კვირა, სექტემბერი 29, 2024
29 სექტემბერი, კვირა, 2024

თორნიკე ერისთავი – ფრანგული ენა ნამდვილად დაფასებულია

თუმცაღა ფრანგულმა სხვა ენებზე ადრე, ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში მოიპოვა საერთაშორისო ენის სტატუსი, დღეს მისი შესწავლის მსურველი არცთუ ბევრია. მიზეზი ინგლისური ენაა, რომელმაც საერთაშორისო ენის ნიშა დაიკავა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითია საფრანგეთის სახელმწიფო ჯილდო – „აკადემიური პალმა”, რომელიც გადაეცემა განათლების სფეროში მოღვაწე საფრანგეთის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელებაში.

„აკადემიური პალმის” დაარსება ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელს უკავშირდება, თუმცა დღევანდელი სახე მან 1955 წელს მიიღო. ამ ჯილდოს სამი ხარისხი აქვს: რაინდისა, ოფიცრისა და კომანდორისა. რაინდი შეიძლება გახდეს 35 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფრანგული ენის ან კულტურის პოპულარიზაციაში, ხოლო მომდევნო ორი ხარისხის მიღება იმავე ადამიანს ახალი დამსახურებისთვის 5-5-წლიანი ინტერვალებით შეუძლია.

უკანასკნელ წლებში „აკადემიური პალმა” არაერთმა ქართველმა მოღვაწემ მიიღო. წელს, მაგალითად, უმაღლესი ხარისხის ჯილდოს – კომანდორის წოდების – მფლობელი გახდა მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი და მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი. მასთან ერთად პირველი ხარისხის ჯილდო – რაინდის წოდება – მიენიჭა მისავე სტუდენტს, ფრანგული ენის სპეციალისტს თორნიკე ერისთავს, რომელიც mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.

თორნიკე ერისთავმა ფრანგულის შესწავლა თბილისის 23-ე სკოლაში დაიწყო (როგორც თავად ამბობს, ყველამ, ვინც ეს სკოლა დაამთავრა, კარგად იცის ფრანგული ენა). სწავლა უცხო ენების ინსტიტუტში გააგრძელა და, ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტმა, სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ფრანგულს ასწავლიდა თბილისის ალიანს ფრანსესსა და დიუმას სახელობის ცენტრში, რომელსაც მოგვიანებით ფრანგული ინსტიტუტი ეწოდა. თორნიკე დღემდე ამ ინსტიტუტში კითხულობს ლექციებს და პარალელურად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტად მუშაობს.

„აკადემიურ პალმაზე” თორნიკე ერისთავი ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟილ კარასომ წარადგინა. როგორც თორნიკე ამბობს, ალბათ იმიტომ, რომ დილის 9-დან საღამოს 9-მდე ფრანგულს ასწავლის და მისი ყველა სტუდენტი კმაყოფილია. ამას ემატება ის აქტივობები, რომლებიც ბოლო ხანს მასწავლებლის სახლში ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული მეორე საერთაშორისო ენად არის აღიარებული, დღეს საქართველოში მისდამი დამოკიდებულება არცთუ სახარბიელოა. უმრავლესობა, გასაგები მიზეზების გამო, ინგლისურის შესწავლას ამჯობინებს…
უცხოეთში, კონფერენციებზე, ამ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ. თვითონ ფრანგებიც აღიარებენ, რომ ფრანგული კონკურენციას ვერ უწევს ინგლისურს და ამაზე არავის აქვს პრეტენზია. გასაგებია, რომ ინგლისური გლობალური ენაა, მაგრამ არის ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც ფრანგულს ინგლისურის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. იმავე ევროკავშირში, გაეროში და ა.შ. წამყვან როლსაც კი ასრულებს. ბოლო პერიოდის სტატისტიკით, ფრანგული ენა შემსწავლელთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. პირველზეა ჩინური, რადგან ჩინელები ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია, მეორეზე – ინგლისური, მერე – ესპანური და არაბული, მერე კი ფრანგული. საფრანგეთის, შვეიცარიისა და ბელგიის შემდეგ ფრანგულს ყველაზე აქტიურად სწავლობენ აფრიკის ქვეყნებში, საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში.

საქართველოში ფრანგული ყოველთვის უყვარდათ. მართალია, დღეს ბავშვების უმეტესობა ინგლისურს სწავლობს, მაგრამ ფრანგული ენისადმი ინტერესი მაინც დიდია.

ინგლისურით ასე დაინტერესება პრაქტიკული მიზეზებით აიხსნება, თუმცა ყველა ხვდება, რომ წარმატებისთვის ერთი ენა საკმარისი არ არის.

ისტორიულად, ქართველები ერთ ენას არასდროს ვჯერდებოდით. პარალელურად იყო ან სპარსული, ან თურქული, რომელიც მოგვიანებით რუსულმა ჩაანაცვლა. დღეს ინგლისურია დომინანტი, მერე რა იქნება, არავინ იცის. ჩვენს ჯგუფებში და კერძო საუბრებშიც იკვეთება, რომ ყველას სურს, ინგლისურის შემდეგ შეისწავლოს ფრანგული ან გერმანული. შეხვედრებზე მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლებში მცირდება ფრანგული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა. რა თქმა უნდა, ტყუილად არავინ არაფერს სწავლობს. ჩვენ ვეუბნებით პედაგოგებს: აჩვენეთ მშობლებსა და ბავშვებს, რა შესაძლებლობა და უპირატესობა  აქვს საფრანგეთს განათლების სფეროში, სხვა ქვეყნებთან  შედარებით. ფაქტია, რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა ცდილობს, სწავლა უცხოეთში გააგრძელოს. რა ხდება საფრანგეთში? იქ იმდენად მარტივია სწავლის გაგრძელება და იმდენად იაფი, რომ ყველას უკვირს. საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებშიც კი, მათ შორის – სორბონის უნივერსიტეტში, სწავლა გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე წარმოგვიდგენია .
გამოდის, რომ საქართველოში არასაკმარისად ხდება ფრანგული ენის სწავლების პოპულარიზაცია.
ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულები ფრანგული ენის პოპულარიზაციით. გვქონდა შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, არსებობს სპეციალური პროგრამები, ვმართავთ სკოლებში პრეზენტაციებს ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად. ახლა დროებით შევაჩერეთ, რადგან დირექტორების ცვლილება მიმდინარეობს, მაგრამ გავაგრძელებთ. ფაქტია, ინტერესი არის, რადგან ხალხი დიდი რაოდენობით ეწერება ფრანგულის შემსწავლელ კურსებზე. ხშირად მიმართავენ კერძო მასწავლებლებსაც. მაგრამ ეს მოთხოვნა შესამჩნევია ფრანგულ ინსტიტუტში; სკოლებში, სამწუხაროდ, შემცირდა ფრანგული ენის სწავლება, ისევე როგორც გერმანულისა. პირველ ენად რჩება ინგლისური, მაგრამ ფრანგულს, როგორც მეორე ენას, შანსი აქვს.

მოსწავლისთვის ნებისმიერი საგნის, მით უმეტეს – უცხო ენის, შეყვარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მასწავლებელზე. როგორ შეაფასებდით ქართველ ფრანგულის მასწავლებლებს?
საქართველოში ყველა დონის პედაგოგები გვყავს. არიან გამოცდილი მასწავლებლები, რომლებიც სახელმძღვანელოების შედგენაში მონაწილეობენ და მასწავლებლები, რომლებიც მზა მასალებით კმაყოფილდებიან; არიან ძალიან ინიციატივიანებიც და ისეთებიც, რომლებიც სჯერდებიან იმას, რაც აქვთ; არიან ადამიანები, რომლებსაც ადრე არავითარი ხელშეწყობა არ ჰქონიათ, მაგრამ ახლა ძალიან უნდათ, რამე აქტივობაში ჩაერთონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ.

ჩემი სურვილია, მასწავლებლებმა ძალიან კარგად იცოდნენ ენა და უყვარდეთ ის. მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ ამ პედაგოგებს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მომუშავეებსაც, ფანატიკურად უყვართ თავიანთი პროფესია და ფრანგული. ასე რომ, ვფიქრობ, ხელშეწყობის პირობებში ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. ამასთან, ჩემი აზრით, მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ ფრანგულის როგორც უცხო ენის რაობა. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ფრანგული როგორც უცხო ენა და ფრანგული როგორც მშობლიური. ამ ორ შემთხვევაში სწავლება სრულიად სხვადასხვა მეთოდიკით ხდება. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ფრანგულის როგორც უცხო ენის სწავლებაზე. საამისოდ არსებობს უამრავი მეთოდიკა და მინდა, ქართველმა მასწავლებლებმა ისინი გამოიყენონ. ზოგიერთმა ეს მეთოდიკები მშვენივრად იცის, მაგრამ არ ან ვერ იყენებს, რადგან არ გააჩნია სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა. თუ ამ ყველაფერს გამოიყენებენ და ენისა და კულტურის სიყვარულს გაუღვივებენ მოსწავლეებს, შესანიშნავ შედეგს მიიღებენ. მერე ბავშვები თვითონ გაერკვევიან. დაინტერესებული მოსწავლე თვითონვე სვამს კითხვებს და მიანიშნებს პედაგოგს, საით უნდა წავიდეს. ამასთან, მასწავლებელმა უნდა დაანახვოს მოზარდს ენის პერსპექტივა – როგორ შეიძლება გამოიყენოს ის მომავალში. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ კონკურენციას ვუწევთ ინგლისურს. ინგლისური ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება, მაგრამ მეორე ენა შეიძლება დამატებით იარაღად იქცეს ადამიანის წინსვლისთვის.

რა კეთდება დღეს ფრანგული ენის მასწავლებელთა დონის ასამაღლებლად?
თავდაპირველად დავადგინეთ, ვის რა სჭირდება. შევხვდით მასწავლებლებს რეგიონებში. არსებობს სახელმძღვანელო, რომელსაც მოჰყვება ჩანაწერი, მაგრამ მოსასმენი აღჭურვილობის უქონლობის ან მისი გამოყენების შეუძლებლობის გამო მოსმენას ევრ ახერხებენ. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. არადა, დღეს ფრანგულს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა უცხო ენას, მოსმენის კომპონენტის გარეშე ვერ ასწავლი. წინათ ამის საშუალება არ არსებობდა და არც მოთხოვნა იყო, მაგრამ სადღეისოდ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოსმენის კომპონენტიც დაამატა. და რაკი ვითხოვთ, ვალდებულები ვართ, ამ მეთოდით ვასწავლოთ კიდეც. მრავალ სკოლაში ეს პრობლემა მოგვარებულია, ხოლო იქ, სადაც მას არ ან ვერ რთავენ სწავლებაში, უნდა ავუხსნათ, რომ ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ.

მასწავლებლებმა გვთხოვეს, გვემუშავა გაკვეთილის დაგეგმვის პროექტზე. ამის მიხედვით შევადგინეთ სატრენინგო მოდულები. თუ პედაგოგი რეგისტრაციას გაივლის, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ტრენინგში, რომელიც იმართება მასწავლებლის სახლში. თუ იქნება მოთხოვნა და შედგება ჯგუფი (შეიკრიბება, სულ ცოტა, ათი კაცი), მასწავლებლის სახლის ტრენერი ჩავა რეგიონშიც. გარდა ამისა, შეიქმნა შესანიშნავი პრეცედენტი: განათლების სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით მასწავლებლის სახლმა ფრანგული ენის მასწავლებლების ორი ჯგუფი ორჯერ გაუშვა საფრანგეთში სტაჟირებაზე, სადაც ისინი აქტიური პედაგოგიკის მეთოდებს დაეუფლნენ. ეს პროგრამა ფრანგულმა ცენტრმა შეიმუშავა ქართველი მასწავლებლებისთვის. თავად გახლავართ მოწმე, როგორ შეიცვალა მასწავლებლების განწყობა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ორ კვირაში ადამიანი სრულიად შეიცვლება, მაგრამ ის მიმართულებები, რომლებიც დაანახვეს მათ საფრანგეთში, ახალი და სტიმულის მიმცემი იყო. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, შესანიშნავ შედეგს მივიღებთ.

ფრანგული ენის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა “საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი,” რომელიც შეიქმნა საქართველოში საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის ინიციატივით და ფინანსდება როგორც საფრანგეთის და შვეიცარიის მთავრობების, ასევე სავაჭრო და სამრეწველო პალატა “საფრანგეთი-საქართველოს” წევრი კერძო კომპანიების დახმარებით, რომელთა ხელშეწყობითაც ფინანსდება  საქართველოს 14 საჯარო სკოლა და ფრანგულის მასწავლებლებს ხელფასზე დანამატს უხდის. აგრეთვე ურუნველყოფენ  სახელმძღვანელოებითაც, რაც  მასწავლებლებისთვის   დიდი სტიმულია.  

ფრანგულ ინსტიტუტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აქვს ძალიან კარგი კარტოთეკა, სადაც თავმოყრილია უამრავი წიგნი, ფილმი, კომიქსი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის მედიათეკა, რომელიც დახარისხებულია დონეების მიხედვით. ადრე გვქონდა მობილური ბიბლიოთეკა. ჩავატარეთ ფრანგულენოვანი თეატრალური ფესტივალი. ერთი სიტყვით, მასწავლებლის კვალიფიკაციას ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია ფრანგული ენისადმი ინტერესის გაღვივებაში და უნდა ვაღიარო, რომ ფრანგული ენის შენარჩუნებაში დირექტორებსაც ლომის წვლილი მიუძღვით.

უფრო კონკრეტულად, რა პერსპექტივა აქვს ფრანგულ ენას და რატომ უნდა ისწავლონ იგი ქართველმა ახალგაზრდებმა?
გასაგებია, რომ უმრავლესობა პირველ უცხო ენად ირჩევს ინგლისურს, მაგრამ მას, ვინც მეორე ენად აირჩევს ფრანგულს, მიეცემა შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელოს საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის ან კანადის (კვებეკის) რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. მით უმეტეს, რომ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში, იმავე სორბონის უნივერსიტეტში, როგორც გითხარით, სწავლა ძალიან იაფია – 350-500 ევრო წელიწადში,  რაც უნივერსიტეტში ჩაწერის თანხას შეადგენს. ცხოვრება, რა თქმა უნდა, შედარებით ძვირია, მაგრამ სწავლის გადასახადის სიმცირე ამას აბალანსებს. გარდა ამისა, საქართველოში ფრანგული მხარე და ფონდი „ქართუ” ყოველწლიურად გასცემენ ოც სახელმწიფო სტიპენდიას, რაც წინასწარ ცხადდება ფრანგული ინსტიტუტის საიტზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კონკურსში ჩაერთოს.

მოზარდი, რომელიც დიპლომატიურ კარიერაზე ფიქრობს, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დადგება ფრანგული ენის ცოდნის აუცილებლობის წინაშე. აღარაფერს ვამბობ ხელოვნებაზე, რომელიც ფრანგულ ენასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ჩვენს ინსტიტუტში ხშირად მოდიან სხვადასხვა სამსახურიდან, გვეუბნებიან: შემოგვთავაზეს სტაჟირება ევროპულ ინსტიტუტში და ფრანგული ენის მცოდნე ვერავინ ვნახეთ, – და გვთხოვენ დახმარებას, რომ ცოდნის კონკრეტულ საფეხურამდე ავიყვანოთ. ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ როდესაც საფრანგეთში, ბელგიაში ან სხვა ევროპულ ინსტიტუტში სტაჟირების გასავლელად სპეციალისტების მიწვევაზე მიდგება საქმე, ყველა ნანობს, რომ ფრანგული არ ისწავლა. მერწმუნეთ, მსოფლიო ბაზარზე დიდად ფასობს, როდესაც ადამიანმა სხვა ენასთან ერთად იცის ფრანგულიც. შესაძლოა, მოთხოვნა დიდი არ იყოს, მაგრამ ფრანგული ენა ნამდვილად დაფასებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

აი, სკოლაშიც დავბრუნდით!

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“