სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში

ყველა იმ სიახლეს შორის, რომელსაც განათლების სისტემაში ვხვდებით, დაწყებით კლასებთან დაკავშირებული ინოვაციები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცევა ხოლმე. ეს ბუნებრივია, ვინაიდან დაწყებითი სასკოლო პერიოდი თითქმის ყოველთვის განსაზღვრავს ბავშვის მომავალი სასკოლო ცხოვრების ხასიათს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაწყებით კლასებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების ყველა მცდელობა მოგვიანებით, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება, ყველაზე დიდი სიფრთხილით სწორედ ამ პერიოდთან დაკავშირებულ სიახლეებს უნდა მოვეკიდოთ. 
ბოლო ათწლეულში განათლების სისტემაში განხორციელებულ ინოვაციებს შორის განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში. ტრადიციულად, დაწყებით კლასებში, თითქმის ყველა საგანს ყოველთვის ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი პირველი მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ჩვენთვის მეგზურისა და დედის ფუნქციასაც კი ასრულებდა; რომელიც ისეთი ძლიერი და უცილობელი ავტორიტეტი იყო ჩვენთვის და ჩვენი თანატოლებისთვის, რომ მის აზრს და შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე არასოდეს ვაქცევდით განსჯის საგნად. მის გარეშე სკოლაში ყოფნა წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენებოდა, ვინაიდან ის მუდმივად ჩვენ გვერდით ტრიალებდა. დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების დროს თითოეულ საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის და, ხშირ შემთხვევაში, ბავშვს, რომელსაც სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაციის პროცესი ჯერ არც კი დაუსრულებია, დღის განმავლობაში რამდენიმე, არცთუ იშვიათად სრულიად განსხვავებული მასწავლებლების გაკვეთილებზე უწევს ყოფნა და მათი დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში დღესაც კი არანაირი საკანონმდებლო აქტებითა და ნორმატიული დოკუმენტებით არ არის განმტკიცებული. მიუხედავად ამისა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები აქტიურად ნერგავენ მას და, მათი განცხადებით, ამით დიდ წარმატებასაც აღწევენ. შემთხვევითი არ არის, რომ საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში სერიოზული განსჯის საგნად არის ქცეული და მას ჰყავს, როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც, რომელთაც სწავლების ასეთი ფორმის დამკვიდრება სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე გაუმართლებლად მიაჩნიათ.

ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება ის, თუ რას ეფუძნებიან და რა არგუმენტებით ამყარებენ დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეები თავის პოზიციებს.

ტრადიციულად დაწყებითი კლასების მოსწავლეების მე-5 კლასში გადასვლას ყოველთვის მოყვებოდა ხოლმე მათი აკადემიური მოსწრების სერიოზული დაქვეითება და მანამდე არარსებული ქცევითი პრობლემების აღმოცენება, რასაც მე-5 კლასებში შემსვლელი მასწავლებლები, როგორც წესი, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს აბრალებდნენ და საყვედურობდნენ მათ ზედმეტი ლოიალურობის, დამთმობლობისა და სუბიექტურობის გამო. თავის მხრივ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მათ კლასებში ახლად შესული მასწავლებლების მიმართ იმის გამო, რომ ისინი ვერ უგებდნენ მოსწავლეებს, არ ითვალისწინებდნენ მათ თავისებურებებს და არაობიექტურობას ამჟღავნებდნენ პატარების მიმართ, რომელთათვისაც აქამდე უცხო იყო ამდენ განსხვავებულ მასწავლებელთან ურთიერთობა. დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეები თვლიან, რომ თუ მოსწავლე პირველივე კლასიდან მიეჩვევა სხვადასხვა მასწავლებელთან ურთიერთობას, მოგვიანებით მას აღარ გაუჭირდება მის სასკოლო ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების უმტკივნეულოდ გადატანა.

მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელსაც საგნობრივი სწავლების მომხრეები წინა პლანზე წევენ, არის ის, რომ, მათი აზრით, შეუძლებელია ერთი მასწავლებელი, პირველ კლასშიც კი ყველა საგანს ერთნაირად მაღალ პროფესიულ დონეზე ფლობდეს და ერთნაირი წარმატებით ატარებდეს გაკვეთილებს რამდენიმე საგანში. ამდენად, თუ ჩვენ მათ ერთი კონკრეტული საგნის არჩევის და ამ საგანში ჩაღრმავების საშუალებას მივცემთ, შედეგები გაცილებით უკეთესი გვექნება.

გარდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეების აზრით, როდესაც ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ გაიხსნა, ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები ერთ საგანში, მას შეიძლება მიეკეროს „სუსტი” მოსწავლის იარლიყი, რომელიც მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში მიჰყვება. როდესაც ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, ასეთ ბავშვს ხშირად უჭირს და არც შეულია თავის წარუმატებლობას ერთ საგანში კომპენსირება გაუკეთოს წარმატებით და მიღწევებით სხვა რომელიმე საგანში. ეს კი მას არასასურველ მდგომარეობაში აყენებს, თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში უშლის ხელს და სკოლისა და სწავლისადმი უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს.

დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეთა წარმოდგენილი არგუმენტები არცთუ უსაფუძვლოა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწავლების ასეთ ფორმას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა, უფრო მესამე, მეოთხე კლასებში. რაც შეეხება პირველ-მეორე კლასებს, განსაკუთრებით კი პირველ კლასს, საგნობრივმა სწავლებამ შეიძლება ძალიან გაართულოს მდგომარეობა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველკლასელი ჯერ კიდევ არ არის მოსწავლე, ის მხოლოდ იწყებს მოსწავლედ ჩამოყალიბებას. მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება მოხდა, მას სრულიად ახალი როლის შესრულება უწევს, ახალ სამყაროსთან შეგუება, ახალი წესებით ცხოვრება და ყოველივე ამაში მას სერიოზული დახმარება სჭირდება. თუმცა, როცა ამ დახმარებას ერთდროულად 7-8 მასწავლებელი ცდილობს, რომელთაც ურთიერთობის სრულიად განსხვავებული სტილი შეიძლება ჰქონდეთ, მისთვის მდგომარეობა საკმაოდ რთულდება. უნდა გავითვალისწინოთ იცის, რომ პირველკლასელის აღქმები ჯერ კიდევ დიფუზურია და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას. ამდენად, არ არის გამართლებული სასწავლო დისციპლინების ერთმანეთისაგან ასე მკვეთრად გამიჯვნა. სასურველია, რომ პირველკლასელისთვის გადასაცემი ცოდნა უფრო მთლიანობით ხასიათს ატარებდეს. კარგად ორგანიზებულ სასწავლო გარემოში პირველკლასელებთან საგაკვეთილო პროცესში არც კი უნდა ჩანდეს, სად მთავრდება მათემატიკის გაკვეთილი და იწყება ქართულის ან ბუნების გაკვეთილი. ამ პერიოდში ჩვენ არა ცალკეული საგნების სწავლებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ სკოლასთან ადაპტაციის ხელშეწყობაზე, სასწავლო უნარების გამომუშავებაზე, სწავლის სწავლებაზე, იმისათვის, რომ ის სირთულეები, რომელიც მას მომავალში შეხვდება, ადვილად დაძლიოს. აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად პირველკლასელის გვერდით მუდმივად უნდა ტრიალებდეს მისი პირველი მასწავლებელი, რომელიც საჭირო დროს დახმარებას აღმოუჩენს. საგნობრივი სწავლების შემთხვევაში კი პედაგოგს მუდმივად სხვადასხვა კლასში უწევს გაკვეთილების ჩატარება, რის გამოც სადამრიგებლო კლასის პატარები, გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება მისი ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ და საჭირო დახმარება დროულად ვერ მიიღონ, რაც ერთგვარად გაართულებს მდგომარეობას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი სიახლის დანერგვას შეიძლება სერიოზული სირთულეები მოყვეს, რაც წინასწარ უნდა იყოს გათვლილი და სათანადოდ შეფასებული.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“