ორშაბათი, მარტი 4, 2024
4 მარტი, ორშაბათი, 2024

განმავითარებელი შეფასება როგორც მოტივაციის ინსტრუმენტი

განმავითარებელი შეფასება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დამკვიდრდა სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში. მისი მთავარი ფუნქცია სწავლის გაუმჯობესებაა. მნიშვნელოვანი ხდება სწავლა-სწავლების პროცესში არსებული სირთულეების იდენტიფიცირება; შემდეგ მოსწავლეთა დახმარების სტრატეგიის შემუშავება; სასწავლო სიტუაციის ან სასწავლო რიტმის მოდიფიცირება; მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და აღიარება.

განმავითარებელი შეფასება  მასწავლებლის მხრიდან მოითხოვს განსხვავებულ (ჩვეული განმსაზღვრელისგან) დამოკიდებულებას შეფასებისადმი. კერძოდ, შეცდომის სტატუსის შეცვლას და მოსწავლის როლის გადაფასებას.

 

  განმავითარებელი შეფასება სწავლა/სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომის ნაწილია. ის თავის თავში მოიაზრებს განმავითარებელ თვითშეფასებას, მოსწავლეების მიერ კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობას და მათ მიერ პასუხისმგებლობის აღებას შეცდომების მართვის პროცესზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლის მონაწილეობა შეფასებების განხორციელებაში. გარდა იმისა, რომ მოსწავლისათვის ნათელი ხდება, თუ რომელია მისი სუსტი და ძლიერი მხარე, რეალიზდება მისი მონაწილეობის უფლება იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც მას ეხება. ეს კი ბავშვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება-პრინციპია (ბავშვის უფლებათა კონვენცია). თავის მხრივ, მოსწავლე-მასწავლებლის ამ ტიპის ურთიერთობები ხელს უწყობს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას.

  განმავითარებელი შეფასება მოსწავლისთვის უნდა გამორიცხავდეს ყოველგვარ საფრთხეს. ამიტომ ცხადია, რომ მაღალი ხარისხის განმავითარებელი შეფასება მიიღწევა კლასში, სადაც ჯანსაღი, ტოლერანტული გარემოა.

 

სწავლის მოტივაცია დიდწილად განაპირობებს სწავლა/სწავლების შედეგებს. დღეს მეცნიერები აღარ დავობენ იმაზე, თუ რომელი ფაქტორები (გარეგანი თუ შინაგანი) განაპირობებს სწავლის მოტივაციას. არც ისე ადვილია მათ შორის მკაფიო ზღვრის გავლება. ისინი ცდილობენ, გასცდნენ მოტივაციის ინდივიდუალურ და სტატისტიკურ ანალიზს, იხილავენ მას ფართო კონტექსტში და მის დინამიკას დროში. მოსწავლეთა მოტივაციაზე გავლენას ახდენს მათი ასაკი, ოჯახური თუ სასკოლო გარემო, ურთიერთობა თანაკლასელებთან, ინდივიდუალური შესაძლებლობები, ზოგ შემთხვევაში, დაბალი თვითშეფასება და საკუთარი არაკომპეტენტურობის ილუზია, რაც არ შეესაბამება რეალობას, წარმატება/წარუმატებლობა სკოლაში, სწავლების მიდგომები და ა. შ.

მოსწავლის მოტივაციაზე პოზიტიურად მოქმედებს სწავლების სტრატეგიების ვარირება, საკუთარი პროგრესის დანახვა (და არავითარ შემთხვევაში შედარება სხვა მოსწავლეებთან).

დღეს წარმოგიდგენთ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მიერ, დისტანციური სწავლების პირობებში, მოსწავლეთა მოტივაციის უზრუნველყოფისთვის განმავითარებელი შეფასების გამოყენების მაგალითს.

 

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ პედაგოგები ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. გარდა ამისა, ზოგიერთმა ძველმა პრობლემამაც მეტი სიმძაფრე შეიძინა. ერთ-ერთია მოტივაციის პრობლემა. ასევე გამოიკვეთა კომპეტენციის „სწავლის სწავლა“-ს მნიშვნელობა, რომლის დროსაც მოსწავლეს შეუძლია, თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი – დაინახოს საკუთარი საჭიროებები, დასახოს მიზნები და წარმართოს პროცესი.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე განსხვავება ონლაინ და პირისპირ სწავლებას შორის.

