სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თინას ლეკურიდან ეკას კინტაურამდე

ახლაც გიორგობისთვეა, როგორც მაშინ, იქ – ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობაში „თინას ლეკური”. ალბათ ყველას გვახსოვს საშინელ სუსხში გახვეული სოფელი ზედაშენი, დიდ-პატარა რომ ცეცხლს აჩაღებს და მარტო თინას კერაა ცივი. სიცივისგან გალურჯებული მისი შვილიშვილები ძველ საბანში გახვეულან და მოხუცს შეჰყმუიან: „დიდედო, ცივა, ცივა! დიდედო, გვშია, გვშია!..”

რა ქნას თინამ? ისედაც თავი მოაბეზრა მეზობლებს თხოვნით, ბევრჯერ გაილანძღა ვენახის ღობეზე ფიჩხის მტვრევისთვის, სხვისი ვენახიდან ჩუმად სარების წამოღებაც ცოდვად აწევს. ძალ-ღონე რომ მოსდევდეს, არავის შეაწუხებდა, გაღმა, ჭალაში გადავიდოდა, გამხმარ ჩირგვებსა და ძეძვს მიჩეხ-მოჩეხდა, მაგრამ გულის ხუთვა და კანკალი კლავს, ყელში წაუჭერს, მუხლები და მკლავები ეკვეთება… რძალიც რა დროს გაუთხოვდა, კერა მიატოვა და უსუსური ბავშვები მოხუცს მიუყარა…

ამ სიღარიბესა და განსაცდელში უცებ დუდუკის ხმა შემოიჭრება შორიახლო მდგომი ბატონის სახლიდან. თინა გამოერკვევა, თითქოს ძალას შემატებს ეს ხმა, პირს დაიბანს, სადღესასწაულოდ გამოეწყობა და აჩქარებით აუყვება აღმართს. ძნელი გზაა, უჭირს მოხუცს, ქშენს, გული ყელში ებჯინება, სული ეხუთება, თვალები ჩასისხლიანებია, მაგრამ მაინც მიაღწევს ბატონიანთ კარს. გზადაგზა ახსენდება, როგორ იცეკვა ორმოცი წლის წინ ლეკური დიდი ბატონის ქორწილში (მაშინაც გიორგობისთვე იყო) – გამოვიდა, სტუმრებს თავი მდაბლად დაუკრა, მკლავები გაშალა და დატრიალდა. მერე იყო ტაში, ვაშა და შაბაშის ფულების ცვენა.

ახლაც დიდი ლხინია, ჩვენებური, ძველებური და იმ დრომდის მისული, ერთ ადგილას ჯდომას რომ ვერ ჰგუობს, უფრო მძლავრი გამოხატულება, მოძრაობა უნდა. დუდუკის წყნარ შიქასტას ლეკური შეცვლის, წრეში მოხდენილი ახალგაზრდა გამოჩნდება, არწივივით გაშლის მკლავებს და ჩოხის კალთების შრიალ-ფრიალით ჩამოუვლის. სანამ ვინმე გამოჩნდებოდეს მრავალ მშვენიერთა შორის, უცებ კარიდან ბებერი თინა წამოვა, ფლოსტებს წაიძრობს და ლეკურის ყმაწვილ მოთამაშეს გამოეცეკვება. 

ყოფის ტრაგიკომედია ერთდროულად თამაშდება სცენაზე: სტუმრების ყიჟინა, მანდილოსნების ისტერიული სიცილი, მოულოდნელობისგან სახტად დარჩენილი სახლის პატრონი, ხელებგაშლილი, თავაღებული და ტუჩებმოკუმული თინა და თავმომწონე ვაჟკაცი, რომელიც არ შეკრთა, არ იუკადრისა ჭუჭყიან ძონძებში გახვეულ მოხუცთან თამაში.

განცდებისა და განწყობილებების ეს მონაცვლეობა ბოლოს ერთ ტრაგიკულ სურათში მოიყრის თავს: დედაბერი უცებ შედგება, თვალებს გადაატრიალებს, ჰაერში დაწყვეტილივით გადაიქნევს მკლავებს და დაბლა დაეცემა. საკრავის ხმა შეწყდება, მხიარულებას უკიდურესი მდუმარება შეცვლის. იატაკზე გაშეშებული წევს სათამაშოდ ხელებგაშლილი, თვალებდაჭყეტილი, საოცარი ტანჯვით ჯვარცმული (უზუსტესია ეს უკანასკნელი სიტყვა, მწერლის მძაფრი მეტაფორა) თინა. „ბები, ბები! მართლა მოკვდი?! პურს ვინღა გვაჭმევს!” – ისმის ამ საოცარ სიჩუმეში ბებოს ლოდინით გაბეზრებული ორი მშიერი, ტიტლიკანა, სიცივისაგან გალურჯებული ბალღის ხმა. და იქვე ირღვევა აქამდე გამეფებული შემზარავი მდუმარება: „მოწყალება ობლებს! – ამბობს ვიღაც და გულგალმობიერებული (ესეც კიდევ ერთი ზუსტი სიტყვა!) საზოგადოება მოწყალებას გასცემს. 

თინას უკანასკნელმა ლეკურმა – შეუძლებლის შეძლებამ, შვილიშვილებისთვის გაღებულმა მსხვერპლმა – ლუკმა გაუჩინა ობლებს. 
ფიზიკური არა, მაგრამ მორალური მსხვერპლისა და კომპრომისის ნათელი მაგალითია ეკას კინტაური. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები” (2013) გასული საუკუნის 90-იან წლებს ეხება, იმ დროს, როცა უმძიმესმა სოციალურმა მდგომარეობამ ზღვარი წაშალა უფროსსა და უმცროსს შორის. ბავშვები დიდებივით ფიქრობენ, აზროვნებენ და, რაც ყველაზე სახიფათოა, დიდებივით ცხოვრობენ კიდეც. მათ ფაქიზ, მგრძნობიარე და ტკივილიან სულს დროზე ადრე, წარმოუდგენლად ადრე აწვება ყველა ის გაჭირვება თუ საფიქრალი, რაც გაცილებით გვიან უნდა გაიაროს და განიცადოს ადამიანმა. 

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ნათიას (მარიამ ბოკერიას გმირი) მოტაცებაა. უსიყვარულოდ, ძალდატანებით შექმნილი ოჯახის ქორწილში ყველა ილხენს, მხიარულობს. მხოლოდ ერთი, ნათიას უახლოესი მეგობარი ეკა (ლიკა ბაბლუანის გმირი) არ იზიარებს ამ განწყობილებას. მან კარგად იცის სხვებისთვის დაფარული მიზეზები, რის გამოც ვერ აჰყვება საერთო მხიარულებას, ამიტომ ურჩევნია, ჩუმად, თავისთვის, გვერდით ოთახში იყოს. ეს იძულებითი გარიდება მაშინ სრულდება, როცა ნათია, ნაწყენი და გაბრაზებული, დაანამუსებს მეგობარს – ასე იმიტომ ხარ, რომ ჩემი ქორწილი არ გიხარიაო.

ეკამ რა უნდა ქნას: მუდამ მხარში უდგას ნათიას, მისი ტკივილის გამზიარებელი მესაიდუმლეა და ხედავს, რომ სიმართლეზე მეტად სიყალბე, ტყუილი და მოჩვენებითობა – ერთი სიტყვით, სანახაობა – სჭირდება საზოგადოებას. და გადაწყვეტს, მეგობრის გამო, მის დასახსნელად თუ შესანარჩუნებლად დათანხმდეს კომპრომისს.

ეკას კინტაური ყველაზე შთამბეჭდავი სცენაა „გრძელ ნათელ დღეებში”, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თვალში საცემი დოკუმენტალიზმი აშკარად ჩრდილს აყენებს ფილმს; ეს, შეიძლება ითქვას, მეამბოხის გამოსვლაა, რომელიც შეუძლებლის ჩადენით, საკუთარ თავთან დაპირისპირებით თავს კი არ ინადგურებს, არამედ თანამოაზრეს, უახლოეს მეგობარსაც იბრუნებს სამუდამოდ და მექორწილეების ოვაციასაც იმსახურებს. უკეთ რომ ვთქვათ, ამ მსხვერპლით ერთი ადამიანიც კმაყოფილია და მთელი საზოგადოებაც. 
იქ, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობაში, თინას უკანასკნელი ლეკური აღუძრავს ხალხს ლმობიერებასა და ქველმოქმედების სურვილს, აქ კი, თითქოს ეკას – საწინააღმდეგო აზრის მქონე ერთადერთი ადამიანის – კინტაურით ხდება ქორწილი ლეგიტიმური მაყურებლის თვალში. ამ ქცევით ის მხარს უჭერს და ეთანხმება ძალადობით შექმნილ ოჯახს, მაგრამ ამას მაამებლობით კი არ სჩადის, არამედ სიყვარულით, ქმარსა და ურიცხვ ნათესავს შორის მარტო დარჩენილი მეგობრის დასახმარებლად.

ორივეგან – ფილმშიც და მოთხრობაშიც – მთავარი მომავლის გადარჩენაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“