შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„დასწავლილი უმწეობა“, როგორც ფენომენი

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მარტინ სელიგმანმა სათავე დაუდო  ცნობილი ფენომენის, „დასწავლილი უმწეობის”, შესწავლას. ის დაეყრდნო რეფლექსის შემუშავების პავლოვისეულ თეორიას და ქვემოთ მოტანილი სქემის მიხედვით ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებულ ცხოველთა სამ ჯგუფზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა: პირველ ჯგუფში ძაღლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბერკეტზე ცხვირის დაჭერით გაეთიშათ დენის წყარო. ძაღლები აკონტროლებდნენ სიტუაციას – მათ ქმედებაზე იყო დამოკიდებული, დაარტყამდათ თუ არა დენი. ძაღლების მეორე ჯგუფი პირველთან იყო „შეკავშირებული” – დენის დარტყმის აცილება მათ რეაქციაზე არ იყო დამოკიდებული – მტკივნეული ზემოქმედება მხოლოდ მაშინ წყდებოდა, როდესაც პირველ ჯგუფში შემავალი ძაღლები ბერკეტს დააჭერდნენ. ძაღლების მესამე ჯგუფს საერთოდ არ ურტყამდნენ დენს, ის საკონტროლო ჯგუფი იყო. ამ სახის „გავარჯიშების” შემდეგ სამივე ჯგუფის ძაღლები მოათავსეს ყუთში,  სადაც მათ დენს ურტყამდნენ, მაგრამ იქედან გაქცევა მათ მარტივად შეეძლოთ. პირველი და მესამე ჯგუფის ძაღლები მაშინვე გადაახტნენ მოაჯირს და თავს უშველეს, მეორე ჯგუფის ძაღლები კი გადახტომას საერთოდ არ ცდილობდნენ, ერთხანს დადიოდნენ ყუთში, წკმუტუნებდნენ, შემდეგ იატაკზე წვებოდნენ და შეშინებულები დაძაბული კუნთებით ხვდებოდნენ დენის დარტყმას. მათ დაისწავლეს უმწეობა! ამ ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ავტორმა დაასკვნა: უმწეობას იწვევს არა თავისთავად უსიამოვნო მოვლენები, არამედ ის, რომ  ვერ აკონტროლებ მათ.  იგივე ხდება ადამიანებშიც – როცა ჩნდება განწყობა, რომ შენს აქტივობაზე არაფერია  დამოკიდებული და პრობლემას ვერაფერს მოუხერხებ. ეს განწყობა ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რამეს განსაზღვრავს: როგორ აღიქვამ  სამყაროს, რა მიზნებს ისახავ და რა გზით მიაღწევ ამ მიზნებს. საბოლოო ჯამში, უმწეობის ხარისხზეა დამოკიდებული არ მხოლოდ ცხოვრების მიზნების რეალიზაცია, არამედ ისიც, თუ როგორია შენი ჯანმრთელობა. მ. სელიგმანი მიიჩნევს, რომ დასწავლილი უმწეობა ძირითადად 8 წლის ასაკისთვის ფორმირდება და იმ 3 წყაროს მიგვითითებს, რომელიც მას აყალიბებს: 1. არასასურველი განცდები – დაკავშირებული იმასთან, რომ ვერ გავუწიეთ კონტროლი გარკვეულ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში და უარყოფითი გამოცდილება გადავიტანეთ სხვა სიტუაციებზე, სადაც კონტროლი სრულიად შესაძლებელი იყო. წყენა, რომელიც  შესაძლოა გამოეწვია მშობლების, აღმზრდელების, მასწავლებლების გარკვეულ ქმედებებს…, საყვარელი ადამიანის ან ცხოველის დაკარგვით გამოწვეულ სევდას, ავადმყოფობას, მშობლების გაყრას, ოჯახურ  სკანდალებს, სამსახურის დაკარგვას და სხვა; 2. უმწეო ადამიანებზე დაკვირვების უშუალო გამოცდილება, ასევე სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც დაუცველი მსხვერპლის ისტორიებია მოცემული; 3. ბავშვობაში დამოუკიდებლობის შეზღუდვა, როცა ბავშვის ნაცვლად ყველაფერს მშობელი  აკეთებს.

 ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბავშვობაში ფიქსირებული უმწეობის განწყობა ადამიანს მთელი ცხოვრება თან სდევს. ამდენად, კიდევ უფრო აუცილებელია იმ მექანიზმების ცოდნა, რაც ამ ფენომენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პრევენცია აქ ძალზე მნიშვნელოვანია.

    ამგვარად,  მარტინ სელიგმანის კონცეფციის თანახმად, დასწავლილი უმწეობა არის მდგომარეობა, როცა სუბიექტი დარწმუნებულია, რომ სიტუაცია,  რომელშიც ის აღმოჩნდა და რომელიც მას არ მოსწონს, საერთოდ არ არის დამოკიდებული მის ქცევაზე, მის ძალისხმევაზე; იგი ურიგდება ბედს, პასიურია და არ ეძებს გამოსავალს არა მხოლოდ ამ კონკრეტული, არამედ ნებისმიერი  მდგომარეობიდან. ეს არ არის ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელი – ეს მას დაასწავლეს. აღნიშნული ფენომენის მზაკვრობა ის გახლავთ, რომ მას ახასიათებს გაფართოების ტენდენცია და ვრცელდება იმ ქმედებებზეც, რომელიც საერთოდ არაფრით უკავშირდება „დასწავლილ” ქცევას. მაგ. ადამიანი, რომელიც სამსახურში ხელოვნურად შექმნილ გადაუჭრელ  წინააღმდეგობებს შეხვდა და ვერ გადაწყვიტა მისი დატოვება, აღმოაჩენს, რომ მას არ შესწევს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრის უნარი.. რამდენი ადამიანის ცხოვრება დაუნგრევია აღნიშნულ ფენომენს, ვერავინ მოთვლის. დასწავლილი უმწეობა ხშირად ხდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითების, სხვადასხვა დაავადების და დაღუპვის  მიზეზიც კი. ადამიანი დარწმუნებულია, რომ ყველა მისი წარუმატებლობის მიზეზი თვითონაა – უნიჭოა, სულელი, უნებისყოფო, წინააღმდეგობის გადალახვის უუნარო და თუ  რაიმეში წარმატებას მიაღწია – ეს განგების ძალის, შემთხვევითობის  ან სხვისი დამსახურებაა. 

  დასწავლილი უმწეობა სამ სფეროში ვლინდება. ესენია – მოტივაციური, კოგნიტური და ემოციური სფეროები. მოტივაციური დეფიციტი იმაში ვლინდება, რომ ადამიანი ქმედუუნაროა, აქტიურად ვერ ერევა სიტუაციაში; კოგნიტური დეფიციტია, როცა ადამიანი უუნაროა ისწავლოს ის, რომ სხვა სიტუაციაში  შეიძლება ძალიანაც წარმატებულად გადაჭრა პრობლემა და სულაც არ არის აუცილებელი ასევე წარუმატებელი იყო; ემოციონალური გამოვლინება კი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ითრგუნება  საკუთარი მოქმედებების უნაყოფობით   და,  მეტიც, შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდეს. 

ყოველივე ზემოაღნიშნული უშუალოდ ეხება სწავლების თეორიასა და პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, თუ რა არის აკადემიური ჩამორჩენილობის  მიზეზი, მასწავლებლის პოზიცია  გადამწყვეტ  როლს ასრულებს ჩამორჩენის გადალახვასა თუ განმტკიცებაში. ხომ ფაქტია, რომ ერთიმეორეზე მიყოლებული დაბალი ქულები მოსწავლის წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. პირიქით, ის საბოლოოდ უკარგავს მას საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, იწვევს იმედგაცრუებას.  ასე  მოსწავლეები  საერთოდ კარგავენ სწავლის ინტერესს. მთელი ამ ციკლის საბოლოო შედეგი კი დასწავლილი უმწეობაა. ამ თვალსაზრისით, ძალიან საზიანოა თუ მასწავლებელი მოსწავლესთან, როგორც უიმედოდ ჩამორენილთან (აუტსაიდერთან), ურთიერთობს. ეს  დამოკიდებულება ვლინდება ინტონაციაში, მიმიკაში, ჟესტებში, რომლებსაც მოსწავლეები უშეცდომოდ გრძნობენ. ბავშვებისა  და მოზარდებისთვის (რომელთა თვითშეფასებაც დიდადაა დამოკიდებული გარშემომყოფთა შეფასებაზე) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის შეფასება და ასეთი დამოკიდებულება შესაძლებელია საბოლოოდ რწმენის დაკარგვის მიზეზად იქცეს.

განვიხილოთ ასეთი შემთხვევა: თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ მოცემული მათემატიკური დავალების ამოხსნა მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია, ამ შემთხვევაში  საკუთარი წარუმატებლობა გავლენას არ ახდენს მის სხვა საქმიანობაზე. მაგრამ თუ მოსწავლე მიიჩნევს, რომ  თანაკლასელები მას წარმატებით გადაჭრიან თვითონ კი – ვერა, მაშინ ეს პოზიცია არა მხოლოდ მათემატიკის სწავლისთვისაა საზიანო, არამედ სხვა საგნის სწავლაზეც (უფრო მეტიც, სკოლის ფარგლებს გარეთაც) შეიძლება გავრცელდეს. ამგვარად, აღნიშნული თვალსაზრისითაც მოსწავლის თანაკლასელებთან შედარება ძალზე საზიანოა .

მოსწავლეთა ნაწილი დაბალი ცოდნის დონის ან გადმოცემის უუნარობის გამო ვერ ახერხებს მასწავლებლამდე ნასწავლი მასალის მიტანას.  ის იღებს დაბალ ნიშანს და შესაბამის მორალურ შეფასებას. სამწუხაროდ, ზოგიერთი მასწავლებელი, იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე აქტიური სასწავლო საქმიანობისთვის წაახალისოს, კიდევ უფრო მეტი ჩამორჩენისკენ  უბიძგებს მას. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება,  როდესაც მასწავლებელს პედაგოგიურ ტაქტი ღალატობს, მიმართავს ისეთ სტერეოტიპულ გამოთქმებს, როგორიცაა: „შენ ვერასოდეს ისწავლი..”, „შენგან რა უნდა გამოვიდეს” და სხვა. სამწუხაროდ,  ასეთი  ლექსიკა არაერთი პედაგოგის სამეტყველო ლექსიკაში გვხვდება.

  ასეთი მოსწავლის მიერ გამოყენებული საკუთარი თავის გამამართლებელი ხერხები და არგუმენტები  ( მასწავლებელი ზედმეტ მოთხოვნებს მიყენებს, ბედი არ მწყალობს, შემთხვევით მოხდა და სხვა) არამხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მოსწავლე  პასუხისმგებლობას გაურბის, არამედ ერთგვარად გამართლებული მცდელობაც  კია,  თავი დაიცვას ისეთი განწყობებისგან, რომელსაც შეუძლია  უმწეობა სტაბილურ მდგომარეობად გადააქციოს. თუ მოსწავლე თავის წარუმატებლობას გარემოებებს მიაწერს, ეს იმას გულისხმობს, რომ სხვა შემთხვევაში ის წარმატებულიც შეიძლება აღმოჩნდეს – მოსწავლე არ კარგავს იმედს და მომავალში  წარუმატებლობას  ნაკლებად პროგნოზირებს. სიტუაციის სირთულე იმაში გამოიხატება, რომ,  ერთი  მხრივ, მასწავლებლის შიშითა  და საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანით საგნის სწავლისადმი ინტერესი არ იზრდება, ხოლო, მეორე მხრივ,  წარუმატებლობის   გარემოებებზე  გადაბრალების  ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმი  (რომელიც მოსწავლეს იცავს უმწეობის განწყობის ფიქსირებისგან)  არ შეიძლება მასწავლებლის მიერ იქნას წახალისებული. ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე იოლია.

თუ რას მიაწერ წარუმატებლობას – გარეგან თუ შინაგან მიზეზს, ეს არ არის დასწავლილი უმწეობის  განმსაზღვრელი ერთადერთი განწყობა. ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ წარუმატებლობას განიცდის მხოლოს „აქ და ამჟამად”. შეიძლება პირიქითაც ფიქრობდეს-წარუმატებლობა მისი ცხოვრების მუდმივი თანამდევია, თანაც ნებისმიერ საქმიანობაში. სხვადასხვა განწყობათა შორის დამოკიდებულება შესაძლებელია საკმაოდ რთული იყოს. მართლაც, ჩამორჩენილ მოსწავლეს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ცუდი ნიშნების საფუძველი  ინტელექტის დაბალი დონეა. ეს უმწეობის  შინაგანი მიზეზია – სტაბილური და გლობალური. მოსწავლე ფიქრობს, რომ დაბალი ინტელექტის გამო შეიძლება მთელი ცხოვრება ყველაფერში წარუმატებელი იყო და ეს განცდა მთელი ცხოვრება თან გაჰყვეს. არსებობს სხვა ვარიანტიც. მოსწავლე ფიქრობს, რომ ეს გადაღლის ბრალია. მართალია,  ამ შემთხვევაშიც მიზეზი შინაგანია, ვრცელდება ყოველგვარ საქმიანობაზე, მაგრამ არ არის სტაბილური (დაისვენებ, გამოკეთდები და უკეთ ისწავლი ). ერთი საგნისადმი გამოვლენილი უინტერესობა შესაძლებელია ზოგად უმწეობაში გადაიზარდოს.

  მხედველობაშია უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ მნიშვნელობა არ აქვს,  რატომ ვსაყვედურობთ ბავშვებს – სიზარმაცისა  თუ  არასაკმარისი საზრიანობის გამო.

სიზარმაცესთან მასწავლებლის ბრძოლის ძირითად მეთოდი მოსწავლის დასჯაა, რადგან იგულისხმება, რომ ამ გზით შეიძლება თვითკონტროლის უნარის განვითარება. სინამდვილეში  ნებისყოფის დეფიციტი ( რომელიც სიზარმაცისა  და კონცენტრირების უუნარობას უდევს საფუძველად)  განხილული უნდა იქნას  როგორც  მუდმივად მოქმედი ფაქტორი. ყველა ახლი წარუმატებლობა  ამ განწყობას მხოლოდ აძლიერებს. მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ე.წ. უმწეობის დასწავლასთან – ცუდი ნიშნები მასწავლებლის მიერ გამოიყენება, როგორც დასჯის საშუალება, ის კი, თავის მხრივ,  მოსწავლეში იწვევს უუნარობის განცდას, რითაც  ამძაფრებს უსარგებლო  გაღიზიანებასა  და წყრომას. დასწავლილი უმწეობა ბევრ რამეში ვლინდება: ქვეითდება სწავლის  ინტერესი, მოსწავლე ვერ ამჩნევს საკუთარ წარმატებას (როცა წარმატება რეალურია), იზრდება ემოციური დაძაბულობა. დასწავლილი უმწეობა, ძიებაზე უარის თქმა – ეს პიროვნების ავადმყოფობა, მისი  რეგრესის მაჩვენებელია. ამ მდგომარეობის გადასალახად ყველა ხერხი კარგია. ნებისმიერი ინტერესი (რასაკვირველია, აქ არ იგულისხმება ანტისოციალური) წახალისებული უნდა იქნას. მშობლებმა, მასწავლებლებმა,  მეგობრებმა, გარკვეული თვალსაზრისით, ფსიქოთერაპევტის  ფუნქცია უნდა შეასრულონ. ახალგაზრდა ადამიანისთვის საყრდენი მათი თბილი დამოკიდებულებაა. ის ამას მარტო ვერ გაუმკლავდება. რასაკვირველია,   ეს საყრდენი არ გულისხმობს პასიური ქცევის, სიზარმაცის, მოვალეობებისგან თავის არიდების  წახალისებასა  და მიღებას.
         განასხვავებენ სიტუაციურ და პიროვნულ უმწეობას. სიტუაციური უმწეობა ეს არის ადამიანის მიერ მოვლენის  გაკონტროლების შეუძლებლობის პირობებში    გამოვლენილი დროებითი რეაქცია. პიროვნული უმწეობა – ადამიანის მყარი მოტივაციური მახასიათებელი, რომელიც  განვითარდა გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულების პროცესში და ვლინდება ჩაკეტილობაში, ემოციონალურ არამდგრადობაში, აგზნებულობაში, შიშში, პესიმისტურ განწყობებში, დანაშაულის განცდაში, დაბალ თვითშეფასებაში, უამბიციობაში, გულგრილობაში, პასიურობაში, არაკრეატულობაში.

