თქვენ ალბათ არ გინახავთ ის ლურჯი ნახატი, რომლის გამოჩენასაც ჩვენს კლასში უცნაური ამბები მოჰყვა. ის ახლაც ჰკიდია კედელზე. მართკუთხედის ფორმის თვალს მოგაგონებთ. მისი სკლერა ცისფერია, ირისი – ლურჯი, გუგაში კი ლურჯი ფერის მსხვილად დაწერილი იქსისმაგვარი ფიგურები ჩაუხატავთ. ისინი მიგვანიშნებენ, რომ პატარა მხატვარს ფერწერით უჯრედის, მისი ბირთვის და ბირთვში არსებული ქრომოსომების გამოსახვა მოუწადინებია. აქ საოცარი არაფერია გარდა იმისა, რომ მეექვსე კლასის მოსწავლეები უჯრედის ბირთვში არსებული გენებით დაინტერესებულან; გაუგიათ, რომ გენები ქრომოსომებშია განლაგებული და რომ ქრომოსომები ხშირად ორმაგდება.
„რატომ ორმაგდება, მასწავლებელო, ქრომოსომები?” – მესმის მოსწავლის ხმა. ასეთი კითხვები გვაძლევს ძალას, რომ მეექვსეკლასელებს ვასწავლოთ ის, რისი დასწავლაც მერვე და მეცხრე კლასელებს უჭირთ.
სიცოცხლე ერთი უჯრედიდან იწყება. ყოველ ნიშან-თვისებას ორი გენი განსაზღვრავს. ერთი დედამ გადასცა ახალ ორგანიზმს, მეორე კი – მამამ. ამიტომ ქრომოსომებიც წყვილებადაა წარმოდგენილი უჯრედის ბირთვში. ეს ერთი უჯრედი იყოფა ორად, შემდეგ ორივე იყოფა და წარმოქმნის ოთხ უჯრედს და ასე გრძელდება, რის შედეგადაც ჩვენ ვყალიბდებით, ვიზრდებით და ვმაღლდებით. ახალი უჯრედი წინა უჯრედს უნდა ჰგავდეს. „რა უნდა მოხდეს, რომ ახალ უჯრედში ქრომოსომების რაოდენობა იგივე დარჩეს, რაც თავდაპირველ უჯრედში იყო?” – ვეკითხები ჩემს პაწია მოსწავლეებს. რამდენიმე მოსწავლე ამბობს, რომ ქრომოსომები ჯერ უნდა გაორმაგდეს და მერე ორმა ახალმა უჯრედმა გაინაწილოს ისინი. გული სიხარულით მევსება. იწყება კამათი.
„არსებობს დასწავლის სამი გზა: კოგნიტური, აფექტური და ფსიქომოტორული.” ალბათ გახსოვთ, ვინ ასაბუთებდა ამ მოსაზრებას. გაკვეთილები ორიენტირებულია კოგნიტურ სწავლებაზე. ემოციებზე, ანუ დასწავლის აფექტურ პირობებზე სასაუბროდ მასწავლებლები ვერ ვიცლით, იმიტომ რომ პროგრამის გავლა უნდა მოვასწროთ და რა დროს ემოციებია! ფსიქომოტორული ასპექტები კი ფიზკულტურის და სპორტისთვის დაგვითმია.
ბავშვებისთვის ფსიქომოტორული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ კეთებით სწავლებას ანუ გაკვეთილში კინესტეტიკური მოქმედებების ჩართვას. სახელმძღვანელოებში ამგვარი აქტივობები აღწერილი არაა. თუმცა, მასწავლებლებს არ გვეზღუდება თავისუფლება, რომ თეორიული სწავლება მოქმედებაში გადავიყვანოთ.
ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეექვსე კლასელებისთვის დამედგმევინებინა „ქრომოსომების ცეკვა”. დავამზადე ფერადი ქაღალდის ქუდები. მოვიტანე ფერადი თოკები. დაფაზე დავხატე მიტოზის (უჯრედის გაყოფის ერთ-ერთი ფორმა) ოთხი ფაზა და შევუდექით ჩანაფიქრის განხორციელებას. მოსწავლეების ნაწილმა ხელი ჩასჭიდა ერთმანეთს და წრე შეკრა ბირთვის გარსის გამოსახატად. სხვა მოსწავლეები წრეში ჩადგნენ და განასახიერეს ქრომოსომების მოძრაობა დაფაზე არსებული ნახაზების მიხედვით. ორი მოსწავლე თოკებით ხელში წრის შიგნით იდგა ერთმანეთისადმი ზურგშექცევით. ისინი ცენტრიოლებს განასახიერებდნენ.
მიტოზის პირველი ფაზის დროს, მოგეხსენებათ, რომ ქრომოსომები ორმაგდება. ბავშვები, ვისაც ახლად შექმნილი ქრომოსომები უნდა წარმოედგინათ, ჩაიცუცქნენ და ქუდები დამალეს. მათ წრეში მოცეკვავე მეწყვილეები ქუდების ფერით უნდა ამოეცნოთ. ცოტა ხნის შემდეგ გვერდით ამოუდგნენ თავის შესაბამის მოსწავლეებს და ქუდებიც ჩამოიცვეს. პირველი ფაზა დამთავრდა.
მერე თოკებიანი მოსწავლეები ურთიერთსაპირისპირო მხარეს წავიდნენ. დიდი წრე, ანუ ბირთვის გარსი დაიშალა და შემსრულებლები მოქმედების ადგილს მოშორდნენ. ქრომოსომების როლში მყოფები წყვილ-წყვილად ერთ ხაზზე მოეწყვნენ. ასე მოვაწყეთ მეტაფაზური ფირფიტა. ცენტრიოლების როლების შემსრულებლებმა მათ თოკები მიაწოდეს. გაყოფის თითისტარას ჩამოყალიბებაც დამთავრდა. დასრულდა მიტოზის მეორე ფაზა.
შემდეგ მოსწავლე-ცენტრიოლებმა თოკების დამოკლება, მოსწავლე-ქრომოსომებმა კი წრის საპირისპირო პოლუსებისკენ გადაადგილება იწყეს და ორ ჯგუფად განაწილდნენ.
ბოლოს ბირთვის გარსის შემსრულებელმა მოსწავლეებმა წრე შეიკრეს თითოეული ჯგუფის გარშემო. უჯრედის გაყოფა დამთავრდა.
მოსწავლეებს ვთხოვე, დაეწერათ ის, რაც მათ შეასრულეს. უფრო მეტი თხოვნა და შეკითხვა მათ აღმოაჩნდათ. მეკითხებოდნენ, რას წარმოადგენდა თოკები, რას წარმოადგენდნენ მოსწავლეები, რომლებმაც თოკები გადაანაწილეს და ა.შ. მე შესაბამისი ტერმინები ინგლისურად და ქართულად დავწერე დაფაზე, რომ მათ გამოყენება შეძლებოდათ. რამდენიმე წუთში მომიტანეს ჩანაწერები. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვკითხულობდი როგორი სიზუსტით აღწერდნენ შესრულებულ მოქმედებებს.
ამ კინესტეტიკურ აქტივობას „ქრომოსომების ცეკვა – მიტოზი” დავარქვით და ფირზეც აღვბეჭდეთ. შემდეგ გაკვეთილებს ისევ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ვატარებდით,
დადგა მარტი. ერთ წვიმიან დღეს შევდივარ კლასში. ჩემი პატარა მოსწავლეები ფეხზე წამომდგარან. ხელებზე ფერად-ფერადი წინდები ჩამოუცვამთ: ვის შინდისფერი შავი ზოლებით, ვის სალათისფერი ყვითელი ქუსლით, სხვას თეთრი წითელი გულებით, ნაირ -ნაირები და ფერად-ფერადები. მიქნევენ წინდებიან პაწია ხელებს.
„მასწავლებელო, მასწავლებელო, რატომ დაგვავალეს წინდების მოტანა?” „რა შუაშია უნარშეზღუდულ ბავშვებთან ჩვენი წინდები?” „მასწავლებელო, მე მარტო ერთი წინდა მოვიტანე! ვერ გავიგე, დამრიგებელმა რა თქვა. რამდენი უნდა მომეტანა?”
ბავშვები გამომყავს დაფასთან. მათ ახსოვთ, რომ ადამიანს 23 წყვილი ანუ 46 ქრომოსომა აქვს. ახლა ქრომოსომები წინდებია და თითოეული მოსწავლე თითო წყვილ ქრომოსომას წარმოადგენს. ერთმანეთს რიგის მიხედვით ითვლიან. ვჩერდები 21-ე მოსწავლესთან. მერე ის მოსწავლე გამომყავს, რომელსაც ერთი წინდა აქვს მოტანილი და ხელს მაღლა ვაწევინებ.
– ახლა რამდენ ქრომოსომას განასახიერებთ? – ვეკითხები.
– ორმოცდაშვიდს, – მპასუხობენ.
– მერამდენე ქრომოსომაა სამი ნაწილით წარმოდგენილი? – ისევ ვეკითხები.
– ოცდამეერთე, – მპასუხობენ.
– ასეთ შემთხვევა ადამიანებშიც ხდება და ამას 21-ე ქრომოსომის ტრისომია ეწოდება. – ვეუბნები. – 47 ქრომოსომა აქვთ დაუნის სინდრომის მქონე უნარშეზღუდულ ბავშვებს.
მეკითხებიან, ეს ერთი ზედმეტი ქრომოსომა როგორ აშავებს ამდენ რამეს, როგორ იყრის თავს ერთად 47 ქრომოსომა, რატომ დასცინიან დაუნის სინდრომიან ბავშვებს, ან რატომ ეშინიათ მათი, რატომ იჩაგრებიან ასეთი ბავშვები.
მახსენდება ერთი დაუნის სინდრომიანი გოგონა, კეთილი და მხიარული, რომელიც ყველას ეცნობოდა ქუჩაში და რომელმაც დეპრესიისგან თავისი მეზობელი იხსნა. მოსწავლეებს ვუყვები მასზე. ვუყვები იმაზე, რომ ეს გოგონა სპეციალურ სკოლაში დადიოდა, სადაც მას მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება ასწავლეს. ვეკითხები, რა აზრის იქნებოდნენ იმაზე, რომ ასეთ ბავშვს ჩვენს კლასშიც ესწავლა.
მპასუხობენ, რომ ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. ზოგ გაკვეთილზე ერთად უნდა იყვნენ, ზოგი კი ასეთ ბავშვს განცალკევებულად უნდა ჩაუტარდეს, რომ ისინი არ დასცინებენ უნარშეზღუდულ ადამიანებს, რომ კარგი ადამიანი სუსტს არ ჩაგრავს და ისინი არავის არასდროს არ დაჩაგრავენ, სუსტს გვერდში ამოუდგებიან.
იმ დღეს მოსწავლეები სურათის გადასაღებად რომ გაყავდათ დიდ მწვანე მოედანზე, მე ვიცოდი, რომ ჩემი პაწია მოსწავლეები სკოლის მოსართავად კი არ სველდებოდნენ წვიმიან ამინდში, ისინი ფერადი წინდებით თანაგრძნობას უცხადებდნენ გზააბნეულ ორმოცდამეშვიდე ქრომოსომას.