ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ქალში, ღვთისმშობელში, მარიამის წიაღში სულიწმინდას გარდმოვლენით, იშვა ძე ღმერთი,იესო ქრისტე. სულიწმინდას მადლის მეტაფორულ-სიმბოლური ასახვა ხდება გენიალურ ვეფხისტყაოსანში /ძველი ქართული მწერლობის უმეტეს ძგლებშიც/ ქალთა სახეების დახატვისას, როგორც აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე აღნიშნავდა: ,,ყველაფერი ეს შესაძლებელი და მოსალოდნელი იყო იმდროინდელ საქართველოში, სადაც ქალში ხედავდნენ არა ბოროტების საწყისს ევას, როგორც დასავლეთ ევროპაში, არამედ ბოროტების დამთრგუნველ იესოს დედას, იმ ღვთისმშობელს, რომლის წილხვდომილად რუსთაველის ეპოქის დასაწყისში გამოცხადებული იქნა საქართველო მწერლობაში. ეს მოსალოდნელი იყო საქართველოში, რომლის განმანათლებლად ნინოს სახით ქალი იყო აღიარებული /ქართ. ლიტ. ისტ. ტომი II, გვ. 84/ ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოში ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში არსებობდა დიდი დედის- ნანას კულტი, დედა უფლის კულტი, მზის მდედრობითი ასპექტის კულტი და ა. შ. მრავლისმეტყველია ისიც, რომ თამარი ,,ქართველთ ლამაზი დედა” /ვაჟა/ წმინდა სამების მეოთხე იპოსტასად იქნა აღიარებული.
ყველა ამ ფსიქოლოგიური, ტრადიციული თუ ეპოქალური ასპექტის სიმბოლური ასახვა ხდება შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში”, სადაც ქალთა სახეები ღვთაებრივი ნათლითაა მოსილი, მაგრამ სკოლებში ,,ვეფხისტყაოსნის” ქალი პერსონაჟებიდან რატომღაც ნაკლები ყურადღება მახვილდება ასმათზე, არადა ის ,,საღვთო სიბრძნე”, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთა ენითაა გაცხადებული, თითქოს იდუმალი ენით უკავშირდება 9 წლის განმავლობაში გამოქვაბულის ბნელში ნათელ შუქად მყოფ ,,დად საესავ” ასმათს /როგორც მას უწოდებს ტარიელი/ თანაც ისიც უნდა დავსძინოთ, რომ ერთგულების და თავგანწირვის სიმბოლოდ ,,ვეფხისტაყაოსნის” ყმა პერსონაჟებიდან უმეტესად შერმანდინს მოვიხსენიებთ ხოლმე. შერმანდინისადმი დამოკიდებულების ეს ფორმა სკოლებში შეიძლება ილია ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობიდანაც” მოდიოდეს, გავიხსენოთ გაბრიელისა და დათიკოს უკანასკნელი შეხვედრა, როგორი ავთანდილიც შენ იყავი, ისეთი შერმანდინი მე ვიყავიო.
არადა ასმათი შერმანდინზე ბევრად საყურადღებო, იდუმალი სიღრმის პერსონაჟია. ,,ვეფხისტყაოსნის” ღვთაებრივ სტრიქოსანთა შორის უნდა ამოვიკითხოთ ამ ყველაზე უფრო იდუმალი და ,,ენაუთქმმელი” პერსონაჟის ,,მიჩქმალული გმირობა”. ჯერ თავად გავაცნობიეროთ და მერე მივიტანოთ მოსწავლეებამდე. ასმათთან, როგორც პერსონაჟთან მასწავლებლის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დროს მჟღავნდება აზროვნების ისეთი კონტექსტი, რაზედაც კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა: ,,მიჩქმალული გმირობის ქომაგიაო მწერალი და სხვა არაფერი“ . ,,ვეფხისტყაოსნის” გმირს არ შეიძლება უწოდო მიჩქმალული გმირი, მაგრამ ამ შემთხვევაში სტრიქონთა შორის გაბნეული ასმათის მიჩქმალული სუნთქვა, ცრემლი და საოცარი გული უნდა ამოიცნოს და დაანახოს მასწავლებელმა მოსწავლეს.
ფილოსოფიაში მკვიდრობს ასეთი ტერმინი – ,,შინაგანი ადამიანი”, ასმათი სწორედ ის შინაგანი ადამიანია, რომელზედაც გადმოსულა სიკეთისა და სულიწმინდას ღვთაებრივი მადლი და ამიტომაც არ შეუძლია სულიერად გაშეშდეს, გაჩერდეს ,,ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მესიამოვნება ღმერთის რჯული” /რომაელთა მიმართ. თავი 7, ლექსი 12/ და სწორედ ღმერთის სჯულის კანონით უკავშირდება ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარულის მთელი პოემა ასმათს. ამავე ძალით არიან დაკავშირებული ამ საოცარ ქალთან ნაწარმოების რაინდი პერსონაჟები და შეიძლება ითქვას სიკეთის არსების გამარჯვებაც რამდენადმე ასმათის ,,გულის გარშემო ” იკვეთება.
,,ჭეშმარიტების მომენტის მახასიათებელია დუმილი და სიმარტოვე” /მ. მამარდაშვილი ,,საუბრები ფილოსოფიაზე”/ სწორედ ამგვარ დუმილზე უბრძანებიათ: ,,დუმილი ოქროს არს რჩეულიო” იქნებ ამიტომაც ასმათი ,,ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთაგან, ერთ-ერთი ყველაზე მდუმარე პერსონაჟია. მისი სიტყვამრავლობა მხოლოდ ,,ცნობიერთა დოსტაქარ”, ,,ბუნება ზეარს” ავთანდილთან მიმართებით მჟღვანდება, და არც ეს არის შემთხვევითი, რადგან ასმათი ხშირად ცრემლიან დუმილში გამჟღავნებული მოყვისასდმი თანადგომით, ისეთივე ბუნება ზეარსი პერსონაჟია, როგორც ავთანდილი; ნაწარმოებში ფუნქციის ფსიქოლოგიური დატვირთვითაც ჰგავს ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს. შეიძლება ითქვას უასმათოდ შეუძლებელი იქნებოდა ავთანდილს ავთანდილობა გაეწია ტარიელისათვის. ისევე როგორც ასმათს გაუჭირდებოდა ტარიელისათვის ასმათობის გაწევა უავთანდლოდ.
ამ საოცარ ქალზე გადმოსულ სულიწმინდის მადლს შეუძლია ადამიანის მთელი არსის შერხევა. თავად მადლს ასმათისას შეუძლია შვას მის ირგვლივ სიკეთე და სიყვარული, როგორც ეს ხდება პოემაში, სადაც ასმათი არის პოემის სასწაულთა შორის ერთ-ერთი დიდი სასწაული ,,სული გრძნობებით სავსე” /კანტი/.
არც ის არის შემთხვევითი, რომ ასმათს, როგორც პერსონაჟს, გამოქვაბულის ბნელში გვაცნობს რუსთაველი. რადგან ქვაბი ისევე როგორც ჭა, სიმბოლოა საღვთო ბნელისა /ტარიელი აპოფატიკის სიმბოლო, საღვთო ბნელში მაძიებელი ღვთისა/, იგი არის სიმბოლო უგუნობისა, დაფარულისა, ჩახურულისა, შეუღწევლისა, სიმბოლო გულის, როგორც სპირტუალური ცენტრისა“. /ზ. გამსახურდია, ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტეყველება“, გვ. 265/ აქ მოიპოვება მიუღწეველი საუნჯე, მისტიური ცენტრი სულისა. მითებსა და ლეგენდებში სიმდიდრე და განძი მოიპოვება მუდამ ქვაბებში. ამავე დროს ქვაბი საყოველთაოდ გავრცელებული სამკვიდრებელია ქრისტიან მოღვაწეთა და წმინდანებისა. აქ მოიპოვება უმაღლესი მე და თუ ქვაბში საყვარლის დაკარგვით ცნობამიხდილ ტარიელს ახლავს ერთადერთი ასმათი, ის არის აქ განმახორციელებელი მისტიური ჩაღრმავების და ცნობიერების სიღმისა. და თუ ტარიელის გზა გულის, გრძნობის გზაა, ,,მისტიური ღვთისმეტყველების“ გზაა, გამოქვაბულის ბნელში მყოფი ასმათი ის ნათელი შუქია, რომელმაც ეს გზა უნდა გაანათოს. ქვაბი სიმბოლურად ღვთაებათა შეხვედრის ადგილიცაა და სწორედ გამოქვაბულში ახვედრებს ასმათი ტარიელსა და ავთანდილს ერთმანეთს.
ასმათისა და ავთანდილის პირველი შეხვედრაც გავიხსენოთ, ფაქტიურად ეს შეხვედრა ასმათთან როგორც პერსონაჟთან, პირველი შეხვედრაცაა. როგორც ავღნიშნეთ ასმათთან ეს შეხვედრა ავთანდილთან მიმართებით ხდება და როცა ავთანდილისაგან ასმათის ,,პირველი გაცნობა შედგა“ ასმათის მისამართით რუსთაველი დასძენს, ,,სარჩელი უგავს ბჭობასო“, ე. ი. ასმათის თითოეული სიტყვა სამართლის განცხადებაა და ამას ბრძნებს რუსთაველი, როცა ასმათთან ,,პაექრობაში“იხატება ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ავთანდილი, რომლის სახითაც განაცხადა ,,ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმთა უმრავლესობა რუსთაველმა.
ამ შეხვედრისას ,,გაცუდდა“ ბუნება ზეარსი ავთანდილის წინასწარი ბჭობა ,,ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო“, რადგან შეუძლებელია ასმათის დადრეკა და დამორჩილება ფიზიკური ძალითა და შიშით და როცა ვერც დანის ყელზე დაბჯენით და მუხლმოდრეკითაც ვერას გახდა ,,ცნობიერთა დოსტაქარი“ მიხვდა, რომ ერთადერთი სიყვარული იყო ის საღვთო სიბრძნე, რომლის წიაღშიც შეიძლებოდა ასმათის დანახვა და დამორჩილება. ცრემლი სულიწმინდას მადლიაო ნაბრძანებია და პირველად სწორედ მონანიე ცრემლმა დაახლოვა ეს ორი სიყვარულით ამაღლებული პერსონაჟი ერთმანეთს.
,,ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მიუბარია,
კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია“.
სიყვარულის გონება გულია, ეს გულიც იგზნო ავთანდილმა და ასმათის საოცარი სულიერი ძალაც აღიარა. ,,სულთა მოგცემ გულისთვისო“- განუცხადა ასმათს.
,,თავი ჩემად სამასხურად, თუცა ავად მოგაწონე,
მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე,
სხვაგნით, ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე,
სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიცა რა გაქონე“.
ვისაც თავის თავში შეცნობილი აქვს ღვთიური მე მან ისიც უწყის, რომ ამგვარი ცნობიერება ტკივილიდან იწყება. ასმათმა იცის ვინ არის, ვის ემსახურება. თავისი ღვთიური ფუნქციაც გაცნობიერებული აქვს და ავთანდილსაც ამგვარად აცნობს თავს.
,,მე ასმათ მქვიან, რომელსაც წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ეთხელისა“.
,,სულთქმა სულთქმისა ბევრისა“ – ეს მეტაფორული სახე ყოვლისმომცველად გვიხატავს ასმათის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პორტრეტს. წუთით დავფიქრდეთ, თუ როგორ გვიჭირს ადამიანებს პასუხი გავცეთ ერთი შეხედვით უბრალო კითხვაზე, ,,ვინ ვართ და რისთვის გავჩნდით?“ ამგვარ კითხვაზე პასუხის ფსიქოლოგიური დატვირთვით ასმათს, ისევ ავთანდილი თუ შეიძლება შევადაროთ.
,,მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ მოვკრეფ კიტრად ბერად,
ვინ სიკვდილი მოყვარისტვის თამაშად და მიჩანს მღერად“
ახლა ავთანდილისა და ტარიელის პირველი შეხვედრაც გავიხსენოთ: ასმათის საოცარმა არსებამ შესძლო ერთად შეეყარა ეს ორი რაინდი და თუ პირველსავე შეხვედრისას ,,მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ ადრიდეს, /ყელი ყელსა გარდააჭდეს ერთმანეთსა აუტირდეს“. ამ საოცარი თბილი შეხვედრის მიზეზითა-მიზეზი, გარდა ამ ორი რაინდის სულიერი სიახლოვისა, ასმათის იდუმალ და მოსიყვარულე ბუნებაშიც იხატება. „ალბათ არ შევცდებით – განმარტავს გრიგოლ ნოსელი- თუ პირველ მიზეზს ჩვენი ყოფნისას ვუწოდებთ დედას, სიყვარული და სიკეთე ღვთის არის წიაღი, საიდანაც ჩვენ წარმოვიშვით“. სწორედ ასმათია რაინდთა შეხვედრის ის საღვთო წიაღი, რომელიც ისევ გრიგოლ ნოსელის სიტყვებით, რომ ვთქვათ, ,,მკვიდრობს განწმენილ ადამიანში და შობს მრავალ კეთილშობილ შვილებს: რწმენას, ღვთისმოსაობას, სამართლიანობას, სიწმინდეს, თავშკავებას, უბიწობას“. და მართლაც ყველა ეს უბიწოება ისადგურებს ასმათის გარშემო, ხოლო ,,თუ რას აკეთებს“ რაინდთა ამ პირველი შეხვედრის დროს ასმათი, ამაზედ რუსთაველი მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ყოვლისმომცველი ფრაზით ბრძანებს: ,,ასმათი სულთა უღებდა სიტყვათა საკვირველითა“. მაშინ კი როცა ავთანდილი განუცხადებს ტარიელს ,,ამან დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა“… ღვთიური სიყვარულით ამაღლებული ასმათი დასძენს: ,,არს უკეთესი რაღაცა სწადს განგებასა ზენასა“.
უხარბო, უშიშო და უანგაროა სიყვარული. ასეთივეა ასმათი, უამრავი საჭურჭლე მიართვა ტარიელმა ასმათს მიჯნურთან შეხვედრის საზღაურად. მაგრამ ამ სამსახურის საზღაური მხოლოდ სიყვარულით თუ გადაიხდევა.
,,ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა
მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა“.
ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა;
ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა.“
ახლა არაბეთიდან, პირობისამებრ, ტარიელთან შესაყრელად დაბრუნებული ავთანდილის შეხვედრა გავიხსენოთ ასმათთან. /,,წასვლა ავთანდილისა და ტარიელის შეყრა მეორედ“/
ძნელია ადამიანმა თავისთავში მარადიულად ატაროს უფლისმიერი სიმშვიდე. ავთანდილის სიმშვიდეც დაირღვა წამით, როცა არაბეთიდან დაბრუნებულ რაინდს ვეფხისტყაოსანი ტარიელი დათქმულ ადგილზე არ დაუხვდა. მუნათი ჰკადრა მეგობარს და ასმათს შესჩივლა:
,,ქალსა ეტყვის, აჰა დაო ეგეთიცა კაცი ნუა
ეგე ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე ვით მეცრუა“.
… ამგვარ ფსიქოლოგიურ განწყობას ჩვეულებრივ ,,ყოფიერ ცხოვრებაში წუწუნს ეძახიან“. რა თქმა უნდა ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეცნობიერ რაინდს ამ გამთქმას ვერ შეჰკადრებ, მაგრამ აქ მაინც ირღვევა ავთანდილის ზეცნობიერი სიმშვიდე. მისი განსჯა ვერ წვდება ტარიელის მდგომარეობის სიმძიმეს.
როგორც პლატონი ამბობს ,, მშვენიერი მშვენიერითაა მშვენიერიო“: აბა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ავთანდილის საყვედურს მეგობრისადმი ასმათიც დასთანხმებოდა. მაშინ დაირღვეოდა სულის მშვენიერების ის მარადიული ჰარმონია, რითაც ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირები ასე ძვირფასია ჩვენთვის. გულთამხილავი ასმათი კი ბრძანებს:
,, აწ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა
იგი უგულო მოელის მართ დღეთა გასრულებასა“.
გულია ღვთის საჭურჭლე. გულიდან საზრდოობს ადამიანის ჭეშმარიტი მე და სიყვარული. ნესტან-დარეჯანის დაკარგვით ტარიელისათვის გული დაიკარგა და რაღა თქმა უნდა სხვა ყველაფერი ამ გულთან მიმართებით დაირღვა.
