ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

„ყრმა იშვა ჩვენ თანა“, ანუ გერტ რობერტ გრიუნერტის პოეზია და ჰანა არენდტის ფილოსოფია

ტექსტი არასდროს აღიქმება განყენებულად, მას ყოველთვის აქვს გარკვეული კონტექსტი. ალბათ ყველას შეგინიშნავთ ის უცნაური თანხვედრა აზრისა და მოვლენებისა, რომელიც კოსმოსს ქმნის ხოლმე ჩვენ გარშემო, როდესაც რაღაც იდეაზე ვფიქრობთ… სამუშაო მაგიდაზე 10 სხვადასხვა წიგნი სრულიად შემთხვევით რომ გადავშალო, თითქოს  ყველგან ერთი აზრია გაშლილი სხვადასხვა ასპექტით. და არა მხოლოდ ტექსტებს შორის კავშირია ასე თვალსაჩინო… აღქმაში მონაწილეობს ჩვენი შინაგანი განწყობა და გარეგანი ამინდიც კი… ის ხმაური თუ სიჩუმე, რომელიც ახლა ქუჩაშია და რომელიც ჩემი კლავიატურის ხმას ერთვის; ის მესიჯი, რომელიც მეგობრისგან მივიღე ამ ტექსტის წერის პროცესში… ყველაფერი ერთად ქმნის განსაკუთრებულ სივრცეს ტექსტის აღქმისთვის, გაგებისა და შემეცნებისთვის.  და ასეთი აღქმა ყოველთვის უნიკალურია. ტექსტი არასდროს არ არის მკითხველისა და კონტექსტისგან განყენებული, ტექსტი – ეს არის ცნობიერების დიალოგი და ამ დიალოგში ყველაფერი მონაწილეობს და ყველაფერი ნიშანია…

ეს დღეები გერტ გრიუნერტის შემოქმედებას რომ ვეცნობი და ვუღრმავდები, ექოსავით სხვადასხვა ტექსტებიდან მსგავსი ხმები მესმის.  დილიდან  არაერთხელ წავიკითხე ნინო პოპიაშვილის მიერ თარგმნილი გერტის „იდოლოპოლია“. ეს არის ლექსი თანამედროვე სამყაროს ტრაგიკულობაზე, უსამართლოდ მკვდარ ადამიანებზე… გერტი ამ დახოცილების მედიუმი ხდება და მიცვალებულებს ალაპარაკებს… სულისშემძვრელია ომის მსხვერპლი უბრალო ადამიანების  ღაღადი:

ორი წელია დამტეხეს და დამანაკუწეს

კასრივით ბომბმა დამიმსხვრია მღელვარე ღამე

გათენებას ვეღარ მოვესწარ

და სიკვდილსაც ვერ გადავურჩი

ჩემი სისხლი მზის სხივმა შესვა

აქ საბერძნეთში სხვა აკვანში

სადაც კულტურამ სასწორის პინა

ჰუმანიზმსა და სიცრუეს შორის გაათანაბრა…

(მკითხველებს ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ გერტის ლექსებში სასვენი ნიშნები სტილისტურად არის უარყოფილი).

ლექსი კონკრეტული ფაქტების სიმძაფრიდან ერთგვარ მითოსში გადადის… ბერძნული სოფელი იდომენი… ლტოლვილთა ბანაკები… გაქცეული ადამიანები, დაღუპული ადამიანები…

ტროასეულ ცხენს ტროასა და სპარტას შორის მიაჭენებენ…

ისევე როგორც ჩრდილოელ ღმერთებს მიერეკება ზევსი სულსწრაფად

ჩვენს სულთანს მსხვერპლი გადავუხადეთ…

მსაჯულიცა და დამნაშავეც ერთად არიან… ნუ დაგვაშორებთ…

თანამედროვე სამყაროს ჰუმანიზმსა და სიცრუეს შორის ტოლობას წერს…

ახლა სრულიად შემთხვევით სამუშაო მაგიდაზე რომელიღაც წიგნს მივწვდი და გადავშალე… ვკითხულობ და ბარემ აქვე ჰანა არენდტის ამ აზრს გაგიზიარებთ, რომელიც, ვფიქრობ გერტ გრიუნერტის ფაქტის აღწერას ფილოსოფიურად განაზოგადებს „…შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ბოროტება მოგვევლინა იმ სისტემასთან კავშირში, რომელშიც ყველა ადამიანი თანაბრად ზედმეტი გახდა. ამ სისტემის მანიპულატორებს ისევე სჯერათ საკუთარი „ზედმეტობისა“, როგორც ყველა სხვას, ხოლო ტოტალიტარული მკვლელები კიდევ უფრო საშიშნი ხდებიან, რადგანაც არად დაგიდევენ, თვითონ ისინი ცოცხალნი იქნებიან თუ მკვდარნი… ოდესმე უცხოვრიათ ან დაბადებულან თუ არა. გვამების ქარხნებისა და დავიწყების ხვრელების საშიშროება ისაა, რომ დღეს მოსახლეობისა და უსახლკარობის ზრდის პირობებში, ხალხთა მასები სულ უფრო ზედმეტი ხდება, თუკი ჩვენი სამყაროს უტილიტარიზმის ჩარჩოებში გააზრებას გავაგრძელებთ. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ხდომილებები ყველგან იდუმალ შეთქმულებაშია იმ ტოტალიტარულ ინსტრუმენტებთან, რომლებიც ადამიანის ზედმეტად ქცევისთვისაა შექმნილი“ (იულია კრისტევა – „ჰანა არენდტი, სიცოცხლე ნარატივია“, გვ.4).

გერტ რობერტის შემოქმედების მთავარი იდეა პოეზიაშიც და დრამატურგიაშიც არის სწორედ დიალოგურობის პრინციპი, როდესაც მკითხველი, მსმენელი, მაყურებელი ურთიერთქმედებაში შედის ტექსტთან და ამით ტექსტი გავლენას ახდენს ცნობიერებაზე. ასე წაკითხული ყოველი ტექსტის შემდეგ ადამიანი ის აღარ არის, რაც წაკითხვამდე იყო.

ადამიანის საკუთარ თავთან გაუცხოებას ეძღვნება ჩემი ახლახან დაწერილი ლექსიც, რომელიც ახლა შემთხვევით გავხსენი და ლოგიკურად გააგრძელა პრობლემა:

დაყრუვდა ადამიანი ხმაურიან დედამიწაზე

მას აღარ ესმის საკუთარი გულის ხმა

და ჩემს ხმას როგორ გავა…გონებ,

როცა გონებაში სხვა ხმებია…

როცა (გო)ნებაში სხვა ხმებია…

ხმები-ა(ნ) და ჭკნებიან ადამიანები.

ის ახლაც ზის და ფიქრობს: ნეტა რა ხმებია,

ნეტა რა ხმებია…

ან რატომ ხმებია(ნ) ამ ხმებისგან….

მან აღარ იცის,

რა ი-გულის-ხმება სიცოცხ…ლეში,

ნუთუ მხოლოდ ლეში,

ნუთუ მხოლოდ ლეში

და სხვა არაფერი….

სად არის გულის ხმა,

რატომ აღარ ისმის?

 

აგრესია, ომები, ხოცვა-ჟლეტვა – ეს გარედან მოსული მოვლენა არ არის, არამედ ადამიანთა დაცარიელებული სულიდან, რომელმაც ცხოვრება უაზრო ბრძოლად აქცია, რომელიც ჩაიკეტა ვიწრო ცნობიერებაში, რომელმაც გააძლიერა ეგო და მოკლა სული, იქცა მხოლოდ მატერიად ანუ ლეშად…

და, რა თქმა უნდა, ამ ტექსტების წაკითხვის შემდეგ მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა: სად არის გამოსავალი? არის კი გამოსავალი? შეწყვეტს კი კაცობრიობა თვითგანადგურებას, უსამართლობას, მკვლელობას, ომებს…?

უცნაურია, მაგრამ სწორედ ახლა, გერტის ლექსებში პასუხს რომ ვეძებდი ამ კითხვაზე და ვიპოვე კიდეც, ეს პასუხი დაემთხვა ჰანა არენდტის მეცნიერულ თეორიას. ორივეს იდეა „შობაში“ მდგომარეობს.

გერტ რობერტ გრიუნეტრი ლირიკულ ლექსში, რომელსაც „შობა“ ჰქვია, გადარჩენის იდეას ასე გამოხატავს:

შობა

ჩანასახივით მოლურჯოა სანთლის ალები

ადამიანიც ასეა სწორედ მარტოა თუ ვინმესთან ერთად

სიყვარული გამოზრდის ნაყოფს

ყოველ ნათქვამს ყოველ დუმილს აქცევს ქმედებად

მანამდეც ვიდრე  ვიარსებებდით

იმ ალის ოქროსფერი კვირტის გარეშე.

ჰანა არენდტი კი სამყაროში ზემოაღწერილი საშიშროების საპირისპიროდ სიცოცხლის დაცვის მძლავრ კონსტრუქციას აფუძნებს „შობაზე“ და მოქმედებაზე, თითოეული ადამიანის უნიკალურობაზე მექანიკური და ავტომატური ადამიანის საპირწონედ. ამას იგი უწოდებს „სიცოცხლის სასწაულს“:

„სასწაული, რომელიც მსოფლიოს, ადამიანთა მოღვაწეობის სამყაროს იხსნის მისი ნორმალური, „ბუნებრივი“ ნგრევისაგან, არის „დაბადების ფაქტი“, რომელშიც ონტოლოგიურად არის ფესვგადგმული მოქმედების უნარი. ეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის ახალი ადამიანის დაბადება და ახალი დასაწყისი მოქმედებისა, რომლის უნარიც მას შესწევს დაბადების წყალობით… სამყაროსადმი რწმენა და იმედია ის, რამაც თავისი უბრწყინვალესი და მრავლისმეტყველი გამოხატულება ჰპოვა იმ რამდენიმე სიტყვაში, რომლებითაც „სახარებები“ გვამცნობენ „მხიარულ უწყებას“: „ყრმა იშვა ჩვენ შინა“.

გერტის ფრაზა „სიყვარული გამოზრდის ნაყოფს ყოველ ნათქვამს ყოველ დუმილს აქცევს ქმედებად“ და ჰანას – „ახალი ადამიანის დაბადება და ახალი დასაწყისი მოქმედებისა“ – ერთი და იგივე აზრია. მოქმედება ერთთან ეფუძნება სიყვარულს, მეორესთან – რწმენას, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ორივეს აერთიანებს უფრო დიდი იდეა: თანამედროვე ახალი ცნობიერების ადამიანი ეს არის ახალადშობილი და (შე)მოქმედი ადამიანი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავადასტუროთ, რომ: „ყრმა იშვა ჩვენ თანა“ და ვიმოქმედოთ იმ ძალებით, რომლის საფუძველი რწმენა და სიყვარულია…

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი