ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ისინი, ვინც თამაშის წესებს ცვლიან I ნაწილი

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ინტერვიუს იმ ცხრა ვიზიონერთან, რომლებიც თანამედროვე სამყაროში მსოფლიო განათლების რევოლუციონერებად გვევლინებინ. ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ზოგი მათგანი სწავლების ციფრულ მომავალს ქმნის, ზოგი კი _ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სკოლაში სიარულის ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება: მსოფლიოს ყველა ბავშვს მიეცეს საშუალება 21-ე საუკუნის განათლება მიიღოს.
1) ჯიმი უელსი
ვიკიპედიისა და ,,ვიკიმედიის ფონდის” თანადამაარსებელი,
ა.შ.შ.
თოთხმეტი წელი, 37 მილიონზე მეტი სტატია (და ეს _ ჯერჯერობით) მსოფლიოს 286 ენაზე  _ ვიკიპედიის ვებგვერდი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან სასწავლო რესურსად იქცა. ამ ყველაფერს საფუძველი დაუდო მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, ჯიმი უელსის ერთადერთმა, სრულიად უბრალო ოცნებამ: ,,წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, მსოფლიოს ყველა ადამიანს უფასოდ რომ მიუწვდებოდეს ხელი მთელი იმ ცოდნის მარაგზე, რომელიც კაცობრიობას დღემდე დაუგროვებია.”
,,ის თავდაპირველი ენთუზიაზმი ჯერაც არ გაგვნელებია”, _ ამბობს უელსი, რომლის პირველი ვებპროექტი ნუპედია, უფასო ენციკლოპედია, რომელიც ექსპერტების მიერ შექმნილი სტატიებით იყო დაკომპლექტებული, 2001 წელს დაემატა ინტერნეტსივრცეს: ,,ეს არ იყო უეცარი მიგნება, ეს ჩვენი დიდი ხნის სურვილი გახლდათ, _ სწორედ იმიტომ მიაღწია ამხელა წარმატებას თითქმის მყისიერად, რომ ჭეშმარიტად დიდი იდეები ადამიანების მხარდაჭერას უცებ მოიპოვებენ.”

ვიკიპედიამ სრულიად გადაასხვაფერა ონლაინ სწავლება და სექტორში წამყვან პოზიციას დღემდე არავის უთმობს, თავის ,,კურდღლის სოროებში” ბმულების მეშვეობით ყოველთვიურად მილიონობით ვიზიტორს იტყუებს, რათა მათ ახალი იდეები, ადგილები, ადამიანები და ინფორმაცია აღმოაჩენინოს. არც ერთი საშინაო დავალება აღარ ითვლება სრულყოფილად, თუ მისმა შემსრულებელმა ეს საიტი არ მოინახულა და თუმცა მასწავლებლები ვიკიპედიის პოპულარობას ორლესურ მახვილს ადარებენ, მისი როლი ზოგადსაკაცობრიო ცოდნის თავმოყრის თვალსაზრისით ეჭვს აღარ იწვევს. 

ამ საიტის არსებობა ძალიან მოტივირებული და მაღალი ერუდიციის მქონე ადამიანთა ჯგუფის დამსახურებაა: ,,ჩვენ ნამდვილად გვყავს რამდენიმე თანამშრომელი, _ ამბობს უელსი, _ მაგრამ შესავალ გვერდებს მოხალისეების მთელი არმია წერს, დაწყებული ახალგაზრდებისაგან, რომლებიც ამა თუ იმ საკითხმა ძალიან გაიტაცათ, დამთავრებული პენსიაში გასული სწავლულებით, რომლებსაც სურთ, რომ ინტელექტუალური საზოგადოების განუყოფელ ნაწილად დარჩნენ.”

თუმცა უელსს, რომელიც დოქტორანტურაში (რომელიც მას არასოდეს დაუმთავრებია) ინდიანისა და ოსბორნის უნივერსიტეტებში სწავლობდა, სჯერა, რომ არსებობს განათლების ბევრად უკეთესი გზები, ვიდრე ფაქტების ,,ძველმოდური” დასწავლაა. ,,სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ როგორ მოიძიონ ცოდნა, როგორ განვითარდნენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს დახმარებით,” _ ამბობს ის, _ ,,შესწავლილი მასალის უდიდეს ნაწილს ბავშვები უკვე აღარ იღებენ ფორმალურ გარემოში. ისინი თავისით უფრო მეტ ცოდნას იძენენ, ვიდრე _ სკოლაში. ეს მართლაც საკმაოდ კრიტიკული დაკვირვებაა. ეს დიდი ცვლილებაა.”

მას შემდეგ, რაც ,,ვიკიმედიის ფონდის” ვიკიწიგნების პროექტი მუშაობს მსოფლიოს უღარიბეს კუთხეებში მცხოვრები მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოებისა და საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე, უელსი აღიარებს, რომ ინტერნეტზე წვდომის პრობლემა ყველაზე მეტად აფერხებს განათლებას: ,,მაგრამ ეს მდგომარეობაც იცვლება, თანაც უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ადამიანთა უმრავლესობა წარმოიდგენს. მხოლოდ დროის ამბავია, რომ ინტერნეტიც ისევე საყოველთაოდ გავრცელდეს, როგორც რადიო და ტელევიზია. ეს საფუძველს მისცემს უამრავ სოციალურ ძვრას, რომლებიც საოცარ შედეგამდე მიგვიყვანს.” 

 ინტერნეტსამყაროს მთავარი ხიბლი, უელსის აზრით, ისაა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია უშუალოდ ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს კაცობრიობის წინსვლაში.

,,ჩვენ ინტერნეტის განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე ვართ, ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ადამიანების მცირე ჯგუფს მართლა დიდი და საქვეყნოდ აღიარებული საქმეების კეთება შეუძლია. და ამ საქმეების დაწყება ახლა ბევრად უფრო ადვილია, ვინაიდან ყველა ბარიერი ჩვენს დროში გაცილებით იოლი დასაძლევია.” 
2) სალმან კხანი
კხანის აკადემიის დამაარსებელი, ა.შ.შ.
სალმან კხანს დიდი გეგმები აქვს; იგი არ სჯერდება არაკომერციულ ონლაინ ,,სკოლას”, რომელსაც ,,კხანის აკადემია” ეწოდება და რომელიც თვეში ექვს მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლით იწონებს თავს, მას ასევე სურს რევოლუციურად შეცვალოს სასკოლო  განათლების მიღების წესებიც. 

_ დღესდღეობით, _ ამბობს კხანი, _ საკლასო ოთახებში გატარებული დრო ყველასათვის საერთოა, შედეგი კი _ განსხვავებული. ვფიქრობ, ეს მოდელი უნდა შეიცვალოს შესაძლებლობებზე დაფუძნებული მიდგომით, რომლის მიზანიც  ცოდნის კონკრეტული დონის მიღწევა იქნება, ხოლო საკლასო ოთახში გატარებული დრო კი ყველასთვის განსხვავებული გამოვა. 

_ საკლასო ოთახში მიმდინარე სწავლების პროცესიც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იგი აღარ იქნება ლექციის ტიპის, _ ამბობს კხანი, _ მოსწავლეები აღარ ისხდებიან პასიურად მერხებზე და ჩანაწერებს აღარ გააკეთებენ. მთელი კლასი ერთსა და იმავე გვერდზე აღარ იქნება გაჩერებული. ამ მოდელის მიხედვით მოსწავლეები თავიანთ მიზნებს თავადვე მიაღწევენ მასწავლებლისა თუ თანაკლასელების დახმარებით. დღევანდელი განათლება ეფუძნება იმას, რომ მასწავლებლები მთელ დროს ლაპარაკსა, ახსნასა და მოსწავლეების კეთილგანწყობის მოპოვებას უთმობენ.”

ამ სეისმური ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა, კხანის აზრით, იქნება ტექნოლოგიების გამოყენება იმის გასაგებად, რა იციან სტუდენტებმა და რა უნდა ისწავლონ ამის შემდეგ. ,,კხანის აკადემიის” პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც ეფუძნება ,,მაიკროსოფტისა” და ,,გუგლის” ერთობლივ სარისკო წამოწყებას ,,სათადარიგო ოთახის პროექტს” და რომელსაც ქება შეასხეს TED-ის (სატელევიზიო პროგრამა, რომელიც ახალ იდეებს მიმოიხილავს) საუბრებში და მოიწონეს მთელი მსოფლიოს განათლების ექსპერტებმა, უკვე კარგად გაკვალული ბილიკია ამ მიზნის მისაღწევად. ,,ეს არის პლატფორმა, რომელიც გისვამს რამდენიმე შეკითხვას, იგებს, რა დონეზე ხარ ამჟამად და ამაზე დაყრდნობით გთავაზობს ფრიად მომხიბვლელ სასწავლო გეგმას, რათა სწორ გზაზე დაგაყენოს. მას ასევე შეეძლება მოსწავლის მშობლებსა და მასწავლებლებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორი პროგრესი აქვს მოსწავლეს,” _ განმარტავს კხანი.

კხანის აკადემია უკვე იქცა საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელ ნაწილად, მაგრამ მის დამაარსებელს სჯერა, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა: ,,ერთი წლის წინ მონღოლი გოგონასაგან ვიდეოჩანაწერი მივიღე. დავასკვენი, რომ იგი, სულ მცირე, საშუალო ფენას ეკუთვნოდა, ვინაიდან ასე კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად და ინტერნეტზედაც ხელი მოუწვდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოხალისეთა ჯგუფმა ,,სილიკონის ველიდან” ობოლთა თავშესაფარში კომპიუტერული ლაბორატორია დააარსა. ეს გოგონა ობოლი იყო. ახლა კი იგი ჩვენი ვებსაიტის ნომერი პირველი ინფორმაციული რედაქტორია მონღოლურ ენაზე. ფილმში მოთხრობილ ისტორიას ჰგავს ის, რომ მონღოლელი ობოლი თავისი ხალხის მომავალს ქმნის.” 

თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ანი კოპალიანმა
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“