ყველა ჩვენგანს უხდება ხანდახან ბავშვისთვის საჩუქრის გაკეთება იმის სანაცვლოდ, რომ ის კარგად მოიქცეს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა აღმოვაჩენთ, რომ სხვაგვარად მოქცევა აღარ შეგვიძლია. ასე ხდება მაგალითად მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვცალია, ან სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ, მდგომარეობიდან გამოსვლის ძებნის დროს ვიწყებთ ბავშვისთვის რაღაცის უხვად დაპირებას.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სტუმრად ხართ ნაცნობთან, ემზადებით წამოსასვლელად და აღმოაჩენთ, რომ თქვენს შვილს არავითარ შემთხვევაში არ სურს დატოვოს ლამაზი ალბომი, დასათვალიერებლად რომ მისცეს. პატარას არანაირი დასაბუთების მოსმენაც კი არ უნდა. გრძნობთ, რომ ახლოვდება ჭექა-ქუხილი. ყველა თქვენ შემოგყურებთ, როგორ მოიქცევით? იხრებით პატარისკენ და უჩურჩულებთ, რომ სახლში მას რაღაც საინტერესო და მიმზიდველი ელოდება. ორივე ბედნიერი და კმაყოფილი მიდიხართ ვიზიტიდან. თქვენ სწრაფად აღწევთ მიზანს, მაგრამ სიტუაციის გაანალიზების შემდეგ უნდა გაგიჩნდეთ კითხვა: მოვიქეცი კი სწორად?
აღმზრდელთაგან მხოლოდ ნაკლებად მოქნილს შეეძლო ეპასუხა უარყოფითად – არასწორია. ამას გარდა, მშობლებიც ადამიანები არიან, ჩვენი განწყობილება ბევრს ნიშნავს და უეჭველია, ხშირად ხდება, რომ არ გვსურს გარშემომყოფებთან „სპექტაკლის“ მოწყობა. პრობლემას წარმოადგენს თვითონ პრინციპი და არა ის, რომ ზოგჯერ შეიძლება ბავშვის განებივრება. ბავშვისთვის გაკეთებული საჩუქრის სანაცვლოდ ნურასოდეს მოითხოვ, ის დამჯერე იყოს.
საჩუქრები დისციპლინას არ ამტკიცებს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი სურვილების გაკონტროლება. ვასწავლოთ თვითკონტროლი, რომ ავიცილოთ შესაძლო კონფლიქტი საკუთარ „მე“-სა და ახლობლებთან. ბავშვებისთვის საჩუქრების გაკეთებით ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ იმას, რომ ერთი არასწორი სურვილიდან მეორეზე გადაგვაქვს მისი ყურადღება, რაც სხვა შემთხვევაში ნაკლებ ბოროტებად გვეჩვენება. ვაწყნარებთ ბავშვს, მაგრამ სინამდვილეში ვამწვავებთ მათ სურვილს. იგი ვერ სწავლობს თავისი გრძნობების გაკონტროლებას. ეს ცოტაა, ჩვენ უნებურად ვაქეზებთ მას, გამოხატოს ეს გრძნობები დიდი ახირებებით: პატარას ესმის, რომ საკმარისია გაჭირვეულდეს და ის მიაღწევს იმას, რაც სურს.
ბოლოს და ბოლოს ასეთი დასაჩუქრების მეთოდი არ მოგვცემს კარგ შედეგებს: გარდა ახლობლებისა, არავინ გამოიჩენს ამგვარ დიდსულოვნებასა და დათმობას. მშობლებიც, ადრე თუ გვიან, შეწყვეტენ ბავშვის იმედების გამართლებას, რომლებსაც ადრე ამგვარად ანებივრებდნენ. მაგალითად, ქალბატონი ლ. ფიქრობდა, რომ საჩუქრების დახმარებით გადალახავდა ქალიშვილის ნებისმიერ წინააღმდეგობას, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე ვეღარ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება. დაპირებების შესრულება გართულდა. ზოგჯერ, როცა დედას კიდევაც შეეძლო დაპირებების შესრულება, მისთვის მეტად უსიამოვნო იყო ეს. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 5 წლის გოგონა, ნებისმიერი საჩუქრის მიუხედავად, აღარ ემორჩილებოდა მას და დისციპლინის პრობლემა იმდენად მწვავედ დადგა, რომ ქალბატონ ლ.-ს თავად აღარ შეეძლო მისი გადაწყვეტა.
ის მშობლები, რომლებიც ჩვეულებრივ საჩუქრებით მოისყიდიან ხოლმე შვილებს, როგორც წესი, განსაკუთრებით მკაცრად სჯიან მათ. თვით ბავშვის დასაჩუქრების ფაქტში არსებითად იმალება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს – გარეგნულად დიდსულოვნებას ვიჩენთ, საქმით კი ბავშვისგან გათავისუფლების საფასურს ვიხდით. ეს სურვილი კი სხვა არაფერია, თუ არა უარყოფა. კიდევ კარგი, პატარა ამას ვერ ამჩნევს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ როცა ასეთი სურვილი გვიჩნდება, ასე თუ ისე, აუცილებლად ვავლენთ ამ გრძნობას ათასი სხვა ხერხით.
ნერვოზულობისა და მოუთმენლობის უკანაც იმალება ბავშვის უარყოფის სურვილი. ზოგჯერ მეტისმეტად ძლიერ ვღიზიანდებით და ბავშვს იმაზე მკაცრად ვსჯით, ვიდრე იმსახურებს. ეს, რა თქმა უნდა, აფუჭებს ჩვენს დამოკიდებულებას ბავშვთან და იგი უკვე ისეთი ნდობით აღარ აღიქვამს ახსნა-განმარტებებს, როგორც ამას სხვა შემთხვევაში გააკეთებდა.
ბავშვისათვის თვითდისციპლინის სწავლება ძნელია, როცა მშობლებსა და შვილებს შორის არ მყარდება კეთილი დამოკიდებულება. ამიტომ გადაჭარბებულ დასჯას უნდა ვერიდოთ, ისევე, როგორც მეტისმეტ შემწყნარებლობას, თუნდაც საბოლოო შედეგმა დაიგვიანოს. მუდმივი საჩუქრები ბავშვს თავისი სურვილების მონად აქცევს. ასეთ შემთხვევაში ამა თუ იმ საქციელისკენ ბავშვს უბიძგებს არა სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენები, რაც ბავშვს განვითარების კვალობაზე უყალიბდება, არამედ მისთვის დანაპირები საჩუქრები. მას გაუჭირდება გაზრდა, თუ ვერ შეძლებს თავისი სურვილების მართვას, მათგან თავშეკავებას ან შეზღუდვას. დავეხმაროთ შვილებს ფსიქოლოგიურად მომწიფებაში ისე, რომ არ მივმართოთ საჩუქრებს. თუ მომადლიერება ნორმად ჩამოყალიბდება და ჩვევად იქცევა, სასურველია ერთხელ და სამუდამოდ შევწყვიტოთ ის. რამდენიმე ხანს მოგვიხდება მოვითმინოთ ბავშვის მძვინვარე რეაქცია. მაგრამ ამავე დროს, რაღაცაზე უარის თქმისას ეცადეთ, მაინც ალერსიან და კეთილ დედად დარჩეთ, რომელიც მთელი სამყაროს ჩუქებას არ შეპირდება იმისთვის, რომ არ იფიქროს, რომ ის ნამდვილად უყვართ.