სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი

0

ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი ნებისმიერი ასაკის ადამიანის საქმიანობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს. ის გვეხმარება დავალების ეფექტიანად, სრულფასოვნად შესრულებაში და წარმატების მიღწევაში. გარდა ამისა, ის გვიზოგავს დროს, გვაძლევს დროის ეკონომიის საშუალებას, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, აუცილებელი ელემენტია არა მხოლოდ პროფესიულ ან სასწავლო საქმიანობაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

ინსტრუქცია არის მოქმედებების თანმიმდევრობის ახსნა. მკაფიო და ნათელი, ცხადი ინსტრუქციები სწავლა-სწავლებაში წარმატების მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი საშუალებას აძლევს მოზარდს სასწავლო საქმიანობაში თავი კომპეტენტურად იგრძნოს, რამდენადაც შეთავაზებული მითითებების გამოყენებით მან იცის, რა უნდა გააკეთოს. ინსტრუქცია შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ხანდახან, ინსტრუქციის მიწოდებისას შეიძლება გამოვიყენოთ თანმიმდევრული სურათები ან სიმბოლოები. ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარის გამომუშავებით ჩვენ ვასწავლით ბავშვებს „გააზრებულ“ მოსმენას, გააზრებულ კითხვას და ფაქტობრივად მოქმედებას ალგორითმის მიხედვით.

მითითებების მიხედვით მოქმედების უნარი საკვანძო მომენტია სწავლებაში. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ სასკოლო სწავლებისთვის მზაობის დიაგნოსტირებისას სხვა უნარებთან ერთად ისიც უნდა შემოწმდეს, თუ როგორ ახერხებს ბავშვი მარტივი ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებას.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვში ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებას – რეკომენდაციები:

  • ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში უნდა დავიწყოთ. ბევრი თვლის, რომ ამაზე სკოლამ უნდა იზრუნოს მათი აზრით, „წავა ბავშვი სკოლაში და იქ მიხედავენ ამ საქმეს“. რა თქმა სკოლაში გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ თუ ადრეულ ასაკშივე არ დავიწყებთ ბავშვში ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებაზე ზრუნვას, მოგვიანებით სასკოლო სწავლებისას ბევრ სირთულეს შევხვდებით. უნდა ითქვას, რომ ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებას ადრეულ ასაკში სერიოზული ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდება. შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ ჩვენ ამ უნარის განვითარებაზე უკვე მაშინ ვიწყებთ მუშაობას, როდესაც განვითარების ადრეულ პერიოდში მყოფ ბავშვს თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს ვუმუშავებთ, რასაც ნებისმიერი მშობელი უნდა აკეთებდეს. სკოლაში წასვლამდე ბავშვს უნდა შეეძლოს თვითმომსახურება – ჩაცმა, გახდა, დამოუკიდებლად ჭამა, საკუთარი ნივთების, სათამაშოების დალაგება. სკოლის წინარე პერიოდში ბავშვს უნდა ესმოდეს ინსტრუქციები, რომელიც მისგან სამი მოქმედების ერთმანეთის მიყოლებით შესრულებას მოითხოვს. მას ასევე უნდა შეეძლოს ისეთი ინსტრუქციების გაგება, რომლებიც მოიცავს სივრცესთან და დროსთან დაკავშირებულ ცნებებს, მაგ. „გთხოვ, მომიტანო წიგნი, რომელიც დევს პირველ თაროზე მარჯვენა მხარეს“; ან „ხვალ საბავშვო ბაღიდან რომ გამოგიყვან, მე და შენ გასართობ ცენტრში წავალთ, ამიტომ დილითვე შეარჩიე რის ჩაცმა გსურს“. წინასასკოლო პერიოდში ბავშვს უნდა შეეძლოს აღნიშნული ფრაზების შინაარსის გაგება და შესაბამისად მოქმედება;
  • იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, მისი შესრულება, მან თავდაპირველად უნდა გაიგოს ის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუქციები ადაპტირებული, მორგებული იყოს ბავშვის გაგების დონეზე. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივი, მოკლე და კონკრეტული ინსტრუქციები უნდა მივაწოდოთ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებს შეუძლიათ გაიგონ უფრო რთული ინსტრუქციებიც;
  • თავდაპირველად საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი გვისმენს და ისე მივაწოდოთ ინსტრუქცია. შემდეგ კი შევამოწმოთ შეძლო თუ არა მისი გაგება;
  • იმისთვის, რომ ბავშვს ინსტრუქციის მიხედვით მოქმედება მოვთხოვოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, ესმის თუ არა, რას მოვითხოვთ მისგან;
  • დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი მზადაა ინსტრუქციის მოსასმენად. მეზობელი ოთახიდან ან სამზარეულოდან მისთვის მიწოდებული მითითებები ვერ იმუშავებს. მშობლის მიერ მეზობელი ოთახიდან წამოძახებული ფრაზა – „სწრაფად მოდი აქ, მე შენ ახლა აგიხსნი როგორ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი“ – ნებისმიერ ასაკში იწვევს მოზარდის ბუნებრივ რეაქციას – „დედა, დამანებე თავი, შემეშვი“. მნიშვნელოვანია, ბავშვთან ერთსა და იმავე სივრცეში ვიმყოფებოდეთ, ამასთან მისი მხედველობის არეში ვიყოთ და შორიდან ყვირილი არ გვიწევდეს;
  • ინსტრუქციის გაცნობისას ვიზრუნოთ, რომ ახლომახლო არ იყოს ყურადღების გამფანტველი ნივთები: სათამაშოები, ტელევიზორი, სმარტფონი, პლანშეტი;
  • ვილაპარაკოთ მშვიდად. თუ გაღიზიანებული ვართ, ჩვენი ინსტრუქციები და მითითებები ბავშვმა შეიძლება სასჯელად აღიქვას, თავდაცვის პოზიციაში გადავიდეს და აღარც კი შეეცადოს მათ შესრულებას. საუბრის და სწავლების წინ ჯობია თავად დავმშვიდდეთ;
  • გამოვიყენოთ ჟესტები იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ იმას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ბავშვს გაუადვილდეს ამის შემჩნევა;
  • თანდათან უარი ვთქვათ ზოგიერთ ინსტრუქციასა და შეხსენებაზე, თუ ბავშვმა დაიმახსოვრა, როგორ შეასრულოს დავალება. ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ფრაზა: „შესანიშნავია, ამას შენ უკვე თავად გაუმკლავდები“!;
  • თვალსაჩინო მასალა, ბარათები, სურათები ინსტრუქციის მიწოდებისას შეიძლება დაეხმაროს ბავშვს, დაიცვას მოქმედებების საჭირო თანმიმდევრობა. ამასთან, სურათების გამოყენებით ის უკვე დამოუკიდებლადაც შეძლებს საკუთარი თავის შემოწმებას, როცა ჩვენი დახმარების გარეშე შეეცდება ინსტრუქციის შესრულებას. სურათებით მიწოდებული ინსტრუქცია დაეხმარება იმ ბავშვებსაც, რომელთაც პრობლემები აქვთ სიტყვების გაგებაში;
  • ხშირად დემონსტრირება საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს, თუ რას მოვითხოვთ მისგან. ასეთ დროს ჩვენ საკუთარ მაგალითზე ვაჩვენებთ, რა უნდა გააკეთოს. ცალკეულ შემთხვევებში დემონსტრირება ბევრად უკეთესად მუშაობს, ვიდრე ინსტრუქციის უბრალოდ სიტყვიერად, ან წერილობით მიწოდება. ყოველთვის, როცა შესაძლებელია, შევეცადოთ ვუჩვენოთ, თუ რას მოვითხოვთ მისგან და ნაკლები ველაპარაკოთ, ან სიტყვიერადაც გავაცნოთ ინსტრუქცია და ამავდროულად ვუჩვენოთ რა უნდა გააკეთოს. დემონსტრირების დროს წინასწარ ავუხსნათ ბავშვს, რას ვაპირებთ; ვთხოვოთ, დააკვირდეს ჩვენს ქმედებებს; ვიმოქმედოთ ნელა, რათა მან კარგად დაინახოს და გაიაზროს, როგორ ვასრულებთ ამა თუ იმ მოქმედებას. მივუთითოთ ჩვენი ქმედებების მნიშვნელოვან დეტალებზე, მაგ. ნახე როგორ მიჭირავს ავტოკალამი და საიდან ვიწყებ ასო „დ“-ს წერას. მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გაიმეოროს ის, რაც ვუჩვენეთ ჩვენი მოქმედებით – „კარგი, ახლა შენ თავადაც შეგიძლია ამის გაკეთება“. – ჩვენ მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა მას გამბედაობას შემატებს;
  • მუშაობის პროცესში უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ ბავშვის წარმატებულ ნაბიჯებს. შევაქოთ და მხარდაჭერა გამოვხატოთ მის მიმართ. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები უკეთესად სწავლობენ უფროსების მხრიდან მხარდაჭერის პირობებში. მოვერიდოთ ნეგატიურ კომენტარებს. შენიშვნებისა და საყვედურების ნაცვლად გავამარტივოთ ინსტრუქცია, გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხი, დავეხმაროთ, ერთად შევასრულოთ მიწოდებული დავალება. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ზრდასრულთა მხარდაჭერის ნაკლებობა ბავშვს უმწეოდ აქცევს მაშინაც კი, თუ მას საჭირო ცოდნა და უნარები აქვს.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გამოყენებით სწავლა-სწავლების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც კი ბავშვები გააცნობიერებენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია  წარმატების მისაღწევად ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, ისინი ბევრად ადვილად შეძლებენ დამოუკიდებლად მოქმედებას ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას. ასეთ დროს ძლიერდება საკუთარი ძალების რწმენა და ბავშვი უფრო ეფექტიანი და წარმატებული ხდება სასწავლო პროცესში.

ამგვარად, ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი წარმოადგენს საკმაოდ აქტუალურს მოსწავლეთა სასწავლო დამოუკიდებლობის განვითარებისათვის, რაც ასეთი მნიშვნელოვანია თანამედროვე სკოლაში.

 

კითხვის სწავლა სწავლებამდე – შეჯამება, დაკვირვება სიტყვებსა და მინიშნებებზე

0

წინამდებარე წერილში კითხვის სამი სტრატეგიის: 8. შეჯამების, 9. სიტყვებზე დაკვირვებისა და 10. მინიშნებებზე დაკვირვების – შესახებ ვისაუბრებთ. სანამ სამიზნე სტრატეგიებს განვიხილავდეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი ჩვენს წინა წერილებში აღწერილ სტრატეგიებს და აქვე ჩავსვათ ამ წერილის სამიზნე სტრატეგიებიც, ჯერჯერობით სულ 10 სტრატეგია.

 

# კითხვის სტრატეგია სტრატეგიის მოკლე აღწერა
1 საუბარი ყდაზე წიგნის გადაშლამდე ყურადღებით ვათვალიერებთ ყდას და ვსაუბრობთ მასზე განთავსებული ინფორმაციის (სათაური, ავტორი, ილუსტრაცია…) მიხედვით.
2 მოდი, გავიხსენოთ… წაკითხვამდე გავიხსენებთ, რა ვიცით ან ამ ავტორის შესახებ, ან/და მსგავსი სათაურის სხვა წიგნის შესახებ, ან/და წიგნის ყდის ილუსტრაციაზე გამოსახული პერსონაჟის შესახებ, ან/და წიგნის თემატიკის შესახებ.
3 ვარაუდების გამოთქმა ისევ წაკითხვამდე გამოვთქვამთ ვარაუდებს, რა მოხდება ამ წიგნში, ვინ იქნებიან მისი პერსონაჟები, როგორ განვითარდება და დასრულდება ამბავი. ვარაუდები უნდა დაეყრდნოს წიგნის სათაურსა და ყდის ილუსტრაციას. ზოგჯერ შეიძლება, წიგნის შიდა ილუსტრაციებიც გადავათვალიეროთ კითხვის დაწყებამდე.  ვარაუდები თანდათან უფრო საინტერესო გახდება კითხვის პროცესში გაკეთებული პაუზების დროს. რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს გამოთქმული ვარაუდების გადამოწმებაც.
4 შეკითხვების დასმა სხვადასხვა სიღრმის შეკითხვებს ვსვამთ როგორც წიგნის წაკითხვამდე, ისე კითხვის პროცესშიც და წაკითხვის შემდეგაც. შეკითხვების დასმა გადაჯაჭვულია, ფაქტობრივად, ყველა სხვა სტრატეგიასთან.
5 წარმოსახვა (ვიზუალიზაცია) ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვის დროს მნიშვნელოვანია წაკითხულის წარმოსახვა, დანახვა, გაგონება. დავხუჭოთ თვალები და აღვწეროთ, როგორია პერსონაჟი, რა გარემოში ხდება მოქმედება, რა ხმები „გვესმის“ და სხვ.
6 ხელახლა წაკითხვა აქ ბავშვისთვის საყვარელი წიგნის ხელახლა წაკითხვა არ იგულისხმება. უფრო სწორად, მხოლოდ ეს არ იგულისხმება. წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს დროდადრო უნდა დავუბრუნდეთ წინა აბზაცებს, გვერდებს და კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ. აქ დაგვეხმარება ჩვენ მიერ დასმული კითხვებიც, რომლებზე პასუხსაც მივაგნებთ ან გადავამოწმებთ ხელახლა წაკითხვის დროს.
7 ხმამაღლა ფიქრი ამ დროს ხმამაღლა გამოვთქვამთ იმ აზრებს, რომელთა საშუალებითაც ვახერხებთ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხის გაცემას. ეს ბავშვებს მაგალითს აძლევს და უადვილებს, თავადაც მიეჩვიონ ასეთ ფიქრს.
8 შეჯამება ყოველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ გაწაფული მკითხველები შეყოვნდებიან, თვალს გადაავლებენ წაკითხულს და მოკლედ შეაჯამებენ. ბავშვებს უნდა დავეხმაროთ წაკითხულის მოკლედ შეჯამებაში, რეზიუმირებაში.
9 სიტყვებზე დაკვირვება სიტყვებზე დაკივრვებით მდიდრდება ბავშვების ლექსიკური მარაგი და მათ უადვილდებათ წაკითხულის გააზრება. სიტყვებზე სავარჯიშოდ შეგვიძლია სხვადასხვა სახალისო დავალება შევთავაზოთ ბავშვებს.
10 მინიშნებებზე დაკვირვება ყველაფერი ტექსტში არ წერია, ზოგიერთი რამ მინიშნებებით უნდა ამოვიცნოთ. წიგნის კითხვის დროს მინიშნებებზე ყურდღების გამახვილება ერთ-ერთი სასარგებლო სტრატეგიაა.

 

 

  1. შეჯამება – შევაჯამოთ წაკითხული

რა არის ეს?

წაკითხულის შეჯამება ერთ-ერთი სასარგებლო სტრატეგიაა, რომელსაც კარგი მკითხველები იყენებენ. ამიტომ მასწავლებლები პირველივე კლასიდან ცდილობენ მოსწავლეებისთვის ამ უნარის გამომუშავებას. შეგვიძლია თუ არა, ჩვენ, მშობლებმაც, შევაჯამოთ ხოლმე ტექსტის ხმამაღლა წაკითხული მონაკვეთები? რასაკვირველია.

შეჯამება გულისხმობს წიგნის/ტექსტის გარკვეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ შეჩერებას, წაკითხულის გახსენებას, მის მოკლედ, შეკუმშულად გადმოცემას. ამ დროს მკითხველი ყურადღებას ამახვილებს ტექსტის უკვე წაკითხული ნაწილის ან მთელი ტექსტის მთავარ ინფორმაციაზე.

რატომ უნდა შევაჯამოთ?

თუ ბავშვებთან ხშირად მივმართავთ ამ სტრატეგიას – ტექსტის ხმამაღლა კითხვისას შევჩერდებით და შევაჯამებთ წაკითხულს, თანდათან ამას ბავშვებიც მიეჩვევიან და უკვე სკოლაში, კითხვის სისტემური შესწავლის პროცესში, ადვილად მოახერხებენ, დროთა განმავლობაში კი ჩვევადაც ექცევათ.

კითხვის პროცესში შეყოვნება და წაკითხულის მოკლედ გახსენება, მკითხველისთვის (განსაკუთრებით – პატარა მკითხველისთვის) მეტად საინტერესო და სასარგებლოა. ამ პროცესში მისი აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება კითხვაში გაწაფულობის ხარისხის მატებასთან ერთად და საბოლოო ჯამში ავტომატიზებულ სტრატეგიად ჩამოყალიბდება. წაკითხული ტექსტისა და მისი ცალკეული მონაკვეთების ავტომატიზებული შეჯამება, როგორც უკვე ვთქვით,  ეფექტური მკითხველის ერთ-ერთი აუცილებელი მახასიათებელია.

როგორ და როდის შევაჯამოთ წაკითხული ტექსტი?

ნახევარი ან ერთი გვერდის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და გავიხსენოთ, რა იყო წაკითხულ მონაკვეთში მთავარი. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ მოსწავლეებიც.

ტექსტის შეჯამებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ ფრაზები: ესე იგი… ასე რომ… როგორც აღმოჩნდა… გამოდის, რომ…

უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტის შეჯამება უფრო სასარგებლოა, როცა მას ვიყენებთ კითხვის სხვა სტრატეგიების (მაგალითად, კითხვების დასმის, ვარაუდების გამოთქმა-გადამოწმების და ა. შ.) პარალელურად.

ნიმუში:

ვთქვათ, ბავშვებს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“. რომელი მონაკვეთები შეიძლება შევაჯამოთ ამ ზღაპარში? პირობითად შეიძლება მოვნიშნოთ რამდენიმე ადგილი: 1. ნაცარქექიას სახლიდან გაგდება; 2. ქვისთვის წყლის გამოდენა; 3. დევთან ერთად დევის სახლში წასვლა; 4. ვახშმის სამზადისი; 5. დევის გაქცევა და ზღაპრის დასასრული.

აქვე ნიმუშად გთავაზობთ წინადადებებს, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ თითოეული მონაკვეთის შეჯამებისას. არც აქ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტრატეგიის მოდელირებისას აუწონელი სარგებლის მომტანია ხმამაღლა ფიქრის მიდგომა.

თითოეული მონაკვეთი და მისი შეჯამება წარმოვადგინოთ ცხრილის სახით:

 

# ზღაპარ „ნაცარქექიას“ მონაკვეთი შეჯამება
1 ნაცარქექიას სახლიდან გაგდება ესე იგი, ნაცარქექია გააგდეს საკუთარი სახლიდან და თან გაატანეს რამდენიმე ნივთი.
2 დევთან შეხვედრის შემდეგ ქვისთვის წყლის გამოდენა გამოდის, რომ ნაცარქექიამ დევი მოატყუა და დააჯერა, რომ მასზე ღონიერია.
3 ნაცარქექიას გამარჯვება სირბილში, მდინარეზე გადასვლისას ნაცარქექიას „ძალის“ გამოჩენა ესე იგი, ნაცარქექიამ კიდევ უფრო დაარწმუნა დევი, რომ სასწაული ძალის მქონეა.
4 დევთან ერთად დევის სახლში წასვლა გამოდის, დევს ისე შეეშინდა, რომ ნაცარქექიას ყველა სურვილს ასრულებს.
5 ვახშმის სამზადისი როგორც აღმოჩნდა, ნაცარქექია ბევრჯერ გადაურჩა თავისი ნამდვილი სახის გამოჩენას. ნეტავი დევი ბოლომდე მოტყუებული დარჩება?
6 დევის გაქცევა და ზღაპრის დასასრული ასე რომ, ნაცარქექიამ დევი საბოლოოდ მოატყუა და მის ქონებას დაეპატრონა.

 

  1. სიტყვებზე დაკვირვება

რა არის ეს?

წიგნის კითხვისას ტექსტში შეხვედრილი საინტერესო სიტყვები არ უნდა გავატაროთ მხოლოდ ერთი წაკითხვით. მათზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, განვმარტოთ და ჩავატაროთ ისეთი თამაშები, რომლებიც უფრო უკეთ გააცნობს ამ სიტყვებს ბავშვებს. რაკი თამაში ვახსენეთ, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ბავშვისთვის, განსაკუთრებით – სკოლამდელ ასაკში, წიგნის კითხვა მოსაბეზრებელ აქტივობად არ უნდა იქცეს.

რომელ და როგორ სიტყვებზე იქნება კარგი ყურადღების გამახვილება? რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს იქნება უცნობი სიტყვები (აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და გავიხსენებთ ამ სერიის პირველი წერილის მსჯელობას, სადაც ხაზი გავუსვით, რომ წიგნის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ სათანადო დოზით უცნობი სიტყვების არსებობაა) და მნიშვნელოვანი სიტყვები.

რატომ უნდა დავაკვირდეთ სიტყვებს?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი, რაც წიგნის კითხვიდან შეიძლება მიიღოს ბავშვმა, არის ახალი სიტყვების შესწავლა და ამ გზით ლექსიკური მარაგის გამდიდრება. წიგნის კითხვისას ბავშვები ხშირად კითხულობენ, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. უფროსები მათ გასაგებად ავუხსნით ხოლმე ამ სიტყვის მნიშვნელობას. უმჯობესია, თუკი თვითონვე ჩავეკითხებით და გამოვათქმევინებთ ვარაუდს, რას უნდა ნიშნავდეს ესა თუ ის სიტყვა.

გარდა იმისა, რომ ამით ბავშვები ლექსიკურ მარაგს გაიმდიდრებენ, წაკითხულ ტექსტსაც უკეთ გაიაზრებენ და კითხვის პროცესიც უფრო სასარგებლო გახდება.

როგორ დავაკვირდეთ სიტყვებს?

მასწავლებელს წინასწარ აქვს შერჩეული ტექსტში ისეთი სიტყვები, რომლებზეც მოსწავლეებს ყურადღებას გაამახვილებინებს, სთხოვს მათ განმარტებას თუ განსახიერებას, სინონიმის ან ანტონიმის დასახელებას, ამ სიტყვებზე წინადადებების მოფიქრებას, დახატვას და სხვ. ჩამოთვლილი აქტივობები მშობლებსაც გამოგვადგება, როდესაც არასასწავლო სიტუაციაში ვუკითხავთ ხოლმე ბავშვებს, მაგრამ წინასწარ ტექსტების შესწავლა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ნამდვილად არ არის საჭირო და არ უნდა დავფრთხეთ, საქმე არ უნდა გავირთულოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის საჭირო წამდაუწუმ კითხვის შეწყვეტა სიტყვებზე კონცენტრირების მიზნით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წიგნის/ტექსტის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რამდენად შეესაბამება ის ჩვენი პატარების კითხვის დონეს – კითხვის პროცესში მკითხველების ნაცვლად სიტყვათა განმმარტებლებად არ უნდა ვიქცეთ. ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი დაკვირვება და გარკვეული დასკვნაც გამოვიტანოთ: ბავშვები არ ბრკოლდებიან მათთვის უცნობი სიტყვების მოსმენით და უდრტვინველად გაატარებენ ხოლმე ასეთ სიტყვებს, თუ მთლიანი თხრობა, ამბის მდინარება მათთვის გასაგებია. გაგების დაბრკოლების ან უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ისინი დროდადრო შეგვაჩერებენ ხოლმე და ჩაგვეკითხებიან ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას. სწორედ ასეთ შემთხვევებში უნდა მოვახერხოთ ამ სიტყვებზე სათანადო დაკვირვება და მსჯელობა. რასაკვირველია, ჩვენი ინიციატივითაც უნდა შევთავაზოთ ხოლმე ბავშვებს სიტყვებზე თამაშ-ვარჯიშები.

სიტყვებზე დასაკვირვებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი კითხვები:

  • რას ნიშნავს ეს სიტყვა? რომელ სიტყვას გაგონებს?
  • ხომ არ იცი მსგავსი მნიშვნელობის სხვა სიტყვა? საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვა?
  • ხომ არ შეგიძლია, ამ სიტყვის გამოყენებით სხვა წინადადება მოიფიქრო?
  • ხომ არ „იმალება“ ამ სიტყვაში სხვა სიტყვა? (მაგალითად, ნაცარქექია – ნაცარი, ქექია, ია… ქარი… ქერქი…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვის თანარიტმულ სიტყვას? (ბუხარი – მსუქანი, ძმა – მთა…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვისთვის შესაფერისი შინაარსის სიტყვას? (სადგისი გაუყარა, ჭიშკარი გააღო, მდინარე ადიდდა…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვისთვის შეუფერებელი შინაარსის სიტყვას? (სადგისი მოხარშა, ჭიშკარი გადაშალა, მდინარე შეჭამა…)

ნიმუშები:

განვიხილოთ წინადადება ზღაპრიდან „ნაცარქექია“ და ვნახოთ, რა კომენტარები შეიძლება გავაკეთოთ ზოგიერთ სიტყვაზე:

„მობეზრდათ ძმებს ნაცარქექიას უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან“.

– რას ნიშნავს უსაქმურობა? უსაქმურობა… ანუ საქმე როცა არ აქვს ადამიანს… ასეთი ადამიანი იქნება უსაქმური, ხოლო როდესაც ადამიანი საქმეს არ აკეთებს, ესე იგი, ის უსაქმურობს. კიდევ რა სიტყვა შეიძლება ვთქვათ უსაქმურ ადამიანზე? (ამ შემთხვევაში სკოლის მასწავლებელი ასე ჰკითხავდა მოსწავლეებს: „რა სიტყვაა „უსაქმურის“ სინონიმი?) „ზარმაცი“. „უსაქმურობა“ იქნება „სიზარმაცე“.

თუ გვინდა, ანტონიმიც ვათქმევინოთ ბავშვს, შევეკითხებით:

– „უსაქმურისგან“ განსხვავებით, რა ჰქვია ადამიანს, რომელიც სულ შრომობს, მუშაობს? „მშრომელი“, „გამრჯე“…

ვნახოთ კიდევ ერთი მონაკვეთი იმავე ზღაპრიდან:

ძმებმა მართლა მისცეს ნაცარქექიას ერთი გუდა ნაცარი, ერთი ჭყინტი ყველი და სადგისი. აიღო ნაცარქექიამ თავისი ავლადიდება, გამოიხურა ეზოს ჭიშკარი და გაუდგა გზას“.

ამ წინადადებებში შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ სიტყვებზე: გუდა, ჭყინტი, სადგისი, ავლადიდება, ჭიშკარი.

გავითვალისწინოთ, რომ ყველა სიტყვის ერთბაშად განხილვა დამღლელია და ბავშვს კითხვისადმი ინტერესს ჩაუკლავს – მთავარი ხომ ის ამბავია, რომელსაც ვკითხულობთ. შესაბამისად, ერთ წაკითხვაზე განსახილველი სიტყვების რაოდენობა უნდა შევარჩიოთ. რამდენია ეს, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, უნდა მივხვდეთ სიტუაციისდა მიხედვით.

მივუბრუნდეთ გამოყოფილ სიტყვებს.

გუდა

– რა სიტყვებს გაგონებს? (გუნდა, ბუდა, გუფთა…)

– დაუკვირდი, წინადადებაში როგორაა გამოყენებული: ერთი გუდა ნაცარი. ანუ ნაცარი ყრია გუდაში. ესე იგი, გუდა არის რაღაც ჩანთასავით, რომელშიც შეიძლება ნაცარიც ჩავყაროთ… მოკლედ, გუდა არის ცხვრის ან ხბოს მთლიანი ტყავისგან გაკეთებული ჩანთასავით ნივთი, რომელშიც წინათ პროდუქტებს, მაგალითად, ყველს ინახავდნენ.

– ხომ არ იცი ისეთი სიტყვები/გამოთქმები, რომლებშიც გუდაა გამოყენებული? (გუდასტვირი, ძილისგუდა… აიკრა გუდა-ნაბადი, გუდიანი კაცი, გუდის ყველი, ტყუილების გუდა, გუდას პირი მოხსნა…)

– ხომ არ შეგიძლია მსგავსი მნიშვნელობის სიტყვების დასახელება? (ჩანთა, ტომარა, პარკი…)

– ხომ არ შეგიძლია, სხვა წინადადება შეადგინო? (კაცმა გუდა გახსნა და ყველი ამოიღო.)

 

ჭყინტი

– რა სიტყვებს გაგონებს? (ჭინჭარი, ჭრიჭინა, ბინტი, ყანწი…)

– რომელ სიტყვას ახლავს წინადადებაში და რას შეიძლება ნიშნავდეს? ჭყინტი ყველი… როგორი შეიძლება იყოს ყველი?.. ახალი, ძველი, მარილიანი, გემრიელი… მოკლედ ჭყინტი ნიშნავს ახალ, რბილ ყველს. ასევე შეიძლება ვთქვათ სიმინდზეც. როგორი იქნება ჭყინტი სიმინდი?

 

სადგისი

– სადგისი არის წვეტიანი ლითონის ჩხირი, რომელსაც აქვს ხის ტარი. მისი დახმარებით ადამიანები ხვრეტენ ტყავს: ჯერ სადგისისთ გახვრეტენ მას საჭირო ადგილზე და შემდეგ მახათით გაუყრიან მაგარ ძაფს. გამოიყენება ფეხსაცმელების, ჩანთების კერვისას. ნაცარქექია, მაგალითად, სადგისით ნაცარსაც კი ქექავდა. შესაძლოა, ამიტომაც მოითხოვა სადგისი გამატანეთო… კიდევ რისთვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ნაცარქექიას სადგისი?

– ხომ არ გახსენდება ისეთი სიტყვები, რომლებიც სადგისს ჰგავს? (სადგური, საწყისი…)

 

ავლადიდება

– მოდი, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ წინადადება, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული: აიღო ნაცარქექიამ თავისი ავლადიდება. რა იგულისხმება ავლადიდებაში? სულ სამი ნივთი. ანუ აიღო ყველაფერი, რაც გააჩნდაო. ავლადიდება ნიშნავს მთელ ქონებას. ნაცარქექიას სამ ნივთს ქონებას ძნელად ვუწოდებთ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრის ავტორი ამას დაცინვით ამბობს.

– ხომ არ შეგვიძლია, სხვა წინადადება შევადგინოთ ამ სიტყვის გამოყენებით? (ოჯახის მთელი ავლადიდება ერთ ურემზე დაეტეოდა.)

– ხომ ვერ მოძებნი ამ სიტყვაში სხვა სიტყვებს? (დიდება, დილა, ბელადი, ბალი, ვალი, დედა, დედალი…)

 

ჭიშკარი

– სანამ წინადადებაში დავაკვირდებით ამ სიტყვას, თვითონ სიტყვას დავაკვირდეთ. რომელიმე სიტყვა ხომ არ იმალება ამ სიტყვაში? კარი. წინადადებაშიც თუ ვნახავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს სიტყვა კარს უნდა ნიშნავდეს. ოღონდ ეზოს კარს. ანუ განსხვავება კარსა და ჭიშკარს შორის ისაა, რომ ჭიშკარი ეზოს კარია. მაგრამ ჭიშკარი, ამასთან ერთად, დიდი კარიც უნდა იყოს, ხშირად მას ორი ფრთა აქვს.

 

  1. მინიშნებებზე დაკვირვება

რა არის მინიშნება?

კითხვის დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ სხვადასხვა ოპერაციას მივმართავთ: ვიხსენებთ წაკითხულს, ვუბრუნდებით მას, ვაკვირდებით ილუსტრაციას და/ან სხვა მინიშნებებს.

ეს არის ისეთი სიტყვა, დეტალი, ადგილი ტექსტში, რომელიც პირდაპირ არ სცემს პასუხს ჩვენს კითხვას, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, გვიბიძგებს სწორი პასუხისკენ. გარდა ტექსტში მოცემული სიტყვებისა და წინადადებებისა, კარგ მინიშნებებს გვაძლევს ილუსტრაციებიც. იქნებ ამიტომაც არის, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა.

რატომ უნდა დავაკვირდეთ მინიშნებებს?

ბავშვები სასკოლო ასაკამდე უნდა მივაჩვიოთ, რომ წიგნებში ყველაფერი პირდაპირ არ არის ნათქვამი და ხშირად ჩვენ სხვადასხვა დეტალზე დაკვირვებით უნდა გამოვიცნოთ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი. სწორედ ამაში დაგვეხმარება მინიშნებებზე დაკვირვება.

ეს მეტად საჭირო უნარია და სულაც არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ან სკოლამდე, ან სასკოლო ასაკში ადამიანი სრულყოფს ამ უნარს. ხშირად სწორედ მინიშნებების სხვადასხვაგვარად გაგების გამო კამათობენ ხოლმე არათუ ახალბედა, არამედ გამოცდილი, ღრმად განსწავლული მკითხველებიც კი. ცხადია, ბავშვების ამ უნარში გავარჯიშების დროს ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით მარტივ და ზედაპირულ მინიშნებებზე, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია.

როგორ დავაკვირდეთ მინიშნებებს?

მინიშნებებზე დაკვირვებისას უნდა ვუპასუხოთ შემდეგი ტიპის კითხვებს:

  • რაზე მიგვანიშნებს ესა თუ ის დეტალი (სიტყვა, ილუსტრაციის საგანი, ფერი…)?
  • რა დეტალი მიგვანიშნებს ამა თუ იმ მოსაზრებაზე?

მინიშნებებზე დაკვირვებისკენ ყველაზე მეტად გვიბიძგებს ღრმა შეკითხვები ანუ შეკითხვები, რომელთა პასუხებიც ტექსტში პირდაპირ არ წერია. მოსწავლეებთან ერთად ასეთ შეკითხვებზე პასუხების ძიება ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და ტექსტის გააზრების უნარებს. მინიშნებად შეიძლება გამოგვადგეს:

  • სათაური;
  • ილუსტრაცია და მისი რომელიმე დეტალი;
  • პერსონაჟის სახელი;
  • პერსონაჟის ქცევა/სიტყვები;
  • ტექსტის რომელიმე წინადადება ან სიტყვა.

კითხვის დაწყებისას ჩვენ ვარაუდებს სწორედ სათაურისა და ილუსტრაციების მიხედვით გამოვთქვამთ ხოლმე. კითხვის პროცესში კი შეიძლება შევამჩნიოთ ისეთი წინადადება, სიტყვა ან პერსონაჟის ქცევა, რომელიც კონკრეტულ დასკვნაზე მიგვანიშნებს. ბავშვების ჩართულობით ამ მინიშნებებზე დაკვირვება, მათზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა კითხვის პროცესს უფრო საინტერესოს და სასარგებლოს ხდის. თავდაპირველად შესაძლოა ბავშვმა არც იაქტიუროს, მაგრამ უფროსის სამოდელო ქცევებზე დაკვირვების შემდეგ თანდათან მიეჩვევა ამას და მისთვის ეს ჩვეულებრივი გონებრივი საქმიანობა გახდება.

ნიმუშები:

განვიხილოთ „ნაცარქექიას“ კითხვის პროცესი და ვნახოთ, როგორ შეიძლება წარიმართოს ინტერაქცია წიგნის მინიშნებების მიხედვით.

– რა ხდება ყდის ილუსტრაციაზე? ვინ არის მასზე გამოსახული? რას აკეთებენ ეს პერსპნაჟები?

(დავუშვათ, წიგნის ყდაზე გამოტანილია სწორედ ეს ილუსტრაცია – არჩილ კუხიანიძის მიერ „ახალი დედაენისთვის“ შექმნილი ნახატი.)

რასაკვირველია, წიგნის წაკითხვამდე ბავშვები ვერ გამოიცნობენ, რა ხდება აქ, მაგრამ ილუსტრაციის მინიშნებებით შეიძლება დაასკვნან:

  • დევი შეწუხებულია, რომ დიდი კეცის ქვეშ ადამიანია მოქცეული.
  • ბუხარში პურს (ან ხაჭაპურს) აცხობს დევი, რადგან მზარეულის ქუდი სწორედ მას ახურავს.

თამაშის გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე

0

თამაშით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელთა გარეშე ცხოვრებაც დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია.  უდიდესი  ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის მიხედვით – „თამაშის საშუალებით ვითარდება ის ძალები და შესაძლებლობები, რომლებიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება“.

მოსწავლე ცოდნას თამაშის საშუალებით იღრმავებს და ივითარებს. თამაშით სწავლება არის ძალიან სახალისო, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლეს სკოლასთან შეგუება უწევს. ამ დროს სწავლება განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას შეუძლია, განუვითაროს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. ის დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა თანამშრომლობითი და ჯგუფური მუშაობის განვითარებაში.

სწავლების დროს თამაშის გამოყენებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლების  სფეროს მეცნიერ-მკვლევრები. ისინი საუბრობენ სასწავლო პროცესში თამაშის უპირატესობაზე, რაც აისახება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

„ენის შესწავლა რთული ამოცანაა და მიზნის მისაღწევად მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. კარგად შერჩეული თამაშები ფასდაუდებელია, რადგან მოსწავლეებს ეძლევათ შესვენების საშუალება და ამ დროს ისინი იყენებენ სხვადასხვა ენობრივ უნარებს“. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

შესაბამისად, თამაშით სწავლება სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

ყველა თამაში, რომლებსაც მოსწავლეები თამაშობენ, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძალიან ბევრი სავარჯიშო. ჯგუფური თამაშები კიდევ უფრო სასარგებლოა. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

„ენობრივი თამაშები საკლასო ოთახში არის სასიამოვნო აქტივობა წესებით, რომლებიც მიზანმიმართულად არის შემუშავებული მოსწავლეებში სწავლის დონის ასამაღლებლად, ჰალდფილდი (1999) ამტკიცებს, რომ თამაშები გართობასთან ერთად გულისხმობს მიზნებსა და წესებს“. (Abdullah, Karim, 2020)

მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო აქტივობებით დატვირთული. დაწყებით საფეხურზე თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის. უცხო ენის კათედრის სხდომებსა და მასწავლებლების შეხვედრებზე ხშირად განვიხილავთ, რომელი აქტივობაა შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისად, ვთანხმდებით, რომ თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ, მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, დავალებებს  უფრო გააზრებულად და ყურადღებით ასრულებენ.

სტატიაში შევეცდები, მოგაწოდოთ რამდენიმე თამაშის ინსტრუქცია, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

  1. Run to the board – ეს თამაში კარგი გზაა იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგად იმახსოვრებენ მოსწავლეების წინა გაკვეთილზე ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია:  ეს თამაში შეიძლება გამოყენებულ იქნას გრამატიკის, ლექსიკის ან მართლწერაში სავარჯიშოდ. მაგალითად, ლექსიკაში სავარჯიშოდ, მოსწავლეებს სთხოვეთ, დაწერონ ცხოველების სახელები. ისინი წერენ, რაც შეიძლება მეტ მაგალითს. ასევე ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დიაგნოსტიკური ტესტი იმის გასარკვევად, თუ რა იციან მოსწავლეებმა სემესტრის დასაწყისში.

ვყოფთ კლასს ორ ჯგუფად (დიდი კლასის შემთხვევაში შესაძლებელია მეტი ჯგუფის შექმნა). დავყოთ დაფა ორ (ან მეტ) ნაწილად, გუნდების რაოდენობის მიხედვით. მოსწავლეებს ვუნიშნავთ დროს, რამდენ ხანში შეასრულონ დავალება (4 წუთი, 5 წუთი ა.შ.). დაფაზე ვწერთ კატეგორიას, ან რომელიმე საკითხს, გრამატიკულ მასალას. მოსწავლეები კი წერენ სიტყვებს, რომლებიც ამ თემაზე საუბრისას გამოიყენება. ვთხოვთ თითოეულ გუნდის თითოეულ წევრს სწრაფად დაწერონ დაფაზე ეს სიტყვები. მოსწავლეები შემდეგ მოსწავლეს გადასცემენ ცარცს და ასე გრძელდება დროის ამოწურვამდე. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხი აქვს.

 

  1. The ballgame (Hello, my name is..) – ეს თამაში განსაკუთრებით კარგია დაბალ კლასებში. მისი მეშვეობით მოსწავლეები ივითარებენ საუბრისა და გუნდური მუშაობის უნარს. ერთადერთი რესურსი, რომელიც საჭიროა, არის ბურთი (ან რბილი სათამაშო).

ინსტრუქცია: მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ წრე, მასწავლებელი იღებს ბურთს და წარადგენს საკუთარ თავს, შემდეგ გადასცემს ბურთს მოსწავლეს, რომელმაც უნდა წარადგინოს საკუთარი თავი, მოსწავლე სხვა მოსწავლეს გადასცემს. და ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ წარადგენს საკუთარ თავს.

 

  1. Flyswatter game – ეს თამაში ძალიან სახალისოა, მოსწავლეები ივითარებენ ლექსიკას და მოსმენის უნარ-ჩვევებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, დავწეროთ 10-20 სიტყვა დაფაზე. პირველი ორი მოსწავლე გადის დაფასთან და თითოეულს ეძლევა თითო ბუზის საკლავი. მასწავლებელი აძლევს მინიშნებებს ერთ-ერთ სიტყვაზე, იწყებს ზოგადი მინიშნებით და მიდის უფრო კონკრეტულამდე. მასწავლებელს შეუძლია დაახლოებით 3-ჯერ მიანიშნოს, სანამ პირველი მოსწავლე გამოიცნობს სიტყვას. მოსწავლემ, რომელმაც იცის პასუხი, თავისი ბუზის საკლავით ურტყამს სიტყვას. თუ სწორია მისი გუნდი იღებს ქულას და შემდეგი ორი მოსწავლე მოდის დაფასთან. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც მეტი სწორი პასუხი ექნება.

 

  1. Throwing ball – ამ აქტივობით მოსწავლეები იმეორებენ ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 (ან მეტ) ჯგუფად.  ვირჩევთ თემას ცხოველებზე. მასწავლებელი დაფაზე წერს ასო-ბგერებს.  თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. მოსწავლე ისვრის ბურთს დაფისკენ, რომელ ასო-ბგერასაც ბურთი მოხვდება, ამ ასოზე უნდა დაასახელოს ცხოველი.

 

  1. Pictionary race – ამ თამაშით მოსწავლეები ვარჯიშობენ ლექსიკაზე.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. ვაჩვენებთ სიტყვას, მოსწავლეები ხატავენ. რომელი გუნდის მოსწავლეც გამოიცნობს სიტყვას, ის გუნდი იგებს.

 

  1. Running dictation – ეს თამაში მოსწავლეებს უვითარებს წერის, მოსმენის, მეტყველებისა და კითხვის უნარებს. ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ინგლისურის ცოდნის ნებისმიერ დონეზე.

ინსტრუქცია: მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოსწავლეს. ავირჩიოთ პატარა ტექსტი, წინადადებები ან დიალოგი, განვათავსოთ საკლასო ოთახის კედელზე. მწერლები სხდებიან სკამებზე, მკითხველები მიირბენენ, წაიკითხავენ კედელზე დაწერილ  წინადადებას, მოირბენენ და უკარნახებენ მწერლებს, შემდეგ ისინი ცვლიან როლებს. გამარჯვებული არის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს, თუმცა თუ მათ შეცდომები ექნებათ, ისევ უნდა გააგრძელონ.

 

  1. Roll the dice – ამ თამაშის გამოყენება ძალიან ბევრი სახით შეიძლება. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს.

ინსტრუქცია: მასწავლებელი დაფაზე წერს ექვს წინადადებას, რომელიც ერთიდან ექვსამდეა დანომრილი. მოსწავლე გამოდის აგორებს კამათელს, რომელი ციფრიც ამოდის, კითხულობს წინადადებას და შეუსაბამებს შესაბამის ილუსტრაციას.

 

  1. Category writing game – ეს თამაში ძალიან კარგია ლექსიკის გასამეორებლად და მართლწერის შესამოწმებლად.

ინსტრუქცია: კლასს ვყოფთ ორ ან სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს კაპიტანს. მასწავლებელი მაგიდაზე დებს ფურცელზე ჩამოწერილ კატეგორიებს (მაგ. საჭმელი, ცხოველები, ტრანსპორტი და ა. შ.), რომლებიც დაფარულია და კაპიტნები ირჩევენ კატეგორიებს. თითოეულმა ჯგუფმა თავის კაპიტანს უნდა უთხრას და დაწეროს ამ კატეგორიის შესაბამისი, რაც შეიძლება მეტი სიტყვა. მათ აქვთ დროის ლიმიტი, შეიძლება მივცეთ 3 ან 4 წუთი. თითოეული ჯგუფი ყოველი სიტყვისთვის იღებს თითო ქულას. ამ თამაშში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწერა.

 

 

გეოგრაფიის შურისძიება

0

2003 წლის 15 მარტს ჟურნალმა „ეკონომისტმა“ გამოაქვეყნა სტატია პროვოკაციული სათაურით „გეოგრაფიის შურისძიება“.

გულუბრყვილო იყო იმის ვარაუდი, რომ ინტერნეტის გლობალური წვდომა გეოგრაფიას არარელევანტურს გახდიდა. ტექნოლოგიები ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროებს უფრო მეტად აკავშირებს, ვიდრე ოდესმე. ინტერნეტის ბუმის პირველ დღეებში ბევრს ლაპარაკობდნენ „დისტანციის სიკვდილზე“, რომ გლობალური ციფრული ქსელის გაჩენა ბოლოს მოუღებდა ფიზიკურ თუ გეოგრაფიულ შეზღუდვებს. იყო ამაში გარკვეული სიმართლეც. ელექტრონულმა ფოსტამ იაფი და მარტივი გახადა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, თუ  სად ცხოვრობდნენ ისინი, თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს. კომპანიებს შეეძლოთ მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან უკვე შეეძლოთ ონლაინ რეჟიმში შეკრება და აზრის გაზიარება. გეოგრაფიული მდებარეობა შეიძლება განისაზღვროს GPS-ის საშუალებით. ვირტუალურმა სამყარომ გადაფარა და გადაკვეთა რეალური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

სინამდვილეში, გეოგრაფია შორს არის სიკვდილისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სასარგებლოა ინტერნეტის, როგორც პარალელური ციფრული სამყაროს გამოყენება, მისი მომხმარებლები ცხოვრობენ რეალურ სამყაროში, სადაც გეოგრაფიის საზღვრები ჯერ კიდევ მოქმედებს, და ეს საზღვრები ვრცელდება ონლაინ. კონკრეტული ადგილის შესაბამისი ინფორმაციის, ან კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებული მდებარეობის მოძიება ყოველთვის  არ არის ადვილი. ამან გამოიწვია ინოვაციების მოზღვავება, განვითარდა ახალი ტექნოლოგიები ვირტუალური და ფიზიკური სამყაროების დასაკავშირებლად.

ზემოთაღნიშნული სტატია ძირითადად ეხება იმას, თუ რა როლი შეასრულა ტექნოლოგიების გამოყენებამ „გეოგრაფიის გადარჩენაში“. მე სხვა მიმართულებით მინდა ავხსნა გეოგრაფიის გაცოცხლება და აქტუალობა. ჩემთვის გეოგრაფიის „შურისძიება“ ბუნების „შურისძიებასთან“ ასოცირდება, ბუნებრივი კატაკლიზმებით რომ არის გამოხატული. გეოგრაფია არის მეცნიერება, რომლის გამოც მოსწავლეებს (ადამიანს) უწევთ გაუმკლავდეთ უზარმაზარ და მრავალფეროვან საგანს, რისთვისაც აუცილებელია იდეების ანალიზის, სინთეზის, ასოციაციისა და კლასიფიკაციის უნარები.

გეოგრაფიის და ზოგადად სოციალურ მეცნიერებათა სწავლება ჯერ კიდევ ძალიან არის დაკავშირებული სწავლა-სწავლების ტრადიციულ პროცესებთან, სადაც მოსწავლეებმა უნდა დაიმახსოვრონ ახალი შინაარსი, მდინარეები, მთები, ქვეყნები, ბრძოლები, რევოლუციები, მეფეები ან დედოფლები. ზოგჯერ მოსწავლეები ფიქრობენ, რომ გეოგრაფია მოსაწყენია, რადგან ის საერთოდ არ არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან და არ ხსნის რეალურ პრობლემებს. სოციალურ მეცნიერებათა განათლებამ უნდა დაუკავშიროს გეოგრაფიული ცოდნა ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დგას რეალური საზოგადოება (Osler and Starkey, 2005).

თითქმის 80 წლის წინ სმიტმა (ციტატა 1945) განიხილა გეოგრაფიის გაკვეთილების ფარგლებში გეოგრაფიული აზროვნების ჩამოყალიბება და თქვა, რომ ეს დაეხმარება მოსწავლეებს გახდნენ მიზანმიმართული მოაზროვნეები, წარმატებულები და არა „ანიმაციური საცნობარო წიგნები“. მან აღწერა შეერთებულ შტატებში მოსწავლეთა გეოგრაფიული აზროვნების ცუდი მდგომარეობა და წუხდა იმის გამო, თუ როგორ ისწავლებოდა გეოგრაფია. ჩვენ როგორ ვასწავლით? რას ვასწავლით და რატომ? კვლავ ისმის წუხილი იმის შესახებ, რომ აღარ ვასწავლით ქვეყნებს, დედაქალაქებს … არ მოგვწონს სახელმძღვანელოები, ვიწუნებთ ეროვნულ სასწავლო გეგმას (თუ კი ვიცნობთ საერთოდ)…

დამსაქმებლები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების ცოდნითა და უნარებით, მათგან მოელიან, რომ მონაწილეობა მიიღონ არსებითად უწყვეტი სწავლის პროცესში. ცოდნა და უნარები უნდა შენარჩუნდეს, განახლდეს და შეიცვალოს.

ვირტუალური სამყაროს ხელმისაწვდომობა და ინტელექტუალური გამოყენება დიდ უპირატესობას ანიჭებს სივრცით აზროვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამუშაო ადგილზე და მეცნიერებაში.

დღესდღეობით მეცნიერები დიდწილად თანხმდებიან გეოგრაფიული აზროვნების მნიშვნელობაზე. მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ გეოგრაფიული აზროვნება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამყაროს კონცეპტუალიზაციაში (ჩანაფიქრის განხორციელებაში), რადგან გვეხმარება გავიგოთ მისი სირთულე და უკეთ გავიგოთ მისი განუზომელი კანონზომიერებები. ამგვარ აზროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ის  ითვლება ბუნებრივად (Brooks et al., Citation2017).

გეოგრაფიული აზროვნება ხშირად განიხილება, როგორც გეოგრაფიის განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი.

გეოგრაფიული აზროვნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ანთროპოგენურ კონტექსტში. ამ ეპოქაში, რომელიც განპირობებულია ადამიანური საქმიანობით, გეოგრაფიული აზროვნება გვაძლევს ძალას, ხელი შევუწყოთ უფრო მდგრად მომავალს. ამრიგად, გეოგრაფიული აზროვნების შეფასება და განვითარება პრიორიტეტული უნდა იყოს. (ლამბერტი, Citation2023).

გარდა ამისა, სკოლებში გეოგრაფიული აზროვნების დანერგვა ერთ-ერთი მიდგომაა გეოგრაფიის აღწერითი, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსახულების ჩანაცვლებისთვის. როგორც ჯექსონმა (Citation2006) აღნიშნა, გეოგრაფიული აზროვნების ძალის დემონსტრირება შეიძლება ასევე შეეხოს გეოგრაფიის მოძველებულ შინაარსს, შეცვალოს სტუდენტების რაოდენობის მზარდი ვარდნა და გეოგრაფიის შესახებ მცდარი წარმოდგენები.

მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული აზროვნების კვლევის სფერო საკმაოდ განვითარდა სმიტის სტატიის შემდეგ (1945), მისი ზოგიერთი გადამწყვეტი კითხვა გადაუჭრელი რჩება. გეოგრაფიული აზროვნების მნიშვნელობის მიუხედავად, არ არსებობს თანმიმდევრული კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა არის ის სინამდვილეში ან როგორ უნდა განვითარდეს და შეფასდეს სკოლებში. შესაბამისად, მრავლადაა გეოგრაფიული აზროვნების გარშემო განსხვავებული განმარტებები, მიდგომები და კონცეპტუალიზაცია  (მაგ., ბრუკსი და სხვ., Citation2017).

ზოგადად გეოგრაფიის სფეროში, გეოგრაფიული აზროვნება ჩვეულებრივ ასოცირდება გეოგრაფიის პარადიგმების ცვალებადობასა და განვითარებასთან და ძირითადად დაკავშირებულია ისეთ სახელებთან, როგორებიცაა კარლ რიტერი, ფრიდრიხ რატცელი, რიჩარდ ჰარტსორნი, ვიდალ დე ლა ბლაშე და ა.შ., გეოგრაფიულ განათლებაში გეოგრაფიული აზროვნება უმეტესად გეოგრაფის მსგავსად აზროვნების შემეცნებით პროცესს გულისხმობს.

გეოგრაფიული აზროვნება ხშირად მოიხსენიება სხვა ცნებების კონტექსტში, როგორიცაა სივრცითი აზროვნება (მაგ., Metoyer & Bednarz,ციტატა2017 ), ურთიერთობით აზროვნება (მაგ., Karkdijk et al.,ციტატა2019a ), სისტემური აზროვნება (კოქსი და სხვ.,ციტატა2019b ,ციტატა2019a ), გეოგრაფიული მსჯელობა (Karkdijk et al.,ციტატა2019b ), გეოგრაფიული წიგნიერება (Favier & Van der Schee,ციტატა2014 ). მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული აზროვნება ამ ცნებებთან საერთო მახასიათებლებს იზიარებს, ის მაინც განიხილება, როგორც თვითკმარი კონცეფცია, რომელიც დამოუკიდებლად დგას.

ვინაიდან გეოგრაფიული განათლება ფოკუსირებულია ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებებზე და იმაზე, თუ როგორ იცვლება მდებარეობის მიხედვით (van der Schee et al. 2014 ), იგი შეესაბამება ჰოლისტიკურ (ელემენტარული კავშირები), დროით (განვითარების ცვლილებები) და სივრცით (რეგიონული მახასიათებლები) მახასიათებლებს, რომლებიც ხაზგასმულია გეოგრაფიული სინთეზური აზროვნებით. (ვეი და ჟუ, 2018 ). გეოგრაფიული განათლების კონტექსტში, გეოგრაფიული სინთეზური აზროვნების განვითარება საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაიგონ რთული გეოგრაფიული სისტემები, ასევე გარემოსდაცვითი მდგრადობისა და ადამიანის კეთილდღეობის მდგრადობის საკითხები და ეხმარება მოსწავლეებს გაუმკლავდნენ სწრაფად ცვალებად, ურთიერთდამოკიდებულ და რთულ სამყაროს (Bednarz et al. 2013 ). ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიული სინთეზური აზროვნების განვითარებას.

გეოგრაფიული აზროვნების უნარების განვითარება აქტუალურია საშუალოდან უმაღლეს განათლებამდე (Karkdijk et al., 2013), რადგან ისინი ეხმარებიან სტუდენტებს გააუმჯობესონ და გადალახონ გეოგრაფიის უბრალო აღწერა (არაია და კავალკანტი, 2018). განსაკუთრებით მას შემდეგ რაც კლიმატის ცვლილებისა და გარემოს განადგურების აქტუალური საკითხების შესწავლა დაიწყეს.

მკვლევართა ყურადღება მიიპყრო საზოგადოების განვითარებასა და ეკონომიკას შორის არსებული სივრცითი ურთიერთკავშირმა;

გეოგრაფიული აზროვნების ცნებები შეიძლება განახლდეს.

გეოგრაფიული აზროვნების კონცეფციებით სწავლა-სწავლის მნიშვნელობა განპირობებულია ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გახსნას: სოციალური მეცნიერების განათლების ახალი მეთოდოლოგიების შემუშავება, როგორც გლობალური პროექტები, რთული პროცესების გაგება მონაცემთა დამახსოვრების ნაცვლად, სკოლის ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურობასთან, ცხოვრებასთან, საველე სამუშაოების ხელშეწყობა, თანამშრომლობა და კვლევა გეოგრაფიის გაკვეთილებზე და სკოლებში მიმდინარე სოციალური საკითხების განხილვა, როგორიცაა ომები, პოლიტიკური პოპულიზმი, ლტოლვილები, კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური კრიზისი, მასობრივი ტურიზმი, გარემოს განადგურება, დაბინძურება, მიგრაცია, მემკვიდრეობის შენარჩუნება, სიღარიბე ან შიმშილი განვითარებად საზოგადოებებში.

ასეთია გეოგრაფიის „შურისძიება“, რომელიც ჩვენგან მოითხოვს სიყვარულსა და მზრუნველობას იმ გარემოს მიმართ, რომლის გადარჩენაც ჩვენი და მომავალი თაობების ვალდებულებაა.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/10382046.2024.2354097?src=exp-la#d1e277

https://viva.pressbooks.pub/humangeog/chapter/thinking-geographically/

https://www.jstor.org/stable/40571301 ; https://www.nature.com/articles/s41599-024-03312-x

https://nap.nationalacademies.org/read/11019/chapter/7#111

 

 

 

იდეიდან ტექსტამდე

0

(მესამე ნაწილი – მარტოობის აპოლოგია)

წერისთვის აუცილებელია განმარტოება. არიან მწერლები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილასაც მშვენივრად მუშაობენ, მაგრამ მე აშკარად არ ვარ ერთ-ერთი მათგანი. ყოველთვის ჩემს ოთახში ვწერ. ეს ოთახი შეიძლება ჩემს სახლში არ იყოს (თუ, მაგალითად, სარეზიდენციო პროგრამით ვარ სადმე), მაგრამ ჩემი უნდა იყოს. სამუშაოდ კაფეებში არასდროს მივდივარ. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მთხოვა, რეპორტაჟისთვის ჩაგწერთო. დავთანხმდი და მკითხა, იქნებ თქვენ გვითხრათ, სად გირჩევნიათ ჩაწერაო. იქნებ საყვარელი კაფე გაქვთ ან მედიათეკა, სადაც მუშაობთო. რომ ვუპასუხე, სახლში ვმუშაობ-მეთქი, არ დაიჯერა, სულ სახლში ხომ არ იქნებით, როგორ, არსად გადიხართო?

არა, არ გავდივარ. უცხო გარემო გონებას მიფანტავს – მე ხომ დაკვირვება მიყვარს ნივთებზე, ადამიანებზე. რომ გავიდე, თვალიერებას გადავყვები და წერა უკან მომრჩება.

გამონაკლისი კი დამიშვია მეც ერთხელ: აიოვაში რომ ვიყავი, კვირაში ერთ დღეს ოთახს გვილაგებდნენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანმა კონკრეტული დღე აირჩია, ვერ გავიგეთ, ვისთან როდის მოდიოდნენ. ზოგი დილაობით საწოლიდანაც წამოუგდიათ. მე არ მახსოვს, რომელი დღე ავირჩიე, მაგრამ მახსოვს, რომ იმ დღეს მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ. მერე დალაგების დრო თვითნებურად შეცვალეს. ამიტომ დალაგების სავარაუდო დღეებში წამოვკრეფდი ჩემს მაკბუკსა და სამუშაო ჩანაწერებს, მოვიგდებდი მხარზე ჩემს წითელ პიჯაკს (ამერიკელებს ძალიან უყვართ კონდიციონერი, შესაბამისად, ყველგან ყინავს) და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მთავარი შენობისკენ გავწევდი. ლურჯ სამუშაო სივრცესთან ვჯდებოდი, ცენტრალური შესასვლელიდან და საგამოფენო დარბაზიდან მარცხნივ. ჩემ ირგვლივ ზოგი პრეზენტაციას ამზადებდა, ზოგი ნაშრომს წერდა, ზოგიც კითხულობდა. მხოლოდ მე ვბეჭდავდი რაღაცას გამალებით გაურკვეველ ანბანზე და გაურკვეველ ენაზე ვბუტბუტებდი (როცა ვერ ვწყვეტ, როგორ სჯობს წინადადებაში სიტყვების დაწყობა, ფრაზის სხვადასხვა ვარიანტებს ჩურჩულით ვკითხულობ. რომლის ჟღერადობაც მომეწონება, საუკეთესოც ისაა).

პირველად სწორედ მაშინ დავფიქრდი: იქნებ არც ისე საჭიროა, სამუშაო სივრცე შემოვზღუდო? მაგალითს მაძლევდა რეზიდენციის ერთი მონაწილეც, ბრწყინვალე პოეტი გაიათ ალმადუნი. ერთხელ გვითხრა, როცა ხელნაწერის ჩაბარების ბოლო ვადა კარზე მომადგება, ასე ვმუშაობო: მივდივარ კაფეში, ვწერ სამ-ოთხ საათს, რომ ვატყობ, იქ აღარ გამომდის, მეორე კაფეში გადავდივარ და ახლა იქ ვწერო. შემდეგ – კიდევ სხვა კაფეში, მერე – კიდევ სხვაში და ასე – სანამ ჩასაბარებელი გვერდების რაოდენობას არ მოვასრულებო.

როგორც ჩანს, გარემოს გამოცვლა გონებასაც აახლებს. როგორ ხდება ეს, არ ვიცი – მე არ მიცდია, მაგრამ მაინც გაგიზიარეთ – იქნებ თქვენ სცადოთ?

მე ელენ სიკსუს მუშაობის სტილის უფრო მესმის – ერთ-ერთ ლექციაში ამბობს, როცა რამეს ვწერ, სხვა ყველაფერს უნდა შევეშვა და მხოლოდ წერით დავკავდეო. ეს რთულია, რადგან საწერად წელიწადში რამდენიმე თვის გამოყოფა მიწევსო:

„მე ვმუშაობ დღეში რვა-ათ საათს გაუჩერებლად, როგორც მარათონის მორბენალი. და მერე მარათონის მორბენალივით ვეცემი. თუ ამდენი დრო არ მაქვს, წერას არც ვიწყებ. ვწერ ისე, როგორც ფრანგი კლასიკოსების უმრავლესობა, ანუ განუწყვეტლივ. თუ არ ვწერ, მძინავს, თუ მძინავს, სიზმარს ვხედავ – ესე იგი, ვწერ. მე წერის სხვადასხვა სახეს ვუნაცვლებ ერთმანეთს: დღის წერა, ღამის წერა და ასე გაუჩერებლად, რადგან წერა მოგზაურობაა და როცა გემზე ან თვითმფრინავზე ხარ, შეუძლებელია, ადგე და გადმოხვიდე ბორტიდან“[1].

პირველი წიგნის წერისას მეც სწორედ ასე ვიყავი: უშუალოდ წერას მაქსიმუმ ორ საათს ვუთმობდი დღეში, მაგრამ მთელი დღე ვფიქრობდი დაწერილზე. ამგვარად თავში მომდიოდა ხოლმე აზრები ცალკეულ სიუჟეტურ ხარვეზებზე. ამ აზრებს ვინიშნავდი და მეორე დღეს მუშაობას უკვე დაწერილის შესწორებით ვიწყებდი. ზოგადი რეკომენდაცია სხვაა: ჯერ უნდა დაასრულო ტექსტი და მერე გაასწორო. ენობრივი შეცდომები მართლაც ბოლოსთვის მოვიტოვე, მაგრამ აი, სიუჟეტურ ხარვეზებს კი ასე ვერ უგულებელვყოფდი – „აკუმში“ ხომ რამდენი პერსონაჟიცაა, იმდენივე პერსპექტივა და სიუჟეტური ხაზია, თხრობა არასწორხაზოვანია, ეს ყველაფერი ძალზე ართულებს ტექსტის სტრუქტურას. ამგვარ ტექსტში თუ ეს სტრუქტურა თავიდანვე მათემატიკურად გამართული არ არის, თუ მწერალმა თავიდანვე ზუსტად არ გათვალა დროის მიმდინარეობა, ბოლოს ყველაზე გამოცდილი რედაქტორიც კი ვერაფერს მოუხერხებს. დიახ, საწვალებელი ნამდვილად იყო, სასიამოვნო სამუშაო არ ეთქმოდა, მაგრამ მე უნდა შემესრულებინა და შევასრულე კიდეც.

მეორე წიგნზე მთლად გამოკეტილი არ ვყოფილვარ – თან სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი და თან პირველ მოთხრობაზე ვმუშაობდი. მესამე წიგნი მხატვრული არაა, როგორც იცით, და გამოკეტვა არ სჭირდებოდა, რადგან გადასამუშავებელი იყო და არა – დასაწერი. აი, ახლა მეოთხეს ჯერი მოვიდა და არ ვიცი, როგორ იქნება. გული კვლავ გამოკეტვისკენ მიმიწევს, მაგრამ მოვახერხებ? საჯარო ღონისძიებები და ინტერვიუები მექნება, როგორ უნდა შევუთავსო ეს ყველაფერი ერთმანეთს?

აქ კიდევ ერთი საკითხია: მარტო ყოფნა უნდა გიყვარდეთ. სხვაგვარად მწერლობაში გაჩერება გაგიჭირდებათ. მას შემდეგ, რაც „აკუმი“ დაიბეჭდა, ჩემს თავს შევურიგდი. ამაზე არასდროს მილაპარაკია (უფრო სწორად, ვილაპარაკე სულ ახლახან, ფრანგ ჟურნალისტებთან, მაგრამ სტატია ჯერ ხელთ არა მაქვს), „აკუმი“ ჩემს თავთან შერიგების წიგნი იყო, გამთლიანების წიგნი. სწორედ მისი გამოცემის მერე შევიყვარე მარტოობაც. და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება. წესად დავიდე, ღონისძიებებზე მარტო სიარული: ლიტერატურულ საღამოებზე, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე (განსაკუთრებით, საორღანო მუსიკის კონცერტებზე კათოლიკურ ეკლესიაში – ამაზე ოდესმე სხვა დროს და სხვა ფორმით მოგითხრობთ) და კაფეებშიც. წესად მაქვს, ზოგჯერ გავიდე მარტო, დავჯდე „დანკინ დონატსში“, დავლიო სეზონური ყავა (ჯანჯაფილის ნამცხვრის სუნელებით ზამთარში და გოგრის სუნელით შემოდგომაზე) და ვჭამო ბოსტონკრემიანი დონატი – ამ ქსელის პირველი კაფე ხომ სწორედ ბოსტონში გაიხსნა, ბოსტონკრემიან დონატსაც ამერიკაში სულ სხვა გემო აქვს. ვზივარ ხოლმე ასე ჩემთვის, სულში სიმშვიდე მაქვს, გულში – ჩუმი სიხარული, ვიხსენებ ამერიკას, რომელიც ჩემი სახლი გახდა, ჩემს ბავშვობას, რომელიც მუდამ ჩემი სახლია და ვტკბები იმ ლამაზი თავისუფლებით, რომელიც ლიტერატურამ თავის მიღმაც მაპოვნინა…

გაგრძელება იქნება

[1] ლექციის ეს ნაწყვეტი შეგიძლიათ, აქ იხილოთ: https://www.youtube.com/watch?v=evT0gGJ5Oms

საგანთა შორის ინტეგრირება – დაეხმარე სალამურას ჭიამაიების პოვნაში

0

რითია განსაკუთრებული ამა თუ იმ საკითხის ინტეგრირებულად სწავლება?

კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: საგანთა შორის ინტეგრირება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული საკითხი შეისწავლონ არა დაცალკევებულად, ფრაგმენტულად, არამედ გააერთიანონ ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა და სამიზნე ცნებებზე დაყრდნობით მთლიანობითად წარმოიდგინონ საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული ურთიერთკავშირი.

მულტიდისციპლინური მიდგომა საგნების თემატურ გაერთიანებას გულისხმობს. დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემოც. სწავლება მიმდინარეობს სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში, თუმცა თითოეული გაკვეთილი ქმნის ერთგვარ ჯაჭვს, ანუ ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს შერჩეული თემის ამოწურვამდე. თუ სასწავლო ფოკუსს რომელიმე ცნების გააზრებისკენ მივმართავთ, ამ შემთხვევაშიც ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა საგანი მისივე შინაარსის ფარგლებში შეეცდება ცნების მნიშვნელობის გააზრებას (მ. ბოჭორიშვილი).

გთავაზობთ მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი მარტივი, სახალისო, შემოქმედებითი დავალების დაეხმარე სალამურას ჭიამაიების პოვნაში სარეკომენდაციო სცენარს, რომელიც ხუთი საგნის ინტეგრირებით არის წარმოდგენილი და შესაძლებელია, შემაჯამებელ დავალებადაც გამოვიყენოთ.

ძირითადი რესურსი არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ (სახელმძღვანელო: ქართული, IV კლასი. ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე).

გრძელვადიანი სამიზნე ცნებები:

ქართული ენა და ლიტერატურა – ტექსტი; გრამატიკა.

ბუნებისმეტყველება – სივრცეში ორიენტირება.

მათემატიკა – მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა.

ხელოვნება სახვითი ხელოვნების მხატვრულგამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები); სახვითი ხელოვნების ტექნიკა; სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები;

ისტ ინფორმაცია, ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი.

დავალების პირობა – გაიხსენე არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“. წარმოიდგინე, რომ სალამურას შენ უნდა დაეხმარო დაკარგული ჭიამაიების პოვნაში. ამისთვის უნდა შეასრულო რამდენიმე დავალება და მოგზაურობის დღიურის ჩანაწერების სახით წარუდგინო თანაკლასელებს. სურვილისამებრ, შეგიძლია ჩანაწერები გააკეთო პროგრამა word-ში, ნახატები – პროგრამა Paint-ში და შეინახო ელექტრონულ დღიურში.

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • წერილობით გადმოეცი მოგზაურობის დროს თავს გადახდენილი საინტერესო ამბები, შენი გრძნობები, ფიქრები. მიუთითე ადგილი, დრო (დაწერის თარიღი) აღწერე გარემო, პერსონაჟები, როგორ გამოიყურებიან, რას აკეთებენ.
  • გამოიყენე სხვადასხვა შინაარსის წინადადებები, სწორად დასვი სასვენი ნიშნები.
  • პირობითი ნიშნების გამოყენებით შექმენი ადგილის გეგმა.
  • გამოთვალე მანძილი შენი სახლიდან მეცხრე მთამდე.
  • წარმოადგინე, რომელ მინიშნებებს დაეყრდენი ჰორიზონტის მხარეების ამოცნობისა და ვარსკვლავებზე დაკვირვების დროს.
  • შექმენი ნახატები (მოგზაურობის ამსახველი პეიზაჟები და საინტერესო ადგილები).

წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების პირობის გაცნობა და გაცნობიერება:

  • დაგიწერიათ თუ არა ვინმეს დღიური?
  • რომელ პირში უნდა იყოს დღიური დაწერილი?
  • თქვენი აზრით, რატომ უნდებათ ადამიანებს დღიურის ჩანაწერების გაკეთება?
  • სად მწყემსავდა სალამურა ჭიამაიებს?
  • რატომ დაიკარგნენ ჭიამაიები?
  • სად ეძებდა მათ სალამურა? რა გზა გაიარა?
  • საით მიდიოდა მარჯვენა გზა? მარცხენა?
  • რატომ იდგა სალამურა დაფიქრებული?

 

დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები და აქტივობები:

რესურსი ჰორიზონტის მხარეების ილუსტრაცია

აქტივობა – გაიხსენე ჰორიზონტის მხარეები. დადექი ხელებგაშლილი სახით ჩრდილოეთისკენ. რა იქნება შენ უკან? (სამხრეთი). რას გვიჩვენებს მარჯვენა ხელი? (აღმოსავლეთს) მარცხენა? (დასავლეთს)

 რესურსი – პირობითი ნიშნები

აქტივობა – გაიხსენე, რას ვუწოდებთ ადგილის გეგმას (ხმელეთის გარკვეული ნაწილის გამოსახვას პირობითი ნიშნების საშუალებით ადგილის გეგმას ვუწოდებთ).

გამოიყენე პირობითი ნიშნები და შექმენი ადგილის გეგმა, რომ ადვილად იპოვო სალამურას ადგილსამყოფელი.

 

რესურსი – სქემა (დრო – სიჩქარე – მანძილი)

აქტივობა – დაადგინე მანძილი შენი სახლიდან მეცხრე მთამდე, თუ იცი, რომ გზის გასაყარამდე მატარებლით უნდა იმგზავრო 2 საათი 70 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო შემდეგ მეცხრე მთამდე 1 საათი ფეხით 3 კმ/სთ სიჩქარით.

 

აქტივობა – ორი საათი მატარებლით უნდა იმგზავრო. დააკვირდი ბუნებას, გაიხსენე, როგორ თამაშობენ ხელოვანები ხაზებით, ფერებითა და ფორმებით. ჩახატე შენს წიგნაკში პეიზაჟი. გამოსახე სივრცე შენთვის ნაცნობი ხერხებით. გამოსახულებები კომპოზიციურად გაანაწილე ფურცელზე, ანუ შექმენი გაწონასწორებული კომპოზიცია. შეგიძლია, ნახატები შეასრულო პროგრამა paint-ში.

 

აქტივობა – ერთხელ კიდევ გაიხსენე:

  • რატომ ერქვა სალამურას ეს სახელი?
  • რა ძალა ჰქონდა მის სალამურს?
  • როგორ ეხმარებოდნენ ჭიამაიები ხალხს ამინდის პროგნოზის გაგებაში?
  • რატომ გაუბრაზდა მათ სალამურა?

აქტივობა – მატარებლით მგზავრობა დასრულდა. შენ უკვე დიდი გზის გასაყართან ხარ. ახლა ფეხით უნდა გაიარო 3 კილომეტრი, რომ მეცხრე მთასთან მიხვიდე. იმისთვის, რომ მალე იპოვო სალამურა, გაიხსენე ტექსტის მე3 თავი (გრიგალი. შეხვედრა ტყის პირას) და მონიშნე სწორი პასუხი, სად იმყოფება ის ახლა.

  1. მაღალი მთიდან ტყისკენ დაეშვა.
  2. მდინარის ნაპირს მიუყვება.

 

აქტივობა – შეისვენე, დააკვირდი ტყეს, როგორია? წიწვოვანი, შერეული თუ ფოთლოვანი? წიგნაკში გააკეთე ნახატები და ჩანაწერები.

 

რესურსი – გადაჭრილი კუნძის, ხავსისა და ჭიანჭველების ბუდის ილუსტრაციები

 

 

აქტივობა – აი, უკვე სალამურას შეხვდი ტყეში. ახლა ჩრდილოეთით უნდა წახვიდეთ. მართალია, კომპასი დაგავიწყდა, მაგრამ შენ ხედავ ხის გადაჭრილ კუნძს, ხავსს და ჭიანჭველების ბუდეს. მათი დახმარებით შეძლებ, წაიყვანო სალამურა ჩრდილოეთით.

  • გაიხსენე, რას გვანიშნებს ხის გადაჭრილ კუნძზე გამოსახული წლიური რგოლები?
  • რომელ მხარეს ირჩევს ზრდა-განვითარებისთვის ხავსი?
  • რის მაჩვენებელია ჭიანჭველების ბუდის შესასვლელი? ხის რომელ მხარეს აშენებენ ისინი ბუდეს?

(ხის გადაჭრილ კუნძზე გამოსახული წლიური რგოლები ანუ წრეები გვანიშნებს ჰორიზონტის მხარეებს. ფართო, განიერი რგოლების წყება სამხრეთის ნიშანია, ხოლო წვრილი და ერთმანეთთან ახლოს მიჯრილი ჩრდილოეთის; ხავსი ზრდა-განვითარებისთვის ჩრდილოეთის მხარეს ირჩევს; ჭიანჭველები ბუდეს ყოველთვის ხის სამხრეთით აშენებენ და ბუდის შესასვლელიც სამხრეთის მაჩვენებელია).

აქტივობა – დაღამდა, მაგრამ არ შეშინდე, ვარსკვლავებიან ცაზე დააკვირდი პატარა დათვის თანავარსკვლავედს, გაიხსენე და იპოვი, რომელი ვარსკვლავი გვიჩვენებს ჩრდილოეთის მხარეს.

 

ჩრდილოეთის მიმართულებას გვიჩვენებს პოლარული ვარსკვლავი, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედის ბოლოშია).

აქტივობა – შენ და სალამურამ ყველაფერი სწორად გამოიცანით და ჭიამაიები იპოვეთ. ახლა დროა, დაემშვიდობო მას და შინ დაბრუნდე.

შეამოწმე, დღიურში შენი მოგზაურობის ყველა ჩანაწერია?

ერთხელ კიდევ ყურადღებით წაიკითხე, დააკვირდი სასვენ ნიშნებს და მოემზადე, რომ მოგზაურობის ჩანაწერები თანაკლასელებს წარუდგინო.

შენიშნვნა: ყველა აქტივობა რამდენიმე დღის განმავლობაში შესრულდება კლასში.

რა არის სასწავლო დღიური?

0

განმარტების თანახმად, სასწავლო დღიური არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სწავლის სწავლას და მოსწავლეს ეხმარება საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრაში. იგი აქტიურად გამოიყენება თვითმართული სწავლების პროცესში, რადგან საკუთარი სწავლის გაცნობიერებას უწყობს ხელს (დანერგილია ფინეთის და სკანდინავიის რეგიონის სხვა ქვეყნებში).

სასწავლო დღიური ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად რამდენიმე მიზეზის გამო ითვლება. მისი უმთავრესი ღირებულებაა ის, რომ იგი კონკრეტული საკითხისა თუ საგნის შესწავლასთან ერთად, ცხოვრებისეული უნარებისა და მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანია მოსწავლეს ასწავლოს: შეჯამება, ანალიზი და კომენტარი.

სასწავლო დღიურის შექმნა შემსწავლელს შეუძლია დაიწყოს კონკრეტული პარაგრაფის, თემის/საკითხის, სემესტრისა თუ სასწავლო წლის დაწყების წინ. შესაბამისად, ინსტრუმენტი გამოიყენება მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაკვირვების საწარმოებლად.

სასწავლო დღიური დაფუძნებულია მოსწავლის (შემსწავლელის) თვითრეფლექსიაზე.  სასწავლო პროცესის განმავლობაში მუდმივად უპასუხებს იმ კითხვებს/დებულებებს, რომლებიც შეიმუშავა დამოუკიდებლად ან შესთავაზა მასწავლებელმა. ამასთან, ნამუშევარი ხდება ერთგვარი თვითშეფასების ინსტრუმენტი.

სასწავლო დღიური მოსწავლეს ეხმარება ორგანიზების უნარების გამომუშავებასა და კოგნიტიური უნარების განვითარებაში. რაც მთავარია, პარაგრაფისა თუ საკითხის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეს ხელთ აქვს სრული სურათი, სადაც ჩანს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიღწევები, შედეგები, გასაძლიერებელი მხარეები და ა.შ.

სტატიაში წარმოგიდგენთ სასწავლო დღიურის ორ მრავალკომპონენტიან და თვითრეფლექსიაზე დაფუძნებულ ვერსიას. თქვენი მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეგიძლიათ შეცვალოთ, დაამატოთ ან ამოიღოთ კითხვები მატრიციდან.

თემის, საკითხის

დასახელება

თემასთან, საკითხთან დაკავშირებული წინარე ცოდნა ახალი ტერმინები და ცნებები პასუხგაუცემელი

კითხვები, დილემები

რესურსები, რომელსაც გავეცანი საკითხზე მუშაობისას (სათაური, ბმული…)
 

 

 

 

საკვანძო და მნიშვნელოვანი დავალებები მიდგომები, მეთოდები, აქტივობები რომლებიც დამეხმარა თემის შესწავლაში სირთულეები რომლებსაც წავაწყდი საკითხზე მუშაობისას დროს უნარები, რომლებიც გავივითარე საკითხზე მუშაობისას თავისუფალი სივრცე – კომენტარის ველი
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეიძლება მატრიცას/ცხრილს ჰქონდეს განსხვავებული დიზაინი. 2024-2025 სასწავლო წლიდან ვაპირებ სასწავლო დღიურის პრაქტიკაში აქტიურად გამოყენებას. თავდაპირველად დავურიგებ ამობეჭდილ ვერსიებს, ხოლო შემდეგ ვთხოვ, რომ ყველა მოსწავლემ ინდივიდუალურად გაამზადოს მისთვის სასურველი დიზაინით. შემოთავაზებული ინსტრუმენტის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერ საგანში.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ვისწავლე ამ პარაგრაფის, საკითხის დამუშავებისას? რა შემიძლია გავაკეთო ჩემი შედეგების გასაუმჯობესებლად მომავალ კვირას/სემესტრში? საკითხები, რომელთა შესახებაც მინდა მეტი ვისწავლო/გავიგო არის… როგორ შემიძლია საკუთარ თავს დავეხმარო პარაგრაფის, საკითხის შესწავლაში?
 

 

 

რა იყო ყველაზე საინტერესო დავალება, რომელიც შევასრულე ამ პარაგრაფის, საკითხის შესწავლისას? როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას პრაქტიკაში? ხუთი ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელიც დაისვა/დავსვი პარაგრაფის, საკითხის შესწავლისას იყო… პარაგრაფზე, თემაზე, საკითხზე მუშაობისას თავს ვგრძნობდი თავდაჯერებულად მაშინ, როცა…
 

 

 

 

მასწავლებლის როლი და ინსტრუმენტის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები

მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს სასწავლო დღიურის წარმოებაში. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია ავუხსნათ მოსწავლეებს სასწავლო დღიურის მნიშვნელობა და სარგებელი და მივაწოდოთ მკაფიო ინსტრუქციები დღიურის წარმოების წესის შესახებ. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია რეგულარული უკუკავშირი. ამ დროს სასურველია დავეხმაროთ პროგრესის შეფასებაში. მნიშვნელოვანია, რომ დღიურის წარმოებისთვის დავუთმოთ გაკვეთილის დრო, არ ვაქციოთ საშინაო დავალების სავალდებულო ნაწილად და წავახალისოთ ნებაყოფლობითობა.

ნებისმიერ ახალ წამოწყებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. შემდეგ, მათი მოტივაცია თანდათან იკლებს. ამ გამოწვევის თავიდან ასაცილებლად შეიძლება შევთავაზოთ წახალისების სხვადასხვა მექანიზმი. მაგალითად, სადისკუსიო კითხვების სასწავლო დღიურიდან შერჩევა, საინტერესო მიგნებებზე ერთობლივი მსჯელობა, მათი ელექტრონული ვერსიების მომზადება და ა.შ. თავის მხრივ, ციფრული სასწავლო დღიურების გამოყენება ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების გამოყენებასა და ისტ-ის ინტეგრირებას სასწავლო პროცესში.

 

 

გამოყენებული რესურსები:

როგორ ვაწარმოოთ შეფასებითი სასწავლო დღიური

https://ocnlondon.org.uk/centres/training-events/training-and-development/how-to-produce-a-reflective-learning-diary/

გამზადებული მატრიცების გადმოსაწერად დააწკაპუნე აქ.

ვინ არის კვაჭი კვაჭანტირაძის შესაძლო პროტოტიპი ვასილ დუმბაძე – აფერისტი თუ პატრიოტი?!

0

“კვაჭი კვაჭანტირაძე” მიხეილ ჯავახიშვილის პიკარესკული რომანია, რომელიც მწერალს თავიდან მოთხრობების ციკლად ჰქონდა ჩაფიქრებული. ასეთი სახით გამოაქვეყნა კიდეც 1924 წელს ლიტერატურულ პერიოდიკაში, მაგრამ შემდეგ ავტორმა ცალკეული სათავგადასავლო-ავანტიურისტული ეპიზოდები ერთ სიუჟეტად გააერთიანა და მთლიანი რომანის სახე მისცა. რომანში გადმოცემულია თაღლით კვაჭი კვაჭანტირაძის ისტორია, რომელიც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ვითარდება. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ მიხეილ ანდრონიკოვი, იგივე მიხეილ ანდრონიკაშვილი, რუსეთის სახელმწიფო მოხელე, ცნობილი ავანტიურისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და თანამშრომლობდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაქნილ ავანტიურისტთან და გარყვნილ რუსთან გრიგორი რასპუტინთან, შეიძლება იყოს კვაჭის პროტოტიპი. თუმცა, გერონტი ქიქოძის მოგონებებზე დაყრდნობით არსებობს მეორე მოსაზრება, რომ პერსონაჟ კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი არის დიპლომატი ვასილ დუმბაძე, რომლის ბიოგრაფიული დეტალებიც მჭიდრო კავშირშია ჯავახიშვილის გმირთან. ვასილ დუმბაძისადმი საზოგადოებას, მათ შორის თვითმხილველებსაც კი, ამბივალენტური დამოკიდებულება ჰქონდათ და ვერ გადაეწყვიტათ,  ვინ იყო იგი სინამდვილეში.

ვასილ დუმბაძე დაიბადა 1882 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მამამისი სოფლის მღვდელი და ცნობილი მგალობელი დავით დუმბაძე იყო. ვასილ დუმბაძეს 10 დედმამიშვილი ჰყავდა, ერთი ძმა და ცხრა და. 16 წლისამ  ოზურგეთის გიმნაზია დაამთავრა, ხოლო  21 წლისამ თბილისის გიმნაზია. შემდეგ ლაიფციგში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა საინტერესო დისერტაციებზე: “ქართველები – ეთნოგრაფიული მიმოხილვა” და “ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება”. 1906 წელს დაიცვა დიპლომი, თუმცა,  მას შემდეგ  სამეცნიერო საქმიანობა არ გაუგრძელებია. მალევე სამშობლოში დაბრუნდა და ბევრ საქმეში სცადა ბედი. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კომერციულ საქმიანობაში ჩაება და იმდენად გაითქვა სახელი, რომ ქართველებმა იმედიანი მზერა მიაპყრეს მას და მის  კაპიტალს.

ვასილ დუმბაძე პირველი მსოფლიო ომის დროს ჩართული იყო სამხედრო საქმიანობაშიც. რეზო გაბაშვილის მოგონებებში ნახსენები არიან ივანე მაჩაბლის ძმისშვილი და ამერიკული პარფიუმერული ფირმა “Prince Matchabelli”-ს დამაარსე­ბე­ლი გიორგი მაჩაბელი, ვასილ დუმბაძე, სამხედრო მინისტრი ვლადიმერ სუხომლინოვი და მინისტრის მეუღლე, რომელთაც რამდენიმე სამხედრო საქმის მოგვარება ჰქონდათ დავალებული. მსოფლიო მასშტაბით, ამ საქმეებიდან, ზოგიერთს   დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუკი გავიხსენებთ მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან ორ თავს, “ამბავი საიდუმლო ვალდებულობისა” და “ამბავი უდიდეს სამხედრო საქმის გაიმასქნებისა”, რომლებიც ეხება I მსოფლიო ომის ამბებს, შეიძლება დავუშვათ, რომ ვასილ დუმბაძე და ზემოთ ხსენებული სამხედრო საქმეები შეიძლება ინსპირაცია გამხდარიყო მიხეილ ჯავახიშვილისთვის კვაჭის პერსონაჟისა და მისი თავგადასავლების შექმნისას.

სუხომლინოვთან ერთად ვასილ დუმბაძეს კიდევ რამდენიმე სამხედრო საქმე დაევალა. რადგან ეს უკანასკნელი ნამდვილად დაჯილდოებული იყო დიპლომატიური ნიჭით და ცხოვრების რაღაც ეტაპზე გერმანიაშიც ცხოვრობდა, ნიკოლოზ II-ის დროს გაგზავნეს გერმანელებთან ზავის დასადებად. თუმცა, მან ზემდგომთა დავალებებს გვერდი აურა და თვითნებურად მოქმედებდა. ამის გამო მას და სუხომლინოვს თავიდან სიკვდილი, შემდეგ კი კატორღა მიუსაჯეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ დუმბაძის საქმე გადაისინჯა და ილო მაჩაბლის თავდებით ციხიდან გაათავისუფლეს.

1920-იან წლებში დუმბაძეს  რუსეთში აღარ დაედგომებოდა, ამის გამო ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად  და იქ დიდ წარმატებას მიაღწია. შეირთო ცოლი, რომელსაც გაზეთ “Chicago Tribune”-ში წილი ჰქონდა. გავლენიანი ცოლის, საკუთარი გამჭრიახობის, გარეგნობისა და ენაწყლიანობის დახმარებით დუმბაძისთვის ბევრი ისეთი კარი გაიღო, რომელთა არსებობის შესახებ თავად ამერიკელებმაც არაფერი იცოდნენ. ერთნი ამბობენ, რომ ამერიკაში, და არა მხოლოდ, ვასილ დუმბაძემ დიდი შრომა გასწია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. 1931 წელს დააარსა ნიუ-იორკის სათვისტომო და ოთხჯერ იყო მისი თავმჯდომარე. დუმბაძის დახმარებით ამერიკაში ჩავიდა არაერთი ქართველი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ვასილ დუმბაძე იყო გაქნილი მატყუარა. საზოგადოებაში ვასილ დუმბაძისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა გერონტი ქიქოძის მოგონებამ “აფერისტი დუმბაძე”. თუმცა, ბოლო დროს ქველი ჩხატარაიშვილის ნარკვევის, ალეკო ასლანიშვილის წერილებისა და რუსუდან დაუშვილის სტატიების დახმარებით, ვასილ დუმბაძის პიროვნება რეაბილიტირდა და მისი მეორე მხარეც გამოჩნდა. ვასილ დუმბაძე 1943 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია. ამბობენ, რომ არსებობდა ანდერძი, რომ­ლის მიხედვითაც მან დედას და დებს 27 მილიონი დაუტოვა, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დაზუსტებული.

საერთო ჯამში ვასილ დუმბაძე ძალიან საინტერესო და მრავალშრიანი პიროვნებაა, რომელიც შესაძლოა,  ყოფილიყო მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მთავარი გმირის, კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი. არ არის გამორიცხული, პერსონაჟის შექმნისას, ჯავახიშვილმა მისი ხასიათის გარკვეული თვისებები გამოიყენა და, გერონტი ქიქოძის მოგონებებთან ერთად, ეს გახდა მიზეზი საზოგადოების ცნობიერებაში ვასილ დუმბაძის პიროვნების ცალსახად უარყოფით პერსონად აღქმის.

რომანის მიხედვით, სამტრედიაში კვაჭი კვაჭანტირაძის დაბადებისას, მამამისი ამბობს: “ბავშვის ასეთი ტირილი ჯერ არ გამიგია. სულ “მე-მეს” იძახის. ეტყობა, სხვას არაფერს შეარჩენს და ამ ქვეყანას დაიჩემებს”. თუმცა, დროა, მივეჩვიოთ სხვადასხვა წყაროს მოძიება-გაცნობას, გაანალიზებას და მათზე მსჯელობას, რომელთა საფუძველზეც დავასკვნით –  მართლა კვაჭივით არასანდო ადამიანი იყო ვასილ დუმბაძე თუ პატრიოტი და თავისი ქვეყნისა და ნაცნობ-მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი.

როდესაც მოსწავლეებს კვაჭის პროტოტიპზე ვესაუბრებით, აუცილებლად უნდა გავუზიაროთ არსებული მოსაზრებები, გავაცნოთ ვასილ დუმბაძის ბიოგრაფია და გერონტი ქიქოძის მოგონებაც. ასევე, რუსუდან დაუშვილისა და სხვათა ნარკვევები, რომლებიც ვასილ დუმბაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოიპოვება. ეს ყველაფერი კი ჩვენს მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, თავად იმსჯელონ, იკვლიონ და არგუმენტირებულად დაასაბუთონ თავიანთი მოსაზრება. ვფიქრობთ, ამ ფორმით პერსონაჟის, ავტორის ჩანაფიქრისა და ზოგადად, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი ბევრად უფრო საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის.

აქვე გიზიარებთ ლიტერატურის მუზეუმში დაცულ გერონტი ქიქოძის მოგონებას “აფერისტი დუმბაძე”, რომელმაც თავის დროზე საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია  და რომელიც ერთ-ერთ წყაროდ მიგვაჩნია კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპზე მსჯელობისას.

აფერისტი დუმბაძე  გერონტი ქიქოძე

                                                                                                                       

– ლაიპციგში სწავლის დროს ჩვენთან ერთად სტუდენტად იყო გურული ახალგაზრდა, გვარად დუმბაძე. დიდი მოხერხებული ყმაწვილი იყო.  დაუმეგობრდა გერმანელ სტუდენტებს. ერთი გვარად კურტი იყო, მეორე კორტი. კურტი მდიდარი მექარხნის შვილი იყო. დუმბაძეს სამი ბიძა ყავდა, ორი მათგანი – გენერლები. ისინი თვეში თორმეტ-თორმეტ მანეთს უგზავნიდნენ. ეს ფული, ცხადია, საკმარისი არ იყო ლაიპციგში საცხოვრებლად.

ერთხელ ამ დუმბაძემ დიდი სადილი გამართა, უკანასკნელი ფულები დახარჯა, მოიწვია მთელი თავისი ამხანაგები, მათ შორის გერმანელი სტუდენტი კურტი. შუა სადილზე მასპინძელს დეპეშა მოუვიდა. ის მოიღუშა, მაგრამ არაფერი თქვა. ყველანი დაინტერესდნენ. კურტი ჩააცივდა, გვითხარი დეპეშის შინაარსიო. ბოლოს, როგორც იქნა, ვითომ იძულებით, დუმბაძემ გააცნო მას დეპეშის შინაარსი: ზუგდიდიდან სწერდნენ, შენს ქარხნებში მუშებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მუშაობა შეჩერდაო ( ეს ამბავი1905 წელს ხდებოდა). დუმბაძემ მქუხარედ თქვა, ეხლა ფულიც არ მაქვს, რომ სასწრაფოდ გავემგზავრო და საქმეები მოვარიგოო. კურტი შეცდა და უთხრა, არ შეწუხდე, ჩემს სიმამრს გამოვართმევ და გასესხებო. მართლაც მეორე დღეს დიდძალი თანხის საბანკო ჩეკი მიუტანა. ამ ფულით გაემგზავრა საქართველოში დუმბაძე . ცხადია, მას ზუგდიდში არავითარი ქარხნები არ ჰქონდა. დეპეშა ლაიპციგიდანვე გაუგზავნა მისმავე ამხანაგმა იასონ მენაბდემ, რომელიც წინასწარ იყო განზრახული.

ქვიშხეთში

20 აგვ. 1959.

გოგა გუგავა

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის

სახელმწიფო მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების რედაქტორი

 

 

რომ არა ფიზიკის მიღწევები – რის სანახავად წავიდა მსაჯი?

0

ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მონაწილეობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სრულიად საქართველო გააერთიანა ეროვნული წარმატებით გამოწვეულმა სიხარულის განცდამ. მეხსიერებაში ყველას დაგვრჩა ბედნიერი წამები, როდესაც ჩვენმა საყვარელმა ფეხბურთელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საქართველოსა და პორტუგალიის გუნდების შეხვედრა და ქართველების სახელოვანი წარმატება ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაში. წლის ფრაზად იქცა ფეხბურთის კომენტატორის სიხარულით წარმოთქმული:

„მიდის სანახავად! მიდის სანახავად! მიდის სანახავად!“.

https://www.facebook.com/watch/?v=1614688829098482

იშვიათად, თუ ვინმე შინაარსობრივად ჩაუღრმავდა, რის სანახავად წავიდა მსაჯი? ამას მხოლოდ ფიზიკოსი ან გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტი თუ გაიფიქრებდა… მსაჯი წავიდა ვიდეოჩანაწერის სანახავად, სადაც სხვადასხვა მხრიდან გადაღებული კადრის განმეორებითი ხილვით დარწმუნებულიყო თერთმეტმერტიანი საჯარიმოს დანიშვნის საჭიროებაში.

მივიდა, ნახა და გიორგი მიქაუტაძემ გოლიც გაიტანასრულიად საქართველო კი სიხარულის ყიჟინამ მოიცვა….

ჩვენი მამებისა და პაპების თაობა ფეხბურთის დიდი ქომაგი იყო. ბევრი სასიხარულო ამბავი გვახსოვს ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით მიღებული. იყო და ახლაც არის შემთხვევები, როდესაც მაყურებლის უკმაყოფილებას იწვევს მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარიმო გოლების დანიშვნის ან არდანიშვნის შესახებ. მსაჯის არასწორი შეხედულება შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმით, რომ მას თვალთახედვის არიდან გამორჩეს ის ნიუანსი, რომელიც აუცილებელია საჯარიმო დარტყმის დასანიშნად.

თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევები ბუნებრივად ერწყმის ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს. ერთი მაგალითი სწორედ ვიდეოჩანაწერის ხილვის შესაძლებლობაა, რომელსაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. 21-ე საუკუნის ცხოვრება წარმოუდგენელია ფიზიკის აღმოჩენებთან სინთეზის გარეშე. ადამიანის ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი ქმედება, გადაადგილება მრავალნაირ ელექტრომოწყობილობას უკავშირდება. უმრავლეს შემთხვევაში არც კი ვუფიქრდებით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ფიზიკის მიღწევებმა მოგვიტანა. გვაქვს და მორჩა!

ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტი, სამზარეულოს ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა, რადიო, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სმარტფონები და ასე გაუთავებლად… ამ მოწყობილობების ფიზიკურ კანონზომიერებებთან კავშირის ახსნა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

წინამდებარე სტატიაში მოკლედ ვისაუბრებ, რას წარმოადგენს ვიდეოჩანაწერი.

მე-20 საუკუნის ბოლო წლებიდან დაწყებული, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კაცობრიობას საშუალება მისცა, ფართოდ გამოეყენებინა ვიდეოჩამწერი მოწყობილობები, ვიდეოკასეტების, DVD-, ვიდეოკამერების თუ მობილური ტელეფონების მეშვეობით. ფოტო- თუ ვიდეოგადაღება ცხოვრების წესად იქცა, რის გარეშეც უკვე ვერავის წარმოუდგენია ყოველდღიურობა. ვიდეოჩანაწერებს იყენებენ სხვადასხვა პროფესიაში; ის გვხვდება შენობებში, ქუჩებში, ბანკომატებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში.

პირველად ვიდეოკამერა შეიქმნა. ვიდეოჩანაწერებს ტელეგადაცემებისთვის იყენებდნენ. მალევე ვიდეოჩანაწერების გამოყენება დაიწყო საოჯახო რესურსად. მასობრივი სახე მიიღო ქორწილების, ბანკეტების, დაბადების დღეების, ბავშვის პირველი ნაბიჯების ვიდეოჩანაწერების გადაღება-შენახვამ. გაჩნდა უამრავი ვიდეოგადაღების პროფესიონალი თუ მოყვარული. შესაძლებელია ვიდეოს როგორც გადაღება და შენახვა, ასევე გაგზავნა მობილური ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით; ასევე – მისი სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსება. ვიდეოჩანაწერის განვითარებამ რევოლუცია მოახდინა ადამიანების ცხოვრებაში. ყველას შეუძლია შექმნას ვიდეოჩანაწერთა ბიბლიოთეკა.

ვიდეოს ჩასაწერად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია: ვიდეოფირი, ვიდეოდისკი, ლაზერული დისკი და მეხსიერების ბარათი.

პირველ ვიდეოჩამწერებს სჭირდებოდათ დიდი რაოდენობით მაგნიტური ლენტი. მათი ტრანსპორტირება საჭიროებდა სატვირთო მანქანებსა და ფურგონებს. 1970-1990-იან წლებში დომინანტური იყო ლენტიანი ვიდეოკასეტები. ვიდეოჩანაწერის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ერთი და იგივე მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგნიტური ფირის როგორც ჩასაწერად, ასევე დასაკრავად. უფრო მეტიც, ვიდეოფირზე ინფორმაცია შეიძლება წაიშალოს ან ჩაიწეროს ფირების ხელახალი გამოყენებისთვის. თუმცა, ფირის დეგრადაცია საბოლოოდ მაინც გარდაუვალია.

VCRვიდეოკასეტების ჩამწერის ფართო მასშტაბით გაყიდვა და მოხმარება 1980-იან წლებში დაიწყო. VCR მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების მათთვის უფრო მოსახერხებელ დროს ყურება. ასევე შესაძლებელია, ერთი გადაცემის ყურებისას მეორის ჩანაწერის გაკეთება.

VCR არის ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რომელიც იღებს აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს სამაუწყებლო ტელევიზიიდან ან სხვა AV წყაროებიდან და შეუძლია ჩანაწერის დაკვრა გადახვევის შემდეგ. VCR-ის გამოყენებას სატელევიზიო პროგრამის ჩასაწერად და უფრო მოსახერხებელ დროს დასაკრავად, ჩვეულებრივ, დროის ცვლას უწოდებენ. VCR-ებს ასევე შეუძლიათ წინასწარ ჩაწერილი ფირების დაკვრა, რომლებიც ფართოდ იყო ხელმისაწვდომი ყიდვისა და გაქირავებისთვის 1980-90-იან წლებში.

VCR-ების პოპულარობა 2000-იან წლებში შემცირდა და 2016 წლის ივლისში Funai Electric-მა, მათმა ბოლო მწარმოებელმა, წარმოება შეწყვიტა.

21-ე საუკუნის დასაწყისიდან უკვე სწრაფად მოხდა ვიდეოჩამწერების ვიდეოდისკებით ჩანაცვლება. ვიდეოდისკით ჩაწერისას ლაზერის საშუალებით გამოსახულება დისკზე გარდაიქმნება და ჩაიწერება სიგნალად. ლაზერული ვიდეოდისკით უფრო მცირე ფართობზე მეტი ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი. დისკის კონკრეტულ უბნებზე სწრაფად წვდომა შეიძლება მაღალსიჩქარიანი სკანირებით ან პროგრამირებით. ვიდეოდისკები გვთავაზობენ უფრო მკვეთრ სურათს და უკეთეს ხმას. ვიდეოდისკები ასევე გამოიყენება ზოგიერთ ვიდეოთამაშში.

ლაზერული დისკის აპარატი შეიქმნა 1970-იანი წლების ბოლოს. პირველი ოპტიკური დისკები იყო 12 ინჩის (30,5 სანტიმეტრი) დიამეტრის და შეეძლო დამატებითი ინფორმაციის შენახვა, როგორიცაა, სუბტიტრები და კომენტარები. დისკები მასობრივად გამოიყენებოდა კინოინდუსტრიაში.

ოპტიკურ დისკებს, რომლებიც გამოიყენება უაღრესად მაღალი ხარისხის აუდიოჩანაწერების გასაკეთებლად, უწოდებენ CD-ს. ეს დისკები არის 4,75 ინჩი (120 მილიმეტრი) დიამეტრი და 0,05 ინჩი (1,2 მილიმეტრი) სისქის. ისინი ასევე ფართოდ გამოიყენება კომპიუტერულ სისტემებში დიდი რაოდენობით ინფორმაციის შესანახად, როგორც ტექსტის, ასევე გრაფიკის. ერთი ოპტიკური დისკი დაახლოებით ინახავს 3 მილიარდ სიტყვას, რაც არის 10 000-წიგნიანი ბიბლიოთეკის ეკვივალენტი.

DVD 1995 წელს დაინერგა. DVD და CD ერთი და იგივე ზომისაა. ისინი დისკზე აერთიანებენ როგორც ხმას, ასევე გამოსახულებას. DVD პლეიერი იყენებს უფრო მაღალი სიმძლავრის ლაზერს და აქვს შესაბამისი ფოკუსირების წერტილი, ვიდრე CD პლეიერს.

სატელევიზიო შესაძლებლობების განვითარებამ და წინსვლამ გამოიწვია ახალი დისკების ტექნოლოგიაც. მაგალითად, მაღალი გარჩევადობის HD ტელევიზორის გამოჩენამ, რომელიც იძლევა უფრო მკვეთრ, უფრო ნათელ სურათს, განაპირობა Blu-ray ჩაწერადი დისკების შექმნა. მათ შეუძლიათ ტელეგადაცემების მაღალი ხარისხით ჩვენება. სტანდარტული წითლის ნაცვლად, დისკს კითხულობს ლურჯი ლაზერი. ლურჯ ლაზერს შეუძლია უკეთესი ფოკუსირება მოახდინოს და ამოიღოს მასალა, რაც დისკს საშუალებას აძლევს, შეინახოს ხუთჯერ მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვეულებრივ DVD-ზეა შესაძლებელი. HD-DVD პლეიერები ასევე იყენებენ ლურჯ ლაზერს, რომელიც თავსებადია მაღალი გარჩევადობის ტელევიზორთან, თუმცა მათი შენახვის მოცულობა Blu-ray დისკებზე ნაკლებია. სამომხმარებლო აუდიტორიის მოთხოვნის შესაბამისად ვიდეოს ჩაწერის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობა გრძელდება.

ციფრულ კამერებს მეხსიერების ბარათზე შეუძლია სურათებისა და მოკლე ვიდეოების ჩაწერა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სურათებისა და ვიდეოს CD ან DVD-ზე გადატანა. თანამედროვე მობილურ ტელეფონებს აქვთ ვიდეოკამერის ფუნქცია. ასევე, მობილურ ტელეფონებს შეუძლიათ ვიდეოჩანაწერი დაუყოვნებლივ გაგზავნონ სხვა ტელეფონზე. ციფრულ კამერებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ჩაწერა განახორციელონ პირდაპირ მეხსიერების ბარათზე. მეხსიერების ბარათები კომპიუტერულ აპლიკაციებზე გადასვლას უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის.

ვიდეოს ჩაწერისას სიგნალები მოდის ვიდეოკამერიდან ან სატელევიზიო გადაცემიდან და უბრუნდება ტელევიზორის მიმღებს. ვიდეოკასეტის ჩამწერი, ცვლადი ელექტრული დენის საშუალებით იღებს ელექტრულ სიგნალად გარდაქმნილ გამოსახულებას. დენი მაგნიტური ფირის სიახლოვეს გადის. მიწოდებული სიგნალის ცვლილებისას ელექტრომაგნიტი წარმოქმნის ცვლად მაგნიტურ ველს, რომელიც მოძრავ ფირზე მაგნიტურ ნაწილაკებს იზიდავს. მაგნიტური ნაწილაკები მიმართული არიან ფირის სათავისკენ, რაც წარმოქმნის ელექტრულ დენს. ეს დენი იდენტურია საწყისი ელექტრული სიგნალისა, რომელიც ფირის დასაკრავად გამოიყენება.

VCR-ს აქვს რამდენიმე შესაძლებლობა. ეკრანზე შესაძლებელია ერთი კადრის გაჩერება ან შენელება. VCR-ის საინტერესო მახასიათებელია მათი სწრაფი წინსვლის უნარი — ფირზე წინ გადაადგილება დაჩქარებული სიჩქარით, სანამ გამოსახულება ეკრანზე რჩება. სწრაფი გადამისამართება მაყურებელს საშუალებას აძლევს, გამოტოვოს ფირის არასასურველი ნაწილები, როგორიცაა, რეკლამა. მსგავს კონტროლს გვთავაზობს გადახვევის ფუნქცია, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, შექმნას ფირზე სარეზერვო ასლები განმეორებით სანახავად. VCR აღჭურვილია მცირე მიკროპროცესორებით. მომხმარებლებს შეუძლიათ ამ მიკროპროცესორების დაპროგრამება და სხვა გადაცემის ყურების პარალელურად ჩანაწერის გაკეთება.

თავდაპირველად დაინერგა ორი VCR ფორმატი:

Beta და VHS (ვიდეო სახლის სისტემა). ორივე იყენებდა 1/2 ინჩის (1,3 სანტიმეტრი) სიგანის ლენტს. სახლის ჩამწერი აღჭურვილობის ბაზარი მკვეთრად გაფართოვდა, VHS ფორმატმა უპირატესობა მოიპოვა – ძირითადად იმიტომ, რომ ცარიელი ბეტა ლენტები ჩაწერისთვის გაცილებით ნაკლებ დროს სთავაზობდნენ.

1980-იანი წლების ბოლოს დაინერგა მესამე ფორმატი, რომელიც იყენებს უფრო კომპაქტურ 8 მილიმეტრის სიგანის ჩამწერ ფირს. 8-მილიმეტრიანი ლენტი მაგნიტური ველის ჩასაწერად, ლითონის ოქსიდის ნაწილაკების ნაცვლად იყენებს ლითონის ნაწილაკებს. ვინაიდან ეს ნაწილაკები უფრო მცირე ზომისაა, შესაბამისად, საკმარისია უფრო მცირე ზომის ლენტი. ლენტი საშუალებას აძლევს აუდიოსიგნალს, ჩაიწეროს ციფრული სახით, როგორც პულსების თანმიმდევრობა. ეს უზრუნველყოფს უაღრესად მაღალი ხარისხის ჩანაწერებს და ასევე შესაძლებელს ხდის 8-მილიმეტრიანი ვიდეოჩანაწერების გამოყენებას მაღალი ხარისხის ციფრული აუდიოჩანაწერის მოწყობილობაში (DAT). თუმცა, 8-მილიმეტრიანი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება შეზღუდულია.

 

ვიდეოდისკი არის ლითონის ან პლასტმასის ხისტი წრიული ფირფიტა, რომელიც გამოიყენება ვიდეო- და აუდიოსიგნალების ჩასაწერად და დასაკრავად. ის წააგავს ფონოგრაფის ჩანაწერს და მისი დაკვრა შესაძლებელია დისკზე, რომელიც მიმაგრებულია ჩვეულებრივი ტელევიზორის მიმღებზე. არსებობს ვიდეოდისკების ორი ძირითადი კლასი: მაგნიტური და არამაგნიტური.

The მაგნიტურ ვიდეოდისკს აქვს ოქსიდით დაფარული ზედაპირი, რომელზედაც შეყვანილი სიგნალები მაგნიტური შაბლონების სახით ჩაიწერება. დაკვრის ფუნქცია წარმოქმნის ელექტრულ სიგნალებს, რომლებიც კვლავ გარდაიქმნება სურათებად და ბგერებად.

ძირითადად ხელმისაწვდომია ორი ტიპის არამაგნიტური ვიდეოდისკები. ერთი იწარმოება მექანიკური ჩამწერი სისტემით, რომელიც გამოიყენება ფონოგრაფიული ჩანაწერების წარმოებაში, ხოლო მეორე მოიცავს ლაზერულ ტექნოლოგიას.

He ლაზერული ვიდეოდისკი არის ლითონის ან პლასტმასის დისკი, რომელზეც შეყვანის სიგნალები კოდირებული ხვრელების თანმიმდევრობით ჩაიწერება, რომლებიც თავდაპირველად დაიწერა მთავარ დისკზე მაღალი სიმძლავრის ლაზერის გამოყენებით. ასლები მზადდება ამავე ზომის დისკებზე კონტაქტური ბეჭდვით. დაკვრის დროს სიგნალები იკითხება დაბალი სიმძლავრის ჰელიუმ-ნეონის ლაზერით. დისკიდან არეკლილი სინათლის რაოდენობის ცვალებადობა აღიქმება ფოტოდეტექტორით. ელექტრონული სქემები მიმღები მოწყობილობისთვის სინათლის სიგნალებს ვიდეო- და აუდიოსიგნალებად გარდაქმნის.

მყარი დისკები და ფლეშ მეხსიერების ბარათები ისევე, როგორც VCR, მუშაობს ისეთსავე პრინციპებზე, როგორზეც ჩვეულებრივი მაგნიტოფონი. ლაზერული დისკები სამომხმარებლო ბაზარზე 1970-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. ლაზერული დისკების წარმოება 21-ე საუკუნის ბოლოს შეწყდა, თუმცა მან ციფრული ვიდეოდისკების, ანუ DVD- შექმნა განაპირობა.

DVD პოპულარული გახდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში და რამდენიმე წელიწადში ვიდეოჩანაწერების გაყიდვებს გადააჭარბა. DVD დისკები დიამეტრითა და სიგანით CD-ების ტოლია. ვიდეოდისკი უკრავს ლაზერის სხივით, კონტაქტის გარეშე.

DVD დისკები ეყრდნობა ციფრულ კოდირებას, რომელიც ჩაწერს თითოეულ ორმოს და მიწას ორობით, ანუ რიცხვით, კოდით. მაგალითად, თითოეული ორმო ჩაწერილია როგორც 0, და თითოეული მიწა არის 1. როცა დისკი ტრიალებს, ლაზერის სხივი ფოკუსირებულია ორმოებზე. როდესაც ლაზერი მიწას ეცემა, სინათლე აირეკლება ფოტოდიოდის დეტექტორზე. როდესაც ის ორმოს ეცემა, სინათლე იფანტება და გაცილებით ნაკლებ სინათლეს აირეკლავს დეტექტორზე. შედეგი არის შუქის ციმციმი, რომელიც შეესაბამება ციფრული ვიდეოსიგნალის იმპულსებს. დეტექტორი გარდაქმნის ამ ლაზერული სინათლის იმპულსებს ციფრულ ელექტრულ სიგნალებად და აგზავნის მათ სხვა სქემებში, რომლებიც ხელახლა ქმნიან ორიგინალურ ვიდეოს და მას ეკრანს აწვდიან. CD-ს ჩასაწერადაც იგივე ოპერაციული პრინციპები გამოიყენება.

ოპტიკურ დისკებს დიდი უპირატესობა აქვთ სხვა ვიდეოდისკებთან შედარებით, რადგან ფიზიკური კონტაქტის არარსებობა ხელს უშლის ცვეთას. ეს საშუალებას იძლევა ლაზერული დისკების განუსაზღვრელი ვადით გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ციფრული დისკების წაკითხვის ლაზერი შეიძლება მყისიერად გადამისამართდეს დისკის კონკრეტულ ნაწილზე სწრაფად, წინ ან უკან გადახვევაზე. დისკის პლეიერები ასევე იყენებენ პაუზის და შენელებული მოძრაობის ფუნქციებს.

ციფრული ვიდეოჩამწერი – DVR ნომრის კოდს ლითონის დისკზე ინახავს, მოწყობილობაში, რომელსაც ჰქვია მყარი დისკი. DVR გამორიცხავს ფირის ან დისკის საჭიროებას. სხვა ვიდეოჩამწერი მოწყობილობებისგან განსხვავებით, DVR-ს შეუძლია სატელევიზიო პროგრამის ჩვენება თავიდანვე მაშინაც კი, როცა ის უკვე ჩაწერილია. DVR გამოიყენება, როგორც დამატებითი მოწყობილობა ტელევიზორთან დასაკავშირებლად. ზოგიერთ სატელიტურ და საკაბელო კომპანიას DVR შესაძლებლობები პირდაპირ მათ სისტემებში აქვს. მიუხედავად იმისა, რომ DVR-ს აქვს ჩაწერის შეზღუდული დრო, ისინი თავსებადია ინტერნეტთან, ამიტომ ჩანაწერები შეუძლია გადაიტანოს კომპიუტერში.

ფლეშმეხსიერების ბარათები არის პატარა, თხელი მოწყობილობები, რომლებიც ჩასმულია ციფრულ კამერაში, ვიდეოკამერაში ან მობილურ ტელეფონში და გამოიყენება, როგორც ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა. ბარათი შეიძლება ჩასვათ კომპიუტერის პორტში ინფორმაციის გადასატანად ან პრინტერში ინფორმაციის დასამუშავებლად. ფლეშმეხსიერების ბარათით შეიძლება ვიდეოს, მუსიკისა და სურათების მობილურ ტელეფონებზე გადატანა. ბარათებზე გამოსახულებები შეიძლება წაიშალოს, ხოლო ბარათი ხელახლა გამოყენებადია. მეხსიერების ბარათები ვიდეოთამაშების ზოგიერთ სისტემაშიც გამოიყენება.

ციფრული ჩამწერი არის საოცარი გამოგონება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევინახოთ წარსულის ზუსტი ხმები და ვიზუალური გამოსახულება.

რა არის ხმა? ხმა, რომელიც გვესმის, რეალურად არის ობიექტის მიერ გამოცემული ბგერითი ტალღების მეშვეობით გამოწვეული ჰაერის წნევის უმნიშვნელო ცვლილება. როდესაც ობიექტი ვიბრირებს, ის ანაცვლებს მის გვერდით არსებულ ჰაერის მოლეკულებს. ეს მოლეკულები შემდეგ ეჯახება ჰაერის სხვა მოლეკულებს, რაც იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ადამიანის ყურამდე აღწევს ჰაერის შესაბამისი ვიბრაციები და აღიქმება, როგორც ხმა. საინტერესოა, როგორ უნდა შეძლოს მოწყობილობამ ამ ხმის მიღება და მისი დაკვრა ნებისმიერ დროს.

ციფრული ჩანაწერი სიგნალს იღებს მიკროფონის საშუალებით. მიკროფონი ბგერითი ტალღის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის. მიკროფონი მოწყობილობას ჰაერის წნევის ვიბრირებას ელექტრონული ფორმით აწვდის, რასაც შემდეგ ციფრული ჩამწერი მოწყობილობა ინახავს.

რაც შეეხება ვიზუალურ კადრებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ეს მიიღწევა კადრების სიხშირის დარეგულირებით. კადრების მინიმალური სიჩქარე მოძრავი გამოსახულების კომფორტული ილუზიის მისაღწევად არის დაახლოებით თექვსმეტი კადრი წამში. ციფრული მოწყობილობა ახდენს ვიდეოკადრების ელექტრონულ სიგნალებად გარდაქმნასა და შენახვას.

დაკვრის დროს კი შენახული ელექტრონული სიგნალი ისევ ბგერად და გამოსახულებად გარდაიქმნება.

აუდიო- და ვიდეოჩანაწერები ორივე ილუზიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვხედავთ ჩაწერილ ვიდეოს ან ვუსმენთ აუდიოჩანაწერს, ეს არის წარსულის სიგნალებად გარდაქმნილი ხმები და გამოსახულება, რომლის ჩაწერაც ჩვენმა მოწყობილობამ განახორციელა.

მომავალში, როდესაც ვიდეოჩანაწერს იხილავთ, კარგი იქნება, თუ იმაზეც დაფიქრდებით, რამდენი შრომა ჩადეს მეცნიერებმა ამ კომფორტის ჩვენს ყოველდღიურობად გადასაქცევად. იქნებ, მოინდომოთ ამ მიმართულებით თქვენი თვალსაწიერის გაფართოება და ეს თქვენს მომავალ პროფესიად აქციოთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://kids.britannica.com/students/article/video-recording/277594

https://info.verkada.com/video-storage/digital-video-recorder-dvr/

 

 

„მართალს ვიტყვი“  — დავით გურამიშვილი და   სოლომონ აშის ექსპერიმენტი

0

ხომ ვიცით, „დავითიანი“ დავით გურამიშვილის მიერ როგორი სიმძაფრით დასურათებული ეროვნული დრამაა თავისი ისტორიული ორომტრიალით, ანალიზით და შედეგების შეფასებით! თან მთელი პოემა ვერდის „ნაბუქოდონოსორივით“ (და შეიძლება, უფრო მძლავრადაც) ჟღერს. ეს გენიალური, სწორუპოვარი პოეტი პოლიტიკური პროცესების სიღრმეებს ჭვრეტს და ისტორიით ამღვრეულ მორევში სიამოვნებით გვითრევს, – ალბათ, იმის სასწავლებლად, ასეთი მწარე და ავბედითი მატიანე ტკბილ კენწეროდ როგორ ვიქციოთ, იმის საჩვენებლად, რომ ისტორიას მოკვდავი ადამიანები ქმნიან და იმის გონებაში ჩასაბეჭდად, რომ თავად ადამიანს უკვდავი, დროში ფასდაუკარგავი ღირებულებები აქცევს ადამიანად!

კლასიკური პოეტიკის წესებზე აგებულ პოემაში ისტორიულ პირთა ხასიათები, ქცევა, დასნებოვნებული ფსიქიკა თუ ცნობიერების შინაარსი ისტორიულ ჭრილში იკითხება. ღვთის დამსახურებული საწყაულიც მიეგებათ მათ, ვინც ანტიღირებულებათა დაღმავალ კიბეს უფსკრულისკენ ჩაუყვა, თუმცა იქიდან ამოძვრომის გზაც ნათელია. ამ გზას სიმართლე ეწოდება და მის გარეშე პოეტს არსებობა არ შეუძლია:

„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?

ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.

მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“.

სიმართლე განა მარტო პიროვნული ახირებაა?! მის გარეშე სენით იბილწება ქვეყანა, იღუპება საზოგადოება, კვდება ერი, და ეს არის მწერლის ყველაზე დიდი გულისტკივილი თუ საფიქრალი.

„მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,

მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!“

— აცხადებს ის.

ქართველ პოეტს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში კარგად ესმოდა, რომ სოციალურიზეგავლენის შედეგად ადამიანს ან ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია შეცვალოს სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მოსაზრებები, რწმენა ან უბიძგოს მათ რაღაც კონკრეტულისკენ. ესმოდა, რომ სიცრუე, სიმართლის ღალატი კონფორმიზმია, რომელიც უნდა დაიგმოს, რადგან პირად ინტერესებს ხშირად საზოგადოებრივი თუ საქვეყნო ინტერესები ეწირება და ეს აუცილებლად აღმოსაფხვრელი ნაკლოვანებაა. ამ თვალსაზრისით, დავით გურამიშვილი სოციალურად მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც კარგად მოეხსენებოდა, რამდენიმე ურჩხულს შორის გამომწყვდეულ ქართველობას რა გაიყვანდა ფონს. გრძნობდა და გონივრულად აფასებდა მშვიდობიანი მორჩილების კონფორმულ მდგომარეობას უცხო ძალის მიერ ხელდებულობის პირობებში. ამიტომ იყო, რომ ხაზს უსვამდა ეროვნული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებითაც საქართველოს საუკუნეები ჰქონდა გამოვლილი როგორც ეროვნულ სახელმწიფოს და „რომელთა შელახვა ადრე თუ გვიან გარდუვალად კატასტროფას ნიშნავდა“[1].

ახლა ვნახოთ, როგორ განიმარტება კონფორმულობა სამოქალაქო განათლების ლექსიკონში: კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და შესაბამისი წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების პასიური მიღება; საკუთარი პოზიციის უქონლობა.

დიმიტრი უზნაძის მოწაფისა და მისი საქმის გამგრძელებლის, აკად. შოთა ნადირაშვილის წიგნში „სოციალური განწყობა“ (1985) ვკითხულობთ: „ადამიანის ფსიქიკური აქტივობა თავისი ბუნებით არსებითად სოციალური ხასიათისაა… ადამიანი სოციალურ ჯგუფში ყალიბდება, იკმაყოფილებს თავის მოთხოვნებსა და მისწრაფებებს, სოციალური მოთხოვნების საფუძველზე ქმნის ღირებულებებს“[2]. შ. ნადირაშვილი აქვე წერს, რომ სოციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებისთანავე აქტუალურ საკითხად იქცა პიროვნების აქტივობასა და მის განწყობაზე სოციალური ჯგუფის გავლენის ფსიქოლოგიური კანონზომიერებანი. პიროვნებაზე სოციალური ჯგუფის გავლენის ყველაზე ნათელ სურათს კი იგი კონფორმიზმის ფენომენში ხედავს და გვაცნობს სოლომონ აშის მიერ 1956 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის არსი ასეთია:

ცდისპირებს აძლევენ ორ ფურცელს, ერთზე სხვადასხვა სიგრძის სამი ხაზია დასმული, მეორეზე – ერთი, რომელიც აღნიშნული ხაზებიდან ერთ-ერთის ტოლია.

ჯგუფის რვა წევრიდან მხოლოდ ერთია ნამდვილი ცდისპირი, დანარჩენები ექსპერიმენტატორის ასისტენტები არიან. ისინი განგებ არასწორ პასუხს ასახელებენ. ნამდვილმა ცდისპირმა არაფერი იცის დანაჩენ მონაწილეთა წინასწარი მოლაპარაკების შესახებ. ცდისპირები ისე სხედან, რომ ნამდვილ ცდისპირს რიგის მიხედვით მეშვიდეს უხდება ცდის თითოეულ ვარიანტში პასუხის გაცემა. ყოველ ცდაში მისი წინამობედი ექვსი ცდისპირი შეთანხმებულად, ერთხმად, სტანდარტული ხაზის ტოლად მკვეთრდ განსხვავებულ ხაზს ასახელებს.

ინდივიდუალურ ცდებში ყველამ სწორად მიუთითა, სამი ხაზიდან რომელი იყო ცალკე წარმოდგენილი ხაზის ტოლი. ჯგუფური ცდების შედეგები სავალალო აღმოჩნდა: ცდისპირების მესამედზე მეტმა, 37%-მა, გაიმეორა ჯგუფის ყალბი პასუხი. მათზე ჯგუფის გავლენა ისეთი დიდი იყო, რომ ისინი, აშკარად აღქმული მონაცემების საწინააღმდეგოდ, ჯგუფის მიერ გამოთქმულ შეხედულებებს იმეორებენ.

თუ ობიექტების შეფასებისას მათი ზუსტი გაზომვა შეუძლებელია, კონფორმულობა 80%-მდე იზრდება. ჯგუფის კონფორმული გავლენის ეფექტი ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია ადამიანის გრძნობადი შინაარსების შეცვლა და აღქმითი ილუზიების აღძვრა.

როგორ ფიქრობთ, დავით გურამიშვილი სოლომონ აშის საექსპერიმენტო ჯგუფში რომ ყოფილიყო, რას იზამდა, ჯგუფის დანარჩენი წევრების ქუდს ისიც დაიხურავდა?

[1]  ნოდარ ნათაძე, „დავითიანის“ შინაარსი, აღნაგობა და ძირითადი მოტივები, https://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/davitiani_shinaarsi.htm

 

[2] შ. ნადირაშვილი, იქვე, გვ. 230.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...