პირისპირ სწავლებისას ვიზუალური კონტაქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ონლაინ სწავლებისას. პირისპირ გაკვეთილის ჩატარების დროს მასწავლებელს ბევრი საშუალება და ხერხი გააჩნია, დააკვირდეს, დაინახოს და აღმოაჩინოს მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ცვლილება და მოახდინოს მასზე ზეგავლენა. სულ სხვაა, როცა მოსწავლე მარტო გრძნობს თავს დისტანციური სწავლების დროს. მასწავლებელს შესაბამისი მრავალმხრივი მეთოდიკური არსენალი არ აქვს, ის უნდა შემოიფარგლოს გარკვეული აქტივობებით და ამით უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართვა გაკვეთილის პროცესში.

 

დისტანციური სწავლების დროს, ასევე, რთულია მოსწავლის ჩართულობის უწყვეტად თვალყურის დევნება. პირისპირ სწავლების დროს შეფასება უფრო ობიექტურია, ვიდრე დისტანციური სწავლებისას. მოსწავლის შეფასებისას პირისპირ ჩატარებულ გაკვეთილზე მასწავლებელი იყენებს ვიზუალურ კონტაქტს და აფასებს მოსწავლის მუშაობის დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც ვერ ხერხდება ონლაინ სივრცეში, ვინაიდან მოსწავლემ შეიძლება გამოიყენოს ლიტერატურა ან სხვისი დახმარება.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ის ძირითადი დებულებები, რომლებიც ასახავს მოსწავლის მოტივაციის განვითარების გზას განმავითარებელი შეფასების გამოყენებისას.

პირველი – დამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, მასწავლებლის როლი მოსწავლის მიერ საკუთარი მნიშვნელობისა და ადგილის გააზრებაში როგორც გაკვეთილზე, ისე ზოგადად სკოლაში. ეს დამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს პირისპირ სწავლების პროცესში უყალიბდებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ონლაინ სწავლებისას ის შეიცვალოს. შესაძლებელია, რომ მოსწავლემ უფრო თავისუფლად და ხშირად მიმართოს მასწავლებელს (რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისას ურთიერთობები აღარ არის მკაცრად განსაზღვრული დროში) და მათი ურთიერთობები გაუმჯობესდეს. არსებობს ურთიერთობების გაუარესების რისკიც, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ თავი უყურადღებოდ იგრძნო, მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს საკომუნიკაციო უნარები. საკუთარი მნიშვნელობისა და ადგილის განსაზღვრა მოსწავლეს თვითშეფასებაში ეხმარება.

მეორე – შეფასების მნიშვნელობის გააზრება საკუთარი მიზნებისთვის (განმავითარებელი შეფასება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დაინახოს მიზნის მისაღწევად გასავლელი გზა).

მესამე – მიზნის ფორმულირება. მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბოს მიზანი.

მეოთხე – განმავითარებელი შეფასება იქცევა მოტივატორად (ცხადია, არა ერთადერთ) მას შემდეგ, რაც მოსწავლისთვის ნათელი ხდება საკუთარი შესაძლებლობები, მიზანი, მიზნის მიღწევის გზა და შეფასების კრიტერიუმები.

 

საილუსტრაციოდ გამოვიყენებთ ონლაინ გაკვეთილს თემაზე – „ტოლერანტული კულტურა საზოგადოებაში“ მე-7 კლასში.

 

მასწავლებელმა მოამზადა პრეზენტაცია, რომელზეც მითითებული ჰქონდა გაკვეთილის მიზანი:

  • სხვადასხვა ღირებულებებისა და რწმენის მქონე ადამიანების საზოგადოებაში თანაცხოვრების პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის გზების გააზრება;

მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს, თუ როგორ ესმოდათ მიზანი და როგორ უნდა გაეგოთ მიაღწიეს თუ არა მიზანს.

პასუხები მოსწავლეებმა მისწერეს მასწავლებელს ჩეთში და შეჯერებული ვარიანტი მასწავლებელმა აჩვენა სლაიდზე.

მიზნის მიღწევის ინდიკატორებად მოსწავლეებმა დაასახელეს:

  • მაქვს ინფორმაცია სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის შესახებ;
  • შემიძლია, მოვიძიო და დავახარისხო ინფორმაცია;
  • ვიცი მათი ტრადიციები;
  • შემიძლია, ვიმსჯელო ურთიერთობის პრობლემებსა და მიზეზებზე;
  • შემიძლია, დავაკავშირო ფაქტები და გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები;
  • შემიძლია, დავასაბუთო, თუ რატომ ვფიქრობ ასე;
  • შემიძლია, ვიმსჯელო გადაჭრის გზებზე.

ამის შედეგად გამოიკვეთა საკვანძო კითხვა:

  • როგორ შეიძლება განსხვავებული შეხედულებების ადამიანებმა იცხოვრონ ერთად?

 

იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინ გაკვეთილები 20-25 წუთს გრძელდება, კრიტერიუმების შემუშავება მოსწავლეებს მეორე გაკვეთილზე მოუხდათ და მსჯელობის შედეგად შეიმუშავეს შემდეგი:

  1. ფაქტებისა და სიტუაციების ანალიზი;
  2. ცოდნის გამოყენებით ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
  3. მოსაზრებების არგუმენტირება;
  4. ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
  5. პრეზენტაცია.

განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმების შემუშავების პროცესი შრომატევადია, მაგრამ მოსწავლეები ფიქრობენ, თუ რა, როგორ და რატომ უნდა ისწავლონ, რა მოეთხოვებათ და როგორ უნდა გაუზიარონ კლასს ნასწავლი. ცხადია, რომ შეფასების კრიტერიუმების მხოლოდ გაცნობით მოსწავლე სრულად ვერ იაზრებს სწავლის პროცესს.

 

რა თავისებურებები გამოიკვეთა დისტანციური სწავლებისას?

 

გამარტივდა ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, ვინაიდან მოსწავლეებს არ უწევდათ გადაადგილება.

მოსწავლემ, რომელიც პირისპირ სწავლებისას აქტიურობით არ გამოირჩეოდა, დავალების ინსტრუქციის მიღების შემდეგ, მიმართა მასწავლებელს პირადი გზავნილით და სთხოვა, დაეზუსტებინა მისთვის დავალების შინაარსი, თუმცა საერთო ჩეთში ეს არ გააკეთა. შედეგად კი მაღალი ხარისხის დავალება წარმოადგინა. მან მიზნად დაისახა დავალების შესრულება და ამ მიზნის მისაღწევად მოძებნა გზა. ონლაინ კომუნიკაციამ შეუქმნა კონფიდენციალობის განცდა და გაუჩინა ნდობა მასწავლებლისადმი.

 

მოსწავლეებმა პირველად მიაქციეს ყურადღება მათი თანაკლასელის მიერ აზრის ყოველთვის ნახატის საშუალებით გადმოცემის თავისებურებას და წამოწიეს ეს საკითხი კრიტერიუმების შემუშავებისას.

 

თემის დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლემ პირადად მიიღო ამომწურავი განმავითარებელი შეფასება, რასაც მასწავლებელი ყოველთვის ვერ ახერხებს სკოლაში გაკვეთილის ჩატარებისას.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მასწავლებელი პირისპირ სწავლების დროს სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს მოტივაციისთვის. ვფიქრობთ, რომ განმავითარებელი შეფასება, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მოტივაციის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია.

 

განმავითარებელი შეფასება უზრუნველყოფს მოსწავლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების კვლევასა და დადგენას, მოსწავლის თვითშეფასების ამაღლებას, მოსწავლის მიერ საკუთარი მიზნის განსაზღვრას და მისი მიღწევის გზების დანახვას. ეს ყველაფერი ერთად კი განაპირობებს მის მოტივაციას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბავშვის უფლებათა კონვენცია
  2. Benoît Galand, La motivation en situation d’apprentissage: Les Apports de la

Psichology de l’éducation, Revue française de pédagogie, Recherches en éducation, 2006

  1. Wiliam, Dylan, Embedded Formative Assessment (2nd ed.). Bloomington, 2017.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი