პირველკლასელების მასწავლებლობა განსაკუთრებული მდგომარეობაა – ბავშვობის დღეებთან ერთად ყოველთვის გაახსენდები. თითოეულს წიგნთან, ანბანთან, რვეულთან, კლასელებთან სიფრთხილით უნდა გააბმევინო უხილავი კავშირი. მერე როგორები არიან – პირველი კბილები პანტაპუნტით სცვივათ და პენალში ინახავენ, ერთმანეთის მორყეულ კბილებს ეჯაჯგურებიან, მონატრებისგან ტირიან და პირველ ასოებს ხელის ცახცახით, გაუბედავად წერენ. „მე ეს არ გამომივა“ – ხშირად ამბობენ და თვითრწმენის გასაღვივებლად ათასი რამის გაკეთება გიწევს.
პირველკლასელებთან ოთხი თვის განმავლობაში დაგროვებულ პრაქტიკულ საქმიანობაზე უნდა გიამბოთ და გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობისგან აკინძული, კონკრეტულ მიზანს მორგებული ქმედება, კერძოდ, ხმამაღალი კითხვა, მოსმენილის დახატვა, ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების იმპროვიზირებული წარმოდგენა.
ხმამაღალი კითხვა
წინასაანბანე თუ საანბანო პერიოდში ხმამაღალი კითხვა ერთ-ერთი შეუცვლელი და უმთავრესი რამ არის. პირველ რიგში, უვითარდებათ მოსმენის უნარი, უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, ამასთანავე, სქელტანიანი საბავშვო წიგნი მათთან ერთად იწყებს ცხოვრებას და ისინიც ეცნობიან წიგნის სტრუქტურას: ყდას, თავფურცელს, გვერდებს, სათაურებს, პერსონაჟებს, ავტორს, ილუსტრატორს, სარჩევს. კითხვისას მათი წარმოსახვა მდიდრდება, ისინი აცოცხლებენ თავიანთ სურათ-ხატებს, გაკვირდებიან, როგორ კითხულობ, მათში ილექება კითხვის ტექნიკის უნარები (კითხვა პაუზებით, ინტონაციით), შემდეგ, როცა გაბმულ კითხვას შეძლებენ, ისევე წაიკითხავენ, როგორც შენ უკითხავ. კითხვისას დროდადრო ვჩერდებით და პატარა კომენტარებს ვუტოვებ, რომელიმე ლამაზი სიტყვის, ფრაზის თუ მოვლენის შესახებ.
ჩვენი არჩევანი იყო ანე-კატერინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. წიგნი გამიზნულად შევარჩიე რამდენიმე ფაქტორის გამო: მხატვრული ტექსტის გასაგები ენა, აქცენტი სწორ ღირებულებებზე და საინტერესო ილუსტრაციები, ვფიქრობ, ნინო ჩაკვეტაძის შავ-თეთრი ნახატები წიგნს უზარმაზარ ხიბლს სძენს.
წიგნის სიუჟეტი ასეთია – ოჯახში რვა ბავშვია, სახლში კი სულ ორი ოთახია და მაინც მხიარულად ცხოვრობენ. მრავალსულიან ოჯახს ემატება ტაქსას ჯიშის ძაღლი – სამოვრის მილი, მეზობლები ჰენრიკი და ჰილდა და ექსცენტრული დიდედა მოხუცთა თავშესაფრიდან. მე და ჩემმა მოსწავლეებმა მხიარულ და კეთილ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრეთ ჩვენი ნაცნობობის პირველ პერიოდში და ამგვარად დაუვიწყარი გავხადეთ ერთად გატარებული დრო – გვიხაროდა, გვსიამოვნებდა, გვაინტერესებდა, გვეცინებოდა და ნაჩუქარი ასი კრონით აუქციონზე კედლის საათის ყიდვისას მთელი ოჯახი ერთად რომ დაიყვირებს ას კრონას, ყველაზე ემოციურ ეპიზოდად დაგვრჩა, ბოლო თავი კი რამდენიმე დღე ვწელეთ და ვწელეთ, არ გვინდოდა წიგნის დასრულება.
დარდი მალე გადაგვეყარა გულიდან, მეორე ნაწილის კითხვას შევუდექით.
მოსმენილის გააზრება ხატვით
პირველივე თავის წაკითხვისას მომაფიქრდა, დაეხატათ ის, რაც დაამახსოვრდებოდათ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რა საინტერესო თავგადასავალი გველოდა წინ. თავდაპირველად წინააღმდეგობას გადავაწყდი: მეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, რა უნდა დაეხატათ, რომ ვერ დახატავდნენ, რომ ფეხის ან ხელის დახატვა არ გამოსდიოდათ და ა.შ., მე კი გამუდმებით ვუმეორებდი, რომ არ ეფიქრათ იმაზე, თუ როგორ დაეხატათ, რომ ერთმანეთისთვის არ მიებაძათ და დაეხატათ ის, რამაც მოსმენისას გული აუჩქარათ, აუფართხალათ, რაც მოეწონათ, რაც განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ და ისე, როგორც შეძლებდნენ.
დავდიოდი და თითოეულს ვეკითხებოდი, რა დახატა, შემდეგ კი ნახატს ვაწერდი ზუსტად იმ ფრაზას, რასაც მკარნახობდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ნახატები გამოფენისთვის შეგვეგროვებინა და გარკვეული დროის მერე მშობლებისთვის გვეჩვენებინა. ასე გაჩნდა კიდევ ერთი შტრიხი მოტივაციის ასამაღლებლად.
ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ იმას, რომ კლასის თითქმის ყველა მოსწავლე ხალისით ჩაება პროცესში, ხატავდნენ სიხარულით, საკუთარი ნებით და მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. დამერწმუნეთ, უზარმაზარი სიამოვნებაა, როცა შენ თვალწინ იზრდებიან, იხსნებიან, დაფარულ ძალებს ამზეურებენ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, თავისუფალ არჩევანს აკეთებენ. ნელ-ნელა მათი ნახატები გაფერადდნენ, მინიმალისტური კაცუნები გაიზარდნენ, თითებს შებოჭილობა შემოეხსნათ და ასე დახატეს მთელი წიგნი, დიახ, დიახ, მთელი წიგნი!
იმპოვიზირებული წარმოდგენა
ჩვენმა წამოწყებამ კიდევ ერთ საინტერესო აღმოჩენამდე მიგვიყვანა – ხელნაკეთი თოჯინების იმპროვიზირებულ წარმოდგენამდე. პირველი სემესტრის ბოლოს საახალწლო აქტივობისთვის ისევ „დედა, მამა, რვა ბავშვს და საბარგო მანქანას“ მივმართეთ. ვფიქრობ, გააზრებული, დაგეგმილი, სიამოვნებაზე დაფუძნებული ღონისძიებები მეტად ნაყოფიერი და საჭიროა. ასეთ დროს ბავშვობაში ვბრუნდები და რომ მახსენდება, როგორი შიშითა და გულის კანკალით ველოდი ჩემი ლექსის თქმის დროს, როგორ მეშინოდა შეცდომის დაშვების, ნამდვილად არ მსურს, თუნდაც ერთმა პატარა ადამიანმა, ვის წინაშეც პასუხისმგებელი ვარ, იგივე განიცადოს.
ჩამოვწერეთ პერსონაჟები, არ დაივიწყეს ტყის სახლი, კედლის საათი და სამოვრის მილი, ხელოვნების მასწავალებელს გავაცანით ჩვენი გეგმები და ხატვის გაკვეთილზე დახატეს არჩეული წიგნის გმირი, მერე სახლში წაიღეს და მშობლებთან ერთად კიდევ უფრო გაალამაზეს, ხის სახაზავს მიამაგრეს და სკოლაში მოაფრიალეს.
ფეხმორთხმით დავსხედით და რიგრიგობით ვასაუბრეთ საყვარელი პერსონაჟი: ვინ მამა იყო, ვინ – საბარგო მანქანა, კედლის საათი, წრიპა მორტენი, დედა, დიდედა… მითითებად მხოლოდ ის სჭირდებოდათ, რომ გაეხსენებინათ თუნდაც ერთი თავგადასავალი არჩეული გმირის შესახებ და ესაუბრათ ხმამაღლა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – მონაწილეობა მიიღო კლასის ყველა მოსწავლემ, საკუთარი სურვილით, ზოგი ხმადაბლა საუბრობდა, ზოგი – იმაზე ხმამაღლა, ვიდრე სხვა დროს, ზოგი მხოლოდ ერთ პერსონაჟს ირჩევდა, ზოგი – რამოდენიმეს, ზოგი ვრცელ ტექსტს ამბობდა, ზოგი – მხოლოდ რამდენიმე წინადადებას, თუმცა, რაც ამ ამბავში ყველაზე მთავარია, საკუთარი წარმოსახვით, წაკითხულის გააზრებით, სიამოვნებით და სიხარულით იყვნენ ჩაბმულები პროცესში. 6-7 წლის ადამიანები ისხდნენ ძირს, ხელში ეკავათ მეგობრის ან თავისი დახატულ-შექმნილი პერსონაჟი და მაყურებლის წინაშე ამბობდნენ ისეთ რამეს, მეც რომ პირველად ვიგებდი, ეცინებოდათ და ხითხითებდნენ საკუთარ ნათქვამზე, მორცხვად იწურავდნენ მხრებს, შიგადაშიგ ყოყმანობდნენ, ეძებდნენ საჭირო სიტყვებს, მაგრამ მაინც თავს აბამდნენ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საგულისხმოა – ბავშვებს თვალები უბრჭყვიალებდათ. ჯაზური ელემენტებით გაჯერებული სიმღერაც გამოვიგონეთ და ერთად ვმღეროდით. პირადი მაგალითის სიყვარულით მეც მათთან ერთად მივიღე მონაწილეობა, შევთანხმდით, რომ მადსისა და მარტინის მასწავლებელი ვიქნებოდი. წინა დღით მასწავლებლის პერსონაჟი ჩემმა გოგომ დამიხატა, ყავისფერი თმები კოჭებამდე მცემს და ჭრელი კაბა მაცვია, სათითაოდ მიდიოდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემზე კარგად ბავშვები თამაშობდნენ, მეტი სილაღითა და თავისუფლებით.
გამოფენა
გამოფენაც ღონისძიების დღეს დავამთხვიეთ. საკლასო ოთახის კედლები ნახატებით ავაჭრელეთ და წიგნის ცამეტივე თავის წაკითხვა სტუმრებს ამ გზით შევთავაზეთ.
ბავშვებს ხელჩაკიდებულები დაყავდათ მშობლები და სხვების ნახატებში თავისას ეძებდნენ. კედლებიდან, ფანჯრებიდან კი ერთად წაკითხულ წიგნს, განცდილსა და მოსმენილს ნახატები და მათზე დატოვებული ფრაზები ახმიანებდნენ:
„ძველ სახლს ემშვიდობებიან, ჰილდას, ჰენრიკს, მოხუცებს.“
„დიდედამ რომ დაკვალა მთელი ეზო.“
„დედა და მამა სიურპრიზს აკეთებენ ბავშვებისთვის.“
„დიდედას ხელის მაგივრად მივუხატე ფეხი, მერე პეპლად გადავაკეთე.“
„თოვლი რომ მოვიდა და სახლი რომ გაბრჭყვიალდა.“
„ხეს რომ ემშვიდობება.“
„წრიპა მორტენმა მამას რომ შეასხა ცერცვის წვნიანი.“
„მთები, მზე, მამა და საბარგო მანქანა.’
„მამა ელაპარაკება საბარგო მანქანას.“
„სირბილის დროს ყველა რომ მოვა. დიდად არ ვიცოდი, რა დამეხატა და ეს გადავწყვიტე.“
„მამა რომ ატარებს, მოყავს ბავშვები და ბებიას ყავა რომ დაესიზმრება.“
შედეგი
ჩემ მიერ აღწერილი აქტივობა სწავლებისას მრავალი კუთხით არის მნიშვნელოვანი და ღირებული:
- წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის;
- თვითგამოხატვისთვის;
- ეჩვევიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას;
- თავისუფალი არჩევანისას თავდაჯერებულობას იძენენ;
- უღვივდებათ თვითრწმენა;
- აღიარებულად გრძნობენ თავს;
- სწავლობენ დეტალებზე ორიენტირებას;
- ხდებიან აქტიური მსმენელები;
- უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი;
- უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები;
„მე შენი მჯერა“, „შენ გამოგივა“, „როგორ მაინტერესებს, რას დახატავ“, „ერთი სული მაქვს, რას მეტყვით თქვენი ნახატების შესახებ“ – ეს ფრაზები სასწაულებს ახდენენ და გულწრფელი აღფრთოვანება ბავშვებისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.
ისე მოხდა, რომ წარმოდგენისა და გამოფენის მოსამზადებელ პერიოდს რაჭიდან მეცხრეკლასელი თამარის ჩემთან სტუმრობა დაემთხვა. სკოლაში დავატარებდი და მეხმარებოდა – ნახატებს ერთად ვაკრავდით, თამარი წარწერებს კითხულობდა და ხითხითებდა, მერე გამიმხილა, წიგნის წაკითხვა მომანდომეს ბავშვების ნახატებმაო. მეორე დღისთვის კი მაისურზე დედა, მამა, რვა ბავშვი, სამოვრის მილი და ტყის სახლი დამიხატა. შეიძლება ითქვას, მე და თამარმა ერთად ვისწავლეთ ხატვა, ახლა კი ჩემზე კარგად ხატავს და ძალიან კარგი მკითხველია.
წარმოიდგინეთ, მე და ჩემს მოსწავლეებს ახლა რამდენი რამ გვაერთიანებს – ხმამაღლა წაკითხული წიგნი, ერთად განცდილი ემოციები, ათასი სიხარული, ახალი სიტყვები, ერთი ამბავი, მაგრამ მრავალგვარად, ინდივიდუალურად გააზრებული, წარმოჩენილი და აღიარებული. ერთი წიგნითა და ხმამაღალი კითხვით ჩვენი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადეთ.