ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

პროცენტები სესხებზე – კომპლექსური დავალება

0

„ფულის სესხება უფასო არ არის“

პროცენტი რომ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამას მაღაზიების დახლებზე მომრავლებული ფასდაკლების აბრებიც ცხადყოფს. თუმცა პროცენტი მხოლოდ 20%-იანი ფასდაკლება არ გეგონოთ, რომლის გამოთვლას მარტივი არითმეტიკა სჭირდება. როდესაც ვიწყებთ დაზოგვას, ან სესხი გვჭირდება, ან თუნდაც მცირე ბიზნესს ვგეგმავთ, მეტი მათემატიკაა საჭირო სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომაა მნიშვნელოვანი პროცენტი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გთავაზობთ საინტერესო კომპლექსური დავალების ბარათს მე-9 კლასელთათვის, რომელიც კონტექსტურია და ავტოსესხს შეეხება. ადამიანების უმეტესობა, ვინც მანქანას ყიდულობს ვერ იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის დროს, ხოლო ფულის სესხება უფასო არ არის და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა თანხებს იხდიან.

მიმართულება: რიცხვები

სამიზნე ცნება: პროცენტი

საკითხი: რთული პროცენტის გამოთვლა

თემა: სამომხმარებლო მათემატიკა

კლასი: მე-9

საკვანძო კითხვა:

  • როგორ უნდა შევაფასოთ (ავწონ-დავწონოთ) ფინანსურ მომსახურებასთან/პროდუქტთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები?
  • რატომ არის საჭირო გავერკვე სესხის პირობებში გადაწყვეტილების მიღებამდე?

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რთული პროცენტის გამოყენებას სესხის დათვლისას და მსჯელობის, ანალიზისა და გადაწყვეტილების უნარების განვითარებას.

შეფასების კრიტერიუმები: მოსწავლეს უნდა შეეძლოს

  • რაოდენობრივი მსჯელობის, რიცხვით გამოსახულებებთან მუშაობის დროს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა;
  • რიცხვების წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით. ათწილადს, წილადსა და პროცენტის დაკავშირება;
  • გამოთვლებთან და რაოდენობების შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა, პროცენტებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება;
  • რეალურ ცხოვრებაში, და ფინანსებში პროცენტის გამოყენება.

 

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები: მათ.საბ. 1; მათ,საბ 3; მათ.საბ, 4; მათ.საბ 6; მათ.საბ. 7

თემატური ერთეულის კლასში დამუშავების დროს 1-2 კვირის პერიოდში, ცხადია, როცა პროცენტის კონცეფცია გავიხსენეთ შესაბამისი პროცენტული გამოთვლებითა და ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების მაგალითებით, მეტი აქცენტი მქონდა გადატანილი შემდეგ საკითხებზე: მანქანის სესხი და ავტოსესხის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი; ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მანქანის ღირებულებაზე; ავტოსესხის პარამეტრები: შეძენის ფასი, წინასწარი გადახდა, საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური გადახდა, სესხის ვადა. Excel-ის ცხრილი -სასარგებლო ინსტრუმენტი; ავტომობილის მოდელების შედარება; სესხების პირობების შედარება.

სამივე კატეგორიის ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული და პირობისეული) შესამოწმებლად კი მოსწავლეებს ვთავაზობ შემდეგი სახის კომპლექსურ დავალებას ავტოსესხზე:

დავალების სათაური: პროცენტები სესხებზე -ავტოსესხი

დავალების პირობა:

დავითმა გადაწყვიტა მეორადი მანქანის შეძენა, სამუშაოდ (ტაქსი, გადაზიდვა, გაქირავება…), შერჩეული აქვს 2 ავტომობილი. დავითმა იცის, რომ მანქანის გამოყენების ღირებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი ფასით და გასათვალისწინებელია სხვა ხარჯები, როგორიცაა, სადაზღვევო პოლისი, საწვავი, სათადარიგო ნაწილები და ა.შ. მოეხმარე დავითს მომგებიანი გადაწყვეტილების მიღებაში.

დავითი მანქანის გამოყენებას ფიქრობს 10 წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 150 000 კმ-ს გაივლის. დავითი განიხილავს ბრენდის ორ მოდელს შემდეგი მახასიათებლებით

ბრენდი #1 #2
ღირებულება 21000ლ. 19000ლ.
პერიოდული მოვლის ღირებულება ავტომობილის ყოველ 15000კმ. გარბენზე 840 ლარი ავტომობილის ყოველ 10000კმ. გარბენზე 630 ლარი
გამოყენებული ბენზინის ღირებულება 1ლიტრი- 2.8ლ. 1ლიტრი- 2.8ლ.
საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე 5 ლ. 6 ლ.

 

დავითმა ასევე მოიძია ინფორმაცია რამდენიმე ბანკს, მიკროსაფინანსოსა და ფიზიკური პირის მიერ შემოთავაზებულ ავტოსესხების პირობებზე.

ფიზიკური პირი დათოს ასეთ პირობებს სთავაზობს:

ის მისცემს სესხს 4 წლის ვადით (მისაღებია დავითისთვის) წლიური 10%-ით. სესხის დაფარვის სქემა ასეთია: ყოველი წლის ბოლო დღეს სესხს დაერიცხება 10% (ანუ სესხის თანხა გაიზარდა). დავითმა ამის შემდეგ უნდა გადაიხადოს გარკვეული რაოდენობის თანხა. რა თანხა უნდა გადაიხადოს დავითმა, თუ მან ვალი ამ პრინციპით 4-ჯერ გადაიხადა, თანაბარი რაოდენობებით (4 წლის განმავლობაში დაფარა).

დავითს მოძიებული აქვს ზოგიერთი ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ავტოსესხის დაანგარიშების პირობები. პროგრამა თავად გთავაზობს სესხის დაფარვის გრაფიკს, საპროცენტო განაკვეთის, სესხის ვადისა და მოთხოვნილი თანხის შესაბამისად.

იხილეთ პირობები:

მარტივი ავტოსესხი – TBC Bank

https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/auto-loan

https://credobank.ge/products/auto-loan/

ავტო სესხი – დამატებითი ხარჯის გარეშე ! – Liberty Bank

შენი დავალებაა:

 

  • გამოთვალე რომელი ბრენდის ავტომობილის შეძენა სჯობს თუ დათოს უნდა ნაკლები ფულის დახარჯვა 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში.
  • გამოთვალე ფიზიკური პირის პირობებით, რა თანხის გადახდა მოუწევს დავითს ყოველწლიურად, 21000 ლარის სესხების შემთხვევაში? (ან 19000 ლარის სესხების შემთხვევაში).
  • გამოთვალე ფიზიკური პირის პირობებით რა თანხის გადახდა მოუწევს დავითს სულ, 21000 ლარის სესხების შემთხვევაში? (ან 19000 ლარის სესხების შემთხვევაში).
  • იპოვე, რამდენით აღემატება გადახდილი თანხა ფიზიკური პირის მიერ გაცემულ სესხს და სესხის რამდენ პროცენტს შეადგენს.
  • იპოვე რამდენით აღემატება გადახდილი თანხა ბანკების/საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხს და სესხის რამდენ პროცენტს შეადგენს.

(10% -იანი წლიური განაკვეთი. ვადა 48 თვე, სესხის თანხა 21000ლ.)

  • შეადარე შემოთავაზებული სესხის პირობები, გაითვალისწინე დამატებითი მომსახურება და სერვისები (მაგალითად დაზღვევა, რომელსაც ბანკი გვთავაზობს).
  • მიეცი დავითს რჩევა.

 

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე

·         თითოეული გამოთვლა წარმოადგინეთ ცხრილის სახით, ცხრილი ააგეთ ექსელში ან ვორდში (რა იქნება დარიცხვა თითოეულ შემთხვევაში ყოველი წლის ბოლოს, რომ ცხადად გამოჩნდეს ნაზრდი).

·         დარიცხვის შედეგად დაადგინეთ, რა ტიპის რიცხვებთან ასრულებთ მოქმედებებს? გამოთვლების შედეგად როგორ არის შესაძლებელი რიცხვების წარმოდგენა, ჩაწერა? როგორ უკავშირდება ერთმანეთს მთელი, წილადი და პროცენტი?

·         დაწერეთ რთული პროცენტით სარგებლის დარიცხვით გამოთვლის ალგორითმი, და ფორმულა, ასევე სრული თანხის მისაღები ფორმულა. და ახსენით, როგორ მოახდინეთ ფორმულირება.

·         როგორ გეხმარება ტექნოლოგიები (ასევე ექსელი) ზუსტი და მიახლოებითი გამოთვლების წარმოებაში.

·         რატომ არის პროცენტი მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

პრეზენტაცია წარმოადგინე რომელიმე ციფრულ საპრეზენტაციო პროგრამაში. ან ფლიფჩარტზე, შენთვის მოსახერხებელი ფორმით

რეკომენდაციები მოსწავლეებს:

რთული პროცენტის გამოთვლა

https://ka.khanacademy.org/economics-finance-domain/core-finance/interest-tutorial/compound-interest-tutorial/v/introduction-to-compound-interest

ინფორმაცია ავტოსესხზე

https://www.finedu.gov.ge/ge/avto-seskhi-1

 

 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, წარმოადგინეს საინტერესო პროდუქტები. მსჯელობდნენ არგუმენტირებულად გადაწყვეტილების შესახებ. დაინახეს პროცენტების ფინანსურ დაგეგმარებაში გამოყენების მნიშვნელობა.

გამოყენებული ლიტ-რა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum/mat-vii11/348

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-9 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meckhre-klasi/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქიმია თვით სიცოცხლეა?

0

როდესაც ვამბობ, რომ ქიმია თვით სიცოცხლეა, ზოგიერთები ეჭვის თვალით მიყურებენ. მავანი შესაძლოა, გულში იცინის კიდეც, მაგრამ გააჩნია, ჩემს ნათქვამს თქვენ როგორ გაიგებთ. სწორედ ამაშია მთელი არსი, თორემ მე კი ვიცი, რასაც ვამბობ… და თქვენ? თქვენ იცით კი, როგორ იგებთ? (ეს რიტორიკული შეკითხვა არაქიმიკოსებს ეხება).

სწორად გაგება-არ გაგების უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად, ავიცენამ დაწერა სიჯანსაღისა და ახალგაზრდობისთვის ახალი სისხლია საჭიროო, რადგან ფილოსოფიური ქვა სწორედ სისხლიაო.

სისხლიო?… დააჭყიტეს თვალები შარლატანებმა და საბრალო უსახლკაროებს და მარტოსულებს დაერივნენ. მთელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს ახალი სისხლის მისაღებ- შესასმელად.

შედეგი? შედეგმა არ გაამართლა, ძალიან ბევრი ახალი სისხლის სმას კიდეც შეეწირა.

არადა, ავიცენამ სრულიად უწყინარი რამ იგულისხმა. სისხლის განახლებაა საჭირო მოძრაობითო. ანუ, ივარჯიშეთო, იმოძრავეთო და თქვენივე სისხლი დაძარით ადგილიდან, წაგადგებათო.

ამავე ავიცენამ თქვა, ალუმინიანი წყალი ბევრი არ დალიოთ და ნამდვილი წყალი მისით არ ჩაანაცვლოთო.

ჰაჰაჰა-ო, გაიცინეს… უკაცრავად, ავიცენას ჭირიმე, ალუმინიანი წყალი, საერთოდ რატომ უნდა დავლიოთო? მერე ვიღაც ჭკვიანი დაფიქრდა და მიხვდა, რომ იბნ-სინა მინერალურ წყალს გულისხმობდა და დიახ, მისით ნამდვილი წყლის ჩანაცვლება არ შეიძლება.

ჰოდა, ახლა, მოდი, ვიმსჯელოთ, რამდენად გვჭირდება ელემენტარული, თუნდაც სასკოლო-საბაზისო ქიმიური ცოდნა სიჯანსაღისა და სიცოცხლის შენარჩუნებაში.

სიცოცხლის ხალისის შენარჩუნებას ენერგია სჭირდება. ენერგია, რომ გვქონდეს პირველ რიგში სრულყოფილი ძილია აუცილებელი. ძილს მელატონინის არსებობა განაპირობებს. ის იგივე N-აცეტილ-5-მეთოქსიტრიპტამინია. თუმცა, ეს ქიმიური სახელი შესაძლოა არც იცოდეთ. სამაგიეროდ, მისი ძირითადი ფუნქციებია საინტერესო: 1. არეგულირებს ენდოკრინულ სისტემას, სისხლის წნევას, ძილის პროცესს; 2. ანელებს დაბერების პროცესს; 3. აძლიერებს იმუნურ სისტემას; 4. აქვს ანტიმჟანგავი თვისებები; 5. მოგზაურობის დროს დროის ცვლილებასთან ადაპტირების საშუალებას გვაძლევს; 6. მონაწილეობს თავის ტვინის უჯრედების მუშაობაში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციობაში, წნევის რეგულირებაში.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამის განმავლობაში 30 მკგ. მელატონინს გამოიმუშავებს და სისხლში მისი კონცენტრაცია ღამის სამ საათზე აღწევს პიკს. ხუთი წუთით სინათლის ანთება და მელატონინი დაშლას იწყებს ან ფუნქციონირებას წყვეტს, ამიტომ საძინებელში ღამით სიბნელე უნდა იყოს.

შემდეგი მნიშვნელოვანი ამბავი, სწორედ ჩვენივე საკვები ქიმიაა. რა ტიპის ქიმიური ნუტრიენტები გვჭირდება ენერგიული და ჯანსაღი ცხოვრებისთვის?

პირველი სამი ნუტრიენტი სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას უკავშირდება. ანუ, ახალი სისხლია საჭირო იმისთვის, რომ თითოეული უჯრედი სათანადო რაოდენობის ჟანგბადით მოამარაგოს. რამე ხომ არ გეცნობათ? ავიცენაც იმავეს ამტკიცებდა, ოღონდ, ის სპორტს გულისხმობდა და ვინ იცის, ქვეცნობიერად, შესაძლოა ვიტამინებსაც.

