კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნის ალტერნატიული დასასრული

საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად ესეების ქვეკონკურსი გრძელდება, სადაც მონაწილეობას უფროსკლასელები იღებენ. ყოველ კვირას ცხადდება ესეს ახალი თემატიკა და მოსწავლეები თავიანთ აზრებს გვიზიარებენ წიგნისა და ლიტერატურის შესახებ.

კონკურსის მეოთხე კვირის თემა ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნის ალტერნატიული დასასრული“ იყო. მრავალ საინტერესო ესეს შორის ჟიურიმ მარიამ რიკაძის ტექსტი გამოარჩია, რომელიც კონკურსის მეოთხე კვირის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს.

 

ავტორი მარიამ რიკაძე

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის X კლასი

 

ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნის ალტერნატიული დასასრული

 

ყველას აქვს საყვარელი საბავშვო წიგნი, მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი წარსული მოგონებები, გრძნობები და ყველაფერი ტკბილი მაგონდება, როდესაც ჰანს კრისტიან ანდერსენის „ასანთის გამყიდველი გოგონას“ სევდიან და მელანქოლიურ ამბავს ვიხსენებ.

ეს პატარა საბავშვო ნაწარმოები დედამ 8 წლის იუბილეზე მიყიდა, არც მე დავაყოვნე და მოუთმენლად, დიდი ინტერესით დავიწყე კითხვა. ეს ძალიან პატარა, მაგრამ დიდი მწუხარებითა და ემოციებით სავსე ნაწარმოები, მაშინ უსაშველოდ დიდი მეჩვენა. ამბავი ერთ ღარიბ გოგონაზეა, რომელიც ქუჩაში ასანთის ღერებს ყიდის და ასე ირჩენს თავს. ახალი წლის მოახლოების დღეებშიც კი ასე იჯდა, თავისთვის მოკუნტული, დახეული კაბით და შიშველი ფეხებით და ელოდებოდა მყიდველს, რომელიც არ ჩანდა. სახლშიც ვერ წავიდოდა, რადგან მამა უსაყვედურებდა და იქაც არ დახვდებოდა თბილი ოთახი. ბოლოს გადაწყვიტა ასანთის ღერები აენთო. ასეც მოიქცა… თვალწინ წამიერად წარმოუდგა ილუზიური ღუმელი, სხვადასხვა კერძებით სავსე მაგიდა და მორთული ნაძვის ხე, ბოლოს კი ბებია, რომელსაც თავისთან წაყვანას სთხოვს. როგორც ჩანს, სურვილი აუსრულდება, დილით ყველა ნახავს საცოდავად გაყინულ გოგონას. თუმცა ის უკვე იქ არის, ზევით, სადაც არც სიცივეა და არც შიმშილი აწუხებს ვინმეს.

კითხვა რომ დავასრულე, მივხვდი, როგორ ჩამოცურდა ცრემლი ჩემს ლოყებსა და ბაგეზე, როგორ შემესო რაღაც გულში, არა უფრო შიგნით და როგორ მომაწვა სევდა. ეს ამბავი, დარწმუნებული ვარ, ყველა ასაკის მკითხველზე მოახდენს გავლენას, დააფიქრებს თავის ცხოვრებაზე და აატირებს გულწრფელად. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან დამწყდა გული და რაღაც უკმაყოფილო შეგრძნება დამეუფლა. ძალიან მომინდა ამ ამბავს სხვანაირი დასასრული ჰქონოდა, მაშინ სხვა ბავშვები აცდებოდნენ სულმოუთქმელ ტირილს და დანაშაულის გრძნობას. მე რომ შესაძლებლობა მქონოდა, ამ პატარა გოგონას ბედნიერ მომავალს ვაჩუქებდი, დავანახებდი, რომ სიურპრიზები არსებობს, ოცნებები ხდება და როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს, მაშინ ხდება სასწაული, გამოჩნდება ანგელოზი და გადაგვაფარებს თავის კალთას. დავარწმუნებდი და დავაჯერებდი, რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ, რომ ცხოვრება ასეთი უსამართლო არ არის. ვაჩუქებდი ჯანმრთელობას, თბილ ოჯახს, კეთილ მეგობრებს და სიყვარულს – თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მთავარ აზრს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება, მომავალ კვირაში იხილავთ ახალ გამარჯვებულ ესეს თემაზე „საბავშვო წიგნი, რომელშიც ვიცხოვრებდი“. სწორედ ეს არის ამ კვირის საკონკურსო სათაური.

დაინტერესებულ მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა 8 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე essays@karchkhadze.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“