კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

მატარებელში ანუ ამბავი მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთგანწყობების შესახებ

– დგდგ-დგდგ-დგდგ – კეცავს მატარებელი  თბილისისკენ მომავალ ხუთ საათნახევრიან გზას. ამ რიტმს აყოლებ ფიქრს ნანახსა და მოსმენილზე… მატარებლის ფანჯარა არშინივით ზომავს ,,ცა -ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტს“… ისეთი  დროა, სახელი რომ ევიწროება მწვანეს… შენც თვალხეირობ.

მასწავლებლებისა და მშობლების ურთიერთგანწყობების პრობლემას ვუტრიალებ.

– შვილებს არ კითხულობენ და მერე სკოლასთან  აქვთ პრეტენზიები…  წიგნის და სწავლის ფასი თავად არ იციან, ბავშვს რას მოსთხოვენ?  რომელი მშობელთა სკოლა? მეხუთე კლასის მერე სკოლაში ვერ შემოიყვან…

– მთელ თავიანთ ბოღმას ბავშვებს აფრქვევენ! ძველი როლიდან ვერ გამოსულან! შეიძლება, ფეხზე არ წამოდგეს და ისე ჩაატაროს გაკვეთილი? ეზარებათ, მხოლოდ დრო გაყავთ… რას ასწავლიან? თუ არ მოამზადე, არაფერი გამოვა… მაგათ მე რა უნდა მასწავლონ?

რა შეცვლის ამ დამოკიდებულებას? ვიხსენებ, ვაწებებ, გადავაადგილებ,  მაგრამ თავსაც ვერ ვაჯერებ, რომ ეს უშველის საქმეს. ისევ ვაგონში ,,ვბრუნდები“.

რამდენიმე თავისუფალი ადგილიც შევსებულა. დიდი  ჟივილ-ტირილია… ღმერთმა ამრავლოს, რამდენი ბავშვი! ახალი საქმეც გამიჩნდა, ვითვლი. 17 ან 18. რამდენჯერმე ავირიე, ზოგი  გადის, ზოგი გამოდის… ძირითადად წლიდან სამ წლამდე არიან. აი, როდის უნდა დაიწყოს აღზრდა. დაკვირვებისთვის ბუნებრივი გარემო სახეზე მაქვს. დროც – საკმაოდ.

ამ ბუნებრივ გარემოში საყოველთაო ზუზუნს პატარების ხმა ფარავს. ერთი იწყებს ტირილს, აყვება მეორე, მესამე… მოკლედ, დიდი ამბავია. შიგადაშიგ ისმის ,,დამაშვიდებელი“ ფრაზები ბუაზე, პოლიციელზე, მატარებლიდან ჩაგდებაზე, ყურების დაჭრაზეც კი.

ჩემ წინ ახალგაზრდა დედა და ორი ბავშვი ზის… უკაცრავად, სამნი ყოფილან. უფროსი – 7-8 წლის გოგონა, მომდევნოც გოგონა –  3 წლის და (ჯერჯერობით)ნაბოლარა – წლინახევრის ბიჭი. უფროსი დიდივით იქცევა. უსიტყვოდ ეხმარება დედას. ხან ვაგონის თავისკენ წააბანდალებს პატარას, ხან ბოლოსკენ. შუათანა შეუსვენებლად ტიკტიკებს, პირდაპირ  კითხვების კიდობანია. აინტერესებს: დახვდებათ თუ არა, მამა? ბოროტი ჯადოქრები მატარებელში სხდებიან? ბებომ ხაჭაპური გამოატანა? რატომ გაიხადა მეზობელმა ქალმა ფეხსაცმელი… დედის სიმშვიდე თანდათან ყურადღებას იქცევს. წყნარად და მოწადინებით პასუხობს ყველა კითხვაზე, როგორც თანასწორს, ისე უხსნის ყველაფერს. ვიწროდ არიან, ორ სკამზე ოთხნი სხედან. ხან დედა წამოდგება და უფროსსაც დასვამს, ხან ბავშვი დაუთმობს ადგილს. მატრაკვეცას თან მთელი კანცელარია აქვს, ხატვას იწყებს, თან ზღაპარს აკითხებს დედას. ბოლოს ხაჭაპურს ითხოვს და ყუჩდებიან.

გასწვრივ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ზის ორ წლამდე გოგონათი. მამას უზის მუხლზე, ეფერება, ტელეფონში მულტფილმს აყურებინებს. ბავშვი აშკარად რთული ხასიათისაა, უცაბედად, ხან დედას გადასწვდება და ჩაარტყამს, ხან მამას ჩამოქაჩავს თმებს. მეზობელი ქალისკენაც იწევს და მშობლები ბარიერს უქმნიან. დედა იძაბება და მუქარას იმარჯვებს: ახლავე წავალ და ვინც არ გამაბრაზებს, მისი დედა ვიქნები, შენ დარჩები მარტო… პატარა ტირილს იწყებს და ისევ თმებს ქაჩავს მშობლებს. მამა ამშვიდებს, ყურადღების გადატანას ცდილობს. ისევ ეკრანი და მულტფილმი შველის საქმეს და ჩვენს ,,უბანზე“ სიტუაცია მშვიდდება. სამაგიეროდ, ვაგონის შუაში პიკური ვითარებაა, ტირილი და კივილი ერთმანეთში ირევა. „ყურადღებას ნუ მიაქცევთ“, – ამბობს ახალგაზრდა ქალი და ტელეფონს ჩასცქერის, მხოლოდ შიგადაშიგ გახედავს  პატარას, რომელიც იატაკზე გორავს და ტირილს არ უკლებს, სახლში მინდაო. მათთან ახლოს მჯდომი შუა ხნის მამაკაცის სახეზე ყველა კუნთი იჭიმება, ჩემს თვალსაწიერზე არც სხვა მამაკაცები არიან მშვიდად. უფრო ახალგაზრდები ყურსასმენებს  ატანენ ძალას. შუახნისა ფეთქდება: „დედა არ ხარ? მიაქციე ბავშვს ყურადღება, დააწყნარე“. მერე წამოხტება და ტამბურისკენ გარბის. თანმხლები ახალგაზრდა კაცი, როგორც ჩანს – მამა, წითლდება და კბილებში ცრის რისხვას ცოლ-შვილისადმი: თქვენთან ერთად ყოფნა სამარცხვინოაო. ამ სკანდალზე ბავშვი ჩუმდება, დგება და მამას ებღაუჭება. ვაგონის ბოლოსაც ტირის ვიღაც, მაგრამ დეტალებს ვერც თვალს ვაწვდენ, ვერც – ყურს.

ჩემი მეზობლებიც ახმაურდნენ. პატარა ატირდა. დედა ხელში აქანავებს, თან ბოლოსკენ მიდის. გოგონები ცალ-ცალკე სკამზე ეწყობიან და იძინებენ. მეოთხე და მეხუთე საათს შორის ვაგონი წყნარდება. ბავშვებსაც და დიდებსაც რული ერევათ.  ერთი-ორი ჭირვეული არც თავად ისვენებს და  არც სხვას ასვენებს.  შუახნისა ბრუნდება, შავ სათვალეს ირგებს და გულხელდაკრეფით ეყრდნობა საზურგეს. ჩემი მეზობელიც ბრუნდება მიძინებული პატარით. გოგონებს სძინავთ და ისიც მორჩილად ეყუდება სავარძელს. გასწვრივ მჯდომი ჭირვეულის დედა ქმარს ანიშნებს. ბიჭი ადგილს უთმობს დედა-შვილს, თავად ვაგონის ბოლოში მიდის. დედები საუბრობენ. სამშვილიანი ამშვიდებს მეორეს, ნუ დარდობ, მალე ალაპარაკდება და დაწყნარდებაო. რომ ვერ გაგებინებთ, რა სურს იმიტომ ნერვიულობსო. ბევრი ელაპარაკეთო. არ უთხრათ სხვისი დედა გავხდებიო. მოსაუბრე ყურადღებით უსმენს, ბოლოს, გულუბრყვილოდ ეკითხება: არ გიჭირს სამის გაზრდა, როგორ უძლებო? ჩვენც ხომ ასე გაგვზარდეს, დედობა გაძლებააო… გულიანად იცინის გამძლე.

დგდგ-დგდგ-დგდგ- მეექვსე საათს უწყობს რიტმს ბორბლების ხმა. ფანჯრები ახლა ღამის ფერს ზომავენ. თბილისის ლამპიონები მგზავრობის ფინალს გვიდასტურებენ. ისევ იწყება ჟივილ-ტირილი. აბა, რომელ უდროოდ გამოღვიძებულ ბავშვს უყვარს ტანსაცმლის ჩაცმა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი