სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველა და სამუსლიმანო საქართველო

პატარა წიგნაკი ილია ჭავჭავაძის სამეგრელოში მოგზაურობის შესახებ 2008 წელს დავწერე. დაწერას ორი თვე მოვუნდი, მასალების შეგროვება-შესწავლას – ორ წელიწადზე მეტი. ბევრი ისეთი რამ წავიკითხე, მაშინ რომ არ გამომადგა, მაგრამ ახალი შემოქმედებითი მიზნები გამიჩინა. 
მათგან ერთ-ერთზე, განუხორციელებელ მიზანზე მინდა გიამბოთ. 
თავიდან ასე დაიწყო. შუშანა ფუტკარაძის წიგნის – „ჩვენებურების ქართული” – კითხვისას შემთხვევით წავაწყდი ერთ საგულისხმო ინფორმაციას: 
– ამ მხარეში სტუმრად ყოფილა დიდი მგოსანი ვაჟა-ფშაველა. იგი წერდა: „პირადად დამივლია აჭარა, ქობულეთი, კლარჯეთი, ტაო – დიდებული მესხეთი, ჩვენი დღევანდელი ძვირფასი სამაჰმადიანო საქართველო”. 

ამ ციტატის წყაროდ დასახელებული იყო 1915 წლის 26 ივლისს გამოცემული ალმანახი „ძმური სიტყვა”, ოღონდ სანამ მის მოძიებას ვეცდებოდი, ვიფიქრე, საიდან შეიძლებოდა დაწყება, რა გზა უნდა ამერჩია, რომ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ვაჟა-ფშაველას მოგზაურობა ცხადად, დამაჯერებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ მომეთხრო მკითხველისთვის.   
როგორ დავწერდი? – ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ეს ძნელი სულაც არ იყო, მით უფრო, ამის გამოცდილება უკვე მქონდა, თან ვაჟა-ფშაველა ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა და მის შესახებ დაწერილი ყველა სტრიქონი მაინტერესებდა.
ყოველ შემთხვევაში, მისი მოგზაურობის მარშრუტის პარალელურად, ვეცდებოდი, რომ ის ეპოქა გამეცოცხლებინა, როდესაც დიდ პოეტს მოუხდა „ძვირფას სამაჰმადიანო საქართველოში” სტუმრობა. 
ილია ჭავჭავაძე „ოსმალოს საქართველოს” ეძახდა. „ივერიის” ფურცლებზე ამავე სახელწოდებით გამოქვეყნებულ წერილში საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ ოსმალოს საქართველოს „დიდი პატივისცემა და ხელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით-არსებობისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია”. იქვე მოთხრობილი იყო ყველა ის მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადახდენია ამ მხარეს, შეფასებული იყო ის სულიერი და ნივთიერი სიკეთე, რაც ქვეყნის განვითარებაში შეუტანია ტაო-კლარჯეთს. 
ილია, ყოველდღიური საქმეებისგან დატვირთული, ხშირად ვერ იცლიდა ქალაქგარეთ გასასვლელად. მისგან განსხვავებით, ვაჟა-ფშაველა უფრო თანხმდებოდა მოგზაურობას. მით უმეტეს, ამას განსაკუთრებული რამ მიზეზიც თუ უკარნახებდა, ვთქვათ ისეთი, როგორიც თუშ და ხევსურ მეცხვარეებს შორის წამოჭრილი სადავო საკითხების მოგვარება იყო – მათ ხომ ოდითგანვე ტაო-კლარჯეთის საძოვრებზე დაჰყავდათ ფარა. 
ხანგრძლივ მგზავრობას ხარჯიც ბევრი მოსდევს და ნერვებიც კაიგამძლე უნდა. მწერლისთვის არც ერთი გაუჩენია ღმერთს და არც მეორე, მაგრამ ეტყობა, ძალზე საჭირო და საშური საქმე რომ ჩანდა, ამიტომაც აღარ იყოყმანა ვაჟა ფშაველამ.

სრული მოგზაურობისა რა გითხრათ, მაგრამ ფშავიდან სამეგრელოში მისი ჩასვლის ერთი ცნობა კი მოგვეპოვება – იონა მეუნარგიას საოჯახო ალბომში 1912 წლის 29 აპრილს ჩაწერილი ლექსი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი:
სახსოვრად დამრჩა თქვენი სტუმრობა,
ვამბობ გულითა, არ არს ხუმრობა;
თქვენს გამო ვნახე მე ფოთი და ზღვა,
არ დაიმალვის, ყველგან უნდა ვსთქვა.
მაგრამ ცხადია, ფოთისგან განსხვავებით, აჭარასა და ტაო-კლარჯეთში მგზავრობას მხოლოდ ყოფითი და კულტურული მნიშვნელობა არ ექნებოდა. ისევე როგორც ილია ჭავჭავაძის სამეგრელოში ჩასვლა არ გულისხმობდა მარტო ნიკო დადიან-მინგრელსკისგან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შეწირული უძვირფასესი ბიბლიოთეკის ჩამოტანას – ეს უფრო სახელმწიფოებრივი აქტი იყო, რომლის წარმატებით აღსრულების შემდეგ რუსეთის იმპერიას გაუცუდდა ავი მცდელობა, სამეგრელო და სვანეთი ჯერ სამშობლოსგან მოეგლიჯა, შემდეგ კი ერთიანად ჩაეყლაპა, თავის რიგით ოლქებად ექცია.     
ვაჟა-ფშაველამ მოგვიანებით ალმანახ „ძმური სიტყვის” კორესპოდენტთან საუბარში სწორედ სახელმწიფოებრივი თვალთახედვით შეაფასა სამუსლიმანო საქართველოში თავისი სტუმრობა. „ძმური სიტყვა” – ეს გამოცემა საგანგებოდ შეიქმნა „ომისგან დაზარალებულ ქართველ მაჰმადიანთა სასარგებლოდ” და მთელ საზოგადოებას მოუწოდებდა გაეღო ნებისმიერი სახის შემოწირულობა. რამდენიმე მწერალს მიმართეს შეკითხვით – რა ღონისძიება უნდა იხმაროს ჩვენმა ქართველმა საზოგადოებამ, რომ ეროვნულ-კულტურულად დაიახლოვოს და შემოიერთოს სამაჰმადიანო საქართველო?
ეკატერინე გაბაშვილის აზრით, ყოველ სოფელში, რომელიც კი მაჰმადიანებით იყო დასახლებული, უნდა გაეხსნათ ქართული სკოლა და სკოლაში მასწავლებლად გაეგზავნათ ქართველი ქალები, რომლებიც იკისრებდნენ არა მარტო წერა-კითხვის გავრცელებას, არამედ გავრცელებას ძმობისას, ერთობისას, მშვენიერების და თავისუფლებისა. 
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძეც იმავე აზრისა იყო, – ქართული წიგნის ცოდნა და შვილების განათლება –  აი, რა სწყურია და რა ენატრება ჩვენს ძმებს მაჰმადიანებსო. 
ვაჟა-ფშაველამ კი თქვა:
„დიდის სიამოვნებით ვეგებები მაჰმადიან ძმებისადმი ჩვენი საზოგადოების ყურადღების გაცხოველებას. ავადმყოფის სარეცელზე სხეულით დაუძლურებულს სულს მილხენს იმედი, რომ ქრისტიან და მაჰმადიან ქართველებს ეროვნული დუღაბი კვლავ შეაერთებს. პირადათ დამივლია აჭარა, ქობულეთი, კლარჯეთი, ტაო – დიდებული მესხეთი ჩვენი – დღევანდელი 
ძვირფასი სამაჰმადიანო საქართველო. დიდებულია იგი ქვეყანა. იქ გაფანტული კულტურის ნაშთები – სულია ჩვენი ერისა. წარსულში ჩვენი ძმობა იყო მტკიცე და შეურყეველი, როგორც სალი კლდე. ამიერიდან უნდა აღსდგეს იგი უფრო მტკიცე, უფრო შეურყეველი. ისინი და ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ საერთო ქართველი წინაპრებისა. დღეს-დღეობით ქართველი მაჰმადიანებისთვის საჭიროდ მიმაჩნია მორალური თანაგრძნობა და ნივთიერი დახმარება”.
…ყველაფერი გამზადებული მქონდა, სიუჟეტი და ამბის მდინარება მოფიქრებული, პერსონაჟებიც თავის ადგილას დალაგებული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების იმ წვრილმანებშიც მეტნაკლებად გავერკვიე, რაც ტაო-კლარჯეთთან იყო დაკავშირებული და ამ დროს…
სრულიად შემთხვევით, კიდევ ერთხელ წავიკითხე ვაჟა-ფშაველას „ფშაველი ჯარისკაცის წერილი”, შედევრი, რომელიც იმ ხანებში და იმავე მიზეზით დაიწერა, რა მიზეზითაც საჭირო გახდა თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელება – ცალკე ალმანახისა და საზოგადოების შექმნა ქართველ მაჰმადიანთა სასარგებლოდ. პირველ მსოფლიო ომს მოეცვა მთელი ქვეყნიერება და ქართული მწერლობა ცდილობდა სიტყვით, საქმით, მრავალგვარი მეცადინეობით მოეშუშებინა ომის ჭრილობები. უფრო მეტიც, ომში გასულები, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვართან მდგომნიც არ იშურებდნენ სიტყვებს აქ დარჩენილთა დასამშვიდებლად:
„გულ-მკერდიმც აგიყოვდება,
დედაო, ია-ვარდითა!
თვალებს ნუ ითხრი ტირილით,
გულს ნუ ისერავ დარდითა!
ვინც დავიჭრენით, გამოვრჩით,
კიდევ ცოცხლები დავრჩითა…”
ვკითხულობ, და ის დროა, როცა ახალი გადავლილია აგვისტოს ომი, რომელმაც სისხლი და ცხედრები ბევრი მოიტანა, მაგრამ მტერ-მოყვრის შეცნობა კი მაინც ვერ გვასწავლა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ლიტერატურა თავისი ძვირფასი სახელებით, დაუვიწყარი მაგალითებით იოლად გვავიწყდება ხოლმე. ან მხოლოდ მაშინ გვახსოვს, როცა თავისთვისაა, ხელს არ გვიშლის – არც ჩვენ, რომ მტერს მტერი ვუწოდოთ და წაგებულ ომს – წაგებული, და არც მას, რომ ერთხელ კიდევ მოგვატყუოს ათასჯერ მოტყუებული, დაჩაგრული და დამონებული. 
იმ მომენტში, მგონი სამართლიანადაც, ვიფიქრე, რომ ვაჟა-ფშაველაზე დაწერას, ვაჟა-ფშაველას მიერ დაწერილის წაკითხვა აჯობებდა, მისი ბიოგრაფიის უცნობი შტრიხების წარმოჩენას კი – მისი შემოქმედების უკეთ გააზრება. 
შემდეგ ისე მოხდა, რომ ათასი საქმე და მიზეზი მიეწყო ერთმანეთს და რისი დაწერაც ერთ დროს იოლი მეგონა, მერე შეუძლებელი გახდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი