სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ მოქმედებს ბავშვზე სკოლის გამოცვლა

მას შემდეგ, რაც ბავშვი სასკოლო ასაკს მიაღწევს, ნებისმიერი მშობლის უმთავრეს საზრუნავად შვილისთვის საუკეთესო სკოლის პოვნა  იქცევა. ისინი ძალასა და ენერგიას არ იშურებენ, უსმენენ უკვე „გამოცდილ“ მშობლებს, ეძებენ სკოლას, სადაც მათი შვილი კომფორტულადაც იგრძნობს თავს და კარგ განათლებასაც მიიღებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მშობლების პირველი მცდელობა მარცხით მთავრდება, სკოლა ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ელოდნენ და ისინიც იწყებენ ახალი სკოლის ძებნას. როდესაც ერთ ქალბატონს ვკითხე, რომელ სკოლაში სწავლობდა მისი ათი წლის ბიჭუნა, მან თავმომწონედ მიპასუხა, რომ მის შვილს უკვე სამი სკოლა ჰქონდა გამოცვლილი. „თავდაპირველად რომელიც შევარჩიე, ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, ამიტომ სხვა სკოლაში გადავიყვანე, თუმცა ეს იმაზე უარესი გამოდგა, ამიტომ სკოლა ისევ გამოვიცვალეთ. ეს კი სჯობია დანარჩენებს, მაგრამ ბავშვი კომფორტულად ვერ გრძნობს თავს და ვფიქრობ, ისევ სხვაგან ხომ არ გადავიყვანო“, –  მითხრა ქალბატონმა.

სტატიაში წამოჭრილი საკითხის განხილვამ ზოგიერთი მშობელი შესაძლოა გააოცოს – მათ მიაჩნიათ, რომ სკოლის გამოცვლაში არაფერია განსაკუთრებული: „ეს ხომ ზრდასრული ადამიანი არ არის, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდეს; ბავშვია, ადვილად შეეგუება ახალ მეგობრებს“. სინამდვილეში ეს პროცესი არცთუ ისე უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. სკოლის შეცვლა ძლიერი ფსიქოემოციური სტრესია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის. ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ეცემა მისი აკადემიური მოსწრების დონე, რთულდება ურთიერთობა მშობლებთან, პედაგოგებთან, თანატოლებთან. უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები მწვავედ განიცდიან მასწავლებლის შეცვლას – მასწავლებელი ხომ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მათთვის. შესაძლოა, იმისაც ეშინოდეთ, რომ ახალ მასწავლებელს ვერ შეეგუებიან. მოზარდებისთვის თანატოლთა წრე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ გარდამავალ ასაკში მყოფი მოსწავლე თანაკლასელებთან დაშორებას და თანატოლთა ახალ წრეში დამკვიდრებას უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე პედაგოგების შეცვლას, თუმცა თუ ძველ სკოლაში იყვნენ მასწავლებლები, რომლებთანაც მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ესეც სერიოზული დანაკარგი იქნება მისთვის. საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ იმ სკოლის გამოცვლა, სადაც ბავშვი უკვე რამდენიმე წელია სწავლობს, ჰყავს მეგობრები, იცნობს ყოველ კუთხე-კუნჭულს, დიდი გამოცდაა მისთვის. ბავშვს ახალ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლაში რომ დავეხმაროთ, კარგად უნდა გავაანალიზოთ სკოლის შეცვლის ძირითადი მოტივები, ვინაიდან ჩვენ მიერ შერჩეული დახმარების სტრატეგიები და ადაპტაციის თავისებურებები უშუალო კავშირშია ამ მოტივებთან.

სკოლის შეცვლის ძირითადი მოტივები და რეკომენდაციები ახალ გარემოსთან უმტკივნეულო ადაპტაციისათვის

  • სკოლის შეცვლა ხშირად საცხოვრებელი სახლის შეცვლას მოჰყვება. ვინაიდან ახალი სახლი დიდი მანძილით არის დაშორებული ძველ სკოლას, მშობელი საჭიროდ მიიჩნევს, და არცთუ უსაფუძვლოდ, ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანას.
  • ზოგჯერ მშობელს ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანა ცალკეული საგნების გაძლიერებული შესწავლისთვის სურს. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბავშვის ცოდნას და უნარებს ამ დისციპლინაში, რათა მან ახალ გარემოში წარუმატებელი მოსწავლის სტატუსი არ დაიმკვიდროს.
  • არის შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვისთვის სკოლის შეცვლის აუცილებლობის წინაშე აყენებს კონფლიქტური სიტუაცია. მასწავლებელთან ან თანაკლასელებთან წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზად ზოგჯერ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა მიიჩნევა. ოღონდ ეს უკანასკნელი ნაბიჯი უნდა იყოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავდგათ, თუ ყველა სხვა ხერხი ამაო აღმოჩნდა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავეხმაროთ ბავშვს, თავი გაართვას ცხოვრების ახალ პირობებს. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ახალ სკოლაში, ახალ გარემოში ბავშვი აღარ შეეჯახება იმ სირთულეებს, რაც ძველ სკოლაში ჰქონდა, სწავლას მოუმატებს და ქცევაც შეეცვლება. ამას რომ მიაღწიონ, მშობლებმა შვილთან სერიოზული სამუშაო უნდა გასწიონ. სკოლის შეცვლა მოსწავლეს არ ცვლის – იცვლება მხოლოდ გარემო, და თუ ბავშვის ქცევის მოდელი ადრინდელი დარჩა, უთანხმოება, დიდი ალბათობით, ახალ სკოლაშიც იჩენს თავს. ამიტომ უნდა დავეხმაროთ მას პრობლემის მიზეზის პოვნაში, მის გაცნობიერებასა და გაანალიზებაში.
  • სასურველია, ბავშვმა მშობლებისგან წინასწარ მიიღოს ინფორმაცია სკოლის შეცვლის აუცილებლობისა და მოტივების, ასევე – ახალ სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებული სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.
  • დავეხმაროთ ბავშვს ძველ მეგობრებთან ურთიერთობსი შენარჩუნებაში.
  • დავანახოთ ის დადებითი მხარე, რაც ახალ სკოლაში სწავლას ექნება.
  • დავეხმაროთ, ახალ სკოლაშიც იპოვოს ადგილი თანატოლთა წრეში. გავითვალისწინოთ, რომ იქ მას დახვდება უკვე ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელში თავის დამკვიდრებაც ადვილი არ იქნება.
  • სასურველია, ახალ მასწავლებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილის თავისებურებების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ეს პედაგოგს დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მოსწავლის ესა თუ ის თვისება მაინც ვერ დაიმალება, წინასწარ ინფორმირებული მასწავლებელი კი უფრო ადვილად მოახერხებს სირთულეების თავიდან აცილებას.
  • არის შემთხვევები, როცა ძველ სკოლაში ბავშვი ისეთ კლასში სწავლობდა, სადაც ადვილად იღებდა მაღალ ქულებს, ახალ გარემოში კი მას უჭირს სასურველი შეფასების მიღება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ვიღონოთ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და სასწავლო მოტივაცია არ დაუქვეითდეს. აღვნიშნოთ და სათანადოდ დავაფასოთ მისი ყოველი მცდელობა და წარმატება. თუ საჭირო გახდა, დამატებითი მეცადინეობებითაც დავეხმაროთ.
  • ერთხანს ნუ დავტვირთავთ არასასკოლო მეცადინეობებით – წრეებით, სპორტული სექციებით.
  • ბავშვის თანდასწრებით ნუ განვიხილავთ ძველი და ახალი სკოლების ღირსებებს, ნაკლოვანებებს, პედაგოგებს, სასკოლო პროგრამებს.
  • ნება დართეთ შვილს, სტუმრად მოიწვიოს ახალი თანაკლასელები, დაეხმარეთ მეგობრების შეძენაში.
  • გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს ახალ გარემოსთან ადაპტაციის მკაფიოდ განსაზღვრული ვადა. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად გადის ამ პერიოდს. საკუთარ თავში დაურწმუნებელ და მშფოთვარე ბავშვებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ ახალ სკოლასთან შესაგუებლად, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.

ვიმედოვნებთ, ზემოაღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება მშობლებს, რომელთა შვილები ახალ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში არიან; ხელს შეუწყობს მათ, უმტკივნეულოდ გაატარონ შვილს ეს მნიშვნელოვანი პერიოდი, რათა ბავშვმა მალე დაუბრუნოს სულიერი სიმშვიდე ახალ გარემოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“