ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ესაუბრე სხეულს – პეზეშკიანის ტექნიკა

0

ჰოლისტური ადამიანი – ნაწილი 2

„გამოსამშვიდობებელი  წერილი სიმპტომთან“

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გამუდმებულად გესაუბრებათ, სხვადასხვა ნიშანს გაძლევთ და ცდილობს, მიიქციოს თქვენი ყურადღება, თქვენ კი ან ვერ ამჩნევთ მას, ან მისი ენა არ გესმით, ან გაბუტული ხართ… ის კი უბრალოდ გთხოვთ, რომ დაელაპარაკოთ, ჰოდა, ეს ორივე: მოსაუბრეც და დადუმებულიც თქვენ ხართ! მთლიანობისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. და კომუნიკაციას შეუძლია გააქროს სიმპტომი.

ახლა მოგიყვებით ერთი ცნობილი მეთოდის შესახებ, რომელშიც თქვენ დაინახავთ კომუნიკაციის ძალას. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა ესაუბროთ „სიმპტომს“. სხეული ხომ გველაპარაკება ტკივილის/ემოციების  ენაზე, ჰოდა, სწორედ მასთან უნდა გავაბათ საუბარი.

ამ მეთოდს ეწოდება „გამოსამშვიდობებელი  წერილი სიმპტომთან“. ეს არის ირანული წარმოშობის გერმანელი ნევროლოგის, ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის – პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებლის ნოსრატ პეზეშკიანის მიერ შემოთავაზებული ტექნიკა.

ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანია, დაანახოს ადამიანს, როგორი მნიშვნელოვანია  სიმპტომის მიღება. სიმპტომში იგულისხმება ტრავმული გამოცდილებები: როცა რაღაც გვაწუხებს, როგორც ჩანს, მხოლოდ მას ვხედავთ ცხოვრებაში და სხვას ვეღარაფერს ვამჩნევთ.  წერითი კომუნიკაცია  საშუალებას მოგცემთ, შეისწავლოთ სიმპტომი, როგორც თქვენი სხეულის  ნაწილი და იპოვოთ რეაგირების ახალი გზები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ტვინის “კონტრპროგრამა”.  ეს მეთოდი სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეუძლიათ გამოიყენონ მასწავლებლებმა ლიტერატურის გაკვეთილზე.

სიმპტომზე “გამოსამშვიდობებელი წერილის”  ინსტრუქცია

წარმოიდგინეთ, რომ გყავთ სიმპტომი-მეგობარი დიდი ხნის განმავლობაში (მაგალითად, “იტანჯებით უპასუხო სიყვარულით”, “ურთიერთობაზე დამოკიდებულება“, “დაავადება, რომელიც იწვევს გარკვეულ გრძნობებს/ემოციებს” და ა.შ.). ამ „მეგობართან“ კომუნიკაციამ და ურთიერთობამ რაღაც გასწავლათ ცხოვრებაში,  მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ამ კონტაქტმა ამოწურა თავი. თქვენ გადაწყვიტეთ დაშორდეთ ამ მეგობარს.

ახლა თქვენ უნდა დაწეროთ მასთან გამოსამშვიდობებელი წერილი. თქვენი შეტყობინება უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისგან: პირველ ნაწილში – მადლობა უნდა გადაუხადოთ სიმპტომს იმისთვის, რაც მან გასწავლათ. მეორეში – დაასაბუთეთ, რატომ გადაწყვიტეთ მასთან დაშორება. მესამეში – აღწერეთ, როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება ამ სიმპტომის გარეშე, რა ქმედებები მოგცემთ საშუალებას, შექმნათ უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა გარემოსთან და სხვა ადამიანებთან.

ფსიქოსომატური აშლილობის შემთხვევაში წერილის წერისას უნდა მივმართოთ არა დიაგნოზს, როგორც ასეთს, არამედ იმ ემოციას, განცდას, რწმენას ან გამოცდილებას, რომელსაც გრძნობს ადამიანი მასზე ფიქრისას.

წერილი – ნიმუში

გამარჯობა, ჩემო ძვირფასო რწმენა – “მე ვარ დამნაშავე”! მე პირველად გწერთ და ეს არის ჩემი გამოსამშვიდობებელი წერილი. მრავალი წელი ჩვენ ერთად ვიყავით, თქვენ მეხმარებოდით, მხარს მიჭერდით და მჭირდებოდით. ვაღიარებ, თქვენი მადლობელი ვარ. შენ მასწავლე, კრიტიკული თვალით შემეხედა ჩემი თავისთვის და ჩემი მოქმედებებისთვის;  მასწავლე ცხოვრებაში უმცირესი დეტალებისთვის მიმექცია ყურადღება და შემემჩნია ჩემი ხასიათის ყველა თვისება. შენი წყალობით ვისწავლე სხვა ადამიანების პრობლემებისა და წუხილის გაგება, გავხდი უფრო ემპათიური და მზრუნველი გარშემომყოფთა მიმართ. შენი წყალობით გავიგე, რომ ის, რაც მოხდა, მოხდა და მისი შეცვლა შეუძლებელია,  ვისწავლე თვითანალიზი, დროის სტრუქტურირება და მოვლენათა შეფასება.

ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ შენი წასვლის დროც მოვიდა. შენთან ერთად ყოფნისას, საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ. შენი დახმარებით სტრუქტურირებული დრო არ არის კრეატიული, ის არ იხარჯება შემოქმედებითად. გამუდმებით უკან ვიხედები, ზურგი ვაქციე მომავალს და დავკარგე პერსპექტივა. შენთან ერთად ვარ ილუზიებში, მგონია, რომ წარსულში რაღაცის შეცვლა შემიძლია, თუმცა ეს შეუძლებელია. წარსულის თხრა მაკარგვინებს განვითარების შესაძლებლობას და ეს გზა არსაით არ მიდის. მუდმივი თვითგანსჯის რეჟიმში დავკარგე საკუთარი თავის სიყვარული, შესაბამისად, მე მას ვერ ვუნაწილებ საყვარელ ადამიანებს.

მადლობელი ვარ, რომ ბევრი რამ მასწავლე, მაგრამ ახლა სხვა არჩევანის დრო დადგა. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს შესამეცნებელი, რომელშიც შენ უკვე ვეღარ მეხმარები. მე უნდა ვიპოვო ჩემი ადგილი ამ სამყაროში და სხვა ადამიანთა ცხოვრებაში, ამისთვის კი საჭიროა, წარსულთან მიჯაჭვულობა გავწყვიტო. ახალი გამოცდილებებით მე შევძლებ განსხვავებულ ურთიერთქმედებას ჩემს გარშემომყოფებზე. ასე რომ, მშვიდობით!

P.S. ძვირფასო მასწავლებლებო, დააწერინეთ მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი წერილი იმ რწმუნებულებებსა თუ სიმპტომებზე, რომლებიც ხელს უშლიან ბავშვებს განვითარებაში. მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე ლიტერატურული პერსონაჟების ცხოვრება.

 

 ტროპულად ასახული ეპოქა

0

მწერლობა მიჩქმალული გმირობის გამოსარჩლებააო – უთქვამს კლასიკოს მწერალს და შემდეგ თვითონაც ქცეულა ამ თავდადებისა თუ თავგანწირვის ერთგვარ მეხოტბედ. ქართული მწერლობა, დასაბამიდანვე ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე მდგარი, თავის უპირველეს ფუნქციას მაშინაც ასრულებდა, როცა სიტყვა „სამშობლო“ ჯერ სირცხვილად, შემდეგ კი სიცოცხლისათვის საშიშ ცნებად  ცხადდებოდა.  მეოცე საუკუნის მწერლობის ნაწარმოებთა შესაწავლად მოსწავლემ აუცილებლად უნდა გაიაზროს ეპოქა, რომელმაც აკრძალა ეროვნული ცნობიერებისა და აზროვნების ყოველგვარი გამოვლინება.

ასეთ „უნდობარ“ ეპოქაში სიტყვა ერთადერთი იარაღი და საშუალებაა, რომ იბრძოლო, არ დაივიწყო, ფიქრის უფლება შეინარჩუნო და სადღაც, გულის კუნჭულში დაიმარხო ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი და საზრუნავი: არა მხოლოდ თვითონ იფიქრო, ტვინი რომ არ გადაიწვას  აზროვნების უნარსა და სურვილს მოკლებული, არამედ სხვაც (მკითხველიც) აიყოლიო, მას თავისი წილი ტკივილი გაუმწვავო და გულის გულში მბჟუტავი ნაპერწკალი ცეცხლად უქციო. ასეთ დროს მწერლის იარაღად  არა ჩვეულებრივი, არამედ არაჩვეულებრივი სიტყვა ცხადდება – ასეთ მწერლობას „სიტყვაკაზმული მწერლობა“ ჰქვია. ეს ის მწერლობაა, რომელიც გადატანითი, მხატვრული აზროვნების ფორმებს ეძებს და დაშიფრული სიმბოლოებით აღწევს იმაზე მეტს, ვიდრე მიზნად დაუსახავს -არადა, ადვილი არ არის, ყოფას მოსწყვიტო ის, ვისაც ჟამიერი არსებობის საზრისად „ჭამა და საჭმლის მონელება “ დაუსახავს:

„დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:

ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი!

ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო

ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ“…(მუხრან მაჭავარიანი)

ეს მეოცე საუკუნის 60-იანი წლებია უკვე- მანამდე კი ისეთი ქარიშხალი მოდის, რჩეულ ქართველთა ცხედრებით რომ ავსებს  მხოლოდ „სულის ნაწილად“ ქცეულ სამშობლოს, რადგან:

„არის ხლართი რკინისგზების,

არის ავტო-მოტო-ლელო,

არის ოჯახებიც, მაგრამ

ეს არ არის საქართველო!“(გალაკტიონი)

გალაკტიონის სიტყვები ეპოქის ღირებულებათა ერთგვარი ანალიზია- პიროვნული სიმამაცეცა და სასოწარკვეთაც ჩანს სტრიქონებში, თუმცა ტროპული მეტყველებით ნათქვამი სატკივარი თითქოს უფრო ღრმაა და ყოვლისდამტევი!

სანამ უშუალოდ ნაწარმოებებს განვიხილავთ, მოსწავლეს უნდა შევახსენოთ ტროპული მეტყველების არსი და განვმარტოთ რამდენიმე მათგანი:

ტროპი (ბერძ. Tropos-შექცევა, შებრუნება) გადატანითი მნიშვნელობით ხმარებული ყველა სიტყვა, წინადადება“ ( ა. ჭილაია, რ. ჭილაია, ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები,1984, გვ. 320) – მეტიც, ამავე ავტორების განმარტებით, „სიტყვის არაპირდაპირი მნიშვნელობით გამიზვნა იწვევს სიტყვის შინაარსეულ გამდიდრებას, მნიშვნელობის გაფართოებას, პოეტური წარმოსახვის გაძლიერებას“ (ა. ჭილაია, რ. ჭილაია, ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები,1984, გვ.320-321).

ეს განმარტება ნებისმიერ მასწავლებელს აძლევს საშუალებას, რათა მან მოსწავლეს გააზრებინოს, რომ ტროპული მეტყველება არა მხოლოდ „დაშიფრულ ინფორმაციას“აწვდის მკითხველს, არამედ წარმოსახვას უძლიერებს მას და ზოგჯერ უფრო მეტ ატყობინებს, ვიდრე „ფაქტი მართალი და უტყუარი“.

„მეტაფორა (ბერძ. Metaphora-გადატანა), ტროპის ძირითად, ყველაზე რთული სახე, მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხი; პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს, ასოციაციებითა თუ კონტრასტით, ანალოგიებით წარმოდგენას ემყარება ან აგებულია სიტყვათა გადატანით მნიშვნელობაზე“ (ა. ჭილაია, რ. ჭილაია, ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები,1984, გვ.203).

ამ განმარტებაში ხაზგასმულია ის, რომ საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისება, რომელიც მათ არ ახასიათებთ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია. აქვე გვახსენდება არისტოტელეც: „თუ სათქმელი შედგება მეტაფორისაგან, იგი გამოცანაა“, რადგან თვისებათა მოულოდნელი გადაადგილება მეტაფორის შინაარსს ძნელად გამოსაცნობს ხდის.

  „ეპითეტი (ბერძ. Epithetos-ზედდართული,დამატებული), მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება; დახასიათება; საგნისა და მოვლენის თვისების ემოციური წარმოსახვა უპირატესად ზედსართავი სახელით..“(ა. ჭილაია, რ. ჭილაია, ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები,1984, გვ.84).

ეპითეტის განსხვავება განსაზღვრებისაგან მოსწავლეს მეტ-ნაკლებად უჭირს, რადგან დამოკიდებულებათა კლასიფიკაცია იმის მიხედვით, ლოგიკური და ობიექტურია შემოქმედის დამოკიდებულება საგნისა და მოვლენისადმი (განსაზღვრების განმარტება) თუ სუბიექტური, ზოგადად მკითხველისათვისაც რთულია. ეპითეტი საგნისა და მოვლენის ძირითად მახასიათებელს, მეტაფორულ-ემოციურად შეფერილს, გამოხატავს. ეპიზოდში ეპითეტის მნიშვნელობის წარმოჩენა აუცილებელია და მოსწავლემ ეს უნდა იცოდეს. ეპითეტის მიზანდასახულობის ახსნა „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ეპიზოდის მოშველიებითაც შეგვიძლია. ხატაეთის ომის წინ მოციქულთა სტუმრობისას ტარიელთან მოსული ხატაელი კაცი ტარიელს თავისი მეფის მოსალოდნელი ღალატის შესახებ აუწყებს და თავისივე საქციელის ახსნას ცდილობს:

„მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი,

თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი“.

ამ ორ ტაეპში ორი უმნიშვნელოვანესი ეპითეტია: ხატაელი კაცი ინდოეთში „განაზარდია“ (ეპითეტი)– იგი თავისი ქვეყნის დამპყრობლის კარზე გაზრდილია და მადლიერება ასე ესმის. ორიენტირდაკარგულს ვერ გაურკვევია,  რა არის „საღალატო“ (ეპითეტი)– შესაბამისად, ისიც ვერ გაურკვევია, რა არის „საერთგულო“. მას ბედისწერად ქცევია სხვა ქვეყნის კარზე აღზრდა და  სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის, შვილობა დავიწყებია. ამ ორი ეპითეტის მართებულად გააზრება მოსწავლეს ტექსტის მართებულად გაანალიზების საშუალებას მისცემს.

ზემოთ ნათქვამის საილუსტრაციოდ გავიხსენოთ რამდენიმე ნაწარმოები:

გალაკტიონი:

„ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეედრება, მზეო თიბათვისა, ამას გევედრები“

***

„ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია..

შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია..

გუგუნებს თერგი,ხმაურობს თერგი,მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი,

ფერები ჭევრი ირევა ბევრი, ლალების ტევრი- ლილა და შვინდი..“

***

ტიციან ტაბიძე:

„წამექცა თავზე ცა გარღვეული და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,

და დარიალით გადარეული თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს,

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,

ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს..

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,

ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი..“

***

„დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც, მათი ცხოვრება ხვალე იწყება,

ჩვენს მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას, დაფარავს მიწა და დავიწყება.

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი, და ახეული მაქვს ლაყუჩები,

შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“.

***

ნეტა, თუ სადმე ხარ ძე კაცისა, ამ უკვდავებას ქედს არ უხრიდე,

თუ გაწყდა ძარღვი სიმამაცისა, მე ცოცხალი ვარ ერთი მიურიდი,

ვარ დაფრენილი ორბისგან გნოლი და არ იკარებს გული სალავათს,

ხევსური ჯაჭვის ნაგლეჯი რგოლი ერთი ვაცხადებს მარტო ჰაზავატს.

ვარ გათელილი ლეკის ნაბადი, ყველა სახსარი მაქვს დალეწილი,

მაგრამ ვაჟკაცმა მხოლოდ გაბედე და მეც ვაჟკაცის დამიდე წილი.“

****

კოლაუ ნადირაძე

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავს სჭედდა გრდემლი-

ისევ გოლგოთა, სისხლის და ცრემლი!მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!..

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს-განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს..

იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მზიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლისთ ნაპოხიერი, თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი,

ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“

მეოცე საუკუნის ეპოქალური ძნელბედობის ასახვა მოსწავლეს ყველაზე უკეთ ტროპული მეტყველებით შეუძლია – ამისათვის იგი კარგად უნდა იცნობდეს იმ ეპოქის წარმომადგენელთა  ნაწარმოებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რამდენიმე ცნობილ ლექსზე და ბრჭყალების გარეშე აღვწერთ ეპოქას შემოქმედთა მხატვრული თვალთახედვით.

   ასე გააზრებული ეპოქა გაცილებით მრავლისმთქმელი და მრავლისდამტევია.

    მეოცე საუკუნის დასაწყისში უამრავ განსაცდელგამოვლილ ქვეყანას მძაფრი ქარტეხილი დაატყდა თავს:  ამ ქარტეხილმა და უნდობარმა ხანმა  უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, რათა დარიალიდან შემოსულ ზარას ქვეყნის გზა-სავალი წითლად შეეღება.  ქვეყანაში ცელიანი სიკვდილი წითელი გოლიათის სახით შემოდიოდა _ ამ საშინელების  წინაშე დუმდა სიონიც და დუმდა ხალხიც.. ალბათ, დუმდა ღმერთიც.. მისი შემოსვლით საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი, რადგან გიგანტის შოლტის მუსკულებმა ქვეყნის თავისუფლება დაახრჩო  ყელზე მოდებული რკინის ბაწრით. საუბედუროდ, ქვეყნის საბედისწეროდ, მძიმედ, მაგრამ მაინც  დაცხრა წამებულ იუნკერთა სისხლით მორწყული კოჯორი და ტაბახმელა. ქართველი აცნობიერებს, რომ მშობელ დედას ისევ წამების ჯვარი აჰკიდეს. რადგან ქართლის დედის ცრემლით ნანამი ალამი მძიმედ დაეშვა.

ასე იქცა  გმირთა სისხლით ნაპოხიერი მიწა სხვისი, ხოლო ქართული ცა და ქართული მიწა – მოვარდნილი ცრემლების წარღვნა . პოეტურად აღქმული რელობა კი უიმედოა, რადგან  კლდეები კლდეებს შეხავსებია,  ზამთარს კი მე-19 საუკუნეში რუსული „პოვოსკით“ მონიშნული ქართული არა თუ გზა-სავალი, ბილიკიც კი სამუდამოდ დაუტანია. მამულიშვილის გულს მხოლოდ წარსულის ძვირფასი ლანდები და მოგონებები ანთებს _ ივერიის ძის  მწუხარე ოცნებას თანდათან დაფარავს მიწა და დავიწყება, რადგან მას ყველა სახსარი დალეწილი აქვს და  ორბისგან დაფრენილ გნოლად  ქცეულა. ასეთ სინამდვილეში  ყველა პატრიოტისთვის შემართულია ფეხზე ჩახმახი და ყველა მათგანმა იცის, რომ უსიკვდილოდ ვერ გადარჩება – სამაგიეროდ, არსებობს ის გამოუცნობი და აუხსნელი სულიერი განცდა ღვთისაგან შემოხაზული ქვეყნისა, რომლის გამოც მზადა ხარ, ბელადს შეფიცული უკანასკნელი მიურიდივით შეაკვდე მოყვრად მოსულ მტერს.

_______________________________

ამ ტექსტის შემდეგ მოსწავლეს ვთავაზობთ თვითონ მოძებნოს ის მხატვრული ხერხები, რომლებიც მანამდე განვუმარტეთ.

პროექტი – ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

0

ლიტერატურის სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია  სასკოლო განათლებაში. ლიტერატურის სწავლებაში პროექტული მიდგომა წარმოადგენს ინოვაციურ და ეფექტურ მეთოდს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სწავლების პროცესს და მოსწავლეების ჩართულობას. ამ სტატიაში განვიხილავთ პროექტებით ლიტერატურის სწავლების დადებით გავლენას მოსწავლეებზე.

ლიტერატურულ პროექტებზე მუშაობა  საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. როდესაც მოსწავლეები მონაწილეობენ პროექტებში, ისინი გრძნობენ, რომ მათი შრომა და შემოქმედებითი ძალისხმევა ფასდება, რაც ამაღლებს მათ მოტივაციას და ინტერესს სწავლის მიმართ. აქტიური ჩართულობა ეხმარება მოსწავლეებს, უკეთესად გაიგონ და განიცადონ ლიტერატურული ნაწარმოებები.

პროექტები ლიტერატურაში მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები. ისინი სწავლობენ ტექსტების გაანალიზებას, პერსონაჟების როლის შეფასებას და სიუჟეტის განვითარების გააზრებას. ეს უნარები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ სხვა საგნებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტების მეშვეობით ლიტერატურის სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ისინი ხშირად მუშაობენ ნახატებზე, წერენ ესეებს, ქმნიან ვიდეოებს ან სხვა სახის შემოქმედებით ნამუშევრებს. ეს პროცესები ეხმარება მათ, გამოავლინონ საკუთარი ფანტაზია და განავითარონ უნიკალური ხედვა.

მინდა გაგიზიაროთ მეოთხე კლასში განხორციელებული მცირე, ლიტერატურული სასწავლო პროექტი – „ერთი გრელი დღე სხვა პლანეტაზე“ სამიზნე ცნება: ტექსტი, სიტყვა-წინადადება-ტექსტი

თეა თოფურიას ნაწარმოები „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ წარმოადგენს შესანიშნავ მასალას მოსწავლეებისთვის, რათა განავითარონ: კითხვის, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარები. ამ ტექსტის  სწავლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში, სადაც მუდმივად იზრდება მოთხოვნები სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაზე. ამ სტატიაში განვიხილავთ ამ ნაწარმოების სწავლების  პროექტული მიდგომების მნიშვნელობას და მათ დადებით გავლენას მოსწავლეებზე.

 პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა წაიკითხონ თეა თოფურია ტექსტი“ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“შეარჩიონ პერსინაჟი, შექმნან მისი ნახატი და იმჯელონ რა როლი აქვს პერსონაჟს სიუჟეტის განვითარებაში.მოწავლეებში  მოხდეს  მხატვრული ლიტერატურის სიყვარულის გაღვივება;  წიგნის კითხვის წახალისება; შემოქმედებითი, ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

პროექტის განხორციელების ეტაპები:

  1. ტექსტის  წაკითხვა:
    • თითოეული მოსწავლე კითხულობს თეა თოფურიას წიგნს „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“.
    • კითხვის დროს ყურადღება უნდა მიაქციონ  პერსონაჟებს, მოვლენებს და ძირითად თემებს.
  2. პერსონაჟის არჩევა:
    • მოსწავლეები ირჩევენ ერთ პერსონაჟს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ ან რომელსაც ყველაზე საინტერესოდ და მნიშვნელოვნად თვლიან.
  3. პერსონაჟის დახასიათება:
    • მოსწავლეები წერენ მოკლე აღწერას თავიანთი არჩეული პერსონაჟის შესახებ. აღწერაში უნდა იყოს ჩართული პერსონაჟის თვისებები, ქცევები და როლი სიუჟეტში.
  4. პერსონაჟის ხატვა:
    • მოსწავლეები ხატავენ თავიანთი არჩეული პერსონაჟის სურათს.
    • წარმოსახვით ასახავენ პერსონაჟის ვიზუალურ მახასიათებლებს.
  1. პრეზენტაცია:
    • თითოეული მოსწავლე წარმოგვიდგენს თავის არჩეულ პერსონაჟს.
    • პრეზენტაციაში ისინი აღწერენ პერსონაჟის მახასიათებლებს, ქცევებს და როლს სიუჟეტში.
    • მოსწავლეები ასევე წარმოადგენენ თავიანთი პერსონაჟის ნახატს და ხსნიან, რატომ გამოსახეს პერსონაჟი ამგვარად.
    • იცავენ დროის ლიმიტს.
  1. კითხვები და განხილვა:
    • პრეზენტაციის შემდეგ, დანარჩენ მოსწავლეებს შეუძლიათ დასვან კითხვები და გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენილი პერსონაჟის მიმართ.
    • მასწავლებელი და მოსწავლეები განიხილავენ პერსონაჟების როლსა და მნიშვნელობას წიგნის სიუჟეტში.
  1. შეფასება:
  • მასწავლებელმა შეაფასოს თითოეული მოსწავლის პრეზენტაცია განმავითარებელი კომენტარით და შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
  • მოსწავლეებმა მიიღონ დეტალური უკუკავშირი თავიანთი მუშაობის შესახებ.

პროექტის სამუშაო გეგმა 

აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა მიზანი დრო რესურსები
გაკვეთილის გაცნობა მოსწავლეებს ვაცნობთ  პროექტის მიზნებსა და აქტივობებს პროექტის მიზნების და სტრუქტურის გაგება   პრეზენტაცია, პროექტის გეგმა
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეები წაიკითხავენ თეა თოფურიას ნაწარმოებს „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ტექსტის შინაარსის და პერსონაჟების გაცნობა   წიგნი, ტექსტი
პერსონაჟის არჩევა მოსწავლეები ირჩევენ პერსონაჟს, რომლის ანალიზსაც გააკეთებენ პერსონაჟის შერჩევა, რომელიც იქნება ანალიზის და ნახატის თემად   ტექსტი, ნოტები
პერსონაჟის ნახატი მოსწავლეები ქმნიან პერსონაჟის ნახატს შემოქმედებითი უნარების განვითარება   ქაღალდი, ფანქრები, საღებავები
წერა მოსწავლეები წერენ ანალიზს პერსონაჟის როლზე სიუჟეტის განვითარებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარების გაძლიერება   ნოუთბუქები, ტექსტი
პრეზენტაცია მომზადება მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციას, სადაც წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს პრეზენტაციის უნარების განვითარება   კომპიუტერები, პრეზენტაციის პროგრამა
პრეზენტაცია მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს კლასის წინაშე კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარება   პროექტორი, ეკრანი
შეფასება მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების ნამუშევრებს სოლო რუბრიკის გამოყენებით მიღწევების შეფასება და უკუკავშირის მიცემა   შეფასების ფორმები, რუბრიკა

ეს კი მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმი

 

საუკეთესო  კარგი  საშუალო სუსტი
პერსონაჟის აღწერა ძალიან დეტალური და ზუსტი აღწერა, ყველა ძირითადი მახასიათებელი და ქცევა ზუსტადაა აღწერილი დეტალური და უმეტესწილად ზუსტი აღწერა, თითქმის ყველა ძირითადი მახასიათებელი აღწერილია ნაწილობრივ დეტალური აღწერა, რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აღწერილია მინიმალური და არაზუსტი აღწერა, ძირითადი მახასიათებლები არ არის კარგად აღწერილი
პერსონაჟის როლი სიუჟეტში პერსონაჟის როლის სრული და ზუსტი ახსნა, კარგადაა დაკავშირებული სიუჟეტთან პერსონაჟის როლის კარგად ახსნა, უმეტესწილად სწორადაა დაკავშირებული სიუჟეტთან პერსონაჟის როლის ნაწილობრივ ახსნა, გარკვეულწილად დაკავშირებულია სიუჟეტთან პერსონაჟის როლის არაზუსტი ან არასრული ახსნა, სიუჟეტთან კავშირი სუსტი ან არასწორია
ნახატის ხარისხი ძალიან კარგად დახატული პერსონაჟი, ზუსტი და დეტალური გამოსახულება კარგად დახატული პერსონაჟი, უმეტესწილად ზუსტი გამოსახულება ნაწილობრივ კარგად დახატული პერსონაჟი, ზოგიერთი დეტალი არასწორია ცუდად დახატული პერსონაჟი, არაზუსტი და არამთლიანად გამოსახული
პრეზენტაციის უნარები გამართული და ნატიფი საუბარი, კარგი კონტაქტი აუდიტორიასთან, თავისუფლად და საინტერესოდ გამართული საუბარი, კარგი კონტაქტი აუდიტორიასთან, გარკვეულწილად თავისუფლად და საინტერესოდ საუბარი ნაწილობრივ გამართული, ნაწილობრივი კონტაქტი აუდიტორიასთან, ნაწილობრივ თავისუფლად საუბარი არამყარი, სუსტი კონტაქტი აუდიტორიასთან, არამთლიანად თავისუფლად და საინტერესოდ

 

 პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა მიმართულებით:

ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება – მხატვრული ლიტერატურის სწავლების მიზანია მოსწავლეებში ლიტერატურისადმი სიყვარულის და კითხვის მოტივაციის გაღვივება. „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ სიუჟეტის სიმდიდრე და პერსონაჟების მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ჩაერთონ და გაითავისონ ნაწარმოების შინაარსი. პროფესიონალური სწავლება, რომელიც მოიცავს ტექსტის გაღრმავებულ ანალიზს, პერსონაჟების როლებისა და სიუჟეტის განვითარების განხილვას, ხელს უწყობს მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლებას.

შემოქმედებითი უნარების განვითარება – ამ ნაწარმოების სწავლების პროცესში მოსწავლეები სწავლობენ პერსონაჟების ვიზუალიზაციას და მათი მახასიათებლების ასახვას ნახატებში. ეს აქტივობა ხელს უწყობს მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროფესიონალური სწავლების მეთოდები, რომლებიც მოიცავს ნახატის შექმნასა და პერსონაჟების დეტალურ განხილვას, მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი ფანტაზია და შემოქმედებითი ხედვა.

ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარების გაძლიერება – „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ სიუჟეტისა და პერსონაჟების ღრმა ანალიზი ეხმარება მოსწავლეებს, განავითარონ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები. პროფესიონალური სწავლება, რომელიც აქცენტს აკეთებს პერსონაჟების როლისა და სიუჟეტის განვითარების ანალიზზე, ეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ და გაანალიზონ ტექსტის სხვადასხვა ასპექტები, რაც მათ აკადემიურ წარმატებასა და შემდგომ სწავლების პროცესში დაეხმარება.

პრეზენტაციის უნარების განვითარება – პროექტული სწავლება,რომლებიც მოიცავს მოსწავლეების პრეზენტაციის უნარების განვითარებას, მნიშვნელოვანია მათი პირადი და პროფესიული განვითარებისთვის. მოსწავლეები სწავლობენ თავიანთი ნამუშევრების და ანალიზის პრეზენტაციას კლასის წინაშე, რაც ეხმარება მათ კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარებაში. ეს უნარები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასწავლო, არამედ სამომავლო პროფესიულ ცხოვრებაში.

სოციალური და კომუნიკაციური უნარების გაძლიერება – პროექტული სწავლებასწავლების პროცესში, რომელიც მოიცავს ინტერაქტიულ აქტივობებს, მოსწავლეები სწავლობენ გუნდურ მუშაობასა და კომუნიკაციას. ტექსტის განხილვა და პერსონაჟების ანალიზი ჯგუფებში ეხმარება მათ, გააუმჯობესონ სოციალური უნარები და ისწავლონ სხვებთან თანამშრომლობა.

თეა თოფურიას ნაწარმოები „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას მოსწავლეებისთვის, რათა იმუშაონ ლიტერატურულ ტექსტზე და ამ პროცესში განავითარონ მრავალმხრივი უნარები.  სწავლება, რომელიც მოიცავს ტექსტის ანალიზს, პერსონაჟების განხილვას, ნახატის შექმნასა და პრეზენტაციას, მნიშვნელოვანია მოსწავლეების აკადემიური და პიროვნული განვითარებისთვის.

 

სასწავლო პროექტი – მოქალაქეობა

0

მეთერთმეტე  კლასის პროექტი, სახელად “მოქალაქეობა”, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, რომლებიც მიმართულია მოსწავლეების მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებისა და მათი აქტიური მონაწილეობების წახალისებაზე.

მთავარი მიზნები:

  1. მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება: პროექტის მიზანია მოსწავლეების განათლება მოქალაქეობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ეს მოიცავს საზოგადოების აქტიური წევრობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლებას.
  2. აქტიური მონაწილეობა: პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ღონისძიებებს, აქციებს, ან პროექტებში ჩართვას, რომლებიც მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

პროექტის ეტაპები

ეტაპი 1: განათლება და ცნობიერების ამაღლება

  1. ლექციები და სემინარები:
    • მოსწავლეები დაესწრებიან ლექციებსა და სემინარებს, რომლებიც შეეხება მოქალაქეობის ძირითად პრინციპებსა და მის მნიშვნელობას.
    • განხილული იქნება სხვადასხვა თემები, მათ შორის ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და სოციალური სამართლიანობა.
  1. საგანმანათლებლო მასალები:
    • მოსწავლეებს მიეწოდებათ საგანმანათლებლო მასალები, წიგნები და სტატიები, რომლებიც მათ დაეხმარება უკეთ გაიგონ მოქალაქეობის საკითხები.
    • მასალებში იქნება ჩართული სხვადასხვა ვიზუალური მასალა, ვიდეოები და დოკუმენტური ფილმები, რომლებიც გაამარტივებს თემების აღქმას.

ეტაპი 2: საზოგადოებრივი ჩართულობა

  1. საზოგადოებრივი ღონისძიებები:
    • მოსწავლეები ჩაერთვებიან სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში, როგორიცაა ადგილობრივი თემების შეხვედრები, დისკუსიები და საჯარო ლექციები.
    • ეს ღონისძიებები დაეხმარება მოსწავლეებს გაიცნონ და შეისწავლონ საზოგადოების სხვადასხვა ასპექტები.
  1. აქტივობები და კამპანიები:
    • მოსწავლეები დაგეგმავენ და განახორციელებენ აქტივობებსა და კამპანიებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოების სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტაზე.
    • კამპანიები შეიძლება მოიცავდეს გარემოს დაცვის ღონისძიებებს, სოციალური სამართლიანობის აქციებს და სხვა აქტივობებს, რომლებიც ეხება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

ეტაპი 3: პრაქტიკული აქტივობები

  1. პრობლემების იდენტიფიკაცია და ანალიზი:
    • მოსწავლეები მოახდენენ საზოგადოების სხვადასხვა პრობლემების იდენტიფიკაციას და შეისწავლიან მათ.
    • ამ პროცესში ისინი გამოიყენებენ ანალიზის სხვადასხვა მეთოდებს, რათა უკეთ გაიგონ პრობლემების მიზეზები და შესაძლო გამოსავლები.
  1. პრაქტიკული პროექტები:
    • მოსწავლეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ პრაქტიკულ პროექტებს, რომლებიც მიმართულია რეალური პრობლემების გადაჭრაზე.
    • პროექტები შეიძლება მოიცავდეს მოხალისეობრივ საქმიანობას, გარემოსდაცვით ღონისძიებებს, სოციალური სამართლიანობის აქციებს და სხვა აქტივობებს.

მოსწავლეების მიერ შესრულებული პრაქტიკული პროექტების მაგალითები

პროექტი 1: გარემოსდაცვის აქცია

მიზანი: საზოგადოების ყურადღების გამახვილება გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

აღწერა: მოსწავლეებმა ორგანიზაცია გააკეთეს გარემოს დაცვის აქციის, რომელიც ჩატარდა სკოლის ეზოში. აქციის ფარგლებში:

  • მოსწავლეებმა დააგროვეს ნარჩენები სკოლის და მიმდებარე ტერიტორიიდან.
  • გაავრცელეს ფლაერები, სადაც აღწერილი იყო გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
  • დააყენეს ნარჩენების დახარისხების ურნები სკოლის ტერიტორიაზე, რათა მოხდეს ნარჩენების გადამუშავება.

შედეგები:

  • სკოლის და მიმდებარე ტერიტორია გახდა სუფთა და ეკოლოგიურად სუფთა.
  • მოსწავლეებმა და სკოლის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების დახარისხების და გადამუშავების შესახებ.
  • მოსწავლეებმა გაიზარდა გარემოსდაცვითი ცნობიერება და მოტივაცია გარემოს დაცვისკენ.

პროექტი 2: სოციალური სამართლიანობის აქცია

მიზანი: სოციალური სამართლიანობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა.

აღწერა: მოსწავლეებმა ორგანიზაცია გააკეთეს სოციალური სამართლიანობის აქციის, რომელიც მოიცავდა:

  • საჯარო ლექციების ჩატარება სოციალური სამართლიანობის საკითხებზე.
  • დისკუსიების გამართვა სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, რასობრივი დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები.
  • კამპანიის ჩატარება, რომელიც მოიცავდა ფლაერების და პლაკატების გავრცელებას სკოლის ტერიტორიაზე და სოციალურ მედიაში.

შედეგები:

  • მოსწავლეებმა მიიღეს განათლება და ინფორმაცია სოციალური სამართლიანობის სხვადასხვა საკითხებზე.
  • დისკუსიების მეშვეობით, მოსწავლეებმა შეძლეს გააცნონ თავიანთი მოსაზრებები და იდეები, რაც დაეხმარათ ერთმანეთის უკეთ გაგებაში.
  • კამპანიის შედეგად, გაიზარდა საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერება სოციალური სამართლიანობის საკითხებზე.

პროექტი 3: მოხალისეობრივი საქმიანობა

მიზანი: საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესება და მოსწავლეების ჩართულობის წახალისება.

აღწერა: მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში, როგორიცაა:

  • მოხალისეობრივი სამუშაოები ადგილობრივ თავშესაფრებში, სადაც ისინი ეხმარებოდნენ უსახლკაროებს და ეკონომიკურად დაუცველ პირებს.
  • მოხალისეობრივი ღონისძიებები ადგილობრივ პარკებში და დასუფთავების აქციებში.
  • მოხალისეობრივი პროექტები, რომლებიც მიმართული იყო ასაკოვან ადამიანების დახმარებაზე, მაგალითად, საჭმლის მიწოდება და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

შედეგები:

  • მოსწავლეებში გაიზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.
  • მოხალისეობრივი საქმიანობის შედეგად, მოსწავლეებმა მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება და უნარები, რომლებიც დაეხმარათ მომავალში.
  • საზოგადოებაში გაიზარდა მხარდაჭერა ეკონომიკურად დაუცველ პირებისთვის.

ეს პროექტები მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსწავლეების განათლებაში და მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოცდილება და შედეგები დააინტერესებს სხვა სკოლებსაც და დაეხმარებათ მსგავსი ინიციატივების განხორციელებაში.

 

მარჯნის რიფის კრიზისი  – ინტეგრირებული ქეისი

0

მაგალითებზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობაზე კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებიც საუბრობენ.  დავალება განკუთვნილია მეცხრე კლასელი მოსწავლეებისთვის. ქიმიაში ფარავს ცნება ნივთიერებას და ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს, ბიოლოგიაში სტრუქტურასა და ფუნქციას, ბიომრავალფეროვნებას და სასიცოცხლო თვისებებს. ქეისში მოსწავლეები ახსნიან მარჯნის რიფის გაუფერულების ქიმიურ მიზეზს.

აქტივობა 1: ქეისის შინაარსის გაცნობა. მოსწავლეები წაიკითხავენ დამატებით ინფორმაციას. კლასის საჭიროების მიხედვით ჯგუფებში ინგლისურის მასწავლებლის ჩართულობით კარგი იქნება თუ დაამუშავებენ გამოყენებულ ლიტერატურაში მითითებულ წყაროებს:

დამატებითი ინფორმაცია: ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მარილიანი წყლის აკვარიუმში თვალისმომჭრელი ფერები უნახავს, შეუძლებელია არ მოხიბლულიყო წყლის სამყაროს მრავალფეროვნებით. ისე მკაფიოდ არსად ჩანს ორგანიზმების ურთიერთობების მრავალი ფორმა, როგორც მარჯნის რიფში. მარჯნის რიფის ბიომები წარმოადგენს ზღვის ეკოსისტემების 1%-ს, თუმცა მასში ოკეანის თევზების ¼ ცხოვრობს.  ზღვების შემსწავლელმა მეცნიერებმა იციან, რომ მარჯნის რიფების ჯანმრთელობა კარგი ინდიკატორია ოკეანისა და ზოგადად პლანეტის ჯანმრთელობისა. ცოტა ხნის წინ მარჯნის რიფებზე გამოვლინდა დაზიანებები, რაც გამაფრთხილებელი ნიშანია. დაზიანების მიზეზების დადგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მისი ,,მკურნალობის“ და გამოჯანმრთელების პროცესს.

ჯანმრთელი მარჯნის პოლიპები იზრდებიან გამოყოფილ კალციუმის კარბონატზე CaCO3. გათეთრებული რიფი მიანიშნებს მხოლოდ CaCO3-ზე ჯანმრთელი პოლიპების გარეშე.

მარჯანი ხორცისმჭამელი უხერხემლო ცხოველია, ის ნაწლავღრუიანებს მიეკუთვნება,მას ნაზი და  რბილი ორგანიზმი აქვს. მარჯნის პოლიპები მტაცებლები არიან. სიმბიოზური ურთიერთობა აქვთ წყალმცენარეებთან, რომლებიც მათ სიახლოვეში ცხოვრობენ. წყალმცენარე ფოტოსინთეზის გზით წარმოქმნის საკვებს, რომლითაც წვრილი ორგანიზმები იკვებებიან, წყალმცენარესთან მოსული ორგანიზმი პოლიპის მსხვერპლი ხდება. ამავე დროს მარჯნის მიერ წარმოებული კირქვა წყალმცენარისთვის  საიმედო საყრდენია. რიფი ფართოვდება, ფარავს წყლის დიდ ნაწილს, ბოლოს ბიომად გადაიქცევა.

წყალმცენარეები, რომლებიც ცხოვრობენ პოლიპების ქსოვილში, განსაზღვრავენ რიფის შეფერილობას. როცა მარჯანი განიცდის გარემოს ზემოქმედებას, სტრესს, ის განდევნის წყალმცენარეებს, შედეგად კარგავს ფერს. ამ პროცესს მარჯნის რიფის გაუფერულება ეწოდება. ფერი თეთრია, რისი მიზეზიც კალციუმის კარბონატი CaCO3 და ჯანმრთელი პოლიპების არ არსებობაა. ორი ძირითადი სტრესორი, რომელიც გავლენას ახდენს მარჯნის შეფერილობაზე არის წყლის ტემპერატურა და ოკეანის წყლის pH-ის ცვლილება.

ჯანმრთელი მარჯანი რიფის სიცოცხლის და მასთან დაკავშირებული ორგანიზმების სიჯანსაღის საფუძველია. მარჯნის რიფი ნელა იზრდება, ზოგიერთი მათგანი 50 მლნ წლისაა. გაუფერულება მეცნიერებს აშფოთებთ, რადგან რიფების განახლება ძალიან ნელა ხდება და სტრესის გადალახვაც ძალიან რთულად შეუძლიათ. მარჯნების უმრავლესობა წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება.

1998 წლამდე გაუფერულების მოვლენა 6 წელიწადში ერთხელ ხდებოდა. მასიური გაუფერულება 2014-2017 წლებში მოხდა 36 თვის განმავლობაში. ავსტრალიის დიდმა ბარიერულმა რიფმა 2016 წელს მარჯნების 30% დაკარგა. მეცნიერების ვარაუდით, ხელსაყრელი გარემო პირობების შემთხვევაში მის აღდგენას დაახოლებით 10 წელი დასჭირდება.

აქტივობა 2: პრობლემის გამომწვევი მიზეზების გაცნობა და მსჯელობა; (მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე გაიხსენებენ ნივთიერებების წყალში ხსნადობის სხვადასხვა ფაქტორზე დამოკიდებულებას. ასევე წყალბადიონთა კონცენტრაციაზე.

            ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებამდე CO2-ის რაოდენობა ატმოსფეროში სტაბილურად უმნიშვნელოდ იზრდებოდა, თუმცა ისეთი დონისთვის არასდროს მიუღწევია, როგორიც დღეს არის. ადამიანების უმრავლესობა ნახშირორჟანგს მხოლოდ სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის მიზეზად განიხილავს, თუმცა CO2 სხვა მნიშვნელოვან გავლენასაც ახდენს გარემოზე. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდის გამო მისი გარკვეული ნაწილი იხსნება ოკეანის წყალში. სადაც გარდაიქმნება ნახშირმჟავად. რაც იწვევს წყლის გამჟავებას. დაბალი pH მარჯნის პოლიპისთვის სერიოზული სტრესორია. 1800 წლიდან წყლის pH 0.1-ით შემცირდა. ეს რიცხვი ძალიან პატარაა, თუმცა ზღვის  წყალში მჟავას რაოდენობის 10-ჯერ გაზრდას გამოხატავს.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზრდის მიზეზი საწვავზე და ენერგიაზე ადამიანის მოთხოვნილების ზრდაა. შეშის, ქვანახშირისა და ნავთობის წვისას უზარმაზარი რაოდენობის  CO2 გამოიყოფა.

განვიხილოთ ოქტანის წვა C8H18.

C8H18(თხl) + O2() à CO2()+ H2O()

  1. შეარჩიე კოეფიციენტები;

 

  1. ბენზინის სიმკვრივეა 7489 გ/მლ. გამოთვალე 3785 მლ ბენზინის მასა;

 

  1. გამოთვალე წვის შედეგად გამოყოფილიCO2-ის მასა, რომელსაც ზემოთ მოცემული მასის ოქტანი გამოყოფს;

 

  1. საშუალოდ აშშ-ში დღეში ერთ ადამიანზე მოდის 3180 ლიტრი ბენზინი. თუ ეს ბენზინი მთლიანად დაიწვება, რა რაოდენობის ნახშირორჟანგი CO2 გამოიყოფა დღეში?

 

  1. ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით 327 მილიონია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ივარაუდე დაახლოებით რას უდრის გამოთავისუფლებული ნახშიროჟანგის რაოდენობა დღეში;

 

  1. რა მოცულობის ნახშირორჟანგი გამოიყოფა წელიწადში?

 

  1. ადამიანის პოპულაცია მსოფლიოში 7.7 მილიარდია 2019 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით. ყველა მოქალაქეს იმდენი საწვავი რომ გამოეყენებინა, რასაც აშშ-ს მოქალაქე, სულ რა რაოდენობის ნახშირორჟანგი CO2 წარმოიქმნებიდა?

 

  1. მსგავსი ამოცანა შეადგინე შენთვის სასურველ ქვეყანაზე, ამისთვის გეოგრაფიიდან მოსახლეობის რაოდენობის მოძიება გახდება საჭირო.

 

აქტივობა 3: მოსწავლეები გაეცნობიან  CO2 ის სხვა ეფექტს

როცა ატმოსფეროში იზრდება CO2-ის კონცენტრაცია, უფრო მეტი გაზი იხსნება წყალში. ოკეანეებში თანდათან სტაბილურად იმატებს კარბონატის იონის კონცენტრაცია.  გახსნილი  CO2 რეაქციაში შედის წყალთან და მიიღება ნახშირმჟავა (H2CO3), რომელიც რეაგირებს წყალთან და მიიღება ჰიდროქსონიუმის იონი H3O+.   ჰიდრონიუმი ყველაზე ძლიერო მჟავაა, წყალში არსებულ მჟავებს შორის.

CO2 () + H2O (თხ) → H2CO3 (წყ.ხს.)

H2CO3 (წყ.ხს.) + H2O (თხ)  ↔  H3O+ (წყ.ხს.) + HCO3 (წყ.ხს.)

pH სკალა ზომავს წყლის ნიმუშის მჟავიანობას. ნებისმიერი ხსნარის pH განისაზღვრება H3O+ იონის კონცენტრაციით.

pH = – log [H3O+]

რადგან pH გამოსახავს უარყოფით ლოგარითმს, ამიტომ ჰიდროქსონიუმის იონის H3O+  კონცენტრაციის გაზრდით მისი მნიშვნელობა მცირდება.

აქტივობა 4: დამატებითი დავალებები.

მონაცემების ანალიზი(გრაფიკები აგებულია ცხრილის მონაცემების მიხედვით).

  1. გრაფიკი 1-ის მიხედვით დაწერე გრაფიკის მოკლე შინაარსი. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ მონაცემებით?

გრაფიკი 1. ატმოსფეროში CO2 -ის კონცენტრაციის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი.

 

  1. აღწერე დამოკიდებულება ატმოსფერული CO2-ს, მტკნარ წყალში არსებულ CO2 -სა და ოკეანის pH-ს შორის.

გრაფიკი 2: ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე, ოკეანეში გახსნილი ნახშირირჟანგის რაოდენობა და წყლის pH.

  1. [CO2]-ის კონცენტრაციის დროზე დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით 1955-დან   2015 წლამდე,  სად არის დამოკიდებულება წრფივი? ივარაუდე რა იქნება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 2100 წლისთვის.

 

  1. ცხრილ 1-ის მონაცემების მიხედვით ააგე ნახშირორჟანგის კონცენტრაციის [CO2] pH-ზე დამოკიდებულების გრაფიკი და შეადგინე წრფივი დამოკიდებულების გამომსახველი ფუნქცია. ივარაუდე 2100 წლისთვის pH-ის დონე და  CO2 -ის კონცენტრაცია.

 

  1. რა გავლენას ახდენს ოკეანის მთლიან ეკოსისტემაზე მარჯნების სიკვდილი და თევზების ჰაბიტატის განადგურება?
  2. მარჯნის რიფები ოკეანის სანაპირო ზოლს იცავს ეროზიისგან. რა გავლენას მოახდენს რიფის დაკარგვა პლაჟზე ქარიშხლისა და შტორმის დროს?
  3. იმსჯელე მარჯნის გაუფერულების პროცესის ქიმიურ საფუძველზე და შეაფასე მისი როლი ეკოსისტემისთვის, ასევე დასახეთ გზები მისი გადარჩენისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.nationalgeographic.com/environment/2019/04/great-barrier-reef-coral-not-recovering-climate-change/
  2. https://www.nationalgeographic.com/environment/article/crown-of-thorns-sea-stars-coral-reefs
  3. https://www.nationalgeographic.com/magazine/article/philippines-reefs-are-some-of-the-most-vibrant-but-in-peril-feature
  4. https://www.nationalgeographic.com/environment/article/climate-resilient-coral-species-offer-hope-for-world-reefs
  5. https://news.nationalgeographic.com/news/2015/01/151015/coral-reef-death-climate-change-science-animals.html
  6. https://www.climate.gov/news-features/understanding-climate/unprecedented-3-years-global-coral-bleaching-2014%E2%80%932017
  7. https:/www.britannica.com/science/coral-bleaching, February 6, 2019.
  8. https://www.iucn.org/resources/issues-briefs/ocean-warming
  9. https://www.epa.gov/climate-indicators/climate-change-indicators-sea-surface-temperature
  10. Middlecamp, C., 2015, Chemistry in Context. A Project of the American Chemical Society, Eighth Edition, New York, McGraw-Hill Education, pages 254-256.
  11. https://netgazeti.ge/art/21589/ მარჯნის რიფები საფრთხეშია;
  12. https://nationalgeographic.ge/story/rifebis-gadarchena/ მარჯნის რიფები საფრთხეშია, მაისი 2021 წელი.

 

ცხრილი 1 (დანართი 1) .  დედამიწის კლიმატის  შემსწავლელი მეცნიერების მიერ შეგროვებული მონაცემები 

წელი ატმოსფეროში    [CO2]

(ppm)

თარიღი ატმოსფერული წნევა CO2
(μ atm)
ოკეანის
pH
1800 280.83 8-იან-89 324.3 8.1113
1810 281.65 5-იან-90 310.8 8.1183
1820 282.35 3-თებ-91 317.4 8.1006
1830 282.82 5-იან-92 324.1 8.1063
1840 283.38 20-იან-93 309.6 8.1071
1850 284.32 20-იან-94 298.3 8.1173
1860 285.74 6-თებ-95 326.9 8.0858
1870 287.35 17-იან-96 331.8 8.1042
1880 289.47 8-იან-97 330.4 8.0878
1890 292.46 11-იან-98 332.5 8.0877
1900 295.67 13-იან-99 352.7 8.0669
1910 299.38 3-თებ-00 346.3 8.0667
1920 304.25 17-იან-01 348.1 8.0843
1930 306.62 16-იან-02 347 8.0768
1940 311.36 17-იან-03 340.6 8.0832
1950 312.82 22-იან-04 344.7 8.0837
1960 316.62 2-თებ-05 343.5 8.0825
1970 324.78 25-იან-06 330.3 8.0921
1980 338.70 7-თებ-07 338 8.0868
1990 354.07 30-იან-08 347.4 8.0675
2000 369.12 21-იან-09 344.1 8.0761
2010 388.72 10-მარ-10 347.4 8.0734
2020 410.00 29-იან-11 355.4 8.07
19-იან-12 356.3 8.0673
13-იან-13 362.7 8.0547
16-იან-14 363.4 8.0695
25-თებ-15 365.4 8.0636
13-იან-16 358.8 8.0817
24-იან-17 371.8 8.0498
2-იან-18 361.3 8.0673

 

საიდუმლოს გასაღები: როგორ გავერკვეთ ჩინურ იეროგლიფებში?  

0

 „ვერასოდეს გაიგებ ენას და მის შინაარს, თუ არ იცი სულ მცირე ორი მაინც“

ძველი ჩინური ანდაზა

XXI საუკუნეში ბევრს საუბრობენ ჩინეთსა და ჩინელებზე. დღე არ გავა, გაზეთებმა და ინტერნეტ-გამოცემებმა ერთი ახალი ამბავი მაინც არ გვამცნონ ჩინეთიდან. დღეს, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინეთი) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მისი წონა და გავლენა დღითიდღე იზრდება. ჩინეთის ძლიერებასა და მნიშვნელობაზე შემდეგი ფაქტებიც თვალნათლივ მიგვითითებენ:

-ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს აჭარბებს (1-ლი ადგილი მსოფლიოში, ინდოეთთან ერთად);

-ჩინეთი, თავისი ტერიტორიით (9.6 მილ. კვ. კმ) მსოფლიოს მესამე უდიდესი ქვეყნაა, რუსეთის ფედერაციისა და კანადის შემდეგ.

– ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სიდიდით მსოფლიოს მე-2 ეკონომიკაა (აშშ-ს შემდეგ) და ზოგიერთი გათვლებით, უკვე გადაუსწრო ამერიკის ეკონომიკურ მაჩვენებლებს;

-ჩინეთი, დღეს, უზარმაზარი მასშტაბის “მსოფლიო ქარხანას” წარმოედგენს, სადაც იწარმოება მსოფლიოს მძიმე და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის უდიდესი ნაწილი, შავი მეტალურგიიდან გემთმშენებლობამდე და  ზუსტი ელექტრონიკიდან – ტანსაცმელამდე;

-ჩინეთი დღეს მსოფლიო ლიდერია ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და გამოყენებაში  (Huawei, 5G ტექნოლოგიები), ელექტრონულ ვაჭრობაში(e-commerce: Alibaba, JD.com), და ხელოვნური ინტელექტის (AI) კვლევის საქმიანობაში;

-ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარი უდიდესია მსოფლიოში (1.4 მილიარდი მომხმარებელი), რაც ერთიორად ზრდის მის მნიშვნელობასა და გავლენას გლობალურ მწარმოებლებზე და ვაჭრობაზე;

-ჩინეთი, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი და ყველაზე გავლენიანი მონაწილეა მსოფლიო სავაჭრო ინიციატივებსა და სავაჭრო მარშრუტების ინფრასტრუქტურულ პროექტებში გლობალური მასშტაბით („ერთი სარტყელი, ერთი გზის“ – ახალი „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა);

-ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებზე;

-ჩინეთს გლობალური მასშტაბის გავლენა აქვს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ინიციატივებზე;

-ჩინეთის არმია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ტექმნოლოგიურად განვითარებულია მსოფლიოში;

-ჩინეთის სამეცნიერო სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებულია დღევანდელ მსოფლიოში (პირველი ადგილი სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობით – 650,000 გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია, 2022 წ. და მეორე ადგილი – სამეცნიერო ციტირების რაოდენობების მიხედვით – 3.6 მილ. ციტირება, აშშ-ს 4.8 მილ. ციტირების შემდეგ), ბიოტექნოლოგიების, კოსმოსური კვლევებისა და კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგიების კვლევის მიმართულებების ჩათვლით.

ამ შთამბეჭდავი მიღწევებისა და პროგრესის ფონზე, გამოუცნობ კითხვად რჩება ჩინელების დამწერლობა – „ჰან-ძე“ (汉字), რომელიც დიდად განსხვავებულია დანარჩენებისგან (ანბანური და სილაბურ-მაცვლოვანი დამწერლობებისაგან) და მსოფლიოსთვის საიდუმლოებით მოცულ, „იეროგლიფებით დასახლებულ“, ჩვენგან დაფარულ სამყაროს წარმოადგენს.

მაინც როგორ მივუდგეთ ჩინურ „ჰან-ძეს“ (დამწერლობას)? როგორ დავიწყოთ ათასობით ჩინური იეროგლიფის აღქმა და მათი მნიშვნელობის გაგება? რამდენად შესაძლებელია ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის, რომლებსაც მსოფლიოში ალბათ ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი ანბანური სისტემა გვაქვს?

შენიშვნა: ქართულ ანბანი უნიკალურია იმით რომ ჩვენს ენაში და დამწერლობაში, ბგერისა და ამ ბგერების გამომხატავი ნიშნების დამთხვევა ას პროცეტს წარმოადგეს! ქართულად როგორ იწერება, ისე ითქმება და პირიქით! ასეთი შესაბამისობა – როდესაც ნათქვამი ზუსტად ემთხვევა ნაწერს – სხვა ენებში იშვიათია ან საერთოდ არ გვხვდება. სწორად ამ მიზეზით,  საინტერესოდ მეჩვენება თქვენთან ერთად, ჩინური ენის (‘’ჟონგ-ვენ”) და ჩინური დამწერლობის (“ჰან-ძე’’) ჩვენთვის უცნობი თავისებურებების გაგება და ამ უცნაური ენის შინაარსსა და წესებში დაფარული საიდუმლოების ფარდის ახდის მოკრძალებული მცდელობა.

ჩვენ, ქართველებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ანბანისა და დამწერლობის და უნიკალური ქართული ლიტერატურული ტრადიციის  მქონე ერს, თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ სხვა ხალხებისა და კულტურების სამწერლო წესები და ტრადიციები ჩვენსას და ამ კუთხით შევხედოთ ჩინური დამწერლობის ფორმასა და შინაარს.

ერთხელ, ჩემი ახალგაზრდობისას, აღმოსავლეთ გერმანიაში მოგზაურობისას, გერმანელებს ვკითხე: “გერმანულად, თქვენი ქვეყნის სახელია “დოიჩლანდ” – Deutschland, რატომ არის რომ ბგერა „ჩ“-ს გამოსახატად, ოთხი ასო, -tsch- გჭირდებათ? ეს ხომ თქვენი ენდონიმია, ანუ საკუთარი სახელი, რომელსაც თქვენს ენაზე ეძახით თქვენსავე ქვეყანას?”

ჩემი გერმანელი მეგობრის, სტუდენტი-ფილოლოგის პასუხი დაახლოებით ასე ჟღერდა: “კარგი კითხვაა ლევან. ეს თქვენ, ქართველებს გაქვთ ფუფუნება თქვენი ქვეყნის ქართული სახელი, “საქართველო” საკუთარვე ანბანზე დაწეროთ, ჩვენ გვერმანელები, მშობლიური გერმანულისთვის, რომაელების/ლათინების ანბანს ვიყენებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლათინური ენა, რომელიც გემანულივით, ინდოევროპული ენების ოჯახის ენაა, თუმცა “რომანული” ენების ჯგუფს მიეკუთვნება განსხვავდება მათგან.

რაც შეეხება გერმანულს, იგი ინდოევროპული ენების ოჯახის “გერმანიკულ” ჯგუფს მიეკუთვნება და ენათესავება ჰოლანდიურ, ფრიზულ, ინგლისურ, შვედურ, ნორვეგიულ, დანიურ, ფარერებისა და ისლანდიურ ენებს (ლ.ა.).

ლათინური ანბანი, რომელიც რომაელებმა თავიანთი ენისთვის შექმნეს და რომის კოლონიებში გაავრცელეს (მათ შორის დღევანდელ გერმანიაშიც), ლათინურ ენაში არსებული ბგერებს შეესაბამება და ხშირად არ ემთხვევა გერმანულ ენაში არსებულ ბგერებს – ამიტომაც, ჩვენ, თანამედროვე გერმანულში, გვიწევს ასოების გარკვეული კომბინაციების შექმნა, გერმანული ენის ბგერების ლათინური ანბანით გამოსახატავად”, მიპასუხა გერმანელმა სტუდეტმა.

ჩინურის ენის (ანუ დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ენის, “პუტონგ-ჰუას” ) სილამაზე და სირთულე (და უცნაურობა) და მისი კალიგრაფიის ელეგანტურობა, საუკუნეებს მანძილზე აჯადოებდა უცხოელ მკვლევარებს და მოგზაურებს.

ერთი შეხედვით, ჩინური იეროგლიფების გაგება რთულ ამოცანად გამოიყურება, განსაკუთრებით დამწყებებისთვის, თუმცა ნოდარ დუმბაძის გმირის, ოლღა ბებიას სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, „ჩინურის სწავლას რა უნდა, ბიჭო, მთელი ჩინეთი ჩინურად ლაპარაკობს…“ სწორი მიდგომით და მეთოდებით, ჩინურის სწავლა შესაძლებელია საინტერესო თავგადასავლად და საინტერესო ამოცანად გადაიქცეს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩინური დამწერლობა იეროგნილებისგან შედგება. ჯამში, სულ 80 ათასამდე სიმბოლო არსებობს(!), თუმცა აღსანიშნავია რომ მათში ბევრია ხმარებიდან გასული სიმბოლოები, სპეციფიური ტერმინები თუ გეოგრაფიულ დასახელებები. წიგნის და გაზეთის წასაკითხად, საკმარია სამი ათასამდე იეროგნილიფს დასწავლა (შესაბამის მნიშვნელობასთან ერთად), ხოლო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებმა ხუთი ათასამდე იეროგლიფის გამოყენება იციან.

შევეცადოთ ჩვენც „შევიხედოთ“ ჩინური ენის საიდულმოებით მოცული იეროგლიფების სამყაროში.

როგორ არის მოწყობილი ჩინური იეროგლიფების სისტემა?

ალბათ ჯერ ის უნდა ვთქვათ თუ რა სტატუსი აქვს ჩინურ ენას და ჩინეთში არსებულ უამრავ მონათესავე თუ არამონათესავე ენებს დღეს და როგორ გამოიყენება ჩინური დამწერლობა, თანამედროვე ცხოვრებაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური სახელმწიფო ენა გახლავთ ე.წ. „სტანდარტული ჩინური“, იგივე , „პუტონგ-ჰუა“ – „საერთო ენა“, იგივე „მანდარინი“ (ევროპული სახელია ჩინური ენისთვის), რომელიც ყველგან გამოიყენება და რომელზეც მიმდინარეობს საქმის წარმოება და სწავლება.  თუ მოკლედ მიმოვიხილავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ენებს, 2010 წლის მონაცემებით, „სტანდარტული ჩინურის -პუტონგჰუას“ სხვადასხვა ვერსიას, მშობლიურ ენად აცხადებდა 955 მილიონი ჩინელი, (მთელი მოსახლეობის დაახლ. 71%) და დამწერლობისთვის გამოიყენებს ჩინურის ე.წ. გამარტივებულ ვერსიას, რომელიც განსხვავდება ტრადიციული ჩინური დამწერლობისგან. ჩინეთის მრავალრიცხოვან ავტონომიურ რეგიონებში (ტიბეტი, შიდა მონღოლეთი, სინძიანი, გუანგსი, სხვა) „სტანდარტულ“ ენასთან ოფიციალური სტატუსი აქვთ ადგილობრივ ენებსაც.

კ. ტაივანზე, რომელიც ჩინეთის განუყოფელი ნაწილია, თუმცა XX ს. შუა წლებიდან დამოუკიდებელობისა და სეპარატიზმის პოლიტიკას ადგას, კონტინენტურ ჩინეთს სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაცილებული, მოსახლეობა ძირითადად ტაივანურ მანდარინზე საუბრობს, წერს და სწავლობს. „ტაივანის მანდარინი“ ძალიან ახლოს დგას პუგონგჰუასთან (სტანდარტულ ჩინურთან, ე.წ. მანდარინთან), თუმცა დამწერლობისთვის ჩინურ ტრადიციულ იეროგლიფებს იყენებს. გარდა ამისა, კ. ტაივანზე ასევე ძალიან პოპულარულია ჩინურის დიალექტი ჰოკკიენი, რომელიც გავრცელებულია ტაივანის მოსაზღვრე პროვინცია ფუ-ძიანში, აშშ-ს დიდ ქალაქებში მცხოვრებ ჩინელებში, სინგაპურის, მალაიზიისა და ჩინელების სხვა ემიგრანტულ თემებშიც პოპულარულია.

ჰონგ-კონგის (ჩინ. სიან-განი) და მაკაოს (ჩინ. აომინი) სპეციალური რაიონების მოსახლეობა ძირითადად საუბრობს (გარდა მანდარინისა) ე.წ. „კანტონურ დიალექტზე“ (ენის სახელი: იუე), ინგლისურად და პორტუგალიურად (მაკაოში) – აღსანიშნავია რომ ჰონგკონგშიც და მაკაოშიც, დამწერლობითი ენა, ტრადიციულ ჩინურ იეროგლიფებს ემყარება და განსხვავდება გამარტივებული იეროგლიფების სისტემისგან.

ყველაზე მთავარი, რაც აღსანიშნავია ჩინური ენის შესახებ საუბრისას, არის ის რომ ჩინურის სწავლა შეუძლებელია იეროგლიფების დასწავლის გარეშე. ჩინური და იაპონური, ის ორი ენა გახლავთ, რომლებიც დღემდე აქტიურად იყენებენ იეროგლიფებს. ყველა სხვა ენა (მათ შორის აზიის ენები), სხვადასხვა ტიპისა და ლოგიკის მქონე ანბანებს ეფუძნება, რომელთაც შეიძლება 22,26, 33 ან ასამდე სიმბოლო ჰქონდეთ. ეროგლიფები კი ათასებს ითვლიან და მათ დამახსოვრებას ჩინურ კულტურასთან, აზროვნების სტილთან, ცნებებისა და მოვლენების აღქმასთან გაცნობა ჭირდება. მოკლედ თუ ვიტყვით, ჩინური იეროგლიფები „ბევრად უფრო ორგანულად ერწყმნიან და წარმოადგენენ ჩინურს, ვიდრე სხვა ანბანები“, როგორ ამას ერთ-ერთი სინოლოგი აღწერს.

იეროგლიფი არის კალიგრაფიაც და ფერწერაც, ერთდროულად. ტრადიციული ჩინური ნახატი, როგორც წესი, აერთიანებს საკუთრივ ნახატს და იეროგლიფებით დაწერილს ლექსს. ტრადიციული ჩინური (და იაპონური) ფერწერიდან და ნახატიდან იეროგლიფს ვერსად „წაიღებთ“ ან „ამოგლეჯთ“ – იგი კომპოზიციის ნაწილია. იგი ჩინური მხატვრობის თუ სხვა ვიზუალური ხელოვნებისა და კულტურის კომპონენტია. ეს ჩინურის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება იეროგლიფების სიმრავლეს და მათ კატეგორიზაციას – აღსანიშნავია მათი ორ მსხვილ, ზოგად ჯგუფად დაყოფა: ერთნი წარმოადგენენ იდეოგრაფიკულ სიმბოლოებს, ხოლო მეორენი – ფონეტიკურ-იდეოგრაფიკულს. საკუთრივ იეროგლიფი, რთული გრაფიკული სიმბოლოა-ნიშანია, რომელიც შეიძლება შედგებოდეს ორი, ან მეტი გრაფემისგან. „გრაფემა“ – უმარტივესი ნიშანი, რომელსაც გააჩნია ლექსიკური მნიშვნელობა. სწორედ ისინი შეადგენენ ჩინური ენის უძველეს ერთეულებს.

 

ინტერკულტურული მიდგომა ენის სწავლებაში

0

ენის სწავლებისას ინტერკულტურული მიდგომა დღევანდელ, გლობალიზებულ სამყაროში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.  ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მოსწავლეს არა მხოლოდ შეისწავლოს ახალი ენა,  არამედ გაიფართოვოს კულტურული ცნობიერება და კომუნიკაციური უნარები.

ინტერკულტურული მიდგომის მნიშვნელობა ენის სწავლებაში შემდეგ ძირითად ასპექტებში ვლინდება:

კულტურული ცნობიერების ამაღლება: ინტერკულტურული მიდგომა ენის სწავლებაში ხელს უწყობს მოსწავლეების კულტურული ცნობიერების ამაღლებას. ისინი  სწავლობენ არა მხოლოდ ენის ლექსიკასა და გრამატიკას, არამედ ენის მატარებელი საზოგადოების კულტურულ ნორმებს, ტრადიციებსა და ღირებულებებს. ეს ცოდნა ეხმარება მათ უკეთ გაიგონ და აღიქვან სხვა კულტურების წარმომადგენლების ქცევები და დამოკიდებულებები.

სოციალური უნარების განვითარება: ინტერკულტურული მიდგომა ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო და მრავალკულტურულ გარემოში წარმატებული კომუნიკაციისთვის.  სწავლობენ ემპათიას, პატივისცემას და ტოლერანტობას სხვა კულტურების წარმომადგენლების მიმართ, რაც მათ ეხმარება სხვადასხვა კულტურებთან ურთიერთობაში.

ენობრივი უნარების გაძლიერება: ინტერკულტურული მიდგომა ხელს უწყობს ენობრივი უნარების გაძლიერებას, რადგან ენის შესწავლა კულტურულ კონტექსტში ხდება უფრო ეფექტური და საინტერესო.უფრო მოტივირებულები არიან ენის შესასწავლად, როდესაც მათ შეუძლიათ გაიგონ და გამოიჩინონ ენის პრაქტიკული გამოყენება რეალურ სამყაროში.

გლობალური მოქალაქეობის განვითარება: ინტერკულტურული მიდგომა ხელს უწყობს გლობალური მოქალაქეობის განვითარებას. მოსწავლეები  სწავლობენ, როგორ იყვნენ აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები გლობალურ საზოგადოებაში, რაც მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში. ისინი ეუფლებიან უნარებს, რომლებიც მათ ეხმარება გლობალური გამოწვევების დაძლევაში და საერთაშორისო თანამშრომლობაში.

სწავლების პროცესის დინამიზაცია: ინტერკულტურული მიდგომა სწავლების პროცესს უფრო დინამიურს და მრავალფეროვნებას ქმნის. სასწავლო მასალებში კულტურული თემატიკის ინტეგრაცია ხელს უწყობს მოსწავლეების ინტერესის და ჩართულობის გაზრდას. მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა კულტურების ტექსტებს, ვიდეოებს, მუსიკას და აქტივობებს, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესო და ინფორმაციულს ხდის.

მოტივაციის გაზრდა: ინტერკულტურული მიდგომა ენის სწავლებაში ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. როდესაც ისინი  ხედავენ, რომ ენის შესწავლა მათ აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა კულტურებთან ურთიერთობისთვის, მათი სურვილი ენის სწავლების მიმართ იზრდება. ეს მიდგომა ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ინტერკულტურული სასწავლო პროექტის შესახებ, რომელიც სასწავლო წლის მეორე სემესტრში განვახორციელეთ

English book Education,Macmillan Education -თან ერთად გამოცხადდა წინასააღდგომო გათამაშება. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ გელათის საჯარო სკოლის, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  პროექტით სწავლების კონკურსში, აღდგომის თემატიკაზე.

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ავირჩიეთ საქართველო და უკრაინა . მოსწავლეებმა გაკვეთილზევე შექმნეს პოსტერები,რომელზედაც ასახულია მათ მიერ არჩეული ქვეყნების აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციები.

გააკეთეს პოსტერების პრეზენტაცია.

ვენის დიაგრამის გამოყენებით შევადარეთ ქვეყნები.  ვიმსჯელეთ მსგავსებასა და განსხვავებებზე.  გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა შეღებეს კვერცხები ფერადი საღებავების გამოყენებით.შ

შექმნეს სააღდგომო დეკორაციები.მოსწავლეებმა გაიგეს ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები და ქვეყნების თავისებურებანი. სამუშაო პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.

აღნიშნული პროექტის შეფასების რუბრიკაა სოლო ტაქსონომიის მიხედვით

პრესტრუქტურული უნისტრუქტურული მულტისტრუქტურული მიმართებითი აბსტრაქტული
პროექტის შინაარსი ინფორმაცია არ არის რელევანტური ან შესაბამისი მოცემულია მხოლოდ ერთი ფაქტი ან იდეა აღდგომის შესახებ მოცემულია რამდენიმე ფაქტი ან იდეა, მაგრამ ისინი არ არის დაკავშირებული ფაქტები და იდეები ლოგიკურადაა დაკავშირებული და წარმოდგენილია საქართველოსა და უკრაინის აღდგომის ტრადიციები ფაქტები და იდეები დაკავშირებულია და წარმოდგენილია კრიტიკული და ღრმა  ანალიზი
პოსტერების პრეზენტაცია პოსტერები არ არის ორგანიზებული და ინფორმაციული პოსტერები შეიცავს ერთ ფაქტს ან იდეას პოსტერები შეიცავს რამდენიმე ფაქტს ან იდეას, მაგრამ არ არის ლოგიკურად დაკავშირებული პოსტერები ლოგიკურადაა ორგანიზებული და კარგად გადმოცემს შინაარსს პოსტერები კრიტიკულადაა გააზრებული, გამოიყენება შემოქმედებითი მიდგომა და ინოვაციური დიზაინი
ვენის დიაგრამის გამოყენება ვენის დიაგრამა არ არის გამოყენებული ან არ არის რელევანტური ვენის დიაგრამაში მოცემულია მხოლოდ ერთი განსხვავება ან მსგავსება ვენის დიაგრამაში მოცემულია რამდენიმე განსხვავება ან მსგავსება, მაგრამ არ არის ლოგიკურად დაკავშირებული ვენის დიაგრამა ლოგიკურად არის ორგანიზებული და კარგად ასახავს მსგავსებებსა და განსხვავებებს ვენის დიაგრამა გამოიყენება კრიტიკული ანალიზისათვის და ასახავს ღრმა და რთულ კავშირებს
მოსწავლეების ჩართულობა მოსწავლეები არ არიან ჩართულები პროცესში მოსწავლეები ჩართულები არიან მხოლოდ ერთ აქტივობაში მოსწავლეები ჩართულები არიან რამდენიმე აქტივობაში, მაგრამ არა თანაბრად მოსწავლეები აქტიურად და თანაბრად არიან ჩართულები ყველა აქტივობაში მოსწავლეები კრიტიკულად და შემოქმედებითად არიან ჩართულები ყველა აქტივობაში და წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებს

 

ინტერკულტურული მიდგომა ენის სწავლებაში წარმოადგენს მნიშვნელოვან და ეფექტურ მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების კულტურული ცნობიერების ამაღლებას, სოციალური უნარების განვითარებას, ენობრივი უნარების გაძლიერებას, გლობალური მოქალაქეობის განვითარებას, სწავლების პროცესის დინამიზაციას და მოტივაციის გაზრდას. ეს მიდგომა აუცილებელია თანამედროვე მრავალფეროვან და გლობალიზებულ სამყაროში, სადაც კულტურული ცოდნა და ტოლერანტობა მნიშვნელოვანია წარმატებული კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის.

 

 

სახალისო პროექტი – მიზნობრივი მისალოცი ბარათები

0

დაწყებით კლასებში მოსწავლეებისათვის წერის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე არსებითია დასაწყისიდანვე ჩაეყაროს საფუძველი  ფუნქციურ წერას, შემდეგი აქტივობებით: ადრესატისათვის წერილის მიწერა, მისალოცი ბარათის დაწერა და სხვა. ამ დროს  ხდება:

  1. კომუნიკაციური უნარების განვითარება – ბავშვები სწავლობენ თავიანთი აზრების, გრძნობების და იდეების გამოხატვას წერილობით. წერილის ან ბარათის მიწერა ეხმარება ბავშვებს გააძლიერონ თავიანთი სოციალური ურთიერთობები. ისინი სწავლობენ, როგორ დაწერონ წერილი თუ მისალოცი ბარათი – მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან მასწავლებლებს, რაც აუმჯობესებს მათ ურთიერთობებს.
  2. აკადემიური უნარების განვითარება – ბავშვები სწავლობენ წერილისა და ბარათის სტრუქტურას, როგორიცაა მისალმება, ძირითადი ტექსტი და დამშვიდობება. ისინი პრაქტიკაში ახდენენ გრამატიკის, მართლწერისა და პუნქტუაციის წესების გამოყენებას, რაც აუმჯობესებს წერის უნარებს.
  3. კრიტიკული აზროვნება და შემოქმედება – წერილის ან ბარათის წერისას ბავშვები სწავლობენ, როგორ დაალაგონ თავიანთი აზრები და იდეები ლოგიკური თანმიმდევრობით. მოსწავლეებს შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთი წერილის ან ბარათის დიზაინს, სიტყვებს და შინაარსს, რაც ხელს უწყობს მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
  4. პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება – ბავშვები სწავლობენ, როგორ დაგეგმონ და გააკეთონ თავიანთი დავალებები დროულად, რაც ხელს უწყობს დროის მართვის უნარების განვითარებას. ისინი აცნობიერებენ თავიანთი წერილების მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას, რაც ხელს უწყობს მათ გრძნობის განვითარებას.
  5. ემოციური ინტელექტის განვითარება – ბარათის ან წერილის წერა ეხმარება ბავშვებს უკეთ გაიგონ და გამოხატონ თავიანთი ემოციები. ისინი სწავლობენ, როგორ გაუზიარონ თავიანთი გრძნობები სხვებს და როგორ გამოხატონ თანაგრძნობა და ყურადღება.
  6. ტექნოლოგიების გამოყენების უნარები – ბავშვები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები წერილობითი კომუნიკაციისათვის, როგორიცაა ელ.ფოსტა ან მესენჯერი.
  7. საზოგადოების წევრობის შეგრძნება – წერილების ან ბარათების დაწერა ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ თავიანთი როლი და ჩართულობა საზოგადოებაში.

სწავლების პროცესში ფუნქციური წერითი უნარების განვითარება ბავშვს არა მხოლოდ კომუნიკაციისა და აკადემიური უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება, არამედ ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდასა და საზოგადოებაში აქტიურ მონაწილეობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავიდანვე მიეჩვიონ ფუნქციურ წერას და გააგრძელონ ამ უნარების განვითარება სწავლების პროცესში.

მინდა გაგიზიაროთ სახალისო სასწავლო პროექტი პირველკლასელებითვის  –  “დედამიწის დაბადების დღე”

პროექტის მიზანი:

მოსწავლეებმა გაიგონ მეტი დედამიწის დაცვის მნიშვნელობაზე, შექმნან მისალოცი ბარათები და იფიქრონ ეკო-საჩუქრებზე.

აქტივობები:

  1. განხილვა და პრეზენტაცია:
    • მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რა არის დედამიწის დღე და რატომ არის მნიშვნელოვანი.
    • მოსწავლეები უყურებენ მოკლე ვიდეოს დედამიწის დაცვის შესახებ.
    • მასწავლებელი აჩვენებს პლანეტის სურათებს და ხსნის, როგორ ზრუნვა სჭირდება დედამიწას.
  2. ბარათების შექმნა:
    • მოსწავლეებს ურიგდებათ ქარგები, სადაც უნდა დაწერონ მისალოცი ტექსტი დედამიწისთვის და მოიფიქროს რა ეკოსაჩუქარი შეუძლიათ  მოიფიქრონ დედამიწისთვის.
    • თითოეული მოსწავლე წერს პატარა გზავნილს, მაგალითად: “გილოცავ დაბადების დღეს, დედამიწა! მიყვარხარ!” ან “დედამიწა, ჩვენ დაგიცავთ!”

  1. ეკო-საჩუქრების დაპირება:
    • მოსწავლეები ფიქრობენ ეკო-საჩუქრებზე, რომლებსაც პირდებიან დედამიწას (მაგალითად, ნაგვის დახარისხება, ხეების დარგვა, წყლის ეკონომია).
    • ისინი წერენ ამ დაპირებებს ბარათებზე.
  2. სასაუბრო წრე:
    • თითოეული მოსწავლე აჩვენებს თავის ბარათს და კითხულობს გზავნილს და ეკო-საჩუქრის დაპირებას.
    • ყველა ერთად საუბრობს, როგორ შეიძლება ამ დაპირებების შესრულება.
  3. დედამიწის ტორტი:
    • მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად ამზადებენ დედამიწის ფორმის ტორტს (ეს შეიძლება იყოს პლასტილინის ან ნამდვილი ტორტი).
    • ტორტზე აწერენ “Happy Birthday, Earth!” და მოაწყობენ პატარა “დაბადების დღეობა” დედამიწისთვის.

მასალები:

  • მისალოცი ბარათების ქარგები
  • ფურცლები და ფერადი ფანქრები
  • პლასტილინი ან ტორტის ინგრედიენტები
  • ვიდეო დედამიწის დღის შესახებ
  • საბოლოო შედეგი:
  • პროექტის ბოლოს, მოსწავლეები უკეთ გაიგებენ დედამიწის დაცვის მნიშვნელობაზე, შექმნიან მისალოცი ბარათებს და იფიქრებენ ეკო-საჩუქრებზე, რომლებსაც პირდებიან დედამიწას. ისინი შეისწავლიან, როგორ შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვის საქმეში.

შეფასების რუბრიკა პროექტისთვის “დედამიწის დაბადების დღე”

კრიტერიუმი: ეკო-საჩუქრის დაპირება

დონე აღწერა ინდიკატორები
პრესტრუქტურული დაპირება არასრული ან არასწორია. ბარათი არასრული ან არასწორი ინფორმაციის შემცველი. – დაპირებას აკლია ძირითადი ელემენტები ან შეიცავს არასწორ ინფორმაციას.

ბარათიდან აკლია ძირითადი ელემენტები ან აქვს არასწორი ინფორმაცია.

უნისტრუქტურული დაპირება შეიცავს გარკვეულ სწორ ინფორმაციას, მაგრამ არ არის დეტალური.

ბარათი შეიცავს გარკვეულ შესაბამის ინფორმაციას, მაგრამ არ არის დეტალური.

– დაპირება აჩვენებს ეკო-საჩუქრების ზოგად მნიშვნელობას, მაგრამ არ არის დეტალური.

ბარათს აქვს ძირითადი ინფორმაცია, მაგრამ არ არის ძალიან დეტალური ან შემოქმედებითი.

მულტისტრუქტურული დაპირება დეტალურია და მოიცავს რამდენიმე ზუსტ და დამაჯერებელ ქმედებას. ბარათი დეტალურია და მოიცავს რამდენიმე შესაბამის ეკო-საჩუქარს. – დაპირება დეტალურია და მოიცავს რამდენიმე ზუსტ და დამაჯერებელ ეკო-მეგობრულ ქმედებას.

ბარათი კარგად ორგანიზებული, ფერადია და მოიცავს რამდენიმე ეკო-საჩუქარს.

მიმართებითი დაპირება ეფექტურად აჩვენებს ეკო-საჩუქრების მნიშვნელობას და მათ გავლენას.

ბარათი კარგად სტრუქტურირებული და აშკარად წარმოგენს ეკო-საჩუქრების მნიშვნელობას.

– დაპირება აჩვენებს ეკო-საჩუქრების მნიშვნელობას და მათ გავლენას გარემოზე.

ბარათი ეფექტურად გადმოსცემს თითოეული ეკო-საჩუქრის მნიშვნელობას და საინტერესოა მომართვისთვის.

გაფართოებული აბსტრაქტი დაპირება მოიცავს სრულყოფილ, ღრმა ანალიზს და ემსახურება ეკო-მეგობრული ქმედებების გამოკვლევას.

ბარათი შემოქმედებითი, დეტალური და მოიცავს ეკო-საჩუქრების ანალიზსა და მათ მნიშვნელობას.

– დაპირება არა მარტო წარმოგენს ეკო-საჩუქრებს, არამედ მოიცავს ანალიზს ან შეხედულებებს ეკოსაჩუქრის გარემოზე ზეგავლენის შესახებ.

– ბარათი არა მარტო წარმოგენს ეკო-საჩუქრებს, არამედ მოიცავს ანალიზს ან შეხედულებებს მათი მნიშვნელობის შესახებ.

 

კითხვის სწავლა სწავლებამდე -წარმოსახვა და ხელახლა წაკითხვა

0

წინამდებარე წერილში კითხვის ორი სტრატეგიის შესახებ ვისაუბრებთ ვიზუალიზაციის ანუ წარმოსახვისა და ხელახლა წაკითხვის შესახებ. (ჩვენი სტრატეგიების მიმდევრობაში მე-5 და მე-6 რიგით) სანამ ჩვენეულ ბარათებს გავეცნობით, ამ ორი სტრატეგიის შედარების სქემას დავაკვირდეთ:

  1. ვიზუალიზაცია, წარმოსახვა

რა არის ეს?

ვიზუალიზაცია არის წაკითხული ტექსტის მიხედვით სურათების დანახვა, წარმოდგენა. ამ სტრატეგიისთვის უკეთესი იქნება, თუ გამოვიყენებთ ქართულ სიტყვას: წარმოსახვა. ეს საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ დანახვაზე, ვიზუალზე გავაკეთოთ აქცენტი, არამედ გაგონებაზეც, შეგრძნებაზეც, დაგემოვნებაზეც, ყნოსვაზეც. შესაბამისად,  ბავშვებს უნდა დავეხმაროთ წარმოიდგინოს, გონებაში გააცოცხლოს წაკითხული.  ჩვენი ხელშეწყობით მან უნდა დააინახოს, გაიგონოს, შეიგრძნოს, გემოთი და სუნით აღიქვას ის, რასაც ვუკითხავთ.

ზოგადადაც, წაკითხულის წარმოსახვა არის ის კომპეტენცია, რომელიც კითხვას შემოქმედებით აქტად გარდაქმნის და მკითხველი პასიური მიმღების როლში კი არ რჩება, არამედ აქტიური თანაშემოქმედის ამპლუას ირგებს. რაც უფრო მეტად განუვითარდება ბავშვს ეს უნარი, მით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება მისი წარმოსახვითი სამყარო, როგორც კონკრეტული ტექსტის, ასევე ზოგადად.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?

წაკითხულის წარმოსახვის შედეგად ბავშვი უფრო სიღრმისეულად იაზრებს ტექსტს, ივითარებს წარმოსახვის, ნაამბობის/წაკითხულის დანახვისა და მასზე დაკვირვების უნარებს.

როგორ გავაკეთოთ ეს?

წაკითხულის წარმოსახვაში დასახმარებლად განსხვავებული მიდგომაა საჭირო ბავშვის ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით. განსხვავებული იქნება თვითონ წიგნებიც, რასაც ვუკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი ასაკისთვის საბავშვო წიგნი უხვად და მიმზიდველად არის ილუსტრირებული, ხოლო სასკოლო ასაკისთვის — შედარებით ნაკლებად, წაკითხულის ვიზუალიზებას ორივე შემთხვევაში უნდა შევუწყოთ ხელი.

ილუსტრირებული წიგნები ბავშვებს ყველაზე ეფექტურად ეხმარება წაკითხულის წარმოსახვაში, რადგან ამაზე უკვე წიგნის გამომცემელ-ილუსტრატორებმა იზრუნეს. მაგრამ ჩვენც უნდა გამოვიყენოთ დამატებითი აქტივობები, რადგან, ჯერ ერთი, ყველაფრის ილუსტრირება წიგნში ვერ მოხერხდებოდა, მეორეც, ილუსტრაციაზე დაკვირვება და  დამატებითი დეტალების მოფიქრება საუკეთესოდ ავითარებს ბავშვის ვიზუალიზების უნარს.

როდესაც წიგნის ერთ მონაკვეთს წავიკითხავთ, ბავშვს ყურადღება უნდა გავამახვილებინოთ იმ  გარემოზე, სადაც ამბავი ვითარდება, პერსონაჟებზე, ამინდზე, ფერებზე და ამის შესახებ დავუსვათ შეკითხვები. თუკი წიგნში მოცემულია ესა თუ ის კონკრეტული ილუსტრაცია, მასზე  დაკვირვებისა და აღწერის შემდეგ შეგვიძლია დავაფიქროთ ბავშვი იმაზე, თუ რის დამატება შეიძლებოდა კიდევ.

ასე რომ, წიგნის ხმამაღლა კითხვისას სასარგებლოა, რომ დავეხმაროთ ბავშვს ამბის წარმოსახვაში, დანახვაში, ხმების გაგონებაში, ვიზუალიზებაში.

ნიმუში:

ვთქვათ, ბავშვს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“. რა შეიძლება დაინახოს ბავშვმა ამ ზღაპრის კითხვისას? რა შეკითხვები დაგვეხმარება ბავშვის წარმოსახვის უნარის განვითარებაში?

– როგორ სახლში ცხოვრობს ნაცარქექია? რა აცვია? რა ფერის ტანსაცმელი აცვია?

– რას ხატავს/ხაზავს ნაცარში ნაცარქექია?

– როგორ გამოიყურება დევი? როგორი გამოხედვა აქვს? (აქ შეიძლება ბავშვს განვასახიერებინოთ დევის  გამომეტყველება.)

— რა ხმები გესმის მდინარის პირას, სადაც დევი და ნაცარქექია პირველად შეხვდებიან?

– როგორ ამოიღებს ნაცარქექია ჭყინტ ყველს ჩოხიდან? როგორ გამოადენს წვენს?

– როგორი იქნება დევის სახლი? რა და როგორი ნივთები ექნება სახლში?

— როგორი გემო და სუნი ექნება დევის სახლში გამომცხვარ პურს? და ა. შ.

ბოლოს, გავეცნოთ უფრო დეტალურ ნიმუშს წინა წერილში (შეკითხვების დასმა) გამოყენებული ,,კომბლეს” მაგალითზე. ამისთვის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი დავყოთ ნაწილებად და გვერდით მივუწეროთ წარმოსახვის უნარისთვის სასარგებლო შეკითხვები. ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშნვა, რომ ყველა შემოტავაზებული შეკითხვის დასმა ბავშვს გადატვირთავს და სულ შეაძულებს წაკითხვის პროცესს.

,,კომბლე” შეკითხვები
ზღაპრის წაკითხვამდე, სათაურსა და ყდის ილუსტრაციაზე დაკვირვებისას ●     როგორ ხმა ექნება კომბლეს? ცხვრებს?

●     როგორი იქნება კომბლეს სახლი შიგნით? რა ექნება შინ?

●     როგორ დაუძახებს ხოლმე კომბლე ცხვრებს?

კომბლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი. ეს კაცი მთელი დღის განმავლობაში თავის სახლის წინ იჯდა, კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. შემდეგ დაგროვებული კომბლები ბაზარში მიჰქონდა და კარგ ფასად ყიდდა. ამიტომ ამ კაცს ყველა კომბლეს ეძახდა.

— დილა მშვიდობისა, კომბლე! — ესალმებოდნენ ხოლმე შეხვედრისას.

— როგორ ხარ, კომბლე? — მოიკითხავდნენ ხოლმე საუბრისას.

— ნახვამდის, კომბლე! — ემშვიდობებოდნენ ხოლმე განშორებისას.

კომბლეს ჰყავდა სამი ცხვარი: კომბლესი, კომბლუსი და კომბლოსი. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ ხოლმე საბალახოდ, მთელი დღის განმავლობაში ბალახობდნენ და საღამოს შინ ბრუნდებოდნენ. კომბლე სულ არიგებდა ხოლმე მათ:

— ყურადღებით იყავით, სადმე მგელი თუ შეგხვდეთ, მაშინვე შინ გამოიქეცითო!

●        როგორი სახლი, ეზო ექნება კომბლეს?

●        რა ფერის ცხვრები ჰყავს კომბლეს?

●        სად დადიან კომბლეს ცვხრები საბალახოდ? რას ხედავ მინდორში?

●        მარტო კომბლეს ცხვრები ბალახობენ თუ კიდევ არიან სხვა ცხვრებიც?

●        რა ხმები გესმის კომბლეს სახლის წინ, მის ეზოში?

●        რა ხმები გესმის ბაზარში, სადაც კომბლე თავის კომბლებს ყიდის?

●        ვის ხედავ კიდევ ბაზარში? სად არის ხოლმე კიდევ ბევრი ხალხი?

●        რა ადგილებშ ბალახობენ ხოლმე ცხვრები დილიდან საღამომდე? არის თუ არა იქ წყარო? მდინარე? ტყე?

●        რა ხმები გესმის ცხვრების საბალახო ადგილებში?

ერთ დღესაც წავიდნენ ცხვრები საბალახოდ. იარეს, იარეს და შემოხვდათ მელია. მელამ ჰკითხათ:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცვხრებმა.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! – თქვა მელიამ და ტყისკენ წაცუნცულდა.

●        სად შემოხვდათ ცხვრებს მელია? რა ადგილია?

●        როგორი სახეები აქვთ ცხვრებს , როდესაც მელიას ესაუბრებიან?

●        როგორი სახე აქვს მელიას ამ დროს?

●        როგორ მიდი მელია ტყისკენ? როგორ შეიძლება წაცუნცულდეს მელია? ადამიანი?

ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ დათვი. დათვმა ჰკითხა:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა დათვმა და ტყისკენ წაბაჯბაჯდა.

●        როგორა დათვი? როგორი ხმა აქვს?

●        როგორ დგანან ცხვრები დათვის წინ?

●        სად არიან დათვი და ცხვრები? როგორი ადგილია? რას ხედავ იმ ადგილას?

●        როგორ წაბაჯბაჯდა დათვი ტყისკენ?

●        ტყე როგორია?

●        ცა როგორი იქნებოდა? ღრუბლიანი თუ მზიანი?

●        როგორი ამინდი იქნებოდა?

ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი. მგელმა ჰკითხათ:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა და სულ არ არ გაახსენდათ კომბლეს დარიგება.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— არ მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა მგელმა და გადაყლაპა ცხვრები.

●        სად შეხვდებოდა მგელი ცხვრებს?

●        როგორ უყურებენ ისინი ერთმანეთს? როგორ საუბრობენ?

●        როგორი სახეები აქვთ მგელსა და ცხვრებს?

●        დღის რომელი მონაკვეთი (დილა, შუადღე, საღამო) იქნებოდა იმ დროს?

მოსაღამოვდა. კომბლემ უცადა თავის ცხვრებს, უცადა და, რომ აღარ დაბრუნდნენ, გაიდო მხარზე ერთი დიდი კომბალი და წავიდა საძებნელად.

იარა, იარა და შემოხვდა მელია. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო!

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა მელიამ კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ გაუშვა მელია და გზა განაგრძო. იარა, იარა და შემოხვდა დათვი. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო.

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა დათვმა კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ გაუშვა დათვი და გზა განაგრძო. იარა, იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო!

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა მგელმა კბილები და ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ სდრუზა მგელს კომბალი, გაუჭრა მუცელი და ამოიყვანა თავისი ცხვრები. კუდამოძუებული მგელი კი ყმუილით წაძუნძულდა ტყისკენ.

კომბლემ წამოიყვანა თავისი ცხვრები და მას შემდეგ ცხოვრობდნენ ტკბილად და გემრიელად.

●        რა აცვია კომბლეს, რომელიც ცხვრების მოსაძებნად მიდის? როგორი სახე აქვს მას? ხელში რა უჭირავს?

●        სად შეხვდებოდა კომბლე მელიას? დათვს?

●        როგორ ესაუბრება კომბლე მელიასა და დათვს?

●        როგორ გარბიან მელია და დათვი?

●        როგორი სახეები ექნებოდათ კომბლესა და მგელს? როგორ ელაპარაკებიან ისინი ერთმანეთს?

●        როგორ გაიქცეოდა კუდამოძუებული მგელია?

●        როგორ შეხვდებოდნენ ცხვრები კომბლეს?

●        როგორ ბრუნდებიან კომბლე და ცხვრები შინ?

ჭირი — იქა,

ლხინი — აქა,

ქატო — იქა,

ფქვილი — აქა.

ელასა, მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა.

მთქმელსა და გამგონებელსა

ჯვარი გვწერია ყველასა!..

(ძილი გვაამოს ყველასა!..)

 

  1. ხელახლა წაკითხვა

რა არის ეს?

ხელახლა წაკითხვა გულისხმობს წიგნის უკვე წაკითხული ნაწილის ხელხლა გადაკითხვას გარკვეული მიზნით. რა შეიძლება იყოს ეს მიზნები?

  • შეკითხვებზე პასუხის გაცემა
  • ინფორმაციის გადამოწმება, გახსენება
  • ბავშვის თხოვნის შესრულება

ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვგულისხმობთ უკვე წაკითხული წიგნის სხვა დროს (მეორე დღეს, ერთი კვირის შემდეგ…) ხელახლა წაკითხვას. თუკი ბავშვს ჩვენ მიერ წაკითხული წიგნი მოეწონება, იგი აუცილებლად გვთხოვს მის ხელმეორედ წაკითხვას. ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ და შეგვიძლია რამდენჯერმე  მივუბრუნდეთ კიდეც წაკითხულ წიგნს. ხელახლა წაკითხვის ეს ვარიანტიც ძალიან სასარგებლოა – ამ დროს უკვე ბავშვთან ერთად ვიხსენებთ წაკითხულ ამბებს და ვამოწმებთ, რა გვახსოვს და როგორ.

მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ წაკითხვის პროცესში უკვე წაკითხულ ადგილებთან მიბრუნებას და მათს ხელახლა წაკითხვას.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?

კიდევ ერთხელ დავსვათ შეკითხვა: რა საჭიროა წიგნის უკვე წაკითხული ადგილების ხელახლა წაკითხვა?

რასაკვირველია, წიგნის კითხვის პროცესში აქტიურად ვსვამთ შეკითხვებს. შეკითხვები ბავშვს ეხმარება როგორც ვარაუდების გამოთქმაში, ასევე უკვე წაკითხული ნაწილის გახსენებაშიც. სწორედ ამ მიზნით გვჭირდება ხოლმე ხელახლა წაკითხვა.

ხალახლა წაკითხვის პროცესში ბავშვი: 1. აკვირდება ტექსტს კონკრეტული მიზნით, მაგალითად, დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად; 2. რწმუნდება, რომ ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია და არცაა საჭირო; 3. ეჩვევა, რომ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად (ამ შემთხვევაში, პასუხის მოძიება) ტექსტის კიდევ ერთხელ წაკითხვაა საჭირო.

როგორ გავაკეთოთ ეს?

წიგნის წაკითხვისას ბავშვიც ხშირად გვისვამს ხოლმე შეკითხვებს და ჩვენც ვეკითხებით როგორც უკვე წაკითხული ნაწილების შესახებ, ისე დარჩენილი ნაწილის შესახებ ვარაუდების გამოთმის მიზნით. სწორედ ამ პროცესშია სასარგებლო უკვე წაკითხულ ადგილთან მიბრუნება და მისი ხელახლა წაკითხვა. ამისათვის ბავშვს მივმართავთ: „მოდი, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, მართლა ასე იყო თუ არა…“ თუკი ბავშვის არ გაუჩნდება ასეთი შეკითხვები, მაშინ ჩვენ დავსვამთ და ბუნებრივა საჭიროებას დავინახავთ წიგნის შესაბამისი ადგილის ხელახლა წაკითხვისას.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი წიგნის ხმამაღლა კითხვის პროცესში უკვე წაკითხულ ადგილებს კიდევ ერთხელ მივურბუნდებით მიზნობრივად, ხელახლა წავიკითხავთ და გადავამოწმებთ ჩვენ მიერ გაცემულ პასუხს.

ნიმუში:

დავუშვათ, ბავშვს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“  და მივედით იმ ადგილას, სადაც ნაცარქექიამ ჩოხის კალთაში გამოხვეული ყველი ამოიღო წვენის გამოსადენად:

„დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა“.

და ამ დროს ვიკითხავთ:

– სად ჰქონდა ნაცარქექიას ყველი?

– სახლიდან ხომ გამოატანეს?! – აუცილებლად გვიპასუხებს ბავშვი, რომელიც მანამდე ყურადღებით გვისმენდა.

– სახლიდან გამოატანეს? მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, სად წერია, რომ სახლიდან გამოატანეს, — ვამბობთ ჩვენ, ვუბრუნდებით ზღაპრის დასაწყისს, ვკითხულობთ ხელახლა და ბავშვიც სიამოვნებით გვისმენს, როგორ მართლდება მისი პასუხი.

კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ ,,კომბლეს” მიხედვით. როდესაც ცხვრები უკვე დათვს ხვდებიან და მასთან ლაპარაკობენ. შეიძლება წამკითხველსა და ბავშვს შორის ასეთი ინტერაქცია წარიმართოს:

— რა უთხრეს ცხვრებმა დათვს, კომბლე რას აკეთებსო?

— კომბლებს თლის და ჭერში აწყობსო…

— მელიას რა უთხრეს?

— მელიასაც ხომ ასე უთხრეს?

— გინდა, გადავამოწმოთ, მელიასაც ასე უთხრეს თუ არა? მოდი ხელახლა წავიკითხოთ…

 

როდესაც მშობელს შვილის გამო საყვედურობენ

0

ალბათ, ძნელად მოიძებნება მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც არ დაუბარებიათ სკოლაში შვილის საქციელის გამო. მშობელს უწევს საყვედურების მოსმენა, რაც მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

ერთ დღეს, ქუჩაში მიმავალი, სკოლიდან გამოსული აღშფოთებული მშობლის მეუღლესთან სატელეფონო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. „მე აქ მომსვლელი აღარ ვარ, მომავალში უკვე შენ მოგიწევს ამ საყვედურების მოსმენა – ცუდად იქცევა, მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარების საშუალებას არ აძლევს, მათემატიკაში სულ დაბალ ქულებს იღებსო. რა არ ვცადე, დავაშინე, ბევრი რამ ავუკრძალე. აღარ ვიცი, რა ვქნა!“

ვფიქრობ, აღწერილი სიტუაცია ბევრი მშობლისთვის ნაცნობია. ბავშვებს უჭირთ, სასკოლო გარემოში, თანატოლთა წრეში, გაკვეთილზე ყოველთვის ისე მოიქცნენ, რომ მათი ქცევა უფროსების მოლოდინს შეესაბამებოდეს. როდესაც ბავშვის ასეთი ქცევის გამო მშობელს საყვედურობენ, ბუნებრივია, მას თავმოყვარეობა ელახება, რადგან ამ საყვედურებს საკუთარ  მარცხად აღიქვამს, რცხვენია, იწყებს თავის დადანაშაულებას და ვერ ხვდება, როგორი რეაქცია ჰქონდეს  – ეჩხუბოს ბავშვს, აუხსნას, სთხოვოს, ჯილდოს დაჰპირდეს თუ მისთვის საყვარელი საქმიანობა აუკრძალოს.

ეს ყველაფერი ვერ დაეხმარება მშობელს. თუ ბავშვს ეჩხუბა, შესაძლოა, დაკარგოს მისი ნდობა, პრობლემა კი მაინც ვერ მოგვარდეს. ვერც ბავშვის დაცვა ჩაითვლება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. მოქმედების სწორი სტრატეგიის შესარჩევად სასურველია გავარკვიოთ, რა განსაზღვრავს კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვის ქცევას.

 

სასკოლო გარემოში ბავშვის გამომწვევ ქცევას თავისი მიზეზები აქვს:

* ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზარდის ყურადღების, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება საკლასო გარემოში დაუკმაყოფილებელი რჩება;

* პრობლემები ოჯახში – თუ ბავშვი არაკომფორტულად გრძნობს თავს სახლში და განიცდის ზეწოლას მშობლების მხრიდან, შესაძლოა, დაგროვილი არასასიამოვნო ემოციები სკოლაში ამოაფრქვიოს;

* კონფლიქტები მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან – ასეთ დროს ცუდი ქცევით ბავშვს სურს, გამოიწვიოს კონკრეტული ადამიანის გაღიზიანება. როგორც წესი, ის ცელქობს და გამომწვევად იქცევა იმ მასწავლებლის გაკვეთილზე, რომელიც არ უყვარს;

* თვითგამოხატვისკენ სწრაფვა – გარდატეხის ასაკში მოზარდებს სურთ თანატოლების პატივისცემის  მოპოვება, აღიარება. მიზნის მისაღწევად ისინი ხშირად არღვევენ წესებს, იქცევიან მიუღებლად;

* მოწყენილობა – საგაკვეთილო პროცესის მიმართ ინტერესის ნაკლებობა ბავშვს ხანდახან გართობისა და მიუღებელი ქცევისკენ უბიძგებს;

* დაქვეითებული თვითშეფასება, საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობა.

 

როგორ უნდა წარიმართოს სკოლაში დაბარებულ მშობელთან საუბარი, რომ შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდეს? გთავაზობთ რეკომენდაციებს:

* უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინოთ ერთმანეთს. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – მოზარდის განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვა და მის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება.

* ნუ გაგვიკვირდება, თუ საუბრისას აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ და მშობელი ბავშვს სხვადასხვა მხრიდან ვიცნობთ. სკოლასა და სახლში მოზარდს სხვადასხვა როლის შესრულება უწევს – სკოლაში ის მოსწავლეა, ჯგუფის წევრი, შინ კი ხშირად საყოველთაო ყურადღებისა და მზრუნველობის ობიექტია, რაც მის ქცევაზეც პოვებს ასახვას.

* სასურველია, მშობელთან საუბრისას შევაფასოთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მშობელს ვუთხრათ: “თქვენი შვილი ზარმაცი და მოუწესრიგებელია”, – ჯობია ვაცნობოთ, რომ მან საშინაო დავალება არ შეასრულა და გაკვეთილისთვის საჭირო ნივთები არ წამოიღო სკოლაში.

* ვისაუბროთ ფაქტებზე და ვერიდოთ განზოგადებულ დასკვნებს. მაგალითად, უკეთესი იქნება გამოვიყენოთ ფრაზა: „გუშინ ცუდად დაწერა საკონტროლო მათემატიკში“, – და არა „თქვენს შვილს სწავლა არ უნდა, ტყუილად დადის სკოლაში“.

* თუ მშობლისაგან მოვითხოვთ, ზეგავლენა მოახდინოს შვილზე, ისიც უნდა ვურჩიოთ, რა შეიძლება გააკეთოს ამისთვის.

* ვერიდოთ ბავშვის კრიტიკას მშობელთა კრებაზე, სხვა ბავშვების მშობლების თანდასწრებით. ამით მხოლოდ გავირთულებთ ურთიერთობას და თანამშრომლობის ყველა გზას მოვიჭრით.

* ასევე არ არის  სასურველი  მშობელთან საუბარი მოზარდის თანდასწრებით, მით უმეტეს, თუ მშობელი საყვედურის სათქმელად და ბავშვთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ გვყავს დაბარებული.

* დაუშვებელია მშობლისთვის იმის თქმა, რომ ის სათანადოდ ვერ ასრულებს მშობლის მოვალეობას და შვილი უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული. ასეთი მიდგომით პრობლემას ნამდვილად ვერ მოვაგვარებთ.

 

კარგი იქნება, თუ მშობელიც დაიცავს გარკვეულ პირობებს პედაგოგთან საუბრისას:

* არ იქნება მტრულად განწყობილი. მას ესაუბრება სპეციალური განათლებისა და ბავშვთან მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი. მან შეიძლება შეამჩნიოს ის, რასაც მშობლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

* შეინარჩუნოს კეთილგანწყობა და თავაზიანობა, ნუ გამოხატავს ეჭვებს პედაგოგის პროფესიონალიზმის თაობაზე. ეცადოს, იპოვოს მასთან საერთო ენა.

* აჩვენოს პედაგოგს, რომ პატივს სცემს მას და მის აზრს, მოუსმინოს და მერე გამოთქვას თავისი თვალსაზრისი იმის შესახებ, რატომ შეიძლებოდა ბავშვი ასე მოქცეულიყო. იქნებ ოჯახში რთული ვითარებაა მშობლების განქორწინების გამო, ან უბრალოდ ბავშვი ნელა ითვისებს მიწოდებულ ინფორმაციას. აუხსენით ეს პედაგოგს, შესაძლოა, ის საქმის კურსში არც იყოს.

მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რას შეიძლებოდა მოეხდინა ბავშვის მიუღებელი ქცევის პროვოცირება, სთხოვეთ მასწავლებელს რჩევა. ამით მის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ და მიახვედრებთ, რომ არ აპირებთ საყვედურის უყურადღებოდ დატოვებას.

* შესთავაზეთ მასწავლებელს კომპრომისი. არ ღირს მასთან კონფლიქტში შესვლა და იმის მტკიცება, რომ ჰუმანიტარული საგნებით დაინტერესებულ ჩვენს შვილს სულაც არ სჭირდება მისი მათემატიკა. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მასწავლებელი დარწმუნებულია საკუთარი საგნის მნიშვნელოვნებაში. მაგრამ თუ ბავშვს უჭირს მათემატიკადა არც ინტერესს ამჟღავნებს მის მიმართ, ნება მიეცით, მეტი ყურადღება დაუთმოს ჰუმანიტარულ საგნებს, მათემატიკაში კი მინიმალური ქულაც ეყოფა.

* პედაგოგთან თქვენი ჩვენი თვალსაზრისი კორექტულად, მშვიდად გამოთქვით და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშიც მოუხადეთ საუბრისას გამოჩენილი უხეშობისთვის. საზოგადოდ, ისწავლეთ ბოდიშის მოხდა და ასწავლეთ ეს ბავშვსაც. შეცდომა ყველას მოგვდის. ურჩიეთ ბავშვს, ნუ გადავა თავდაცვაზე, თუ რაიმე დააშავა, პირიქით, აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს, თანაც გულწრფელად და არა საჩვენებლად. უკეთესი იქნება, თუ პირადად მივცემთ მაგალითს –  ბოდიშს მოვუხდით, თუ უსამართლოდ მოვექეცით, მერე კი იმავეს მოვითხოვთ მისგანაც თანატოლებთან, მასწავლებლებსა და მეგობრებთან მიმართებით. შეცდომის აღიარების უნარი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ღირებული უნარია, რომელიც მომავალში მოზარდს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

 

ამრიგად, ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზა ოჯახისა და სკოლის, პედაგოგისა და მშობლის თანამშრომლობაა. პასუხისმგებლობის სწორად განაწილება და არა ერთმანეთის დადანაშაულება წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...