ავთანდილთან ამ ,,დიალოგისას“ ასმათი ყველაზე მეტ მრავალსიტყვაობას იჩენს. რადგან აქ მან უნდა ახსნას გულის საიდუმლო ლოგიკა და აქვე განუცხადებს ავთანდილს გულის სიბრძნიდან მომდინარე ჭეშმარიტებას:
„გული ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია,
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან,
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან“
ეს აფორიზმი საოცარო სიცხადით წვდება ტარიელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ამავე დროს საოცარი სიცხადით გვიმხელს ასმათის შინაგანი ბუნების სიღრმეს. ამგვარი რამ მხოლოდ ასმათს შეეძლო ეთქვა ავთანდილისათვის და მუნათიც ცხადად ეკადრებინა:
,,შენ უმართლე ხარ, ემდურვე, შენ გაეყარე ძმობილსა
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვით რა გიამბო ცნობილსა
ამას მით ვამბობ, მინახავს, მე უბედურსა შობილსა“
ასმათის სიბრძნე ამ შემთხვევაში ცხოვრების ტკივილით დანაპურები, ტარიელთან ერთად ,,გამოქვაბულში თანაცხოვრებით“ შეძენილი სიბრძნეა, ასმათმა ტარიელის ცხოვრებითა და გვემით იცხოვრა ფიზიკურადაც, მართალია ავთანდილის მოყვასის არ დამვიწყებელი რწმენის რაინდია, მაგრამ რაც უნდა ძლიერ გიყვარდეს ადამიანი, რაც უნდა ერთგულებით იყო მისადმი გამსჭვალული, დრო და სივრცე მაინც შობს ,,რაღაც შორეულს“, რომელიც გიშლის ჩაწვდე მოყვასის შინაგან ფსიქოლოგიურ არსს. ისიც ხომ ცნობილია, რომ ყოველი ადამიანი, მეორე ადამიანის მდგომარეობას საკუთარი ,,სადგომიდან“, საკუთარი მე-ს ცნობიერი მდგომარეობიდან ჭვრეტს. ამიტომაც შეუძლებელია არაბეთიდან დაბრუნებულმა ავთანდილმა, მიუხედავად ბუნება ზეარსობისა, ტარიელის მდგომარეობა განჭვრიტოს ისე, როგორც ეს შეუძლია გამოქვაბულში მყოფ ასმათს. ამიტომაც ასმათსავე აქვს უფლება ავთანდილს განუცხადოს:
,,თვით როცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: ,,სხვა სხვისა ომსა ბრძენია“. აქ ასმათის ერთი იდუმალი ფუნქციაც იკითხება: იგი ღვთის სიმშვიდის და წონასწორობის მატარებელია თავის-თავში, რითაც ძალუძს თავისი დუმილიანი თუ სიტყვიერი განაცხადით გარშემო მყოფთ თავის ნამდვილ ადამიანურ დანიშნულებაზე მიანიშნოს. იგი ასე ვთქვათ ,,აბრუნებს“ ტარიელს ,,ტარიელობასთან“, ავთანდილს- ავთანდილობასთან. ხოლო, როცა მეგობრის მოსაყვედურე ავთანდილს განუცხადა: ,,ქმნენ რაცა შენი ფერიაო“, ამით ისიც განუცხადა: – შენ ავთანდილი ხარ. შენ მოყვასისათვის თავგანწირვა აგამაღლებს“და არა საყვედური მოყვასისადმიო.
,,ესე არაკი მართალი ჩანს, ქვასა ზედა წერია,
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია
აწ ზაფრანია ვის წინა ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია
თუღა მონახავ, მონახე, ქმნენ, როცა შენი ფერია“.
ასმათისა და ავთანდილის ამ ,,შესიტყვებისას“ ფსიქოლოგიური და აზრობრივი უპირატესობა აშკარად ასმათის მხარეზეა. ამას ავთანდილიც აღიარებს და თავის ჭეშმარიტ მე-სთან შერწყმული განაცხადებს:
,, სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ ტანისა“.
ასე რომ ავთანდილთან ამ შეხვედრისას ასმათის ასმათობამ ავთანდილის ავთანდილობა განაპირობა .
… ასე თანდათან ირკალება რწმენისა და სიყვარულის გზები ასმათის გარშემო. ასმათი კი უმეტესად დუმს, მისი წმინდა ცრემლის მადლით თითქოს დნება გამოქვაბულის კედლები…
… ბოლოს სძლია ბოროტს კეთილმან, რისი გამარჯვებაც ასე ღვთიური სიმშვიდით სწამდა გამოქვაბულის ბნელში მყოფ ასმათს. სულიწმინდას მადლი გაეფინა გამარჯვებულ სიყვარულს და ასმათმაც განაცხადა:
,, ასმათ ჰკადრა: მადლი ღმერთსა , ვარდი ვნახენ არ დაზრულნი,
ბოლოს ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,
სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი
სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ – ყმანი მოყვარულნი“.
დასკვნის სახით:
ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად გაგვეშუქებინა ,, ვეფხისტყაოსნის“ ყველა ის თავი თუ სტროფი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოგვიდგენს ასმათს, ნაწარმოების ერთ-ერთ ყველაზე უფრო იდუმალ, სულიწმინდას მადლით მოსილ პერსონაჟს.