პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

რამდენიმე იდეა პირველი გაკვეთილისთვის

ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლისთვის ემზადებიან მშობლები, ბავშვები, ვემზადებით ჩვენც, მასწავლებლებიც.

ზაფხულის არდადეგებზე დაგროვებული შთაბეჭდილებები, ემოციები, წაკითხული წიგნები ახალი იდეებით გვავსებს. ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პირველი გაკვეთილი. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ემოციები, რომ ბავშვი დადებითად განვაწყოთ და სასიამოვნო მოლოდინი აღვუძრათ.

გადავწყვიტე, ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე აქტივობა გაგიზიაროთ.

 

პოსტერი ჩვენ შესახებ

შარშან პირველად მომიწია პირველ კლასთან შესვლა, რაც მასწავლებლისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, აქტივობებზე ფიქრისას ვითვალისიწინებთ მოსწავლეთა ასაკს, მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებას, წინარე გამოცდილებას და შესაბამისად ვაწყობთ გეგმებს. პირველკლასელებისთვის დაგეგმილი აქტივობა უნდა იყოს ეფექტური, რაღაც ისეთი, რომ მათი ყურადღება მიიქციოს. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გადავწყვიტე, პოსტერი დამემზადებინა ჩემ შესახებ. რადგანაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, ამიტომ დიდ ვარდისფერ ფორმატზე დავხატე ჩემი ცხოვრების ძირითადი ფაქტები: მთები, საკვამურიანი სახლი, ნაძვები, გოგო, ბიჭი და ირემი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტა ხნის წინ ნაძვებიან გარემოში ვცხოვრობდი, მყავდა ორი შვილი და ცხოველებიდან ყველაზე მეტად ირემი მიყვარდა. ჩემი ფერადი პოსტერი, რომლის დახატვაში ჩემი გოგონა დამეხმარა, გულზე ჩამოვიკიდე და ვფიქრობ, ჩანაფიქრმა გაამართლა. ინტერესით მისმენდნენ და მაკვირდებოდნენ. მერე მთელი წელი საგულდაგულოდ ვუფრთხილდებოდით ვარდისფერ გრაგნილს, რომელიც ყველას სკოლის პირველ დღეს ახსენებდა. ანბანის შესწავლისას მის ქვეშ ხშირად ვმალავდით გამოჭრილ ასო-ბგერებს და როგორც კი მინიშნებას გავახმიანებდი, რომ ასეთი და ასეთი ასო-ბგერა იმალება ისეთ ადგილას, რომელიც სკოლის დაწყების პირველ დღეს გვახსენებს-მეთქი, მაშინვე ყიჟინით მიქროდნენ ჩვენი ძვირფასი რესურსისკენ.

 

წარწერებიანი ჩარჩო

ეს აქტივობა ვებპორტალზე – Pinterest.com – აღმოვაჩინე.  როგორც კი საძიებო ველში ჩაწერთ „სკოლის პირველი დღის ჩარჩოს“, წამში მრავალფეროვანი რესურსი დაიწყებს ეკრანზე ციმციმს. მერე თქვენს ფანტაზიასა და ინდივიდუალურ შტრიხებს მოარგებთ და მზად გექნებათ ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი რესურსი. საინტერესო იქნება ასეთივე ჩარჩოს დამზადება წლის ბოლო დღისთვის. შედეგად კი გვექნება ფოტომასალა, რომელსაც სხვადასხვა მიზნით გამოვიყენებთ.

 

შეკითხვების მოძრავი დაფა

აქტივობა მეხუთე კლასისთვის დავგეგმე. ერთმანეთი პირველად უნდა გაგვეცნო და ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც თითოეულ მოსწავლესთან საუბრისა და მოსმენის საშუალებას მომცემდა. ვიყიდე ნაჭრისებური ფორმატი, მოვიფიქრე კითხვები (21 შეკითხვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ვიყავით), სათითაოდ დავწერე ფერად ბარათებზე და ჭიკარტებით დავამაგრე. შემდეგ წარწერიანი ბარათები ბავშვებს დავურიგე. თითოეული მოსწავლე  კითხულობდა კუთვნილ შეკითხვას, რომელსაც ჯერ მე ვპასუხობდი, შემდეგ კი -თვითონ. ჩანაფიქრი კი ის იყო, რომ ჩემს გულწრფელობას მათთვის სითამამე შეემატებინა. შედეგად ის მივიღე, რომ მთელი წელი იხსენებდნენ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებად გადაექცათ ჩვენი პირველი გაკვეთილი.