პირველი ასეთი დანამატი ვიტამინი ციანკობალამინია (B12). მის შემადგენლობაშია კობალტი Co. კობალტზე, კობოლდებზე და ჰენრიხ ბრანდზე ვრცლად, აი, ამ წერილში წაიკითხეთ კობოლდების კობალტ მე კი კვლავ ციანკობალამინს დავუბრუნდები.

B12 ნაწლავებში არსებული მიკროფლორის მიერ სინთეზირდება. წყალში ხსნადი ვიტამინებიდან B12 ერთადერთია, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს. ძირითადად ღვიძლში დეპონირდება. ნაწლავებში მისი შეწოვისთვის აუცილებელია ცილა ტრანსკორინი, ანუ კასლის შინაგანი ფაქტორი (კასლის გარეგანი ფაქტორი თავად B12 ვიტამინია), რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების მიერ სეკრეტირდება.

ციანკობალამინი ძირითადად ცხოველურ პროდუქტებში (ხორცი, თევზი, კვერცხი) გვხვდება. მისი ნაკლებობისას ადამიანი უბრალოდ დაიღლება, განვითარდება მეგალობლასტური ანემია.

შემდეგი დანამატი-ფოლატების ჯგუფს მიეკუთვნება, ფოლის (ფოლიუმის) მჟავა, იგივე B9 ვიტამინი. ერითროციტების ფორმირებაში, დნმ-ის სტაბილიზებასა და ბევრ სხვა პროცესში მონაწილეობს. მისი დეფიციტის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი გადაჭარბებული სოლარიუმია. ულტრაიისფერი გამოსხივების ზედმეტმა დოზამ შესაძლოა ფოლიუმის მჟავას დეფიციტი გამოიწვიოს… და ზოგადად რუჯი, რომ არ არის სასარგებლო საქმე, ამაზეც არაერთხელ გითხარით:

ზღვა ფიქრობს… ფიქრობს…

რუჯი და ქიმია

ბუნებრივი სახით ნებისმიერ მწვანეფოთლებიან ბოსტნეულშია. თავად ტერმინი „ფოლიუმ“ ლათინურიდან მწვანეს ნიშნავს. დეფიციტისას ვითარდება დაღლილობა, მოდუნება, აღინიშნება განსაკუთრებული ტიპის ანემია.

ერითროციტების ფორმირებას რკინაც სჭირდება. საუკეთესო წყაროა წითელი ხორცი, ან იგივე ბროწეული/ჭარხალი/ალუბალი/ ვაშლი. მეტს რკინაზე არაფერს დავწერ, რადგან წერილების მთელი სერია მაქვს მიძღვნილი, სადაც თავგამოდებით ვამტკიცებ-„მომკლავს უშენობა“-მეთქი.

„მომკლავს მე უშენობა“

შუმერების “მთვარის ქვა” ანუ რკინა

https://mastsavlebeli.ge/?p=16677

კიდევ ერთი აუცილებელი ვიტამინი B1-ია, იგივე თიამინი, რომელიც ენერგიის წყაროს – ადენოზინ ტრიფოსფატის სინთეზში მონაწილეობს. ფაქტობრივად ცეცხლის ნაპერწკალია კოცონის დასანთებად. რატომ? იმ ფერმენტების კოფერმენტია, რომლებიც ნახშირწყლების მიმოცვლაში მონაწილეობენ – გლიკოლიზი, პიროყურძნის მჟავას ჟანგვითი დეკარბოქსილირება, კრებსის ლიმონმჟავას ციკლი, ანუ, ყველა იმ რეაქციათა ერთობლიობა, რომელთა შედეგად ATP-ს იღებს უჯრედი.

თუმცა, თუ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს ვიღებთ, მაშინ თიამინის ასევე, განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა საჭირო, რამაც მისი დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს. შედეგად კი პროცესი სხვა მხარეს წავა და ნახშირწყლები ნეიტრალურ ცხიმებად და ქოლესტეროლად გარდაიქმნება.

თიამინი ის ვიტამინია, რომელსაც გააქტიურება ესაჭიროება. ნახშირწყლების მეტაბოლიზმში სუფთა თიამინი კი არა, თიამინპიროფოსფატი მონაწილეობს. ანუ, მისი ენერგეტიკულად აქტიური ფორმა. თიამინის გააქტიურება წვრილი ნაწლავის სპეციალურ უჯრედებში მიმდინარებს, მას ჰიდროქსილის ჯგუფის ხარჯზე პიროფოსფატის ერთი მოლეკულა უკავშირდება. ამის, შემდეგ ხდება მისი შეწოვა.

დიდი რაოდენობითაა სხვადასხვა მარცვლეულში, მზესუმზირაში, თხილში, ნიგოზში. მისი ანტივიტამინი ფერმენტი თიამინაზაა. თიამინაზა ზღვის და ოკეანის თევზში გვხვდება და თიამინის დაშლას იწვევს. შევაჯამოთ და ასე გამოვა – თუ ხშირად მიირთმევთ უმი თევზისგან დამზადებულ სუშის, მაშინ თიამინი დააყოლეთ, რადგან შეიძლება მისი დეფიციტი განვითარდეს.

მოიცა, უკვე მესმის კლავიატურის წკაპუნის ხმა. ვიღაც კომენტარს წერს:

  • მაშ, სუში აღარ ვჭამოთ? შეგვეშვით, ნუ გვასწავლით!

აი, კვლავ გაგება-ვერ გაგების ამბავია. მე რის თქმას ვცდილობ, თქვენ რა გაიგეთ.

მიირთვით, ბატონო სუში, მაგრამ კვირაში ხუთჯერ არა, შეზღუდეთ ოდნავ. თუ მაინცდამაინც 24/7-ზე გნებავთ სუშის დაგემოვნება, დააყოლეთ B1 ვიტამინის შემცველი საკვებიც. სულ ესაა.

შემდეგი მნიშვნელოვანი დანამატი მაგნიუმია, რომლის გარეშეც ენერგია ვერ გვექნება, რადგან მაგნიუმი ATP სინთეზისთვისაა საჭირო. იგივე ამბავია, რაც თიამინზე იყო. ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ფერმენტთა ნაწილი მეტალ დამოკიდებულია და მათი გააქტიურებისთვის მაგნიუმია აუცილებელი.

მაგნიუმის მიღება ქლოროფილით მდიდარი საკვებით შეიძლება. ანუ, ბოსტნეულით და მწვანე ფერის ხილით. ასევე, საკმაოდ ბევრია მარცვლეულში, თუმცა თუ მარცვლეულისგან მომზადებულ საკვებს, მაგ. ფაფებს რძეს დავუმატებთ, ფიტინის მჟავა გააქტიურდება და მაგნიუმის და კალციუმის შეწოვას დაბლოკავს.

დაბოლოს, აქ დასაწერ სიაში კალიუმი მაქვს, რაზეც ერთ სხვა წერილში უკვე მოგითხრეთ ოღონდაც კი წავიდეს…! უჯრედების მემბრანაში გვაქვს ნატრიუმ/კალიუმის ტუმბო, რომელიც კუნთებსა და ნერვული სისტემის უჯრედებში ენერგიის გამომუშავებაში გვეხმარება. ორგანიზმში ასეთი ტუმბო უამრავია. ეს ტუმბოები აქტიურ მემბრანულ ტრანსპორტს უზრუნველყოფენ.

ნახეთ, რა გამოდის… ქიმიური რეაქციების სწორად მიმდინარეობა, ქიმიური კომპონენტების სწორი კომბინაცია და რაოდენობა განაპირობებს ჩვენს ჯანსაღ და უწყინარ ყოფას.

ჰოდა…

კარგად აღარ მახსოვს, ადრე ამოვიკითხე სადღაც. არ ვიცი ჩერჩილზე, არ ვიცი რუზველტზე ეწერა. ინტერვიუში რაღაც უთქვამს და პასუხად ჟურნალისტების მთელი არმია დასევია, ასე და ასე რატომ თქვიო?

  • ღმერთი, რჯული, – უპასუხია არ ვიცი ჩერჩილს, არ ვიცი რუზველტს, მე სულ სხვაგვარად გითხარით და რა ჩემი საქმეა თქვენ, როგორ გაიგეთო.

ჰოდა, მეც გეუბნებით, რომ ქიმია, თვით სიცოცხლეა.

დანარჩენი კი თქვენზეა…

 

 უბნის ბიბლიოთეკის როლი

0

წიგნიერების დონის განმსაზღვრელი კვლევების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ ბავშვებს გაწაფული კითხვა, ტექსტის გაგება-გააზრება უჭირთ და, შესაბამისად, მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ,  საქართველოში ბავშვების უმეტესობას შინ საბავშვო წიგნები არ აქვთ. ეს ყოველივე კი კითხვისადმი ინტერესს აფერხებს. დაბალი სოციალური პირობები პირდაპირ აისახება წიგნიერების დონეზე, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს. ვფიქრობ, თითოეული მასწავლებლის უმთავრეს მიზნად უნდა იქცეს არსებული რეალობის მიღება და მასზე მორგება უკეთესი პირობების შექმნის დაუღალავი მცდელობით.

რა შემიძლია ერთ მასწავლებელს? – ეს არის უმთავრესი კითხვა, რომელიც ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას განსაზღვრავს. მკაცრი რეალობის გააზრება ქმედებისკენ მიბიძგებს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უწყობს ხელს სკოლაში არაფორმალური სწავლების დანერგვა კითხვის პოპულარიზაციას, გადავწყვიტე, უბნის ბიბლიოთეკის როლზე გამემახვილებინა ყურადღება და მოსწავლეთა წიგნთა წვდომისა და კითხვისადმი ინტერესის აღძვრისთვის ბიბლიოთეკაში სტუმრობა დავგეგმე.

ბიბლიოთეკის მიმართ საზოგადოების ინტერესი თანდათან ნელდება, რასაც განაპირობებს სხვადასხვა მიზეზი:  მოძველებული ინფრასტრუქტურა, კითხვისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ქალაქში მულტიფუნქციური მედიათეკების გამოჩენა, სადაც მკითხველს კომფორტული გარემო აქვს შექმნილი, თუმცა, ბიბლიოთეკისადმი სასკოლო თემის განწყობის შეცვლა მასწავლებლის მიერ სწორად დაგეგმილ აქტივობებს  შეუძლია.

ჩვენი უბნის ბიბლიოთეკა საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაშია განთავსებული. ცისფრად შეღებილი ბაღი მაღალ წიწვოვან ხეებშია ჩამალული და კორპუსების აივნებიდან თვალს ანდამატივით იზიდავს.

სკოლიდან უბნის ბიბლიოთეკამდე მისასვლელად მე და ჩემს მოსწავლეებს რამდენიმე წუთი გვჭირდება. გზად ულამაზესი სკვერი უნდა გადავკვეთოთ, სადაც შესასვლელ ბილეთებს ავსებენ. ზოგი გრძელ სკამზე ზის, ზოგი ტრენაჟორზე დგას, ზოგიც სასრიალოზე მოთავსდება ხოლმე და მთელი გულმოდგინებით წერენ. თუ კიდევ უფრო შევამოკლებთ გზას და სადარბაზოს გავლით გადავწყვეტთ ბიბლიოთეკაში წასვლას, ინგლისურის მასწავლებლის სახლს ყიჟინით მაჩვენებენ. ერთხელ გაგვიწვიმდა კიდეც და თავქუდმოგლეჯილები მივრბოდით თავსხმა წვიმაში. მშობლებიც ხშირად გვხვდებიან და ზოგჯერ ბიბლიოთეკაში უფროსი და-ძმებიც  მოგვყვებიან. ერთხელ კი შავი ძაღლი აგვეტორღიალა, ჯერ ზღაპარ „ლერწმის ქალის“ შესახებ ჩემს საუბარს ისმენდა, მერე კი ბიბლიოთეკის რკინის კიბეზე ამოცუხცუხდა, ბიბლიოთეკის კარამდე მიგვაცილა და უკან გაბრუნდა. ღია ფანჯრებიდან ღობეზე  ჩამოსკუპებული შაშვიც შეგვინიშნავს და ცაცხვის აყვავებული ყვავილების სურნელსაც ხარბად ვყლაპავთ.

ეს პატარ-პატარა დეტალები დღეებს აგრძელებენ და დაუვიწყარს ხდიან. საკლასო ოთახის ერთფეროვან გარემოს ახალი ამბებით ავსებენ. პარალელურად, წიგნისადმი კითხვის სურვილი უჩნდებათ და  მოქალაქეობრივ ღირებულებებსაც სწავლობენ.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების (9-12 წელი) უბნის ბიბლიოთეკაში ტურისთვის გთავაზობთ სამოქმედო ჩარჩოს:

ბიბლიოთეკაში წასვლამდე

  • ჩაატარეთ გამოკითხვა – მოსწავლეებს შეავსებინეთ კითხვარი, რომელიც აგებული იქნება თითოეული კლასისთვის შესაბამისი კითხვებით, მაგალითად, მესამეკლასელებისთვის ამგვარი კითხვარი შევადგინე:

 

  1. ჩამოთვალე, რომელი წიგნები გაქვს სახლში:
  2. პირველად რომელი წიგნი წაიკითხე დამოუკიდებლად?
  3. სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოგაქვს წიგნები?
  4. უბნის ბიბლიოთეკაში ყოფილხარ?
  5. რომელია შენი საყვარელი წიგნი?
  6. როგორი წიგნების წაკითხვა გსიამოვნებს?
  7. წიგნის მაღაზიაში შენი სურვილით თუ გიყიდია წიგნი?
  8. სად ყიდულობ წიგნებს?
  9. ვინ გყიდულობს წიგნებს?

კითხვარის ანალიზი თქვენს მიზანს მკაფიოს გახდის და მიხვდებით, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება;

  • დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გააფრთხილეთ სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებელი და უბნის ბიბლიოთეკის დირექტორი. ეფექტური კომუნიკაცია სამუშაო პროცესს აადვილებს. ჩართეთ მოსწავლეების დაგეგმვის პროცესში და თანამშრომლობითი უნარების გამომუშავების საშუალება მიეცით. შესაძლოა, მთელმა კლასმა სკოლის დირექტორის სახელზე განცხადება დაწეროს და წასვლის ნებართვა ითხოვოს. ამგვარი წერითი აქტივობისას საქმიანი წერილის დაწერასაც ისწავლიან და პასუხისმგებლობასაც იგრძნობენ;
  • დაუსვით რამდენიმე კითხვა, რომლებიც ცნობისმოყვარეობას გააღვივებს: რა გამოცდილება გაკავშირებთ ბიბლიოთეკასთან? როგორია თქვენი მოგონებები ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნების შესახებ? რომელი წიგნი ან ფილმი გახსენდებათ, სადაც მოქმედება ბიბლიოთეკაში ვითარდება? – თითოეულ კითხვაზე თავადაც უპასუხეთ. ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული თქვენი პირადი გამოცდილება მათ განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
  • გააცანით მსოფლიოს უძველესი და თანამედროვე ბიბლიოთეკები;
  • გონებრივი იერიშის გამოყენებით გაიგეთ, რა ახსენდებათ სიტყვა „ბიბლიოთეკის“ ირგვლივ;
  • ასოციაციური რუკა გადაიტანეთ ფორმატზე და კლასში გამოაკარით. ბიბლიოთეკაში სტუმრობის შემდეგ კი ახალი სიტყვები დაამატეთ;
  • შეავსებინეთ შესასვლელი ბილეთები, რაც მოსწავლეთა მოლოდინების გამოკვლევის საშუალებას მოგცემთ;
  • რამდენიმე დღით ადრე ბიბლიოთეკიდან თავად გამოიტანეთ წიგნი და უამბეთ მის შესახებ. ამგვარად კიდევ უფრო მეტად აღიქვამენ ბიბლიოთეკის დანიშნულებას და მასწავლებლისთვის, როგორც როლური მოდელისთვის, მიბაძვის სურვილი გაუჩნდებათ;
  • მოსწავლეებს წინასწარ სთხოვეთ სკოლის ბარათების წამოღება, ბიბლიოთეკაში დარეგისტრირება რომ შეძლონ და დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გააფრთხილეთ მშობლები.

ბიბლიოთეკაში

  • ბიბლიოთეკის თანამშრომლებს (დირექტორს, ბიბლიოთეკარებს) ჰკითხეთ ბიბლიოთეკის დაარსების, დანიშნულების, აქტიური მკითხველების, წიგნების რაოდენობის შესახებ;
  • დაათვალიერებინეთ გარემო: წიგნის თაროები, მკითხველთა დარბაზი, საბავშვო კუთხე, საკითხავი ლიტერატურა, წიგნის მოძიებისთვის დამხმარე უჯრები, ფორმულარები, საგამოფენო სტენდები, დააკვირდით კითხვისთვის ხელშემწყობ გარემოს;
  • გამართეთ სახალისო თამაში – „გამოიცანი წიგნი“, რომლის ინსტრუქცია ამგვარია: მოსწავლეებს ვთხოვთ თვალების დახუჭვას, თაროდან ვირჩევთ მათთვის ნაცნობ წიგნს, გაზეთში ვახვევთ და შეკითხვებს იმგვარად ვსვამთ, რომ ავტორის ან სათაურის გამოცნობა შეძლონ;
  • შეავსებინეთ გასასვლელი ბილეთები და დააკვირდით, როგორი შთაბეჭდილებები დარჩათ. ბილეთების ანალიზი შემდეგი გაკვეთილის მიზანსაც გვიკარნახებს;
  • დაეხმარეთ დარეგისტრირებასა და საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში.

 

საშინაო დავალება – წერილი პარალელურკლასელს

  • მოიფიქრეთ საინტერესო საშინაო დავალება და ინსტრუქციას შეხვედრის ბოლოს გააცანით. ერთ-ერთი ვიზიტისას მეხუთეკლასელებთან ერთად ბიბლიოთეკის დირექტორს ვთხოვე ჩვენთვის ეჩვენებინა რომელიმე მოსწავლის ფორმულარი. ამგვარად გავიცანით ანა პარალელური კლასიდან. ჩამოთვლილმა წიგნების ავტორებმა და სათაურებმა მიგვახვედრა, რომ კარგ მკითხველთან გვქონდა საქმე. ანას ფორმულარში ბოლოს გატანილი წიგნის სათაურად „ვეფხისტყაოსანი“ ამოვიკითხეთ. სწორედ მაშინ მომაფიქრდა პირადი წერილის ქარგა, რომელიც რვეულებში ჩაინიშნეს და საშინაო დავალებად ანას პირადი წერილი მისწერეს.

წერილის ქარგა ამგვარი იყო:

  • მიესალმე;
  • გააცანი შენი თავი;
  • უამბე ბიბლიოთეკაში სტუმრობის შესახებ;
  • გაუზიარე შენი საყვარელი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“;
  • ურჩიე ერთი წიგნი, ფილმი ან მულტფილმი;
  • მისწერე, რა ხდება ახლა კლასში;
  • დაუსვი შეკითხვა;
  • დაემშვიდობე.

ამონარიდები ბლოგზე – ციფრული წიგნიერება

პირადი წერილებიდან, რომლებიც ანას მისწერეს, ვთხოვე, შეერჩიათ ერთი წინადადება, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდათ საკუთარი ნაწერიდან და სკოლის ბლოგზე ერთ წერილად ავკინძეთ. ამგვარად, ერთმანეთსაც გაუზიარეს საკუთარი ნაშრომები და თან ყველაფერი, რაც ანას მისწერეს, არ გაამჟღავნეს. ლამაზი და მნიშვნელოვანი წინადადებაც გამოარჩიეს. კლასის წინადადებების კოქტეილი იხილეთ სკოლის ბლოგზე.

წერილის გადაცემა

მოგროვებულ წერილებს ხელი მოვხვიეთ და ანას კლასს მივაკითხეთ. მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ოცზე მეტი წერილის ადრესატად რომ იქცა. ჩვენი ჩანაფიქრიც სწორედ მისთვის მოულოდნელი სიხარულის ჩუქება იყო. კეთილგანწყობის გამოხატვისა და ურთიერთგაცნობის პარალელურად, ბავშვებმა წერილის წერისას საპროგრამო მასალისა და წაკითხული ლიტერატურის შესახებ ცოდნა გამოავლინეს და თავი გაართვეს რამდენიმესაფეხურიან ინსტრუქციას.

 თქვენთან წერილია

რამდენიმე კვირის შემდეგ მეხუთე კლასში გაკვეთილის ჩასატარებლად შესულს დამრიგებელმა გვახარა, თქვენთა წერილიაო. ანამ მთელ კლასს საპასუხო წერილი მოსწერა და საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა. ვფიქრობ, არასდროს დაავიწყდებათ, როგორ გვაპოვნინა ბიბლიოთეკის ფორმულარმა ანა და როგორი საინტერესო ურთიერთობა გავაბით პირადი წერილების დახმარებით. 

ბიბლიოთეკაში გამართული ლიტერატურული კაფე

ბიბლიოთეკა არაჩვეულებრივი გარემოა არაფორმალური შეხვედრების მოსაწყობად. მეხუთე კლასის ერთ-ერთი ლიტერატურული კაფე სწორედ ბიბლიოთეკაში გავმართეთ. სტუმრად მოვიწვიეთ მშობლები და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მათთან ერთად და-ძმები და მეგობრები გვესტუმრნენ. ბავშვებს საკუთარი ხელით მოხატული მაისურები ეცვათ და ამგვარად აცნობდნენ აუდიტორიას წაკითხული წიგნის პერსონაჟებს, სათაურს, საკვანძო ეპიზოდს. ეს დღე გამორჩეული იმითაც იყო, რომ ბიბლიოთეკაში ერთ 10 წლის ბიჭს დაიკომ მოაკითხა, თან თეთრი პუდელი მოიყვანა და საყვარელი წიგნებიც გაგვაცნო.

ბიბლიოთეკა, როგორც სასკოლო თემის ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო

უბნის ბიბლიოთეკაში სტუმრობას ერთჯერადი ხასიათი რომ არ ჰქონდეს ამისთვის მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო. სხვადასხვა მიზნით ბიბლიოთეკის როლის წარმოჩენა მისდამი ინტერესს აღვივებს, მაგალითად, სემესტრის ბოლოს გამართული ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვისთვის დამზადებული აფიშებიდან ერთ-ერთი ბიბლიოთეკის კარზე გამოვაკარით და შემდეგ ბავშვები სიხარულით აღნიშნავდნენ, რომ ბიბლიოთეკაშიც ნახეს აფიშა.

საზოგადოების აღიარება – ბიბლიოთეკის დირექტორისა და საუკეთესო მკითხველის დაჯილდოება

ბიბლიოთეკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულ პერსონალის პროფესიონალიზმს. მათი დახმარებისა და კეთილგანწყობის გარეშე ბიბლიოთეკის სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირება გამიჭირდებოდა. დაგეგმილი აქტივობის შესახებ წინასწარ ვუთანხმდები ბიბლიოთეკის დირექტორს, რომელიც მუდამ მზად არის ჩვენი ხელშეწყობისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარული იყო, როდესაც, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს შორის ჩვენი უბნის, 24-ე ბიბლიოთეკის დირექტორს, ქალბატონ ნუნუს, სამახსოვრო დიპლომი და წიგნები გადასცეს. წლის საუკეთესო მკითხველის სტატუსი კი, ფორმულარის მიხედვით, ჩემმა მეხუთეკლასელმა გოგონამ, მარიამმა, დაიმსახურა.

ბიბლიოთეკის როლი ბავშვის წიგნთან წვდომის მხარდაჭერისას

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ბავშვების უმეტესობას სახლში საბავშვო წიგნების მცირე რაოდენობა აქვს, რაც მათი კითხვის უნარების განვითარებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ბიბლიოთეკის როლის გააქტიურება და სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირება კითხვისადმი ინტერესს გაზრდის. ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებით, მოსწავლეები დიდი ხალისით იწყებენ ბიბლიოთეკასთან ურთიერთობას. მთავარია, საწყის ეტაპზე მასწავლებლებმა გავაცნოთ ბიბლიოთეკა, ვესაუბროთ ქცევის წესებზე,  წიგნის მოფრთხილებისა და უკან დაბრუნების მნიშვნელობაზე. ბიბლიოთეკისა და სასკოლო ცხოვრების დამაკავშირებელი პროექტების მოფიქრებითა და მთელი წლის განმავლობაში  დაგეგმილი აქტივობების მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ ქმედებით წიგნიერების დონის ამაღლებას შევუწყობთ ხელს.

გასასვლელი ბილეთები

გასასვლელი ბილეთები საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რა დაამახსოვრდათ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას, რა იყო მათთვის მძაფრი შთაბეჭდილება, რომელი აქტივობა მოეწონათ, რაზე ამახვილებენ ყურადღებას და როგორი კითხვები ებადებათ.

გთავაზობთ ამონარიდებს გასასვლელი ბილეთებიდან:

3 რამ, რაც მესამეკლასელებს ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ:

მასწავლებელი რომ გვათამაშებდა წიგნობანას. სათაურების გამოცნობანა. ერთი წიგნის სათაური „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“. სელფები გადავიღეთ. გზად რომ მოვდიოდით, წვიმა თავს დაგვესხა. მასწავლებელმა გამოცნობანა გვათამაშა. წიგნი სასაცილო იყო. ჩვენ წვიმიან ამინდში წამოვედით ცისფერ საბავშვო ბაღში. მე დამამახსოვრდა, რომ  თედოს ძმამ გადაგვიღო ფოტო. ლელა მასწავლებელმა წიგნი წაგვიკითხა. ნატას ბევრი კალამი ჰქონდა. მე დამამახსოვრდა, რომ ლელა მასწავლებელი შეგვპირდა, ბიბლიოთეკაში წამოგიყვანთო და მართლა წამოგვიყვანა.

მეხუთეკლასელების შთაბეჭდილებები:

მე არასდროს დამავიწყდება, ბიბლიოთეკაში რომ მოვედი. ჩვენთან ერთად ძაღლიც ამოვიდა კიბეებზე. რა სასიამოვნოა აქ ყოფნა. ის, რომ ბიბლიოთეკაში 16000 წიგნია და 27 წლის წინ დაარსდა. თავაზიანად მომექცნენ. თურმე ჰარი პოტერის მეორე ნაწილს „საიდუმლო ოთახი“ ჰქვია. აქ ვაჟა-ფშაველას ბევრი წიგნია. ბავშვები ჩაეწერნენ. ჩვენ გზაში რომ მოვდიოდით, ფოტოები გადავიღეთ. მე შოთა რუსთაველი დამამახსოვრდა. მე სადმე შორს მეგონა ბიბლიოთეკა, მაგრამ არა. ბიბლიოთეკაში ვითამაშეთ. წიგნის წასაღებად დედას დავურეკე და მისამართი გავიგე. პირველად ვიყავი ამ ბიბლიოთეკაში. მაღალი ბიჭი ბაღის შენობას წრეს უვლიდა. მითური წიგნი არ მეგონა, რომ იქნებოდა. წიგნებს რომ ვარჩევდით. წიგნების გამოცნობანას ვთამაშობდით. მე და ნინიმ წრიპა ბიჭის დღიურის გამო ვიჩხუბეთ, აღმოჩნდა, რომ მეორეც ჰქონიათ და მერე ბევრი ვიცინეთ. ნინიმ ძალიან სქელი წიგნი აიღო.  საინტერესო თამაში ვითამაშეთ. ლელა მასწავლებელს პეპი მოეწონა. გავიგე, რომ დათოს ბებია აქ მუშაობს. რომ იცოდეთ, აქ მოვალ და წიგნების კითხვას დავიწყებ. ლელა მასმა თავისი საყვარელი ილუსტრაცია გვაჩვენა, როგორც მახსოვს, პეპის ზვიგენი ეჭირა ხელში. მომეწონა, ანბანის მიხედვით რომ ელაგა წიგნები. ცოტა მეშინოდა, ერთი მწერალი მეგონა, რომ მიყურებდა. დღეს გავიგე, რომ ლელა მასის და ჩემი პირველი წიგნი ერთი და იგივე ყოფილა. მე არ დამავიწყდება ჩემი ოჯახის საყვარელი წიგნი „თბილისის ისტორია“. ბავშვების ფუსფუსი და თვალების დახუჭვა წიგნის გამოცნობისას. დიდი თაროები საცავში. ამ პატარა და საყვარელ ბიბლიოთეკაში როგორ ინახავენ ამდენ წიგნს? –

ბავშვების შთაბეჭდილებებში გამოვლენილმა ფაქიზმა დამოკიდებულებებმა, დამარწმუნა, რომ წიგნებით სავსე სივრცეს ადამიანები ალამაზებენ და ამასობაში ჩვენი უბნის ბიბლიოთეკა ძალიან შეჰყვარებიათ.

ფოტომასალა იხილეთ სკოლის ბლოგზე.

 

მე ამას შევძლებ…

0

„ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის, კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე“ – ჩემი მურიკოს სიტყვები გახსოვთ?

რატომ დავიწყე ამ სიტყვებით? მინდა გაგაცნოთ ის მასწავლებლები, რომლებიც ამ პრინციპით ცხოვრობენ და ასწავლიან.

დიახაც, ისინი ჭეშმარიტების ძიებით ისე არიან  გართულნი, რომ არც საკუთარი პიარი ახსოვთ და არც ცნობადობის მანია აწუხებთ. ჩუმად შრომობენ, ეძებენ, ადგენენ, ტრენინგებს ესწრებიან, შემდეგ სიახლეებს ნერგავენ და ასე გადის დღეები და ცხოვრება.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

რატომ მომწონს ეს? თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრ კოლეგას შევხვდი, ზოგს პირადად ვიცნობდი, ზოგს – სოციალური ქსელიდან…  ამ პროცესმა ერთმანეთი კიდევ უფრო ახლოს გაგვაცნო და დაგვაახლოვა.

სწავლა-სწავლების პროცესში ბევრი ახლი იდეაც დაიბადა და განხორციელდა. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებმა საერთო საქმის გარშემო გაერთიანება და მხარდაჭერა არაჩვეულებრივად მოვახერხეთ. ჯგუფში ახალგაზრდების სიმცირეს არ ვუჩიოდით. თავად კი ამბობენ, რომ აღარ არიან ახალგაზრდები, მაგრამ ვინ უჯერებს. მოკლედ, ერთი მათგანის შესახებ მინდა მოგიყვეთ და გაგაცნოთ.

ახალი დიოკნისი სად არის იცით? მგონია, რომ ბევრმა არ იცის. არადა დედაქალაქიდან სულ რაღაც 60 კილომეტრით არის დაცილებული, მარნეულიდან 5 კმ-ში. ამ სოფლის სკოლა და გეოგრაფიის მასწავლებელი ნონა ხმალაძე მინდა გაგაცნოთ, რომელსაც „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ შევარქვი. რატომ დიდი სახლის? მას ხომ 4 შვილი ჰყავს. ნონას საყვარელი ფრაზა კი არის: მე ამას შევძლებ…

ცოტა რამ სოფლის შესახებ: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალ დიოკნისი (თამარისის თემი) ძირითადად აჭარის 1989 წლის სტიქიური უბედურების შედეგად გადმოსახლებული მოსახლეობით არის დასახლებული. შესაბამისად, სოფელს სახელი – ახალი დიოკნისი შეურჩიეს.

აი, ასეთი სოფლის რძალი გახდა 17 წლის ასაკში ნონა. დღემდე მადლიერია ბედისა და ოჯახის, რომელიც ყველა ახალი გამოწვევისა თუ პრობლემის გადალახვისას გვერდში ედგა. გთავაზობთ ნონას ჩანაწერს.

– ვერც კი ვაცნობიერებდი რა იყო ოჯახის შექმნა, მაგრამ ჩემს გვერდით აღმოჩნდა პიროვნება და ოჯახი, რომლებიც მუდამ მეიმედებოდნენ. ვსწავლობდი და პარალელურად მეორე კურსის სტუდენტმა 2005 წელს მუშაობა დავიწყე სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში. გაკვეთილების მომზადების პროცესშიც კი მეხმარებოდნენ.   ხშირად გაკვეთილებს მამამთილს ვუხსნიდი, რომელიც შეფასებას და რეკომენდაციებს მაძლევდა. რის შემდეგაც სკოლაში ბავშვებთან უფრო თავდაჯერებული მივდიოდი.

ვაღიარებ, რომ მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია. ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, მაგრამ როდესაც სკოლაში შევედი და გავაცნობიერე, რომ მე ბავშვებს ცოდნა უნდა გადავცე, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდა, რადგან კლასში სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე მოსწავლე ზის, რომელიც ჩემგან, როგორც მასწავლებლისგან, ბევრს მოელის. მე კი ვალდებული ვარ, რომ მოლოდინები არ გავუცრუო. მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, საპატიო და საპასუხისმგებლოა.

პედაგოგიურ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად რთული გზა გავიარე. ძალიან დიდი დახმარება გამიწია სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნათია ფუტკარაძემ. მასთან ერთად გავიარე ბევრი ტრენინგი, რომლებშიც დღესაც მუდმივად ვარ ჩართული საჭიროებიდან გამომდინარე.  ამ დროის განმავლობაში მრავალშვილიანი დედა გავხდი, რითაც ვამაყობ. მყავს ოთხი ქალიშვილი. ახლა უკვე ისინი მეხმარებიან საინტერესო და სახალისო გაკვეთილების დაგეგმვაში.

გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ახალი ვერაგი ვირუსის, COVID 19-ის გამო სახლებში გამოკეტილი აღმოვჩნდით, ჩემთვის ურთულესი პერიოდი იყო.  ოჯახში სამი სკოლის მოსწავლე და ერთი ორი წლის ასაკის ბავშვი; მე, მასწავლებელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება უნდა შემძლებოდა: გაკვეთილის ჩატარება,  შვილებზე ზრუნვა, დედისა და დიასახლისის როლის შეთავსება, ტრენინგებზე სამუშაო შეხვედრებზე დასწრება ორი წლის ქალბატონთან ერთად, რომელსაც აინტერესებს ყველა და ყველაფერი.

არ ვიცი როგორ გავიარე ეს პერიოდი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არასდროს ყოფილა ჩემი გეოგრაფიის გაკვეთილები მოსაწყენი, რაშიც ონლაინ ტრენინგები და კომპლექსური დავალებები დამეხმარა, რომლებშიც უამრავი საინტერესო ინტერნეტ რესურსია მოცემული.

ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში წარმატებას ხელი  იმ ფაქტმა შეუწყო, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები. სწორედ მათთან მომეცა ყველა ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულების საშუალება; მათთან ერთად ვცეკვავ, ვმღერი, ფილმებსაც ვიღებ და საჭიროების შემთხვევაში ვთამაშობ.

ერთი საინტერესო ფაქტი ჩემი პედაგოგიური საქმიანობიდან, რომელმაც ჩვეულებრივ გაკვეთილს სხვა ელფერი მისცა და დღესასწაულად აქცია.

მეცხრე კლასში შევიტანე კომპლექსური დავალება – საკონფერენციო თემა უნდა მოემზადებინათ კავკასიის მთიანი რეგიონის დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ.

კომპლექსური დავალების ყველა ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ. ნაშრომის პრეზენტაციის დროც დადგა. დასკვნითი გაკვეთილისთვის განსაკუთრებით მოვემზადე: საკლასო ოთახი მოვაწყე ისე, რომ თავი, მართლაც,  ნორჩ გეოგრაფებად ეგრძნოთ. კედლებზე გამოვაკარი მსოფლიოს და კავკასიის ფიზიკური რუკები,  შევიტანე კომპიუტერი, პროექტორი, კედელზე პროექტორის დახმარებით გავანათე მონაწილეთა სია გამამხნევებელი ღიმილაკებით და წარწერით – საერთაშორისო  კონფერენცია ,,კავკასიონის მთიანი რეგიონის დაცვა და მდგრადი განვითარება“.

კლასიკურად ჩაცმული შევედი კლასში და ყოველ შემომსვლელს როგორც კონფერენციის ორგანიზატორი მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდიდი.  გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ყველა ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილ კონფერენციაზე, ზარის  ხმაც კი არ გაგვიგია. მოსწავლეებმა მომდევნო გაკვეთილზე ერთმანეთი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ თავი ასე დაფასებულად არასდროს უგრძნიათ. მოსწავლეთა რაოდენობამაც შემიწყო  ხელი, რადგან მე-9 კლასში მხოლოდ ხუთი მოსწავლეა და ყველა მათგანმა მოასწრო პრეზენტაციის გაკეთება. მე კი მომზადებული მქონდა სერტიფიკატები, რომლებიც გადაეცათ აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის.

აი, ასეთია ერთი პატარა სოფლის, პატარა სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, რომლის საყვარელი სიტყვებია: მე ამას შევძლებ…

რატომ შეუყვარდა მზეს პატარა დინოზავრი

0

თამარ გეგეშიძის ,,სული-ჩიტის” მიხედვით

 როგორც ერთი ჩემი ახლობელი წერდა სულ ახლახან: ,,ზრდასრულები, ,,ყოვლისმცოდნეები” რომ გავხდით, დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი – ჩვენი „შინაგანი ბავშვი“, ჩვენი ნამდვილი არსი, ჩვენი უნიკალურობა. გავხდით, როგორც ყველანი, დავიკარგეთ, დავივიწყეთ ბავშვობის სურვილები და ოცნებები”. ამიტომ გვიჭირს უფროსებს ბავშვების გაგება, რადგან იმ საკრალური ,,ცოდნისგან”, მათ რომ აქვთ, ჩვენ უკვე განვიძარცვეთ. ამიტომ ძალიან რთულია, წერო ბავშვებისთვის, რადგან ამისთვის ის მარტივი გენიალურობაა საჭირო, ადვილად განსახორციელებელი რომ გვგონია თავისი ფორმის გამო, მაგრამ უძნელესი ამ თემის სიღრმისეულად და ბუნებრივად გადმოცემის თვალსაზრისით.

ბავშვობა შეიძლება მივიჩნიოთ ,,თამაშად ჭვავის ყანაში”, რომელიც ცხოვრებად უნდა იქცეს, _ ,,არადა სულ ცოტა ხნის წინ საწოლში ვთამაშობდი, ვითომ მცურავი ვიყავი და გათენებამდე აღელვებული ზღვა უნდა გადამეცურა. ჩემი ცისფერი საბანი ყველაზე დიდი ტალღა იყო, ბოლოში კი _ მაშველი რგოლი” (8). სამყაროზე დაკვირვებაცაა ბავშვობა, დიდი და გაფართოებული თვალებით. სწორედ ასეთი ,,ბავშვი-დამკვირვებლის” მონათხრობია ,,სული-ჩიტი”, რომელიც დღიურის ფორმითაა თითქოს, თხრობაში ,,ჩუმად” შემოჭრილი სპონტანურობითა და ბიჭური, სხარტი იუმორით. ლუკა, მთავარი გმირი, 11 წლისაა და სკოლაა ის გარემო, რომელიც მას ქმნის, ძერწავს. ეს სწავლა-სწავლებას გულისხმობს და ეს პროცესი შექცევითია: სწავლობს თუ ასწავლის მოსწავლეცა და მასწავლებელიც. ეს ყველაზე კარგად მოეხსენება ავტორს, წარმატებულ მასწავლებელს, თამარ გეგეშიძეს, რომლის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ეს გამორჩეული თანამედროვე წიგნი მისთვის სადებიუტო რომანია. ბავშვის მეგზური ამ გარემოში მასწავლებელია, რომელიც მომაბეზრებელ, საშიშ ჯადოქრადაც შეიძლება იქცეს და კეთილ ფერიადაც ბავშვური სულის მეტამორფოზების თვალსაზრისით, რომელშიც ჯერ შეყვარება-არშეყვარებაა მნიშვნელოვანი, შემდეგ ცოდნის მიღება და სულ ბოლოს ამ ცოდნის სულისმიერ გამოცდილებად  ანუ განათლებად გადაქცევა.

ბავშვის აქვს ასაკობრივი, შეუმცდარი ალღო, რომელსაც ვერ მოატყუებ, მიყვარხარო, თუ გულწრფელი არ ხარ. ჯერ ამას ხედავს პატარა ადამიანი და მერე უკვე პროფესიონალიზმს, ურომლისოდაც ეს გულწრფელობა პატივისცემამდე ვერ ააღწევს, სრულყოფილ, ნაყოფიერ ურთიერთობად ვერ ჩამოყალიბდება. სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც არ უყვართ, მათი ეშინიათ. ასეთია მასწავლებელი დრამერი. მის გაკვეთილებზე დისციპლინა სანიმუშოა, მაგრამ მოსწავლეებს ეშინიათ, ის არ გახდეს მათი დამრიგებელი (,,_ დავალება! _ მაინც რანაირი ხმა აქვს ქალბატონ დრამერს, ტვინში სიგნალად მერთვება”). ეს დრამერი, მასწავლებელი-მანქანა, რომელსაც ბავშვები თავისიანად არ თვლიან, მართლაც, დრამაა სასკოლო ცხოვრებისთვის. მაგრამ აქვეა მარიკა მასწავლებელიც და ლუკამ ,,ზუსტად იცის, რა ეტევა მარიკა მასწავლებლის დიდ, ლურჯ ჩანთაში. ეს მასწავლებელი კი ნამდვილად უყვარს” (10), მეტიც, უყვარს მისი ჩქარი ლაპარაკი, შერჩეული წიგნები, მისი მოფიქრებული ლიტერატურული თამაში და ჩანთაც კი. მასწავლებელი, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება საკუთარ თავზე მოსწავლეების აზრს, მასწავლებელი, რომელმაც იცის: ,,არაფერი რომ არ ხდება? ესეც ფერია!” მასწავლებელი-მეგობარი და არა მენტორი. არაა გასაკვირი, რომ ასე ახლობელი სწორედ ქართული ლიტერატურის მასწავლებელია, ის ხომ მოძღვარივითაა ქართულ სინამდვილეში, ბევრად მეტი, ვიდრე პედაგოგი. სწორედ იგია ბავშვის ფაქიზი სულიერების ორიენტირი სამყაროს ყალბ თუ ნაღდ ღირებულებათა დამაბნეველ სიჭრელეში, თავბრუდამხვევ ქაოსში.

სიუჟეტი ბუნებრივად ვითარდება და ლუკას გარდა, რომლის დილემა ხანდახან ასე ჟღერს _ I am a table! _ ჩვენ ვეცნობით დათის, ლუკას 4 წლის ძმას, რომელიც ლუკაზე გიჟდება; ვატოს, ძველრემონტიან სახლში რომ ცხოვრობს, იმიტომ, რომ ღარიბია, რომელიც ვაფლს აღარ ჭამს და ფულს აგროვებს, ტრაპიზონში ან ბაქოში რომ იმოგზაუროს (,,მე იმაზე მეფიქრება, რომ ვატო ერთი წელი ვერ შეჭამს ვაფლს…”), გაკვეთილზე ზის, მაგრამ ,,სხვაგანაა” (,,ვატო, დაგვიბრუნდი!”); თემოსა და აჩის, ორ ონავარ ბიჭს, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და მათი მერხის ქვეშ ყველაფრის დათვალიერებას ერთი დღე მოუნდება; ღვინოს (ასე შეარქვეს), ვიკინგის თმებით, რომელიც მართალია ახალი გადმოსულია კლასში, მაგრამ თავისი საზღვარგარეთული თავგადასავლებით უკვე მოასწრო თანაკლასელი გოგონების ყურადღების დაპყრობა და ბიჭური შუღლიც გააღვივა.

რატომღაც გვგონია, რომ ბავშვებს არ უჭირთ ურთიერთობები ისე, როგორც უფროსებს თავიანთი უშუალობის გამო, რომ ისინი შედარებით მარტივად აღიქვამენ სამყაროს, არც მარტოობა აწუხებთ და ა.შ. ეს ზედაპირული შთაბეჭდილებაა და ყოველმა მასწავლებელმა, რომელიც სასურველია, კარგი ფსიქოლოგიც იყოს, იცის, რომ არის სიმები მოზარდების სულის სიღრმეში, რომელთა შერხევა ძალიან მტკივნეულია. ლუკასაც უდგება ისეთი პერიოდი, როცა მისი გაგება ყველას უჭირს, პატარა დათის გარდა (,,ლუი, მე არ გიბრაზდები!”). მარიკა მასწავლებელიც, ,,გულთმისანივით”, კლასს მიაწერინებს წერილს ერთ-ერთ ლიტერატურულ პერსონაჟისადმი. ლუკაც დაწერს ამ წერილის ორ ვარიანტს: ერთს თავისთვის, მეორეს _ საჩვენებლად, მშრალსა და მოვალეობის მოსახდელს. ამონარიდი წერილიდან ავგუსტისადმი ასე გამოიყურება: ,,წერილის დასაწერად უამრავი მიზეზი არსებობს: ა) პრობლემები თავზე საყრელად მაქვს; ბ) ბევრი რამის შეცვლა მინდა; გ) ავგუსტუსის გარდა ალბათ ისედაც არავის ვაინტერესებ…რომ არსებობდე, სიამოვნებით დაგიმეგობრდებოდი…მგონი, ძალიან მჭირდები!” (62). მარიკა მასწავლებელთან აღმოჩნდება არა ,,საპარადო”, არამედ სწორედ ინკოგნიტო ვარიანტი და შედეგიც არ დააყოვნებს: ,,უბრალოდ, თუ გადაწყვეტ, რომ გჭირდება ადამიანი, რომელსაც რაიმე საკითხთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გაუზიარებ, იცოდე, ეს ადამიანი სიამოვნებით ვიქნები”. ლუკა გაოცებულია და მისი უხერხულობის გასაფანტავად მასწავლებელი მიანიშნებს, რომ თვითონაც ჩვეულებრივი ადამიანია, აზრის, ტკივილისა თუ განცდის მოზიარის მაძებარი. ამიერიდან ლუკამ უკვე იცის, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ ისინი არ არიან.

მოკლედ, ყოველი პროფესია არის, უპირველესად, ადამიანობა და შემდეგ უკვე პროფესიონალიზმი. ამ ორივეს მასწავლებელში გაერთიანება კი ასეთ სიყვარულს იწვევს: ,,თქვენ გარეშე ისედაც ყველაფერი მოსაწყენია! (თეკლა); ,,თქვენს გაკვეთილზე დრო ისე გადის, ვერ ვგრძნობ და მაინც მინდა, არ დასრულდეს ხოლმე” (ნინო); ,,ყოველთვის მამხნევებთ და ყველაფერს მიმსუბუქებთ” (თაკო); ,,შეგიძლიათ, ნებისმიერი მოსწავლე გაახაროთ” (ვატო); ,,თქვენ მსოფლიოში ყველაზე კარგი მესაიდუმლე მასწავლებელი ხართ. კიდევ კეთილი, სამართლიანი, მეგობრული. ადრე მეგონა მასწავლებლისა და მოსწავლის მეგობრობა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ!” (ლუკა). მე, ამ ლიტერატურული წერილის ავტორს, მაქვს მასწავლებლობის გამოცდილება, მყავს მოსწავლე-მეგობრები და ვიცი, სამყაროში დიდად არაფერი იცვლება _ თუ ჩემს დროს მასწავლებლის ჭამა გვაოცებდა, ლუკას მარიკა მასწავლებლის ველოსიპედზე ჯდომა აოცებს. მთავარია, რომ ენაა უცვლელი, ბავშვისა და მასწავლებლის კომუნიკაციისა _ სიყვარული და, აქედან გამომდინარე, ნდობა, გზა ერთმანეთის სულებისაკენ. ამ ნაწარმოებში ბავშვები თამაშობენ ასეთ თამაშს _ დაწვებიან მიწაზე, აჰყურებენ ცას და ირჩევენ ,,საკუთარ” ჩიტს, რომელშიც თითქოს მათი სულია. ამას რომ ვკითხულობდი, ასეთი რამ დაემთხვა: გავდივარ სადარბაზოში, კარებთან მყოფი ყვავილების მოსარწყავად. ავხედე _ ორი პატარა მერცხალია ჩვენი კარის თავზე, შეყუჟულან და შემომყურებენ, როგორც შინაურს, არ მიფრინავენ. მიგრძნია, ჩიტივით მსუბუქი და ღირსეული როდის ხდება ჩემი სული. და ვფიქრობ: ის მერცხლებიც, კარის თავზე, ჩემი და დედაჩემის სულების იდეალური ანუ უხინჯო განსხეულებები ხომ არ არიან?…

პატარა დათიმ წნევის წამლები დალია. ლუკასა და დათის მამა საზღვარგარეთ აპირებს წასვლას და მათ განშორება ელით. დედა ანერვიულებულია, _ ,,კიდევ ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ჩვენ, მე, დედა და მამა, აღარავის ვუსმენდით, მარტო ერთმანეთის გულისცემა გვესმოდა” (139) _ სწორედ ეს გულისცემაა, ადამიანებს რომ აკავშირებს,  რაც არ უნდა ბევრი რამ აშორებდეთ მათ: მანძილი, შეხედულებები, წყენა თუ სიამაყე…

სკოლა ჩვენი ცხოვრების ადამიანების სამყოფელიცაა, რომლებთანაც ყველაზე მყარი და ნაღდი რამ გვაკავშირებს _ ბავშვობა. ,,ყოველთვის ასე მემართება, როცა სკოლა მთავრდება. ვიცი, რომ სამ თვეში ყველაფერი ხელახლა დაიწყება, მეგობრებს ისევ ვნახავ, მასწავლებლებსაც მოვუსმენ თუ არ მოვუსმენ, მაგრამ რაღაცაზე მაინც მწყდება გული. ეს რაღაცა ბავშვობააო, მითხრა თათამ, მაგრამ არ დავიჯერე. ბავშვობაზე გული როგორ დამწყდება, როცა ისევ ბავშვი ვარ?” (153) _ იქნებ ეს გარდასულობის სევდაა? ბავშვობა ხომ გარდასულშიცაა და მომავალშიც: როცა ,,სული ივსება თოვლით და შენ ბერდები”, ხშირად გაგექცევა წარსულისკენ თვალი. ,,იქ” პატარა ხარ, კრიალაა ცა და სულის გამათბობელია მზე, ყველა ახლობელი შენთანაა, ბევრი სიყვარულია, ზრუნვაც და უზრუნველობაც, უამრავი ოცნება და სულ ცოტა იმედგაცრუება. იქიდან ცხოვრების უდაბნო ისეთი სასტიკი არ ჩანს და ბევრი სიტკბოა… და ასე საზრდოობ წარსულით სიბერეში. თუმცა ხვდები, რომ ეს ოაზისი წინაც შემოგხვდება, სიცოცხლეში ჯერ გაურკვეველი მომავლიდანაც შემოგღიმილებს შენი ბავშვობა…იქნებ ლუკას წუხილი ბავშვობის ნებისმიერ ასაკში თანამყოფობის სურვილი თუ აუცილებლობაა, რომ არ დაგვავიწყდეს _ ,,რატომ შეუყვარდა მზეს პატარა დინოზავრი” მაშინ, როცა ,,ყველა ცუდი ამბავი სადღაც გაქრა და თითქოს ისევ სული-ჩიტი გავხდი”…

 

ციტატები თამარ გეგეშიძის წიგნიდან ,,სული-ჩიტი”, გამომცემლობა ,,ინტელექტი”,2018

როცა დედას დეპრესია აქვს

0

“მენატრებოდა დედა, რომელიც ჩემს ტანსაცმელს კარადაში საახალწლო ნათურებს კიდებდა, როცა პატარა ვიყავი, იმიტომ რომ იქ მცხოვრები ბუების მეშინოდა; და არა დედა, რომელსაც დენის გადასახადის გადახდა დაავიწყდა, შუქი გაგვითიშეს და ამიტომ სკოლაში ჭუჭყიანი ტანსაცმლით მივედი. რა თქმა უნდა, ყველამ შეამჩნია და ეგრევე “დარეხვილების” სიაში მოვხვდი.

მენატრებოდა დედა, რომელიც თეფშზე სოსისებს, ბარდასა და კარტოფილს ისე აწყობდა, რომ მოღიმარი სახე გამოსულიყო და არა დედა, რომელიც მეუბნებოდა, რასაც იპოვი, ის ჭამეო.

მენატრებოდა დედა, რომელიც ჩემზე იზრუნებდა – ქალი იმ ძველ ფოტოზე: ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებით. დედა, რომელიც ჩამეხუტებოდა, ჩამკოცნიდა, სახეზე მომეფერებოდა და მეტყოდა, რომ ვუყვარვარ.

მაგრამ ამ ყველაფერს ხომ ვერ ვეტყოდი? კიდევ უფრო დასევდიანდებოდა და ვეღარასოდეს ვნახავდი.”

ეს ლუსია, პატარა გოგო, რომელსაც კარგად გამოსდის ძველი ნივთების შეკეთება. ლუსი მეექვსე კლასის ბოლო კვირაში თავის კლასელ ბიჭს ცხვირ-პირს მიუნაყავს, როცა ის კითხავს, ასე კარგად თუ გეხერხება ჩხირკედელაობა და დაზიანებული ძველმანების გაკეთება, დედაშენს რით ვერ მოუხერხე ვერაფერიო? საქმე იმაშია, რომ ლუსის დედას დეპრესია აქვს, პერიოდულად კლინიკაშიც ხვდება აუცილებელი მკურნალობისთვის და არის ისეთი დღეებიც, როცა საწოლიდან ვერ დგება, ვერც შვილზე ზრუნავს, ვერც საკუთარ თავზე და ამ დროს ლუსი იძულებულია, დეიდა შილასთან დარჩეს. დეიდა შილასთან ცუდი არ არის, მაგრამ არც ისეთი კარგია, როგორც ბედნიერ დედასთან, საკუთარ სახლში ცხოვრება. ლუსიც თავს იტეხს იმაზე ფიქრით, როგორ დაეხმაროს დედას, როგორ დაუბრუნოს მას უდარდელი სიცილი და ბედნიერი გამომეტყველება სახეზე, ძალა და ენერგია. ლუსი ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ ეს შეძლოს, ოღონდ ბედნიერი დედა დაიბრუნოს.

ლუსი ჯენი პირსონის წიგნის პერსონაჟია. წიგნს “ჩვენი საოცარი რეკორდი ჰქვია.” ლუსი და მისი მეგობარი სანდეში ცდილობენ იპოვონ რეკორდი, რომლის დამყარებასაც შეძლებენ ცნობილ ტელეშოუში, რომლის წამყვანიც ლუსის აზრით დედამისის ბედნიერების საიდუმლოს ფლობს. წიგნის ბოლოს ირკვევა, რომ ტელეშოუში მონაწილეობა არც ისე კარგი აზრი იყო (მიუხედავად იმისა, რომ სანდეში შეძლებს რეკორდის დამყარებას) და  მისი წამყვანი ვერც ლუსის და ვერც დედამისს ვერაფრით დაეხმარება. ამ დროს ლუსის უკვე ჰყავს საუკეთესო მეგობარი და იცის, რომ დედამისის ბედნიერებაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს, მისი მხარდაჭერა და უპირობო სიყვარულიც საკმარისია.

“მეგონა, დედაჩემის ბედნიერებას ვეძებდი, თურმე ვცდებოდი. სინამდვილეში საკუთარ ბედნიერებას ვეძებდი.

 ალბათ მეგონა, რომ თუ დედა გამოჯანმრთელდებოდა, მეც ბედნიერი გავხდებოდი, მაგრამ ამაშიც შევცდი. რა თქმა უნდა, მინდა დედა ბედნიერი იყოს, მაგრამ ახლა ისეთიც მაბედნიერებს, როგორიც არის.

 მივხვდი, რომ არ შეიძლება, ბედნიერებას ვინმესგან ან რამისგან მოელოდე. ბედნიერების წყარო ბევრი რამ შეიძლება იყოს. უბრალოდ, უნდა შეამჩნიო” – ამბობს ლუსი წიგნის ერთ-ერთ ბოლო გვერდზე და ჩამოთვლის იმ მომენტებს ბოლო პერიოდიდან, რომელიც თავისუფლად შეიძლება ბედნიერად ჩაითვალოს.

ჯენი პირსონი სანამ მწერალი გახდებოდა, მასწავლებელი იყო და ამ დრომდე მუშაობს ბრიტანეთის სკოლებში. “ჩვენი საოცარი რეკორდის” გარდა სხვა წიგნებიც აქვს დაწერილი. მისი წიგნებიდან  ქართულად “ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობაც” არის ნათარგმნი და თუკი ორივე წიგნი წაკითხული გაქვთ, მიხვდებით რომ ეს არის ამბავი ისეთ ბავშვებზე, რომელთა მართვაც მასწავლებლებს უჭირთ და ისეთ პრობლემებზე, რომლებზეც საუბარი უხერხულად მიიჩნევა: ნაშვილები და რთული ქცევის მოზარდები, მარტოხელა მშობლები, სიღარიბე, იდენტობის ძებნა, ფსიქიკური პრობლემები, დამალული თავგადასავლები და სახიფათო შემთხვევითი ნაცნობები, ყველაფერია აქ და თან ისეთი სიმსუბუქით, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს, როცა 4 ბიჭი ერთ-ერთის ბიოლოგიური მამის საძებნელად მიდის სხვა ქალაქში ან ორი მოზარდი ტაქსის ნაცვლად ყაჩაღების მანქანით მგზავრობს და ეძებს მოპარულ ნახატს, რომელსაც მათი დედის სახლის დახსნა შეუძლია ბანკისგან.

თუკი ჯენის ვებ-საიტზე შეიხედავთ, ნახავთ შესანიშნავ სავარჯიშოებს მისი წიგნების მიხედვით – ეს კიდევ ერთი გაკვეთილია, როგორ შექმნა არა მხოლოდ კარგი წიგნები ბავშვებისთვის მათი ცხოვრების სირთულეებზე, კარგი გასართობებიც გააკეთო ლიტერატურულ ნაწარმოებებზე და თავგადასავალი და ტექსტთან მეგობრობა კითხვის მერეც გააგრძელო.

 “ცხოვრებამ მასწავლა, როცა პრობლემაზე არ ლაპარაკობ, ის უფრო დიდი, საშიში და რთულად დასაძლევი ხდება. ამას კი ის მოჰყვება, რომ თავს უსუსურად გრძნობ და გგონია, ამქვეყნად ერთადერთი ხარ, ვისაც ასეთი უბედურება დაატყდა თავს. სინამდვილეში კი, როცა შენს განცდებს სხვებს უზიარებ, ხვდები, რომ ასე არაა და მარტო აღარასოდეს ხარ” – წერს ჯენი თავის მკითხველს და ახსენებს, ყოველწლიურად ოთხიდან ერთ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები ექმნებაო. ეს სტატისტიკა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, უფროსებსაც და ბავშვებსაც – ამ რიცხვებშია ჩვენი უბედურებაც და ბედნიერებაც, ხსნაც და სევდაც – ფსიქიკური დაავადებები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც კიდურების მოტეხილობა ან რესპირაციული ვირუსები, უბრალოდ მათთან ქცევა და მათ შესახებ ლაპარაკი უფრო უხერხულად ითვლება, მათი მკურნალობისთვის კი ჩვენთან გაცილებით ნაკლები უფასო და კვალიფიციური სერვისი არსებობს, ვიდრე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში.

ცნობიერების დაბალი დონე და სერვისების სიმწირე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ართულებს, თუმცა, უცვლელად ტოვებს მთავარ პრინციპებს: მოითხოვე დახმარება, როცა ის გჭირდება; ელაპარაკე პრობლემებზე მათ, ვინც იცის მოსმენა;

 

 

ატმოსფერული წნევის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

0

გეოგრაფია  ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს სწავლობს. მახსენდება ფილმი „ სახლი“ („Home”), რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა პრობლემას მძაფრად წარმოაჩენს, თუმცა დასაწყისიც და დასასრულიც ოპტიმისტურია და მთელი თავისი დიდებულებით ასახავს დედამიწის მშვენიერებას, ამიტომაც მოსწავლეებს როგორსაც დავანახებთ ამ სამყაროს,  ისეთ სამყაროში იცხოვრებენ.

ცოდნის მისაღებად საჭიროა, მოსწავლემ ისწავლოს სახელმძღვანელოსთან მუშაობა: სწორად გამოიყენოს ტექსტი, შეძლოს  შინაარსის გაანალიზება და ყველაზე მნიშვნელოვნის გამოყოფა, რუკების, დიაგრამების, ფოტოების ანალიზი და მათ შორის კავშირის დამყარება. სახელმძღვანელოში განთავსებული კითხვები და დავალებები სასწავლო მასალის უკეთ გააზრებას უწყობს ხელს, რაც განაპირობებს  ცნებების ჩამოყალიბებას, ახალი ტერმინების, გეოგრაფიული ობიექტების შესწავლას.

მოსწავლეები დამატებით ცოდნასა და ახალ ინფორმაციას ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით იღებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ცოდნას სწორი მიმართულება მივცეთ, რათა სასწავლო პროცესი საინტერესო იყოს.

ამჟამად გეოგრაფიული მეცნიერება სულ უფრო მეტად იძენს გეოეკოლოგიურ ორიენტაციას, რაც ზრდის მის პრაქტიკულ მნიშვნელობას. ბოლო დროს გახშირდა საუბრები კლიმატცვლილებაზე და  ადამიანის ჯანმრთელობაზე მის გავლენაზე. ჰიპოკრატეც (460-377წ.წ. ჩვ. წ.აღ-მდე) კი, ადამიანის ავადმყოფობის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ქალაქებში არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს ასახელებს. მისი ცნობილი გამონათქვამებიდან ჩვენთვის საყურადღებოა: „ექიმი მკურნალობს, ბუნება კურნავს“.

რამდენად ხშირად ვაბრალებთ ამინდს ცუდ გუნება-განწყობას, ჯანმრთელობის პრობლემებს, სისუსტესა და არაფრის კეთების სურვილს, ან სხვა უსიამოვნებებს. ნამდვილად შეუძლია თუ არა ამინდს ასეთი აქტიური გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე? ამინდის პროგნოზისას დიქტორები ჩვეულებრივ გვაცნობენ: ატმოსფერული წნევა 760 მმ Hg (ან 749, ან 754 …). რამდენ ადამიანს ესმის, რას ნიშნავს ეს?  საიდან იღებენ სინოპტიკოსები ამ მონაცემებს? როგორ იზომება ატმოსფერული წნევა, როგორ იცვლება და რა გავლენას ახდენს ადამიანზე?

ამ კითხვებზე პასუხი მე-7 კლასის სახელმძღვანელოში შეიძლება ვიპოვოთ, თემაში „დედამიწა“. პირველ სემესტრში სასკოლო კურიკულუმში რამდენიმე კარგი კომპლექსური დავალება გვაქვს შეტანილი. თუმცა, ვფიქრობ, რომ შეიძლება საკითხების (კომპლექსური დავალების) დამატება, რომელშიც შეიძლება ტოპოგრაფიული რუკის განხილვით გამჭოლი ცნების გეოგრაფიული კვლევის მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბება.

გთავაზობთ კომპლექსურ დავალებას „ატმოსფერული წნევის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“.

თემა  –  დედამიწა

ცნება: გეოგრაფიული გარსი;  შედეგი: 4,5,7,9,10,11,12,13

 ქვეცნება: ატმოსფერო

ცნება: გეოგრაფიული მოვლენა, გეოგრაფიული პროცესი; შედეგი: 4, 5;

ქვეცნება: ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები;

საკითხი:  ატმოსფერული წნევის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ქვესაკითხები: კლიმატის ჩამოყალიბების ფაქტორები, ამინდი, ამინდის ელემენტები, ტემპერატურა, ატმოსფეროს წნევა, ვერტიკალური გრადიენტი, ბარომეტრული საფეხური, კლიმატური დიაგრამა, მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, თემატური რუკები, იზოხაზები, ტოპოგრაფიული რუკა, მასშტაბი, კილომეტრული ბადე …

კომპლექსური დავალება

მეტეოროლოგიური დამოკიდებულება გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიების მქონე ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი; ასევე მათთვის, ვისაც აწუხებს მრავალი ქრონიკული დაავადება, მათ შორის ჰიპერტონია. ისინი ამინდის ცვლილების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან, განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ატმოსფერული წნევის ცვლილება.

ატმოსფერული წნევის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. შენ შეგიძლია დაეხმარო ბაბუას, ბებოს, რადგან  შეგიძლია დაადგინო წნევა და გააფრთხილო ამინდის გაუარესების შესახებ, რადგან ისინი ძალიან მძაფრად რეაგირებენ ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე: მათ აწუხებთ თავის ტკივილი და ზოგადი ჯანმრთელობაც მკვეთრად უარესდება.

მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, რა განსხვავებაა ჰიპერტენზიასა და ჰიპერტონიას შორის.

სინამდვილეში, ჰიპერტონია და ჰიპერტენზია დაახლოებით ერთი და იგივეა. განსხვავება იმაშია, რომ ჰიპერტონია არის დიაგნოზი, ხოლო ჰიპერტენზია არის წნევის მატების ფაქტი.

წარმოიდგინე, რომ კერძო სამედიცინო კომპანიაში მუშაობ და დაგავალეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნა ვებგვერდი, სადაც განათავსებ ინფორმაციას და რეკომენდაციებს ატმოსფერული წნევისა და ჰიპერტენზიის შესახებ. შენი მიზანია, დაადგინო ატმოსფერული წნევის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და შეიმუშაო რეკომენდაციები, რომლებიც შენს ბებია-ბაბუასაც დაეხმარება წნევის ცვლილებების რეგულაციაში.

ვებგვერდზე ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • როგორ და რატომ იცვლება ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები;
  • როგორ მოქმედებს ატმოსფერული წნევის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • როგორ შეიძლება ატმოსფერული წნევის ზემოქმედების შემცირება ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების უარყოფითი გავლენისაგან.

რესურსები: გეოგრაფიის სახელმძღვანელო – გეოგრაფია;  მე-7კლასი ნაწილი I;  გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური; 2019.   § 6. რუკა, გეგმა და ატლასი; § 7. როგორ წავიკითხოთ რუკა; § 8. გეოგრაფიული ინფორმაციის წყაროები; § 11. ამინდის ელემენტები; § 12. მეტეოროლოგიური ხელსაწყოები; § 13. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები და კლიმატური სარტყლები.

სტატია: სიმაღლის დაავადება https://www.aversi.ge/ka/cnobari/2367/simaghlis-daavadeba

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

ამ კომპლექსური დავალების საშუალებით ვამუშავებთ ორ ცნებას: გეოგრაფიული გარსი და გეოგრაფიული მოვლენა, გეოგრაფიული პროცესი. ამავე დროს მოსწავლეს გეოგრაფიული თვალსაჩინოებების დამუშავების უნარებიც უყალიბდება, რადგან გეოგრაფიული კვლევის ჩატარება წარმოუდგენელია გეოგრაფიული რუკებისა და კლიმატური დიაგრამების ანალიზის გარეშე. ამიტომაც საჭიროების მიხედვით სახელმძღვანელოს § 6, § 7 და § 8 პარაგრაფების განხილვასაც მოვიაზრებ.

პირველი ნაბიჯის, შეფასების კრიტერიუმის – როგორ და რატომ იცვლება ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები – დამუშავებისას ვამუშავებთ ცნებას გეოგრაფიული გარსი. ამ ცნებისა და ქვეცნების – ატმოსფეროს დამუშავებაში დაგვეხმარება პარაგრაფები: § 11. ამინდის ელემენტები; § 12. მეტეოროლოგიური ხელსაწყოები; § 13. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები და კლიმატური სარტყლები. აქვე დაგვჭირდება თემატური რუკებისა და კლიმატური დიაგრამების გააზრებისთვის § 6, § 7 და § 8  განხილვაც.   ქვესაკითხებიც შესაბამისად არის: კლიმატი, ამინდი, ამინდის ელემენტები, კლიმატის ჩამოყალიბების ფაქტორები, ვერტიკალური გრადიენტი, ბარომეტრული საფეხური, თემატური რუკები, იზოხაზები, ტოპოგრაფიული რუკა …

მეორე ნაბიჯში, სადაც დავამუშავებთ მეორე კრიტერიუმს – როგორ მოქმედებს ატმოსფერული წნევის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზე – კარგი იქნება, თუ ტოპოგრაფიულ რუკაზე  გამოითვლიან, როგორ შეიცვლება ატმოსფერული წნევა სიმაღლის მიხედვით.  ამ ნაბიჯში კონკრეტული ამოცანის ამოხსნისას ისწავლიან ტოპოგრაფიული რუკის კითხვას და გამოყენებას. ამიტომაც მაქვს ქვესაკითხებში შეტანილი: იზოხაზები,  თემატური რუკები, ტოპოგრაფიული რუკა, მასშტაბი, კილომეტრული ბადე…

მესამე და მეოთხე კრიტერიუმებს მესამე ნაბიჯზე ერთად ვამუშავებთ – როგორ შემიძლია შევამცირო ატმოსფერული წნევის ზემოქმედება ადამიანზე; როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების უარყოფითი გავლენისაგან. რაშიც დაგვეხმარება დამატებითი რესურსი – სტატია: სიმაღლის დაავადება.

ამ ნაბიჯზე მუშაობისას მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუს ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან, დაადგენენ, რამდენად მოქმედებს მათზე და მათ ჯანმრთელობაზე ამინდის ცვლილება, როგორ გამოიხატება და ა. შ. კარგი იქნება, თუ მუშაობის პროცესში სკოლის ექიმსაც ჩავრთავთ. მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობა.

ვფიქრობ, რომ ამ დავალებით მოსწავლეები  გეოგრაფიული ცოდნის საჭიროებას დაინახავენ. თუ მოგეწონებათ და გამოიყენებთ, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე.

 

 

 

 

არ დაჩაგრო, იმეგობრე!

0

მასწავლებლები ჩვენს აღსაზრდელებთან ერთად ვქმნით იმ საზოგადოებას, რომელიც ჩვენი მომავალია. შესაბამისად, სწავლა-განათლების პარალელურად, ვზრუნავთ მათ პიროვნულ განვითარებაზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მათი სწორად აზროვნებისა და ქცევის ჩამოყალიბებას. როდესაც მოსწავლეები სკოლაში ატარებენ დროს, ისინი სწავლობენ სოციუმთან ურთიერთობას, ავლენენ საკუთარ ხასიათს, ცდილობენ თვითდამკვიდრებას. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ  შესაძლებლობების გამოვლენაში და მივცეთ სწორი მიმართულება. უნდა დავუთმოთ დრო მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად, როგორიცაა ჩაგვრის თემა.

ვფიქრობ, თუ თითოეულ ადამიანს მცირე ასაკიდანვე შთავაგონებთ, რომ ძალადობა არ შეიძლება, საზიანო და დამანგრეველია, ნელ-ნელა  შემცირდება მსოფლიოში შემთხვევები.

ჩაგვრის თემასთან დაკავშირებით ჩვენმა სკოლამ, წლის განმავლობაში, სასკოლო პროექტი განახორციელა, რომელშიც ყველა ასაკობრივი საფეხური იყო ჩართული. პროექტში განხორციელებული ყველა აქტივობა საბოლოოდ ჩემმა მოსწავლეებმა გააერთიანეს და სატელევიზიო გადაცემა ,, ერუდიტი  TV -ის“ ფარგლებში შესთავაზეს საზოგადოებას.

გთავაზობთ პროექტის მიმდინარეობას:

კომპეტენციები –     ადამიანის    ღირსებისა    და  უფლებების    დაფასება;      პატივისცემა; მოქალაქეობრივი აზროვნება;      ემპათია;

თემა – ძალადობისა და ჩაგვრის პრევენცია

პრიორიტეტები ესგ – კონფლიქტების მართვა

მიზნობრივი   ჯგუფები:

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები;
  • საბაზო საფეხურის მოსწავლეები;
  • საშუალო საფეხურის მოსწავლეები;
  • მშობლები;
  • კათედრების წევრები;
  • სამოქალაქო განათლების კლუბი.

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩაგვრის თემაზე ესეებისა და ლექსების შექმნა:

მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით, შეადგინეს ლექსები და ესეები, სადაც ისინი საუბრობენ და ძალადობაზე  საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ამ აქტივობით, მოსწავლეებში ღრმავდება თემის არსი. ვფიქრობ, როდესაც რაღაცას ქმნი და მის შესახებ ფიქრობ, ის სულ შენთან რჩება და აღარსად მიდის.

  1. თოჯინების სპექტაკლების წარმოდგენა

ზღაპარი ,,ვეფხვი და კატა“  თოჯინების სპექტაკლისთვის გამოიყენეს მოსწავლეებმა. თავად შექმნეს თოჯინები, გაახმოვანეს და გადაიღეს სპექტაკლის მიმდინარეობა.

3.არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის სტატისტიკური ანალიზი

მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებელთან ერთად მოიძიეს ინფორმაცია ბოლო წლებში საქართველოში ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე. გადაამუშავეს მონაცემები და წარმოადგინეს დიაგრამების სახით. ბოლო წლებში მიმდინარეობს ძალადობის ამსახველი ფაქტების აღრიცხვა, მათი გამოვლენა და რაც მთავარია, დახმარების აღმოჩენა.

4.სიმღერის ჩაწერა
მოსწავლეებმა თავად დაწერეს ძალადობის თემაზე სიმღერის ტექსტი და ჩაწერეს სიმღერა. ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და მოუწოდეს საზოგადოებას, უარი განაცხადონ ძალადობაზე.

 

5.სამოქალაქო კლუბის მიერ ორგანიზებული დისკუსია – თემაზე: ,,არ დაჩაგრო, იმეგობრე!“

სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამართეს დისკუსია ჩაგვრის თემაზე. ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ,,ნაადრევი ქორწინება“, ,,ცხოველების ჩაგვრა“, ,,მოსწავლეების ჩაგვრა მასწავლებლების მიერ“ და სხვა. თემებზე დისკუსიის შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ სწორი ხედვა ჩაგვრის მიმართ.

6.მოსწავლეთა მშობლებისათვის ფილმის „400 დარტყმა“ ჩვენება, დისკუსია Microsoft Teams-ში.

მშობლებმა სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიეღოთ პროექტის განხორციელებაში.  ამისათვის გადაწყვიტეს, ენახათ ფილმები ძალადობაზე: „400 დარტყმა“, „საოცრება“, „ცხოვრება მშვენიერია“ და გაემართათ დისკუსია პედაგოგებთან ერთად ძალადობის სახეებზე, ტიპებსა და ფორმებზე. ეს დაეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ და შეაფასონ ძალადობრივი ქმედებების მიზეზები და შედეგები.

  1. ჩაგვრა ისტორიულ ჭრილში

მოსწავლეებმა მოიძიეს ისტორიულ პიროვნებებზე ინფორმაცია, რომლებიც ჩაგრავდნენ სხვებს. გააკეთეს პრეზენტაცია, განიხილეს, იმსჯელეს და ამ საკითხზე მოაწყვეს დისკუსია.

8.კლიპები ჩაგვრის თემატიკაზე „უთხარი არა ბულინგს“

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გადაეღოთ კლიპი 1 კლიპი 2  ჩაგვრის  შესახებ. მისი სახელია: არ დაჩაგრო, იმეგობრე! ამ კლიპით ისინი უარს ამბობენ ძალადობაზე და მეგობრობისკენ მოუწოდებენ თანატოლებს. ვიდეო რგოლში მოსწავლეები თავად ასრულებენ იმ როლს, რომლის მორგებაც, სამწუხაროდ, ზოგ ადამიანს უწევს, როლური თამაშით მათ უკეთ გაიაზრეს პრობლემის არსი.

  1. მულტფილმ „საოცრება“-ს ჩვენება-განხილვა. პოსტერების დამზადება

პროექტის პირველ   ეტაპზე  დაწყებით კლასებში  ჩატარდა  მინი ლექცია.  მასწავლებლებმა ახსნეს, თუ რას გულისხმობს ტერმინი ,,ბულინგი’’.  მსჯელობის შემდეგ თავადაც შეძლეს და ჩამოთვალეს  მათი თანატოლების ქმედებები, რომლებიც შეიძლება ჩაგვრაში გადაიზარდოს: ხელის  კვრა, დაცინვა, თმების მოქაჩვა,  ნივთის წართმევა და ა.შ.  მათ უყურეს ფილმს ,,საოცრება“, ასევე მოუსმინეს აუდიო წიგნებს, რომელიც შექმნილი იყო  ,,კეთილი ამხანაგები’’-ს  და  ,,კოჭლი კაცი’’-ს  მიხედვით.   ასევე კლასმა უყურა ანიმაციურ ფილმს  ,,ბულინგი  სკოლაში’’ მოხდა  თითოეული პერსონაჟის თვისებებზე დაკვირვება და განხილვა.

მოსწავლეებმა სიუჟეტური სურათების გამოყენებით, შეთხზეს ამბავი. საბოლოოდ კი მიღებული  ინფორმაციის საფუძველზე და პირადი გამოცდილების გათვალისწინებით,  მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები. გადმოსცეს  მათი თვალით  დანახული ჩაგვრა.

პროექტის დასრულების შემდეგ,   მოხდა მისი შეჯამება. ანკეტური გამოკითხვა, მონაცემთა დახარისხება და ანალიზი.

მისი მდგრადობა შემდეგში მდგომარეობს: მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით სკოლაში აქტიურად გაგრძელდა მუშაობა ონლაინ კლუბში, რომელიც ყოველთვიურად გეგმავს სხვადასხვა აქტივობებს დემოკრატიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ვფიქრობ, თითოეული აქტივობის შესრულებით, მოსწავლეებში გავაღვივეთ ემპათია. ვთვლი, რომ ძალადობაზე უარს არა მარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეები იტყვიან, არამედ სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.  ყველამ ერთად უნდა ვთქვათ ხმამაღლა: ,,არ დაჩაგრო, იმეგობრე!”

 

 

 

კომპლექსური დავალება – ბავშვთა განათლების უფლება

0
Illustration

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მასწავლებელთა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით,  2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია  გაიმართა.

საგნობრივი მიმართულებების მიხედვით განაწილებულ სექციებში, ორი დღის განმავლობაში,  მსმენელთა წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს ყველა რეგიონში მოღვაწე  მასწავლებლები.

მინდა, გაგიზიაროთ სსიპ ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ირმა ჯალაღონიას საავტორო კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

კლასი – III

ძირითადი რესურსი/ტექსტი -„მზიანი დღე“- ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ მიხედვით.

თემა – განათლების უფლება

სამიზნე ცნება – სიტყვიდან ტექსტამდე (შედეგები: (I) 4,5,6)

ქვეცნება – დასაბუთება

საკითხი – წერილობითი დასაბუთება პირადი თვალსაზრისისა ბავშვის განათლების უფლებასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით

ქვესაკითხები – დასაბუთების    შემადგენელი  ნაწილები/ელემენტები (პოზიცია, არგუმენტი, მაგალითი). ლოგიკური   კავშირების,  შეფასება-დამოკიდებულების გამოხატვა     (მაგ., აზრის დასაბუთებისას, შეფასებისას).წინადადება, აბზაცი, ტექსტი.

საკვანძო შეკითხვა – როგორ დავასაბუთო წერილობით ჩემი მოსაზრება?

რამდენად     ამყარებს        ჩემს    მოსაზრებას  მოყვანილი            არგუმენტები           და მაგალითები?

როგორ          შევარჩიო      სიტყვები       და       წინადადებები            სათქმელის გამოსახატავად? როგორ გავიმდიდრო სიტყვების მარაგი?

კომპლექსური დავალების პირობა

 დაფიქრდი და წერილობით დაასაბუთე შენი მოსაზრება შემდეგ საკითხზე:

ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია განათლების მიღება.

ნამუშევარში:

  • გადმოეცი, ეთანხმები თუ არა განათლების საჭიროებას ყველა ბავშვისთვის.
  • ახსენი, რატომ ფიქრობ ასე და მოიყვანე მოსაზრების დამადასტურებელი მაგალითები (გაიხსენე შესწავლილი მოთხრობა ან პირადი გამოცდილება, ან ბრძნული გამონათქვამი)
  • გადმოეცი სათქმელი თანმიმდევრულად, გამოიყენე პირადი დამოკიდებულების

აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები (მაგ., ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, ვეთანხმები… იმიტომ, იმის გამო, რომ, რადგან…)

  • გამოიყენე აბზაცები და სასვენი ნიშნები.

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე: (შეფასების კრიტერიუმები)

  • როგორია შენი თვალსაზრისი; ახსენი, რატომ ფიქრობ ასე და მოიყვანე შენი პოზიციის დამადასტურებელი მაგალითები (ს. 3);
  • რამდენად შეესაბამება/ განამტკიცებს შენი მოყვანილი მაგალითები მოსაზრებას (ს. 2, 3);
  • მიზეზშედეგობრიობისა და პირადი დამოკიდებულების გამომხატველ რომელ სიტყვებს, ფრაზებს გამოიყენებ დასაბუთებისას (ს.1)

შენიშვნა:  თითოეულ კრიტერიუმთან, ფრჩხილებში, შემოკლებითაა მითითებული სამიზნე ცნება ,,სიტყვიდან ტექსტამდე“.

ეტაპი I. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა და გაცნობიერება.

  • გაიხსენეთ, რის დასაბუთება გიწევთ თანატოლთან, მშობელთან; როგორ ასაბუთებთ თქვენს მოსაზრებას?
  • გაიხსენეთ, რომელი მოსაზრება დავასაბუთეთ ბოლოს? რას მივაქციეთ დასაბუთების დროს ყურადღება?
  • გაიხსენეთ, როგორია კარგი დასაბუთების მაგალითი – რა ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს? (თვალსაზრისი, არგუმენტი, მაგალითი);
  • რას მოითხოვს თქვენგან ეს დავალება?
  • როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას დავალების შესრულებისას?
  • რისი შესწავლა დაგვჭირდება?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 ნაბიჯი 1. რატომ ფიქრობ, რომ შენი ტექსტი დასაბუთებას წარმოადგენს? რამდენად ამყარებს შენი არგუმენტები და მაგალითები მოსაზრებას? (ს.1,2);

აქტივობა: მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი თემა: ,,ტყის დაცვა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია’’ და გამოხატეს პოზიცია ტყის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

ნაბიჯი 2. რომელ ენობრივ საშუალებებს, მიზეზშედეგობრიობისა და პირადი დამოკიდებულების გამომხატველ რომელ  სიტყვებს, ფრაზებს გამოიყენებ დასაბუთებისას? (ს.1)

 

აქტივობა: მოსწავლეებმა გაიხსენეს დასაბუთების ენობრივი მახასიათებლები:

 

აქტივობა: მოსწავლეებმა უპასუხეს სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის დასმულ შეკითხვებს ბავშვთა უფლებების დეკლარაციის მიხედვით:

  • რას გულისხმობს, რას ნიშნავს ბავშვის განათლების უფლება?
  • ვინ უნდა ზრუნავდეს ბავშვის განათლების უფლების დაცვაზე? რატომ უნდა შეუწყოს მშობელმა შვილს ხელი სწავლაში?
  • რატომ სჭირდება ბავშვს თამაშისა და დასვენების უფლება?
  • რას აკეთებენ თქვენი მშობლები იმისათვის, რომ თქვენ განათლება მიიღოთ?
  • წიგნის გარდა, რა საშუალებები არსებობს განათლების მისაღებად?
  • როგორ ფიქრობთ, რაში დაგეხმარებათ წიგნი და განათლება? რისთვის გჭირდებათ ცოდნა.

აქტივობა: მოსწავლეებმა შექმნეს საერთო საკლასო პოსტერი ბავშვთა უფლებების თემაზე – ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნისს.

ნაბიჯი 3. შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე/მსმენელზე შთაბეჭდილების

მოსახდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სიტყვებისა და წინადადებების გამოყენება.

აქტივობა: მოსწავლეებმა გაიხსენეს და შეისწავლეს ცნობილი გამონათქვამები სწავლისა და განათლების შესახებ.

,,ცოდნა  ბედნიერებაა.“

„ცოდნა სამოთხეა, არცოდნა-ჯოჯოხეთიო.“

„ცოდნა ძალაა.“

„უსწავლელი კაცი უტარო ცულიაო.“

„სწავლა სიმდიდრეს სჯობიაო.“

„ცოდნა ხმალზეც უფრო ჭრის და ზარბაზანზეც უფრო ძლიერიაო.“

„სწავლა სალესავია, კაცს ფხას აძლევსო.“

„მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა”

„ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულგანათებული კაცები არა ჰყავს”

„ცოდნა მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ მას პრაქტიკაში გამოიყენებ.”

„სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“

„თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“

„მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და მეცოდინება.“

„განათლებულ ადამიანს ყოველთვის უფრო მეტი შეკითხვა აქვს, ვიდრე პასუხი.“

„განათლება იწყება წარუმატებლობით, პირველი მარცხი პირველი გაკვეთილია.“

 აქტივობა: მოსწავლეებმა შექმნეს მინიპოსტერები: ,,რას ამბობენ ჭკვიანი ადამიანები განათლების შესახებ”

აქტივობების განხორციელების  შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს პირველადი ვერსია -თვალსაზრისის წერილობითი დასაბუთება – ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია განათლების მიღება. კრიტერიუმებზე დაყრდნობით გააუმჯობესეს  ნამუშევრები და შექმნეს საბოლოო პროდუქტი.

ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები:

  • გამოკვეთილი გაქვს თუ არა შენი პოზიცია (ანუ ეთანხმები თუ არა გამოთქმულ თვალსაზრისს)?
  • გაქვს თუ არა არგუმენტი (ანუ ახსნილი, რატომ ფიქრობ ასე) ?
  • გაქვს თუ არა მოყვანილი არგუმენტის შესაბამისი მაგალითები?
  • გაქვს თუ არა გამოყენებული მიზეზშედეგობრიობის (რადგან…, ამიტომ; იმიტომ, რომ….;  ან   პირადი დამოკიდებულების  (ჩემი აზრით, მე ვფიქრობ…) აღმნიშვნელი სიტყვები?
  • სწორად გაქვს თუ არა აბზაცები გამოყოფილი? რის საფუძველზე გამოყავი ისინი?
  • სწორად გაქვს თუ არა დასმული სასვენი ნიშნები?
  • რის საფუძველზე დასვი სასვენი ნიშნები?

როგორც თავად ქ-ნი ირმა ჯალაღონია აღნიშნავს,  ნამუშევრების განმავითარებელი შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებმა (ასაკის შესაბამისად) სიღრმისეულად გაიაზრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებებს შორის განათლების უფლებას და გამოხატეს თავიანთი მოსაზრება  განათლების მიღებასთან დაკავშირებით; საკუთარი პოზიციის განმტკიცებას შეეცადნენ სხვადასხვა არგუმენტის და მაგალითის მოყვანით; გაეცნენ ცნობილი ადამიანების აზრებს და შეეცადნენ ამგვარი ციტატების გამოყენებას თავიანთ მსჯელობაში.

მოსწავლეებს განუვითარდათ ფუნქციურ-კომპონენტური უნარები: შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, მოქალაქეობა.

პ.ს. შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ ეროვნულ კონფერენციაზე წარდგენილ მხიარულ კომპლექსურ დავალებას ,,მე და საზოგადოების’’ საგნობრივი მიმართულებიდან.

 

სომეხი თურქთა შორის

0

მრავალი წლის წინ გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ჩემს მეგობართან ერთად ვიმოგზაურე. მთელი ქალაქი და მთელი რეგიონი მოვიარეთ. საქმიანი შეხვედრების მიღმა ვცდილობდით, ევროპის უძველესი რეგიონის ღირსშესანიშნაობები მოგვენახულებინა. ჩემი მეგობარი დემოკრატიის ისტორიით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანი გახლავთ. ამიტომ შავი დღე მაყარა, როდესაც ბავარიის დედაქალაქის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე კურტ აისნერის, ცნობილი რევოლუციონერის დახვრეტის ადგილზე მივიყვანე. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ მაინც ხშირად იხსენებს, რომ მომქანცველი დღის ბოლოს რამდენიმე საათი ვატარე, რათა ტროტუარზე დაგებული ფილა მენახა.

მწარე გამოცდილების შემდეგ ვცდილობ, რომ სხვებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი და ჩემთვის ამაღელვებელი ადგილები მარტომ მოვინახულო. შესაბამისად, უცხო ქალაქებში ეულად მიწევს ხეტიალი, რათა საკუთარი იდეებისთვის თავგანწირულ და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების მემორიალებს მივაკვლიო. ცოტა ხნის წინ გამიმართლა და თურქეთში სამუშაო ვიზიტის დროს ჩვენმა მასპინძლებმა კონფერენციის ყველა მონაწილე წაგვიყვანეს ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის მუზეუმის მოსანახულებლად.

სტამბოლის შუაგულში, ოსმანბეის რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ აღმართზე ნებისმიერ დაკვირვებულ ტურისტს თვალს მოსჭრის ფილაქანზე ამოტვიფრული სომხური წარწერა. სრულიად გამორჩეული სომხური ასოების დანახვისთანავე მთელმა ჯგუფმა გაკვირვებით გადავხედეთ ერთმანეთს. ბევრი ვერ ვიჯერებდით, რომ ამდენი ომების, სიძულვილის, გრანდიოზული კატასტროფის შემდეგ მთავარი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ასე ხელუხლებლად და თავისუფლად შეიძლებოდა სომხური დაფის განთავსება. სტამბოლური თავისუფლებითა და ტოლერანტობით აღფრთოვანება დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალევე შეგვიყვანეს ფილაქნის მიღმა მდებარე შენობაში, სადაც ჰრანტ დინკის მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მივხვდით, თუ რის ფასად გამოჩნდა თურქულ პროსპექტზე სომხური ანბანი.

ჰრანტ დინკი თურქეთის ეროვნებით სომეხი მოქალაქე გახლდათ, რომელიც ობოლთა თავშესაფარში გაიზარდა. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული მას სიღარიბესა და ჩაგვრაში უწევდა ცხოვრება. ის და მისნაირი ადამიანები იდევნებოდნენ თავიანთი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობისა და ნაციონალური იდენტობის გამო. ხელმოკლეობისა და გარიყულობის მიუხედავად, სომეხმა ახალგაზრდამ მაინც შეძლო უნივერსიტეტში ჩაბარება, სწავლობდა ფილოსოფიასა და ზოოლოგიას. თურქეთისათვის ჩვეულ მორიგ სამხედრო გადატრიალებამდე ხელმძღვანელობდა სომეხი ბავშვებისთვის გახსნილ საზაფხულო ბანაკს, ბანაკის კონფისკაციის შემდეგ წიგნების ვაჭრობითა და გამოცემით ირჩენდა თავს. დინკი ყოველთვის აქტიური იყო საზოგადოებრივ ასპარეზზეც, მონაწილეობდა სტუდენტთა გამოსვლებსა თუ მუშათა დემონსტრაციებში, მაგრამ პოლიტიკა მისი საქმიანობის მთავარი სფერო დიდ ხანს არ ყოფილა. ყველაფერი 1990-იან წლებში შეიცვალა, როდესაც თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. დაძაბულობის ეპოქაში ქვეყნის ელიტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ნაციონალური უმცირესობა ტერორისტთა თანამზრახველებად წარმოეჩინათ. თურქეთში მცხოვრებმა სომხებმა კი გადაწყვიტეს, რომ თავიანთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზიციების წარმოსაჩენად უფრო აქტიურად, ღიად და მკაფიოდ ესაუბრათ არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ თურქეთის მთელ მოსახლეობასთან.

სომხურ თემსა და დანარჩენ თურქულ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის დასამყარებლად 1996 წელს გაზეთი „აგოსი“ დაფუძნდა, რომლის რედაქტორ-გამომცემელიც ჰრანტ დინკი გახლდათ. გაზეთი ორ ენაზე გამოდიოდა, მის ფურცლებზე სომხური თემის წარმომადგენელთა მოსაზრებების, დამოკიდებულებების წაკითხვა შესაძლებელი იყო სომხურადაც და თურქულადაც.

ჰრანტ დინკის გაზეთმა მრავალი მიმართულებით დაიწყო მუშაობა. დინკის თანამშრომლები მწვავედ აკრიტიკებდნენ თურქეთში მომუშავე სომხურ ორგანიზაციებს კარჩაკეტილობისა და იზოლაციონიზმისათვის, პარალელურად კი თავდაუზოგავად ამხელდნენ თურქეთის ხელისუფლებას სომხური თემის ჩაგვრისა და გარიყვის, სომხური კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლისა და განადგურების გამო. რაც მთავარია, ჰრანტ დინკი საკუთარ თავს მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლად არ მიიჩნევდა, მას და „აგოსის“ ჟურნალისტებს აწუხებდათ ყველაფერი ის, რასაც უმრავლესობა აღიარებდა პრობლემად. შესაბამისად, სომხურ-თურქული გამოცემის გვერდებზე ხშირად იბეჭდებოდა სტატიები სიღარიბის, სოციალური უსამართლობის, სხვა ნაციონალური ჯგუფების უფლებების, დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ. მაშასადამე, გაზეთის გადაშლისას რიგით მკითხველს მხოლოდ სომეხთა სირთულეებზე არ მოუწევდა ტექსტების წაკითხვა. ის საკუთარი განსაცდელის თაობაზეც ამოიკითხავდა საგულისხმო აზრებს.

ცხადია, სომეხი თანამოქალაქის შრომამ მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სომხურ-თურქული ურთიერთობების უმძიმესი გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრი განცვიფრებული იყო ჰრანტ დინკის სიმამაცით. მათ არ სჯეროდათ, რომ მოქალაქეობის მიუხედავად სომეხს მაინც სხვების თანასწორად შეეძლო საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. არმენოფობიურ წრეებს აღიზიანებდათ „აგოსის“ რედაქტორის გონივრული და ზომიერი სტრატეგია, რომელიც ხმაურის, ქუჩის მღელვარებებისა და პარტიული საქმიანობის ნაცვლად ყოველკვირეულ გაზეთში სხვადასხვა თემების ინტენსიურ, არგუმენტებით გამყარებულ გაშუქებას ეფუძნებოდა. ობოლთა თავშესაფრის აღზრდილი მალევე იქცა ულტრანაციონალისტური და ექსტრემისტული ძალების სამიზნედ. მათ მხარი აუბეს ოფიციალურ სტრუქტურებში დასაქმებულმა, რადიკალურად განწყობილმა სამართალდამცველებმაც. შედეგად, რედაქტორის წინააღმდეგ რამდენჯერმე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სომეხ მოქალაქეს თურქი ხალხის შეურაცხყოფასა და დამცირებაში სდებდა ბრალს. მთელი თავისი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში დინკი გაწამებული იყო პირობითი სასჯელებით, მუდამ განაჩენთა გასაჩივრებით იყო დაკავებული, თვეობით ელოდებოდა ევროპული მართლმსაჯულების ვერდიქტს. დაპატიმრების განუწყვეტელი მუქარის მიუხედავად, „აგოსის“ თანამშრომლები უკომპრომისოდ აგრძელებდნენ თავიანთი ღირებულებების ერთგულებას.

სომხურ-თურქული გაზეთის მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც „აგოსის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა სტატია საბიჰა გოგჩენის შესახებ. საბიჰა გოგჩენი თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის – მუსტაფა ქემალ ათათურქის ნაშვილები გოგონა გახლდათ, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ მფრინავ ქალად და სამხედრო პილოტად ჩამოყალიბდა. საბიჰა უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა თურქი ხალხისა და გენერალური შტაბისათვის. ჰრანტ დინკის გაზეთმა კი გაასაჯაროვა ინტერვიუ, სადაც საბიჰას ნათესავი მის სომხურ წარმომავლობაზე მიანიშნებდა. თურქეთის ნაციონალური გმირის ეროვნებით სომხად გამოცხადება, სასიკვდილო განაჩენზე ხელმოწერის ტოლფასი მოვლენა გახლდათ. „საბიჰას საიდუმლოს“ გამჟღავნების შემდეგ „აგოსის“ რედაქციასთან მასობრივი დემონსტრაციების ორგანიზება დაიწყო. ჰრანტ დინკი ყოველკვირა იღებდა მუქარის წერილებს. საბოლოოდ, ჟურნალისტი 17 წლის არასრულწლოვანმა ექსტრემისტმა ქუჩაში დახვრიტა, გასროლის შემდეგ ის ყვიროდა: “მე ურჯულო მოვკალი!”. მკვლელი საზოგადოების ნაწილმა მალევე შერაცხა გმირად.

დინკს შეეძლო თურქეთიდან გაქცეულიყო, ბინა დაედო ევროპაში და უზრუნველად ეცხოვრა დასავლელ ინტელექტუალთა გარემოცვაში. რედაქტორს სხვა არჩევანიც ჰქონდა, თავდადებულ მოღვაწეს სიხარულით მიიღებდნენ ერევანშიც და გმირის სტატუსით გაატარებინებდნენ მთელს დარჩენილ სიცოცხლეს, მაგრამ ის სტამბოლში დარჩა, რადგან სჯეროდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის შვილები მხოლოდ ეროვნებით თურქები არ არიან. დინკს სწამდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თურქეთსაც შეეძლო მრავალი სომხისთვის სრულყოფილი სამშობლოს როლის შესრულება. ის მოკლეს, მაგრამ მრავალეროვანი თურქეთის იდეა და გაზეთი „აგოსი“ ცოცხალია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...