სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მასწავლებელი და „რთული“ მშობლები ერთ ნავში

„რთულ” მოსწავლესთან ერთად „რთული” მშობლის ცნებაც არსებობს. მიზეზთა გამო მასწავლებელს უჭირს ასეთ მშობელთან კომუნიკაცია, რაც საბოლოოდ მოსწავლეზე აისახება. „რთულ” მშობელთან ურთიერთობის ხერხებს მასწავლებელი გამოცდილების მიღების პარალელურად ითვისებს, მაგრამ ვიდრე მისი პედაგოგიური გამოცდილება დადებით შედეგს გამოიღებდეს, თავად მასწავლებელსაც მოსდის შეცდომები.
მასწავლებელი ცდება, როდესაც ფიქრობს:

მე უნდა დამაფასოს და პატივი მცეს ყველა მოსწავლის მშობელმა.

მე როგორც მასწავლებელი კომპეტენტური და მაღალპროფესიონალური უნდა ვიყო პედაგოგიური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში უვარგის მასწავლებლად მიმიჩნევენ.

ჩემი მოსწავლეების მშობლები აუცილებლად კარგი, პოზიტიური ადამიანები უნდა იყვნენ, ისინი ჩემს ყველა მოსაზრებას უნდა ეთანხმებოდნენ.

ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში „რთული” მოსწავლეებისა და „რთული” მშობლების არსებობა გამორიცხულია.
როდესაც ვლაპარაკობ, ყველა მოსწავლის მშობელი პირდაღებული უნდა მისმენდეს და იზიარებდეს ჩემს მოსაზრებებს. ისინი იმას უნდა აკეთებდნენ, რასაც მე ვეტყვი.

ჩემი მოსწავლეების მშობლები იმავე ღირებულებებს უნდა აღიარებდნენ, რასაც მე. ჩვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები უნდა ემთხვეოდეს, რადგან მე მათი შვილების მასწავლებელი ვარ.

თუ ჩემი მოსწავლის მშობელი ცუდია, ის უნდა დაისაჯოს, კარგ მშობელს კი წახალისება სჭირდება.

ჩემს სასკოლო ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად, თანაბარი ტემპით უნდა ვითარდებოდეს, კონფლიქტების, სირთულეებისა და ექსცესების გარეშე.

საშინელებაა, როდესაც სამსახურში საქმე სხვაგვარად ეწყობა და არა ისე, როგორც დავგეგმე. ეს მორალურად მტანჯავს. ყველაფერი ჩემი მოთხოვნებისამებრ უნდა იყოს აწყობილი, მე უნდა მაძლევდეს ხელს.

მშობლებთან ურთიერთობა იმიტომ მიჭირს, რომ ისინი რთული ადამიანები არიან და არ ესმით, რა და როგორ ჯობს. ეს საშინელებაა.

თუ ჩემი მოსწავლეების მშობლებს ჩემთან პრეტენზია აქვთ, უკმაყოფილონი არიან ჩემი საქმიანობით და ასაჩივრებენ ჩემს მუშაობას, ეს მათი ბრალია. მათ უნდათ, ნერვები ამეშალოს და ავტორიტეტი შემელახოს.

ვინაიდან პედაგოგი ვარ, მოსწავლეების მშობლებთან იდეალურად უნდა მოვიქცე, ყველას უნდა ვასიამოვნო და ყველასთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდეს.

ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან. მე უმაღლესი პედაგოგიური განათლება მაქვს და ამით ყველაფერი ნათქვამია.

მე როგორც წესიერი ადამიანი მთელი არსებით უნდა ვიყო ჩართული ჩემს სამუშაოში. „მასწავლებლის გული ბავშვებსა და მათ მშობლებს ეკუთვნის”, – ასეთია ჩემი პროფესიული კრედო. დიახ, სამსახურზე გული თუ არ შეგტკივა, არაფერს წარმოადგენ.

იდეალური პედაგოგი უნდა ვიყო. მშობლებთან კონფლიქტი დაუშვებელია. მათთან უთანხმოება მხოლოდ ჩემი ბრალი შეიძლება იყოს, ჩემი არაპროფესიონალიზმის ბრალი.

მე მუდამ მართალი ვარ. თქვენზე უკეთ ვიცნობ თქვენს შვილებს და ზუსტად ვიცი, რა უნდა ვასწავლო.

მასწავლებელი არ ცდება, როდესაც ფიქრობს:

შეუძლებელია, ყველა მოსწავლეს და ყველა მშობელს მოვწონდე. შეუძლებელია, ყველა მომწონდეს. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შეუძლებელია, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდეს.

მე პატიოსნად ვშრომობ, მუშაობისას მომდის შეცდომები, ვეჯახები სირთულეებს, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ გამომდის. შეიძლება ხელიც მომეცაროს. მე არ ვარ სრულყოფილი, არ ვარ იდეალური. არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.

რასაკვირველია, სასიამოვნოა, როდესაც მოსწავლეების მშობლები თავაზიანები და გულისხმიერები არიან, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე იშვიათად ხდება.

უკეთესი იქნებოდა, „რთული” მოსწავლე ან „რთული” მშობელი არ მყოლოდა, მაგრამ სინამდვილე ასეთია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდად ვმუშაობ. რთული ადამიანები ვერაფერს დამაკლებენ. მე ვირჩევ პროფესიულ წარმატებას და ბედნიერებას. ვეცდები, რთულ ადამიანებთანაც დავამყარო კონტაქტი.

მასწავლებელი ზოგჯერ შეცდება, ზოგჯერ – არა. მთავარია, საღად, ადეკვატურად მოაზროვნე იყოს.

ჩემი ყველა მოსწავლის მშობელი არ უნდა იზიარებდეს ჩემს მოსაზრებებსა და წარმოდგენებს. ისინი პირდაღებულები არ უნდა მისმენდნენ, ყველაფერში არ უნდა მეთანხმებოდნენ – მათ თავიანთი ღირებულებები და ცხოვრებისეული პრიორიტეტები აქვთ, ისევე როგორც თავიანთი პრობლემები.

ჩემი მოსწავლეების მშობლები სხვადასხვანაირი ადამიანები არიან. მე არავის ვკიცხავ, არ ვაკრიტიკებ, მაგრამ ვცდილობ გავუგო.

მინდა, ჩემი პროფესიული საქმიანობა მშვიდად და თანაბარი ტემპით ვითარდებოდეს, კონფლიქტების, სირთულეებისა და ექსცესების გარეშე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველეფერი სხვანაირადაა.

სამსახურში ყველაფერი ისე არ არის მოწყობილი, როგორც მე მინდა, მაგრამ ამან კალაპოტიდან არ უნდა ამომაგდოს. საშიში არაფერია. ყველას შეიძლება ჰქონდეს სამსახურებრივი პრობლემა.

ცხადია, ძალიან კარგია, როდესაც მასწავლებელი იოლად პოულობს საერთო ენას მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.

თუ ჩემი მოსწავლეებს მშობლებს ჩემთან პრეტენზია აქვთ, უკმაყოფილოები არიან ჩემი საქმიანობით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადად მე ამიმხედრდნენ. ეს ნიშნავს, რომ მშობლებს შვილების ბედი აწუხებთ, ზრუნავენ მათზე, განიცდიან მათ პრობლემებს და გამოსავალს ეძებენ. მე შემიძლია და ვალდებულიც ვარ, დავეხმარო.

როგორც პედაგოგი, უწყვეტად უნდა ვმუშაობდე მოსწავლეების მშობლებთან, მქონდეს მათთან მშვიდი, პროფესიონალური ურთიერთობა. არ არის საჭირო, ხელოვნურად მოვაწონო თავი.

მე უმაღლესი პედაგოგიური განათლება მაქვს, მაგრამ პროფესიულად განუწყვეტლივ უნდა ვვითარდებოდე. ჩემთვის ახალი ცოდნის მიღება აუცილებელია. განათლება მხოლოდ დიპლომი არ არის, ეს არის ცოდნის მიღების პროცესი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ნებისმიერ სამუშაოს ახლავს თავისი სირთულე. „რთულ” მშობლებთან მუშაობა ჩემი პროფესიის ერთ-ერთი სირთულეა.

რატომ მიჭირს მე როგორც მასწავლებელს „რთულ” მშობლებთან კომუნიკაცია? ალბათ იმიტომ, რომ განათლების სფერო მრავალწახნაგოვანია და მასთან დაკავშირებული უამრავი საკითხი არ არის იოლი მოსაგვარებელი, დიდ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს, მაგრამ ეს მასწავლებლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

როგორ ვიმუშაოთ „რთულ” მშობლებთან

სინამდვილეში ამ კითხვაში ასეთი ქვეტესტი იმალება: „როგორ გავიმარტივო პროფესიული საქმიანობა ისე, რომ ის სასიამოვნო და უკონფლიქტო იყოს?” ცდა შეიძლება, მაგრამ ცხოვრება ხშირად გვიმზადებს სიურპრიზებს.

მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ურთულესია, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ყოველგვარი სამუშაო მოითხოვს ძალისხმევას, ენერგიას, გაცემის უნარს. მასწავლებელმა ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მშობლების თანამოაზრეებად და თანამშრომლებად გადაქცევის პროცესიც ხანგრძლივი სამუშაოა და მოითხოვს ინტელექტს, მოთმინებას, კომპეტენტურობას, პროფესიონალიზს, ოპტიმიზმს, იუმორის გრძნობას და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობას. მოსწავლის აღზრდაში მშობლები მასწავლებლების მხარდამჭერები, მთავარი საყრდენი ძალა უნდა იყვნენ.

თუ მშობელი მასწავლებელთან ურთიერთობას არ ცდილობს, თავად მასწავლებელმა უნდა იაქტიუროს. მობილური კავშირისა და ინტერენეტის დახმარებით ეს სავსებით შესაძლებელია. ხშირად მშობლებმა არც კი იციან, აცდენენ თუ არა მათი შვილები გაკვეთილებს და ამას მხოლოდ მშობელთა კრებაზე იგებენ. ბავშვები ცუდ ნიშნებს უმალავენ მშობლებს. ხშირად მშობლებიც პასიურობენ და თვეობით არ აკითხავენ სკოლას, არ იციან, როგორ იქცევიან მათი შვილები, როგორ სწავლობენ. მასწავლებელი პასუხისმგებელია მოსწავლეზე, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება. არსებობს ინგლისური გამოთქმა: to row (sail) in the same boat with somebody (ერთ ნავში სხდომა). მშობლები (მათ შორის – „რთულიც”) და მასწავლებლები სწორედ ერთი ნავით უნდა მიჰყვებოდნენ დინებას.

მასწავლებელი ფსიქოლოგი არ არის, მაგრამ მშობელთა კრებაზე ასაკობრივ პრობლემებზეც შეუძლია გულწრფელი საუბარი. ბოლოს და ბოლოს, შეუძლია, ინტერნეტში მარტივი და სახალისო რჩევები მოძებნოს, ამობეჭდოს და მშობლებს დაურიგოს. აღზრდის შესახებ დაწერილ წიგნებს მშობლები ან წაიკითხავენ, ან არა, მასწავლებლის მიერ მიწოდებულ მოკლე ინფორმაციას კი გაეცნობიან. მხოლოდ მითითებს ჩვეული მასწავლებელი მშობლებთან ურთიერთობის დროს სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.

მასწავლებელს შეუძლია, მშობელი გაკვეთილზეც მიიწვიოს, რათა მან თავისი თვალით ნახოს და შეიგრძნოს სკოლის ატმოსფერო, გაუძლიერდეს პასუხისმგებლობა შვილისა და სკოლის მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“