ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ქალები ვაჟა-ფშაველას პოემებში

0

 („ბახტრიონი, „გიგლია“, „ეთერი“, „სისხლის ძიება“)

რაც შეეხება ქალთა კონკრეტულ სახეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას პოემებში გვხვდება, მათი გალერეა მრავალფეროვანია. მასში გვხვდებიან ქალები – დიდი პიროვნებები, საკაცობრიო თვისებებითა და გრძნობით აღსავსენი და ასევე, ყოველდღიურ საზრუნავზე მზრუნველი, სულმოკლე, აწრიალებული, მოფუსფუსე და გამოჩენის მიმდევარი ქალები.

ვაჟასეულ ქალთა პირველ წყებაში საპატიო ადგილი დედებს აქვთ მიჩენილი – სანათას პოემა „ბახტრიონიდან“ და გიგილას დედას პოემიდან „გიგლია“.

 

დავიწყოთ სანათას დახასიათებით. პოემაში სანათას გამოჩენისთანავე იბადება კითხვა: ვინ არის ეს „ბერი დიაცი“, ცრემლი რომ „წინ უდგას გუბედა“, თემის ხელშეუხებელი ტრადიცია რომ ასე თამამად დაურღვევია, ქალისთვის დაუშვებელი მოვალეობა უკისრია: „მარტოს დაუკლავ საკლავი, თვითონვე უტყავებია“ და ხევისბერის მაგივრად მიცვალებულთ ამწყალობებს. შინაგანად ძლიერი ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ჩაიდენდა, თუნდაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც, როგორიც სანათას შემთხვევაშია: მამაკაცი რომ აღარაა დარჩენილი თემში მტერთან ბრძოლის შემდეგ („უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია, ხატიც შეგვინდობს ცოდვასა…“) ცხადია, სანათა, ჯოხს რომ ეყრდნობა „ხანხალით, ძალისძალითა,“ სულიერად ჯერ კიდევ გაუტეხელია. ნაწარმოების კითხვისას თანდათან გვიმტკიცდება ეს აზრი: თურმე ეს ის ქალია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში დაეღუპა ქმარი; ის დედაა, შვიდი შვილი რომ დაზარდა, „შვიდივ ლომისა დარია“ და შვიდივე რომ დაიტირა ერთ დღეს (,,ორ კვირას საფლავებ ვთხარე იმათ თავშესაფარია“); ის ხოშარელი დიაცი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა თავისი სოფლის დაქცევა. ასეთი მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობიდან ადამიანის სულით დაცემამდე ერთი ნაბიჯიღაა, დარდი ახრჩობს სანათას, გულს იმჯიღავს, მწარედ მოთქვამს თვის სატკივარზე:

 

„დავკარგე ყველა თვისტომი,

ვინაც კი მყვანდა თავისა

………………………………………………..

რად გვინდა დედებს შვილები,

რაზე ვსწვალობდით, ნეტავი?

…………………………………………………

დღე მთელი, ხვალე მკვდარია,

 

მოვა წაიღებ უეცრად

სისხლისა ნიაღვარია

პირსისხლიანის მსინჯველი

შვილის, დუშმანიმც არია!“.

 

პირადი სატკივრის გარდა, სხვაც აწუხებს მოხუც სანათას, თავის დაღუპულ ქმარ-შვილთან ერთად ხოშარელთა ბედისწერასაც გლოვობს:

 

„როდემდის უნდა ვიბანოთ

სისხლით პირი და ხელები,

შვილთა მაგივრად დიდებსა

…………………………………………………….

ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს

ამ ფშავისხევის მცველები!“.

 

ეს უკვე აღარ არის ვიწრო, პიროვნული ტკივილი, ქვეყნის, ხალხის სატკივარზე მოთქმა და ვაებაა. თითქოს გულგატეხილია სანათა, თითქოს ყველასი და ყველაფრის რწმენაც დაკარგული აქვს, მაგრამ გამოჩნდება კვირია და მოაქვს ამბავი: თურმე ურჯულო თათრებზე საბრძოლველად ემზადებიან ქართველები („მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“) და სანათა, ბედდამწვარი და მგლოვიარე, გასაოცარ ფერისცვალებას განიცდის: უკვე აღარ დასტირის მტერთან ბრძოლაში დახოცილ ქმარ-შვილს, რადგან მათ, როგორც ქვეყნისთვის თავგანწირულებს, სატირალი არაფერი სჭირთ („თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა შვილთ არც კი მოვიგონებდი“), ისევ მხნე და ძლიერია, რწმენაგაუტეხელი და იმედით სავსე:

 

„შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,

დავლათო ახმეტისაო.

…………………………………………

გვიშველე, ლაშარის ჯვარო,

დაგვჭირდა შენი თავია,

………………………………………………………………….

გვიჭირს და გამოგვაყენე

შეუმუსრავი ძალია!“.

 

ეს კი უკვე „ქართვლის დედის“ დალოცვაა და მოწოდება.

 

ასეთი ძლიერი და საინტერესო ხასიათი შექმნა ვაჟამ სანათას სახეში.

 

ბევრი რამა აქვთ საერთო სანათას და პოემა „გიგლიას“ ერთ-ერთ გმირს – თალალის, „ფშავი-ხევი იმედის“, თავისი ვაჟკაცობით განთქმული გიგლიას დედას. მასაც, როგორც ყველა დედას, მზეც და მთვარეც შვილზე ამოსდის (,,პურა შეჭამე, ნუ ჩქარობ, შვილო, სილაღევ დედისა“), მაგრამ ეს სიყვარული არ არის ეგოისტური და ბრმა, რადგან თალალის შეგნებაში სხვა სიყვარულიც არის გამჯდარი: ერისა და ქვეყნის სიყვარული. მან იცის, რომ შვილი მარტო თავისთვის კი არა, მამულისთვისაც გაზარდა:

 

„კაცს მიტომ კაცსა ვეძახით,

უნდა წელს ერტყას ხმალია,

მაშ რა უნდა ვქნათ, ხომ ჰხედავ,

ფშავლები მტერმა დალია?!“.

 

ამიტომაც, მიუხედავად ავი წინათგრძნობისა („შენ არ მოუკვდე დედასა, შენზედ არ დავჯდე მტირალი“), რომელსაც გიგლიას დის, თამარის სიზმარიც ემატება („სხივნ გამქრალიყვნენ მზისანი, დალეწილები ეყარნენ აბრაქნი ჩემის ძმისანი“), არიგებს და გზას ულოცავს გიგლიას:

 

„ფშაველთ სალოცავმ შემასწვრას

შენს შინ მშვიდობით მოსვლასა,

ხერხით მაიქცე მტერთანა,

ნუ გასწევ ჯიუტობასა

მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!“.

 

პატრიოტ ქალებზე ლაპარაკისას უნდა მოვიხსენიოთ ლელა ბაჩლელიც პოემა „ბახტრიონიდან“. ჩვეული მოწიწებითა და სინატიფით ხატავს ვაჟა მთიელი ქალწულის უზადო სილამაზეს:

 

„საამურია საცქერლად

ვარდზე ცხვარები დილისა,

ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,

ნარწყავსა უკვდავებითა,

ხორცშესხმულ სიყვარულსა ჰგავს,

აუწყველს, -უწყავებითა“.

 

ეს ლელაა „ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი“, მტერთან საბრძოლველად, სნეული მამის სანაცვლოდ ბრძოლაში წაყვანას რომ მოითხოვს მისი საქციელი გაოცებული და აღშფოთებული მეომარი მამაკაცებისაგან:

„- ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:

თათრებთან ომი მწადიან,

………………………………………

რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო

იქნებ მიწუნებთ ქალობით?

ჩემ ძმათ ცხოვნებამ, გარგებდით,

ჩვენთა სალოცავთ წყალობით“.

 

ეს მომხიბვლელი შერწყმა ქალურისა და ვაჟური ქცევისა უფრო ხაზს უსვამს მთიელი ქალწულის მიმზიდველ ქალურობას.

 

ლელას პატრიოტიზმი მარტო მჭექარე სიტყვებში არ გამოიხატება („მტრის ჯავრი გულში მიდგია, შავის ალაზნის გუბედა“): ის აშკარა სიკვდილზე მიდის და იღუპება, როგორც გმირი ბახტრიონის ციხის კარებთან.

 

„ლეკვი ლომისა სწორიაო….“ და ამაზე მეტი „ლომობა“ ქალისაგან, ალბათ ძნელი წარმოსადგენია.

 

 

ვაჟას პოემა „ეთერი“ ხალხური „ეთერიანის“ საფუძველზეა შექმნილი. დიდი ნიჭია საჭირო, რომ ხალხურმა გენიამ არ შთანთქას ხელოვანის ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვაჟას ჰქონდა ეს ნიჭი. მის პოემაში, რომელიც ერთი ტრაგიკული სიყვარულის ამბავია, არ არის ის საგმირო-ჰეროიკული სული, ხალხური ეპოსისთვის რომაა დამახასიათებელი. ნაწარმოების ცენტრში დგას მწყემსი ქალი ეთერი და არა ხალხი. აქ ეთერის ფსიქიკა, მისი სულის მოძრაობაა მთავარი.

 

ვაჟასეული ეთერი კიდევ ერთი მშვენიერი სახეა მისი პოემების გმირ ქალთა შორის:

 

„… და მწყემსი ქალი, ობოლი-

ყვავილი ედემისაო…

ეტყობა მიწას ლამაზი

ნავალი ეთერისაო“.

 

მართლაც, გენიოსის კალმის მოსმაა, როგორც იტყვიან, შეუძლებელია, რამდენიმე ჩვეულებრივი ფრაზით ამაზე სრულიად და არაჩვეულებრივად ქალის სილამაზის გადმოცემა.

 

ტყის ფერიაა ეთერი. ყელი ჯეირანს მიუგავს, ბალიშად ქვა უდევს და ლეიბად „შამბი ძირზედა“, თვალებში ზღვა და ხმელეთი ჩაჰქსოვია, ხორცშესხმული სიყვარულია და თავზე ტრფობის გვირგვინი ადგას:

 

„ტანთ შავი ჯუბა აცვია,

შავი მანდილი თავზედა,

ვერ ნახავ ერთ მძივს, ან ღილსა

ეთერის ლერწამ ტანზედა“.

 

„პოემაში ეთერი შუა საუკუნეების საგალობელში გამოსახულ ღვთისმშობელსა ჰგავს, სახე მისი მზეა… (თვალებში) უბრწყინავს მთელი ქვეყანა, წმინდანთა და ღვთაების სიყვარულით დაგვირგვინებული“ (ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, საიუბილეო კრებული, 1974).

 

ვაჟას ეთერი პიროვნებაა: წინდახედული („ღირსი არა ვარ, ხელს გბანდე, განაღამც გვყვანდე ცოლადა, მეფე ხარ რატომ არ ჰფიქრობ? საქმეს რად იჭერ ყროლადა?“), არცთუ მიამიტი („მიწაზე ცალი არა გყავს, როგორც მზეს მაღლა ცაზედა; ვაითუ მალე მოგწყინდე, მალე გამცვალო სხვაზედა“), დამატყვევებელი სულის პირველქმნილი მშვენიერი სისპეტაკითა და უანგარობით (,,ხშირად ტანთ არა მაცვია, დავდივარ ფეხშიშველაო, მაგრამ სიმდიდრე, სიდიდე, ფუჭია ჩემთვის ყველაო“.).

 

კიდევ ერთი მშვენიერი, მაღალი სულის ქალი გვხვდება პოემაში „სისხლის ძიება“. ეს არის დემურის ცოლი. პოეტური ნიჭი არც ამ ქალის სილამაზის გადმოსაცემად დაიშურა ვაჟა-ფშაველამ:

 

„ქალი გადმოდგა ქოხიდან,

შუქი გამოჰყვა პირითა,

………………………………………………..

თუ შურთხი არის ლამაზი

მსტვინავი მაღალ მთაზედა?

…………………………………………………….

ან თუ ვარსკვლავთა კრებული

უხვსხივიანი ცაზედა?

…………………………………………………..

იქნება სამოთხე იყოს,

ქვეყნად მოსული ციდანა?

ვაჟკაცის გული ჭირია,

გადამგდებელი ჭკვიდანა“.

 

ქალი, რომელსაც საოცარი მოკრძალება და ხათრი აქვს ქმრისა, აღმოაჩენს, რომ დემური გამცემია: „შავად მენახოს, ქმარაო, შენი ვარსკვლავი ცაზედა“. ამ მწარე სიტყვების მიზეზიც, ალბათ მარტო ძმის სიკვდილი არ არის, შელახული რწმენა და თავმოყვარეობაცაა.

 

მოულოდნელად და უცნაურად იკლავს თავს დემურის ცოლი: იმავე ცეცხლში გადაეშვება, რომელშიც მისი ქმრის მკვლელი, ქიჩირბეი, იწვება. საინტერესოა, რა არის ეს? რწმენადაკარგული და სასოწარკვეთილი ქალის საბედისწერო ნაბიჯი, პროტესტი უსამართლობის მიმართ, თუ რაღაც სხვა, უფრო ღრმა განცდა.

 

მრავალფეროვანია ვაჟასეული პლეადა ქალებისა, რომელთა ხასიათებსა და შინაგან სამყაროში ბოლომდე წვდომა არც ისე ადვილია. ეს, შეიძლება ითქვას, მთელ მის შემოქმედებაზეც. „დღეს ვერავინ დაიჩემებს, თითქოს მან ისეთნაირად გახსნა ვაჟა-ფშაველას ლექსი, რომ შემდგომ თაობებსაც კი არაფერი რჩებათ გაურკვეველი და გასაკეთებელი…

 

ვაჟა-ფშაველა დიდი ხელოვანია და ამიტომ კვლევა-ძიების რომელიმე ერთ დონეზე ნამდვილად დაუძლეველია იგი. თვითონ ვაჟა ადვილად თხზავდა, ჩვენ კი ძნელად გასარკვევი თხზულებები დაგვიტოვა, რაცაა მისი პოეტური სიცოცხლის უკვდავების პირობა“.

 

ვაჟა ურთულესი ფენომენია, რომლის სიდიადის ბოლომდე გააზრებისგან ჩვენ ჯერ კიდევ კიდევ შორს ვართ.

 

ქართულმა გენმა შვა ვაჟა-ფშაველა, რომელიც „ოლიმპიური ზევსივით დგას არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის სულიერი კულტურის საგანძურში“ (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა, 1961წ).

 

 

 

 

 

ფიქრები ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაზე

0

არსებობს ლიტერატურისადმი  ეროტიკული  სიყვარული და არსებობს ინტელექტუალური (პროფესიული) სიყვარული. პირველ შემთხვევაში წიგნებს სიამოვნების მისაღებად ვკითხულობთ, უფრო მეტად შინაარსსა და ემოციურ ზემოქმედებას ვუკვირდებით, ვიდრე ფორმასა და კონტექსტს. აი, მეორე შემთხვევაში კი ყველაფერი ერთად გვაინტერესებს. მეორე შემთხვევაში ლიტერატურა ჩვენი სუნთქვაა, არათუ სიამოვნების, არამედ კვლევის, ძიების საგანია.

წიგნებიც ამ ორ კატეგორიაში შეიძლება, მოთავსდეს: კლასიკა, თანამედროვე ლიტერატურა, ყველაფერი ის, რაც სიამოვნებით ან სამოყვარულო ინტერესით იკითხება და საკვლევ-საჩხრეკი ლიტერატურა, ანუ ის, რასაც მხოლოდ ლიტერატურის ისტორიისათვის აქვს გარკვეული მნიშვნელობა. მეორე კატეგორიაშია, მაგალითად, სოციალისტური რეალიზმის მემკვიდრეობა და, ერთი სიტყვით, ყველა ის მწერალი, რომელთა შემოქმედებაც ვერ გასცდა მათ კონტექსტს, თანადროული ეპოქის მიღმა აქტუალური და საინტერესო არ აღმოჩნდა.

რატომ დავფიქრდი ამ ყველაფერზე ახლა?

გამომცემლობა „მედუზამ“ ორი ისეთი წიგნი გამოსცა ბოლო დროს, უფრო მეორე კატეგორიას რომ განეკუთვნება. ეს კი იშვიათია – მეორე კატეგორიის წიგნებს მკითხველები ნაკლები ჰყავს და გამომცემლობებიც გარისკვას ერიდებიან ხოლმე.

მე, როგორც პატარა გამომცემლობების დიდმა გულშემატკივარმა და წიგნებისადმი გარდარეული სიყვარულის მქონემ, რა თქმა უნდა, ორივე შევიძინე. ესენია: ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“ და მოთხრობების კრებული „დროთა კავშირი“.

„ქალი სარკეში“ პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაა, დაწერილი 1930 წელს. კითხულობ და ეპოქას ხედავ, კითხულობ და იმ ეპოქის ენა გესმის, ბოროტი ტოტალიტარული სისტემის ყალბი ენა. კითხულობ და იგებ, რა ცოდნას ფლობდნენ მეოცე საუკუნის (გასული საუკუნის!) დასაწყისში ასტრონომიასა და ფიზიკაში. მართალია, მთავარი ინტრიგის გახსნის შემდეგ (რა თქმა უნდა, არ გეტყვით, რა ინტრიგაა) წიგნი ოდნავ მოსაწყენი ხდება, მაგრამ რამდენადმე ბუნდოვანი ფინალი საფიქრალს მაინც ტოვებს. თუ ლიტერატურის ისტორია გაინტერესებთ, „ქალი სარკეში“ აუცილებლად უნდა იშოვოთ. თუ – არა, მხოლოდ ეროტიკული სიყვარული გაქვთ ლიტერატურისადმი, მაშინ მეორე წიგნს გირჩევთ, მოთხრობების კრებულ „დროთა კავშირს“.

„დროთა კავშირი“ შვიდი ავტორის ექვს მოთხრობას აერთიანებს. ამ ავტორების სახელები და გვარები, გარდა ედიშერ ყიფიანისა, პირველად სწორედ კრებულიდან გავიგე. ეს ერთი მიზეზი, რატომაც წიგნის შეძენა ღირს. მეორე ის, რომ იდეურადაც მრავალფეროვანია: არის სასიყვარულო ხაზი, არის ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის თემა, არის, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ფსევდომეცნიერული თეორიების გადათამაშებაც. აი, ამაზე კი ცოტა ვრცლად უნდა გითხრათ:

მოთხრობაში „სასჯელი მცდელობისთვის“ გალაქტიკათაშორის ბოროტმოქმედებს ვეცნობით, რომლებიც პლანეტებიდან ხალხს იტაცებენ და სხვა პლანეტაზე ტყვედ ყიდიან. სულ ხუთნი არიან: იაჰვე, ამონი, ვედა, შამაში და ვაალი. დარწმუნებული ვარ, ჩამოთვლილთაგან სულ ცოტა, სამი სახელი გეცნოთ. არც შემცდარხართ – ამ მოთხრობის სიუჟეტი აგებულია ე.წ. პალეოკონტაქტის თეორიაზე. ამ ფსევდომეცნიერული თეორიის თანახმად, ყველაფერი, რაც ძველმა ცივილიზაციებმა იცოდნენ, უცხოპლანეტელებმა ასწავლეს და მათი ღმერთებიც, რომლებიც ციდან ჩამოდიან და რომლებსაც ტაძრებს უგებენ, სინამდვილეში, უცხოპლანეტელები არიან. ტაძრები კი ერთგვარი ენერგეტიკული და ტექნოლოგიური ცენტრებია, რომლებიც ერთმანეთსა და კოსმოსს უკავშირდებოდა.

დროში მოგზაურობა კიდევ ერთი თემაა, რომელიც ორ მოთხრობაშია გაშლილი და აქედან ერთში, ედიშერ ყიფიანის მოთხრობაში, ვიტყოდი, რომ საინტერესოდ და უჩვეულოდაა გააზრებული.

და მაინც, ყველა ამ ტექსტში ჩანს ეპოქა და რეჟიმი, ჩანს იმ თემებში, რაც ძირითად თემასთან ერთად გაკრთება ან რაც ზოგჯერ სულაც მთავარი თემაა ხოლმე: ატომური კატასტროფა („მუტანტები“), ფაშიზმი („უკანასკნელი საქმე“), რელიგიის გამასხარავება („სასჯელი მცდელობისათვის“), ბოროტი კაპიტალიზმი („განაჩენი“). ამ ყველაფერს ემატება შეუსაბამოდ, ძალად გაპოეტურებული და გამეტაფორებული ენა, რომელიც ზოგ ადგილას ქართული ხალხური გამოთქმებითაა სავსე, რითაც ტექსტებს კომიკურ ელფერს სძენს – პერსონაჟები, უმეტესად, ქართველები არ არიან და არც მოქმედება ხდება საქართველოში. აი, მაგალითად:

მოთხრობაში „შავი უსასრულეთი“ ჩრდილოამერიკელ ინდიელ პერსონაჟზე ნათქვამია, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ იგი „მინეაპოლისის ასტრონავტიკის ინსტიტუტში ჩაირიცხა“. მინეაპოლისში ასტრონავტიკის შემსწავლელი უმაღლესი სასწავლებელი რომც ყოფილიყო, ცხადია, მას „კოლეჯი“ ან „უნივერსიტეტი“ ერქმეოდა და არა – „ინსტიტუტი“, როგორც საბჭოთა ქვეყნებში ერქვა უმაღლეს სასწავლებლებს.

აქვე დავაკვირდეთ, როგორ მეტყველებს ამავე მოთხრობის სხვა პერსონაჟი, ისიც – არაქართველი:

„არც დამცველი მუშაობს, არც რეაქტორები, აღარც „ჯონის“ გამოძახება შეგვიძლია! ბასტა, გათავდა ყველაფერი! რაღა მკვდარი და რაღა შინმოუსვლელი! გინდ მგელს შეუჭამიხარ და გინდ მგლისფერ ძაღლს! ბარემ ჩვენს წილადაც გამოჩენილიყო ერთი ხეირიანი ასტეროიდი და ის იქნებოდა…“. (გვ. 32-33)

„ბარემ ჩვენს წილადაც გამოჩენილიყო ერთი ხეირიანი ასტეროიდი“ – როგორ მოგწონთ?

აი, სხვა პლანეტების ბინადართა დიალოგიც მოთხრობიდან „სასჯელი მცდელობისათვის“:

„ექსპერტი: ვითომდა რატომაო? დიდი ხანია, რაც თქვენი წინაპრები ხეებიდან ჩამოვიდნენ და ადამიანებად იქცნენ?[…]

მთავარი მოსამართლე: როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო. რა მოძღვრებიც ჰყავდათ, მოწაფენიც ისეთივენი გახდნენ და მათ გზას გაჰყვნენ. […]

დამცველი: ახლა იმასაც იტყვით, რომ დედამიწისთვის უმტკივნეულოდ ჩაიარა ოპერაციამ და აბორიგენებს არავითარი ზიანი არ მიაყენეთ! ისემც რა გითხრათ!“. (გვ.55-57)

წარმოიდგინეთ უცხოპლანეტელი, რომელიც ასე მეტყველებს: „ისემც რა გითხრათ!“.

ასეთი ენობრივი უხერხულობებით სავსეა ყველა მოთხრობა. რატომ არის ეს პრობლემა? იმიტომ, რომ ტექსტის შინაარსიდან აშკარაა, ავტორების განზრახვა კომიკური ეფექტის მიღწევა როდია – პირიქით, ეს გამოთქმები სწორედ იმგვარ პასაჟებშია გამოყენებული, ემოციურ დაძაბულობას რომ უნდა გამოხატავდეს. როცა ეკიპაჟიდან გადარჩენილი მხოლოდ ორი კოსმონავტი კოსმოსში ყოველგვარი კავშირის გარეშე რჩება, ამაში საერთოდ არაფერია სასაცილო („შავი უსასრულეთი“). ყოველ შემთხვევაში, თავად მთხრობელი ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ როცა ეს ხდება, შტურმანი გაფითრებულია, პერსონაჟი კი, რომელიც ამბობს, აღარც დამცველი მუშაობს, აღარც რეაქტორებიო, – გაცეცხლებული. არადა, მისი სიტყვები ბრაზის გადმოცემის ნაცვლად სიცილს იწვევს. პლანეტათაშორის ბოროტმოქმედთა გასამართლებაც, წესით, დაძაბული და დამაინტრიგებელი პროცესი უნდა იყოს და არა – კომიკური („სასჯელი მცდელობისათვის“). ავტორს განუზრახავს ამ დაძაბულობის შექმნა – ეს აშკარაა ბოროტმოქმედების თავხედური შეპასუხებით, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც მხოლოდ სასაცილოა.

ასეთი მარგალიტები ალექსანდრე აბაშელის რომანშიც ბევრი მოიძებნება, ოღონდ იქ ამას კონტექსტისთვის შეუფერებელი პოეტურობის სახე აქვს და ქართული მოდერნიზმის სინტაქსის თავისებურებები დაჰყვება:

„ვიდრე სასახლეს მიაღწევდა, მან უკვე სავსებით დაიურვა უცბად ასხლეტილი გრძნობიერება, რომელიც გახედნილი რაშივით ლაგამ-ამოდებული ბორგავდა მუდამ კამარელის არსებაში, მეცნიერული სიდინჯით დათასმული.

სასახლის კიბის საფეხურზე ისე მარდად შეხტა, თითქო გაქანებული უზანგში ფეხი მოიმაგრაო“. (გვ.42-43)

ან ეს – იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დაიწეროს: „მდივანმა სავიზიტო ბარათი მაგიდაზე დაუდო“, წერია: „შემოდის შიკრიკი და კამარელს წინ დაუდებს სადარბაზო ბარათს“. (გვ. 16)

მაგრამ რა, იცით? სწორედ ამ სასაცილო ხარვეზების გამო ორმაგად მიყვარს ეს ორივე წიგნი – რაც უნდა იყოს, ეს მაინც ლიტერატურის ისტორიაა, ჩ ე მ ი ლიტერატურის ისტორია. ამასთან, ბევრ სხვა კითხვასაც აღძრავს: ამ ტექსტებში მოყვანილი მეცნიერული ფაქტები მართლაც დასაბუთებულია მეცნიერულად? თუ კი, საიდან იცოდნენ მათ შესახებ ავტორებმა, რა იყო მათი წყაროები? როგორ შეგვიძლია ამ ტექსტების წაკითხვა პოსტკოლონიური თეორიის ჭრილში? რა მიმართებაა ჟანრსა და პოლიტიკურ რეჟიმს შორის?

ასე ხდება, როცა ლიტერატურის სიყვარული ეროტიკულთან ერთად ინტელექტუალურიცაა. და თქვენი სიყვარული ლიტერატურისადმი როგორია?

მონაცემთა მახასიათებლები გვირჩევენ

0

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სასწავლო პროცესში შუალედური სასწავლო მიზანი განისაზღვრება ისეთი დავალების სახით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ საკითხთან/საკითხებთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს. (ესგ. 1თავი. მუხლი 5.)

კრექტიულობა და შემოქმედობითობა არის სწავლის საშუალება, რომელიც მოსწავლეს ეხმარება ცოდნათა ურთიერთდაკავშირებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, კითხვების დასმაში, ახალი იდეების ღიად, მოქნილად და ორიგინალურად წარმოჩენაში.

მათემატიკაში შემოქმედობითობა გამოიხატება შემდეგი გზით: კომპლექსურ დავალებების/ ამოცანების პრობლემის ფორმულირება, მათი გადაჭრის გზებისა და საშუალებების ორიგინალური მეთოდის მოძებნა. არასტანდარტულად გადაჭრილი პრობლემის პრეზენტაცია კი  მოსწავლეს უვითარებს უნარს გამოიყენოს მასალა ისე, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ალგორითმი და პროცედურა კლასში, რაც არა მხოლოდ აძლიერებს აზროვნების პროცესს, არამედ ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ინტერესს ყველა დონეზე.

გთავაზობთ კომპლექსური დავალების ბარათს, რომელის “სიტუაციური შინაარსი” ნაცნობ კონტექსტზეა დაფუძვნებული,    დავალება მოსწავლეებისთვის ღია კითხვების წარდგენით, მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას და იძლევა ერთზე მეტ შესაძლო პასუხს. პრობლემებთან გამკლავების მიზანი მიმართულია ამოხსნის პროცესზე და მოსწავლეთა თვალსაზრისის გაფართოებაზე მათემატიკური თემებისა და იდეების საშუალებით:

თემა: მონაცემი, მონაცემთა ანალიზი. (მონაცემთა მოწესრიგება და ინტერპრეტაცია)

სამიზნე ცნება/ ქვეცნებები:

მათემატიკური მოდელი: მონაცემთა საშულო, მედიანა, მოდა

კანონზომიერება: რიცხვითი მახასიათებლები; შერჩევა (ეფექტური მეთოდის შერჩევა)

ლოგიკა: კლასიფიკაცია (მონაცემთა კლასიფიკაცია) მსჯელობა/ ანალიზი

საკითხთა კლასტერი: მონაცემთა ანალიზი.  მოდა, მედიანა, საშუალო

შემოქმედებითი (კომპლექსური )დავალების იდეა:

  1. შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული (ნინოს ფეხსაცმელების მაღაზიის ) მონაცემების  საფუძველზე, მონაცემთა განაწილების ძირითადი მახასიათებლების (მონაცემთა საშუალო,  მედიანა, მოდის) მოძებნა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდო პროგნოზის გაკეთება;

საკვანძო შეკითხვა: როგორ გვეხმარება მონაცემთა ორგანიზებისა და  დამუშავების ხერხები  საკვლევი საკითხების შესახებ დასკვნის გაკეთებაში?

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათემატიკური ცნებების (მოდა, მედეანა, საშუალო) გაგება და მათი გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში; ლოგიკური მსჯელობა თავიანთი პასუხების ასახსნელად, სხვების მსჯელობის შეფასება და ინტერპრეტირება.

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა   – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით საკვლევი კითხვის ფორმულირება, რომელზე პასუხის გასაცემად საჭიროა მოწესრიგება;   საკვლევი კითხვის განსხვავება არასაკვლევი კითხვისგან
  2. მონაცემთა განაწილების ძირითადი მახასიათებლების (მონაცემთა საშუალო,  მედიანა, მოდა) მოძებნა;
  1. მონაცემთა ანალიზი და საკვლევ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა;
  1. მონაცემების ანალიზის საფუძველზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, ან სავარაუდო პროგნოზის გაკეთება;

აქტივობა 1. კომპლექსური დავალების გაცნობა

კომპლექსური დავალება

„ქალის ფეხსაცმლის მაღაზია“

ნინომ გახსნა ქალის ფეხსაცმლის მაღაზია. ბიზნესის განვითარების მიზნით ნინო აწარმოებს მის მაღაზიაში კვლევას. კერძოდ მას სურს ქალის ფეხსაცმელის გაყიდვები შეისწავლოს და დაგეგმოს მომგებიანი სტრატეგია, მოძებნოს მომხმარებლების მოსაზიდად გზები.

 

 

კვლევას აწარმოებს ერთი კვირის მანძილზე. მან შექმნა რამდენიმე  ცხრილი გაყიდვების შესახებ მონაცემების დასაორგანიზებლად

 

·       კვირის მანძილზე გაყიდული ქალის ფეხსაცმელი. მოდელი #X

კვირის დღეები ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარასკ შაბათ კვირა
ფეხსაცმელის ზომა 42; 38; 36; 39 36; 37; 36; 37; 38 43; 41; 38; 38; 38; 36; 36; 37; 39; 39 37; 35; 37 42; 40; 40 ;38 41; 38; 37; 37

 

·        მაღაზიაში გასაყიდად შემოტანილი აქვს ქალის ფეხსაცმელის 8 მოდელი, რომელთა ფასები მერყეობს 80ლარიდან 399 ლარამდე:

ფეხსაცმლის მოდელი #1 #2 #3 #4 #5 #6 #7 #8
ფასი (ლარი) 80₾ 99₾ 120₾ 139₾ 139₾ 139₾ 139₾ 399₾
კვირის მანძილზე გაიყიდა 8 6 18 15 30 28 27 1

 

ამ მონაცემების გამოყენებით ააგეთ სიხშირეთა ცხრილები/ დიაგრამები და შეეცადეთ  მათ საფუძველზე უპასუხოთ კითხვებს

·       რა ინფორმაციას გვაძლევს პირველ ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები?

·       რა ინფორმაციას გვაძლევს მეორე ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები?

·       ნინოს რა რაოდენობის მოდელი #X -ს ფეხსაცმელი იყიდება დღეში საშუალოდ?

·       რა არის ქალის ფეხსაცმელის საშუალო ფასი მაღაზიაში? (ამის დასადგენად ცენტრალური ტანდენციის რომელი საზომი გამოიყენე და რატომ?)

·       რა ზომის ფეხსაცმელი (მოდელი #X) უნდა შემოიტანოს ნინომ მაღაზიაში, გაყიდვების უკეთ საწარმოებლად? (ამის დასადგენად ცენტრალური ტანდენციის რომელი საზომი გამოიყენე და რატომ?)

·       ნინო ასევე აღწერს კვირის მანძილზე მაღაზიაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობას და საშუალოდ 40 ადამიანია დღეში. რამდენი ადამიანი შემოსულა მაღაზიაში კვირის მანძილზე?

·       კვირის მანძილზე მაღაზიაში შემოსულ ვიზიტორთა შორის რამდენი ვიზიტორი იყო მხოლოდ „დამთვალიერებელი“.  შესაძლებელია თუ არა ამ მონაცემის ზუსტად დადგენა?

·       როგორ ფიქრობთ, საკმარისია ნინოს მიერ შეგროვებული მონაცემები სრული სურათის შესაქმნელად?

·       რას ურჩევთ ნინოს?

მოამზადეთ საპრეზენტაციო მასალა თქვენს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, თქვენთვის მისაღები ფორმით

შენი დავალება, წარმოადგინო:

პასუხები ამოცანაში მოცემულ კითხვებზე;

ააგე მონაცემთა  შესაბამისი დიაგრამები, იპოვე რიცხვითი მახასიათებლები;

მოიძიე ინფორმაცია მარკეტინგისა და მარკეტინგული კვლევის შესახებ და წარმოადგინე პრეზენტაციაში (შესაძლოა დაგეხმაროს ბმული https://imc.ge/marketinguli-kvleva-da-bazris-kvleva/ )

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

·       რატომ არის კარგი მონაცემები მნიშვნელოვანი?

·       როგორ და რა ფორმით მოახდინე მოცემული მონაცემების ორგანიზება?

·       მონაცემთა ერთობლიობა რომელი რიცხვითი მახასიათებლების მიხედვით წარმოადგინე?

·       შენს მიერ დამუშავებული მონაცემების საფუძველზე გააკეთე ანალიზი, მიეცი რჩევა ნინოს.

 

რეკომენდაცია მოსწავლეს: დავალების შესრულებისას, ეწვიე ბმულებს:

 

საშუალოს გამოთვლა (ვარჯიში) | ხანის აკადემია (khanacademy.org)

მოცემული საშუალოს მეშვეობით უცნობი მონაცემის პოვნა (ვიდეო) | ხანის აკადემია (khanacademy.org)

მოცემული საშუალოს მეშვეობით უცნობი მონაცემის პოვნა (ვარჯიში) | ხანის აკადემია (khanacademy.org)

სტატისტიკის შესავალი: საშუალო, მედიანა და მოდა (ვიდეო) | ხანის აკადემია (khanacademy.org)

საშუალო, მედიანა და მოდა: მაგალითი (ვიდეო) | ხანის აკადემია (khanacademy.org)

მედიანის გამოთვლა (ვარჯიში) | ხანის აკადემია (khanacademy.org)

მონაცემები და სტატისტიკა: შუალედური ტესტი 4 | ხანის აკადემია (khanacademy.org)

მონაცემები და სტატისტიკა: შუალედური ტესტი 3 | ხანის აკადემია (khanacademy.org)

 

გთავაზობთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკას

სამიზნე ცნება

ქვესაკითხი

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

 

მოლოდინები

მოსწავლეს შეუძლია:

 

მათემატიკური მოდელი

 

თემა: მონაცემები. მონაცემთა ანალიზი.

მოდა, მედიანა, საშუალო

1.        მათემატიკური მოდელი რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს აღწერს მათემატიკური ცნებების, ობიექტების და ენის გამოყენებით.

2.      მათემატიკური მოდელი გამოიყენება რეალური პროცესების  აღსაწერად, ასახსნელად,  პროგნოზირებისათვის და პრობლემის გადაჭრისთვის.

 

·       რეალური სიტუაციის ასაღწერად მათემატიკურ ენაზე საკითხების (პრობლემის, სიტუციის, ფაქტების და ა.შ); ჩამოყალიბება და მათემატიკურ მოდელის შექმნა დიაგრამებისა და რიცხვითი მახასიათებლების სახით.

 

კანონზომიერება

 

 

 

თემა: მონაცემები. მონაცემთა ანალიზი.

მოდა, მედიანა, საშუალო

 

3.     მათემატიკურ ამოცანებში, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების შესწავლისას შესაძლებელია რიცხვებს შორის, სიდიდეებს შორის, საგნებსა და საგნების ატრიბუტებს შორის კანონზომიერების ამოცნობა, აღწერა და გაგრძელება

4.     კანონზომიერება შეიძლება მოცემული იყოს სხვადასხვა ფორმით: ვერბალურად,  სიმბოლოების გამოყენებით, ფორმულის  ან გრაფიკის მეშვეობით…

 

 

·       მონაცემთა შეგროვება სხვადასხვა გზით და მათი საჭიროებების დანახვა;

·       მონაცემების უკეთ აღქმისა და გაანალიზების მიზნით მონაცემების ორგანიზება;

·       მონაცემთა მოწესრიგებული მონაცემების წარმოდგენა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლებით, მათი გამოყენებით მონაცემთა ინტერპრეტირება და ანალიზი

 

 

ლოგიკა

 

 

თემა: მონაცემები. მონაცემთა ანალიზი.

მოდა, მედიანა, საშუალო

 

5.      ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვიწევს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გარკვევა და ახსნა;  ვარაუდის გამოთქმა და შემდეგ მის მართებულობაზე მსჯელობა, პროცესში აუცილებელია საკითხთან დაკავშირებული მათემატიკური არგუმენტების და მტკიცებულებების წარმოდგენა, მსჯელობით მიღებული დასკვნების დასაბუთება ან უარყოფა.

 

 

·       ინფორმაციის ანალიზი, შესაბამისი ალგორითმის შერჩევა და გამოყენება, შედეგებზე დაფუძვნებთ დასკვნებისა და სამომავლო პროგნოზის გაკეთება.

·       მონაცემთა ანალიზის შედეგად პრობლემის გადაჭრა და განზოგადება.

 

 

მოსწავლეებმა შეძლეს საგნობრივ საკითხთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულად და ურთიერთდაკავშირებულად გააზრება, გაანალიზება და მოცემულ სიტუაციაში გამოყენება. მოსწავლეებმა გაიაზრეს რომ:

  • სტატისტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას მონაცემების გასაანალიზებლად და მისგან დასკვნების გამოსატანად.
  • მოვლენის კვლევისა და ანალიზისთვის საჭიროა მონაცემების შეგროვება. მონაცემები იყოფა რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებად.
  • მონაცემების უკეთ აღქმისა და გაანალიზების მიზნით მათი მოწესრიგება/ ორგანიზება და წარმოდგენაა საჭირო.
  • მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები საშუალო, მოდა და მედიანა მონაცემთა ინტერპრეტირებისა და ანალიზის საშუალებას იძლევა.
  • საშუალო, მედიანა და მოდაცენტრალური ტენდენციის საზომებია. გვეხმარება მომავალი მოვლენებისა და ქცევების შესახებ პროგნოზების გასაკეთებლად
  • მონაცემების შეგროვება და გაანალიზება ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება თავიანთი საქმიანობის უკეთ დაგეგმვის მიზნით;

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლები მე-6 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meegvse-klasi/

 

ექსტრაკურიკულარული აქტივობები STEM მიმართულებით

0

STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლება დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება  მომავალი თაობისთვის. ჩვენი სკოლის კლუბი სწორედ ამ მიმართულებას ეხმარება მოზარდებს განვითარებაში და სთავაზობს მათ მრავალფეროვან ექსტრაკურიკულარულ აქტივობებს, რომლებიც აუმჯობესებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას.

STEM პროექტების განხორციელება მოსწავლეს ეხმარება აღმოაჩინოს და შეისწავლოს ბუნების კანონზომიერებები, იმისათვის რომ ეს ცოდნა ადამიანების საკეთილდღეოდ გამოიყენოს.

ტექნოლოგიების შექმნა ამარტივებს ყოველდღიურობას და ხელშესახებს ხდის იმას, რაც ადამიანისთვის მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი შეიძლება ყოფილიყო.

ინჟინერია ბუნების კანონზომიერებების პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენებასა და შესაბამისი ტექნოლოგიების შექმნაში გვეხმარება.

მათემატიკური უნარები და ლოგიკური აზროვნება  ბუნების მოვლენების აღწერის,  ალგორითმების შემუშავებისა და ინჟინრული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას  იძლევა.

კლუბის წევრები კლუბში მუშაობისას ეცნობიან ელექტრობის საწყისებს: ელექტრული მუხტი და ელექტრული დენი, ელექტრული ძაბვა, წინაღობა, ომის კანონი, ელექტრული სიმძლავრე, ელექტრული წრედის კომპონენტები, მიმდევრობითი და პარალელური შეერთება, შერეული შეერთება, ნახევარგამტარები და მათი გამოყენება ტექნოლოგიებში.

ხდება, საჭირო პლატფორმის შესწავლა და გამოყენება: ელექტრული წრედის კომპონენტების შესწავლა და საზომი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპის გაცნობა Tinkercad-ში, მიკროკონტროლერ arduino-ს მუშაობის პრინციპის შესწავლა, პროგრამული კოდებისა და ალგორითმების შესწავლა.

კლუბში, მოსწავლეების ეცნობიან მიკროკონტროლერი arduino და მის კომპონენტებს: წნევის, ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორებით ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ეკრანზე გამოტანა, ულტრაბგერითი სენსორით ინფორმაციის მიღება და პროცესების მართვა, ფოტორეზისტორით ინფორმაციის მიღება და პროცესების მართვა

Arduino-ს გამოყენება იტალიური სკოლის  რობოტოტექნიკის კლუბში ხელს უწყობს ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სწავლებას პრაქტიკული და ინტერაქტიული გზით. ეს მიკროკონტროლერი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რეალურ სამყაროში გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და შექმნან ინოვაციური პროექტები, რომლებიც მათი ფანტაზიით და კრეატიულობით არის გაჯერებული.

რატომ Arduino?

  1.  Arduino არის ხელმისაწვდომი და მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებს სწრაფად შეუძლიათ აითვისონ.
  2. Arduino-ს უამრავი გამოყენების შესაძლებლობა აქვს, დაწყებული მარტივი პროექტებიდან რთულ სისტემებამდე.
  3. Arduino-ს დიდი და აქტიური მომხმარებელი ყავს და  უამრავი რესურსი და იდეა შეიძლება მოიძებნოს.

Arduino- გამოყენების გზები სკოლის კლუბებში

  1. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება

Arduino-ს გამოყენება სხვადასხვა პროექტებში მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაიგონ და განავითარონ თავიანთი ცოდნა ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. კლუბში ხშირად ხორციელდება შემდეგი პროექტები:

შუქნიშნის აწყობა –  მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მართონ LED შუქნიშანი მიკროკონტროლერის მეშვეობით.

ლიფტის სისტემა – Arduino-ს გამოყენებით ლიფტის პროტოტიპის შექმნა, რომელიც გადატვირთვის ტესტს გაუძლებს.

გარე განათება-  მიკროკონტროლერით გარე განათების სისტემების მართვა, რომელიც რეაგირებს სინათლისა და სიბნელის დონეზე.

ხაზზე მავალი რობოტი- პროექტი, სადაც მოსწავლეები ქმნიან რობოტს, რომელიც განსაზღვრული ხაზის მარშრუტს მიჰყვება.

გალვანური ელემენტები –  ექსპერიმენტები, სადაც ელექტროქიმიური ელემენტების საშუალებით სტუდენტები ქმნიან ენერგიის წყაროებს.

  1. შემოქმედებითი პროექტები

Arduino საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია და შექმნან უნიკალური და შემოქმედებითი პროექტები:

ინტერაქტიული ხელოვნება –  მოსწავლეები  ქმნიან ინტერაქტიულ ხელოვნების ნამუშევრებს, რომლებიც რეაგირებენ მოძრაობაზე ან ხმაზე.

მუსიკალური ინსტრუმენტები –  Arduino-ს გამოყენებით შექმნილი ელექტრონული ინსტრუმენტები, რომლებიც ქმნიან განსხვავებულ ხმებსა და მელოდიებს.

  1. STEM განათლება და ექსპერიმენტები

Arduino-ს გამოყენება STEM განათლებაში მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაიგონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური პრინციპები:

  • სიმკვრივის დადგენა: Arduino-ს სენსორების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ნივთიერებების სიმკვრივის განსაზღვრა.
  • საპნისა  წარმოება: მოსწავლეები სწავლობენ საპნის წარმოების პროცესს და მასთან დაკავშირებულ ქიმიურ რეაქციებს.
  • ფერადი რეაქციები: ექსპერიმენტები ინდიკატორებით, რომლებიც ქმნიან ფერად რეაქციებს და მოსწავლეებს  აჩვენებენ ქიმიური პროცესების მიმდინარეობას.
  1. ინჟინერიის პროექტები

Arduino-ს დახმარებით, მოსწავლეები სწავლობენ ინჟინერიის პრინციპებს და ქმნიან სხვადასხვა კონსტრუქციებს:

  • ხის ჩხირებისგან ხიდის გაკეთება: მოსწავლეები ქმნიან ხიდს, რომელიც კონკრეტული წონის ტვირთს გაუძლებს.
  • ლიფტის შახტის კონსტრუირება: ლიფტის შახტები, რომლებიც კონკრეტული წონის ტვირთს გაუძლებს და ფუნქციონალურად იმუშავებს.

Arduino- გამოყენება სკოლის კლუბებში ხელს უწყობს მოსწავლეთა  ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ინჟინერიული უნარების განვითარებას, ამავდროულად მათ აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია და კრეატიულობა. ეს მიკროკონტროლერი ქმნის მრავალფეროვან და ინტერაქტიულ სასწავლო გარემოს, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ და შექმნან ახალი და საინტერესო პროექტები.

ეს კადრები ასახავს სკოლის კლუბში 2023-2024 სასწავლო წელს მიმდინარე მეცედინეობებს.

ჩვენი სკოლის კლუბი უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობებს ბავშვებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ინტერესების განვითარება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება STEM მიმართულებით.

ტრანსდისციპლინური ინტეგრირებული გაკვეთილი

0

 ,,ქმედება იწვევს უკუქმედებას

 საერთაშორისო კვლევების თანახმად, საგანთა ინტეგრირება ეფექტურია ცოდნის შეძენისა და სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. მოზარდისთვის სამომავლოდ მეტად ნაყოფიერია სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნისა და უნარების ურთიერთდაკავშირება და გამოყენება. ინტეგრირებული მიდგომები, სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, უფრო ნაყოფიერ სასწავლო შედეგს იძლევა. ეხმარება მოზარდს ცნებების გააზრებაში, თემისადმი ინტერესის გაზრდაში და სხვადასხვა საგნის კორელაციაში. ინტეგრირებული სწავლება ასევე ხელს უწყობს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, თვითშემეცნებას, სწავლისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

ნტეგრირებული სწავლება კვეთს საგნობრივ ხაზებს, აერთიანებს სასწავლო გეგმის სხვადასხვა ასპექტ. ფოკუსირება ახდენს დასწავლის ფართო სფეროებზე. სწავლება ხდება ჰოლისტური გზით და ასახავს რეალურ სამყაროს, რომელიც ინტერაქიულია.

 ინტეგრირებული სწავლება ბავშვებს ეხმარება წინა ცოდნისა და გამოცდილების სიღრმისეულად გააზრებაში. წაახალისებს თანატოლებს შორის ჯგუფურ მუშაობას. ის პირდაპირ კავშირშია რეალურ სამყაროსთან, ხელს უწყობს მოზარდის სოციალური და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას.

 სასწავლო ინტეგრაცია შეიძლება გავყოთ სამ ტიპადსაგნობრივი, საგანთაშორისი და საგანთა მიღმა.

 

საგნობრივი, ინტრადისციპლინარული სწავლის ფორმა საგნის ან საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში ამთლიანებს ერთ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ცნებას. ამ ტიპის მიდგომით, ჩვენ ერთი საგნის ფარგლებში ვაერთიანებთ განსხვავებულ თემას, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ცნების გააზრებასა და დასწავლის ეფექტურობას. თემატურ კავშირთან ერთად ყურადღება ექცევა საერთო უნარ-ჩვევების ინტეგრირებულ განვითარებასაც.

საგნებს შორის ინტეგრაცია დაყოფილია ორ მიდგომად – მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური. აქ აქცენტი დაისმის ინტერდისციპლინური უნარების განვითარებასა და ცოდნის მრავალმხრივ გააზრებაზე. ამ ტიპის მიდგომით სწავლა-სწავლების პროცესში საგანთა შორის მყარდება გარკვეული მნიშვნელოვანი კავშირები, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ერთი გაკვეთილის ფარგლებში გააერთიანონ სხვადასხვა საგანში ნასწავლი საკითხები. მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური მიდგომები თითქმის იგივეა – გულისხმობს სასწავლო პროცესში ერთი საგნის დაკავშირებას ბევრ სხვა საგანთან. მულტიდისციპლინური მიდგომა გულისხმობს საგნების თემატურ გაერთიანებას. დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემოც.

საინტერესოა ინტეგრაცია საგნობრივი სფეროების მიღმა, ანუ ტრანსდისციპლინური მიდგომა. საგანთა მიღმა ნიშნავს, რომ მოზრდებს შეუძლიათ, დააკავშირონ მიღებული ცოდნა რეალურ სამყაროსთან, ყოველდღიურობასთან, ისწავლონ საკუთარი გამოცდილებიდან. მოსწავლეს უჩნდება შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება დაუკავშიროს საგნობრივ სფეროებს. ტრანსდიციპლინური მოდელი იგება მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით და პასუხობს მათ მიერ დასმულ კითხვებს. აქ აქცენტი დაისმის არა კონკრეტულ საგანთან დაკავშირებულ ცოდნებსა და უნარებზე, არამედ ცნებებსა და კონცეფციებზე, რომლებსაც მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინაში არსებული ცოდნებისა და უნარების მოძიება-დაუფლების გზით შეისწავლიან. ამ ტიპის ინტეგრაციის მთავარი მახასიათებელია ყოველდღიური ცხოვრების ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს სწავლის ჰოლისტური გზის ჩამოყალიბებას.

დამებადა იდეა, განმეხოციელებინა ინტეგრიებული გაკვეთილი ნიუტონის კანონებსა და ადამიანის ქცევას შორის ურთიერთობის ანალიზის შესახებ.

წინამდებარე სტატიაში მინდა, შემოგთავაზოთ ტრანსდისციპლინური მოდელის გაკვეთილის გეგმის იდეა. თემა გახლავთ ნიუტონის მესამე კანონი, რომელიც განმარტებაშივე საინტერესოდ ჟღერს – ,,ქმედება ყოველთვის იწვევს საპირისპირო უკუქმედებას“. ამ საკითხის ინტეგრაცია შესაძლებელია ბევრ საგანთან, მაგ: ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა და სხვა. მე ავირჩიე ისტორია, (აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სსიპ წალკის N1 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვან მასწავლებელს, მარეხ წერედიანს, რომელიც მუდამ მზად არის ინოვაციურ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად), რადგან ინტეგრაციის მიზნად დავისახე ადამიანთა ქცევის ანალიზი და მისი გააზრება. ეს კი ყველაზე მკაფიოდ სწორედ ისტორიულ ჭრილშია თვალსაჩინო. კონკრეტულად, რა იწვევს პიროვნებისა თუ საზოგადოების ამა თუ იმ საპასუხო ქცევას. ზოგადად, რა შედეგებს იძლევა ნებისმიერი ქმედება. როგორც ხედავთ, განსახილველი საკითხი სცდება სასწავლო საგნებს და მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა იფიქროს, იმსჯელოს, გამოხატოს და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები. მსგავს გაკვეთილზე უმნიშვნელოვანესია მასწავლებელთა შემოქმედებითობა, რათა მოსწავლემ მკაფიოდ დაინახოს ინტეგრირების არსი.

1687 წელს ისააკ ნიუტონმა საზოგადოებას წარუდგინა სამი კანონი. ეს კანონები განსაზღვრავენ სხეულთა უძრაობის და მოძრაობის პირობებს – ,,მოძრაობის ცვლილებისთვის აუცილებელია ძალა“. ნიუტონის მესამე კანონის არამატერიალურთან დასაკავშირებლად უპირველესად ვცადე მომეპოვებინა სხვა ავტორების მიერ მსგავს საკითხებზე დაწერილი მოსაზრებები. მეტად საინტერესო აღმოჩნდა ალინ ჰოლცვარტის (Aline Holzwarth) შეხედულებები. ის გახლავთ გამოყენებითი ქცევის მეცნიერი, Pattern Health-ის ქცევის მეცნიერების ხელმძღვანელი, დიუკის უნივერსიტეტის Advanced Hindsight ცენტრის დირექტორი. გამოყენებითი ქცევითი მეცნიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

განვმარტოთ ნიუტონის კანონები მარტივი ენით:

  1. უძრავი სხეული დარჩება უძრავ მდგომარეობაში, ხოლო მოძრაობაში მყოფი სხეული დარჩება მოძრაობაში, თუ მასზე არ მოქმედებს გარე ძალა.
  2. ობიექტის მიერ შეძენილი აჩქარება ტოლია ამ ობიექტზე მოქმედ ძალთა ჯამისა და თავად ობიექტის მასის განაყოფის.
  3. ყველა მოქმედება იწვევს თანაბარ და საპირისპირო უკუქმედებას.

ნიუტონის კანონები ზუსტად აღწერს ობიექტების მოძრაობას – თუკი არ ვსაუბრობთ კვანტურ ნაწილაკებზე ან უკიდურესად მასიურ სხეულებზე.

ამ გაკვეთილით მოსწავლე გაიღრმავებს ცოდნას ფიზიკის მიმართულებით, რაც დაეხმარება მას სხეულთა ურთიერთქმედების კანონზომიერების დადგენასა და აღწერაში; გაკვეთილის პროცესში ჩაატარებს რეალურ და ვირტუალურ ცდებს ნიუტონის მესამე კანონის მართებულობის შესამოწმებლად; გააანალიზებს მიღებულ შედეგებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს; გაიზიარებს ნიუტონის მესამე კანონის ფიზიკურ შინაარსს; გაკვეთილის სტრუქტურიდან გამომდინარე განაზოგადებს ნიუტონის მესამე კანონის შედეგებს საზოგადოებაში ინდივიდთა ურთიერთობების ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით.

მასწავლებელსა და მოსწავლეს ალბათ ხშირად უფიქრიათ და შესაბამისად გაუვლიათ კიდეც პარალელები ფიზიკის კანონებსა და საზოგადოების ან პიროვნების ქცევას შორის. ალინ ჰოლცვატის ადამიანის ქცევის კანონები მიზნად ისახავს ზოგადი მოდელის შექმნას, თუ როგორ იქცევიან ადამიანები. ალინ ჰოლცვარტის აზრით –

  • ხალხი მიდრეკილია სტატუსკვოსკენ, თუ მაპროვოცირებელი ძალები არ გვაშორებს ჩვენი გზიდან;
  • ქცევა არის ადამიანისა და მისი გარემოს ფუნქცია;
  •  ყველა გადაწყვეტილება მოიცავს კომპრომისებს და არასასურველი შედეგების პოტენციალს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ქცევა რთულია, ამ კანონებს შეუძლიათ ქცევის ძალიან ზოგადი ტენდენციების დაფიქსირება.

სოციალურ მეცნიერთა ნაშრომებში ხშირია ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური საკითხების განხილვა ფიზიკის უნივერსალურ კანონებთან მიმართებაში. ჩვენი გაკვეთილი მიზნად ისახავს ნიუტონის მესამე კანონის ტრანსფერს ადამიანისა და ზოგადად საზოგადოების ქცევის კანონზომიერებების ჭრილში. ამ საკითხის განხილვა მარტივად თვალსაჩინო იქნება ისტორიულ ფაქტებთან მიმართებაში.

ისტორიის მასწავლებელმა აღნიშნული საკითხი მიუსადაგა ჩარლზ I-ის ეპოქას ინგლისში. ჩარლზ I-ის ქმედებები გახდა ინგლისში მიმდინარე შესაბამისი უკუქმედების მიზეზი.

მსგავს გაკვეთილებზე მოზარდები გრძელვადიან პერსპექტივაში გაიუმჯობესებენ დაკვირვების, აღწერის, შედარების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის, წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევებს. საკითხის გააზრების, ინსცენირებისა და იმიტაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარებს, გაიუმჯობესებენ ეპოქის განცდის, შემოქმედებითი აზროვნების, როლური ქცევის, შეჯამების, ანალიზისა და მსჯელობის უნარებს.

სამიზნე ცნებები ფიზიკასა და ისტორიაში:

ფიზიკა: მატერია, ძალა, ფიზიკური პროცესი

ისტორია: ძალაუფლება, საზოგადოება, ისტორიული მოვლენა/პროცესი

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ესგ მოთხოვნებთან ფიზიკასა და ისტორიაში:

 ფიზ.საბ.1.2.4.6.10.11.

ისტ.საბ. 3.5.6.

გაკვეთილის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან:

მიზანი 4.ხარისხიანი განათლება

ფიზიკის მასწავლებელი უკვე ნასწავლი საკითხის ირგვლივ სვამს განმამტკიცებელ კითხვებს. ინტერესის გაღვივების მიზნით, მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში იხსენებენ ნიუტონის კანონებს.

ნიუტონის მესამე კანონი ამბობს, რომ ძალები, რომლითაც სხეულები ურთიერთქმედებენ, მოდულებით ტოლია და მიმართულია ერთი წრფის გასწვრივ, ურთიერთსაპირისპიროდ. ეს ძალები ერთდროულად წარმოიქმნება და მუდამ ერთნაირი ბუნებისაა. მაგალითად, თუ ერთ სხეულზე მეორის მხრიდან მოქმედებს ხახუნის ძალა, მაშინ პირველი სხეულიც მეორეზე აგრეთვე ხახუნის ძალით იმოქმედებს. უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, ეს ძალები იმიტომ არ აწონასწორებენ ერთმანეთს, რომ მოდებული არიან სხვადასხვა სხეულზე.

განვიხილოთ მაგალითები, რომლებიც დაგვეხმარება ნიუტონის მესამე კანონის ფიზიკური არსის გარკვევაში:

  • ვთქვათ, მაგიდაზე ჩაქუჩით ვაჭედებთ ლურსმანს. რომელი მოქმედებს მეტი ძალით, ჩაქუჩი ლურსმანზე თუ ლურსმანი ჩაქუჩზე?

 

  • ვთქვათ, რაიმე მსუბუქ სხეულს ვისვრით ხელით. რომელი მოქმედებს მეტი ძალით ჩვენ სხეულზე თუ სხეული ჩვენზე?

 

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჩაქუჩის მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე ლურსმნის; ასევე ადამიანის მხრიდან მოქმედება მეტია გასროლილ მსუბუქ სხეულზე. სინამდვილეში ძალები, რომლითაც სხეულების ერთმანეთზე მოქმედებენ, ერთმანეთის ტოლია.

 

გავარკვიოთ რა ხდება, რატომ იღებენ ურთიერთქმედი სხეულები სხვადასხვა აჩქარებას. გამოვიყენოთ უკვე ნასწავლი ნიუტონის მეორე კანონი ორი ურთიერთქმედი სხეულისთვის. საქმე ის არის, რომ აჩქარება მარტო ძალაზე არ არის დამოკიდებული, ის ასევე დამოკიდებულია სხეულის მასაზე.  შესაბამისად, მეტ აჩქარებას იღებს უფრო მსუბუქი სხეული.

 

როგორც ვხედავთ, ურთიერთქმედი სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ ტოლი და საპირისპიროდ მიმართული ძალებით, მიღებული აჩქარებები კი განპირობებულია მათი მასებით.

ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც რაკეტა მოძრაობს გამოტყორცნილი აირის მეშვეობით. უკვე გასაგებია, რომ რაკეტა და აირი, ორივე მოქმედებენ ერთმანეთზე ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით. რაკეტა აირს გაისვრის ქვევით, ხოლო აირი კი იმავე ძალით მოქმედებს რაკეტაზე, ამიტომაც რაკეტა იწყებს მოძრაობას ზევით.

განვიხილოთ საინტერესო მაგალითი: ვთქვათ, მაგიდაზე დევს წიგნი. ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, ძალა, რომლითაც წიგნი მოქმედებს მაგიდაზე, ტოლია ძალისა, რომლითაც მაგიდა მოქმედებს წიგნზე. ეს ძალები სხვადასხვა სხეულებზეა მოდებული, წიგნი კი წონასწორობაშია. რატომ არის წიგნი წონასწორობაში? ძალა, რომლითაც წიგნი მოქმედებს მაგიდაზე, მაგიდაზეა მოდებული. ხოლო ძალა, რომლითაც მაგიდა მოქმედებს წიგნზე – წიგნზეა მოდებული. უკვე გასაგებია, რომ ეს ძალები ერთმანეთს არ აწონასწორებს. წიგნი წონასწორობაშია, რადგან მასზე მოქმედი სიმძიმის ძალა და მაგიდის მხრიდან მოქმედი დრეკადობის ძალა მოდულით ტოლია, აქვთ ურთიერთსაპირისპირო მიმართულება, ორივე ძალა ერთსა და იმავე სხეულზეა მოდებული, ამიტომაც აწონასწორებს ერთმანეთს.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეთა ჩართულობით ატარებს მარტივ ექსპერიმენტს:

ცდა 1. ორი ერთნაირი დინამომეტრი გადავაბათ კაუჭებით და გავქაჩოთ საპირისპირო მიმართულებით. დინამომეტრის ჩვენება ერთნაირი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ძალები მოდულით ტოლია. თუ დინამომეტრებს მეტი ძალებით გავქაჩავთ, ორივე დინამომეტრის ჩვენება ერთნაირად გაიზრდება და კვლავ ერთმანეთის ტოლი იქნება. ეს ექსპერიმენტი თვალნათლივ ადასტურებს ნიუტონის მესამე კანონის სამართლიანობას.

ცდა 2. ვთხოვოთ ორ მოსწავლეს, თოკი გაჭიმონ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით. ამ შეჯიბრში საბოლოოდ ერთი ბავშვი იმარჯვებს.

მოსწავლეებთან ერთად, კითხვა-პასუხის რეჟიმში ავხსნათ ამ ცდის შედეგი.

შეჯიბრის მონაწილეებზე, ბაგირის გარდა, მოქმედებს დედამიწა, რომელსაც მოთამაშეები ფეხით ეყრდნობიან. პირველი მოთამაშე დედამიწაზე მოქმედებს მისი შესაძლებლობის მაქსიმალური F1 ძალით, დედამიწა კი მასზე მოქმედებს მოდულით ისეთივე, მაგრამ საპირისპიროდ მიმართული ხახუნის ძალით.

 

მეორე მონაწილე აგრეთვე მოქმედებს დედამიწაზე მისი შესაძლებლობის მაქსიმალური  ძალით ისე, რომ

 

გაიმარჯვებს ის მოთამაშე, რომელიც შეძლებს დედამიწაზე იმოქმედოს მეტი ძალით. მთელი სისტემა, ორივე მოთამაშე ბაგირთან ერთად ამოძრავდება გამარჯვებული მოთამაშის ძალის მიმართულებით.

და  ძალები დედამიწაზეა მოდებული. ამ ძალების ტოლქმედი დედამიწასაც ანიჭებს აჩქარებას, მაგრამ ის უმნიშვნელოა დედამიწის უდიდესი მასის გამო.

ცდა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ვირტუალურ ექსპერიმენტს.

https://rb.gy/owuq98

ამ ექსპერიმენტით გემბანზე ქვემეხის და ჭურვის ურთიერთქმედების მაგალითით თვალსაჩინო ხდება ნიუტონის მესამე კანონის სამართლიანობა. ექსპერიმენტში ჩანს გემზე მყოფ ყველა სხეულზე მოქმედ ძალთა ვექტორები.

