სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

საყრდენი კონსპექტის როგორც ინფორმაციის კონტეინერის გამოყენება გაკვეთილზე

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე აქტიურად მოითხოვს სწავლის  აქტივიზაციის მეთოდების გამოყენებას.  ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეროვნული  სასწავლო  გეგმის   მიხედვით   მოსწავლემ  უნდა შეძლოს    საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად  კონსტრუირება  სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად, ცოდნის  სხვადასხვა ელემენტების  სინთეზი და  მიღებული გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის აგება.   შესაბამისად  ამისა სწავლის  აქტივიზაციის მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება  სასურველიცაა და აუცილებელიც.   ამ მხრივ  ერთობ  პროდუქტიულია  ბავშვებისათვის ძირითადი საყრდენი კონსპექტების  წარმოების შესწავლა,   რომელზე დაყრდნობითაც მოსწავლეები  ადვილად  შეძლებენ დიდი ზომის მასალის ათვისებას.   

ძირითადი  საყრდენი   კონსპექტი  –  ეს  განსაკუთრებული  ფორმაა  იდეების   ვიზუალური ფორმით  – სქემით,  ნახატებით,  ძირითადი  ცნებების  მეშვეობით  გადმოცემისთვის, ანუ  ესაა  სასწავლო  მასალის  კონსპექტირება ლოგიკურ – მხატვრული გზით. ამ  მხრივ  ისინი  ნამდვილ  კონტეინერს  მოგვაგონებენ, რომელიც სავსეა ყველა საჭირო ინფორმაციით. 
როგორც  პედაგოგიკის  მკვლევარები  მიუთითებენ,  მოსწავლეებს უჭირთ ძირითადი  საყრდენი კონსპექტის   წარმოება. ისინი უბრალოდ მთლიანად, სრულად იწერენ ინფორმაციას. საჭიროა,  მოსწავლეებმა  ისწავლონ  სასწავლო  მასალის  კონსპექტირება, წიგნთან და სტატიასთან  ურთიერთობა,  რაც  აამაღლებს  მოსწავლეთა  წარმატებას   გაკვეთილზე და ზოგადად, გაზრდის მოსწავლის თვითგანათლებას. 

საყრდენი კონსპექტი  ეხმარება მოსწავლეს:
vგადაამუშაოს დიდი ზომის მასალა, მისცეს მას   განსხვავებული სახე, ტიპი, ფორმა;
vზეპირ ანდა წერილობით ტექსტში გამოყოს ყველაზე აუცილებელი და საჭირო (სასწავლო ანდა სამეცნიერო) ამოცანა;
vშექმნას პრობლემის მოდელი (კონცეპტუალური და სტრუქტურული);
v მარტივად დაიმახსოვროს ტექსტი, ადვილად დაეუფლოს  სპეციალურ ტერმინებს;
vდააგროვოს ინფორმაცია უფრო რთული ტექსტების – რეფერატის, მოხსენების და სტატიის დაწერისთვის.
მასწავლებელს  შეუძლია თავადაც  შეადგინოს  საყრდენი კონსპექტი და მისცეს მოსწავლეებს   თეზისების  სახით, ანდა  უკარნახოს თემაზე  მუშაობის  პროცესში. რადგან კონსპექტი ყველა იმ ძირითად ტერმინებსა და ცნებებს შეიცავს, რომელიც შეისწავლება, ამიტომ მოსწავლე პროდუქტიულად გამოიყენებს მასწავლებლის შემოქმედებითი შრომის ნაყოფს. 
თუმცა  აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქტიური აღქმის უნარების განვითარება გაცილებით უმჯობესდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები დამოუკიდებლად  შეადგენენ  საყრდენ  კონსპექტებს  გაკვეთილზე ათვისებული სასწავლო  მასალის  საფუძველზე,  ბევრი მოსწავლის აზრითაც ხომ  საერთოდ შეუძლებელია  საყრდენი კონსპექტის  გარეშე სასწავლო მასალის ათვისება. როგორც წესი,  ამგვარი კონსპექტების   წარმოება   შემოქმედებითი,  ანალიტიკური ხასიათისაა, რადგან ადგილი აქვს მასალის გადამუშავებას, შეფასებას, ანუ  ამ დროს მოსწავლე ნამდვილ  სამეცნიერო-კვლევით  საქმიანობაშია ჩართული. 
 
კონსპექტირებისას  უმნიშვნელოვანეს   ნაბიჯს  წარმოადგენს  ძირითადი  ნაწილის, მთავარი აზრის გამოყოფა.  „მთავარი აზრის” (იდეის, თეზისის) შერჩევა დამოკიდებულია კონსპექტის დანიშნულებაზე, მიზანზე, ამოცანაზე. ეს შეიძლება იყოს შინაარსის ნებისმიერი კომპონენტი: ცნება ანდა კატეგორია და მათი განსაზღვრება, კანონი და მისი ფორმულირება, ფაქტები და მოვლენები და მათი ჭეშმარიტების მტკიცებულებები და ა.შ. კონსპექტის წარმოებისას გამოიყენება სხვადასხვა პირობითი ნიშნებიც, ისრები, ხაზგასმა, მარკირება, კითხვითი და ბრძანებითი ნიშნები, PS -ნიშანი (ანუ „ბოლოთქმა”) და ა.შ. 
 
ყველას შეუძლია  შეიმუშაოს  საკუთარი პირობითი ნიშნები,  რომლის დახმარებითაც  შეძლებს  ინფორმაციის  გადმოცემას.  ამგვარი ნიშნების შემუშავების დროს განსაკუთრებულ ადგილს იკავებს „მე-გადაწყვეტილება” – ანუ საკუთარი შეფასების, დამოკიდებულების, თანხმობის თუ უარყოფის გადმოცემა სიტყვებით, ანდა  – ნიშნებით. 

ზოგადად, საყრდენი კონსპექტის გამოყენება გაკვეთილის ყველა ეტაპზეა შესაძლებელი. მაგალითად  განვიხილოთ  ტრადიციული კომბინირებული გაკვეთილი, რომლის დროსაც საყრდენი  კონსპექტი  აქტუალურია: 

1.ცოდნის აქტუალიზაცისას – მოსწავლე  საყრდენ კონსპექტზე  დაყრდნობით აგებს ლოგიკურ პასუხებს,  გადმოცემს თემის ანდა მისი რომელიმე ნაწილის ძირეულ შინაარსს;

2. ახალი მასალის შესწავლისას – ახალი თემის შესწავლისთვის ტექსტთან,   კომპიუტერთან, ცხრილებთან, დამატებით ლიტერატურასთან და ა.შ. მუშაობისას მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით (ანდა დამოუკიდებლად) აფიქსირებენ ძირითად ცნებებს, აზრებს, იდეებს, ლოგიკურ კავშირებს, ქმნიან სქემებს, ნახატებს და  ამ გზით  მიიღებენ  ერთიან, მთლიან კონსპექტს. 

3.ცოდნის გამტკიცებისას, როდესაც ხდება რეპროდუქციული ცოდნის გამოყენება და მიღებული ცოდნის ცვლილება.

კონსპექტის დასრულების შემდეგ  მოსწავლეს შეუძლია მისი წარდგენა კლასისთვის.

საყრდენი კონსპექტი  მრავალი  სახის  არსებობს.  მათ  შორის  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა   თემატური  საყრდენი კონსპექტები, რომლითაც ხდება:

vმასალის გადაცემის სისტემატიზაცია;
vმთავარი აზრის,  შინაარსის გადმოცემა;
vთემის შესწავლა ვიზაულიზაციის: სქემების, ცხრილის, ლოგიკური ჯაჭვის და ა.შ. მეშვეობით.
თემატური საყრდენი კონსპექტის  გამოყენება საშუალებას იძლევა ყველა მოსწავლე ჩაერთოს სასწავლო პროცესში. ამ დროს კონსპექტი ერთგვარი „რეპეტიტორის” როლს ასრულებს, რომელსაც ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება მიმართოს მოსწავლემ. თემატური საყრდენი კონსპექტები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  
თანამედროვე  პირობების შესაბამისად პედაგოგიურ  ტექნოლოგიებში   მნიშვნელოვანი  ადგილი  უჭირავს  მოსწავლეებისათვის  ელექტრონული საინფორმაციო  საშუალებების  გამოყენების  და  მათ შორის – ელექტრონული კონსპექტების წარმოების შესწავლას.   ელექტრონული ტექსტი ბეჭდურისგან  განსხვავებით ეკრანზეა განთავსებული. მოსწავლეები სიამოვნებით ქმნიან პრეზენტაციებს, მათ შორის ისეთებსაც, რომელსაც მრავალჯერადად გამოიყენებენ. ისინი ეფექტურად გამოიყენებიან თემატური  თემატური საყრდენი კონსპექტის  წარმოებისთვისაც. 

ელექტრონული  ვერსია  ინფორმაციის შერჩევის ფართო საშუალებას იძლევა,  კომპიუტერის მეშვეობით კი კონსპექტი ერთგვარ „ღრუბლადაც” გადაიქცევა, რომელსაც  ნებისმიერი დოკუმენტის გადატანა, გადახარშვა,  გადამუშავება შეუძლია, თანაც ისე, რომ ფართოდ წარმოადგინოს თემის ყოველი დეტალი, ასპექტი. და ეს ყოველივე ხელს შეუწყობს  დასწავლის პროცესს. 

ელექტრონული  კონსპექტის  წარმოებისას  შესაძლებელია, რომ მოსწავლეებმა:

vგაცვალონ საყრდენი ელექტრონული კონსპექტები და ჯგუფელის კონსპექტის მიხედვით ისწავლონ,  ანდა   თავად შეადგინონ საავტორო ტექსტს ადრე ნასწავლი თემის მიხედვით;
vშექმნან  „მონაცემების უნივერსალური ბანკიც”მოცემული თემის შესახებ;
vკონსპექტის შედგენა შესაძლებელია ჯგუფურადაც, მათ  შორის პოსტერის მეშვეობითაც, რომლის დროსაც  მათი შემოქმედებითი თვისებები კიდევ უფრო გამოვლინდება. ასეთი პოსტერები შესაძლებელია გაკეთდეს როგორც მიმდინარე გაკვეთილის, ასევე განვლილი თემის მიხედვითაც.

საყრდენ კონსპექტზე მუშაობა არ მთავრდება გაკვეთილზე. მოსწავლეები ამ კონსპექტით ისარგებლებენ სახლში დამოუკიდებელი მუშაობის დროსაც, რითაც კიდევ ერთხელ გაიმეორებენ განვლილ მასალასაც.  
მიღებული ცოდნის გამტკიცებას უზრუნველოფს საყრდენი კონსპექტის მრავალჯერადი გამოყენებაც სწავლების მთელი დროის განმავლობაში. ავტომატიცაზიისთვის  ეფექტურია  მინი-გამოკითხვების წარმოება, ანდა მოკლე სემინარების,  რეფერატების და  საკონტროლო  სამუშაობის  შესრულება.   
ყველა ასეთი შემთხვევის დროს კონსპექტის   პირველადი  ფუნქცია – იყოს ინფორმაციის ნამდვილი კონტეინერი – არამარტო შენარჩუნებულია, არამედ, არსებითად,  გაფართოებულიცაა. 

და მაინც, რაში  მდგომარეობს  სასწავლო პროცესში  საყრდენი კონსპექტის როგორც  ინფორმაციის კონტეინერის  გამოყენების  უპირატესობა?

1.საყრდენი  კონსპექტის  მეშვეობით  მოსწავლე ამტკიცებს მიღებულ ცოდნას და ამავე დროს უკვე მიღებული  ცოდნის  საფუძველზე  ეუფლება ახალ ცოდნასაც. ასეთ დროს მოსწავლე სასწავლო საგანს აღიქვამს როგორც ცოდნის მთლიან სისტემას, როგორი დამოკიდებულებაც პრინციპულად აუცილებელია წარმატების მიღწევისთვის;

2.სიმარტივე  და   მასალის სიმცირე  შესაძლებელს ხდის განსაკუთრებული ძალისხმევის  გარეშე  დაეუფლონ ცოდნას;

3. კონსპექტის  წარმოება  შესაძლებელია   უბრალოდ კონკრეტული საკითხით დაინტერესების შემთხვევაშიც   – გამოცდების ჩაბარებისთვის, მომავალი პროფესიული საქმიანობის არჩევისთვის, სამეცნიერო ანგარიშის თუ რეფერატის დაწერისთვის 

4.და ა.შ.

 საყრდენი კონსპექტების  როგორც  ინფორმაციის კონტეინერის გამოყენება  არამარტო ზრდის სასწავლო პროცესის  ეფექტურობას, არამედ დადებითად მოქმედებს შემოქმედებითი, აქტიური ცხვორებისეული პოზიციების ჩამოყალიბებაზე და ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლების ყველა საფეხურზე.   
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი