სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მკვდარი პოეტების საზოგადოება

ჩემო უძვირფასესო მოსწავლეებო,

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ არცერთხელ არ მიგრძვნია სკამზე გულაღმა დადებული ჭიკარტი. ხო ვითომ არაფერი, მაგრამ სინამდვილეში, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

საბედნიეროდ, თქვენ არ იცით, თუ რას ნიშნავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის სრულად წაშლილი სუბორდინაციის ზღვარი – დაუშოშმინებელი ღრიანცელის გამო კლასიდან გასული, დამცირებული მასწავლებელი, გაკვეთილის მსვლელობისას საკლასო ოთახში შემოგდებული აგური, ბრტყელტუჩათი შემოვარდნილი მოსწავლე და კიდევ ათასი სხვა რამ. გილოცავთ! თქვენ ასეთი რამ არ გინახავთ,  მე ნანახი მაქვს.

როცა ვფიქრობ, თუ რამ გამაბედინა 24 წლის ასაკში მასწავლებელი გავმხდარიყავი, ყოველთვის „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ მახსენდება. უფრო ზუსტად კი ის ეპიზოდი, როდესაც ალბუს დამბლდორი ცდილობს ჰორაციუს სლაგჰორნი ჰოგვარტსში დაბრუნებაზე დაიყოლიოს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს დირექტორს, ალბუსის მსგავსად, ჩემი დახმარებით რომელიმე ნიუტონელი ვოლდემორის შავ-ბნელი საქმეების გაშიფვრა სურდა. არა. უბრალოდ, ისე აეწყო, რომ გიორგი მელაძე ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ეტაპების მაპროვოცირებელი აღმოჩნდა და მასწავლებლობაც ასე, თვალსა და ხელს შუა შემომაპარა. თუკი დამბლდორის სატყუარა იყო სახელგანთქმული ბიჭი, რომელიც სასიკვდილო შელოცვის მერე გადარჩა, მელაძის სატყუარა იყავით თქვენ – ბიჭები და გოგონები, რომლებსაც წერა და ინტელექტუალური თამაშები გაინტერესებდათ და მან იცოდა, რომ ერთიც და მეორეც ჩემი სუსტი წერტილები გახლდათ.

ამ შემოთავაზების დროს „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ გამახსენდა – ენერგიითა და ოცნებებით თავგამოტენილი ახალგაზრდები და მათი უცნაური მასწავლებელი – მისტერ კიტინგი (ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო), მისი სწავლების არატრადიციული მეთოდები, სახელმძღვანელოდან ამოხეული გვერდები, სტროფები, რომლებიც თაფლისავით წვეთავდა ამ კლასში გაერთიანებული ადამიანების ენებიდან, ძველი ინდიელების გამოქვაბული… ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო ჩანდა, რომ შეუძლებელი იყო უარი მეთქვა მასზე და შედეგად ერთი დაუვიწყარი წელი გავატარე თქვენთან ერთად. ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ, ბევრი ვიკამათეთ, ბევრჯერ არ დავეთანხმეთ ერთმანეთს, ბევრჯერ ვაპატიეთ, ბევრჯერ ვაწყინეთ, ბევრჯერ ვაამეთ, მაგრამ არცერთხელ არ დაგვირღვევია ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ზღვარი – ის, რომელზეც წეღან ვამბობდი.

მისტერ კიტინგის და მკვდარი პოეტების საზოგადოების წევრების არ იყოს, ამ სასიამოვნო თავგადასავალსაც ჰქონია თავისი დასასრული, თანაც უცაბედი. არადა, რამდენი დამრჩა თქვენთვის სათქმელი.

ნუცა, შენთვის მინდოდა მეთქვა, რომ უსინდისობაა იყო ასეთი მგრძნობიარე, შეგეძლოს ასეთი სიყვარული, ასე განიცდიდე ყველას ყველას მწუხარებას, ასე გახარებდეს ყველას წარმატება და არ წერო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის წერის სურვილი გტანჯავს. მაშინ შევცდი, როცა გითხარი არ შეიძლება „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ არ მოგწონდეს – მეთქი. დანიელ პენაკი სვამს შეკითხვას: „განა შეიძლება „ანა კარენინა“ არ მოგწონდეს?“ – და თავადვე პასუხობს – „შეიძლება“. გარსია მარკესს უნდოდა, რომ ის უკლებლივ ყველას ჰყვარებოდა თავისი შემოქმედების გამო. ყველა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ თუკი წერას განაგრძნობ, ისინი აუცილებლად შეგიყვარებენ, ვინც შენ გინდა, რომ შეგიყვარონ – იმ მუსიკალური ბენდის სოლისტს ვგულისხმობ, სახელი რომ ვერა და ვერ დავიმახსოვრე.

ლიზა… სიმართლე გითხრა, როცა მითხარი ნოდარ დუმბაძე ჩემი დიდი ბაბუა იყოო, ცოტა შემრცხვა, წერის გაკვეთილები რა ნამუსით ჩავუტარო – მეთქი. გახსოვს? ჰემინგუეს მოკლე მოთხრობები წავიკითხეთ და ვცადეთ გაგვემეორებინა. შენ მაშინაც ცდილობდი იოლი გზები გეპოვნა, ფიქრი გეზარებოდა. არადა, რა ამბავი დაწერე ოთახში გადმოღვრილ ხუჭუჭა ბავშვის თმაზე?! მთელი დღე თავიდან არ ამომდიოდა. ნუ დაიზარებ, დაიწყე იმ დიდი ამბის მოყოლა, რომელზეც მაშინ მითხარი. შეცდომების დაშვების ნუ შეგეშინდება. ამ დალოცვილ კლავიატურას ერთი საოცარი ღილაკი აქვს Delete აწერია. შეგეშლება? ადგები და წაშლი.

მარიამ, Facebook-ზე შენს მოთხრობას წავაწყდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ცხონებული კაცი რომელიმე თქვენგანს მაინც მისცემდა შთაგონებას და არც შევმცდარვარ. ხომ გახსოვს? თუ კარგად დააკვირდები, მშვენიერი მძინარე ქალის თვითმფრინავშიც აღმოჩნდები.

ივა, ჯორბენ, გიორგი, ლუკა – მეტი რა გითხრათ, მუშკეტერები ხართ და ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწორი საქმისთვის იბრძოლებთ.

გიორგაძე, გულის სიღრმეში შენს ხუმრობებზე მეცინებოდა.

ნიკუშ – შენსაზეც.

ლაშა, მაპატიე, რომ ჯორბენას გუნდში გსვამდი ხოლმე.

ლუკა, მოპარსული ულვაში გიხდება.

სექტემბერში, თქვენი დირექტორი ახალ მასწავლებელს მოგიყვანთ. არ შემარცხვინოთ, ნენა. ცრემლი არ დამანახოთ, კარგად მოიქეცით, ყველაფერი ჩაიწერეთ და ბევრი შეკითხვა დაუსვით.

…და, თუკი ყველაფერზე ვერ გიპასუხათ, არაუშავრს. ბოლო-ბოლო, ყველა ჩემნაირი ხომ ვერ იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“