ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის მანიფესტი- პესტალოცის პროგრამა

“პესტალოცის” პროგრამის შესახებ თუ არ გსმენიათ, მას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. ალბათ უკვე მიხვდით, რომ პროგრამის მიზანი განათლების სფეროს სპეციალისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა.  თუ ამ პროგრამის საზაფხულო სკოლით დაინტერესდებით და მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტთ, სჯობს, შტუტგარტში ჩაფრინდეთ. იქიდან მატარებელი აგიყვანთ სამკურნალო თბილი წყლებით მდიდარ კურორტ ბად-ვილდბადში, რომელიც შვარცვალდში, მდინარე ენტცის ხეობის კალთებზეა შეფენილი. მანამდე კი პფორცჰაიმი უნდა გაიაროთ. პფორცჰაიმიდან იწყება ზღაპრული სანახაობა: მატარებელი ვიწრო ლიანდაგს მიუყვება მდინარე ენტცის გვერდით. გარშემო გორები და მთის წვერები მოჩანს, ყველაფერი წიწვოვანი ხეებითაა დაფარული. ნაძვის ხეებით მდიდარი ტყეებისთვის შავი ტყე დაურქმევიათ (“შვარცვალდი” გერმანულად შავ ტყეს ნიშნავს). აქ ხეებსაც და მდელოს ყვავილებსაც უფრო სქელი ფოთლები აქვთ, რათა მკაცრი ზამთარი თავისი სიძლიერით გადაიტანონ. 

ქალაქის ცენტრში ე. წ. მეფე კარლის აბანოა, რომელიც დღეს წარმოდგენებისა და შეხვედრების ადგილი გამხდარა. მის კედლებზე წავიკითხე, რომ 1856 წელს ბად-ვილდბადში სამკურნალოდ ჩასულა დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო როსინი. შვარცვალდის ჰაერს და სამკურნალო წყლებს ისე მოუღონიერებია მუსიკოსი, რომ თითქოს მეორედ დაბადებულა და ახლიდან შესდგომია ნაყოფიერ მოღვაწეობას. იმ წუთიდან მესახება იმედი, რომ “პესტალოცის” ტრენინგი ამ საკურორტო ქალაქში ჩამოსულთათვის ენერგიის მომცემი და სულის ჩამდგმელი აღმოჩნდება.

 საზაფხულო სკოლა წელს უკვე მეორედ ჩატარდა ბად-ვილდბადში. პროგრამაში დაახლოებით 30 ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა. მიყვარს საერთაშორისო კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ხალხი მეტად საინტერესო მრავალფეროვნებას ქმნის და ერთ მიზანს ემსახურება. ამგვარი მრავალფეროვნება ევროპაში გატარებულ სტუდენტობის წლებს მაგონებს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები რომ ვიყავით ერთად. ამჯერად მე ვიყავი არა სტუდენტი, არამედ მასწავლებელი-მოსწავლე, რომელიც მონაწილებდა დემოკრატიული სწავლების მეთოდების შესასწავლად დაგეგმილ აქტივობებში. სამუშაო შეხვედრები რვა დღე მიმდინარეობდა. დილიდან საღამომდე ვმუშაობდით და ვსწავლობდით კეთებით. ტრენერებს “ფასილიტატორები”, ანუ „საქმის გამაადვილებლები” ერქვათ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველანი თანასწორები ვიყავით. ვიღაც ალბათ იკითხავს, როგორ იყავით თანასწორები, როცა თქვენ არ იცოდით ის, რასაც ისინი გასწავლიდნენო. საქმეც სწორედ ესაა. ადამიანები სხვადასხვა ცოდნის და უნარების მატარებლები ვართ. იმისათვის, რომ სხვების ღირსებები დავინახოთ, უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. მოსწავლეებს, არაჯანსაღი კონკურენციის ნაცვლად, უნდა ვასწავლოთ თანამშრომლობითი მუშაობა, გავუზიაროთ ცოდნა. გაზიარება კი უკვე ზრუნვაა.
ემოციების გამოხატვა

სხვადასხვა სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა მასწავლებლები ვესწრებოდით. შეხვედრა იწყებოდა ჩვენი მოკითხვით – რას ვგრძნობდით, როგორ მოგვეწონა წინა აქტივობა. ემოციების გაზიარება ჩვენ შორის ნდობის გაზრდის საფუძველი ხდებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სკოლები, სადაც ემოციებზე საუბარს, ემოციური ინტელექტის სწავლებას უმთავრესი ადგილი უკავია. ემოციების გამოხატვასაც სწავლა სჭირდება. ასევე საჭიროა კონტროლი, რომ გადაჭარბებულად არ გამოვხატოთ დადებითი ან უარყოფითი ემოცია. 

ჩვენ შორის სკოლის ცხოვრებაზე საუბარი არ ცხრებოდა სადილობის დროსაც. მასწავლებლებთან საუბრისას გამოირკვა, რომ ზოგიერთი მათგანის კლასში არის სპეციალური პოსტერი, რომელზეც მოსწავლეების სურათებია, ხოლო სურათების ქვემოთ ძაფია გაჭიმული. პოსტერის კუთხეში ბარათების ჯიბეა. ბარათებზე ემოციების აღმნიშვნელი ზედსართავი სახელები წერია. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები მიდიან და საკუთარი სურათის ქვემოთ, ძაფზე ამაგრებენ იმ ემოციის ამსახველ ბარათს, რასაც ისინი განიცდიან იმწუთას. იგივე მეორდება გაკვეთილის ბოლოს. მასწავლებელი ნათლად ხედავს, როგორი ემოციური გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე. მოსწავლეები კი თანდათან სწავლობენ საკუთარ ემოციებს და საკუთარ თავს. 
დემოკრატიული სწავლება 

დღეს სწავლა უნდა ემსახურებოდეს ტრანსვერსიული კომპეტენციების გადაცემას. ადრე საგნის შინაარსის დასწავლა იყო სწავლის მიზანი. დღეს შინაარსი მოქმედებასთან, პროცესთან, ცხოვრებასთან კავშირში უნდა ვასწავლოთ, სწავლა კვლევა-ძიებაზე, აზროვნების შესწავლაზე, თანამშრომლობის დაფასებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენს მოსწავლეებს უნდა დავანახოთ რეალური სამყარო და ვასწავლოთ სხვებთან თანაცხოვრება.

„პესტალოცის” პროგრამის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს ე.წ. მასწავლებლის მანიფესტი, სადაც ვკითხულობთ, რომ ღირებულებები ჩვენი აზროვნების ნაწილია. ჩვენი ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.  ღირებულებების, შეხედულებების, უნარებისა და ცოდნის ერთობლიობა, რეალურ სიტუაციებში განხორციელებულ მოქმედებებთან ერთად, შესაძლებელს ხდის დემოკრატიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სასწავლო გარემოში.
თანამშრომლობითი სწავლება

დემოკრატიული სწავლების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია თანამშრომლობითი სწავლება. განსხვავებით ტრადიციული ჯგუფური მუშაობისაგან, თანამშრომლობითი სწავლების დროს ჯგუფის წევრებს შორის განაწილებულია პასუხისმგებლობები და სამუშაო მასალები საერთო მიზნის მისაღწევად. მასწავლებელს ევალება დახმარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები გაბედულად გამოთქვამენ მოსაზრებებს, რადგან ყველას აზრი იქნება დაფასებული.

ასეთი გარემოს შესაქმნელად, მუშაობის დაწყებამდე, გვირიგებდნენ ბარათებს წარწერებით: „დროის კონტროლიორი”, „ხალისის შემომტანი”, „აღმრიცხველი”, „მომხსენებელი”. ყველას გვევალებოდა მუშაობაში თანაბარი წვლილის შეტანა. 

მოსწავლეებთან ამ მეთოდის გამოყენება ავითარებს თანამშრომლობით და ინტერპერსონალურ უნარებს. ურთიერთდახმარების სურვილის და საერთო სულისკვეთების არსებობა კლასში ერთი შეხედვითაც კი შეიმჩნევა. თუ მასწავლებელი კლასში შექმნის ერთსულოვნებას, მთელი კლასი წარმატებული იქნება. შეჯიბრი, დაყოფა და ფავორიტების არჩევა ცუდ გავლენას ახდენს კლასზე. ჩვენ, მასწავლებლებს შეგვიძლია ბავშვებს ვაგრძნობინოთ კლასის ერთსულოვნება, სადაც ერთის წარმატება ყველას წარმატებაა. ასეთი გარემოს შექმნისთვის კი აუცილებელია, რომ მოსმენისა და საუბრის გზით ეფექტურ კომუნიკაციას მივაღწიოთ. მასწავლებელმა უნდა უთხრას მოსწავლეს, რომ მოსმენა და გაგება არის ის პასუხისმგებლობა, რომლის გარეშეც კომუნიკაცია ვერ შედგება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დამაჯერებელი საუბარის უნარის განვითარება.
თანამშრომლობითი თამაშები

თანამშრომლობითი თამაშების მიზანია ერთმანეთთან საუბრის ხელშეწყობა, ნდობის გაზრდა, კინესთეტიკური აქტივობის განხორციელება და ამ გზით გართობა და სიცილი საერთო თემაზე, შეზღუდული სივრცის ერთად გამოყენება, არაკონკურენტული სწავლება და სხვ.

პასკალ მომპოინტ-გელარდი არის ფსიქოლოგი და „პესტალოცის” პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თანამშრომლობითი თამაში – „ღირებულებებით ვაჭრობა”, ახლა რომ უნდა გიამბოთ, სწორედ პასკალმა შექმნა და შემდეგ ჩვენ გაგვაცნო.
„ღირებულებებით  ვაჭრობა”

პასკალმა მოკლედ გაგვახსენა ღირებულებების მნიშვნელობა საზოგადოებაში: „ყველას გვაქვს ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს იმედებს  და საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას – რისი გაკეთება შეგვიძლია საზოგადოებისთვის. ღირებულებები რწმენისა და გამოცდილების მიხედვით განსხვავდება. რაკი ისინი ფიქრისა და ქცევის განმსაზღვრელია, იბადება კითხვა: როგორ გვეხმარება ღირებულებები კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში? ჩვენ ვერ ვეტყვით სხვა ადამიანებს, შეიძინონ ის ღირებულებები, რომლებიც საუკეთესოდ მიგვაჩნია, მაგრამ შეგვიძლია დავაფიქროთ ღირებულებების სისტემაზე”. თამაშის ბოლოს უნდა აგვეხსნა, რატომ გავაკეთეთ ესა თუ ის არჩევანი.

ჩვენმა ხელმძღვანელმა ბანქოს ფორმის ქაღალდები ჯერ კარგად აურია და მერე დაგვირიგა. თითოეულს ექვს-ექვსი ბარათი გვერგო, როგორც ბანქოს ზოგიერთი თამაშის წესია. ბარათებზე ღირებულებები ეწერა: თანასწორობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, დემოკრატია, ლამაზი სხეული, დრო, ADHD მოსწავლე, ახლად ჩამოსული იმიგრანტი მოსწავლე, ნიჭიერი მოსწავლე, უნარშეზღუდული მოსწავლე, ჰომოსექსუალი მოსწავლე, სიყვარული, ახალი განათლების სისტემა, მაღალი ხელფასი, პატივისცემა, კანონის უზენაესობა, ბედნიერება, თავისუფლება, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, აიფონი, აიპედი, კარგი სახლი, კარგი ტანსაცმელი, კოლეგებთან თანამშრომლობა. ღირებულებები ზოგჯერ მეორდებოდა კიდეც.

შემდეგ აქტივობის ეტაპები გაგვაცნო. 10 წუთის განმავლობაში ბარათები უნდა გვეჩვენებინა ერთმანეთისთვის. ამასთანავე, უნდა დაგვერწმუნებინა მეორე მონაწილე რომელიმე ღირებულების ფასეულობაში, შედეგად, ბარათი უნდა გაგვეცვალა ჩვენთვის სასურველში. ისე უნდა გვეწარმოებინა გადაცვლა, რომ ხელში ისევ ექვსი ბარათი დაგვრჩენოდა.

ასეც მოვიქეცით. მე ზუსტად ის ღირებულებები შემხვდა, რაზეც ვიოცნებებდი: ბედნიერება, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და მაღალი ხელფასი. აქედან მორალურად ყველაზე ნაკლები ღირებულების მქონე მაღალი ხელფასია-მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ რაკი ის ყველას ძალიან გვჭირდება და ბედმა აქ მაინც მარგუნა, ნასიამოვნები შევუერთდი მონაწილეებს.

ვდგავარ სხვებთან ერთად ძალიან კმაყოფილი საკუთარი ბარათებით. სხვა რამეზე ხომ არ დავიწყებ საუბარს? სულ არაა საჭირო ვინმეს შეწუხება და იმის გაგება, რა ბარათი აქვს მას – მაინც არ ვაპირებ გადაცვლას არც აიფონში და არც ბრტყელეკრანიან ტელევიზორში. მესმის გარშემომყოფთა საუბარი. მაღალ ღირებულებებს არც სხვები თმობენ. უცებ ვიღაც იოლად თანხმდება ლამაზი ტანსაცმლის გადაცვლას უნარშეზღუდულ მოსწავლეზე, ვიღაც ბრტყელეკრანიან ტელევიზორს ცვლის აიპედში, იმიტომ, რომ ორი ტელევიზორი შეხვედრია. მეც მიჩნდება მონაწილეობის სურვილი. მივდივარ ADHD მოსწავლის პატრონთან და მაღალ ხელფასს ვთავაზობ სანაცვლოდ. ვაიმედებ, რომ შევძლებ მის მოვლას, რადგან ცოტა რამ ვიცი ამ დარღვევის შესახებ. 

გავიდა 10 წუთი. დავსხედით. გამოირკვა, რომ უმრავლესობას მხოლოდ ერთი ბარათი გადაგვეცვალა. „რა იყო ამ აქტივობის მთავარი მიზანი? – გვკითხა პასკალმა. – მინდა, რომ ამაზე იფიქროთ. ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდეთ და მათზე იფიქროთ, ვიდრე ყველა კითხვაზე მზა პასუხი მიიღოთ და პასუხგაუცემელი კითხვა აღარ გაგაჩნდეთ”.

ჩემს თავში უკვე დიდი ხანია ირეოდა კითხვები. სწორ გზაზე ვმდგარვარ-მეთქი, დავიმშვიდე თავი. ამასობაში კედელი პროექტორმა გაანათა და სხვა კითხვები გამოჩნდა თეთრ  ეკრანზე:

·რა გავლენას ვახდენთ გარშემომყოფებზე ჩვენი ღირებულებებით?
·რა კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს ეს აქტივობა?
·შესაძლებელია თუ არა ღირებულებების სისტემის შეცვლა?
·იწვევს თუ არა ცხოვრებისეული გამოცდილება ღირებულებების გადაფასებას?
·შეგვიძლია თუ არა ვინმეს ვაიძულოთ ღირებულებების გამოცვლა?
·თქვენი ღირებულებები აისახება თუ არა თქვენს საქმიანობაზე?
·როგორ ვიმუშაოთ კლასში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე?
·რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ მასწავლებლები ამ დროს?

არ მინდა, ჩემი პასუხები მოგახვიოთ თავს. მე დაგიტოვებთ პასუხგაუცემელ კითხვებს და დაველოდები თქვენს პასუხებს ჟურნალ „მასწავლებლის” ელექტრონული ვერსიის გვერდებზე.

სტატიას პროგრამა „პესტალოცის” ერთ-ერთი მონაწილის, ფილოსოფიის მასწავლებლის, მილოშ ჯერევიჩის სიტყვებით დავასრულებ: „სწავლება მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, თუ კურსის ბოლოს უფრო მეტ კითხვას იპოვით, ვიდრე მის დასაწყისში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“