ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
30 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

განათლების ამბები მეცხრამეტე საუკუნის ქართული პრესიდან

0

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ  ისტორიულ ამბებში კირკიტის ახალი საშუალებები მოგვცა. განსაკუთრებით, თუ დიდი და ყველასთვის ცნობილი მოვლენები კი არა, მათ მიღმა განვითარებული ყოფითი ამბები გვაინტერესებს.  როგორ ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ადამიანები, როგორ მიდიოდნენ საყიდლებსა თუ სამსახურებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში, ყიდულობდნენ გაზეთებს, აღნიშნავდნენ სადღესასწაულო დღეებს და  სევდიანად კითხულობდნენ გაზეთებში ნეკროლოგებს, მაგალითად, სულ რაღაც ორი საუკუნის წინანდელ საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაზე ბევრი გვისაუბრია, გაკვეთილებიც დაგვიგეგმავს და შემოქმედებითი წერის იდეებიც მოგვსვლია, მით უფრო, როცა ქართული პრესის არქივს, კონკრეტულად კი მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პრესას ვსტუმრობთ.

ამ სტატიაში ისევ დროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, ოღონდ ამჯერად, განათლების ამბები უნდა ამოვკენკოთ ძველი პრესიდან. რა იყო აქტუალური? რა სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები არსებობდა? იქნებ რეპეტიტორები მაშინაც იყვნენ? რას ასწავლიდნენ?

მოდით, გადავფურცლოთ დროისგან გაყვითლებული გაზეთების ციფრული ფურცლები:

1972 წლის „დროება“ ნუკრიანელ განმანათლებელზე, იოველ ნასიძეზე მოგვითხრობს, რომელიც ქიზიყელი გლეხის შვილებისთვის წერა-კითხვის სწავლებას ემსახურება.

1972 წლის „დროება“ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემას გვამცნობს.

 

1880 წლის გაზეთი დროება ახალი სამეურნეო სკოლის გახსნის შესახებ გვამცნობს.

1883 წელს, გაზეთი „თერგი“ ვლადიკავკაზში ქალთა სასწავლებლების ნაკლებობაზე მიუთითებს:

1888 წლის „დროება“  სოფელ მელაანზე მოგვითხრობს, სადაც ნინო ანდრონიკაშვილს სკოლა დაუარსებია და უსასყიდლოდ ასწავლის  გლეხის გოგო-ბიჭებს. მათ კი ისე შეჰყვარებიათ თავიანთი მასწავლებელი, გამოცდების დასრულების მერე სულ ცხარე ცრემლით უტირიათ.

„სატანცაო საღამო“ სახელოსნო სასწავლებლის უღარიბეს მოსწავლეთა სასარგებლოდ, 1888 წლის „დროება“.

იმავე წლის „დროების“ სხვა ნომერი საინტერესო განცხადებას იპოვით, სადაც მუსიკის სწავლებას, არც მეტი და არც ნაკლები, დიდი ქართველი მუსიკოსი, ოპერის მომღერალი და ფოლკლორისტი ფილიმონ ქორიძე გთავაზობთ.

 

1906 თებერვლის „მომავალი“ სახალხო კითხვის მოწყობის ინიციატივაზე საუბრობს:

1907 წლის „მომავალი“ ახალი საგანმანათლებლო სტიპენდიის დანიშვნას გვახარებს:

ივანე გომელაურს სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლების სახელმძღვანელო შეუდგენია, ამას 1907 წელს გაზეთი „ჩვენი გზა“ გვაგებინებს.

1909 წლის „ჩანგი“ კი საინტერესო განცხადებას აქვეყნებს, მასწავლებელი ფაქტობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეს მოამზადებს ქართულში და არამხოლოდ.

1903 წლის „ივერია“ გვამცნობს, რომ ქუთაისის გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ სეირნობა გამართულა,სამწუხაროდ, უამინდობის გამო, სეირნობას ცოტა დამსწრე ჰყავდა.

და ბოლოს, რუსული კოლონიზატორული პოლიტიკის ენობრივი მიმართულების შესახებ საკმაოდ მწვავედ საუბრობს 1908 წლის „ცნობის ფურცელი“.

 

ჩამორთმეული მედალი    და ბიოეთიკა        

0

ყოველ წელს, როცა ვსაუბრობ ჭიებისა და სხვა ორგანიზმების რეპროდუქციული ორგანოების შესახებ, აღვნიშნავ რომ შეუძლიათ წარმოქმნან კვერცხუჯრედიც და სპერმატოზოიდიც, რის გამოც ისინი ჰერმაფროდიტებს მიეკუთვნებიან. მოსწავლეები უამრავ კითხვას სვამენ და აინტერესებთ ადამიანებში თუ არის მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებული. ვუყვები ჟვანიას სახელობის კლინიკაში ჩემი თვალით ნანახი ახალშობილის შესახებ, რომელსაც ორივე სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ორგანოები ჰქონდა, ვსაუბრობთ ჟანა დარკზე, რომელიც მორისის სინდრომის გამო მამაკაცური სიძლიერით და ქალისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებით აკვირვებდა ადამიანებს. სქესისა და გენდერის განსაზღვრა ძალიან რთული თემაა, ამიტომ მოკლე პასუხი უმჯობესია.

რა უნდა ყოფილიყო მიზეზი? აქ წარმოიშობა სამი ჰიპოთეზა:

  1. კლაინფერტერის სინდრომი, შესაძლოა X ქრომოსომაზე მიმაგრდა Y ქრომოსომაზე;
  2. SRY გენის ტრანსლოკაცია კროსინგოვერის შედეგად;
  3. ანდროგენ-რეზისტენტული სინდრომი;

საპრეზენტაციო მასალა pptx

საპრეზენტაციო მასალა pdf

შეკითხვები

დილემა: უნდა დაუბრუნონ თუ არა სპორტსმენს მედალი ასეთ სიტუაციაში?

რეკომენდაცია:

  1. მეიოზის ახსნამდე გააცანით სანტის სიტუაცია;
  2. საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით დაამუშავეთ საკითხი;
  3. დილემაზე მუშაობისას მოსწავლეები დაყავით ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი, რომელიც ემხრობა მედლის ჩამორთმევას, მეორე ჯგუფი – რომელიც ემხრობა მედლის დაბრუნების აზრს. ორივე ჯგუფი მოაგროვებს არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს, შემაჯამებელ გაკვეთილზე შეაჯამეთ საკითხი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. BBC NEWS | South Asia | Indian athlete fails gender test
  2. https://www.sciencedaily.com/releases/2009/10/091020153100.htm
  3. https://merki.mkurnali.ge/sections/1487/klainpelteris-sindromi/
  4. რა არის მეიოზი – CK 12;
  5. https://triasi.ge/upload/10-2-moswavle-biologia.pdf

ივლისის თვის ჩანაწერები – მუსიკა და ფეხბურთი

0

მადლობა ფეხბურთელებს. მადლობა, რადგან ერთი კაცი წინდებს ჰყიდდა და ამ კაცს ქალმა, რომელიც მზესუმზირას ჰყიდდა, უთხრა: მამარდაშვილი გერმანიაში რომ ყველაზე მაგარი გუნდია, იმას სდომებიაო. და ამ კაცმა, კიო, ვიციო და გაიღიმა.

 

მადლობა, რადგან ამ ხალხს რომ გავცდი, ორი შავოსანი, მოხუცი ქალი მიდიოდა და ერთმა უთხრა, გუშინ როლანდოს გოლი არ გავატანინეთო და მეორემ ჰკითხა: როლანდი ვინ არისო და იმ პირველმა, აღარ ვიცი, რა უპასუხა, რადგან მათაც გავცდი.

 

მადლობა, რომ მათ მერე რომ კაცი შემხვდა, იმ კაცს ისე ეტყობოდა, რომ ბანკის ვალი ჰქონდა და აღარ ახსოვდა.

 

მადლობა, რომ ის კაცი სადაც იდგა, იქვე, ფანჯრიდან, მეორე კაცი სიგარეტს ეწეოდა, იმ კაცს ფილტვის კიბო ჰქონდა და აღარ ახსოვდა.

 

მადლობა, რომ ეს ორი კვირა არ გვახსოვდა რაც არის და იყო მხოლოდ ის – რაც გვინდა.

თუ რამე სიმღერა დგას ცალკე, როგორც თხრობა, როგორც ამბავი, გნებავთ, როგორც დღეს უყვართ თქმა – სათქმელი – ეგ არის Strange Fruit – უცნაური ნაყოფი, გნებავთ ხილი. საქმე ერთი ფოტოსგან იწყება, სადაც ხეზე ჩამომხრჩვალი ორი აფროამერიკელი, თომას შიპი და აბრამ სმითი მოჩანან, დასჯილნი ლინჩის წესით.

 

აბელ მიროპოლმა სწორედ ამ სურათის მიხედვით დაწერა საგალობელი-პროტესტი და 1939 წელს ბილი ჰოლიდეიმ იმღერა. მერე ბილიმ იმღერა კიდევ რამდენჯერმე, მაგრამ მე მიყვარს ერთი სტანდარტი, მოკლე და მკაფიო. ბილი ჰოლიდეის ხმა, წესისამებრ, არის გაჭიმული გზა პატარა ბავშვიდან ვიდრე მოხუც ქალამდე. თუ თვალს დახუჭავ, რომელსაც წარმოიდგენ, ეგ არის ან ვერ გაიგებ რომელია ან ყველა ერთადაა. ყველ ასაკი. და ესეც ამბავია – იმ ორი ჩამომხრჩვალი კაცის ცხოვრებას გვანდობს – ყმაწვილობიდან ვიდრე დასჯამდე. ბილისთან კიდევ არის ტაბ სმიტის საყვირის ორი ხმამაღალი ამოსუნთქვა, რაღაც უცნაურად ტრაგიკული, თითქოს მისალმებაც და თითქოს დამშვიდობებაც.

 

ბილის შემდეგ ბევრმა იმღერა, მაგრამ სულ ბილია. ცადა დიდმა ნინა სიმონემაც, თუმცა ისე ვერ ამოაყირავა, როგორც, ვთქვათ სქრიმინ ჯეი ჰოკინსის I Put Spell On You (“მე შენ მოგაჯადოვე”) – ს უყო. კი, მანდ ადგა და ცალკე ამბავი დადო. აქ მგონი, რომ ეგ ვერ მოხერხდა ნინასგან. რაც იშვიათია, მაგრამ ხდება ხოლმე. კარგი ნამღერია, განა ცუდი, მაგრამ მაინც.

 

და რაც ვერ მოხერხდა ნინასგან, მოულოდნელად ბეთ ჰარტისგან მოხერხდა. მგონი ბეთი გაექცა ბილის, შეიძლება შორს არ, მაგრამ გაექცა. და ეს გაქცევა ჯო ბონამასას წაშველების წყალობითაცაა, რომლის სამი სოლო, გაბმული კონწიალია თოკზე. გაქცევა კიდევ იქ არის, სადაც ბეთი სიტყვა მაგნოლიას ამბობს, სახასიათო ჩაგდებით და ოდნავი გაბმით. ხოლო ჯოს გიტარა თითქოს თან კონწიალია და თანაც გასვლის ცერემონიაც. ეპოქა გაყავსო გეგონება. ოდნავი პომპეზურობით, ბლუზური ჩაჭიმვით და ცოტა ეზოთერულობით ანუ ,,მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი”.

 

რახან ინსტრუმენტი ვახსენეთ, აუცილებლად სათქმელია ვინტონ მარსალისის და რიშარ გალიანის გენიალური დუეტი. ეგენიც სხვა მწვერვალისკენ ექაჩებიან ამ ხილის ხეს. და რა გასაკვირია ამ სიმაღლის დიდოსტატებისგან ეგ ამბიცია. არის ორი მომენტი, სადაც მუსიკა ყელზე გიჭერს, როგორც სახრჩობელა და სულ გხდის, ვინტონის და გალიანოს ამ დიალოგისას. თითქოს ორჯერ იხრჩობა, ვინც იხრჩობა – პირველად სხეული და მერე – სული.

 

მაგრამ საბოლოოდ, ეს სიმღერა არის ბილი. და ბილის უკან ნაგულისხმევი ის ორი კაცი, ხეზე მოკონწიალე. და იმ ორი კაცის უკან ადამიანის სასტიკი ისტორია, საუკუნეების მიღმა და მგონი, რომ საუკუნეების მერეც. რადგან ,,რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი”. და – არც ეს.

 

 

 

 

 

 

 

 

უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები

0

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს ისეთ მნიშვნელოვან, დარდიან და ყოველდღიურ საფიქრალზე, როგორიც ოკუპაციაა, იმგვარად, რომ მათში არ გამოვიწვიოთ ყალბი პატრიოტიზმი, ნაძალადევი თანაგანცდა, გაუაზრებელი ერთსულოვნება და ვასწავლოთ იმ მიწისა თუ ზღვის სიყვარული, რომელიც არასდროს უნახავთ. ამბავი ხომ მათ შობამდელია. ალბათ, სწორედ ზღაპრის, ალეგორიული ენის სიმარტივითა და გულწრფელობით მოიყოლება ბავშვებთან ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსული, რომელშიც დღემდე ვცხოვრობთ და გვაღელვებს.

ასეთ წიგნად მოიაზრება ნინია სადღობელაშვილის „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები”, რომელიც საგულისხმო ამბავს მოგვითხრობს. ამბავი ერთნაირად საინტერესო და გასაზიარებელ-გასააზრებელია, როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა მკითხველისთვის.

წიგნის კაბადონებს მეუფე ისაიას ილუსტრაციები ამშვენებს, ნიქოზელი მღვდელმთავრის, დღემდე არილს რომ მოელის თანასოფლელებთან ერთად, როგორც აბრაამის წიაღი – გამარჯვების საყვირს.

ქართული ლაზათიანი სიტყვის ლაზარესეული მნიშვნელობა წიგნის სათაურშივე ცხადდება – უსაზღვროდ შერიგებული მეზობლობა ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, დროსა და სივრცეში მოხეტიალე ადამიანების უსამანო მყოფობასაც მოიაზრებს, რაც ერთმანეთის შეყვარებას, თანხმობასა და თანაზიარებასაც გულისხმობს.

იგნი, რამდენიმე საგულისხმო საფიქრალს იტევს:

 

  1. ინაპრის დაშვებული შეცდომების გადაფასება;
  2. ქართული სიტყვის მოფრთხილება;
  3. მტრობა და სიყვარული;
  4. უანგარო მეგობრობა;
  5. განათლებისა და წიგნიერების მნიშვნელობა;
  6. ომის აბსურდი;
  7. ერიგების სიამე.

 

„რად გინდა საზღვრები“ – ამ სიტყვებით მიმართავს წიგნის მთავარი პერსონაჟი ბუჩაჩი მეგობარ ზღარბუნიას, რომელიც მამის დანაბარებსა და წამოწყებულ საქმეს გულდასმით აგრძელებს – თხრის ორმოებს და საზღვარს ავლებს მაჩვების ოჯახთან, რათა ყველამ იცოდეს თავისი ადგილი; რომ „ქლიავის ფესვი“ მას ეკუთვნის და არა მეზობელს, თანაც თვალს მაჩვის ასულ მაშოსკენ აპარებს და საკუთარ თავთან ჭიდილიც სიყვარულისა და მოვალეობის ველზე ინაცვლებს.

ზღარბუნია ვერ სწვდება იმ უსაზღვრებო მდგომარეობას, რომელსაც ბუჩაჩი დაჟინებით უხსნის: „მაინცდამაინც საზღვარი გჭირდება იმისთვის, რომ ვინმეს რამე არ გაუფუჭო?“. ვერც იმას ხვდება ზღარბუნია, რომ თავისუფლება მხოლოდ ლაღ ფრენას არ ნიშნავს, რომ ეს უპირველესად ფიქრისა და აზროვნების თავისუფლებაა.

ზოგჯერ ისეც ხდება, წინაპრების დაშვებულ შეცდომებს ახალმა თაობამ უნდა უწამლოს. ამას კი გონიერება, გააზრება და გამბედაობა სჭირდება. არჩევანის წინაშე მდგარ ზღარბუნიას გადაწყვეტილების მიღებაში განათლებული და წიგნიერი ბუჩაჩი რომ ეხმარება, ესეც საგულისხმო ფაქტი და მწერლის მნიშვნელოვანი შეტყობინებაა უასაკო მკითხველისთვის.

ქართული სიტყვის იმგვარად შემცნობელ-გამომთქმელი მწერალი, როგორიც ნინია სადღობელაშვილია, უთუოდ ათქმევინებდა ერთ-ერთ მთავარ გმირს – მე ყველაფერი მაღელვებს, რაც ფურცელს და ანბანს უკავშირდებაო. სწორად მეტყველი და ქართული სიტყვის სადარაჯოზე მდგარი ბუჩაჩი კეთილი კაცის ეზოს სხვა ბინადრებსაც მოუწოდებს სწორად და გამართულად იმეტყველონ. განათლება კი თავის მთავარ თვისებას ამ წიგნშიც ამჟღავნებს და უხვად მოეფინება ყველას, ვისაც კი მისი სინათლის მოხელთება განუზრახავს.

ზღარბუნიაც მოინდომებს წერა-კითხვის სწავლას და მისი „კურნებაც“ აქედან იწყება. ამ ფერიცვალების გზაზე მას არცთუ იოლი გადაწყვეტილების მიღება უწევს – წინაპრის წესსა და ადათს გონების თვალი უნდა გაავლოს და მისი ავკარგიანობა ამოიცნოს. ზღარბუნიასთვის „ალუდა ქეთელაურობა“ მარტივი არჩევანი არ გახლავთ, მისი ორჭოფობაც მანამ გასტანს, სანამ თავისსავე ამოთხრილ ორმოში არ ჩავარდება და მეფსალმუნის სიტყვებს „ხნარცვ თხარა და აღმოკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა“ საკუთარ ეკლებზე არ იწვნევს. ამჯერად კი მიხვდება ზღარბუნია, საზღვრების თხრას რომ სიკეთე არ მოაქვს და შეინანებს თავის უგუნურ სიჯიუტეს.

საიდან იღებს სათავეს ბუჩაჩის გონიერება? ვისგან უსწავლია მას უსაზღვროება სიკეთისა და უძლეველობა სიყვარულისა? ამ უჩინარ მასწავლებელს წიგნში ყოვლისმჭვრეტელი რა-ბუ ჰქვია, რომელიც ცოდნას ისევე გასცემს, როგორც მზე – სინათლეს. სწორედ მისგან შეუმეცნებია ბუჩაჩის, რომ განგებას მარტოობისა და უვიცობისთვის არ გავუწირივართ და ნუგეში, ხშირად, მეგობრების პირი-სახით გვევლინება. მაშინ კი ვრწმუნდებით, რომ „პლანეტები ვართ ერთმანეთისთვის“.

ყველა ზღაპარი სიკეთესთან ერთად, განსაცდელსაც იტევს. ბუჩაჩისა და ზღარბუნიას თავგადასავალშიც ცა ომის ჯანღით შეიფერება და კეთილი კაცის ეზოში ჭურვები ცეცხლოვანი ბურთებივით ჩამოიყრება. დიდი ბჭობისა და ფიქრის შემდეგ, ეზოს ბინადრებმა გადაწყვიტეს მოჩხუბარი ადამიანები როგორმე შეერიგებინათ. ამ კეთილი მიზნისთვის კი ქართული ენის წიაღიდან „დაფარული საიდუმლო“ გამოითქვა და ვეებერთელა აბრაზე „საკურნებლად“ გაიშალა წარწერა „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლებისა“. სწორედ ეს „უსაზღვრო შერიგება“ იქცა დაპირისპირებული ადამიანების ერთიანობის თავკიდურ ლოდად, ამავე სიტყვებმა გადაადნო მტრისგან ჩამოყრილი ჭურვები და მშვიდობის ჰანტელებად აქცია ახალი თაობისთვის.

როდის ვიმარჯვებთ და ვხმიანდებით ერთიან ბგერად, როდის გამოგვდის ურღვეველობა? მაშინ, როდესაც ბუჩაჩისა და ზღარბუნიას მსგავსად ერთმანეთის ამარა ვრჩებით, მეგობრობას ვირჩევთ, წარსულს გადავაფასებთ და საკუთარ ადგილს ვაგნებთ სამყაროში.

მწერალი დიდ-პატარა მკითხველს ფიქრისა და მსჯელობის გადმოსახედზე აყოვნებს, საიდანაც სიკეთის, ადამიანობის, მეგობრობის მარადიული ხატება ირეკლება და გულგრილს არავის ტოვებს.

წიგნს სიყვარულის ოდა ასრულებს… ან იწყებს, ვინ იცის… ან იქნებ არც დასაწყისი აქვს ამ ამბავს და არც დასასრული, როგორც დიდ „რას“ – „სინათლის მზეს“ „რომელი აღმობრწყინდა მაღლით აღმოსავალად“ (შობის ტროპარი) და ქართულ ენაში განიფინა მარადიულ საიდუმლოდ.

ეკომეგობრული ზაფხული

0

როცა მოსწავლეებს საზაფხულო აქტივობებს ვთავაზობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს: ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე „ოჯახური“ დროა, როცა დიდიც და პატარაც დასვენებისკენ, სამუშაოსა და ყოველდღიური საფიქრალისგან ამოსუნთქვისა და განტვირთვისკენ მიისწრაფვის. მასწავლებელი თავისი წინადადებებით ამ იდილიაში ისე უნდა ჩაერთოს, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთი იდეის ირგვლივ გააერთიანოს. ბავშვებს ხომ ყველაზე მეტად უყვართ ისეთი საქმის კეთება, რომელიც უფროსებსაც აინტერესებთ.

ბედნიერი, საამაყო, შთამბეჭდავი და ზღაპრული ემოციებით სავსე ზაფხული გვაჩუქა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა და დიდ-პატარა ფეხბურთის ქომაგებად გვაქცია.

„ – და შენ რას გააკეთებ ახლა, როცა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ამხელა წარმატება და სიხარული მოგვიტანა?“

ეს სოციალური კამპანია ალბათ ბავშვების ყურამდეც მივიდა. სხვადასხვა მხიარული პირობა დაიდო და შესრულდა. შეგვიძლია, ჩვენც ვისარგებლოთ ამ კამპანიით და ჩვენი ბავშვები ეკომეგობრული ქმედებებისკენ წავახალისოთ. ვეცადოთ, ჩვენმა იდეებმა შთაბეჭდილება მოახდინოს მათზე და უბიძგოს, ჯანსაღი და ლამაზი აწმყოსა და მდგრადი მომავლისკენ მიმართონ თავიანთი შესაძლებლობები.

მდგრადობა ვახსენე და აქვე შეგახსენებთ, რომ არსებობს 17 მიზნისა და 169 ინდიკატორისგან შემდგარი კრებული, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების სახელწოდებით არის ცნობილი. ამ მიზნებზე თანხმდება გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო უკეთესი მომავლის მისაღწევად. მდგრადი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს მოიცავს.

რითია მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების მიზნები?

ეს მიზნები თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბეს, უთანასწორობას, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე – კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვას. თითოეული ჩვენგანის პიროვნულ არჩევანს დიდი ძალა აქვს და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებზე.

დავუბრუნდეთ ჩვენს არდადეგებს და ვეცადოთ, გავხდეთ „მწვანე მცველები“ სახალისო, მარტივი, საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო აქტივობებით:

 

  1. ანსაღი ცხოვრებაგონივრული არჩევანი და კეთილდღეობის საწინდარი

* შექმენი კეთილდღეობის ჟურნალი“, სადაც ჩამოწერ ყველა იმ ფაქტორს, რასაც კეთილდღეობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს. დაწვრილებით ჩაშალე ჯანსაღი ცხოვრების 3 ძირითადი მიმართულება – ფიზიკური, ემოციური და სოციალური. ეს „კეთილდღეობის საინფორმაციო ჟურნალი“ გაუზიარე ოჯახის ყველა წევრს და აამაღლე მათი ცნობიერება.

* გააცოცხლე ჯანსაღი ცხოვრებისეული ისტორიები. შეგიძლია, ზაფხულის საღამოები „თეატრობანას“ დაუთმო და როლური თამაშის მეთოდის გამოყენებით მოიფიქრო სიუჟეტები ან გაიხსენო თავს გადახდენილი ამბები, რომელთა პერსონაჟებიც აკეთებენ ჯანსაღ არჩევანს, ებრძვიან და ამარცხებენ არაჯანსაღ ჩვევებს. შეგიძლია, მეგობრები ან ოჯახის წევრებიც აიყოლიო, სთხოვო, მათაც გაიხსენონ მსგავსი ისტორიები და პატარა სპექტაკლის სახით წარმოადგინონ.

* შექმენი ჯანსაღი ჩვევების ბინგო“. დაჭერი დიდი ფურცელი პატარა ბარათებად, მოიფიქრე და დაწერე ამ ბარათებზე სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა, რომლებიც შენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აქტიური დასვენებისკენ წაახალისებს. მაგალითად, „მოაწყვეთ საცეკვაო წვეულება“, „გადალახეთ დაბრკოლებები“, „გააკეთეთ იოგას პოზები“. შენ მიერ შეთავაზებული თამაში მოტივაციას მისცემს შენს საყვარელ ადამიანებს, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიონ.

* შექმენი „ჯანსაღი ცხოვრების ანბანი“. ქართული ანბანის თითოეული ასოსთვის მოიფიქრე ჯანსაღი ცხოვრების თითო ჩვევა. მაგალითად: ა – აქტიური თამაში; ბ – ბოსტნეულის ჭამა და ა.შ. შეგიძლია, ამაზე ქალაქობანას მსგავსი თამაშიც ააგო.

 

  1. მოხალისეობრივი კამპანია

თუ გსურს, წვლილი შეიტანო გლობალურ პრობლემებთან ბრძოლაში, შეგიძლია, მოხალისეობა სცადო, მაგალითად, მოხალისე მეეზოვეობა. ეს საქმე უფრო სახალისო რომ გახდეს, შეგიძლია, მეგობრებიც აიყოლიო. გამართეთ ერთკვირიანი მოხალისეობრივი კამპანია და მოირგეთ იმ პროფესიის ადამიანების როლი, რომლებიც გარემოს ნარჩენებისგან ასუფთავებენ. განაწილდით ჯგუფებად, შეიარაღდით ხელთათმანებითა და პირბადეებით და დაასუფთავეთ თქვენი უბნის ან სკოლის ტერიტორია. შეგროვებული ნარჩენები დაახარისხეთ, პლასტმასა ცალკე გადააწყვეთ და მეგობარ გარემოსდამცველ კომპანიას (კომპანია “ეკო ცენტრი”) ნერგებში გაუცვალეთ. მერე ნერგების დარგვის დღე მოაწყვეთ და გაამწვანეთ თქვენი ეზო – “ხის დარგვა ხომ შეგიძლია, შენც ადექი და ხე დარგე!”

* გაცვალე მაკულატურა წიგნებში. შეგიძლია, მეგობრებთან ერთად მაკულატურის შეგროვების კვირეული გამართო. შეგროვებული ქაღალდი გარემოსდაცვითი კომპანია “მაკულიტერატურას” დახმარებით სასურველ წიგნებზე გადაცვალეთ და უბანში პატარა სამკითხველო მოაწყვეთ – საღამოობით გარემოზე ზრუნვის შედეგად, საკუთარი ძალებით მოპოვებული წიგნები წაუკითხეთ ერთმანეთს.

შეგიძლია, მოხალისედ წახვიდე საზაფხულო საბავშვო ბაღში. ბავშვობას გაიხსენებ და დადებითი ემოციებით აივსები. შეგიძლია, შენი მოხალისეობა კიდევ უფრო სასარგებლო გახადო და პატარებს გარემოზე ზრუნვის შესახებ ესაუბრო, მათთან ერთად დაამზადო ურნები ნარჩენებისთვის (წინასწარ მოიმარაგე მუყაოს მოზრდილი ყუთები – შეგიძლია, მარკეტებში ითხოვო, უსასყიდლოდ მოგცემენ) და აუხსნა, რომ ნარჩენები უნდა დავახარისხოთ, ქაღალდი – ცალკე, პლასტმასა – ცალკე. მოუყვე, რომ ამ ნარჩენებისგან შესაძლებელია ახალი ქაღალდის ან სულაც ბოტასის დამზადება. შეგიძლია, საინტერესო ვიდეოებიც აჩვენო ამ თემაზე. ცუდი არ იქნება, თუ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს („მაკულიტერატურა“, „ტენე“, „ეკო ცენტრი“) ბაღის მასწავლებლებსაც გააცნობ.

დაბოლოს, თუ გინდა, შენი ზაფხული ეკომეგობრული გახადო, თავად კი „მწვანე მცველი“ გახდე, გიტოვებ იდეებს, რომლებიც შეგიძლია მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად განახორციელო, რათა დაიცვა შენი წილი დედამიწა იმ „უკვდავი ურჩხულისგან“, რომელსაც პლასტმასა ჰქვია.

მინი – პროექტები და  პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა გაკვეთილზე                                                                                                                                        

0

დღეს პროექტები აქტიურად გამოიყენება ყველა საგნის, მათ შორის ისტორიის სწავლებაში. ფართო ხასიათის სასწავლო პროექტების გვერდით სრულდება მინიპროექტებიც, რომლებიც რამდენიმე ტიპისაა:

  • შემოქმედებითი ხასიათის საშინაო დავალებები;
  • პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა გაკვეთილზე და
  • ინტეგრირებული, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები.

მინიპროექტის ტიპი დამოკიდებულია მოსწავლეების მომზადების დონეზე, სასწავლო მასალის შინაარსსა და სასწავლო პროცესის ორგანიზაციის თავისებურებებზე. ისტორიის სასწავლო კურსში მინიპროექტების მეთოდი აქტიურად გამოიყენება პროგრამული მასალის ფარგლებში პრაქტიკულად ნებისმიერ გაკვეთილზე. შესაძლებელია, ის გაგრძელდეს რამდენიმე გაკვეთილზეც. მთავარია, არჩეული თემები იყოს მნიშვნელოვანი, საინტერესო და შესაბამებოდეს მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებს.

მინიპროექტები, სოციალური და პრაქტიკული მნიშვნელობით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროქტებია, რადგანაც ძალიან ეხმარება მოსწავლეს პიროვნულ ზრდაში, საყოველთაო ღირებულებებისა და სამოქალაქო კომპენტენციების ჩამოყალიბებაში. ასეთი პროექტები მრავალფეროვანი აქტივობებით ხასიათდება:

  • მოსწავლე ასრულებს წერით დავალებებს;
  • მუშაობს ვიზუალურ მასალასთან (ნახატი, რუკა, ცხრილი, დიაგრამა და სხვ.);
  • მუშაობს დოკუმენტებსა და სხვადასხვა ტიპის ნარატივთან;
  • იყენებს Microsoft Office-ის პროგრამებს

და ა.შ.

გთავაზობთ კონკრეტული პროექტის ნიმუშს ისტორიის მე-10 კლასის სასწავლო კურსიდან:

საგანი – საქართველოს ისტორია

თემა – საქართველოს გაქრისტიანება

პროექტის ტიპი – პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა გაკვეთილზე

სამიზნე ცნებები

  • წყარო/ინტერპრეტაცია: 1, 2, 5, 6
  • დრო: 3, 7, 8
  • სივრცე: 3, 9
  • საზოგადოება: 7, 8, 10, 11, 12
  • ძალაუფლება: 7, 8, 10, 11, 12
  • ისტორიული მოვლენა/პროცესი: 4, 5, 6, 8, 9

სასწავლო მიზნები:

  1. მოსწავლემ ახსნას, რა კავშირია მოქალაქესა და პიროვნებას შორის;
  2. დააკავშიროს ერთმანეთთან ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა;
  3. გამოიტანოს დასკვნა პიროვნებისა და მოქალაქის ურთიერთმიმართებაზე, მათ იდენტიფიცირებაზე შუა საუკუნეების საქართველოში;
  4. ისმჯელოს საქართველოში არსებული რელიგიისა და მისი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ;
  5. წარმოადგენოს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე;
  6. შეაჯამოს განსხვავებული შეხედულებები მოცემულ საკითხზე.

მისაღები პროდუქტი:

  • ესე „პიროვნების როლი ისტორიაში“

რესურსების ჩამონათვალი:

  1. საქართველოს ისტორია, X კლასის სახელმძღვანელო, მოსწავლის წიგნი. ავტორი – გიორგი უგულავა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ., 2022
  2. „მოქცევაი ქართლისაი“ , ძირითადი ტექსტი https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/341126/1/Moqcevai_Qartlisai.pdf
  3. ლეონტი მროველი, მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა უფლისა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ, წიგნი „ნათელი ქრისტესი, საქართველო“, წიგნი I, თბ., 2003, გვ. 41-59
  4. მარიამ ჩხარტიშვილი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სესია „წერილობითი ისტორიული წყაროების შესწავლისა და გამოცემის აქტუალური საკითხები (სიღნაღი, სიღნაღის არქეოლოგიური კვლევის ბაზა, 9–11 მაისი). მოხსენების თემა – „მოქცევაი ქართლისაი და I-III საუკუნის ქართლის პოლიტიკური ისტორიის საკითხები“
  5. მასწავლებლის მიერ მომზადებული საინფორმაციო ტექსტები (1, 2, 3)
  6. ისტორიის მასწავლებლის სლაიდები: „დრო და ისტორიული პერსონალიები“
  7. ქართული, IX კლ., ვახტანგ როდონაია, მარინე ხუციშვილი, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, გამომცემლობა „სწავლანი“, თბ. 2012
  8. ლექსიკონი: https://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/moqcevai_qarTlisai.htm

 

პროექტის ვადა2 კვირა (14 დღე)

  • თემის შერჩევა და ამოცანების განსაზღვრა 1 დღე
  • ინფორმაციის შეგროვება და კვლევა 3 დღე
  • მასალის ანალიზი 2 დღე
  • დაწერა4 დღე
  • რედაქტირება და კორექტირება2 დღე
  • განხილვა და პრეზენტაცია1 დღე
  • რეფლექსია1 დღე

ესეს ვადები1 კვირა (7 დღე)

  • თემის შერჩევა და დაგეგმვა1 დღე
  • კვლევა2 დღე
  • დაწერა2 დღე
  • რედაქტირება 2 დღე

I ეტაპიპრობლემის გამოკვეთა IV საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის ისტორიაში

რესურსიისტორიულ წყაროთა ცნობები:

  • ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, არ. 24-25: „II-III საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური ვითარების მკვეთრი ცვლილებაა, რაც დაკავშირებული იყო კავკასიაში ახალი აგრესიული პოლიტიკური ძალის, სასანიანთა ირანის გამოჩენასთან, რაც უარყოფითად აისახა ქართლის სამეფოზე“.
  • პარ. 26-27: „ქართლის სამეფოს გაქრისტიანება უმნიშვნელოვანესი არჩევანი იყო, რომელსაც არა მხოლოდ რელიგიური და კულტურული, არამედ პოლიტიკური და მსოფლმხედველობითი დატვირთვაც ჰქონდა. გაქრისტიანებით საქართველო ირანულ სივრცეს გაემიჯნა და არჩევანი დასავლურ, რომაულ-ბიზანტიურ სამყაროზე გააკეთა“.

მიღებული შედეგი – ძირითადი საკვლევი პრობლემა:

  • როგორ მოხდა ქართლის გაქრისტიანება?
  • რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებას?

II ეტაპი დისკუსია

ძირითადი თეზა – „ნინოს ქადაგების მიზანი იყო ქართლის მკვიდრობის იმ გაგების დაძლევა, რომელიც დაკავშირებული იყო არმაზიანელობასთან და მეფის უსიტყვო მორჩილებასთან“.

სამუშაო ფორმატი ჯგუფებში მუშაობა „გონებრივი იერიშით“

ამ ეტაპზე დისკუსიის სამუშაო კითხვები:

  1.  ვინ არის პიროვნება?
  2.  ვინ არის ისტორიული პიროვნება?
  3.  რა კავშირი აქვს პიროვნებას ისტორიასთან?
  4.  როგორი პიროვნებისა და მოქალაქის გაგება არსებობდა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე?
  5.  ქრისტიანობის ქადაგებით რის შეცვლას აპირებდა ქართლში ნინო კაბადოკიელი?
  6.  რა კავშირია ცნებებს „პიროვნებასა“ და „მოქალაქეს“ შორის?
  7.  რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცნებათა ურთიერთობის შინაარსი საზოგადოებისათვის?

მიღებული შედეგი:

  • პიროვნება არის საზოგადოებისა და ბუნების მიერ შექმნილი არსება, რომელსაც აქვს შემეცნება, მეტყველება და შემოქმედებითი უნარები.
  • პიროვნება არის ისტორიულ-საზოგადოებრივი პროცესის მონაწილე, რომელიც თავისი აქტიურობით განსაზღვრავს ურთიერთობას გარე სამყაროსა და თავის თავთან.
  • მოქალაქეებად იბადებიან, მაგრამ პიროვნებად ყალიბდებიან.
  • იმ ეპოქაში ძირთადი ღირებულებები იყო კერპისა და მეფისადმი მორჩილება.
  • ნინო კაბადოკიელი კერპისა და მეფის უსიტყვო მორჩილებისაგან განსხვავებულ ღირებულებებს ქადაგებდა.

III ეტაპი – ისტორიული მასალების ინტერპრეტაცია: ა) „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ ცნებებს პიროვნებას და მოქალაქეს შორის ურთიერთმიმართების საკითხი“; ბ) კავშირურთიერთობის დადგენა ცნებებს პიროვნება, მოქალაქე, მკვიდრი შორის.

რესურსი: ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო (&24-25; 26-27); ისტორიის მასწავლებლის მიერ წყაროების საფუძველზე მომზადებული საინფორმაციო ტექსტი 1 – სლაიდშოუს თანხლებით – „პიროვნების და მოქალაქის ურთიერთმიმართების საკითხზე „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“.

სლაიდები – “დრო და ისტორიული პერსონალიები“ ტექსტი 1.

თხოთის  მთის   წმინდა

 ნინოს   სახელობის   ეკლესია

 

ადამიანის საქმიანობა მრავალმხრივია, თუ იგი დაკავშირებულია მნიშვნელოვან წვლილთან, საზოგადო ღირებულებებთან, თუ ის გავლენას ახდენს ამ ღირებულებებზე, ცვლის ან ამკვდრებს მას, შესაბამისად, არის გამორჩეული მოქალაქეც, რადგან ქმნის რა განსაკუთრებულ პიროვნებას, ამით ის ქმნის მოქალაქის განსაკუთრებულ სახესაც, რომელთა ერთობაც – ასეთი მოქალაქეების ერთობა – უკვე განსხვავებული საზოგადოებაა, ხოლო როგორიცაა საზოგადოება, ისეთივეა სახელმწიფოც, ქვეყანაც და მისი მატერიალური თუ სულიერი კულტურაც. საქართველოს ისტორიაში მრავალად გვხვდებიან ისეთი ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა გადაწყვეტილებები, საქმიანობა დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოების ბედზე, მაგრამ გვხვდებიან ისეთი პიროვნებებიც, რომელთა პიროვნულმა მაგალითმა ან პიროვნულმა სახეცვლილებამ სრულიად შეცვალა ქართველთა ცნობიერება და მოქალაქისა და პიროვნების სულ სხვა გაგება შემოიტანა და დაამკვიდრა, რითაც განსაზღვრა ამ ქვეყნის მცხოვრებათა ისტორია ასეულობით წლის განმავლობაში. „მოქცევაი ქართლისაჲში“ (რომელსაც პირობითად „წმინდა ნინოს ცხოვრებას ვუწოდებთ) დაცულია გადმოცემა ნინო კაბადოკიელის ქართლში მოღვაწეობისა და მირიან მეფის ცხოვრების შესახებ, რომლის გაცნობა საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ, როგორ მოხდა ქართლში მოქალაქისა და პიროვნების იმ გაგების ჩამოყალიბება, ისეთი პიროვნებებისა და მოქალაქეების ფორმირება, რომლებიც ქმნიდნენ შუა საუკუნეების საქართველოს და თანამედროვეობამდეც მოიტანეს.

„მოქცევაის“ მიხედვით, ქართლის წარმართი მეფე მირიანი ნინოს დედოფლის განკურნებას სთხოვს და სანაცვლოდ სიმდიდრესა და მცხეთის მოქალაქის საპატიო სტატუსს – მცხეთის მკვიდრობას სთავაზობს. ამავე დროს, მკვიდრობა არმაზის კულტის მსახურებასთანაც უშუალო კავშირში ჩანს, რადგან მირიანი ამბობს: …განგამდიდრო და გყო მკვიდრ მცხეთას შინა მსახურად არმაზისა… (მოქცევა ქართლისა 1964: 132). იმისათვის რომ წმინდა ნინო მკვიდრი ანუ მცხეთის მოქალაქე გახდეს, მირიანის სტყვით, ის „მსახურად არმაზისა“ უნდა იქცეს. მაგრამ იგივე ნარატივი გვაუწყებს, რომ წმიდა ნინო ქართლში იყო “პირველ ვითარცა ტყუე, ვითარცა უცხო“. „ტყვე“ და“უცხო“ კი სრულიად საპირისპიროა იმ გაგებისა, რასაც გულისხმობდა ცნება „მკვიდრი“. მაშასადამე, იმდროინდელ ქართლში სტატუსის აღსანიშნავად გამოიყენებოდა ცნებები: „უცხო“ და „მკვიდრი“.

 

ვუწოდებთ) დაცულია გადმოცემა ნინო კაბადოკიელის ქართლში მოღვაწეობისა და მირიან მეფის ცხოვრების შესახებ, რომლის გაცნობა საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ, როგორ მოხდა ქართლში მოქალაქისა და პიროვნების იმ გაგების ჩამოყალიბება, ისეთი პიროვნებებისა და მოქალაქეების ფორმირება, რომლებიც ქმნიდნენ შუა საუკუნეების საქართველოს და თანამედროვეობამდეც მოიტანეს.

„მოქცევაის“ მიხედვით, ქართლის წარმართი მეფე მირიანი ნინოს დედოფლის განკურნებას სთხოვს და სანაცვლოდ სიმდიდრესა და მცხეთის მოქალაქის საპატიო სტატუსს – მცხეთის მკვიდრობას სთავაზობს. ამავე დროს, მკვიდრობა არმაზის კულტის მსახურებასთანაც უშუალო კავშირში ჩანს, რადგან მირიანი ამბობს: …განგამდიდრო და გყო მკვიდრ მცხეთას შინა მსახურად არმაზისა… (მოქცევა ქართლისა 1964: 132). იმისათვის რომ წმინდა ნინო მკვიდრი ანუ მცხეთის მოქალაქე გახდეს, მირიანის სტყვით, ის „მსახურად არმაზისა“ უნდა იქცეს. მაგრამ იგივე ნარატივი გვაუწყებს, რომ წმიდა ნინო ქართლში იყო “პირველ ვითარცა ტყუე, ვითარცა უცხო“. „ტყვე“ და“უცხო“ კი სრულიად საპირისპიროა იმ გაგებისა, რასაც გულისხმობდა ცნება „მკვიდრი“. მაშასადამე, იმდროინდელ ქართლში სტატუსის აღსანიშნავად გამოიყენებოდა ცნებები: „უცხო“ და „მკვიდრი“.

 

მიღებული შედეგი: ისტორიული მასალების ინტერპრეტაციამ აჩვენა, რომ   ქართლში არსებობდა „მკვიდრობა“ როგორც სტატუსი.

IV ეტაპი: დისკუსია თემაზე:  „ ვინ იყო ქართლის მკვიდრი?

ძირითადი კითხვა:  რა უფლების მატარებელიამკვიდრი“? ვინ მოიაზრება ცნებაშიქართლის მკვიდრი მოსახლეობა“?

რესურსიისტორიის სახელმძღვანელო-&24.25.26.27 და მასწავლებლის მიერ წყაროების საფუძველზე მომზადებული საინფორმაციო ტექსტი 2.

 

ტექსტი 2.

„მკვიდრი“ იმ ისტორიულ მონაკვეთში ნიშნავდა საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ფენას, შვილს – მემკვიდრეობითი უფლების მქონე პირს, სპას ანუ სამხედრო ვალდებულების მქონე ერთობის წევრს, იგივე თავისუფალ პირს.  ეს ერთობა (თავისუფალთა ფენა) უნდა წარმოვიდგინოთ სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირებად.  ამ მკვიდრთა შორის არიან მცხეთელნი მკვიდრნიც.

„ნინოს ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ მკვიდრობის სტატუსი ჰქონია არაადგილობრივი სარწმუნოების მიმდევრებს, მაგალითად, მცხეთის ებრაული დიასპორის თავს, „ჰურიათა ბაგინის“ მღვდელს – აბიათარს.  ჩანს, უცხოების შემოყვანით თავის ერთობაში მცხეთის საქალაქო თემი აძლიერებდა თავის სამხედრო (შესაძლოა, არა მარტო სამხედრო) პოტენციალს. მოქალაქეთა, იგივე მკვიდრთა იდენტობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სამეფო სახლისა და სამეფო კულტის მიმართ ლოიალობასაც. როდესაც მირიან მეფე „მკიდრობას“ სთავაზობს ნინო განმანათლებელს, ამით მას სურს ნინოს „უცხოობის“ სამოქალაქო ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ჩარჩოებში მოქცევა.

 

  • მიღებული შედეგი: ისტორიული მასალების ინტერპრეტაციამ აჩვენა, რომ ქართლში არსებობდა „მკვიდრობა“ როგორც სტატუსი.

    IV ეტაპი: დისკუსია თემაზე: „ ვინ იყო ქართლის მკვიდრი?

    ძირითადი კითხვა: რა უფლების მატარებელიამკვიდრი“? ვი მოიაზრებ ცნება ქართლის მკვიდრი მოსახლეობა“?

    რესურსი: ისტორიის სახელმძღვანელო-&24.25.26.27 და მასწავლებლის მიერ წყაროების საფუძველზე მომზადებული საინფორმაციო ტექსტი 2.

     

    ტექსტი 2.

    „მკვიდრი“ იმ ისტორიულ მონაკვეთში ნიშნავდა საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ფენას, შვილს – მემკვიდრეობითი უფლების მქონე პირს, სპას ანუ სამხედრო ვალდებულების მქონე ერთობის წევრს, იგივე თავისუფალ პირს. ეს ერთობა (თავისუფალთა ფენა) უნდა წარმოვიდგინოთ სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირებად. ამ მკვიდრთა შორის არიან მცხეთელნი მკვიდრნიც.

    „ნინოს ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ მკვიდრობის სტატუსი ჰქონია არაადგილობრივი სარწმუნოების მიმდევრებს, მაგალითად, მცხეთის ებრაული დიასპორის თავს, „ჰურიათა ბაგინის“ მღვდელს – აბიათარს. ჩანს, უცხოების შემოყვანით თავის ერთობაში მცხეთის საქალაქო თემი აძლიერებდა თავის სამხედრო (შესაძლოა, არა მარტო სამხედრო) პოტენციალს. მოქალაქეთა, იგივე მკვიდრთა იდენტობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სამეფო სახლისა და სამეფო კულტის მიმართ ლოიალობასაც. როდესაც მირიან მეფე „მკვიდრობას“ სთავაზობს ნინო განმანათლებელს, ამით მას სურს ნინოს „უცხოობის“ სამოქალაქო ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ჩარჩოებში მოქცევა.

    მიღებული შედეგი:

    • ქართლის მკვიდრი არის ყველა, ადგილობრივიც და ტომით უცხოც, ვინც თავისუფალია და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილია.
    • როდესაც მირიან მეფე „მკვიდრობას“ სთავაზობს ნინო განმანათლებელს, ამით მას სურს ნინოს „უცხოობის“ სამოქალაქო ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ჩარჩოებში მოქცევა.

    V ეტაპიდისკუსია თემაზე: „ვინ არის ტყვე?“

    ძირითადი სამუშაო კითხვა: რას გულისხმობდა სტატუსი „ტყვე“ – დატყვევებულს, ნაალაფარს თუ სხვას?

    რესურსი: ისტორიის სახელმძღვანელოს და მასწავლებლის მიერ წყაროების საფუძველზე მომზადებული საინფორმაციო ტექსტი 3

    ტექსტი 3.

    ძველი ქართული ენის ლექსიკონის მიხედვით, ტყვე არის „ნაძარცვი, ალაფი. „ტყვენვა“ – იავარყოფა, ტყვედ წაყვანა, „მოსვრა“; „ტყუეობა“ – ტყვეობა, უცხოობა (აბულაძე 1973: 415), ძალით აყრა და გადასახლება (იმნაიშვილი 1986: 573). როდესაც ნინო თავისი სამისიონერო მოღვაწეობის სამიზნეს – მცხეთის ერს – თავს ამგვარად წარმოუდგენდა, გულისხმობდა, რომ ის არის დევნილი ქრისტიანი. ამავე დროს, ნინოს „უცხოობა“ არა მხოლოდ ეთნიკურ (უცხო ნათესავი, უცხო ენა) საფუძველზე იყო დამყარებული, არამედ რელიგიურ სფეროსაც გულისხმობდა და „არმაზიანელობისგან“ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაზე მიანიშნებდა. ნინომ უარი უთხრა მირიან მეფეს და არც ქადაგება შეუწყვეტია. ქრისტეს ქადაგებით ის მათ „ზეციურის“ დამკვიდრებას სთავაზობდა, რომელიც „გამოსულია“ ამ ქვეყნის მეფეთა ძალაუფლებიდან და მისი მოქალაქე სულ სხვა ღირებულებებს აღიარებს: წმინდა მამათა გადმოცემით, ჭეშმარიტი ქრისტიანები ზეციური იერუსალიმის მკვიდრნი არიან. ამგვარი გაგებით, მისი მოქალაქეებიც არიან ზეციური ძალის ქვეშევრდომები და მისი მხედრები, რაც სრულიად განსხვავებული ერთობაა, ვიდრე არმაზის მსახურთა წარმოდგენაში იყო.

     

    მიღებული შედეგი:

    • ნინო კაპადოკიელი იყო დევნილი ქრისტიანი, „გამოსული“ ამ ქვეყნის მეფეთა ძალაუფლებიდან და ზეციური იერუსალიმის მკვიდრი.

    VI ეტაპი: დაწერეთ მცირე ესე, რომელშიც წარმოჩნდება:

    • როგორი პიროვნებაა იმდროინდელი ქართლის მმართველი, რომლის გადაწყვეტილებაზეც იყო დამოკიდებული ქვეყნის ბედი;
    • როგორი პიროვნებები არიან მცხეთის მოქალაქეები, რომლებიც ეთაყვანებიან არმაზის კერპს;
    • ვინ არის, როგორი ადამიანია იმდროინდელი ქართლის საზოგადოების რეალური წევრი;
    • როგორ აიძულებს მირიან მეფეს ნადირობაზე მომხდარი ამბავი, შეიცვალოს წარმოდგენები და ღირებულებები.

    რესურსი:

    • ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ნარატივი (გვ. 260): „მირიან მეფის ნადირობა თხოთის მთაზე და მისი მოქცევა“

 

 

 

 მიღებული შედეგი / რეზიუმეები

  • ქართლის „მკვიდრობისთვის“ პიროვნულობა მნიშვნელოვანი არ იყო, მთავარი იყო „მრისხანე მმართველი“.
  • მირიან მეფე განიცდის ტრანსფორმაციას, გაბედული მოქალაქე და პიროვნება ხდება და გასაქანს აძლევს ქრისტიან ადამიანს, მოქალაქეს – ამ სიტყვის თითქმის თანამედროვე გაგებით, როგორიცაა აქტიური და პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელიც ბრმად არ მისდევს საზოგადოებრივ აზრს და პასუხისმგებელია შედეგზე.

VII ეტაპიდისკუსია

ძირითადი თეზა: ქართლის საზოგადოება რეალურად შეიცვალა. თხოთის მთაზე ნადირობის შემდეგ ქართლის მეფე მირიანი გაქრისტიანდა და ქართლის საზოგადოებაც მოინათლა. ქართლის გაქრისტიანების შემდგომი თხრობის დროს „მკვიდრნი ქართლისანის“ ნაცვლად მემატიანე ხმარობს ცნებას: „მეფე და ყოველი ერი“.

სამუშაო კითხვები:

  1.  როგორი პიროვნებაა ქრისტიანი ადამიანი?
  2.  რა ცვლილება მოხდა საზოგადოებაში მირიან მეფის ნადირობის შემდეგ?
  3.  რა შეიცვლებოდა ნინოს ქადაგების მიღებით პიროვნებისა და მოქალაქის განსაზღვრებაში?
  4.  რას იტყოდით ნინო განმანათლებელზე როგორც პიროვნებაზე და როგორც მოქალაქეზე?
  5.  ნინო კაპადოკიელი არის მხოლოდ ქრისტიანობის მქადაგებელი თუ „მკვიდრობის“ ახალი იდეის შემომტანი?

მიღებული შედეგი:

  • ქართლის საზოგადოებაში შემოდის ახალი ფასეულობა: პიროვნების ღირსება.
  • ქრისტიანობის აღიარებით სახელმწიფო ძალაუფლების ფორმასაც ეცვლება შინაარსი.

VIII ეტაპისაბოლოო პროდუქტიესე „პიროვნების როლი ისტორიაში. ნამუშევარი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • ცნებების – პიროვნებისა და მოქალაქის ურთიერთმიმართება „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“;
  • ნინო კაბადოკიელის როლი საქართველოს გაქრისტიანებაში;
  • ისტორიული პროცესების ზეგავლენა პიროვნებისა და მოქალაქის ცნებებზე;
  • საზოგადოების ფასეულობათა ტრანსფორმაცია.

ნამუშევარი უნდა იყოს არანაკლებ 2 გვერდისა (დაახლოებით 600 სიტყვა).

წარმოსადგენი პროდუქტი: საბოლოო ნამუშევარი უნდა წარმოადგინოთ სკოლაში 2 კვირის ვადაში.

შეფასების კრიტერიუმები:

ესეს შეფასების კრიტერიუმები ქულა
ესეს შინაარსი ასახავს ძირითად საკითხებს და ახდენს შესაბამისი ფაქტების ინტეგრირებას; ნაშრომის სტრუქტურა მკაფიოდაა განსაზღვრული და ლოგიკურად მიმდინარეობს, არგუმენტები ლოგიკურია და ანალიზი – საფუძვლიანი; თემის ძირითადი დეტალები განხილულია და ჩანს საკუთარი დამოკიდებულება საკითხის მიმართ 2
საკითხები და ფაქტები მხოლოდ ზოგად ჭრილშია წარმოდგენილი, მათ შორის შეინიშნება მიზეზშედეგობრივი კავშირები; არგუმენტები არის, მაგრამ საფუძვლიანი ანალიზი არ ახლავს; თემის ძირითადი დეტალები ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი; მოსწავლის დამოკიდებულება საკითხის მიმართ მხოლოდ ნაწილობრივაა წარმოჩენილი. 1
საკითხები და ფაქტები არ არის ურთიერთკავშირში; ნაშრომის სტრუქტურა არ არის ლოგიკური; არ აქვს ლოგიკური დასკვნები და არგუმენტები. 0

 

IX ეტაპი: პროექტის შეფასება/რეფლექსია

რეფლექსიის ნიმუში: სწავლების შედეგები: პროექტზე მუშაობის პროცესში გაუმჯობესდა როგორც კვლევითი უნარები, ისე ინფორმაციის ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარები; მომავალში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა დაგეგმვისა და წყაროების შერჩევის პროცესს; ასევე ყურადღება გამახვილდება დროის უკეთ მართვაზე, რათა არ შეიქმნას დაძაბული სიტუაცია; სამომავლო მიზნები: განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება სიღრმისეულ კვლევასა და იმ მეთოდების დანერგვაზე, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ნაშრომის ხარისხს.

საგაკვეთილო პროცესში პრობლემური ამოცანის ან სიტუაციის გადაჭრაზე ორიენტირების გამო მინიპროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ ზრდას, ძიების სიტუაციის შექმნას და კრეატიულობას. ამ ეტაპზე, საბაზო საფეხურზე, მოსწავლეები უკვე ფლობენ ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის, პრეზენტაციის უნარებს, შესაბამისად, ისტორიის მასწავლებლებს შეუძლიათ, მეტი გაბედულება გამოიჩინონ და წარმატებით ჩართონ მსგავსი პროექტები სასწავლო პროცესში.

აკაკი წერეთლის „სამგვარი სიყვარული“

0

მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში სამწერლო ასპარეზზე გამოჩნდა, აკაკი წერეთლის პოპულარობა და მის მიმართ მკითხველის სიყვარული უკიდეგანო იყო. ასეა დღემდე. რასაკვირველია, ამგვარ ინტერესს ხელოვნურად ვერავინ აღძრავს, ის მხოლოდ მწერლის გენიალურობის დამსახურებაა. გენიალურობას კი მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს: უპირველესად ის, რამდენად გრძნობს ავტორი თავისი ქვეყნისა და ხალხის სატკივარს, რამდენად ემოციურად ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს, რამდენად გულწრფელი და მართალია, რამდენად შთამბეჭდავად ძერწავს მხატვრულ სახეებს, რამდენად ახლობელია მკითხველისთვის მისი ენა, თხრობის მანერა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკაკი სულში უძვრებოდა ქართველ მკითხველს.

როცა აკაკის ცხოვრებაზე ვფიქრობ, სულ მგონია, რომ სახალხო მგოსანი უიღბლო იყო სიყვარულში, რაც მის შემოქმედებაშიც აისახა. მან შექმნა სიყვარულში ჰარმონიისა და ზეციური სიმაღლის მოდელი „გამზრდელში“ ბათუსა და ნაზიბროლას სიყვარულის სახით, შექმნა წერეთლის ქალისადმი ბაში-აჩუკის სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია. აკაკის ბიოგრაფები უკეთ იტყვიან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნატალია ბაზილევსკაიასთან უიღბლო ქორწინებამ, მერე კი ტასო ბაგრატიონისადმი ცალმხრივმა და აკრძალულმა სიყვარულმა აკაკის სულს მძლავრი ქარიშხლები გამოატარა. ის არა მხოლოდ გულთამხილავი მწერალი, არამედ პიროვნულად უზომოდ მომხიბლავი ნატურა, ვნებებით სავსე, კოსმიური ენერგიის მატარებელი, მხცოვანებაშიც კი ჭაბუკური სულისკვეთების ადამიანი იყო. მას სწყუროდა დიდი სიყვარული, გვერდით – საყვარელი ქალი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი, თანამოაზრე და თანაგანმცდელი იქნებოდა, როგორც ილიას ჰყავდა ოლღა, ტიციანს – ნინა, სიმონ ჩიქოვანს – მარიკა, ლადოს – ანიკო, გურამ დოჩანაშვილს – ნათელა. სამწუხაროდ, აკაკის გვერდით ასეთი სულის მესაიდუმლე მთელი სიცოცხლის განმავლობაში  არ გამოჩენილა.

თავქარიანი და საბედისწერო ტასო ბაგრატიონისადმი მისი ტრფიალებაც უკვე ხანდაზმულ ასაკში გამოძახილი იყო იმ წყურვილისა თუ ოცნებისა, რომელიც მიუღწეველი და აუხდენელი დარჩა აკაკისთვის.

შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ილიას, აკაკისა და ვაჟას დამოკიდებულება ქალთა მიმართ, რაც მათ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში მკაფიოდ აისახა, იმდენად ნოვატორული და თანამედროვეა, რომ 21-ე საუკუნის ადამიანსაც კი გააოცებს. ეპოქაში, როცა ქალთა უფლებები სრულიად უგულებელყოფილი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მაღალცივილიზებულ ევროპასა და ამერიკაშიც, ამ სამმა მწერალმა გაუგონარი სოლიდარობა გამოუცხადა ქალებს. ისინი ყველგან წერდნენ ქალთა ღირსებებსა და შესაძლებლობებზე, აკისრებდნენ ქალებს უმაღლეს მისიას, ქმნიდნენ ქალთა უნიკალურ სახეებს. იმავდროულად, წერდნენ იმ მორალურ-ეთიკურ პრობლემებზეც, რომლებიც ქალებს ყოველთვის უშლიდა ხელს პირად ცხოვრებაში თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე. თვალთმაქცი ქალის დაუვიწყარი სახეები დახატეს ილიამ, აკაკიმ და ვაჟამ. მაგალითებად იკმარებს სუტ-კნეინა „კაცია-ადამიანიდან“, თიმსალ-მაკო „ბაში-აჩუკიდან“, ზია-ხანუმი „გამზრდელიდან“ და ვაჟას პოემა „ცოლი ანუ ჩემი თავგადასავლის“ პერსონაჟი კატოც.

აკაკის შემოქმედებიდან ნაკლებად პოპულარულია მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“. აკაკის აქვს ამავე სახელწოდების ლექსიც, რომელშიც პოეტი სამგვარ სიყვარულზე საუბრობს. მისი თქმით, პოეტები სიყვარულის სადგურად მხოლოდ გულს ხატავენ, მაშინ როდესაც სიყვარული სამგვარია და მათ შორის დიდი სხვაობაა. პირველი „გულის ფხანაა“, როცა ცეცხლმოდებით უყვარს სულს, მაგრამ ასეთი სიყვარული „იფეთქებს და მალე ქრება და იმასვე თან გაჰყვება მომხიბლავი ნეტარება“. მეორეა, როცა უყვარს არა გულს, არამედ გონებას – „არ დაეძებს გარეგნობას და მშვენიერ სანახავსა“. ადვილი მისახვედრია, რომ პოეტი ამგვარ სიყვარულში პრაგმატულობასა და ანგარიშიანობას ხედავს, რაც ესოდენ არ უხდება სიყვარულს, შორსაა ნამდვილი გრძნობისაგან. ასეთი სიყვარულიც, მისი აზრით, უღონო და წარმავალია და როგორც კი საქმე ხორციელებამდე მივა, სიყვარული ქრება. მესამე სიყვარულს კი აკაკი ამგვარად გვიხატავს:

„მესამე კი სულ სხვა არის! მხოლოდ იგრძნობს მას რჩეული,

თანასწორად როცა შესტრფის როგორც თავი, ისე  გული.

და ამგვარად შენ მიყვარხარ, თავითაც და გულითაცა!

ყველა შენთვის შემიწირავს: დაბლა – მიწა და მაღლა – ცა!“

მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ფსიქოლოგიზმის ხერხის სიმარჯვითა და თხრობის ოსტატობითაც აჯადოებს მკითხველს. ავტორი მოთხრობის სამ თავში პირველ პირში მოგვითხრობს სამ სასიყვარულო ისტორიას. იგი უდიდესი ოსტატობით ხატავს შეყვარებული ადამიანის სულის მოძრაობას, მისი პერსონაჟი სიყვარულს მოწყურებულია, თუმცა თვითკრიტიკულია და მომაჯადოებელი თვითირონიით ჰყვება უიღბლო სიყვარულზე. თავები დასათაურებულია შემდეგნაირად: I – „გამოუცდელი“, II – „ჟინი“,  III – „ნამდვილი“. მთავარი გმირები არიან უცნობი მთხრობელის სიყვარულის ობიექტები: თინათინი, მათიკო და ელენე.

პირველი ისტორია, როგორც სათაურიც გვეუბნება, ასახავს გამოუცდელი ახალგაზრდის ვნებებს. მისი სიყვარულის ობიექტი, ცბიერი და თვალთმაქცი თინათინი, მანიპულატორია და საკუთარ ხლართებში ახვევს ახალგაზრდა მეოცნებეს, რომელსაც თავადვე შემპარავი ირონიით ლოქო უწოდა. ისტორიის დასასრულს მის მსხვერპლად ქცეული ვაჟი თავადაც ლოქოდ გრძნობს თავს. ქალის სახელი თითქოს „ვეფხისტყაოსნის“ სწორუპოვარი მეფე-ქალის პაროდირებული ვარიანტია. ეს არის მე-19 საუკუნის თინათინი. აკაკი მიანიშნებს, რომ თინათინობა ახალ ეპოქას გაუუკუღმართებია და ქალები სულთამხუთავებად ქცეულან. პირველი თავის დასაწყისში ავტორი ღრმა ფსიქოლოგიზმის ხერხით წარმოგვიდგენს თავის გმირს, რომელიც სულის უღრმეს ხვეულებში გვახედებს. მეოცნებე ბიჭი ვერ გარკვეულა საკუთარ წარმოსახვებში და ქალს, რომელზეც ოცნებობს, „ვიღაცას“ უწოდებს, რადგან არც კი იცის, მიწიერ სამყაროში ვინ და როგორი ადამიანი უნდა ეძებოს. ახალგაზრდულ ასაკს ამგვარი ილუზიები დიახაც ახლავს. ფსევდოთინათინის ვნებიანმა ხრიკებმა გმირს ფრთები შეასხა. „თითქოს რაღაც ძლევამოსილება, ამირანთ-ამირანობა მომენიჭაო“, – ამბობს ის, მაგრამ მალევე აღმოაჩენს, რომ მისი თინათინი ავთანდილის თინათინივით ერთგული, ბრძენი, სულგრძელი და თავგანწირული სულაც არ ყოფილა – როგორც კი სატრფო შორს გაიგულა, ახალ რაყიფთან დაიწყო სასიყვარულო ვნების დაცხრობა. როცა ჩვენი გმირი მოულოდნელად მობრუნდა, საყვარელ ქალი სხვა კაცთან ერთად იხილა საწოლში. შეყვარებული გმირის თრთოლა („ფეხებს ძირს აღარ ვაკარებდი, მხოლოდ გულს კი გაჰქონდა ბაგაბუგი, თითქოს გულზე ბამბას მაპენტავდნენ“) ტრაგიკულად დასრულდა მოღალატის რისხვის ისრებით. „გადი აქედან! გაეთრიე! აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა, შე ლოქო, შენაო!“ – სატრფოს ამ სიტყვებმა ბიჭზე გამანადგურებლად იმოქმედა, რამდენიმე კვირა ანთებიანი იწვა საავადმყოფოში, ხოლო ლოქოს ხსენებაზე მეოთხედი საუკუნის შემდეგაც კი გული უღონდებოდა.

მეორე თავში ჩვენი გმირი უკვე სიყვარულზე იმედგაცრუებული და ხელჩაქნეულია: „პირველი სიყვარულის სენმოხდილს, სურვილი ნდომად მქონდა გადაქცეული და გრძნობა – გულის ფხანად. ვიცოდი, რომ სიყვარული „მომატყუე-მოგატყუე-ს“ ბურჭალობა იყო და ამიტომაც კიტრად ვაფასებდი: ახალ-ახალი მენატრებოდა და ძველი აღარ მინდოდა!“

მათიკო უაღრესად მიმზიდველი აღმოჩნდა მისთვის, – გააფრთხილეს კიდეც, რომ „ვერიცანას“ ეძახდნენ, – თაყვანისმცემლების გუნდს იხვევდა, „ჰხრუკავდა და არ ათბობდა“. აქ მათიკო „გამზრდელის“ ზია-ხანუმს მოგვაგონებს, რომელზეც საფარ-ბეგი ამბობს: „მთვარესავით ხელუხლები სხივებს ჰფენს და არვის ათბობს, მომხიბლავი შორეულად თანასწორად ყველას ატკბობს. ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს, დაიმონებს, იგდებს ხელში, მერე უნდა გამოსცადოს, აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში!“

როგორც კი ჩვენი გმირი მგზნებარე სიყვარულში გამოუტყდა მათიკოს, ქალმა სწორედ ზია-ხანუმივით ჰკითხა: „რა მსხვერპლის მოტანა შეგიძლია ჩემი სიყვარულის გულისთვის?“ – „თვით შეუძლებელიც!“ – მიუგო ვაჟმა. კლასიკური ხანის საგმირო-სარაინდო ეპოსებშიც („ვეფხისტყაოსანი“ ამის საუკეთესო მაგალითია) ქალი ვაჟს საგმირო დავალებას აძლევს, რაც შეიძლება სიყვარულის სანაცვლო მსხვერპლად აღიქმებოდეს, თუმცა ზია-ხანუმისა და მათიკოს მსხვერპლი სხვაგვარია. თინათინი უცხო მოყმის პოვნას ავალებს ავთანდილს, ხოლო ნესტან-დარეჯანი ტარიელს – გაურჩებული ხატაეთის სამეფოს შემომტკიცებას, თუმცა საგმირო-სარაინდო ეპოსში ქალის მიერ ვაჟისთვის მიცემული დავალება არ მოიაზრება ჭირვეულობად და თვითმიზნურ მსხვერპლად. აქ ქალია ინსპირაციის წყარო, მან ზუსტად იცის, რა სჭირდება სატრფოს, რომ გაძლიერდეს, ამაღლდეს, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდა ჩააბაროს და ამის შემდეგ სიყვარული ტკბილზე ტკბილი იქნება. რაინდი ბრძოლით მოიპოვებს ქალის სიყვარულს, მოგზაურობს, ომობს, ბოროტ ძალებს ამარცხებს, სამყაროს შეიმეცნებს, ძალებს იკრებს, განღმრთობას აღწევს და, უეჭველად გამარჯვებული, ყოველმხრივ გამდიდრებული ბრუნდება, რადგან ამ აქტის იდეაშივეა ჩადებული ვაჟისთვის სულიერი და ფიზიკური ძალების მინიჭება, მისი ზეაღსვლა. ამიტომაც საგმირო დავალებებს რაინდები უსიკვდილოდ ასრულებდნენ და, სიყვარულით გასხოვოსნებულებს, არანაირი დაბრკოლების გადალახვა არ უჭირდათ.

„ვეფხისტყაოსნის“ ქალთა სახეებისგან რადიკალურად განსხვავდებიან აკაკის თინათინი და მათიკო. ისინი თვალთმაქცი, უზნეო, უგულო, დაუნდობელი, უსულგულო ადამიანები არიან, მათთვის ადამიანის გაწირვა არაფერია. აკაკი თითქოს აფრთხილებს მკითხველს, რომ სიყვარულმა არ დააბრმაოს, იცოდეს, რომ სამყაროში ამგვარი მორალური დაცემა ადამიანისა ხშირია. თინათინის ხელში თუ აკაკის გმირი ლოქოდ გრძნობდა თავს, მათიკოსთან ავტორმა ოსტატურად მოიშველია მწვანე კიტრის მეტაფორა. ამ მხატვრულ სახეში ჩააქსოვა აკაკიმ ისიც, რომ თინათინისგან გულგატეხილ ვაჟს სიყვარული კიტრის ფასადაც არ უღირდა, ისიც, რომ, გავრცელებული ხალხური ფრაზეოლოგიზმის არ იყოს, მწვანე კიტრივით მოჰქონდათ თავი მათიკოსაც და მის შეყვარებულსაც. ამიტომაც კრახით დასრულდა მათი სიყვარული. თუ ავთანდილი ამბობდა: „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არა მოვკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“, – მათიკოს და მის რაყიფებს შეუძლიათ თქვან, რომ მწვანე კიტრივით თავმოწონებამ სწორედ „კიტრად ბერად“ აქცია მათი ყოფა.

მოთხრობის მესამე თავში უკვე კარგად გამოცდილი გმირი ხვდება ელიკოს, მათიკოსა და თინათინისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს, რომელიც არ არის საზოგადოების სული და გული, მაგრამ გულწრფელია, უზაკველი და უბოროტო. ვაჟი აკვირდება, როგორი დაუნდობელია საზოგადოება ამ მშვენიერი არსების მიმართ. ელენეს შეუდარებელი სილამაზე და სითამამე შურით ავსებს გარშემო მყოფებს და ბევრია ჩასაფრებული, რომ მას სახელი გაუტეხოს. ელენე გაერიდება საზოგადოებას, ბიძასთან სოფელში გადადის საცხოვრებლად, თუმცა მისი სახელისთვის ჩირქის მოცხებას, მის გარყვნილებაზე ჭორების გავრცელებას მაინც ახერხებენ მოშურნეები.

ერთხელ, თამაშის დროს, როცა ელენემ მოთხრობის გმირს ჰკითხა, რა გსურს ჩემთვისო, მან უპასუხა, სიკვდილიო. ელენეს არ სწყენია. მოგვიანებით მან გაზეთში ამოიკითხა ამ კაცის სიტყვები: „როცა ჯერ უმანკო, ბუნებისგან საიმედოდ და საქებრად გაჩენილი ახალგაზრდა შემხვდება ხოლმე ჩვენში, მე გულზე ნაღველი მენთხევა და მის სიკვდილსა ვნატრობ, რადგანაც ვიცი, რომ ეს ჩვენი მონებითი საზოგადო ცხოვრება უეჭველად გააუკუღმართებს მის ადამიანობას… და ნუთუ სპეტაკად საფლავში ჩასვლა არ სჯობია ცოცხლადვე ზნეობითად მკვდრობას!“

იმავეს ამბობს ილია პოემა „აჩრდილში“, როცა დამონებული საზოგადოების უბედურებაზე, მწვავე სოციალურ ჩაგვრაზე საუბრობს:

„თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსა
სილამაზე და მშვენიერება, –
მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსა
სასიხარულოდ ეგე ექმნება?
…მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს,
ნამუსწართმეულს და შეგინებულს!..
პირს უკუიქცევ და შეძრწუნდები,
ცრემლს მოინდომებ და არ გექმნება,
წყევლით, ვაებით მას განშორდები
და ქალი შენი შენ შეგზარდება, –
და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად,
გველის წიწილად მე მომცემოდი,
რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად
შენ, შვილო ჩემო, არ გამხდომოდი…“

იგივე პრობლემა უდიდესი ექსპრესიით ასახა ილიამ „გლახის ნაამბობში“, სადაც გლეხის ქალს, თამროს, თავისი სილამაზე ძვირად დაუჯდა, ამას შეეწირა მისი ოჯახიც და სიყვარულიც.

ქალთა პრობლემების სენსიტიურობას ეხება აკაკიც, როცა „სამგვარ სიყვარულში“ ამ თემაზე საუბრობს. ელიკო არ დაინდო საზოგადოებამ, მას ჭორები გაუვრცელეს, გარიყეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ის ძლიერი ქალი აღმოჩნდა, გამოიმუშავა ერთგვარი ანტიდოტი და მასზე შეყვარებულ გმირს სულიერად გამთლიანებული გამოეცხადა მასკარადზე. მასკარადი აქ თითქოს ცხოვრების ალეგორიაა, ელენეს ნიღაბიც მისი სულიერი სიმტკიცის გამომხატველი დეტალია. მან გამოსცადა სატრფო იმით, რომ მოატყუა, მე ხომ შვილი მყავს და მისი მიღება თუ შეგიძლიაო, რაზეც პასუხად მიიღო, რომ საყვარელი ქალის შვილი მისთვისაც შვილი იქნებოდა, არ მოაკლებდა მამობრივ მზრუნველობას. როცა ელენე გამოუტყდა ვაჟს, რომ მხოლოდ გამოსცადა, რადგან ეს მისთვის პირველი სიყვარული იყო, ამ უკანასკნელს ასეთი განცდა დაეუფლა: „მეგონა, თუ ნათლის სვეტი შემოგვებურა და ყოველივე დაჰფარა-მეთქი!.. მაღლით ტკბილი ხმა მესმოდა: „და იყო იგინი ერთ სულ და ერთ ხორც!“

დიახ, სიყვარული ერთ სულ და ერთ ხორც ყოფნაა და მისთვის უცხოა ანგარება, მზაკვრობა, თვალთმაქცობა, ტყუილი. ცხოვრებისგან ჩაწიხლულმა, ადამიანებისგან მრავალგზის მოტყუებულმა და გაწირულმა გმირებმა დაიმსახურეს და მოიპოვეს ნამდვილი სიყვარული.

ავტორი სახელს არ არქმევს მოთხრობის მთავარ გმირს. მის ყოველ ქცევაში, სამყაროს მისეულ აღქმაში ილანდება ავტორის ორეული, მისი ალტერ ეგო, თითქოს ამ მოთხრობით აკაკიმ თავისი ცხოვრების სატკივარიც და საოცნებოც გადმოსცა. სატკივარი, რომელიც ნამდვილად გამოსცადა, ხოლო ლამაზ სიყვარულზე ოცნება ოცნებად დარჩა.

ამბობენ, რომ მწერალს ტკივილი აწერინებს. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოეტების მეფე სიყვარულში ხელმოცარული ადამიანი იყო, რომ მთელი ცხოვრება აკლდა ოჯახური სითბო, თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ტკივილებმა შვა დიდი ხელოვანი, საოცარი გრძნობითა და ემოციით რომ უზიარებს ადამიანებს ცხოვრების ავან-ჩავანს, ადამიანის დაცემისა თუ ამაღლების ყველა საიდუმლოს.

სკოლაში თანხის შეგროვების დემოკრატიული მეთოდები

0

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სასკოლო საზოგადოების წევრებს, მათ შორის მშობლებს, უფლება აქვთ, საქველმოქმედო მიზნებისთვის მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები (მუხლი 14). თუ ადგილი აქვს ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვას, სკოლა ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ასეთი ფაქტები, ხოლო თუ მშობლები ნებაყოფლობით ცდილობენ სკოლის მხარდაჭერას სხვადასხვა რესურსით, ეს სავსებით ლეგიტიმურია და სკოლას შეუძლია ასეთი შემოწირულობის მიღება.

სკოლაში ფულის შეგროვება და ამ პროცესში მშობლების მონაწილეობა არაერთ ქვეყანაშია მიღებული, მათ შორის – ისეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორიც არის ამერიკა, დიდი ბრიტანეთი თუ ევროპის სახელმწიფოები. ჩამოთვლილი ქვეყნების სკოლებში იქმნება ფონდები, რომლებიც სკოლების სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. თუმცა ამ ფონდებში თანხების მობილიზება ქართული პრაქტიკისგან განსხვავებულად ხდება. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ნებაყოფლობითობა. თანამედროვე მეთოდები დემოკრატიულია და მაქსიმალურად ითვალისწინებს მშობლების ინდივიდუალურ შეხედულებებს, ნებას და ფინანსურ შესაძლებლობებს. მეორე, რაც მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ქართული პრაქტიკისგან განასხვავებს, ის არის, რომ გამიჯნულია, რა ფინანსდება სკოლის ბიუჯეტიდან და რა – მშობლების სახსრებით.

საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სკოლის ბიუჯეტი საჯაროა. მისი ნახვა მშობლებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სკოლაშიც შეუძლიათ. ასევე შეიძლება საჭირო ინფორმაციის მოძიება ვებგვერდზე https://skolebi.emis.ge/. ბიუჯეტში ჩახედვა მშობლებს იმის გაგებაში დაეხმარება, რა ფინანსდება სახელწიფოს მიერ და რა საჭიროებები რჩება მოუგვარებელი. თუ მშობლები სკოლის ბიუჯეტს გაეცნობიან, დარწმუნდებიან, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება, ხოლო უამრავი გამოწვევის დასაძლევად ფინანსები აღარ რჩება, ამის შემდეგ კი დაიწყებენ ფიქრს, თავად როგორ დაეხმარონ მოსწავლეებს და სკოლას, რა გზით მოიპოვონ დამატებითი საჭირო რესურსები, ვის მიმართონ მხარდაჭერისთვის და როგორ აწარმოონ თანხის მობილიზების კამპანია ლეგიტიმური გზებით.

ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი პირველია მშობლებისa და მოსწავლეების მიერ ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მიმართვა, მაგალითად, სასკოლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სპორტის დარბაზის გარემონტება იქნება ეს, საჭირო რესურსებით მომარაგება თუ სხვა საჭიროების დაკმაყოფილება.

მშობლებს და მოსწავლეებს შეუძლიათ, დირექტორთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად მიმართონ განათლების სამინისტროს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს და მოითხოვონ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად გამოსწორება.

გარდა სახელმწიფო სტრუქტურებისა, არსებობს საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობაც. ყველაზე პოპულარულია საგრანტო დაფინანსების მოძიება და/ან ქრაუდფანდინგი – ე. წ. სახალხო დაფინანსების მობილიზება. ამ მეთოდებით თანხის შეგროვების ყველაზე აქტიური ქართული პლატფორმებია https://orbelianimeti.ge/ და https://donors.ge/. ორივე პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს აქტიურ მოქალაქეებს, მათ შორის – მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს. აღნიშნულ პლატფორმებზე წელიწადში რამდენჯერმე ცხადდება იდეების კონკურსი, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ პირს შეუძლია.

ასეთი სახის დაფინანსებით შესაძლებელია სკოლაში მშობელთა კლუბის ფუნქციონირება. კლუბი შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემას, რომელიც აქტუალურია სასკოლო თემში. მაგალითად, არაფორმალური განათლების კლუბი, წიგნის კითხვის კლუბი, ბულინგის პრევენციის კლუბი, სპორტული ან სახელოვნებო კლუბი, ხელსაქმის კლუბი და ა.შ. ასევე შესაძლებელია სკოლისთვის ისეთი ტექნიკის შეძენა, რომელიც მასწავლებლებს მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებაში დაეხმარება – პროექტორის, ეკრანის, ფერადი პრინტერის და სხვა.

საერთაშორისო თუ ადგილობრივი დაფინანსების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია, მშობლებმა ზუსტად იცოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მოძიებულ რესურსებს, რამდენ მოსწავლესა თუ მშობელს მოუტანს ეს სარგებელს და რაში დაიხარჯება მოძიებული ფინანსები, ასევე – როგორ შეინარჩუნებენ პროექტის მდგრადობას მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება.

რესურსების მოძიების ჩამოთვლილი მეთოდები რადიკალურად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული პრაქტიკისგან. ხშირად ხდება, რომ მშობლები აგროვებენ თანხას, რომლითაც ყიდულობენ ჰიგიენურ საშუალებებს ან საკლასო ოთახისთვის აუცილებელ ატრიბუტებს. როგორც წესი, თანხის აგროვების ინიციატორი მშობელი ანგარიშობს საერთო ხარჯს, აწესებს ლიმიტს და თანაბრად ყოფს ყველა მშობელზე. ეს ხშირად იწვევს გაუგებრობას და დაპირისპირებას, რადგან ყველა მშობელს არ სურს ფულის შეგროვების პროცესში მონაწილეობა.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უკმაყოფილება, რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შევასრულოთ. მნიშვნელოვანია:

* მშობლებმა სწორად შეაფასონ კონკრეტული საჭიროებები და შემდგომ იფიქრონ საკუთარ როლსა და ფინანსურ მონაწილეობაზე.

* თანხის მიზნობრიობა წინასწარ მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული.

* თანხის გაღება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.

* შემომწირველმა უნდა გაიღოს იმდენი თანხა, რამდენიც სურს ან შეუძლია და არა იმდენი, რამდენსაც ორგანიზატორი დააწესებს.

* თანხის ხარჯვა უნდა იყოს გამჭვირვალე, ხოლო შედეგი – საჯაროდ თვალსაჩინო.

ამგვარად უთანხმოებას თავიდან ავიცილებთ, მოსწავლეები და სკოლა კი ისარგებლებენ მშობელთა ლეგიტიმური ფინანსური თანამონაწილეობით.

მომდევნო სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ სკოლაში თანხის შეგროვების კამპანიის მართებულ, ლეგიტიმურ და დემოკრატიულ მეთოდებს.

 

 

 

თამაშის გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე

0

 

თამაშით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელთა გარეშე ცხოვრებაც დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია.  უდიდესი  ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის მიხედვით – „თამაშის საშუალებით ვითარდება ის ძალები და შესაძლებლობები, რომლებიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება“.

მოსწავლე ცოდნას თამაშის საშუალებით იღრმავებს და ივითარებს. თამაშით სწავლება არის ძალიან სახალისო, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლეს სკოლასთან შეგუება უწევს. ამ დროს სწავლება განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას შეუძლია, განუვითაროს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. ის დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა თანამშრომლობითი და ჯგუფური მუშაობის განვითარებაში.

სწავლების დროს თამაშის გამოყენებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლების  სფეროს მეცნიერ-მკვლევრები. ისინი საუბრობენ სასწავლო პროცესში თამაშის უპირატესობაზე, რაც აისახება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

„ენის შესწავლა რთული ამოცანაა და მიზნის მისაღწევად მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. კარგად შერჩეული თამაშები ფასდაუდებელია, რადგან მოსწავლეებს ეძლევათ შესვენების საშუალება და ამ დროს ისინი იყენებენ სხვადასხვა ენობრივ უნარებს“. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

შესაბამისად, თამაშით სწავლება სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

ყველა თამაში, რომლებსაც მოსწავლეები თამაშობენ, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძალიან ბევრი სავარჯიშო. ჯგუფური თამაშები კიდევ უფრო სასარგებლოა. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

„ენობრივი თამაშები საკლასო ოთახში არის სასიამოვნო აქტივობა წესებით, რომლებიც მიზანმიმართულად არის შემუშავებული მოსწავლეებში სწავლის დონის ასამაღლებლად, ჰალდფილდი (1999) ამტკიცებს, რომ თამაშები გართობასთან ერთად გულისხმობს მიზნებსა და წესებს“. (Abdullah, Karim, 2020)

მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო აქტივობებით დატვირთული. დაწყებით საფეხურზე თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის. უცხო ენის კათედრის სხდომებსა და მასწავლებლების შეხვედრებზე ხშირად განვიხილავთ, რომელი აქტივობაა შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისად, ვთანხმდებით, რომ თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ, მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, დავალებებს  უფრო გააზრებულად და ყურადღებით ასრულებენ.

სტატიაში შევეცდები, მოგაწოდოთ რამდენიმე თამაშის ინსტრუქცია, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

  1. Run to the board – ეს თამაში კარგი გზაა იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგად იმახსოვრებენ მოსწავლეების წინა გაკვეთილზე ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია:  ეს თამაში შეიძლება გამოყენებულ იქნას გრამატიკის, ლექსიკის ან მართლწერაში სავარჯიშოდ. მაგალითად, ლექსიკაში სავარჯიშოდ, მოსწავლეებს სთხოვეთ, დაწერონ ცხოველების სახელები. ისინი წერენ, რაც შეიძლება მეტ მაგალითს. ასევე ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დიაგნოსტიკური ტესტი იმის გასარკვევად, თუ რა იციან მოსწავლეებმა სემესტრის დასაწყისში.

ვყოფთ კლასს ორ ჯგუფად (დიდი კლასის შემთხვევაში შესაძლებელია მეტი ჯგუფის შექმნა). დავყოთ დაფა ორ (ან მეტ) ნაწილად, გუნდების რაოდენობის მიხედვით. მოსწავლეებს ვუნიშნავთ დროს, რამდენ ხანში შეასრულონ დავალება (4 წუთი, 5 წუთი ა.შ.). დაფაზე ვწერთ კატეგორიას, ან რომელიმე საკითხს, გრამატიკულ მასალას. მოსწავლეები კი წერენ სიტყვებს, რომლებიც ამ თემაზე საუბრისას გამოიყენება. ვთხოვთ თითოეულ გუნდის თითოეულ წევრს სწრაფად დაწერონ დაფაზე ეს სიტყვები. მოსწავლეები შემდეგ მოსწავლეს გადასცემენ ცარცს და ასე გრძელდება დროის ამოწურვამდე. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხი აქვს.

 

  1. The ballgame (Hello, my name is..) – ეს თამაში განსაკუთრებით კარგია დაბალ კლასებში. მისი მეშვეობით მოსწავლეები ივითარებენ საუბრისა და გუნდური მუშაობის უნარს. ერთადერთი რესურსი, რომელიც საჭიროა, არის ბურთი (ან რბილი სათამაშო).

ინსტრუქცია: მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ წრე, მასწავლებელი იღებს ბურთს და წარადგენს საკუთარ თავს, შემდეგ გადასცემს ბურთს მოსწავლეს, რომელმაც უნდა წარადგინოს საკუთარი თავი, მოსწავლე სხვა მოსწავლეს გადასცემს. და ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ წარადგენს საკუთარ თავს.

 

  1. Flyswatter game – ეს თამაში ძალიან სახალისოა, მოსწავლეები ივითარებენ ლექსიკას და მოსმენის უნარ-ჩვევებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, დავწეროთ 10-20 სიტყვა დაფაზე. პირველი ორი მოსწავლე გადის დაფასთან და თითოეულს ეძლევა თითო ბუზის საკლავი. მასწავლებელი აძლევს მინიშნებებს ერთ-ერთ სიტყვაზე, იწყებს ზოგადი მინიშნებით და მიდის უფრო კონკრეტულამდე. მასწავლებელს შეუძლია დაახლოებით 3-ჯერ მიანიშნოს, სანამ პირველი მოსწავლე გამოიცნობს სიტყვას. მოსწავლემ, რომელმაც იცის პასუხი, თავისი ბუზის საკლავით ურტყამს სიტყვას. თუ სწორია მისი გუნდი იღებს ქულას და შემდეგი ორი მოსწავლე მოდის დაფასთან. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც მეტი სწორი პასუხი ექნება.

 

  1. Throwing ball – ამ აქტივობით მოსწავლეები იმეორებენ ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 (ან მეტ) ჯგუფად.  ვირჩევთ თემას ცხოველებზე. მასწავლებელი დაფაზე წერს ასო-ბგერებს.  თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. მოსწავლე ისვრის ბურთს დაფისკენ, რომელ ასო-ბგერასაც ბურთი მოხვდება, ამ ასოზე უნდა დაასახელოს ცხოველი.

 

  1. Pictionary race – ამ თამაშით მოსწავლეები ვარჯიშობენ ლექსიკაზე.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. ვაჩვენებთ სიტყვას, მოსწავლეები ხატავენ. რომელი გუნდის მოსწავლეც გამოიცნობს სიტყვას, ის გუნდი იგებს.

 

  1. Running dictation – ეს თამაში მოსწავლეებს უვითარებს წერის, მოსმენის, მეტყველებისა და კითხვის უნარებს. ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ინგლისურის ცოდნის ნებისმიერ დონეზე.

ინსტრუქცია: მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოსწავლეს. ავირჩიოთ პატარა ტექსტი, წინადადებები ან დიალოგი, განვათავსოთ საკლასო ოთახის კედელზე. მწერლები სხდებიან სკამებზე, მკითხველები მიირბენენ, წაიკითხავენ კედელზე დაწერილ  წინადადებას, მოირბენენ და უკარნახებენ მწერლებს, შემდეგ ისინი ცვლიან როლებს. გამარჯვებული არის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს, თუმცა თუ მათ შეცდომები ექნებათ, ისევ უნდა გააგრძელონ.

 

  1. Roll the dice – ამ თამაშის გამოყენება ძალიან ბევრი სახით შეიძლება. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს.

ინსტრუქცია: მასწავლებელი დაფაზე წერს ექვს წინადადებას, რომელიც ერთიდან ექვსამდეა დანომრილი. მოსწავლე გამოდის აგორებს კამათელს, რომელი ციფრიც ამოდის, კითხულობს წინადადებას და შეუსაბამებს შესაბამის ილუსტრაციას.

 

  1. Category writing game – ეს თამაში ძალიან კარგია ლექსიკის გასამეორებლად და მართლწერის შესამოწმებლად.

ინსტრუქცია: კლასს ვყოფთ ორ ან სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს კაპიტანს. მასწავლებელი მაგიდაზე დებს ფურცელზე ჩამოწერილ კატეგორიებს (მაგ. საჭმელი, ცხოველები, ტრანსპორტი და ა. შ.), რომლებიც დაფარულია და კაპიტნები ირჩევენ კატეგორიებს. თითოეულმა ჯგუფმა თავის კაპიტანს უნდა უთხრას და დაწეროს ამ კატეგორიის შესაბამისი, რაც შეიძლება მეტი სიტყვა. მათ აქვთ დროის ლიმიტი, შეიძლება მივცეთ 3 ან 4 წუთი. თითოეული ჯგუფი ყოველი სიტყვისთვის იღებს თითო ქულას. ამ თამაშში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწერა.

 

 

ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო – პარიზი 2024

0

ამ სტატიით გიზიარებთ პარიზის ოლიმპიური თამაშების თემაზე ჩატარებული გაკვეთილის პრაქტიკას.

სტატიის შინაარსი შესაძლოა, საინტერესო იყოს სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო საფეხურის, ასევე ფრანგული ენის, ხელოვნების, სპორტის, გეოგრაფიის, ისტორიის მასწავლებლებისა თუ საზაფხულო სკოლებისთვის.

აქტივობები განხორციელდა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში და ფრანგული ენის ცენტრ აპოსტროფში. 

პარიზი 2024

ცნობილია, რომ წლევანდელი ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა საფრანგეთია. მისი გახსნა 26 ივლისს, ხოლო დახურვა 11 აგვისტოსაა დაგეგმილი.

ოლიმპიადა ერთადერთი მსოფლიო მასშტაბის სპორტული ღონისძიებაა, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და 400-ზე მეტ შეჯიბრს მოიცავს.

ოლიმპიური თამაშების სიმბოლიკა

ოლიმპიური თამაშების სიმბოლიკის შესასწავლად ეფექტურია ამ სიმბოლოების დამზადება: ოლიმპიური ცეცხლის დამზადებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ ფერადი ჟატის ქაღალდები, პლასტილინი ან სხვა მასალა. ასევე შესაძლებელია შერეული ტექნიკის გამოყენება.

ნიმუშის სახით გთავაზობთ შერეული ტექნიკით შესრულებულ გასაფერადებელ სამუშაოს.

 

ოლიმპიური ჩირაღდანი

რადგან ოლიმპიური ჩირაღდანი უძველესი და გამორჩეული სიმბოლოა, მას ამ სიმბოლოების შექმნისას გამორჩეული ადგილი უნდა დავუთმოთ.

 

საჭირო მასალა:

  • მუყაოს მოგრძო რგოლი
    • შესაძლებელია მეორადი მასალის გამოყენება. გამოდგება სამზარეულოს ქაღალდის მორჩენილი რგოლი, ან შეგვიძლია დავამზადოთ მეორადი მუყაოსგან;
  • ფერადი ქაღალდები
    • ცეცხლის ფერებიდან მინიმუმ სამი – წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი
    • სასურველია ჟატის, ან ნებისმიერი თხელი ქაღალდის გამოყენება;
  • მშრალი წებო.
ცეცხლის სიმყარისთვის მუყაოს შემოვაკრათ და მივაწებოთ წითელი ფერის ჟატის ქაღალდი.
შედეგად მივიღებთ „შიდა ცეცხლს”.
მოვამზადოთ ფერადი ქაღალდის მოგრძო ნაჭრები, ლენტების სახით.
ლენტები ფერების მონაცვლეობით მივაწებოთ „შიდა ცეცხლს”.
მივაწებოთ ფერადი ლენტების რამდენიმე შრე, რათა ცეცხლი მოცულობითი გამოვიდეს.
მივიღებთ ოლიმპიურ ჩირაღდანს.
https://youtube.com/shorts/TuawjWKEJjc?feature=share ჩვენი ჩირაღდანი განსაკუთრებით ეფექტურია „აფრიალებული” სახით, შეგვიძლია გავირბინოთ ჩირაღდნით, სპორტული ესტაფეტის დროს ის ერთმანეთს გადავაწოდოთ.

 

ოლიმპიური ჩირაღდნის დამზადება რომ უფრო სახალისო გახდეს, შეგვიძლია ფონად მოვუსმინოთ ამავე შინაარსის სიმღერას. https://www.youtube.com/watch?v=A-fCd9XKcEg&authuser=1

 

ოლიმპიური რგოლები

 

ოლიმპიური რგოლები შეგვიძლია დავამზადოთ სხვადასხვა მასალისგან (მუყაო, ფერადი ქაღალდები, პლასტილინი, თიხა და სხვა…), როგორც ინდივიდუალურად, ასევე კლასთან ერთად. დიდი ზომის რგოლების დამზადება და გამოფენა გაზრდის მოსწავლეების ინტერესს ოლიმპიადის მიმართ.

 

გეოგრაფიის უკეთ შესწავლის თვალსაზრისით მიზანშეწონილია რგოლების ფერებისა და მათი კონტინენტებთან კავშირის განხილვა.

 

ოლიმპიური სიმბოლოები და სხვა აქტივობები

მეხსიერების თამაში

 

შეგვიძლია დავამზადოთ წყვილი ბარათები და დავამზადოთ მეხსიერების თამაში.

https://docs.google.com/document/d/1kb0oxNSyz9iZJuYVCRjQjUHdwyOeWZDXy4uQzVJB72Q/edit

 

შესაბამისობა 

 

სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ სიმბოლიკას მოვუძებნოთ და დავუკავშიროთ შესაბამისი ცხოველი, სიმბოლოს გვერდით ჩავაკრათ ცხოველების სურათები. https://docs.google.com/document/d/1x778fStUgQuieDOTGDbdUI-NjNgOtSVie6SM2uskGOg/edit

 

ფრიგიული ჩაჩისაფრანგეთის ოლიმპიადის სიმბოლო

შესაძლებელია ფრიგიული ჩაჩის თემაზე სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა. მისი ისტორიისა და მნიშვნელობის გაცნობა, გააზრება სხვადასხვა ვიდეომასალის დახმარებით. გაგება-გააზრების კომპეტენციის განვითარების მიზნით https://www.1jour1actu.com/culture/cest-quoi-le-bonnet-phrygien?authuser=1

ეს სიმბოლოები ასევე კარგი შესაძლებლობაა პარაოლიმპიური თემატიკის განხილვისთვის. კარგი იქნება, განვიხილოთ რამდენიმე პარაოლიმპიელი სპორტსმენის მაგალითი. ეს განხილვა დაეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ შეზღუდული უნარების პირობებში არსებული შესაძლებლობის სიმრავლე.

 

სპორტული თამაშები, დაჯილდოება 

 

შესაძლებელია მცირე „ოლიმპიური თამაშების” სიმულაციის მოწყობა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე მარტივ სპირტულ აქტივობას, მაგალითად, ფრანგული ენის გაკვეთილზე ხტომა, ცალ ფეხზე დგომა, მარტივი ესტაფეტა და სხვა, რომლის შედეგადაც ყველა მონაწილეს სიმბოლურად გადავცემთ მედლებს.

 

მედლების დამზადება შეგვიძლია მუყაოსგან. ოქროს იმიტაციის შესაქმნელად ვიყენებთ ოქროსფერ მრგვალ მუყაოებს.

 

მოძრაობებისა და სპორტის ლექსიკა

 

მოსწავლეებისთვის ასევე სახალისო აღმოჩნდა ოლიმპიადის თემაზე „მოძრავი სიმღერის” შესრულება. https://www.youtube.com/watch?v=wdmixOou9Y8&authuser=1

მოსწავლეები უყურებენ ეკრანს, უსმენენ სიმღერას და იმეორებენ მოძრაობას. მასწავლებელი აქცენტებს აკეთებს სიმღერის შინაარსზე (როგორიც არის მაგ.: 5 ოლიმპიური რგოლი, 3 გამარჯვებული, აპლოდისმენტი, ზამთრისა და ზაფხულის თამაშები და სხვა), იყენებს ჟესტებს, რომლებიც ბავშვებს ეხმარება ტექსტის განმტკიცებაში.

 

მონაწილე ქვეყნები, დროშები, მდებარეობა, ვიქტორინა

 

შეგვიძლია გავივარჯიშოთ ქვეყნების დასახელებასა და მათი დროშების ამოცნობაში, შესაბამისი მომზადების შემდეგ ვთამაშობთ სახალისო გეოგრაფიულ ფრანგულ თამაშებს, რომლებიც მრავლად მოიძებნება ინტერნეტში, მაგ.:

https://www.youtube.com/watch?v=x6UrMKTIzbA

 

ასევე დამუშავებული მასალის საფუძველზე შეგვიძლია მოვაწყოთ ვიქტორინა ოლიმპიადის თემაზე მაგ.: https://www.1jour1actu.com/sport/quiz-special-j-o-connais-tu-lhistoire-des-jeux-olympiques

 

ამგვარად, მოცემულ სტატიაში განვიხილეთ ოლიმპიადის თემაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა თემის მოცულობიდან გამომდინარე შესაძლებელია უფრო მასშტაბური აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის თუ სხვა საჭირო თემების დასამუშავებლად.

 

ასევე საინტერესო იქნება ოლიმპიური თამაშებში მონაწილე სპორტსმენების მოწვევა, მოსწავლეებთან შეხვედრა, მოსწავლეებისთვის მათი გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა.

 

წყაროები:

https://image.over-blog.com/g4SeIUOKllYJ5aCrYsxWmu-2oLI=/filters:no_upscale()/image%2F1183933%2F20230617%2Fob_e9a98a_coloriage-magique-anneaux-jeux-olympiq.jpg

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...