ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვის ემოციებზე ორიენტირებული სკოლა

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, იუნესკო, მოითხოვს, ემოციური წიგნიერება სკოლის კურიკულუმის ნაწილი გახდეს. სხვებს სასწავლო პროგრამა ისედაც გადატვირთულად მიაჩნიათ. მაშ, უნდა გამოიძებნოს თუ არა დრო სკოლაში ემოციური ინტელექტის განსავითარებლად?

რომელი ინტელექტია უკეთესი – გონებრივი თუ ემოციური? თავად ვხედავთ, პოზიტიური ემოციების მქონე ადამიანები რა იოლად პოულობენ საზოგადოებაში ადგილს. ხშირად ისიც კი გვიფიქრია: ნუთუ მართლა ასე დადებითად აფასებენ ყველაფერს? ან იქნებ, უბრალოდ, იციან, რომ ამგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებით სოციალურ კიბეზე უფრო ზემოთ აიწევენ?

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს იშვიათად ეუფლებათ დეპრესიული განწყობა, ადვილად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს, არ ეტანებიან ალკოჰოლს, არ ახასიათებთ უარყოფითი ემოციები, ნაკლებად აწუხებთ ფსიქიატრიული პრობლემები და, საზოგადოდ, კმაყოფილნი არიან იმით, რასაც ცხოვრება სთავაზობთ.

ასეა თუ ისე, ემოციების მართვას ბავშვობიდან ასწავლიან. „არ იტირო, სირცხვილია“, – ეტყვიან ბავშვს და ისიც ცრემლებს ყლაპავს. არავინ ეკითხება, რამ აატირა. მერე იტყვიან, უმიზეზოდ ტიროდაო. უმიზეზოდ კი არაფერი ხდება. ასე გაზრდილი ბავშვი ან ისწავლის ემოციების მართვას, ან ვერა. საკუთარ ემოციებში არათუ ბავშვები, ხშირად ზრდასრულებიც კი ვერ ერკვევიან.

ბევრმა სკოლამ, რომელსაც ინოვატორობის პრეტენზია აქვს, უკვე დანერგა ემოციური წიგნიერების გაკვეთილები: მოსწავლეები სკამებს წრეზე ალაგებენ და სხდებიან; მასწავლებელი თითოეულ მათგანს ეკითხება, როგორ გრძნობს თავს; ბავშვები მორიგეობით გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებს და განმარტავენ, რატომ აქვთ ასეთი შეგრძნება. ვისაც გრძნობების გაზიარება არ სურს, არ აიძულებენ.

ზოგ სკოლაში საკლასო ოთახების კედლებზე გამოკრულია ბავშვებისსურათებიანი პოსტერი. გაკვეთილის დასაწყისში და დასასრულს მოსწავლეები მიდიან თავიანთ სურათებთან და მის ქვეშ შესაბამისი ემოციის გამომხატველ ილუსტრაციას ამაგრებენ. მასწავლებელი აკვირდება ბავშვის ემოციების ცვალებადობას.

ასე ისწავლება განცდისთვის სახელის დარქმევა. დანიელ გოლემანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის „ემოციური ინტელექტის“ პოპულარიზაციაში, წერს, რომ ემოციისთვის ზუსტი სახელის მისადაგება შინაგანი სამყაროს შეცნობას ნიშნავს, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და ემოციების მართვის საწინდარია.

მართალია, ტერმინი „ემოციური ინტელექტი“ გოლემანმა გააცნო მსოფლიოს, მაგრამ ფსიქოლოგიაში მისი შემოტანა პიტერ სოლოვეისა და ჯონ მაიერის დამსახურებაა. დღეს ეს ცნება კამათის საგანია. ბევრი მას კომპეტენციად ან პიროვნულ თვისებად მიიჩნევს. სოლოვეი და მაიერი ასაბუთებდნენ, რომ საქმე გვაქვს უნარ-ჩვევასთან, რომლის დასწავლაც შესაძლებელია. მათი განმარტებით, ემოციური ინტელექტი არის ემოციების ამოცნობის, ამ ცოდნის გამოყენების და საკუთარი და სხვისი ემოციების მართვის უნარი.

 

როგორ განვუვითაროთ ბავშვებს ემოციური წიგნიერება?

გოლემანი მიიჩნევს, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ საკუთარ შეგრძნებებზე დაფიქრება.

ოდითგანვე ცნობილია, რომ საკუთარი თავის შეცნობა – შინაგან სამყაროში აღძრული ფიქრებისა და გრძნობებისკენ ყურადღების მიმართვა – საკუთარი თავის მართვაში გვეხმარება. ფორიაქის დროს ყურადღებას თუ შინაგან სამყაროზე გადავიტანთ, მის მართვასაც შევძლებთ.

თავის ტვინი ახალ–ახალი გამოცდილების შეძენის კვალობაზე, გამუდმებით ვითარდება. ტვინის განვითარება ბავშვებთან განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს. 20 წლისთვის თავის ტვინის სტრუქტურა ფაქტობრივად ბოლომდეა ჩამოყალიბებული. ახალი გამოცდილება თავის ტვინის ნეირონების, ქსელის გააქტიურებას იწვევს, ეს კი ნეირონულ ქსელში ჩართული უჯრედების კავშირებს ან ასუსტებს, ან აძლიერებს. უჯრედშორისი კავშირების ამგვარ ცვლილებებს ნეიროპლასტიკურობას უწოდებენ და მეხსიერების საფუძვლად მიიჩნევენ.

ცნობილია, რომ ადამიანს გონება ხშირად ეფანტება და დიდხანს არ შეუძლია ერთ საკითხზე კონცენტრირება. თუ განსაზღვრულ საკითხზე ფიქრს გადავწყვეტთ, თანაც ისე, რომ გონება სხვაგან არ გაგვექცეს, როგორც კი შევამჩნევთ, რომ სხვა რამეზე ვფიქრობთ, მაშინვე შერჩეულ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, ოღონდ ამისთვის ჯერ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სხვაზე გადავედით.

ეს ერთგვარი სავარჯიშოა თავის ტვინისთვის, ტრენაჟორებზე მუცლის სწორი კუნთის ვარჯიშის მსგავსი, ოღონდ ის გონებრივ „სპორტულ დარბაზში“ მიმდინარეობს და ყურადღების მოკრებას და ხელის შემშლელი ფაქტორების იგნორირებას გვასწავლის.

ნეიროპლასტიკურობა ვითარდება ნებისმიერი სოციალური და ემოციური დასწავლის დროს. ემპათიისა და საკუთარი თავის მართვის უნარიც შინაგანად ვითარდება და ყალიბდება ბავშვობასა და მოზარდ ასაკში.

ბავშვებს გაკვეთილებზე შეიძლება ვასწავლოთ იმპულსების შეკავება, განსაზღვრულ საკითხზე ფოკუსირება და ხელის შემშლელი ფაქტორების უგულებელყოფა. ამ უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეებს უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ.

დასწავლა საუკეთესოდ მაშინ მიმდინარეობს, როცა ირგვლივ სიწყნარეა და ადამიანი ყურადღებითაა. თუ აწყენინეს, მისი ყურადღება დასასწავლ თემას ასცდება და წყენის მიზეზზე გადაინაცვლებს. ამიტომ არის, რომ ბავშვებს გაკვეთილზე სიმშვიდე სჭირდებათ, რათა დასასწავლ საკითხზე ფოკუსირება შეძლონ.

ემოციური ინტელექტი ნიჭია, რომელიც ყველას არ დაჰყვება თან, მაგრამ ამ ნიჭის შეძენა შესაძლებელია. თუ ემოციებში გარკვევას ვასწავლით, ბავშვებს ნამდვილად გავუადვილებთ ცხოვრებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Daniel Goleman. We Should Be Teaching Emotional Literacy in Schools
  2. Jochen Paulus. Eine emozionale Debatte
  3. Reinhard Pekrun. Emotionsand Learning.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“