კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

შემაჯამებელი შეფასების ანალიზისთვის

შეფასება, რომელიც მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის განუყოფელი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, საფუძველს ქმნის სასკოლო განათლების სისტემაში დადებითი ცვლილებებისთვის. მოსწავლეთა შედეგების/მიღწევების შესახებ ინფორმაცია ყველა – კლასის, სკოლის, რეგიონის, ეროვნულ თუ საერთაშორისო – დონეზე განათლების ხარისხის უმთავრესი მაჩვენებელი და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვის ორიენტირია.
შეფასება აღნუსხავს მთლიანი სასწავლო პროცესის შედეგებს, ხოლო ამ შედეგების ანალიზი აუცილებელია იმავე სასწავლო პროცესის კორექტირებისა და უკეთ წარმართვისთვის.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები, ასევე – შეფასების ტიპები, ამიტომ შეფასების ტიპებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. ამჯერად ჩვენი სტატიის თემა განმსაზღვრელი შეფასებაა, შეფასება, რომლის მიზანიც სწავლის ხარისხის გაკონტროლება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით მოსწავლის მიღწევათა დონის დადგენა და აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრაა (ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-2016 წ.წ., შესავალი, მუხლი 16.4.). 2013-2014 სასწავლო წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმით მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი. ამ ანალიზის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს საგნობრივ კათედრაზე.
შეფასების შედეგების ანალიზისას მასწავლებლის უპირველესი ორიენტირი საგნობრივი სტანდარტია. შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი სტანდარტთან მიმართებით მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის დადგენასთან ერთად იძლევა მომავალი შედეგების პროგნოზირების, სასწავლო პროცესის კორექტირების საშუალებას, იმავდროულად ეხმარება მასწავლებელს საკუთარი პროფესიული საჭიროებების დადგენასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში. ყოველი შემაჯამებელი სამუშაოს დაგეგმვისას მასწავლებელი კიდევ ერთხელ უბრუნდება საგნობრივ სტანდარტს და მონიშნავს იმ შედეგს (ინდიკატორს/ინდიკატორებს), რომელთა მიღწევის დონის შეფასებაც მიაჩნია საჭიროდ. განსაზღვრავს იმ ცოდნის არეალს და უნარების ჩამონათვალს, რომლებიც შემაჯამებელი სამუშაოთი უნდა შეფასდეს და, აქედან გამომდინარე, არჩევს შეფასების ფორმასაც (ეს შეიძლება იყოს ესე, ზეპირი გამოსვლა – საკლასო მოხსენება, რეფერატი, შემოქმედებითი ნამუშევარი (მაგ., ნახატი), პროექტი, ექსპერიმენტი, შემაჯამებელი დისკუსია, როლური თამაში, ტესტირება და ა.შ.). ცხადია, შეფასების თითოეულ ფორმაზე მას უნდა ჰქონდეს შემუშავებული შეფასების სქემები/რუბრიკები, რომლებიც წინასწარ არის ცნობილი მოსწავლეებისათვის (და არა მარტო; მშობლებისთვისაც). შემაჯამებელი შეფასების თარიღისა და ფორმის შესახებ მოსწავლეებმა მინიმუმ ერთი კვირით ადრე უნდა იცოდნენ.
გთავაზობთ შემაჯამებელი ანალიზის ფორმას: 
შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზის სარეკომენდაციო ფორმა
მასწავლებელი __________________________________________________________ 
კლასი ______________________ 
თარიღი ______________________
შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა ______________________________
სტანდარტის შედეგი (ინდიკატორი/ინდიკატორები), რომლის შემოწმებასაც ისახავს მიზნად შემაჯამებელი სამუშაო 

___________________________________________________________

მოსწავლის სახელი და
გვარი

 

 

 

 

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: სვეტების დასახელების ცარიელ უჯრებში შეიძლება ჩაიწეროს: ცოდნა და უნარები, რომელთა შემოწმებასაც ისახავს მიზნად შემაჯამებელი სამუშაო ან შეფასების კრიტერიუმები. 

ზოგადი ხასიათის პრობლემები და სავარაუდო მიზეზები

__________________________________________________________

სპეციფიკური ხასიათის პრობლემები და სავარაუდო მიზეზები

__________________________________________________________

რეკომენდაციები პრობლემების გადასაჭრელად

__________________________________________________________

შემაჯამებელი შეფასების ანალიზის ეს ფორმა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ როგორც კლასის მთლიანი სურათი, ისე თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მიღწევები და საჭიროებები. შენიშვნის გრაფაში მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ შეიძლება ჩაიწეროს ისეთი ინფორმაცია, რომელიც გადამოწმდება მომდევნო შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ და მონაცემები შეედარება ერთმანეთს. ასე რომ, შეგვეძლება თვალი გავადევნოთ მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესსაც ერთი შემაჯამებელი სამუშაოდან მომდევნომდე.
მაგალითად: მეცხრე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ” შესწავლის შემდეგ მასწავლებელმა ჩაატარა შემაჯამებელი სამუშაო. ფორმა – ესე თემაზე „მართლაცდა, რა შუაში იყო ჩვენი პეტრე?”
სტანდარტის შედეგი: 
ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა (ინდიკ. გადმოსცემს სხვათა თვალსაზრისს და უკეთებს კომენტარს).
ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები (ინდიკ. მსჯელობისას იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს; მართებულად ასახავს მსჯელობის სასურველ თანამიმდევრობას);
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის (ინდიკ. მოიძიებს და აჯგუფებს არგუმენტებს განსხვავებული თვალსაზრისების წარმოსაჩენად; წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, სხვადასხვა მკვლევარის მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.), რომლებიც შეიძლება დასჭირდეს განსხვავებული თვალსაზრისების წერილობითი პრეზენტაციისას).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სვეტების ზემოთ იწერება კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეფასდება მოსწავლეების ნამუშევრები. მაგალითად, მსჯელობის ორგანიზება (2 ქ.), არგუმენტაცია ტექსტობრივი მასალის გამოყენებით (2 ქ.), დამოუკიდებელი აზროვნება – აზროვნების არაშაბლონურობა და ორიგინალურობა (2 ქ.), ადეკვატური სტილისა და ლექსიკის შერჩევა (2 ქ.), ენობრივი გამართულობა (2 ქ.). თითოეულ მოსწავლეს საერთო ქულა ამ კრიტერიუმებში მიღებული ქულების დაჯამების საფუძველზე გამოსდის. მონაცემები გადადის ცხრილში და დგება ერთგვარი მატრიცა, რომელზეც თვალსაჩინოდ ჩანს, სად, რომელ კრიტერიუმში აქვთ დაბალი მაჩვენებელი მოსწავლეთა ნაწილს, ცალკეულ მოსწავლეებს თუ მთელ კლასს. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ ენობრივი გამართულობის კრიტერიუმში მთელ კლასს დაბალი მაჩვენებელი აქვს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ დავაჯგუფოთ ზოგადი ხასიათის შეცდომები და გაკვეთილებზე აქცენტი დავსვათ გრამატიკისა და მართლწერის შესაბამის საკითხებზე. თუ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების ნამუშევრებში შინაარსის პერიფრაზი სჭარბობს მსჯელობას, უნდა ვეცადოთ, გაკვეთილებზე მეტი დრო დავუთმოთ მსჯელობას და საინტერესო თვალსაზრისები შესაბამისი არგუმენტებით ორგანიზებულად გადავიტანოთ ცხრილში, რომელიც თვალსაჩინოებისთვის შეივსება დაფაზე (შესაბამისად, მოსწავლეები ერთობლივ ნამუშევარს ჩაიწერენ რვეულებში). ამით აღქმისა და დამახსოვრების ხარისხსაც გავაუმჯობესებთ. თუ ტექსტობრივი მასალის სიმწირე აღმოჩნდა პრობლემა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსწავლეებმა სათანადოდ არ ივარჯიშეს ციტატების ამოკრებასა და დაჯგუფებაზე და ა.შ. 
თუ პრობლემა ყოველი ამ ფორმის შემაჯამებელი სამუშაოს დროს მეორდება, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ მოვიძიოთ პროფესიული ლიტერატურა, რომელშიც ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე იქნება საუბარი, ან იქნებ სატრენინგო კურსია მსგავს საკითხებზე? იქნებ კოლეგებს მივმართო რჩევისთვის?
ასე რომ, ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ფორმა მასწავლებლებს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, კლასისა და თითოეული მოსწავლის საჭიროებათა დადგენასა და პროფესიული თვითგანვითარების დაგეგმვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი