კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

რამდენიმე ინტეგრირებული აქტივობა

0

ნახშირბადი საინტერესო ელემენტია როგორც თვისებების, ასევე გამოყენების თვალსაზრისით. ის აკავშირებს ცოცხალ და არაცოცხალ სამყაროს. დღეს 118 ქიმიური ელემენტი არსებობს, მათგან ნახშირბადი ერთადერთია, რომლის 20 მილიონამდე ნაერთი არსებობს. ნახშირბადის ნაერთები, ნახშირორჟანგი და მეთანი, მეცნიერების აზრით, ჯერ კიდევ ადრეულ ატმოსფეროში არსებობდნენ. დღეისთვის კი ნახშირბადის ნანომილაკი მომავლის მასალაა, მრავალი ექსპერიმენტი ტარდება მედიცინაში სიმსივნის წინააღმდეგ მის გამოყენებაზე. ნახშირბადი ის ელემენტია, რომელიც ქიმიას, ფიზიკას და ბიოლოგიას აერთიანებს. რამდენიმე ინტეგრირებულ აქტივობას გთავაზობთ ნახშირბადის, მისი თვისებებისა და გამოყენების შესასწავლად.

აქტივობა 1: მოსწავლეები ბიოლოგიისა და ქიმიის მასალებიდან გაიხსენებენ რამდენიმე საკითხს, „ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე…“. ინსტრუმენტის გამოყენებით იმუშავებენ სამუშაო ფურცელზე. ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებებს გაანაწილებენ ცხრილში.

¨       ავტოტროფები ნახშირორჟანგს გარდაქმნიან ნახშირწყლებად ან ნახშირბადის შემცველ სხვა ნაერთებად;

¨       წყლის ჰაბიტატებში ნახშირორჟანგი წარმოდგენილია ან გახსნილი გაზის ფორმით, ან ჰიდროკარბონატის იონის ფორმით;

¨       წყლიდან და ატმოსფეროდან ნახშირორჟანგი დიფუზიით გადადის ავტოტროფების ორგანიზმში;

¨       ატმოსფეროში ნახშიროჟანგი ამოსუნთქული ჰაერიდან ხვდება;

¨       მეთანი წარმოიქმნება ანაერობული მეთანმწარმოებელი არქეების მიერ და ხვდება ატმოსფეროში;

¨       მეთანი იჟანგება ნახშირორჟანგამდე და წყლამდე;

¨       ტორფი მიიღება მაშინ, როცა საპროფიტები ორგანულ ნაერთებს ბლომდე არ შლიან. მიზეზი ანაერობული გარემო და ნიადაგში ჭარბი წყალია;

¨       ნაწილობრივ დაშლილი ორგანული ნაერთები ადრეულ გეოლოგიურ ერაში გარდაიქმნა ნავთობად, გაზად და ქვანახშირად;

¨       ნახშირორჟანგი მიიღება ბიომასისა და გაქვავებული ნაერთების წვის შედეგად;

¨       ნახშირბადი შედის ნიჟარიანი და რიფების წარმომქმნელი ცხოველების გარეგანი ჩონჩხის შემადგენლობაში.

 

აქტივობა 2: ამოცანის ამოხსნა წყვილებში

ნახშირბადის ფიქსაცია – ავტოტროფები შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გარდაქმნიან ნახშირწყლებად. ასევე წარმოიქმნება ლიპიდები, ცილები და ნახშირბადის შემცველი სხვა ორგანული ნაერთები. ავტოტროფები ამცირებენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას. იმ ტერიტორიაზე უფრო დაბალია ოქსიდის შემცველობა, სადაც ფოტოსინთეზის სიჩქარე და ინტენსივობა მაღალია.

ამოცანა:

სურათზე ორი რუკაა გამოსახული. ისინი ნახშირ- ორჟანგის კონცენტრაციას დედამიწიდან რვა კილომეტრის სიმაღლეზე აჩვენებენ 2011 წლის მაისისა და ოქტომბრის თვეებში.

ა) როგორ ფიქრობ, ოქტომბრის თვეში სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა თუ გაზაფხული?

ბ) შეადარე ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მაისსა და ოქტომბერში. რა უნდა იყოს განსხვავების მიზეზი?

გ) შეადარე ნახშირორჟანგის კონცენტრაცია მაისში ჩრდილოეთსა და სამხრეთ ნახევარსფეროში. რა უნდა იყოს განსხვავების მიზეზი?

დ) რუკების მიხედვით დაასახელე ის ტერიტორიები, სადაც ყველაზე დაბალია ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?

აქტივობა 3: სიტუაციური ამოცანის განხილვა ინდივიდუალურად

ნახშირორჟანგი წყალხსნარებში – წყლის ჰაბიტატებში ნახშირორჟანგი ან წყალში გახსნილი გაზის სახითაა, ან ბიკარბონატის იონის ფორმით. წყალში გახსნისას მიიღება ნახშირმჟავა, რომელიც იშლება წყალბადისა და ბიკარბონატის იონებად. ამიტომ ნახშირორჟანგი ამცირებს ხსნარის pH-ის რიცხვით მნიშვნელობას.

განიხილე სიტუაცია და ახსენი მიზეზი: ეკოლოგებმა შეისწავლეს ზღვის კლდოვან უბნებში pH. ეს უბნები დასახლებულია ცხოველებითა და წყალმცენარეებით. აღმოჩნდა, რომ წყალში იზრდება წყალბადიონების კონცენტრაცია, ასევე მცირდება ნახშირორჟანგის შემცველობა. დაადგინეს, რომ დღისით pH=10, ღამით კი pH=7. რატომ?

აქტივობა 4: ამოცანის ამოხსნა – მოსწავლეები განიხილავენ დიაგრამას და უპასუხებენ შეკითხვებს:

ნახშირორჟანგის შთანთქმა ავტოტროფები ნახშირორჟანგს იყენებენ ნახშირბადის ნაერთების შესაქმნელად ფოტოსინთეზის, ან სხვა პროცესის შედეგად. იქმნება კონცენტრაციული გრადიენტი ატმოსფეროსა და უჯრედებსა და წყალსა და უჯრედებს შორის. ხმელეთის მცენარეებს ბაგეები შეიძლება ჰქონდეთ ფოთლის ზედაპირზე, ქვემოთ ან ორივე მხარეს. წყლის მცენარეებს კი აუცილებლად ზემოდან აქვთ ბაგეები.

აერობული სუნთქვის დროს უჯრედებიდან ნახშირორჟანგი გამოიყოფა ნარჩენი პროდუქტის სახით. ის გადადის ატმოსფეროში.

ამოცანა: pH-ის ცვლილება აკვარიუმში

დიაგრამა გამოსახავს სინათლის ინტენსივობისა და pH-ის ცვლილებას 24 საათის განმავლობაში, ხელოვნურ ეკოსისტემაში, აკვარიუმში.

ა) ახსენი სინათლის ინტენსივობის ცვლილებების მიზეზი;

ბ) რამდენი დღის განმავლობაში აგროვებდნენ მონაცემებს?

გ) რა დამოკიდებულებაა დღისით სინათლის ინტენსივობასა და pH-ის ცვლილებას შორის?

დ) როგორ იცვლება წყლის pH ღამის განმავლობაში? ახსენი მიზეზი.

საკითხავი მასალა:

მეთანოგენეზი1776 წელს ალესანდრო ვოლტამ იტალიაში, ლაგო მაჯორეს ნაპირებთან გაზი შეაგროვა, რომელიც აალებადი აღმოჩნდა. სახელი მას არ დაურქმევია, თუმცა ეს აირი მეთანია. ის დიდი რაოდენობით გამოიყოფა ანაერობულ გარემოში, როგორც ნარჩენი პროდუქტი. ანაერობული პროკარიოტების სამი დიდი ჯგუფი არსებობს:

  1. ბაქტერიები, რომლებიც ორგანულ ნაერთებს გარდაქმნიან მჟავებად, სპირტად, ნახშირორჟანგად და წყალბადად.
  2. ბაქტერიები, რომლებიც ორგანული მჟავასა და სპირტისგან წარმოქმნიან აცეტატს, ნახშირორჟანგს და წყალბადს;
  3. არქეები, რომლებიც ნახშირორჟანგისა და წყალბადისგან წარმოქმნიან მეთანსა და წყალს, ძმარმჟავასგან კი მეთანსა და ნახშირორჟანგს. მესამე ჯგუფის არქეები მეთანს წარმოქმნიან: ტბის ფსკერზე, ჭაობებში, ტერმიტებისა და ძუძუმწოვრების ნაწლავებსა და ნარჩენების დამარხვის ადგილებში. მეთანის მცირე რაოდენობა დიფუზიით ხვდება ატმოსფეროში, 1.7-1.8 მკმოლი/მოლი. მეთანი იწვება, როგორც საწვავი. მეთანის ჟანგვა – ატმოსფეროში მეთანი რჩება 12 წელი, შემდეგ ბუნებრივად იჟანგება სტრატოსფეროში. ჟანგბადისა და ჰიდროქსილის რადიკალები ჩართულია მეთანის ჟანგვის პროცესში, ამ ფაქტით აიხსნება ის, თუ რატომ არაა მეთანი დიდი რაოდენობით ატმოსფეროში.

ტორფის წარმოქმნა – ნარჩენები იშლება საპროფიტული ბაქტერიებისა და სოკოების მიერ. საპროფიტულ ორგანიზმებს სჭირდებათ ჟანგბადი სუნთქვისთვის, რომელსაც იღებენ ნიადაგიდან. ზოგ გარემოში ნიადაგში წყალი ვერ მოძრაობს და ნიადაგი ხდება ანაერობული. საპროფიტები კვდებიან, ნარჩენები კი ვერ იშლება ბოლომდე. ვითარდება მჟავა გარემო, რომელიც აინჰიბირებს მეთანის წარმოქმნის პროცესს.

აქტივობა 5: ამოცანა

ტუნდრის ეკოსისტემის ნიადაგები შეიცავენ დიდი რაოდენობით ნახშირბადს ტორფის სახით. მისი დაგროვების მიზეზი ნარჩენების დაშლის შეფერხებაა. ეკოლოგებმა ნიმუშები შეაგროვეს ალიასკაში ბუჩქოვან ტყეებში. ზოგიერთ ნიადაგს ამდიდრებდნენ აზოტითა და ფოსფორით რვა წლის განმავლობაში (TF), ზოგს არა (TC). ნიადაგები 100 დღის განმავლობაში 7-150 C-ზე ზოგი ტენიანი იყო (M), ზოგი ძალიან ბევრი წყლით გაჟღენთილი (W). ნიადაგში ზომავდნენ ნახშირბადისა და ნახშირორჟანგის რაოდენობას.

ა) იმსჯელე ნიადაგის ტემპერატურის მატებისას ნიადაგში გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობის ცვლილების შესახებ. ახსენი მიზეზი.

ბ) შეადარე ერთმანეთს ნახშირბადის გამოყოფის სიჩქარე ტენიან და ჭარბწყლიან ნიადაგებში. ახსენი მიზეზი.

გ) რა გავლენას ახდენს სასუქების რაოდენობა ნახშირბადის გამოთავისუფლების პროცესზე?

დ) რომელი ფაქტორი უფრო მეტად მოქმედებს გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობაზე, ტემპერატურის ზრდა თუ სასუქების რაოდენობა?

დიდი რაოდენობით ნაწილობრივ დაშლილი ორგანული ნივთიერებები გროვდება ეკოსისტემაში და ილექება მუქი ყავისფერი ნივთიერების, ტორფის სახით. დედამიწის ზედაპირის 3% ტორფია.

აქტივობა 6: ინტერაქციული რესურსების გამოყენებით ნახშირბადის ციკლის შესწავლა

ა) თამაში ნახშირბადის გარდაქმნასთან დაკავშირებით.

ბ) ფოტო-ვიდეო მასალა ნახშირბადის ციკლთან დაკავშირებით. რესურსის გამოყენება სასურველია ინგლისურის მცოდნე მოსწავლეებთან.

გ) plix ნახშირბადის ციკლი – მოსწავლე სამი სახის ქანების ერთმანეთში გარდაქმნის პროცესს დააკვირდება და ერთმანეთს შეუსაბამებს გამომწვევ მიზეზსა და შედეგს. იქვე მოცემულია ინგლისურ ენაზე ქვიზი. სწორი პასუხი გამოსახულია სურათზე:

დ) ინტერაქტივი ნახშირბადის ციკლი.

ე) თავსატეხი – ნახშირბადის ციკლი.

ვ) ვიდეო სავარჯიშო – მოსწავლეს ვიდეოს ყურების პარალელურად ეძლევა შეკითხვები, რომლებსაც შეუძლია უპასუხოს წერილობით ან ხმოვანი ფორმით.

ზ) საკითხავი მასალა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქიმია 9 კლასი. ზარდიაშვილი, აბრამიშვილი. გამომცემლობა ტრიასი 2021 წელი;
  2. ელექტრონული წიგნი მეცნიერება – ზარდიაშვილი;
  3. Oxford IB Diploma Programme – 2014.

 

 ესკიზები

0

ჩემი აზრით, „შუშანიკის წამება“ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე – ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა. „შუშანიკის წამების“ ლიტერატურული სტილი არის მაღალი. თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა, უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციისა და დისკუსიის შესაძლებლობას – შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში. ამ ტიპის ტექსტების სწავლება არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: 1) ისტორიზმის პრინციპი – მოსწავლე იაზრებს იმ მთლიანობას, რა გზაც მხატვრულმა სიტყვამ გაიარა ამ ქვეყანაში; 2) უკვე ნახსენები მხატვრული მასშტაბი­ – რიგი ეპიზოდები სამივე პოპულარულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტში დადასტურებულად უმაღლესი პილოტაჟი გახლავთ; 3) ენის განცდა – ბუნებრივია, ამ ტიპის ტექსტის სწავლება შესაბამისი და უხვი განმარტებებით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ თუნდაც ფრაგმენტული შეხება მეხუთე საუკუნის ქართულ ენასთან, არა მგონია, მაინცდამაინც მავნებელი, მსუბუქად რომ ვთქვათ.

 

ცხადია, წლების განმავლობაში­ ­სწა­ვლების ფორმა გაუგებარი და შესა­ცვლელი­ იყო. არამართებული იყო ზეპირობის ვალდებულებაც და მით უფრო ამის ნიშნებში ასახვა – მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში. ახლა ეს მიდგომები შეიცვალა, თუმცა კიდევ ბევრია სამუშაო.

 

 

გუშინ ფანჯარა გამოვაღე და უცებ, უცნაური და მოულოდნელი აწყვეტით შემოვარდა გაზაფხულის სუნი – განა ფეხაკრეფით, როგორც სხვა ახლო გაზაფხულებისას სჩვეოდა ხოლმე. გაზაფხულის სუნი – მომავლიდან გამოპარული. ასეთი დაძგერება უხსოვარ დროში მახსოვს ხოლმე, მარტის პროლოგისას, აივანზე როცა გავდიოდი, ჯერაც ზამთრის განცდით ნაკარნახევი ტანსაცმლით და უცებ რაღაც დაგაბზრიალებდა – ვწევარ ახლა და თვალდახუჭული საკუთარ ბავშვობას ვსუნთქავ.

ვხედავ ჩემი ეზოს თებერვლის შუას. იქ, სწორედ თებერვლის შუაში, დგახარ და თუ ზუსტად სუნთქავ, გაზაფხულს დაიჭერ. ნესტოების ტექნიკის ამბავია, ალქიმია არ სჭირდება. ცივ კალოშში რომ კენჭები გხვდება და გახდა და გადმოყრა გეზარება – ეგ არის თებერვლის დილა სოფელში. გააღე საქათმე, ძროხა გაუშვი და მოხურული ბუშლატაც სველია. ბუშლატას სახელოებიც აქვს, მაგრამ ჩაცმული არასდროს მინახავს. ბუშლატა უნდა მოიხურო. ეგ არის წესი. სოფლის წესი. სანამ ამ წესს ქალაქი არ აუგებს წესს. ქალაქი, გაზაფხულივით შემოპარული – ოღონდ სხვა კარიდან.

თითქოს ბანალური ამბავია, მაგრამ მენტალური ავადობებისას უზუსტესი: დრო თანაბრად არის მოკავშირეც და მტერიც – მთავარია რა განწყობით გაჰყვები მას. მავნებელია კალენდარული დათქმები – „ერთ თვეში მორჩები ან მოვრჩები“, „ექვს თვეში“, „ერთ წელიწადში“ – ეს გარდაუვალად განგაწყობს მოცემული დრო ცუდად იყო.

გამოჯანმრთელება უნდა დაიწყო დღესვე, აქ და ახლა.

 

ცხადია, ყველაზე რთული და ამავდროულად, აუცილებელი – ბრძოლის დაწყებაა. თუმცა, საიდან უნდა ავთვალოთ საწყისი წუთი, როცა საკუთარი თავი მოუხელთებელია და თითქოს დაუძლეველ ფსიქო-სომატურ წრეში გვატრიალებს? გონებას დამახსოვრებული აქვს ტანჯვა და ზეპირ რიტუალს იმეორებს. დიახ, დაზეპირებული, რადგან ადამიანი იმთავითვე არის ბაძვა.

ტვინს სხვა საზეპირო უნდა შევთავაზოთ.

აუცილებელი გზა – ფსიქიატრია, თერაპია, ძილის და კვების მოწესრიგება და სხვანი – რაღაცით უნდა დაიწყოს. რაღაც უცნაური ნაბიჯით და ეს ვერ იქნება „თავს შემოუძახე“ და „ხელში აიყვანე“ – ასე უცებ და ერთბაშად. სწორედ აქ გვჭირდება მოკავშირედ დრო და მოთმინება. ადამიანად ყოფნა ზოგადად საკუთარი თავის ყოველდღიური იძულება მგონია და ამ დროს – მით უფრო. „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“ – ეს არის. რუსთაველია. აიძულე საკუთარი თავი ფრთხილად, მაგრამ რუტინულად ხშირად, დაბრუნდეს იქ, რაც ოდინდელ ყოფად გახსოვს. ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიტყუე თუნდაც გამოგონილი წუთები და შესთავაზე ტვინს. ეს რთული, მაგრამ ერთადერთი გზაა სრულფასოვანი დაბრუნების. დიდი დაბრუნების. და აუცილებლის.

 

არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქს უტოლდებიან და მეტიც. ჩემთვის ხაშური ნინო დოფიძეა. ახალგაზრდა, საოცარი გოგო, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა. შეზღუდული შესაძლებლობა? საშინლად მძულს ასეთი სახელდებები. ჩვენ ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ და ან ვინ ყოფილა შეუზღუდავი ძალის? ცოტა და ერთი მათგან ნინო იყო: დიდი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის, უანგარო მონდომებით და დონკიხოტური სულით. რამდენჯერმე ვნახე ხაშურში, საკუთარ ლიტერატურულ კლუბში, რომელსაც მე ნინოს სახელს დავარქმევდი დღეიდან, თუმცა ახლო მეგობარივით მწერდა და ხშირად. მწერდა ყველაზე რთულ წუთებში – როცა ზოგი მეგობარიც მივიწყებდა. ვიცი, ბევრს გვაქვს მისი ამგვარი ვალი. როგორ გადავიხდით? ვერაფრით. ასე თუ ამოვიოხრებთ მხოლოდ.

 

სტიგმატიზებული დიაგნოზი სკოლაში

0

სკოლაში ხშირად მოისმენთ ფრაზებს – „მშობელი შვილის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას არ აღიარებს“, „მშობელმა უარი თქვა, ბავშვი მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს“, „მშობელს არ უნდა თავისი შვილის მდგომარეობის მიღება“, „მშობელს შვილი ფსიქოლოგთან არ მიჰყავს“, „მშობელი საქმის კურსში არ გვაყენებს, რა დიაგნოზი აქვს მის შვილს“ და ა.შ.

მშობელი, მშობელმა, მშობელს, მშობლის… – ეს სიტყვა ყველა ბრუნვაში ისმის…

უმეტესად, ასეთი მოსაზრებები სკოლის თანამშრომლებს ეკუთვნით, რათა ხაზი გაუსვან, როგორ არ ეხმარებიან მშობლები პედაგოგებს ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ამ ყველაფრის მიღმა კი ერთადერთი კონტექსტი იკითხება – „მშობელი არ ეხმარება თავის შვილს და ჩვენ, სკოლამ, მასწავლებლებმა, რა ვქნათ?!“

შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ თითოეული ასეთი ფრაზა მშობლის ირიბი დადანაშაულება და კრიზისიდან მშრალად გამოსვლის მცდელობას ჰგავს. მაშინაც კი, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებები უსაფუძვლო არ არის.

სკოლაში ნაკლებად ფიქრობენ, რატომ აკეთებენ ამას მშობლები? არ თუ ვერ ეხმარებიან ეხმარებიან შვილებს? რა უდევს საფუძვლად მშობლის ასეთ ქცევას? ამ საკითხებზე, სპეციალისტების გარდა, არავინ საუბრობს. მათი მოსმენა კი ცოტას თუ გვიყვარს.

შევთანხმდეთ, რომ ბავშვისთვის ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, განსაკუთრებულ საჭიროებაზე ეჭვის შემთხვევაში მშობელს შვილი სპეციალისტთან წაეყვანა, გაეკეთებინა შეფასება. შემდეგ სკოლაში მიეტანა ფურცელზე ამობეჭდილი, ბეჭედდარტყმული დიაგნოზი ან საუკეთესო შემთხვევაში სპეციალისტის მიერ პედაგოგებისთვის გაცემული რეკომენდაციები, რომლითაც მასწავლებლები იმოქმედებდნენ; პარალელურად შვილი ეტარებინა ყველა ტიპის თერაპიაზე, რაც მას სჭირდება. ასეც ხდება, როცა მშობელი თავის თავში პოულობს ძალას, ეს ყველაფერი გააკეთოს. მაგრამ თუ ეს ძალა ვერ იპოვა…

  • თუ შეეშინდა, რომ მის სტატუსიან შვილს სკოლაში დასცინებენ…
  • თუ შეეშინდა, რომ მის შვილს განსხვავებულის სახელი დაერქმევა;
  • მასაც ისევე დაუძახებენ „ინკლუზიურ ბავშვს“, „აუტისტს“, „დაუნს“, „ბნედიანს“, „ფსიხსა და შეშლილს“, როგორც ეს სხვაზე მოუსმენია;
  • თუ შეეშინდა, რომ მისი საყვარელი შვილი საზოგადოებისთვის მოსიარულე დიაგნოზად გადაიქცევა, რის შემდეგაც ბავშვის ყველა თვისებასა და ხასიათის თავისებურებას დიაგნოზი დაჩრდილავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი კი აღარ იქნება ამ ბავშვში მთავარი, არამედ დიაგნოზი;
  • თუ შეეშინდა, რომ არავის მოუნდება სტუმრად მივიდეს მასთან და დაპატიჟოს მისი შვილი, იმიტომ, რომ სხვანაირია;
  • თუ შერცხვება მისი შვილის გამო, იმიტომ, რომ სიბრალულით ან ბრაზით მიაჩერდებიან;
  • თუ შეეშინდება, რომ მის შვილს განსხვავებულობის გამო გარიყავენ;
  • თუ საზოგადოება განსხვავებული შვილის გამო თავს უბედურ ადამიანად აგრძნობინებს;
  • თუ საზოგადოება მისგან მსხვერპლის ან გმირის შექმნას შეეცდება და მიზეზების ძიებას დაიწყებს, რატომ მოუვლინა განგებამ განსაცდელის თუ საჩუქრის სახით ეს ბავშვი;
  • თუ შეეშინდა, რომ ამ დიაგნოზის დადგენისა და გასაჯაროების შემდეგ მისი შვილი „ჩვეულებრივი ბავშვი“ აღარ იქნება და მისი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის შეეცდება, რომ ბავშვის უცნაური საქციელი მის ხასიათს ან გარემო პირობებს დააბრალოს და არ აღიაროს, რომ ბავშვს სპეციალური საჭიროება აქვს.

ჩვენი სინამდვილე ასეთია – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ სტიგმა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა შორის მშობლებიც არიან, აღარ შესწევთ ძალა, გაუმკლავდნენ ზემოთ ჩამოთვლილ სტრესორებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოებაში იბადება, ვითარდება, თავს ესხმის და უკან სწევს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებს. ჩვენ ასე გვჯერა, რომ „ღმერთი ყველას იმ ზომის განსაცდელს გვიგზავნის, რამდენის ზიდვაც შეგვიძლია“, ჩვენ მიგვაჩნია, რომ „მშობელმა ყველაფერი უნდა შეძლოს, რაც მის შვილს სჭირდება, იმაზე მეტიც უ ნ დ ა შეძლოს, ვიდრე შეუძლია, ვიდრე რესურსი აქვს“. ვამბობთ სიტყვას „უ ნ დ ა“, მაგრამ არ ვფიქრობთ, შეუძლია კი? ყველას შეუძლია? ყველას ერთნაირად შეუძლია?

და ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მშობელმა შვილის დახმარება შეძლოს? მე, როგორც ერთი ადამიანი:

  • ვსწავლობ სწორი ტერმინებით საუბარს თუ ჯერ კიდევ „ინკლუზივს“ ვეძახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს?
  • მაქვს ადეკვატური მოლოდინი ამ ბავშვის მიმართ, თუ მგონია, სტატუსიანი ბავშვი მაინც ვერაფერს მიაღწევს.
  • მინდა ჩემი შვილის მეგობრად, ქმრად, ცოლად ისეთი ადამიანი, ვისაც განსხვავებულის იარლიყი აქვს.
  • როგორ ვიქცევი, როცა სკოლაში, ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში თუ სხვაგან ბავშვს ტანტრუმი აქვს? ყურადღებას არ ვამახვილებ, მშობელს თანადგომას ვუცხადებ, თუ ამრეზით ვუყურებ და მივუთითებ, რომ ცუდი მშობელია, შვილი ვერ გაუზრდია, მგზავრებს აწუხებს და ტრანსპორტიდან უნდა ჩავიდეს…
  • ჩვეულებრივ ამბად ვიღებ, როცა ჩემთან სტუმრად სპეციალური საჭიროების ბავშვი მოდის, თუ მირჩევნია მშობლებმა ის სახლში დატოვონ?
  • ვაცნობიერებ, რომ კანონის წინაშე ეს ბავშვი სხვათა თანასწორია, თუ მენანება ჩემი დრო, რომელიც მას უხვად უნდა დავახარჯო და სხვებს მოვაკლო.
  • ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ სსსმ მოსწავლეები ინკლუზიურად, ჩვეულებრივ სკოლაში უნდა იღებდნენ განათლებას, თუ გულის სიღრმეში მიმაჩნია, რომ „მათთვისვე იქნება უკეთესი, თუ ცალკე ისწავლიან“.
  • ვეხმარები მშობელს, გვერდით დაუდგეს შვილს, თუ მთელ ძალას იმაზე ვხარჯავ, რომ ის დავანახო და დავუმტკიცო, რასაც მე ვხედავ, ის კი არ აღიარებს.
  • ჩემდაუნებურად, მე თვითონ ხომ არ ვქმნი სკოლაში მასტიგმატიზებელ გარემოს?

თუ ჩვენ ამ და მსგავს შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხებთ, მივხვდებით, რატომ უჭირთ მშობლებს შვილის სპეციალური საჭიროებების აღიარება. იმასაც მივხვდებით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ გაუჭირდეს და იმასაც, რომ სინამდვილეში ჩემი მიზანი ბავშვის დახმარება კი არა, მშობლისთვის იმის დამტკიცებაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვიყავი მართალი.

თუ სკოლის თანამშრომლებს ბავშვის დახმარება სურთ, ემპათიაა საჭირო. მშობლის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების გარეშე სკოლა ვერ გახდება მშობლის პარტნიორი და არც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ოჯახს მოუნდება სკოლასთან თანამშრომლობა.

შესაძლოა, ბევრ პედაგოგს გულწრფელად სურდეს ბავშვისთვის საუკეთესო და ამაში მშობლის როლსაც მკაფიოდ ხედავდეს, მაგრამ ის უნდა შეეგუოს მოცემულობას, რომ ყველა მშობელს ერთნაირი რესურსი არ აქვს.

სპეციალისტების რეკომენდაციით, სიტუაციიდან გამოსავალი ასეთია: სკოლა და პედაგოგები მშობლის ნაცვლად პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. მათ უნდა გააგრძელონ მშობლებთან მუშაობა, შექმნან უსაფრთხო კლიმატი, დაამყარონ სწორი კომუნიკაცია, აგრძნობინონ მშობლებს, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ წარიმართება. თუ მშობელს ეცოდინება, რომ სკოლა ყველა ზომას მიიღებს, მისი შვილი სტატუსის გამო დაცინვის სუბიექტი და თითით საჩვენებელი არ გახდეს; ამ სტატუსის გამო პედაგოგები მასზე ხელს არ ჩაიქნევენ და ბავშვს დარჩენილი სასკოლო წლების რესურსოთახში გატარება არ მოუწევს; მასწავლებლები და კლასელები „ინკლუზიურ ბავშვს“ არ დაუძახებენ; სასკოლო საზოგადოება იზრუნებს, აიმაღლოს ცნობიერება მისი მოსწავლის საჭიროების შესაბამისად; თუ ეცოდინება, რომ საზოგადოება არ გარიყავს განსხვავებულობის გამო და მშობელს არ შეარცხვენს, თუ მისი შვილი გამოავლენს მიუღებელ ქცევას, მას გაუადვილდება მიიღოს შვილი ისეთი, როგორიც არის. მიიღოს და იმოქმედოს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

დაბოლოს, ის, რაც ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ დიაგნოზის გაგებიდან დიაგნოზის მიღებამდე მშობლები გრძელ და ინდივიდუალურ გზას გადიან. არ არსებობს ნორმა, რა ვადაა საჭირო, იმისთვის, რომ მშობელმა შვილის დიაგნოზს თვალი გაუსწოროს და დაგეგმოს, როგორ დაეხმაროს ბავშვს. ერთ მშობელს თუ რამდენიმე საათი ჰყოფნის, სხვას შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს ამისთვის. განცდა, რომელიც შვილის დიაგნოზის პირველად მოსმენის შემდეგ ეუფლება მშობელს, ძალიან ჰგავს დანაკარგის მდგომარეობას. მშობელი გლოვობს იმ წარმოდგენებს, სურათხატებს, ცხოვრების გეგმებსა და მოლოდინს, რომლებიც შვილის მუცლად ყოფნის პერიოდიდან თავისდაუნებურად ჰქონდა შექმნილი. მას შეიძლება დაეუფლოს ბრაზი, სასოწარკვეთა, უარყოფა, დეპრესია. ის შეიძლება სვამდეს შეკითხვებს: რატომ მაინცდამაინც მე? რატომ მაინცდამაინც ჩემი შვილი? რამ გამოიწვია ეს? ეძებდეს მიზეზებს წარსულსა და აწმყოში, ადანაშაულებდეს თავის თავსა და სხვებს. მაშინაც კი, როცა სახეზეა დიაგნოზის ყველა ნიშანი, უჭირდეს თვალი გაუსწოროს სინამდვილეს. ამ დროს მშობელი ხშირად ფიქრობს: იქნებ შეეშალათ? ებღაუჭება იმედს და უარყოფს დიაგნოზს. ვიდრე მატრავმირებელ მოვლენას მიიღებდეს, მშობელი სხვადასხვა თანმიმდევრობით გადის ამ ფაზებს. ასეთ დროს მშობლებს გაკიცხვის ნაცვლად მოსმენა, გამხნევება, მხარდამჭერი და თანასწორი გარემო სჭირდებათ, სადაც არაფრის შეეშინდებათ, სადაც ეცოდინებათ, რომ საზოგადოება და მათ შორის სკოლა, მიიღებს მის შვილს, თუნდაც ის სხვებს არ ჰგავდეს.

 

ვიდრე მშობელი ამ ურთულეს გზას გაივლის და აღიარებს, რომ სირთულე არსებობს, მანამდე საჭიროა, ყოველგვარი ფორმალობის გარეშე, სკოლაში გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც გავაკეთებდით იმ შემთხვევაში, მშობელს აღიარებული რომ ჰქონოდა შვილის დიაგნოზი.

 

წერილის შინაარსი ეყრდნობა თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოდიაგნოსტისა და ფსიქოკონსულტანტის, ზანდა ჩეჩელაშვილის ვიდეოლექციას მშობლებისა და პედაგოგებისთვის, რომელიც ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოებული საკომუნიკაციო კამპანიის „დაინახე ყველა ფერი“ ფარგლებში. წყარო https://www.facebook.com/dainaxeyvelaferi/videos/770619260577077

 

 

ევრითმია და განათლება

0

„ფანტაზია იბადება მოძრაობაში“.

გოეთე

 

ციფრულმა ეპოქამ ადამიანს „შეუზღუდა“ მოძრაობა. ადამიანი კი პერფორმანსული არსებაა. ის არ არის მხოლოდ „მოლაპარაკე სუბიექტი“, არც მხოლოდ „მწერალი“. ადამიანი არის მოქმედება, გამოხატვა – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მთელი სხეულის მოძრაობით. თუ სხეულის ენას ჩამოვაშორებთ მეტყველებას, არასრულყოფილ თვითგამოხატვას მივიღებთ. ბგერებით (ლინგვისტურად და მუსიკით) გამოხატული აზრი შეგვიძლია სხეულის ჰარმონიულ მოძრაობად ვაქციოთ – ეს არის ევრითმია.

ევრითმია ექსპრესიული მოძრაობის ფორმაა, რომელიც შეიმუშავა ანთროპოსოფიის ფუძემდებელმა რუდოლფ შტაინერმა. მას ხშირად უწოდებენ „ხილულ მეტყველებას“ ან „ხილულ მუსიკას“, რადგან მეტყველებისა და მუსიკის ბგერებს ევრითმია რიტმულ მოძრაობად გარდაქმნის. სიტყვა „ევრითმია“ ძველი ბერძნულიდან მომდინარეობს (eu – ლამაზი, rythmos – ჰარმონიული მოძრაობა). თუ მეტყველებისას ადამიანი სიტყვების მეშვეობით გამოხატავს თავის შინაგან მდგომარეობას, ევრითმიაში ის მოძრაობით გამოიხატება.

კითხვაზე: რა არის ევრითმია, – ვალდორფის სკოლის მოსწავლეები უმეტესად ასე პასუხობენ: „სინამდვილეში ამის ახსნა შეუძლებელია! ის ძალიან ჰგავს ცეკვას, მაგრამ ცეკვა არ არის, ჰგავს თეატრალურ წარმოდგენას, მაგრამ არსებითად სულ სხვა რამაა. უმჯობესია, თავად სცადოთ“.

ევრითმიულ მოძრაობებში მთელი სხეულია ჩართული. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ხელების მოძრაობა. ხელების მოძრაობა ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეტყველების ფუნქციასთან. ჯერ ვითარდება თითების მოძრაობები, შემდეგ ხდება მარცვლების არტიკულაცია. მეტყველების განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული თითების მოძრაობის ხარისხზე. ამიტომაც ასრულებინებენ მეტყველების თერაპევტები ბავშვებს თითების ვარჯიშს.

ამის გამო ხელს/ხელის თითებს მეტყველების ორგანოდაც (არტიკულაციურ აპარატად) კი განიხილავენ. დააკვირდით, რამდენად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია იმ ადამიანის მეტყველება, რომელიც მეტყველების პროცესში ხელებს სწორად იყენებს. თითქოს ეს აზრის დაბადებას ეხმარება, თითქოს ხელები დირიჟორობს ბგერებს.

ახლა კი წარმოვიდგინოთ, როგორ „ითარგმნება“ მეტყველება ან მუსიკა მოძრაობის ენაზე, რომელშიც მთელი სხეულია ჩართული. ევრითმია არის მხატვრული მოძრაობის განსაკუთრებული სახე, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მთლიან ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ევრითმია ჰოლისტურია თავისი არსით. სხეულის ნაწილების რიტმულ მოძრაობას ჰარმონიაში მოჰყავს არა მარტო ფიზიკური, არამედ მენტალური, ფსიქიკური და სულიერი სხეული, ამიტომ მას აქვს უამრავი ფუნქცია:

  1. საგანმანათლებლო/პედაგოგიური
  2. თერაპიული
  3. მხატვრული
  4. შემეცნებითი

პედაგოგიური ევრითმია გულისხმობს ევრითმიის სასწავლო ინსტრუმენტად გამოყენებას ვალდორფის სკოლებში და არამხოლოდ.

ანბანის ევრითმია: ანბანის თითოეული ბგერა დაკავშირებულია კონკრეტულ მოძრაობასთან ან ჟესტთან. მაგალითად, ბგერა „ah“ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ხელების ფართოდ გაშლით, ხოლო ბგერა „b“ – მოძრაობით, რომელიც ამ ასოს ფორმას იმეორებს.

რიცხვის ევრითმია: ამ სავარჯიშოში თითოეული რიცხვი დაკავშირებულია კონკრეტულ მოძრაობასთან. მაგალითად, ერთი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამართული დგომით, ორი – ცალ ფეხზე დაბალანსებული დგომით და ასე შემდეგ.

ტექსტის ევრითმია: მოსწავლეებს შეუძლიათ, განასახიერონ მოთხრობები ან ლექსები ევრითმიული მოძრაობებით, რომლებიც შეესაბამება ტექსტის პერსონაჟებს, მოქმედებებსა და ემოციებს. ეს მათ ეხმარება, უფრო სიღრმისეულად გააცნობიერონ ტექსტი და მისი სტრუქტურა. ამასთანავე, ასეთი სწავლება ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრებას.

მუსიკალური ევრითმია: ევრითმია ასევე გამოიყენება მუსიკალური კომპოზიციების შესასწავლად და ინტერპრეტაციისთვის. სტუდენტებს/მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან მოძრაობები, რომლებიც შეესაბამება მუსიკის სხვადასხვა ელემენტს – მელოდიას, რიტმს, დინამიკას. ეს მათ დაეხმარება, განივითარონ მოსმენის უნარები და კოორდინაცია.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ როგორ შეიძლება ევრითმიის ინტეგრირება სწავლებაში. სავარჯიშოები და მოძრაობები განსხვავდება მოსწავლეების ასაკის, სასწავლო საგნისა და გაკვეთილის მიზნების მიხედვით.

ევრითმიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, როდესაც ბავშვის მოძრაობები, მეტყველება და ქცევა ინტენსიურად ყალიბდება მათ უშუალო გარემოში მყოფი ადამიანების მოძრაობების, მეტყველებისა და ქცევების იმიტაციით. ევრითმიას სკოლამდელი ასაკის ბავშვები მხიარული თამაშებით ითვისებენ. შედეგად ისინი ძალიან ადვილად სწავლობენ მეტყველებას, უცხო ენას. ევრითმიულ წარმოდგენებში ბავშვი ხდება „მთასავით მშვიდი, ყვავილივით ფერადი და სურნელოვანი, ნაკადულივით მიედინება, ქარივით ჩურჩულებს ხეებს შორის, ფუტკარივით მხიარულად ზუზუნებს, ჩიტივით თავისუფლად დაფრინავს“.

რას აკეთებენ პირველკლასელები, მაგალითად, ევრითმიის გაკვეთილზე? [1]

ისინი ასრულებენ ასეთ მარტივ ტექსტებს:

 

Ich bin ein Licht (I)

მე ვარ სინათლე

Und habe Kraft (A)

მე მაქვს ძალა

Und bin so froh! (O)

მე მიხარია

 

პირველი სტრიქონის წარმოთქმისას ბავშვები მზის სხივებივით შეჯგუფებულები დგანან, მეორე სტრიქონზე უკან ხტებიან და იშლებიან, მესამეზე კი ორივე ხელით მომრგვალებულ მოძრაობას ასრულებენ. ეს არის I, A და O ჟესტების ფორმირების მრავალი შესაძლებლობიდან ერთ-ერთი. ისევე როგორც ერთი და იმავე ბგერებით შეგვიძლია გამოვხატოთ სხვადასხვა ემოცია, გრძნობა, განწყობა და აზრი, ასევე ევრითმული ჟესტებით გამოხატვა, კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებულია. მოცემულ ნიმუშში არჩეულია ძალიან მარტივი ჟესტები. თუ ბავშვები სწრაფად გაართმევენ თავს შესრულებას, ვარჯიშის ტემპი აჩქარდება. იმავდროულად, სხეულის ნაწილების სწრაფი და რიტმული მოძრაობები ბავშვებს ახალისებს და სიხარულს ჰგვრის.

აქ კი ქართველი ევრითმისტები ასრულებენ ვაჟა-ფშაველას ლექსს „ღამე მთაში“[2]

 

ჯერ გააკეთე, მერე იფიქრე

საკუთარი სხეულის შეცნობა თვითშემეცნების დასაწყისია. ამას ბავშვები მოძრაობითა და მოქმედებით აღწევენ. რიტმული მოძრაობა ნიშნავს თანდათანობით შეიცნო საკუთარი თავი. შესწავლის სურვილით შთაგონებული მოზარდი იკვლევს გარემოცვას და სხვადასხვა საგნის მნიშვნელობას. ამ დროს მისი სხეული მყარ საფუძვლად იქცევა, ხოლო მოძრაობა – თვითშემეცნების ამაღლების ინსტრუმენტად.

 

როგორ გამოვიყენოთ ტრადიციულ სწავლებაში ევრითმიის ელემენტები?

მიეცით ბავშვებს საშუალება, ტექსტი გამოხატონ მოძრაობით, ისე, როგორც გრძნობენ და განიცდიან. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია პოეზიის შემთხვევაში. შეუძლიათ პერსონაჟების მოძრაობით გამოხატვაც…

მაგალითად, შესთავაზეთ, გალაკტიონის „ქარი ქრის“ „წაიკითხონ“ თავისუფალი მოძრაობებით. ეს უბრალო აქტივობა მათ შემოქმედებით უნარებს გააუმჯობესებს და სწავლების პროცესს უფრო მეტად გაახალისებს.

[1]https://dytynawaldorf.com.ua/articles-list/moi-ruchki-mogut-govorit/

 

[2]https://www.youtube.com/watch?v=OE9-znQ-gt4

 

რატომ მარკეტინგი?

0

 რატომ შეიძინა მარკეტინგმა ასეთი მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში?

„მარკეტინგი, სიმართლის ოსტატურად გამოყენების ხელოვნებაა“.

ფილიპ კოტლერი

(დაბ. 1931 წ., ამერიკელი პროფესორი, მართვის თეორეტიკოსი).

ალბათ ყველას გსმენიათ სიტყვა „მარკეტინგი“ (marketing), რომელიც სხვა ენებში ინგლისურიდან შევიდა და დიდი ხანია, უკვე მყარად დაიმკვიდრა თავი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ყოველდღიურ ლექსიკონში. საკუთრივ სიტყვა „მარკეტინგი“ ინგლისურში, ლათინური ენიდან, სიტყვა mercatus-დან (ლათ. სავაჭრო ადგილი, ბაზარი, ვაჭარი) დამკვიდრდა. ინგლისურენოვან ლექსიკონებში პირველად მე-16 საუკუნეში გამოჩნდა. ტერმინი „მარკეტინგი“, ბაზარზე საქონლის შეძენისა და გაყიდვის პროცესის აღსაწერად გამოიყენეს. ამ სიტყვას (და ზოგადად მარკეტინგის კონცეფციას) განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ბიზნესთან, კომერციასთან ან/და არამომგებიან ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც თავის მხრივ, ამ ორგანიზაციების ან ფირმების (კომპანიების) მენეჯერები (ანუ მმართველები) არიან და პროფესიონალურად უწევთ როგორც ბიზნესის, ისე – არამომგებიანი (ვთქვათ, საქველმოქმედო ან სოციალური აქტივიზმის) საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციების მართვა.

მარკეტინგი – ნებისმიერი ბიზნესის ან სხვა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია. იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს სამიზნე აუდიტორია, შემუშავდეს ბაზარზე საქონლის ამ მომსახურების შეთავაზების სტრატეგია, მოხდეს ახალი მომხმარებლის მოზიდვა და ძველის შენარჩუნება. მარკეტინგის გარეშე ვერცერთი ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული და კონკურენტული. ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის (American Marketing Association – AMA) მიერ შემოთავაზებული განსაზღვრების მიხედვით, მარკეტინგი გახლავთ „აქტივობა, ინსტიტუტების ნაკრები და პროცესები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ისეთი შეთავაზებების შექმნას, მათ კომუნიკაციას, მიწოდებას და გაცვლას, რომლებიც ღირებულნი იქნებიან მომხმარებლისთვის, კლიენტებისთვის, პარტნიორებისთვის და ზოგადად, მთელი საზოგადოებისთვის“.

მოგებით დაკავებული ბიზნესის გარდა, მარკეტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს არაკომერციულ ან არამომგებიან საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციებისთვისაც (მაგ. სოციალური საწარმოები, საქველმოქმედო ფონდები, სხვადასხვა საფეხურის სასწავლო დაწესებულებები, სპორტული კლუბები თუ ასოციაციები, სამკურნალო და სხვა სპეციალიზებული სამედიცინო ორგანიზაციები, სხვა).

ქვემოთ გთავაზობთ დიალოგს მარკეტინგის ორ დიად „გურუს“, ფილიპ კოტლერსა (Dr. Philip Kotler) და პიტერ ფ. დრაკერს (Dr. Peter Drucker) შორის. მათი საუბარი, ძირითადად მარკეტინგის ამ ნაკლებად ნაცნობ, „არამომგებიან“ მხარეს შეეხება და ალბათ საინტერესო იქნება ნებისმიერი ადგილობრივი არაკომერციული ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანამშრომლისა თუ ხელმძღვანელისათვის.

ინტერვიუს ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ მოიძიოთ პიტერ დრაკერის წიგნში, Managing the non-profit organization, Practices and Principles (Peter. F. Drucker, HarperCollins Publishers, 1990, New York, NY).

 

ინტერვიუს სამიზნე აუდიტორიაა არამომგებიანი საგანმანათლებლო, სამედიცინო, ხელოვნების მხარდამჭერი და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მარკეტინგისა და სახსრების მოზიდვის პროფესიონალები.

პიტერ ფ. დრაკერის[1] ინტერვიუ ფილიპ კოტლერთან[2]

პიტერ დრაკერი: ფილიპ, როდესაც 1971 წელს გამოაქვეყნეთ წიგნი Non-profit Marketing (მარკეტინგი არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის), ახლა მას ეწოდება „სტრატეგიული მარკეტინგი არამომგებიანი ინსტიტუტებისათვის“ და ახლა იგი უკვე მეოთხედ გამოიცა – მაშინ არამომგებიანი ინსტიტუციებისათვის ამ თემის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. თუ სწორად მახსოვს, არამომგებიანმა ინსტიტუტებმა დიდად არც მიიღეს ეს კონცეფცია?

ფილიპ კოტლერი: კი ეს მართალია. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთი ანგარიშგებისა და ფინანსების მართვის გაუმჯობესებით და იწყებდნენ მენეჯმენტში თქვენი იდეების გააზრებასა და გამოყენებას. მაგრამ ისინი არ საუბრობდნენ მარკეტინგზე. ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთი მათგანი იყენებდა მარკეტინგს, თუმცა ვერ აცნობიერებდა, თუ როგორ სჯობდა ამის გაკეთება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მარკეტინგი, ბიზნესის სხვა შემადგენლებთან ერთად, უნივერსალური და ტიპურია მათთვისაც (არამომგებიანი ორგანიზაციებისთვის) და კარგად ერგება ყველა ამ სახის ინსტიტუტის საქმიანობას. ვთვლიდი, რომ აუცილებელი იყო არამომგებიან სფეროში მარკეტინგის უფრო გააზრებული ინტეგრირება.

პიტერ დრაკერი: იმ დროის შემდეგ საკმაოდ ბევრმა არამომგებიანმა ინსტიტუტმა აღიარა თეორიის საჭიროება. როგორ „გადაითარგმნა” ეს ყველაფერი პრაქტიკაში?

ფილიპ კოტლერი: სხვადასხვა ინსტიტუტმა მარკეტინგი სხვადასხვანაირად გაიაზრეს და გამოიყენეს. საავადმყოფოებმა მალევე გაიგეს მარკეტინგის ფუნქციების მნიშვნელობა, მაგრამ კოლეჯები და უნივერსიტეტები, ჯერ კიდევ ჩამორჩებიან მათ. მუზეუმებმა და ხელოვნების ინსტიტუტებმაც კარგად გაიაზრეს მარკეტინგის მნიშვნელობა, თუმცა ბევრმა ორგანიზაციამ შეცდომით გაიგო მისი შინაარსი. ისინი ხშირად ურევენ მარკეტინგს გაყიდვების ხელშეწყობასა და რეკლამირებას, და ამიტომაც, ვერ გრძნობენ მის აუცილებლობას.

პიტერ დრაკერი: კარგით, მაშინ მითხარით, როგორია მარკეტინგის თქვენეული განსაზღვრება არამომგებიანი ინსტიტუტებისათვის? ჩემი მეგობრების უმეტესობა, არამომგებიანი სექტორიდან, გაკვირვებული დარჩება იმით, რაც ახლა თქვით – რომ ზოგიერთ ინსტიტუტს მარკეტინგში ერევა გაყიდვების ხელშეწყობა და რეკლამირება. მათი უმეტესობა თვლის, რომ ზუსტად ეს არის მარკეტინგი.

ფილიპ კოტლერი: მარკეტინგის უმთავრესი ამოცანებია ბაზრის შესწავლა, სეგმენტირება, ჯგუფებისათვის მომსახურების მიზანმიმართულად შეთავაზება, საკუთარი თავის პოზიციონირება ბაზარზე და ისეთი მომსახურების შეთავაზება, რომელზეც მოთხოვნა არსებობს. რეკლამირება და გაყიდვების ხელშეწყობა დაგვიანებული საქმიანობებია. მე არ მსურს მათი მნიშვნელობის მინიმიზება. თქვენ წლების წინ შოკი მოჰგვარეთ ბევრს, როდესაც შესანიშნავად ჩამოაყალიბეთ და თქვით, რომ მარკეტინგის მიზანია ის, რომ გაყიდვების ხელშეწყობა აღარ იყოს აუცილებელი. რა შეიძლება იყოს მარკეტინგი, თუ იგი გაყიდვები არ არის? მოკლე განსაზღვრება, რომელიც გამიგონია, არის საჭიროებების პოვნა და მათი დაკმაყოფილება. მე დავუმატებდი, რომ ეს ქმნის დადებით ღირებულებას ორივე მხარისათვის. კონტრასტი მარკეტინგსა და გაყიდვებს შორის არის ის, რომ თუ იწყებ მომხმარებლით, კლიენტით ან იმ ჯგუფებით, რომელთა კარგად მომსახურებაცაა მიზანი – მაშინ ეს მარკეტინგია. თუ დაიწყებ პროდუქტების ნაკრებით, რომელიც უკვე გაქვს და გსურს ეს პროდუქტები რამენაირად გაყიდო რომელიმე ბაზარზე, რომელსაც მიაგნებ, მაშინ ეს გაყიდვებია („სელინგი”/selling, ლ.ა.).

პიტერ დრაკერი: ჩემი მეგობრების უმეტესობა არამომგებიანი სექტორიდან ნამდვილად დაეთანხმება თქვენ მიერ სულ ცოტა ხნის წინ ნათქვამ განსაზღვრებას. მაგრამ ამის შემდეგ იტყვიან: განა ის საჭიროება, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, ისედაც ცხადი არ არის? არიან ადამიანები, რომლებიც ღარიბები არიან და ვიღაცამ მათ საჭმელი უნდა მიაწოდოს. არიან ისეთებიც, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ და ვიღაცამ მათ სულიერი დახმარება უნდა შესთავაზოს. ისინი (არამომგებიანი ორგანიზაციები) თავს განიხილავენ საჭიროებების შემამსუბუქებელ ორგანიზაციებად და ბოლომდე ვერ იგებენ, კიდევ რა უნდა გააკეთონ დამატებით. ეს ძალიან ერთმხრივი ხედვა ხომ არ არის?

ფილიპ კოტლერი: ბევრი ორგანიზაცია ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული იმ საჭიროებებზე, რომელთა მომსახურებაც სურთ, მაგრამ მათ ხშირად არ ესმით ამ საჭიროებების შინაარსი, მომსახურების მიმღების (ბენეფიციარის, მომხმარებლის, ლ.ა.) პერსპექტივიდან. ორგანიზაციები აკეთებენ შეფასებებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ საჭიროებების შესახებ მათ საკუთარ ინტერპრეტაციას. მაგალითად ავიღოთ საავადმყოფო[3]. ხშირად საკითხი ასე დგება: ეს ავადმყოფობის ინსტიტუტია თუ ჯანმრთელობის? საავადმყოფოების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი მუშაობენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავად არიან და ხელს უწყობენ მათ გამოჯანმრთელებას. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, რომ საავადმყოფოების რეალური მისია უფრო ავადმყოფობის პრევენციაა. ამით იმის თქმა მსურს, რომ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომლებიც მნიშვნელოვანია მომუშავე ორგანიზაციებისათვის, ბაზარზე არსებული საჭიროებების ინტერპრეტირებისას. სწორედ ამას ვეძახი მომხმარებელთა (ან კლიენტების) საჭიროებების გამოკვლევას. ზოგადად, კითხვა ასე უნდა დაისვას: არიან კი ეს ორგანიზაციები კლიენტზე მორგებულნი თავიანთი მომსახურებებით? არიან კი ისინი შექმნილნი კლიენტის საჭიროებებისთვის?

პიტერ დრაკერი: შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი არამომგებიანი ორგანიზაციისა, რომელსაც კარგად ესმის მარკეტინგი და პრაქტიკაში იყენებს მას? რას აკეთებენ ისინი?

ფილიპ კოტლერი: კარგი მაგალითია სტენფორდის უნივერსიტეტი და ის წესი, რომლის მეშვეობითაც იგი იზიდავს სახსრებს თავისი კურსდამთავრებულებისგან და სხვა წყაროებიდან. სტენფორდმა მთლიანად ბაზარზე ორიენტირებული მიდგომა აირჩია. მათ განვითარების ოფისისათვის შეარჩიეს მენეჯერები, რომლებიც სხვადასხვა სახის კურსდამთავრებულთა (Alumni, ინგლ.) ჯგუფებზე მუშაობენ. თითოეული მენეჯერი თავის ჯგუფთან ეფექტური და ეკონომიკური მეთოდით მუშაობს. მაგალითად, ისინი, ვინც სტენფორდი დაამთავრეს, იღებენ ორ წერილს, პერსონალურ გზავნილს (ე.წ. direct-mail piece) მანამდე, სანამ უიმედობის გამო უნივერსიტეტი ჩათვლის, რომ მათთან აღარ გააგზავნოს კორესპონდენცია. ისინი, ვინც სტენფორდს 25-დან 75 აშშ დოლარამდე სწირავენ, იღებენ სამი-ოთხი წერილით მეტს. იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც უნივერსიტეტისთვის 75 დოლარზე მეტს აგზავნიან, უკვე ტელეფონით უკავშირდებიან და ისე სწირავენ მადლობას და ა.შ. მთლიანობაში, განვითარების ოფისის მთელი მიდგომა დამყარებულია ბაზრის სეგმენტაციაზე და ეკონომიკურ და ეფექტურ მარკეტინგულ სამუშაოზე, რომელიც სახსრების მოზიდვის შერეულ მეთოდებს იყენებს.

პიტერ დრაკერი: ატარებს თუ არა სტენფორდი რაიმე სახის კვლევას კლიენტების შესახებ, რათა გაარკვიოს, რა არის ყველაზე ფასეული პოტენციური დონორებისთვის, უნივერსიტეტთან მიმართებაში? თუ სტენფორდი, როგორც კოლეჯების უმეტესობა, ამბობს, რომ განათლება კარგია და ჩვენ თქვენი ფული გვჭირდება?

ფილიპ კოტლერი: ძალიან სწორი შენიშვნაა, სწორედ ეს არის პრობლემა გაყიდვებზე ორიენტირებული ორგანიზაციების უმეტესობისათვის. ისინი თვლიან, რომ მათ ძალიან კარგი პროდუქტი აქვთ და არ ესმით, რატომ არ დგება ამ პროდუქტზე რიგები. სტენფორდის შემთხვევაში, ისინი თავიანთ ფანდ-რეიზინგს (ინგლ. Fund-raising, სახსრების მოზიდვა, ლ.ა.) ექსპერიმენტულად მიუდგნენ. მათ ესმით, რომ არ არსებობს უნივერსალური მიმართვა, რომელიც სტენფორდის ყველა კურსდამთავრებულზე ერთნაირად იმოქმედებს. სხვადასხვა შტრიხები სხვადასხვა ხალხისთვის უფრო ეფექტურად მუშაობს. მათ კარგად შეისწავლეს ეს შტრიხები ბაზრის ცალკეული სეგმენტების კვლევით.

პიტერ დრაკერი: სტენფორდს უწევს სტუდენტების მოზიდვაც. ეს ერთი მარკეტინგული საქმიანობაა. მანვე უნდა მოიზიდოს უმაღლესი კლასის მასწავლებლებიც, ეს ის ხალხია, რომლებსაც სიხარულით მიიწვევენ კიდევ ოც საუკეთესო სკოლაში. ამ ყველაფერთან ერთად სტენფორდმა უნდა განავითაროს დონორების ბაზა და მოიზიდოს სახსრები. ესეც, მსგავსად დანარჩენებისა, მარკეტინგული სამუშაოა. ზოგადად, ხედავთ განსხვავებებს ზემოთ ჩამოთვლილ სამ საქმიანობაში?

ფილიპ კოტლერი: ნებისმიერი ორგანიზაცია დაცურავს, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ოკეანეში. კოლეჯებს სურთ მიიზიდონ სტუდენტები. მათ ასევე სურთ, მიიზიდონ კვლევებისათვის საჭირო სახსრები სახელმწიფო ან სხვა წყაროებიდან. პრობლემა, რომელიც ასეთ დროს მარკეტინგმა უნდა გადაჭრას, არის შემდეგი: როგორ მივიღო ის პასუხები, რომლებიც მსურს, რომ მივიღო? პასუხი, რომელსაც მარკეტინგი ამ შეკითხვაზე იძლევა არის ის, რომ შენი შეთავაზება ჯგუფისადმი, რომელსაც ამ ჯგუფს უგზავნი, სწორად უნდა იყოს ფორმულირებული. ამ პასუხის მიღების პროცესს, მე „ფიქრების გაცვლას” ვუწოდებ. რა უნდა გავცე, რომ საპასუხოდ მივიღო ის, რაც მსურს. როგორ შევქმნა დამატებითი ღირებულება მეორე მხარისათვის ისე, რომ საპასუხოდ მივიღო დამატებითი ღირებულება იმისათვის, რაც მე მსურს. მარკეტინგულ აზროვნებას საფუძვლად უდევს თანაზიარობა და ურთიერთგაცვლა.

პიტერ დრაკერი: ასეთი მიდგომის გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვანია არამომგებიანი ინსტიტუციისათვის საკუთარი თავის გამორჩეულობის ჩვენება? სტენფორდს, დარწმუნებული ვარ, ასობით სხვა კონკურენტი კოლეჯი ჰყავს. ადგილობრივ საავადმყოფოს კი სულ სამიოდე კონკურენტი თუ შეიძლება ჰყავდეს თავისსავე გეოგრაფიულ ერთეულში (ქალაქი, საგრაფო). რამდენად მნიშვნელოვანია გამორჩეულობა, განსხვავებულობა? როგორ უნდა გააკეთო ეს?

ფილიპ კოტლერი: მარკეტინგი დღეს მოიაზრება, როგორც სეგმენტაციის, მიზანმიმართული საქმიანობის და პოზიციონირების პროცესი – მე ამას STP-მარკეტინგს ვეძახი (STP – segmenting, targeting and positioninig marketing). ეს LGD-მარკეტინგის საწინააღმდეგო პროცესია (LGD – lunch, golf and dinner marketing/ლანჩის, გოლფისა და სადილის მარკეტინგი, ლ.ა.), რომელსაც შესაძლოა აქვს თავისი საჭირო ადგილი, მაგრამ იგი ვერ ცვლის სეგმენტაციის, მიზანმიმართული საქმიანობისა და პოზიციონირების პროცესს. პოზიციონირება აჩენს კითხვას: როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს თავს იმ ბაზარზე, რომელზეც უკვე ვართ? რით გამოვირჩევით? შენ არ შეგიძლია იყო ყველაფერი ყველასათვის. ორგანიზაციის უმეტესობა თავისი უნიკალურობის ძიებაშია, რასაც ჩვენ კონკურენტულ უპირატესობას ან უპირატესობებს ვუწოდებთ. ეს მიიღწევა ძლიერი მხარეების განვითარებით და მათი გააზრებულად წარმოდგენით იმ ბაზარზე, რომლის მოსაპოვებლადაც ვიბრძვით. ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ამის ილუსტრაცია. საავადმყოფოს შეუძლია შესთავაზოს პაციენტს მომსახურებების ზომიერად კარგი ჩამონათვალი, თუმცა ამით იგი არ განსხვავდება სხვებისგან. რაც მე მინახავს, არის ის, რომ საავადმყოფოები ცდილობენ, შეისწავლონ თემის ის საჭიროებები (ან მოთხოვნილებები), რომლებიც არ არის დაკმაყოფილებული. მაგალითად, შესაძლოა, არ იყოს სპორტული მედიცინის პროგრამა, დამწვრობის განყოფილება და ა.შ. თუ ამ საავადმყოფოს მენეჯერი გონიერია, მიხვდება, ამ საჭიროებებიდან რომლებია ყველაზე მოთხოვნადი ან რომელთა შეთავაზება შეუძლიათ მათ უკეთესად. ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, საავადმყოფო თავის „გვირგვინზე” მთავარ ალმასს ამატებს. ამით განსხვავებულობას მატებს თავის საქმიანობას. სხვაგვარად, მომხმარებლისთვის, არჩევანის გაკეთებისას, არ არსებობს მიზეზი, რომ ერთი საავადმყოფო მეორეს ამჯობინოს.

პიტერ დრაკერი: გამოდის, რომ არამომგებიანმა ინსტიტუტმა მარკეტინგის სფეროში პირველი ნაბიჯები მისი ბაზრის განსაზღვრითა და მისი მომხმარებლის განსაზღვრით უნდა დაიწყოს. საფიქრალია, ვის უნდა შესთავაზოს მან თავისი პროდუქტი და გაიაზროს ინსტიტუტის ძლიერი მხარეები. ალბათ ეს უნდა იყოს მთავარი, ვიდრე არამომგებიანი ორგანიზაცია წინადადებას ჩამოაყალიბებს.

ფილიპ კოტლერი: დიახ, ასეა. მაგალითისთვის, შესაძლოა ვისაუბროთ ეკლესიებზე (შენიშვნა: აშშ-ში, პროტესტანტულ, კათოლიკურ და სხვა დენომინაციის ეკლესიებს, არამომგებიანი რელიგიური ორგანიზაციების სტატუსი 501(c)(3) აქვთ განსაზღვრული და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, აქტიურად ეწევიან სახსრების მოზიდვის აქტივობებს, ე.წ. „ფანდ-რაიზინგს“, ლ.ა.).

რაც თქვენ თქვით, ეკლესიებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ერთი მხრივ, ეკლესია უნდა ცდილობდეს, მოიზიდოს ყველა ის ადამიანი, ვისაც საეკლესიო გამოცდილება აინტერესებს. ეს კი ნიშნავს, რომ ეკლესია უნდა გახდეს დივერსიფიცირებული ინსტიტუტი. მეორე მხრივ, მარკეტინგი გვკარნახობს, რომ ინსტიტუტი უფრო წარმატებული იქნება, თუ იგი განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფს, როგორებიცაა, დაუოჯახებლები, მეუღლეს გაცილებულნი, საზოგადოების გეიწევრები და სხვები. დივერსიფიკაციაში საინტერესო ის არის, რომ ადამიანების უმეტესობას, არ მოსწონს მათგან განსხვავებულებთან ერთად ყოფნა.

აქვეა კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მე საბაზრო ორკესტრირებას ვეძახი. როგორ აპირებთ ძალიან განსხვავებული ჯგუფების ორკესტრირებას და ამავე დროს წარმატებული ინსტიტუტის სახელის შენარჩუნებას? მარტო ესეც კი ზეწოლას იწვევს ბაზრის განსაზღვრის საქმეში. სამიზნე ბაზარს შეუძლებელია წარმოადგენდეს ყველა ჯგუფი. მაგრამ ნათელია, რომ ის ერთ ჯგუფზე მეტია. ეკლესიას სჭირდება კარგად განსაზღვრული ჯგუფები და მათი იდენტიფიკაცია, ჯგუფები, რომლებიც ეკლესიაში ეძებენ სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ განსაზღვრულ მომსახურებას.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

[1] – პიტერ ფ. დრაკერი (Peter F. Drucker, 1909-2005) – ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი პროფესორი. თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი უდიდესი თეორეტიკოსი და ავტორი, განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმაც დიდი როლი ითამაშეს თანამედროვე ბიზნესკორპორაციის საფუძვლების ფილოსოფიური შესწავლისა და გააზრების საქმეში. პიტერ დრაკერი ასევე გახლდათ მენეჯმენტის განათლების განვითარების ერთ-ერთ აქტივისტი და ინიციატორი. მას ეკუთვნის კონცეფცია მიზნების მიხედვით მართვის შესახებ (management by objectives).

[2] – ფილიპ კოტლერი (Philip Kotler) – ილინოისის ევენსტონის ნორთ-უესტერნის უნივერსიტეტის (Northwestern University) ჯ. ლ. ქელოგის საერთაშორისო მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის პროფესორი. პიონერული წიგნის – „სტრატეგიული მარკეტინგი არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის” (1971) – ავტორი. თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი წამყვანი თეორეტიკოსი და „გურუ”.

 

[3] – დღეს აშშ-ში არსებული, სხვადასხვა ტიპის 5 724 საავადმყოფოდან (აშშს-ს ჰოსპიტალების ასოციაციის, AHA-ს, 2011 წლის მონაცემებით) 2 903 ერთეული (50%) არამომგებიანი, არასამთავრობო კორპორაციების მიერ არის ორგანიზებული. სხვადასხვა რიგის სახელმწიფო საავამყოფოების წილი უფრო მცირეა და დაახლ. 31 %-ს შეადგენს, ხოლო კერძო საავადმყოფოების წილი დაახლოებით 18%-ია (ლ.ა.).

საიდუმლო, რომელიც მარტო ჩვენთვის გაჩნდა მარადისობიდან

0

ნინია სადღობელაშვილის „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“

 ნინია სადღობელაშვილის ამ შესანიშნავი ლიტერატურული ზღაპრის სათაურშივე იკვეთება ორი მაგისტრალური თემა, რომლებიც ნაწარმოებში იგავარაკული ფორმით გაშლილა. ეს არის ჩვენი, ქართველების, ისტორიული პრობლემა საზღვრებისა, მათი დაცულობისა თუ შენარჩუნებისა და ამ უდიდესი ეროვნული სატკივრის ასე ოსტატურად „გახვევა“ ენობრივ ქსოვილში, რომელიც გენიალურად, როგორც ჩვენს „ბრძენ“ ენას სჩვევია, წარმოაჩენს ადამიანური სამყაროს დასაზღვრულობის ორ თუ ორაზროვან ასპექტს სიტყვათა შეთანხმებაში „უსაზღვროდ შერიგებული“, რომელიც დიდი ჰუმანიზმის, სიყვარულის ქვეტექსტსა თუ კონტექსტშია ჩასმული – „რა დიდებულია ეს დალოცვილი ენა და რამდენ უფლებას გაძლევს მაშინ, როცა ამ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვსპობთ და ვანადგურებთ“ (26) – ეს უკვე ამ უნიკალურ ენაზე ნიჭიერად და სრულიად გამორჩეულად ამეტყველებული მწერლის სიბრძნეა.

„სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“.

გალაკტიონმა კარგად იცოდა კაცთა ბუნება, მათი დაუოკებელი სურვილი სივრცისა თუ თუნდაც აზრის დასაზღვრისა. იქნებ ამაშიც ღმერთს ვედრებით, რომელმაც სწორედ ინდივიდუალური დასაზღვრით შეგვქმნა პიროვნებებად, ერებად, ქვეყნებად? ჩვენი გონებაც (გული კი შეიძლება იყოს „უნაპირო“ ალბათ) გარკვეულ სამანს იქით ვეღარ მიდის და ესეც ღვთის, ბუნების კანონია. ოქსიმორონია ისიც, რომ კაცი თუ საკუთარ კარ-მიდამოსაც ღობეს ავლებს, მკაცრად გამოყოფს სხვისაგან, იდეაში აკრძალული ზღვრების გადალახვისკენ ისწრაფვის სულ, ესეცაა მისი ბუნება: სამოთხიდან წუთისოფელშიც ამიტომ გამოგვაძევეს, რომ იმის გაგება და გასინჯვა ვისურვეთ, რაც ჩვენი სააზროვნო ჰორიზონტების მიღმაა, რაც აკრძალულია, არ ხელგვეწიფება, მკრეხელობაა და ა.შ. თავისუფლებაც ჩვენი, კაცთა, მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტი, როცა ზნეობრივადაა დასაზღვრული. მაგრამ უფალი დიდ ჰუმანიზმად გვითვლის უ ს ა ზ ღ ვ რ ო სიყვარულს; შერიგებასაც, როგორც ნინია სადღობელაშვილს ძალიან ჭკვიანურად უფიქრია… მოდი, აქ ბარათაშვილისეულიც, ამაოების სიბრძნე, ჩავურთოთ:

„და აღიძვრიან იმავ მიწისთვის,

რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..“

სევდიანი აკორდია, მაგრამ გარდაუვალი ყოველი ჩვენგანისთვის.

მოკლედ, ჩვენი წუთისოფელი უსაზღვრობისკენ საზღვრებით სვლაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზღვრები პანაცეად ვაქციოთ, მეტადრე მაშინ, როცა უკვე გვბოჭავს, სულს გვიხუთავს – სული მარადისობაში საფრენადაა მაინც, საბოლოო ჯამში.

ნაწარმოების მთავარი გმირები არიან ბუ ბუჩაჩი, თავზე თმის ჩაჩით და ზღარბუნია, რომლესაც მამისგან, ჯონდი ბატონისგან, ერგო „საზღვართმოშიშობა“ – „ცოტა პირქუში არსება გხალდათ (ჯონდი ბატონი), დიდად არც ვინმეს გაუცინებდა, არც დაელაპარაკებოდა, როგორც კი დაინახავდა, ვინმე უახლოვდებოდა – მაშინვე შეყოფდა ცხვირ-პირს თავის ეკლებში და იქამდე არ გახსნიდა ეკლების გორგალს, ვიდრე ის ვინმე თვალს საბოლოოდ არ მიეფარებოდა“(9). მოკლედ, ჯონდი ბატონი მთლად ნიჭიერიც ვერაა კომუნიკაციაში, რომელიც ესოდენმნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მეზობელ მაჩვთან უთანხმოების გამო თხრილის თხრას დაიწყებს – მამული უნდა გავყოო: ასაზომად კი თეთრ ძაღლს, ღუნღულიას, მიადგებიან: „იმდენი თვლა პითაგორას არ ეცოდინებოდა, რამდენჯერაც ღუნღულიას ეს ეზო ექნებოდა შემორბენილი, ამიტომ ყველა გოჯი ზეპირად იცოდა და მის აზომვაშიც დიდი წვლილი შეიტანა“ – აქ შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მწერლის მსუბუქი, მთლად პეპელასავით „მოფარფატე“ იუმორი კონფლიქტების მოგვარებაში ნაქები ღუნღულიას დახასიათებისას. მაჩვი კი, თხილისფერთათება, კონფლიქტოლოგია მთლად, თუმცა ხან ეშვება ამას, ხან – არა. ყველაფერ ამაზე მაღლა დგას მისი მშვენიერი ქალიშვილი მაშო, რომლისადმიც ჩვენი ზღარბუნია არ არის გულგრილი. ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ მაჩვის ოჯახი ბეწვის ჩამბარებლთა დინასტიაა, მაშოც ფუნჯებს აკეთებს და ხატავს: „შენ ოღონდ ხატვის სურვილი გაგჩენოდა, მაშოს სოროში ფუნჯების მეტს რას ნახავდი“(14). მერკანტილიზმისგან თავისუფალ მაშოს ასე მიმართავს მასზე გულშევარდნილი ზღარბუნია: „შენ რა გესმის, დაფრინავ, საზღვარი იმათთვისაა, ვინც მიწაზე დავდივართ!“ (140) – ეს საყვედური ნუ გეგონებათ, მოწონებაა „კაკალ გულში“, აღფრთოვანება…

ზღარბუნიას მენატურედ წაიყვანენ სკოლაში, ზის ბიოლოგიის გაკვეთილზე და ბავშვები ხატავენ. მას უნდა, მაშოც ბავშვებს შორის იჯდეს და თავისი ფუნჯით ხატავდეს მას. აქ არის ნახატი ზღაბუნიას ამ ფიქრისა… აი, ამ წიგნის კიდევ ერთ დიდ ღირსებას მივადექით – მისი ილუსტრაციების ავტორი მეუფე ისაიაა (ჭანტურია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, რომელმაც ეს ჩვენი დიდი ტკივილის, კონფლიქტური რეგიონი სულიერ ოაზისად აქცია. ყოველი მათგანი ისეთი ეგზიუპერისეული უბრალოებით, მადლით არის შესრულებული, გული აგიჩუყდება კაცს… იმ ბიჭუნასი არ იყოს, პატარა ზღარბის ნაცვლად მის ნაფეხურებს რომ დახატავს – მოსწყინდა მენატურეობა და წავიდაო. მასწავლებელს, მართალია, ეს ნახატი არ მოეწონება, ცარიელი ფურცელი ჰგონია, მაგრამ ბუჩაჩი აღფრთოვანდება: „იცი, ნამდვილი მხატვარი ვინაა? ვინც მაშინაც გხედავს, როცა უკვე წახვედი“ (20).

მაშო, რომელიც სანათესაოს ბეწვს მზეზე აშრობს ფუნჯების დასამზადებლად, თავისი თაფლისფერი კაბით, ცეკვავს კიდეც, მღერის კიდეც… ნუ დაგვავიწყდება ბატი ბეტიც, ნუშის ღვეზელებს რომ აცხობს; ნურც შვიდ ჭუკზე ახალმოლოგინებული ინდაური დორა, სულ რომ დიეტობს და გრამსაც ვერ იკლებს; ნურც მეტისმეტად ბრაზიანი შავი კატა ცოფა; ჰო, არაჩვეულებრივი რკოს ყავა – ყველაფერი ეს ისეთი საოცარი, ბავშვური გულუბრყვილობით არის შესრულებული (დაწერილიც და დახატულიც), რომელიც ყოველთვის შიგნიდან მოდის, თავმდაბლობის სიმაღლის მარგალიტივით მფლობელი მდიდარი სულიერი სამყაროდან.

„მე კიდევ ყოველთვის მჯერა, რომ კეთილი კაცი ტყეში ზუსტად იმ დროს ჩამოივლის, როცა ის ყველაზე მიტოვებულ ბუს სჭირდება“, – ამბობს ბუჩაჩი. კეთილი კაცი იგივე „მწყემსი კეთილია“ ყოფიერების, ბედისწერისა თუ მთლად განგების ამ ეზოთერიკაში, ნათქვამის სიღრმე კი ჯადოსნური ან, თუ გნებავთ, ბიბლიური და გენიალურია… აი, ამ წიაღსვლის გაგრძელებაც: „ბოლოს და ბოლოს, მე რომ მშობლებს ხეზე არ დავეტოვებინე, ხის ძირში კეთილ კაცს აბგა არ გაეშალა, იმ აბგით აქამდე არ მოვეყვანე, შენც ხომ ვერ გაგიცნობდი და, აბა, უმეგობროდ როდემდე იქნებოდი, ზღაბუნიავ?“ (35) ეს ყოველივე დიდი რა-ბუს წიგნის შესაფერისი აღმოჩენებია. ეს ზღაპარი კი ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, როგორც ზრდასრული, ისე პატარა გულების შესაყვარებელი. თუნდაც ბუჩაჩის სიზმარი რად ღირს, რომლის პოეტური სულისა დიდი მეზღაპრეებსაც შეშურდებოდათ კეთილი შურით. მოდი, დავაინტრიგოთ მკითხველი და ამ ლამაზი პროზის ციტირების მაგივრად, წიგნის წაკითხვის დაუოკებელი სურვილი გავუჩინოთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „იქ“ მოცვის ჩაით სავსე ჩაიდანი თუხთუხებს, ამიტომ დიდი მაგიური სიმყუდროვეა. ჯადოსნური და მყუდროო?! – მკითხავთ. დიახ, ასეა და ამ ორის შერწყმას მწერლური ოსტატობის გარეშე ვერავინ მოახერხებს.

ცხოვრების, წუთისოფლის, გნებავთ, ყოფიერების, თუნდაც ყოფის არსებობის მადლი რა არის? დიდი შერიგება, როგორც მიწიერი სამოთხე ან უფლის მიერ წარღვნის შემდეგ მოვლენილი ცისარტყელა, ნიშნად მიტევებისა, სინანულისა, სიყვარულის წინაპირობად რომ იქცევა ხოლმე ყოველთვის. „იდეები გვჭირდება! ყველამ თქვენი აზრი თქვით, ეს მოჩხუბარი ადამიანები ერთმანეთში როგორ მოვარიგოთ!“ – ეს, ისევ და ისევ, დიდი სიბრძნეების მფლობელი ბუჩაჩია ანუ ბუჩიკო, როგორც სიზმარში დედა ბუ მიმართავს („პლანეტები არ ვართ ერთმანეთისთვის, აბა, რა ვართ?“).

დამატყვევებელია ამ ლიტერატურული ზღაპრის მხატვრული მხარე, ფორმით თუ აზრობრივი სიღრმით, ორიგინალური ტროპებითა თუ იდიომებით:

„ხსოვნის სინაზისგან დაცვარული გული“;

„დუმილი ლოკოკინას კვალივით გაიწელა“;

„ჩიტებით აჭიკჭიკებული და ყვავილებით გადაპენტილი დღე“;

„ფარფარა, ბავშვის სუნთქვაზე გამჭვირვალე დღეები“;

„ჩვენი ხმები, ერთმანეთის პეპლებივით დამჭერი უსასრულო, ბრჭყვიალა, ხმაურიან სივრცეებში“;

„კიპარისების უკვდავ წიწვებზე აკრული ჩვენი თვალების ნაპერწკლები“;

„ყველა კარგი ბარათი კარგი მკითხველის ღირსია“.

ბარათების დამტარებელი კაცი ყველა მწერლის ალტერ ეგოა. ეს ბარათებიც, „ზამბახის ყვავილთა და ზღვის სუნით“ – მოწყვეტილი ვარსკვლავებია, რომლებიც ასე აღაფრთოვანებდა იმანუელ კანტს, ჩვენი ნუგეში და მოლოდინი… ჩვენი ცხოვრებაც სხვა რა არის, თუ არა „ჩიტის ბუდეების მცველობა, კენჭით აშენებული სასახლეები, განძით სავსე კუნძულების გამოგონება“, გულით სასურველის ნაფეხურები ოქროს ქვიშაზე და ეს ქვიშა – დ რ ო, ხელში ჩამოცრილ, ჩამოცლილი უძვირფასეს თუ უმტკივნეულეს მარცვალ-წამებად, ბოლოს ერთ წუთად დარჩენილი და თავმოყრილი.

წაიკითხეთ ეს მშვენიერი წიგნი – ერთი ადამიანი-ბავშვით მეტი, დიდი გახდებით!

ყოფითი სტატისტიკა ბავშვებისთვის

0

ჩემი შვილების კლასებში გოგოები უმცირესობაში არიან  – ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველ კერძო საბავშვო ბაღს ვარჩევდი უფროსი შვილისთვის, მითხრეს, რომ ოჯახებს ბიჭების განათლებაში ფულის გადახდა ბევრად უფრო საჭირო საქმედ მიაჩნიათ, ვიდრე გოგოების.

 

ჩემი შვილების მასწავლებლების უმეტესობას ახალგაზრდა აღარ ეთქმის, გამოცდილები და სოლიდურ ასაკს მიღწეულები არიან  – სკოლებში ახალგაზრდა კადრების მიზიდვა წლიდან წლამდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. 30 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც მასწავლებლობას იწყებენ, ამ პროცესიაში იშვიათად თუ რჩებიან დიდხანს – დღეს საქართველოში ყველაზე მცირე ხელფასი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ.

 

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში ყოველდღიურად 7-8 საათს ატარებენ, სტანდარტული ხუთწუთიანი დასვენებების გარდა მხოლოდ ორი თხუთმეტწუთიანი შესვენება  აქვთ – ეს დრო საკმარისი არ არის არც კვებისთვის, არც კომუნიკაციისთვის და, მით უმეტეს, არც მეგობრობისთვის – სკოლას ხომ, გარდა სასწავლოსი, სოციალური ფუნქციაც აქვს. ასეთი დღის რეჟიმი კი სოციალიზაციისთვის სივრცეს თითქმის არ ტოვებს.

 

იმ პატარა სკვერში, რომელსაც სახლიდან სკოლამდე მიმავალ გზაზე თითქმის ყოველდღე ვკვეთთ, ცოტა ხნის წინ ოცდაათამდე სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს – საჯარო სივრცეებს სრულიად აკონტროლებს სახელმწიფო. არც ბავშვებმა და არც უფროსებმა არ იციან, როგორ გროვდება მათ შესახებ პერსონალური მონაცემები და სად მიდის ეს ინფორმაცია.

 

თითქმის სამასბავშვიან სკოლაში მხოლოდ ჩემი შვილები დადიან ველოსიპედით – მწვანე ტრანსპორტთან დამეგობრებამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

 

ჩვენს ქუჩაზე დიდი და მწვანე ეზო მხოლოდ ერთ სახლს აქვს – აქ რომ დავსახლდით, ამ ეზოში საბავშვო მოედანიც იყო და სტადიონიც.  ქალაქის მთავრობამ რამდენიმე წლის წინ მათი განახლების პირობა დადო, მაგრამ სულ ტყუილად – ერთადერთი, რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთეს, ისეთი კორპუსის აშენების ნებართვის გაცემაა, რომელმაც შეიძლება ამ სტადიონის სივრცე ჩაყლაპოს – ბავშვებისთვის უსაფრთხო მწვანე სივრცეები ამ ქალაქში უფრო და უფრო მცირდება და რაც არის, ისიც ძალიან ერთფეროვანი, მოსაწყენი და ხშირად მოუვლელია.

 

რიცხვებით ბავშვების გართობა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, როცა გრძელი გზა გვქონდა გასავლელი ან საცობებში ვიჭედებოდით, ვთავაზობდი, დაეთვალათ, როგორი სახლი უფრო მეტი შეგვხვდებოდა – ძველი თუ ახალი, მანქანებში რა ფერი ჭარბობდა, გზის პირას ჩამწკრივებული იდენტიფიცირებადი ბიზნესებიდან რა უფრო მეტი იყო – მაღაზია, აფთიაქი, საცხობი თუ რამე სხვა, ქვეითად მოსიარულეებს, რომლებიც ძაღლებს ასეირნებდნენ, რა ჯიშის ოთხფეხა მეგობრები ყავდათ და ა.შ. თავიდან ეს პრიმიტიული და ზედაპირული თვლა იყო, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდით, რომ გარემოს ამ გზით “აღწერა” საკმაოდ საინტერესო სურათს გვაწვდიდა იმ რეალობის შესახებ, რომელშიც ვცხოვრობდით, რაოდენობრივ აზროვნებასაც ავითარებდა და მონაცემების ანალიზის მარტივ უნარებსაც. მე, რომელსაც სკოლაში მათემატიკა არ მიყვარდა, მაგრამ ახლა რიცხვებს ზოგჯერ ადამიანებზე მეტადაც კი ვენდობი, ვცდილობ, ბავშვებს ვასწავლო მყარი არგუმენტებით მსჯელობის ხელოვნება და რეალობაში ისეთი ტენდენციების დაჭერა, რომლებიც შესაძლოა მოუხელთებელი ან შეუმჩნეველი იყოს სხვებისთვის.

სტატისტიკასთან  მეგობრობა ორივე გზაზე სასარგებლო რამაა – საინტერესოა იმის ყურებაც, მცირე პრაქტიკის შემდეგ როგორ იწყებენ ბავშვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, იმაზე დაკვირვებას, რამდენი სახეობის ცხოველია ჩვენი ქალაქის ზოოპარკში, დღის განმავლობაში რამდენ დროს ატარებენ გარე სივრცეში, როგორია მათ დღიურ რაციონში ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და ცომეულის წილი, რომელ საგანში რამდენი ხანი სჭირდება საშუალოდ დავალებების შესრულებას, როგორი დაშორებით ცხოვრობენ სკოლიდან მათი მეგობრები, რამდენი ქუჩაა ისეთი, სადაც უსაფრთხოდ შეიძლება ველოსიპედით სიარული, რამდენ პარკშია სკეიტებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცე, როგორ ნაწილდება საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებს შორის, რა მცენარეები ხარობს თბილისში, რამდენი წიგნის საყიდლად არის საკმარისი ის ფული, რომელსაც ბებია და ბაბუა პენსიის სახით იღებენ, რამდენი თვის ხელფასია საჭირო იაპონიაში ორი კვირით დასასვენებლად, რომელი ფრინველები შეიძლება შეხვდეს ადამიანს თბილისში და ასე შემდეგ.

აბრეშუმის ჭიის ამბავი

0

ისეთი დროც იყო, აბრეშუმის ჭიას ვამრავლებდი. ერთ ზაფხულს, ბებიასთან სტუმრობისას, მეზობელმა მიწილადა თავისი ჭია და მეც დიდი გულისყურით ვუვლიდი. ჭიების ოთახში მუდამ ხრაშუნი იდგა – თუთის ფოთლებს მიირთმევდნენ. თავიდან სულ პაწაწინები იყვნენ, მერე დასუქდნენ, ბოლოს მრგვალი პარკები მოიქსოვეს და შიგნით შეიმალნენ. ბებომ ამიხსნა, რომ ცოტა ხანში ჭიები პეპლებად ქცეულები გამოვიდოდნენ პარკიდან. მხოლოდ ორი ცალი დავიტოვე ცნობისმოყვარეობის გამო. დანარჩენი ბებომ მეზობელს ჩასაბარებლად დაუბრუნა. მოგვიანებით იმ ორი პარკიდან სასაცილო პეპლები გამოიჩეკნენ.

ერთხელ იმპერატორ ხუან-ძის მეუღლემ თუთის ძირას ჩაის დალევა მოისურვა. უცებ ხიდან ფინჯანში რაღაც მრგვალი თეთრი საგანი ჩავარდა. სანამ იმპერატორის ცოლი გონს მოვიდოდა და იდუმალ საგანს ფინჯნიდან ამოიღებდა, ის გაფუვდა და იქცა წებოვან მასად, რომელიც ძაფებად იშლებოდა. ქალმა ძაეს ფები ქმარს აჩვენა. იმპერატორმა ცოლს ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა დაავალა. ქალმაც არ დააყოვნა, მოაგროვა ჭიის პარკები, მოიმარაგა თუთის ფოთლები და დაკვირვებას შეუდგა. ისწავლა ძაფის მიღება, მერე კი ეს ძაფები ქსოვილად აქცია.

ლეგენდის თანახმად, ასე გაჩნდა აბრეშუმი. თუმცა არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნიმუშები ხუან-ძის ზეობაზე გაცილებით ადრეული პერიოდით თარიღდება.

ნატურალური აბრეშუმი განსაცვიფრებლად მდგარდი ქსოვილია. მართალია, სიცხის ეშინია, მაგრამ თუ გრილ და ბნელ ადგილას შეინახავთ, განუსაზღვრელად დიდხანს გაძლებს. მისი უძველესი ნიმუშები 4000 წლისაა. ჩინური დამწერლობის უძველეს ნიმუშებზე ჭიის პარკისა და პეპლის აღმნიშვნელი იეროგლიფებიც არის შემონახული.

ჩინელებმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს და მწერი მოიშინაურეს. ამის სულ ორი პრეცედენტი არსებობს: ფუტკარი და აბრეშუმის ჭია. მოშინაურება გულისხმობს პრინციპულად ახალი სახეობის გამოყვანას, რომელიც ველურ ბუნებაში ადამიანის გარეშე ვერ იარსებებს.

აბრეშუმის ჭია ჭამს თუთის ფოთოლს, იზრდება და 7 სმ-ს აღწევს. ამ ხნის განმავლობაში ის თავისივე ნერწყვისგან ქსოვს პარკს, რომელიც ჰაერზე მყარდება. ბოლოს თავადაც ამ პარკში თავსდება და პეპლად ქცევისთვის ემზადება.

როდესაც ჩინელები ველური ჭიის პარკებს აგროვებდნენ, პეპლები უკვე გამოსული იყვნენ იქიდან. გამოსასვლელად ისინი პარკს გლეჯდნენ და ძაფის ხარისხიც იკლებდა. ჭიის მოშინაურების შემდეგ კი პარკებს უკვე მანამდე ყრიდნენ მდუღარე წყალში, სანამ პეპელა გამოსვლას მოასწრებდა. ცხელ წყალში პარკი რბილდებოდა და მისგან უწყვეტი ძაფის მიღება იყო შესაძლებელი.

ჩინეთში აბრეშუმი ვალუტის დანიშნულებასაც ასრულდებდა. მაგალითად, ჩინოვნიკებს გასამრჯელოს აბრეშუმით უხდიდნენ. ქალებს მზითვად აბრეშუმს ატანდნენ. მეზობელი ქვეყნების მეთაურებს საჩუქრად აბრეშუმს უძღვნიდნენ. აბრეშუმით ყიდულობდნენ აზიურ ბედაურებს. აბრეშუმის პერანგები ეცვათ ჯარისკაცებს, რადგან ეს ქსოვილი არა მხოლოდ ლამაზი და რბილი, არამედ ფოლადივით მტკიცეც იყო და ფაქტობრივად დამატებითი აბჯრის როლს ასრულებდა. ხმალი თუ ისარი აბრეშუმს ვერ გლეჯდა და მისიანად შედიოდა ჭრილობაში, რისი წყალობითაც მეომარი ინფექციისგან დაზღვეული იყო.

აბრეშუმის წარმოების ტექნოლოგიას ჩინელები საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ თავად ქსოვილმა ნელ-ნელა გაიკვალა გზა ევროპისკენ – იმპერატორის სასახლიდან ჩინეთის დიდ კედლამდე, იქიდან – თაკლამაკანის უდაბნოში და პამირის უღელტეხილზე, ტიან-შანის გასწვრივ, სამარყანდსა და ბუხარაში, იქიდან – სპარსეთსა და მცირე აზიაში, საბოლოს – ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისკენ. ასე გაიჭიმა 6500 კმ სიგრძის სავაჭრო მაგისტრალი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აბრეშუმის დიდი გზა უწოდეს.

ქიმიური აგებულების მიხედვით, აბრეშუმს ცილოვანი შემადგენლობა აქვს. აბრეშუმის ჭიის პარკი შედგება უწყვეტი ძაფისგან, რომლის სიგრძე დაახლოებით 1 კმ-ის ტოლია. ძაფის შიგნითა ნაწილი შედგება ფიბროინისგან, რომელიც ფიბრილურ ცილას წარმოადგენს, ხოლო ზედაპირი – ცილა სერიცინისგან, რომლის მეშვეობით ძაფის ცალკეული ნაწილები ერთმანეთს ეწებება და შედეგად პარკი ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ფორმას. სერიცინი, ფიბროინისგან განსხვავებით, კარგად იხსნება წყალში, განსაკუთრებით – სუსტ ტუტე ხსნარებში, ამიტომ ფიბროინის გამოყოფა სუფთა სახით ადვილია.

ავიღოთ აბრეშუმის პატარა ნაჭერი და დავწვათ. ვიგრძნობთ დამწვარი ცილის სუნს. ეს ცილა ფიბროინია. ის არც წყალში, არც ბენზინში, არც სპირტსა და აცეტონში არ იხსნება. სამაგიეროდ, შეგვიძლია, სპილენძის ამიაკურ ხსნარში გავხსნათ.

სპილენძის ამიაკური ხსნარის მოსამზადებლად შაბიამნის ხსნარს ვუმატებთ ნიშადურის სპირტს. ჯერ გამოიყოფა სპილენძის ჰიდროქსიდის ნალექი, რომელიც ჭარბი ამიაკის თანაობისას გაიხსნება და წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთი. თუ ამ ხსნარს დავუმატებთ ცოტაოდენ ნატრიუმის ტუტეს და ცოტაოდენ გლიცერინს, მივიღებთ სპილენძის ამიაკურ ხსნარს, რომელშიც უნდა გაიხსნას აბრეშუმი.

ხელოვნური აბრეშუმი მასში ვერ გაიხსნება.

ხელოვნურ აბრეშუმზე ფიქრი პირველად რობერტ ჰუკმა დაიწყო. 1665 წელს იგი წერდა: „ხშირად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გამოინახოს გზები ისეთი წებოვანი მასის მისაღებად, რომელიც აბრეშუმის ჭიის წებოვანი მასის მსგავსი იქნება. როცა ასეთი მასა გვექნება, მისგან ძაფის მიღებას იოლად მოვახერხებთ“. სამოცდაათი წლის შემდეგ იგივე მოსაზრება გამოთქვა ფრანგმა ფიზიკოსმა და ბიოლოგმა რეომიურმა, ხოლო 1883 წელს ინგლისელმა სვენიმ პირველად მიიღო ხელოვნური ძაფი. 1885 წელს ინგლისში, სამრეწველო გამოფენაზე, წარადგინეს ამ ძაფისგან მოქსოვილი საწოლის გადასაფარებლები და ხელსახოცები. სვენის პირველი ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ ფრანგებმა გილიარმა და შარდონემ ჩამოაყალიბეს სააქციო საზოგადოება ამ მეთოდის სამრეწველო მასშტაბით დანერგვისთვის. 1891 წელს ბეზანსონში ამუშავდა მსოფლიოში პირველი ხელოვნური ბოჭკოს ქარხანა, რომელიც ე.წ. ნიტროაბრეშუმს ამზადებდა.

ადრინდელ სტატიაში ჰუკის აბრეშუმის ექსპერიმენტი გაგაცანით. ამჯერად ბუნებრივი აბრეშუმის ჭიის პარკი ავიღოთ და მისგან ფიბროინი გამოვყოთ. ოღონდ, ვინაიდან  ჭიის პარკი იოლი საშოვნელი არ არის, ამ ყველაფრის წარმოსახვით გაკეთება მოგვიწევს.

პარკს წონიან ანალიზურ სასწორზე (ჭიას წინასწარ ამოიყვანენ), ათავსებენ 100 მლ-იან ჭიქაში და ამატებენ 50 მლ კარბონატ-ჰიდროკარბონატულ ბუფერულ ხსნარს (ნატრიუმის კარბონატისა და ჰიდროკარბონატის 0,5M ხსნარების თანაბარი მოცულობის ნარევს). ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში. სითხის ნაწილი გადააქვთ სინჯარაში და ბიურეტის სინჯის (აიღეთ საკვლევი მასალა და დაამატეთ ნატრიუმის ტუტის 30%-იანი ხსნარის 2-3 წვეთი, მოურიეთ და დაამატეთ სპილენძის 1%-იანი ხსნარი იმავე მოცულობით. თუ საკვლევი ხსნარი ცილაა ანუ პეპტიდურ ბმებს შეიცავს, ხსნარი მოიისფრო შეფერილობას მიიღებს) მეშვეობით ადგენენ ხსნარში ცილა სერიცინის არსებობას. დანარჩენ სითხეს გადაწურავენ და გადაასხამენ. ფიბროინს გამოხდილი წყლით სამჯერ ჩარეცხავენ. მოათავსებენ საათის მინაზე და საშრობ კარადაში (60 გრადუსზე ცელსიუსით) გამოაშრობენ. გაცივებულ ფიბროინს წონიან სასწორზე. ბოლოს გამოითვლიან ფიბროინისა და სერიცინის მასურ წილს პარკში.

ახ. წ. მეოთხე საუკუნეში იაპონელებმა ჩინური აბრეშუმის საიდუმლოც გაიგეს და აბრეშუმის მქსოველი ოთხი ქალიც გააყოლეს ხელს. მეექვსე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინემ ჩინეთში მისიონერებად გადაცმული სამი ჯაშუში შეაგზავნა, რომლებმაც არა მხოლოდ საიდუმლოს გაგება მოახერხეს, არამედ აბრეშუმის ჭიის კვერცხების გამოტანაშიც იმარჯვეს. შედეგად ბიზანტიაშიც დაიწყო საკუთარი აბრეშუმის ერა.

მერე კი აბრეშუმის წარმოებამ გზა გაიკვალა იტალიისა და საფრანგეთისკენ. ლიონში აბრეშუმის ქსოვის მთელი ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელსაც მასალით პროვანსი ამარაგებდა.

მეცხრამეტე საუკუნეში აბრეშუმზე მოთხოვნამ იკლო. იმდროინდელმა მმართველმა კლასმა აბრეშუმი გადაიყვარა. 1770-1826 წლები მოდის სამყაროში „დიადი მამაკაცური უარის“ სახელით არის ცნობილი. სწორედ ამ პერიოდში თქვენს კაცებმა უარი შუა საუკუნეების აბრეშუმისგან შეკერილ უცნაურ სამოსსზე, რომელიც ზედმეტად იყო დატვირთული სხვადასხვა დეტალებით და სადად შეკერილი კოსტიუმები არჩიეს. სამაგიეროდ, აბრეშუმისგან პარაშუტების კერვა დაიწყეს, რადგან ეს ქსოვილი, როგორც გითხარით, ფოლადივით მტკიცეა.

მოგვიანებით, როცა პოლიმერების ეპოქა დადგა, მასობრივად დაიწყო ხელოვნური აბრეშუმისმაგვარი ქსოვილების გამოყენება, თუმცა ნატურალურ აბრეშუმს მაინც ვერაფერი შეედრება, რადგან ამ პატარა ბუთქუნა ჭიის ნერწყვში არის რაღაც განუმეორებელი, რომლის ხელოვნურით ჩანაცვლება ვერ ხერხდება!

ილიას „განდეგილის“ მწყემსი ქალის სახის გარშემო

0

ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მწყემსი ქალის მხატვრული სახე მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების ობიექტი ყოფილა. მასში ზოგი სრულქმნილ არსებას ხედავს, ზოგი – მაცდურს, სატანისეულს. პოემის ფინალში, როცა ღვთის სასწაულისა და მადლისგან განძარცული მეუდაბნოე სულს განუტევებს, მწყემსი ქალი აღარ ჩანს. ავტორმა მასზე ფიქრი ჩვენ მოგვანდო. მსურს, გაგიზიაროთ ჩემს ფიქრებში გაცოცხლებული მწყემსი ქალის სახე. მსგავსი დავალება შეგვიძლია, მოსწავლეებს მივცეთ კომპლექსური დავალების სახით. მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვანაირი განვითარება მოუძებნონ პოემის ფინალიდან გამქრალი პერსონაჟის თავგადასავლებს.

მწყემსი ქალის ფიქრები განდეგილზე:

ყველას ჰგონია, რომ ჩვენს საუკუნეში გლეხები წერა-კითხვის უცოდინრები ვართ, მაგრამ ასე არაა. ეს მაშინ იყო, 1861 წლამდე, სანამ ილია სამშობლოში დაბრუნდებოდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შექმნიდა. ახალი საუკუნე ახლოვდება, ქალაქური ცხოვრება მალე დაიპყრობს ყველაფერს. რკინიგზები გაჰყავთ და ფაბრიკა-ქარხნებს აშენებენ. სამყარო მალე შეიცვლება. მე და მამა ჯერ ისევ ცხვრებს ვმწყემსავთ ყაზბეგის მთიანეთში, მაგრამ ორივე ვხვდებით, რომ გვიახლოვდება რაღაც ახალი. წერა-კითხვა მამას პაპამ ასწავლა. პაპა მღვდელი იყო, მაგრამ ბეთლემის გამოქვაბულის განდეგილივით არ ჩაკეტილა, ხევის სოფლებში დადიოდა, ქადაგებდა, წერა-კითხვას ასწავლიდა ყმაწვილებს. მამასაც შეაყვარა წიგნები. ბიბლია და „ვეფხისტყაოსანი“ მამამ ზედმიწევნით კარგად ისწავლა და ცხვარშიც თავისი ბიბლიოთეკა მიაქვს. წიგნები არ იშოვება, სამწუხაროდ, თორემ წაუკითხავს არაფერს დავტოვებდით მე და მამა. ილიას „ივერია“ ჩამოაქვს ხოლმე მამას თბილისიდან და კი არ ვკითხულობთ, ვნთქავთ ორივე. ან რა ლექსები და პოემები იბეჭდება, ან რა წერილებს წერს ჩვენი ილია?! მარტო მისი „შინაური მიმოხილვა“ რომ წაიკითხო, ყველაფერს გაიგებ, მთელი საქართველოს სატკივარს, სად ვის რა აწუხებს. საიდან მისდის ამ საოცარ კაცს ეს ამბები? თუმცა რა? როცა რაღაც გწყურია, სამყარო იმას გიგზავნის, ახალ მზერას გიხელს.

კითხვის მოყვარული ადამიანი ხარბია სამყაროს შემეცნებაში. იმ ღამესაც, ბეთლემის გამოქვაბულში რომ აღმოვჩნდი ჩემდა უნებურად, ზეციური სასწაულით ვერ დავიოკე სული და ამან მიმიყვანა იმ უბედური ბერის სავანემდე. ნეტავ ასე არ ყოფილიყო და იმ ქვაბში არ შევსულიყავი. არ გამეცნო ის ბედკრული კაცი.

მამამ თქვა, აქ ადრე ერთი ასკეტი ბერი იყო, რომელთანაც მწყემსი ქალი შევიდა და ბერი აცდუნაო. ბერმა ეს თავს ვერ აპატია და გული გაუსკდაო. ახლა ახალი მეუდაბნოე ბერი დადგა იქ და ლოცვაში ათენ-აღამებსო. ღვთის ძალას და ხევის მიწის მადლს ვფიცავ, გულში არაფერი გამივლია, იმ მწყემსი ქალის ვნებების მსგავსი. ან რანაირად შეიძლებოდა? მე მხოლოდ თავი უნდა გადამერჩინა იმ საღამოს. ცხვარი კი დავღუპე.

ეს იყო სასწაული… დაისის მეტი რა მინახავს მთაში? მზის ჩასვლას თან მიჰყვება ხოლმე ჩემი სული. მზე ხომ სულეთში ჩადის ჩვენს მიცვალებულებთან! დედასთან ვატან ჩემს სურვილებს მკვდართა მზეს, მაგრამ იმ საღამოს ეს ენით აღუწერელი სანახაობა იყო… მზე ჩადიოდა მთელი მედიდურობით, მისი ოქროსფერი შლეიფი ნელ-ნელა მეწამული გახდა, მაგრამ იმდენ ფერს ირეკლავდა, გავშტერდი. რამდენნაირი წითელი კრთოდა ცაზე, ნელ-ნელა ლურჯდებოდა, შავდებოდა. ისე მომნუსხა ნანახმა, ყველაფერი დამავიწყდა, გონება გაითიშა და სული ჩამავალ მზესთან ერთად სულეთში მიფრინავდა თითქოს. ვიღას ახსოვდა ცხვარი ან თავი? და უცებ… ასე წამებში ის ოქროსფერ-მეწამული სიდიადე როგორ იქცა კუპრივით შავ ჯოჯოხეთად, ვერ ამიხსნია! ცხვარი წამებში გაფრთხა. ფარის განწირული ბღავილი იმ ჯოჯოხეთურ გრუხუნში დანაწევრებულ ბგერებად აღწევდა ჩემამდე. ისე დაბნელდა, ვერაფერს ვხედავდი. საით წავსულიყავი? იელვა და გზას დავადექი. ტყვეობიდან გაპარული დავით გურამიშვილის სასოწარკვეთილი ფრაზები მიტრიალებდა თავში: „ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა“… „მივადეგ კარს მთა-ხვრელს ლოდგაძრობილსა“… „ვმადლობდი მხოლოდშობილსა“… აბა, სხვას ვის უნდა ვუმადლოდე, რომ იმ წყვდიადში ელვის კლაკნილებს მივუყვებოდი, გზა ამერია, მონასტრის ზღუდეს მივადექი და ჩემი ხსნის მაცნე, ჯაჭვი მომხვდა ხელთ… მამა ხშირად მიამბობდა ბეთლემის გამოქვაბულის მკვიდრ განდეგილზე და სულ მიკვირდა: ღმერთო, ამ ცის თაღამდე ასროლილი ყინულეთში რა უნდა ადამის ნაშიერს? ნუთუ უფალს რომ ლოცვა გავაგონოთ, საამისოდ ცაში ფიზიკურად ასვლაა საჭირო? მაგრამ ამ ცხოვრებისას ჩვენ რას გავიგებთ? ყველას თავისი გზა აქვს. იმ უბედური განდეგილის სათნოებებში ჩემი ხსნა ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი იქნება. განწირული ხმით ვკიოდი. მწირი თავიდან არ მიშვებდა, ალბათ ეშმაკის მოციქული ვეგონე. რამდენჯერმე მკითხა, „ვინა ხარ, კაცი თუ მავნე, აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“. არ ვიცი, იმ სენაკში წლობით ყოფნაზე საშიში რა უნდა იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ განდეგილი უცნაურად შეცბა, როცა ცეცხლის შუქმა სენაკი გაანათა და ჩემი სახე დაინახა. ვიფიქრე, ალბათ კაზლოვის „შეშლილის“ მთავარი პერსონაჟივით გამოვიყურები-მეთქი, ილიამ რომ ასე გაათახსირა, რევაზ ერისთავის თარგმანზე როცა წერდა. მარტო სველი კი არა, ერთიანად დამზრალი ვიყავი. ცეცხლი უკვე მინავლული იყო. ალბათ დაძინებას აპირებდა. შეშა ვთხოვე. თან წარმოვიდგინე, როგორ წვალობდა, რომ ამ ჯაჭვის კიბით შეშა აეზიდა. დავპირდი, ოღონდ ახლა გავშრე და გავთბე და ხვალ შეშას მე ამოგიტან-მეთქი. ესეც ეუცნაურა. არ სურდა ადამიანებთან არანაირი კავშირი. მიკვირდა ეს ამბავი, ისე მიკვირდა, რომ კითხვები დავაყარე. ჩემთვის ყველაზე უცნაური აი, რა იყო: ის ამბობდა, რომ სული წუთისოფლის ტყვეა და სამყარო თავისი მშვენიერებით, საყვარელი ადამიანები, მშობლიური გარემო მისთვის მხოლოდ ბორკილებია. გაოგნებულს ეს კითხვა აღმომხდა: „მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით, ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?“ მისი პასუხი კი მოულოდნელი იყო: „ხსნა ყველგან არის, ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე… უბედურსა“… ეს უკანასკნელი სიტყვა კენჭივით დავარდა ქვის იატაკზე. მწირმა მიმოიხედა და მის მზერაში ისეთი უმწეობა, ისეთი სასოწარკვეთილება ვიგრძენი, გული დამეთუთქა. ეს ადამიანი მეცოდებოდა და მიყვარდა. არა, არა, არ იფიქროთ, რომ მასში კაცს ვხედავდი, ჩემს ტოლსა და სწორს… უბრალოდ, ადამიანურად, ეს სათნო სახე, ეს ჩამქრალი თვალები, ეს გაძვალტყავებული სხეული მებრალებოდა ისე, რომ მეგონა ცეცხლის ალი შემინთეს გულში… სულო ცოდვილო, ისიც კი გავიფიქრე: ასე მყინვარივით რომ არ იყო, წაგიყვანდი ჩემთან და გაბრიელ სალოსივით სამზეოზე დაიწყებდი ღვთისმსახურებას, სასწაულმოქმედებას. მე აგიყვანდი მთაზე სამწყემსურში და ერთად დავტკბებოდით დაისის სასწაულით, ჩიტების ჭიკჭიკით, ხეების შრიალით, ხოლო როცა სოფელში ვინმეს განსაცდელი დაატყდებოდა, მე და შენ მივიდოდით იმედის მზის სხივად… როგორ უთხრა ადრე ჩაფერფლილმა ტატო ბარათაშვილმა თავის სატრფოს? „მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო, საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო. მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი, მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი, რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი”…

ღმერთო, რამდენი მიოცნებია, ჩემი საწყალი ხალხისთვის მესია-გმირი ვყოფილიყავი, შემძლებოდა სასწაულმოქმედება, კურნება, გაჭირვებულთათვის ხელის გაწოდება. როცა ილია პეტერბურგიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, განა ამაზე არ ოცნებობდა: „მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო“…

ეს ყველაფერი კი გავიფიქრე, მაგრამ, იცის ღმერთმა, განდეგილისადმი ვნება გულში არ გამივლია. მე რომ ამ ფიქრებში ვიყავი, ის ღვთისმშობლის ხატის წინ იყო დამხობილი და გულმხურვალედ ლოცულობდა, მაგრამ თან მეჩვენებოდა, რომ ენა ებმებოდა.

მამაჩემსა და დაღუპულ ცხვარზე დარდმა, გადატანილმა შიშმა, დაღლილობამ თავისი ქნა. სველი კაბა და თმები გამიშრა. ცეცხლის პირას მკვდარივით ჩამეძინა.

მეზმანა: გამოქვაბულის ზღუდესთან ვიდექით მე და განდეგილი. ღია კარებში ვიყურებოდით, დაბლა ჩასვლა გვსურდა, მაგრამ ჯაჭვის კიბე სადღაც გამქრალიყო. გარეთ მზე ჩახჩახებდა და ტყიდან ყვავილების გამაბრუებელი სურნელი მოჰქონდა ნიავს. გუგულის ხმა საამურად ისმოდა ტყის შრიალში. უცებ გამოქვაბულს ქუნქულა ღრუბელი მოადგა, მოადგა კი არა, ნავივით მოცურდა. განდეგილმა უცებ ხელში ამიტაცა და ღრუბლის ნავში ერთად გადავეშვით. ეს ისეთი საამური განცდა იყო. ღრუბელს მუშკისა და დარიჩინის გამაბრუებელი სურნელი ასდიოდა. ღრუბლის ნავი ჯერ ცაში აიჭრა. განდეგილმა ხელი მომხვია და თვალებში ჩამხედა. სადღა იყო მისი მცხრალი თვალები? ახლა მის მზერაში ვარსკვლავები კიაფობდნენ. გაოცებული შევყურებდი და ვფიქრობდი: ნუთუ ეს ის კაცია, ცოცხლად მკვდარი ლეშივით რომ დამხვდა წარღვნას გადარჩენილს. ის ჩემკენ გადმოიხარა და გაშმაგებული მკოცნიდა. თავიდან გავუძალიანდი, მაგრამ ეს კოცნა ისეთი ტკბილი იყო, ისეთი უცოდველი, ისეთი მათრობელა…

მაშინ გამოვფხიზლდით, როცა დაბლიდან ადამიანთა ხმები მოგვესმა. ღრუბლის ნავიდან გადავიხედეთ. ჩემი სოფლის გზაზე ვიყავით. მამაჩემი ჩემკენ მოემართებოდა. საოცარი შვება ვიგრძენი. გამომეღვიძა. გათენებულიყო. სენაკში მზის სხივი უღონოდ იპარებოდა. სასწრაფოდ წამოვდექი. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ განდეგილი არსად ჩანდა. მასზე ფიქრის დრო არ მქონდა. ვიფიქრე, რომ ტყეში წავიდოდა კენკრის მოსაგროვებლად. ის ხომ ჩიტივით მხოლოდ ტყის კენკრითა და ველური ხილით იკვებებოდა? სიზმრით დამფრთხალმა ჯაჭვის კიბე რომ ვიხილე, გამიხარდა, სასწრაფოდ დავეშვი და გიჟივით გავრბოდი სოფლისკენ, რომ ჩემი საწყალი მამა გამეხარებინა! მე ხომ უვნებელი გადავურჩი წარღვნას!

მამაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ცხვარზე არ დარდობდა საერთოდ. ბიძაჩემმა დაამშვიდა: ნუ დარდობ, დათა, მთავარია ბალღი გადაგირჩა. ოც სულ თოხლს მე გაჩუქებ ჩემი ფარიდან. შენ და შენი თეკო ისეთი ყოჩაღები ხართ, ოც სულს სულ მალე ორასად აქცევთო.

მამა მადლიერი იყო განდეგილის.

  • წამო, შვილო, ხორბალი და საზედაშე ღვინო ავუტანოთ. სხვა მაინც არაფერი უნდა იმ დალოცვილს, თანაც შეშას ბლომად ავუტან, შემოდგომა ძალაში შედის და ზამთარში როგორ აიტანს ქვაბში შეშას ის უბედური?!

ნეტა არ ავსულიყავით მე და მამა ბეთლემის მღვიმეში. ზღუდის ძირას ბევრი ვეძახეთ, მაგრამ ვერაფერი გავაგონეთ. კარი ღია იყო და მამა დაეჭვდა. ავად ხომ არ გახდა, ხომ არ დაუძლურებულაო? ჯერ მე ავედი და მამაც გამომყვა. გულგახეთქილი შევვარდი სენაკში. მწირი სარკმლის მხარეს ეგდო ქვის იატაკზე. მარცხენა ხელი თავთან ედო, თითქოს თავში უნდა წაიშინოსო, ხოლო მარჯვენაში ლოცვანი ეპყრა. სული ვერ მოვითქვი. ცრემლებმა დამახრჩო. არ მეგონა, თუ მიცვალებულთან ერთად იმ უკაცრიელ ქვაბში გაჩერება შემეძლო, მაგრამ მასთან სიახლოვის არ მეშინოდა, მინდოდა გაყინულს ჩავხუტებოდი, გამეთბო და გამეცოცხლებინა.

მამა სოფლისკენ დაეშვა და მეზობლები ამოიყვანა. მწირის ოჯახი მალე მოძებნეს მამამ და ბიძაჩემმა. ღვთისმშობლობა დღეს გაასვენეს მამა ათანასე. ალბათ იესოს მოწყალე დედამ გულში ჩაიკრა თავისი წამებული შვილობილი. ამ წუთისოფელში, ღვთისმშობლის ხატის გარდა, არც არავის ახსოვდა ის უბედური. დამარხეს მამა ათანასე სოფლის სასაფლაოზე, ხის სამლოცველოს სიახლოვეს, სადაც ყველას შეეძლო ცოცხლადვე დამარხული ასკეტის სახელის ამოკითხვა. ხშირად ავდივარ მის საფლავზე. კანკეშებს ან გულყვითელებს დავუკრეფ ხოლმე, სანთელს დავუნთებ, ჩამოვუჯდები საფლავზე და ვესაუბრები. ალბათ ახლა უფრო ცოცხალია მამა ათანასე სოფლისთვის. სიცოცხლეში ის მკვდარი იყო.

ოლია – გვიმრის ყვავილი

0

– უკაცრავად, შეიძლება წიგნი გამოვცვალო?

– რა სჭირს?

– როგორც ჩანს, ვიღაცას დიდხანს ჰქონდა ერთ გვერდზე გადაშლილი.

 

ცოტა ხნის წინ ერთი ლამაზი წიგნის პრეზენტაციაზე ასეთ საუბარს მოვკარი ყური და თავადაც 89-ე გვერდზე ცირცელის წითლად დახუნძლულ ტოტს, ზედ შემომჯდარი შავი ჩიტით, თვალს ვერ ვწყვეტდი. იქვე ამოვიკითხე, რომ ნაყოფს ყინვის მერე კრეფენ, მასზე ბევრი სიმღერაც არსებობს და ყოველდღე სამი ცალიც რომ შეჭამო, ზამთარში ვირუსი აღარ მოგეკარება.

„ჯავახეთის მლხენელები“ ილუსტრირებული წიგნია, სადაც ნინოწმინდის სოფლებში საველე კვლევის შედეგად შეკრებილი ამბებია თავმოყრილი. ეთნოგრაფებისგან, ეთნობოტანიკოსებისგან, მხატვარ-ილუსტრატორებისგან და ფოტო-ვიდეო ხელოვანებისგან შემდგარმა ექსპედიციამ 25 სამკურნალო მცენარის შესახებ არსებულ ხალხურ ცოდნას მოუყარა თავი. პროექტის ავტორის, ნინი ხუროშვილის თქმით, „აჭარელი მლხენელების“ შემდეგ ეს მათი გუნდის მიერ მომზადებული მეორე წიგნია. კრებული, ასევე, შეიცავს ექსპედიციის დღიურს, საველე კვლევის რუკასა და ისტორიულ მიმოხილვას ნინოწმინიდის ეთნიკურ-რელიგიურ მრავალფეროვნებაზე.

30-მდე დუხობორი, სომეხი, აჭარელი და მესხი მლეხნელებისგან მოსმენილ ამბებს გამოცდილებაც აერთიანებს და რწმენაც, რომ არ არსებობს დაავადება, რომელიც არ იკურნება და არც მცენარე არსებობს, რომელსაც განკურნების უნარი არ გააჩნია. საიდან იციან ეს ყველაფერი? ლეგენდის თანახმად, გვიმრა ტყის ყველაზე ჯადოსნურ ადგილას იმალება და წელიწადში ერთხელ მხოლოდ მზებუდობის ღამეს ყვავის. ვინც მას იპოვის და მოსწყვეტს, განსაკუთრებული სიბრძნით დასაჩუქრდება და მლხენელი გახდება. გორელოვკელებს ისიც სწამთ, რომ ოდესღაც ერთმა მოხუცმა მკურნალის ცოდნა სწორედ გვიმრის ყვავილის მეშვეობით შეიძინა.

წიგნიდან შეიტყობთ, რომ აბზინდას, ბალბას თუ დაფნას როგორც სამკურნალოდ, ისე  ავი სულებისგან დასაცავად იყენებენ; ასკილს მოყინვამდე აგროვებენ; უკვდავას უფესვოდ იღებენ; ბაბუაწვერას ყვავილებისგან თაფლს ამზადებენ; ბეგქონდარა ჩაის დილაობით სვამენ; გვირილას შეყვარებულის დასაბრუნებელ რიტუალებშიც მიმოაბნევენ; თავშავათი გულს,  შავბალახათი კი სულს იმშვიდებენ; თეთრი ნაღველათი კანს იბზინებენ; ლენცოფათი ტკივილს იყუჩებენ; მრავალძარღვათი და ფარსმანდუკით ჭრილობებს იშუშებენ;  პირშუშხას სახსრებზე იფენენ; ფურისულათი ხველას, ხოლო პიტნით მუცლის ტკივილს იამებენ; ჭინჭარს, მატიტელასა და ღოლოს საჭმელადაც იყენებენ; კრაზანით სამოცამდე დაავადებას მკურნალობენ; დუხობორები შავ ჩაის კი არა, ივან ჩაის (თხაწართხალა) სვამენ:

„ივან ჩაი ისე კეთდება, როგორც შავი ჩაი. ადრე ევროპაში სულ ამ ჩაის სვამდნენ, გვერდითი ეფექტი საერთოდ არ აქვს და ყველა ვიტამინს შეიცავს. კარგია იმუნიტეტისთვის, წნევის რეგულაციისთვის, აუმჯობესებს სისხლის უჯრედების შემადგენლობას, აძლიერებს თმის ფესვებს, აწესრიგებს ძილს, არ შეიცავს კოფეინს, ეხმარება მონელების სისტემას და შეიცავს B და C ვიტამინებს. შავ ჩაის ბევრი უკუჩვენება აქვს, კალციუმს გიკლებს და კბილებს აფუჭებს, ივან ჩაი კი, პირიქით, ეხმარება აღდგენაში და რეგენერაციაში. ჩემი ძმის ცოლმა, ივან ჩაით იმკურნალა ავიტამინოზი, ექვს თვეში,“ – ამბობს მხლენელი სლავა.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. მას შემდეგ, რაც 1895 წელს დუხობორებმა უარი თქვეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე და პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვეს, ყოველ წელს,  12 ივლისს მშვიდობის მანიფესტის ადგილას, ორლოვკასთან ახლოს, პეტრე-პავლობას აღნიშნავენ და სამლოცველოში წინაპრებს ახსენებენ. სწორედ ამის შემდეგ, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმლით შემოსილნი, მინდვრებს ეფინებიან და სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ.

***

წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩვენი ოჯახის გვიმრის ყვავილსაც მივაკვლიე. ოლია ჭელიძეს, ჩემი დიდი ბაბუის დას, მცენარეებით წამლობა სცოდნია. მოხუცებულს ჩანაწერების წიგნი ორად გაუყვია და ერთი ნაწილი თავისი ძმისშვილისთვის, ჩემი ბებიისთვის გადაულოცავს. ოლიას კვალდაკვალ იულიასაც დაუწყია მლხენელობა და სიცოცხლის ბოლომდე უანგაროდ კურნავდა თანასოფლელებს. ოლიას ფურცლებს ჩემამდე არ მოუღწევია, თუმცა ჩვენი ოჯახის ჩვეულების თანახმად, ყოველი ზაფხულის ბოლოს ფარსმანდუკის ხმელი კონები ჩემს აივანსაც ამშვენებს.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...