლილ, ფასადურ ქმედებებს. არადა, ეს ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც ლაქა ჩვენს თეთრ, ფუმფულა სვიტრზე, რომლის ამოყვანაც “ვენიშით” მრავალგზის ვცადეთ და წარუმატებლობამ სვიტერი გადაგვაგდებინა. ამავდროულად, ჩვენ გულგრილად შეგვიძლია ავუაროთ გვერდი ცხოვრებისეულ, ტკბილ და მყუდრო ამბებს. აი, ისეთებს, როგორიც დედის ფუსფუსია სამზარეულოში და მისი მომზადებული ბულიონი, პირი რომ ვერაფრით დაგვაკარებინა: “თუკი რწმენის გზას ადგახარ, იმის დანახვაც უნდა შეგეძლოს, ყოველდღიურად რა ღმრთისმსახურება ხდება შენ ცხვირწინ….. თუკი ნაკურთხი ბულიონის თასსაც კი ვერ ცნობ, რომელ წმინდანს იცნობ მტვრიან ბილიკზე?”- სვმას კითხვას ზუი.

კითხვასა და კითხვას შორის კი სულ გულისწყრომა იგრძნობა სეიმურისადმი, რომელმაც ბავშვობაში და- ძმა საკუთარ რჯულზე მოაქცია, ათასობით საშიში წიგნი მიაჩეჩა, მერე კი ადგა და თავი მოიკლა. მთლიანობაში, ეს ტექსტი სელინჯერის მონანიებაცაა, სინანული პერსონაჟის გამო, რომელიც ზედმეტად ადრე მოკლა. ეს დედების სევდაცაა, რომლებიც ვერასდროს ხვდებიან, რა დაემართათ შვილებს, რომლებიც ბავშვობაში  მხიარულები და გონიერები იყვნენ, ახლა კი საკუთარ თავებში ისე მტკიცედ ჩაიკეტნენ, როგორც საზოგადოებრივ ტუალეტებში. მართლაც, “რა აზრი აქვს ყველაფერი იცოდე ქვეყანაზე და ქვეყანას აოცებდე შენი გამჭრიახობით, თუ კი ამას არავითარი სიხარული არ მოაქვს”.

ამხელა ორომტრიალში, ამდენ ოხვრაში, ამდენ ლაქლაქში, ამდენ ჭკვიანურ დიალოგში კი ყველას ავიწყდება ზუის პირველი სატელევიზიო სცენარი, პირველი ფილმი ბიჭის შესახებ, რომელმაც მამის სიკვდილის შემდეგ ძროხების ფერმა გაყიდა და ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთხელაც, ერთმა მანქანამ ქუჩიდან გადმოუხვია, უცებ ძროხად იქცა და ბიჭი წითელ შუქზე გაედევნა. საბოლოოდ, ჯოგმა გადათელა. ეგაა: საკუთარი პრინციპებიდან და სურვილებიდან დროებით ხელი რომ აიღო, თავი ფრენისავით საკუთარ სახლს შეაფარო ან თუნდაც სულაც ნურაფერს შეეფარო, სქელუა დეიდა აუცილებლად გესტუმრება, შენსავე ოთახში, საწოლზე ჩამოგიჯდება და რადიოს ხმას ბოლომდე აუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“