პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

თურმელების მითოპოეტური სამყარო

0

(თამრი ფხაკაძის რომანი „ჩვენ, თურმელები“)

მითოპოეტურობა უახლესი ქართული ლიტერატურის ერთი დამახასიათებელი შტრიხია. ვგულისხმობთ  ჯემალ ქარჩხაძის, თამაზ ბიბილურის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის, ოთარ ჭილაძის, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას. ისინი სხვადასხვა კონტექსტში და ნაირგვარი ინტერპრეტაციით ხშირად იყენებენ უნივერსალურ მითოლოგიურ არქეტიპებს, რათა თავიანთი სათქმელი სიღრმითა და მეტი მრავალმნიშვნელოვნებით დატვირთონ. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე მწერლებს შორის გამორჩეულია თამრი ფხაკაძე, რომლის ბოლო რომანი „ჩვენ, თურმელები“  სწორედ ამ მითოპოეტურობით არის გამორჩეული. იგი ცდილობს და ახერხებს კიდევაც რაციონალურ და ირაციონალურ, მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის ფარული კავშირები დაგვანახვოს. მისი რომანის მითოპოეტურობაში სწორედ ამას ვგულისხმობთ. პერსონაჟთა თუ მხატვრულ სახეთა მეტაფორულობა და სიმბოლურობა მკითხველს ეხმარება, რომ არა მხოლოდ  ნაწარმოების ზედაპირზე იტივტივოს,  არამედ მის  სიღრმეებშიც ჩაყვინთოს.

ამ რომანში  ზღაპრული, მითოლოგიური „ამბები“ ისე ბუნებრივად და ლაღად შემოდის თხრობის მდინარებაში, რომ რეალურისა და მეტაფიზიკურის საზღვრები ქრება.  მითი, საზოგადოდ, გულისხმობს წამის მარადისობას და მარადიულის გამოვლენას წამში.  სწორედ წამისა და მარადისობის თანამყოფობა წარმოჩნდება რომანში. ამ ერთიანობას კი განაპირობებს ადამიანის მეხსიერება, რომელიც რასაც ვერ იტევს დასამახსოვრებლად, წიგნებსა და ნივთებში „ანაწილებს“. „ეს არაოდეს ყოფილა, ოღონდ ყოველთვის არის”_მითის განმარტებისას გრიგოლ რობაქიძე სალლუსტიუსის სწორედ ამ გამონათქვამს მოიხმობდა.  თომას მანი მითს მოზეიმე სიცოცხლის მოდელს უწოდებდა, რომლის მეოხებითაც წამი ხდებოდა განუზომლად დიდი, ხოლო პიროვნული არსებობა „თავს აღწევდა ვიწრო ჩარჩოებს“. წერილში „ფროიდი და მომავალი“ იგი წერდა: „ცხოვრება მითში… ერთგვარი ზეიმია. აქ წარსული გარდაიქმნება აწმყოდ, ის იქცევა რელიგიურ აქტად, ეკლესიის მსახური რომ აღასრულებს გარკვეული პროცედურების მერე. ის იქცევა ნადიმად, ყოველწლიურ ნადიმებად, წარსულის აღორძინებად აწმყოში“. თამრი ფხაკაძის ამ რომანში სწორედ ამ „მოზეიმე სიცოცხლეს“ ვხედავთ, რომელიც სიკვდილს თავის მასულდგმულებლად მიიჩნევს.

რომანში გამითებულია თურმელთა საგვარეულო, რომელიც ყოველთვის იქნება, რადგან წინაპარი და შთამომავალი დაკავშირებულია ერთმანეთთან არა მხოლოდ სისხლით, ბიოლოგიური მიჯაჭვულობით, არამედ სულიერი, ირაციონალური კავშირებით. ამგვარად, მითოლოგიურ კონტექსტი რომანის სიღრმისეული გააზრების ერთი მნიშვნელოვანი პლასტია.  გამჭვირვალეა რომანის სათაური. თურმელთა უკვდავების  გასაღები მათსავე გვარშია. ეს „თურმე“ ზღაპრისეულ, ლეგენდისეულ, მითოლოგიურ აქცენტებს აძლიერებს. თურმე არასოდეს გულისხმობს დამაჯერებლობას, არამედ  დაეჭვებულ წარმოდგენას რაიმეზე. მწერლისთვის ადამიანი, სიცოცხლე, სამყარო ამ ეგზისტენციალური „თურმეს“ საძირკველზე დგას. რეალურადაც ხომ ასეა. როგორც შოპენჰაუერი წერს, „სამყარო ჩემი ნება და წარმოდგენაა“. ამიტომაც რომანი ჟანრობრივად შეიძლება  მაგიურ რეალიზმის მივაკუთვნოთ, მასში არა მხოლოდ ცალკეული დეტალებია ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი, არამედ რომანის მთელი სტრუქტურა, პერსონაჟთა სახეები, თხრობა ექვემდებარება პრინციპს, რომლის მიხედვითაც, უხილავი სამყაროც ისეთივე რეალურია, როგორიც რაციონალური, მატერიალური. ამიტომაც ბუნებრივად აღიქვამს მკითხველი რომანში მოთხრობილ ისეთ ამბებს, რომლებიც მატერიალური სამყაროს კანონებს არ ემორჩილება  (უხილავი მოდარაჯე ძაღლი, დამდნარი ცვილის მდინარე, სასახლეში მობორიალე აჩრდილი და სხვ.).

რომანის სტრუქტურა თურმელთა საგვარეულოს ამბებს ეფუძნება. მწერალი ცალკეული თურმელის პიროვნულ დრამას, ბედნიერებასა და ტკივილს კონკრეტული ამბებით გადმოგვცემს. ამგვარად, მკითხველის შთაბეჭდილებაში აღიბეჭდებიან პიროვნული თავისებურებებითა და უცნაური ცხოვრებისეული თავგადასავლებით გამორჩეული პერსონაჟები.

რომანის ერთი გამოკვეთილი პერსონაჟია სახლი. თურმელთა თაობები იცვლებიან, მაგრამ არ იცვლება სახლი, როგორც ფუნდამენტი, კერა, როგორც სასიცოცხლო ცენტრი, რომელიც ყველა თურმელს, ცოცხალსაც და გარდაცვლილსაც, მუდმივად გულისხმობს. იგი შემოიკრებს წინაპარსაც და შთამომავალსაც და მათ შორის მტკიცე კავშირს უზრუნველყოფს. ის ცენტრია, რომლის უახლეს თუ უშორეს ორბიტებზე „ტრიალებენ“, ცხოვრობენ თურმელები. სახლისთვის ამგვარი მითოლოგიური შინაარსის მინიჭებით მწერალი მას  თვითონ სამყაროსთანაც აიგივებს, რომელიც მარადიულად იარსებებს: „სახლში მოგზაურობდნენ. სახლის მთა-გორებზე, სახლის ველ-მინდვრებზე, სახლის შარაგზებსა და ბილიკებზე დადიოდნენ, სახლის დედამიწას გარს უვლიდნენ, ზოგან  ზაფხული იდგა, ზოგან_ ზამთარი“. მწერლისთვის ღირებულია არა  მხოლოდ კანტისეული ხილული, ფენომენების სამყარო, არამედ მისი ინტერესის სფერო ნოუმენების წვდომაცაა. ის ცდილობს ჩასწვდეს, თუ  რას წარმოადგენს საგანი თუ მოვლენა თავისთავად  და მერე სიტყვათა მეშვეობით გამოხატოს. ამგვარად, გამოიკვეთება მწერლის სურვილი, რომ მკითხველთან ერთად იმოგზაუროს სიცოცხლის პირველსაწყისების საიდუმლო მხარეში. პირველსაწყისები კი განმეორებულ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებში ცხადდება. თურმელთა საგვარეულოს „უკვდავება“ სწორედ ამ რიტუალთა განმეორებადობაში წარმოჩნდება. სახლის ცალკეული ოთახი საგანგებოდაა შერჩეული იმისთვის, რომ დროთა კავშირი არ დაირღვეს. მირჩა ელიადე წერს: „ადამიანთა ქმედებას, ისევე როგორც მათ გარშემო არსებულ საგნებს, დამოუკიდებელი საკუთრივ არსებითი  ნიშან-თვისების მაჩვენებელი ღირებულება არ გააჩნიათ. საგანი ან ქმედება მნიშვნელობას შეიძენს და ამით შესაბამისად რეალური გახდება, რადგან ისინი ამა თუ იმ გზით მონაწილეობენ იმ რეალობაში, რომელიც მათ მიღმა არსებობს“ („მარადიული დაბრუნების მითი“).   სახლის კედლებიც კი, რომლებზეც წინაპართა ხელით მოქარგულ-მოქსოვილი ფარდაგებითა თუ ნახატებით არის დამშვენებული, გამრავალფეროვნებულია წარწერებითაც: „ჩვენ, თურმელები, დაბადებამდეც და სიკვდილის მერეც ამ ფერწერის ნაწილი ვიყავით. ამ კედლებში ვმარადისდებოდით. ვგრძელდებოდით, არ ვმთავრდებოდით“. ამ ფრაზაში, რომელშიც გვარის მთლიანობაა წარმოჩენილი, ყურადღებას იქცევს ავტორისეული პოეტური ნეოლოგიზმი „ვმარადისდებოდით“, რომელიც ზუსტად და სიღრმისეულად წარმოაჩენს მოკვდავი ადამიანის კავშირს ღვთაებრივთან. ასეთი სიტყვათქმნადობის ნიმუში სხვაც არაერთია, რაც ამდიდრებს ავტორის ლექსიკურ არსენალს.

რომანისეული ერთობა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ის მთავარი ძარღვია, რომელიც მეხსიერებას საშუალებას აძლევს, რომ არ გაქრეს და გადაედინოს თაობიდან თაობაში. შეიძლება პრუსტისეული დაკარგული დროის ძიების მცდელობაც გაგვახსენდეს. შესანიშნავ დაკვირვებას გვთავაზობს ალბერ კამიუ თავის წიგნში „ამბოხებული ადამიანი“, კონკრეტულად  კი თავში „რომანი და ამბოხი“: „პრუსტის ნამდვილი სიდიადე ისაა, რომ სინამდვილეში დაწერა დაბრუნებული დრო, რომელიც კრებს გაფანტულ სამყაროს  და გახლეჩის ზღვარზე მას ახალ მნიშვნელობას ანიჭებს“; „პრუსტის შემოქმედება წარმოადგენს ადამიანის ამბოხის ყველაზე მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ მცდელობას მოკვდაობის წინააღმდეგ… ის ხდება სამყაროს ან ადამიანის მშვენიერების მოკავშირე სიკვდილისა და დავიწყების წინააღმდეგ  ბრძოლაში“  (კამიუ …). ამგვარ მეამბოხედ წარმოგვიდგება თამრი ფხაკაძეც ამ რომანის სახით, რადგან დროის წინააღმდეგ ილაშქრებს და არ აძლევს მას ერთი მთლიანის დაშლის საშუალებას. ამ მთლიანობის სიმბოლო კი, როგორც აღვნიშნეთ, თურმელების საგვარეულო სახლია.

ალბერ კამიუ რომანს „რეალური სამყაროს შესწორებად“ მიიჩნევს, რომელიც მეტაფიზიკურად ამთლიანებს რეალობაში დანაწევრებულ სამყაროს. თამრი ფხაკაძის რომანშიც არის ეს გამთლიანების მცდელობა. თურმელების  საგვარეულო სწორედ ამ მთლიანობის მონატრებაა. ეს პრობლემა რომანის მიხედვით შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ფილოსოფიურსა და ფსიქოლოგიურ, ასევე თანამედროვე სოციალურსა და პოლიტიკურ კონტექსტებში. აკაკი ბაქრაძემ თავის ცნობილ წერილში „მეცხრამეტე საუკუნე“ ზუსტად და მახვილგონივრულად გამოარჩია ეს მთავარი თემა, რომელიც დღესაც აქტუალურია. მისი აზრით, მეცხრამეტე საუკუნეში ეროვნულ დანაწევრებულობას, ცნობიერების რღვევას დაუპირისპირდა 4 მწერალი სხვადასხვა მხრიდან:  „სასოწარკვეთილებასა და განწირულებას მე-19 საუკუნის ქართულმა მწერლობამ ოთხი მხრიდან შეუტია: ნიკოლოზ ბარათაშვილის ეროვნული და პიროვნული თავისუფლების ამბოხით, რაფიელ ერისთავის სოფლის ყოფის მშვენიერებით, ილია ჭავჭავაძის ეროვნული და სოციალური პროგრამით და აკაკი წერეთლის შემოქმედებითი არსებობის სიხარულით. ამ ოთხ დარტყმას უნდა დაენგრია რუტინა და ქართველი ერისათვის ისტორიის ასპარეზი გაეკაფა“ ( ბაქრაძე   სკოლას).~

თამრი ფხაკაძე ერთგულია არა მხოლოდ ქართული მწერლობის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის ტრადიციისა იმ თვალსაზრისითაც, რომ ისიც ამას ცდილობს, თავისი  რომანით ცხოვრება ამ დაუნაწევრებელ მთლიანობად წარმოაჩინოს,  ერთ დიდ ხედ, რომელსაც უამრავი ერთმანეთისგან დაშორებული განსხვავებული  ტოტი აქვს, მაგრამ ფუნდამენტი, ძირი, ფესვი ერთი აქვს და ერთი საერთო წყაროდან იკვებება. ეს საერთო წყარო კი ის უნივერსალური ჰუმანისტური იდეალებია, რომლებიც ხელოვნებას მუდმივად აღელვებს და ადამიანში სიყვარულის, რწმენის, თავისუფლების, კეთილგონიერების, ღირსების გადარჩენას ემსახურება. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ რომანის სატიტულო გვერდზე ავტორის დახატული  თურმელთა გენეალოგიური ხეა, რომლის ტოტებზეც მიწერილია პერსონაჟთა სახელები.

თურმელობა, ზოგადად, შეიძლება, არა მხოლოდ ქართველობის, როგორც ეროვნული ფენომენის,  არამედ  კაცობრიობის სიმბოლოდაც  მივიჩნიოთ. რომანის მთავარი პროტაგონისტი თადეოზ თურმელი თურმელთა გვარის ერთგვარი თაურმდგენია, ის წმინდანიცაა და ცოდვილიც. სწორედ იგი განაპირობებს წინაპარსა და შთამომავალს შორის უწყვეტ კავშირს, ამიტომაცაა, რომ მისი საფლავი არსადაა. ის ერთ დღეს შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. იგი აგრძელებს არა მხოლოდ ირაციონალურ სულიერ თანამყოფობას თავის შთამომავლებთან,  არამედ რეალურადაც ხშირად ხედავენ მის სილუეტს, აჩრდილს სახლში. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ანთიმოზის მამას გილგამეში ერქვა. მწერალი მეტყველი ალუზიური სახელების ტრადიციას იყენებს. სახელები ზუსტად შეესაბამებიან პერსონაჟთა ბუნებას, მისწრაფებებს. გილგამეში მწერლობასთან არის დაკავშირებული. ის კაცობრიობის პირველი ლიტერატურული ნაწარმოების გმირია, რომლის ამბები თიხაზე დაწერილმა სიტყვებმა შემოინახა. ანთიმოზ თურმელი კი ანთიმოზ ივერიელსაც გაგვახსენებს, რომელიც სულიერ ცხოვრებასა და წიგნთან არის დაკავშირებული. ანთიმოზმა ააშენებინა ეს სახლი (სასახლე) დიადემის, სიმბოლურად, ღვთაებრივი ნიმუშის მიხედვით. სწორედ ანთიმოზის იდეა იყო, რომ ერთი ოთახისთვის სენაკი დაერქმიათ.

სენაკი  სახლის ერთი საკრალური ოთახია.  თვითონ ხომ უამრავი წელი გაატარა სენაკში, ბრძოლებში ჩადენილ ცოდვებს ინანიებდა. განსაკუთრებით ამძიმებდა მტრის ბავშვის მკვლელობა. მერე გაიგო, რომ ის ბავშვი გადარჩენილა, სწორედ ამან მისცა ახალი სასიცოცხლო ძალა და საერო ცხოვრებაში დროებით დააბრუნა. სახლის ცალკეულ ოთახში პროფანული სივრცე საკრალურად გარდაიქმნება, რადგან აქ „მეორდება“ ის, რასაც რომელიმე წინაპარი ასრულებდა. ამ ოთახებში თურმელთა თაობების არქეტიპული მისწრაფებები ცოცხლდება და მეორდება. აქ ხდება წარსულის რეაქტუალიზაცია.

ანთიმოზმა ჩაუყარა საფუძველი ტრადიციას, რომ ყოველი თურმელი 25, 50, 75 და ა.შ. ასაკში  შესულიყო  სენაკში და საგანგებოდ მოვარაყებულყდიან ეტრატის დიდ წიგნში თავისი ამბები ჩაწერა. ეს იყო რიტუალი, რომელსაც ყველა მოკრძალებით ასრულებდა. თანაც, სენაკში შესულ თურმელს  წიგნის ფურცელზე მხოლოდ მაშინ უნდა დაეწყო წერა, როდესაც მზის  პირველი სხივები დაეცემოდა  და გაანათებდა. სიმბოლიკით დატვირთულ რომანში მზის სხივის დაცემაც სიმბოლურად ღვთის ნიშნად, დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ. თითქოს თურმელი გამოდის ყოველდღიურობის მატერიალური სიბნელიდან და შედის ირაციონალურ ღვთაებრივ სინათლეში, სადაც წინაპართან კავშირს სწორედ დაწერილი სიტყვით ამყარებს.

რომანში წარმოჩენილ თურმელთა ბევრ  ამბავს  25 წლის  ლუკა თურმელი კითხულობს ამ სხივის მოლოდინში და მკითხველის თვალწინ ფერადი ხალიჩასავით,  რეტროსპექტიულად გადაიშლება სხვადასხვა თურმელის ცხოვრების ეპიზოდები, სიყვარულის, სიძულვილის, ღალატის, ერთგულების, თავგანწირვის ამბები.  როგორც აღვნიშნეთ, რიტუალთა, წეს-ჩვეულებათა ერთგულება მთავარი პირობაა გვარის ერთიანობის, წინაპარსა და შთამომავალს შორის ურყევი ურთიერთობისა.

მწერალს განსაკუთრებული სიმძაფრით, შთამბეჭდავად აქვს სიყვარულის, ვნების, თავდავიწყების ისტორიები მოყოლილი. ლუკა თურმელიც შეყვარებულია, როდესაც „სენაკში“ შედის. ამ შემთხვევაშიც, სიყვარულია მთავარი მოკავშირე უკვდავებისა.

რომანი დატვირთულია ბიბლიური ალუზიებითაც. სახლი მთაზეა, იქამდე მისასვლელად კი აღმართის ავლაა საჭირო. მთა ტრადიციული სიმბოლური გააზრებით, ღმერთთან შეხვედრის ადგილია. სახარებაში ვკითხულობთ: „ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა“.  ამიტომაც გადაურჩება ეს სახლი  ყველა განსაცდელს და რომანის ბოლოშიც ისე მყარად დგას, რომ არაფერი ემუქრება. რომანში ალუზია არის სახარებისეული „უძღები შვილისაც“.  ყველა თურმელი სხვადასხვა მიზეზით მიდის სახლიდან, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მაინც ბრუნდება. სახლიც ყოველთვის მზადაა მათთან შესახვედრად. ის თითქოს ცოცხალია, სუნთქავს, ფიქრობს. მშოლიურ მიწასთან კავშირი ისეთი ძლიერი და არქეტიპულია, რომ მისი ბოლომდე გაწყვეტა შეუძლებელია. ეს კარგად ჩანს ლუკა თურმელისა და ანანო  შავთვალას ნოსტალგიათა  მაგალითებზე. ამერიკაში გადახვეწილსა  და ლიუკ თურმანად გარდასახულს ფსიქოთერაპევტი მკურნალობს და მეხსიერებიდან  სამშობლოსთან დაკავშირებულ ყველა მოგონებას წაუშლის. მიუხედავად ამისა, პერსონაჟი სიკვდილის წინ თავის მშობლიურ სანახებს ხედავს და სჯერა, რომ საკუთარი ეზოს ხის ჩრდილში აბარებს სულს უფალს.  ასეთივე შთამბეჭდავია ანანო შავთვალას შეხვედრა სიკვდილთან, მას ღვთისმშობელი მიუძღვება მარადიული საუფლოსკენ.

თურმელთა მრავალფეროვანი ისტორიები ირეკლავს იმ პოლიტიკურ, სოციალურსა თუ კულტურულ მოვლენებს, რომლებიც საქართველოს ბედს განსაზღვრავდნენ. სავარაუდოდ, მეოცე საუკუნის 30-იანი წლების სასტიკი რეპრესიების ხანას ირეკლავს ეპიზოდი, რომელშიც, „დიდი ჩეკისტი, ვალიკო რ., ჩხრეკის ორდერით შემოლაჯებული, თვალებსვავი და ხმამყეფარე, თუმცა კი არავინ მიხმატკბილებია მასპინძელთაგან, უცბათ რაღაცნაირად წახდა, აირია“, მერე გაუგებრად და აუხსნელად თქვა, რომ ვერ აიყვანდა ერთ-ერთ ეჭვმიტანილ თურმელს, თუნდაც დაესაჯათ და წავიდა. აქაც სახლის მაგია წარმოჩნდება. ის არის ბოროტ ძალთაგან დამცველი ყველა მისი ბინადრისა.

რომანის დასაწყისი ბიბლიურ შესაქმეს მოგვაგონებს: „ჩვენ, ყველა, ვცხოვრობდით მთაზე, რომლის ფერხთით ოდესღაც ქალაქი გაშენდა. ჩვენ, ყველა, ვცხოვრობდით თეთრი, თლილი ქვის სახლში, რომლის წინკართან, ფილაქანზე, მშენებლებს ფერადი  ქვებით ჩაეკირათ წარწერა: „დრონი მეფობენ“.  ეს ორჯერ გამეორებული სტრიქონი „ჩვენ, ყველა, ვცხოვრობდით“ თხრობას არა მხოლოდ რიტმულობას სძენს, რაც რომანის ერთ-ერთი სტილური მახასიათებელია, არამედ აზრობრივადაც ტვირთავს. ის მკითხველსაც რთავს ამ „ყველაში“, რათა მანაც ამ დიდი „მთლიანობის“ ნაწილად იგრძნოს თავი.   რომანში ვხედავთ, რომ „დრონი მეფობენ“, მაგრამ, თანვე,  ადამიანის „მეფობასაც“ შევიგრძნობთ. ადამიანი იმარჯვებს დროზე იმ თვალსაზრისით, რომ იგი  მეხსიერებით აქრობს დროს. ყურადღებას იქცევს სახლის თეთრი ფერიც, რომელიც თავიდანვე მის ღვთაებრივთან კავშირზე, სიწმინდეზე მიგვანიშნებს. სახლის კარიც კი გვარის „მემატიანეა“, მასზე ამოტვიფრულია ყველა თურმელის დაბადებისა თუ მნიშვნელოვან მოვლენათა თარიღები. ამ სახლს, მართლაც, ერთგვარი „განმწმენდის“  ფუნქციაც აქვს. ერთ ეპიზოდში უცხო გამვლელი სარკმელში თვალს მოჰკრავს ანთებულ სანთელს და დაიჩოქებს სალოცავად. მას ეს სახლი თავისი იდუმალებით ეკლესია ეგონება.    გურამ დოჩანაშვილის კანუდოსშიც, თავისუფლების ქალაქში, თეთრი სახლებია. სახლის ეს სითეთრე მიანიშნებს მის მცხოვრებთა შინაგან თავისუფლებასა და სილაღეზე, რასაც ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ავლენენ.

ქალაქი კი ქვემოთ, მთის ძირშია გაშენებული, შესაბამისად, ქვემოთაა ყოველივე ის, რაც მატერიალურ კანონებს ემორჩილება. მწერალი დაწვრილებით, ექსპრესიულად აღწერს სახლს, აქაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რიცხვებსა და ფერებს. მაგალითად, სახლს 16 კარი, 9 სხვადასხვა ფერის ბუხარი, ოცდათორმეტი ფანჯარა აქვს, თექვსმეტი პირველ, თექვსმეტი _ მეორე სართულზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფანჯრები განასახიერებენ ამ სახლის ბინადართა გახსნილობას სამყაროს მიმართ. ეს ფანჯრები ერთმანეთთან რეალურ და ირაციონალურს აკავშირებენ, ამიტომაც წერს ავტორი: „ბავშვები ხედავდნენ ზღვებსა და ოკეანებეს, უკაცრიელ კუნძულებს და ცამდე აწვდილ ქალაქებს, უდაბნოებს, ოაზისებს, საბედისწერო გზაჯვარედინებს და ზღაპრულ გმირებად გარდასახულ მოხეტიალე საკუთარ თავს…“. ავტორი აღწერს ამ იდუმალი სახლის სხვადასხვა ოთახს, რომლებიც გარკვეული სივრცული ტოპოსებია. აქ ადამიანები სხვადასხვა რამეს განიცდიან. სახლი მაგიურად ზემოქმედებს არა მხოლოდ მის მაცხოვრებლებზე, არამედ სტუმრებზეც. ერთ ეპიზოდში ოთახში, სადაც ღვინოებს ინახავენ, ენაბრგვილი სტუმარი მჭევრმეტყველების გასაოცარ უნარს შეიძენს.

სახლის ვრცელი პოეტური დაწვრილებითი აღწერით მწერალი მკითხველს მის შიდა სივრცეში ამოგზაურებს. ეს ერთგვარი „ზღურბლი“ რომანისა თავიდანვე შეაგრძნობინებს მკითხველს, რომ რაღაც უჩვეულოსთან ელის შეხვედრა. ამ შეგრძნებას კი უმძაფრებს  რიცხვებისა და ფერების მაგია (სარკმელთა, კართა, ბუხართა რაოდენობა და ფერი).  ოთახების განსაკუთრებული ფერი და სურნელი მართლაც ისეთი შთამბეჭდავია, რომ თითქოს რეალურადაც შეიგრძნობ:  „სახლის საძინებლებში  დღისით ნებიერად თვლემდნენ სიზმრები, რომლებიც ღამით უხილავ გედებად აიშლებოდნენ ხოლმე“. აქ მჟღავნდება თამრი ფხაკაძის დამოკიდებულება, სიტყვასთან, ლოგოსთან. სიტყვა მასთან არა მხოლოდ აზრის, არამედ ფერისა და სურნელის გამომხატველია. სიტყვა თითქოს არა მხოლოდ მოიხელთებს უხილავს, რათა აღსაქმელი გახადოს,  ატყვევებს საგანს ან მოვლენას,  თანვე ათავისუფლებს სწორედ ამ საგნებსა და მოვლენებს ერთმნიშვნელოვნებისაგან.

თურმელთა ოჯახში წიგნების კულტია. მათი ბიბლიოთეკა ცალკე მხატვრული ტოპოსია, რომელში მოგზაურობაც არანაკლებ შთამბეჭდავია. აქ ინახება უძველეს ენებზე შორეულ ეპოქებში დაწერილი წიგნები და ხელნაწერები. მწერალი ცალკეული გამორჩეული წიგნისა თუ ხელნაწერის მოპოვების ამბავს მოგვითხრობს, რომელიც გადაჯაჭვულია ამა თუ იმ თურმელის ცხოვრებასთან. ეს ბიბლიოთეკა სწორედ ამ თავისი თავგადასავლებით ისეთივე უსასრულოა, როგორიც სამყარო. ამიტომ ბორხესის „ბაბილონის ბიბლიოთეკას“ მოგვაგონებს. აქ არის რეალური  წიგნებიცა და მწერლისეული გამოგონილიც. ამ  ოთახის მთავარი ფუნქციაც მარადიულთან კავშირია: „ვძლევდით ხოლმე დროებითობის, წარმავლობის განცდას და გვეჩვენებოდა, რომ მაშინაც ვიყავით, როცა არ ვყოფილვართ და მერეც ვიქნებით,როცა აღარ ვიქნებით“. აქაც სიტყვის, ლოგოსის, ღვთის რწმენა მჟღავნდება.

რომანის მოზაიკურ სივრცეში ფერადოვან ნატეხებად ჩასმულია თურმელთა თავგადასავლები. ამგვარად გეოგრაფიული არეალიც გაფართოებულია. გმირები სხვადასხვა ქვეყანაში  მოგზაურობენ და უამრავ ხიფათს გადაეყრებიან თავიანთ დახლართული ცხოვრების გზებზე. ლუკა თურმელისა და ანანო შავთვალას ამერიკული ოდისეა. თურმელთა თავგადასავლები სავსეა  ხიფათით, თავგანწირვით, ღალატით, ერთგულებით, სიძულვილით, ანგარებით, სიხარბით, მაგრამ სიყვარული ყველაზე მეტად რჩება მკითხველის შეგრძნებებში. რომანში კი  სიყვარულის, ვნების, გატაცების ბევრია ამბავია მოთხრობილი.

მწერალი აქტიურად იყენებს ე.წ. „მონტაჟის“ ტექნიკასაც. კადრების სწრაფი  ცვალებადობა კი თხრობის რიტმის ექსპრესიულობას აძლიერებს. თამრი ფხაკაძის ამ რომანით მკითხველი განიცდის „კითხვის სიამოვნებასაც“. ის თანაბრად იწვევს „განსჯასაც“ და „ტკბობასაც“. ამას კი აღწევს ენის ხატოვანებით, ლირიზმით. პოეტური პროზა ამ რომანში მისი სტილური მახასიათებელია. მაგალითად, „მსუბუქად, გამჭვირვალედ დატბორა მუსიკამ ოთახი. თითქოს ვაშლის ან ატმის ყვავილები ნიავმა დაფურცლა და დაარიალა. თითქოს მაისის თქეში წამოვიდა, ღია ფანჯრებში ნიაღვრები შემოიღვარა, თითქოს სველი პეპლები შემოფრინდნენ…“. მისთვის უცხოა ინტიმურ განცდათა ბიოლოგიური სიშიშვლით გამოხატვა. ის ცდილობს, რომ მკითხველს სიყვარულის მშვენიერება და ამაღლებულობა შეაგრძნობინოს, ამასთანავე, რომანში გვხვდება მდაბალი, მხოლოდ ხორციელი ლტოლვის  გამომხატველი მაგალითები, მაგრამ ყველაფერი ისეა მოთხრობილი, რომ მკითხველს არ უჩნდება უხერხულობის განცდა.

ამ სასახლეში არის „ედგარის ოთახი“, „ცისფრად ჩამუქებული და ვერცხლისფერ-მოლურჯო ათინათებით სავსე“,  (ედიშერ თურმელის სახელობისა, რომელიც „ვარსკვლავებს ელაპარაკებოდა“), რომელშიც მუსიკალური ინსტრუმენტები და ლექსებმიწერილი კედლებია.   მკითხველს, რა თქმა უნდა, ედგარ პოს ალუზია უჩნდება. ედგარ პოს შემოქმედებაშიც ხომ სიყვარული და სიკვდილი განუყოფელია.  რომანში არაერთ პოეტ თურმელსაც შეხვდებით, რომელთა სასიყვარულო ამბებში სიყვარულისა და სიკვდილის გზაჯვარედინები წარმოჩნდება. „სამზარეულოში“ ხილთა, მწვანილთა თუ ბოსტნეულის  ისეთი სურნელია, რომ ერთი სტუმარი უჭმელად დანაყრდება.  სახლში არის ოთახი „საიარაღო“, რომელშიც სხვადასხვა ეპოქის ნაირნაირი იარაღია. წარსულთან კავშირს ვერ წყვეტს ბაბუა სარგის თურმელი, რომელიც  მუზარადჩამოცმული და ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი იცავს სახლს ხილულ თუ უხილავ მტერთაგან.

რომანში, ძირითადად, წარსულის ამბებია. ყველა პერსონაჟს თავისი  ქრონოტოპი შემოაქვს. ნაწარმოებში მოთხრობილ უამრავ ზღაპრულ ამბავს შორის ერთი მარიამ-ხვარამზესთანაა დაკავშირებული. დედინაცვლისგან ათვალწუნებული მზეთუნახავი, რომელიც „ოქროსფერ ნათელს ასხივებდა“ , ერთ დღეს თეთრ რაშზე ამხედრდა და მთებისკენ გააქროლა. მას შემდეგ აღარავის უნახავს, ამიტომ უამრავ ლეგენდას ჰყვებოდნენ, „მზემ აიტაცა და ჩაიხუტაო“, „ოქროსფერ გედად გაფრინდაო“ და სხვა. ლექსიც შეთხზეს: „მარიამ ხვარამზესაო/ უბრძანებია ესაო: /რომ შამოვივლი ცარგვალსა,/ კვლა მოვალ ერთსა დღესაო“. გარდა იმისა, რომ სწორედ ამ პერსონაჟთან არის დაკავშირებული თურმელთა სახლის პროტომოდელი „ოქროს დიადემა“, იგი ფინალურ ეპიზოდშიც „ამოყვინთავს“ და მისი დაბრუნების რწმენა, სიმბოლურად შეიძლება, როგორც მატერიალური სამყაროდან „დევნილი“ ღვთაებრივი საწყისის დაბრუნების იმედადაც გავიაზროთ.

რომანში იცვლება თხრობის რაკურსებიც. თავიდან თურმელთა სახლის ამბებს დემეტრე თურმელი პირველ პირში ჰყვება, შემდეგ მას „ყოვლისმცოდნე ავტორი“ ენაცვლება და მესამე პირში გვიყვება ამ გვარის წარმომადგენელთა თავბრუდამხვევ, დაუჯერებელ თავგადასავლებს. სწორედ ეს უცნაური ამბები იზიდავს მკითხველს, რომლის ცნობისმოყვარეობა მუდმივად დაძაბულობის ზღვარზეა. დემეტრეზე შემდეგ ლუკა ამბობს, რომ უცნაური ბიჭია. გარდა იმისა, რომ ხელოვანის ნიჭი აქვს, ერთ „ზებუნებრივ“ ძალასაც ფლობს, მზერით შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ადამიანებსა თუ გარემოზე. მაგალითად, მისი დაჟინებული მზერით ვარდის კოკორი გაიშალა, ჩხუბში მოწინააღმდეგეს თვალი გაუსწორა და ქვა გააგდებინა. ამან მარკესის აურელიანო ბუენდია გაგვახსენა, რომელიც ზუსტად ამავე უნარს ფლობდა: „სწორედ ეს დაჟინებულად მზირალი თვალები გაახსენდა ურსულას, როცა ერთ დღეს სამზარეულოში მოაკითხა სამი წლის აურელიანომ. ურსულამ ის იყო წვნიანით სავსე ქვაბი ცეცხლიდან გადმოიღო და მაგიდაზე დადგა, ბავშვი გაუბედავად აწრიალდა კართან და უცბად თქვა: „ახლა გადმოვარდება“. ქვაბი შუა მაგიდაზე იდგა, მაგრამ უეცრად, თითქოს ვიღაც უხილავმა უბიძგაო, გადმოვარდა და იატაკს დაენარცხა“ („მარტოობის ასი წელიწადი“).

რომანის ფინალურ ეპიზოდში ლუკა თურმელისა და კატო მაქსიმოვიჩის ვაჟს, ახალგაზრდა გიორგის მეგობრები ურჩევენ, რომ თავი დაანებოს ამ აღმართზე სიარულს და ქალაქში გადავიდეს საცხოვრებლად. გიორგი კი უარით ჯიუტად აუყვება აღმართს სახლისკენ, რომელიც „ვეება ხომალდს“ ჰგავდა და სავსე იყო „წარსულის, აწმყოსა და მომავლის ათინათ-ჩრდილებით“.  ეს მკითხველის იმედს ბადებს, რომ „სახლის“ სიცოცხლე გაგრძელდება. სახლი ხომ სიმბოლურ-ალეგორიულად ზეცასთან, ღვთაებრივთან დამაკავშირებელი ხიდია. როგორც აღვნიშნეთ, თურმელების ისტორია არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ კაცობრიობის ცხოვრების ამრეკლავია. ეს არის ერთგვარი ანტიაპოკალიფსური დასასრული, განსხვავებით მარკესის რომანისგან, რომელშიც მაკონდო იქმნება და ინგრევა, ან ედგარ პოს „აშერთა სახლისგან“ თუ ნიკო ლორთქიფანიძის „დანგრეული ბუდეებისგან“. ყველაფრის გაცამტვერების მოდელს ბევრ ნაწარმოებში შევხვდებით, ისევე როგორც ამის საპირისპირო  ოპტიმისტურ კონცეფციას.  თამრი ფხაკაძის მხატვრული მოდელის მიხედვით, სამყაროში არაფერი არ იკარგება, ყველაფერი გრძელდება, „გენეალოგიური ხე“ მყარად დგას და მას ახალი ტოტები გამოსდის. ესე იგი, მარადიულად იქმნება არა რაღაც ახალი და ძველისგან სრულიად განსხვავებული, არამედ ძველზე დაფუძნებული. ამ თვალსაზრისით, რომანი ერთგვარ უტოპიადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვითშეფასება და შეცდომების გასწორება – წერითი მეტყველების გასაუმჯობესებლად

0

წერითი უნარის განვითარება შრომატევადი პროცესია.

„ვერ ვწერ“ ზოგჯერ არის „განაჩენი“ (საკუთარი თავისთვისვე გამოტანილი), ზოგჯერ – ერთგვარი მარტივი გამოსავალი, ზოგჯერ – თავის მართლების მცდელობა.

„ვერ ვწერ თემებს და მორჩა!“.

არადა, ასე არ ხდება. და თუ მოსწავლეს ეს მიმართება ჩამოუყალიბდა და განუმტკიცდა, ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად წარიმართა.

წერილობით მოსაზრების ჩამოყალიბება, ცხადად, ნათლად, მკაფიოდ გამოხატვა სათქმელის, არგუმენტირება-დასაბუთება, ნათქვამის ილუსტრირება შესაბამისი მაგალითებით მნიშვნელოვანი უნარებია და ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ამ მიმართულებას ნამდვილად უნდა ეთმობოდეს სათანადო დრო.

აუცილებელია აღინიშნოს: თემებისა და თხზულებების იმ ფორმით წერა, რომელი ფორმითაც წინა ათწლეულებში „მოგვეთხოვებოდა“, უსარგებლო და უფუნქციო გარჯაა.

დავაკონკრეტებ: მაღალფარდოვანი სტილი, ლიტერატურის თეორიის საკითხების სიღრმისეული ცოდნა, მხატვრული ტექსტის ფილოლოგიური/ფსევდოფილოლოგიური ანალიზი, ორ-სამგვერდიანი ან რამდენიმეფურცლიანი „გარჩევა“ საშუალო სკოლის მოსწავლის კომპეტენცია არ არის. ზოგადად, ჩვენი მშობლიური ლიტერატურის სასკოლო კურსი ძალიან ჰგავს სწორედ ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის მოსამზადებელ წინა საფეხურს. სტანდარტში გაწერილ მიზნებთან და მისაღწევ შედეგებთან ერთად სავალდებულო პროგრამულ ჩამონათვალში იმდენი სპეციფიკური „საცოდნელი“ მასალაა თავმოყრილი, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა – ეს ყველაფერი ადამიანს რაში სჭირდება, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ფილოლოგიის განხრით გააგრძელოს პროფესიული განვითარება? ამ უზარმაზარი მოცულობის მასალის დაძლევა საფეხურის ფარგლებში რეალურადაა შესაძლებელი? სტანდარტი ზედმეტად ამაღლებულ წარმოდგენას ხომ არ გვიქმნის პროცესზე? რამდენადაა ყველა ეს მისაღწევი შედეგი რეალურად მისაღწევი და ა.შ… მაგრამ ეს სხვა საკითხია და სასკოლო კურსის პრობლემები არაერთ წერილში მაქვს დეტალურად მიმოხილული.

ახლანდელ სიტუაციას და თანამედროვე მოსწავლეს დავუბრუნდეთ, მოსწავლეს და მის წინაშე მდგომ მასწავლებელს:

მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და საფიქრალი (სამწუხაროდ!) დღეს პროგრამის მოსწრებაა. შინაარსებისა და გაგება-გააზრების დავალებების შესრულება. ჯეროვნად შესრულება. კარგ მოსწავლეებს კარგი შედეგები უნდა ჰქონდეთ. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც „წერა არ შეუძლია“. ისინი ეროვნული გამოცდების ზღვრის გადალახვის ზღვრამდე როგორმე მაინც უნდა მივიყვანოთ. დავწეროთ კლასიდან კლასში გადამსვლელი ქულები. წლის ბოლოს მოვთხოვოთ „რაღაცის წაკითხვა მაინც“ და „ერთი თემის დაწერა მაინც“.

კარგი მოსწავლეების ერთ-ერთი უმთავრესი სასწავლო მიზანია კარგი ნიშნების მიღება. დავალებების შესრულება დავალებების შესასრულებლად და არა თვალსაწიერის გასაფართოებლად ან სხვადასხვა უნარის განსავითარებლად. სასკოლო თემებისა და საშინაო დავალებების წერა ამ მხრივ მარტივად შესასრულებელი რამაა. ინტერნეტში უამრავი მზა თემაა, შინაარსი, ანალიზი, სხვადასხვა ქულით შეფასებული ნაწერი.

ეს მანკიერი წრეები არსებული შეფასების სისტემის ბუნებრივი შედეგებია. განმსაზღვრელი შეფასება და ქულების წერა წერით ნაშრომებში კრიტერიუმების ჩაუშლელად ან განმავითარებელი კომენტარების გარეშე მოსწავლეს ვერაფერს ასწავლის. ეს შეფასება შეფასებისთვისაა და არა განვითარებისთვის. არადა… იდეალურ შემთხვევაში, შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის თანმდევი ერთ-ერთ კომპონენტია და არა უმთავრესი. კონცენტრირება ნიშანზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ პროცესზე.

შედეგმა უნდა მასწავლოს და ქულა არ უნდა იყოს „ბოლო ინსტანცია“.

ამ წერილში ჩაკეტილი წრის (შეფასება შეფასებისთვის) გარღვევის ერთ-ერთ ხერხზე ვისაუბრებ. მეთოდზე, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება, გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები და დაეხმარონ საკუთარ თავს ნაწერის გაუმჯობესებაში. აქვე ისიც უნდა ითქვას – მასწავლებელი, რომელსაც ასამდე მოსწავლე ჰყავს სემესტრის განმავლობაში, ფიზიკურად ვერ გაასწორებს ყველა მოსწავლის ნაშრომს იმდენად ხარისხიანად, რომ ინდივიდუალურად დაეხმაროს მათ საკუთარი შეცდომების აღმოჩენა-გასწორებაში. საშინაო დავალების გასწორების სტრატეგიებში (იხ. აქ) მასწავლებლის შრომის შემამსუბუქებელი რამდენიმე აქტივობაა თავმოყრილი. მოცემული მეთოდი კი ინდივიდუალურია, ერთგვარი ინტელექტუალური სამუშაო, რომელსაც მოსწავლე თავად, დამოუკიდებლად გასწევს და სარგებელსაც მიიღებს.

რა კომპეტენციას ავითარებს მოცემული აქტივობა:

ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები საშინაო წერითი დავალების შესრულებას ნაწერში ბოლო წერტილის დასმისთანავე ასრულებენ. საკუთარი ნაშრომის გადაკითხვა და რედაქტირება არაა იმ უნარ-ჩვევების ჩამონათვალში, რომელთა ჩამოყალიბებასაც სკოლა უწყობს ხელს.

შედეგად – ნაწერი სავსეა მექანიკური, ორთოგრაფიული, პუნქტუაციური, სტილისტური და სხვა ტიპის შეცდომებით და მათი უმეტესობის აღმოჩენა-აღმოფხვრა თავად მოსწავლეებსვე შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მოსწავლეებს იმის გათავისებაში, რომ:

წერითი ნაშრომი კომუნიკაციის ფორმაა. თუ ზეპირმეტყველებისას ჩვენ ვცდილობთ, გასაგებად ვიმეტყველოთ, არ ჩავყლაპოთ მარცვლები, გასაგებად და ხმამაღლა, მკაფიოდ გამოვთქვათ მოსაზრებები, იგივე უნდა გავითვალისწინოთ წერისას. მიკროსკოპული ასოებით წერა, ჩახლართულ-ჩაღვარჭნილი, გაკრული ხელი, მექანიკურად, სწრაფად წერისას გამოტოვებული ასოები არასწორად წარმართული კომუნიკაციის „სიმპტომებია“. იმისთვის, რომ ამ უსიამოვნებას ავცდეთ, უნდა გამოვიყენოთ წერითი დავალების თვითშეფასების რუბრიკა. ამ შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია, უბრალოდ დააპლიუსოს ჩამონათვალი ან გადაინაწილოს ქულები და შეაფასოს საკუთარი ნაშრომი.

გთავაზობთ რუბრიკას 7 კრიტერიუმით. თქვენი დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეგიძლიათ ცვალოთ კრიტერიუმები, ჩამოაყალიბოთ სხვაგვარად, გაამახვილოთ ყურადღება იმ პრობლემაზე, რომელსაც კლასთან/მოსწავლესთან აწყდებით. რუბრიკა საორიენტაციოა და მეთოდზე შეგიქმნით წარმოდგენას.

წერითი დავალების თვითშეფასება

  1. წერით დავალებაზე ვიმუშავე 30 წუთზე მეტი -1
  2. ნაწერი მოწესრიგებულია. ამოკითხვა არ ჭირს. აბზაცები გამოყოფილია – 1
  3. ნაწერი გადავიკითხე და ორთოგრაფიული შეცდომები გავასწორე – 1
  4. ნაწერი გადავიკითხე ხმამაღლა და ინტონაციურ პაუზებთან დავსვი მძიმეები, წინადადების ბოლოს კი ყველგან წერტილია – 1.5
  5. ნაწერში არაა რთული, ჩახლართული, ბუნდოვანი და გრძელზე გრძელი წინადადებები – 1.5
  6. ნაწერში არაა „მიტოვებული აზრები“ – რასაც ვამბობ ცხადია, ნათელია, დასაბუთებულია – 2
  7. ვლინდება ცოდნა/ერუდიცია/ინტელექტი (ნაწერი არ არის „მშრალი“. საინტერესოა) – 2

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

გაზიარებით ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

განაჩენის გასაჩივრება თვითდიაგნოსტირებით

წერილის დასაწყისში განაჩენი „ვერ ვწერ“ ვახსენე. ამ ნაწილში შევეცდები საკითხს ჩავუღრმავდე.

„ვერ ვწერ“ კომპლექსური პრობლემაა. ასე აერთიანებენ ბევრ ისეთ „ვერშეძლებას“ ან „ვერგაგებას“, როგორსაც საკუთრივ წერასთან (ტექნიკური თვალსაზრისით) კავშირი შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს.

ამ შემთხვევაში საშუალო საფეხურის ასაკსა და ტიპური ინტელექტუალური განვითარების შემთხვევას განვიხილავ. განსახილველი ობიექტი დავავიწროოთ მოცემულობამდე – „ვერ ვწერ თხზულებას წაკითხულის მიხედვით“.

რას შეიძლება გულისხმობდეს „ვერ ვწერ თემას“ ამ მოცემულობაში? (გასათვალისწინებელი ფაქტორი ისაა, რომ მოსწავლეს არ აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები).

თავდაპირველად, მნიშვნელოვანია იმის ზუსტი დიაგნოსტირება, რა ეტაპზე იწყება „გაჭედვა“. ეს ეტაპები რამდენიმე შეიძლება იყოს.

  1. გაგება

წაკითხულის მიხედვით თხზულების დასაწერად მნიშვნელოვანია, გაიგო წაკითხული. გაგება მიღებული ცნობის მნიშვნელობის წვდომას ნიშნავს. მხატვრული ტექსტის შემთხვევაში გაგება გულისხმობს:

ა) ტექსტში მომხდარი, აღწერილი, გადმოცემული ფაქტი, ამბავი, პროცესი, მოვლენა შემიძლია გადმოვცე ჩემი სიტყვებით.

ბ) შინაარსობრივ კითხვებს შემიძლია ვუპასუხო ტექსტიდან კონკრეტული მონაკვეთების მოშველიებით. მაგალითად – ვინაა მთავარი მოქმედი? რას აკეთებს? რა ურთიერთქმედება აქვს სხვებთან? როგორია მისი ემოციური მდგომარეობა? რას ამბობს/რას აკეთებს/რას გულისხმობს (ნათქვამში)?

გ) შემიძლია იმის გაცხადება, რომ მიღმა აღწერილისა/ნათქვამისა/მომხდარისა იგულისხმება/შეიძლება იგულისხმებოდეს რაღაც სხვა, სიღრმისეული, რაზეც უნდა ვიფიქრო/ვიმსჯელო და ზედაპირულ ცნობაზე დაყრდნობით დასკვნა გავაკეთო.

გაგების სინონიმებია: გამორკვევა, გამოძიება, შეტყობა, გათავისება გამოცნობა, შემოწმება, შეჯერება (ნეიმანის სინონიმთა ლექსიკონის მიხედვით).

თუ ამ ეტაპზე პრობლემა არ წარმოიშობა და მკითხველს შეუძლია წაკითხულის ადეკვატურად გაგება, მნიშვნელოვანია დაკვირვება იმაზე, რამდენად იაზრებს ის წაკითხულს.

ეტაპი მეორე:

  1. გააზრება

გააზრება ტექსტის ძირითადი იდეის გამოკვეთას, ავტორის სათქმელის, გზავნილის ამოცნობასა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ ნათელი წარმოდგენა გვექმნება იმაზე, რა მოხდა ტექსტში, რატომ მოხდა ასე, როგორ განვითარდა მოვლენები, რამ მიიყვანა კულმინაციამდე გმირი, შეგვიძლია ამოვიცნოთ და დავასახელოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები, გავაკეთოთ დასკვნები და მოვიშველიოთ არგუმენტები ნათქვამის დასასაბუთებლად. ტექსტს ვიაზრებ, თუ:

ა) შემიძლია ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა და ტექსტის მთავარი გზავნილის ამოცნობა (მაგალითად, პურობის ეპიზოდში შუშანიკის სიფიცხე ან მისი იმპულსური ქმედების აქცენტირება არაა მწერლის „მთავარი გზავნილი“. ეს დეტალი დაგვეხმარება გმირის ხასიათზე მსჯელობისას, საინტერესო და ცოცხალ სახეს ქმნის, მაგრამ პურობის ეპიზოდში „წამყვანი“ მოტივი არაა, როგორც ხშირად ჰქონიათ ხოლმე, განაცხადი „ვარსქენმა შუშანიკს იმიტომ სცემა, რომ მან ხელი აუკრა უდანაშაულო ქალს და ჭიქა შეალეწა“ სწორედ გააზრების ხარვეზია);

ბ) შემიძლია ქვეტექსტის ამოცნობა, ვარაუდების გამიჯვნა ფაქტებისგან (ფაქტში აქ მხატვრულ მოცემულობას ვგულისხმობ); კონტექსტის გათვალისწინებით ფრაზის, წინადადებების მნიშვნელობის გაგება-დეკოდირება;

წაკითხულის გაგებისა და გააზრების შემდეგ მნიშვნელოვანია ნააზრევის მოწესრიგება. თუ წაკითხული გავიგე, გავიაზრე, ახლა ჩემი ამოცანაა, ნააზრევი მოვაწესრიგო და გადმოვიტანო ფურცელზე. თუ აქ შემექმნა პრობლემა და „არ ვიცი, როგორ დავიწყო“ ან „არ ვიცი, როგორ გადმოვიტანო ნააზრევი ფურცელზე“, საჭიროა ტექნიკურად უნარის დახვეწა, მუშაობა წერის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით და ეს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკის, მიზანმიმართული, გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად მოხდება (ამასთან დაკავშირებით სასარგებლო და პრაქტიკული მეთოდები და რეკომენდაციები იხილეთ აქ და აქ).

  1. ნააზრევის მოწესრიგება

იმისთვის, რომ ნათლად, მკაფიოდ, გასაგებად, საინტერესოდ, დამაჯერებლად და გამართულად გადმოვცე ნააზრევი, უნდა შევძლო:

ა) გაგება+გააზრება+გათავისება=მოსაზრებების ჩამოყალიბება და წინადადებებად ქცევა.

ბ) ნააზრევი რომ სიტყვებად და წინადადებებად ვაქციო, ჩამოვაყალიბო და სხვისთვის საინტერესოდ, გასაგებად გადმოვცე, ამისთვის მჭირდება ლექსიკური მარაგი, ერუდიცია, გრამატიკის ცოდნა (სინტაქსური კონსტრუქციების აგება, სტილისტიკა, ორთოგრაფია, პუნქტუაცია…).

ამრიგად, წერა არის ინტელექტუალური შრომა, აქტი, რომელიც არაერთი კომპლექსური უნარის გამომუშავებას მოითხოვს. „ვერ ვწერ“ არ იქნება განაჩენი, თუ სწორად შევძლებთ დიაგნოსტირებას (რა ეტაპზე გვჭირდება დახმარება) და „მკურნალობის კურსის“ დანიშვნას, რომელიც მხოლოდ წერას (ანუ ტექნიკურად ასოების ფურცელზე გამოყვანას) არ გულისხმობს.

 

 

ნოტანი

0

ხელოვნების გაკვეთილების გადახედვისას იმ აქტივობების მონიშვნა მიყვარს, რაც ბავშვებმა გატაცებით შეასრულეს და შექმნილი ნამუშევრებით კმაყოფილები დარჩნენ. ჩანიშვნა კი აუცილებლად მჭირდება, რომ არ გამომრჩეს და მომავალშიც ჩვენი შეხვედრები სიახლეებით სავსე გვქონდეს. ჩემს ჩამონათვალში ნოტანი საპატიო ადგილს იკავებს.

ნოტანის ისტორია ჩინეთსა და იაპონიაში იღებს სათავეს. მხატვრები და კალიგრაფები კომპოზიციის აგების ამ ხერხს ასეულობით  წელი იყენებდნენ თავიანთ ნამუშევრებში. მაგალითად, მე-17 საუკუნეში  სახელგანთქმული იაპონელი მხატვარი კანო სანსეცუ*

 თავის პეიზაჟებს ნოტანის პრინციპით ხატავდა. სიტყვა  Nōtan (濃淡)იაპონურად  ნათლის და ბნელის ჰარმონიულ ბალანსს ნიშნავს. ეს მხატვრული ხერხი შავის და თეთრის კონტრასტის პრინციპს ემყარება. ევროპულ სამყაროში კი ნოტანი 1850-იანი წლების დასაწყისში გახდა პოპულარული, როცა იაპონიამ თავისი პორტები ვაჭრებისთვის გახსნა. გაგახსენდებათ, ალბათ, ამ ეპოქაში ევროპელი ხელოვანების გატაცება იაპონიზმით (იაპონური სამოსით, საგნებით, დეკორით, გრავიურებით). იაპონურმა ხელოვნებამ გავლენა იქონია ნახატის აგების იდეაზეც, ჰარმონიული პროპორციების და დაბალანსებული კონტრასტების შექმნაზე. ჰარმონიული კომპოზიციის იდეას იაპონურად ნოტანი ჰქვია.

გაკვეთილზე კომპოზიციის აგების ამ იაპონურმა მეთოდმა მოხიბლა როგორც ხელოვნებაზე შეყვარებული მოსწავლეები, ისე ცოტა გაფანტული მსმენელიც. იაპონიის ხსენებამ ბავშვების ყურადღება იმწამსვე მიიპყრო. ვიცი, რომ უმეტესობას უყვარს ანიმეს პერსონაჟების ხატვა, მანგების კითხვა და ორიგამის ხელოვნება. ცხადია, ასაკის შესაბამისად, განსხვავებული სირთულის დიზაინებზე ვიმუშავეთ. გაკვეთილზე ბავშვებმა ისწავლეს ნოტანის პრინციპით გაწონასწორებული კომპოზიციების შექმნა.

 

ყველაფერი შავი კვადრატით დავიწყეთ, რომელიც დავშალეთ, დავჭერით და ახალი ფორმა შევქმენით. დაჭრილი ნაწილები სრულად ავითვისეთ, არაფერი დაგვრჩა უყურადღებოდ, სარკისებური მეწყვილის გარეშე. ნოტანის შექმნისას ფორმებით თამაში უსასრულოდ შეგვიძლია, ასევე ნებისმიერი გამოსახულების, ადამიანის, ცხოველის, მცენარის თუ სხვადასხვა საგნის გარდასახვა არის შესაძლებელი გაწონასწორებულ, სიმეტრიულ ან ასიმეტრიულ კომპოზიციებად.

ნოტანის გამოჭრამდე შავი ფერის მარკერით ჩანახატების წიგნებში ხელი გავივარჯიშეთ და რამდენიმე იდეის მონახაზი გავაკეთეთ. სამუშაოდ ორი კვადრატული ფორმის განსხვავებული ფერის (მუქი და ღია) და ზომის ფურცელი შევარჩიეთ – ერთი ქაღალდი 10*10 სმ (მუქი), მეორე კი (ღია ფერის) – 20*20 სმ გვქონდა. გირჩევთ, პირველად შავი და თეთრი ფურცლები გამოიყენოთ, რადგან ეს ფერები ნოტანის ტრადიციული კომბინაციაა და ძალიან ეფექტური ნამუშევრები გამოდის. მოსწავლეებისთვისაც უმალ თვალსაჩინო ხდება ნოტანის არსი – კომპოზიციაში შავ-თეთრი ფორმების ჰარმონიული ბალანსი. მერე კი თავისუფლად შეგიძლიათ ფერადი ქაღალდები გამოიყენოთ, სხვა კონტრასტული ან მონათესავე ფერების ფურცლების შეხამებითაც მშვენიერი ნამუშევრები იქმნება. ნოტანი უსასრულო ინტერპრეტაციისკენ გვიღებს კარს.

შავი ფურცლისგან 10*10 სმ ზომის კვადრატები გავზომეთ და გამოვჭერით. შემდეგ ვთხოვე ბავშვებს, რომ წინასწარ მომზადებული რომელიმე ჩანახატი თავიანთ კვადრატზე უბრალო ან ღია ფერის (თეთრი, ყვითელი) ფანქრით გადაეტანათ. მაკრატლის ხმარებისას, განსაკუთრებით პატარებს, ვურჩევ ხოლმე, მათგან საპირისპირო მხარეს გამოჭრან, ჭრის დროს ფურცელი ატრიალონ და არა მაკრატელი, თითების დაზიანებისგან  თავი რომ დავიზღვიოთ. შემოხაზული ფორმები კი კონტურის გარეთ გამოჭრან, დაწებების დროს გამონაჭრელებს ამოაბრუნებენ და ფანქრის ხაზებიც დაიმალება. შემდეგ ეს დეტალები თეთრი ფურცლის ცენტრში გაშალეს და ერთმანეთს სარკისებურად დაუკავშირეს. და როცა აწყობილი კომპოზიციით კმაყოფილები დარჩნენ, დაწებებას შეუდგენენ. დაწებება კი ცენტრალური დეტალით დაიწყეს.

პოზიტიურ და ნეგატიურ სივრცეებზე დასაკვირვებლად ნოტანი საუკეთესო გაკვეთილია. ის აბსტრაქტული კომპონენტი, რომელსაც ნოტანი თავისთავში შეიცავს, მუშობის პროცესში სრულიად გათავისუფლებს დაძაბულობისგან, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ მოდუნდნენ და ექსპერიმენტებში ჩაიძირონ. ამ მომენტს მეც ხაზს ვუსვამ თემის წარდგენის დროს. ეს აქტივობა კარგად მუშაობს იმ მოსწავლეებთანაც, რომლებიც ხელოვნების გაკვეთილზე მოწყენილები შემოაღებენ ხოლმე კარს. მერე კი აღმოაჩენენ, რომ ჩამთრევია ეს ნოტანი, ძალიან კარგად გამოსდით და ბოლოს სიამაყით გვაჩვენებენ დასრულებულ ნამუშევრებს.

ნოტანის ხიბლი და სარგებელი სცდება მარტივი შავი და თეთრი დაჭრილი ქაღალდისგან აგებული დიზაინის გაგებას. ის გვეხმარება ხელოვნებაში სივრცის აღქმასა და კომპოზიციის მნიშვნელობის გააზრებაში. ეს აქტივობა მოსწავლეებს ნეგატიურ და პოზიტიურ სივრცეს შორის ბალანსის მიღწევის შესაძლებლობას ანახებს.

ნეგატიური სივრცე ხელოვნების საფუძველია, მოსწავლეებს ის აქამდე ნამდვილად უნახავთ, მიუხედავად იმისა, იცოდნენ თუ არა მისი სახელი. მარტივად რომ ავხსნათ, ნეგატიური სივრცე განისაზღვრება როგორც საგნის ირგვლივ ან საგნებს შორის არსებული ცარიელი სივრცე. ნოტანი მოსწავლეს ასწავლის, როგორ შეუძლია კომპოზიციაში ნეგატიური სივრცის გამოყენება, ნახატში მთავარი ფიგურის ან საგნის ირგვლივ ხელშეუხებელი სივრცის მოულოდნელად დამუშავებით ჰარმონიული ნამუშევარი შექმნას, რომელიც გაწონასწორებული და თვალისთვის სასიამოვნო სანახავია.

პოზიტივი ნეგატივის გარეშე არ არსებობს. ასეა ხელოვნებაშიც. პოზიტიური და ნეგატიური სივრცეები ერთად მუშაობენ კომპოზიციაში ბალანსის მისაღწევად. ბალანსის გარეშე ნამუშევარმა შეიძლება თვალი დაღალოს, ან საერთოდ არ იმოქმედოს მნახველზე.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ ბავშვების შეფასებებს ვინიშნავ: „სიმეტრიული ხელოვნება – რაღაც მშვენიერია“; „ტექნიკა ვისწავლე, რომელიც მანამდე არასდროს გამომიყენებია“, „გასაოცარი რამეების შექმნა თურმე მხოლოდ შავის და თეთრის გამოყენებითაც შეიძლება“; „თავიდან ისე მოსაწყენი მომეჩვენა, მაგრამ როცა დაწებება დავიწყე, ძალიან მაგარი აღმოჩნდა“; „მივხვდი, რომ მოთმინებით უნდა გამოვჭრა სხვადასხვა ფორმა და დეტალებს ყურადღება მივაქციო“; „ცოტა იაპონურიც უკვე ვიცი“, „გავიგე, როგორ შემიძლია ნათელი და მუქი ფერების და ფორმების  გაწონასწორება“; „ვისწავლე კომპოზიციაში როგორ მივაღწიო ჰარმონიას განსხვავებული ელემენტებით.“

თუკი ნოტანის შექმნა არასდროს გიცდიათ, ერთი შეხედვით, შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ. მაგრამ ასე არ არის. ქაღალდისგან გამოჭრილი ეს წარმტაცი დიზაინის ნიმუში მისი კონცეფციის გააზრების შემდეგ ადვილად მოსახელთებელი და სახალისო სამუშაოა და ნახავთ, როგორი გასაოცარი ნამუშევრები გამოუვათ თქვენს მოსწავლეებს.

*Old Plum, Kano Sansetsu Japanese, 1646, https://www.metmuseum.org/art/collection/search/44858

ვიფიქროთ და ვისაუბროთ გარემოზე

0

„2030 წლისთვის ყველა მოსწავლემ უნდა შეიძინოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, მათ შორის, მდგრადი განვითარებისა და მდგრადი ცხოვრების წესისკენ მიმართული განათლების მეშვეობით…“ – მდგრადი განვითარების მე-4 მიზანი (ნაწილი 7).

ჩვენ ირგვლივ სამყაროში მიმდინარე ცვლილებები ხელს უწყობს ახალი აზროვნებისა და საგანმანათლებლო მეთოდების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეებში ავითარებს ინდივიდუალურ პიროვნებას, აყალიბებს უნივერსალურ უნარებს და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების მიზანი არა მხოლოდ სამყაროს შესახებ გარკვეული ცოდნის ათვისებაა, არამედ ამ ცოდნამ ხელი უნდა შეუწყოს გარემოსდაცვითი პრინციპების დამკვიდრებასა და გამოყენებას ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში, რაც საგანმანათლებლო პროცესში გარემოსდაცვითი საქმიანობის წარმართვის ალტერნატიული ფორმებისა და მეთოდების ფართო დანერგვას განაპირობებს.

ჩვენ ეკოლოგიურ განათლებაზე ვსაუბრობდით და მოსწავლეებს ვაძლევდით ცოდნას გარემოს შესახებ. იქნებ ჩვენ უნდა ვასწავლოთ გარემოსთვის და არა მის შესახებ.

ასეთი ამოცანები მოითხოვს ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის გადახედვასა და სპეციფიკურ ცოდნას ეკოლოგიის სფეროში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განმარტებით „განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD) უფლებას აძლევს ადამიანებს, შეცვალონ თავიანთი აზროვნება და იმუშაონ მდგრადი მომავლისთვის“.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD) არის განათლების მიდგომა, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანების დედამიწასთან ჰარმონიაში ცხოვრების მნიშვნელობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხელს უწყობს ESD-ს, როგორც გლობალურ საგანმანათლებლო მიზანს.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის ცვლილებების მომტანია, ის გვასწავლის როგორ ვიფიქროთ და ვისაუბროთ გარემოზე და გარემოსთვის.

გარემოსდაცვითი განათლება მოიცავს გარემოს შესახებ სწავლებას, განათლება მდგრადი განვითარებისთვის კი ადამიანებს ასწავლის, როგორ იბრძოლონ მდგრადი ცხოვრებისთვის.

ასე რომ, ESD არის უფრო გამაძლიერებელი გზა ეკოლოგიურ განათლებაზე ფიქრისთვის. ის წარმოადგენს სრულიად ახალ აზროვნებას გარემოს სწავლების შესახებ.

გლობალური კრიზისის პირობებში განათლება წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ გზას სოციალური და ინტელექტუალური საფუძვლის ფორმირებისთვის მდგრადი განვითარების პრინციპების განსახორციელებლად. მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მზარდი პრობლემების გამო, განათლების საჭიროება კვლავ იზრდება. განათლება მდგრადი განვითარებისთვის ESD განიხილება, როგორც ახალი ცნობიერებისა და ქცევის ჩამოყალიბების გზა, რომლის მეშვეობითაც ადამიანის განვითარების კურსი შესწორდება.

ლიტერატურაში ბევრი პრინციპია განხილული, რაც შეიძლება ზოგჯერ საკმაოდ დამაბნეველი გახდეს.

ელიოტი და დევისი (2009) ამტკიცებენ, რომ ESD „არის განათლება ტრანსფორმაციული (გარდამტეხი) პროგრამით – ის მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას მდგრადი ცხოვრების გზებისკენ“.

ნასიბულინა (2015) ამტკიცებს, რომ ESD ორიენტირებულია „ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებასა და ეკოლოგიური კულტურის ფორმირებაზე“.

კონცეფცია „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ პირველად გაეროს დოკუმენტებში 2018 წლის მეორე ნახევარში გაჩნდა. ESD კონცეფციის შემუშავება პირდაპირ კავშირშია დოკუმენტებთან, რომლებიც 1992 წლის რიოს გაეროს კონფერენციაზე მსოფლიო საზოგადოებამ მიიღო. ამ სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ განათლება მდგრადობის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ მაშინ გამოაცხადეს მსოფლიო ლიდერებმა, რომ „განათლება ცვლილების გადამწყვეტი ფაქტორია“.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის სცდება ფორმალური განათლების საზღვრებს, უწყვეტი სწავლის სახით გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარების პირობას ქმნის და ხელს უწყობს ეკოლოგიური კულტურის ფორმირებას, რაც ESD-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ამ დროისთვის ESD-ის ძირითადი მიზნებია სისტემური მსოფლმხედველობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების მდგრად განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლებას, მაღალი მორალური ფასეულობების, მდგრადი მოხმარების სწავლებისა და სოციალური აქტივიზმის გავრცელებასა და დანერგვას.

გთავაზობთ ESD-ის შვიდ პრინციპს, რომლებიც კარგად ასახავს მის კონცეფციას.

  1. ტრანსფორმაცია და ცვლილება: ადამიანებს უნდა მიეცეთ უფლება, შეიტანონ ცვლილებები საკუთარი თავის, სკოლებისა და ადგილობრივი თემების ცხოვრებაში. ESD არ არის ობიექტური. მისი მიზანია მდგრადი მომავლისთვის მოქმედებისკენ სწრაფვა.
  2. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა ყველასათვის: ESD არ მიიღება მხოლოდ სკოლებში. იგი ტარდება ოფიციალურ და არაფორმალურ სასწავლო გარემოში ყველგან, მათ შორის სამუშაო ადგილებზე, საზოგადოების შეხვედრებზე, სპორტულ კლუბებში და ა.შ. იგი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, საშუალო ასაკისა და მოხუცებისთვის.
  3. სისტემური აზროვნება: ეს ტერმინი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. როგორ? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეკოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემები ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთზეა დამოკიდებული.
  4. უკეთესი მომავალი: ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ უკეთესი მომავლისკენ, რომელშიც შეგვიძლია ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიულად.
  5. კრიტიკული აზროვნება: ამჟამად საქმეები არც ისე კარგად მიდის. მსოფლიო კლიმატის კატასტროფის გზაზეა. ასე რომ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს კრიტიკულად და კრეატიულად აზროვნება, რათა იპოვონ გადაჭრის ახალი გზები და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგრადობის გზაზე დაგვაბრუნებს.
  6. მონაწილეობა: ჩვენ ყველა უნდა ვისწრაფოდეთ უფრო მდგრადი სამყაროსკენ და მცირე ეკოლოგიური კვალისკენ. ასე რომ, ESD წაახალისებს კვლევაზე და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევიმეცნოთ მოქმედების პროცესშიც.
  7. პარტნიორობა ცვლილებისთვის: ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ცვლილებებისთვის. მდგრადი მომავლის შესაქმნელად საჭიროა სკოლების ერთმანეთთან თანამშრომლობა, მთავრობებისა და სათემო ჯგუფების კოოპერაცია.

იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ტრანსფორმაციულ სწავლას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ ცვლილებებისთვის.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://helpfulprofessor.com/education-for-sustainable-development/

 

ახალი მოსწავლის ექო

0

ახალგაზრდა, იაპონელი პოეტი ქალის, მისუძუ კანეკოს საბავშვო ლექსების კრებული „იაპონური ექო“ ქართულად ახლახან ითარგმნა. ადამიანისა და სამყაროს მთლიანობის განცდით შექმნილი, სულის ვიბრაციებიდან განსაკუთრებით ერთი ლექსის ექო მისწვდა მასწავლებლურ სმენას და სტატიის მოტივად იქცა.

ერთი საუკუნის წინ დაკარგულ და ახლად აღმოჩენილ ლექსებს სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი, როდესაც ჩემი მეგობარი ოთახში შემოვიდა: – კლასში ახალი მოსწავლე დამისვეს! – თქვა და სკამზე მძიმედ დაეშვა. – რა მოიყვანს ახლა მაგას გონს! ძლივს კლასი კლასს დაემსგავსა. შემდეგ, გადმოიღო გასასწორებელი რვეულები და მაგიდის კუთხისაკენ გაიწია. ყველა პროფესიას ხომ თავისი გულის გადასაყოლებელი რუტინა ახლავს თან. მივხვდი, ახლა მის ფიქრს „იაპონური ექო“ ვერ დააამებდა და აღარც არაფერი მითქვამს. არადა, სწორედ იმ ლექსთან ვაყოვნებდი, სათაურად „ახალი მოსწავლე“ რომ ერქვა.

 

როდესაც საკლასო სივრცე ახალ წევრს მასპინძლობს, ეს ერთგვარი გამოწვევაა როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. ასეთ დროს მასწავლებლებისგან შეიძლება გაიგონოთ ფრაზები, რომ მათ არ სურთ „აუტკივარი თავის ატკივება“, „ძლივს დავარცხნილი კლასის“ არევა, რომ ახლა ამის „ჭკუაზე მოყვანას“ უნდა შეალიოს მთელი ენერგია, როცა საქმე ისედაც თავზე აყრია. და საქმე მართლაც „თავზე საყრელია“, რადგან მასწავლებლის მუშაობა (უფრო კი მუშაკობა), აწმყო განგრძობითი დროის გარდა, სხვა დროს არ ითავსებს. მუდმივად to be continued რეჟიმში არსებობა კი წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს და მართლაც, ძლივს „მორჯულებული“ კლასი საიდანღაც გადმოსული „შარახვეტია ბავშვისთვის“ რომ არ გემეტებოდეს, რა გასაკვირია. მაგრამ, სწორედ ამ ყოველდღიურ გამოწვევებში ჩანს ყველაზე უკეთ ჩვენი, როგორც მასწავლებლების მასწავლებლური არსი – შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ მოზარდები განუსჯელად და სიყვარულით, ვიყოთ გულწრფელი და პირუთვნელი მათ წინაშე, მაშინაც კი, როდესაც სემესტრის მიწურულს ჩვენი მენტალური და ემოციური მდგრადობა „სულს ღაფავს“.

 

უცხოობის შიშთან გამკლავებისა და მოზარდის თვითდამკვიდრების გზაზე მასწავლებელს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა აკისრია. შესაძლოა, მთელ სასწავლო პროცესზე აისახოს ის, თუ როგორ შეძლო მასწავლებელმა ახალი მოსწავლის უცხო ნიადაგზე „დაკალმება“. უმთავრესი ამ პროცესებში ნდობის მოპოვებაა.

თავდაპირველად საჭიროა, მოამზადოთ კლასი ახალ წევრთან შესახვედრად:

  1. ესაუბრეთ მოსწავლეებს, თუ რას გრძნობენ ისინი უცხო გარემოში მოხვედრისას;
  2. განაწყვეთ კლასი დადებითად ახალი მოსწავლის მიმართ;
  3. სთხოვეთ მოსწავლეებს, მერხებზე საკუთარი სახელები მიამაგრონ, ასე ახალ წევრს გაუადვილდება მათი დამახსოვრება.

მსგავსი სიახლეები საუკეთესო შესაძლებლობაა, ისეთი თემების გასააზრებლად, როგორებიცაა, „სტუმარ-მასპინძლობა“, „ტოლერანტობა“, „მეგობრობა“, „გუნდურობა“, „თანადგომა“. ამის მაგალითს თუ თავად მისცემთ, მოსწავლეებისთვის ტერმინთა მნიშვნელობა უფრო ცხადი გახდება, გააზრებული სწავლებით ხომ მოზარდი ყველაზე უკეთ იმეცნებს.

მასწავლებლის ორგანიზებული და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები კი მოსწავლეებში სტაბილურობის და სანდოობის განცდას იწვევს.

  1. გაესაუბრეთ ახალი მოსწავლის მშობელს (მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია კეთილგანწყობა თქვენსა და მშობელს შორის);
  2. უზრუნველყავით მოსწავლე საჭირო ნივთებით (მერხი, სკამი, ცხრილი);
  3. წარუდგინეთ მოსწავლე კლასს (მნიშვნელოვანია, რა ფრაზებს გამოიყენებთ მისი წარდგენისას);
  4. გააცანით კლასის წესები;
  5. დაათვალიერებინეთ სკოლა (ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, სასადილო, საპირფარეშო, გასართობი სივრცე);
  6. გააცანით წინასწარ შედგენილი კლასის სემესტრული თუ წლიური გეგმა (ღონისძიება, ექსკურსია, სხვა გასვლითი აქტივობები);
  7. თუ გაქვთ კლასის ფოტო-კოლაჟი, აჩვენეთ ახალ მოსწავლეს და კლასთან ერთად გაიხსენეთ განვლილი სახალისო დღეები, ეს მოსწავლეს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის თქვენ შესახებ და თავს თქვენიანად აგრძნობინებს;
  8. მნიშვნელოვანია, იცოდეთ ახალი მოსწავლის დაბადების თარიღი და პირველივე დღეს მოინიშნოთ კლასის „დაბადების დღის კედელზე“.

მოზარდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, როცა მას უსმენენ, იზიარებენ მის ინტერესებს, გამოხატავენ მისდამი კეთილგანწყობას და ინტერესდებიან მისი პიროვნებით. სასურველია, თუ წინასწარ გექნებათ შექმნილი ახალი მოსწავლისთვის განკუთვნილი პოსტერი, რომელსაც ის კლასის წინაშე შეავსებს და ამ გზით გაიცნობენ მას ახალი კლასელები.

მისუძუ კანეკოს ლექსის წაკითხვის შემდეგ, ჩემს თავს შევპირდი, მერხზე კლასის ახალი წევრისთვის ტერუს ლექსიც დამეხვედრებინა, როგორც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის იკებანა, იმ იმედით, რომ ოდესმე უკეთ გავიგებდი მის ექოს.

ახალი მოსწავლე ჩვენგან კეთილგანწყობას, გულისხმიერებასა და თანადგომას მოელის, რადგან ის ერთი გამოეყო მისთვის ნაცნობ სოციუმს, ახალ გარემოსთან შეთვისება კი არცთუ მარტივი და უმტკივნეულო პროცესია.

პ.ს წელს ჩემი მოსწავლეები სხვა დამრიგებელმა გადაიბარა. ყველა ჩემი სურვილი და მიზანი, რაც მათთან მაკავშირებდა, მეყვავილის ოცნებად იქცა:

 

მეყვავილე მოხუცი კაცი

 

„მეყვავილე ქალაქისკენ გაეშურა,

განა სტუმრად?!

იქ გაყიდა ყვავილები, უხმოდ, ჩუმად.

რასაც თავზე ევლებოდა, შეჰხაროდა, იგი დათმო.

ეს საბრალო მარტოხელა მეყვავილე ახლა დარდობს,

და მზის ჩასვლას შინ ეული ეგებება, თავის ქოხში.

ერთადერთი ეს ოცნება დარჩა ახლა –

ბედნიერი რომ გახადოს ყვავილები უცხო სახლმაც“.

 მისუძუ კანეკო

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მისუძუ კანეკოს „იაპონური ექო“ მთარგმნელი მარიამ წიკლაური. გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“ 2023 წ.

https://www.teachstarter.com/us/blog/7-tips-for-welcoming-a-new-student-2/?fbclid=IwAR1M_tXP_s5YdZZX4iSSiozJTiF55WtZL2oajXprTSqmEpGVjkHpbd_5xm4

https://www.teach-this.com/

https://www.teacherspayteachers.com/Product/Creating-New-Student-Welcome-Kits-2827590?fbclid=IwAR2EBf69YUdgUW6GP9qsjDkPW7T4Qon-mSqy6wCLP5lUpbiYqBLaVvBNro8

 ცვლილებები და რიპლის ეფექტი

0

„ყველაფერს, რასაც ეხები, ცვლი.

ყველაფერი, რასაც ცვლი, თავად შენვე გცვლის.

 ერთადერთი მყარი ჭეშმარიტება ცვლილებაა“.

ოქტავია ბატლერი

 

„რაც იცვლება, ის ცხოვრობს“.

ვირჯინია ვულფი

 

როცა ცოდნა გაქვს და პრაქტიკაში ვერ გადაგაქვს…

მოდი, 2024 წელს ცვლილებების თემით დავიწყოთ!

ფეისბუკზე ორი პოსტი დავდე ამ თემაზე და დიდი გამოხმაურება გამოიწვია: რა არის ცვლილება და სინამდვილეში, როდის ვიცვლებით და როდის გვეჩვენება, რომ ვიცვლებით? ვიდეოზე და პოსტზე საერთო გამოხმაურებამ 500 კომენტარს გადააჭარბა. უაღრესად საინტერესო და განსხვავებული აზრები წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ყველასთვის და ღირს მასზე საუბრისა და დისკუსიის გაგრძელება.

ცვლილების უამრავი ფოკუსი (გ)აიხსნა გამოხმაურებებში და უმეტესად ერთმანეთისგან განსხვავებული: დაწყებული პიროვნული, შინაგანი ცვლილებებიდან – სოციალური ცვლილებებით დასრულებული.

ბუნებრივია, ძალიან რთულია, და შეუძლებელიც კი, ამდენფოკუსიან თემას ერთი ახსნა, ერთი განმარტება გამოუძებნო, როცა თითოეული კომენტარი ინდივიდის ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული და, ამდენად, უნიკალურიც.

მთავარი კითხვა იყო: რატომ არ იცვლება იმ ადამიანთა ცხოვრება, რომლებმაც დააგროვეს დიდი ცოდნა, ინფორმაცია, უამრავი წიგნი წაიკითხეს, იმოგზაურეს, აივსნენ ერთგვარი „საშენი მასალით“, უნდათ ცვლილებები, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებენ ახალი, მათთვის სასურველი რეალობის მოდელირებას და ცხოვრებაში გადმოტანას.

ჩემი პასუხი ასეთია: თუ უფრო ღრმად ჩავალთ პრობლემის არსში, აღმოვაჩენთ, რომ ცნობიერების ავსება ცოდნა/ინფორმაციით – ეს არის რეალობის მიღების სრულიად განსხვავებული ფორმატი, რომელიც საკმარისი არ არის და რომელსაც კავშირი არა აქვს ტრანსფორმაციასთან. ერთი სიტყვით, სხვა პროგრამაა.

ტრანსფორმაცია იწყება მაშინ, როდესაც ჩვენს ცხოვრებისეულ გამოწვევებს/გამოცდილებებს გავდივართ, ვპასუხობთ მოქმედებებით და ვაცნობიერებთ – აი, სწორედ აქ იწყება ჩვენი სივრცის გარდაქმნა! ეს კი უწყვეტი პროცესია.

შესაძლოა, საერთოდაც ვერ აცნობიერებდეს ადამიანი, რომ ის გამუდმებულ ტრანსფორმაციებშია, რადგან თავად არსებობის საფუძველია ცვლილება. „ყველაფერი მიმდინარეობს“ და „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევალთ“.

 

რომელმა წიგნმა შეგცვალა?

ძალიან საინტერესოა ცვლილებების თემაზე პატრიკ ზიუსკინდის მსუბუქი ირონიით დაწერილი ესეი: „ლიტერატურული ამნეზია“[1] (გირჩევთ ეს ესეი განიხილოთ მოსწავლეებთან ერთად).

თქვენთვისაც უკითხავთ ალბათ: რომელმა წიგნმა შეგცვალა? შესაძლოა, წიგნები ჩამოთვალო ბავშვობიდან რაც წაგიკითხავს, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს თქვენს ცნობიერებაზე, მაგრამ გაგიჭირდებათ გაიხსენოთ, კერძოდ, რა და როგორ შეცვალა თქვენში კონკრეტულმა წიგნმა? იქნებ მსგავსი კითხვა თქვენ არც გაგჩენიათ? ესეც ბუნებრივია. ამ ესეიში ერთი მთავარი ფრაზაა, რომელიც რეფრენად მიჰყვება ტექსტს და პოეზიასავით გაკითხებს. ლირიკულ გმირს ავიწყდება საგულდაგულოდ წაკითხული ყველა წიგნი, წიგნებში გულდასმით გახაზული ციტატები… მაგრამ მარადიული იმპერატივივით ახსოვს ერთი ფრაზა: „უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!“. ეს ის მთავარი აზრია, რომლისთვისაც საერთოდ კითხვა არსებობს. მისი პასუხი ასეთია:

„…რომელმა წიგნმა შეცვალა ჩემი ცხოვრება? არცერთმა? ყველამ? ზოგიერთმა? არ ვიცი, არ ვიცი. მაგრამ იქნებ – კითხვისას (ისევე როგორც ცხოვრებაში) ჩვენი შეხედულებების ფორმირება და მკვეთრი ცვლილებები მსოფლმხედველობაში რაღაცნაირად ფარულად მიმდინარეობს – თავს ვიმშვიდებთ ხოლმე ხანდახან. იქნებ კითხვა ერთგვარი გაჟღენთის აქტია, რომლის დროსაც ცნობიერება, მართალია, ბოლომდე ნაყრდება, მაგრამ იგი ისე ოსმოტურად მოუხელთებელია, რომ ცნობიერება ამ პროცესს ვერც კი ამჩნევს. შესაძლოა ლიტერატურული ამნეზიით შეპყრობილი მკითხველი ძალიან ხშირად იცვლება კითხვის წყალობით, თუმცა ვერ ამჩნევს ამას, რადგანაც კითხვის დროს მასთან ერთად იცვლება მისი ტვინის ის კრიტიკული ინსტანციებიც, რომლებიც მის ამ ცვლილებებზე მიანიშნებდნენ“.

აი, ასეთ ლაბირინთებში შევყავართ ცვლილებებზე რეფლექსიას და ვინ იცის, ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ჩემშიც რაღაც მნიშვნელოვანი იცვლება ისე, რომ ვერ ვასწრებ გაცნობიერებას და ეს ვრცელდება იმაზეც, ვინც ახლა კითხულობს ამ სტრიქონებს!

 

რა გვგონია ცვლილება?

როგორ მივხვდეთ, ვიცვლებით თუ არა და, საერთოდ, ტრანსფორმაციის რომელ დონეზე ვართ?

ყველას შეგინიშნავთ ალბათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება რაღაც სიუჟეტი. იცვლებიან პერსონაჟები, გარემო, კონტექსტი, მაგრამ კვლავ და კვლავ თამაშდება ერთი და იგივე დრამა. ამ დროს გითქვამთ ალბათ: ვიცი ახლა, რაც მოხდება; ხომ ვიცოდი, ასე მოხდებოდა? და ასე შემდეგ. ტვინის დაზეპირებული ალგორითმი ვერ დაირღვა. ერთი და იგივე სიუჟეტის განმეორებას სხვა პერსონაჟების მონაწილეობით, ცვლილებას ვერ ვუწოდებთ, თუმცა ზედაპირულად ჩანს, რომ რაღაც შეიცვალა. მთავარი სწორედ ამის გაცნობიერებაა, დაკვირვება საკუთარ ცხოვრებაზე, რადგან ვისაც არ უნდა უსმინო, რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხო, ბოლოს მარტო რჩები საკუთარ თავთან და მასთან არკვევ ყველაფერს.

ისიც შესაძლებელია, რომ სხვების თვალით რუტინულად ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებდე, მაგრამ ბედნიერი იყო და განსაკუთრებული ენერგიით მოქმედებდე.

ერთ სოფელში ერთი გასხივოსნებული ცხოვრობდა, რომელსაც უცხო ადამიანები ეძებდნენ. როცა სოფელში იკითხეს, სად შეიძლებოდა მისი ნახვა, უთხრეს, რომ ის გასხივოსნებული აგერ, ის კაცი იყო, რომელიც შეშას ჩეხდა. გაოცებულები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს: – გასხივოსნებული ხართ და შეშას ჩეხთ? რაზეც მან უპასუხა: – ეს საქმე მანამდეც კარგად გამომდიოდაო!

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ ადამიანმა თავისი ცხოვრება ვერ შეცვალა? რა არის ნამდვილი ცვლილება, თქვენი აზრით?

 

როგორ დავაფიქროთ მოსწავლეები ლიტერატურის გაკვეთილზე ცვლილებებზე?

მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატურული ტექსტების პერსონაჟების საშუალებით მოსწავლეები დავაფიქროთ ცვლილებების არსზე, გამოვიწვიოთ რეფლექსია, პერსონაჟის გამოცდილება დავაკავშირებინოთ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა?“ – ეს ერთი ფრაზაც საკმარისია საინტერესო დისკუსიისთვის.

შეგიძლიათ მოსწავლეები ამუშაოთ ლექსიკაზე: ერთი მხრივ, სალექსიკონო სიტყვები და მეორე მხრივ, მათი გამოყენება ყოველდღიურ მეტყველებაში.

აი, მაგალითად, ჩემ წინ ახლა არის ჩიქობავას ლექსიკონები, რომლებშიც, თითქმის ყველა სიტყვაა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ცხოვრებაში. თქვენ აიღეთ ლექსიკონის ნებისმიერი ტომი და მასში მონახეთ რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა. მაგალითად: სიყვარული…. წაიკითხეთ სალექსიკონო მნიშვნელობა და გამოჰკითხეთ მოსწავლეებს, რა ემოცია მიიღეს ამ განმარტებიდან. შემდეგ შეეცადეთ, რომ ეს სიტყვა „გააცოცხლებინოთ“. ამისთვის საკმარისია, რომ კონკრეტულ ადამიანს უთხრან: მე შენ მიყვარხარ! ხოლო შემდეგ დააფიქრეთ ემოციურ განსხვავებაზე.

 

ცვლილება და რიპლის ეფექტი

რატომ არის ინდივიდუალური ცვლილებები მნიშვნელოვანი? ინდივიდებში განცდილი ტრანსფორმაცია ქმნის, ეგრეთ წოდებულ, რიპლის (ტალღოვან) ეფექტს, რომელიც სცდება პიროვნულ საზღვრებს. როდესაც ინდივიდები განიცდიან სულიერ მეტამორფოზს, ეს მოვლენა ხდება ვირუსულად გადამდები. ეს გავლენას ახდენს მათ ურთიერთობებზე, მსოფლმხედველობაზე და, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე. დადებითი ცვლილებები ერთი ადამიანის ცხოვრებაში ქმნის დომინოს ეფექტს. სიკეთე, თანაგრძნობა და ურთიერთგაგება გადამდები ხდება და ქმნის ჰარმონიულ გარემოს.

ასე რომ, დავიწყოთ 2024 წელი პიროვნული ტრანსფორმაციით და ჰარმონიული საზოგადოების ფორმირებით.

[1] თარგმნა მალხაზ ხარბედიამ https://arilimag.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99-%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98-2/

 

სკოლა მხოლოდ კედლები არ არის

0

„შემეცნების, მეცადინეობის, სიახლეების გაგების პროცესი მიყვარს, მაგრამ სკოლა მეზიზღება“ – რა იქნება თქვენი პასუხი, როდესაც ამ შინაარსის სიტყვებს მოისმენთ მოზარდისგან, რომელიც კარგადაც სწავლობს, კლასელები და სკოლაში სიარულიც უყვარს, მაგრამ ვატყობთ ნელ-ნელა სიტუაცია მძიმდება და გაღიზიანება მატულობს.

ამ სიტყვების მოსმენისას პირველი, რა განცდაც დაგვეუფლება, ამბივალენტური განცდაა. როგორც მშობელს, გვიხარია წინადადების პირველი სიტყვები და გვასევდიანებს ბოლო. მაგრამ, თან არაფერია გასაკვირი იმაში, რაც გვესმის, რადგან თითქოს ისეთ უცვლელ, მარადიულ ჭეშმარიტებას შევეჯახეთ, რომელიც ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, არაერთხელ არის განცდილი აქამდეც, ყველას გამოგვიცდია სკოლაში სწავლის დროს და თითქმის ყოველთვის მოსალოდნელია. თუმცა ასევე დამაიმედებელია თვითაქტუალიზაციის ის სურვილი, რომელიც მოზარდს აქვს – საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების მოთხოვნილება, შემეცნების პროცესის სიყვარული და ამით განცდილი სიამოვნება. მაინც ვფიქრობ, ყველაფერი კარგადაა, თუ მოსწავლემ ეს გამოცდილება მიიღო, თუ სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღების სიხარული შეიგრძნო, ე.ი. ვერაფერი ვეღარ გახდება დამაბრკოლებელი და აღარაფერია საშიში.

მოსწავლეობისას საკუთარი კანით შევიგრძნობდი სკოლის ატმოსფეროს. ეს იყო ადგილი, სადაც წასვლა თან მიხაროდა, თან მეძნელებოდა. მქონდა გარკვეული მოლოდინი და გარკვეული შიშებიც, რომლებიც შემდეგ სწავლის პროცესზეც ახდენდა გავლენას. ბევრი რამ სკოლის ატმოსფეროს გამო ყოფილა დაუძლეველი, ბევრი რამ სწორად იქაური დამოკიდებულების გამო გამხდარა რთული და აუტანელი, რის დაძლევაც, შემდეგ მარტოს და დამოუკიდებლად მომიხდა. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი დროის სკოლაში უფრო მეტი თანასწორობა და მოსწავლის მიმღებლობა რომ ყოფილიყო, სწავლის შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა. და ალბათ, ყველა დროის სკოლაში იქნება ბევრად უკეთესი აკადემიური შედეგების მიღების ალბათობა, სადაც მოსწავლის ემოციური უსაფრთხოება დაცულია და მათთვის საინტერესო, შემოქმედებითი და სასიამოვნო გარემო იქმნება. ასეთი გარემოს არსებობა სწავლის მოტივაციასაც აძლიერებს და შემეცნების ინტერესსაც აღვივებს. ასეთი სკოლა არ იქნება დამაზიანებელი მოსწავლისთვის, პირიქით, მისი გაძლიერებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

საკლასო ოთახი მოსწავლეებისთვის უნდა იყოს არამარტო ფიზიკურად უსაფრთხო, არამედ ემოციურადაც უსაფრთხო ადგილი, სადაც თითოეული მოსწავლე დაფასებული, აღიარებული იქნება და იქ არ იქნება შეურაცხყოფის, დამცირების მწარე მოლოდინი და ის თანასწორ ურთიერთობაში იქნება ყველასთან. მთვლემარე შიშის თანხლებით სწავლა შემოქმედებით პროცესს ხარისხს უკარგავს და მოსაწყენ ვალდებულებად გადააქცევს. ბავშვები მოქმედებენ სამყაროს შემეცნების მზარდი სურვილით, მიიღონ კითხვებზე პასუხები, იკვლიონ გარემო და შეიმეცნონ გარემომცველი სინამდვილე.

სკოლა არ არის მხოლოდ კედლები, მხოლოდ შენობა, მხოლოდ ცოდნის გავრცელების ადგილი, საიდანაც ცოდნა უნდა წამოიღოს მოსწავლემ და დაემშვიდობოს მას. სკოლა ურთიერთობების, კეთილი დამოკიდებულებების გაცვლისა და შემეცნების ადგილია; იმ ფუნდამენტის ჩაყრის კერა, რომელზეც მოსწავლის ცხოვრება უნდა დაშენდეს და მომავალი განისაზღვროს.

რა არის სკოლის დანიშნულება? რას უნდა გრძნობდნენ იქ მოსწავლეები? როგორი გარემო უნდა იქმნებოდეს მათთვის? რას უნდა ფიქრობდნენ იქ მომუშავე პედაგოგები, სანამ საკლასო ოთახში შევლენ და გაკვეთილს დაიწყებენ? – ამაზე დაფიქრება ყველას მართებს, ვისაც მოსწავლეებთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა აქვს გაცნობიერებული.

 

ძველი იგავები მასწავლებლებზე. პირველი ნაწილი

0

„მთელ თბილისში ერთი სახალხო ქართული სკოლა არ არსებობს… მოზარდი ქართველობა ჩვენი დედაქალაქისა ან სრულიად მოკლებულია სწავლასა, ან იძულებულია, იაროს უცხო შკოლებში, სადაც გონება ეხშვება და ენა უმახინჯდება. ეს გარემოება ძლიერ დაეხმარება ქართული ელემენტების შესუსტებას ქალაქში, თუ მალე წამალი არ მივაშველეთ და არ გავხსენით სახალხო ქართული შკოლა ორივე სქესისთვის“.

იაკობ გოგებაშვილის სიტყვა სკოლებზე საქართველოში. 1879 წლის 18 დეკემბერი

 

როგორც დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელი, მუსტაფა ქემალ ათათურქი ამბობდა, „მასწავლებელი სანთელივით არის: იგი თავს იწვავს, რომ გზა სხვებისთვის გაანათოს“. მასწავლებელს სხვადასხვა სახელს უწოდებენ: განმანათლებელს, მენტორს თუ ინსტრუქტორს (ლათინურ ენებზე), გურუს ან შიკშაკს (სანსკრიტზე და ინდოარიულ ენებზე), ლაოშის ან შიფუს (ჩინურად), სენსეის ან სონსენიმს (იაპონურად და კორეულად, შესაბამისად), დიდასკალოსს (ძველბერძნულად), მუალიმს და მუდარისს (არაბულად), მორეს ან მელამედს (ებრაულად), ჰოჯას ან ორათმანს (თურქულად) და ხანდახან, დედას ან მამას. და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მასწავლებელი, ყველა კულტურაში, პატივცემული და დაფასებული ადამიანია. მისთვის საზოგადოების მიერ მინიჭებული შინაარსი და როლი განუზომელია. ამიტომ მასწავლებლის შესახებ მსოფლიოს მრავალ კულტურაში, უამრავი ისტორია, გადმოცემა თუ იგავი არსებობს. როგორც წესი, იგავები მასწავლებლების შესახებ შემეცნებითი ხასიათისაა და ხაზს უსვამენ მასწავლებლის ფენომენს ახალგაზრდა ადამიანის აღზრდა-განვითარების საქმეში და აღწერენ უფროსი და უმცროსი ადამიანების ურთიერთობის წესებს სხვადასხვა საზოგადოებაში, სხვადასხვა ეპოქის დროს.

ერთი ძველი ჩინური გადმოცემის თანახმად, მოსწავლეებმა თავიანთ მასწავლებელს, პატივცემულ ხინგ შის, ჰკითხეს, რა იყო მისი მთავარი ამოცანა. მოხუცმა მასწავლებელმა ჩაიცინა და მოსწავლეებს აცნობა, რომ პასუხს შეკითხვაზე ხვალ გაიგებდნენ.

მეორე დილას, მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად სოფლის ახლოს მდებარე „უკვდავების მთაზე“ ავიდნენ, შუადღის ხვატის მთის ჩრდილში გასატარებლად. მთასთან მისვლისას, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თან წამოღებული ბრინჯითა და ბოსტნეულით ესადილათ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მასწავლებელმა, წამოსვლამდე, ბოსტნეული გულუხვად შეაზავა მარილით. სადილის დასასრულ, მლაშე ბოსტნეულის შემდეგ, მოსწავლეებს წყალი მოსწყურდათ. აღმოჩნდა რომ წყალი, რომელიც თან წამოიღეს, დამთავრებულიყო. მოსწავლეები წამოდგნენ და წყლის ძებნას შეუდგნენ. წყლის ძებნაში მხოლოდ ხინგ ში არ მონაწილეობდა. ბევრი ძებნის შემდეგ, მოსწავლეებმა წყალი ვერსად იპოვეს და შინ დაბრუნება გადაწყვიტეს.

„წყარო, რომელსაც დაეძებთ, აი იმ გორაკის გადაღმა მდებარეობს“, თქვა ხინგ შიმ და მოსწავლეებს წყაროს მიმართულება უჩვენა. მოსწავლეები სასწრაფოდ გაიქცნენ წყლისკენ, მოიკლეს წყურვილი და უკან გახარებული და კმაყოფილი დაბრუნდნენ. თან, მასწავლებლისთვის წყაროდან წყალიც წამოეღოთ. ხინგ შიმ წყლის დალევაზე უარი თქვა და მოსწავლეებს წყლით სავსე დოქი უჩვენა.

„ – წყალი თუ გქონდათ მასწავლებელო, რატომ არ გვითხარი და არც დაგვალევინე?“ – იკითხეს გაოცებულმა მოსწავლეებმა.

„მე ჩემს დავალებას ვასრულებდი“ – უპასუხა ბრძენმა მოხუცმა -„მე ჯერ წყალი მოგაწყურეთ, რამაც იძულებულნი გაგხადათ წყაროს ძებნით დაკავებულიყავით, ისევე, როგორც ვცდილობ, თქვენში მეცნიერების ცოდნის წყურვილი გავაღვივო. შემდეგ, როდესაც თქვენ ძებნაზე ხელი ჩაიქნიეთ, მიგითითეთ წყაროს მდებარეობა, რითაც დაგეხმარეთ და მხარიც დაგიჭირეთ. ხოლო წამოსვლისას თან ბევრი წყალი იმიტომ წამოვიღე, რათა თქვენთვის მეჩვენებინა, რომ სასურველი, შეიძლება, თქვენს გვერდითვე იყოს და საჭიროა ამაზე წინასწარ იზრუნო, რათა შემთხვევას ან გულმავიწყობას, არ მისცეთ საშუალება იმოქმედოს თქვენს გეგმებზე“.

„— გამოდის, მასწავლებლის მთავარი ამოცანა წყურვილის გაღვივება და სწორი მაგალითის მიცემა ყოფილა?“ – ჰკითხეს მასწავლებელს მოსწავლეებმა.

„— არა, ახალგაზრდებო“ – უპასუხა ხინგ შიმ, — „მასწავლებლის მთავარი ამოცანა, მოსწავლეებში ადამიანურობისა და სიკეთის გაზრდაა“, – მან გაიღიმა და გააგრძელა: „თქვენ მიერ ჩემთვის წყაროდან წამოღებული წყალი მკარნახობს, რომ ჩემი მთავარი ამოცანის შესრულება ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს“.

იგავი მასწავლებელზე და მოსწავლეზე. ერთ მოხუც, ბრძენ მასწავლებელს, ბევრი მოსწავლე ჰყავდა, მაგრამ ერთი მათგანი განსაკუთრებით მუყაითი ვინმე გახლდათ. იგი არ იყო ძალიან გონიერი, მაგრამ ამ ნაკლს ეს ყმაწვილი სრულად ავსებდა თავხედობით. სწორედ ამ მოსწავლემ, ერთ მშვენიერ დღეს მასწავლებელს საკუთარი სკოლის გახსნის ნებართვა სთხოვა. მასწავლებელი დაფიქრდა და ცოტა ფიქრის შემდეგ სკოლის გახსნის ნება დართო.

მოსწავლე სიამაყით აივსო. ჩათვალა, რომ რადგანაც მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი სკოლის გახსნის უფლება მისცა, იგი ახლა მასწავლებლის თანასწორი გახდა. ახალგაზრდებმა დაიწყეს, ახლად გამომცხვარ „მოსწავლე-მასწავლებელთან“ სკოლაში სიარული. თუმცა, ერთიც უნდა ითქვას: მოსწავლე-მასწავლებელი არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რის სწავლება უნდოდა მათთვის… ამიტომაც, ხშირად ხდებოდა, რომ მოსწავლეებს კარგად ვერ აგებინებდა მონათხრობს. თვითონაც ბევრი რამ არ ესმოდა და შეგირდებისგან ძირითადად, მისი მონათხრობის სიტყვა-სიტყვით გამეორებას ითხოვდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა – მკაცრად ისჯებოდა.

სწავლების მეთოდის სისწორე არავისში ეჭვს არ იწვევდა. ვინ რას იტყოდა? ახალი სკოლის გახსნა ხომ მოხუცი მასწავლებლის მიერ იყო კურთხეული, რაც მისი საქმითაც დასტურდებოდა – ახალ სკოლაში ბევრი მოსწავლე მოხუცი მასწავლებლის სკოლიდან იყო გამოგზავნილი. ახალი მოსწავლე ბიჭების რაოდენობა მოსწავლე-მასწავლებლის სკოლაში მუდმივად იზრდებოდა. ბევრს უკვე დაავიწყდა კიდეც ძველი მასწავლებელი და ახალ მასწავლებელს, სკოლის დამაარსებელსაც კი უწოდებდნენ.

ერთხელაც, მოხუცი მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს შეხვდნენ. სკოლის დამაარსებელი (როგორც ამაყად უწოდებდა თავს მოსწავლე-მასწავლებელი) თვითკმაყოფილი ღიმილით შეხვდა მოხუც მასწავლებელს და ასე მიმართა: „მე, შენთან შედარებით უკვე ასჯერ მეტი მოსწავლე მყავს. ვფიქრობ, შევძელი შენთვის ყველაფერში მეჯობნა. ჩემი სკოლა საუკეთესოა. თვით შენ აგზავნი მოსწავლეებს ჩემთან. ისეთი სახელგანთქმული გავხდი, რომ შენ არც კი გიოცნებია! გარდა ამისა, შენი მოსწავლეებიდან, ჩემ გარდა, არავის გაუხსნია საკუთარი სკოლა!“.

მოხუცმა მასწავლებელმა წყნარად ჩაიღიმა და თვალი შეავლო ამპარტავნებით გაბერილ ყოფილ მოსწავლეს: „ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ნამდვილი მოსწავლეები ხდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ჩემი ნათქვამი, თქმისთანავე ესმით. ცხოვრებისგან უფრო მეტის სწავლა შეიძლება, ვიდრე ბრძნული სიტყვებიდან“.

„სხვა სიტყვებით“ – დასძინა სკოლის დამაარსებელმა მოსწავლემ – „თქვენ მე მხოლოდ იმ მოსწავლეებს მიგზავნით, რომლებსაც ვერ მოერიეთ?“.

„რა თქმა უნდა“, სწრაფად უპასუხა ყოფილ მოსწავლეს ბრძენმა მოხუცმა – „ჩემი ხელი საგრძნობლად დასუსტდა, რათა გაუსწორდეს მეცნიერებებისადმი არც ისე კარგად განწყობილ ბიჭუნებს, თუმცა მე მათ სამაგალითოდ ვსჯი, როდესაც შენს სკოლაში ვაგზავნი. ტანჯვა, რომელსაც ისინი შენ სკოლაში იტანენ, როგორც ფიზიკურს, ისე – მორალურს, მათ ნამდვილად ჩაეთვლებათ ცოდვების პატიებისას. ხოლო იმას, რასაც შენ შეგირდებს ასწავლი – საჭმლის ხარშვას, ქოთნების კეთებას თუ ცხოვრების მეცნიერებას, შენი მიდგომის გამო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

 

ჰაერის გემო. ერთხელ მასწავლებელმა მკითხა: „გრძნობ თუ არა ჰაერის გემოს?“ შეკითხვის შემდეგ, მე დავყნოსე ტყის ჰაერი და მასწავლებელს რამდენიმე სურნელი დავუსახელე.

„კარგია. კარგი ყნოსვა გქონია. როგორი გაქვს გემოს შეგრძნება?“ მე დაბნეულმა, რამდენიმეჯერ ენა გამოვყავი, თუმცა ცოტა შეცბუნებული დავრჩი…

„კეთილი“, გამიღიმა მასწავლებელმა, შემდეგ მოულოდნელად უკან მომექცა და ცხვირ-პირი დამიხშო. მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონდა აზრი, თუმცა ერთი წუთის შემდეგ, თავის გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა და ხელ-ფეხის ქნევა და ტანის ბოჭვისგან გათავისუფლებას შევუდექი. ამის შემდეგ მასწავლებელმა ხელი გამიშვა და მეც შევძელი მთელი მკერდით ჩამესუნთქა ჰაერი.

„ეს სიცოცხლის გემოა“, ვუთხარი მას, როდესაც სუნთქვა გამომისწორდა.

„სწორი ხარ. ამ გემოს შენ ყოველთვის უნდა გრძნობდე. ეს გემო არსებობს ასევე წყალში, საჭმელში და კიდევ ბევრგან. არ ჭამო ის, რაშიც არ არსებობს მთავარი გემო. არ ესაუბრო მას, ვინც სულიერად მკვდარია. დალიე სიცოცხლის თასიდან სიამოვნებით, მაგრამ არ იჩქარო, რადგან შესაძლოა, თასი დროზე ადრე დაცალო, ან შიგთავსი უაზროდ დაღვარო…“.

 

 

 

უცნაური კერძები და მათთან შერეული ქიმიური ამბები

0

ახალი წლების შემდეგ რა თემაზე უნდა დამეწერა, თუ არა საჭმელზე? ჰოდა, დავჯექი, კლავიატურა მოვიმარჯვე და დავფიქრდი. უბრალოდ რეცეპტები დავწერო? რას ბრძანებთ? ავტორებში, რომ დიანა ანფიმიადი და იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე) ეყოლება, ის ჟურნალი ჩემ მიერ საიდანღაც მოტანილ რეცეპტებს დაბეჭდავს? განმარტებისთვის დავწერ, რომ ერთი უკარგეს პოეტობასთან და მთარგმნელობასთან ერთად არაჩვეულებრივი კულინარია; მეორე კი, ასევე უკარგეს პოეტობასთან ერთად სტამბულში ქართულ რესტორან „გალაკტიონში“ მთავარ შეფობასაც ითავსებს და პანდემიამდე იქ სტუმრობის პატივი მეც მქონდა.

ამიტომ, დღეს მხოლოდ კერძების შექმნის ისტორიებს შემოგთავაზებთ, თანაც ისეთის, ადამიანების სახელს რომ ატარებენ. რაიმე ქიმიურსაც გავურევ, მაინც პროფესიისგან შორს რომ არ წავიდე.

მაშ ასე…

 

კვერცხები ბენედიკტესეულად

 

ბენედიქტიანელ ბერებთან დაკავშირებული შუა საუკუნეების რეცეპტი არ გეგონოთ. სადღაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს. ჟურნალ „New Yorker“-ში ვინმე ლემუელ ბენედიკტმა, უოლ სტრიტის გადამდგარმა ბროკერმა, დაწერა, რომ ახალგაზრდობაში, ბახუსის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ცნობილ სასტუმრო ვოლდორფში შეიარა. შეუკვეთა თოხლო კვერცხი, კარაქში მობრაწული პური, შაშხი და ჰოლანდიური სოუსი. რესტორნის შეფი ისე მოხიბლულა პროდუქტების ასეთი ერთობლიობით, რომ მთავარ მენიუში ჩართვა გადაუწყვეტია. სხვა ვერსიაც არსებობს და გვეუბნება, რომ ამ ტიპის საუზმე ვიღაც ყოჩაღი კომანდორის კორნელიუს ბენედიკტის სახელს ატარებს. ისიც ნიუ-იორკის ბანკირი და იახტა ყოფილა მისი სისუსტე.

 

მომდევნო წლებში პროდუქტების ერთმანეთთან „შეთამაშება“ დაუწყიათ. მაგ. თუ ბეკონს შებოლილი თევზით ჩავანაცვლებთ, მაშინ სახელიც შეიცვლება და იქნება „კვერცხები ატლანტიდურად“, ან იგივე „ჰემინგუეი“. თუ შაშხიან ბუტერბროდს მოთუშულ ისპანახს დაუმატებთ, მაშინ „ფლამენტინური კვერცხები“ გამოვა.

 

ქიმიური ამბავი: ნახევრად მოხარშული კვერცხი ყოველთვის კარგია, რადგან ჯანსაღი პროდუქტია და არ არის რამეთი დასნებოვნებული, მაგრამ ამ კომბინაციაში, ჩემი აზრით, საქმეს შაშხი აფუჭებს. კვერცხი, მოთუშული ისპანახი და მობრაწული პური, გაცილებით ჯანსაღი კომბინაცია იქნებოდა. თუმცა, ვის როგორ…

ბეშამელის სოუსი

 

„ბენედიკტესეულ“ კვერცხებში ჰოლანდიური სოუსის ნაცვლად ფრანგული საბაზისო სოუსი ბეშამელის გამოყენება შეიძლება. ლუი დე ბეშამელი, ნუანტელის მარკიზი, მდიდარი ყოფილა, ლუდოვიკო მეთოთხმეტის სამეფო კარზე გავლენითაც სარგებლობდა და, ასე ვთქვათ, მენეჯერობდა. ჰოდა, სოუსს სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს.

 

მას კარაქში მოთუშულ ფქვილს უმატებდნენ მუსკატის კაკალს და რძეს. ფქვილს თავიდან ოდნავ შუშავდნენ, რძის დამატების შემდეგ კი პროცესს აგრძელებდნენ. ასეთ სოუსს უთვალავ კერძში იყენებენ. ყველის დამატებისას სოუსი „მარნე“ გამოვა. თუ ხახვს დაამატებენ – სოუსი „სუბისი“. ასევე, ერთი ცნობილი დიდგვაროვნის შარლ დე სუბისის სახელი ჰქვია. ამ ხალხს არც არასდროს მოუმზადებია ჩამოთვლილი სოუსები. უბრალოდ, კერძებს იმ ცნობილი კლიენტების პატივსაცემად არქმევდნენ, ვინც მათ ხშირად უკვეთდა.

 

ქიმიური ამბავი: ეს სოუსი მგონი არასდროს გამისინჯავს, თუმცა, ქიმიური თვალსაზრისით, არც ისე ჯანსაღია.

 

ბეფსტროგანოვი

 

კერძი მზარეულმა ასაკოვანი გრაფი ალექსანდრე გრიგორის ძე სტროგანოვისთვის შექმნა. მზარეულმა-მეთქი ვწერ, რადგან მისი სახელი ვერსად ამოვიკითხე. გრაფს ცოტა კბილები ქონია და საჭმელს კარგად ვერ ღეჭავდა. ამიტომ, ხორცი მისთვის ისე წვრილად უნდა დაეჭრათ და დიდხანს მოეშუშათ, რომ დაღეჭვა შესძლებოდა. სულ ეს არის კერძის ისტორია. არადა, მოგვიანებით მრავალი რესტორნის მენიუში დაიდებს ბინას.

 

ქიმიური ამბავი: ცილოვანი საკვებისთვის, თან თუ ვეგანი ან ვეგეტარიანელი არ ხართ, მშვენიერი იქნება. მთავარია, ბევრი ნახშირწყალი არ მიაყოლოთ. გახსოვთ, არა? ცილა და ნახშირწყალი სხვადასხვა ადგილას მოინელება და მათი დიდი რაოდენობით ერთად მიღება ადამიანს დისკომფორტს შეუქმნის.

 

სენდვიჩი

ცხოვრობდა ვინმე გრაფი ჯონ მონეჰიუ სენდვიჩი. სულაც არ ვამტკიცებ მის პირველობას იმის მიხვედრაში, რომ პურზე ხორცის ნაჭრის დადება და დანაყრება შეიძლება. მასზე გაცილებით ადრე მილიონობით ადამიანს იგივე მოუვიდა თავში აზრად. სენდვიჩის პირველი ისტორია მეჩვიდმეტე საუკუნის ნიდერლანდებიდან იღებს სათავეს. აქ ინგლისელმა ნატურალისტმა ჯონ რეიმ შენიშნა, რომ ცივად მოხარშული ხორცის ნაჭრებს დებდნენ კარაქწასმული პურის ნაჭერზე და მიირთმევდნენ. რაზე მიანიშნებს ფაქტი, რომ ინგლისელმა ნატურალისტმა ასე დაწვრილებით აღწერა ე.წ. სენდვიჩის მომზადების ტექნიკა? გაუკვირდა ალბათ, სავარაუდოდ, იმ დროისთვის ინგლისში ასე ჯერ არ იქცეოდნენ.

 

გრაფი სენდვიჩი თამაშის მოყვარული კაცი ყოფილა. ჰოდა, როდესაც გადაბმულად თამაშობდა ხოლმე, მსახურს ავალებდა ხორცის ნაჭერი ორ შებრაწულ პურს შორის ჩაედო და მისთვის მიერთმია. ასე, თან ბანქოს არ უშვებდა ხელიდან, თან შიმშილს იოკებდა. ეს მისმა თანამოთამაშეებმაც აიტაცეს და მალე მთელი ლონდონი ორ პურს შორის ჩადებული ხორცის ნაჭერს „სენდვიჩს“ უწოდებდა. „სენდვიჩმა“ პოპულარობა განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნეში, ინდუსტრიის განვითარებისას მოიპოვა. ცხოვრების აჩქარებულ რიტმში დროის გაფრთხილება და სწრაფი კვება გახდა აუცილებელი. 1850 წელს ლონდონში 70-მდე გარე მოვაჭრე ქუჩაში სენდვიჩს შაშხთან ერთად ყიდდა.

 

დღეს ხალხი მარჩიელობს, არის თუ არა „ჰოთდოგი“ ან, იგივე „ბურიტო“ სენდვიჩი? ამის წაკითხვისას ხომ არ გაგეღიმათ? იცინეთ, იცინეთ და 2006 წელს ბოსტონში ამ საკითხზე სასამართლო გაიმართა. სასამართლომ დაადგინა, რომ სენდვიჩი სულ მცირე ორ ნაჭერ პურს შეიცავს. სასამართლოს საბაბი გახდა ის, რომ ერთი რესტორანი, რომელიც ბურიტოს ყიდდა გადავიდა სავაჭრო ცენტრში, სადაც იყო მეორე რესტორანი, რომელსაც ცენტრთან კონკურენციის ამკრძალავი ხელშეკრულება ჰქონდა. ანუ, იმავე ცენტრში იგივე ან მსგავსი მენიუს მქონე სხვა რესტორანი ვერ გაიხსნებოდა. ჰოდა, რადგან ის ძველი რესტორანი სენდვიჩებსაც ყიდდა, ამ ახლების გამოჩენაზე გადაირია. ესენიც მაგრად დაუხვდნენ, ჩვენ ბურიტოებს ვყიდითო, ესო სენდვიჩი არ არისო. ჰოდა, სასამართლომ დაადგინა, რომ ბურიტო – ჰოთდოგი სენდიჩი არ არის. აი, ასე.

 

სამაგიეროდ, ჰამბურგერი დღეს ყველგან სენდვიჩად ითვლება.

 

ქიმიური ამბავი: „სენდვიჩის“ სექციაში ჩამოთვლილი საკვები ცილა და ნახშირწყალია და იმავეს ვიტყვი, რაც ბეფსტროგანოვზე დავწერე. თუმცა, ქიმიაში თავისი „სენდვიჩები“ არსებობს, მაგ. „სენდვიჩის“ სტრუქტურის სამშენებლო გადასახური პანელები. იმის გამო, რომ რამდენიმე ფენა აქვს, მათ სწორედ „სენდვიჩს“ უწოდებენ. შიდა ფენა შეიძლება იყოს დამათბობელი ბამბა, ქაფპოლისტეროლი, ქაფპოლიურეტანი, ქაფპოლიიზოციანოურეტანი. გარდა ამისა, ზოგიერთ წიგნში შეხვდებით, „სენდვიჩის“ დასახელების სტრუქტურას. მაგ. ზოგიერთი ავტორი იყენებს უჯრედული მემბრანის თხევადმოზაიკური მოდელისთვის. ჰგავს კიდეც – აქეთ-იქიდან ლიპიდური შრე, შიგნით ჩაშენებული ტრანსმემბრანული ცილებით.

 

სალათა „ცეზარი“

 

ეს სალათა მზარეულის სახელს ატარებს და არა მომხმარებლის. ასეთი გამონაკლისებიც არსებობს. მის გარშემო მთელი ამბები დატრიალდა. ეს ჩავდოთ, თუ ის. ანჩოუსებს თუ არ ჩავდებთ, ისევ ცეზარი იქნება თუ არა. სალათას ფურცლები დაჭრილი უნდა იყოს თუ მთელი? ჭამის დროს პირდაპირ უნდა მოაფლითო კბილებით, თუ ნაზად მიირთვა? 1910 წელს ცეზარე კარდინი (მზარეული) ამერიკაში იტალიიდან ჩავიდა. კალიფორნიაში რესტორანი გახსნა, ცოტა ფეხზე დადგა და, ბედი ხომ გინდა, „მშრალმა კანონმაც“ მოუსწრო. კარდინიმაც რესტორანი დაკეტა და ამერიკის მოსაზღვრე პატარა მექსიკურ ქალაქ ტიჰუანაში გადაბარგდა. სწორედ აქ, კვირის ბოლოს სმას მონატრებული ამერიკელები გუნდ-გუნდად ჩამოდიოდნენ და სვამდნენ. გადმოცემის თანახმად, ცნობილი სალათა გამოგონილ იქნა 1924 წლის 4 ივლისს. იმ საღამოს ამერიკული დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შემდეგ სამზარეულოში ყველა პროდუქტი დამთავრებულა. ჰოდა, მოხერხებულმა მზარეულმა დარჩენილი პროდუქტებისგან გვიანობამდე შემორჩენილ და შეზარხოშებულ სტუმრებს სალათა მოუმზადა. სალათაში შედიოდა სალათას ფურცლები, ხმელი პურის ნარჩენები და ზემოდან მოსხმული სოუსი. აქ სოუსის შემადგენლობაა მთავარი: ზეითუნის ზეთი, ვუსტერის სოუსი (ეს რომელია, არ ვიცი), უმი კვერცხები, მდოგვი, ნიორი, ანჩოუსი, პარმეზანი, ლაიმის წვენი, შავი წიწაკა. სტუმრებს მოეწონათ. 30-იან წლებში სალათამ ლოს-ანჯელესამდე ჩააღწია და პოპულარულიც გახდა.

 

ქიმიური ამბავი: ცუდი სალათა სულაც არ არის. თუმცა, სოუსიდან მე უმ კვერცხებს ამოვიღებდი.

 

სალათა „ოლივიე“

 

ამ სალათაზე ათასნაირი სახელწოდება გსმენიათ: მაიონეზის სალათა, ჰუსარული სალათა, რუსული სალათა. მისი ორიგინალური ვერსია მოფიქრებულ იქნა ბელგიელი მზარეულის, ლუსიენ ოლივიეს მიერ 1860 წელს. ის მოსკოვის რესტორან „ერმიტაჟის“ შეფ-მზარეული იყო. ერთ რიგით მზარეულს ჩუმად უყურებია მომზადების პროცესისთვის, შემდეგ სამსახურიდან წასულა, სხვა რესტორანში დაუწყია მუშაობა და იმ სალათის მსგავსი სალათის მომზადება, შეცვლილი სახელით – „ქალაქური“ –  გაუგრძელებია. დღეს ამ სალათას მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოგართმევენ, ინგრედიენტებს ცვლიან, ზღვის პროდუქტებს უმატებენ, ან სულაც მთლიანად ვეგეტარიანულს ამზადებენ.

 

ქიმიური ამბავი: მახსოვს ასეთ სალათას ბაბულია დეიდა ამზადებდა. ვინ იყო? ჩემი ბავშვობის სახლის მეზობელი. უგემრიელესად აკეთებდა, თუმცა ჯანსაღი კვების კუთხით მაიონეზი თავისი ტრანსცხიმებით ყველაფერს აფუჭებს.

 

„ნაპოლეონი“

 

ხომ რამდენიმე ფენა ცომისგან არის დამზადებული, არა? ამ ტიპის ცომის მომზადება მე-17 საუკუნის საფრანგეთსა და მე-18 საუკუნის ინგლისში დაუწყიათ. ასეთი თხელი ფენები უნდა დაფარო სქელი კრემით, ერთმანეთზე ააწყო და დაასვენო, რომ კრემი გაუჯდეს. ნაპოლეონი რატომ ჰქვია, არ ვიცი. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ თავდაპირველად ასეთ ნამცხვრებს ნეაპოლში აკეთებდნენ და ნეაპოლური ტორტი ერქვა. შემდეგ სახელწოდება შეიცვალა, გადაკეთდა და ბოლოს ნაპოლეონი გახდა.

 

ქიმიური ამბავი: ავიცენა თავის სამედიცინო ტრაქტატში შაქარს ნარკოტიკს აკუთვნებდა, ადიქციას იწვევსო. ჰოდა, „ნაპოლეონი“ იქნება თუ „ჟოზეფინა“ შაქრის გამო მოვერიდოთ, სხვა პრეტენზია არაფერი მაქვს.

 

არადა, საიდუმლოდ გეტყვით, ამ ახალ წლებზე ნამცხვრები თავადაც ბლომად მივირთვი.

 

ჩემი ბავშვობის სიყვარულები

0

ჩემი პირველი შეყვარებული იყო თეონა. გვარი არ მახსოვს – ან ლომინეიშვილი, ან ბარამიძე, ან სანიკიძე. თეონა იქნებოდა მეშვიდე კლასში, მე – ორი-სამი წლის. მოქმედება ხდება ჩემი მამულეთის, სოფელ სურების, სკოლაში. ბებიაჩემი იქ ასწავლის. თეონა სწავლობს. მე დამსწრე ვარ. სკოლაში დამსწრე, ზოგადად, საშიში სიტყვაა. როგორც აღმოჩნდა, არც მე ვიყავი უწყინარი დამსწრე. ცხადია, თეონას ბებიაჩემმა უთხრა “ესე საქმე დამალული”. იმ თეონამ კი რატომ მოიგონა, არ ვიცი – ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ, რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი, მითხრა, მე „შავი“ ბიჭები მომწონსო. ახლა კი ვიცი, რა ტიპის ხალხზე ამბობდა, მაშინ დიდად მოდურზე, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ „შავში“ კანის ფერს გულისხმობდა და დაბანას მთელი კვირა ვაპროტესტებდი. ამდენის მოთმენა შეუძლებელი აღმოჩნდა დედაჩემისთვის, რომელიც სისუფთავის ობსესიურ მოყვარულთაგანია. ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს. ჰოდა, ამ ძალად განბანის მერე ხმამაღლა ვყვიროდი, როგორც გამასუფთავეთ, ისე გამაშავეთ, თორემ წყალში გადავხტები-მეთქი. მერე ბუხრიდან გამოიღეს ნახშირი და წამისვეს.

მეორე – მაკა ჩაჩანიძე. ეგ დედულეთის, ნატანების ბაგა-ბაღში. მაკა ჩაჩანიძე შემიყვარდა კაცთა მოდგმისთვის ჩვეული მიზეზით – როცა ბაღში მიმიყვანეს, ყველა დანარჩენს უყვარდა. ეგრე მიყვარდა მაკა. და, როგორც იქაური ხმები ამბობდნენ, მაკასაც ვუყვარდი, როგორც რომ „მეგაპოლისიდან”, ქალაქ მახარაძიდან, დროებით ჩასული კაცი. მაშინ ოზურგეთს მახარაძე ერქვა. უკვე სულს ღაფავდა ეს სახელი და მალე მოკვდა, როგორც რომ ჩემი სიყვარული მაკასადმი, გამოვტყდეთ, რომ არცთუ მთლად გადარეული.

მესამე – ფატიმა მუკმანიანი, სრულიად შესანიშნავი და ლამაზი გოგონა. ოღონდ ის მიყვარდა ყველაზე უცნაურად. როცა ოზურგეთის ბაღში დამაბრუნეს, სახლში მკითხეს, შეყვარებული თუ გყავსო, ფატიმა ჩემ გვერდით იჯდა, ტილები გადამდო, ორივეს თავი გადაგვხოტრეს და მეც ვუთხარი, ფატიმაა-მეთქი ჩემი შეყვარებული. მერე თმები ამოგვივიდა.

მეოთხე – ქრისტინა მირიანაშვილი. გოგონა უცებ მოგონილი ზღაპრიდან. გახსოვთ? მაშინ ხომ ასე ვულოცავდით სარვამარტოდ – მასწავლებლის ინსტრუქციით, ხელში ენძელა გვეჭირა და ხელები აუცილებლად ზურგს უკან გვქონდა და რაღაც ლექსსაც ვამბობდით თავჩაღუნულები, რაც შეიძლება სწრაფად და ლამის ყვირილით, და ლექსის ბოლოს უცებ „დავაძრობდით“ ენძელას. მე რომ გოგო მიყვარდა, ქრისტინა, იმისთვის თქმა ყოველთვის მრცხვენოდა და სულ სხვა გოგოს ვეუბნებოდი. ერთადერთი, სანამ შინ არ წაიყვანდნენ, ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ მანამდე, და მერე ფეხსაცმელებს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი მაშინდელი სამიჯნურო რიტუალი.

„გურულ დღიურებში“ ეს ვახსენე გაკვრით და იქნებოდა ასე 2019 წელი, სტუდენტებს ვხვდებოდი ბიბლიოთეკაში. რომ დასრულდა შეხვედრა, ერთმა გოგომ მითხრა, მე ქრისტინას შვილი ვარო და ახლაც ვიღიმი.

მეხუთე – თამარ კონტრიძე. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო ჩემი ცხოვრების გადარეულ ისტორიაში. ეგ უკვე სკოლაში. ეგეც მგონი იმ ხაზით თავიდან, როგორც რომ მაკა ჩაჩანიძე – იმ კლასში რომ გადამიყვანეს, ყველას უყვარდა. არ გამიმხელია. სკოლაში უკვე ვეღარ ვგავდი ბაღის გიორგის, ბევრი დარდი და სიკვდილები მეკიდა ზურგზე საშინელ სიმორცხვედ. ვუთხარი მხოლოდ 2012 წელს. ქალაქ პარიზში. კაფეში, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ოზურგეთის სკოლას. არც ის ნახატები ჰგავდა ერთმანეთს, კედელზე რომ ეკიდა იქაც და აქაც. და ისიც აღარ ჰგავდა იმ გოგოს და აღარც მე – იმ ბიჭს.

სკოლის ბოლო ამბებიდან არის „ბერიკები“. ეგენი ჩამოვიდნენ ოზურგეთში გასტროლებზე და ჩამოჰყვათ ანა სანაია. იყო ერთი საღამო, რომელსაც ვიხსენებ რომ იყო, მაგრამ ზუსტად რა და როგორ, ღელვამ დაფარა. ანამ დამიტოვა გრძელი წერილი. მანდ ეწერა, რომ ახლა რომ შევხვდით, მერეც შევხვდებით, როცა მოხუცები ვიქნებით, სადმე პარკში, სადაც შვილიშვილებს ვასეირნებთ და ვერ ვიცნობთ ერთმანეთს და მისთანანი. მოკლედ – თეატრის გავლენა. იმ წერილს ძალიან დიდი ხანი ვინახავდი და მერე ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. ვერ ვიპოვე. დედაჩემი ყველაფერს ისე აგროვებს ხოლმე და რაღა ეგ თაბახი გაქრა. სიბერემდე შევხვდით, ალბათ ასე 13 წლის შემდეგ წერილიდან, და ძალიან ცოტა ხანი შეყვარებულებიც გვერქვა თუ რაც ჰქვია მაგას – ეგ დარქმევები მე კარგად არ გამომდის. ალბათ არც შეყვარებულობა გამომდის კარგად. არ ვიცი.

მაგრამ გამომრჩა. ერთი და შეიძლება მთავარი. ეგ ქალი არც არსებობდა. ლექსში – კი. ისე – მგონი არა. საერთოდ, პირველი ლექსი, რომელიც მახსოვს, საბავშვო ვერ არის და ეს ლექსია

„ლოხინვარ-ჭაბუკი ცხენს მოაჭენებდა დასავლეთ მხარიდან,

მისმა ბედაურმა ყველა გზა დალახა, არაფერს დარიდა!“

უოლტერ სკოტი. თამარ ერისთავის საოცარი თარგმანი შოტლანდიური დიალექტიდან. კითხულობდნენ ჩემი მამიდაშვილები ღამით სურების სახლის აივანზე და მე მესმოდა და მერე ლოხინვარი ვიყავი და მივდიოდი სატრფოს ქორწილში:

„მე დიდხანს ვეტრფოდი თქვენს ასულს, სენიორ, თქვენ ეს არ გენებათ,

და სიყვარული რომ სოლვეის ტალღას ჰგავს, თქვენც მოგეხსენებათ, –

მასავით ბობოქრობს და თავაშვებული ნაპირებს აწყდება,

მასავით ბობოქრობს და მერე ერთბაშად მასავით დაცხრება.

მე დღეს აქ მოვედი დამცხრალი გულით და დამცხრალი ტრფიალით,

მე მხოლოდ ერთ ცეკვას მოვითხოვ დღეისთვის და ღვინოს ფიალით.

ჯერ შოტლანდიაში ლამაზი ასული ბევრია საკმაოდ,

და ჭაბუკ ლოხინვარს არ დაიწუნებენ ისინი საქმაროდ“.

ეგ არის მთავარი ამბავი მგონი. ძველი კი არა – საერთოდ. ერთი მსახიობი ვიპოვე, კითხულობს ამ ლექსს. იქაური. და იწყებს დიდი გამოთქმით: „O young Lochinvar…“ – და მე ვტირი. რადგან სიყვარული არის ტირილი. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...