მოგვიანებით მ. სელიგმანმა დააზუსტა, რომ ერთსა და იმავე სიტუაციაში მყოფი ადამიანების ერთი კატეგორია შეიძლება აღმოჩნდეს უმწეო მდგომარეობაში, მეორენი – არა. ამ გარემოებამ დააფიქრა მეცნიერი განესაზღვრა,  რა არის ამის მიზეზი.  მან ეს მიზეზი დაასახელა: მნიშვნელოვანია  რა ახსნას უძებნიან ადამიანები თავის წარუმატებლობას – ოპტიმისტურს თუ პესიმისტურს. 

მოგვიანებით მ. სელიგმანმა დაამუშავა ოპტიმიზმის თეორია – რეალობასთან წარმატებული ბრძოლის თეორია, რათა  დროებითმა გადაულახავმა სირთულეებმა ადამიანს არ ჩაუქროს (ან ნაკლებად შეუსუსტოს) აქტიური მოქმედების მოტივაცია, როგორც ეს პესიმისტურად განწყობილ ადამიანებს ემართებათ.

 გთავაზობთ ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ლ. რადდოფის ტესტს ე.წ.CES-D.

ინსტრუქცია: შეაფასეთ შესაბამისი ქულით თქვენი მდგომარეობა უკანასკნელი კვირის განმავლობაში:

0 ქულა – არაფერი მაწუხებდა (არასოდეს);
1 ქულა -კვირაში 1-2 დღე რაღაც მაწუხებდა (ძალზე იშვიათად);
2 ქულა – კვირაში 3-4 დღე რაღაც მაწუხებდა (ზოგჯერ);
3 ქულა – თითქმის მთელი კვირა რაღაც მაწუხებდა;
1. რაღაც მაწუხებდა ისეთი, რაც ადრე არ მაწუხებდა;
2. ჭამა არ მინდოდა, ცუდი  მადა მქონდა;
3. დანაღვლიანებული ვიყავი, ახლობლებმა და მეგობრებმაც ვერ შემიმსუბუქეს სევდა;
4. სხვებზე უარესად ვგრძნობდი თავს;
5. საქმიანობის დროს ვერ ვახერხებდი კონცენტრირებას;
6 დათრგუნულად ვგრძნობდი თავს;
7. ყველაფერს დიდი ძალისხმევით ვაკეთებდი;
8. მომავალი უიმედო მეჩვენებოდა;
9. მივიჩნევდი, რომ ჩემს ცხოვრება არ შედგა;
10. მეშინოდა;
11. მოუსვენრად მეძინა;
12. უბედურად ვგრძნობდი თავს;
13. სხვა დროსთან შედარებით, ნაკლებს ვლაპარაკობდი;
14. მარტოსულად ვგრძნოდი თავს;
15. ადამიანები არამეგობრულად იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილნი;
16. ცხოვრება არ მიხაროდა;
17. მეტირებოდა;
18. მოწყენილი ვიყავი;
19. ვგრძნობდი რომ სხვებს არ მოვწონდი;
20. ვერ „გამოვცოცხლდი”.
შეაჯამეთ ქულები: 0-9 ქულა დეპრესიაში არა ხართ, 10-15-სუსტად გამოხატული დეპრესია, 16-24- ზომიერად გამოხატული  დეპრესია, 24 და მეტი –  დეპრესია. რაც მაღალია მაჩვენებელი,  მით უფრო მძიმე მდგომარეობაა.
თუ თქვენი მაჩვენებელი არასახარბიელოა, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაეცნოთ მ. სელიგმანის ოპტიმიზმის თეორიას, რომელსაც მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი