ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მოსწავლეთა შეფასების სასკოლო პოლიტიკა

შეფასება სასწავლო პროცესის კომპონენტებს შორის სრულიად განსაკუთრებულ როლს იკავებს იმ უზარმაზარი ემოციური ზეგავლენის გამო, რომელსაც იგი მოსწავლეებზე და, შესაბამისად, სასწავლო პროცესზე ახდენს. შეფასებამ უნდა გააძლიეროს სწავლისკენ მისწრაფება, შეასრულოს კონსტრუქციული გზამკვლევის მისია, მოიცვას მოსწავლეთა მიღწევების სრული სპექტრი. ამისთვის საჭიროა შეირჩეს და დაიხვეწოს ეფექტური კომპონენტები შეფასების პრაქტიკიდან:

შეფასების გაცხადებული მიზნები – რათა მოსწავლეებმა უკეთ ისწავლონ, ხოლო მასწავლებლებმა უკეთ დაგეგმონ და წარმართონ სწავლება;

დიაგნოსტიკა – რათა გაირკვეს, რა იციან უკვე მოსწავლეებმა, რა გაიგეს და რა შეუძლიათ;

მიმდინარე შეფასება – რათა დიფერენცირებული დავალებებისა და აქტივობების საშუალებით მოხდეს საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება თითოეული მოსწავლის სწავლის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად;

სწავლის მიზნები – რათა მოსწავლეებმა იცოდნენ, რას სწავლობენ, რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლა, როგორი უნდა იყოს სწავლის შედეგები და როგორ შეფასდება მათი სწავლა და მიღწევები;

შეფასების სტრატეგიები – რომლებიც სამართლიანია და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად წარმოაჩინონ მიღწევები;

შეფასებისთვის განკუთვნილ აქტივობები – უპირატესად ისეთები, რომლებიც ინტეგრირებულია სწავლასა და სწავლებასთან;

შეფასებისთვის განკუთვნილი თენტური დავალებები;

შეფასებისთვის განკუთვნილი დიფერენცირებული დავალებები – რომლებიც მოსწავლეებს აძლევენ არჩევნის საშუალებას, როგორ წარმოაჩინონ ცოდნა, გაგება და უნარ-ჩვევები;

დროული და კონკრეტული უკუკავშირი – რომლებიც სპეციფიკურ ინფორმაციას აწვდის თითოეულ მოსწავლეს მისი მიღწევებისა და გასაუმჯობესებელი კომპეტენციების შესახებ.

შეფასების ეფექტური ინსტრუმენტები და სტრატეგიებია, მაგალითად:

მოკლე ჩანაწერები – აღწერს მოსწავლეთა მიერ დავალებათა შესრულებას, უპირატესობებს, საჭიროებებს, პროგრესს და ყოფაქცევას;

აღრიცხვის ცხრილები, სკალები და რუკები – წარმოაჩენს მოსწავლეთა მიღწევებს რუბრიკის დონეების, ასოთა თუ ციფრული ნიშნების ან ჩათვლის სახით;

გასაუბრებები – ხდება მოსწავლე-მშობელი-მასწავლებლის შეხვედრებზე, სადაც მოწმდება პროგრესი და დაისახება მოსწავლის კომპეტენციების შემდგომი განვითარების ამოცანები;

კონტრაქტები – წარმოადგენს შეთანხმებებს მოსწავლესა და მშობელს/მასწავლებელს შორის მოსწავლის კომპეტენციების შემდგომი განვითარების გზებისა და ეტაპების შესახებ;

თანატოლთა შეფასება ან/და თვითშეფასება – ხდება დადგენილ და შეთანხმებულ კრიტერიუმთა მიხედვით ან სასწავლო პროგრამის შედეგების შესაბამისად;

პორტფოლიო – მოსწავლის ნამუშევრების საშუალებით წარმოაჩენს მოსწავლის ძალისხმევას, პროგრესსა და მიღწევებს ერთი ან რამდენიმე მიმართულებით;

რუბრიკები – წარმოადგენს გზამკვლევს მიღწევების საზომს, რომელშიც მოცემულია სწავლის შედეგები, შესრულების კრიტერიუმები და რანჟირების სკალა ან ცხრილი.

შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს არასწორი წარმოდგენები და გაუგებრობები შეფასების შესახებ, რომელთა მიხედვით თითქოს:

შეფასება არის მხოლოდ ტესტირება სასწავლო ერთეულის ბოლოს ან გაკვეთილების სერიის შემდეგ – ამ შემთხვევაში იგნორირებულია განმავითარებელი შეფასება;

შეფასება არის შემოწმება იმისა, თუ რა იციან (ან არ იციან) და რა შეუძლიათ (ან არ შეუძლიათ) მოსწავლეებს მხოლოდ მეხსიერებაზე ორიენტირებული თუ „კვიმატი“ შეკითხვებისა და სავარჯიშოების საშუალებით – ამ შემთხვევაში იგნორირებულია მაღალი დონის სააზროვნო მოქმედებების მომცველი სასწავლო მიზნები;

შეფასება ფოკუსირებულია მხოლოდ იმ კომპეტენციებზე, რომელთა შემოწმებაც ადვილია – ასეთ შემთხვევაში არ ხდება იმის შემოწმება, რაც მნიშვნელოვანია;

შეფასება არის სწავლების პერიოდის განმავლობაში მოსწავლის მიერ დავალებების შესრულების დონეების საშუალო მაჩვენებელი – ამ შემთხვევაში იგნორირებულია სწავლება-სწავლის შედეგების მნიშვნელობა;

ჯგუფური მუშაობის შედეგად ჯგუფის ყოველი წევრი იმსახურებს იმავე შეფასებას, რასაც ჯგუფი – ამ შემთხვევაში იგნორირებულია ჯგუფის თითოეული წევრის წვლილი ჯგუფის წარმატებაში;

შეფასება იგივეა, რაც ნიშნების დაწერა – ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული მიზნები (შეფასება ფოკუსირებულია მოსწავლის სწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, ხოლო ნიშნები იწერება მიღწევების შესახებ დასკვნების სიმბოლური გამოხატვისთვის);

მართებულია შეფასება „არადამაკმაყოფილებელი“, თუ მოსწავლემ არ წარმოადგინა ნაშრომი – ამ შემთხვევაში არ ხდება მოსწავლის სწავლის/ნასწავლისა და მოსწავლის ქცევის შეფასება;

მოსწავლის მიღწევების შეფასების გამომხატველ ნიშანში გათალისწინებულია მოსწავლის დამოკიდებულებები და ქცევა – ამ შემთხვევაში ნაკლები ყურადღება ექცევა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს.

შეფასების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკუკავშირს – სწორედ იგია  მიღწევების გაუმჯობესების ყველაზე მძლავრი მოდერატორი. უკუკავშირის მთავარი ამოცანებია:

  • წარმოჩნდეს და განიმარტოს ნიშნების წარმოქმნა;
  • გაირკვეს და დაფასდეს მოსწავლის ნამუშევრის სპეციფიკური მახასიათებლები;
  • გაცხადდეს გაუმჯობესებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები;
  • განვითარდეს მოსწავლეთა უნარი – დააკვირდნენ, შეაფასონ და მართონ თავიანთი სწავლა.

უკუკავშირის მთავარი ნაკლია, რომ ის მხოლოდ ნიშნის გამართლებამდე დაიყვანება და ხდება უკუკავშირის სხვა დანიშნულებების უგულებელყოფა. მთავარი რისკი უკუკავშირთან მიმართებით არის მისი არასწორი ფორმულირება და მიწოდება. ცნობილია, რომ, მაგალითად, თინეიჯერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანატოლების აზრს მათ შესახებ. საჯაროდ გამოთქმული უკუკავშირი თინეიჯერების მიერ აღიქმება, როგორც შეტევა მათზე და შესაძლოა გამოიწვიოს მარცხის შიში ან დაპირისპირება. ამის თავიდან აცილების საშუალებაა ინდივიდუალურად შენიშვნის მიცემა, რომელიც ცხად გზავნილს შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩურჩულით იქნას წარმოთქმული და მხოლოდ იმან გაიგონოს, ვისთვისაც იგი განკუთვნილია. ყოველ შემთხვევაში, სრულიად უნდა გამოირიცხოს შედარება სხვებთან – ნეგატიური შედარებების მავნე ზეგავლენაზე რომ არაფერი ითქვას, პოზიტიურ შედარებებსაც კი არანაკლებ მძიმე შედეგები მოჰყვება – მას ნარცისიზმისკენ მიჰყავს მოსწავლეები, იწვევს მოტივაციის კლებას, მომეტებულ შფოთვას, უნდობლობას. ამას ბევრად სჯობს მასწავლებელმა მოიმარაგოს და საჭიროებისამებრ გამოიყენოს ყოფილ მოსწავლეთა ანონიმური ნამუშევრები როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შედარებისთვის. მასწავლებლის კიდევ ერთი დამხმარე საშუალებაა რუბრიკაზე აპელირება, ოღონდ იგი წინასწარ (შეფასებამდე და უკუკავშირის მიწოდებამდე) უნდა იყოს წარდგენილი და შეთანხმებული  მოსწავლეებთან.

მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის მიერ წინასწარ დაგეგმილი და ეფექტურად წარმართული პროცესი უნდა იყოს. უფრო მეტიც, სკოლაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შეფასების ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის გაზიარებულ მიდგომებს შეფასების მიზნებთან, საშუალებებთან, პროცედურებთან, განრიგთან, კომუნიკაციასთან, ანგარიშგებასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკის დოკუმენტში შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკა უნდა განიხილავდეს მოსწავლეების დონეს, სასწავლო გეგმის შედეგებს და პირობებს, რომელშიც მიმდინარეობდა სწავლა. ეს პრაქტიკა ისე უნდა იყოს გააზრებული და განხორციელებული, რომ:

  • მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, წარმოაჩინონ როგორც სწავლის პროცესთან, ასევე სწავლის შედეგებთან დაკავშირებული მიღწევები;
  • მასწავლებლებმა უნდა განსაზღვრონ მოსწავლეთა პროგრესი მათი ასაკობრივი, განვითარების თუ შემეცნებითი დონის გათვალისწინებით მონაცემთა მრავალფეროვანი წყაროების საშუალებით, როგორიცაა: აღრიცხვის ცხრილები, შემაჯამებელი მიმოხილვები, მასწავლებელთა მიერ შექმნილი ტესტები და ქვიზები, დაკვირვების ჩანაწერები, პორტფოლიოები, გასაუბრებები, მოსწავლეთა თვითშეფასებები და სხვა;
  • მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, უნდა მოაწესრიგონ და შეინახონ შეფასების ამსახველი დოკუმენტაცია თითოეული მოსწავლის შესახებ;
  • სკოლებმა უნდა გააანალიზონ გარე და შიდა შეფასებების შედეგები, გაარკვიონ მოსწავლეთა საჭიროებები და შექმნან სამოქმედო გეგმა ამ საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.

სკოლაში მოსწავლეთა შეფასების ერთიანი მიდგომის ამსახველი პოლიტიკის დოკუმენტი უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ფორმულირებებს შეფასების წარმართვასთან დაკავშირებით. მაგალითად, ასეთებს:

  • სატესტო დავალებები უშუალოდ უნდა იყოს ფოკუსირებული სასწავლო გეგმის შედეგებზე;
  • მოსწავლეები რამდენიმე დღით ადრე უნდა იყვნენ ინფორმირებული მომავალი ტესტირების შესახებ;
  • მოსწავლეებს ერთი კვირა მაინც უნდა მიეცეთ შემაჯამებელი პროექტის მოსამზადებლად;
  • მოსწავლეებმა არაუმეტეს სამი კვირის განმავლობაში უნდა მიიღონ აღწერითი უკუკავშირის შემცველი შეფასების შედეგები მათ მიერ შესრულებულ პროექტებთან დაკავშირებით;
  • მოსწავლეთა გაცდენები არ შეიძლება იყოს უკუკავშირის დაგვიანების საბაბი სხვა მოსწავლეებისთვის;
  • მოსწავლეთა გაცდენები არ ათავისუფლებს მათ შეფასებებისგან და სხვა.

ასე რომ, სკოლაში მოსწავლეთა შეფასების პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტში სრულად და ზუსტად უნდა წარმოჩნდეს პასუხები შეკითხვებზე:

  • რას ისწავლიან მოსწავლეები (სასწავლო პროგრამა);
  • საიდან გავიგებთ, რა ისწავლეს მოსწავლეებმა (კრიტერიუმები/ინდიკატორები, მაგალითები/ნიმუშები);
  • როგორ შევაგროვებთ მტკიცებულებებს სწავლის შესახებ (მიზნები და კონტექსტი, სწავლის და ნასწავლის დემონსტრირების საშუალებები);
  • როგორ მოახდენენ რეაგირებას მასწავლებლები დიაგნოსტიკისა და განმავითარებელი შეფასების საშუალებით გამოვლენილ საჭიროებებზე (საკორექციო და გამამდიდრებელი აქტივობები);
  • როგორ მიიღებენ მოსწავლეები განმავითარებელ ან განმსაზღვრელ შეფასებასთან დაკავშირებულ უკუკავშირს (აღწერითი/თვისებრივი, ქულებიანი/რაოდენობრივი, სპეციფიკური, სწავლის/პროცესის შეფასება, ნასწავლის/პროდუქტის შეფასება);
  • როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები სწავლაში (მასწავლებლის რეფლექსია, თვითრეფლექსია).

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი