ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

საშუალო, მედიანა და მოდა

0

ცენტრალური ტენდენციის საზომი არის სტატისტიკური მნიშვნელობა, რომელიც აღწერს მონაცემთა განლაგებას ცენტრის მიმართ. საშუალო, მედიანა და მოდა ცენტრალური ტენდენციის საზომებია, გამოიყენება მოცემული მონაცემთა ნაკრების სხვადასხვა პარამეტრების დასადგენად და იძლევა მნიშვნელოვან დასკვნას შესწავლილი მონაცემების შესახებ, გვეხმარება მომავალი მოვლენებისა და ქცევების შესახებ პროგნოზების გასაკეთებლად. სტატისტიკა გამოიყენება ნებისმიერი ტიპის მონაცემების შესასწავლად,  იგი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ყველგან არის და გვეხმარება ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს გაგებაში.

გიზიარებთ საშუალოს, მედიანისა და მოდის გამოყენების კონტექსტურ მაგალითებს მე-6 კლასელთათვის

თემა: მონაცემი, მონაცემთა ანალიზი. (მონაცემთა მოწესრიგება და ინტერპრეტაცია)

სამიზნე ცნება/ ქვეცნებები:

მათემატიკური მოდელი: მონაცემთა საშულო, მედიანა, მოდა

კანონზომიერება: რიცხვითი მახასიათებლების პოვნა; შერჩევა (ეფექტური მეთოდის შერჩევა)

ლოგიკა: კლასიფიკაცია (მონაცემთა კლასიფიკაცია) მსჯელობა/ ანალიზი

საკითხთა კლასტერი: მონაცემთა ანალიზი.  მოდა, მედიანა, საშუალო

საკვანძო შეკითხვა: როგორ გვეხმარება მონაცემთა ორგანიზებისა და  დამუშავების ხერხები  საკვლევი საკითხების შესახებ დასკვნის გაკეთებაში?

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათემატიკური ცნებების (მოდა, მედეანა, საშუალო) გაგება და მათი გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში; ლოგიკური მსჯელობა თავიანთი პასუხების ასახსნელად, მსჯელობის შეფასება და ინტერპრეტირება.

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები:

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა   – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით საკვლევი კითხვის ფორმულირება, რომელზე პასუხის გასაცემად საჭიროა მოწესრიგება;   საკვლევი კითხვის განსხვავება არასაკვლევი კითხვისგან
  2. მონაცემთა განაწილების ძირითადი მახასიათებლების (მონაცემთა საშუალო,  მედიანა, მოდა) მოძებნა;
  1. მონაცემთა ანალიზი და საკვლევ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა;
  1. მონაცემების ანალიზის საფუძველზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, ან სავარაუდო პროგნოზის გაკეთება;

გთავაზობთ თემის ფარგლებში განცორციელებულ რამდენიმე საინტერესო აქტივობას, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ, სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი სწავლების პროცესში, რამაც ხელი შეუწყო ცნებების კონცეპტუალურ გაგებას.

აქტივობა1. წინარე ცოდნის გააქტიურება.

წინარე ცოდნის გააქტიურებლად, სასწავლო პლათფორმის matific.com -ზე მათემატიკური აქტივობები/თამაშები გამოვიყენე. მოსწავლეებმა ონლაინ, ინტერაქტიული თამაშების საშუალებით გაიხსენეს ცნებები. მონაცემთა წარმოდგენის ხერხები. დიაგრამა. პიქტოგრამა.

მოსწავლეები პასუხობენ ფაქტობრივ (რა?) და კონცეპტუალურ შეკითხვებს (როგორ? რატომ?)

  • მონაცემთა შეგროვების რომელ ხერხებს იცნობ?
  • რას ნიშნავს შევაგროვოთ მონაცემები?
  • როგორ ვარჩევთ მონაცემთა შეგროვების მეთოდს?
  • როგორ გამოიყენებ მიღებულ მონაცემებს?
  • როგორ შეიძლება წარმოვადგინოთ მონაცემები თვალსაჩინო ფორმით? აღწერე თითოეული მათგანი
  • რა არის სვეტოვანი დიაგრამა?
  • რა არის პიქტოგრამა?
  • კიდევ რა ხერხით შეიძლება მონაცემების წარმოდგენა?
  • რამდენად ეფექტურია დიაგრამები ამოცანაში მოცემული პირობის წარმოსაჩენად და როგორ გვეხმარება ის მონაცემების გააზრებაში?

გთავაზობთ სასწავლო აქტივობების ბმულებს, რაც დაეხმარათ მოსწავლეებს ხალისით აღედგინათ მონაცემებთან დაკავშირებული უკვე ნასწავლი ცნებები და პროცედურები

https://www.matific.com/ar/en-us/home/maths/episode/FishTankGraphingScaledBarGraphUpTo50/?grade=grade-4

https://www.matific.com/ar/en-us/home/maths/episode/LinePlotFromTableMetricUnits/?grade=grade-5

 

აქტივობა 2. ძირითადი ცნებები:

მოსწავლეებს ვაცნობ ძირითად ცნებებს რამდენიმე რეალური მაგალითის მოყვანით და განმარტავ (ზოგჯერ თავადაც აღმოაჩენენ) მათი პოვნის პროცესს მოცემულ მონაცემებში.

ცნება მაგალითი ფორმულა.
საშუალო

არითმეტიკული საშუალოს ცნების გასააზრებლად ყურადღებას ვამახვილებინებ ისეთ ცხოვრებისეულ მაგალითებზე სადაც ჩნდება საშუალოს პოვნის აუცილებლობა.

 

ჩვენ ვიყენებთ საშუალოს რამდენიმე რეალურ სიტუაციებში გაუცნობიერებლად.

ჯანსაღი ადამიანებისთვის, საშუალო დღიური წყალი მამაკაცებისთვის არის დაახლოებით 15,5 ჭიქა, ხოლო ქალებისთვის დაახლოებით 11,5 ჭიქა. ფაქტობრივად, ყველას არ სჭირდება ერთი და იგივე რაოდენობით წყალი. ზოგმა შეიძლება დალიოს 15,5/11,5 ჭიქაზე ნაკლები, ხოლო ზოგმა შეიძლება დალიოს 15,5/11,5 ჭიქაზე მეტი. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ჩვენ ვიყენებთ საშუალო არითმეტიკის კონცეფციას.

 

 

ამ ტიპის რეალური ცხოვრების მაგალითების ახსნის შემდეგ მასწავლეებს წარვუდგენ საშუალოს ფორმულას

განვიხილოთ სიტუაციური მაგალითი:

1)    მათემატიკის თემების შემაჯამებელი შეფასებები გიორგისათვის ასეთია:      7, 10, 6, 5, 6, 5, 6, 6

მაშინ საშუალო ქულა გიორგის შეფასებისა იქნება

 

2)    ვიპოვოთ კლასის საშუალო ქულა გამოცდაზე, იგივე პრინციპით: მოსწავლეთა შეფასებაა: 8, 10, 7, 10, 5, 9, 7, 5, 6, 8, 9, 10, 7, 10, 5, 9, 7, 9, 10, 7, 10, 9, 7, 10, 7.

მოსწავლეები მსჯელობენ რას გვეუბნება საშუალო და ყოველთვის იქნება თუ  არა საშუალო არითმეტიკული კლასის საგამოცდო შედეგების საშუალო მაჩვენებელი?(როგორი მონაცემები იწვევს ასეთ შედეგს?) შეუძლია თუ არა თითოეულ მოსწავლეს შეადაროს საკუთარი ნიშანი კლასის საშუალოს. რა სარგებელს მისცემს ეს მოსწავლეს?(შეამოწმოს თავისი მიღწევები კლასში და გადაწყვიტოს, უნდა გააუმჯობესოს თუ არა შედეგი?)

 

მედიანა

მოსწავლეებს ვაცნობ მედიანას ცნებას რეალური ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანით.

დავუშვათ, ჩვენი სკოლის დირექტორი გეგმავს ჩვენი სკოლის მე-6 კლასის ყველა მოსწავლეს მიაწოდოს შეკერილი სასკოლო ფორმა, მაგრამ მას დრო არა აქვს ყველა გოგონა /(ვაჟი) გაზომოს. ის ფიქრობს, რომ მკერავს უნიკალური ზომა მიაწოდოს.  საკითხავია, რომელი ზომა უნდა მიიღოს მან, როგორც იდეალური მთელი კლასისთვის? მოსწავლეები ჩაერთნენ დისკუსიაში. თავად მივიდნენ დასკვნემდე, რომ

ცხადია, ესაა „შუა“ ზომა.  იმიტომ, რომ თუ ყველაზე დაბალი მოსწავლის ზომებს იდეალურად ავიღებთ, კაბა ყველაზე მაღალი მოსწავლისათვის იქნება ზედმეტად ვიწრო და თუ ყველაზე მაღალი მოსწავლის ზომებს იდეალურად ავიღებთ, კაბა იქნება ზედმეტად თავისუფალი(დიდი) ასე რომ, იდეალური იქნება, თუ ავიღებთ საშუალო მოსწავლის ზომებს. ამ გზით შემომაქვს მედიანის ცნება

მედიანა არის მონაცემთა ერთობლიობის შუა წერტილი—მონაცემთა ნახევარი ნაკლებია მედიანაზე და ნახევარი მეტია.

ვიპოვოთ მედიანა, ნიშნავს:

  • მონაცემები დალაგდეს ზრდადობით.
  • თუ მონაცემთა რაოდენობა კენტია, მედიანა ჩამონათვალის შუანა რიცხვია.
  • თუ მონაცემთა რაოდენობა ლუწია, მედიანა ჩამონათვალის ორი შუა რიცხვის საშუალოა.

 

მოდა მოსწავლეებს ვაცნობ მოდის ცნებას აქტივობის ჩატარებით, „კლასის ლიდერის არჩევა“

30 მოსწავლიან კლასში ლიდერის კანდიდატურად 5 მონაწილეა დასახელებული. მოსწავლეები თავად მონაწილეობენ თავიანთი კლასის ლიდერის არჩევაში

არჩევნების ჩატარების შემდეგ კონკურსანტმა A მიიღო 8 ხმა, კონკურსანტმა B მიიღო 12 ხმა. კონკურსანტმა C მიიღო 3 ხმა, კონკურსანტმა D მიიღო 5 ხმა. კონკურსანტმა E მიიღო 2 ხმა. მოსწავლეებს ვეკითხები, -ვინ არის გამარჯვებული?. პასუხი აშკარად არის “B”, რადგან ის უფრო პოპულარულია სხვებს შორის. მშსდმ მოდა სხვა არაფერია, თუ არა მონაცემთა ყველაზე პოპულარული ან ყველაზე ხშირი მნიშვნელობა.

მოდა არის მონაცემებში ყველაზე ხშირი მნიშვნელობა. და შემდგომ განმარტავ, რომ ზოგიერთ მონაცემს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან 1-ზე მეტი მოდა ან არ ჰქონდეს.

მოსწავლეებს ვთავაზობ რამდენიმე მაგალითს იმის დასადგენად, რომ ყველა მოსწავლეს ესმის რა არის მოდა და როგორ უნდა მოძებნოს იგი

მონაცემები სიხშირე
12 3
13 4
14 5
15 10
16 6
17 2
18 1
19 1
ზემოთაღნიშნული მონაცემების მოდა არის 15, რადგან მას აქვს ყველაზე მაღალი სიხშირე(10)

 

 

 

იპოვეთ შემდეგი რიცხვთა ნაკრების მოდა

 

4, 10, 27, 12, 4, 4, 12, 27, 7, 34, 12, 48, 3, 34, 12, 42, 4

 

მოთითება: დაალაგეთ მონაცემები ზრდის (ან კლების) მიხედვით

 

3, 4, 4, 4, 4, 7, 10, 12, 12, 12, 12,  27, 27, 34, 34, 42, 48

 

ეს მონაცემები ბიმოდალურია, ანუ მას აქვს ორი მოდა 4 და 12

 

 

აქტივობა 3. სავარჯიშოები:

მოსწავლეებს  ცნებების უკეთ გაგება გაზრებისათვის ვთავაზობ matific.com -ის პლათფორმის ელექტრონულ  აქტივობებს,  რომლის მიზანია მოდის, მედიანისა და საშუალოს კონცეპრუალური გაგება. ძირითადად ექვს შეკითხვიანი სახალისო ტესტია, რომლისთვისაც მოსწავლეს დასჭირდება 4-5 წთ. მცდარი პასუხის შემთხვევაში პროგრამა გაძლევს მისი გამოსწორების უფლებას, რაც ერთგვარად მოსწავლის განმავითარებელ შეფასებად ითვლება. (აქვე მინდა აღვნიშნო, ჩემი სკოლა ჩართულია ბილინგვური განათლების პროგრამაში დაწყებით საფეხურზე. მოსწავლეები იყენებენ Max მათემატიკის სახელმძღვამელოებს და მათთვის უცხო არაა ინგლისურ ენაზე მათემატიკური ტერმინები, გარდა ამისა მოსწავლეებს შეუძლიათ translate- ის გამოყენებაც)

https://www.matific.com/ar/en-us/home/maths/episode/MedianUsingHistogramLargeNumbers/

 

https://www.matific.com/ar/en-us/home/maths/episode/VariabilityUsingHistogramAndBoxPlotVariability/?grade=grade-6

https://www.matific.com/ar/en-us/home/maths/episode/MeanWithFruitOnes/?grade=grade-6

 

 

აქტივობა 4. სავარჯიშოები ინდივიდუალური მუშაობისათვის, ამოწმებს  რამდენად გაიაზრეს ცნებები. (თითოეული მოსწავლისათვის ერთი ბარათი)

ბარათი# მონაცემების მიხედვით იპოვე შემდეგი რიცხვითი მახასიათებლები
1  

3, 5, 6, 9, 5 საშუალო  
მოდა  
მედიანა  
2  

11,14,10,11,12 საშუალო  
მოდა  
მედიანა  
3  

8, 12, 7, 10, 8, 9, 11 საშუალო  
მოდა  
მედიანა  
4  

11, 8, 8, 7, 11, 8, 9 საშუალო  
მოდა  
მედიანა  
5  

9, 5, 6, 4, 5, 7, 6, 8, 5 საშუალო  
მოდა  
მედიანა  
6 . . .

აქტივობა 5. ცენტრალური ტენდენციის საზომები ზოგჯერს  არასაკმარისა მონაცემთა დასახასიათებლად?

მოსწავლეებს ეძლევათ კონტექსტური ამოცანა, სადაც უნდა გამოიყენონ ცენტრალური ტენდენციის საზომები კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, იმსჯელონ და  მიიღონ გადაწყვეტილება

სიტუაციური ამოცანა:

გიორგი სოფელში გაემგზავრა. აღმოჩნდა რომ სოფლის მდინარეზე გადასასვლელი ხიდი დაზიანებულია. ამიტომ მეორე ნაპირზე გადასასვლელად მას შემოვლითი გზით 10 კმ-ის გავლა ესაჭიროება. გიორგიმ მოიძია ინფორმაცია მდინარის შესახებ და ცნობარში ამოიკითხა რომ მდინარის წყლის დონის  საშუალო სიღრმე არის 0,7 მ-ია. ამავდროულად  80% -ისათვის სიღრმე 0,3 მ-ია, ხოლო 20% -სთვის 2,3მ. გიორგიმ ცურვა არ იცის. ის ფიქრობს რომ 70 სმ სიმაღლის წყალს თავისუფლად გადაკვეთს, მით უფრო რომ მდინარე მდორედ მოედინება. რას ურჩევდით გიორგის, ამ მონაცემზე დაყრდნობით გარისკოს მდინარის გადალახვა?

დასკუსია:

-მდინარის სიღრმე ყოველთვის 0,7 მ-ია?

-მდინარის სიღრმე ზოგიერთ ადგილში არის თუ არა 0,7 მ-ზე ბევრად დიდი, ან ნაკლები? დაასახელეთ ეს ზომები ამოცანის პირობიდან.

-გადაამოწმეთ ზემოთაღწერილი სუტუაციის მიხედვით, მოცემული მონაცემების საშუალო ნამდვილად არის თუ არა 0,7მ?

-რა არის ამ მონაცემებისთვის მოდა? მედიანა?

-საკმარისია თუ არა მხოლოდ იმის ცოდნა რომ მდინარის საშუალო სიღრმე არის 0,7მ, მოდა 0,3მ და მედიანა 0,3მ?

რას ურჩევთ გიორგის გადაკვეთოს მდინარე თუ შემოვლით 10 კმ -იანი გზის გავლით მივიდეს შინ?

 

დისკუსიის შემდეგ გამოაქვთ დასკვნა რომ, ცენტრალური ტენდენციის ზომები არ იძლევა საერთო სურათს და შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი.

ცენტრალური ტენდენციის საზომები ზოგჯერს  არასაკმარისია მონაცემთა დასახასიათებლად. ცენტრალურ ტენდენციაზე დიდ გავლენას ახდენს სხვა ფაქტორები, რომელთა შესახებ ცოდნას მომდევნო წლებში გავაფართოვებთ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლები მე-6 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meegvse-klasi/
  4. https://www.expii.com/t/word-problems-when-to-use-mean-median-and-mode-4645
  5. https://www.matific.com/gb/en-gb/home/

ეს საოცარი ჰორმონები

0

(ქეისი ბიოლოგიის სწავლებისთვის)

ჩემი წერილი ჰორმონების შესწავლისთვის სასარგებლო და საინტერესო რესურსს წარმოადგენს. ერთი წლის წინ ინგლისურად შემხვდა ეს ქეისი და მეცხრე კლასში ჰორმონების სწავლების დროს გამოვიყენე. მოსწავლეები უამრავ კითხვას სვამდნენ საკუთარი და ახლობლების პრაქტიკიდან. მით უმეტეს, ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ პრობლემას ნებისმიერ ოჯახში ერთი წევრი მაინც უჩივის. შესაძლოა, ეს გაზვიადებად მოგეჩვენოთ, მაგრამ უამრავ ჩვენგანს აქვს პრობლემა და არც იცის. წერილის წაკითხვისას ბევრმა შესაძლოა საკუთარი თავიც ამოიცნოს.

ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ბიოლოგიის სწავლა მხოლოდ იმისთვის არ არის, დღეს მიიღოს ნიშანი – საკითხები მათ ჯანმრთელობას ეხება და ბიოლოგია თუნდაც იმიტომ უნდა გაიაზრონ, რომ ექიმს დაუსვან კარგი შეკითხვა, მის პასუხში კი გაარჩიონ მთავარი, მეორეხარისხოვანი და უსარგებლო ინფორმაცია.

ეს ქეისი ერთ თინეიჯერს ეხება. საინტერესოდ არის წარმოჩენილი ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაც. ქართული პრაქტიკიდან უმეტესად დედა, ბებია, მეუღლე ესაუბრებიან ექიმს, კაცი კი ჩუმად უსმენს. ესეც ერთგვარი კულტურაა და ქეისი ჩვენს მოსწავლეებს მის შეძენაშიც დაეხმარება.

ქეისი სამი ნაწილისგან შედგება. ყოველ მათგანს მოსდევს შეკითხვები, რომლებიც აზროვნების სხვადასხვა დონეს მოითხოვს და ავითარებს.

 

I ნაწილი

ტიმოთი ყოველთვის აქტიური ბიჭი იყო. 12 წლისა უკვე მცირე ლიგაში თამაშობდა, ისე კარგად, რომ მომდევნო დივიზიონში გადაყვანას ჰპირდებოდნენ. დედამ შეამჩნია, რომ შვილს ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა. 14 წლის ასაკში თავი იჩინა კოორდინაციის პრობლემებმა, ბიჭის მოძრაობები უწინდებურად სხარტი აღარ იყო, ტიმოთის თამაშიც მობეზრდა და მეტ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა. დაიწყო სწრაფი ზრდა, სახსრები სტკიოდა. ოჯახის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ეს ზრდის ტკივილი იყო. მასწავლებლებიც ატყობდნენ ბიჭს სწავლაში ჩამორჩენას. სხვა თინეიჯერი ბიჭები ინტერესს იჩენდნენ გოგოების მიმართ, ტიმოთი – არა. ის საკუთარ თავში ჩაიკეტა, ინტროვერტი გახდა. სწავლების მესამე საფეხურზე რომ გადავიდა, 2 მეტრი სიმაღლისა იყო, 100 კგ-ს იწონიდა და გოლიათს ეძახდნენ. ცდილობდა წონის დაკლებას, ვარჯიშობდა, მაგრამ უშედეგოდ. მუდამ გაღიზიანებული დადიოდა, ბევრჯერ შინ დარჩენას ამჯობინებდა. საჭმლის მონელებაც გაურთულდა.

დედამ ტიმოთის ექიმთან წაყვანა გადაწყვიტა. ექიმის პირველივე რეკომენდაცია სისხლში ჰორმონების დონის შემოწმება იყო, ფოკუსში კი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მოექცა.

  1. ჩამოწერე, რა სიმპტომები აქვს ტიმოთის და მიუწერე ორგანო / ორგანოთა სისტემები, რომელთა ფუნქციის მოშლაც ამ სიმპტომების მიზეზი უნდა გამხდარიყო.
  2. სად მდებარეობს ფარისებრი ჯირკვალი? რატომ მიიჩნია ექიმმა საჭიროდ მისი ფუნქციის შემოწმება?
  3. ექიმმა ტიმოთის ურჩია კორტიზოლის რაოდენობის განსაზღვრაც. შენი აზრით, რატომ?

II ნაწილი

ანალიზის პასუხი

  TSH ერთეული/ T3ნგ/მლ T4 ნგ/მლ კორტიზოლი
ნორმა 0.4-4.2 0.8-2 4.5-12.5 3-10
ტიმოთი 0.39 2.6 13.2 9.8

 

ექიმი: ანალიზები აჩვენებს, რომ ჰიპერთირეოზი გაქვს. პრობლემის მოსაგვარებლად TSH-ის დონემ უნდა აიწიოს.

ტიმოთი: ჰიპერ- ნიშნავს „მეტს“ და რა საჭიროა მისი აწევა, თუ ისედაც ჰიპერთირეოზი მაქვს? ასევე მაღალი მაქვს ტრიიოდ- და ტეტრაიოდთირონინიც.

ექიმი: ადამიანის ენდოკრინული სისტემა უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით იმართება. ყველა ჯირკვლის მუშაობას ჰიპოფიზი აკონტროლებს, ჰიპოფიზს კი ჰიპოთალამუსიდან მოსდის საკონტროლო სიგნალები. ჰიპოფიზი შეიგრძნობს სისხლში თიროქსინის დონეს. თუ დაბალია, გამოიმუშავებს თიროიდმასტიმულირებელ ჰორმონს (TSH), ის ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციას იწყებს და უბიძგებს მას თიროქსინის გამომუშავებისკენ.

ტიმოთი: ესე იგი ჰიპოფიზი სისტემის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას უზრუნველყოფს?

ექიმი: თუ ამ დიაგრამას დააკვირდები, მიხვდები რომ სწორი დასკვნა გამოიტანე. თუ ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურია, თიროქსინს დიდი რაოდენობით გამოყოფს, ამის საპასუხოდ ჰიპოფიზში ნაკლები TSH წარმოიქმნება და სისხლში გადადის. წამალი შეამცირებს თირეოიდული ჯირკვლის აქტივობას და სისხლში მოიმატებს ერთი ჰორმონის დონე.

  1. რომელი ჰორმონის რაოდენობა უნდა გაიზარდოს? სად სინთეზდება ის?
  2. რომელი ჰორმონის რაოდენობა უნდა შემცირდეს? სად წარმოიქმნება ის?
  3. ექიმს არ უხსენებია კორტიზოლი, თუმცა ისიც ჩართულია უკუკავშირში. შექმენი მოცემულის მსგავსი სქემა, მასში ერთმანეთს დაუკავშირე ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, თირკმელზედა ჯირკვალი და ჰორმონი კორტიზოლი.

 

ნაწილი III

ტიმოთიმ იმკურნალა. სიმპტომებიც შეუმსუბუქდა. 28 წლისა დაქორწინდა. ორი წლის შემდეგ კი პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. ნერვული აგზნებადობის დონემ მოიმატა, ტიმოთი გასუქდა. ცოლ-ქმარს ბავშვი უნდოდა, მაგრამ ორსულობა არ დგებოდა. ტიმოთიმ ისევ ექიმს მიაკითხა.

ექიმი: რადგან ტანზე თმების რაოდენობა შემცირდა, ტესტოსტერონის დონე შეიმოწმე.

ექიმი: ყველა ჰორმონის დონე ნორმაზე მაღალი გაქვს, ტესტოსტერონი კი ძალიან დაბალი. ამიტომაც არ დგება ორსულობა. კორტიზოლის დონე ნორმის ფარგლებშია, თირეოიდული ჰორმონი კი ნორმაზე დაბალია და, ვფიქრობ, წამლის დახმარებით აიწევს. საჭიროდ მიმაჩნია ჰიპოფიზის სტრუქტურული შემოწმების ჩატარება.

ტიმოთი: ის ხომ ტვინშია?

ექიმი: კი, MRI ყველაფერს გვეტყვის ჰიპოფიზის მდგომარეობის შესახებ.

MRI-იმ ჰიპოფიზში მცირე ზომის სიმსივნური ჩანართი აჩვენა. ის აწვებოდა ჯირკვალს და ხელს უშლიდა ფუნქციონირებაში. ნუთუ ექიმი შეცდა?

ტიმოთიმ დასხივება გაიკეთა.

 

  1. რატომ ახდენს გავლენას ჰიპოფიზის სიმსივნე თიროიდული ჯირკვლის ფუნქციონირებაზე?
  2. რატომ ახდენს გავლენას სიმსივნე სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობაზე?
  3. კიდევ რომელი ჯირკვლების მოქმედებას აკონტროლებს ჰიპოფიზი?
  4. ორივე ეტაპზე ნერვული აგზნებადობა მომატებული იყო. რატომ?
  5. ექიმმა ტიმოთის ურჩია, მიეღო ადამიანის ქორონული გონადოტროპინი, რომელიც მალუთეინიზებელი ჰორმონის ანალოგია. ეს უკანასკნელი ჰიპოფიზში გამომუშავდება. რატომ დაუნიშნა ექიმმა ეს ჰორმონი? რა პრობლემას გადაჭრის ის?
  6. როგორ ფიქრობ, თავდაპირველი დიაგნოზი მცდარი იყო? დაასაბუთე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.biologycorner.com/
  2. მარეგულირებელი სისტემა თავი 16 CK-12
  3. ბიოლოგია, მოსწავლის წიგნი, ზაალიშვილი, გამომცემლობა „ტრიასი“
  4. ბიოლოგია, მასწავლებლის წიგნი (მატრიცა N1) ზაალიშვილი, ზარდიაშვილი, გამომცემლობა „ტრიასი“

ხატვა და ამბის თხრობა

0

 ბავშვობის დღიურებში ჩახატული თითოეული ნახატი მახსოვს. მაშინ ვფიქრობდი, რომ კარგად ვერ ვხატავდი და საკუთარ შესაძლებლობებს ჩემივე წარმოდგენების ჩარჩოში ვამწყვდევდი.

– მასწავლებელო, თქვენ მხატვარი ხართ? – თითქმის ყოველთვის მეკითხებიან ბავშვები, როდესაც მათთვის რამეს ვხატავ  (უმეტესად ვიხატავ). უარყოფით პასუხს ისხლეტენ და არ იჯერებენ, რომ მე კარგად ვერ ვხატავ. მართლაც, რას ნიშნავს კარგად ხატვა? თუკი ხატვას, როგორც თვითგამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად მივიჩნევთ, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვლება.

ხშირად ვხედავ, როგორ ხატავენ მოსწავლეები გაკვეთილებზე „სკეჩბუკში“ (სახატავ ლბომში). თუ რატომ შეიძლება ხატავდნენ ბავშვები გაკვეთილზე, ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქრისტინა სურგულაძის სტატია. ძალიან მომწონს, როგორ იცვლება ბავშვების გამომეტყველება ხატვისას. მსიამოვნებს მათი ნახატების თვალიერება. ერთ მშვენიერ დღეს კი, ჩემი მოსწავლეების გავლენითა და მიბაძვით, „სკეჩბუკი“ ვიყიდე და ჩემი ყოველდღიური ამბების ჩახატვა დავიწყე.

თავდაპირველად სურვილს მივყევი, შემდეგ კი სახატავ ალბომში ხატვამ გარკვეული ფორმა მიიღო და ამბის თხრობის, ცხოვრების გამორჩეული მომენტების შემჩნევისა და ასახვის, გაზიარების საშუალებად იქცა. თავად პროცესიც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ხატვა ძალიან მსიამოვნებს და საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ვხატავ. მთავარია, ფურცელზე ამბის ვიზუალურად გაცოცხლება შევძლო. ზოგჯერ ისიც კი მიფიქრია, რომ ჩემი ნახატები ჰგავს დღის განმავლობაში მობილური ტელეფონით გადაღებულ ფოტოებს, განსხვავება კი უზარმაზარია – საკუთარი ხელებით შექმნილი „კადრი“ დამუხტულია სხეულის ენერგიით, რომელსაც სხვებიც გრძნობენ.

სკოლაში მასწავლებელი ვარ, სახლში – დედა. ბავშვები მუდმივად მაკვირდებიან, რას ვაკეთებ, როგორ ვატარებ თავისუფალ დროს. “სკეჩბუკში” პირველი ჩანახატი მოსწავლეებს და შვილებს ვაჩვენე. მომისმინეს, გაუკვირდათ, დაფიქრდნენ და აღფრთოვანდნენ. ვხატავ ამბებს, რომლებსაც ვამჩნევ და გულში მრჩება. ამბების ჩახატვა არის საკუთარ თავთან მეგობრობა და ფიქრი იმაზე, რას ვხედავთ, ვყვებით, რა გვესიზმრება.

დღის ამბების მინიმალისტური ნახატები ქართულის გაკვეთილებს დავუკავშირე და სწავლა-სწავლების პროცესში ჩავრთე. თხრობა და წერა – ამ ორი უმთავრესი უნარის განსავითარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩემ მიერ აღწერილი მეთოდი, ამასთანავე, შემოქმედებით უნარების გამოვლენასაც ხელს უწყობს.

პირველი ნახატი

ვუყურებ ნახატს და მოვლენებს ვიხსენებ. დღიურებში დატოვებულ თარიღებს რომ ვპოულობ, ვმშვიდდები. 4 დეკემბერს ძალიან ბევრი რამ მოხდა. ჩემს მეოთხე შვილს მუცლით ვატარებდი. სკოლიდან დაბრუნებული საცურაო აუზისკენ გავეშურე. ორსულობის ბოლო ექვსი თვე აქტიურად ვცურავდი. ვუყურებ ფურცელზე დახატულ აუზს და მიხარია იმ დღეების გახსენება. ცურვისას ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ცნობიერების ნაკადს ემსგავსებოდა ჩემი ფიქრები წყალქვეშ. ავტობუსში უცხო ადამიანებს შორის გამომწყვდეულმა წამლეკავი სიყვარული ვიგრძენი იქ მყოფი მგზავრებისადმი. ისიც კი ვიფიქრე, ნეტავ, ნამდვილად ცოცხლები თუ ვართ-მეთქი. ვიცი, რომ შემთხვევითი გადაკვეთის წერტილები არ არსებობს. ჭურჭლის მაღაზიაში ჩემი სადამრიგებლო კლასისთვის ვიყიდე საათი, რომლის ციფერბლატზე ტროპიკული მცენარის ფოთლები იყო გამოსახული. საათი დაფის თავზე დავკიდეთ, მაგრამ მალევე გაფუჭდა. მაღაზიის კიბეზე ალკოჰოლით გაბრუებული მამაკაცი შევნიშნე. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და გული მომეწურა. ვიწრო კიბეებზე ამოდიოდა ასაკოვანი ქალი, რომელიც უჩვეულოდ მოხრილიყო და მოწყალებას თხოულობდა. ნეტავ, ვინ ხარ-მეთქი, გავიფიქრე და კიბეზე თავქვე დავეშვი.

მეორე ნახატი

5 დეკემბერს სკოლისკენ მივრბოდი. იმ პერიოდში სკვერში მუშები ფუსფუსებდნენ. ერთ-ერთი მათგანი 12-13 წლის ბიჭს კალათბურთს ეთამაშებოდა და ბურთს ფარისკენ ისროდა. ისეთი ახალგაზრდული შემართებით თამაშობდა, განწყობა მეც გადმომედო. გაელვებისას დაჭერილი მომენტი ნახატად ვაქციე და როცა ბავშვებს ვაჩვენებ, ვგრძნობ, როგორ გაყუჩდებიან ხოლმე. მგონია, რომ მათი წამიერი დაფიქრებაც კი უკვალოდ არ ჩაივლის. ამ ნახატის უკან დავხატე წიგნი, რომელიც ჩემი ქმრის მეგობრის აგარაკზე აღმოვაჩინე და მაჩუქეს. არჩილ სულაკაურის „ჯადოსნური კაბის“ შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი.

მესამე ნახატი

„ლილეს ვუყიდე პრინცესული კაბა, თაკოს და ნიკოს საჩუქრები, ავტობუსში შავი ცუგა ამოხტა და ახმეტელამდე გამომყვა. ნაძვის ხის განათება ვიყიდე“. – ეს მინაწერი 23 დეკემბრის ნახატზე დამიტოვებია. უზომოდ მიყვარს ჩემი შვილებისა თუ მოსწავლეებისთვის საჩუქრების ყიდვა. ყურსასმენებიანი გოგო დამიხატავს კიდევ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მუსიკას ხშირად ვუსმენ. მგზავრობა საკუთარ თავთან განმარტოების დროა.

მეოთხე ნახატი

თანდათან ჩემი შვილებიც დაინტერესდნენ, რას შევარჩევდი დასახატად. დეკემბრის ბოლოს გაბრიელთან და ლილესთან ერთად შინ ვბრუნდებოდი. საღამოვდებოდა. სიცივე ძვლებში ატანდა. ერთი სული გვქონდა, ლიფტს სახლისკენ გავექროლებინეთ. ამ დროს შევნიშნეთ ტროტუართან დადგმული ხის ყუთიდან გადმოყრილი ძაღლის თათები და გული აგვიჩუყდა. ცოტა ხანს შევჩერდით და დავრწმუნდით, რომ მძინარე ძაღლის თათები სამივემ შევამჩნიეთ. როცა  ეს ნახატი დავხატე, ბავშვებმა ულამაზესი ღიმილით დამაჯილდოვეს.

მეხუთე ნახატი

მაღაზიიდან შინისკენ მივიჩქაროდი. შორიდან დავინახე ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი – ხელჩაკიდებულებს ბავშვი მოჰყავდათ. უეცრად ეს კაცი ჩარლი ჩაპლინივით ამოძრავდა და ბავშვმა სიცილი ატეხა. ისეთი საოცარი იყო, მათი გართობა რომ დავინახე. ახლაც მაბედნიერებს უცნობი ადამიანების სიხარულის გახსენება.

მეექვსე ნახატი

ძილიდან რეალობაში დაბრუნება ხშირად პატარა დეტალებით გაოცებას უკავშირდება. თითქოს სამყარო მიღიმის და კარს ფართოდ მიღებს. ამ ნახატზეც ერთ-ერთი გამოღვიძებაა ასახული. თვალი გავახილე თუ არა, ფარდებს შორის შემომავალი მზის სხივები დავინახე. სულ ოდნავ რომ გამეტოკებინა თავი, მზის სხივების ნათება იკარგებოდა. გული მადლიერებით მევსება, როცა ასეთი პატარა ამბებს ვამჩნევ.

მეშვიდე ნახატი

ზოგჯერ უჩვეულოდ მშვენიერ სიზმრებს ვხედავ. ამ ნახატზე გავაცოცხლე შუადღის სიზმარი. მდინარეს წიგნებით სავსე მაგიდა მიაქვს სახლისკენ, სადაც ცხოვრობს გოგო. წიგნებს შორის ბიჭს დაუტოვებია წარწერა “love is…”. გოგოს საჩუქარი ძალიან გაუხარდა. – უცნობი წყვილის სასიყვარულო ისტორიას სიზმარშივე რადიოში ვისმენ და მოსმენილს კადრებად ვხედავ. ჩემი სიზმარი ძალიან შევიყვარე, შვილებს მოვუყევი და დავხატე. გავიდა დრო და ჩემმა ხუთი წლის გოგომ ჩემი ნახატის გვერდით თავისი თვალთახედვით აღქმული ჩემი სიზმარი დახატა.

 

მერვე ნახატი

„ლილე პაწია კალიამ შეაშინა. ცოცხით დავდევდი დასაჭერად და უეცრად სიცილი აგვიტყდა“. – მერვე ნახატის ამბავი ასეთი იყო. დავხედავთ ამ ნახატს და ისევ გვეცინება. ყველაზე მეტად ეს ნახატი გვიყვარს მე და ლილეს ამ ალბომიდან.

მეცხრე ნახატი

ლილემ ნოემბრის ამბავი ივნისში გამახსენა. ერთ საღამოს შინ ვბრუნდებოდით. სკოლის ღობესთან შემაჩერა და ხიდან გამომავალი ჩიტების გაბმული ჭიკჭიკი მომასმენინა. დავაკვირდით და მარადმწვანე ხის მიღმა დავინახეთ უამრავი ბეღურა. ლილე რომ არა, მე ვერც ჩიტების ჭიკჭიკს შევნიშნავდი და ვერც ბეღურებს დავინახავდი. რამდენ რამეს ვერ ვამჩნევთ?

მეათე ნახატი

ბოლო ნახატი დღეს საღამოს დავხატე. ეს სოფელი უწერაა, სადაც სამი წელი ვცხოვრობდი და „Mastsavlebeli.ge”-ს ავტორობამდე აქ გატარებულმა დღეებმა მომიყვანა. ჩემი დახატული სახლი ევგენი ბაბუას და ეთერი ბებოს აშენებულია. უწერაში ყოფნისას მათ შესახებ ხშირად ვწერდი. ახლა არცერთი მათგანი ცოცხალი აღარაა. დღეს მათი სახლის ეზოში მყოფს თვალწინ კადრებად გამირბინა, როგორ შედიოდა ჭიშკარში ტყიდან დაბრუნებული ევგენი ბაბუა ზურგზე აკიდებული გოდრით და ძალიან მომენატრა. სახლის დახატვის სურვილი დაბინდებისას მეწვია. სამი თვის ბიჭი გულზე მყავდა ჩამოკიდებული, ვიდექი ეზოში და სოფელში გატარებულ დღეებს ვიხსენებდი.  ჰაერში დატრიალებულმა კვამლმა მოგონებები გამოიხმო. სევდისგან გული მომეწურა, რას ვერ ვამჩნევდი მაშინ? რა დავკარგე? რა ვერ მოვიხელთე? სად არიან ადამიანები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობდნენ?

ხატვისას ლილე თავს დამტრიალებდა. ვიცი, რომ მაკვირდება და იმახსოვრებს ჩემს ქმედებებს. ვიცი, რომ ეს ნახატიც აუცილებლად აირეკლება მასზე.

ასე რომ, შეგვიძლია, ხატვა ამბის თხრობას დავუკავშიროთ. ამ ეტაპზე სახატავ ალბომში  იმისთვის ვხატავ, რომ ამბვი მოვყვე, გავიხსენო, არ დავივიწყო და ისევ განვიცადო

ენაგრამი  – Enagram

0

ენაგრამი – Enagram (https://enagram.ai/tools/spellchecker ) არის ენობრივი ტექნოლოგიების პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავითარებს და ქმნის მაღალი ხარისხის ენობრივ ხელსაწყოებს ქართულსა და სხვა ენებზე.

ენობრივი ტექნოლოგიებით შესაძლებელია:

  • ბეჭდვითი შეცდომების შესწორება.
  • ტექსტის გახმოვანება.
  • საუბრის ტექსტად გადაქცევა.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  1. მართლმწერი: ბეჭდვისას შეცდომები დაუშვი? შეასწორებინე.
  • შეამოწმე ბეჭდვითი შეცდომები.
  • შეამჩნიე და გაასწორე ორთოგრაფიული შეცდომები.
  • გადმოეცი სათქმელი გამართულად ქართულ და 60-ზე მეტ ენაზე.

ენაგრამის მართლმწერი (შესაძლებელია მისი ულიმიტოდ გამოყენება) ამოწმებს ნებისმიერი სირთულის ტექსტს და  წითელი ხაზით მონიშნავს დაშვებულ შეცდომებს. მათზე დაწკაპუნებით  მარჯვენა კუთხეში ჩნდება სწორი ფორმით ჩაწერილი სიტყვები.

 

  1. ამლაპარაკებელი: ტექსტის ალაპარაკება გინდა? გაახმოვანებინე.
  • კითხვას მოსმენა გირჩევნია? – მოგასმენინებთ.
  • მოსმენა გეხმარება, აღიქვა და შეაფასო, როგორ ჟღერს შენი ნაწერი სხვისთვის.
  • მოსმენასთან ერთად შეგიძლია, ბევრი სხვა საქმე აკეთო.

თითოეული მოთხოვნის დროს შესაძლებელია  200 სიმბოლოს გახმოვანება (თვეში ლიმიტი 20 000 სიმბოლო). ამისთვის  უნდა დავბეჭდოთ სასურველი ტექსტი. შემდეგ დავაწკაპოთ ღილაკზე „გაშვება და მოვითხოვოთ აუდიოჩანაწერის მიღება მეილზე, რომელსაც რამდენიმე წუთში გამოგვიგზავნის პროგრამა.

საცდელად მცირე მოცულობის ტექსტი შევარჩიე და ჩავსვი ენაგრამის სივრცეში.

თხუთმეტი საუკუნის წინათ, მეხუთე საუკუნეში, საქართველოს ძლევამოსილი მეფე იყო ვახტანგ გორგასალი. ყველაზე დაუვიწყარი სახსოვარი მეფემ თბილისის დაფუძნებით დატოვა. ის ადგილი, სადაც ახლა თბილისია, მანამდე ეჭირა ატეხილ ტყეს, რომელშიც მრავალი ნადირ-ფრინველი ბუდობდა.

დაახლოებით 7 წუთში ელფოსტაზე მივიღე გახმოვანებული აუდიოჩანაწერი (საუკეთესო ხარისხით).

გახმოვანებული ტექსტი – თბილისი

  1. საუბარმწერი: საუბრის ტექსტად გარდაქმნა გინდა? – დააწერინე
  • თუ უფრო სწრაფად ლაპარაკობ, ვიდრე წერ, დააწერინე.
  • ხანგრძლივ აუდიოს თუ უსმენ, ზოგჯერ გადაკითხვა ჯობია.
  • საუბრის „გატექსტება“ ხშირად აუცილებელია.

 

საუბარმწერის თითოეული მოთხოვნისთვის განკუთვნილია 60 წამი (თვეში ლიმიტი – 1800 წამი).

ჩემ მიერ ჩაწერილი საუბარი სრული სიზუსტით აისახა ტექსტში.

იმავდროულად, მოვსინჯე youtube-ის ბმულის ჩასმა. დაახლოებით 5-7 წუთში ელფოსტაზე მივიღე ტექსტად ქცეული ვიდეოჩანაწერი.

 

შენიშვნა: ამ ეტაპზე, ტექსტს მცირეოდენი რედაქტირება სჭირდება,

 

სამი მარტივი ნაბიჯით შესაძლებელია, ენაგრამის მართლმწერი დავამატოთ Microsoft Word-ში, რომელიც უფრო მეტად კომფორტულს გახდის ჩვენს საქმიანობას.

  1. გავხსნათ Microsoft Wordის დოკუმენტი და დავაწკაპოთ Add insზე

 

  1. საძიებო ველში მოვძებნოთ Enagram და დავაჭიროთ ღილაკს Add

 

 

  1. Wordის დოკუმენტის ჩანართში გამოჩნდება ტექსტის შემოწმების ღილაკი.

მასზე დაწკაპებით ენაგრამის მართლმწერი გააქტიურდება.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პლატფორმას https://enagram.ai/aboutus

შეგვიძლია, ავირჩიოთ სასურველი პაკეტი: ძირითადი  ან პრემიუმი (სატესტო რეჟიმში პრემიუმ პაკეტით სარგებლობა უფასოა, დეტალებს ვებგვერდზე გაეცნობით).

მე ავირჩიე პაკეტი ძირითადი – მცირე ტექსტებისთვის.

სცადეთ თქვენც!

გამოყენებული რესურსი:

https://enagram.ai/tools/spellchecker

სასწავლო კვლევითი პროექტი „შემკრები ლინზის ფოკუსური მანძილის განსაზღვრა“

0

საგნობრივი შედეგების გარდა, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სწავლა-სწავლებისა და შეფასების სამიზნეა შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები: შემოქმედებითობა, თანამშრომლობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, დროსა და სივრცეში ორიენტირება, სწავლის სწავლა, დამოუკიდებლად საქმიანობა, პასუხისმგებლობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, წიგნიერება. ყველა ამ კომპეტენციის დაფარვა შესაძლებელია სასწავლო კვლევითი პროექტების განხორციელებით. პროექტებით სწავლებისას მოსწავლეს უვითარდება ისეთი უნარები და შესაძლებლობები, როგორებიცაა:

  • ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება, ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა, ახლის შექმნა, დასმული პრობლემების გადასაჭრელად არასტანდარტული გზების მოძიება, გამოწვევების მიღება და გაბედული ნაბიჯების გადადგმა;
  • სამუშაოს თანაბრად განაწილება და შესრულება ჯგუფური მუშაობის დროს; განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა; რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით;
  • სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა; ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით;
  • აქტივობის დაგეგმვა, სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;
  • სწავლის პროცესის მონიტორინგი; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად; სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;
  • სოციო-ემოციური მართვა – საკუთარ თავში სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა;
  • ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტიანად გამოყენება;
  • სასკოლო საქმიანობებში ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;
  • საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღება;
  • ცხრილების (მათ შორის ელექტრონული ცხრილების) გამოყენება მონაცემთა ორგანიზება-წარმოდგენის, მათი დამუშავებისა და ანალიზის მიზნით;
  • საბუნებისმეტყველო შინაარსის დინამიკური, ვირტუალური სიმულაციების მიზნობრივად გამოყენება;
  • კვლევითი სამუშაოების ოქმებისა და ანგარიშების შექმნა ტექსტურ რედაქტორებში.

 

წარმოგიდგენთ სასწავლო კვლევითი პროექტის გეგმას ფიზიკაში „შემკრები ლინზის ფოკუსური მანძილის განსაზღვრა“. პროექტი შესაძლებელია განხორციელდეს ინტეგრირებულად ბიოლოგიასთან. ასევე, თანამედროვე უცხოური ლიტერატურის განსახილველად და სათარგმნად საჭირო იქნება პროექტის ინტეგრირება უცხო ენასთანაც. ასეთი მიდგომები ხელს შეუწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობითი კულტურის ამაღლებას და რაც მთავარია, მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობას გახდის მეტად საინტერესოს და პროდუქტიულს.

 

პროექტის სახელწოდება

 

 ლინზის დამზადება და ლინზის ფოკუსური მანძილის განსაზღვრა

საგანი ფიზიკა
 

პროექტში მონაწილეები

 

მე-11 კლასის მოსწავლეები

 

პრობლემის ანალიზი

 

 

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს:

·         მატერიის რომელი სახეები გვხვდება განსახილველ საკითხში, რისგან შედგება ნივთიერება, რომელიც მის მიერ განსახილველ საკითხში მონაწილეობს;

·         რა თვისობრივი ცვლილებები მიმდინარეობს განსახილველ ფიზიკურ პროცესში და როგორ აღიწერება ეს ცვლილებები რაოდენობრივად;

·         ენერგია, როგორც სისტემის მდგომარეობის განმსაზღვრელი სიდიდე და ამ სისტემის მუშაობის შესრულების უნარი;

·         ენერგიის რომელი სახეებით ხასიათდება განსახილველი მოვლენაში მონაწილე სხეულები და როგორ გარდაიქმნება ენერგია;

·         დააკავშიროს ერთმანეთთან განსახილველი მოვლენის გამომწვევი მიზეზები და შედეგები.

თემა

საკითხები

ქვესაკითხები

ოპტიკა

ლინზა

სხივთა სხვა სამკუთხა პრიზმაში; სხივთა სვლა ლინზაში; გამოსახულების აგება ლინზაში.

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მატერია:

·         სინათლე მატერიალურია და შესაძლებელია აღიწეროს, როგორც ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელება;

·         სხვადასხვა გარემოში სინათლის გავრცელების თავისებურებები დამოკიდებულია ამ გარემოს ფიზიკურ თვისებებზე, რომელსაც, თავის მხრივ, მოცემული გარემოს შემადგენელი ნაწილაკების გვარობა და განლაგება განსაზღვრავს;

·         სინათლის გარდატეხის მოვლენის აღწერა ოპტიკური მოვლენების ასახსნელად;

·         ექსპერიმენტების ჩატარება ვაკუუმსა და ერთგვაროვან ნივთიერებაში სინათლის წრფივი გავრცელების დასასაბუთებლად.

ენერგია:

·         ელექტრომაგნიტური ტალღის ენერგია/სინათლის ენერგია; შინაგანი ენერგია; მოლეკულების ქაოსურად მოძრაობის კინეტიკური ენერგია; შინაგანი ენერგია/მოლეკულების ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია.

·         ოპტიკური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია სინათლის ენერგიის ლოკალიზება და სხვა სახის ენერგიად გარდაქმნა.

ძალა:

·         გრავიტაცია გავლენას ახდენს სინათლის წრფივად გავრცელებაზე;

მოძრაობა და პროცესები:

·         ინფორმაციის მოძიების უნარის გამოყენება სინათლის სიჩქარის გაზომვის სხვადასხვა მეთოდების აღმოსაჩენად;

·          სხვადასხვა გარემოში სინათლის სიჩქარის/მიმართულების ცვლილება აღიწერება რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლებით;

·         ექსპერიმენტის დაგეგმვა და უსაფრთხოდ განხორციელება პრიზმაში, ბრტყელ-პარალელურგვერდებიან ფირფიტასა და თხელ ლინზაში სინათლის სვლის აღსაწერად.

 

სტანდარტთან კავშირი

 

 

 

 

 

ფიზ.საშ.1. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება მატერიის სახეების ფიზიკური თვისებებისა და მათი ცვლილების დასახასიათებლად;

ფიზ.საშ.2. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება სხეულთა ურთიერთქმედებისა და ურთიერთქმედების მიზეზების/შედეგების შესასწავლად;

ფიზ.საშ.3. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება ენერგიის სახეებისა და მათი ურთიერთგარდაქმნის მიზეზების აღსაწერად;

ფიზ.საშ.4. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების/პროცესების დასახასიათებლად.

კვლევა,

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

კვლევის მეთოდებია: ცდა (ექსპერიმენტი), ინფორმაციის მოძიება, მონაცემების დამუშავება (ანალიზურად, გრაფიკულად, დიაგრამებით), ვირტუალურ ლაბორატორიაში რეალური მოვლენის მოდელირება და სხვა;

• ექსპერიმენტის მსვლელობისას აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა;

• რეალური მოვლენის მოდელირებისას შესაძლოა უგულებელყოფილ იქნას გარკვეული ფაქტორები, რის გამოც რეალობისაგან აცდენილ შედეგს მივიღებთ.

• მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის აუცილებელია აღმოჩენები, ხოლო სხვადასხვა პროფესიის დაუფლებისთვის – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ცოდნა და კვლევითი უნარების ჩამოყალიბება.

მდგრადი განვითარების მიზნები  მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება
პროექტის მიზანი

 

 

 

 

მოსწავლემ:

·         იმსჯელოს სინათლის ორმაგი ბუნების, სინათლის გავრცელების, არეკვლის, შთანთქმის, გარდატეხის კანონებზე;

·         ვირტუალური და რეალური ექსპერიმენტებით დაადგინოს კანონზომიერები, როგორ ხდება სხივთა სხვა სამკუთხა პრიზმაში; სხივთა სვლა ლინზაში;

·         დაამზადოს შემკრები ლინზა და შეძლოს გამოსახულების აგება ლინზაში;

·         დაახასიათოს თვალი, როგორც ოპტიკური სისტემა და მოახდინოს ცოდნათა ურთიერთდაკავშირება ფიზიკასა და ბიოლოგიაში;

ჩაატაროს ექსპერიმენტები და გამოიანგარიშოს მის მიერ დამზადებული ლინზის ფოკუსური მანძილი.

გრძელვადიანი მიზანი ·         შეძლოს მოპოვებული ინფორმაციის ეფექტურად გამოყენება; საკუთარი მოსაზრების დასაბუთება შესაბამისი არგუმენტებისა და მაგალითების მოყვანით;

·         გააცნობიეროს მდგრადი განვითარების მიზნებით დასახული ამოცანების განმხორციელების ეფექტურობა და აუცილებლობა;

·         გამოიმუშაოს გაცნობილი მასალის დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, სამომავლოდ გამოყენების, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.

სწავლის შედეგებიშედეგები საშუალო საფეხურის სტანდარტის მიხედვით: სამიზნე ცნებები:

მატერია

·         მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ნივთიერებების შემადგენელი სტრუქტურის დახასიათება;

 ენერგია

·         მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ენერგიის სახეებზე და მათი ურთიერთგარდაქმნის მიზეზებზე/შედეგებზე მსჯელობა ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების დასახასიათებლად;

 ფიზიკური პროცესი

·         მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ბუნებაში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება ფიზიკური პროცესების/მოვლენების აღსაწერად და დასახასიათებლად.

პროექტის ამოცანები

 

მოსწავლეებმა მოამზადონ პრეზენტაციები და იმსჯელონ:

·         სინათლეზე, როგორც მატერიის ერთ სახეზე და იმ ფიზიკურ პროცესებზე, რომლებიც თან ახლავს სინათლის გავრცელებას, შთანთქმასა და გარდატეხას;

·         საკუთარი რესურსებით დაამზადონ შემკრები ლინზა;

·         ჩაატარონ ექსპერიმენტები და გამოთვალონ შემკრები ლინზის ფოკუსური მანძილი.

მოსალოდნელი შედეგები

 

·         მოსწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით, მოდელზე მუშაობით და საბოლოო პროდუქტის შექმნით გაიღრმავებენ ცოდნას ფიზიკაში;

·          განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო და ცოდნის ტრანსფერული უნარები;

·         გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება; ინფორმაციის თარგმნა; მოდელის შექმნა; ექსპერიმენტის დაგეგმვა; საგანმანათლებლო პროგრამებით მუშაობა; პრეზენტაციების მოწყობა).

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

 

აქტივობა 1. თეორიული მასალის დამუშავება და პრეზენტაციების მომზადება

სინათლის გავრცელების, არეკვლის და გარდატეხის კანონების შესწავლა

·         კლასის გაყოფა ჯგუფებად;

·         პრეზენტაციების მომზადება და დისკუსიის წარმართვა:

ჯგუფი I – სინათლე სინათლის სიჩქარის გაზომვის მეთოდები; ჩრდილი და ნახევარჩრდილი; ფერადი ჩრდილი

ჯგუფი II – სინათლის არეკვლა და გარდატეხა; გამოსახულების აგება ბრტყელ სარკეში

ჯგუფი III – რა არის ფერი

ჯგუფი IV – ლინზა; გამოსახულების აგება ლინზაში

ჯგუფი V- თვალი ცოცხალი ოპტიკური სისტემა

 

სავარაუდო კითხვები I ჯგუფის პრეზენტაციისთვის:

სინათლე სინათლის სიჩქარის გაზომვის მეთოდები; ჩრდილი და ნახევარჩრდილი; ფერადი ჩრდილი

1.    როგორი ბუნება აქვს სინათლეს?

2.    როგორ გარემოში ვრცელდება სინათლე?

3.    როგორ ვრცელდება სინათლე ერთგვაროვან გარემოში?

4.    რა არის სინათლის სხივი?

5.    როდის არის სინათლის წყარო წერტილოვანი?

6.    რას ეწოდება ოპტიკური სიმკვრივე? გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი?

7.    როდის ჩნდება ჩრდილი? ნახევარჩრდილი?

8.    რატომ ხდება მზის დაბნელება?

9.    რატომ ხდება მთვარის დაბნელება?

10.  რატომ ვხედავთ მთვარეს სხვადასხვა ფაზაში?

სავარაუდო კითხვები II ჯგუფის პრეზენტაციისთვის:

სინათლის არეკვლა და გარდატეხა; გამოსახულების აგება ბრტყელ სარკეში

1.    რაში მდგომარეობს სინათლის არეკვლის კანონები?

2.    როდის ხდება სრული შინაგანი არეკვლა?

3.    როგორ განისაზღვრება სრული შინაგანი არეკვლის ზღვრული კუთხე?

4.    როდის გარდატყდება სინათლე?

5.    რა ხდება, როდესაც სინათლე ორი გარემოს გამყოფ საზღვარს ეცემა?

6.    რაში მდგომარეობს სინათლის გარდატეხის კანონი?

7.    რატომ გეჩვენება წყალში ფანქარი გატეხილი?

8.    შექცევადია თუ არა დაცემული და გარდატეხილი სხივები?

9.    რა არის გარემოს გარდატეხის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებელი?

10.  რატომ ვხედავთ საგნებს?

11.  რა არის სარკული არეკვლა?

12.  რას ეწოდება დიფუზიური არეკვლა?

13.  რომელი არეკვლით ვხედავთ სხეულებს, სარკულით თუ დიფუზიურით?

სავარაუდო კითხვები III ჯგუფის პრეზენტაციისთვის:

რა არის ფერი

1.    როგორია ხილული სინათლის ტალღის სიგრძის და სიხშირის დიაპაზონი?

2.    დაასახელეთ სპექტრის ფერები?

3.    რა შემთხვევაშია ზედაპირი თეთრი ფერის?

4.    რა შემთხვევაშია ზედაპირი შავი ფერის?

5.    რა შემთხვევაშია ზედაპირი სხვადასხვა ფერის?

6.    რა არის ფერი?

7.    როგორ აღიქვამს ადამიანის თვალი ფერებს?

8.    რატომ არის ცა ცისფერი?

9.    როგორ ხდება სხივთა სვლა სამკუთხა პრიზმაში?

10.  რამდენჯერ გარდატყდება სხივი სამკუთხა პრიზმაში გასვლისას?

 სავარაუდო კითხვები IV ჯგუფის პრეზენტაციისთვის:

 ლინზა; გამოსახულების აგება ლინზაში

1.    საით გადაიხრება სამკუთხა პრიზმიდან გამოსული სხივი?

2.    რა არის ლინზა? თხელი ლინზა?

3.     რას ეწოდება გამბნევი ლინზა?

4.    რას ეწოდება შემკრები ლინზა?

5.    როგორ შეიძლება დამზადდეს ლინზა?

6.    შეიძლება თუ არა რომ ლინზა განვიხილოთ, როგორც პრიზმების ერთობლიობა?

7.    რას ეწოდება ლინზის ფოკუსური მანძილი?

8.    რას ეწოდება გრავიტაციული ლინზირება?

9.    რას ეწოდება ლინზის ოპტიკური ძალა?

10.  რას ეწოდება ლინზის გამადიდებლობა?

11.   განიხილეთ გამოსახულების აგება ლინზაში საგანსა და ლინზას შორის მანძილის ცვლილების მიხედვით.

12.   როგორია თხელი ლინზის ფორმულა?

სავარაუდო კითხვები V ჯგუფის პრეზენტაციისთვის:

თვალი ცოცხალი ოპტიკური სისტემა

1.    როგორი აგებულება აქვს ადამიანის თვალს?

2.    როგორ ხედავს ადამიანის თვალი?

3.    რას ეწოდება აკომოდაცია?

4.    სად ფოკუსირდება ნორმალური თვალის შემთხვევაში სხივები?

5.    რას ნიშნავს ახლომხედველი თვალი?

6.    რას ნიშნავს შორსმხედველი თვალი?

7.    როგორი (შემკრები თუ გამბნევი) ლინზისგან დამზადებული სათვალეა საჭირო შორსმხედველობის დროს?

8.    როგორი (შემკრები თუ გამბნევი) ლინზისგან დამზადებული სათვალეა საჭირო ახლომხედველობის დროს?

აქტივობა 2. მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციების წარდგენა

 პრეზენტაციების განხილვა, დისკუსიები და მასალის შეჯამება;

პრეზენტაციების წარდგენისას მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ვირტუალური ლაბორატორიის შესაბამისი ექსპერიმენტები.

აქტივობა 3. მოსწავლეთა მიერ შემკრები ლინზის დამზადება

თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება ინსტრუქციის მიხედვით დაამზადოს შემკრები ლინზა.

ინსტრუქციის ბმულები:

https://www.youtube.com/watch?v=_iOK-23hAL4

https://www.youtube.com/watch?v=1FSzVsCt1_U

აქტივობა 3. ექსპერიმენტის საშუალებით შემკრები ლინზის ფოკუსური მანძილის განსაზღვრა

ექსპერიმენტის მსვლელობა:

1.    მნათ საგანსა და ეკრანს შორის მოათავსეთ შემკრები ლინზა.

2.    ლინზის გადაადგილებით მიაღწიეთ საგნის მკაფიო გამოსახულებას (მიიღეთ როგორც გადიდებული, ასევე შემცირებული გამოსახულებები);

3.    ათვალეთ შესაბამისი d და f მანძილები – (d) მანძილი საგნიდან ლინზამდე, (f) მანძილი ლინზიდან გამოსახულებამდე);

4.    ცდა გაიმეორეთ 3-ჯერ, როცა სინათლის წყაროსა და ლინზას შორის არსებული d მანძილი დააკმაყოფილებს შემდეგ პირობას:F <d < 2F (ე.ი. საგნის გამოსახულება გადიდებულია);

5.     ახლა ლინზა ამოძრავეთ მანამ, სანამ ეკრანზე საგნის მკაფიო შემცირებულ გამოსახულებას არ მიიღებთ;

6.     აითვალეთ სათანადო მანძილები: საგნიდან ლინზამდე (d), ლინზიდან გამოსახულებლამდე (f);

7.     ცდა გაიმეორეთ 3-ჯერ საგნის შემდეგი მდებარეობისათვის:d > 2F;

8.    ყველა შემთხვევისთვის გამოთვალეთ შემკრები ლინზის ფოკუსური მანძილი:

 

 

9.    გააკეთეთ გაანგარიშებები და გამოთვალეთ აბსოლუტური და ფარდობითი ცდომილებები;

10.   შედეგები შეიტანეთ დაკვირვებათა ცხრილში;

11.  გამოთვალეთ ფოკუსური მანძილის საშუალო მნიშვნელობა;

12.  გამოთვალეთ აბსოლუტური და ფარდობითი ცდომილებები.

დაკვირვებათა ცხრილი:

 

სასარგებლო ბმულები: https://rb.gy/xq0cxk

https://rb.gy/9qsjuc

https://rb.gy/pvsicw

https://rb.gy/ctm4gu

https://phet.colorado.edu/en/simulations/color-vision

https://www.youtube.com/watch?v=f4ZHdzl6ZWg

https://www.youtube.com/watch?v=rkm3souCAg8

https://flexbooks.ck12.org/user:z2vvcmdpywnozw1pc3ryeteyqgdtywlslmnvbq../cbook/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/?fbclid=IwAR25BL-1eXRlMR38wN3zF7X1i0w9_lrrTGCd1jegsVJ-cO7fbMgTlQq6luE

https://simtest.ck12.org/simulations/physics/diamond-cut/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/prom-night/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/rose-colored-glasses/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/magnifying-glass/app/index.html?screen=sandbox&lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://educationhouse.ge/storage/books/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%90_2240.pdf

გამოყენებული

რესურსები:

პლასტმასის ბოთლი ან პოლიეთილენი, მაკრატელი, წებო, ერთჯერადი შპრიცი, წყალი, სინათლის წყარო, სახაზავი, ეკრანი.

 

მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა:

1. როგორ ფიქრობთ, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?

ა) ბევრი რამ მასწავლა;

ბ) მასწავლა;

გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;

დ) ახალი არაფერი მისწავლია.

2. მოცემულ დავალებებს დროულად ასრულებდით თუ არა?

ა) ყოველთვის;

ბ) ხშირად;

ბ) პერიოდულად;

დ) იშვიათად.

3. როგორ თვლი შენს როლს პროექტის განხორციელებაში?[td_smart_list_end]

ა) მნიშვნელოვანი როლი მქონდა;

ბ) ვთვლი, რომ გარკვეულწილად თავს ვართმევდი საქმიანობებს;

გ) უმნიშვნელო იყო;

დ) რომ არ ვყოფილიყავი პროექტში, არაფერი შეიცვლებოდა.

4.დაასახელე ამ პროექტის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები შენი შემდგომ პროექტში მონაწილეობისათვის.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. რას შეცვლიდი პროექტში?

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

 

პროექტის შეფასების რუბრიკა

სამიზნე ცნება დაბალი საშუალო მაღალი
მატერია მოსწავლემ იცის ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: სინათლე არის ელექტრომაგნიტური ტალღა, სინათლე არის ნაწილაკების კონა. არ ესმის მისი ორმაგი ბუნების არსი.

ვერ ამჟღავნებს შესაბამის ცოდნას.

მოსწავლეს ესმის რაში მდგომარეობს სინათლის ორმაგი ბუნება. განმარტავს სინათლის დუალიზმს, მაგრამ ვერ აყალიბებს მის ფიზიკურ შინაარსს.

აქვს ზედაპირული ცოდნა და უჭირს ცოდნის ტრანსფერი.

მოსწავლე მსჯელობს სინათლის ორმაგ ბუნებაზე, აცნობიერებს მის ნაწილაკურ და ტალღურ თვისებებს. მსჯელობს სინათლის გავრცელების, არეკვლისა და გარდატეხის კანონებზე სინათლის კორპუსკულურ თვისებებზე დაყრდნობით.

მსჯელობს სინათლის გავრცელების სიჩქარეზე, როგორც ელექტრომაგნიტურ ტალღაზე.

ამჟღავნებს სიღრმისეულ ცოდნას და ახდენს ცოდნის ტრანსფერს.

ენერგია მოსწავლემ იცის ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: სინათლეს გადააქვს ენერგია, ან ლინზა კრებს სინათლის სხივებს, ან ლინზით შეიძლება ცეცხლის გაჩენა.

ვერ ამზადებს ლინზას და ვერ ატარებს დაგეგმილ ექსპერიმენტს.

 

მოსწავლემ იცის, რომ სინათლეს გავრცელებისას გადააქვს ენერგია, მაგრამ ვერ ასაბუთებს მაგალითებით. იცის, რომ ლინზა კრებს სინათლეს, მაგრამ ვერ ხსნის როგორ. იცის, რომ ლინზას შეუძლია ენერგიის კონცენტრირება, მაგრამ ვერ მსჯელობს ენერგეტიკულ გარდაქმნებზე.

შეუძლია ლინზის დამზადება ინსტრუქციის მიხედვით, მაგრამ ვერ მსჯელობს ლინზის მოქმედების პრინციპზე.

ატარებს ექსპერიმენტს, მაგრამ უჭირს აღებული მონაცემებით ლინზის ფოკუსური მანძილის განსაზღვრა. უჭირს ცოდნათა დაკავშირება.

მოსწავლემ იცის, რომ სინათლეს გავრცელებისას გადააქვს ენერგია და ასაბუთებს მაგალითებით. იცის სხივთა სხვა ლინზაში, როგორ შეუძლია ლინზას სხივების შეკრება, მსჯელობა ლინზის მოქმედების პრინციპზე.

შეუძლია ლინზის დამზადება ინსტრუქციის მიხედვით. ექსპერიმენტზე დაყრდნობით შეუძლია ლინზის ფოკუსური მანძილის განსაზღვრა.

მსჯელობს ლინზის საშუალებით ენერგიის კონცენტრირებასა და ენერგეტიკულ გარდაქმნებზე.

მსჯელობს ყოფა-ცხოვრებაში ლინზის გამოყენების სხვადასხვა მაგალითებზე.

ფიზიკური

პროცესი

მოსწავლემ იცის ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

როგორ ვრცელდება სინათლე ერთგვაროვან გარემოში, როგორი გამოსახულება მიიღება ბრტყელ სარკესა და ლინზაში; როდის ხდება სინათლის არეკვლა, სინათლის გარდატეხა, რა არის პრიზმა.

არ შეუძლია ცოდნათა ურთიერთდაკავშირება.

მოსწავლემ იცის სინათლის არეკვლის და გარდატეხის კანონები, რას წარმოადგენს ბრტყელი სარკე და ლინზა; როგორი გამოსახულებს მიიღება ბრტყელ სარკესა და ლინზაში, თუმცა ვერ აგებს შესაბამის გამოსახულებებს. იცის, რა არის პრიზმა, თუმცა ვერ მსჯელობს სხივთა სხვაზე სამკუთხა პრიზმაში, განმარტავს სინათლის გარდატეხას, მაგრამ ვერ მსჯელობს ამ მოვლენაზე.

შეუძლია დაამზადოს მოდელი რესურსის გამოსაყენებლად, მაგრამ ვერ მსჯელობს მისი მოქმედების პრინციპზე.

მოსწავლე მოიძებს ინფორმაციას სინათლის სიჩქარის გაზომვის სხვადასხვა მეთოდის აღმოჩენასთან დაკავშირებით.

გეგმავს ექსპერიმენტს პრიზმაში, ბრტყელ, პარალელურგვერდებიან ფირფიტასა და თხელ ლინზაში სინათლის სვლის აღსაწერად;

აგებს გამოსახულებებს სინათლის არეკვლის კანონებით ბრტყელ და სფერულ სარკეებში მათი ყოფა-ცხოვრებასთან დასაკავშირებლად;

სინათლის არეკვლის, გარდატეხისა და სრული შინაგანი არეკვლის მოვლენებს იყენებს სხვადასხვა ოპტიკური ხელსაწყოების/სისტემების (თვალი, სათვალე, ლუპა, ტელესკოპი, მიკროსკოპი, ოპტიკური ბოჭკო) მუშაობის პრინციპის ასახსნელად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

.ტატიშვილი: ფიზიკა, მე-11 კლასი, მასწავლებლის წიგნი;

.ტატიშვილი: ფიზიკა, მე-11 კლასი, მოსწავლის წიგნი;

საშუალო საფეხურის ფიზიკის სტანდარტი;

https://ck12.edu.ge/el-saxelmzgvaneloebi/

 

გამარჯვებები, რომლებზეც ბევრს ვისაუბრებთ და სხვებსაც მოვუყვებით

0

წლევანდელი ივნისი საქართველოში განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გამოსვლამ ყველა გაგვაერთიანა. გამოცდილმა გულშემატკივრებმაც და იმ ადამიანებმაც, რომლებიც ფეხბურთს ერთი ბურთისა და 22 მოთამაშის სპორტად მიიჩნევდნენ, ტელეეკრანებთან თუ სტადიონზე მოვიყარეთ თავი.

ჩვენი თაობა თბილისის „დინამოს“ მიღწევებზე გაიზარდა. ყოველი 13 მაისი ჩვენთვის 1981 წლის წარმატებასა და კოტე მახარაძის ხმასთან ასოცირდებოდა. დამოუკიდებელმა საქართველომ 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერაფერს მიაღწია, სანამ არ დადგა 2024 წლის 26 მარტი და შემდეგ – 26 ივნისი. ამ დღეებში ისეთი გამარჯვებები ჩავიწერეთ ისტორიაში, რომლებზეც ბევრს ვისაუბრებთ და სხვებსაც მოვუყვებით.

მაისში გამოქვეყნებული ჩემი წერილი 26 მარტი – ბედნიერების ცრემლების და სიხარულის დღე სრულდებოდა სიტყვებით: „ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული გამარჯვებები! ისეთი გამარჯვებები, რომლებსაც იზეიმებს ყველა ქართველი, დიახ, ყველა, ვინც საქართველოს მოქალაქეა! ჩვენ გვჭირდება გამარჯვებები, რომლებიც ენგურს გაღმა თუ სამაჩაბლო-ახალგორში სიმპათიას და კეთილ შურს გამოიწვევს, ისეთი გამარჯვებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების გულის ფეთქვის ვექტორს შეცვლის! გამარჯვებები, რომლებიც გაზრდის საერთო სულისკვეთებას, გამარჯვებები დიდი ბრძოლის მოსაგებად!“. ჩვენი საფეხბურთო ივნისი სწორედ ასეთი გამოვიდა.

 

სამზადისი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა თუ არა, დავიწყე ინფორმაციის ძიება იმის შესახებ, როგორ მოვხვედრილიყავი რომელიმე თამაშზე. 27 მარტს უკვე ზეპირად ვიცოდი ბილეთების გაყიდვის უეფას მიერ დადგენილი წესები და პროცედურა, თარიღები და ა.შ.

ამის შემდეგ გერმანიაში მოსახვედრი მარშრუტების დამუშავება დავიწყე. ლეპტოპში გავხსენი საქაღალდე და სპეციალურ ცხრილში შემქონდა ინფორმაცია ყველაზე ხელსაყრელი და იაფი გზების შესახებ.

განწყობა და საფეხბურთო ლოგიკა ჩეხეთთან, ქალაქ ჰამბურგში გასამართ თამაშზე დასწრებას მკარნახობდა. სამწუხაროდ, საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვის ეტაპზე არ გამიმართლა, მატჩზე დასასწრები ბილეთი ვერ შევიძინე…

 

მეორე შანსი და ბედნიერი დამთხვევა

უეფას აქვს ასეთი წესი: გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, ნაყიდი ბილეთები ისე დააბრუნოს, რომ ფინანსური ზარალი არ განიცადოს. ბილეთის შეძენის მეორე შანსი მაისში, სწორედ უკან დაბრუნებული ბილეთების გაყიდვის დროს მომეცა. ვებგვერდზე მხოლოდ ძვირიანი ბილეთები იყო დარჩენილი.

იმავე პერიოდში მივიღე მოსაწვევი ლიეტუვაში გასამართი „ერასმუს+“ პროგრამის მოკლევადიან ტრენინგზე დასასწრებად. მნიშვნელოვანი დეტალი ის იყო, რომ ტრენინგის დასასრული საქართველო-ჩეხეთის თამაშს ემთხვეოდა. სწორედ ამ დამთხვევის წყალობით მოვახერხე ბილეთის შეძენა, რადგან ლიეტუვამდე მგზავრობის ხარჯი, როგორც მონაწილეს, ტრენინგის ორგანიზატორებმა ამინაზღაურეს. ლიეტუვიდან გერმანიაში მოხვედრა კი ადვილი აღმოჩნდა.

 

ამბავი ჰამბურგში ნანახისა და გულშემატკივრობის კულტურისა

ჩვენ ევროპელები ვართ. ეს სიტყვები ვინმეს მიერ ხელოვნურად შემოგდებული რომ არ არის, ნათლად დაგვანახა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლამ, როგორც გერმანული ქალაქების მოედნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა და ლაღმა ბურთაობამ, ისე მოედნის მიღმა მაყურებლის მიერ ნაჩვენებმა კულტურამ და ეთიკამაც.

ჰამბურგი ჩრდილოეთი გერმანიის საპორტო ქალაქია. პორტი მდინარე ელბაზეა გაშენებული და ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში (ტვირთბრუნვით ჩამოუვარდება მხოლოდ როტერდამისა და ანტვერპენის პორტებს).

ჰამბურგში ბერლინიდან ჩავედი ავტობუსით. ავტობუსშივე აღმოვაჩინე ქართველი გულშემატკივრების ორი ჯგუფი. ისინიც ჩემსავით თამაშზე დასასწრებად მოდიოდნენ.

ავტოსადგური ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ბარგი შესანახ საკანში დავტოვე და ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურე. გერმანული შაბათ-კვირისთვის დამახასიათებელი მშვიდი დილა იყო. ქალაქის ძველი უბნისკენ მიმავალ გზაზე თეთრ-წითელ ფერებში გამოწყობილი ხალხის რაოდენობა იზრდებოდა. ჩვენი საფირმო მისალმება იყო „გამარჯვება!“ ქართველი ქომაგი დილიდანვე იჭერდა თადარიგს.

ძველი უბნის მონახულების შემდეგ ნავსადგურისკენ გადავინაცვლე. ქალაქის ამ ნაწილში ჩეხი გულშემატკივარი ჭარბობდა. ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ, მღეროდნენ… ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.

 

შეკრების ადგილი და სტადიონი

დაახლოებით 12 საათისთვის მეგობრებთან ერთად ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილ შეკრების ადგილზე გადავინაცვლე. ჰამბურგის რკინიგზის ცენტრალურ სადგურში დაახლოებით იგივე სიტუაცია დამხვდა, რაც თბილისში, სადგურის მოედანზე ან მეტროსადგურ წერეთელზე ხდება ხოლმე ნაკრების თამაშის დღეს.

თეთრ-წითელში გამოწყობილი გულშემატკივრებით გადაჭედილ მოედანზე გაჩაღებული ცეკვები, ქართული სიმღერები, ჰიმნი და შეძახილები თამაშამდე არაჩვეულებრივ განწყობას ქმნიდა.

ჰამბურგში მარტო არ ვიყავი – თამაშს ჩემი მეგობარი სოფიო ბაჩილავა და მისი ოჯახიც ესწრებოდნენ. სამწუხაროდ, ქომაგების მსვლელობას ვერ მივუსწარით, ამიტომ სტადიონისკენ მიმავალ, მწვანეში ჩაფლულ ვიწრო გზას დავადექით.

ჰამბურგის სტადიონი (Volksparkstadion) არაჩვეულებრივი ნაგებობა აღმოჩნდა. გავიარე უსაფრთხოების ზონა, კონტროლი და აღმოვჩნდი სტადიონზე, სადაც ჩემი ყურადღება ხასხასა მინდორმა და ლურჯმა ტრიბუნებმა მიიპყრო.

ყოველ იარუსზე კვების ობიექტები იყო მოწყობილი. მეორეული მოხმარების წახალისების მიზნით გამაგრილებელი სასმელები და ლუდი მრავალჯერადი გამოყენების ჭიქებით იყიდებოდა. თუ ჭურჭელს დააბრუნებდი, სამ ევროს უკან გიბრუნებდნენ.

 

თამაში

თამაში არაჩვეულებრივი გამოვიდა. პირველ ტაიმში დავწინაურდით. ჩვენ გვერდით ნეიტრალური გულშემატკივრები ისხდნენ და მთელი გულით ქომაგობდნენ საქართველოს. ევროპის ჩემპიონატზე ბევრი მხარდამჭერი შევიძინეთ.

მეორე ტაიმი უფრო რთული აღმოჩნდა. ჩეხები გამუდმებით და შეუჩერებლად გვიტევდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეტევის შემდეგ ანგარიში გაგვითანაბრეს. მამარდაშვილის გაბედული ქმედებები რომ არა, თამაშს წავაგებდით.

დამატებითი დროის ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებულმა კარგმა შანსმა ქართველ გულშემატკივარს განწყობა გაუფუჭა. ეს მომენტი რომ არა, სტადიონიდან გახარებულები წამოვიდოდით.

 

თამაშის შემდეგ

თამაშის შემდეგ ქართველებს დანა კბილს არ გვიხსნიდა. ჩეხი გულშემატკივრები უფრო იმედიანად ტოვებდნენ მოედანს – წინ კიდევ ერთი თამაში იყო და ჩეხების მიერ თურქების დამარცხების შანსი უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე ჩვენი ნაკრების პორტუგალიასთან მოგებისა.

გულისწყრომამ ნელ-ნელა გაგვიარა. მალე გავაცნობიერეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა ჩავიწერეთ აქტივში და თან ჯგუფიდან გასვლის შანსიც დავიტოვეთ. უკანა გზაზე კომუნიკაბელური ჩეხი გულშემატკივარი გავიცანი. მან მითხრა, რომ საქართველოს პორტუგალიის დამარცხება შეუძლია.

მაყურებელმა თანდათან ისევ დაიწყო ხმამაღლა სკანდირება და გამამხნევებელი შეძახილები. მეტროს ვაგონებში, ქალაქის ცენტრში ისმოდა: „სა-ქა-რთვე-ლო!“

თამაშის შემდეგ ქართველებმაც და ჩეხებმაც კვების ობიექტებს მივაშურეთ. უნდა გენახათ, რა სამაგალითო ქცევითა და კულტურით გამოირჩეოდა ჰამბურგში ჩასული თითოეული ქართველი.

ჰამბურგში ნანახმა და განცდილმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. ასე მგონია, რომ იმ ერთმა დღემ გამზარდა. საქართველოს ჰიმნი სპორტულ შეჯიბრებებზე, საპროტესტო აქციებზე და სხვა ხალხმრავალ შეკრებებზე არაერთხელ შესრულებულა, მაგრამ ყველაზე ემოციური სწორედ ეროვნული ჰიმნის შესრულების მომენტი აღმოჩნდა. 35 000-მდე ქართველი ვმღეროდით ჰიმნს ჩრდილოეთი გერმანიის ქალაქში. 22 ივნისს ჰამბურგის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებდა.

 

 

შეჯამებასავით

მარტის გამარჯვებიდან სამი თვე გავიდა. კალენდარზე ისევ რიცხვი 26 იყო გამოსახული. ამჯერად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ვმართავდით სოლიდურ პორტუგალიასთან. მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავდიოდით ჯგუფიდან. ჩვენმა ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო. პორტუგალიასთან გამარჯვებამ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მოგვცა მერვედფინალში თამაშის შესაძლებლობა, სადაც უკვე ესპანეთთან უთანასწორო ბრძოლაში დავმარცხდით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოვარდნასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი უღიმღამო გახდა. ეს განცდა ქართველ გულშემატკივარს პირველად გვქონდა, რადგან აქამდე სხვა ქვეყნებს ვგულშემატკივრობდით.

ყველამ დავინახეთ, რა შეუძლია ფეხბურთს. მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები და სპორტული სააგენტოები საქართველოს ნაკრებზე წერდნენ და ამზადებდნენ სიუჟეტებს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებისთანავე ჩვენში მიძინებულმა პატრიოტიზმმა გაიღვიძა. გამოვფინეთ დროშები, მოვხატეთ მაისურები, ამაყად შევძახეთ: „წინ, საქართველო!“ იმედი მაქვს, ეს არ იქნება ჩვენი წამიერი გაელვება. ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მიზნები უნდა დაისახოს. წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაა.

საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის  მხარდაჭერა

0

 

ხარისხიანი განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პოლიტიკა  (კანონი ზოგადი განათლების შესახებ) და ეროვნული მიზნები კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის  (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეებისთვის) გაზარდოს განათლებაზე ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში, საგანმანათლებლო სისტემაში და ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს იმ მოზარდების მიმართ, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და სწავლობენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა, ქართული ენის არასრულფასოვანი ფლობის გამო, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან თანატოლებს სწავლის შედეგებით. შესაბამისად, ენის ფლობის დონის ამაღლების საჭიროება გამოკვეთილია.

ტერმინები – მეორე ენა და უცხო ენა – სწავლებაში, მეცნიერულ კვლევებსა და პრაქტიკაში უკვე დამკვიდრებული და განსხვავებული ტერმინებია და  მრავალ სოციო-კულტურულ მახასიათებელს მოიცავს.

მეორე ენა არის სახელმწიფო ენა იმ ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, მაგრამ მათი მშობლიური ენა განსხვავებულია ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენისაგან. ამ შემთხვევაში, იგულისხმება, რომ ისინი ცხოვრობენ ერთიან ენობრივ გარემოში, თუმცა მათი მშობლიური ენა სხვაა. მეორე ენის ცოდნა მათთვის მნიშვნელოვანია  ინტეგრაციისთვის  და  მოცემულ საზოგადოებაში პიროვნების სრულყოფილად განვითარებისათვის, რაც ერთგვარ სავალდებულო ფენომენად ითვლება.

უცხო ენა არის ის ენა, რომელთანაც ენის შემსწავლელს შემხებლობა, გარემო ან რაიმე სხვა ფაქტორი არ აკავშირებს და მისი შესწავლა განპირობებულია კონკრეტული მიზნით: სურვილი, განათლება, საცხოვრებელი ადგილი ან სხვა. საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქართული უცხო ენაა. თუ ისინი საქართველოს მოქალაქეები გახდებიან, შესაძლებელია, უცხო ენის სტატუსი მათთვის მეორე ენის სტატუსით შეიცვალოს. რაც შეეხება რესურსებს, ქართულის, როგორც უცხო ენის, შესასწავლად,  ძალიან მწირია. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახების ბავშვები სწავლას იწყებენ ქართულ საჯარო სკოლებში, მათ აუცილებლად სჭირდებათ სპეციალური პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სივრცეში მათ ადაპტაციას. არსებობს სუბმერსიის სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს, ინდივიდუალურ გაკვეთილებს ასეთი მოსწავლეებისთვის ენობრივი ბარიერის გამო წარმოქმნილი ჩამორჩენის დასაძლევად.  მომავალში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამა-კურიკულუმი და ასევე რესურსი, რომელიც მოიცავს იმ ენობრივი უნარების განვითარებას, რომლებიც საჭიროა ყველა საგნის ქართულ ენაზე შესასწავლად.

ბოლო წლებში, საქართველოში, საგრძნობლად იმატა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებამ, რომელთა სასკოლო საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ენის ცოდნას უმთავრესი როლი აქვს. სწორედ ამიტომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  დონორი  ორგანიზაციების – UNCHR, WORLD-VISION, პატარკაციშვილი-გუდავაძის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის  მხარდაჭერა.

პროექტის მიზანია, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეებისთვის ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეს საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ფორმალურ განათლებაში არსებული გამოწვევების დაძლევაში, ასევე ამ მოსწავლეებს მისცემს უწყვეტი განათლებისთვის აუცილებელი ცხოვრებისეული უნარებისა და კომპეტენციების შეძენის შესაძლებლობას.

პროექტის სამიზნე ჯგუფია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეები.

შემდგომი მუშაობის დაგეგმვის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა სამუშაო პროცესში განხორციელებული  სწავლების  მონიტორინგი, როგორც ორგანიზაციულ-ტექნიკური, ისე შინაარსობრივი მიმართულებით, რომელმაც გამოკვეთა რიგი პრობლემები: კომუნიკაციისა და ინიციატივის გამოხატვის დეფიციტი ენის ბარიერის და განსხვავებული კულტურების გამო. ჯგუფის მუშაობისას ნათლად გამოჩნდა, რომ ენის ფლობის დონის და ასაკობრივი ნიშნით მოსწავლეთა  დაყოფა ვალიდური და რელევანტურია.

პროექტში ჩართულია 180 მოსწავლე.

სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდა შუალედური ტესტირება. შედეგად, მასწავლებლებმა გამოკვეთეს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებული და გასაუმჯობესებელი ასპექტები, რაც  შემდგომი სამუშაო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვის წინაპირობაა.

ასევე, განხორციელდა კვლევა, რომლის ბენეფიციარები იყვნენ პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები. კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა რეალური საჭიროებების გამოვლენა, რათა კურიკულუმისა და წიგნის  ჯგუფებს კონკრეტული საჭიროების შესაბამისად განესაზღვრათ მეთოდიკური ორიენტირები, სასწავლო კურიკულუმის, მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნების შესაქმნელად.

პროექტის ფარგლებში მუშავდება  ქართული ენის სწავლებისთვის საჭირო კომპლექსური კურიკულუმი (4 კომპონენტიანი კურიკულუმი). კურიკულუმის მიხედვით გადამზადდებიან პროექტში ჩართული მასწავლებლები. კურიკულუმის შემუშავების შემდეგ  შეიქმნება გრძელვადიანი, ჰიბრიდული (პირისპირ/ონლაინ/თვითრეგულირებადი) ტრენინგ-მოდული.

პროექტის ფარგლებში  შეიქმნება  სახელმძღვანელო მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის,  რომელიც ბენეფიციარების  საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პროექტი უზრუნველყოფს პროცესში ჩართული მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე შესწავლას და ხელს შეუწყობს   არსებულ გარემოსთან ინტეგრაციას.  კურიკულუმისა  და სახელმძღვანელოების შექმნა განიხილება, როგორც მდგრადი რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოსწავლე-ახალგაზრდობის მხარდაჭერას  სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესში.

 

 

 

 

 

ჩინეთის გეოგრაფია მოკლედ და რამდენიმე უცნობი ფაქტი მრავალეროვანი ჩინეთის შესახებ

0

“როცა ერმა ბევრი იცის, მისი მართვა რთულია“ ,

ლაო ძი (‘მოხუცი ოსტატი“), ძვ.წ. VI საუკუნის ჩინელი ფილოსოფოსი,

დაოსიზმის ფუძემდებელი, „დაო დე ძინის“ ტრაქტატის ავტორი

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აგრძელებს თავისი ეკონომიკურ „სასწაულს“ და კიდევ ერთხელ აოცებს მსოფლიოს. გერმანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle – DW, 04/16/2024) მიხედვით,  ჩინეთის ეკონომიკა 2024 წელს უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ამას ოფიციალური წყაროები პროგნოზირებდნენ: მიმდინარე წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ჩინეთის მთლიანი შინა პროდუქტი (მშპ) 5.3%-ით გაიზარდა და ეს მნიშვნელოვნად აღემატება , „ბლუმბერგის“ (Bloomberg) ანალიიკოსების მიერ გაკეთებულ ადრეულ 4.8%-იან მაჩვენებელს“, გვატყობინებსდოიჩე ველე“. 

 „ეროვნულმა ეკონომიკამ გააგრძელა კარგი ინერციით მოძრაობა და ნახტომისებურად მოიმატა“, წერს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.

დღევანდელი ეკონომიკური აზრის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, არსებული საბაზრო წესების აქტიური კრიტიკოსი, გერმანელი პროფესორი იზაბელა მ. ვებერი (ამჰერსტის უნოვერსიტეტი, აშშ) თავის გახმაურებულ წიგნში „როგორ გადაურჩა ჩინეთი შოკურ თერაპიას: კამათი საბაზრო რეფორმის შესახებ“ (How China Escaped Shock Therapy: The Market Reform Debate ), მკითხველის ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის გეოგრაფიაზე და ჩინეთში შექმნილ, კლასიკურ, ორი ათასი წლის ასაკის მქონე ეკონომიკურ პრინციპებზე, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, თანამედროვე ბაზარზე ფასების კონტროლის მექანიზმებსაც ეხმიანება.

შეგახსენებთ რომ ე.წ. „შოკური თერაპია“, გულისხმობს რომ ეკონომიკაში საერთოდ უნდა შეწყდეს ფასების კონტროლი და გეგმიური ეკონომიკა და აუცილებელია ფასების „შოკური“ ლიბერალიზაცია, ძალიან  მოკლევადიანი, უცბად ჩატარებული პროვატიზაცია. მიუხედავად იმისა რომ ასეთი „შოკი“ აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკურ ტკივილს, რაც გამოიხატება მასობრივ უმუშევრობასა და ინფლაციაში, ლიბერალური ბანაკის ეკონომისტების მოსაზრებით (და ღრმა რწმენით, ლ.ა.), ეს მეთოდები შედეგად მოგვცემს ეკონომიკის აღდგენას, გააქტიურებულ ბაზრებსა და კეთილდღეობას.

წარსულში, „შოკური თერაპია“, მე-20 საუკუნის 60-იანი წლების გერმანიის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის) „ეკონომიკური სასწაულის“ შესავალი-პროლოგი გახდა და დიდი ეფექტი მოახდინა მსოფლიოს ეკონომიკის თეორიებზე. თუმცა გავიდა დრო და რამდენიმე ათწლეულში, „შოკური თერაპიის“ გავრცელებულმა პრაქტიკებმა ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვიეს რუსეთში, საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩინეთის ლიდერებმა „შოკური თერაპიული“ მიდგომები დიამეტრულად შეცვალეს და  „ჩინური კაპიტალიზმის“, ან „კაპიტალიზმის ჩინური ვარიატის“ ასამოქმედებლად, ტრადიციული ჩინური, „გუანსის“ (关系 – „ახლო ურთიერთობების სისტემა“, ლ.ა.) ურთიერთობებისა და უერთიერთდამოკიდებული საქმიანობის უძველესი ეკონომიკური პრინციპები გამოიყენეს. როგორც პროფ. ვებერი გვეუბნება, „გუანსის“ ფილოსოფიური მიდგომები „ავალებს“ ადმინისტრატორებს აკონტროლონ ის რაც „მძიმეა“ (მნიშვნელოვანია) და „მიუშვან“ ის სფეროები და საკითხები, რაც არ ახდენს დიდი გავლენას საზოგადოებრივ სტაბილურობაზე (უმნიშვნელო თუ პერიფერიულია)“.

ჩინეთის ეკონომიკური წინსვლისა და ზრდის კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია მისი მრავალფეროვანი ბუნება და გეოგრაფია, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩინეთის ეკონომიკის მრავალვექტორულ მიმართულებებსა და მასშტაბურობაში. ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ცნობებს ჩინეთის გეოგრაფიის შესახებ:

ჩინეთს აღმოსავლეთი და ცენტრალური აზიის კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ. ‘ჟონგუო’), მსოფლიოს მესამე ქვეყანაა ფართობით, რუსეთის ფედერაციისა და კანადის შემდეგ. მისი ტერიტორიის ფართობი 9.6 მილიონ კვ. კმ-ს შეადგენს რაც აზიის კონტინენტის ¼-ის ტოლია!

ჩინეთის ლანდშაფტის მრავალფეროვნება სრულიად ბუნებრივია: ეს გახლავთ უზარმაზარი ქვეყანა, რომელიც გადაჭიმულია ხუთი ათას ხუთას კილომეტრზე, ციმბირული მდინარე ამურიდან, პალმებით გადამწვანებულ სამხრეთი ჩინეთის კუნძულებამდე; ჩინეთის უკიდურესი დასავლეთი, პამირის თოვლიანი უღელტეხილებიდან მდინარე ხუანხეს შესართავამდეა გადაჭიმული, შანდუნის ნახევარკუნძულამდე. ჩინეთის სახმელეთო საზღვრების საერთო სიგრძე 20 000 კმ-ს აჭარბებს (!), ხოლო ჩინეთის საზღვაო სანაპირო ზოლის სიგრზე 18 000 კმ-ია (შედარება: საქართველოს სანაპირო ზოლი შავ ზღვაზე  დაახლოებით 315 კმ-ია, ლ.ა.). ჩინეთი სახმელეთო მეზობლები არიან რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი და მიანმა.

ჩინური პეიზაჟისთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივია 8 000 მეტრი სიმაღლის მწვერვალები ჰიმალაებში და გობისა და თაკლა-მაკანის  უდაბნოების ბარხანები და ქვიშები; აღმოსავლეთ ჩინეთის დაბლობის უსაზღვრო მწვანე საძოვრები და მდინარეების ვიწრო, კლდოვანი ხეობები, აჭრელებულნი ბრინჯის ყანებისა და ჩაის პლანტაციების მწანე ტერასებით. ჩინეთში მიედინება ლიოსით გაყვითლებული  მდინარე-გიგანტი, ხუან-ხე („ყვითელი მდინარე“) და ჩინეთისა  და მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მდინარე იანძი (ჩინ. ‘ჩანგ-ცზიანი’ – „გრძელი მდინარე“, ლ.ა.), რომელიც სათავეს ტიბეტის ზეგანზე, 5 170 მ-ის სიმაღლეზე იღებს და ქ. შანჰაიში უერთდება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვასა და წყნარ ოკეანეს.

ჩინეთის დიდი ზომიდან გამომდინარე, მისი პროვინციები და იქაური ლანდშაფტები დიდად განსხვავდებიან. ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი (ყოფილი მანჯურია) დაბლობის ვაკეებისგან და დაბალი სიმაღლის მთებისგან შედგება. ქვეყნის ამ ნაწილისთვის დამახასიათებელია უხვთვლიანი, მკაცრი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული. ჩინეთის სახმხრეთ-აღმოსავლეთი ცნობილია ტრადიციული, დიდი ზომის სამრეწველო საწარმოებით რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქვანახშირის მოპოვებასთან და რკინის მადნის მოპოვება-გადამუშავებასთან. აქვე მდებარეობენ ჩინეთის მთავარი ფოლადსადნობი ქარხნები და კომბინატები.

ჩინეთის დასავლეთისკენ მოგზაურობისას, მთაგორიანი რელიეფი უკიდეგანო სტეპებით იცვლება. დღეს ამ ადგილებზე ბალახობენ ცხვრის, ცხენებისა და აქლემების მრავალმილიონიანი ფარები და რემები. კიდევ უფრო დასავლეთით, კუნ-ლუნისა და ტიან-შანის მთიანი მასივების 7000-მეტრიან მწვერვალებამდე მდებარეობს ჩინეთის უდიდესი უდაბნო, თაკლა-მაკანი, რომლის ფართობი 330 000 კვ. კმ-ს აღემატება (ეს მეტია ვიდრე ისეთი ქვეყნების ფართობი როგორებიცაა პოლონეთი, ახალი ზელანდია, ვიეტნამი, ომანი, იტალია, ფილიპინები, ბელარუსი და ნორვეგია, ლ.ა.). თაკლა-მაკანის უდაბნოში მიედინება მსოფლიოს ყველაზე უცნაური მდინარე ტარიმი, რომელიც სათავიდან მძლავრად შედის უდაბნოში და შემდგომ მის ქვიშები იკარგება და პერიოდულად ასაზრდოებს ხან ლობნორის, ხან კი – ყარაბურან-გიოლის ტბებს, ჩინეთის უკიდურეს დასავლეთში მდებარე, სინცზიან-უიგურების ავტონომიურ ოლქში. სწორედ მდ. ტარიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა სახელგანთქმული „აბრეშუმის დიდი საქარავნო გზა“ (ჩინ. ს’-ლუ – 丝路), რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიასთან და ევროპასთან აკავშირებდა.

ჩინეთის კიდევ ერთ დიდ სიმდიდრესა და რესურსს წარმოადგენს ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე დაბლობზე მდებარე ნაყოფიერი, ცენტრალური ჩინეთის ლიოსური ზეგანის მდინარეული დანალექი ქანებით აგებულის ვრცელი ვაკეები, რომელთა სიგანე, ზოგიერთ პროვინციაში, 500 კმ-ს აღწევს. სწორედ ეს რაიონებია ჩინეთის ინტენსიური და მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის ზონა, რომელიც ქვეყნის მილიარდნახევრიან მოსახლეობას ამარაგებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით.

ჩინეთის ცენტრალური და სამხრეთი რაიონები, უმეტესწილად ჩინეთის დიად მდინარესთან, იანძისთან (ჩინ. ‘ჩანგ-ცზიანი’) არიან დაკავშირებულნი. „გრძელი მდინარე“, ჩინეთის ცენტრისა და სამხრეთის მთავარი საწყალოსნო და სატრანსპორტო არტერიასა და მძლავრი ჰიდროელექტოსადგურების კასკადს წარმოადგენს და მისი როლი და მნიშვნელობა ჩინური ცივილიზაციისთვის, განუზომელია. მდინარე იანძი ქვეყანას თითქმის შუაზე ჰყოფს.

იანძის ჩრდილოეთით მდებარეობს ჩინეთის დიდი დაბლობი, რომელზეც მიედინება ჩინეთის მეორე დიადი მდინარე, ჰუანხე („ყვითელი მდინარე“). ამ მდინარის პირას მცხოვრებნი (მდ. ჰუანხე ჰკვეთს ჩინეთის შემდეგ პროვინციებს: ცინგჰაი, განსუ, ნინგსია,  შიდა მონღოლეთი,  შაან-სი, შანსი, ხე-ნანი და შან-დუნი, ლ.ა) ათასწლეულების განმავლობაში აგებდნენ კაშხლებსა და დამბებს, რომელბიც აუცილებელი იყო მდ. ჰუანხეს დამანგრეველი წყალდიდობებისგან, ბრინჯისა და ბოსტნეულის ნაკვეთების დასაცავად.

საუკუნეების განმავლობაში, გლეხების მიერ აგებული კაშხლები და დამბები მუდმივად მატულობდა სიმაღლეში და მდინარის კალაპოტის ქვიშით გავსებასთან ერთად, მატულობდა მდინარის კალაპოტის სიმაღლეც! დღეს, მდინარე ხუანხე, გარშემო მდებარე დაბლობზე მაღლა მდებარეობს და მთებიდან ჩამოტანილი ქვიშის მიერ ბუნებრივად აგებულ შემაღლებულ კალაპოტში მიაგელვებს თავის მძლავრ ყვითელ ტალღებს. ამ მხრივ, მდ. ჰუანხე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდინარეა, რადგან ბევრჯერ მომხდარა ისე რომ წყალდიდობისას, მდინარე ამოსულა კალაპოტიდან და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან „დასხმია“ თავს დაბლამდებარე სოფლებსა და ქალაქებს.

მდინარე იანძის სამხრეთით, ასეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული ბრინჯის მინდვრები და ტერასები – ჩინეთის პეიზაჟის აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც ნაცნობია ჩვენთვის ჩინური მხატვრობიდან თუ კინოფილმებიდან. გაეროს მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო და საკვების ორგანიზაციის (Food and Agrivulture Organization, FAO) მონაცემებით, ჩინეთმა მიაღწია იმას რომ დედამიწაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 10%-ზე აწარმოებს მსოფლიოს მარცველულის 25% და საკვებით უზრუნველყოფს მსოფლიოს მოსახელობის 20%-ს (!) ეს გახლავთ უდიდესი მიღწევა, მსოფლიოს საკვებით უზრუნველყოფის საქმეში.  გაგახსენებთ რომ გასული საუკუნის 1959-1962 წლებში, ჩინეთს თავს დაატყდა საშინელი შიმშილობა, რომელმაც ანჰუის, ჩუნცინის, სიჩუანის, ჰუნანისა და  გუიჟოუს პროვინციებში, სხვადასხვა წყაროებით, 15-50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა!

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტერიტორია სამხრეთ-ჩინეთის მთიანეთს უკავია, რაც ხელს უწყობს ამ ადგილებში, რომელიც გამოირჩევა რბილი, სუბ-ტროპიკული ჰავით, ჩაის კულტურის ფართო განვითარებას. სწორად აქ შეიძლება ვნახოთ მარადმწვანე ტერასებზე გაშენებული ბუჩქნარი, სახელგანთქმული ჩინური ჩაის (ჩინური კამელია – ლათ.  Camellia sinensis), ლუნ-ჯინის თუ უ-ლუნის  უკიდეგანო პლანტაციები, რომელმაც რამდენიმე საუკუნის წინ მთელი მსოფლიო (მათ შორის საქართველოს ზღვისპირა სუბტროპიკული რაიონებიც) დაიპყრო და დღესაც, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ არაალკოჰოლურ სასმელად რჩება.

როგორც ჩინელები ამბობენ, ჩინეთის სამხრეთში და აღმოსავლეთში  (პროვინციები ხებეი, ძიანგსი, ანჰუი, გუანდუნი, ჰუნანი) ჩაი უხსოვარი დროიდან იზრდება და ჩაის, როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურას, უკვე ორი ათას წელზე მეტია კრეფენ. ქრონიკების თანამხმად, ჩაის კულტურა, იაპონიაში და შემდეგ, კორეაში, ჩინეთიდან შევიდა მე-9 საუკუნეში, ხოლო შემდეგ, ჩაიმ თავისი ძველამოსილი მოგზაურობა „აბრეშუმის დიდი გზით“ აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებისკენაც დაიწყო. შენიშვნა: საქვეყნოდ ცნობილი „ინდური ჩაი“, ინდოეთში მე-19 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ბრიტანელებმა, ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ, გადაწყვიტეს ინდური ჩაის მეშვეობით „შეეჩერებინათ“ ჩინური ჩაის მონოპოლია.

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ტიბეტის მძლავრ, თითქმის 4000-4500 მ-ის სიმაღლის ზეგანს უკავია – ტიბეტის მთიანების საერთო ფართობი 2 500 000 კვ. კმ-ს აჭარბებს და სიდიდით იგი ბევრად მეტია, ვიდრე  გრენლანდიის, ბორნეოსა ან ახალი გვინეის ფართობი!

ჩინეთის შემადგენლობაში შემავალ ტიბეტის უზარმაზარ მაღალმთიან ზეგანს მჭიდროდ და საზიაროდ ეკვრის ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და  ნეპალის უმაღლესი მწვერვალები კ-2 (ჩოგორი, 8612 მ), მაკალუ (8485 მ), ლჰო-ცზე (8,516 მ) და ჯომოლუნგმა (იგივე ევერესტი, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, 8848 მ), რომელიც ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე არის აღმართული. სწორედ აქ, ამ მაღალმთიან ზეგანზე იღებენ თავის სათავეებს მდინარეები ხუნა-ხე და იანძი, რომელბსაც მდინარის წყლები ყვითელ და აღმოსავლეთი ჩინეთის ზღვებში ჩააქვთ.

ჩინეთის გეოგრაფიაში აღსანიშნავია კუნძული ჰაინანი (ჩინ. „ჰაი-ნან“ 海- „ჰაი“ – ზღვის; 南 – „ნან“ – სამხრეთი, ლ.ა.), რომელიც ჩინეთის სამხრეთში, ჰონგ-კონგისა და მაკაოს სამხრეთით მდებარეობს, ჩინეთის თბილ სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, ვიეტნამიდან მხოლოდ 300 კმ-ში. აქაური ფერმერებს მოჰყავთ ქოქოსი, ანანასი, მანგო, ფორთოხალი, სხვა ციტრუსოვნები, იჭერენ თევზს და მოიპოვებენ ზღვის მარგალიტს. კ. ჰაინანი სახელგანთქმულია თეთრქვიშიანი პლაჟებით და ქოქოსის პალმების ტროპიკული პეიზაჟებით, რაც მილიონობით ტურისტს იზიდავს მთელი წლის განმავლობაში.

ჩინეთის, როგორც „მიწის ცივილიზაციის“  (ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსის, არნოლდ ჯ. ტოინბის/Arnold J. Toynbee თეორიის მიხედვით სამყარო იყოფა „ზღვის“ და „მიწის“ ცივილიზაციებად, რომლებიც განვითარების თავისებურებების გამო, მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ლ.ა.) წარმომადგენლის ტერიტორია, ათასწლეულების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს და დღეს, უზარმაზარი სახმელეთო სახელმწიფოს სახით წარმოგვიდგება. ჩინეთის ისტორიული განვითარებისას, ჩინეთის შემადგენლობაში უამრავი მონათესავე თუ სხვა წარმოშობის ხალხი და ეროვნება შევიდა, რომლებსაც დღეს, უმეტეს შემთხვევაში, ავტონომიური მმართველობა აქვთ მინიჭებული ჩინეთის ცენტრალური მთავრობისგან. შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დღეს არ წარმოადგენს ჰომოგენურ ან უნიფიცირებულ სახელმწიფოს, მასში რეგისტრირებული 56 ეთნიკური ჯგუფი და ერი, რომელბიც ჩინეთის ფარგლებში ცხოვრობენ ჩინელებთან (ჩინ. „ჰან“ – ჩინელი, ლ.ა.) ერთად. ჩინეთის ხალხებიდან აუცილებლად გამოვყოფთ რამდენიმე ეთნიკურ რაიონს, რომლებიც ფართო ავტონომიით სარგებლობე. ესენია ხუთი მსხვილი ეთნიკური ავტონომია ჩინეთის ფარგლებში: 1) გუანგ-სი/ Guangxi, ვიეტნამის მიმდებარე მსხვილი რეგიონი ჩინეთის სამხრეთში, გუანგჟოუს/კანტონის დასავლეთით; 2) შიდა მონღოლეთი („ნეი მონგოლ“); 3) შიდა მონღოლეთის იმდებარე მცირე ზომის „ნინგსიას“ (Ningxia) ავტონომია, ჩრდილოეთში, ისლამის მიმდევარი ჩინელებით; 4) ტიბეტის მთიანი ზეგანის ავტონომია, ე.წ. “სი-ზანგ/Xi Zang” და 5) სინძიან- უიღურთა ავტონომიური მხარე, ჩინეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, სადაც ყაზახებისა და ყირგიზების მონათესავე, თურქულენოვანი ხალხი – უიღურები (ჩინ. „ვეი-ძუ“) ცხოვრობენ, რომლებსაც ჩინურს პარალელურად, არაბულის საფუძველზე შექმნილი ანბანი აქვთ და უმეტესწილად სუნიტი მუსლიმები არიან.

საინტერესოდ გვეჩვენება ჩინეთის ავტონომიების მცხოვრებთა დამოკიდებულება ჩინეთისა და ჩინური ენისადმი – მაგალითად, ჩრდილოეთ ჩინეთში ნინგსიას (Ningxia) ავტონომიაში მცხოვრები ხალხი, ჰუი, სხვა მათ მეზობელ ხალხებთან ერთად, მუსლიმები არიან, თუმც მათთვის მშოვლიურია ჩინერუ ენა და ჰანის ჩინელთა ცხოვრების წესები.

ნინგსიასგან განსხვავებით, სინძიანის თურქულენოვანი უიღურები და ბუდისტი ტიბეტელები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ „ჰანიზაციას“/„სინიზაციას“, ანუ ჩინელებთან ასიმილაციას, განსაკუთრებით მათ ავტონომიურ ტერიტორიებზე. ჩინეთის სახელმწიფოს რეაქცია ან პასუხი ამ მიმდინარეობებზე განსხვავებულია და ზოგან ასიმილაციის ზომებში, ზოგან კი – ჩინელების დემოგრაფიულ ექსპანსიაში გამოიხატება.  ეს ღონისძიებები, ზოგიერთი მეცნიერისა და დემოგრაფიის სპეციალისტის მიერ, ცენტრალური მთავრობის ცენტრიდანული და ანტი-სეპარატისტული ტენდენციების პრეცენციად მიიჩნევა.

დღეს, ჩინეთის მთავრობა დიდ ყურადღება უთმობს (განსაკუთრებით დასავლეთის პროვინციებში, რომლებიც ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური საკმაოდ შორს მდებარეობენ და შედარებით ნაკლებად არიან განვითარებულნი) „დასავლეთის დიდი განვითარების“ პროექტებს, რაც დასავლეთის პროვინციებში ცხოვრების პირობების მკვეტრად გაუმჯობესებას და საბაზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ითვალისწინებენ. პროექტები არ შემოისაზღვრება მხოლოს გზების, ელექტოენერგიისა თუ წყლის მიეოდების ქსელებით, „დასავლეის დიდი პროექტები“ მოიცავს აეროპორტების, ავტობანებისა და დიდი ზომის საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო ფერმების მშენებლობას, სინძიანისა და ტიბეტის უმეტეწილად დაუსახლებელ ან მეჩხერად დასახლებულ, ძნელად მისადგომ მთიან რაიონებში.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ უიღურების, ტიბეტელების ძირითადი ნაწილი, სხვა უფრო მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად (გუანსის ჟუანგები, ნინგსიას ჰუი, მანჯურები ძილინის, ჰეილუნციანის და ლიაონინის პროვინციებიდან, მონღოლები, მიაო, კორეელები, დონგები და იაო) ხშირად „განვითარებას“  ჰანის ჩინელების  (ჩინეთის ძირითადი მოსახლეობა) დემოგრაფიუოლ ექსპანსიას უკავშირებენ და შიშობენ რომ ეს ჰანის ჩინელების ეკონომიკურ და პოლიტიკურ დომინაციას გამოიწვევს მათ ავტონომიურ რაიონებში თუ ოლქებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორეული პროვინციების ყველა დედაქალაქი ჩქაროსნული, თანამედროვე სარკონიგზო მაგისტრალების არის დაკავშირებული ჩინეთის დედაქალაქ, პეკინთან. აქ გთავაზობთ ჩინეთის პროვინციების დედაქალაქების დასახელებს და მათ დაცილებას დედაქალაქიდან: ქ. ურუმჩი ( სინძიან-უიღურების ავტონომიური პროვინცია, 2400 კმ პეკინიდან), ქ. ჩენგდუ (, სიჩუანის პროვინცია, 1800 კმ პეკინიდან), ქ. ლჰასა (ტიბეტის ავტონომიური პროვინცია, 3100 კმ პეკინიდან), შიდა მონღოლეთის ავტონომია, ქ. ჰუჰ-ჰოტო (500 კმ პეკინიდან), ქ. ჰარბინი ( რუსეთის მოსაზღვრე ჰეილუნციანის პროვინცია, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ყოფილი მანჯურია – 1200 კმ პეკინიდან) და ნან-ნინი (გუანსის ავტონომიური პროვინცია ჩინეთის სამხრეთი პროვინცია, ვიეტნამისა საზღვარზე, 2300 კმ პეკინიდან).

აღსანიშნავია რომ უმეტეს შემთხვევაში (გარდა პეკინი-ლჰასას/ტიბეტის მარშრუტისა, რომელიც ზოგან 5 000 მ სიმაღლეზე გადის!), ჩინური სარკინოგზო შემადგენლობის სიჩქარე, ქვეყნის დიდი ქალაქებს შორის მოგზაურობისას, საათში საშუალოდ 250-350 კმ აღწევს!

 

 

როგორ ვირჩევთ სამსახურს?

0

მასწავლებლები და მათთან ერთად მთელი განათლების სისტემა ხშირად, და რასაკვირველია, სამართლიანადაც, იმაზეა კონცენტრირებული, რომ მოსწავლეებს რაც შეიძლება მშვიდი, საინტერესო და ბედნიერი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ. ამისთვის ყველაზე მეტად სწორედ მასწავლებლები იხარჯებიან. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ, როგორ ვასწავლოთ, როგორ გავხდეთ უკეთესი პროფესიონალები, რათა მოსწავლეები შთავაგონოთ, რათა ასათვისებელი მასალა ისე გადავცეთ, რომ სწავლა სიამოვნებად და თავგადასავლად ვაქციოთ. ვსწავლობთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესებს, ჰობებს, გრძნობებს, ემოცებს, რათა მათთან ურთიერთობისას არაფერი გამოგვრჩეს, არაფერი შეგვეშალოს, რადგან ვიაზრებთ, რამდენად ფაქიზია სკოლის ნებისმიერ ეტაპზე მათი ასაკი და პიროვნება.

ყველაფერი ეს უდიდეს შრომასა და უამრავ გამოწვევასთან ერთად, სასიამოვნოდ საინტერესოცაა. თუმცა ჩვენს ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტები, როდესაც ჩვენც გვჭირდება ვინმემ ჩვენი გაწეული შრომა დაინახოს და სწორად შეაფასოს. მასწავლებლისთვის პირველი შემფასებლები მუდამ მოსწავლეები არიან. სწორედ მათი დახატული სურათები, დაწერილი წერილები, განდობილი საიდუმლოებები და გამოჩენილი ნდობა ასახავს იმას, თუ როგორები ვართ. მაგრამ ზოგჯერ ჰაერივით გვჭირდება, ჩვენ ირგვლივ მყოფებმა ჩვენი შრომა შენიშნონ, აღნიშნონ და დააფასონ.

მასწავლებლის სამუშაო მეტწილად ენთუზიაზმით კეთდება. თუ ბევრ ისტორიას მოისმენთ, ძველსაც და ახალსაც, ამაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით. ხშირად, როდესაც მშობელი კითხვას სვამს, რომელ სკოლაში შეიყვანოს ან გადაიყვანოს შვილი, სხვა მშობლები ურჩევენ, რომ სკოლა კი არა, კარგი მასწავლებელი ეძებოს. ასე ჟღერდება ხოლმე სხვადასხვა რიგითი მასწავლებლის სახელი, რომლებიც სხვადასხვა სკოლაში ასწავლიან. მე კი სულ ვფიქრობ, რამდენად ამაყი უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაცია, როცა ისეთი მასწავლებელი ჰყავს, რომლის გამოც შეიძლება მშობლებმა თავიანთი შვილისთვის სწორედ მათი სკოლა აირჩიონ. სიმართლე კი ისაა, რომ ხშირად ასეთი მასწავლებლები წლიდან წლამდე ერთხელაც კი ვერ ისმენენ იმ მარტივ და ჯადოსნურ სიტყვას, მადლობა რომ ჰქვია. შედეგად, ზოგს როცა იქნება საწვავივით ამოწურვადი ენთუზიაზმი ელევა და, ან სკოლას იცვლის, ან სულაც პროფესიას. ზოგი კი უფრო დიდხანს აგრძელებს, მოსწავლეების, კოლეგა მასწავლებლების, მშობლებისა და საკუთარი თავის წყალობით. თუმცა ხშირი გულისწყვეტის, იმედგაცრუებისა და დაუფასებლობის განცდის ფონზე.

მასწავლებლებს ისევე ესაჭიროებათ წახალისება, როგორც მოსწავლეებს. ხშირად თქმულა პროფესიის, კოლეგის, გარემოს მნიშვნელობაზე – ეს ის გარემო ფაქტორებია, რომელთა მეშვეობითაც მასწავლებელი გაცემულ ენერგიას უკან იბრუნებს, რათა გაიორმაგოს და კიდევ გასცეს. ყველა მეილი, რომელიც მასწავლებლის ფოსტაზე შევა; ყველა მადლობა, რომელსაც ადმინისტრაციისგან მოისმენს; ყველა სიტყვა, რომლითაც ირწმუნებს, რომ სკოლას მისი სჯერა და რომ სკოლა მადლიერია მისი მათთან მუშაობით, მასწავლებელს უფრო დიდ მწვერვალებს დააპყრობინებს, სადაც მერე თავის მოსწავლეებსაც აიყვანს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად მასწავლებელს თავისივე საკუთარი სკოლისგან მსგავსი არაფერი ესმის: მაშინაც კი, როცა მშობლები სწორედ მის გამო ირჩევენ ბავშვის კონკრეტულ სკოლაში შეყვანას.

ხშირად, როდესაც გასაუბრებაზე მივდივართ, ნერვიულობა გვიპყრობს; გამუდმებით ვფიქრობთ, რა შეკითხვა შეიძლება დაგვისვან, მოვეწონებით თუ არა, კარგად არის ჩვენი პორტფოლიო შედგენილი თუ რამე აკლია და ა.შ. სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვინც კითხვებს დასვამს. რადგან თუ მასწავლებელი გასაუბრებაზე მიდის, სურს, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში დაიწყოს მუშაობა. თან მიაქვს თავისი ცოდნა, გამოცდილება, ენთუზიაზმი. აპირებს, რომ თავისი ძვირფასი დრო და ენერგია, ხშირად იმაზე მეტიც, ვიდრე საჭიროა, მთლიანად ჩადოს თავის საქმეში, აკეთოს არნახული საქმეები, ყველაფერი ისე წარმართოს, რომ მისი სახელის გამო ხშირად ჟღერდებოდეს სკოლის სახელი. რას სთავაზობს ასეთ მასწავლებელს სკოლა? რით წარმოაჩენს სკოლას ადმინისტრაცია? როგორ დაარწმუნებს ასეთ მასწავლებელს, რომ სჯობს, არჩევანი ამ სკოლაზე შეაჩეროს?

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, თუმცა ადმინისტრაციები ხშირად ამ მედალს მხოლოდ იმ მხრიდან ხედავენ, რომელიც მათკენაა. ჩვენც ასე მივეჩვიეთ. „ეს ასეც უნდა იყოს“, ამბობენ ხშირად, მაგრამ ასე არაა, ეს ასე სულაც არ უნდა იყოს. სკოლა გამუდმებით უნდა ზრუნავდეს მასწავლებელზე, რათა ენთუზიაზმის მარაგი ახლდებოდეს და არა პირიქით, ილეოდეს.

რამდენიმე ხნის წინ ორი სხვადასხვა სკოლიდან მივიღე შეთავაზება: ორივე სკოლა უცნაური დამთხვევებით გადაიკვეთა. გასაუბრებაც ერთსა და იმავე დღეს ჩამინიშნეს და საბოლოო პასუხიც ერთსა და იმავე დღეს შემატყობინეს. ერთმა სკოლამ საბოლოო წერილში მხოლოდ მუშაობის სავარაუდო დაწყების დრო, ანაზღაურება და სამუშაო საათები მიუთითა, მეორე სკოლისგან კი გრძელი წერილი მომივიდა, დეტალური უკუკავშირით ჩემს გასაუბრებასთან და საჩვენებელ გაკვეთილთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება აკადემიურ დირექტორებთან მქონდა, მეილს კი კადრების მენეჯერი მწერდა (რომელიც თვალით არ მინახავს), ჩანდა, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ჩემი კანდიდატურა და თითოეული ჩემი „მოთხოვნებიც“ კარგად განიხილეს და პასუხიც ისე დამიბრუნეს. „მოთხოვნები“ კი მარტივი მქონდა: მე მთელი ჩემი დრო, ფიზიკური, ემოციური და გონებრივი რესურსი უნდა ჩამედო საქმეში, რომელსაც სკოლისთვის შევასრულებდი, სანაცვლოდ კი დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ სტაბილურები იქნებოდნენ; სამართლიანად შეაფასებდნენ და დააფასებდნენ ჩემს გაწეულ შრომას, მომცემდნენ საშუალებას, პროფესიულად განვვითარებულიყავი და მათგან იმაზე უკეთესი წავსულიყავი, ვიდრე მოსვლამდე ვიყავი. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ვითხოვე საბაზისო და იმდენად ელემენტარულია, რომ ხმამაღლა დაფიქსირებაც კი არ იყო საჭირო. მესამე დღეს ოფიციალური, დაწვრილებითი, მადლიერებით სავსე მეილი მივიღე, რომელიც ყველაფერს კარგს მპირდებოდა. მრავალჯერ გადაკითხვის შემდეგ მივხვდი, რა გვაკლია ყველაზე მეტად: „მადლიერი იყავი, რომ გასაქმებ!“ მიდგომა უნდა შეიცვალოს „მადლიერები ვართ, რომ გვაქვს პატივი ჩვენთან დაგასაქმოთ!“ მიდგომით. ეს არის ერთადერთი გზა მასწავლებლები გადაწვისგან ვიხსნათ. რადგან ხშირი გადაწვის შემთხვევაში, ყველაფერი დადებითიც კი, რაც სკოლის ადმინისტრაციის მიღმა ხდება, ვეღარ ახერხებს მასწავლებლის, როგორც კადრის შენარჩუნებას.

მუდმივი დიალოგი, უწყვეტი უკუკავშირი, გაწეული შრომის დაფასება, ეს ყველაფერია, რასაც მასწავლებლები მოსწავლეებისთვის ყოველდღიურად აკეთებენ. ეს ყველაფერია, რაც სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლებისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოს.

ამგვარად ალბათ, რთული მისახვედრი არ იქნება, რომელ სკოლასთან თანამშრომლობა ავირჩიე საბოლოოდ.

ქალები ვაჟა-ფშაველას პოემებში

0

 („ბახტრიონი, „გიგლია“, „ეთერი“, „სისხლის ძიება“)

რაც შეეხება ქალთა კონკრეტულ სახეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას პოემებში გვხვდება, მათი გალერეა მრავალფეროვანია. მასში გვხვდებიან ქალები – დიდი პიროვნებები, საკაცობრიო თვისებებითა და გრძნობით აღსავსენი და ასევე, ყოველდღიურ საზრუნავზე მზრუნველი, სულმოკლე, აწრიალებული, მოფუსფუსე და გამოჩენის მიმდევარი ქალები.

ვაჟასეულ ქალთა პირველ წყებაში საპატიო ადგილი დედებს აქვთ მიჩენილი – სანათას პოემა „ბახტრიონიდან“ და გიგილას დედას პოემიდან „გიგლია“.

 

დავიწყოთ სანათას დახასიათებით. პოემაში სანათას გამოჩენისთანავე იბადება კითხვა: ვინ არის ეს „ბერი დიაცი“, ცრემლი რომ „წინ უდგას გუბედა“, თემის ხელშეუხებელი ტრადიცია რომ ასე თამამად დაურღვევია, ქალისთვის დაუშვებელი მოვალეობა უკისრია: „მარტოს დაუკლავ საკლავი, თვითონვე უტყავებია“ და ხევისბერის მაგივრად მიცვალებულთ ამწყალობებს. შინაგანად ძლიერი ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ჩაიდენდა, თუნდაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც, როგორიც სანათას შემთხვევაშია: მამაკაცი რომ აღარაა დარჩენილი თემში მტერთან ბრძოლის შემდეგ („უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია, ხატიც შეგვინდობს ცოდვასა…“) ცხადია, სანათა, ჯოხს რომ ეყრდნობა „ხანხალით, ძალისძალითა,“ სულიერად ჯერ კიდევ გაუტეხელია. ნაწარმოების კითხვისას თანდათან გვიმტკიცდება ეს აზრი: თურმე ეს ის ქალია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში დაეღუპა ქმარი; ის დედაა, შვიდი შვილი რომ დაზარდა, „შვიდივ ლომისა დარია“ და შვიდივე რომ დაიტირა ერთ დღეს (,,ორ კვირას საფლავებ ვთხარე იმათ თავშესაფარია“); ის ხოშარელი დიაცი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა თავისი სოფლის დაქცევა. ასეთი მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობიდან ადამიანის სულით დაცემამდე ერთი ნაბიჯიღაა, დარდი ახრჩობს სანათას, გულს იმჯიღავს, მწარედ მოთქვამს თვის სატკივარზე:

 

„დავკარგე ყველა თვისტომი,

ვინაც კი მყვანდა თავისა

………………………………………………..

რად გვინდა დედებს შვილები,

რაზე ვსწვალობდით, ნეტავი?

…………………………………………………

დღე მთელი, ხვალე მკვდარია,

 

მოვა წაიღებ უეცრად

სისხლისა ნიაღვარია

პირსისხლიანის მსინჯველი

შვილის, დუშმანიმც არია!“.

 

პირადი სატკივრის გარდა, სხვაც აწუხებს მოხუც სანათას, თავის დაღუპულ ქმარ-შვილთან ერთად ხოშარელთა ბედისწერასაც გლოვობს:

 

„როდემდის უნდა ვიბანოთ

სისხლით პირი და ხელები,

შვილთა მაგივრად დიდებსა

…………………………………………………….

ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს

ამ ფშავისხევის მცველები!“.

 

ეს უკვე აღარ არის ვიწრო, პიროვნული ტკივილი, ქვეყნის, ხალხის სატკივარზე მოთქმა და ვაებაა. თითქოს გულგატეხილია სანათა, თითქოს ყველასი და ყველაფრის რწმენაც დაკარგული აქვს, მაგრამ გამოჩნდება კვირია და მოაქვს ამბავი: თურმე ურჯულო თათრებზე საბრძოლველად ემზადებიან ქართველები („მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“) და სანათა, ბედდამწვარი და მგლოვიარე, გასაოცარ ფერისცვალებას განიცდის: უკვე აღარ დასტირის მტერთან ბრძოლაში დახოცილ ქმარ-შვილს, რადგან მათ, როგორც ქვეყნისთვის თავგანწირულებს, სატირალი არაფერი სჭირთ („თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა შვილთ არც კი მოვიგონებდი“), ისევ მხნე და ძლიერია, რწმენაგაუტეხელი და იმედით სავსე:

 

„შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,

დავლათო ახმეტისაო.

…………………………………………

გვიშველე, ლაშარის ჯვარო,

დაგვჭირდა შენი თავია,

………………………………………………………………….

გვიჭირს და გამოგვაყენე

შეუმუსრავი ძალია!“.

 

ეს კი უკვე „ქართვლის დედის“ დალოცვაა და მოწოდება.

 

ასეთი ძლიერი და საინტერესო ხასიათი შექმნა ვაჟამ სანათას სახეში.

 

ბევრი რამა აქვთ საერთო სანათას და პოემა „გიგლიას“ ერთ-ერთ გმირს – თალალის, „ფშავი-ხევი იმედის“, თავისი ვაჟკაცობით განთქმული გიგლიას დედას. მასაც, როგორც ყველა დედას, მზეც და მთვარეც შვილზე ამოსდის (,,პურა შეჭამე, ნუ ჩქარობ, შვილო, სილაღევ დედისა“), მაგრამ ეს სიყვარული არ არის ეგოისტური და ბრმა, რადგან თალალის შეგნებაში სხვა სიყვარულიც არის გამჯდარი: ერისა და ქვეყნის სიყვარული. მან იცის, რომ შვილი მარტო თავისთვის კი არა, მამულისთვისაც გაზარდა:

 

„კაცს მიტომ კაცსა ვეძახით,

უნდა წელს ერტყას ხმალია,

მაშ რა უნდა ვქნათ, ხომ ჰხედავ,

ფშავლები მტერმა დალია?!“.

 

ამიტომაც, მიუხედავად ავი წინათგრძნობისა („შენ არ მოუკვდე დედასა, შენზედ არ დავჯდე მტირალი“), რომელსაც გიგლიას დის, თამარის სიზმარიც ემატება („სხივნ გამქრალიყვნენ მზისანი, დალეწილები ეყარნენ აბრაქნი ჩემის ძმისანი“), არიგებს და გზას ულოცავს გიგლიას:

 

„ფშაველთ სალოცავმ შემასწვრას

შენს შინ მშვიდობით მოსვლასა,

ხერხით მაიქცე მტერთანა,

ნუ გასწევ ჯიუტობასა

მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!“.

 

პატრიოტ ქალებზე ლაპარაკისას უნდა მოვიხსენიოთ ლელა ბაჩლელიც პოემა „ბახტრიონიდან“. ჩვეული მოწიწებითა და სინატიფით ხატავს ვაჟა მთიელი ქალწულის უზადო სილამაზეს:

 

„საამურია საცქერლად

ვარდზე ცხვარები დილისა,

ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,

ნარწყავსა უკვდავებითა,

ხორცშესხმულ სიყვარულსა ჰგავს,

აუწყველს, -უწყავებითა“.

 

ეს ლელაა „ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი“, მტერთან საბრძოლველად, სნეული მამის სანაცვლოდ ბრძოლაში წაყვანას რომ მოითხოვს მისი საქციელი გაოცებული და აღშფოთებული მეომარი მამაკაცებისაგან:

„- ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:

თათრებთან ომი მწადიან,

………………………………………

რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო

იქნებ მიწუნებთ ქალობით?

ჩემ ძმათ ცხოვნებამ, გარგებდით,

ჩვენთა სალოცავთ წყალობით“.

 

ეს მომხიბვლელი შერწყმა ქალურისა და ვაჟური ქცევისა უფრო ხაზს უსვამს მთიელი ქალწულის მიმზიდველ ქალურობას.

 

ლელას პატრიოტიზმი მარტო მჭექარე სიტყვებში არ გამოიხატება („მტრის ჯავრი გულში მიდგია, შავის ალაზნის გუბედა“): ის აშკარა სიკვდილზე მიდის და იღუპება, როგორც გმირი ბახტრიონის ციხის კარებთან.

 

„ლეკვი ლომისა სწორიაო….“ და ამაზე მეტი „ლომობა“ ქალისაგან, ალბათ ძნელი წარმოსადგენია.

 

 

ვაჟას პოემა „ეთერი“ ხალხური „ეთერიანის“ საფუძველზეა შექმნილი. დიდი ნიჭია საჭირო, რომ ხალხურმა გენიამ არ შთანთქას ხელოვანის ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვაჟას ჰქონდა ეს ნიჭი. მის პოემაში, რომელიც ერთი ტრაგიკული სიყვარულის ამბავია, არ არის ის საგმირო-ჰეროიკული სული, ხალხური ეპოსისთვის რომაა დამახასიათებელი. ნაწარმოების ცენტრში დგას მწყემსი ქალი ეთერი და არა ხალხი. აქ ეთერის ფსიქიკა, მისი სულის მოძრაობაა მთავარი.

 

ვაჟასეული ეთერი კიდევ ერთი მშვენიერი სახეა მისი პოემების გმირ ქალთა შორის:

 

„… და მწყემსი ქალი, ობოლი-

ყვავილი ედემისაო…

ეტყობა მიწას ლამაზი

ნავალი ეთერისაო“.

 

მართლაც, გენიოსის კალმის მოსმაა, როგორც იტყვიან, შეუძლებელია, რამდენიმე ჩვეულებრივი ფრაზით ამაზე სრულიად და არაჩვეულებრივად ქალის სილამაზის გადმოცემა.

 

ტყის ფერიაა ეთერი. ყელი ჯეირანს მიუგავს, ბალიშად ქვა უდევს და ლეიბად „შამბი ძირზედა“, თვალებში ზღვა და ხმელეთი ჩაჰქსოვია, ხორცშესხმული სიყვარულია და თავზე ტრფობის გვირგვინი ადგას:

 

„ტანთ შავი ჯუბა აცვია,

შავი მანდილი თავზედა,

ვერ ნახავ ერთ მძივს, ან ღილსა

ეთერის ლერწამ ტანზედა“.

 

„პოემაში ეთერი შუა საუკუნეების საგალობელში გამოსახულ ღვთისმშობელსა ჰგავს, სახე მისი მზეა… (თვალებში) უბრწყინავს მთელი ქვეყანა, წმინდანთა და ღვთაების სიყვარულით დაგვირგვინებული“ (ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, საიუბილეო კრებული, 1974).

 

ვაჟას ეთერი პიროვნებაა: წინდახედული („ღირსი არა ვარ, ხელს გბანდე, განაღამც გვყვანდე ცოლადა, მეფე ხარ რატომ არ ჰფიქრობ? საქმეს რად იჭერ ყროლადა?“), არცთუ მიამიტი („მიწაზე ცალი არა გყავს, როგორც მზეს მაღლა ცაზედა; ვაითუ მალე მოგწყინდე, მალე გამცვალო სხვაზედა“), დამატყვევებელი სულის პირველქმნილი მშვენიერი სისპეტაკითა და უანგარობით (,,ხშირად ტანთ არა მაცვია, დავდივარ ფეხშიშველაო, მაგრამ სიმდიდრე, სიდიდე, ფუჭია ჩემთვის ყველაო“.).

 

კიდევ ერთი მშვენიერი, მაღალი სულის ქალი გვხვდება პოემაში „სისხლის ძიება“. ეს არის დემურის ცოლი. პოეტური ნიჭი არც ამ ქალის სილამაზის გადმოსაცემად დაიშურა ვაჟა-ფშაველამ:

 

„ქალი გადმოდგა ქოხიდან,

შუქი გამოჰყვა პირითა,

………………………………………………..

თუ შურთხი არის ლამაზი

მსტვინავი მაღალ მთაზედა?

…………………………………………………….

ან თუ ვარსკვლავთა კრებული

უხვსხივიანი ცაზედა?

…………………………………………………..

იქნება სამოთხე იყოს,

ქვეყნად მოსული ციდანა?

ვაჟკაცის გული ჭირია,

გადამგდებელი ჭკვიდანა“.

 

ქალი, რომელსაც საოცარი მოკრძალება და ხათრი აქვს ქმრისა, აღმოაჩენს, რომ დემური გამცემია: „შავად მენახოს, ქმარაო, შენი ვარსკვლავი ცაზედა“. ამ მწარე სიტყვების მიზეზიც, ალბათ მარტო ძმის სიკვდილი არ არის, შელახული რწმენა და თავმოყვარეობაცაა.

 

მოულოდნელად და უცნაურად იკლავს თავს დემურის ცოლი: იმავე ცეცხლში გადაეშვება, რომელშიც მისი ქმრის მკვლელი, ქიჩირბეი, იწვება. საინტერესოა, რა არის ეს? რწმენადაკარგული და სასოწარკვეთილი ქალის საბედისწერო ნაბიჯი, პროტესტი უსამართლობის მიმართ, თუ რაღაც სხვა, უფრო ღრმა განცდა.

 

მრავალფეროვანია ვაჟასეული პლეადა ქალებისა, რომელთა ხასიათებსა და შინაგან სამყაროში ბოლომდე წვდომა არც ისე ადვილია. ეს, შეიძლება ითქვას, მთელ მის შემოქმედებაზეც. „დღეს ვერავინ დაიჩემებს, თითქოს მან ისეთნაირად გახსნა ვაჟა-ფშაველას ლექსი, რომ შემდგომ თაობებსაც კი არაფერი რჩებათ გაურკვეველი და გასაკეთებელი…

 

ვაჟა-ფშაველა დიდი ხელოვანია და ამიტომ კვლევა-ძიების რომელიმე ერთ დონეზე ნამდვილად დაუძლეველია იგი. თვითონ ვაჟა ადვილად თხზავდა, ჩვენ კი ძნელად გასარკვევი თხზულებები დაგვიტოვა, რაცაა მისი პოეტური სიცოცხლის უკვდავების პირობა“.

 

ვაჟა ურთულესი ფენომენია, რომლის სიდიადის ბოლომდე გააზრებისგან ჩვენ ჯერ კიდევ კიდევ შორს ვართ.

 

ქართულმა გენმა შვა ვაჟა-ფშაველა, რომელიც „ოლიმპიური ზევსივით დგას არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის სულიერი კულტურის საგანძურში“ (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა, 1961წ).

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...