კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

რეჯიო ემილიას საგანმანათლებლო ფილოსოფია

როგორ დადის თევზი წყალში? რატომ არის ფერადი? თვალებიც რომ მოაძრო და პირიც, ჩავარდება და ზვიგენი შეჭამს? რაში სჭირდებათ ქვები, ბალახები და ჯოხები? წყალში სცივათ? სხვა თევზები როგორ ჩნდებიან? თევზებს რამისა ეშინიათ? წყლიდან რომ ამოიყვანო, დაიხოცებიან?

 


ეს კითხვები მას შემდეგ დაისვა, რაც თბილისის მე-6 საბავშვო ბაგა-ბაღში პატარებმა თევზები დახატეს. ზოგი თევზი ისეთი უფორმო იყო, ძნელად თუ მიხვდებოდით, ფურცელზე რა ეხატა, ამიტომ მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, ამ კუთხით ბავშვების ცოდნა აემაღლებინათ და პატარები ექსკურსიაზე წაიყვანეს ზოოპარკის ეგზოტარიუმში, დაათვალიერებინეს წიგნები, აჩვენეს ვიდეოები, მერე კი მათ კითხვებს მოუყარეს თავი და კვლევას შეუდგნენ. ზოგ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯგუფში მიიწვიეს ექსპერტები, ბიოლოგი და მეთევზე. მათ ბავშვებს აუხსნეს, რითი იკვებებიან თევზები, როგორ ცხოვრობენ და მრავლდებიან, როგორ იჭერენ მეთევზეები თევზს.


თანდათან ბავშვებმა მიღებული ცოდნის ნამუშევრებში გამოხატვა დაიწყეს – მათ უკვე იციან, რომ თევზს აქვს ფარფლები, კუდი, ლაყუჩები, ე.წ ხაზი, რომლითაც საშიშროების მოახლოებას გრძნობს, ხერხემალი და ფხები.


მერე ამ ნამუშევრების გამოფენა გამართეს. სტუმრად მიიწვიეს მეზობელი ჯგუფის ბავშვები და კითხვა-პასუხით, ლექსებითა და სიმღერით შეაჯამეს მიღებული ცოდნა.



თბილისის მე-6 ბაგა-ბაღში სწავლების ახალი მეთოდოლოგიის პილოტირება დაიწყო. ის იტალიის საბავშვო ბაღებშია აპრობირებული და რეჯიო ემილიას მეთოდის სახელითაა ცნობილი. სწავლების ეს მეთოდოლოგია ბავშვის შემეცნებითი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზეა ორიენტირებული. რეჯიო ემილიას მეთოდოლოგია ითვალისწინებს პროექტის მეთოდით სწავლებასაც, რომელიც რამდენიმე წელია დაინერგა ბაღში. პროექტი გულისხმობს ბავშვების მიერ რაიმე საკითხის სიღრმისეულ კვლევას, საკვლევი ობიექტის შესწავლას და ექსპერტებთან ურთიერთობას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო „თევზი”.


რეჯიო ემილიას მეთოდი საგანმანათლებლო ფილოსოფიაა, რომელიც სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზეა ორიენტირებული. მისი ფუძემდებელია ლორის მალაგუცი, რომელიც თავადაც მასწავლებელი იყო. მეთოდი იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მას საფუძვლად დაედო ჰუმანისტური ღირებულებები. საზოგადოებას სურდა, ადრეულ განათლებაში ჩაედო განსაზღვრული პრინციპების პატივისცემა, აღეზარდა ადამიანები, რომლებიც პატივს სცემდნენ ერთმანეთს და აღარასოდეს დაიწყებდნენ ომს.


თბილისის მე-6 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი თამარ ბაქრაძე გვიხსნის, რომ პროგრამა აგებულია პროექტებით სწავლების მეთოდზე, რაც გულისხმობს ბავშვებისთვის საინტერესო თემების სიღრმისეულ კვლევას. პროცესში ინტეგრირებულია ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფერო. კურიკულუმი მოქნილია და გამუდმებით იცვლება, რათა პროგრამაში ჩართული ბავშვების საჭიროებებსა და ინტერესებს მოერგოს. რეჯიო ემილიას მეთოდოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურად მოწყობილ გარემოს, რომელიც თვითონვეა „მასწავლებელი”. აქცენტი დაისმის ბავშვის შემოქმედებითი უნარებისა და ზედა დონის აზროვნების განვითარებაზე. სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული მშობლებიც.


რეჯიო ემილიას მეთოდი სამოცდაათიანი წლებიდან გახდა პოპულარული. დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში იმართება ბავშვთა ნამუშევრების გამოფენები. 1994 წელს ფუნქციობა დაიწყო რეჯიოს საერთაშორისო ცენტრმა, რომლის მიზანია, მასწავლებლები ამ მეთოდის საფუძველზე გადაამზადოს. გამოცდილების გასაზიარებლად იტალიაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან მასწავლებლები.


რეჯიო ემილიას მეთოდოლოგია აგებულია წინასწარ დაუგეგმავ კურიკულუმზე (Emargent curriculum), რომელიც თანდათან ყალიბდება სააღმზრდელო პროცესში. სასწავლო თემები და პროექტები ბავშვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარეობს.


მათთვის საინტერესო პროექტზე მუშაობისას ბავშვები რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში ეწევიან სიღრმისეულ კვლევას, მერე კი შეიძლება ააგონ რაკეტა, დააპროექტონ სათამაშო მოედანი, შექმნან ხელნაკეთი წიგნი. მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ თავად ბავშვები არიან აქტივობათა დაგეგმვისა და განხორციელების უშუალო მონაწილეები.


რეჯიოს ბაღში ბავშვებს ხელს უწყობენ, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრები და გრძნობები არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებითაც.


ყოველი თემა თუ პროექტი მოიცავს მეტყველების, შემეცნებითი, შემოქმედებითი და ფიზიკური უნარების განსავითარებელ აქტივობებს – ხატვას, ძერწვას, კონსტრუირებას, სიმღერას, ცეკვას, დრამას, თოჯინებისა და ჩრდილების თეატრს, როლურ, მოძრავ და სამაგიდო თამაშებს, ექსპერიმენტებს და სხვა. მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვებს შორის მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.


ყოველდღიური პროცესი სახალისოა და არ გულისხმობს რაიმე სახის ინფორმაციის ფორმალურ გადაცემას. თამაშის, კვლევის, კეთების მომენტში ბავშვები თავს კომფორტულად გრძნობენ და ივითარებენ შემოქმედებით თუ კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარს. ამრიგად, ეს მეთოდი ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას უზრუნველყოფს.


ბავშვებს თავისუფალი აღქმის განსავითარებლად შესაბამისი სივრცე სჭირდებათ, ამიტომ ბაღში მათ უნდა ჰქონდეთ მასალების ხელით მოსინჯვის, მათით მანიპულირების საშუალება. ჯგუფში არსებული სათამაშოები ტრანსფორმირებადია, რაც ეხმარება პატარებს, შემოქმედებითად გამოიყენონ ისინი და შექმნან მათთვის საინტერესო ნივთი. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია მასალა – რა შეგრძნებებს ბადებს შეხებისას, როგორი სუნი აქვს, აქვს თუ არა რაიმე უნიკალური თვისება, არის თუ არა ბუნებაში მოპოვებული, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მისი რამეში გამოყენება, იძლევა თუ არა ის სწავლებისა და აღმოჩენის საშუალებას.


რეჯიო ემილიას ბაღის ჯგუფების სივრცე ბავშვებისთვის იოლი აღსაქმელია. იქ მათი ნამუშევრები კედლებზე მათივე თვალების სიმაღლეზეა გამოფენილი.


მასალები და აღჭურვილობა ყველასათვის ხელმისაწვდომია.


ოთახში შექმნილია სახლის მსგავსი მყუდრო ატმოსფერო დეკორატიული ნივთებით, ოთახის მცენარეებით, აკვარიუმით, მაგიდის გადასაფარებლებითა და ლამაზი ბალიშებით.


არის პატარა, წყნარი კუთხეებიც, სადაც შეიძლება ითამაშოს ერთმა ან ორმა ბავშვმა.


როგორც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რეჯიო ემილიას ბაღშიც უდიდესი როლი ენიჭება მასწავლებელს. მისი უმთავრესი მიზანია, შექმნას ისეთი გარემო, რომ ბავშვმა თავი ლაღად და მხიარულად იგრძნოს, სიხარულით მიდიოდეს ბაღში და სიამოვნებით ატარებდეს დღეს. მასწავლებელი ხელს უწყობს ბავშვებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას, ისე, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს უარყოფილი და გარიყული; ასწავლის ბავშვებს კონკრეტულ სტრატეგიებს მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ცდილობს, დააინტერესოს ბავშვი სხვადასხვა მოვლენით, რათა მან თავად მოინდომოს გაჩენილ კითხვებზე პასუხების პოვნა. კითხვების გასაჩენად კი მასწავლებელს უწევს ბავშვის დაინტერესების სხვადასხვა ხერხის გამოყენება – ისეთებისა, როგორებიცაა ამბის მოყოლა, არტეფაქტის ჩვენება, ექსკურსია. მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები ხელს უწყობს ბავშვების აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას.


რეჯიოს პედაგოგიკის მიზანია, მზა გადაწყვეტილებები კი არ შესთავაზოს ბავშვებს, არამედ მხარი დაუჭიროს, განავითარონ საკუთარი თეორიები საკუთარ კითხვებზე პასუხის გაცემისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“