მკითხველს ვთავაზობ კიდევ ერთ ამონარიდს მარვინ მარშალის წიგნიდან: „დისციპლინა სტრესის გარეშე“.
მაშ ასე, ბავშვებს არ უნდა შევუზღუდოთ ამა თუ იმ მოვლენაზე რეაქციის თავისუფლად გამოხატვის უფლება. მოსწავლეები უფრო პასუხისმგებლიანები ხდებიან მაშინ, როცა ხვდებიან, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი სტიმულების, იმპულსებისა და სურვილების ზემოქმედების მიუხედავად, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ რეაქცია. ნებისმიერი ასაკის ადამიანი შესაძლებელია მოხვდეს ისეთ სიტუაციაში, რომლის გაკონტროლებაც მის ძალებს აღემატებოდეს, მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიქონიოთ თავისუფალი რეაქცია.
მცირე ასაკის ბავშვები აკეთებენ იმას, რასაც, მათი აზრით, მათგან უფროსები მოელიან/მოითხოვენ. პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უფროსების შეხედულებები და ამიტომ ისინი ცდილობენ, მათ ასიამოვნონ. იგივე ითქმის დაწყებითი სკოლების მოსწავლეებზეც, ისინი ზუსტად ასევე აღიქვამენ მასწავლებლებს. ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი მასწავლებელი იყენებს დასჯისა და წახალისების მეთოდებს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი გარეგანი მანიპულაციებით აიძულებენ ბავშვებს, შეიცვალონ „უკეთესობისაკენ“. მოდით, განვიხილოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, გიორგიმ აწყენინა ნიკას. ნიკას შეუძლია მას ხურდა დაუბრუნოს, გაიქცეს და უფროსებისგან ითხოვოს დახმარება ან იტიროს. ნიკას თავად შეუძლია აირჩიოს, როგორ მოიქცეს. ჩემი მოსაზრების მთავარი მიზანია, ბავშვებს გავაგებინოთ: მიუხედავად იმისა, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან, მათ ყოველთვის აქვთ თავისუფლება, მიიღონ ესა თუ ის გადაწყვეტილება. სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური უფლებაა, თავისუფლად გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს, ხოლო ზრდასრული ადამიანების მოვალეობაა აუხსნას, ასწავლოს ბავშვს, რომ მისთვისვე იქნება უკეთესი, თუ არჩევანი ღირსეული აღმოჩნდება. თუ ბავშვებს დაეხმარებით იმის გაცნობიერებაში, რომ მას ქცევის თავისუფალი არჩევანი აქვს, ეს მათ დაეხმარება, გაიუმჯობესონ თვითკონტროლი და პასუხისმგებლობის შეგრძნება. გარდა ამისა, ბავშვები და მოზარდები ამ დროს თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობენ, ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც საკუთარი უსუსურობის განცდა აწუხებს და თავს მსხვერპლად გრძნობს.
ახლა რამდენიმე სიტყვა სწორედ მსხვერპლის კომპლექსზე, გნებავთ განცდაზე.
ზემოთ უკვე აღვნიშნე – განაგრძობს მარვინ მარშალი – რომ, როდესაც ბავშვებს ვასწავლით თავისუფალ აზროვნებას (ქცევითი რეაქციების კონტექსტში), ამით ვუხსნით, რომ არ არის აუცილებელი მუდმივად იყვნენ მსხვერპლის როლში და ეს შესაძლებელია მათ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი გაკვეთილი აღმოჩნდეს. მსხვერპლის როლი სრულებით არ უწყობს ხელს პასუხისმგებლიანი პიროვნების აღზრდას. ყველას მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები: „ჩემი ბრალი არ იყო, მან თავად მაიძულა ასე მოქცევა“; „თავს ვერ ვაკონტროლებდი, არ ვიცი, რას ვაკეთებდი“; „მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო“; „არჩევანი არ მქონდა, ასე უნდა მოვქცეულიყავი“… თუ ბავშვი გააცნობიერებს, რომ მსგავსი ტიპის მსჯელობები იმას ნიშნავს, რომ ის კონტროლს „ვიღაც სხვის“ ხელში აგდებს, მერწმუნეთ პასუხისმგებლობის გრძნობა მასში თანდათან გაძლიერდება.
მოსწავლე, რომელმაც ტესტური დავალების შესრულებისას დაბალი შეფასება დაიმსახურა, დაფიქრდა და დაასკვნა: „ამ საგანს ვერ ვითვისებ“. მას მიაჩნია, რომ არ შეუძლია ამის გაკონტროლება და ამიტომ პესიმისტურად განეწყობა, საბოლოოდ კი სულაც ხელს ჩაიქნევს ამ საგნის სწავლაზე. მეორე მოსწავლე – ოპტიმისტია, ამიტომ იფიქრებს: „უფრო მეტი უნდა მემეცადინა, მე ხომ შემეძლო გაცილებით დიდი დრო დამეთმო ამ საგნისთვის?“ ასეთ მოსწავლეს ესმის, რომ მას შეეძლო გაეკონტროლირებინა სიტუაცია. არჩევანი, კონტროლი და პასუხისმგებლობა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. რაც უფრო ხშირად ირჩევს ბავშვი/ზრდასრული პასუხისმგებლობას, მით უფრო უძლიერდება კონტროლის განცდა.
ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისინი მსხვერპლნი არიან, თვლიან, რომ მათ არ შეუძლიათ რაიმეს მართვა საკუთარ ცხოვრებაში და ფიქრობენ, რომ სამყარო მათ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებით უსამართლოა. ასეთი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში გაბოროტებულნი არიან. ისინი არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, იყვნენ ბედნიერი, უბრალოდ იმიტომ, რომ ბედნიერების განცდა მათ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. კიდევ მინდა დავამატო – განაგრძობს – ავტორი, სიტუაციაზე კონტროლის განცდის ნაკლებობა ახალგაზრდების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების საბაბიც შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომაც ბავშვობიდანვე საჭიროა იმის ცოდნა, რომ მათ აქვთ არჩევანი, თავისუფლად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში და ამასთან ერთად აიღონ პასუხისმგებლობა მიღებული გადაწყვეტილებაზე.
მინდა დავამატო, რომ მსხვერპლის ასეთი მდგომარეობა იმის შედეგიცაა, რომ მას სწამს გარეგანი ძალების ყოვლისშემძლეობის და არა მისივე პიროვნული შინაგანი რეაქციების. აი, აზროვნების შაბლონების მაგალითები: „ეს „ვიღაცის“ ბრალია“; „რაღაცამ“ პროვიცირება მოახდინა მე არაფერ შუაში ვარ“; „მე ხომ მსხვერპლი ვარ“. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ესაუბრონ საკუთარ თავს ძლიერი პიროვნების პოზიციიდან, რომელიც სრულებით აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ მოზარდმა თავი იმართლოს და თქვას: „მაიძულეს ამის გაკეთება“ ან „მე იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა“ უმჯობესია ასეთი ფორმულირებები: „მე მიბიძგეს ამის გაკეთებისკენ“ და „მე მქონდა სტიმული ამის გასაკეთებლად“. ვფიქრობ, ყურადღებიანი მკითხველი ჩაწვდა ამ ფრაზებს შორის განსხვავებას, ისინი არ ართმევენ ბავშვს საკუთარ ცხოვრებაზე ძალაუფლებას, ისინი მხოლოდ აღწერენ სხვა ადამიანების ზემოქმედებას ბავშვის ქცევაზე.
კიდევ ერთი სტრატეგია. მოდით, აბა დაინახეთ განსხვავება „შენ მე მაწყენინე“-სა და „მე ვბრაზობ“-ს შორის. როდესაც ფრაზა, ასე ვთქვათ, პირადული ხდება, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობიერებთ, რა არჩევანი გავაკეთეთ. როდესაც ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ შინაგან დიალოგში – ეს წარმატების საწინდარია. ფენრი ფორდმა (1863-1947წწ. ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი, მილიარდერი – საავტომობილო ინდუსტრიის ფუძემდებელი. მისი ლოზუნგი იყო – „ავტომობილი ყველას“) ამის შესახებ სიტყვამოსწრებულად აღნიშნა: „თუ თქვენ თვლით, რომ რაღაც შეგიძლიათ, მაშინ ეს ასეა. თუ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ, ესეც ასე იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მართალი ბრძანდებით“.
კიდევ ერთი უნარი, რომელიც ბავშვებში უფროსებმა უნდა დანერგონ – ეს არის რეფლექსია. რეფლექსია, ანუ საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა. მაგალითად ასე: „როგორ უნდა მოვიქცე, რომ არ შევცდე?“; „როგორი იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება?“; „როგორ მოვიქცე, რომ ჩემმა სურვილებმა არ მართონ ჩემი ქცევები?“ მსგავსი კითხვები ეხმარება მოზარდებს პიროვნული ზრდისას და ასევე ავითარებს სოციალურ პასუხისმგებლობას. სიკეთე და კეთილგონიერება ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანები პატივს ვცემთ ბავშვის პიროვნებას, ვამხნევებთ, ხელს ვუწყობთ მის დამოუკიდებლობას.
მნიშვნელოვანი გარემოებები:
- ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი ზემოქმედების ქვეშ ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ რეაქციებს;
- ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარ-ჩვევა, რომელიც შესაძლებელია ბავშვს გამოვუმუშოთ, არის ის, რომ მას შეუძლია არჩევანის გაკეთება და რომ სულაც არ არის აუცილებელი მსხვერპლის პოზაში ჩადგომა;
- ძირეული სხვაობა პესიმისტურ და ოპტიმისტურ აზროვნებას შორის არის ის, რომ ოპტიმისტს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება, რომელიც არჩევანის თავისუფლებაზეა დაფუძნებული;
- არჩევანი, კონტროლი და პასუხისმგებლობა მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და დიდ გავლენას ახდენენ ბავშვის, მოზარდის/ზრდასრულის ფსიქიკაზე;
- ბავშვებს შესაძლებელია, ვასწავლოთ საკუთარ თავთან საუბარი ისე, რომ მათ შეიგრძნონ საკუთარი ძალა და უნარი, აკონტროლონ პირადი ცხოვრება.
თქვენ გაეცანით ამონარიდებს მარვინ მარშალის წიგნიდან: „დისციპლინა სტრესის გარეშე“. ამერიკელი დოქტორი მარვინ მარშალი არის მრავალი ბეტსელერის ავტორი. ის მრავალწლიანი სტაჟის მქონე პედაგოგია, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი სისტემა -„დისციპლინა სტრესის გარეშე“. ამ სისტემის მთავარი იდეა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა, ხოლო მასწავლებლებისა და მშობლების ამოცანაა – ამ პროცესის დელიკატურად გაკონტროლება. დოქტორ მარშალის აზრით, მთავარია, ბავშვები საკუთარ თავზე მუშაობისკენ წავაქეზოთ. ავტორი საკუთარ პროფესიონალურ მისიად მიიჩნევს, დაეხმაროს პედაგოგებს, მშობლებსა და დაწესებულებების ადმინისტრაციებს, აღზრდის ძალადობრივი მიდგომები შეცვალონ უფრო ქმედითი მიდგომებით. კერძოდ: აღმზრდელებმა უნდა გაუძლიერონ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა, სწავლის წადილი, გაზარდონ ეფექტურობა და ეს ყველაფერი მოახერხონ ისე, რომ არც ბავშვები და არც უფროსები არ იყვნენ მუდმივი სტრესის პირობებში.