სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მეთოდოლოგიური მოთხოვნები მოსწავლეთა შეფასების ინსტრუმენტებისა და წესების მიმართ

 

ეროვნული სასწავლო გეგმის შესავალ ნაწილში შეტანილი ზოგიერთი ცვლილება სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას ეხება და ძირითად მეთოდოლოგიურ ორიენტირებს განსაზღვრავს, ის ასევე არსებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა შეფასების შინაარსსა და პროცედურებზეც. მაგალითად:

  1. ესგ 2011-16 წლების ვარიანტში აქცენტი დასმულია მოსწავლეზე/პიროვნებაზე და შედეგზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესზე, როგორც დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირების ეფექტურ საშუალებაზე. 2017-23 წლების ვერსიაში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას. კერძოდ, მისი მოთხოვნაა, რომ „მოსწავლის შეფასება იყოს სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს“.

  1. ესგ 2011-16 წლების ვარიანტის მიხედვით სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და რომელიც მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებასა და შეხედულებებს ეფუძნება.  2017-23 წლების ვერსიაში კი დაფიქსირებულია, რომ სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. კერძოდ, მის მიხედვით „მოსწავლის შეფასების ძირითადი ამოცანაა: ა) მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესის მიმდინარეობისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების ჩვენება“.

  1. ესგ 2011-16 წლების ვარიანტის მიხედვით, განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად სკოლამ მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას. 2017-23 წლების ვერსიაში სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას; სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). კერძოდ, მის მიხედვით „მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა; ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში“.

განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისი მეთოდოლოგიური მოთხოვნები მოსწავლეთა შეფასებისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი დავალებებისა და მათი რელევანტური რუბრიკების მიმართ შეიძლება დაიყოს ხუთ ნაწილად: შეფასების მიზნების ფორმულირებები, დავალების დიზაინი (შერჩევის ან შექმნის შედეგად), რუბრიკის დიზაინი,  შეფასების ადმინისტრირების წესები და ქულების მინიჭების ან ნიშნების დაწერის სისტემა.

შეფასების მიზნებთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ:

  1. მათში უნდა აისახოს არსებითი ცოდნა და სხვა სახის კომპეტენციები, რომლის ფლობა ფასეული და ნაყოფიერია მოსწავლეებისთვის;
  2. მათში უნდა აისახოს სწავლის გაზომვადი შედეგები;
  3. მათ უნდა დააკვალიანონ მასწავლებელი შემაჯამებელი დავალების/აქტივობის შერჩევაში.

ამასთანავე, შემაჯამებელი დავალება:

  1. უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს;
  2. არ უნდა ამოწმებდეს შემთხვევით, წინასწარ განზრახული კომპეტენციების მიღმა/გარეშე მახასიათებლებს;
  3. უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი;
  4. მოსწავლეს უნდა სძენდეს ღირებულ სასწავლო გამოცდილებას.

რუბრიკების მიმართ მოთხოვნები ასეთია:

  1. რუბრიკაში კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს მიზნებსა და დავალებას;
  2. კრიტერიუმები ფორმულირებული უნდა იყოს მოსწავლის დაკვირვებადი ქცევის ან მის მიერ შექმნილი პროდუქტის მახასიათებლების ენაზე;
  3. რუბრიკები დაწერილი უნდა იყოს მარტივ, მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე;
  4. რუბრიკის მიხედვით მისანიჭებელი ქულები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული;
  5. სხვადასხვა ქულების მინიჭების წესი სრულიად ცალსახა და ცხადი უნდა იყოს;
  6. კრიტერიუმების ფორმულირება უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი.

შეფასების ადმინისტრირებაში იგულისხმება:

  1. დავალების შინაარსთან და შესრულების წესთან დაკავშირებით ცხადი და მოსწავლეებისთვის გასაგები ინსტრუქციების მიწოდება;
  2. დავალების შესრულებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა;
  3. მოსწავლეებისთვის რუბრიკების წინასწარ გაცნობა.

ქულების მინიჭების, მათი განმარტებისა და გამოყენების მიმართ მოთხოვნები წარმოადგენს რუბრიკის სპეციფიკურ მახასიათებლებს:

  1. ორმა დამოუკიდებელმა შემფასებელმა რუბრიკის გამოყენების შედეგად ერთი მოსწავლის ნამუშევარისთვის ერთი და იგივე ქულების მინიჭება უნდა შეძლოს;
  2. ერთმა და იმავე შემფასებელმა სხვადასხვა დროს რუბრიკის გამოყენების შედეგად ერთი და იმავე ქულების მინიჭება უნდა შეძლოს;
  3. ქულების მინიჭებაში დახმარების მიზნით შემფასებელს ხელი უნდა მიუწვდებოდეს დავალების შესრულების ნიმუშზე;
  4. მოსწავლის ნამუშევრისთვის საბოლოო, ჯამური ქულის მინიჭების ან ნიშნის დაწერის წესი რუბრიკასთან კავშირში სრულიად ცხადად უნდა იყოს წარმოდგენილი;
  5. შეფასების შედეგები ადვილად გამოყენებადი უნდა იყოს სწავლების და შეფასების გაუმჯობესების მიზნით.

მაგალითად, მათემატიკაში მოსწავლის შეფასებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტის მახასიათებლები ასე წარმოგვიდგება:

დავალება მნიშვნელოვანია – შეესაბამება ესგ მოთხოვნებსა და საგნობრივი პროგრამის შედეგებს, მოითხოვს არსებით მათემატიკურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მოსწავლეებს უბიძგებს ააგონ, დახვეწონ ან გამოიყენონ მნიშვნელოვანი მათემატიკური მოდელები;

დავალება ათენტურია – მოიცავს უშუალოდ მათემატიკის აზრიან, საყოფაცხოვრებო გამოყენებას, არ არის ხელოვნურად შეზღუდული ამოხსნის მხრივ (მრავალნაირად შეიძლება ამოიხსნას/შესრულდეს);

დავალება მიუკერძოებელია – განსხვავებული მიდრეკილებებისა და პროფილის სტუდენტებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ნიჭის გამოსავლენად და მოსწავლეებს პრობლემის გადასაწყვეტად საკუთარი გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ;

დავალება მრავალწახნაგიანია – მოიცავს პოტენციალს განვრცობისა და კავშირების გამოვლენისთვის და მოსწავლეებისგან ფორმულების საფუძველმდები იდეების გააზრებას მოითხოვს;

დავალება დაძლევადია – მოსწავლისთვის ასაკობრივად/განვითარების დონის შესაფერისია, შესრულებადია და არ გამოიწვევს სტრესს;

დავალება ცხადია – გარკვეულია, რას ითხოვს იგი მოსწავლისგან;

დავალების შესრულების შემდეგ შესაძლებელია ნამუშევრისთვის ქულების მინიჭება – დავალების თანმხლები რუბრიკა ადვილად გამოყენებადია;

დავალება მოსწავლის აქტიურობას მოითხოვს – მოსწავლე ასრულებს სამუშაოს და იღებს გადაწყვეტილებებს ან ურთიერთობს სხვებთან, იყენებს მათემატიკურ მოდელებს პრობლემის წვდომისა და გადაჭრისთვის;

დავალება ხელმისაწვდომია მოსწავლეთა ფართო ფენებისთვის – მოსწავლეთა მათემატიკური შესაძლებლობების ფართო სპექტრის არსებობის შემთხვევაშიც კი ყველა მოსწავლეს ძალუძს დავალებაზე აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა.

შეფასების ამგვარი ინსტრუმენტის შესაქმნელად მიზანშეწონილია მასწავლებელმა იხელმძღვანელოს გარკვეული ინსტრუქციით, რომლის შესრულებისთვის მან უნდა შეავსოს ქვემოთ მოტანილი სქემა შესაბამისი განმარტებების საფუძველზე (იხ. ქვემოთ).

შეფასებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტის შექმნისთვის შესაფერისი სქემა

თემა:                                                            საკითხი:

 

კლასი:

 

ძირითადი ცნებები:

 

საგნობრივი უნარ-ჩვევები:

 

დავალების ფორმულირება ან მონახაზი:

 

არის თუ არა მოსწავლისთვის გასაგებად ჩამოყალიბებული?

კრიტერიუმები დავალებისთვის (დავალების გზამკვლევი):

 

რა კომპონენტებისგან შედგება დავალება?

რა გსურთ, რომ წარმოაჩინონ, ახსნან ან შექმნან მოსწავლეებმა?

დრო დავალების შესრულებისთვის:

 

დავალების შესრულებისთვის გამოყავით ადეკვატური დრო?

 

რუბრიკა ან/და შეფასების სქემა:

 

რის საფუძველზე ან რომელი მტკიცებულებების მიხედვით დაასკვნით, რომ მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი დავალებას?

როგორ გამოიყურება სანიმუშო ამოხსნა ან/და პროდუქტი?

ამ სქემის ნაყოფიერად შევსებისთვის მიზანშეწონილია უპასუხოთ შეკითხვებს:

ძირითადი ცნებები – რომელი საკვანძო ცნებები და „დიდი“ იდეები უნდა იცოდეს მოსწავლემ?

მათემატიკური უნარჩვევები – რომელ უნარ-ჩვევებში უნდა წარმოაჩინოს გაწაფულობა მოსწავლემ?

არსებითი შეკითხვები – რა შეკითხვების დასმაა საჭირო, რომ მოსწავლემ პასუხად წარმოაჩინოს ძირითადი ცნებებისა და მათემატიკური უნარ-ჩვევების ურთიერთდაკავშირებული კომბინაცია? მოსწავლეთა ნაშრომებში უნდა წარმოჩნდეს პასუხი ამ კითხვაზე. მაგალითად, თუ ძირითადი ცნებაა შკალის მასშტაბი, ხოლო უნარ-ჩვევაა შკალის მასშტაბის პოვნა პროპორციული დამოკიდებულების შემცველ ვითარებაში, მაშინ არსებითი შეკითხვა იქნება: როგორ გამოიყენებს შკალის მასშტაბს უცნობი ზომის საპოვნელად პროპორციული დამოკიდებულების შემცველ ვითარებაში?

დავალების ფორმულირება ან მონახაზი – მოსწავლეს რამდენიმე წინადადებით ან აბზაცით უნდა ავუხსნათ, რაშია პრობლემა და რა უნდა გააკეთოს მან. იგი შეიცავს ცხად გამოწვევას მოსწავლეებისთვის, რომ მათ რაც შეიძლება სრულად და ზუსტად მოახდინონ თავიანთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირება მნიშვნელოვან მათემატიკურ იდეებთან დაკავშირებით.

დავალების შესრულების კრიტერიუმები – რა სამუშაოების შესრულებაა საჭირო სრული ოსტატობისა და გააზრებისთვის? როგორ უნდა შესრულდეს დავალება – ინდივიდუალურად, წყვილში თუ ჯგუფურად? როგორ უნდა გაფორმდეს ნამუშევარი?

ქულების მინიჭება – რაგვარად შესრულებულ ნამუშევარს მიენიჭება უმაღლესი ქულა, როგორც სამაგალითოს?

ვიმედოვნებთ, რომ მოცემულ ნაშრომში მოტანილი რეკომენდაციები წაადგება ხარისხიანი შეფასების ინსტრუმენტების შექმნასა და დანერგვას სასწავლო პროცესში, რომელიც განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე წარიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“