ნაიჯელ ლატა ახალზელანდიელი ფსიქოლოგია. მას უკვე იცნობს დაინტერესებული მკითხველი და იცის, რომ ამ ავტორს გამოყენებით ფსიქოლოგიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თანაც ყველაზე „რთული შემთხვევების“ ექსპერტია, ამიტომ, ვფიქრობ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება ნაიჯელ ლატას მოსაზრებები ბავშვების უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც გამოთქმულია მის წიგნში „სანამ თქვენი შვილი საბოლოოდ გაგაგიჟებთ“.
„ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში უნიკალურ, სრულიად არაორდინარულ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა, – ასე იწყებს ნაიჯელ ლატა თავს ბავშვების უსაფრთხოების შესახებ და განაგრძობს: – ბენეფიციარების ნაწილი სასიამოვნო პიროვნება იყო, ნაწილი – არცთუ ისე სასიამოვნო. მე მათთან შეხვედრა მიწევდა სრულიად სხვადასხვა გარემოში, მათ შორის – სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. სამწუხაროდ, ზოგიერთი მსჯავრდებული ბავშვებზე ძალადობის მუხლითაც იხდიდა სასჯელს. მშობლებმა შესანიშნავად იციან, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და შვილების უსაფრთხოებაზე ხშირად ზომაზე მეტად ღელავენ. მე მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო პარანოიაში ჩავარდნა, უბრალოდ, აუცილებელია მკაფიო ცოდნა იმისა, რაში მდგომარეობს საფრთხე. ბავშვების ნებისმიერი ნაბიჯის გაკონტროლება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, ზომიერება საუკეთესო არჩევანია“.
წიგნში ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მომენტზე, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ:
„თავდაპირველად მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სამყარო საკმაოდ უსაფრთხო ადგილია და ადამიანების უმრავლესობა კეთილია. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ადამიანი, რომელიც თექვსმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა მოძალადეებსა და მათ მსხვერპლებთან. თანამედროვე სამყაროში უფროსები ბავშვების უსაფრთხოებაზე საყოველთაო ზრუნვის ისტერიას აუტანია. მინდა, დავამშვიდო ისინი, თანაც რამდენიმე რჩევა მივცე.
უმთავრესი ურთიერთობაა. ამ თეზას მე გამუდმებით ვიმეორებ. მშობლებმა უნდა მოახერხონ და ისე მოიქცნენ შვილებთან, რომ მათ იცოდნენ: ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ მშობლებს – ისინი აუცილებლად მოუსმენენ. ამ წესს ბავშვის დაბადების პირველივე წუთიდან უნდა მისდიოთ და სანამ ცოცხალი ხართ, ძალაში დატოვოთ. აქვე გეტყვით, რომ რაც უფრო უკეთ გაიცნობთ შვილებს, რაც უფრო მეტი გეცოდინებათ მათი ინტერესების, გემოვნების, მისწრაფებების, მიზნების, მეგობრების შესახებ, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, ისინი უსიამოვნებებისგან დაიცვათ. თუ მოუცლელობის გამო შვილებს საკმარის დროს ვერ უთმობთ, ნამდვილად ვერ მოახერხებთ მათ ქცევაში ცვლილებების შეტანას. უსმინეთ ბავშვებს, რათა არ გამოგეპაროთ მათი შფოთვა. ხშირად შეიძლება სწორედ ასეთი შემთხვევითი საუბრის მოსმენისას გაიგოთ რაღაც მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ. ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაურბის თქვენი შვილი განსაზღვრულ ადამიანებთან შეხვედრას ან თავს ხომ არ არიდებს განსაზღვრულ ადგილას ყოფნას. აუცილებლად გაარკვიეთ, რაშია საქმე. თუ თქვენი შვილი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე ან მისი აკადემიური მოსწრება გაუარესდა, ნუ დატოვებთ ამას უყურადღებოდ. ნებისმიერი ქცევა ურთიერთობის ფორმაა, ამიტომ ყოველი ახალი ქცევა იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებს და ამის თქმას ცდილობს.
ცუდი ადამიანები ხშირად სავსებით ჩვეულებრივად გამოიყურებიან და ძალიან ცოტაა ისეთი, რომელსაც სახეზე აწერია: „ფრთხილად, მე მოძალადე ვარ!“ ამიტომ გირჩევთ, ენდოთ ინტუიციას და თუ რამე გაშფოთებთ ან ვინმე არ მოგწონთ, ბავშვები ასეთ ადამიანებს მოარიდოთ. მოძალადეები (ხშირად – სექსუალური მოძალადეები) იშვიათად არიან სრულიად უცნობი ადამიანები თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ნაცნობს ეჭვის თვალით უყუროთ.
მონაწილეობა მიიღეთ შვილების ყოველდღიურ საქმიანობაში. თანამედროვე ცხოვრება გულისხმობს ბავშვების აღზრდაში დამატებითი ადამიანების (ძიძების, მასწავლებლების, რეპეტიტორების, სპორტული სექციების მწვრთნელების) მონაწილეობას, მაგრამ უდიდესი წვლილი მათ ცხოვრებაში მაინც მშობლებს შეაქვთ. ისინი უნდა ინტერესდებოდნენ ბავშვის გარშემო მყოფი ადამიანების საქმიანობით, რათა შეძლებისდაგვარად აკონტროლონ ისინი.
დასვით კითხვები. ეს ძალიან მარტივი წესია. შეარჩიეთ მომენტი, მშვიდი გარემო და ჰკითხეთ ბავშვს: „როგორ მიდის საქმეები? ყველაფერი რიგზე?“ ან: „რამე გაწუხებს?“ თუ ბავშვი გიპასუხებთ, რომ არაფერი აწუხებს და ყველაფერი მშვენივრად მიდის, ჩაეხუტეთ და უთხარით: „კარგია“. შვილებს უნდა აუხსნათ, რომ თუ რამე პრობლემას შეეჯახა, მშობლებს მიაკითხოს – ისინი აუცილებლად მოუსმენენ და დაეხმარებიან მას. ამ საუბრებმა სრულიად მშვიდ გარემოში, ყოველგვარი სტრესისა და შფოთვის გარეშე უნდა ჩაიაროს.
ახლა მინდა გაგიზიაროთ ერთი მეთოდი, რომელსაც პატარა ბავშვებთან ვიყენებ, მას „განგაშის სიგნალი“ დავარქვი. ვეუბნები ბავშვს, რომ მას შიგნით აქვს ერთგვარი ზარი, რომელიც იმის გარკვევაში ეხმარება, ყველაფერი რიგზეა თუ არა. ეს იმდენად მარტივი ხერხია, რომ სამი-ოთხი წლის ბავშვებთანაც წარმატებით გამოიყენებთ. მაშ ასე, თუ ბავშვს ჰკითხავთ, დარეკავს თუ არა მისი ზარი, როდესაც ის პატარა ფისოს დაინახავს, ბავშვი გიპასუხებთ: „არა“. მაგრამ რა მოხდება, თუ უცებ საიდანღაც გაბრაზებული ნაგაზი გაჩნდა? სიგნალი, სავარაუდოდ, ამოქმედდება. შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა: სკოლაში უფროსი ბავშვი ხელს გკრავს; მასწავლებელი დავალებას გიმოწმებს; დედიკო და მამიკო გეფერებიან; საყვარელი ძაღლი გეთამაშება; უცნობი ადამიანი ქუჩაში მანქანით გასეირნებას გთავაზობს; მეგობარი გთხოვს, ათხოვო შენი ნივთი; შენთვის უსიამოვნო ადამიანი ცდილობს ჩაგეხუტოს; კლასელი გთხოვს, დედას და მამას არ მოუყვე კლასში მომხდარი ინციდენტის შესახებ…
მკითხველი მიხვდება, რომ სიტუაციების (მაგალითების) მოფიქრება დაუსრულებლად შეიძლება. მთავარია, ბავშვს გავაგებინოთ, რომ როდესაც მის შიგნით „განგაშის სიგნალი“ ირთვება, აუცილებელია, ამის შესახებ მოუყვეს მშობლებს, რომლებიც დაუყოვნებლივ მოძებნიან სიტუაციიდან გამოსავალს. კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად განიხილავთ სხვადასხვა სავარაუდო სიტუაციას, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ საფრთხემ შესაძლოა ნებისმიერ დროსა და ადგილას იჩინოს თავი. მთავარია, პატარამ დაიმახსოვროს, რომ უნდა უსმინოს თავის „სიგნალს“ და დახმარებისთვის უფროსს მიმართოს.
კიდევ ერთი რჩევა: პატარა ბავშვებს ხშირად უჭირთ უფროსებს აუხსნან, რა აწუხებთ, ამიტომ არ დაიზაროთ და „წაამეცადინეთ“ ისინი. თუნდაც ასე:
– როგორ მოიქცევი, თუ სკოლაში რამე ისეთი მოხდა, რომ შენი განგაშის სიგნალი ჩაირთო?
– მასწავლებელს მოვუყვები.
– ყოჩაღ, კარგია. მაგრამ თუ ის სიახლოვეს არ აღმოჩნდა?
– მაშინ, რომელი პედაგოგიც ყველაზე ახლოს იქნება, იმას მოვუყვები;
– კარგს იზამ. და რას მოუყვები?
– იმას, რომ მეგობრის საქციელი არ მომეწონა.
– შესანიშნავია. კიდევ ვის მოუყვები ამ ამბავს?
– შენ, დედიკო/მამიკო.
ამ მეთოდით ასწავლით პატარებს, რომ საფრთხის შეგრძნებისთანავე ითხოვონ შველა. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ განგაშის სიგნალი შესაძლოა ნებისმიერ წვრილმანზე ჩაირთოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ბავშვს გულდასმით მოუსმინეთ.
მშობლობა სწორედ ის არის, მუდმივად წუხდეთ და შფოთავდეთ შვილების გამო. შიში აღზრდის პროცესის ბუნებრივი კომპონენტია. მშობლების შიში იწყება ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან და მთელი ცხოვრება გრძელდება. ბავშვებს ბევრი რამ შეიძლება შეემთხვეთ, მაგრამ ასე, როგორც წესი, იშვიათად ხდება. ბავშვები გამუდმებით ეპოტინებიან ბასრ და მჭრელ საგნებს, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც მძიმედ დაიჭრება. ცხოვრებაში ცუდი რამეები ხდება, მაგრამ კარგიც ხომ ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია! წარმოუდგენელია, მთელი ცხოვრება შიშში გაატარო – კეთილგონიერება შეინარჩუნეთ და არ დაკარგოთ იმედი, რომ თქვენ და თქვენს შვილებს ცუდი არაფერი შეგემთხვევათ.