ჩემი მობილურის მახსოვრობა მოვქექე და იმ დღის კითხვები შენახული დამხვდა:

  1. რაზე ოცნებობ?
  2. რა გამოგდის კარგად?
  3. რას აკეთებ თავისუფალ დროს?
  4. სპორტის რომელი სახეობა მოგწონს?
  5. რა განიჭებს სიხარულს?
  6. როდისმე მთაში თუ ყოფილხარ?
  7. ხეებს თუ აკვირდები?
  8. სად იმოგზურებდი?
  9. ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
  10. რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
  11. რომელი ცხოველი გიყვარს?
  12. როდის ტირი ხოლმე?
  13. გაბრაზებისას როგორი ხარ?
  14. მგზავრობა თუ გიყვარს?
  15. ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც ბაძავ?
  16. რომელი მომღერალი გიყვარს?
  17. რომელია შენი საყვარელი მულტფილმი?
  18. ვარსკვლავები თუ გიყვარს?
  19. მზეს უყურებ ხოლმე?
  20. ცაში ხშირად იხედები?
  21. შენს თავს წიგნის რომელ პერსონაჟს შეადარებდი?

წარმოიდგინეთ, მცირე დროში ერთმანეთის შესახებ რამდენ რამეს ვიგებთ. შეგვიძლია, ეს აქტივობა წერით დავალებად გადავაქციოთ და კუთვნილი შეკითხვის წერილობით დაფიქსირებაც ვთხოვოთ.

წელს მეორე და მეექვსე კლასთან მაქვს დასაგეგმი პირველი გაკვეთილი. ვიცი, რომ  ბავშვები მოუთმენლად ელიან. მეც დავეძებ იდეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათზე ფიქრის მცდელობაც კი არ ჩაივლის უკვალოდ.

საწელური ჩანთა სასკოლო ნივთებით

გადავწყვიტე, მოსწავლეების მსგავსად მეც მეზრუნა სასკოლო ნივთებზე და იმ ნივთებისთვის მომეყარა თავი, რომლებიც გაკვეთილის ჩატარებისას გვჭირდება. ამისთვის საგანგებოდ ვაპირებ საწელური ჩანთის შეკერვას, რომელშიც მოვათავსებ ყველა საჭირო ნივთს, გაკვეთილზე შესვლის წინ წელზე მოვირგებ და დროს აღარ დავკარგავ გაფანტული ნივთების ძებნისას. თან პირადი მაგალითის ძალის გავლენით, იქნებ, შევამცირო სასკოლო ნივთების სახლში დარჩენის ფაქტი და მოსწავლეებიც მასწავლებლის მსგავსად საგულდაგულოდ მომზადებულები მოვიდნენ სკოლაში.  დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ძალიან მოეწონებათ სიახლე და ინტერესით დააკვირდებიან ჩემს ნივთებს.

ნივთების ჩამონათვალი კი ასეთი აღმოჩნდა:

  • ფერადი ცარცები;
  • კალმები;
  • მარკერები;
  • სტიკერები;
  • ხის ჩხირები (გამოსაძახებელი ჩხირები);
  • მაგნიტები;
  • ქვიშის საათი;
  • წამმწომი.

ცხადია, ნუსხა საჭიროებისამებრ შეიცვლება.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფიქრი სიახლეებზე, გაკვეთილის განხვავებულ ფორმატზე, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისუფლებიდან სასკოლო რუტინაში დაბურნებულ ბავშვებს რაც უფრო მეტი სიხალისითა და სიახლით დავხვდებით, მით უფრო საინტერესო გახდება სწავლა-სწავლების პროცესიც.

მშვიდობიან და სიხარულით სავსე სასწავლო წელს გისურვებთ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“