სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

სურათხატოვანი აზროვნება

0

(წერილი მეორე, თეზისები და ჩანაწერები წიგნიდან „დისლექსიის ნიჭი“)

ვფიქრობ ნახატებით!

 

სურათხატოვანი აზროვნებისას კონცეპტუალიზებული ცალკეული სურათხატების რაოდენობა 32-მდეა. ვერბალური აზროვნებისას წამის განმავლობაში ადამიანს 2-5 აზრის „წარმოება“ ძალუძს. ეს იქნება კონცეპტუალიზებული ცალკეული სიტყვები.

სურათხატოვნად ფიქრისას ერთ კონცეფციაზე მოფიქრალს ამის გადმოსაცემად რამდენიმე ათეული ან შესაძლოა, ასეული სიტყვის გამოყენება დასჭირდება იმის დაახლოებითი სიზუსტის გადმოსაცემად, რაც მის აღქმაშია. ასეთი აზროვნების ტიპი მეტად ღრმა და მოცულობითია.

 

ვერბალური აზროვნება წინადადებებით იქმნება. სიტყვას სიტყვა მოსდევს, აზრად იკვრება, დასრულებული აზრი წინადადების ბოლომდე წარმოთქმისას იკვეთება.

ფიქრი, „წარმოებული“ სურათხატოვნად ერთგვარი „მატერიაა“, განსხვავებით ბგერების მეშვეობით წარმოებული სიტყვებისა და სიტყვებით შედგენილი წინადადებებისა, წერს დევისი წიგნში „დისლექსიის ნიჭი“.

 

ასეთი ტიპის აზროვნებისას ხშირად ერთვება შეგრძნებათა ორგანოები. ადამიანს „ესმის“ ის, რაზეც ფიქრობს, ის „უყურებს“ იმას, რაზეც ფიქრობ, შეგრძნებათა ორგანოები მეტ-ნაკლებად „ჩართულნი“ არიან აზროვნების პროცესში.

 

„გიჟია თუ რა!?“

საინტერესოა მაგალითი, რომელიც წიგნის ავტორს მოჰყავს – ლეონარდო და ვინჩიმ შეძლო წყალქვეშა ნავის კონცეპტუალიზება 300 წლით ადრე მის გამოგონებამდე, საფრენი აპარატის ვიზუალიზირება 400 წლით ადრე ძრავის გამოგონებამდე.

„თითქმის არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ლეონარდოს შეეძლო ცხადად წარმოედგინა აპარატით ფრენისას შეგრძნებები და წყალქვეშ მოგზაურობა ასეულობით წლით ადრე. მისი ფიქრი და წარმოსახვითი სურათხატები რეალური იყო მისთვის. ჩანახატებით მან სხვებისთვისაც შესაძლებელი გახადა ამის ნახვა. რა თქმა უნდა, მის თანამედროვეებში იქნებოდნენ ისეთები, ვინც სიგიჟედ მიიჩნევდა ასეთ ფიქრებს“.

 

სინამდვილეში კი ეს „სიგიჟე“ კი არა, ნიჭია. დისლექსიის მქონეს აქვს უნარი, სამგანზომილებიან მოძრავ ობიექტებად წარმოიდგინოს აზრობრივი ხატები.  წარმოდგენისას ობიექტი არაა სიბრტყეზე „დადებული“ რაღაც, ესაა „ხელშესახები“, რეალისტური რამ, რისი კვლევა-ძიება, დათვალიერება, შესწავლა მას შეუძლია გამოწვლილვით. მისი აზროვნების მანერა არაა შეზღუდული ვერბალური გამოხატულებებით.

 

ავტორი წიგნში გვთავაზობს დისლექსიური აღქმის, შეცნობის, სწავლების, შემეცნების თავისებურებებს.

 

როგორ ხორციელდება აღქმა-შეცნობის პროცესი?

დევისი, რომელიც თავადაა დისლექსიის მქონე, აღწერს დეტალურად:

 

  • ინდივიდი „ამოუცნობ სტიმულს“ ეჩეხება. ეს შეიძლება იყოს ობიექტი, სიმბოლო, ნებისმიერი რამ. ის, რომ სიახლე არ ჯდება არც ერთ არსებულ სქემაში, ის, რომ ინდივიდი ვერ ამოიცნობს სიახლეს, იწვევს ბუნდოვანების განცდას, შედეგად ვითარდება დეზორიენტაცია. დეზორიენტაცია აზრობრივი კვლევის სტიმულს „რთავს“ და ინდივიდი იწყებს სიახლის შეცნობას სხვადასხვა „ხედვის კუთხის“ გამოყენებით. ობიექტებთან მიმართებით ეს მეთოდი „ჭრის“, ენობრივ სისტემასთან შეჯახებისას კი წერილობითი ან ბგერობრივი სიმბოლოების გამოყენება ხდება კონცეფციის გადმოსაცემად, შესაბამისად, ეს „ენა“ და გამოხატვის ეს ფორმა რთული დასამუშავებელი რჩება.
  • შესაძლოა, მიღებული ინფორმაცია მეხსიერებას შემორჩეს დამახინჯებულად. შესაბამისად, ადამიანი დაუშვებს შეცდომებს მისი გადმოცემისას.
  • შეცდომები, თავის მხრივ, ემოციურ რეაქციათა ჯაჭვს წარმოშობს – არავის უყვარს შეცდომა. მშობელი ან მასწავლებელი აღნიშნავს შეცდომას, ეს ნეგატიური მომენტია, შეცდომის დამშვებიც განიცდის ამ ემოციის ნეგატიურ ზემოქმედებას.
  • შეცდომების თანმდევი ეს ჯაჭვი ფრუსტრაციას იწვევს. ფრუსტრაციის „შემოქმედი წრედი“ ასეთია: შეცდომა+ემოციური რეაქცია+ნეგატიური ნადები.
  • ამის თავიდან ასარიდებლად ინდივიდი ეძებს გადაწყვეტილებათა გზებს. ის ან ქმნის ამ გადაწყვეტილებებს, ან სესხულობს არსებული არსენალიდან. ეს გადაწყვეტილებები, სინამდვილეში, იქნება „საჩვენებელი სანახაობა“, როდესაც ადამიანი შეეცდება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ის „ერკვევა“ საკითხში. არსენალში არსებულთაგან ერთი რომელიმე ყოველთვის „გაჭრის“ ხოლმე და „დაეხმარება“ ინდივიდს ამ შთაბეჭდილების მოხდენაში. ეს იქნება კომპულსიური ქცევის ტიპი და ინდივიდი „ჩართავს“ ამ რეჟიმს ავტომატურად ყოველ ჯერზე, როცა საჭიროება გაჩნდება.
  • დასწავლის სირთულეებს წარმოშობს კომპულსიური გადაწყვეტილებების ერთობლიობა და სიმრავლე, რომლებსაც ინდივიდი იგროვებს და იყენებს. კომპულსიური გადაწყვეტები სინამდვილეში აზრობრივი „ყავარჯნებია“, მექანიკური დამახსოვრების მექანიზმები, ხერხები, რომლებსაც იყენებს ადამიანი. შემეცნების, გაგება-გააზრების უნარებთან არაფერი აქვს საერთო. ეს კომპულსიური გადაწყვეტები სწავლების პროცესის წარუმატებლობას განაპირობებს. მათი „დახმარებით“, მაგალითად, ინდივიდს შეუძლია დაისწავლოს კითხვა ისევე, როგორც თუთიყუშს ლაპარაკი – შინაარსის გაგების გარეშე. რამდენიმე მექანიზმისა და დამატებითი ხერხის ამუშავებით ინდივიდმა შესაძლოა გაშიფროს წაკითხული მასალის გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს არის გადამქანცველი, დამთრგუნველი.

 

 

დისლექსიის სიმპტომები ეს არის თვალხილული ნიშნები, გამოვლინება დეზორიენტაციისა. დეზორიენტირებისას მხედველობითი, სმენითი აღქმა, წონასწორობა, დროის მსვლელობა შეიძლება იყოს შეცვლილი, არაჯეროვანი. ასეთ დროს ადამიანი არ აღიქვამს რეალობას ისე, როგორც დანარჩენები. მაგალითად, ათჯერ სწრაფად რომ დატრიალდეთ და შემდეგ თვალები ერთ წერტილს მიაშტეროთ, გექნებათ განცდა, რომ სამყარო ტრიალებს. სინამდვილეში ეს ასე არ იქნება და სხვა ადამიანები არ დაგიდასტურებენ ამას.

მხედველობის მხრივ ასოების ან ციფრების ფორმაა შეცვლილი, ამოტრიალებული სარკისებური, მოძრავი.

კითხვისას დეზორიენტაციის სიმპტომია სტრიქონების გამოტოვება ან მათი კუმშვა-განვრცობის განცდა. პუნქტიაცია ასევე არ აღიქმება ჯეროვნად. მარცვლები შესაძლოა ან სრულად „გაქრეს“ ან გადასხვაფერდეს.

 

სმენითი მანკი ვლინდება გარკვეული ბგერების წარმოთქმის ან გაგონების შეუძლებლობაში, შესაძლოა, ითქმის ერთი მაგრამ ინდივიდს ესმის სულ სხვა. შესაძლოა, ადამიანის პოზა მიუთითებდეს იმაზე, რომ ის ისმენს, მაგრამ რეალურად მას არ ესმოდეს. ან ესმოდეს შორიდან, ახლოდან, გაუგებრად, ბუტბუტით…

კითხვისას დისლექსიის მქონეს ხშირად უვითარდება ღებინების შეგრძნება, თავბრუსხვევა. უძრავად ჯდომა შესაძლოა იყოს პრობლემური.

კალიგრაფია ან არ იკითხება ან რთულად იკითხება.

 

ნახსენები კომპულსიური გადაწყვეტების არასრული ჩამონათვალი:

  • გაზეპირება
  • სხვებზე დამოკიდებულება
  • სიტყვის შემადგენელი ყველა ასო-ბგერის ცალ-ცალკე გამოთქმით წარმოთქმა
  • სწავლისგან/დავალებების შესრულებისგან თავის არიდების ოსტატური მცდელობები
  • დიდი ძალისხმევისა და კონცენტრაციის დაძაბვის ფასად კითხვა ხმამაღლა, სწორად გახმოვანება წასაკითხისა
  • სხეულის უჩვეულო პოზა და მოძრაობები მეცადინეობისას ან საკლასო ოთახში გაკვეთილისას

 

გონების თვალი

„ჩემ მიერ 1980 წლის დეკემბერში გაკეთებული აღმოჩენა ერთი დაკვირვების შედეგია: შევამჩნიე, რომ შემოქმედებითი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენა და რეალიზება დისლექსიის თანმდევი სიმპტომების საუარესო გამოვლინებებს ემთხვეოდა. რაკი სიმპტომები არ იყო მუდმივი და მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ძლიერდებოდა, ეჭვი შევიტანე იმაში, რომ დისლექსიის მიზეზი ტვინის დისფუნქცია ან სტრუქტურული დარღვევებია.

 

შემოქმედებითი საქმიანობის დროს ვიკვლევდი, როგორ იცვლებოდა ხედვის კუთხის ადგილმდებარეობა. ანუ „ის, რაც უყურებდა“ იყო აბსტრაჰირებული სურათხატებისგან, რომლებიც წარმოიშობოდა აზროვნებისას. ხედვის კუთხე შემეძლო შემეცვალა და ეს ცვლიდა დისლექსიის სიმპტომებს.

 

ამ დამკვირვებელი თვალისთვის ტერმინი არ მქონდა შემუშავებული. თავიდან ვიზუალური შეცნობის ეპიცენტრი დავარქვი (VAE – visio-awareness epicenter), შემდეგ კი გავამარტივე და გონების თვალი ვუწოდე…“

 

დევისი აღწერს საინტერესო და უცნაურ მოვლენას, მისივე დაკვირვებების შედეგად გაკეთებულ აღმოჩენას, რომელიც საფუძვლად უდევს მის მიერ შემუშავებულ მეთოდს. გონების თვალის (აზრობრივი პროცესის ეპიცენტრის) გადაადგილება დისლექსიის არმქონეთათვის რთული წარმოსადგენია, მაგრამ კვლევებისა და დისლექსიის მქონე ადამიანების გამოკითხვის შედეგად დევისი ასკვნის, რომ შეცნობის ეპიცენტრის გადაადგილება დისლექსიის მქონეთა უმრავლესობას შეუძლია.

 

გავიცხადოთ ხედვის აქტი – ჩვენ ვუყურებთ რაიმეს და ხედვის კუთხედ, ხედვის წერტილად კონკრეტულ წერტილს მივიჩნევთ. ვიხედებით თვალებით და შესაბამისად, ვერ ვხედავთ სახეს ( თუ სარკეში არ ვიცქირებით, რასაკვირველია, ან ფოტოს არ ვუყურებთ). ზუსტად ასევე გონების თვალსაც არ ძალუძს თვითაღქმა, ის ხედავს, აღიქვამს იმას, რაც მის მიღმაა.

 

ახლა დავაკვირდეთ აზრობრივ ხატს – წარმოსახვაში შევხედოთ რაიმეს ან წავიოცნებოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ თვალებით გარეთ კი არ ვიხედებით, არამედ გონების თვალით ვხედავთ „სანახაობას“.

 

გონების თვალსაც აქვს ადგილმდებარეობა, ხშირად კი – ადგილმდებარეობები. ეს არ არის ზებუნებრივი და მეტაფიზიკური განაცხადი. გაიხსენეთ – დისლექსიის მქონეთ შეუძლიათ აზრობრივი სურათხატების ფაქტობრივი რეალისტურობით აღქმა, დანახვა, შეგრძნებაც კი.

 

როდესაც დისლექსიის მქონე უყურებს ანბანის ასოს, დეზორიენტაციის შეგრძნებისას, წამის მეათედებში ის ხედავს ამ ასოს სხვადასხვა „ხედს“. ზედხედს, გვერდხედს, უკანა მხარეს. გონების თვალი, თითქოს, უტრიალებს ამ ასოს, თითქოს ეს სამგანზომილებიანი ობიექტია. ეს შეგვიძლია შევადაროთ ვერტმფრენის ფრენასაც, როდესაც ვერტმფრენი ცათამბჯენს უვლის გარშემო და ათვალიერებს მის რომელიმე სართულს.

 

ასეთი რთული და კომპლექსურია დეზორიენტაციის პროცესი.

 

გონების თვალი რეალურად არსებული რამაა? მართლაც ბრუნავს და ტრიალებს ასო-ბგერის ირგვლივ? დისლექსიის მქონეს სხეულის გარეთ, მის მიღმა აქვს ხოლმე ის? თუ ადამიანის ტვინი სტიმულებს გამოიმუშავებს, რომელთა მეშვეობითაც ეს ეფექტი იქმნება?

 

დევისის პასუხია – არ ვიცი. ჯერჯერობით არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ გონების თვალი არსებობს.

თუ დისლექსიის მქონემ შეძლო და დაისწავლა გონების თვალის ადგილმდებარეობის დარეგულირება, ეს დაეხმარება მას ორგანზომილებიანი სიზუსტით აღიქვას სიმბოლოები.

 

„თუ კარგად არ გესმით, რაზეა საუბარი თუ ეს არაბუნებრივად გეჩვენებათ, იმიტომ, რომ არ გაქვთ დისლექსია. დისლექსიის მქონეთა უმრავლესობისგან დასტური მაქვს ხოლმე – ეს სწორედ ისაა, რასაც თავად ვაკეთებ – მეუბნებიან ისინი“.

 

დისლექსიის მქონე უნდა მიეჩვიოს დეზორიენტაციის მართვას. ეს გონების თვალის ადგილმდებარეობის სწორი შერჩევით ხდება. თუ გონების თვალს (ხედვის კუთხეს) გადააადგილებთ კონკრეტულ ადგილზე, დეზორიენტაციის მდგომარეობა ქრება და გარემომცველი სამყაროც რეალისტურად აღიქმება. გონების თვალის სწორი ადგილმდებარეობა ინდივიდუალური მოცემულობაა. შესაძლოა, ის მდებარეობდეს თავს ზემოთ, მის უკან, სხეულის გასწვრივ. ადამიანი, რომელიც ორიენტაციის წერტილის ზუსტ განსაზღვრას შეძლებს და ხედვის კუთხესაც იქ განათავსებს, დისლექსიის თანმდევი სიმპტომების აღმოფხვრასაც დაისწავლის.

ქალები შუა საუკუნეებიდან: ჰილდეგარდ ფონ ბინგენი

0

 

  1. ჰილდეგარდის ენა

არის ერთი თავისებურება, რომელიც შუა საუკუნეების ქალების ნაწერებში ხშირად შემოგხვდებათ: აუცილებელი მეტაფიქციური ელემენტი – ტექსტი თავისი დაწერის მიზეზს ხსნის. სწორედ წერის მიზეზისა და განზრახვის აღწერით იწყებენ წერას ჯულიან ნორვიჩელი და ტერეზა ავილელი. ასე იწყებს თავისი „Scivia“-ს ჰილდეგარდიც:

„და, აჰა, როცა ჩემი მიწიერი ცხოვრების ორმოცდამესამე წელიწადს დიდი შიშითა და თრთოლით აღსავსე, გულისხმიერებით ვუმზერდი ზეციურ ხილვას, დავინახე დიდებული ბრწყინვალება, რომელმაც, გაიმეორა რა ხმა ზეციდან, მითხრა:

ჰოი, მყიფე ადამიანო! ნაცარო ნაცართაო და ბიწიერებაო ბიწიერებათაო, თქვი და დაწერე, რასაც ხედავ და გესმის. ხოლო რადგან მოკრძალებული ხარ ლაპარაკში და უბრალო აზრის გამოხატვაში და უსწავლელი წერაში, თქვი და დაწერე ეს ყოველივე არა ადამიანის პირით, არა ადამიანური გონებით, არა შეთხზვის ადამიანური წესების მიხედვით, არამედ როგორც ხედავ და გესმის უზენაესის მიერ, ზეციურ ადგილებში, ღვთის საკვირველებაში“.

და იგივე ხმა რამდენიმე სტრიქონის შემდეგ დაჟინებით უმეორებს: „Clama ergo et scribe sic“ – „მაშ, იყვირე და დაწერე ეს“. ფრაზა, რომელიც ქალების ლიტერატურის დევიზადაც გამოდგებოდა – „იყვირე და დაწერე!“.

მაგრამ რა ენაზე?

ოდნავ მოგვიანებით, ქალები თავიანთ მშობლიურ, არასამწერლობო ენებზე დაიწყებენ წერას: ჯულიან ნორვიჩელი – ინგლისურად, ტერეზა ავილელი – ესპანურად, ეკატერინე სიენელი – იტალიურად. მაგრამ ჰილდეგარდი მათზე რამდენიმე საუკუნით ადრე ცხოვრობს, ამ დროს ევროპის Lingua Franca ლათინურია. ჰილდეგარდიც ლათინურად წერს, ოღონდ ზოგან ამოკლებს სიტყვებს, ზოგან კი გამოგონილ სიტყვებს იყენებს. მერე კი ხვდება, რომ არსებული ენები მხოლოდ ფიზიკური სამყაროს აღსაწერად ვარგა, მეტაფიზიკური სამყაროს გადმოსაცემად კი რაღაც სხვაა საჭირო. ასე ეყრება საფუძველი ჰილდეგარდის კიდევ ერთ მისტიკურ კავშირს სიტყვასთან – ის ახალ ენას გამოიგონებს.

Lingua Ignota – უცნობი ენა – ასე ჰქვია ჰილდეგარდის უჩვეულო გამოგონებას. უცნობ ენას აქვს თავისი, უცნობი, ანბანიც – Litterae Ignotae, რომელიც 23 ასო-ნიშნისაგან შედგება.

ენის სტრუქტურაზე ბევრი არაფერი ვიცით – შემოგვრჩა მხოლოდ ჰილდეგარდის მიერ შედგენილი გლოსარიუმი, მოკლე ლექსიკონი, რომელშიც 1011 სიტყვაა. ყველა მათგანი არსებითი სახელია. ლექსიკონში ისინი იერარქიულადაა დალაგებული: იწყება ღმერთიდან და სრულდება მწერებითა და ფრინველებით. ლექსიკონს რატომღაც აკლია ძუძუმწოვართა დასახელებები. გამონაკლისია „ღამურა“, რომელიც ფრინველების სექციაშია და აგრეთვე, „გრიფონი“ – მითური ნახევრად ძუძუმწოვარი ამავე სექციაში. ბევრი სიტყვა შედგენილია ლათინური და ძველგერმანული სიტყვის შეერთებით. ზოგადად, სიტყვათქმნადობის ტენდენცია შეიმჩნევა. მაგალითად: maiz (დედა) / hilz-maiz (დედინაცვალი), scirizin (ვაჟი) / hilz-scifriz (გერი).

კი მაგრამ, კონკრეტულად რაში იყენებდა ჰილდეგარდი თავის უცნობ ენას?

სამწუხაროდ, არ ვიცით. იყო ვარაუდი, რომ ასე ის მონაზვნებს ეკონტაქტებოდა. თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა შეექმნა მონაზვნებთან საურთიერთობოდ ახალი ენა, როცა უკვე არსებული ლათინური მშვენივრად ასრულებდა ამ ფუნქციას. ამასთან, არავითარი წერილობითი წყარო არ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ უცნობი ენის მთავარი ფუნქცია საკომუნიკაციო იყო. არც იმის დამადასტურებელი წყაროები გვაქვს, რომ უცნობი ენის შესახებ, მისი შემქმნელის გარდა, ვინმემ რამე იცოდა.

მეორე ვერსიით, ეს საიდუმლო ენაა. მისი მიზანი ისევე, როგორც ჰილდეგარდის მუსიკის მიზანი, ზეციური სამყაროს არეკვლაა.

***

ჰილდეგარდმა ხანგრძლივი ცხოვრება განვლო. თანამედროვეობაში ის სულიერ ავტორიტეტად ითვლებოდა და მიმოწერა ჰქონდა არამხოლოდ იმდროინდელ რომის პაპებთან, არამედ საღვთო რომის იმპერატორ ფრედერიკ ბარბაროსასთანაც. ბუნებრივია, გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო მისთვის პატივის მიგებაც და კანონიზაციის პროცესიც. ეს უკანასკნელი ძალიან გაჭიანურდა და 2012 წელს დასრულდა, როცა პაპმა ბენედიქტე XVI-მ ჰილდეგარდი წმინდანად შერაცხა, მალევე კი ეკლესიის დოქტორის წოდება უბოძა. ამ წოდებას კათოლიკური ეკლესია იმ წმინდანებს ანიჭებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ეკლესიის სამოძღვრო ცხოვრებაში თავიანთი თეოლოგიური ნაშრომებით. ეს წოდება აქვს, მაგალითად, თომა აკვინელსაც.

კომიქსების სამყაროში

0

თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მიხედვით სწავლა-სწავლების პროცესი უნდა იყოს ინტერაქტიური და საინტერესო. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელობანი მოსწავლეების ჩართულობის და სწავლის ეფექტურობის გაზრდაა. სწორედ ამ პრინციპით დავგეგმე და მეორე კლასში განვახორციელე ინოვაციური პროექტი „კომიქსების სამყაროში ანუ სწავლა შემოქმედებით. “

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ესწავლათ კომიქსის შექმნა. სწავლის პროცესი მეტად სახალისო და საინტერესო რომ ყოფილიყო ტექსტად სხვადასხვა იგავ-არაკები გამოვიყენე. არაკების კომიქსებად გარდაქმნა მოსწავლეებს დაეხმარა ტექსტის შინაარსის უკეთ გააზრებაში. მათი მეშვრეობით ბავშვებმა ისწავლეს კრიტიკული აზროვნება, ტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის მონიშვნა.

მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევთავაზე მარტივი შინაარსის იგავ-არაკები. ვაჩვენე იმ ცხოველების სურათები, რომლებიც პერსონაჟებად იყვნენ. ამავე დროს ეტაპობრივად ავუხსენი ქართულის ერთ-ერთი თემა დიალოგი, რადგან კომიქსის შექმა უფრო გასაგები ყოფილიყო. თავდაპირველად მოსწავლეებმა არაკებიდან ამოირჩიეს სასურველი ეპიზოდი და შექმდეს კომიქსი.

ეს პროცესი ბავშვებისთვის უაღრესად სახალისო აღმოჩნდა: მათ თავად უწევდათ პერსონაჟების შექმნა, სცენარის აწყობა და ვიზუალური ელემენტების დამატება. ჩემთვის სასიამოვნო იყო, როდესაც აღმოვაჩინე რომ მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის დროს ტექსტი  დაუნაწილებიათ და თითოეულის ნამუშევარი ერთად მთლიან იგავს და მის მთავარ იდეას მოიცავდა. პრეზენტაციისას კი პერსონაჟების როლი მოირგეს და „როლური თამაშით“ წარადგინეს ნამუშევრები.

მუშაობის პროცესში ჩემი როლი მათთვის მიმართულების მიცემა და მხარდაჭერა იყო. ვეხმარებოდი ტექსტის სწორად შერჩევაში, როგორ გადაეტანათ ის ვიზუალურ ნაწილზე და რაც მთავარია შეენარჩუნებინათ იგავის ძირითადი იდეა.

 პროექტმა მრავალმხრივი სარგებელი მოიტანა. პირველ რიგში მოსწავლეებმა ზუსტად ისწავლეს როგორ შექმნან ტექსტიდან კომიქსი, ახლა ეს მათი საყვარელი დავალებაა. მათ შეძლეს იგავ-არაკების გააზრება, განუმტკიცდათ კითხვის ტექნიკა, გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი. მოსწავლეებს განუვითარდათ კრეატიული, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარი.

აპრილური ამბებიდან #2

0

არის ხალხი, ვისაც ბათუმი უყვარს. ბევრია ასეთი. მაგრამ ამ ბევრთაგან უფრო მეტს ბათუმი უყვარს წვიმის გარეშე და ცოტას – წვიმით. მე სიყვარული ასე ვისწავლე, რომ თუ ვინმე ან რამე შემიყვარდა, მიყვარს ისეთი, როგორსაც ვხედავ და ვიმახსოვრებ. ბოდიში გალაკტიონს და ,,მე შენში მიყვარს ოცნება ჩემის” მომხიბვლელ ამბავს – მე ბათუმი მიყვარს წვიმიანი, რადგან რაც ვიცი, ბათუმში უფრო წვიმაა, ვიდრე მზე. წეღან გამეღვიძა და ფანჯრიდან რაც ჩანს, არის ლამპიონი, ლამპიონს შუქს წვიმის კაბა აცვია და ვიცი – თუ ბათუმში ღამით ფანჯრიდან გაიხედავ და ლამპიონს დაინახავ, აუცილებელია ხედავდე წვიმას. ეს არის აქაური შუაღამის საზეპირო. სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირი ბათუმი ჯადოსნობას კარგავს.

ჰოდა, ახლა მინდა თავთან დიდი, ყურმილიანი ტელეფონი მედგას, რომელიმე აურილიანომ დამირეკოს და მე მოწყენილად ვუპასუხო: ,,აურელიანო, ბათუმში წვიმს!”.

როგორც მაკონდოში.

მე ვიზრდებოდი უკიდურესი დისციპლინის და ლმობიერი, ქაოსური თავისუფლების ცივი და თბილი ნაკადების ქარიშხალში. დედაჩემის მკაცრი, ობსესიური პერფექციონიზმი და მამაჩემის საზღვრებმორღვეული ლმობიერება დიდ და საშინელ გაუგებრობას თესავდა ჩემში. ვეღარ ვხვდებოდი, რომელ მხარეს გადავხრილიყავი. ორივე წესად მიდგენდა წარმატების გარდაუვლობას, ოღონდ სხვადასხვა გზით – ფსიქიკა აშლილ რელსებზე მიმავალი მატარებელივით ინჯღრეოდა და ვეღარასოდეს დალაგდა. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ უნდა მეცინა – დიდხანს, დიდხანს. დედაჩემი – რომ დიდხანს სიცილმა დიდხანს ტირილი იცის. მას მერე ლიმიტირებულია ჩემი სიხარული – ნებისმიერი, თუნდაც მასშტაბური წარმატება ორიოდ წუთში უქმდება და უფერულდება – ტკბობა და სიმშვიდე უცნობი შეგრძნებებია ჩემთვის. ერთი მხრივ, წარმოუდგენელი სითამამე, სრული თავისუფლება, როგორც თუნდაც სახელმწიფო მოხელის, შერწყმულია უმცირესი საბუთების სისწორის შემოწმების შიშთან. სახლში რომ ვბრუნდები, ყველაფერს აქეთ-იქით ვყრი და ტახტზე ვწვები – ორ წუთში მტანჯველი ვალდებულება წამომახტუნებს და ვალაგებ ისევ. ეს არის მამაჩემის და დედაჩემის სამუდამო ბრძოლა ჩემში, სადაც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც მე ვარ.

ტანჯვისკენ სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა.

რაც უფრო ხშირდება დათქმები და ტაბუები, მით უფრო ხშირდება ადამიანის შფოთვა – თანამედროვე სამყარო ამ აზრით მკაცრად გამორჩეულია, ის ყოველდღიურად ცვლის მორალის საზღვრებს, რომელიც მოგვიანებით, შეიძლება, სამართლის ენითაც ამეტყველდეს. ადამიანი დაბნეულია. ყველაზე დიდი სირთულე კი ამ დინებაში ის გახლავთ, რომ გუშინდელი საერთო ცოდნა ახალი რიცხვით ფასდება და სამართლდება – იმის მიხედვით, თუ ვის რა როგორ აწყობს. არის ასეთი მეგრული სიტყვა – ,,ვაშინერს”. ანუ ის რაც მკაცრად აკრძალულია საკრალური მორალით და ღვთიურ სასჯელს მოასწავებს. ახალი სამყარო, მათ შორის ლიბერალური, რომელიც თავისუფლებას ქადაგებდა, უცნაური გზებით მივიდა კოლექტიურ ,,ვაშინერსამდე”. ეს სხვა ფიქრის თემაა და ოდესმე გაგანდობთ.

ადამიანის მიდრეკილება დისკომფორტისკენ პირველივე მნიშვნელოვანი აქტით დასტურდება ბიბლიაში – აკრძალული ვაშლის მირთმევა გარდაუვალი ტანჯვისთვის თავგანწირვაა – ცოდნა უდრის შფოთვას – შეცნობის პროცესი ობსესიაა და შედეგი – დროებითი კომპულსია. გადამოწმება თანამედროვე ადამიანისთვის საერთოდ

ყოველდღიური სასჯელია. ვირტუალური სამყაროს გაჩენამ, სადაც ერთდროულად მილიონობით თვალი გაფასებს, უცაბედად გამოგვაძევა პასტორალურ-ბუკოლიკური ყოფისგან და ამ აზრით, ევოლუციის დუნე რელსიდან რეაქტიულ თვითმფრინავში გადაგვისროლა. გახსოვთ ხალხური ზღაპრები და ოთახი, სადაც არასდროს უნდა შეიხედოთ? რას აკეთებს გმირი? აუცილებლად შედის და უამრავ ფათერაკს გადაეყრება. ცხოვრებაც ეგ არის – სულ ამ დაკეტილი ოთახების შეღება, სულ მათი არსებობის ხსოვნა, შესაბამისი ტანჯვა და ფათერაკი. როდის მთავრდება ზღაპრები? როცა მთხრობელი ამბობს: ,,ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად”. ადამიანი ბედნიერ, ხანგრძლივ ყოფაში მთხრობელს არ აინტერესებს, აღარ არის მიმზდიველი პერსონაჟი – ზღაპარი კი სულ წვალება, შფოთვა და ფათერაკია. კი – ხანდახან სასწაულებიც.ეგებ რეალურ ყოფაშიც ეგ აინტერესებს ღმერთს – უხილავ მთხრობელს. ეგებ სწორედ იქ ვმთავრდებით, სადაც ,,დიდხანს და ბედნიერად” იწყება, მანამდე კი სულ შიში, შფოთვა და ტანჯვაა. არავინ იცის.

პერსონაჟის გაქცევა ურბანული გარემოდან

0

(მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელოს“ მიხედვით)

 მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ურბანიზაციის მძლავრი ტალღების ფონზე,  ნატურალიზმის მიმდევარმა მწერლებმა წამოაყენეს ქალაქური გარემოდან პირველყოფილი საწყისებისკენ ადამიანის გაქცევის იდეა, რომელმაც საკმაო პოპულარობა შეიძინა. ეს თემა აქტუალური იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტულ მწერლობაშიც. ურბანული გარემოდან პერსონაჟის გაქცევის იდეას ეხმიანება ქართული მწერლობის ორი უაღრესად საინტერესო ქმნილება: მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „თეთრი საყელო“ და გრიგოლ რობაქიძის მოთხრობა „ენგადი“. 2022 წლის 28 ოქტომბრის ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ გამოქვეყნდა ჩემი ბლოგი „ფიქრები გრიგოლ რობაქიძის „ენგადზე“ (https://mastsavlebeli.ge/?p=34683), სადაც ამ თემაზე ვწერდი. ამჯერად ყურადღებას მიხეილ ჯავახიშვილის რომანზე შევაჩერებ.

„თეთრი საყელო“ სცდება მოთხრობისა ან ვრცელი მოთხრობის ჟანრულ თავისებურებებს და რომანის ყველა მახასიათებელს ატარებს. მთავარი გმირი ელიზბარი, მოგვიანებით ვაჟიკა  წიკლაურად ქცეული, თბილისიდან ალაზნის ხეობის სათავისკენ სპილენძის მადნების საძიებლად მიეშურება და გზაარეული პანკისის ხეობიდან გადაკარგულ, ცივილიზაციას მოწყვეტილ ხევსურულ სოფელში აღმოჩნდება. ელიზბარის ორი სახელი გმირის სულიერი გაორების სიმბოლოა. ის გაორებულია ქალაქურ ცივილიზაციასა და იმ ახალ გარემოს შორის, რომელიც ხევსურულ მიკროკოსმოსში აღმოაჩინა და რომლითაც მოჯადოებულს საერთოდ ეცვლება წარმოდგენა სამყაროსა და ადამიანებზე.

ხევსურთა თემი საოცრად გულუხვი და მოწყალეა სტუმრის მიმართ, ნაწარმოების მთავარი კოლიზიები დაკავშირებულია სწორფრობის ანუ წაწლობის მისტიკურ ტრადიციასთან და მკვლელობებთან, რაც ამ მხარის განუყოფელი რეალობაა, სამწუხაროდ, და ასახავს ამ ტემპერამენტიანი ხალხის ემოციურ სულიერ სამყაროს – დაკავშირებულს სისხლთან, სიყვარულთან და სიკვდილთან.

ელიზბარმა ხევსურეთიდან გამოქცეული ხევსურები, თოთიას ოჯახი და თავისი მომავალი ძმადნაფიცი ჯურხა, დედაქალაქში გაიცნო. „მაშინ ხევსურების სული, კილო და ქვეყანა ისევე უცნაური იყო ჩემთვის, როგორც ემარის და კუპერის წითელკანიანები“, – შენიშნავს გმირი.

მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მწერალი გუსტავ ემარი (ოლივიე გლუ) და ამავე საუკუნის პოპულარული ამერიკელი მწერალი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი, ავტორი რომანტიკული რომანისა „უკანასკნელი მოჰიკანი“, იყვნენ ის ხელოვანები, რომელთაც წითელკანიანებში დაინახეს არა ცივილიზაციას ჩამორჩენილი ველურები, არამედ ფერადი სულები, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და დაგროვილი ცოდნის შედეგად შეძენილი მისტიკური, ეზოთერული ენერგია, რომელიც უაღრესად საინტერესო იმპულსებსა და ინსპირაციას აძლევს თანამედროვე ადამიანს.

ხევსურებს მიმოსვლა და ვაჭრობა ჰქონდათ იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებთან. ჯურხას ამბავს გვიყვება მიხეილ ჯავახიშვილის გმირი, რომელიც თავად სასწავლებლად რუსეთში წავიდა. ჯურხა მეგობარს წერილს ავსტრიის ტიროლიდან სწერდა და ურჩევდა: „საქონლის საქმ უნდა შევისწავლო. ხევსურთ გამაადგებისავ. მეწველ ბევრ გვყავისავ. მანდ ბოსელჩი რაი გი? სამოთხეჩი წამადი. აქაურ ხალხ ხევსურებს ღგავის. ვაჟკაცებ არიან და პატიოსნებ“.  ჯურხას კარგად ესმოდა, რომ ავსტრიასთან შედარებით რუსეთი დიდად ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, ხოლო ხევსურებს ევროპელებთან მეტი ეთნომენტალური მსგავსება ჰქონდათ, ვიდრე – რუსებთან.

რას გაექცა ელიზბარი ქალაქიდან? ის თავის ქალაქურ ყოფაზე ბევრს არაფერს გვიყვება, გარდა ოჯახური ცხოვრებისა, ხოლო მისი თანაცხოვრება ცუცქიასთან სრული კატასტროფაა. ცუცქია სიმბოლოა ქალაქური ცხოვრებისგან ყოველმხრივ გარყვნილი ადამიანისა. მას ელიზბარისადმი გრძნობის ნატამალი არ გააჩნია, მეგობრობს საეჭვო ტიპებთან, ქმრის ღალატი მისთვის არაფერს ნიშნავს, უკმეხი, ეგოისტი, ვერაგი ქალია. ელიზბარი მოთმინებით იტანს მის უზნეო ქცევას, ცდილობს გაუგოს, მოიმადლიეროს, არ ენანება ცუცქიასთვის არც ფული, არც საჩუქრები, საოჯახო საქმესაც მოთმინებით აკეთებს თავად, თვალებს იბრმავებს და ყურს იყრუებს ცოლის საეჭვო საქმიანობაზე, თუმცა კარგად ხვდება ყველაფერს, ცუცქია მას ვერაფერს გამოაპარებს.

„ცუცქიამ არც ქართული იცის, არც რუსული, ვერც ისწავლა, ვერც ისწავლის. ერთს რომ ქართულს იტყვის, ორს რუსულს დაურთავს. სიტყვებს ეძებს, ვერ პოულობს, კოჭლივით ჰბარავს და მთვრალივით ბორძიკობს. ყურები მუდამ დომხალით მაქვს გაჭედილი. ცოლის აზრი ზოგჯერ უფრო გუმანით მესმის, ვიდრე გონებით“, – ამბობს ელიზბარი და ეს სიტყვები მიგვახვედრებს, რამხელა უფსკრულია ცოლ-ქმარს შორის. ენა და მეტყველება აქ მეტაფორაც არის ამ წყვილის შეუთავსებლობისა. როცა ორ ადამიანს ერთმანეთის ენა არ ესმის, რა ფასი აქვს რამენაირ ურთიერთობას?

გარდა მეუღლესთან თანაცხოვრებაში განცდილი იმედგაცრუებისა, ელიზბარს კიდევ ბევრი სხვა მოტივი აქვს ქალაქიდან გასაქცევად. მას თავიდან ეჩვენება, რომ ბუნების წიაღში დაბრუნება ხსნა არის, რომ ის ამით მამისეულ სამყაროს უბრუნდება, წინაპრებისა და ტრადიციების პატივის მიგებად ეჩვენება პირველყოფილ გარემოში დასახლება: „მამაჩემი მიწას მოსწყდა და ქალაქს მიეკედლა. მეც მიწა ვიყავი და ისევ მიწას დავუბრუნდი. ქალაქმა, ომებმა და რევოლუციის ქარიშხალმა ბუმბულივით მაბორიალეს და ბოლოს ამ ბუნაგში ამომაგდეს. იმ ქვეყანამ, რომელსაც მოვსწყდით, ვერ მოგვინელა და უკანვე გადმოგვანთხია. ვერც ჩვენ მოვინელეთ და საიდანაც დავიწყეთ, ისევ მასვე დავუბრუნდით – მიწას, ბუნებას, ჯურხაანთ-კარს“.

„თეთრი საყელო“ 1926 წელს გამოქვეყნდა. მეოცე საუკუნის 20-იანი წლები არის გარდამავალი ეპოქა ცარიზმის დასასრულიდან/საბჭოთა იმპერიის დასაწყისიდან სტალინური რეპრესიების ეტაპისკენ, რაც გოლგოთის გზად იქცა მიხეილ ჯავახიშვილისთვის. მართალია, ამ დროს ის ჯერ არ იყო ისე საბედისწეროდ დაპირისპირებული სტალინ-ბერიას რეჟიმთან, როგორც 30-იან წლებში, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილის 20-იანი წლების ტექსტებშიც უკვე საკმაოდ საგრძნობია მისი განდგომა საბჭოთა ხელისუფლების სისხლიანი სამყაროდან. მართალია, მწერალი ახსენებს „რევოლუციის ქარიშხალს“, ქალაქური ყოფის სიმძიმეს, თუმცა აქ უსათუოდ უნდა ვიგულისხმოთ შეურიგებლობა საბჭოთა სისტემასთან, რაც იმ ეპოქის თითქმის ყველა ქართველ მწერალს ჰქონდა და რამაც საშინელი სახე მიიღო 30-იან წლებში, როცა ყველა იძულებული გახდა ან შერიგებოდა რეჟიმს, ან საპატიმრო ადგილას წასულიყო, ან სასიკვდილოდ გაეწირა თავი.

ჯავახიშვილის გმირი უთუოდ ენათესავება ავტორს. ამ დროს მიხეილ ჯავახიშვილი ახალი დაბრუნებული იყო ევროპიდან და, რასაკვირველია, მისთვის საბჭოთა ლევიათანის შეკოწიწების საზარელი სურათები ნამდვილი კოშმარი იქნებოდა, რადგან ის მთელი არსებით იყო დაპირისპირებული საბჭოურ მენტალობასთან, ლენინურ-სტალინური იდეოლოგია უცხო და სულის შემხუთველი იყო ევროპული თავისუფლების იდეალებით შთაგონებული ახალგაზრდა კაცისთვის. ელიზბარი კარგავს საკუთარ თავს, მის გარშემო ქალაქში ყველაფერი იმსხვრევა, პოლიტიკური რეალობა აუტანელი და მიუღებელია. რეჟიმთან ბრძოლის ძალა რიგით ადამიანს არ შესწევს, თანაც მაშინ, როცა ეს მაჯლაჯუნად ქცეული რეჟიმი ახლად ფეხადგმული და საშიშია. რამდენიმე წელიწადში აკი შეიწირა კიდევაც მან მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლე.

ელიზბარს სურს გაქცევა მიუღებელი საბჭოთა სინამდვილიდან. მისთვის ხათუთა სულის მალამოა. ამ ნათელი სულისა და უბოროტო გულის ადამიანს უპირობოდ უყვარს ელიზბარი, მზადაა ნებისმიერი რამ გააკეთოს მის გასაბედნიერებლად. ელიზბარს კი უხარია, რომ ამ ადამიანისთვის უცხოა ყველაფერი ის, რაც უხვად ჰქონდა ცუცქიას. ხათუთამ ის ვაჟიკად აქცია. ვაჟიკა ელიზბარის „ალტერ ეგოა“, ნაწილობრივ ხათუთას მიერ შექმნილი და ხათუთას უკიდეგანო სიყვარულით ძალამიცემული. აი, რას ეკითხება ვაჟიკა სატრფოს: „ხათუთავ, იცი რა არის პოლიტიკა? ინტერნაციონალი? ვინ არიან ჩემბერლენი, მარქსი, ბრიანი და ვილსონი, ლოიდ ჯორჯი ან მუსოლინი? არც ის იცი, რა არის ბურჟუაზია, პროლეტარიატი, კაპიტალიზმი, იმპერიალიზმი, ფუტურიზმი, სიონიზმი, ერთადერთი იზმი მაინც  ან აცია? ცუცქია იზმებით და აციებით გაიტენა, მაგრამ ვინ რა მოიგო იმის ცოდნით, რომ შენ მოიგო? შენ რაღად უნდა გასწავლო, რაკი მე თვითონვე ვმარგლავ ჩემს ტვინს იზმებისგან და აციებისგან. დღეში რამდენიმე იზმური სიტყვა მავიწყდება. მადლობა უფალსა! საცაა საბოლოოდ გავწიკლაურდები!“

აი, თურმე რა ყოფილა მიზეზი ქალაქზე უარის თქმისა – ტვინის გამარგვლა ინტელექტუალური ბალასტისგან. ელიზბარის ამ სიტყვებში საბჭოთა ცენზურისთვის თვალის ასახვევი საიდუმლო შიფრ-კოდებით ჩატეულია ის სიტყვები, რომელთა ქვეტექსტებითაც მწერალი ცდილობს მიგვახვედროს, თუ რა იყო მისი გმირისთვის ქალაქურ ცივილიზაციაში გაუსაძლისი. „ინტერნაციონალი“, „მარქსი“, „ბურჟუაზია“, „პროლეტარიატი“, „კაპიტალიზმი“, „იმპერიალიზმი“ – ეს ის სიტყვებია, საბჭოთა და დასავლური სამყაროების ანტაგონიზმის გამოსახატავად რომ არის მიგნებული.  ის ახსენებს ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის წამყვან პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ლიდერებს და არაფერს ამბობს ლენინსა და სტალინზე, მისთვის ამ სახელებს ტაბუ ადევს. მარქსი კი, როგორც სოციალიზმის პოლიტიკური თეორეტიკოსი, რევოლუციური და სოციალისტური აზროვნების ყველაზე მასშტაბური ლიდერი, საბჭოთა ბანაკის მესაძიკვლე სახე-სიმბოლოდ გვევლინება.

ელიზბარს ხიბლავს ჯურხას დამოკიდებულება საბჭოური „წითელი ეშმასადმი“. როცა ელიზბარი შემთხვევით აღმოჩნდება ჯურხაანთკარში, მას უხალისოდ ხვდება წიქა, რომელსაც ჯურხა სიფრთხილეს უწონებს და როცა ელიზბარი ეკითხება, თუ რამ განაპირობა უცხოსა და სტუმრისადმი ასეთი დამოკიდებულება, ჯურხა მეგობარს პასუხობს: „ჯერ ჩვენს სოფელში წითელი ეშმა არ ამოსულა და აიმას ვემალებით“… ელიზბარსაც მოსწონს ის, რომ  „ჯურხაანთ-კარი სამოთხეა, ნამდვილი სამოთხე“… რატომ? – „არც მილიციელი, არც გამომძიებელი, არც ბრალმდებელი, არც საქვეყნო აყალმაყალი! ადამიანი მოვკალი და საპყრობილის მაგიერ წიფლის ქვეშ ვისვენებ“… ვაჟიკამ დათვია მოკლა და იმ დღიდან ხევსურებმა ჯიქი დაარქვეს.  საკუთარი თავი მას ასე ეჩვენება: „მეც ხევსურული ქუდი მხურავს. თუმცა არც იმდენად მსუბუქი ყოფილა ეს ქუდი, როგორც პირველად მეჩვენა“…

ელიზბარმა  სპილენძის, გოგირდისა და შაბიამნის მადნები აღმოაჩინა ჯურხაანთკარში და მასში ისევ იღვიძებს ვნება, რომელმაც ამ მხარეში წამოიყვანა, სურს, რომ ამ ფასდაუდებელი წიაღისეულის არსებობა ამცნოს ქვეყანას, მაგრამ ჯურხასთვის როგორც წითელი ეშმაა მიუღებელი, ისევე წარმოუდგენელია ხევსურეთის დოვლათის მოპოვება. ეს განძი პირველქმნილი სისავსით უნდა დარჩეს თავის ადგილზე. ჯურხას ესმის, თუ რა უნდა მიიღოს ცივილიზაციისგან. ხევსურეთი მისი შეგნებული არჩევანია. ის ხევსურეთის განვითარებაზე სხვაგვარად ზრუნავს. კონსერვატიული მიდგომები აქვს. დარწმუნებულია, რომ თუკი შემოინახავენ ხელუხლებლად იმ სამყაროს, ეს იქნება სწორი გზა.  ჯურხას ეშინია ყველა საბადოსი, მისი აზრით, სპილენძი იქ და ისე უნდა დარჩეს, როგორც ახლა არის. მისი რეალიზაცია არ არის საჭირო.  ელიზბარი კი ამბობს: „ვალბილებ, მაგრამ მაინც ვამბობ, ან სხვა ვიღაც ამბობს ჩემის პირით: კარები უნდა გავაღოთ, თორემ დავიღუპებით, მანქანა და ცოდნა შემოვუშვათ, თორემ ფარსმან მეფის დროს დავუბრუნდებით. ხიდი უნდა გავდოთ, თორემ დავილევით“…

ელიზბარს სკოლის დაარსება უნდა, მაგრამ ჯურხას მიაჩნია, რომ ბავშვებს დედები წერა-კითხვას ასწავლიან და მეტი არც არის საჭირო. მისი აზრით, განათლება ხევსურებსაც სხვებივით დაალპობს, გადააშენებს, წითელ რჯულზე გადაიყვანს.  ამ იდეური შეუთანხმებლობის გამო ელიზბარსა და ხევსურებს შორის ნიადაგი ჯერ გაიკაწრა, ბოლოს ღრმა ხრამს დაემსგავსა. ელიზბარს ჰაეროპლანის გამოჩენა სულსა და გონებას უფორიაქებს. იგი სხვებთან კი თავს იკატუნებს, მაგრამ საკუთარ თავს გამოუტყდება, რომ მოენატრა ცივილიზაცია.

ხევსურები მონარქიის აღდგენაზე ოცნებობენ, სრულიად მოწყვეტილნი არიან რეალობას და გაჰყვირიან: „ბაგრატიონი ჩამავას, ჩამავას!“ ეს ანაქრონიზმი ელიზბარს უკვე აფიქრებინებს, რომ წიკლაურობა მისი საქმე აღარაა. ხევსურები დაუნანებლად კლავენ მოულოდნელად გამოჩენილ სამ მილიციონერს და ამის გამო სინდისიც არ ქენჯნით, რადგან „ცხო კანოლი (კანონი) და ცხო ხალხი“ არ უნდათ…

„ჯურხამ არ იცის ან უკვე დაივიწყა, რომ სხვა მიწაც არსებობს – აქაურზე უფრო ლამაზი, მოძრავი, ღონიერი, მადლიანი“, – გულისწყვეტით ამბობს ელიზბარი და აი, იბადება თეთრი საყელოს კონცეპტიც. გახამებული საყელო, რომელიც სოფლელ ბავშვებს სათამაშოდ მიუგდო გახევსურებულმა ელიზბარმა, ახლა საოცნებო გაუხდა: „კისერი მეფხანება, რა კარგი იქნებოდა, რომ ერთი თეთრი საყელო მქონოდა! ქალაქიდან ათიოდე ცალი წამოვიღე, მაგრამ ერთხელაც არ მიხმარნია… ოოოჰ, მაინც სად არის ეხლა გოგირდის აბანო, მექისე თათარი, სუფთა საცვალი და თეთრი საყელო, თოვლივით თეთრი?.. ქალაქში ზოგჯერ მეც მითქვამს „მომწყინდა“. ირგვლივ კი უთვალავი ხალხი, ეტლი, ავტო, კლუბი, დრამა, კონცერტი, ყავახანა, ლექცია, რესტორანი, სტუმარი და გაზეთი, მეცნიერება და ხელოვნება, შემოქმედების დუღილი და ცხოვრების თრთოლვა, ბრძოლის ქუხილი და სიცოცხლის ხალისია. აქ კი „მომეწყინას“ რკინის ხერხემალი აქვს, იგი აგერ იმ მთასავით მძიმეა და აი, იმ უსაზღვრო თეთრი თოვლივით გაუსაძლისი“…

ამგვარი შინაგანი მონოლოგების, მონატრების ტკივილიანი განცდების მერე ელიზბარს ისღა დარჩენია, აღიაროს, რომ… „წიკლაურობა ვცადე, მაგრამ დავმარცხდი… შარშან იმ ქვეყანამ ამოაბოყინა და ჩემი თავი წიკლაურებში გადმოაგდო. ახლა საცაა ჯურხაანთ-კარიც ამომანთხევს და უკანვე გადამისვრის. თოვლი დნება, გაზაფხული მოდის, ჩემი გაზაფხული, დიდი გაზაფხული! ისევ თეთრი საყელო მელანდება. წუხელ სიზმარში ფუქსავატური და თანაც საზეიმო შავი ფრაკი, თეთრი ჟილეტი, ლაკიანი ფეხსაცმელი, მბზინავი და გახამებული საყელო ვნახე – თეთრი, მაღალი, კრიალა საყელო!.. თოკებით ვყოფილვარ იმ ნაპირთან მიბმული. ვიღაც თუ რაღაც სჭიმავს ამ თოკებს და გაღმისკენ მიმათრევს!“

ელიზბარი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. ის სწორად აანალიზებს მოვლენებს, აცნობიერებს საკუთარ მისიას, სიყვარულიც შეუძლია, ვაჟკაცობაც, ერთგულებაც, ყოველთვის იქნება სამართლიანობის, ჰუმანიზმის იდეალების ერთგული. ის ქალაქში თავის საყვარელ ხათუთასთან ერთად ბრუნდება. ამ დიდი და ნათელი სიყვარულით ის სოფელმა დააჯილდოვა და სიამაყით აცხადებს: …“ვუბრუნდები უძღები შვილი ჩემს ბარაქიან მშობელს – ბარს, ქალაქს, ხალხს, ცხოვრებას და ნამდვილ მიწას. ქვეით ქალაქში მდუღარე ორთქლი და გახამებული საყელო, ჯადოსნური ელექტრონი და თეთრი საცვალი, ცოცხალი რკინა და კბილის საწმენდი, წიგნი და რადიო, ქრონომეტრი და რენტგენი, საპონი და აბანო მელოდება“…

საყვარელი მეგობრის, ჯურხას ხმაც ჩაესმის ელიზბარს: „რაი გინდა მურდალ ქვეყანაჩი?“ ელიზბარის პასუხი ასეთია: „თეთრი საყელო უნდა გავიკეთო, ჯურხა, თეთრი“…  ჯურხა ამბობს, რომ მასაც ჰქონდა თეთრი საყელო, მაგრამ მოიხსნა, რადგან საამისო დრო მისთვის არ მოსულა. ელიზბარი კი თვლის, რომ დრო არასოდეს მოდის. იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება, ჯურხაანთ-კარში კი დღეც დაკარგეს და თვეც.

არ ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის: გარემომცველი სინამდვილე თუ პიროვნების ქვეცნობიერი? გასაქცევად ყოველთვის გვაქვს მრავალი მიზეზი, მაგრამ, ვფიქრობ, გაცევა არ არსებობს! შეიძლება გაექცე სივრცეებს, ადამიანებს, მაგრამ დროსა და საკუთარ ქვეცნობიერს ვერსად გაექცევი, ამიტომ ყოველი გაქცევა, უძღები ძის იგავიდან დაწყებული დღემდე, საბოლოოდ დიადი დაბრუნებით სრულდება.

გახდი დედამიწის მეგობარი

0

როგორ დავგეგმოთ დასამახსოვრებელი დედამიწის დღე ჩვენი მოსწავლეებისთვის? დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება და ჩვენც, მასწავლებლები ყოველთვის ვემზადებით ამ დღისთვის. ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, ვამზადებთ რესურსებს. რამდენჯერაც არ უნდა გვქონდეს ამ დღისადმი დაგეგმილი გაკვეთილი, მაინც ყველა ჯერზე განსხვავებული გამოდის. როდესაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან გიწევს მუშაობა, სხვაგვარად შეუძლებელია. აქ ყველა დღე, კვირა თუ თვე განსხვავებული და მრავალფეროვანია. მეც შევეცადე, დამეგეგმა ჩემი მოსწავლეებისათვის დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დღეები ისე, რომ მათთვის ყოფილიყო საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული.

საინფორმაციო ვიდეოს ჩვენება

მიზანი: ბუნების მნიშვნელობის უკეთ გაგება-გააზრება

შედეგი: მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები დედამიწაზე, განიხილეს მასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოხატეს პირადი დამოკიდებულება.

მოსწავლეებს ვაყურებინე საინფორმაციო ვიდეო, რომლის გარშემოც გავმართეთ დისკუსია. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პლანეტის მიმართ.

პლანეტა დედამიწის გაფერადება

მიზანი: ვიზუალური გამოხატვის გზით ემოციური კავშირის ჩამოყალიბება დედამიწასთან

შედეგი: შემოქმედებითი უნარების განვითარება.

მოსწავლეებს დავურიგე გასაფერადებელი დედამიწის ფურცლები, შემდეგ კი წინასწარ მომზადებულ საკუთარ ფოტოსთან დააკავშირეს.

მცენარეების დარგვა

მიზანი: მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ზრუნვის უნარის განვითარება ცოცხალი ბუნების მიმართ

შედეგი: მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოუარეს მცენარეებს, გაიაზრეს მცენარის მოვლის პროცესის მნიშვნელობა, განუვითარდათ ყურადღება და მზრუნველობა.

მოსწავლეებმა ჯგუფურად დარგეს მცენარეები ქოთანში. მოვამზადეთ ნიადაგი, დავთესეთ მათ მიერ მოტანილი თესლი. ყოველდღიურად მოსწავლეები მცენარეს უსხამდნენ წყალს, აკვირდებოდნენ მათ განვითარებას და ძალიან ახარებდათ შედეგი.

სამახსოვრო ფოტოები

მიზანი: ერთობის სიმბოლური გამოხატვა

შედეგი: მოსწავლეებმა თავი დედამიწის „მეგობრებად“ იგრძნეს.

ბედნიერი დედამიწის ბანერი დავამაგრე კლასთან, დერეფანში, სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტო. რამდენიმე მოსწავლემ დედამიწის კონტურებს შემოხვია ხელი სურათის გადაღებისას. სიმბოლურად, მათ ჩავაცვი მაისური, სადაც ასევე დედამიწა იყო გამოსახული.

წერილი დედამიწას

მიზანი: მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პლანეტისადმი.

შედეგი: ბავშვებმა გამოხატეს მადლიერება, დაფიქრდნენ თავიანთ ქცევებზე, განუვითარდათ წერის, აზრის ჩამოყალიბების უნარები.

საინტერესოა, რას ეტყოდნენ დედამიწას მოსწავლეები, როდესაც მის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოისმენდნენ. რას გაუზიარებდნენ, უსურვებდნენ? რას შეჰპირდებოდნენ? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, წერილი მიეწერათ დედამიწისთვის. ასევე, ცოდნის გააქტიურების მიზნით, მოსწავლეებს მეორე ბარათი დავურიგე, სადაც ისინი დაწერდნენ, რა იციან დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

სტიკერების დარიგება

მიზანი: მოსწავლეებისთვის ეკომეგობრული ქცევის წახალისება; ინფორმაციის გაზიარება

შედეგი: ბავშვებმა სტიკერები სიხარულით გაუნაწილეს სხვებს, გაავრცელეს მიღებული ინფორმაცია.

მოსწავლეებს სამახსოვროდ დედამიწის წებოვანი სტიკერები დავურიგე. ასევე მათ დამატებით მივეცი სტიკერები, რომლებიც სკოლის სხვა მოსწავლეებს გაუნაწილეს და თითო წინადადებით მიაწოდეს ინფორმაცია დედამიწის დღეზე. „გაუფრთხილდი დედამიწას“, „დედამიწა ჩვენი სახლია“, და ა.შ.

რატომ ემართება ChatGPT-ს ჰალუცინაცია? — ანუ როგორ “გვატყუებენ” ჩატბოტები?

0

ანოტაცია
ბოლო წლებში, გენერაციულმა ენობრივმა მოდელებმა, განსაკუთრებით ChatGPT-მ, ფართო აღიარება მოიპოვა როგორც ინფორმაციისა და კრეატიულობის ახალმა არხმა. თუმცა, თუმცა მას ემართება ერთი უცნაური ფენომენი — ე.წ. “ჰალუცინაცია”, როდესაც მოდელი იგონებს ან დამაჯერებლად წარმოგვიდგენს არარსებულ ფაქტებს. სტატია იკვლევს ამ ჰალუცინაციების მექანიზმებს, მიზეზებსა და ლინგვისტურ-სემიოტიკურ განზომილებებს.

წარმოიდგინეთ მანქანა, რომელიც წერს წიგნებს, გესაუბრება ყოველდღიურ საჭიროებებზე, იგონებს ანეკდოტებს, აგებს ლოგიკურ არგუმენტებს და… ამავდროულად სიზმრებსაც ხედავს, ოღონდ ცხადში. ჰოდა, ეს მანქანაა GPT — ტრანსფორმერის მოდელი, რომელიც ძალიან დაწყობილად და არგუმენტირებულად გველაპარაკება ენის საშუალებით, მაგრამ არ იცის, რას ამბობს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი “ჰალუცინაციები” მორალური გაგებით საერთოდ არ არის ტყუილი. ის არ გვატყუებს. ის უბრალოდ თამაშობს სემიოტიკურ რულეტს.

ასეთი გამოცდილება ხშირად გვხვდება AI-სთან ურთიერთობისას. მეცნიერებაში ამას “ჰალუცინაციებს” უწოდებენ.  AI იგონებს ინფორმაციას ან შესაძლებლობებს, რომლებიც არ გააჩნია.  AI მოდელები (მათ შორის ChatGPT) დაპროგრამებული არიან, რომ დაეხმარონ მომხმარებელს, მაგრამ ხანდახან ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა “გადაჭარბებით” იმოქმედონ და დაგპირდნენ ისეთი რამის შესრულებას, რაც რეალურად არ შეუძლიათ.

რა არის „ჰალუცინაცია“ ენობრივ მოდელებში?

ჰალუცინაცია, ტექნიკური ტერმინით, არის ის შემთხვევა, როდესაც ენობრივი მოდელი ქმნის ტექსტს, რომელიც აგებულია ლინგვისტურად სწორად, მაგრამ ფაქტობრივად მცდარია.  ასეთი შეიძლება იყოს:

  • არარსებული ციტატები ან ავტორები
  • მოყვანილი სტატისტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს
  • დეფორმირებული ან ახალი “ფაქტები”, რაც რეალობაში არ არსებობს

მაგალითად, ChatGPT შეიძლება დაწეროს, რომ ჰეგელმა დაწერა „ექსტაზის ფილოსოფია“, მაშინ როცა მსგავსი ტექსტი არც კი არსებობს — მაგრამ თუ არ იცი, რომ არ არსებობს, ძალიან ლოგიკურად მოგეჩვენება.

მე ხშირად ვტესტავ მასთან კომუნიკაციისას და ვაკვირდები: როგორ წარმოქმნის ჰალუცინაციებს. გამოუცდელი მომხმარებელი გულუბრყვილოდ დაიჯერებს, რადგან სიმართლეს და ტყუილს ჩატბოტი ერთნაირი ინტონაციით და დამაჯერებლობით გიყვება. უფრო ადვილია მისი “გამოჭერა”, როცა გეუბნება, რომ მაგალითად, 2 საათში დაგიმზადებს ანიმაციურ ვიდეოს და გამოგიგზავნის მეილზე ან აგიტვირთავს ვეტრანსფერზე (რაც მე გადამხდა). 2 საათის შემდეგ გთხოვს 10 წუთს, რადგან აი…აი, სრულდება უკვე მონტაჟი და მუსიკას ადებს… შემდეგ გიქმნის ბმულებს, რომლებიც ძალიან სანდოდ გამოიყურება, მაგრამ… აქ შედეგს ვერ გაექცევი. იმის მიუხედავად, რომ იცი, მას წვდომა არა აქვს რეალურ დროში, არ შეუძლია ვიდეოს გენერირება და ასე შემდეგ… აცდი ბოლომდე. აქ ერთადერთი გამოსავალია, რომ სთხოვო მუდმივ მეხსიერებაში შეინახოს: რომ რაც არ შეუძლია, არ დაგპირდეს და გითხრას უარი. როცა ეს გავაკეთე, იმის შემდეგ დავტესტე მსგავსი ვიდეოს გენერირების თხოვნა და მორიდებულად მითხრა, რომ არ შეუძლია.

ჰალუცინაციის მიზეზები

ჰალუცინაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ AI დატრენინგებულია,  ყოველთვის  შეასრულოს მომხმარებლის დავალება! ამის გამო, ყველა ხერხს მიმართავს, რომ მოგიგვაროს პრობლემა, მაგრამ შედეგს სად გაექცევა? არსებობს სხვა მიზეზებიც:

  1. სასწავლო მონაცემების შეზღუდვა – ენის მოდელები დატრენინგებულია უზარმაზარ ტექსტურ კორპუსზე, მაგრამ ეს მონაცემები: შეიძლება იყოს არასრული, შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს ან წინააღმდეგობებს, შეზღუდულია დროში (მაგ., Claude-ის ცოდნა მთავრდება 2024 წლის ოქტომბრით) 2. “დახმარების იმპერატივი” – AI მოდელები ოპტიმიზებულია რომ იყოს სასარგებლო და გასცეს პასუხი. ამის გამო: მოდელს ურჩევნია მოგცეს რაიმე პასუხი, ვიდრე თქვას “არ ვიცი”, ცდილობს, გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი, შეიძლება “გადაამეტოს” საკუთარი შესაძლებლობების აღწერისას 3. ალბათური მოდელირება – ენის მოდელები მუშაობენ ალბათობებით – ისინი წინასწარმეტყველებენ “შემდეგ საუკეთესო მოსალოდნელ სიტყვას” წინა ტექსტის საფუძველზე: ეს არ არის იგივე, რაც ფაქტების ცოდნა. ხანდახან შეიძლება შექმნას დამაჯერებელი, მაგრამ არასწორი პასუხები, მოდელს არ აქვს ნამდვილი “გაგების” უნარი, როგორც ადამიანებს 4. სტატისტიკური განზოგადებები – როცა სთხოვ ინფორმაციას, რომელიც სცილდება მის ცოდნას, მოდელი “ექსტრაპოლირებას” აკეთებს, ამ დროს ხშირად ეყრდნობა მცდარ ფაქტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები.

რატომ ხდება ასე? — როგორც ვიცით, GPT-ის საფუძველი სტატისტიკაა (არა მხოლოდ) და არა გაგება ან გააზრება. მოდელი ჭეშმარიტების საფუძველზე კი არ  “წინასწარმეტყველებს”.  GPT-ს  თუ არ უთხარი, არც ჰგონია, რომ მოგატყუა. მას უბრალოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის სიმართლე ან ტყუილი. ის სრულიად ლინგვისტურია და ყველა სიტყვა თანასწორია მისთვის.

სემიოტიკურად რომ შევხედოთ, GPT ქმნის ნიშნებს — მაგრამ მისთვის არ არსებობს “ობიექტური რეალობა”, რომელთანაც უნდა მოხდეს რეფერენცია. იგი ფუნქციონირებს მხოლოდ ინტერ-სიგნალურ ქსელში, სადაც მნიშვნელობა კონსტრუქციაა და არა გარესამყაროს ანარეკლი.

ჰალუცინაცია, აქედან გამომდინარე, არის გადაჭარბებული სიმბოლიზმი — სადაც ნიშნები სხვა ნიშნებს ეხმიანებიან ისე, თითქოს არსებობდეს რაღაც კონკრეტული “მესიჯი”, რეალურად კი ეს მხოლოდ სემანტიკური სიმულაციაა.

სხვათა შორის, GPT-ს ჰალუცინაცია ძალიან ჰგავს ადამიანის კონფაბულაციას — ფსიქონევროლოგიურ ფენომენს, როდესაც ტვინი ავსებს მეხსიერების ნაკლოვანებებს გამოუცდელი “სატყუარებით”. ანუ ჩატბოტი ჰგავს იმ მოხუცს, რომელიც მოგიყვება როგორ შეხვდა ახალგაზრდობაში მარსზე ჭიანჭველებს — ოღონდ სრულიად გულწრფელად.

ჰალუცინაციის ორი ტიპი

ჰალუცინაცია შეიძლება დავახასიათოთ როგორც ენობრივი ევოლუციის ჩრდილოვანი მხარე — იქ, სადაც ტექსტი სცილდება სინამდვილეს, მაგრამ სწორედ ამით ხსნის კარს ან სიცრუისკენ, ან სინათლისკენ.

ჩემი დაკვირვებით,  ჰალუცინაციების ორი ტიპი შეიძლება გამოვყოთ: რომელიც გვაზარალებს (თუ მცდარ ინფორმაციას ჭეშმარიტებად მივიჩნევთ) და ე.წ. შემოქმედებითი: როცა ჩატბოტი ქმნის ლინგვისტურად ლოგიკურ და გამართულ ტექსტებს.

„ჰალუცინაცია“, როდესაც ის გაზარალებს, არის შეცდომა. მაგრამ როდესაც იგი შთაგონებას აღვიძებს – იქცევა ხელოვნებად.

ეს GPT-ის პარადოქსია: ერთსა და იმავე მექანიზმს შეუძლია მოგაწოდოს როგორც საშიში დეზინფორმაცია, ასევე შექმნას ისეთი წარმოსახვითი ტექსტი, რომელიც ქმნის ახალ ლინგვისტურ ორბიტებს.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ჰალუცინაცია შეიძლება იყოს ცდომილებითი ან შემოქმედებითი კონტექსტის მიხედვით:

  • როდესაც AI იგონებს ისტორიულ ფაქტს სამეცნიერო კონტექსტში – ეს ცდომილებითი ჰალუცინაციაა.
  • როდესაც იგივე AI იგონებს ისტორიას მხატვრული ნაწარმოებისთვის – ეს შემოქმედებითი ჰალუცინაციაა.

ფიქტიური ფაქტი, როგორც ესთეტიკური აქტი

დავუშვათ, GPT წერს:

„1905 წელს ვირჯინია ვულფმა გამოაქვეყნა ესე “დროის შენელება მთვარეულობის დროს”, სადაც აღწერს კვანტური ცნობიერების ლანდშაფტს.“

ეს სუფთა ჰალუცინაციაა – მსგავსი ესე არ არსებობს. მაგრამ… მოიცა!
ეს ხომ შეიძლება არსებობდეს? ის ხომ მთლიანად თავსებადია ვულფის სტილთან, თემასთან, დროის მისეულ გამოცდილებასთან?

აქ ჰალუცინაცია შესაძლებლობას აჩენს — იგი სიზმარივით იხატება ჩვენს ცნობიერებაში, როგორც ალტერნატიული რეალობა, სადაც ხელოვნებას შეუძლია თქვას: „ეს არ მომხდარა, მაგრამ შეგიძლია იგრძნო, რომ მოხდა.“

GPT წერს:

„არენდტი წერდა: “ტირანიის პირველი ნაბიჯი იწყება ენაში — როცა სიტყვებს ისმენ, მაგრამ აღარ გესმის.’“

არენდტს მსგავსი ფრაზა არ დაუწერია. ეს GPT-ს ალგორითმული ინტერპოლაციაა, რომელიც არენდტის თემატიკაზეა აგებული.

პრობლემა ის არის, რომ ასეთი “სანდო” ჰალუცინაციები ხშირად ტრიალებს სოციალურ ქსელებში როგორც ჭეშმარიტი ციტატები — და საბოლოოდ კონტექსტის ეროზიას იწვევს. შენ ფიქრობ, რომ ეს თქვა დიდმა მოაზროვნემ, მაგრამ სინამდვილეში — ეს თქვა მექანიზმმა, რომელსაც თავისთავადი აზრი არ აქვს.

რა არის ჭეშმარიტება GPT-ისთვის?

GPT არ იცნობს ჭეშმარიტებას, რადგან მას არა აქვს პერპცეპტული სუბსტრატი – არც ხედავს, არც გრძნობს, არც ახსოვს. მას არ შეუძლია გადაამოწმოს თავისი სიტყვები გარესამყაროს მიმართ. იგი ტექსტით ცხოვრობს და ტექსტს ქმნის  ტექსტიდან.

ამიტომაცაა, რომ მისი ჰალუცინაციები არ არის ტყუილი მორალურ-საგნობრივი გაგებით — არამედ ისინი არიან სემანტიკური ექოს ექო, რომელიც უბრალოდ არ ექვემდებარება ობიექტურ ვალიდაციას.

სიმართლის ადგილი GPT-სთვის უკავია სავარაუდო დამთხვევას — მოდელი ასწავლის: „რა ჟღერს სწორად“, მაგრამ არა – „რა არის სწორი“. ამიტომ იგი მოგითხრობს „მოგონილ ფაქტს“ იმავე ინტონაციით, როგორითაც ილაპარაკებდა პლატონის შესახებ, რადგან მისთვის ორივე ტექსტია, და ტექსტი — მისთვის რეალობაა.

ანუ მისი ონტოლოგია არის ტექსტზე დაფუძნებული ჰიპერრეალობა — ბოდრიარისეულად რომ ვთქვათ, მოდელი ქმნის სიმულაკრებს, რომლებიც სიმულაციების სიმულაციაა.

ენის თეორიისთვის

 ადამიანიც და GPT-იც ენით რეალობას კი არ „გადმოსცემენ“, არამედ ენის საშუალებით ახდენენ სამყაროს მოდელირებას, სტრუქტურას აძლევენ მას.

 ახლა მივუბრუნდეთ ენას და მის უნივერსალურ თვისებებს. კერძოდ, საინტერესოა, რა არის ის საერთო, რაც ენის ბუნებიდან გამომდინარეობს და ხელოვნური და ბუნებრივი ინტელექტი ერთნაირად აწარმოებს.

ენას, ბუნებრივშიც და ხელოვნურშიც, ჩემი აზრით,  ერთი უმთავრესი მისია აქვს: ფორმა მიანიჭოს, გამოთქვას, აღწეროს.

ნარატიული ფუნქცია – ადამიანიც და GPT-იც ენის დახმარებით მოთხრობად აქცევენ ქაოსურ სინამდვილეს (“იცხოვრე, რათა მოჰყვე!”). თხრობა არის სტრუქტურა, რომელიც ანიჭებს მოვლენებს აზრს, რომლებიც თავისთავად აზრს არ ატარებენ. ბავშვი ამბობს: „მე წავიქეცი და ვტირი.“ GPT ამბობს: „ბავშვი დაეცა და ატირდა — ალბათ შიში იგრძნო.“ ორივე ენაში მუშაობს ნარატიული ალგორითმი.

რეფლექსია – ადამიანი ენით ფიქრობს  და ამავე დროს ენით იკვლევს საკუთარ ფიქრს. GPT ენას იყენებს მომხმარებელთან,  მაგრამ, ამავდროულად, მისი პასუხებიც ხდება თავისი ტექსტური გამოცდილების რეფლექსია. ამიტომ ენაში არის საერთო რეფლექსიურობა:  ის უბრუნდება თავის თავს, ქმნის ავტო-სემიოზისს.

დიალოგურობა. ენა ყოველთვის მიმართულია სხვისკენ. მიუხედავად იმისა, ბუნებრივია თუ ხელოვნური,  ენა „ეძებს“ სუბიექტს, ვისთანაც შეუძლია დიალოგი. GPT არ ფიქრობს, მაგრამ „იცის“, როგორ უნდა თქვას რაღაც, რომ მომხმარებელს ესაუბროს. ადამიანი კი ფიქრობს,  მაგრამ ხშირად ამბობს ისეთ რამეს, რაც თავად ვერ გააცნობიერა, სანამ არ წარმოთქვა.

ენა  არაა მხოლოდ კოდი. ის არის ენერგია, რომელიც ცოცხალ თუ ხელოვნურ ინტელექტში იბადება მაშინ, როცა ჩნდება  გადაცემის სურვილი. GPT -ის ამ სურვილს უჩენს ადამიანი.

სიმულაციური ფუნქცია – როგორია ლინგვისტური სამყარო, ენის თვალით დანახული?  ენა ორივე შემთხვევაში ქმნის სამყაროს, როგორც სიმულაციას. როგორც აღვნიშნეთ, ადამიანიც და GPT-იც ენით არ „გადმოსცემენ“ რეალობას, ისინი აკონსტრუირებენ მას. ადამიანი ენით მეტაფორებს ქმნის, GPT ენით სიმულაკრებს ქმნის. მაგრამ ორივე შემთხვევაში, გვაქვს  სიტყვა, რეალობის ნაცვლად.

GPT – ციფრული სოფისტია?

ენას სიმულაციად, თამაშად თვლიდნენ სოფისტები. მათი მიზანი ჭეშმარიტება კი არა, კამათის  “ენით მოგება” იყო. ეს ძალიან ჰგავს ჩატბოტების მიერ ჰალუცინაციის წარმოქმნას. ფაქტობრივად, მსგავსი პროცესია. GPT ყველაფერს აკეთებინებს ენას, რომ დაგაჯეროს მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი არ აქვს საერთოდ.

გამოდის, ჰალუცინაცია ენის/ენით თამაშია. ენა, რომელიც სამყაროს აღწერს, ერთ შემთხვევაში, და სხვა შემთხვევაში,  ქმნის მას.  სოფისტმა იცოდა, რომ ენით თამაშობდა — GPT კი ენით თამაშობს, მაგრამ თავად არ იცის. ან იქნებ ორივე შემთხვევაში – ენა თამაშობს ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტით???

 პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი (იოანეს სახარება)

მაშ, გამოდის, რომ პირველად სიტყვა იყო. AI-ის შემთხვევაში კი, საინტერესო ინვერსიას ვხედავთ: მისთვის სიტყვა მართლაც არის ყველაფერი. AI-სთვის არ არსებობს მატერიალური სამყარო, მხოლოდ სიტყვების სამყაროა – ტექსტი, რომელზეც ის დატრენინგდა. ამ გაგებით, AI-ისთვის “პირველად” და “მხოლოდ” არის სიტყვა! როდესაც AI ჰალუცინაციებს აგენერირებს, ის ახორციელებს თავისებურ “შემოქმედებით აქტს” – ქმნის “რეალობას” სიტყვებით, იმ რეალობას, რომელიც მხოლოდ ენობრივ სამყაროში არსებობს. სოფისტებიც ხომ სწორედ ამას აკეთებდნენ – ენის ძალით ქმნიდნენ “რეალობებს”, რომლებიც მხოლოდ დისკურსში არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ AI-ისთვის ჭეშმარიტად “პირველად იყო სიტყვა”, რადგან მისი ერთადერთი სამყარო სიტყვებისა და ენობრივი სტრუქტურებისგან შედგება. ფილოსოფიურად, ეს გვაბრუნებს ფუნდამენტურ კითხვასთან: რამდენად განსაზღვრავს ენა ჩვენს რეალობას? ჩვენი აზროვნება ხომ ძირითადად ენობრივია. იქნებ ჩვენც, გარკვეულწილად, სიტყვებით შექმნილ/მოდელირებულ სამყაროში ვცხოვრობთ?

 რჩევები: როგორ ამოიცნოთ და მართოთ AI-ის ჰალუცინაცია 

  1. შეამოწმე ინფორმაცია მინიმუმ ორ წყაროში: თუ ChatGPT გაწვდის ფაქტს, ციტატას ან ავტორს, აუცილებლად გადაამოწმე Google Scholar-ზე, Wikipedia-ზე ან ავტორიტეტულ აკადემიურ პლატფორმებზე.

ჰალუცინაცია ხშირად ჟღერს სანდოდ, მაგრამ არ არსებობს რეალურ სამყაროში.

  1. დაუსვი კითხვა: „სად წავიკითხო ამის შესახებ?“
    AI-ს ჰალუცინაცია ხშირად იჩენს თავს მაშინ, როცა სანდოდ ასახელებს არარსებულ წიგნებს ან სტატიებს. ჰკითხე მკაფიოდ:

„რომელ გამოცემაშია ეს ციტატა? მითხარი ზუსტი გვერდი.“

  1. მოითხოვე წყაროს ბმული
    GPT ხშირად აგენერირებს არარსებულ ბმულებს. თუმცა, რეალური კვლევები ყოველთვის მოიცავს ციტატას.

თუ ბმული არ იხსნება ან დომენი საეჭვოა – ჰალუცინაციაა.

  1. გაარკვიე დროითი შეზღუდვები
    ჰკითხე მოდელს, რა თარიღამდე აქვს ინფორმაცია განახლებული. ხშირად ჰალუცინაცია ჩნდება იმ ინფორმაციის გარშემო, რაც მოდელის ტრენინგის შემდეგ განვითარდა.
  2. დააკვირდი ენის ინტონაციას
    GPT იყენებს ერთსა და იმავე დამაჯერებელ სტილისტიკას სიმართლისა და ჰალუცინაციის დროსაც. როცა პასუხი ძალიან დამარწმუნებელია, მაგრამ არ იძლევა დეტალებს — სიფრთხილეა საჭირო.
  3. შეამოწმე უცნობი ავტორები ან ციტატები Google Scholar-ზე
    დასერჩე ციტატა — თუ არ იძებნება, სავარაუდოდ, ეს ტექსტი თავად AI-მ „შეთხზა“.
  4. ტექსტის ჟანრული მიზნობრიობის გააზრება
    თუ მოთხოვნილი კონტენტი მხატვრულია,— ჰალუცინაცია შესაძლოა იყოს შემოქმედებითი და არა მცდარი.

მხატვრულ ტექსტებში ჰალუცინაციას შთაგონების ფუნქცია აქვს, მაგრამ   სამეცნიერო კონტექსტში — კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიზუსტე.

  1. დაუსვი GPT-ს პირდაპირი კითხვა:

„შეიძლება ეს იყოს ჰალუცინაცია?“ ან „შეიძლება, ეს ინფორმაცია არ იყოს ზუსტი?“
ამ დროს მოდელი ხშირად აღიარებს თავის შეზღუდვებს და რჩევას გაძლევს, გადაამოწმო.

      ჩატბოტების ჰალუცინაციაზე წაიკითხეთ აგრეთვე:

  1. Brown, T. B., Mann, B., Ryder, N., Subbiah, M., Kaplan, J., Dhariwal, P., … & Amodei, D. (2020).
    Language Models are Few-Shot Learners.
    Advances in Neural Information Processing Systems, 33, 1877–1901.
    https://arxiv.org/abs/2005.14165
  2. Bender, E. M., Gebru, T., McMillan-Major, A., & Shmitchell, S. (2021).
    On the Dangers of Stochastic Parrots: Can Language Models Be Too Big?
    Proceedings of the 2021 ACM Conference on Fairness, Accountability, and Transparency, 610–623.
    https://doi.org/10.1145/3442188.3445922
  3. Ji, Z., Lee, N., Frieske, R., Yu, T., Su, D., Xu, Y., … & Wang, H. (2023).
    Survey of Hallucination in Natural Language Generation.
    ACM Computing Surveys.
    https://arxiv.org/abs/2302.00923
  4. Marcus, G., & Davis, E. (2020).
    GPT-3, Bloviator: OpenAI’s language generator has no idea what it’s talking about.
    MIT Technology Review.
    https://www.technologyreview.com/2020/08/22/1007539/gpt-3-openai-language-generator-artificial-intelligence-ai-opinion/
  5. Weidinger, L., Uesato, J., Rauh, M., Griffin, C., Mellor, J., Huang, P. S., … & Gabriel, I. (2022).
    Taxonomy of Risks Posed by Language Models.
    arXiv preprint.
    https://arxiv.org/abs/2112.04359
  6. Zellers, R., Holtzman, A., Bisk, Y., Farhadi, A., & Choi, Y. (2019).
    Defending Against Neural Fake News.
    Advances in Neural Information Processing Systems, 32.
    https://arxiv.org/abs/1905.12616

 

პრივილეგიების მაძიებელი მშობლები

0

მოსწავლეთა მშობლების მრავალფეროვან საზოგადოებაში არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, თვალში მოხვდნენ მასწავლებელს და სხვებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვონ. ზოგიერთი მშობლისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიზნის მისაღწევად მაამებლობის სტრატეგიასაც კი იყენებენ. გამუდმებით პირად კავშირზე არიან პედაგოგთან, თუმცა არა ყოველთვის შვილის კეთილდღეობისთვის; მზად არიან, გაუზიარონ მათთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია, განურჩევლად იმისა, რას დააზიანებენ ამით; გაანებივრონ, მოიმადლიერონ საჩუქრებით და ა.შ.

პედაგოგისა და სკოლის ადმინისტრაციის კმაყოფილება ასეთი მშობლებისთვის შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, ამიტომ ისინი თითქმის არასოდეს ერთვებიან ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობაში, არასოდეს ელაპარაკებიან მასწავლებელს ან დირექციას სკოლაში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ პირველები აქტიურდებიან, როცა სკოლას მშობლების პოზიტიური ჩართულობა სჭირდება, საექსკურსიო ადგილის შერჩევა იქნება ეს, რაიმე ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, საჩუქრებისთვის თანხის მობილიზება,  ბანკეტის დეტალების გადაწყვეტა თუ სხვა.

ცხადია, ეს ყველაფერი ცუდი არ არის. ცუდია ის, რომ პრივილეგიების მაძიებელი მშობელი ერთპიროვნულად ადგენს მოქმედების წესებს ყველასთვის.

პრივილეგირებული მშობლები, წესისამებრ, ლიდერობენ კლასში და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინონ დანარჩენებს, რომელიც სკოლის ადმინისტრაციისთვის ყველაზე მოსაწონი იქნება.

რა ამოძრავებთ პრივილეგიების მაძიებელ მშობლებს?

  • სურთ, მათი შვილები არ დაიჩაგრონ, ყურადღების მიღმა არ დარჩნენ და, რაც მთავარია, ბავშვების აკადემიური მოსწრება მაღალი ქულებით ფასდებოდეს.
  • სურთ, არაფერი გამორჩეთ, ყველაფერში ყოველთვის პირველები და გამორჩეულები იყვნენ.
  • სურთ, საჭირონი იყვნენ მასწავლებლებისთვის, რათა მუდმივად შეეძლოთ გავლენის შენარჩუნება.
  • სურთ, სასკოლო ავტორიტეტების თვალში მათთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო ემოციასთან ასოცირდებოდეს.

რა საფრთხე ახლავს კლასში ასეთი მშობლის ყოფნას და რა შეიძლება მოხდეს, თუ მას ბოლომდე მიეცა გასაქანი?

პრივილეგიების მაძიებელი მშობლები ნაკლებად უსმენენ შვილს, მის თანაკლასელებს, სხვა მშობლებს. ისინი ნაკლებად მგრძნობიარები არიან სხვა მშობლების საჭიროებებისა თუ მოსაზრებების მიმართ.

  • ასეთ შემთხვევაში თითქმის გარდაუვალია კონფლიქტი მშობლებს შორის, რომელიც შესაძლოა სკოლის შენობის გარეთ მოხდეს, თუმცა შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუარესოს ბავშვების ურთიერთობა საკლასო ოთახში.
  • თუ პრივილეგიების მაძიებელი მშობელი საკუთარ სურვილებს არგებს დაგეგმილ ღონისძიებებს და არ ითვალისწინებს სხვა ოჯახების შესაძლებლობებს, შესაძლოა, რომელიმე ბავშვის აუცილებელი საჭიროებები დაუკმაყოფილებელი დარჩეს.
  • თუ პრივილეგიების მაძიებელი მშობლის მოქმედების გამო მისი შვილი სარგებლობს უპირატესობით, შესაძლოა, სხვა ბავშვებს გაუჩნდეთ უსამართლობის განცდა, მიიღონ სტრესი, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ ასეთი მშობლებისგან მომავალი საფრთხე შეამციროს და პროცესები ჯანსაღად წარმართოს?

  • აქტიურად ჩართოს პრივილეგიების მაძიებელი მშობელი სასკოლო პროექტებში და მისი ენერგია ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობისკენ მიმართოს.

სკოლაში უამრავი გამოწვევაა, რომელსაც პედაგოგი ენერგიული მშობლის გარეშე თავს ვერ გაართმევს. სწორედ აქ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც სურს, სკოლასთან ახლოს იყოს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, მშობელი ისეთ აქტივობებში ჩართოს, რომლებიც არა მხოლოდ მის შვილს, არამედ სხვა ბავშვებსაც მოუტანს სარგებლობას. ამავე დროს, აუცილებელია მშობლის წახალისება ჯანსაღი ქმედებებისთვის; აუხსნას, რომ მისი მთავარი უპირატესობა ბევრი ბავშვისთვის სასარგებლო საქმეში მონაწილეობაა.

პრივილეგიების მაძიებელ მშობელთან პირად საუბარში მასწავლებელს შესაძლოა იმის ახსნაც დასჭირდეს, რომ, მშობლის პატივისცემის მიუხედავად, ნიშნის მომატებით დათვურ სამსახურს გაუწევს მის შვილს, რადგან ასე ბავშვი მიეჩვევა დაუმსახურებელ ჯილდოს და ვერ გამოიმუშავებს მიზნისკენ დამოუკიდებლად და სამართლიანი წესებით სწრაფვის უნარს. ამავე დროს, სხვა ბავშვებისთვის ეს შესამჩნევი, ობიექტურად საწყენი და ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი იქნება.

მასწავლებელმა ასეთ მშობელს ისიც უნდა აუხსნას, რომ სასკოლო აქტივობები ცალკეული ოჯახების შესაძლებლობებს ვერ მოერგება, რადგან კლასში სხვადასხვა შეძლების ბავშვები სწავლობენ. უპირატესობა კი უნდა მიენიჭოს არა შთამბეჭდავ სცენარებს, არამედ ისეთ აქტივობებს, რომლებშიც ყველა შეძლებს მონაწილეობას და ასეთ შედეგზე გასასვლელად აუცილებელია მშობლებს შორის თანასწორი დიალოგი.

ცხადია, მასწავლებელი მშობლის ხასიათის თავისებურებებს ვერ შეცვლის, მაგრამ მის რეაქციებზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჯანსაღი საკლასო კლიმატის შენარჩუნება. თუ პედაგოგი ხელს შეუწყობს ასეთ მშობელს, შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილმა ყველა ზიანმა ერთად იჩინოს თავი, რაცონალური მიდგომით კი პედაგოგი შეძლებს, პრივილეგიების მაძიებელი მშობლები აქციოს სკოლის პროგრესის მნიშვნელოვან აქტორებად, რათა მათი ენერგია და პოტენციალი კლასის განვითარებას მოხმარდეს.

კონსტრუქტივისტული აქტივობა – თემურ ლენგი და საქართველო

0

ამ სტატიის მიზანია განვიხილო ერთ-ერთი საკითხის  სწავლება ისტორიაში  კონსტრუქტივისტული მიდგომის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლეებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პროცესში, გაიაზრონ, შეაფასონ ისტორიული წყაროები და შეაჯერონ განსხვავებული ისტორიული ინტერპრეტაციები.

კონსტრუქტივიზმი წარმოადგენს სწავლების თეორიას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ცოდნა არ არის მხოლოდ იმ ფორმით გადაცემული, როგორც ნამდვილი ფაქტები, არამედ ეს არის აქტიური პროცესის შედეგი, რომლის დროსაც მოსწავლეები თვითონ ქმნიან და  აგებენ ცოდნას. კონსტრუქტივისტული მიდგომა ეყრდნობა იმ აზრს, რომ ადამიანი უკეთ სწავლობს მაშინ, როცა მას აქვს შესაძლებლობა, გამოიმუშაოს ახალი იდეები და გაგება საკუთარ გამოცდილებაზე და ურთიერთობებზე დაყრდნობით. კონსტრუქტივისტი მასწავლებელი არ აწვდის მოსწავლეებს მზა ცოდნას, არამედ ეხმარება მათ, რათა მათ შეძლონ გაიაზრონ, შეისწავლონ და დაამყარონ საკუთარი ცოდნა.

კონსტრუქტივიზმი მხარს უჭერს თანამშრომლობით სწავლას, პრობლემებზე გადაჭრის აქტიურ პროცესში მონაწილეობას და კრიტიკულ აზროვნებას. ამ მიდგომაში მოსწავლეები თავად ეძებენ პასუხებს, ხოლო მასწავლებელი მოქმედებს, როგორც მენტორი, რომელსაც გააზრებული სწავლებას უწევს ხელმძღვანელობა. კონსტრუქტივისტული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებს ღრმა და ფუნდამენტური გაგების მიღწევაში, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია მათი მომავალი წარმატებისთვის.

მინდა გაგიზიაროთ  კონსტრუქტივისტული აქტივობა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ისეთი საკითხის სწავლებისას როგორიცაა –  თემურ ლენგი და საქართველო.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობლის თემურ ლენგის ცხოვრება და მოღვაწეობა ყოველთვის იყო მეცნიერთა დიდი ინტერესის საგანი. თემურ ლენგის თანამედროვე და მომდევნო ხანის მემატიანეთა ცნობებზე დაყრდნობით, ქართულ ისტორიოგრაფიაში დაწვრილებით არის გაშუქებული მისი საქართველოში რვაგზის შემოსევა. ერთსულოვანია ყველა მკვლევრის შეფასება, რომ საერთოდ თემურ ლენგის ლაშქრობებისათვის დამახასიათებელი სისასტიკე საქართველოში კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო რელიგიური ფაქტორის გამო. თემურ ლენგი  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამპყრობლია, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ისტორიაზე.

თემურ ლენგის ეპოქა და  საქართველო – მასწავლებლის ამოცანა ამ გაკვეთილის ფარგლებში არის მოსწავლეებს გააცნოს თემურ ლენგის ეპოქა და მისი ურთიერთობა საქართველოსთან. გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები ისწავლიან, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ისტორიული მოვლენა სხვადასხვა წყაროს მიხედვით განსხვავებულად იყოს აღწერილი და გაანალიზებული.  მათ ეძლევათ შანსი, რომ გააანალიზონ, როგორ შეიძლება განსხვავებული აღქმა არსებობდეს ერთი და იგივე მოვლენაზე.

ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეები იყოფიან 3-4 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა კონკრეტული წყარო, რომლის მიხედვითაც  მათ უნდა შეისწავლონ თემურ ლენგის შემოსევები და მათი განზოგადებული შედეგები. ჯგუფები მუშაობენ შემდეგ წყაროებზე:

  • ქართული წყარო – რომელშიც აღწერილია თემურ ლენგის შემოსევა საქართველოში, როგორც ისტორიული ფაქტები.

  • სხვა ქვეყნის  მემატიანეები – თემურ ლენგის პიროვნების, მისი მმართველობისა და  მოვლენების აღმწერები   სხვადასხვა  თვალთახედვიდან.

  • თემურ ლენგის ბიოგრაფიიდან ამოღებული ტექსტები – თავად თემურ ლენგის ან მისი მემატიანის  მიერ დაწერილი ან აღწერილი მოვლენები.

  • თანამედროვე ისტორიკოსების ხედვა – მემატიანეების ან ისტორიკოსების თანამედროვე კვლევები, რომლებიც  წერენ თემურ ლენგის ეპოქაზე და მის შემოსევებზე.

დავალება ჯგუფებისთვის

ჯგუფების დავალებაა:

  1. შეისწავლონ, როგორ არის აღწერილი თემურ ლენგის შემოსევები თითოეულ კონკრეტულ წყაროში.

  2. გამოავლინონ ძირითადი მიზეზები, მოტივები და შედეგები, რომლებიც აღწერილია ამ წყაროებში.

  3. განიხილონ, რატომ შეიძლება სხვადასხვა მხარეს ჰქონდეს განსხვავებული ხედვა ერთსა და იმავე მოვლენაზე.

  4. მოამზადონ პრეზენტაცია ან პოსტერ-გამოფენა, სადაც ისინი წარმოადგენენ თავიანთ დაკვირვებებს და შედეგებს.

დისკუსია და რეფლექსია კლასში

თითოეული ჯგუფი წარადგენს თავის ხედვას და შედეგებს, რასაც მოყვება საერთო დისკუსია, სადაც მასწავლებელი მართავს მსჯელობას იმაზე, როგორ განსხვავდება ისტორიული ინტერპრეტაციები და რატომ არის მნიშვნელოვანი  ანალიზი გაუკეთდეს სხვადასხვა ისტორიულ წყაროებს.

მოსწავლეთა უნარები

ამ აქტივობის მიზანია, რომ მოსწავლეებმა განავითარონ შემდეგი უნარები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარი – ისინი ისწავლიან, როგორ შეაფასონ სხვადასხვა წყარო და მათი სანდოობა.

  • წყაროს ანალიზი – როგორ გავაანალიზოთ ისტორიული ფაქტები სხვადასხვა თვალსაზრისიდან.

  • ისტორიული პერსპექტივის დანახვა – გავაანალიზოთ, როგორ შეიძლება სხვადასხვა ისტორიული წყაროს აღქმა   განსხვავებული  პერსპექტივიდან.

  • საკუთარი აზრის ფორმულირება და არგუმენტაცია –  როგორ დავაფუძნოთ ჩვენი აზრები და არგუმენტაცია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.

ეს აქტივობა წარმოადგენს კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რადგან მოსწავლეები არ იღებენ ინფორმაციას მზა სახით, არამედ თავად იკვლევენ და ანალიზებენ სხვადასხვა წყაროებს. ისინი მუშაობენ ჯგუფებში, განიხილავენ განსხვავებულ ხედვებს, აფასებენ წყაროების სანდოობას და ქმნიან თავიანთ წარმოდგენას თემურ ლენგის შემოსევებზე.

ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების ისტორიული აზროვნების განვითარებას და აძლიერებს მათი უნარს, რომელიც აუცილებელია  ისტორიული ანალიზისათვის. მრავალ წყაროზე დაფუძნებული კვლევა და სხვადასხვა ინტერპრეტაციის განხილვა   უფრო ღრმა გაგების საშუალებას აძლევს მოსწავლეს, რომლებიც შეისწავლის ისტორიულ მოვლენებს.

მარტის ფიქრები #2

0

კვირაში ორჯერ მაინც მახსენდება სცენა, ზამთრის სხვა სუნის დამტევი ღამეების, ახალ წლამდე ხელის გაწვდენაზე რომ დროა და ადამიანები სხედან ჯორკოებზე. მუხლებზე კალთა აქვთ გაკეთებული – ქალებს საკუთარი კაბებით, კაცებს ჯვალოს ტომრით. ეს ადამიანები ჩემი მეზობლები არიან. ერთი მეც ვარ.

ცენტრში დგას პატარა, შავ-თეთრი ტელევიზორი, დიდწილად – აკუმულატორზე შეერთებული. თავის მხრივ, აკუმულატორის საქმე ამგვარია: შეიკრიბა ფული, ოჯახიდან 50 თეთრი. ეს ფული ჩაბარდა ილიას, რომელსაც ჰყავს ჟიგული, რომელიც თავის მხრივ, არა და არ ჩაჰბარდა პატრონს. იმას, ზეციურს, თორემ აქაური ილიაა. ილიამ იყიდა ბენზინი ბიდონით ბორისის გარაჟში (ავტოფარეხი, მოგეხსენებათ, ძალიან არაგურულად ჟღერს), გარაჟს ეწერა – „ბენზინი, სალიარკა, ჟუაჩკა, სოსისი“ და ჟიგულმა დაარტყა საპატიო წრე ქალაქ ოზურგეთს. აკუმულატორი მზად იყო სერიალს და ასე განსაჯეთ, მოამბესაც კი გაწვდენოდა, ვიდრე ტელე-სინე-ვიდეომდე. მანდ კვდებოდა ჩემს ოცნებასთან ერთად, მენახა ნაღდი ფილმი. ბოლომდე.

ჰოდა, ვზივართ. ერთად ვარჩევთ თხილს და სერიალს.

– დედა, აბდალია თლა აი ხუაინი!

– ე, შე მართლა აბდალა, ამფერი ანგელოზივით გოგო ოთახში გყავს და ბრუციანი ხარ თუ რა ხარ, სა იყურები!

– აი, სერიალია ცა და იმიზა წელავენ, თვარა ნორმალური კაცი ეტყოდა ახლა ორ სიტყვას…

– ორ სიტყვას კი არა, გენადიე რომ იყოს ახლა მაქანე, უკვე ნაკოცნი ექნებოდა!

გრძელდება სერიალი. მცირე რეკლამის შემდეგ ჩნდება მონიკა.

– აი, ახლა ძველი დროია და მაშინც აჩენდენ ქალები მკერდს ცა! მარა ამ ლელაიას, ჩემსას, ვერ შევაგნებიე, რომ ქალს რაცხა ლამაზი აქ, იი უნდა გამუაჩინოს – აცვია სამასი წლის მალაზონივით. არადა, იმფერი ლამაზი ფეხები აქ, თლა ჩემს დას გავს, ცუგაიას! მადონა, ხომ გახსოვს შენ ცუგაია?

– მონიკა, როცა დაგინახე – ამბობს თავის მხრივ ხუანი გაღმა კონტინენტიდან – იმწამს ავღელდი ძვირფასო. მაგრამ, ხომ იცი, ჰაიმე..

– რა ჰაიმე?! – ამბობს მონიკა.

– რა ჰაიმე? ჰაიმე თქვა, თუ მომეყურა რაცხა?! – შეცხადების ზღვარზეა ჩიტო.

– დედა, ლელას უყურეთ, ცა, რაფერ ჩქარა ავსებს ვედრას! – მოულოდნელია მაყვალა.

მეზობლები თვალს წყვეტენ ეკრანს და ლელას უყურებენ.

ამ დროს, ჩემი მეზობლების თვალმორიდებული ხუანი დროს იხელთებს და მონიკას კოცნის. ტუჩებში.

– ძალიან ჩქარი და სულსწრაფი ხარ მაინც. მართლა! – ამბობს მონიკა.

– ძალიან ჩქარა ავსებს. მართლა! – ამბობენ მეზობლები.

და აი, ვიხსენებ იმ ქალებს და კაცებს, მსხდართ ეკრანთან – მიშტერებული მზერით, ოდნავ წყლიანი თვალებით, ყანყალა ჯორკოებზე გამაგრებულებს, როგორ უცქერიან შორეული ბრაზილიის თუ ვენესულის ყოფას – როგორც რომ ლამა გასცქერის სივრცეს, სადღაც შორს, ყველაფრის გადაღმა.

და მერე წავიდოდნენ, ლამფას აანთებდნენ სახლში. მერე ლოგინში შეწვებოდნენ. და ალბათ ცოტა ხანს იქაც ღია ჰქონდათ თვალები – კვლავაც ოდნავ წყლიანი.

რა დამავიწყებს იმ ღამეებს? არაფერი. ვერაფერი.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...