ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

პროექტი – „გუდაურის საიდუმლო“

0
xr:d:DAF5scNu-Yc:35,j:2179031750117030471,t:24011404

( ისტორიული კონტექსტი, თანამედროვეობის გასააზრებლად )

არაფორმალური განათლება გვეხმარება უფრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ სწავლის პროცესი,  მოსწავლეებს განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნების,  კვლევა-ძიების,  შემოქმედებითობის,  საკითხის გაგება-გააზრების, პრობლემის იდენტიფიკაციისა და მოგვარების,  თანამშრომლობისა  და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარები. ამ საკითხში ისტორიული კონტექსტი, რომელიც გააზრებული იქნა თანამედროვე სასკოლო გამოწვევების დასაძლევად, საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისთვის, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურის საჯარო სკოლაში იდეატორთა კლუბის  შექმნაზე ვმუშაობდით. გუნდის განუყოფელ წევრი გახდა სკოლის მასწავლებელი მარინე ბურდული, რომლის აზრით, გუდაურის საჯარო  სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სტუმრობა ნამდვილი გამოწვევა იყო, მაგრამ საბედნიეროდ,  უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული წინადადება  USAID  საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში იდეატორთა კლუბის ჩა­მო­ყა­ლი­ბების თობაზე მაშინვე სიხარულით აიტაცეს ბავშვებმა და კლუბს სახელიც შესაბამისი შეურჩიეს –  „გუდაურის საიდუმლო“.  როგორ ამოვხსენით ეს საიდუმლო?  გამოგვყევით,  ერთად ვიმოგზაუროთ გუდაურის ულამაზეს  მთებში.

ემოციური და კითხვა-პასუხებით სავსე აღმოჩნდა  უნივერსიტეტის გუნდისა და გუდაურის სკოლის მოსწავლეების პირველი ონლაინ შეხვედრა, როდესაც   მოსწავლეებმა ისაუბრეს კლუბის სა­მუ­შაო თემატიკაზე. იდეატორთა კლუბის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მშობლიური დაბის  გუდაურის ისტორიული წარმატების საიდუმლოს ამოხსნა. კლუბის სახელიც და პროექტის სახელიც სწორედ ასე იქნა შერჩეული – „გუდაურის საიდუმლო“. მასწავლებლის, მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის გუნდის წევრების მიერ იმთავითვე მოწონებული იქნა ელექტრონული წიგნისა და ლეპბუკის შექმნის იდეა.

სსუ-ს მენტორების მხარდაჭერით შეიქმნა სამუშაო გეგმა, მოსწავლეების ინტერესების მიხედვით გაიწერა წიგნის სარჩევი და ამის მიხედვით თითოეულ მოსწავლეზე გადანაწილდა სამუშაოები. საგულისხმოა, რომ პროექტი შეიცავდა აღმოჩენითი სწავლის ელემენტებს: დაბის შესახებ ინფორმაციის მოძიების, ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებზე, დაბაში არსებულ ძველ არტეფაქტებზე (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესია-მონასტრები), სათხილამური გზებზე, სასრიალო საშუალებებზე დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეებს უნდა განეხორციელებინათ პრაქტიკული სამუშაოები,  გაეკეთებინათ ჩანაწერები და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე გაამოეტანათ დასკვნები, რამ შეუწყო ხელი გუდაურის წარმატებას?  ეს ერთგვარი საკვლევი კითხვა გახდა ჩენი მოსწავლეებისთვის.

გუდაურის გარემოსა და ძველ არტეფაქტებზე ექსპერიმენტულმა დაკვირვებამ, გააქტიურა და მრავალფეროვანი გახადა მოსწავლეთა ინტერესი პროექტში დასმული საკითხისადმი.   კვლევის  პროცესში მოსწავლეებმა ბევრი პრობლემა შეისწავლეს, დასვეს და გამოავლინეს ისეთი საკითხები, რომელთა პასუხების ძიებამ ახალი იდეების იმპლემენტაციას შეუწყო ხელი. ამ ფაქტმა მოსწავლეებში გუდაურის ისტორიისა და თანამედროვეობის კომპლექსურ გააზრებას შეუწყო ხელი.

კვლევის პროცესში მოსწავლეებმა დეტალურად შეისწავლეს გუდაურის ისტორია და მისი კულტურული მნიშვნელობა. ისინი აღმოჩენებამდე მივიდნენ, რომლებიც ეყრდნობოდა როგორც სამეცნიერო ლიტერატურას, ასევე ადგილზე აღმოჩენილ არტეფაქტებს. მაგალითად, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ძველი საკულტო ნივთები და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც მიუთითებდნენ რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე.  მოსწავლეებმა გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს ძველი საკულტო ნივთები, რომლებიც მიუთითებდნენ გუდაურის რეგიონში განვითარებულ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე. მათ აღმოაჩინეს ისეთი ობიექტები, რომლებიც წარმოადგენდნენ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს და ასახავდნენ რეგიონის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს. ამ არტეფაქტებმა გააღრმავეს მოსწავლეების ცოდნა და გააძლიერეს მათი წარმოდგენა გუდაურის ისტორიული განვითარების შესახებ.

საინტერესოდ წარიმართა თითოეულ აქტივობაზე მუშაობის პროცესი, ასევე აქტიურად  იყვნენ ჩართულები მშობლებიც  და ძალზე შინაარსიანი და საინტერესო მუშაობა წარიმართა: ბავშვებმა  გადაინაწილეს საქმიანობები, შედგა მცირე ჯგუფები და შეუდგნენ მასალის მოძიებას.

კლუბის აქტიური მუშაობისთის სკოლაში  გამოიყო ოთახი, რომელიც თავიანთი ხელით შექმნილი რესურსებით გააფორმეს ბავშვებმა. მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს ვიზიტორებისთის გაეცნოთ გადაურის ღირშესანიშაობები, როგორც სიძველეები და თანამედროვე სივრცეები.  ამ პროექტში განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ მოსწავლეებმა  მიიღეს გუნდური მუშაობის გამოცდილება. მოირგეს სხვადასხვა როლები (ჟურნალისტის, გახდნენ პატარა მკვლევრები) გაინაწილეს მოვალეობები და დიდი მოტივაციით შეუდგნენ ,, გუდაურის საიდუმლოს” ამოცნობას.

ბავშვები განსაკუთრებით ელოდებოდნენ  უნივერსიტეტის  წარმომადგენლებს (ლია ახალაძე , ომარ არდაშელია) და სტუდენტების ( ანა ახალაია,  ელენე ქავთარაძე) სტუმრობას სკოლაში, რომ  რეალურად გაეზიარებინათ საკუთარი  ემოციები და სურვილები. სტუმრებმა დაასაჩუქრეს ჩვენი კლუბის წევრები სასურველი ლიტერატურით ( სკოლაში დაარსდა იდეატორთა კლუბის სახელობის ბიბლიოთეკა) და ტკბილეულით. მოსწავლეები ძალიან ბედნიერები და გახარებულები უზიარებდნენ სტუმრებს საკუთარ ემოციებსა და სურვილებს.

კლუბის  წევრებისთვის,  ბუნებაში გასვლა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მათ გადაიღეს ფოტოები და ვიდეოები, გააკეთეს ჩანახატები, გამართეს დისკუსია გუდაურის ეკოლოგიაზე, დარგეს მცენარეები სკოლის ეზოში.

კლუბის თითოეული წევრისთვის თანაგუნდელთა კომენტარები მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იყო. ამ სახით მოპოვებული რესურსი პრაქტიკული მაგალითების ჩვენებას მოითხოვს, რაც მოსწავლეს კვლევა-ძიების უნარს უვითარებს. ჩვენ  ხშირად ვიყენებდით შედეგზე გათვლილ უკუკავშირს, რითიც შესრულებული დავალებები  უნდა შეგვეფასებინა.  მოსწავლეებმა იკვლიეს და  აღმოაჩინეს, რომ  გუდაურის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია არაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის,  არ იძებნება და მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის, ამიტომ მათ სხვადასხვა თემატიკით ჩაწერეს ინტერვიუები მასწავლებლებთან, უხუცეს ადამიანებთან, ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებთან, გამოიკითხეს მშობლები, უფროსკლასელები.

ნამუშევრების თემატიკა :

  • გუდაურის საიდუმლო
  • გადაადგილების საშუალებები გუდაურში
  • გუდაური, როგორც კურორტი I
  • გუდაური, როგორც კურორტი II
  • გუდაურის გამოჩენილი ადამიანები
  • გუდაურის დასახლება
  • გუდაურის სიძველეები
  • გუდაურის, როგორც კურორტის აღმოჩენა
  • ზღაპარი გუდაურზე
  • ინტერვიუ ბუნების მასწავლებელთან
  • ლეგენდა – ლომისის მთაზე
  • მითები, ლეგენდები და თქმულებები გუდაურზე
  • მოსახლეობა
  • სათხილამურო ტრასები გუდაურში
  • სამეურნეო საქმიანობა, ეკოლოგია
  • სახიფათო ადგილები გუდაურში
  • სკოლა გუდაურში
  • სრიალის სახეობები გუდაურში
  • ტაძრები გუდაურში
  • ტრასების სახელები გუდაურში
  • ციხე- სიმაგრეები

 

ამ საკითხების შესწავლას დიდი  მნიშვნელობა აქვს ისტორიისთვის:

  1. გუდაურის საიდუმლო –  ამ საკითხის შესწავლა გუდაურში  არსებული უცნობი და ნაკლებად შესწავლილი ფაქტების გამოვლენას და ისტორიულ ანალიზს შეუწყობს ხელს. რაც  დაეხმარება გუდაურის უნიკალური მემკვიდრეობის აღმოჩენას.
  2. გადაადგილების საშუალებები გუდაურში: გადაადგილების საშუალებების შესწავლა ისტორიული პერსპექტივიდან ხელს უწყობს გუდაურის  განვითარების გააზრებას.   ამით გამოჩნდება თუ როგორ შეიცვალა და განვითარდა  გუდაური  დროთა განმავლობაში.
  3. გუდაური, როგორც კურორტი – გუდაურის, როგორც კურორტის, განვითარების ისტორიის შესწავლამ გამოავლინა,  თუ როგორ გადაკეთდა გუდაური პოპულარულ ტურისტულ ობიექტად.
  4. გუდაურის გამოჩენილი ადამიანები:  ცნობილი ადამიანების ისტორიების შესწავლა კარგი არტეფაქტის რეგიონის ისტორიული განვითარების გაანალიზებაში.
  5. გუდაურის დასახლება: გუდაურის დასახლების ისტორიის შესწავლა საშუალებას იძლევა გავიგოთ, როგორ ვითარდებოდა და შეიცვალა ტერიტორია დროთა განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია,  კულტურული და სოციალური  და ურბანული განვითარების პროცესებთან მიმართებაში.
  6. გუდაურის სიძველეები: გუდაურის არქეოლოგიური და ისტორიული სიძველეების შესწავლა მნიშვნელოვანია – რეგიონის უძველესი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.
  7. გუდაურის, როგორც კურორტის აღმოჩენა: ამ საკითხის შესწავლა  ცხადყოფს, თუ როგორ დაიწყო გუდაურის კურორტად გადაკეთება და როგორი იყო მისი განვითარების ეტაპები, რაც ტურისტული ინდუსტრიის და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.
  8. ზღაპარი გუდაურზე: ისტორიული კონტექსტის ანალიზი დაეხმარება გუდაურის კულტურული იდენტობის უკეთ გაგებას და მის პოპულარიზაციას.
  9. ინტერვიუ ბუნების მასწავლებელთან: მასწავლებლის გამოცდილება და ხედვა ეხმარება ისტორიული პროცესების გააზრებას გუდაურის მდგრად განვითარებასთან  მიმართებაში.
  10. ლეგენდა – ლომისის მთაზე: ლეგენდების შესწავლა საშუალებას იძლევა უკეთ გავიგოთ გუდაურის და მისი შემოგარენის  კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა.
  11. მითები, ლეგენდები და თქმულებები გუდაურზე: მითებისა და ლეგენდების შესწავლა ხელს უწყობს რეგიონის  ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მემკვიდრეობის გააზრებას.
  12. მოსახლეობა: გუდაურის მოსახლეობის ისტორიის შესწავლა საშუალებას იძლევა გავიგოთ, როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა რეგიონი სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით.
  13. სათხილამურო ტრასები გუდაურში: სათხილამურო ტრასების განვითარების ისტორიის შესწავლა მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ როგორ იზრდებოდა გუდაურის პოპულარობა, როგორც ზამთრის კურორტი, და როგორ ახდენს ეს გავლენას რეგიონზე ტურიზმის თვალსაზრისით.
  1. სამეურნეო საქმიანობა, ეკოლოგია: გუდაურის რეგიონის ეკონომიკური საქმიანობისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე. ეს ცოდნა დაეხმარება გარემოს დაცვასა და მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას.
  1. სახიფათო ადგილები გუდაურში: გუდაურის ტერიტორიაზე სახიფათო ადგილების შესწავლა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რისკების მინიმიზაციას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას რეგიონის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.
  2. სკოლა გუდაურში: გუდაურის სკოლის ისტორიისა და მისი განვითარების შესწავლა აჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა განათლება რეგიონში, რა როლს ასრულებდა სკოლა საზოგადოებაში და როგორ უწყობდა ხელს ადგილობრივ მოსახლეობას ცოდნის მიღებაში.
  3. სრიალის სახეობები გუდაურში: გუდაურში სრიალის სხვადასხვა სახეობის შესწავლა გამოავლენს, თუ როგორ შეიცვალა და განვითარდა: სათხილამურო სპორტი,   სპორტული ტურიზმი,  ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
  4. ტაძრები გუდაურში: გუდაურის ტაძრების ისტორიისა და არქიტექტურული მნიშვნელობის შესწავლა არის მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვისთვის, ტაძრების ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის გააზრების და პოპულარიზაციისათვის.
  5. ტრასები გუდაურში: გუდაურის სათხილამურო ტრასების სახელების ისტორიის შესწავლა გამოავლენს, თუ რა კულტურული, ისტორიული ან გეოგრაფიული მნიშვნელობა აქვს ამ სახელებს. ეს დაეხმარება რეგიონის იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებას.
  6. ციხე-სიმაგრეები: გუდაურის ციხე-სიმაგრეების შესწავლა მნიშვნელოვანია მათი ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის გასაგებად. ეს ხელს უწყობს ამ ძეგლების მნიშვნელობის გაცნობიერებას, რაც არის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილი.

კლუბის წევრებმა შეაგროვეს უამრავი მასალა, მათ შექმნეს საერთო და  ინდივიდუალური ელექტრონული წიგნები, აღწერეს გუდაურის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებზეც თვითონ იმუშავეს.  პროექტის დასასრულს  გაიმართა  პრეზენტაცია,  რომელიც იდეატორთა  კლუბის წევრებმა წარადგინეს  თანასკოლელთათვის,  პედაგოგებისთვის  და  მოწვეული სტუმრებისთვის. შეხვედრა  ძალზე  საინტერესო  და  შინაარსიანი  გამოვიდა,  განსაკუთრებული  შთაბეჭდილება მოახდინა  თვითონ  ლეპბუკის გაცნობამ,  რომელიც  პროექტის  ფარგლებში  გაწეული მუშაობის დაგვირგვინება იყო. იდეატორთა კლუბის წევრებმა წერილები მიუძღვნეს ანა მასწავლებელს და გააფორმეს ალპური ზონის მთის ყვავილებით.

კლუბის წევრების შექმნილი ელექტრონული წიგნები:

  1. საერთო ელ.წიგნი:

https://www.storyjumper.com/book/read/173521591/66538621be1f4

  1. ბავშვების შექმნილი წიგნი

https://www.storyjumper.com/book/read/173806071/666801d6a7917

მოძიებულ ინფორმაციებზე რეფლექსიის გასაკეთებლად იდეატორები კვირის ბოლოს იკრიბებოდნენ კლუბის ოთახში, სადაც მათ საჩუქრად ხან კალმები,  ხან ტკბილეული ხვდებოდათ და მართავდნენ დისკუსიებს. ასეთი აქტივობის ფონზე მოსწავლეები უფრო მოტივირებულად ერთვებოდნენ თემების დამუშავებისა და განხილვის პროცესში, ამიტომ ხალისით გარბოდნენ კლუბის ოთახისკენ.

კლუბის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია საზეიმოდ შედგა სოხუმის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტეტში, სადაც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხუთ საჯარო სკოლაში შექმნილი იდეატორთა კლუბების საკონკურსო წარდგენა განხორციელდა.  გუდაურის იდეატორთა კლუბმა წარადგინა მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნი, როგორც ბეჭდური, ასევე ელექ­ტ­რო­ნული ვერსია, ლეპბუკი და პროექტის თემაზე კლუბის წევრების მიერ შექმნილი ჩანახატები. მოსწავლეებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში შექმნილ თემებზე, გუდაურის ისტორიულ და თანამედროვე ამბებზე, გამოჩენილ ადამიანებზე, პირველ სათხილამურო ტრასებზე და მათ თანამედროვე მდგომარეობაზე. კლუბის გამოსვლა გააფორმეს ლექსებითა და სიმღერებით, რამაც უსაზღვროდ დიდი ემოცია და ოვაციები გამოიწვია დარბაზში.  ჟიუ­რის გადაწყვეტილებით, პროექტი  სხვა სკოლების პროექტებთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე წარმა­ტე­ბულ პროექტად გამოცხადდა. ამ ემოციურმა დღემ კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი გარემომცველი სამყაროს უკეთ შემეცნების, ისტორიული წარსული პატივისცემისა და თანამედროვეობის უკეთ გასააზრებლად.

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ იდეატორთა   კლუბში ჩამოყალიბებულმა ურთიერთობებმა ნათლად  დაგვანახა და გვასწავლა,  რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში, ისტორიული კონტექსტითა და თანამედროვეობის გაანალიზებით, ჩვენ შევძელით მოსწავლეთა   სააზროვნო და შემოქმედებითი შესაძლებლობების ეფექ­ტუ­რი გამოვლენა, დამოუკიდებელი ძიების, მიზნის მიღწევადობისა და გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.  ყველა ეს უნარი წარმოადგენს დამხმარე საშუალებებს ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოზარდის უკეთ ინტეგრირებისა და XXI საუკუნის გამოწვევებისთვის მოსამზადებლად.

აქვე გიზიარებთ მშობელთა და მოსწავლეთა შეხედულებებს კლუბის მუშაობის პროცესზე:

მშობელი– თ. მამასტარაშვილი (ძალიან მომეწონა იდეა წიგნის შექმნის შესახებ. მე და ჩემი შვილი აქტიურად ვიყავით ჩართულები იდეატორთა კლუბში. პროექტზე მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. მე დავეხმარე ინფორმაციის მოძიებაში და ბევრი საინტერესო  ფაქტიც შევიტყვეთ. მოხარული ვიქნები შემდეგშიც განხორციელდეს ასეთი ტიპის პროექტები.)

მშობელი– ნ. ქოროღლიშვილი (ასეთი ტიპის პროექტში ჩემი შვილი პირველად იღებს მონაწილეობას. გაოცებული ვარ მისი მოტივაციით, ყველა ინფორმაციის მოძიებას დამოუკიდებლად ცდილობდა. მადლობა ჩვენს სკოლას და ორგანიზატორებს, ვფიქრობ ერთად კიდევ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.)

მოსწავლე– ნ. ქარჩაიძე (ძალიან მომწონს, რომ იდეატორთა კლუბის წევრი ვარ. არ ველოდი, იმდენი რამ გავიგე და გავიაზრე, დასკვნითი პრეზენტაციაც საინტერესო გამოვიდა. მადლობა ორგა­ნ­ი­ზატორებს, ჩემს სკოლას, მეგობრებს, ჩემს მშობლებს, რომლებიც პროექტის პირველივე დღიდან მხარში მედგნენ. იმედი მაქვს ჩვენთვის საინტერესო პროექტები ახლა იწყება.)

მოსწავლე – მ. ზ. (იდეატორთა კლუბში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ინფორმაციის მოძიებაში მამა დამეხმარა, რომელმაც პარაპლანით გადაღებული ფოტოები მომიტანა, სადაც ასახულია გუდაურში არსებული ციხე-კოშკი და ნასახლარები.მადლობა ორგანიზატორებს და ჩემ სკოლას.)

მოსწავლე– ლ. ბ. (ასეთ პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას და ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად მომეწონა ლეპბუკის შექმნაზე მუშაობა, კლუბის წევრები ურთიერთშეთანხმებით და გუნდურად ვმუშაობთ. მადლობა ყველას.)

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კიკნაძე, ზ. & ჟვანია, რ.  (2020). საქართველოს ისტორიის ნარკვევები. თბილისი: საქართველოს აკადემია.
  2. ბაქრაძე, დ., & ვარდოსანიძე, ს.  (2019). საქართველოს ისტორიის ქრესტომათია. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  3. ჩარკვიანი, გ.  (2021). საქართველოს ტურისტული მარშრუტები. თბილისი: ტურისტული ასოციაცია.
  4. ბერაძე, ა. (2018). გეოგრაფია და ტურიზმი საქართველოში. თბილისი: საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება.
  5. ცინცაძე, ნ.  (2022). საქართველოს ეკოლოგიური მემკვიდრეობა. თბილისი: ეკოლოგიის კვლევის ინსტიტუტი.
  6. მარღიშვილი, მ. (2020). კლიმატური პირობები და მდგრადი განვითარება. თბილისი: გარემოს დაცვის სამინისტრო.
  7. კიკნაძე, ზ. (2017). ქართული მითები და ლეგენდები. თბილისი: მეცნიერების აკადემია.
  8. გოგიაშვილი, შ.  (2019). ქართული თქმულებები. თბილისი: ლიტერატურის გამომცემლობა.
  9. ოშხარელი, ა. (2021). საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. თბილისი: კულტურის სამინისტრო.
  10. ახვლედიანი, ნ.  (2020). საქართველოს არქეოლოგია. თბილისი: არქეოლოგიური ინსტიტუტი.
  11. ხიზანიშვილი, ლ.  (2021). თხილამურობა და სნოუბორდინგი საქართველოში. თბილისი: სპორტული აკადემია.
  12. ძნელაძე, ზ. . (2022). ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. თბილისი: ეკონომიკის სამინისტრო.

 

სკოლის პირველი დღე – სახალისო აქტივობები

0

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, მასწავლებლები ვიწყებთ განსხვავებული, ორიგინალური აქტივობებისა და რესურსების ძებნას. გვინდა, რომ მოსწავლეებისთვის სკოლის დაწყების პირველი დღე, დაუვიწყარი იყოს.

სკოლა ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, ისწავლონ, შეიმეცნონ, იმეგობრონ, განივითარონ შემოქმედებითი და სოციალური უნარები.

ახალი სასწავლო წელი, შესაძლოა, მრავალი ბავშვისთვის, ახალ სოციალურ წრეში დაიწყოს.

სკოლის დაწყების პირველი დღისთვის გთავაზობთ უცხოელი კოლეგების გამოცდილებაზე დაყრდნობით და საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილ რამდენიმე სახალისო აქტივობასა და რესურსს (დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის).

მასწავლებელს შეუძლია, აქტივობა სურვილისამებრ შეარჩიოს.

 

ტელეფონით მოყოლილი ზაფხულის ამბავი

მოსწავლეები ამობეჭდილ ,,ტელეფონში’’ ჩაწერენ ზაფხულის ერთ რომელიმე განსაკუთრებულ ამბავს. შემდეგ გამოჭრიან და გააფერადებენ, შეიძლება, ნახატებით გააფორმონ გვერდები და ზედაპირი.

ყველაფერი, რაც მე მიყვარს, ამ გულშია

ნიმუშის მსგავსად, მოსწავლეებს შეუძლიათ, გულის ნაწილებში ჩაწერონ და ჩახატონ, რაც უყვართ. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ადგილი, საქმიანობა, წიგნი, ფილმი, თამაში, საჭმელი.

იპოვე მეგობარი

თამაში „იპოვე მეგობარი“ შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ბავშვებს, კომფორტულად იგრძნონ თავი ახალ სოციალურ წრეში. მოსწავლეები სამუშაო ფურცლებზე მონიშნავენ, რაც უყვართ და გააფერადებენ. შემდეგ პოულობენ თანაკლასელებს, რომელთაც მსგავსი აღწერილობა აქვთ მონიშნული. ეს მათ საშუალებას მისცემს, ისაუბრონ დაუბრკოლებლად, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, იპოვონ თანამოაზრეები და მათ შორის ჩამოყალიბდეს მეგობრული ურთიერთობა.

 

თავსაბურავი ყველაფერი ჩემ შესახებ

 

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს თავსაბურავის ნაწილებს. ძირითადი ნაწილის გარდა, საჭიროა კიდევ 2-3 დამატებითი ნაწილი (იხილეთ ჩამოსატვირთ ვერსიაში). ბავშვები შეავსებენ, გააფერადებენ, დააწებებენ ნაწილებს და დაუვიწყარი სკოლის პირველი დღის სიმბოლოს, თავსაბურავს მოირგებენ თავზე.

 

წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

სკოლის პირველი დღე – ჩამოსატვირთი მასალა

 

გამოყენებული რესურსები:

https://nontoygifts.com/all-about-me-paper-hat/

https://www.prodigygame.com/main-en/blog/first-day-of-school-activities/

https://www.pinterest.com/pin/732186851899461888/

 

გულის ენა

0

ამ წიგნის ყიდვისას ვფიქრობდი, რომ სხვისთვის გაყოფა არ მომიწევდა, სოფელში, ივლის-აგვისტოს გრილ საღამოებში მშვიდად წავიკითხავდი. არადა, დავიწყე თუ არა, მაშინვე მომინდა, უხილავი მსმენელის ყურამდე ყველაზე ლამაზი თუ ყველაზე საგულისხმო ფრაზები მიმეწვდინა, სადღაც გამეტყუებინა.
კრებულში კითხვები განგებაა გამოტოვებული. მხოლოდ პასუხებია, რომლებმაც შეწინააღმდეგებაც შეიძლება გაგაბედვინოს და სიხარულიც გაგრძნობინოს: თურმე სწორ ბილიკს გაჰყოლიხარ, გადახვევაც დროულად მოგიხერხებია.
„გაუზავებლად“. მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე. ავტორი – კახა თოლორდავა წინასიტყვაობაში შენიშნავს, რომ ნამდვილ ავტორებად ამ წიგნის 31 რესპონდენტს მიიჩნევს, ჯო ზავინულიდან ჰერბი ჰენკოკამდე. მერე რა, თუ ხანდახან კითხვა მეტად მარტივად ამოსაცნობია, მუქი, განიერი ჩრდილით.
ჯო ზავინული: „მე უკვე ბავშვობაში ვიყავი მუსიკოსი“; „ჩემი პირველი ინსტრუმენტი აკორდეონი იყო, რომელზე დაკვრაც სულ რაღაც წამებში ვისწავლე. უბრალოდ, ხელში ავიღე და უკვე ვიცოდი, რა უნდა მექნა“.
რიჩარდ ბონა: „სამი წლის ვიყავი, როდესაც ის [ბაბუა] მიხვდა, რომ სულ სხვა ადამიანად ვიქცეოდი ხოლმე, როდესაც მუსიკას მოვკრავდი ყურს. როცა ჩემ გარშემო მუსიკა არ ისმოდა, აუტანელი ვხდებოდი. ამ დროს ჭამაც კი მავიწყდებოდა“; „ჯერ კიდევ ბავშვობაში ვახერხებდი ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრას ყოველგვარი სწავლების გარეშე. ერთხელ სანაგვეზე ნაპოვნ საქსოფონზე დავუკარი. ხუთ წუთში უკვე ვიცოდი, რომელ კლავიშებზე უნდა დამეჭირა თითები“.
მარკუს მილერი: „ჩემებს ვეუბნებოდი, მუსიკოსი მინდა გამოვიდე-მეთქი. დამცინოდნენ. მუსიკოსი ან კალათბურთელი – ეს ყველა ჩემი უბნელი ბიჭის ოცნება იყო. ისე მიყვარდა მუსიკა, რომ დაცინვას ყურადღებას არ ვაქცევდი. მეუბნებოდნენ, მარკუს, შენი მუსიკოსობა თითქმის შეუძლებელიაო, მაგრამ არც კი ვუსმენდი. […] საკუთარ თავს ვარწმუნებდი, ეს შესაძლებელია და მე ეს ვიცი-მეთქი“.
მუსიკის გაკვეთილები ცხოვრების გაკვეთილებად იქცევა. სამუსიკო სასწავლებლებში თუ მის მიღმა წესებს სწავლობენ, მაგრამ იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაარღვიონ.
მონტი ალექსანდერი: „მე მუსიკოსად მილტ ჯექსონმა, რეი ბრაუნმა და დიზი გილესპიმ მაქციეს. მათი მეშვეობით გავიზარდე, როგორც მუსიკოსი და როგორც ადამიანი. სწორად გამიგეთ, ქედს ვიხრი მუსიკალური სასწავლებლებისა და მათი ძალისხმევის წინაშე, მაგრამ ყველამ იცის, რომ მონტი ალექსანდერი მათ ხელში გაუვლელი მუსიკოსია“.
კურტ ელინგი: „ჯონ ჰენდრიქსი მიყვებოდა, როგორ სწავლობდა სიმღერას ათი თუ თერთმეტი წლის ასაკში. არტ ტეიტუმი, დიდი ჯაზ პიანისტი, მისსავე ქუჩაზე ცხოვრობდა და ჯონს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. როდესაც ჯონი გაკვეთილზე მიდიოდა, ტეიტუმი რთულ, არპეჯირებულ ფრაზას უკრავდა და ეუბნებოდა: „აბა, მიდი და გაიმეორე, რაც დავუკარი“.
მუსიკოსები რჩევებსაც უშურველად იძლევიან – თავისას თუ სხვისგან გაგონილს და დამახსოვრებულს.
კრის პოტერი: „ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამეების კეთებაც მოგიწიოს, რაც მსმენელს არ მოეწონება. შეიძლება შენი გაკეთებული არც არავის მოეწონოს, მაგრამ თუ შენ მოგწონს, ბოლომდე უნდა გაჰყვე ამ გზას“.
კრისტიან სკოტი: „ერთხელ დენი ბარკერმა, დიდმა მუსიკოსმა, მითხრა: „შენზე უკეთესად ვერავინ მოახერხებს შენადვე გახდომას!“.
მაიკ სტერნი: „ყველაფერთან ერთად, მუსიკა გულის ენაა. რა თქმა უნდა, მუსიკალური ენის შესწავლისას მუსიკას მის ყველა გამოვლინებაში სწავლობ, მაგრამ მთავარი არ უნდა დაივიწყო – გული! მუსიკა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებაა, ხოლო ადამიანებს გულიდან გამომავალი ბილიკებით უნდა მიუახლოვდე“.
დასასრულ კი ჰერბი ჰენკოკის მომნუსხველი, გაკვეთილებზე ხშირად გასამეორებელი ახსნა: „ამერიკა ადგილობრივი ინდიელებისა და აფრიკიდან შემოყვანილი მონების ძვლებსა და სისხლზეა აშენებული. სწორედ მათ შექმნეს ის, რასაც ჩვენ ჯაზს ვუწოდებთ. ჯაზი ის მუსიკაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული მუსიკალური იმპულსების ზეგავლენით განვითარდა. მართალია, მონათმფლობელობის პერიოდში შეიქმნა, მაგრამ მონობაზე კი არ გესაუბრებათ, არამედ ადამიანის იმ საოცარ უნარზე, როდესაც ის ყველაზე მძიმე სიტუაციას სასარგებლო გამოცდილებად აქცევს. ჯაზი გესაუბრება პრობლემის შემოქმედებით ენერგიად გარდასახვის შესაძლებლობებზე, საწამლავის წამლად გადაქცევის აუცილებლობაზე“.
მთავარი აქ ითქვა. სხვას გულის ენით გამოხატავენ.

 

ეტიუდი „ერთი ლექსი“ ნეტა რას ტირი, დედილო?

0

ეტიუდი ერთი ლექსი (რაფიელ ერისთავის ნეტა რას სტირი, დედილო?!)

ნეტა რას ტირი, დედილო?

(აღამაჰმადხანის დროის)

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის

მტირალი ქალის ცქერასა.

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას სტირი, ძუძუს ჭირიმე?

ჯარს იძახიან, დედილო –

სად არი ჩემი ხირიმი?

თათარი შემოგვსევია,

სწავს და აოხრებს ქვეყანას

ე-მა ქოხს თავზე დაგვაქცევს,

ვენახს მოგვითელს და ყანას.

ნეტა რას სტირი, დედილო?

რა დროს გლოვაა შვილისა?

გულში მკრეს, ორგან გახვრიტეს

ჩემი პერანგი შილისა.

ნეტა რას სტირი დედილო?

დეე აქ ვეგდო ღელოში,

ხო ვერა ჰნახავს ურჯულოს

ვეღარსად საქართველოში?

ნეტა რას სტირი, დედილო?

ჯერ ვერ წამოვალ შინათკენ,

მე აქ ვიგერებ ყვავ-ყორანს,

თვალი მიჭირავს იმათკენ…

ნეტა რას სტირი, დედილო?

სახლზედ იყავი ფრთხილადა,

ირმა ხარს მოუარევი,

მარილს ალოკე ხილადა.

ყანა გამარგლეთ ბეჯითად,

არ მოერიოს ჭიოტა,

ე პაწა არ დამიმშიოთ,

ფოცხვერს არ დამიჭმიოთა!..

ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,

ბალღია, ამიტირდება,

შობამდის დავავიწყდები,

აღდგომას გამიფრინდება!..

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის,

მტირალი ქალის ცქერასა!..

ამას წინათ მერაბ ელიოზიშვილის ბრწყინვალე პატარა მოთხრობა – „გადამთიელი“ გადავიკითხე. მოთხრობის პროტაგონისტი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც მთის სოფელში გაანაწილებენ ქართულის მასწავლებლად, არადა, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს (ორსულადაა) და მიტოვება არ უნდა. განათლების განყოფილებაში ბევრს ეცდება, რომ თავის სოფელში დატოვონ იმავე პოზიციაზე, მაგრამ სკოლაში მხოლოდ ფიზკულტურის მასწავლებლის ადგილია. დედა და ცოლი ეხვეწებიან, დარჩიო, მაგრამ კაცი უარზეა: რას ამბობთ, მე თუ გარინდულ კლასში ქართულის გაკვეთილი არ ავხსენი, ისე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს, სად მე და სად ფიზკულტურაო და, დაპირებით დაიმედებული, რომ გაისად გაუხერხებენ რამეს, წავა მთის სოფელში. დაპირება ტყუილი აღმოჩნდება… გადის წლები, კაცი მხოლოდ ზაფხულობით ჩადის თავის სოფელში, უკვე სამი თუ ოთხი ბიჭი ჰყავს… მოკლედ, მთელ სარომანე თემას მწერალი რამდენიმე გვერდში ატევს პანორამული თხრობით და დიდი ოსტატობით. ჰოდა, ამ მასწავლებელს უყვარს რაფიელ ერისთავი, მოცალეობისას სულ მის წიგნს კითხულობს, მუშაობისას და ისედაც, საუბარში, ხშირად იმეორებს მისი ლექსის („სესიას ფიქრების“) პირველ სტრქონს: „მიწა ვარ ნიადაგ მენა“…

რაფიელ ერისთავის ზემოთ მოხმობილ ლექსზე ისედაც ვაპირებდი ბლოგის დაწერას, უბრალოდ, დაემთხვა, რომ ეს მოთხრობა გადავიკითხე, არც მახსოვდა ხეირიანად, რა ეწერა შიგნით.

*

როცა რაფიელ ერისთავს ახსენებ, ყველას მისი მთავარი შედევრი (რომელზეც თაობები აღვიზარდეთ) – „სამშობლო ხევსურისა“ ახსენდება. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ჩემს დროს ეს ლექსი სასკოლო პროგრამაში იყო და დღესაც მახსოვს ზეპირად თავიდან ბოლომდე. ლადო ასათიანს უწერია ერთგან: დღეს ვიღაცამ რაფიელის „სამშობლო ხევსურისას“ პროვინციული ნაციონალიზმი უწოდა, სულ იდიოტი ვეძახე, უნდა მეცემა, ძლივს გამასწროო… ნამდვილად უნდა ეცემა.

*
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან იყო გავრცელებული დაბალი და მაღალი შაირი, თითქმის ყველა ამ საზომებით წერდა (ვაჟამდეც), მაგრამ გენიალური ვაჟას სწორების წერტილად (ცხადია, დასაწყისში), უდავოდ შეიძლება, რაფიელ ერისთავისეული დაბალი შაირი მოვიაზროთ. რაფიელის ლექსებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი, გამოკვეთილი სათქმელი, თემატურად მისი პოეზია სეზონურ-პეიზაჟური დესკრიფციით, ისტორიულ-პატრიოტული თემატიკით და სოციალური აქცენტებით – გლეხთა მძიმე ყოფის აღწერით შემოიფარგლება, მასთან ვერ იპოვით ვაჟასეულ ზოგადსაკაცობრიო მოტივებს და ფილოსოფიურ ინტროსპექცია-ნარაციებს, მას ნაივური სიმარტივე უყვარს, თავისი ლექსების ლირიკული გმირების ბედის მოზიარეა, ამიტომ სწორედ მათი პერსპექტივიდან, პირველ პირში წერს… დესკრიფციულობა და ნარაციულობა განაპირობებს იმას, რომ მისი ლექსები ერთხელ წაკითხვის შემდეგ არ გავიწყდება (დაზეპირებას არ ვგულისხმობ). მასთან ვერ იპოვით უსათქმელო ლირიკულ აბდაუბდას… რაფიელის პატრიოტულ ლირიკას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა თავის დროზე, როგორიც ასი წლის შემდეგ, ვთქვათ, მუხრან მაჭავარიანის პატრიოტულ ლირიკას. მართალია, ჩვენს იდენტობას ჩაყლაპვით ემუქრებოდა სხვადასხვა მოდიფიკაციის (ერთ შემთხვევაში – ცარისტული, მეორეში კი – ტოტალიტარული) რუსული საფრთხე, მაგრამ მიზანი ორივე შემთხვევაში ერთი იყო – ლეთარგიის ფაზაში შესული თვითგადარჩენის ინსტინქტის გაღვიძება და სტიმულირება. უნდა ითქვას, რომ რაფიელმაც და მუხრანმაც ათიანში მოარტყეს – მათმა ლექსებმა ღრმა კვალი დააჩნია ერის ცნობიერებას და ეს კვალი დღესაც საგრძნობი და ხელშესახებია. ორივეს ლექსები ჭეშმარიტად სახალხო იყო და არის. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ცარისტული რეჟიმი გაცილებით დემოკრატიული იყო, ვიდრე კომუნისტური (ბევრად უფრო მაღალი გახლდათ სასამართლოს, თვითმმართველობების და სხვა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხარისხი), თუმცა მაშინაც გადარჩენისთვის ვიბრძოდით – არც სახელმწიფო გვქონდა დამოუკიდებელი, არც ეკლესია და არც საკანცელარიო ენა იყო ქართული, ასე რომ, რაფიელის და სხვების პატრიოტული შემოძახილი ჰაერივით სჭირდებოდა ეროვნულ ცნობიერებას.

*
ეს კონკრეტული ლექსი-შედევრი რაფიელის პოეტიკის ყველა იმანენტურ შტრიხს აერთიანებს. ჩვენ წინაშეა ისტორიულ-პატრიოტული თემატიკის დაბალი შაირით დაწერილი, კატრენებად დაყოფილი ათსტროფიანი ლექსი, შესრულებული უზადო კომპოზიციით. საზოგადოდ, მოდერნიზმმა და, მით უმეტეს, პოსტმოდერნიზმმა პროზის კლასიკური კომპოზიციურ-ნარატოლოგიური სქემა თავდაყირა დააყენა, თუმცა ლექსის კომპოზიციურობა დღემდე არ დაქვემდებარებია რევიზიას, რადგან სრულყოფილი კომპოზიციის გარეშე პროზა შეიძლება შემდგარი პროზა იყოს, მაგრამ ლექსი შემდგარი ლექსი ვერ იქნება. შეიძლება, ლექსი არაფერს ჰყვებოდეს, მხოლოდ მკრთალი სიუჟეტი ილანდებოდეს სტრიქონებს მიღმა (უამისოდ კარგი ლირიკული ლექსი არ არსებობს), მაგრამ ემოციური დინამიკა – დაწყება, განვითარება და კადენცია – აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ სიტყვების ვიტალურობას მოკლებულ, უაზრო კონსტრუქციას (ეს ვერლიბრსაც ეხება, ვერბლანსაც და კონვენციურ ლექსსაც).

ლექსი მონოლოგური, მიმართვითი ხასიათისაა, ომში დაღუპული ლირიკული გმირი დედას მიმართავს (მსგავსი ტიპის პოეზია – მკვდრის მონოლოგი – შემდგომ, მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პოეზიაში, მოდერნისტულ-ეპიტაფიურ ჟანრად ფორმირდა. გავიხსენოთ მისი საუკეთესო ნიმუში – ედგარ ლი მასტერსის კრებული-პოემა „სფუნ რივერის ანთოლოგია“), უყვება, წინააღმდეგობას თუ არ გაუწევ, რა შედეგი მოჰყვება მტრის შემოსევას, როგორ ჰკრეს გულში ტყვია და როგორ გდია ყვავ-ყორნების საჯიჯგნად… უბარებს, რომ ოჯახს და კარ-მიდამოს მიხედოს. ემოციური ზემოქმედება ყოველი სტროფის სასტარტო რეფრენით მძაფრდება. ემოციის აღმასვლა მერვე სტროფიდან იწყება, როცა ლირიკული გმირი დედას ეუბნება, მისი პატარა არ დაამშიონ და ფოცხვერს არ შეაჭამონ… პიკი კი მეცხრე სტროფია:

„ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,

ბალღია, ამიტირდება,

შობამდის დავავიწყდები,

აღდგომას გამიფრინდბა!..“

შეუძლებელია, პოეზიას გრძნობდე და ამ სტროფმა ცრემლი არ მოგგვაროს…

*
დაბოლოს: მეორე სტროფის არაზუსტი რითმა – ჭირიმე-ხირიმი. ნებისმიერი სხვა საზომის შემთხვევაში არაზუსტი რითმა არც ისე უცნაურად გამოჩნდებოდა (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს კარგ ტონად არ ითვლებოდა), მაგრამ ამ გადასახედიდან ფუტურისტულადაც კი გამოიყურება (არაზუსტ რითმას ვაჟასთანაც ვხვდებით აქა-იქ).

AI ჩატბოტები: კომუნიკაციის მეტამორფოზა და ახალი კომუნიკაციური პარადიგმა

0

„თუ ცოტას დაფიქრდებით, დაინახავთ, რომ ის, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, არის მხოლოდ გულმოდგინება, რათა განვახორციელოთ არსებობის გარკვეული პროექტი ან პროგრამა. და თითოეული ჩვენგანის ეგო მხოლოდ ეს წარმოსახვითი პროგრამაა.

ყველაფერი, რასაც  აკეთებთ, ამ პროგრამას ემსახურება. და თუ ახლა მისმენთ, ეს იმიტომ, რომ, ასე თუ ისე, გჯერათ: ამის გაკეთება გეხმარებათ, გახდეთ ეს ეგო, რად ყოფნის მოთხოვნილებასა და სურვილს თითოეული თქვენგანი გრძნობს.

მაშასადამე, ადამიანი არის, უპირველეს ყოვლისა… პროგრამა, რომელიც უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ის არის რაღაც, რაც ჯერ არ არის, მაგრამ რად ყოფნისკენაც მიისწრაფვის“.

Man as Project by Ortega y Gasset[1]

 

AI კომუნიკაცია – კომუნიკაციის გაფართოება

მინდა, სტატია დავიწყო გასეტის ამ ციტატით, რომლის მიხედვითაც ადამიანის არსებობა არის მუდმივი პროექტი, რომელიც ხორცს ისხამს დროსა და გარემოებებთან ურთიერთქმედებაში და მინდა, ეს ციტატა დავაკავშირო თანამედროვე ციფრულ გამოწვევებთან, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაციური გამოწვევებია. კომუნიკაცია კი პირდაპირ კავშირშია ცნობიერების ტრანსფორმაციასთან.

ადამიანის ცნობიერების განვითარების ისტორია კომუნიკაციის ევოლუციის ქრონიკაა. ენის წარმოშობით დაწყებული, წერილობითი სისტემების შექმნით გაგრძელებული და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით დაგვირგვინებული, ეს პროცესი უწყვეტად აყალიბებს ჩვენი აზროვნების ლანდშაფტსა და თავისებურებებს. დამეთანხმებით, რომ ხელოვნური ინტელექტის და, კერძოდ, AI ჩატბოტების გამოჩენამ ჩვენ დაგვაყენა ახალი კომუნიკაციური პარადიგმის წინაშე, რომელსაც შეუძლია, ფუნდამენტურად შეცვალოს ჩვენი ცნობიერების არქიტექტურა.

ამ სტატიის მიზანია, გამოიკვლიოს, როგორ ზემოქმედებს AI კომუნიკაცია კომუნიკაციის თეორიასა და ადამიანის ცნობიერების ევოლუციაზე და რა გამოწვევებს და შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს ახალი რეალობა.

მიუხედავად იმისა, რომ AI ჩატბოტებს ყველა კულტურის წარმომადგენელი თავის ენაზე ელაპარაკება, მაინც იკვეთება რაღაც უნივერსალური, რაც გავლენას მოახდენს ადამიანთა კომუნიკაციაზე და შეცვლის მას. კაცობრიობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ადამიანი-მანქანის კომუნიკაცია ამ მასშტაბს აღწევს. ენის მოდელები დატრენინგებულია ენების მასალაზე, მაგრამ კომუნიკაციისთვის და იმისთვის, რომ შედგეს „გაგება“, კიდევ მრავალი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

წიგნში “მეოთხე რევოლუცია” ლუჩანო ფლორიდი აღნიშნავს: “ჩვენ ვცხოვრობთ ინფოსფეროში, სადაც ონლაინ და ოფლაინ გამოცდილებები სულ უფრო მეტად ერწყმის ერთმანეთს” (Floridi, 2014). ეს ახალი რეალობა ქმნის უპრეცედენტო გამოწვევებს და შესაძლებლობებს კომუნიკაციის სფეროში.

ნაშრომში “კომუნიკაციური მოქმედების თეორია” ჰაბერმასი ამტკიცებს, რომ “კომუნიკაცია არის საშუალება, რომლითაც კულტურა, საზოგადოება და პიროვნება ყალიბდება და კვლავწარმოებს”. ეს იდეა განსაკუთრებით რელევანტურია ჩატბოტების ეპოქაში, როდესაც ჩვენი ინტერაქციები სულ უფრო მეტად მოიცავს არაადამიანურ აგენტებს. ამ პერსპექტივიდან, ჩატბოტების გამოჩენა არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციაა, არამედ პოტენციურად ტრანსფორმაციული ძალა ჩვენი კოლექტიური და ინდივიდუალური ცნობიერებისთვის.

AI-სთან კომუნიკაცია ცვლის კომუნიკაციის მოდელს

უპირველეს ყოვლისა, იცვლება ტრადიციული მოდელი:

გამგზავნი – შეტყობინება – მიმღები

ახალი მოდელი:

ადამიანი – AI ინტერფეისი – ალგორითმი – AI ინტერფეისი – ადამიანი

ეს ცვლილება ქმნის ახალ შუამავალ რგოლს, რომელიც არა მხოლოდ გადასცემს, არამედ ამუშავებს კიდეც ინფორმაციას და მის ფორმირებასაც ახდენს. ეს პროცესი ასე მიმდინარეობს:

  • ადამიანი გადასცემს ინფორმაციას;
  • AI ინტერფეისი ამზადებს ამ ინფორმაციას დასამუშავებლად;
  • ალგორითმი აანალიზებს და იღებს გადაწყვეტილებებს;
  • AI ინტერფეისი აყალიბებს პასუხს;
  • ადამიანი იღებს და რეაგირებს პასუხზე ამ მოდელში.

როგორც გუზმანი და ლუისი აღნიშნავენ, “AI-გაშუალებული კომუნიკაცია წარმოადგენს ახალ პარადიგმას, სადაც მანქანა არის არა მხოლოდ არხი ან მედიუმი, არამედ აქტიური მონაწილე კომუნიკაციის პროცესში” (Guzman & Lewis, 2020).

შუამავლის დამატება კომუნიკაციაში, ბუნებრივია, იწვევს ცვლილებებს. გრაფიკულად ეს ასე შეგვიძლია წარმოვადგინოთ:

ადამიანური კომუნიკაცია და ჩატბოტების კომუნიკაცია: განსხვავებები

ადამიანური კომუნიკაცია და ჩატბოტების კომუნიკაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა. ამავე დროს, კომუნიკაციის პროცესში ხდება ურთიერთგავლენაც და ყალიბდება ახალი და განსხვავებული ენობრივი მოდელები. ადამიანი ცდილობს, მოერგოს ჩატბოტების მოდელს და ქმნის შესაბამის პრომპტებს. თავის მხრივ, ჩატბოტებიც ითვისებენ ადამიანის მეტყველების სტილს და ისინიც ცდილობენ “მორგებას”.

მაგრამ ადამიანური კომუნიკაცია უნიკალურია თავისი კომპლექსურობითა და მრავალფეროვნებით. ის მხოლოდ სიტყვებს არ გულისხმობს – კომუნიკაციასა და გაგებაში მონაწილეობს ინტონაცია, სხეულის ენა, მიმიკა და სხვა ემოციური ნიუანსები. ადამიანებს შეუძლიათ კონტექსტის გაგება, მეტაფორების გამოყენება და ირონიის აღქმა. ისინი ადაპტირდებიან საუბრისას და შეუძლიათ, სწრაფად შეცვალონ თემა ან ტონი სიტუაციის შესაბამისად.

წიგნში “მეტაფორები, რომლებითაც ვცხოვრობთ” ლაკოფი და ჯონსონი წერენ: “ჩვენი კონცეპტუალური სისტემა, რომლის მიხედვითაც ვაზროვნებთ და ვმოქმედებთ, ფუნდამენტურად მეტაფორულია თავისი ბუნებით” (Lakoff & Johnson, 1980). ეს იდეა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს AI-სთან ინტერაქციამ ჩვენი აზროვნების სტრუქტურები.

ჩატბოტების კომუნიკაცია კი ეფუძნება ალგორითმებსა და მონაცემთა ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჩატბოტები შთამბეჭდავად ბაძავენ ადამიანურ კომუნიკაციას, ისინი მაინც წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში მოქმედებენ. მათ არ აქვთ ემოციური ინტელექტი – ნამდვილი ემოციები ან გრძნობები. მათი “გაგება” შემოიფარგლება იმით, რაც მონაცემთა ბაზაში აქვთ, რაზეც გაწვრთნეს.

ადამიანური კომუნიკაცია კრეატიულობითა და იმპროვიზაციის უნარით გამოირჩევა. ადამიანებს შეუძლიათ, შექმნან ახალი იდეები, გამოიგონონ ახალი სიტყვები და კონცეფციები საუბრის პროცესში, ჩატბოტები კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოდენობის ინფორმაციის დამუშავება და გაანალიზება შეუძლიათ, ვერ ქმნიან ორიგინალურ იდეებს, მათი პასუხები მხოლოდ არსებულ მონაცემებს ეფუძნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ემპათიის უნარი. ადამიანებს შეუძლიათ, ნამდვილად იგრძნონ და გაიზიარონ ერთმანეთის ემოციები, რაც აყალიბებს ღრმა კავშირს. ჩატბოტები კი, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ ემოციების ამოცნობა და მათზე მსჯელობა, არ განიცდიან ემოციებს და არ აქვთ ცნობიერება.

ადამიანური კომუნიკაცია ასევე მოიცავს კულტურულ და სოციალურ კონტექსტს, რომელიც ხშირად არ არის ექსპლიციტურად გამოხატული. ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ და გამოიყენონ ნიუანსები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ კულტურასთან ან სოციალურ ჯგუფთან. ჩატბოტებს კი უჭირთ ამ ნიუანსების სრულად გაგება და გამოყენება რეალურ დროში.

ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა. გაგიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც ამ თემაზე მოვიძიე:

 

ენობრივი ნიუანსები

მაგალითად, იაპონურ ენაში არის თავაზიანობის გამოხატვის რთული სისტემა – კეიგო.

კეიგო (敬語 – Keigo) – ეს არის გრამატიკული და ლექსიკური ფორმების ნაკრები, რომელიც გამოიყენება საუბრისას პატივისცემის გამოსახატავად.

კეიგო შედგება სამი მთავარი კატეგორიისგან:

  1. სონკეიგო (尊敬語) – პატივისცემის ენა, გამოიყენება სხვების მიმართ პატივისცემის გამოსახატავად;
  2. კენჯოგო (謙譲語) – თავმდაბლობის ენა, გამოიყენება საკუთარი თავის ან საკუთარი ჯგუფის შესახებ საუბრისას;
  3. ტეინეიგო (丁寧語) – ზოგადი თავაზიანი ენა, გამოიყენება ფორმალურ სიტუაციებში.

კეიგო ენის მნიშვნელოვანი ასპექტია იაპონურ კულტურაში და ასახავს სოციალურ იერარქიას, ურთიერთობებს და კონტექსტს საუბრისას.

მკვლევრებმა იამადამ (Yamada) და ტანაკამ (Tanaka) ტოკიოს უნივერსიტეტიდან შეისწავლეს, თუ როგორ შეიძლება, AI-მ სწორად გამოიყენოს კეიგო სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში.

AI-ს დასჭირდა სპეციალური ტრენინგი, რათა გაერჩია, როდის უნდა გამოეყენებინა თავაზიანობის სხვადასხვა დონე სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მომხმარებლებთან.

 

არავერბალური კომუნიკაცია

არაბულ კულტურაში თვალით კონტაქტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მეფე საუდის უნივერსიტეტის (King Saud University) მკვლევრის, Al-Rashid-ის გამოკვლევის საფუძველზე შეიმუშავეს მექანიზმი, როგორ უნდა ადაპტირდეს AI ავატარი არაბულ კულტურულ კონტექსტში, რის შედეგადაც AI ავატარი, რომელიც უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებდა თვალით კონტაქტს, არაბ მომხმარებლებში უფრო სანდოდ და კომპეტენტურად აღიქმებოდა.

 

იდიომები და მეტაფორები

ჩინურ ენაში მრავლადაა კულტურულად სპეციფიკური იდიომები. ამის გამო, კვლევებზე დაფუძნებით, AI-ს დასჭირდა არა მხოლოდ იდიომების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის, არამედ მათი კულტურული კონტექსტის და გამოყენების სიტუაციების დასწავლაც.

 

ჟესტიკულაცია და სხეულის ენა

იტალიურ კულტურაში ჟესტებს კომუნიკაციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როსი (Rossi) და სხვები ნეაპოლის უნივერსიტეტიდან (University of Naples) იკვლევდნენ, როგორ უნდა ინკორპორირდეს იტალიური ჟესტიკულაცია AI რობოტებში, რის შედეგადაც AI რობოტები, რომლებიც იყენებდნენ იტალიურ ჟესტებს, უფრო “ბუნებრივებად” აღიქმებოდნენ იტალიელი მომხმარებლების მიერ.

 

სოციალური ნორმები და ტაბუები

ინდურ კულტურაში არსებობს მკაცრი სოციალური იერარქია და კასტური სისტემა, ამიტომ AI-ს დასჭირდა სპეციალური ტრენინგი, რათა გაეთვალისწინებინა სოციალური იერარქია და თავიდან აერიდებინა სენსიტიური თემები კომუნიკაციის დროს.

ეს ფაქტები გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში AI სისტემების ადაპტირება მოითხოვს არა მხოლოდ ენის სწავლებას, არამედ კულტურის ღრმა გაგებას, სოციალური ნორმების, ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებას. ეს კვლევები ხაზს უსვამს, რომ ეფექტური კროსკულტურული AI კომუნიკაცია მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ლინგვისტიკას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას და კომპიუტერულ მეცნიერებებს.

 

კომუნიკაციის მეტამორფოზა

“კომუნიკაცია არის ნიშნებისა და კოდების გაცვლის პროცესი” (Sebeok, 2001). AI კონტექსტში ეს იდეა ახალ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ ვქმნით და ვიყენებთ ახალ კოდებს მანქანებთან კომუნიკაციისთვის.

ენისა და კომუნიკაციის მკვლევრებს კვლევისთვის ახალი მასალა გაუჩნდათ. AI კომუნიკაციის გამოცდილებები მნიშვნელოვნად ამდიდრებს კომუნიკაციის თეორიას რამდენიმე მიმართულებით.

როგორც ჰენკოკი და თანაავტორები აღნიშნავენ, “AI-გაშუალებული კომუნიკაცია წარმოადგენს ფუნდამენტურად ახალ პარადიგმას, რომელიც მოითხოვს კომუნიკაციის თეორიების გადახედვას და გაფართოებას” (Hancock et al., 2020).

ეს ახალი სფერო გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივებს და გამოწვევებს, რომლებიც აფართოებს კომუნიკაციის პროცესების ჩვენეულ გაგებას. აი, რამდენიმე მთავარი ასპექტი:

  • ფართოვდება კომუნიკაციის მოდელები, რაც საშუალებას გვაძლევს, გადავხედოთ კომუნიკაციის ტრადიციულ მოდელებს.
  • იქმნება ახალი მოდელები, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანი-მანქანის ინტერაქციის უნიკალურ ასპექტებს.
  • AI სისტემებთან ინტერაქცია გვიჩვენებს, როგორ იყენებენ ადამიანები ენას არაადამიანურ აგენტებთან კომუნიკაციისას.
  • ეს გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ენის პლასტიკურობა და ადაპტაციის უნარი.
  • AI კომუნიკაცია წამოჭრის ახალ კითხვებს იმპლიკატურების, კონტექსტისა და სოციალური ნორმების შესახებ, რაც გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს პრაგმატიკა არაადამიანურ/მანქანურ აგენტებთან.
  • AI სისტემები, რომლებიც მუშაობს სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში, აფართოებს ჩვენს წარმოდგენას ინტერკულტურულ კომუნიკაციაზე.
  • AI სისტემებთან ინტერაქცია გვაიძულებს, გადავხედოთ იდენტობის, პერსონისა და აგენტობის კონცეფციებს კომუნიკაციაში.
  • AI კომუნიკაცია გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგია იყოს არა მხოლოდ მედიუმი, არამედ აქტიური მონაწილე კომუნიკაციის პროცესში.
  • AI სისტემების სწავლების პროცესი გვეხმარება, უკეთ გავიგოთ, როგორ ადაპტირდებიან ადამიანები კომუნიკაციის პროცესში.
  • AI კომუნიკაცია გვთავაზობს ინფორმაციის კოდირების, გადაცემისა და დეკოდირების ახალ პერსპექტივებს.
  • AI როგორც აუდიტორია გვაიძულებს, გადავხედოთ აუდიტორიის კონცეფციას კომუნიკაციის თეორიაში.

 

“ძალაუფლების ახალი ფორმები და ახალი ძალაუფლების სუბიექტები ჩნდება კომუნიკაციის სფეროში” (Castells, 2009). ეს იდეა განსაკუთრებით რელევანტურია AI კონტექსტში, სადაც კომუნიკაციის ახალი ფორმები ქმნის ახალ ძალაუფლებრივ დინამიკას.

 

დასკვნისთვის:

სცენაზე AI ჩატბოტების გამოჩენა არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციაა, არამედ კომუნიკაციის ფუნდამენტური მეტამორფოზაც. ეს ცვლილება გვიბიძგებს, გადავხედოთ კომუნიკაციის, ენისა და თვით ადამიანური ცნობიერების ჩვენეულ გაგებას.

“AI კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი – ის წარმოადგენს ახალ ონტოლოგიურ კატეგორიას, რომელიც გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენს ფუნდამენტურ იდეებს კომუნიკაციის შესახებ” (Gunkel, 2020).

ამ ახალ რეალობაში ჩვენ ვდგავართ არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ფილოსოფიური და ეთიკური გამოწვევების წინაშე. როგორ შევინარჩუნოთ ადამიანური ელემენტი კომუნიკაციაში? როგორ უზრუნველვყოთ, რომ AI კომუნიკაცია არ იქცეს მანიპულაციის ინსტრუმენტად? ეს კითხვები მუდმივ კვლევას და დისკუსიას მოითხოვს.

საბოლოოდ, AI ჩატბოტების ეპოქა გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გავაფართოოთ კომუნიკაციის, ენის და ადამიანური ცნობიერების ჩვენეული გაგება. ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური რევოლუცია – ეს არის კოგნიტიური და კულტურული ტრანსფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ურთიერთობის მომავალს და სამყაროს ახალ პარადიგმას.

 

ლიტერატურა

 

  1. Habermas, J. (1984). The Theory of Communicative Action. Boston: Beacon Press.
  2. Floridi, L. (2014). The Fourth Revolution: How the Infosphere is Reshaping Human Reality. Oxford University Press.
  3. Guzman, A. L., & Lewis, S. C. (2020). Artificial Intelligence and Communication: A Human–Machine Communication Research Agenda. New Media & Society, 22(1), 70-86.
  4. Gunkel, D. J. (2020). An Introduction to Communication and Artificial Intelligence. Polity Press.
  5. Hancock, J. T., Naaman, M., & Levy, K. (2020). AI-Mediated Communication: Definition, Research Agenda, and Ethical Considerations. Journal of Computer-Mediated Communication, 25(1), 89-100.
  6. Lakoff, G., & Johnson, M. (1980). Metaphors We Live By. University of Chicago Press.
  7. Castells, M. (2009). Communication Power. Oxford University Press.
  8. Watzlawick, P., Bavelas, J. B., & Jackson, D. D. (2011). Pragmatics of Human Communication: A Study of Interactional Patterns, Pathologies and Paradoxes. W. W. Norton & Company.
  9. Sebeok, T. A. (2001). Signs: An Introduction to Semiotics. University of Toronto Press.

10. McLuhan, M. (1964). Understanding Media: The Extensions of Ma

[1]https://philosophy.lander.edu/intro/articles/ortega-a.pdf

 

მულტიმედიური ტექნიკა და ციფრული თხრობა ისტორიის გაკვეთილზე

0

ერთ-ერთი ახალი მეთოდი, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება განათლებაში, არის ციფრული თხრობა (Jakes, 2006). ის წარმოიშვა ტრადიციული თხრობის ციფრულ მედიაზე გადატანით. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული თხრობა მოიცავს ტრადიციულ თხრობას და მულტიმედიურ ტექნიკას (Fisanick & Stakeley,
2020). აერთიანებს რა ციფრულ სამყაროს განათლებასთან, აქტიურად გამოიყენება მრავალ სფეროში, სკოლამდელი აღზრდიდან დაწყებული ზრდასრულთა განათლების ჩათვლით. ციფრული თხრობის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ არაერთი საერთაშორისო კვლევა არსებობს [Demirer, 2013; Göçen, 2014; Karakoyun, 2014; Robin, 2016; Gernes
& Belanger, 2019; Buldur, 2019; Yazıcı et al., 2020; Hung et al.,
2012; Yang & Wu, 2012; Lanszki, 2022; International Journal of Education & Literacy Studies. A History Lesson Designed with the Digital Storytelling Method: Kara Fatma Example. ISSN:2202-9478. https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ1409251.pdf ] და ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ციფრული თხრობა ეფექტური მეთოდია, რომელიც ზრდის მოსწავლეთა პრობლემის გადაჭრის უნარს, კრიტიკული აზროვნების უნარს, აკადემიურ წარმატებას და სწავლის მოტივაციას.
ციფრული სიუჟეტის შექმნის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, როგორიცაა სცენარის შექმნა, ვიზუალის დამატება პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, ხმის გადაცემის გაკეთება, მუსიკის ფონზე დამატება და ციფრული სიუჟეტის რედაქტირება. ციფრული მთხრობელები სწავლობენ:
• როგორ გააკეთონ არჩევანი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ მულტიმედიური მეთოდები თავიანთი ისტორიების სათქმელად;
• როგორ თქვან ეფექტური ციფრული ამბავი და მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილებები ფონური მუსიკის შესახებ;
• სიუჟეტის შექმნისთვის სწავლობენ პროგრამული უზრუნველყოფისა და სოციალური მედიის პლატფორმების ნავიგაციას;
• როგორ იყვნენ ციფრული მედიის უფრო ეფექტური მომხმარებლები;
• როგორ იყვნენ პროდიუსერები (Fisanick & Stakeley, 2020; Lanszki, 2022).
ციფრულ თხრობა აქტიურად გამოიყენებს ისტორიის საგნის სწავლებაშიც. ციფრული ისტორიები:
• მოკლე (როგორც წესი, 4-7 წუთიანი) მულტიმედიური ვიდეოებია, რომლებიც აერთიანებს ფოტოებს, მარტივ ანიმაციებს, ხმებს, მუსიკალურ თხრობას (Gernes & Belanger, 2019) ანუ კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე მოყოლილი ამბებია, რომელიც ხშირად შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს (რობინ, 2016), რითაც ხდება პროცესისა და პროდუქტის ძირეულად შეცვლა;
• შექმნილია რა ვირტუალური მედიის საფუძველზე (ჰიპერტექსტები, ბლოგები, აუდიო და ვიდეო პოდკასტები, ონლაინ ნარატიული თამაშები, ვებ-გადაცემა და სიუჟეტები, ნებისმიერი ციფრული პროდუქტი), ერთგვარი „შუამავალია“ შესასწავლ მასალასა და მასწავლებლის ტექსტს შორის;
• გამოირჩევა ისტორიების – ინფორმაციების გადაცემის მაღალი სიჩქარით;
• ძალიან დიდ ემოციურ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე, რასაც იყენებს სწავლის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის შესანარჩუნებლად;
• ხელს უწყობს ღირებულებების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების მიერ სასწავლო პროცესში ჩასართავად შერჩეული ციფრული ისტორიები უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს:
• მასალის ავთენტურობა – მიწოდება უნდა იყოს მშობლიურ ენაზე;
• მეტყველების შესაბამისობა ლიტერატურულ მოთხოვნებთან და ნორმებთან;
• რ უნდა იყოს ძალიან გრძელი;
• მოსწავლეთა პროდუქტიული აღქმისთვის ისტორიულ თემაზე საუბარი არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო შემთხვევაში 7 წუთს, მაგრამ, ზოგადად, 15-20 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
ციფრული ისტორიების ეს ამორჩეული თვისება – კომპატქურობა,
მრავალფეროვანი ვიზუალური საილუსტრაციო მასალა, მოვლენათა ქრონოლოგია, ნარატიული ფრაგმენტები და თხრობის სასიამოვნო ხმა – მნიშვნელოვანია ისტორიული ინფორმაციის აღქმისთვის და ეპოქის ჰოლისტური გაგებისთვის. მასწავლებელს შეუძლია მათი გამოყენება როგორც ახალი მასალის ახსნის დროს, ასევე დავალების გამოკითხვისას, განსაკუთრებით ისტორიის საგნის სწავლების პირველ წლებში, როდესაც მოსწავლეებს უჭირთ დიდი რაოდენობით ინფორმაციის მოსმენა ძველი
აღმოსავლეთის, ძველი საბერძნეთისა და რომის ისტორიის შესახებ (მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელის ხშირად იყენებს ილუსტრირებულ პრეზენტაციას). მაგალითად, სპარსეთის იმპერიაზე საუბრის დროს მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი შინაარსის ციფრული თხრობის ნიმუში:

 

, სადაც ვიდეო-ფრაგმენტის 10:53 წუთის განმავლობაში, მრავალფეროვან მასალაზე დაყრდნობით, მოკლედ და საინტერესოდ მოგვითხრობენ ძველი სპარსული კულტურის შესახებ, რომელიც სხვადასხვა კუთხით აქტიურად შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა: როგორც პროვოცირება აქემენიდური ხანის გაცნობისთვის, როგორც სასანიანთა განსხვავებულობის წარმოჩენის საუკუეთესო საშუალება, როგორც კავშირები ევროპულ და აღმოსავლურ კულტურებს შორის, როგორც პოლიტიკური ისტორიის მოწმეები და ა.შ.
რადგან ინტერნეტ-წყაროებზე (სახელმძღვანელოსთან ერთად) დაყრდნობა ხშირად არ არის საკმარისი სწავლის მიზნების მისაღწევად, მასწავლებელს თავადაც შეუძლია შექმნას ციფრული ისტორიები და მოსწავლეებიც ჩართოს ამ პროცესში. ამ გზით მოსწავლეები იძენენ როგორც ცოდნას, ასევე უნარებს. ციფრული მოთხრობის პროცესიდან მიღებული უნარები კი (სტუდიური სურათების და ვიდეო-კლიპების წერა, დამუშავება და თანმიმდევრობა, ფილმის ძირითადი მონტაჟი, ზეპირი თხრობა, ხმის ჩაწერა და პრეზენტაცია სოციალურ მედიაში) ადვილად გადაეცემა თანაკლასელებს და ცოდნის სწრაფად გადაზიარებას უწყობს ხელს (Gernes & Belanger, 2019).
ისტორიის გაკვეთილებზე ციფრული მოთხრობის გამოყენების ძირითადი მიზანია:
• ერთის მხრივ, შესაბამისი წერილობითი და ვიზუალური მასალის მოძიება და მეორე მხრივ, პირადი კავშირი ისტორიულ პერსონაჟთან ან მოვლენასთან (ლანსკი, 2022);
• ციფრული სიუჟეტი იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს, ჩართონ მოსწავლეები სხვადასხვა დისკუსიაში, რომელიც ხელს უწყობს ისტორიულ ანალიზს:
 რა არის ისტორიული სიმართლე?
 რა არის კონკრეტული ისტორიული მტკიცებულება?
 როგორია ობიექტური პოზიცია?
 როგორია მისი ისტორიული ტრადიცია?
ციფრული მოთხრობა რეალურად არის აპლიკაცია, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეზე ორიენტირებულ აქტივობებს, ქრონოლოგიურ აზროვნებას, კვლევას, დაკითხვას და ახალი ისტორიული ნარატივის შექმნას, რაც ისტორიული წიგნიერების მიზნებია.
შეიძლება ითქვას, რომ ციფრული „მოთხრობა“ იქმნება „ისტორიული აზროვნების უნარების“ ფარგლებში. ისტორიული აზროვნების უნარების მიზანი, რომელიც მოიცავს ქრონოლოგიურ აზროვნებას, ისტორიულ აღქმას, ისტორიულ ანალიზს და ინტერპრეტაციას, ისტორიული პრობლემის ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებას, და ისტორიულ კვლევაზე დაფუძნებული კვლევის უნარებს, საშუალებას აძლევს მოსწავლეს იყნენ „პატარა ისტორიკოსები“ და გამოიმუშავონ ისტორიკოსის უნარები.
მაინც როგორ უწყობს ხელს ციფრული თხრობა ისტორიის სწავლებას? რადგან ის მოიცავს:
ა) მტკიცებულებების ძიების პროცესს;
ბ) ციფრული სიუჟეტის შექმნის პროცესს;
გ) ზოგადი შეფასებას – რეფლექსიას.
რეფლექსიის ეტაპზე პასუხი გაეცემა კითხვებს:
• რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაიგეთ მასალის მოძიების პროცესში?
• რა წყაროები გამოიყენეთ?
• როგორია შენი დამოკიდებულება მოცემული საკითხის მიმართ?
• რაში გამოგადგა ციფრული ისტორიების თხრობა ისტორიის
გაკვეთილზე? რატომ მიგაჩნია ასე?
ციფრული სიუჟეტის წარდგენის პროგრამული პაკეტები, როგორიცაა Microsoft PowerPoint (პრეზენტაციის „Create a Video“ ფორმატში შენახვა), Prezi (დინამიკური პრეზენტაციების პლატფორმა ვიდეო-ფაილებად გადაკეთებისთვის), Adobe Express, Lumen5 (ტექსტზე დაფუძნებული ვიდეოების შექმნის მარტივი პროცესი), photo Story, Storyjumper, Moviemaker, Storybird, Powtoon, Animato, Kin KiNemaster საუკეთესოა იმ ალტერნატივებს შორის, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ციფრული ისტორიების შესაქმნელად.
მაგალითად, KineMaster ეფექტური საშუალებაა პროფესიონალური და მაღალხარისხიანი ვიდეოების შესაქმენლად. ეს აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე, არის მძლავრი ვიდეო რედაქტორი, რომელიც მოიცავს მრავალ ფუნქციას, რაც ძალიან გამოსადეგია ციფრული თხრობისთვის. მისი უპირატესობები ისაა, რომ:
1. შესაძლებელია რამდენიმე ვიდეო, აუდიო და ტექსტური ფენის გამოყენება ერთდროულად, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია სხვადასხვა მედია ელემენტების შერევა და მათი რედაქტირება ნარატივში, რაც ეხმარება მოსწავლეებს შექმნან რთული და დეტალური ისტორიები;
2. აქვს აუდიო და ვიდეო ეფექტები, რომლებიც გამოიყენება ნარატივის გასამარტივებლად ან დრამატული ეფექტების შესაქმნელად. მოსწავლეებს შეუძლიათ ადვილად დაამატონ ხმა, მუსიკა, სუბტიტრები და სხვა ეფექტები, რითაც ისტორიები უფრო ცოცხალი და მიმზიდველია;
3. მარტივი ინტერფეისი, მისი ათვისება სწრაფად ხდება და შესაფერისია როგორც დამწყები, ისე უფრო გამოცდილი მოსწავლეებისთვის;
4. მაღალი ხარისხის ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვანია, როდესაც საჭიროა ვიდეოს პრეზენტაცია ან მასწავლებელთან და თანაკლასელებთან გაზიარება;
5. KineMaster მხარს უჭერს სხვადასხვა მედია ფორმატებს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოიყენონ მრავალფეროვანი რესურსები, როგორიცაა ფოტოები, ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები და ტექსტი უფრო მოქნილი და კრეატიული ნარატივის შესაქმენლად;
6. მონაცემების სიჩქარის კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია ციფრულ თხრობებში.
მოსწავლის მიერ KineMaster -ით შექმნილი ციფრული თხრობის პროდუქტი მე-5 კლასის „ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსიდან, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობს (საზ.მეც.დაწყ. (II).3.

https://drive.google.com/file/d/119NYFDYM3J6sh_kzXbMwypFs5Fgo5aKY/view?usp=sharing

ისტორიის მასწავლებლის მიერ შექმნილი ციფრული თხრობის მარტივი ნიმუში: ისტორიის და,ზოგადად, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ისტორიის გაცნობა. ამ მიზნით შეგვიძლია ჩავწეროთ Microsoft PowerPoint -ის ხმოვანი პრეზენტაცია

https://docs.google.com/presentation/d/1N7bW70SQVzKNiFDC3VuFStoH0oBTfjDZ/edit?usp=drive_link&ouid=102707749211629059323&rtpof=true&sd=true

და შემდეგ სლაიდშოუს ექსპორტი მივცეთ, ან რომელიმე პლატფორმაზე ავტვირთოთ, მაგალითად, ამისთვის გამოვიყენოთ Powtoon:

https://www.powtoon.com/online-presentation/eRaeJfUajXM/?utm_medium=social-share&utm_campaign=player+page+share&utm_source=copy+link&utm_content=eRaeJfUajXM&utm_po=48637954&mode=movie

ამ დროს შეგვიძლია ვიდეოპრეზენტაციის ცალკეული სლაიდი კვლევითი კუთხითაც გამოვაყენებინოთ მოსწავლეებს თუ მას შესაბამის შეკითხვებს დავურთავთ, რითაც კიდევ უფრო საინტერესოს და „ციფრულს“ გავხდით ჩვენს გაკვეთილებს.
მულტიმედიური ტექნიკისა და ციფრული თხრობის ჩართულობით ისტორიის გაკვეთილები არის საინტერესო, სახალისო და ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ადამიანში ცოდნისა და პიროვნული უნარების ჩამოყალიბებას.

ერთხელ უწერაში

0

ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად ვატარებ უწერაში, სოფელში, სადაც ჩემი მასწავლებლური თავგადასავალი დაიწყო. ივლისის შუადღის ხვატს 13-14 წლის 5 გოგო ჩვენი სახლის შუშაბანდში აფარებდა თავს. მოიმზადებდნენ ცივ ყავას, ფერად საწრუპებს ჭიქებში მოათავსებდნენ, მიუსხდებოდნენ მაგიდას, ჩარგავდნენ თავს მობილურ ტელეფონებში და გაირინდებოდნენ. სახეები ნელ-ნელა უემოციო უხდებოდათ და ერთმანეთთან არც კი საუბრობდნენ. მათ შემყურეს მასწავლებლური ძალების გამოხმობის სურვილი გამიჩნდა. ერთ ასეთ შუადღეს ვკითხე, დაესახელებინათ სამი საყვარელი დავალება ქართულის გაკვეთილებიდან. ნელ-ნელა ალაპარაკდნენ. საუბარმა ჩემს მეშვიდეკლასელ მოსწავლეებთან ერთად დადგმულ სპექტაკლამდე მიგვიყვანა. სოფელში წამოღებული მაქვს ჩემი მოსწავლეების საშინაო დავალების რვეულები და სპექტაკლის შემდგომ შევსებული გამოხმაურების ბარათები. გამოვიტანე და დავათვალიერებინე. გოგოებმა სავარძელზე გადაინაცვლეს, საკუთარი ტელეფონები მიივიწყეს და ჩემი მობილური ტელეფონისკენ გადაიტანეს ყურადღება – მეშვიდეკლასელების სპექტაკლის (სახელად „ლიტერატურული მოტივები“) ჩანაწერს დიდი გულისხმიერებით უყურეს. ივლისის ცხელ შუადღეს ისხდნენ რაჭის ულამაზესი სოფლის სახლის შუშაბანდში ბავშვები ქუთაისიდან, რუსთავიდან, თბილისიდან და უყურებდნენ 59-ე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაცოცხლებულ ხოგაის მინდის, აბესალომსა და ეთერს, ჯარჯის, თავფარავნელ ჭაბუკს, ჩარლზ ჩაპლინს, ტომ სოიერს, ვაჟა ფშაველას ქუჩის, მთის წყაროს, ფესვებს… დროდადრო მე მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.

შემდეგ მეშვიდეკლასელმა ქრისტიმ გვითხრა, რომ რუსთავში თეატრალურ გუნდში დადიოდა და მაჩვენა სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით დადგმული შემაჯამებელი წარმოდგენა. სცენაზე ნამდვილი მსახიობებივით თამაშობდნენ მოზარდები, ქრისტის თანაგუნდელები. 13 წლის გოგომ რჩევებიც გამიზიარა და საუბრის ბოლოს ბრწყინვალე იდეაც დამებადა – ჩვენც ხომ არ დაგვედგა სპექტაკლი-მეთქი, გავაჟღერე. გოგოები სიხარულით ამყვნენ. იქვე შევთანხმდით სცენარზე – რადგან ყველას ჰქონდა შესწავლილი სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“, ამიტომ სცენარის ერთ-ერთი ნაწილი ის იქნებოდა, რამდენიმე ეტიუდის სცენარის დაწერა კი თეკლამ ითავა. ეტიუდის თემაც მარტივად შეარჩიეს – ჩაგვრა უკვე მოგვბეზრდაო და ნაადრევ ქორწინებაზე შეთანხმდნენ, მეორე ეტიუდის თემა კი მე შევთავაზე. როგორც წესი, ბავშვებში ხშირია არასასურველი გავლენები, გარიყვა და ჭორაობა, ამიტომ ეს თემაც მოიწონეს. აქვე მომაფიქრდა, რომ ჭორაობის შესახებ ეტიუდს მივაბამდით ფრაზეოლოგიზმებს ენაზე და პანტომიმით გავაცოცხლებდით. შემდეგ გამახსენდა, რომ მართა სიმღერაზე დადიოდა, სოფელში ჩამოტანილი ჰქონდა გიტარა და გადავწყვიტეთ, სპექტაკლის რომელიმე ნაწილში მართა იმღერებდა. საყვარელ საქმიანობაზე საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ელენე ხატავდა. სასწრაფოდ ჩამოტვირთა თავისი ნახატები და დაგვათვალიერებინა, კატო კი დაგვპირდა, რომ ქართული ცეკვაზე სიარულის რამდენიმეწლიან გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებდა სპექტაკლის დადგმისას.

სათაურიც მარტივად შევარჩიეთ – სპექტაკლს „ერთხელ უწერაში“ დავარქვით, ხოლო სპექტაკლის გამართვის ადგილზე რომ დავფიქრდით, მაშინვე უწერის საჯარო სკოლა გამახსენდა. წარმოიდგინეთ, რა საოცარია მოზარდებთან ურთიერთობა, ცივი ყავის ჭიქებიან მაგიდას მოწყვეტილ ბავშვებთან საუბრის წამოწყებამ უწერის სკოლის სააქტო დარბაზამდე და სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ნაილისთან, შეთანხმების აუცილებლობამდე მიმიყვანა.

ნაილი მასწავლებელი

არასდროს მომბეზრდება მადლიერების გამოხატვა უწერის სკოლის დირექტორისადმი. ნაილი მასწავლებელი 10 წლის წინ გავიცანი და ყველა ჩემი იდეის ზურგის ქარად იქცა. უწერის სკოლაში სწორედ მისი დახმარებითა და თანადგომით დავაარსე თანამედროვე მედიათეკის მსგავსი სივრცე, რომელსაც ბავშვებმა „ჯადოსნური სამყაროს ოთახი“ შეარქვეს. ამ ოთახში დღესაც თავისუფლების, წიგნების, ხის სურნელი ტრიალებს, რაც ნაილი მასწავლებლისა და სკოლის კოლექტივის დამსახურებაა. ნაილი მასწავლებელი, მაღალწნევიანი მეუღლისა და სოფლის საქმეების მიუხედავად, ჩვენს ყველა ღონისძიებას ესწრებოდა: ჩრდილების თეატრი, სპექტაკლები, ლიტერატურული კაფეები, ინტეგრირებული გაკვეთილები – მისი მუდმივი თანადგომითა და ხელშეწყობით ტარდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ საზაფხულო თეატრალური წარმოდგენის იდეის გამხელას ჩვეული ხალისით შეხვდებოდა. ასეც მოხდა. ის კი არა, იმდენად გაუხარდა, რესურსცენტრში დირექტორების შეხვედრისას გააჟღერა, რომ უბნის ბავშვებთან ერთად სპექტაკლს ვდგამდი. ამგვარი განწყობა საქმის კეთებისას ფრთების გამომბმელია. შინაგანი ძალების გამოცოცხლებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო მეტი მონდომებით ცდილობ საყვარელ ადამიანის მოლოდინის გამართლებასა და გახარებას.

რეპეტიციები

„ერთხელ უწერაში“ წარმოუდგენლად მცირე დროში დავდგით, რადგან გუნდის ერთ-ერთი წევრი, ქრისტი, სოფელს 28 ივლისს ტოვებდა. სხვა გზა არ გვქონდა, წარმოდგენა 27 ივლისს უნდა გაგვემართა. პარალელურად, საზაფხულო პროგრამის „წავუკითხოთ ერთმანეთს“ დილა-საღამოს ჯგუფებთან ვმუშაობდი და ოთხ შვილზე ვზრუნავდი. თეკლამ პირველი ეტიუდის სცენარი მალევე დაწერა და იმავე საღამოს ჩვენს ეზოში შეკრებილმა გოგოებმა მინი-სპექტაკლი დამოუკიდებლად დადგეს. როცა საყურებლად მიმიწვიეს, აღფრთოვანებული დავრჩი მათი გუნდურობითა და შემოქმედებითი უნარებით. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სპექტაკლზე მუშაობის პროცესი უსაზღვროდ სახალისო და საინტერესოა. ვუყურებდი როლში შეჭრილ ბავშვებს, რომლებიც დაბინდებისას ვეებერთელა კაკლის ხის ძირას მთელი არსებით თამაშობდნენ და ვფიქრობდი, როგორი ჯადოსნური პროფესია გვაქვს მასწავლებლებს. ჩვენ მხოლოდ სული უნდა შევუბეროთ მათ დაფარულ შესაძლებლობებს და მყისვე ვხედავთ შედეგს.

ნაადრევ ქორწინებაზე დადგმულ ეტიუდს „ვეფხისტყაოსანი“ მოჰყვა. დავაძინებდი ჩემი სამი თვის ბიჭს და გოგოებთან მივქროდი კაკალასთან, ე.წ, სოფლის „ბირჟაზე“. ჩავრთავდით მუსიკას, ხელში წიგნი გვეჭირა და როლებს ვანაწილებდით. „საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულნაკლულად“ – მუსიკის ფონზე მკაფიოდ და ნელა ამბობდნენ თითოეულ სიტყვას, მე ვიდეოს ვუღებდი და უეცრად აღვიქვი, რომ ჩვენს „სცენას“ ბუნებრივ განათებად ამშვენებდა სოფლის ორღობეში ჩამოწოლილი ნისლი, ევგენი ბაბუას ჭიშკართან აღმართული ლამპიონის ნათება და სიბნელე – ყველაფერი ისე იყო, როგორც თეატრში ხდება ხოლმე. სახლიდან გამოტანილ სკამზე იჯდა მართა-თინათინი და გარინდებული ისმენდა როსტევანის, სოგრატისა და ავთანდილის საუბარს. გარკვეული ფორმა რომ მიიღო ჩვენმა წარმოდგენამ, დაუტეველმა სიხარულმა მოგვიცვა და სიცილი აგვიტყდა. ერთმანეთს ვემშვიდობებოდით ღამის პირველ საათზე, ქრისტიმ რომ შემაჩერა: ლელა, შენ ხარ გაზრდილი ენიო, მითხრა და თვალები ცრემლებით ამევსო. მერე ჩამოვსხედით გრძელ სკამზე და ბევრი ვისაუბრეთ ენიზე, მარილაზე, მეთიუზე და წიგნის სხვა პერსონაჟებზე, რომლებიც ქრისტის გულში დიდი ადგილი დაეკავებინა. ენის მეორე ნაწილი სამშობიაროში მქონდა წაღებული და ჩემი მეოთხე შვილი რომ დაიბადა, კითხვა იქ დავასრულე, მესამე ნაწილიც იქვე დავიწყე. ახლა კი ჩემი სამი თვის ბიჭს მშვიდად ეძინა და 13 წლის ქრისტისთან ენის შესახებ ვსაუბრობდი.

სულ რამდენიმეჯერ შევიკრიბეთ. მეორე ეტიუდის სცენარიც დაწერა თეკლამ და გადავწყვიტეთ, სპექტაკლის წარმოდგენის დღესვე დაგვედგა. ვფიქრობ, სწორედ რეპეტიციების გონივრული წარმართვა არის უმნიშვნელოვანესი სპექტაკლის დადგმის პროცესში. რეპეტიციებისას შეიძლება, გეგონოს, არაფერი გამოდის, მაგრამ ამ ფიქრს არ უნდა აჰყვე, პირიქით, რეპეტიციების მაგიური ძალა ის არის, რომ ბავშვებიც დაარწმუნო, თუ როგორ შეიძლება მარტივად გადაჭრა დევის მოკვეთილი თავებივით გაცოცხლებული პრობლემები, რომ ერთმანეთის იდეებისადმი მიმღებლები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რჩევები. პროცესის ფასილიტატორებმა უაღრესად ფაქიზი დამოკიდებულება უნდა გამოვამჟღავნოთ, როცა ბედავენ და თამაშობენ. მუდმივ წახალისებასა და შექებას თავდაჯერებულობა მოაქვს და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობებიც მათ ქცევაზეც აისახება.

სპექტაკლამდე

სპექტაკლის შესახებ აფიშები გოგოებმა წინა ღამით დაწერეს და გააკრეს „კაკალასთან“, სადაც მთელი სოფელი იყრის თავს. სოციალურ ქსელში სპექტაკლის შესახებ მხოლოდ 27 ივლისის დილას დავწერე, რადგან მანამდე დაზუსტებით არ ვიცოდით, რამდენად მივიყვანდით ბოლომდე ჩანაფიქრს.

წინასამზადისის ფუსფუსი არანაკლებ საინტერესო იყო – გვიან ღამემდე ჩვენი სახლის შუშაბანდში სინათლე ენთო. რადგან დილიდან სკოლაში ვაპირებდით ყოფნას, ბავშვებმა გადაინაწილეს თან წასაღები საჭმლის ნუსხა. თინათინის გვირგვინს ვჭრიდი და პარალელურად მაჭკატებს ვაცხობდი. დროის სიმცირის გამო რეკვიზიტები მწირი გვქონდა. როსტევანის სამეფო კარისთვის საჭირო მოსასხამებიც ძლივს ვიშოვეთ, ძირითადად, ძველი ფარდები და თხელი ფარდაგები, თინათინის სალაროსთვის კი ჩემი 5 წლის გოგოს კოლოფი წავიღეთ და საახალწლო „წვიმები“ წვრილად დავჭერით. საგულდაგულოდ შეარჩიეს თითოეული ეტიუდისთვის საჭირო ტანსაცმელიც. ქრისტის რამდენიმე დღით ადრე ციალა ბებომ აჩუქა რეტროს სტილის კუბოკრული კაბა, რომელიც სპექტაკლის სიმბოლოდ იქცა. 27 ივლისს, დილის 10 საათზე, თავი მოვუყარეთ საჭირო ნივთებს და ბავშვის ეტლითურთ სკოლისკენ გავწიეთ. მანქანაში საჭესთან თინათინის გვირგვინი დავაბრძანეთ და მაგიური განწყობა შექმნა იმის აღმოჩენამ, როგორ „მიგვიძღოდა“ თეთრი თაბახის ფურცლისგან გამოჭრილი გვირგვინი უწერის სკოლისკენ.

მაშ ასე, სპექტაკლამდე 9 საათი იყო დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში სკოლის დირექტორის, ნაილი მასწავლებლის, დახმარებით მოვაწესრიგეთ სააქტო დარბაზი, გავმართეთ ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, გავიარეთ რეპეტიცია და ვითამაშეთ ორი ეტიუდი. თან მყავდა ჩემი სამი თვის ბიჭი, რომელსაც დიდი ძალისხმევა და ყურადღება სჭირდებოდა. ცოტა ხნით გოგოების დატოვება მომიხდა და უკან დაბრუნებულს კიდევ ერთი ეტიუდის დადგმა მოესწროთ. შემდეგ ფრაზეოლოგიზმების დრო დადგა. იქვე გამოვიგონეთ პანტომიმის მოძრაობები და სულ 5 ფრაზეოლოგიზმი შევარჩიეთ. პინა ბაუშის მუსიკასთან ერთად ვცეკვავდით და დროდადრო ვიძახდით – ენა ზურგზე გადაიგდო, ენა წინ წაიგდო, ენამ უყივლა, ენას ილესავს, ენას კბილი დააჭირა. ვიდეოს კატო გვიღებდა. მისი შეძახილები გვამხნევებდა. ამ დროს მითხრა, ლელა, არ გინდა, შენც მიიღო მონაწილეობა ამ პანტომიმის ცეკვისასო. კატოს იდეა დანარჩენებმაც აიტაცეს. ცხოვრებაში არასდროს მიმიღია სპექტაკლში მონაწილეობა. უარის თქმა შემრცხვა, რადგან თავად ვუბიძგებდი სითამამისა და თავდაჯერებულობისკენ. ამიტომ დავთანხმდი და ეს დღე ამითაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის – მე, მასწავლებელმა, მონაწილეობა მივიღე სპექტაკლში და სცენაზე თამაში გავბედე. ახლა ზუსტად ვიცი, რას განიცდიან ბავშვები აუდიტორიის წინაშე თამაშისას და როგორი განსაკუთრებული ემოციები მოაქვს გუნდთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას. გვიან ღამით ჩემი ბავშვობის მეგობარმა ამერიკიდან მომწერა, შენს ცეკვას ვუყურე და ძალიან მომეწონაო. 10 წლის ასაკში მეგისთან ერთად მთელი ხმით გავკიოდი იმ დროის პოპულარულ სიმღერებს და ქეთის სახლში ცეკვას ვდგამდი. ახლა, 30 წლის შემდეგ, ისევ ბავშვობაში დავბრუნდი. მასწავლებლობის ერთ-ერთი უდიდესი სიხარული და საჩუქარი სწორედ ის არის, საკუთარ თავში ბავშვად ყოფნის მუდმივ შესაძლებლობას რომ გჩუქნის.

სპექტაკლის წარმოდგენის დრო ახლოვდებოდა. ნერსეს ხან ნაილი მასწავლებლის ოთახში ეძინა, ხან – ჯადოსნურ ოთახში. თანამედროვე მედიათეკის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში, რომელიც ექვსი წლის წინ დამიწერია. თითქმის 10 წელი გავიდა უწერის სკოლაში მუშაობის დაწყებიდან და დროში ასახულმა ცვლილებებმა სევდით ამავსო. სააქტო დარბაზის ფანჯარაზე ისევ ეხატა ჩვენი სპექტაკლის „ქუდის მდევნელთა უცნაური ტომის“ ამსახველი ნახატი. გაცრეცილი ფერებისა და წარწერის მიღმა ჩანდა სკოლის წითელი ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები სკოლამდე მოჰყავდა. გული მეწურებოდა იმის გახსენებისას, რამდენჯერ მიმგზავრია ონში, ჯინჭვისსა თუ ღებში უწერის სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად. ახლა კი მისი მძღოლი, ენერგიული, მხიარული ადამიანი, იაშა, ცოცხალი აღარ არის, უშუშოფანჯრებიანი წითელი ავტობუსი კი სკოლის კედლებთან დგას, თითქოს იმის სიმბოლოდ, რომ სიცოცხლე დაყოფილია დროის გარკვეულ მონაკვეთებად. სწორედ ასეთი ამბების გახსენებისას ამ სამყაროშივე ერთიანდება დრო და ყოფნა – არყოფნის სიმბოლოდ გვევლინება. წითელი ავტობუსი მაფიქრებს იმაზე, რომ სკოლა დროის სამივე ასპექტს – იყო, არის და იქნება – აერთიანებს.

ჯადოსნურ ოთახში ისევ ძველი სურნელი იდგა. შესვენებისას რამდენიმე ვიდეო ჩავწერე, სადაც ვყვები უწერის სკოლის მოსწავლეების მიერ გატანილი და დაბრუნებული წიგნების ამსახველ დღიურზე, ჩემთვის შვიდი წლის წინ მოწერილ მარიამის წერილზე, რომელიც სწორედ იმ დღეს შთაბეჭდილებების კოლოფში ვიპოვე, ნაილი მასწავლებლის გამორჩეულ თანადგომაზე.

სააქტო დარბაზში გოგოები მაკიაჟს იკეთებდნენ, ტანსაცმელს აწესრიგებდნენ და პირველი სტუმრების გამოჩენისთანავე ანერვიულდნენ.

სტუმრები

ვაიმე, მელიტონიც მოვიდაო, კულისებში შესძახა მართამ, მელიტონ ბიძიას ძმისშვილიშვილმა და შფოთვა მოემატა. მე რომ უწერის სკოლაში ვმუშაობდი, მელიტონ ბიძია სოფლის გამგებელი იყო და ჩვენი სპექტაკლებისა და ლიტერატურული კაფეების ხშირი სტუმარი იყო. მოვიდოდა და მოგვიტანდა სოფლის პატარა მაღაზიაში ნაყიდ ლიქიორსა და შოკოლადს. ახლაც მისი სახლის აივანზე ვზივარ და ამ სტატიას ვწერ. მელიტონ ბიძია ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიას შორის, ვინც უწერიდან ყოველდღე დადიოდა ონში და ხშირად დამიბარებია ლიტერატურული კაფესთვის საჭირო პროდუქტი. მოყინულ გზაზე ამოივლიდა მისი მანქანა და მოჰქონდა ვანილი, ლიმონათი თუ ხელსახოცები. გული მადლიერებით მევსება იმის წარმოდგენისას, როგორი დიდი გულისხმიერებით ყიდულობდა ყველაფერს, რასაც ვთხოვდი.

ოჯახის წევრების გარდა, დანამდვილებით არ ვიცოდით, კიდევ ვინ გვესტუმრებოდა. სკოლისკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მეუღლემ შემხვედრი ადამიანები მოიპატიჟა. სპექტაკლის დაწყებამდე გოგოებს ვუთხარი, მთელი გულით ხომ ველოდები ნაცნობებს და ყოველთვის მოდიან ის ადამიანებიც, ვისაც არ ველი-მეთქი. სპექტაკლი „ერთხელ უწერაშიც“ არ აღმოჩნდა გამონაკლისი. რამდენიმე წუთით ადრე კი სკოლის სააქტო დარბაზში ჩემი მეგობარი იაკო თავის სამ შვილთან და დედასთან ერთად შემოვიდა. ია ყველა ჩემი აქტივობის დიდი გულშემატკივარია, მაგალითად, წიგნის დღეებზე მე და ჩემი მეხუთეკლასელები მაფინებს რომ ვყიდდით საკლასო ოთახის ხელნაკეთი თაროების დასამზადებლად, იმ დღესაც გვესტუმრა ოჯახთან ერთად და სოფელ პიპილეთის ბიბლიოთეკისთვის შეგროვებული თანხა გვიწილადა. იას გოგოებს სოციალურ ქსელში უნახავთ სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია და როგორც კი გაუჟღერებიათ, ციური დეიდას, იას დედას, ჩაუსხამს მანქანაში შვილიშვილები და უწერაში წამოუყვანია. მალე პატარა დარბაზში ტევა აღარ იყო. ჩემი ხუთი გოგო აღელდა, ხელები აუკანკალდათ ნერვიულობისგან და სწორედ ამ დროს ოთახში ანი შემოცქრიალდა. ანი ერთ-ერთი მირამისელია, უწერის სკოლა ორი წლის წინ დაამთავრა და ახლა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. კიდევ ერთხელ გადავინაცვლეთ მე და ანიმ ჩვენს დღესასწაულებში – იმ დღეებში, როცა პატარა ოთახში უწერის სკოლის ყველა მოსწავლეს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარსადგენად თავი მოეყარა და სუნთქვა ჭირდა ან იმ დღეს, როცა გოდერძი ჩოხელის მოთხრობები გავაცოცხლეთ და მეათეკლასელი პაატა ფანჯარასთან ცხენით მოგვადგა. ანიმ გოგოებს უთხრა, მთავარია, პროცესით ისიამოვნოთ, ახლა გგონიათ, არაფერი გახსოვთ და როგორც კი სცენაზე პირველი წუთი ჩაივლის, მაშინვე გათავისუფლდებითო. ანიმ იტვირთა სპექტაკლისთვის ვიდეოს გადაღება და თავისი იქ ყოფნით სიმშვიდე მოჰქონდა.

აქვე უნდა აღვნიშნო, როგორი გადამდებია ერთობლივი ქმედება სპექტაკლისთვის, რადგან ქრისტის 8 წლის ძმა და თეკლას 5 წლის და თან გვახლდნენ. მათაც გაუჩნდათ მონაწილეობის მიღების სურვილი და მყისვე გამოუძებნეს როლები – კაკიმ და ლილემ კატოს და-ძმის როლი მოირგეს. მალ-მალე მომადგებოდა ლილე და ჩამჩურჩულებდა, ნაადრევ ქორწინებაში როდის უნდა ვითამაშოო.

მთელი დღე გაბმულად წვიმდა. 7 საათისთვის დარბაზში უკვე ჩამობნელდა. ერთადერთ განათებად გამოვიყენეთ შინიდან წაღებული ელექტროციმციმა, რომლის ფერადი ათინათი დარბაზის კედლებზე ირეკლებოდა და განსაკუთრებულ ელფერს სძენდა სცენას. ფერადი განათება თითქოს ამ სპექტაკლის სიმბოლოდაც იქცა – ჩვენ ჯერ საკუთარი თავი დავარწმუნეთ და შემდეგ კი იქ მყოფი ადამიანები იმაში, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურობას გამოსტაცო ყველა სიკეთე და როგორ შეიძლება ააელვარო ადამიანები სიხარულით.

სპექტაკლის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ სტუმრად მოსულა კამილა, რომელიც უწერაში ისვენებდა და ერთ შუადღეს, სეირნობისას, ჩვენს სახლში გვესტუმრა. როგორც გავიგე საუბრისას, კამილა ფრანგული ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ბევრი ვისაუბრეთ მე და კამილამ. მოვუყევი, როგორ ვესტუმრე ეროვნული ბიბლიოთეკის ფრანგულ მედიათეკას და რომ იქ ნანახი გარემო გახდა უწერის სკოლის ჯადოსნური ოთახის დაარსების ინსპირაცია. სპექტაკლის დღეს, სკოლისკენ რომ მივდიოდით, კამილა შეგვხვდა და ბავშვებმა დაპატიჟეს. დილას კამილასგან წერილი მივიღე: „It was a pleasure for me to attend your performance. To see the performance itself, but also to see how big an impact it had on every single person in the audience, with stars shining in their eyes. They are lucky to have you! Congratulations!” (ამონარიდს წერილიდან კამილას ნებართვით ვურთავ სტატიას).

ელენემ, კატომ, ქრისტიმ, მართამ და თეკლამ შესანიშნავად გაართვეს თავი აუდიტორიის წინაშე თამაშს. ამ სტატიით მინდა საჯარო მადლობა შევუთვალო ჩემთვის უცნობ მასწავლებელს, რომელიც ქრისტის და მის მეგობრებს ქალაქ რუსთავში თეატრს აყვარებს და ასწავლის, რადგან სწორედ ქრისტი იყო ჩვენი სპექტაკლის მამოძრავებელი ელემენტი. 13 წლის გოგოს გულანთებულობა და ცოდნა ჩვენც გადმოგვედო და წაგვახალისა.

კამილამ მომწერა, თითოეული სტუმრის თვალებში ვარსკვლავები ენთოო და ერთ-ერთი მომენტი სპექტაკლიდან სამუდამოდ აირეკლა ჩემში, როგორც სინერგიის სიმბოლო – სპექტაკლის ბოლოს მართა გიტარაზე უკრავდა, მღეროდა სიმღერას „თეთრ კლავიშებს“ და ნელ-ნელა მთელი დარბაზი აჰყვა. ახლაც ამეტირა გახსენებისას, როგორი სინაზე, სიკეთე და მშვენიერება დალივლივებდა დარბაზში და სცენიდან წამოსული მუხტი დარბაზში მყოფთა განცდებს აელვარებდა. მღეროდა მართა და მღეროდა მთელი დარბაზი – იკუნას დედა, კატოს ბებია, ბავშვები და კიდევ სხვები. ვიდექი ხმის გამაძლიერებელთან, ვუყურებდი ამ ჯადოსნურ პროცესს და ვტკბებოდი იმის გააზრებისას, რომ მე და ჩემმა პატარა მეგობრებმა მცირე დროში ჩვენი სახლის შუშაბანდში დაბადებული იდეის გაცოცხლება და ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება შევძელით.

სპექტაკლის ბოლოს სრულად ჩამობნელდა, წვიმამ იმატა. ძლივს ვხედავდით ერთმანეთს. კატოს ბებიამ, ნანამ, ემოციური სიტყვები გვითხრა. მან გაიხსენა, რომ დარბაზში მყოფი რამდენიმე მათგანი – მელიტონი, ნანა (ლივლივა), ნათია (ფაცო)… – ნაილი მასწავლებლის მოსწავლეები იყვნენ და მათაც დაუდგამთ სპექტაკლი, რომელშიც გიორგი და პაატა სააკაძის როლებს თამაშობდნენ. ნანა თბილისში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და სპექტაკლის ერთად გამართვა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, სპექტაკლი „ერთხელ უწერაში“ ამითაც იყო გამორჩეული, რომ უწერის სკოლის ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც ახლა უკვე ბებიები და ბაბუები არიან, დროში ამოგზაურა.

მელიტონ ბიძიამ ჩვეულად გვიმასპინძლა და შამპანური მოგვართვა. აღარ გვინდოდა ერთმანეთთან დაშორება. ბედნიერი, დამღლელი, დაუვიწყარი 9 საათის შემდეგ თავსხმა წვიმაში ბარგი-ბარხანიანად შინ დავბრუნდით და თან უზარმაზარი სიხარული გამოვიყოლეთ.

შეჯამება

ის, რასაც გულს ვუძღვნით, დროს ვუთმობთ, წარმოუდგენლად ვრცელდება დროსა და სივრცეში. იანვარში თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მეოთხე სართულზე ჩემს მეშვიდეკლასელებთან ერთად სპექტაკლისთვის ორკვირიანმა შრომამ უწერაში ჩამოაღწია, ხუთ გოგოს ქმედებისკენ უბიძგა და მათი ერთი ზაფხული დაუვიწყარი გახადა. მე მჯერა ბავშვების კოსმოსური ენერგიისა და შესაძლებლობების, მათგან გამუდმებით ვსწავლობ. დარწმუნებული ვარ, სპექტაკლი „ერთხელ უწერაში“ კიდევ ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწევს და ჯადოსნური თავგადასავლების ჯაჭვს უამრავ რგოლს შემატებს.

გამოხმაურების ბარათები

ნებისმიერი აქტივობის შემდეგ დროს ყველაზე უკეთ გამოხმაურების (გასასვლელი ბილეთები) ბარათები ინახავს. ამჯერადაც ელენეს, კატოს, ქრისტის, მართას და თეკლას ვთხოვე შეევსოთ ბარათები, რომლის ქარგა ამგვარი იყო:

  1. სპექტაკლის მზადებისა და წარმოდგენის პროცესიდან გაიხსენე 10 რამ, რაც არასდროს დაგავიწყდება.
  2. სპექტაკლის დღიდან მომიყევი ერთი ამბავი, რომელიც მე ვერ შევნიშნე.
  3. რატომ დაარქვით სპექტაკლს „ერთხელ უწერაში“?
  4. სპექტაკლის რომელი ნაწილი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?
  5. რა რჩევებს მომცემდი?
  6. შენი აზრით, რა დადებითი მხარეები აქვს სპექტაკლს მოზარდის ცხოვრებაში?
  7. რას გრძნობდი სპექტაკლს წარმოდგენისას?
  8. როგორი განცდა დაგეუფლა სპექტაკლის შემდეგ: რა გეწყინა? რა გიხაროდა?
  9. რას ეტყოდი შენს მეგობრებს?
  10. რას მეტყოდი მე?

ბავშვების შთაბეჭდილებების კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს და სწორედ მათი უკუკავშირი ახალი ძალებით მავსებს. გიზიარებთ ამონარიდებს სპექტაკლში მონაწილე ხუთი გოგოს ბარათებიდან:

 

1.როგორ დაგვადგმევინა მართამ ცეკვა; როგორ მეხმარებოდა თეკლა კაბის გახდაში; ჭორაობასა და გარიყვაზე ყველამ ერთად რომ დავდგით სპექტაკლი; ლილე და კაკი გულებს რომ გვიჩვენებდნენ სიმღერის დროს; ელენე ტანსაცმლის ყოველი გამოცვლის დროს ლექსებს რომ იმეორებდა ძალიან სწრაფად; ანი რომ გვაწყნარებდა და გვამხნევებდა; ანის ვუთხარი, ჩემს ძმას რომ შევხედავ, გამეცინება-მეთქი და ანი კი ზუსტად ჩემი ძმის წინ დაჯდა; შესვენებისას სპორტდარბაზში ფრენბურთს რომ ვთამაშობდით; მართას თმას რომ ვუსწორებდი; ყველას რომ „მაკიაჟს“ ვუკეთებდი“, – კატო ცაგარელი, 13 წლის.

 

  1. „გარიყვა და ჭორაობიდან“ მომეწონა ყველა ერთად რომ ვმღეროდით. ალბათ, იმიტომ, რომ სასიამოვნოა შენს მეგობრებთან, ბიძაშვილებთან ერთად სიმღერა“, – მართა მეტრეველი, 14 წლის.

 

  1. „გასწავლის გუნდურობას, ერთიანობას, ფიქრს, მსჯელობას. ვითარდები. შენს თავს უკეთ გამოხატავ, როდესაც სცენაზე დგახარ და თამაშობ, თითქოს შენს სულს ათავისუფლებ და რწმუნდები, რომ რასაც მოინდომებ, შეძლებ. თვითშეფასება გიმაღლდება“, – თეკლა, 14 წლის.

 

  1. „უბედნიერესი ვიყავი იმით, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და ხალხს მოეწონა ის, რაც ჩვენ წარვუდგინეთ მათ“. – ელენე მინდიაშვილი, 15 წლის.

 

  1. „არ გაჩერდე! უფრო მეტი სპექტაკლი დადგი, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიყვანო ამ იდუმალ და ფერად სამყაროში!“, – ქრისტი კაკიაშვილი, 13 წლის.

 

როგორ მოქმედებს ბავშვზე მშობლის შიშები

0

რამდენიმე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას ნებისმიერი მშობლისთვის საყურადღებო და საინტერესო სცენის უნებლიე მოწმე გავხდი. ჩემ წინ მჯდომი ახალგაზრდა ქალბატონი მხიარულად ესაუბრებოდა თავის პატარა ბიჭუნას და ართობდა, რომ მისთვის მოსაწყენი არ ყოფილიყო ავტობუსით მგზავრობა. უეცრად ქალბატონი შეშინებული წამოხტა ადგილიდან, ბავშვი ხელში აიტაცა და ფანჯრის მინაზე „გაკრულ“ მწერზე მიგვანიშნა – „ბზიკი, ბზიკი, აქ ვერ ვიჯდები, მირჩევნია ფეხზე ვიდგე“. ცოტა მოცილებით მჯდომი მამაკაცი წამოდგა და შეშინებულ, პანიკაში ჩავარდნილ ქალბატონს ადგილი დაუთმო. იმ იმედით, რომ თავს დააღწევდა მისთვის საშიშ მწერს და უსაფრთხოდ იქნებოდა. ქალი მამაკაცის შეთავაზებას დათანხმდა, დაჯდა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. იმის გამო, რომ მძღოლს კონდიციონერი ჰქონდა ჩართული, ყველა ფანჯარა დაკეტილი იყო. დახურულ სივრცეში მოხვედრილი მწერი კი აქეთ-იქით აწყდებოდა და გასასვლელს ეძებდა. უცებ ის იმ ადგილისკენ გაფრინდა, სადაც შეშინებული ქალბატონი იჯდა. მის დანახვაზე ქალი წამოხტა, შეშინებული და ატირებული ბავშვი ხელში აიტაცა და მძღოლს დაუყვირა, რომ ავტობუსი გაეჩერებინა. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, რომელიც ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მგზავრებს შორის, უეცრად ავტობუსი დაამუხრუჭა და კარი გააღო. შეშინებული ქალბატონი ატირებულ ბავშვთან ერთად სწრაფად ჩავიდა ავტობუსიდან. ვფიქრობ, ადვილი არ იქნებოდა მისთვის შეშინებული და ატირებული ბავშვის დამშვიდება. მომავალში კი აღნიშნული მწერის დანახვაზე, დიდი ალბათობით, ბავშვს ისეთივე რეაქციები ექნება, როგორიც ჰქონდა დედას, რომელიც ყველა ბავშვისთვის უსაფრთხოების გარანტი და ყველაზე საიმედო ადამიანია.

შიში ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა. ჩვენი შიშების კონტროლი ნამდვილად არ არის ადვილი. ისინი იპყრობენ ჩვენს აზრებს, იმორჩილებენ ჩვენს ნებელობას, და მუდმივად რაღაც არასასიამოვნოსა და სახიფათოს მოლოდინში გვამყოფებენ. თანამედროვე საზოგადოებაში თავდაჯერებულ, მიზანდასახულ, მიზანსწრაფულ ადამიანად ითვლება ის, ვინც ყველაზე ნაკლებად ემორჩილება შიშებს და არ აძლევს მათ უფლებას მართონ მისი ქმედებები.

შიშთან გამკლავების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლების წინაშე, რომლებსაც სურთ ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა. ბავშვის აღზრდის პროცესი დაკავშირებულია მუდმივ სტრესთან, შფოთვასთან და, რაც მთავარია, ყველა ჩვენი შიში დაუყოვნებლივ გადაეცემა ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვს, თანაც ისე, რომ ჩვენ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, ჩვენი შიშით როგორ გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ ბავშვის მყიფე ფსიქიკას.

ბავშვებში შიშის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს და ამ მიზეზთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მშობლების გადაჭარბებული შფოთვა. ბუნებრივია, რომ ჩვენ, უფროსებსაც შეიძლება უამრავი რამის შიში გვქონდეს და ეს შიშები გადაეცემა ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვსაც. ვფიქრობ, სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ შფოთიანი მშობლები ზრდიან შფოთიან ბავშვებს მრავალრიცხოვანი ფობიებითა და შიშებით. ამაში არაფერი უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ბავშვები აკოპირებენ უფროსების ქცევას და თუ დედას ეშინია ძაღლების, თავისუფლად შეიძლება, რომ ბავშვსაც იგივე შიში ჰქონდეს. მშობლების ფსიქოემოციური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვებზე. თუ ისინი იტანჯებიან მომატებული შფოთიანობით, დიდი ალბათობით, ნამდვილად ვერ გახდებიან ძლიერი საყრდენი შვილისთვის.

დიდწილად ოჯახი აყალიბებს ბავშვის წარმოდგენას სამყაროზე. ჩვენმა შიშმა და ძლიერმა ემოციურმა განცდებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე, ისინი ხომ მას პირდაპირ გადაეცემა, ბავშვი იღებს მშობლების გამოცდილებას.

 ხშირ შემთხვევაში, ბავშვს უჩენს შიშს და უკარგავს საკუთარი ძალების რწმენას მისკენ მიმართული, მშობლის მიერ წარმოთქმული ისეთი ფრაზები, როგორიცაა:

  • „მეშინია ვინმემ არ გაგანაწყენოს, არ დაგჩაგროს“ – თუ ამ ფრაზას ხშირად გავიმეორებთ, ბავშვი ნამდვილად იგრძნობს საფრთხეს, თუმცა, დიდი ალბათობით, შეიძლება არც არაფერი მოხდეს. ბავშვები განიცდიან შიშს, როდესაც მშობლები მუდმივად საუბრობენ საშიშროებაზე, ან ხშირად ჰყვებიან საკუთარ ნეგატიურ, უარყოფით ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. ზღვარი გაფრთხილებასა და საკუთარი განცდების თავსმოხვევას შორის ძალიან მცირეა. უსაფრთხოების წესებზე საუბარი, პირადი საზღვრების დაცვის სწავლება და სიფრთხილე უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა იმაში დარწმუნება, რომ სამყარო სასტიკია, ადამიანები კი ბოროტები არიან, ნამდვილად არ ღირს, რადგან ეს ბავშვში ბადებს შიშსა და უნდობლობას ადამიანების მიმართ.
  • „შენ ხომ ძალიან მორცხვი ხარ! მეგობრების პოვნა შენთვის რთული იქნება!“ – სიმორცხვე და უხერხულობა ხშირად სოციალური განწყობა-დამოკიდებულებების შედეგია. მართალია, არსებობენ ინტროვერტი ბავშვები, რომლებიც კომუნიკაბილურობით არ გამოირჩევიან, იშვიათად გამოხატავენ ურთიერთობის სურვილს უცხო გარემოში მოხვედრისას, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ მშობლების შიშისა და საყვედურების ქვეშ. ისინი არ იბადებიან მორცხვებად, ისინი ასეთები ხდებიან მშობლების მხრიდან შემდეგი ფრაზების მოსმენის შემდეგ: „შეწყვიტე სისულელეების კეთება!“; „ხმას დაუწიე, ხალხი გიყურებს!“; „შენ ისევ არასწორად გააკეთე ყველაფერი!“. მსგავსი ფრაზები შეიძლება გაუცნობიერებლად გამოიყენოს უფროსმა, მაგრამ ამ ფრაზების მიღმა დგას გარშემომყოფთა მხრიდან დაგმობის შიში, მათ თვალში კარგ მშობლად წარმოჩენის მცდელობა და შვილის „ნაკლოვანებების“ დამალვის განზრახვა. თუ ვიქნებით უფრო თავისუფალი, შემწყნარებელი ბავშვის სხვადასხვა მახასიათებლის, თვისების მიმართ, ის შეწყვეტს ყოველი გადადგმული ნაბიჯის კონტროლს და, დიდი ალბათობით, გაუბედაობაც გაივლის.
  • „მე ძალიან მოვიწყენ უშენოდ, ნერვიულობისგან უკვე ადგილს ვერ ვპოულობ“ – შვილის მონატრება ნორმალურია, მაგრამ მასთან განშორებაც ცხოვრების ნაწილია. თუ მშობელი მტკივნეულად განიცდის შვილთან დროებით განშორებას, ბავშვმა შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოს, როცა ექსკურსიაზე, ლაშქრობაზე, წვეულებაზე მეგობრებთან და არა მშობლებთან ერთად წავა. მშობლების განცდები და სევდა თავის კვალს ტოვებს. როდესაც ისინი მშვიდად არიან, ბავშვსაც ნაკლები მიზეზი აქვს ნერვიულობისათვის. კარგი იქნება, თუ დავარწმუნებთ ბავშვს, რომ არაფერია საშიში, ნებისმიერი სირთულე მოგვარებადია. ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო მშვიდად წავა თანატოლებთან ერთად და არც საფრთხის მოლოდინი ექნება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ საუკეთესო აღზრდა ბავშვისთვის მაგალითის მიცემაა. შევეცადოთ თავად ვიყოთ მაგალითი მისთვის. რთულია დამოუკიდებელი, გაბედული, მამაცი ბავშვის აღზრდა, როცა მშობელს თავად აწუხებს შიშები, ეჭვები და უჭირს საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა. მშობლის სიმშვიდე, საკუთარი ქცევის, ემოციების გაანალიზების უნარი არის წინაპირობა იმისა, რომ ბავშვი წარმატებით გაუმკლავდება სირთულეებს.

 

 

 

 

მშობლიური ენის კვალზე

0

სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“ ეფუძნება იაკობ გოგებაშვილისეულ მემკვიდრეობას და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს (ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი; კონსულტანტი – ნინო რამიშვილი; მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე; თანაავტორი – ლელა მანგოშვილი; რედაქტორი – მარიამ გოჩიტაშვილი სულაკაურის გამომცემლობა).

სწავლა-სწავლების პროცესი აგებულია ცოდნის კონსტრუირებაზე, პრინციპით – მარტივიდან რთულისაკენ და ორიენტირებულია მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე.

სახელმძღვანელოს თემები შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემოთავაზებულ სავალდებულო თემებს:

  • ჩვენ და ბუნება; ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა;
  • გართობა (ურთიერთობა თანატოლებთან და მათი სურვილები);
  • თამაში, სპორტი, გართობა;
  • ჩვენი სკოლა; სწავლის სიყვარული;
  • ფასეულობები (ოჯახი, ზრუნვა, თანაგანცდა, სიკეთე და ბოროტება);
  • ჩვენი სამშობლო;

სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები (ცვლილებები) და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ უმთავრეს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ დაკვეთას, მოსწავლეს შეუქმნას „ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო“.

 

წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული თემები, შესაბამისი ილუსტრაციები, მოსასმენი და წასაკითხი ტექსტები ხელს უწყობს: ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ზეპირმეტყველების, ფუნქციური სამეტყველო უნარების (აღწერა, თხრობა, შედარება, პირადი თვალსაზრისი დასაბუთება) განვითარებას.

 

შერჩეული თემატიკა უკავშირდება ბუნებას, ფასეულობებს, სამშობლოს სიყვარულს, სწავლას, ოჯახს, თამაშს, სპორტს, თანატოლების ცხოვრებას. ყველა თემა დამუშავებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

თითოეულ თემას ახლავს გრძელვადიანი სამიზნე ცნების მისაღწევი შუალედური მიზნების (შემოქმედებითი დავალებების) სარეკომენდაციო დეტალიზებული დანართები.

 

მოსწავლის წიგნში, რვეულსა და მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი მასალა სინქრონიზებული და ურთიერთდაკავშირებულია.

 

მასწავლებლის წიგნს თანდართული აქვს წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდომი პერიოდის სარეკომენდაციო კურიკულუმები და 24 შემოქმედებითი დავალების სარეკომენდაციო სცენარი.

 

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით რესურსი პასუხობს შეკითხვებს:

  • რა მიზნით ვასწავლი?
  • რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი?
  • რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებ?
  • როგორ ვაფასებ მოსწავლეების მიღწევებს?

 

წინასაანბანო პერიოდს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, 10 – 12 კვირა ეთმობა, რადგან ამ პერიოდში ხდება მოსწავლეებისთვის მეტყველების, მოსმენის, გააზრების უნარების ჩამოყალიბება, მათი მომზადება საანბანო პერიოდისთვის და ეს დრო ნამდვილად სწორად არის განსაზღვრული.

 

ნახატების დახმარებით გააქტიურებულია სიტყვა, შემდეგ – წინადადება და ბოლოს აღწერა. მოსწავლეებმა ნახატის მიხედვით შესაბამისი სიტყვა უნდა ამოიცნონ, „ნახატი-წინადადების“ მიხედვით წინადადება შეადგინონ, ბოლოს კი ამბად გადააქციონ და დაუბრუნდნენ ძირითად დიდ სურათს.

ფონოლოგიური უნარის განვითარებისთვის რვეულში შემოთავაზებულია მარცვლებისა და ბგერების სავარჯიშოები.

 

მოტორული უნარების განვითარებისთვის მოსწავლის რვეულში მრავლად არის, როგორც ბადეში ჩასაწერი, ასევე „სახალისო სავარჯიშოები“. მოსწავლეებს მოსწონთ ნახატების გაფერადება, საგნებისა და ბგერების რაოდენობის შესაბამისი უჯრების ერთმანეთთან დაკავშირება.

საანბანო პერიოდში დაცულია იაკობ გოგებაშვილისეული ასოთა თანამიმდევრობა (მარტივიდან რთულისკენ).

შემოქმედებითი დავალებები მრავალფეროვანი და ძალზედ სახალისოა.

ილუსტრაციების მიხედვით ეპიზოდების თანამიმდევრობით დალაგება

დაბადების დღის პოსტერის შექმნა

  

 ჩემი სურათებიანი ლექსიკონი

 

 

 ანბანის შემდგომი პერიოდის ტექსტებს ახლავს ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი გამოცდილებით ააგოს ცოდნა – თავად გამოიტანოს სათანადო დასკვნები, რა არის სიკეთე, ბოროტება, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რა ასწავლა ამ ნაწარმოებმა, დაუკავშიროს პირად გამოცდილებას. შეაფასოს პერსონაჟის ქმედება, როგორი იყო და როგორ შეიცვალა. შეძლოს ამბის სამნაწილიანი ფორმის გააზრება მოსწავლის რვეულში მოცემული არაჩვეულებრივი სქემებით.

ზამთრისა და ზაფხულის შედარება

აღსანიშნავია, რომ ანბანის შემდგომ პერიოდში, მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად, შერჩეულია სახალისო, პრაქტიკული გრამატიკული სავარჯიშოები: ხმოვანი, თანხმოვანი, მარცვალი, სიტყვა და წინადადება, წერტილი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი.

 

სახელმძღვანელოს თანდართული აქვს თავისუფალ დროს წასაკითხი მასალა.

წიგნის ეს ნაწილი მშობელთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს, რადგან საზაფხულო არდადეგებზე მოსწავლეებს შეუძლიათ, წაიკითხონ გემოვნებით შერჩეული საყმაწვილო ნაწარმოებები.

 

„ურწმუნო თომა“ – კიდევ ერთი გამონათქვამი შორეული წარსულიდან

0

იდიომი აქტივობებით – ქართულის გაკვეთილებზე ენის სიღრმეების წვდომისთვის

გიზიარებთ კიდევ ერთი იდიომის „თავგადასავალს“, რომელიც დაგვეხმარება, ბავშვები დიდებული ქართული ენის სიღრმეებში ვამოგზაუროთ. როდესაც ჩვენს მოსწავლეებს რაიმე სახის ინფორმაციას ვთავაზობთ, მნიშვნელოვანია მშრალად მხოლოდ ინფორმაცია კი არ წავუკითხოთ ან წავაკითხოთ, არამედ დავამუშაოთ, მივაბათ მას სხვადასხვა სახის აქტივობები და სამუშაო ფურცლები, რაც შემდგომ დაგვეხმარება საკითხავის საფუძვლიანად გაგებაში, მეხსიერების კუნჭულებში მის სამუდამოდ მოთავსებაში.

მოზარდებს ყოველთვის აინტერესებთ წარსული, ისტორია, რელიგიური თუ მითოლოგიური ფრაზები და გამონათქვამები. ამიტომ მათი ინტერესის გაღვივება რთული სულ არ იქნება.

შეგვიძლია ცნობისმოყვარეობა გასაღვივებლად, უბრალოდ ჩავილაპარაკოთ: ეს ჩემი მეგობარი ამ ბოლო დროს ურწმუნო თომასავით იქცევა! ბავშვები აუცილებლად შეგვეკითხებიან, ვინ არის ურწმუნო თომა? რატომ არის ურწმუნო? რის არ სწამს? და ამ დროს ჩვენ ამბის მოყოლასაც დავიწყებთ:

შენ გარშემო ერთი ადამიანი მაინც იქნება ისეთი, რომლის დარწმუნებასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება და საბოლოოდ შეიძლება ეს ძალისხმევაც ფუჭი აღმოჩნდეს, ვერაფრით დაიჯეროს ის, რასაც შენი მთელი გულით უმტკიცებ. ასეთ ადამიანზე იტყვიან, ნამდვილი ურწმუნო თომააო.

ვინ იყო თომა და საიდან მოდის მისი „ურწმუნოება“? სინამდვილეში თომა, ძალიანაც მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგან ერთ-ერთი გახლდათ. ის თავის მოძღვარს ყოველთვის თან ახლდა – როდესაც ის სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, ქადაგებდა და ისეთ სამყაროზე მოუთხრობდა, როგორზეც აქამდე არ სმენოდათ. თომას იესო ქრისტე არც მაშინ მიუტოვებია, საკუთარი ნებით ჯვარს რომ აცვეს. ჯვარცმიდან სამ დღეში კი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ქრისტემ დატოვა აკლდამა, მკვდრეთით აღდგა. თომამ არ დაუჯერა სხვა მოწაფეებს, როდესაც მათ უთხრეს, რომ მოძღვარი ნახეს – უვნებელი და ცოცხალი. თომა მათ ეუბნებოდა: სანამ მის ჭრილობებს, საკუთარი ხელით არ შევეხები, ვერ ვირწმუნებო. აღდგომიდან რვა დღის შემდეგ, იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მათ შორის თომასაც. თომა შეეხო უფლის იარებს, ირწმუნა და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.

ლექსიკონი:

ფუჭი – აქ – უშედეგო, არაფრის მომტანი

აკლდამა – სამარხი, სადაც მიცვალებულებს ასვენებდნენ ძველად

მკვდრეთით აღდგა – თავი დააღწია სიკვდილს, გაცოცხლდა

იარა – ჭრილობა

დაუკვირდი ნიმუშს და შენც სცადე სიტყვების შექმნა.

რწმენა – ურწმუნო

გული –

ენა –

თავი –

ბედი –

თმა –

მთვარე –

წამალი –

მეზობელი –

მეგობარი –

შვილი –

როგორ გგონია, უ- თავსართის დამატებით სიტყვის მნიშვნელობა იცვლება? თუ – კი, როგორ?

მოვლენების ჯაჭვი

ამ ამბიდან ამოირჩიე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა და ჯაჭვის რგოლებში ჩაწერე – თითოეულ რგოლში ერთი მოვლენა. გაითვალისწინე, რომ მოვლენები თანმიმდევრული უნდა იყოს, ანუ ერთ მოვლენას მეორე მოჰყვებოდეს, მეორეს კი – მესამე.

ტექსტიდან აირჩიე სიტყვა, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონს – შინაარსის ან გამოთქმის მიხედვით და შეავსე სქემა: 

 

დაუკვირდი წინადადებებს, გამოტოვებულ ადგილას ჩასვი შესაბამისი ფრაზები: ურწმუნო თომა, მათუსალას ხნისა, აბრაამის ტაბლა.

 

ჩემი ბაბუა ხშირად მიყვება ძველ ძალიან საინტერესო ამბებს, რომ ვკითხე რამდენი წლისაა, ჩაიღიმა და მიპასუხა: წლებს აღარ ვითვლი, —————— ვარ.

ნანამ საკუთარ დაბადების დღეზე ისეთი სუფრა გააწყო, ჩიტის რძეც კი არ აკლდა, სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს რომ მასპინძელმა მათ ——————– დაახვედრა.

ძალიან რთულია ჩემს ძმასთან კამათი, მისი დარწმუნება თითქმის შეუძლებელია, არგუმენტები რომ გამომელევა ვეტყვი ხოლმე, რომ ნამდვილი ———————- .

 

ლაბირინთში უამრავი სიტყვაა. თუ გინდა, რომ გასასვლელი იპოვო, მაშინ მიჰყევი სიტყვების გზას ისე, რომ ტექსტის, „ურწმუნო თომას“ ერთ-ერთი წინადადება მიიღო. ეს წინადადება კი სამშვიდობოს გაგიყვანს.

ლაბირინთში შეგიძლიათ სხვა უამრავი სიტყვა ჩასვათ და ამ სიტყვებში ამოიცნონ „ურწმუნო თომას“ სიტყვები.

გაიხსენე ტექსტი და შეავსე კროსვორდი

შექმენი პატარა მოთხრობა ადამიანზე, რომელიც რთულია, დაარწმუნო.

  • გამოიყენე ფრაზეოლოგიზმი: „ურწმუნო თომა“.
  • გამოკვეთე შენი პერსონაჟის თვისებები, გარეგნული და შინაგანი მხარე.
  • მოთხრობას გაუკეთე შესავალი.
  • გამოიყენე დიალოგები (ორი ადამიანის მონაცვლეობით საუბარი)
  • შექმენი პრობლემა და შემდეგ გადაჭერი/მოაგვარე.
  • მოიფიქრე დასასრულის ორიგინალური ფორმა. გაიხსენე, როგორ სრულდება ზღაპრები და ლეგენდები, ან სხვა მოთხრობები. შეგიძლია დასასრული ტრაგიკული იყოს ან იუმორისტული.
  • შენს მოთხრობას მოუფიქრე სათაური.
  • შეეცადე, სასვენი ნიშნები სწორად გამოიყენო.
  • როდესაც წერას მორჩები, შექმენი შენი მოთხრობის ილუსტრაცია.

 

კულმინაცია

შეგიძლია, დაიხმარო „თხრობის მთა“.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...