სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებების პრაქტიკული ასპექტები

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება უპირველეს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია:

  • მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება; აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; დროსა და სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.

მასწავლებლისთვის ადვილი არ არის ამ ამოცანის შესრულებისკენ მიმართული დავალებების შერჩევა, საჭიროების მიხედვით იდენტიფიცირება და მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგება, რადგან ბევრი სხვა ამოცანაც აქვს გადასაჭრელი, მაგრამ მას შეუძლია გამოიყენოს შემოქმედებითი ხასიათის კომპლექსური ტიპის დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს მეტ ცოდნას შესძენს და მრავალმხრივ განუვითარებს უნარებს. ისინი ეფექტურად შეძლებენ:

  • მასალის კრიტიკულად გაანალიზებას, დროსა და სივრცეში ორიენტირებას, ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებული კანონზომიერებების დადგენას და კვლევითი ხასიათის სამუშაოს შესრულებას.

 

რატომ კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები? ასეთი დავალებები ძირითადად პრობლემური ხასიათისაა. მათ საფუძვლად უდევს პრობლემური კითხვები და სიტუაციები, რომლებიც იმითაა განსაკუთრებული, რომ მრავალ სწორ პასუხს გულისხმობს. სწორედ ასეთ დავალებებს აწყდება ადამიანი მასალის ანალიზისას, მოვლენათა ინტერპრეტაციისას და კვლევა-ძიებისას. უფრო მეტიც: მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სწავლების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის დროსაც არ არსებობს ერთი სწორი მიმართულება – ხშირად ეს სწორი პასუხების მთელი ჯაჭვია. რომელს მივანიჭოთ უპირატესობა? რაკი ყველაფერი მაინც აზროვნებასა და სააზროვნო პროცესების ხარისხზე გადის, უმჯობესია მოსწავლეებისთვის ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც აამაღლებს მათი აზროვნების ხარისხს. კომპლექსური შემოქმედებითი დავალებები კი ამ მიმართულებით ეფექტიანია.

 

შინაარსის მიხედვით, კომპლექსური შემოქმედებითი დავალებები იყოფა:

  • შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის დავალებებად;
  • ლოგიკურ ამოცანებად;
  • დავალებებად, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს.

 

მათ შესასრულებლად საჭირო მეთოდები შეირჩევა დავალებების მიზნისა და სირთულის მიხედვით (შემოქმედებითი სამუშაოს ორგანიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს).

 

როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლეთა კომპლექსური შემოქმედებითი უნარები, მათი საქმიანობა? სპეციალური მეთოდები მათი დიაგნოსტიკისა და შეფასებისთვის არ არსებობს, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეთა დონის განსაზღვრისთვის გამოიყენოს მრავალფეროვანი მეთოდური ინსტრუმენტები, მათ შორის:

  1. რეპროდუქციული ცოდნის შემოწმების მეთოდები;
  2. ინფორმაციის გაგებისა და აღქმის შემოწმების მეთოდები;
  3. ანალიზის (კონტექსტის წაკითხვის, ლოგიკური დასკვნების გამოტანის), სინთეზის (ესეს დაწერა, გეგმის შედეგნა და ა.შ.) და შეფასების (მასალის ლოგიკური აგება, ინფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრა და სხვ.) შემოწმების მეთოდები.

 

ამის შემდეგ, პრაქტიკული დავალებების ეტაპზე, მასწავლებელს ზუსტად ექნება განსაზღვრული, რას და როგორ შეუმოწმებს მოსწავლეს. მაგალითად, შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის, რეპროდუქციული დავალებების დროს, ისევე როგორც ლოგიკური ამოცანების ეტაპზე (ისტორიული თემა, თხზულება, პროექტის შედგენა/განხორციელება, სავარჯიშოები, ტესტის წერა), მასწავლებელი შეამოწმებს მიზნის მისაღწევად საჭირო შემდეგ ცოდნასა და უნარებს:

  1. ქრონოლოგიის ცოდნა და უნარები: ა) მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღების ცოდნა; ბ) წლის შესაბამისობა საუკუნესთან, მოვლენათა მიზეზშედეგობრიობის ჩვენება;
  2. ფაქტების ცოდნა: ა) ადგილისა და გარემოების დასახელება; ბ) მონაწილეთა ჩამოთვლა; გ) შედეგების განსაზღვრა; დ) სახელმწიფოთა საზღვრებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ნომენკლატურის ცოდნა; ე) კულტურისა და მეცნიერების მიღწევათა ცოდნა;
  3. ანალიზის უნარი: ა) ისტორიული ფაქტების შედარება და მოვლენათა განზოგადების უნარი; ბ) ისტორიული მოვლენებიდან და ფაქტებიდან არსებითი, დამახასიათებელი ნიშნების გამოყოფა; გ) ისტორიული მოვლენების კლასიფიცირება წინასწარ განსაზღვრული ნიშნის მიხედვით; დ) ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შედარება;
  4. ცნებებისა და ტერმინების ცოდნა;
  5. მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა;
  6. ისტორიულ წყაროსთან მუშაობის ცოდნა და უნარები: ა) ავტორის, მისი სანდოობისა და წყაროს შედგენის დროის დადგენის მიხედვით; ) პირველადი და მეორეული წყაროს გამოყოფის მიხედვით; გ) ძირითადი შინაარსისა და იდეის ფორმირებით; დ) საჭირო ინფორმაციის პოვნით; ე) რამდენიმე წყაროს შედარებით; ვ) ისტორიულ რუკასთან მუშაობის უნარით; ზ) წყაროს ტიპის დადგენის ცოდნითა და უნარით;
  7. ტესტური ტიპის დავალებებში ბაზისური, მიმდინარე და საკონტროლო ტესტების შესრულების ხარისხი:

ა) ბაზისური ტესტები – რომელთა მთავარი ამოცანაა, განამტკიცოს მოსწავლეთა მიერ ძირითადი ცნებებებისა და ტერმინების, ისტორული ფაქტების, თარიღებისა და ისტორიული პირების ცოდნა;

ბ) მიმდინარე ტესტები – რომელთა საშუალებითაც ხდება მიმდინარე ცოდნისა და უანრების კონტროლი ცალკეული გაკვეთილისა თუ თემის ფარგლებში;

გ) შემაჯამებელი ტესტები – რომლებიც მიუთითებს არა მარტო მოსწავლის მიერ ათვისებული ცოდნის დონეზე, არამედ იმასაც დაანახებს მასწავლებელს, რა ტიპის რომელ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა მოსწავლეს და რატომ.

რაც შეეხება სხვადასხვა ხასიათის არასტანდარტული ისტორიული დავალებების შემოწმებას, ასეთი დავალებები მეტწილად ევრისტიკული ხასიათისაა, შესაბამისად, მათი შეფასების დროსაც მსგავსი მიდგომებია საჭირო. ამ მიმართულებით შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ჯგუფი:

  1. ტექსტები, რომლებიც შეიცავს არასწორ, არაზუსტ ინფორმაციას. ისინი მოსწავლეებისგან მოითხოვენ საკმაოდ დიდი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას უჩვეულო, დაუგეგმავ სიტუაციაში;
  2. შემოქმედებითი დავალებები, რომელთა შესასრულებლად საჭიროა მრავალფეროვანი ფორმა – დღიურები, წერილები, მემუარები და სხვ., რომლებსაც მოსწავლეები შეადგენენ აუდიტორიისთვის წარსადგენად;
  3. ისტორიული ამოცანები, კროსვორდები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეადგენენ მოსწავლეები (ისინი მათგან მოითხოვენ ფართო განზოგადებასა და მსჯელობას);
  4. რეცენზიის დაწერა ისტორიულ ნაწარმოებზე, კინოფილმზე, შემეცნებითი ხასიათის თამაშზე და სხვ;
  5. გზამკვლევის შედგენა (მაგალითად, საექსკურსიო ცენტრებისთვის);

და ა.შ.

შემოქმედებითი ხასიათის ყველა ეს დავალება არა მარტო კოგნიტიურ, არამედ კომუნიკაციურ უნარებსაც ააქტიურებს. მათი შესრულებისას ვითარდება ინფორმაციის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარი.

შედეგი უკეთესია, როდესაც კომპლექსური, შემოქმედებითი ხასიათის დავალებები დიფერენცირებულია. ამ დროს ძირითადად სამი ტიპის დავალებები გამოიყოფა:

* I დონის დავალებები რეპროდუქციული დავალებებია, რომლებიც მოითხოვს მოსწავლისადმი მასწავლებლის მხარდაჭერას. ამ დონის დავალების მაგალითი: „ისტორია“, IX, „ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება VIII-IX სს-ში“:

  • დაახასიათეთ ქათული სამეფო-სამთავროების გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები;
  • დაახასიათეთ სამეფო-სამთავროების ეკონომიკური მდგომარეობა;
  • დაახასიათეთ პოლიტიკური განვითარების თავისებურებები;
  • დაასახელეთ, რა მდგომარეობის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ იმ მხარის მთავრები, დიდებულები და მოსახლეობა.

II დონის დავალებები – როდესაც მოსწავლეებს უკვე აქვთ შედარებისა და ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარები, შეუძლიათ შედეგების ფორმულირება, მაგრამ შესაძლოა დასჭირდეთ მასწავლებლის დახმარებაც. მაგალითად:

  • შეისწავლეთ და შეადარეთ ნებისმიერი ორი სამთავროს (ტაო-კლარჯეთის, კახეთ-ჰერეთის, აფხაზთა და კახეთის…) გეოგრაფიული მდებარეობა.
  • გამოიტანეთ დასკვნა, რა უპირატესობა ჰქონდა თითოეულ მათგანს სხვებთან შედარებით.
  • შეადარეთ სხვებს ნებისმიერი სამთავროს ეკონომიკური განვითარება, გამოიტანეთ დასკვნა სამეურნეო-ეკონომიკური განვითარების შესახებ. რა უპირატესობა ჰქონდა მას სხვებთან შედარებით? დაასახელეთ ეკონომიკური დაწინაურების ან დაცემის მიზეზები.
  • შეადარეთ ერთმანეთს დასახელებული სამთავროების პოლიტიკური სტრუქტურა

და ა.შ.

III დონის დავალებები – მოსწავლეები ფლობენ შედარების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარებს, ამყარებენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, შეუძლიათ, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ შედეგები. მაგალითად:

  • ამოირჩიე ნებისმიერი ორი სამთავრო და შეადარე ერთმანეთს მათი ეკონომიკური განვითარება. გამოიტანე დასკვნები.
  • შეადარე ნებისმიერი ორი სამთავროს (მაგალითად, კახეთისა და აფხაზეთის) პოლიტიკური სტრუქტურა და გამოიტანე დასკვნები.
  • განმარტე, როგორ მოხდა, რომ კახეთის სამთავროს სათავეში ქორესპისკოსები აღმოჩნდნენ, მაშინ როდესაც სხვაგან გვხვდება „მთავარი“.
  • რა მსგავსებაა ამ სამთავროებისა და ერთიანი საქართველოს მმართველობის წესს შორის? რა განსხვავებაა?
  • ამ მხარის მთავარი რომ ყოფილიყავი, რას და როგორ გააკეთებდი?
  • რას ურჩევდი იქაურ დიდებულებს?

და ა.შ.

კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს, უბიძგებს მათ აზროვნებისა და ოცნებისკენ და ხელს უწყობს მოსწავლესა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვას, კრიტიკული და შემოქმედებითი კომპეტენციების განვითარებას. პრაქტიკულ საქმიანობაში მათი გამოყენება მისასალმებელი და ეფექტურია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“