ნიუტონის მესამე კანონის გამოყენების შესწავლა ასევე შესაძლებელია ცხენისა და საზიდრის მოძრაობის კლასიკური მაგალითით. როგორ მოძრაობს ცხენისა და საზიდრის სისტემა, თუ ეტლი და ცხენი ტოლი, მაგრამ საპირისპირო ძალით მოქმედებენ ერთმანეთზე? ამ ექსპერიმენტის ჩატარებისას მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, რომ ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ნიუტონის მესამე კანონი სამართლიანია წყვილი ძალებისთვის, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვა სხეულზე.

https://rb.gy/fq2jji

ბოლოს მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ წარმოდგენებს ნიუტონის მესამე კანონის შესახებ.

შემდეგ ფიზიკის მასწავლებელი იწყებს საუბარს იმის შესახებ, რომ ნიუტონის კანონები სამართლიანია მატერიალური სხეულებისთვის, რომლებიც არსებობენ ჩვენ ირგვლივ. საინტერესოა დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ, არსებობს თუ არა მსგავსი კანონზომიერება ადამიანთა ქცევას შორის; უფრო კონკრეტულად, რა შემთხვევაში იმყოფება ინდივიდი სტაციონარულ მდგომარეობაში და რა ზემოქმედებები იწვევენ მისი ქცევის ცვლილებას.

ადამიანის რაიმე ქცევას განაპირობებს გარკვეული ზემოქმედება. ქცევა სწორედ რომ მაპროვოცირებელი ძალის ბუნებით არის განსაზღვრული. ქცევა ასევე დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე და მის პიროვნულ ფასეულობებზე, რწმენაზე, გამოცდილებაზე და ა.შ., კონკრეტულ გარემოზე, რომელშიც ის იმყოფება. ეს მოიცავს ფიზიკურ გარემოს, სენსორულ ელემენტებს, მის სოციალურ წრეს და ნებისმიერ სხვა გარე ფაქტორს. ყველა შემთხვევაში, ადამიანის ქცევა ხასიათით უკავშირდება ამ ქცევის გამოწვევის მიზეზს.

ამ საკითხის განხილვა საინტერესოა ისტორიულ ჭრილში, უკვე ნასწავლი საკითხით ისტორიაში – ,,ინგლისის რევოლუციები XVII საუკუნეში; როგორ დაიბადა პოლიტიკური მმართველობის ახალი ფორმა ინგლისში?’’

საინტერესოა და შთამბეჭდავი უკვე ნასწავლი საკითხის როლური თამაშით უფრო სიღრმისეულად გააზრება. როლური თამაშის მეშვეობით მოზარდები გააცოცხლებენ XVII საუკუნეში, ჩარლზ I სტიუარტის მმართველობისას ინგლისში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს; ასევე, ამავე დროის ინგლისის სხვადასხვა ისტორიულ პიროვნებას. დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში, განიხილავენ ჩარლზ I-ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებს, პარლამენტის როლსა და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზებსა და მის შედეგებს. სხვადასხვა მხრიდან შეხედავენ და შესაბამისი არგუმენტებით გაამყარებენ მეფის სიკვდილით დასჯის ფაქტს და მის მნიშვნელობას.

მეფის რა ქმედებებმა გამოიწვია უკუქმედება?

  • მეფის მიერ პარლამენტის უფლებამოსილების უგულებელყოფამ;
  • რელიგიური უმცირესობების დევნა-შევიწროებამ;
  • ნაცვლად პარლამენტთან თანამშრომლობისა, ერთპიროვნული დიქტატურის დამყარებამ;
  •  ოპოზიციის მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებამ (დაჭერა-დაპატიმრება და ა. შ.);
  •  სამოქალაქო ომის პროვოცირებამ;
  • უცხო ქვეყნების წინააღმდეგ ინგლისისთვის წამგებიანი საომარი კონფლიქტების წარმოებამ.

 

რა უკუქმედება/ შედეგები გამოიწვია მეფის ზემოხსენებულმა პოლიტიკამ?

  • პარლამენტის გაღიზიანება და პროტესტი;
  • ქვეყნის ეკონომიკური და რეპუტაციული ზარალი;
  • მეფისგან დევნილი რელიგიური უმცირესობების მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება;
  • სამოქალაქო ომის გაჩაღება ინგლისში;
  • მოსახლეობის უკმაყოფილებისა და ანტიპათიის გაზრდა მეფის ხელისუფლებისადმი და თავად მეფის პიროვნების მიმართ;
  • მეფე ჩარლზ I ის სიკვდილით დასჯა და მონარქიის გაუქმება.

 

ადამიანის ქცევა ფიზიკის კანონებისგან განსხვავებით ყოველთვის შეიძლება იყოს კონკრეტული კანონის მიღმა, ინდივიდუალური – მატერია კი გარკვეულ წესებს იცავს ზუსტი კანონზომიერებით. ადამიანის საპასუხო ქცევას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, სიტუაცია, საკუთარი განწყობა, ხასიათი და შესაძლებლობები. ინგლისის ისტორიის მაგალითზეც ჩანს, რომ უკუქმედება შესაძლებელია განხორციელდეს არა მყისიერად, ისე, როგორ ეს ფიზიკის კანონების შესაბამისად ხდება, არამედ დროში განვრცობილად, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება თუნდაც სახეცვლილი საპასუხო რეაქციით. ერთი რამ არის ცხადი, ქმედება ყველა შემთხვევაში იწვევს უკუქმედებას, ოღონდ შესაძლებელია ეს მოხდეს ტრანსფორმირებულად, სხვა სახით, სხვა კონტექსტში, მაგრამ აუცილებლად მოხდება.

გაკვეთილის იდეის წარმატებით განსახორციელებლად სასურველია, შემაჯამებელ ეტაპზე გაიმართოს დისკუსია, მოსწავლეებს უნდა მივცეთ საკუთარი აზრის გამოხატვისა და არგუმენტირებულად დასაბუთების შესაძლებლობა.

მატერიალურ სხეულებს, ფიზიკის მესამე კანონის თანახმად, ქმედებაზე მყისიერი უკუქმედება აქვთ. ადამიანთა ქცევას კი უკუკავშირის მისაღებად შეიძლება დრო დასჭირდეს, რადგან საპასუხო ქცევას განაპირობებს ადამიანის გონება და მისი გონების სენსორული პასუხებისთვის საჭირო დრო. ასევე, შესაძლებელია საპასუხო უკუქმედება ადამიანმა განახორციელოს ცნობიერად ან ქვეცნობიერად.

რაიმე ქცევაზე საპასუხო რეაქციამ და შედეგმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთზე მეტ ადამიანზე, ისევე, როგორც ფიზიკურმა კანონზომიერებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ერთზე მეტ ობიექტზე.

საბოლოო ჯამში, ფიზიკის კანონები და ქცევა შეიძლება ერთმანეთს დავაკავშიროთ მრავალ ასპექტში. მოქმედება და რეაქცია, იქნება ეს ფიზიკაში თუ ადამიანის ქცევაში, ცვლის შედეგს (ან ქცევას).

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ქმედების გამომწვევი ძალა და მის შედეგად წარმოქმნილი ძალა მუდამ ერთნაირი ბუნებისაა. ხახუნი იწვევს ხახუნის ძალას, დრეკადობის ძალა, ასევე დრეკადობის ძალას და ა.შ. ასევეა სამყაროშიც, რა ხასიათის ქცევასაც განახორციელებს ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი, იმავე ხასიათის იქნება უკუკავშირიც.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვხედავთ ქმედებისა და შესაბამისი უკუქმედების უამრავ მატერიალურ თუ არამატერიალურ მაგალითს. საბოლოოდ შეიძლება განზოგადებულად ითქვას, რომ ქცევა ფაქტობრივად ექვემდებარება ფიზიკურ კანონებს.

 

 გაკვეთილის გეგმა და პრეზენტაცია:

https://rb.gy/o4gz0n

https://rb.gy/4jm4w1

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://rb.gy/yn77r6

https://rb.gy/hsmejf

https://rb.gy/e01jlv

https://rb.gy/1g3h8e

https://rb.gy/vn3bao

https://ck12.edu.ge/

. გედენიძე, . ლაზარიშვილი – მასწავლებლის წიგნი, მე-9 კლასი;

. ნატრიაშვილი, . ტუღუში, . შენგელია, შენგელია, . ლომიძე – მოსწავლის წიგნი, მე-9 კლასი;

. ტატიშვილი -მასწავლებლის წიგნი, მე-9 კლასი

 

 

 

სხვა სამხრეთი

0

არაფერი ვიცით. გადამწვარი ქვეყნიერების ერთ-ერთ კუთხეში, ფერფლის სქელი ფენით დაფარულ მიწაზე ვდგავართ და მხრებს უმწეოდ ვიჩეჩთ: როგორ შეიძლება გაგრძელდეს აქ დაწყებული ამბავი? სადამდე მიიყვანს მწერალს ეს უცნაური არჩევანი?
წიგნი კი გზაზეა, მრავალგვარი განსაცდელის დაძლევასა და გულში მოგიზგიზე ცეცხლის გადარჩენაზეა. სასიკვდილო საფრთხისგან თავდახსნილს ყველა საყრდენი ხელუხლებლად უნდა დახვდეს, ნაკვერჩხალს სულის ერთი შებერვა უნდა ეყოს.
მამა და შვილი. მამაშვილობის სიმართლე შემზარავად სახეშეცვლილ სამყაროში.
კორმაკ მაკართის „გზა“ ძალიან ნელა უნდა წაიკითხო – სიტყვები, ფრაზები გონებაში უნდა დააყოვნო, მოულოდნელად გაჩენილ აზრს კი ბოლომდე მიჰყვე, თუნდაც ყველაზე შემაძრწუნებელს, გულისგამხეთქავს. მხოლოდ ასე თუ ჩასწვდები, რატომ აიძულებს ავტორი მთავარ გმირებს გამუდმებით სიარულს, მეტ-ნაკლებად უსაფრთხო თავშესაფრების სწრაფად მიტოვებას, ერთ ადგილას ჩასუნთქვას და სხვაგან ამოსუნთქვას.

„რით განსხვავდება ყოვლად შეუძლებელი არასოდეს არსებულისგან?“
„მაინც ვინ აქცია ეს სამყარო მხოლოდ ტყუილად და სიყალბედ?“

შეკითხვას შეკითხვა მოსდევს, მთავარი ეჭვი კი მაინც ბავშვის პირით გაცხადდება: „მაგრამ ჩვენ ისევ კარგი ადამიანები ვართ?“ რა თქმა უნდა, მამა ბიჭუნას დარწმუნებას შეეცდება – არ შევცვლილვართ და ეს არც მერე დაგვემუქრებაო, თუმცა მათ საუბარს რაღაც ისეთიც ახლავს, რაც ჩრდილქვეშ აქცევს ყველა იმედიან ვარაუდს.
გეზი სამხრეთისკენ აუღიათ. ზღვის სანაპიროსკენ. ჩრდილოეთში გადარჩენას ვერ მოახერხებდნენ, რა ღონეც უნდა ეხმარა უკვე ჯანმრთელობაშერყეულ კაცს, რომლის გონებაც გამალებით მუშაობს შესაძლებლობებისგან ყველაზე ხელსაყრელის გამოსარჩევად. ისეთი წამიც დგება, როცა ნაცრისფერი დღის შუქში „მთელი სამყაროსეული სიმართლის დასანახი თვალი“ ეხილება: „გათოშილ უსასრულობაში უანდერძოდ გადაგებული დედამიწის უაზროდ ბრუნვის, მარადიული უსულგულო წყვდიადის, უმზეობაში ბრმად და ალალბედზე გაუთავებელი წანწალის, სულშემხუთავი შავი უჰაერობის“ ერთ მოცემულობად აღქმა და გაცნობიერება რთულ ამოცანას აღარ წარმოადგენს. ნაცნობი გამოსახულებებიც მკაფიოდ ჩანს სურათში: „და ამის ფონზე საბოლოოდ ყველა გზამოჭრილი მამა-შვილი ცახცახებდა სადღაც, ორ მელიასავით სოროში მომწყვდეული“.

მაინც რა ძალა აიძულებს კაცს, რომ უმომავლო სამყაროში განთიადს დაელოდოს, წამოდგეს, წყალი მოსვას, შვილის გაღვიძებამდე სასოწარმკვეთი ფიქრები თავიდან მოიშოროს, მერე კი გასამხნევებელ სიტყვებს მიაგნოს – სწორსა და უბრალოს? იმედს მხოლოდ პატარა არ ეძებს – უფრო და უფრო გულდამძიმებული მკითხველიც ნატრობს, რომ სინათლის სხივმა ამ უღრანში შემოაღწიოს. თუნდაც მცირე ხნით. თუნდაც ყველაზე მოკლემ. რაღაც სასწაულის მსგავსიც ხომ მომხდარა – კონსერვის ქილებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით სავსე სამალავისთვის მიუგნიათ, მიტოვებულ გემზე ასპირინსა და სხვა წამლებს გადასწყდომიან, გაბოროტებულ, გამხეცებულ ადამიანებს ხელიდან დასხლტომიან…

ბოლოს კი ის დროც დგება, როცა შვილის შეკითხვას – ყველაზე დიდი ვაჟკაცობა რა ჩაგიდენიაო? – კაცი გულახდილად პასუხობს: ამ დილით ადგომა იყო დიდი ვაჟკაცობაო.
მელიები. ვიწრო სოროში ერთმანეთს მიკრულნი, თვალებში შიშჩამდგარნი.
„თუ უნდა მოვკვდეთ, წინასწარ ხომ მეტყვი?

არ ვიცი. არ მოვკვდებით“.

როცა ზღვის სანაპიროს მიაღწევენ, ცხადი ხდება, რომ გზა უნდა გააგრძელონ, სხვა სამხრეთი უნდა მოძებნონ. იქ კი, ვინ იცის, რა დახვდებათ, რა ქარ-წვიმა და ძნელად წარმოსადგენი განსაცდელი…
მთავარია, რომ ისევ კარგი ადამიანები არიან, გულში ცეცხლის შემნახველნი.

რა არის AI ჩატბოტები და როგორ ცვლიან ისინი სწავლების ფორმებს

0

გასაოცარ სამყაროში გვიწევს ცხოვრება: ერთი მხრივ, სოციალური გარემო თავისი ყოველდღიური პრობლემებით და, მეორე მხრივ, ციფრული ეპოქა და ტექნოლოგიები, რომლებიც გვთავაზობენ განუსაზღვრელ შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, არსებობს ტექნოლოგია, რომელიც დაგვეხმარება, ხშირად უფროსი თაობა თავს იკავებს  მისი გამოყენებისგან.

ციფრული თაობა კი ამასობაში უკვე გაწაფულია AI პლატფორმებზე. მახსოვს, პირველად რომ ChatGPT და მსგავსი ჩატბოტები გამოჩნდა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა სწრაფად აიტაცეს მათი გამოყენება. TikTok-სა   და Facebook – ზე ხშირად მხვდებოდა ვიდეოები, რომლებშიც სტუდენტები და მოსწავლეები აცხადებდნენ, რომ „მასწავლებლებს და ლექტორებს ამის შესახებ, გთხოვთ, არ  გააგებინოთო.  ეს, ერთი შეხედვით, ირონიული განაცხადი, სიმართლესთან ახლოს იყო, რადგან „ხელოვნური ინტელექტი დაგვიპყრობს“, „მერე ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ, თუ ისინი ამდენ რამეს გააკეთებენ?“ – არსებობდა/არსებობს ასეთი შიშები. უმრავლესობა ელოდება, როდის ეტყვიან: რომ ეს კარგი და სასარგებლოა მისი საქმიანობისათვის. ეს კი შეიძლება, არასდროს მოხდეს… ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად გამოვცადოთ ეს სიახლეები და მერე გადავწყვიტოთ, გვჭირდება თუ არა? მით უფრო, გასათვალისწინებელია ეს ამბავი, რომ AI ჩატბოტები ქართულად გაწაფულად ამეტყველდნენ! ასეთებია, მაგალითად: ChatGPT და  Claude.ai . ისინი არა მხოლოდ საუბრობენ ქართულად, არამედ, ქართულ ტექსტებსაც დაგირედაქტირებენ და წიგნებსაც შეგიფასებენ.

და მაინც, რას წარმოადგენენ  AI ჩატბოტები?

AI ჩატბოტები არის პროგრამები, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანებთან ტექსტური დიალოგისთვის. ისინი აანალიზებენ  ტექსტს, იგებენ კონტექსტს და შინაარსს, და პასუხობენ ბუნებრივი ენის მსგავსად. ძირითადი მახასიათებლები: ენის გაგება და გენერირება, კონტექსტის შენარჩუნება, საუბრისას სწავლა და ადაპტირება ინტერაქციებიდან. გამოიყენება: კლიენტთა მომსახურებაში, ინფორმაციის მიწოდებაში, პერსონალურ ასისტენტებად და ასე შემდეგ.

როგორ მუშაობენ ჩატბოტები?

მონაცემთა დასწავლა: AI ჩატბოტები სწავლობენ დიდი  მოცულობის ტექსტური მონაცემებს, რათა გაიგონ კონტექსტი და უპასუხონ კითხვებს ადექვატურად.

ბუნებრივი ენის დამუშავება: AI ჩატბოტები აანალიზებენ ბუნებრივ ენას, მათ შორის, ტონს, იუმორს და კონტექსტს..

ტექსტის გენერირება: AI ჩატბოტები ქმნიან გააზრებულ და კონტექსტურ პასუხებს ღრმა  სწავლების მოდელის გამოყენებით;

თუ ჰკითხავთ Claude.ai-ს, გაგეცნოთ, ის დაგიწერთ: „მე შემქმნა კომპანიამ Anthropic-მა, შევიქმენი იმისთვის, რომ დავეხმარო ადამიანებს სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში – ინფორმაციის მოძიებაში, ანალიზში, კითხვებზე პასუხის გაცემაში, წერაში და ა.შ. ჩემი ცოდნის ბაზა ბოლოს განახლდა 2023 წლის აპრილში;  მე ვარ Claude 3.5 Sonnet-ის ვერსია, რომელიც არის Claude 3-ის მოდელების ოჯახის ნაწილი“.

ChatGPT – მ კი ასე მიპასუხა: „მე ვარ ChatGPT, დიდი ენის მოდელი, შექმნილი OpenAI-ს მიერ. ჩემი მიზანია მომხმარებლებს დავეხმარო სხვადასხვა დავალებაში, როგორიცაა: კითხვებზე პასუხების მიცემა, ტექსტების შედგენა, თარგმნა, რედაქტირება და სხვა…“

დამერწმუნეთ, რომ ციფრული ტექნოლოგიები, მათ შორის, AI ჩატბოტები, ფუნდამენტურად ცვლიან ჩვენს ცხოვრებას და სამუშაო გარემოს. ისინი ქმნიან ახალ შესაძლებლობებს განათლებაში, ჯანდაცვაში, ფინანსებსა და სხვა სფეროებში. ამ ტექნოლოგიების ცოდნა და გამოყენება ხდება აუცილებელი უნარი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად თანამედროვე შრომის ბაზარზე – ეს კი ყველასთვის სასარგებლოა.

დღეისთვის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გამოყენების ცოდნა აღარ არის ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის. ეს ტექნოლოგია გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს პირადი განვითარებისთვის, კარიერული წინსვლისთვის და ინოვაციური იდეების რეალიზებისთვის – ამაზე უარს კი ვერავინ იტყვის! ხოლო ის, ვინც დროულად აითვისებს ამ ინსტრუმენტებს, მოიპოვებს მნიშვნელოვან უპირატესობას სწრაფად ცვალებად, ტექნოლოგიებით მართულ მსოფლიოში.

ახლა კი ჩამოგითვლით, რაში შეუძლიათ გამოიყენონ მასწავლებლებმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები:

1. ინტეგრირება სხვადასხვა საგნებში:
– ენის გაკვეთილებზე AI-ს გამოყენება წერის უნარების გასაუმჯობესებლად;
– მათემატიკაში პრობლემების გადაჭრის ახალი მეთოდების დემონსტრირება;
– ისტორიაში ისტორიული სცენარების სიმულაცია და ანალიზი;

2. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება:

– სტუდენტების წახალისება, შექმნან AI-ზე დაფუძნებული პროექტები;
– ჯგუფური მუშაობა AI ინსტრუმენტების გამოყენებით;

3. კრიტიკული აზროვნების განვითარება:
– AI-ს პასუხების ანალიზი და შეფასება;
– ეთიკური დისკუსიების წამოწყება AI-ს გამოყენების შესახებ;

4. პერსონალიზებული სწავლების ხელშეწყობა:
– AI-ს გამოყენება ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესაქმნელად;
– სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი AI ანალიტიკის საშუალებით;

5. კვლევითი უნარების გაუმჯობესება:
– AI-ს გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის პროცესში;
– წყაროების სანდოობის შეფასების სწავლება AI კონტექსტში;

6. ინტერდისციპლინური სწავლება:
– AI-ს გამოყენება სხვადასხვა საგნის დასაკავშირებლად;
– კომპლექსური პრობლემების გადაჭრა AI-ს დახმარებით;

7. ციფრული მოქალაქეობის სწავლება:

– ონლაინ ეთიკისა და უსაფრთხოების სწავლება AI კონტექსტში;
– დეზინფორმაციის ამოცნობის უნარების განვითარება;

8. კრეატიულობის სტიმულირება:
– AI-ს გამოყენება ხელოვნების, მუსიკის და ლიტერატურის შექმნაში;
– ინოვაციური იდეების გენერირება AI-სთან თანამშრომლობით;

9. პრაქტიკული უნარების განვითარება:

– რეზიუმეების შექმნა და სამუშაოს ძიების პროცესის სიმულაცია AI-ს დახმარებით;
– ბიზნეს გეგმების შემუშავება AI ანალიტიკის გამოყენებით;

10. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა:
– AI-ს გამოყენება, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი უწყვეტი განათლებისთვის;
– ახალი უნარების სწრაფად ათვისების სტრატეგიების სწავლება;

ხელოვნური ინტელექტი და AI ჩატბოტებიც ელვის უსწრაფესად ვითარდება. შესაძლოა, ამ სტატიის დაწერიდან გამოქვეყნებამდე დროშიც კი შეიცვალოს. ისინი ცხოვრების ყველა სფეროსთვის ხსნიან ახალ შესაძლებლობებს.

რა ტრენდებია და როგორი იქნება ახლო მომავალი? რა მიმართულებები განვითარდება?

მულტიმოდალურობა: ხმოვანი, ვიზუალური და ტექსტური ფორმების ინტეგრაცია მოხდება და კომუნიკაცია გახდება უფრო ბუნებრივი და მრავალმხრივი;

პერსონალიზაცია: AI ჩატბოტები მომხმარებელთა მოთხოვნების სულ უფრო სიღრმისეულ ანალიზს გააკეთებენ და   შესთავაზებენ მათ  ინდივიდუალურად შერჩეულ მომსახურებას და რეკომენდაციებს;

ემოციური ინტელექტი: AI ჩატბოტები ამოიცნობენ მომხმარებელთა ემოციებს, ექნებათ მათზე რეაგირება და დიალოგიც უფრო მეტად ემპათიური და ბუნებრივი გახდება;

პროგნოზირება: AI ბოტები გამოიყენებენ მონაცემებს მომხმარებლის ქცევის პროგნოზისთვის, შესთავაზებენ პროაქტიულ გადაწყვეტილებებს და გაფრთხილებებს.

 

 

“უმაღლესი განათლების მუდმივად ცვალებად ლანდშაფტში, Chat GPT-ის შემოსვლა წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს, რაც სწავლა-სწავლების ახალი ერის დასაწყისს მოასწავებს. ეს რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ლინგვისტური პროგრამირების დახვეწილ ნაზავს წარმოადგენს,  აფართოებს სწავლის, სწავლებისა და აკადემიური კვლევის საზღვრებს. Chat GPT, თავისი შესაძლებლობით დაამუშაოს და შექმნას ადამიანის მსგავსი ტექსტი, წარმოუდგენელ პერსპექტივებს სთავაზობს როგორც მასწავლებლებს, ისე სტუდენტებს, რათა მათ აღმოაჩინონ ცოდნის შეძენისა და გავრცელების ახალი ჰორიზონტები.”[1] (Richard La Faber)

 

AI ჩატბოტების „ჰალუცინაცია“

უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხების გენერირებისას AI ჩატბოტებმა შეიძლება „აურიოს“. ამ პროცესს „ჰალუცინაცია“ ეწოდება.

“ჰალუცინაცია” ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში ნიშნავს, რომ AI სისტემა, როგორიცაა ჩატბოტი, აგენერირებს ინფორმაციას, რომელიც არასწორია ან არ შეესაბამება რეალობას. ეს ხდება მაშინ, როცა სისტემა ქმნის ტექსტს, რომელიც გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია, მაგრამ შინაარსობრივად მცდარი ან გამოგონილია.

თუ აღმოაჩენთ ასეთ ტექსტებს, შეამოწმეთ ინფორმაცია სანდო წყაროებში ყურადღება მიაქციეთ უჩვეულო ან საეჭვო დეტალებს დასვით დამაზუსტებელი კითხვები, რომლებზეც თავად ჩატბოტი გიპასუხებთ, რომ მცდარია (როცა მცდარია).

Vectara-ს 30-კაციანმა გუნდმა,  28.5 მილიონი დოლარის საწყისი დაფინანსებით, გამოიკვლია წამყვანი ჩატბოტები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა OpenAI, Google, Meta და Anthropic.  კვლევამ აჩვენა, რომ OpenAI-ის ChatGPT-ს ყველაზე დაბალი ჰალუცინაციების მაჩვენებელი აქვს – 3%, ხოლო Google-ის Palm-ში ეს მაჩვენებელი 27%-მდეა. Meta-ს და Anthropic-ის ჩატბოტები შუა მაჩვენებლებში აღმოჩნდნენ 5-8%-ის შუალედში.[2]

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ AI სისტემები, მიუხედავად მათი სიძლიერისა, არ არიან უცდომელნი. კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის გადამოწმება აუცილებელია მათი გამოყენებისას.

ჰალუცინაციების შესამცირებლად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გენერაციული AI ხელსაწყოები უნდა იყოს დაკავშირებული ფაქტების შემმოწმებელ სისტემებთან, რათა არცერთი ჩატბოტი არ დარჩეს ზედამხედველობის გარეშე.[3]

 

P.S. და ბოლოს, ამ შესავლის შემდეგ, შეგვიძლია დავიწყოთ AI ჩატბოტებთან კომუნიკაცია. ამისათვის კი მოგვიწევს ვისწავლოთ ის ენა და ალგორითმები, რომლებიც განაპირობებენ ეფექტურ კომუნიკაციას. იმის გათვალისწინებით, რა გვჭირდება, AI ჩატბოტებს ვაძლევთ ტექსტურ დავალებას, რომელსაც ეწოდება: ინსტრუქცია, მითითებები ან უნივერსალურ ენაზე რომ ვთქვათ, პრომპტები/prompts. შემდეგ წერილში ვისაუბრებთ ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციის ენობრივ მოდელებზე.

 

[1] https://www.linkedin.com/pulse/ai-chat-gpt-higher-education-richard-la-faber-wdccc

 

[2] https://news.outsourceaccelerator.com/chatbots-prone-to-hallucination/

 

[3] https://www.scientificamerican.com/article/chatbot-hallucinations-inevitable/

 

შორენა ფხაკაძის ავტოლოგიური პოეზია

0

 შორენა ფხაკაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, თან სკოლაშიც ასწავლის. ჩვენი მრავალწლიანი ფეისბუქმეგობრობის მანძილზე არც ვიცოდი, რომ ის ლექსებს წერდა. ერთხელაც რამდენიმე ლექსი გამომიგზავნა შესაფასებლად. ზოგადად, როცა საკუთარ ტექსტებს გიგზავნიან წასაკითხად (ძირითადად – ახალგაზრდა ავტორები), ე. ი. შენი აზრი მათთვის რაღაცას ნიშნავს და ეს სასიამოვნოა, მაგრამ მე კრიტიკული შენიშვნებისგან თავს ვიკავებ, რადგან მტკიცედ მწამს, რომ რჩევები ამ საქმეში არაფრის მომცემია, ლიტერატურა სპორტი არ არის, გამოცდილმა სპორტსმენმა გამოცდილება გაგიზიაროს. ავტორი თავისით უნდა მივიდეს რაღაცამდე, რჩევა და შენიშვნა შეიძლება, გულსატკენიც კი იყოს, ამიტომ მე მხოლოდ კარგს ვეუბნები ყველას. შორენას ლექსები კი ჩემთვის აღმოჩენა იყო, ძალიან აღვფრთოვანდი ამ მოულოდნელობით.

ვიცი, რომ ის ბავშვობიდან წერს და ძველი ლექსები გაანადგურა, მე კი ვგიჟდები ავტორებზე, რომლებსაც განადგურება შეუძლიათ, დოსტოევსკის თქმის არ იყოს, “ვისაც განადგურება შეუძლია, ბევრს მიაღწევს”, და შორენამ მიაღწია კიდეც – ის სრულიად უნიკალურ პოეტად ჩამოყალიბდა. ამ ბლოგის დაწერამდე, თავისი ყველა ლექსის გამოგზავნა ვთხოვე, კრებული არ აქვს გამოცემული, ამიტომ ვორდის ფაილით გამომიგზავნა. ვორდის ფაილის 41 გვერდი – აი, ეს არის მთელი მისი პოეტური შემოქმედება. ასე, ერთიანად წაკითხულმა ამ ლექსებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ყველა ლექსი შესანიშნავია, მაგრამ რამდენიმე ლექსი ნამდვილი პოეტური მარგალიტია.

შორენა საერთოდ ცოტას წერს, წერს მხოლოდ შინაგანი აუცილებლობის შემთხვევაში, როცა სათქმელი წარმართავს შემოქმედებით პროცესს. ლექსის დაწერის მოთხოვნილება ერთია, მაგრამ ეს აღტკინება კოჰერენტულ თანხვედრაში თუ არ არის სათქმელთან, მკვდრადშობილ პოეტურ ბოდვას ვიღებთ, რომლისგანაც სრულიად ემისირებულია ემოციაც, ექსპრესიაც და კონცეპტიც. შორენა კი ელოდება ჭეშმარიტ სუგესტიურ ნაპერწკალს, რომელიც ლექსს დააწერინებს, სწორედ ამიტომაა მისი ყველა ლექსის სათქმელით და ემოციით სავსე. ამ მხრივ მე მას ბიშოპს და შიმბორსკას შევადარებდი, რომლებიც ასევე ცოტას წერდნენ. არა მხოლოდ – ამ მხრივ, ხსენებულ ორ კლასიკოსს შორენას პოეზია აზრის სინათლითაც და მხოლოდ და მხოლოდ სათქმელზე ორიენტირებითაც ენათესავება. შორენას პოეზია კონცეპტუალური პოეზიაა, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის პოეზია. მისი პოეტური მეტყველება მთლიანად ავტოლოგიურია, სრულიად ან თითქმის სრულიად გამორიცხავს ტროპულ აზროვნებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ლექსებში ბიჟუტერიის ადგილი არ არის. პოეტური მეტყველების თვალსაზრისით, ოცდამეერთე საუკუნის პოეტს ორი გზა აქვს: ან მთლიანად ავტოლოგიურობას, უმეტაფორობას მიჰყვეს, ან შექმნას ორიგინალური პოეტიზმების თუ ტროპების სისტემა (ათასჯერ გადამღერებული სახე-მეტაფორების მუდმივი რეპრეზენტაცია და ორიგინალურობას მოკლებული ინტერპრეტაცია თანამედროვე პოეზიის პრობლემაა). შორენა პირველ გზას ირჩევს – მისი პოეტური ხედვა მთლიანად სათქმელზეა ზუმირებული და შედეგად ვიღებთ კომპოზიციურად უნაკლო ლექსებს, რომლებსაც დასაწყისი, ლოგიკური განვითარება და ლოგიკური კადენციურ-საფინალო აკორდი აქვთ, ეს განსაკუთრებული ნიჭია. ვერლიბრში (შორენა ვერლიბრებს წერს) ზოგიერთ პოეტს, რომელიც ლექსს კონცეპტუალური აუცილებლობით კი არა, უბრალოდ, ხელოვნურად წერს, უჭირს თავის მოთოკვა და შედეგად ვიღებთ უშველებელ, თავისუფალი ლექსის გრაფიკის მქონე, სრულიად უინტერესო ფსევდომედიტაციურ და ფსევდოინტროსპექციურ წუწუნს, რომელსაც არც თავი აქვს, არც – გაგძელება და არც – ბოლო. შორენას ლექსებში კი საგრძნობია ემოციურ-აზრობრივი დინამიკა და ამით მოტივირებული რეგლამენტურობა, მათში არც ერთი ზედმეტი სიტყვა და ფრაზა არ არის.

“… ხანდახან გჭირდება განმარტოება,
ყოველდღიური საქმეებისაგან თავის დაღწევა.
მერე იბადებიან ლექსები, რომლებიც,
როგორც ამბობენ,
„მშვენიერია“. – წერს ის ერთგან. დიახ, მისი ლექსები ნამდვილად მშვენიერია. ესაა რიტმული ვალდებულებებისგან თავისუფალი ვერლიბრები, რომლებსაც გასდევს ინტიმურ-მონოლოგური, უპრეტენზიო ინტონაციები და სწორედ ეს ქმნის მათ უნიკალურობას. ავტორს აშკარად ტკივილები და დისკომფორტი აწერინებს ლექსებს, ზოგიერთი ლექსიდან პირდაპირ – ადამიანური ტრაგედია, ზოგიერთიდან კი პატარა თუ დიდი ყოფითი ტკივილები ილანდება. ლამის ლექსიდან ლექსში გადადის გარდაცვლილი მამის აჩრდილი, ერთი ბრწყინვალე ლექსი კი მთლიანად მამის გასვენების დღის ტრაგიკულ-წარუშლელი ქრონოლოგიაა:

***

მამაჩემმა ვერ მოასწრო დაბერება,
გაჭაღარავდა, როგორ არა,
ცოტა მოიხარა კიდეც
მაგრამ ეს არ იყო ის სიბერე,
რომელიც ელოდა,
როგორიც ელოდა,
რომ მოეთმინა,
რომ მოეცადა
და არ ეჩქარა მეორე ნაპირზე გასვლა.

მეორე ნაპირი უფრო ახლოს აღმოჩნდა,
ვიდრე გვეგონა,
იოლად მიაგნო
და მარტივად გადაწყვიტა წასვლა.

ვზივარ, უჩვეულოდ მუქ კუბოს ვუყურებ
(არც კი ვიცი, რატომ წარმომედგინა ღია ფერის),
სუდარის მიღმა სახეწაშლილი მამაჩემია,
ძნელი წარმოსადგენია და კიდევ უფრო
ძნელი დასაჯერებელი.

„ვერ დავატევ ყვავილებს მანქანაზე“ – ამბობს კატაფალკის მძღოლი
და მე ახალი საზრუნავი მიჩნდება –
სხვა მანქანა უნდა მოიძებნოს.
„კიბეზე ჩაყვანისას სუდარა არ დაცურდეს“ – ღმერთო,
საიდან შემრჩა ამდენის ფიქრის თავი. . .

წავიდა მამაჩემი.
„სხვების მამებიც მიდიან.“
„ყველას მამა წავა.“
„მამები უნდა წავიდნენ.“
კიდევ რას მეტყვით, მეგობრებო,
მეზობლებო, ნათესავებო,
კოლეგებო?

ყველას მამა წავა,
ოღონდ,
მამაჩემმა ვერ მოასწრო დაბერება.

გარდაცვლილი მამის გარდა, სხვა ძვირფასი გარდაცვლილებიც შემოდიან ლექსებში, მიღმიერზე, ტრანსცენდენტურზე ფიქრი არ ასვენებს ავტორს. ამ და სხვა ონტოლოგიურ საფიქრალში თუ რუტინაში ზოგჯერ ასეთი ირონიულ-თვითირონიული მოტივიც გაკრთება (ამ შესანიშნავ ლექსსაც თავიდან ბოლომდე მოვიყვან):

***
ბატონებო და ქალბატონებო,
მინდა შეგახსენოთ, რომ
ყველა გოგოს აქვს
გოგოდ დარჩენის უფლება.
ნუ დაგვამძიმებთ
ისეთი სიტყვით, როგორიცაა
„ქალბატონო!“
ჩვენ, გოგოებად დარჩენილებს
გარკვეული შეღავათები უნდა გაგვიწიოთ ამ მხრივ.
უნდა გვაპატიოთ ასაკის შეუფერებელი სამოსი
და სამკაული.
რა ვუყოთ, რომ სამეგობროდაც უმცროსებს ვირჩევთ
და არა მხოლოდ სამეგობროდ.
რა ვუყოთ, რომ არ გვიყვარს ჩვენი დაბადების დღეები?
ყოველი განვლილი წელი ხომ კიდევ უფრო გვაშორებს გოგოობას.

ბატონებო და ქალბატონებო,
გთხოვთ, მოგვიტევოთ,
გვეპატიება ნამდვილად
გოგოობა.
არ გვინდა ეს შლეიფიანი „ქალბატონო“,
ადრეა ჯერ,
ძალიან ადრე.

ასეთია შორენა ფხაკაძის პოეზია, შეუძლებელია, წაკითხვის მერე გულგრილი დარჩეს მკითხველი-რეციპიენტი. ამ ბოლო დროს მისი ლექსები “ლიტერატურულ გაზეთში” დაიბეჭდა, ეჭვიც არ მეპარება, მალე სხვა ჟურნალ-გაზეთებიც დაბეჭდავენ, და, საერთოდაც, დროა, მისი ლექსები წიგნად გამოვიდეს, ეს ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენა იქნება თანამედროვე ქართული პოეზიისთვის.

ვისწავლოთ და ვასწავლოთ ბავშვებს სიყვარული

0

ალბათ, ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ადამიანთა წინაშე დგას, სიყვარულის დეფიციტია; სიყვარულის, თანაგანცდის, თანაგრძნობის, ემპათიის ნაკლებობა და ადამიანთა შორის გაუცხოება. სმარტფონებში თავჩარგულები და საკუთარ ცხოვრებისეულ პრობლემებში ჩაძირულები ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რომ აქვე, ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეც კი იყოს, წამალივით საჭიროებს ჩვენს ყურადღებას, სითბოს, სიყვარულს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ერთი სატელეფონო ზარი, ჩვენი ხმის გაგონება ასეთი ადამიანისათვის იმედის და ცხოვრებისკენ შემობრუნების უძლიერეს ფაქტორად იქცეს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობებს ხომ საზღვარი არა აქვს, ცნობილია უამრავი შემთხვევა, როცა სრულიად უიმედო სიტუაციიდანაც კი გამოსულა ადამიანი და ექიმები გაოცებული დაუტოვებია. ფსიქიკის შესაძლებლობები ხომ მედიცინისთვის დღემდე ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორად ნათქვამმა სიტყვამ, ემოციების ადეკვატურად გამოხატვამ, სიყვარულმა, თანადგომამ, თანაგანცდამ ნამდვილად შეიძლება სასწაული მოახდინოს. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი პრობლემებით დატვირთული, ამისთვის ვერ ვიცლით და ამის კეთებას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა ადამიანი ჩვენ გვერდით უკვე აღარ არის. ასეთ დროს ჩვენი გამოხმაურებებით თითქოს ვცდილობთ, ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენგან წასული ადამიანისათვის ჩვენ ყველაზე ახლობელი, ძვირფასი და საყვარელი ვიყავით, ჩვენ მასთან ყველაზე მეტი რამ გვაკავშირებდა. რამდენისგან მსმენია ასეთი ფრაზა – „ამ ადამიანს რომ სცოდნოდა ნაცნობ-მეგობრების მისდამი ასეთი დამოკიდებულება, შეიძლება, ეპოვა საკუთარ თავში სასიცოცხლო ძალები და დღესაც ჩვენ გვერდით ყოფილიყო“.

ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ჩვენს ქცევას, ჩვენს საუბარს, სიტყვას, ემოციების გამოხატვის ფორმებს ყოველდღიურად, ყოველ წუთს „გამადიდებელი ლუპით“ აკვირდებიან ბავშვები და, თუ მათი ემოციური ინტელექტით უკმაყოფილო ვრჩებით, ცუდი არ იქნება ჩავიხედოთ საკუთარ თავში, დავუკვირდეთ ჩვენს ქცევას, იმას, თუ როგორ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს, ემოციებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვი უფრო მოსიყვარულე, ემპათიური, თანამგრძნობი აღიზარდოს. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ბავშვს გამოავლინოს ყურადღება, სითბო, სიყვარული გვერდით მდგომის მიმართ, თუ თავად დაბადებიდან არასოდეს უგრძნია ეს ახლობლებისაგან და, პირველ რიგში, მშობლებისაგან. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ეპოქაში, გარკვეული მიზეზების გამო, ბავშვის ემოციური განვითარება ყველაზე საყურადღებო მიმართულებად არის მიჩნეული და მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში გამოვუმუშაოთ ბავშვს სიყვარულის, ემპათიის, თანაგანცდის, თანაგრძნობის უნარი.

რა შეიძლება გავაკეთოთ აღნიშნული მიმართულებით – რეკომენდაციები:

  • გამოვხატოთ, გამოვავლინოთ, გამოვამჟღავნოთ სიყვარული ბავშვის მიმართ, ნუ დავმალავთ ამ გრძნობას, ნუ მოგვერიდება, ნუ შევიკავებთ თავს ალერსისა და მოფერებისაგან – შევაქოთ საჭირო დროს და ვიყოთ მგრძნობიარე ბავშვის ემოციური მოთხოვნილებების მიმართ. ეს ხელს უწყობს თვითრეგულაციის განვითარებას, რამდენადაც, როცა ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, მას უყალიბდება სამყაროს, როგორც უსაფრთხო და სასიამოვნო ადგილის აღქმა; ეს საშუალებას აძლევს მას, იმოქმედოს მშობლებისგან დამოუკიდებლად და არ ეშინოდეს, რომ ყოველ კუთხეში მას საფრთხე და უსიამოვნებები ელის. თუ მშობლების ქცევა ცივი, დისტანციური და არათანმიმდევრულია ბავშვთან გრძნობების გამოხატვისას, პატარა თავს დაცულად ვერ გრძნობს, ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, უჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა, უქვეითდება თვითშეფასება;
  • გვახსოვდეს, რომ სიყვარული ბავშვის მიმართ არასოდეს შეიძლება იყოს ზედმეტად ბევრი – ბავშვს ნამდვილად არ დააზარალებს, თუ ყოველდღე ვეტყვით, რომ ჩვენ ის გვიყვარს, რომ ის არის ჩვენი უსაზღვრო სიხარულის წყარო. მას ნამდვილად არ ავნებს ასევე ჩახუტება და გულწრფელად შექება. არ ღირს შევიკავოთ ჩვენი დადებითი ემოციები, გრძნობები და ვიყოთ ცივი, უგრძნობი იმის გამო, რომ გვეშინია არ „გავაფუჭოთ“ ბავშვი ზედმეტი ყურადღებით. ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ სიმკაცრე აყალიბებს მტკიცე ხასიათს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა; როცა ბავშვები გრძნობენ გულწრფელ, ნამდვილ სიყვარულს ისინი, როგორც წესი, ნაკლებ მოთხოვნებს აყენებენ და ბევრად უფრო მეტი სიმტკიცით გამოირჩევიან;
  • ნუ მოგვერიდება ბავშვის მიმართ ჩვენი სიყვარულის ფიზიკურად გამოვლენის – ბავშვისთვის აუცილებელია მშობლების მხრიდან სიყვარულის ფიზიკურად გამოხატვა არა მხოლოდ ჩვილობაში, არამედ მოგვიანებითაც, ადრეულ ბავშვობაში და მოზარდობის ასაკშიც. ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, ვერ ხვდებიან, რომ მათი შვილებისთვის ეს აუცილებელია მაშინაც კი, როცა ისინი იზრდებიან და უხერხულობას გრძნობენ მოფერების, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის გამო. ხანდახან სასურველია, ვიყოთ უფრო დელიკატური გრძნობების გამოხატვისას მოზარდის მიმართ და ვიცოდეთ, სად და როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ემოციები. ნუ გავამახვილებთ საგანგებოდ ამაზე ყურადღებას – ბავშვისთვის უკეთესი იქნება, თუ ეს ჩვენი მასთან ურთიერთობის ბუნებრივ და ყოველდღიურ ნაწილად იქცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვისწავლოთ ბავშვისადმი სიყვარულის გამოვლენა გულწრფელად და არა საჩვენებლად, სხვებისთვის იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ გვიყვარს ჩვენ ის. საკმარისი იქნება უბრალოდ სწრაფად ვაკოცოთ მას, როცა ის დილით სკოლაში მიდის, მოვეხვიოთ, ჩავეხუტოთ, როცა სკოლიდან ბრუნდება. ასეთი ფიზიკური კონტაქტი, როგორი უეცარი და მოულოდნელიც არ უნდა იყოს ის, აძლიერებს, განამტკიცებს ჩვენს ემოციურ ურთიერთობას;
  • შევეცადოთ გავიგოთ ბავშვის ემოციური მოთხოვნილებები და საჭიროებები – ეს არ ნიშნავს ბავშვის უბრალოდ ნუგეშისცემას და დამშვიდებას, როცა ის ტირის, ან, როცა ეშინია. აუცილებელია ყურადღებით დავაკვირდეთ მის განწყობა-დამოკიდებულებებს და ისეთი რეაგირება მოვახდინოთ, რომ დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ მის ემოციურ განვითარებას. ბავშვის ემოციური მოთხოვნილებები იცვლება ასაკის მატებასთან ერთად. ჩვილობის პერიოდში პატარას უნდა გავუჩინოთ უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა. ადრეულ ბავშვობაში მისი ქმედებების წახალისებით საჭიროა, დავეხმაროთ ბავშვს გახდეს შედარებით დამოუკიდებელი. დაწყებით კლასებში, როცა ბავშვები ხშირად იწყებენ დაეჭვებას საკუთარ შესაძლებლობებში, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ბავშვმა დაიჯეროს საკუთარი ძალების და მიაღწიოს წარმატებას. გარდატეხის ასაკში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დავეხმაროთ მოზარდს იყოს თავდაჯერებული და დამოუკიდებელი მოქმედებაში;
  • გადავაქციოთ სახლი ბავშვისთვის ნავსაყუდლად – მოზარდი უნდა გრძნობდეს, რომ სახლი ის ადგილია, სადაც მას შეუძლია უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი ყოველდღიური ცხოვრებისეული სირთულეებისაგან. შევქმნათ სახლში ისეთი ატმოსფერო, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვს, მოეშვას, მოდუნდეს, დაივიწყოს თავისი პრობლემები და დაისვენოს. შევეცადოთ შევამციროთ მისთვის სტრესის დონე იმით, რომ სახლში არ იყოს ჩხუბი, კამათი, დაპირისპირება, ურთიერთობების ემოციურად გარკვევა. ბავშვს სჭირდება სიმშვიდის „კუნძული“ სკოლაში გატარებული რთული დღის, ან სათამაშო მოედანზე მომხდარი არასასიამოვნო შემთხვევის შემდეგ, როცა მეგობრებმა უღალატეს, ან როცა ის ეჩხუბა საყვარელ ადამიანს. შეიძლება ჩვენს ძალებს აღემატებოდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება, მაგრამ შესაბამისი ატმოსფერო სახლში ერთგვარი შვება იქნება და მოზარდს განტვირთვაში დაეხმარება;
  • ნუ ვიქნებით ზედმეტად მომაბეზრებელი და შემაწუხებელი ბავშვისთვის – რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ მშობლები ყოველთვის მის გვერდით არიან და მზად არიან დასახმარებლად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის იმის გაცნობიერება, რომ მას შეუძლია უამრავ რთულ სიტუაციას დამოუკიდებლადაც გაუმკლავდეს. თუ ჩვენ ვცდილობთ, ბავშვის ყველა ნაბიჯი გავაკონტროლოთ და არ ვაძლევთ შესაძლებლობას დამოუკიდებლად იმოქმედოს, დამოუკიდებლად აკეთოს საქმე, მას არასოდეს განუვითარდება საკუთარი ძალების რწმენა, ნდობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა ბავშვში თვითკონტროლის უნარის განვითარებისთვის არის მისთვის თავისუფლების მიცემა გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინაც კი, თუ ეს გადაწყვეტილება მას წარუმატებლობამდე და იმედგაცრუებამდე მიიყვანს.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ გარშემომყოფი ადამიანების, უპირველეს ყოვლისა კი მშობლების სიყვარული და ყურადღება, მისდამი გულისხმიერი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ბავშვს კომფორტის, სიმყუდროვის, უსაფრთხოების, დაცულობის გრძნობას უჩენს. ბავშვს მშობლებში საყრდენი სჭირდება. მშობლების სიყვარული ასწავლის მოზარდს, იყოს დამოუკიდებელი, იმსახურებდეს პატივისცემას, შეეძლოს პატიება, დახმარება, თანაგრძნობა, თანაგანცდა. ყურადღებისა და სიყვარულის ნაკლებობა კი გავლენას ახდენს ბავშვის როგორც სოციალურ-ემოციურ, ისე ინტელექტუალურ განვითარებაზე.

.

რატომ გვჭირდება სასკოლო პროექტები ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

0

ჩვენს სკოლაში ისტორიას ერთი მაღალი, ოდნავ გამხდარი და ბეჭებში მოხრილი ცოლშვილიანი კაცი ასწავლიდა. ყოველ დილით მისი მოდური ალუბლისფერი „რენოდან“ ორნი გადმოდიოდნენ – ის და ლამაზი მეათეკლასელი გოგო. იმ მაღალ  კაცზე ცუდი ხმები დადიოდა და მალე სკოლიდან გაუშვეს, თუმცა წასვლამდე თავი ორი რამით დამამახსოვრა: ერთხელ, გარდერობის რიგში დგომის გამო, დილის გამამხნევებელ ვარჯიშზე 5 წუთით დამაგვიანდა და ამისთვის ყველას თვალწინ მთელი ძალით გამაწნა სილა, მეორედ კი, გამოცდაზე თავმდგმურობისას, ჩემს თანაკლასელ სავსე გოგოს მოზრდილი ასოებით მერხზე წარწერილ სიტყვაზე მიანიშნა და ხმამაღლა ჰკითხა, შენზე წერიაო? გოგო აილეწა, წერა ვეღარ დაამთავრა, ბოლოს კი ვნახეთ, რომ ინგლისურად „სექსბომბა“ ეწერა…

რამდენიმე წლის შემდეგ, მუშაობა რომ უნდა დამეწყო, იმ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ მომევლინა. უარი ვთქვი, თუმცა თავშეკავებაც ძვირი დამიჯდა, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და მშობლიურ ქალაქში ქართულის მასწავლებლობა ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.  ვინ იცის, კიდევ რამდენი ქალის ცხოვრებაში დატოვა უარყოფითი კვალი, რომლებმაც ჩემსავით ვერ ამოიღეს ხმა და დაზარალდნენ.

ასეა! არსებობს მტკივნეული გამოცდილებები, სტატისტიკაც მძიმე სურათს გვიჩვენებს და რაც უნდა ვმალოთ, ფაქტია – ქალებზე ძალადობის, მათი სექსუალური შევიწროებისა და მკვლელობის მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხმის ამოღების გამო ერთმანეთს კი არა, ძალადობას ვებრძოდეთ, ქალები კაცებს დამსახურებისამებრ ვაფასებდეთ და პირიქით!

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ურთიერთდაფასებას სწავლა-სწავლება სჭირდება, უპირველეს ყოვლისა, მაგალითით. და თუ საკუთარი თავისთვის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით არაფრის ახსნა არ გჭირდება, თუ ხარ მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი ან მშობელი, უთხარი ბავშვს, რომ:

* ჩვენს ქვეყანაში ბოლო ექვს წელიწადში ორასზე მეტი  ქალი მოკლეს  ოჯახში ძალადობის გზით;

* გაცილებით მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილ ძალადობათა რიცხვი;

* რომ პოლიცია, უმეტესად, იყენებს დაცვის ღონისძიებებს, თუმცა, სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის პრევენცია ვერ ხერხდება და დანაშაულის მატების რისკიც მაღალია;

* ამ საკითხებთან დაკავშირებული ცნობიერება კი არის ძალიან დაბალი.

რა ვქნათ? რა ვიღონოთ? საიდან უნდა დაიწყოს ამ საკითხებზე ზრუნვა? ჯერ სათავე უნდა გაიწმინდოს თუ საძირკველში  მტკიცე ფუნდამენტი ჩაიდოს?

ფუნდამენტად ნამდვილად გამოდგებოდა ემოციების რეგულაციის[1], ბრაზის მართვის  სწავლების პოლიტიკის დანერგვა, მაგრამ პროპაგანდაც და მაგალითებიც სათანადო და თვალსაჩინო უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გაცნობიერება და სწავლა-სწავლება იმისა, რომ ძალადობა არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონიმიკურ, ფიზიკურ ან სექსუალურ იძულებას, დათრგუნვასა თუ ზიანს. ძალადობის სახეებად განიხილება:

* ფსიქოლოგიური, ფიზიკური,  ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა;

* იძულება;

* უგულებელყოფა;

* განმეორებითი ჩაგვრა/ ბულინგი.

ემოციური ძალადობა სიძულვილის ენით იწყება. კარგი იქნებოდა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეებში როგორც სიძულვილის ენის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოება, ისე ღირებულებებზე დაფუძნებული ენობრივი თუ საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვაც. ერთი მარტივი აქტივობის შთაგონება ყველგან, ზეპირ კომუნიკაციასა თუ სოციალურ ქსელებში, ქალებისადმი მიმართულ ლანძღვის, ბრაზის თუ სიძულვილის ენასთან დაპირისპირება, არათუ არად ჩაგდება და შეგუება. საგანმანთლებლო სივრცეებში T- ან სხვაგვარდიაგრამებიანი პოსტერების შექმნა და გამოფენა, მაგალითები კი უხვადაა მოქმედი პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების განცხადებებსა და კომენტარებში. მოკლედ, დახაზეთ, ჩაწერეთ, უვარგისი ფორმები წითლად გადახაზეთ, კარგები კი დატოვეთ და დიდი ფორმატით გამოფინეთ ყველგან: დერეფნებსა თუ სკოლის ეზოებში, ქუჩებსა თუ ინტერნეტში…

გაეცანით და სხვებსაც გააცანით სპეციალური ლიტერატურა, რომელშიც თეთრზე შავით წერია, რომ:

* ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსური მოვლენაა, ფესვები ღრმად აქვს გადგმული კულტურასა თუ  რწმენებში, გამოხატულია სქესთა შორის ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებით;

* გენდერული ნიშნით ძალადობენ ყველა საზოგადოებაში და ეს მიზნად ისახავს ერთი სქესის (უმეტესად ქალების) სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ დაქვემდებარებას მეორე სქესისადმი;

* ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური ფენომენია, რომელიც დამახასიათებელია სხვადასხვა რასის, ეთნოსის, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანებისთვის[2].

 

ძალადობის შემთხვევაში არსებობს სამი კომპონენტი: 1. მსხვერპლი; 2. მოძალადე; 3. ქმედება (ძალადობა). საქართველოს კანონმდებლობით, მსხვერპლი არის პირი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე თავად აიძულებს ან ჩადის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ თუ სექსუალურ ძალადობას. ეს უკანასკნელი სექსუალური შევიწროებით იწყება და  შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა/ერთი და იმავე სქესისა თუ გენდერული იდენტობის ადამიანებს შორის.

დღესდღეობით სექსუალური შევიწროების სამ ძირითად ფორმას გამოყოფენ – ­ ვერბალურს, არავერბალურსა და ფიზიკურს, თუმცა თითოეული მათგანი პრაქტიკაში ქცევათა და ქმედებათა მრავალფეროვნებით ხასიათდება, რომელთა ამომწურავი ჩამონათვალი არც არსებობს. ამდენად, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, არის თუ არა ქმედება არასასურველი სექსუალური კონოტაციის მატარებელი.

სპეციალურ ლიტერატურაში[3] ვერბალურად გამოხატული სექსუალური შევიწროების რამდენიმე სახეს გამოყოფენ. ვერბალურ სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა:

  • სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი სიტყვები/ტერმინები;
  • ფამილარული, ცხოველის/ფრინველის სახელით მიმართვა, მაგალითად, „თოჯინა“, „პატარა“, „საყვარელო“, „ტკბილო“, „ჩიტუნა“, და ა.შ.;
  • არასასურველი კომენტარები, კომპლიმენტები ან/და ხუმრობა გარეგნობის, სხეულის ან/და ჩაცმულობის შესახებ, მაგალითად, აქცენტის დასმა ქალის წონაზე, ტუჩებზე, მკერდზე, საჯდომზე ან/და სხეულის სხვა ნაწილზე მითითება;
  • კანის ფერსა და სხეულის სუნის მიმზიდველობაზე ყურადღების გამახვილება;
  • არაკორექტული კითხვები ან/და კომენტარები ადამიანის პირადი და ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრების შესახებ;
  • სექსუალური დატვირთვის მქონე ეპითეტები და მეტაფორები, მაგალითად, ქალისა და მამაკაცის გენიტალიების, სექსუალური ურთიეთობების სხვა სიტყვებით გამოხატვა;
  • სექსუალურ ფანტაზიებზე, გამოცდილებასა თუ შესაძლებლობებზე საუბარი;
  • სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება ან/და ზეწოლა სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით;
  • სექსუალური ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება;
  • სექსუალური კონოტაციის შემცველი, არასასურველი დაპატიჟება პაემანზე;
  • სექსუალურად ჩაცმის მოთხოვნა/მინიშნება.

არავერბალურ სექსუალურ შევიწროებად ითვლება:

  • სექსუალური მზერა და ყურადღება;
  • სტვენა; ხვნეშა;
  • სექსუალური კონოტაციის მქონე ჟესტიკულაცია და მიმიკა, მათ შორის – თვალის ჩაკვრა, ტუჩების გალოკვა;
  • გენიტალიების ჩვენება;
  • პორნოგრაფიული მასალის დემონსტრაციული ყურება/ბეჭდვა;
  • პორნოგრაფიული ან/და სექსუალური შინაარსის ფოტო- ან ვიდეომასალის ტირაჟირება;
  • პირადი სივრცის, მათ შორის გასახდელი ოთახების, ვიდეოკამერით თვალთვალი;
  • სექსუალიზებული გარემოს შექმნა, მაგალითად, მაცდუნებელი მუსიკით, მქრქალი განათებით, სანთლებით, ბუხრით;
  • სექსუალური შინაარსის მქონე, არასასურველი წერილების გაგზავნა.

ფიზიკური სექსუალური შევიწროება გულისხმობს მსხვერპლის სხეულზე არასასურველ შეხებას. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • ჩქმეტა; ხელის წამორტყმა (slapping);
  • კუთხეში მიმწყვდევა (cornering);
  • ხახუნი (rubbing);
  • ხელის გადახვევა ან/და ჩაკიდება; ჩახუტება; მოფერება; კოცნა/კოცნის მცდელობა;
  • სხეულის ინტიმური ნაწილებით ან/და ნაწილებზე შეხება;
  • სხეულის ინტიმურ ნაწილებზე არასაჭირო და არასასურველი მასაჟის გაკეთება;
  • სხეულის ინტიმური ნაწილების არასაჭირო და არასასურველი სამედიცინო შემოწმება;
  • იძულებით/შანტაჟით სექსუალური კავშირის დამყარება.

მიჩნეულია, რომ სექსუალური შევიწროება შეიძლება გამოვლინდეს როგორც ერთი, ცალკე მდგომი შემთხვევით, ისე მოიცავდეს სხვადასხვა სახის ქცევათა კასკადს. სექსუალურ შევიწროებად შეიძლება ჩაითვალოს მტრული გარემოს შექმნაც, რაც, როგორც წესი, ხასიათდება მრავალჯერადი შეურაცხმყოფელი ინციდენტით, რომელთა ინდივიდუალური შეფასებისას შესაძლოა ვერც კი შევამჩნიოთ სექსუალური შემადგენელი.

იმის მიხედვით, რა სახით ვლინდება სექსუალური შევიწროება, გამოყოფენ სერიოზულობის სხვადასხვა ხარისხის ქმედებებს. „სერიოზულია“ ქცევა, რომელიც ფიზიკურ შეხებას, კონტაქტს მოიცავს, მაგალითად, შეხება, კოცნა, მოფერება, ჩახუტება და სხვა, ხოლო „ნაკლებად სერიოზულად“ შეიძლება მივიჩნიოთ ვერბალური და არავერბალური ფორმით გამოხატული ქცევა. მიჩნეულია, რომ ამგვარი დაჯგუფება შედარებით მსუბუქი და მძიმე ფორმით გამოხატული ქმედების პროპორციულად პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას ემსახურება[4].

მთავარია, ადამიანებს კარგად ესმოდეთ სექსუალური შევიწროების ან ძალადობის დანაშაულებრივი არსი, რაც ზოგჯერ ძნელად მისაღწევია, რადგან შესაძლოა ჰქონდეთ, მაგალითად, რწყილების, სტოკჰოლმის ან მზეთუნახავის სინდრომი[5], ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ადრევე გამოვუმუშაოთ ასერტული ჩვევები. ასერტულობა თავდაცვის ინსტრუმენტია, რომელიც ვლინდება საკუთარი აზრის სხვისი შეურაცხყოფის გარეშე გამოხატვის უნარით, რათა სხვებთან ეფექტური კომუნიკაცია შევძლოთ.

. ასერტული ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს და სხვებს.

. ასერტულობა აძლევს ადამიანს სხვებთან ღია კომუნიკაციის საშუალებას.

. ასერტული ქცევა ადამიანს აძლევს საშუალებას, დაიცვას საკუთარი პოზიცია, მაშინაც კი, როცა სხვებს განსხავებული აზრი აქვთ.

ასერტული ქცევა გულისხმობს:

  • უარის თქმას შესატყვის სიტუაციაში და შესატყვის დროს;
  • საკუთარი პოზიციის გამოხატვას – „არა, არ შემიძლია“.
  • მიზეზის ახსნას – „დღეს დაკავებული ვარ“.
  • გაგებას – „იმედი მაქვს, თქვენთვის შესაბამის სხვა საქმეს მოძებნით“;
  • გრძნობების გამოხატვას. დადებითი გრძნობების გამოხატვა: „შენ ძალიან კარგად შეასრულე დავალება“; უარყოფითი გრძნობების გამოხატვა: „შენმა საქციელმა გული მატკინა“;
  • ინფორმაციის, განმარტების თხოვნა: „თქვენ მე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დავალება მომეცით; თუ შეიძლება, ზუსტად ამიხსენით, რა გსურთ, რომ გავაკეთო?“

ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ სექსუალური შევიწროება და ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდანაც ხდება არასრულწლოვან ოჯახის წევრზე, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ბავშვებს მცირე ასაკიდანვე ვასწავლოთ თავდაცვითი ჩვევები, კერძოდ: არ დავემორჩილოთ მოძალადეს;  თავიდან ავირიდოთ და გავაპროტესტოთ არასასურველი შეხება; გავუზიაროთ დედას თუ მაწავლებელს; ვაცნობოთ პოლიციას და სხვა.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კარგი იქნებოდა ამ დღისადმი მიძღვნილ პროექტებზე წინდაწინ ფიქრი იმის გაცნობიერებით, რომ აღნიშნული პრობლემისთვის ყოველი დღე ერთნაირად მნიშვნელოვანია და აუცილებლად ითხოვს განათლებაში ჩართული პირებისგან ჯეროვან ყურადღებას.

[1] მარიამ გოდუაძე, 2018, https://mastsavlebeli.ge/?p=17124;

ანა ღვინიანიძე, 2023, https://azrakibooks.ge/%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98/ ;

[2] https://ombudsman.ge/res/docs/2019040811551549604.pdf, გვ. 6.

[3] https://ombudsman.ge/res/docs/2021031110082436854.pdf, გვ. 20.

[4] იქვე, გვ. 22.

[5] გოდუაძე, https://mastsavlebeli.ge/?p=24555

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...