სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კლასკომპლექტის მასწავლებელი

ის აქტიურად იყენებს თამაშის ხელოვნებას, უფრო ზუსტად, თამაშით სწავლების მეთოდებს. კარგად ახსოვს, როგორი გაკვეთილები მოსწონდა ან არ მოსწონდა. ბავშვობის თამაშების საწყისი პირობა, „ვითომ, ვითომ“, საკლასო სივრცის მიზნებს მოარგო.

სარა კურეტიშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის კლასკომპლექტის მასწავლებელია. სულ რვა მოსწავლე ჰყავს – პირველკლასელები და მესამეკლასელები.

– მახსოვს, მეოთხე კლასში დავწერე, რომ ამ სკოლის რუსულისა და მათემატიკის მასწავლებლობაზე ვოცნებობდი. ნაწილობრივ ამიხდა ოცნება – აქ ვარ და მათემატიკასაც ვასწავლი. თსუ ფრანგულის სპეციალობით დავამთავრე, მაგრამ ეს ცოდნა ვერაფერში გამოვიყენე, ძველი სიყვარულივით შემრჩა. ამ ზაფხულს მოგზაურობისას გამომადგა და გამიხარდა.

მასწავლებლობა 2011 წელს ბოჭორმის სკოლაში დავიწყე. 2014–ში ჩემს მშობლიურ სკოლაში მოვედი დაწყებითი კლასის მასწავლებლად. უფროსი მასწავლებლის სტატუსიც ამ მიმართულებით მაქვს.

შარშან ამ სკოლის უფროსკლასელებს ვკითხე, თქვენი აზრით, დღევანდელი მასწავლებელი როგორი უნდა იყოსმეთქი. ერთმა მათგანმა დაუფიქრებლად მიპასუხა, როგორიც სარა მასწავლებელიაო. მაინც როგორი ხართ?

– რა ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ვიცი, რომ ბავშვებთან უბრალო, უშუალო უნდა იყო, ენდო მათ, ისე დაგეგმო გაკვეთილი, რომ არ დაღალო, თამაშით მიიყვანო მიზნამდე. მათთან ერთად გაიოცო, შეშინდე, იდარდო და იმხიარულო. ძალიან მოსწონთ დიორამებით, ვიდეოებით სწავლება. თეორიული და პრაქტიკული მასალა მონაცვლეობით უნდა გამოიყენო, რომ ბავშვმა ყურადღება არ მოადუნოს.

ვიცი, ვიდეოფილმებს, ვიდეომასალებს ქმნი და იყენებ, უფროსკლასელებთან ერთადაც იმუშავე საკონკურსო ვიდეოზე

– თუ მოინდომე, ყველაფერს ისწავლი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოების, შეფასების საკითხებისა და ბევრი სხვა რამის მიმართ  კრიტიკულად ვარ განწყობილი, სისტემა მასწავლებლის განვითარებას ნამდვილად უწყობს ხელს. ტრენინგების დახმარებით ვისწავლე ვიდეოგადღება, ვიდეომონტაჟი და კიდევ ბევრი რამ, რასაც სწავლებისას ვიყენებ. ტრენინგები ძალიან მიყვარს. არ მინდა, სიახლეებს ჩამოვრჩე, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

რას გულისხმობთ?

– მინდა, კარგად ვიცნობდე ბავშვის ფსიქოლოგიას, ასაკობრივ თავისებურებებს. კლასში ორ მოსწავლეს უთანხმოება მოუვიდა. ბუნებით ორივე ლიდერი იყო და პირველობას არც ერთი არ თმობდა. რამდენჯერმე ვცადე კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. ვიკითხე ლიტერატურა, გამოცდილებს ვკითხე. დავსხი ბავშვები, ერთად ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და გამოსავალსაც ერთად მივაგენით. კონფლიქტი მოგვარდა და ურთიერთობaც დალაგდა. იფიქრებ, პატარები არიან, რა ჭკუა მოეკითხებათო, მაგრამ უნდა უსმინოთ, როგორი ლოგიკა აქვთ.

კლასკომპლექტში მუშაობა თავისებურ მიდგომ მოითხოვს. რა სირთულეებს აწყდებით?

– თავდაპირველად დროის განაწილება მიჭირდა. თანდათან ავუღე ალღო. პატარები არიან, გამუდმებით სჭირდებათ ყურადღება, ამ სიტუაციაში კი მესამეკლასელებს უკვე უფროსების როლი ეკისრებათ. სულ ვნატრობ, ნეტავ მრავალრიცხოვან კლასში მამუშავა, რომ სხვადასხვა მეთოდის გამოყენების საშუალება მომეცეს–მეთქი. აშკარაა, კლასკომპლექტს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. პირველკლასელებთან სკოლასა და საკლასო ოთახში ქცევის წესების ახსნა არ დამჭირვებია, მესამეკლასელებმა აუხსნეს, თანაც უფრო გასაგებად, ვიდრე ამას უფროსი მოახერხებდა. კლასკომპლექტი კარგი გარემოა სოციალური ურთიერთობების განვითარებისთვის. უფროსები ზრუნავენ პატარებზე, პასუხისმგებლობა გამოუმუშავდებათ. თანაც კლასის საათზე საინტერესო აქტივობათა დაგეგმვის საშუალება გვეძლევა.

თქვენს შემაჯამებელ აქტივობაზე გვიამბეთ, ისეთი შთამბეჭდავი ფოტოები და კომენტარები გაქვთ, ჩანს, კარგად გამოგივიდათ.

– ეს იყო პროექტი „იაკობი და ჩვენ“, რომელიც ჩემმა კლასმა, მუსიკის მასწავლებელმა ნინო ქავთარაძემ და მე განვახორციელეთ. იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით სპექტაკლი დავდგით. დიდხანს ვემზადებოდით. მოსწავლეებმა ამაში დიდი შრომა და ნებისყოფა ჩადეს. დეკორაციები თავად ავაწყვეთ. ძალიან მონდომებულები იყვნენ, უხაროდათ. მოვიწვიეთ სტუმრები, სოციალური ქსელითაც გავავრცელეთ ინფორმაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მგონი, მოეწონათ მასწავლებლებს, მშობლებს და, რაც მთავარია, თავად ბავშვებს. მათ ძალიან სჭირდებათ დღესასწაულები.

როგორც ვხედავ, სკოლაში თავს კარგად გრძნობთ

– მასწავლებლობა ჩემი პროფესიაა და თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. მინდა, ბევრი ახალი მეთოდი ავითვისო და გამოვიყენო, რომ ბავშვებმა ხალისით ისწავლონ. სექტემბრიდან ახალი მიზნები მაქვს. რთული კი ნამდვილად არის. ვაკვირდები ჩემს კოლეგებს და ვფიქრობ გამოცდილებზე, უფროსებზე… რა სირთულეები გადაიტანეს, ფაქტობრივად ენთუზიაზმის ხარჯზე გააძლებინეს სკოლას, ბავშვები არ მიატოვეს. თოვლსა და ყინვაში ფეხით გამოიარო კილომეტრები და გაკვეთილი ჩაატარო, თან საარსებო წყარო გქონდეს საძებნი, ადვილი არ არის. პატივს ვცემ იმ პედაგოგებს, ოჯახშიც ქვეყნის საქმეს რომ აკეთებენ და სკოლაშიც ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ. მისაბაძად მიმაჩნია მასწავლებლები, ახალ რესურსებს, ახალ მეთოდებს რომ ქმნიან და სხვებსაც უზიარებენ, ისინიც, ქალაქებს რომ ტოვებენ და მთის სოფლებში მიდიან. მოკლედ, მომწონს, რომ მასწავლებელი ვარ, ვიცი, ჩემს ბავშვებს ვჭირდები.

 

სარას ბებიის სახელი ჰქვია. უყვარს სიმღერა, ფოლკლორულ ანსამბლ „სიონის ზარებშიც“ მღეროდა. თამაშობს ჩოგბურთს, საოჯახო საქმეებში ეხმარება მშობლებს. უყვარს მოგზაურობაც. ახლახან საბერძნეთი მოიარა და მეტეორას სამონასტრო კომპლექსის შთაბეჭდილებების ქვეშაა. აქვს საინტერესო არქივი: აგროვებს მოსწავლეების ნაწერებს, რომლებშიც სიყვარულს ეფიცებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“