მსოფლიოში რთული გლობალური პროცესები და ცვლილებები მიმდინარეობს. თანამედროვე სამყაროში, პოლიტიკურ იდეოლოგიებში გარკვევა, მათი ავკარგიანობის გააზრება დღეს მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს. გარემოში, სადაც რადიკალური იდეები და ავტორიტარიზმის საფრთხე სულ უფრო აქტუალური ხდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება, რათა ერთგვარი იმუნიტეტი გამოვუმუშაოთ საშიში რადიკალური იდეოლოგიების მიმართ.
პოლიტიკური იდეოლოგიები საგან მოქალაქეობის ფარგლებში IX და XI კლასებში ისწავლება.
თეორიულ მასალაზე მუშაობის პარალელურად, ვცდილობთ, დავსვათ კრიტიკული კითხვები და შემდეგ გავცეთ პასუხები. ერთ-ერთ ასეთ კითხვას წარმოადგენს: რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ეპოქაში მკაცრი ავტორიტარული თუ ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება ისეთ სახელმწიფოში, სადაც იყო დემოკრატიული/ჰიბრიდული გარემო?
პასუხების ძიებამ მიგვიყვანა ფილმამდე „ტალღა“.
გერმანული ფილმი „ტალღა“ (Die Welle), დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და წარმოადგენს ერთგვარ „კარგ“ გაკვეთილს იმის შესახებ, თუ რა ადვილად შეიძლება დამყარდეს ავტორიტარული რეჟიმი და რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს რადიკალურ იდეოლოგიას მთელი საზოგადოებისთვის.
ფილმი მოგვითხრობს საშუალო სკოლის მასწავლებლის რაინერ ვენჯერის ექსპერიმენტზე, სადაც ის ცდილობს, მოსწავლეებს აჩვენოს, როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს დიქტატურა. ერთი შეხედვით უწყინარი ექსპერიმენტი სწრაფად იღებს სახიფათო სახეს. ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც ჯგუფი საკუთარ თავს „ტალღას“ უწოდებს. ამის შემდეგ, ჯგუფის წევრები ქმნიან და ამკვიდრებენ მკაცრ წესებს, შემოაქვთ სიმბოლოები. კონსპირაციული ჯგუფის წევრები და მათი ხელმძღვანელი, მასწავლებლის სახით, ამკვიდრებს ერთგვაროვანი ქცევის მოდელს. მოსწავლეები, რომლებიც თავდაპირველად უბრალოდ გატაცებულნი იყვნენ ახალი როლით თუ წამოწყებით, თანდათან კარგავენ ინდივიდუალურობას და უსიტყვოდ ემორჩილებიან ჯგუფის ლიდერსა და წესებს.
ფილმი ნათლად აჩვენებს, როგორ ვითარდება ეს პროცესი – ინდივიდუალიზმის დაკარგვიდან გაგრძელებული აზრის თავისუფლების შეზღუდვით და დამთავრებული ძალადობრივ დაპირისპირებამდე მათთან, ვინც „ტალღის“ ნაწილი არ არის. ჯგუფის წევრები განსაკუთრებით აგრესიულნი არიან იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებიც ექსპერიმენტის დასაწყისში გუნდში იყვნენ და შემდეგ გააცნობიერეს ამ წამოწყების პრობლემურობა, ხოლო ლოიალური ხდებიან მათ მიმართ, ვინც შემდეგ უერთდება მათ.
რატომ უნდა ვუყუროთ მოსწავლეებთან ერთად „ტალღას“ და მის რომელ ასპექტებზე გავამახვილოთ ყურადღება?
- ავტორიტარიზმის მექანიზმების გაგება – ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ იბადება დიქტატურა ყოველდღიურ გარემოში, ერთი შეხედვით უწყინარი ექსპერიმენტიდან. ის გვაჩვენებს მასებით მანიპულირების მაგალითებს. კარგად არის ახსნილი, როგორ ქრება ინდივიდუალური აზრი და როგორ ხდება ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობა. მოსწავლეები ნათლად დაინახავენ, რომ ავტორიტარიზმი არ არის შორეული მოვლენა ისტორიული წიგნებიდან, არამედ რეალური საფრთხე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას იჩინოს თავი.
- ჯგუფური ზეწოლისა და კონფორმიზმის ანალიზი – „ტალღა“ შესანიშნავად წარმოაჩენს ჯგუფური ზეწოლის ძალას და იმას, თუ რა ადვილად შეიძლება დაემორჩილოს ადამიანი უმრავლესობის აზრს, საკუთარი ღირებულებების ან საღი აზრის საწინააღმდეგოდ.
- კრიტიკული აზროვნების განვითარება – ფილმი ტოვებს სივრცეს დისკუსიისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა და განსხვავებულობის მიღება. გააანალიზონ ფილმის პერსონაჟების ქცევა, ამოიცნონ მანიპულაციის ტექნიკები და გამოიტანონ საკუთარი დასკვნები.
- რადიკალური იდეოლოგიების საფრთხის გააზრება – ფილმი ნათლად აჩვენებს, თუ რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთიანი, რადიკალური იდეოლოგიის გავრცელებას, რომელიც არ ითვალისწინებს განსხვავებულ აზრს და მიმართულია „სხვების“ ან უხილავი თუ გამოგონილი მტრების წინააღმდეგ.
სადისკუსიო კითხვების ჩამონათვალი:
- როგორ მოახერხა მასწავლებელმა, რომ დემოკრატიულ გარემოში მცხოვრები ახალგაზრდების ძალადობრივ და რადიკალურ ჯგუფად გარდაქმნა?
- როგორ გრძნობდნენ თავს მოსწავლეები ამ ექსპერიმენტის დროს?
- როგორ იქცა ერთობა და დისციპლინა საფრთხედ?
- რას ფიქრობ ექსპერიმენტის მორალურ მხარეზე – მასწავლებლის მოქმედება გამართლებულია თუ არა? რატომ?
- სად გადის ზღვარი გუნდურობასა და ბრმად დამორჩილებას შორის?
- როგორ გგონია, შეიძლება თუ არა მსგავსი მოვლენები დღესაც განმეორდეს? რატომ?
- როგორ განსხვავდება ტოტალიტარული რეჟიმი დემოკრატიულისგან?
ფილმის ერთობლივი ყურებისა და დისკუსიის შემდეგ სასურველია, მოსწავლეებმა შეასრულონ შემდეგი დავალებები:
დავალება I – პარალელები ისტორიიდან
იპოვეთ მინიმუმ ერთი ისტორიული მაგალითი ტოტალიტარული რეჟიმიდან და შეადარეთ ფილმში აღწერილ სიტუაციას:
- როგორ ჩამოყალიბდა ლიდერის კულტის იდეოლოგია?
- რა როლი ჰქონდა განათლებას, პროპაგანდას, მედიას?
- როგორ რეაგირებდნენ ადამიანები განსხვავებული აზრის გამოთქმაზე?
დავალება II – „შეუმჩნეველი ავტორიტარიზმი“
მიზანი: ყოველდღიურ ცხოვრებაში ავტორიტარული ტენდენციების შემჩნევა.
აღწერა: ერთი კვირის განმავლობაში აწარმოვეთ დაკვირვების ჟურნალი და ჩაწერეთ:
- საზოგადოებაში/სკოლაში შემჩნეული ავტორიტარიზმის გამოვლინების მაგალითები;
- ჯგუფური ზეწოლის შემთხვევები;
- კონფორმიზმის (ადამიანის მიდრეკილება, მოერგოს ჯგუფის ნორმებს, ქცევებს, აზრებს ან შეხედულებებს – საკუთარი აზრის ან სურვილის საწინააღმდეგოდაც კი – იმისთვის, რომ მიიღონ ან არ გააკრიტიკონ) მაგალითები;
- ხელისუფლების/ავტორიტეტის მიმართ უკრიტიკო მორჩილების ფაქტები.
მომდევნო გაკვეთილზე მოაწყვეთ პრეზენტაცია და დისკუსია: „როგორ ვლინდება შეუმჩნეველი ავტორიტარიზმი ჩვენ ირგვლივ?“.
საქართველოს დღევანდელ რეალობაში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები კვლავ მყიფეა, ეს ფილმი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ხაზს უსვამს პოპულიზმის საფრთხეებსა და ჯგუფური აზროვნების ნეგატიურ შედეგებზე. მოსწავლეებმა ამ ფილმის შემდეგ შეიძლება ისწავლონ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა და საკუთარი პოზიციის დაცვის აუცილებლობა მაშინაც კი, როდესაც უმრავლესობა საწინააღმდეგო აზრზეა. ფილმი ეხმარება ახალგაზრდებს გააცნობიერონ, რომ დემოკრატიული საზოგადოების შენარჩუნება მუდმივ სიფხიზლესა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს.