ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

მათემატიკური საიდუმლოებები

0

ალგებრა ხშირად ერთულება მოსწავლეებს, მაგრამ მისი საფუძვლები – ცვლადები და ასოითი გამოსახულებები – შეიძლება იყოს სახალისო და ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენებით სავსე თავგადასავლად იქცეს.

ამ გაკვეთილის მიზანია, VI კლასელებს საინტერესო „ხრიკების“ დახმარებით ალგებრისადმი ინტერესი გაუღვივოს, ხალისიანად შესწავლაში დაეხმაროს და გააცნობიერებინოს მათემატიკური მოდელირების, კანონზომიერებისა და ლოგიკური მსჯელობის ძირითადი პრინციპები.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას, რომელიც ძალიან საინტერესოდ განხორციელდა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ „საიდუმლოებების“ ამოხსნაში.

თემატური ბლოკი: ალგებრა

თემა: ასოითი გამოსახულება (V კლასი)

საკითხები: ასოითი გამოსახულება

მათემატიკური მოდელი: ცვლადი; ასოითი გამოსახულება

კანონზომიერება: შეკრებისა და გამრავლების კომუტატიურობის, ასოციაციურობისა და შეკრების მიმართ გამრავლების დისტრიბუციულობის თვისებები

ლოგიკა: მსჯელობა, დასაბუთება

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სტანდარტის მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამისი ასოითი გამოსახულების შედგენა და პრობლემის გადაჭრა (მათ. მოდ., ლოგ.);
  2. შეკრებისა და გამრავლების კომუტატიურობის, ასოციაციურობისა და შეკრების მიმართ გამრავლების დისტრიბუციულობის თვისებების გამოყენება (ერთი ცვლადის შემცველი) ასოითი გამოსახულებების გასამარტივებლად; (კანონზ., ლოგ.).

გაკვეთილის მიზნები:

მოსწავლეები შეძლებენ ცვლადის ცნების გააზრებასა და მის გამოყენებას ასოით გამოსახულებაში. მარტივი ასოითი გამოსახულებების შედგენასა და მათემატიკური თვისებების (კომუტატიურობა, ასოციაციურობა, დისტრიბუციულობა) გამოყენებით ასოითი გამოსახულებების გამარტივებას. ლოგიკური მსჯელობის, პრობლემის გადაჭრისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

საკვანძო შეკითხვა

როგორ გვეხმარება მათემატიკური სიმბოლოები, რომლებსაც უცნობი რიცხვების აღწერისა და პრობლემების გამარტივებისთვის ამ სახალისოხრიკებისადასაიდუმლოებებისამოხსნისას ვიყენებთ?

სასწავლო რესურსები:

  • სამუშაო ფურცლები „რიცხვების გამოცნობის ხრიკისთვის“ (შესაძლოა, ცარიელი ადგილებით ალგებრული ჩანაწერებისთვის);
  • სამუშაო ფურცლები „დაბადების თარიღის გამოცნობის ხრიკისთვის“;
  • სამუშაო ფურცლები „უხილავი კარტის საიდუმლოს ხრიკისთვის“;
  • კარტის დასტა (1-დან 10-მდე ნუმერაციის ყველა კარტი).

გაკვეთილის მიმდინარეობა:

აქტივობა I. ორგანიზაციული მომენტი (2 წუთი)

გაკვეთილს ვიწყებ მოსწავლეებთან მისალმებით, მოსწავლეების მოტივაციის გაზრდის მიზნით – თემის წარდგენას „მათემატიკური საიდუმლოებების ამოხსნა“, და მათი მზაობის შემოწმებას. ამის შემდეგ ხდება მოსწავლეების დაჯგუფება მზაობის შესაბამისად: დაბალი, საშუალო და მაღალი.

აქტივობა II. პრობლემის დასმა და მოსწავლეთა მოტივაცია (10 წუთი)

მოსწავლეებს, რომლებიც დავყავი სამ ჯგუფად ვეუბნები, რომ დღეს მათემატიკურ საიდუმლოებებს ამოვხსნით! თითოეულ ჯგუფს გადავეცი სავარჯიშო ფურცელი ინსტრუქციით და ვუთხარი სცადეთ ამ საიდუმლოს ამოხსნა თქვენს მეგობრებთან ერთად.

1 ჯგუფი (დაბალი მზაობის მოსწავლეები)

 

ჩაიფიქრე რიცხვი, მე კი გეტყვი პასუხს!

 

ინსტრუქცია მოსწავლეებს: „თითოეულმა თქვენგანმა ჩაიფიქრეთ ნებისმიერი მთელი რიცხვი, მაგრამ არ თქვათ ხმამაღლა. მიჰყევით ინსტრუქციებს ეტაპობრივად და დააკვირდით საბოლოო შედეგს. თქვენი მიზანია, გაარკვიოთ, რატომ არის საბოლოო პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე“.

 

შეეცადეთ, თქვენს ჯგუფში ერთად გაშიფროთ ამ ხრიკის საიდუმლო. რა ცვლადს გამოიყენებთ უცნობი რიცხვის აღსანიშნავად? როგორ გაამარტივებთ მიღებულ გამოსახულებას, რომ საბოლოო საიდუმლო ამოხსნათ?

 

2 ჯგუფი (საშუალო მზაობის მოსწავლეები)

 

უხილავი კარტის საიდუმლო

ბავშვებს ბარათთან ერთად გადაეცემათ 1-დან 10-მდე ნუმერაციის ყველა კარტი (40 ცალი).

წამყვანი კითხვები ინსტრუქციების ეტაპობრივი შესრულებისას:

„ყურადღებით მიჰყევით თითოეულ ნაბიჯს. რა ხდება თითოეულ საფეხურზე?

როგორ იცვლება რიცხვი“? (გეხმარებათ პროცესის გააზრებაში)

„თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ (სხვისთვის) უცნობი კარტი დაიჭიროთ ხელში?“ (მიანიშნებს ცვლადის არსებობას)

შეეცადეთ, თქვენს ჯგუფში ერთად გაშიფროთ ამ ხრიკის საიდუმლო. რა ცვლადებს გამოიყენებთ უცნობი კარტის დასახელებისა და ნომრის აღსანიშნად? როგორ გაამარტივებთ მიღებულ გამოსახულებას, რომ ამოხსნათ საიდუმლო?

 

3 ჯგუფი (მაღალი მზაობის მოსწავლეები)

 

“დაბადების თარიღის გამოცნობა
ინსტრუქცია მოსწავლეებს: თანმიმდევრულად შეასრულე მოქმედებები. მიღებულ პასუხს გამოაკელი 165. მიღებული რიცხვი იქნება შენი დაბადების თარიღი: პირველი 1 ან 2 ციფრი იქნება თვე, დანარჩენი კი – დღე.

 

შეეცადეთ, თქვენს ჯგუფში ერთად გაშიფროთ ამ ხრიკის საიდუმლო. რა რიცხვებს გამოიყენებთ უცნობი თვისა და დღის აღსანიშნად? როგორ გაამარტივებთ მიღებულ გამოსახულებას, რომ საბოლოოდ ამოხსნათ საიდუმლო?

 

 

აქტივობა III. ცნებების გაცნობა და გამოკვლევა (15 წუთი)

1 ჯგუფი: ჩაიფიქრე რიცხვი, მე კი გეტყვი პასუხს!

 

1 ჯგუფი: უხილავი კარტის საიდუმლო 1 ჯგუფი: ს. დაბადების თარიღის გამოცნობა
„ფოკუსის“ შედეგის მიღების შემდეგ (როდესაც მოსწავლეები ხედავენ, რომ ის „მუშაობს“) მოსწავლეებს ვაჯამებინებ შედეგებს დამხმარე კითხვების დასმით, მაგრამ არ ვაძლევ მზა პასუხებს. მოსწავლეები თავად მიაგნებენ ლოგიკურ კავშირებს.
– როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი შედეგი?

– რას ფიქრობთ, რა ალგორითმით მუშაობს ეს „ხრიკი“? გაგვიზიარეთ თქვენი ვარაუდები!

– როგორ წარმოვაჩინოთ ის რიცხვი, რომელიც არ ვიცით? რა მათემატიკური აღნიშვნა შეგვიძლია გამოვიყენოთ?

რატომ „ქრება“ X ცვლადი გამოსახულებიდან? რა კანონზომიერებას ვხედავთ აქ?

– გაგიკვირდათ საბოლოო შედეგი? – როგორ ფიქრობთ, რა არის ამის საიდუმლო?

– თუ ვიღაცამ სხვა კარტი აირჩია, შედეგი იგივე იქნებოდა?

– როგორ შეგვიძლია, ეს „საიდუმლო“ მათემატიკის ენაზე ჩავწეროთ?

– კარტის დასახელებებისთვის (ყვავი, ჯვარი, გული, აგური) რიცხვითი მნიშვნელობები რომ მივანიჭოთ, როგორ მივუდგეთ ამას? რა პრინციპით?”

– რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეულ სიმბოლოს განსხვავებული და უნიკალური რიცხვი შეესაბამებოდეს?”

– ნამდვილად მოულოდნელი შედეგია, არა? – რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თქვენი აზრით?

– როგორ წარმოადგინთ დაბადების თვესა და დღეს ცვლადებით?

– როგორ შეგვიძლია, ეს „საიდუმლო“ ალგებრული გამოსახულებით ჩავწეროთ?

– როგორ გაამარტივეთ გამოსახულება, რა თვისებები გამოიყენეთ და რატომ?

– რა მიიღეთ ალგებრული მოქმედებების შედეგად?

 

–         რა დასკვნა გამოიტანეთ ამ „ხრიკის“ შესახებ?

 

აქტივობა IV პრეზენტაცია (12-15 წთ)

თითოეულ ჯგუფს ვთხოვ, ჩაუტაროს კლასს ეს სახალისო „ფოკუსები“ შემდეგ კი თავისი აღმოჩენები დაფაზე დაწეროს.

კლასის დისკუსიის წარმართვისას, ერთობლივად შევაჯამეთ დასკვნები. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ „ხრიკების“ ამოსაცნობად მათემატიკური თვისებების (შეკრებისა და გამრავლების ასოციაციურობა, კომუტატიურობა, დისტრიბუციულობა) გამოყენება დაეხმარა გამოსახულების გამარტივებაში. ასევე, ხაზი გაუსვეს ლოგიკური მსჯელობისა და დასაბუთების მნიშვნელობას.

 

აქტივობაV. შეჯამება და უკუკავშირი (3 წთ)

  • კითხვები მოსწავლეებს:
    • რა ვისწავლეთ დღეს ცვლადის შესახებ? სად შეგვიძლია მათი გამოყენება?”
    • „რა განსხვავებაა რიცხვით და ასოით გამოსახულებებს შორის?“ (განამტკიცებს გაგებას)
    • რატომ არის ასოითი გამოსახულებები მნიშვნელოვანი?
    • როგორ გვეხმარება მათემატიკური თვისებები გამოსახულებების გამარტივებაში?
    •  „როგორ უკავშირდება ეს „ხრიკები/ფოკუსები“ რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების მათემატიკურ მოდელირებას?“ (თეორიას აკავშირებს პრაქტიკასთან)
    • რა იყო ყველაზე რთული ან ყველაზე საინტერესო დღევანდელ გაკვეთილში?
  • მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებ გაკვეთილის მთავარ კონცეფციებს, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ცვლადისა და ასოითი გამოსახულების როლს მათემატიკურ მოდელირებაში.

აქტივობა VI. საშინაო დავალება (1წთ)

  • შემოქმედებითი დავალება: სცადეთ, მოიგონოთ საკუთარი „რიცხვების გამოცნობის ხრიკი“ და ეცადეთ, მისი საიდუმლო ასოითი გამოსახულების გამოყენებით ახსნათ.

ეს გაკვეთილი გვიჩვენებს, რომ მათემატიკა, განსაკუთრებით კი ალგებრა, არ არის მხოლოდ ცვლადები და ფორმულები. ის შეიძლება იყოს სახალისო, ინტერაქციული და აღმოჩენებით სავსე. „ხრიკების“ გამოყენებით მოსწავლეები არა მხოლოდ სწავლობენ ასოითი გამოსახულებების გამარტივებას, არამედ ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკური მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მათემატიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტია მათი აკადემიური წარმატებისთვის.

სამომავლო ტენდენციები განათლებაში

0

განათლების სისტემების ფორმას და შინაარსს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ტექნოლოგიური პროგრესი, სოციალური ქსოვილების ცვლილება და მოთხოვნები შრომით ბაზარზე – როგორიც არ უნდა იყოს მომავლის ტენდენციები, მიზანი უცვლელია: განათლება საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ გაგებასა და მოწყობაში გვეხმარება. შესაძლოა, ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სოციალური ასიმეტრიის დაძლევაში, უფრო თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზოს სხვადასხვა საწყის წერტილზე მყოფ ბავშვებს, უწყვეტი განათლების პრინციპმა და ე.წ. მეორე შანსის პროფესიებმა უფრო საინტერესო გახადოს სწავლაც, ცხოვრებაც და მუშაობაც. ისიც შესაძლოა, ეს მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდეს, მაგრამ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს და სასურველია, ეს გააზრებულად გავაკეთოთ, რათა მეტი სარგებელი და ნაკლები ზიანი მივიღოთ არსებული სისტემებისა და მიდგომების განახლების გზაზე.

აი, რამდენიმე რამ, რაც უნდა ვიცოდეთ განათლების სისტემაში სამომავლო ტენდენციების შესახებ:

 

1) ხელოვნური ინტელექტის როლის ზრდა და პერსონალიზებული სწავლება

ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე არაერთი მიმართულებით გამოიყენება, იქნება ეს მასწავლებლების დახმარება მოსწავლეების შეფასებაში, მოსწავლეებისთვის მეტად პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების შექმნა, ხარისხიანი კონტენტის წარმოება ნაკლები რესურსით თუ ჩეტბოტები, რომლებიც რესურსების მოძიებაში, სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და პრობლემების იდენტიფიცირებაში ეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მაგალითად, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Khan Academy ან Duolingo, იყენებენ AI-ს, რათა სწავლების გზა და სიჩქარე პერსონალურად მოარგონ თითოეული სტუდენტის შესაძლებლობებს. ხმოვანი ასისტენტები და აუდიოწიგნების გენერატორები არაჩვეულებრივი დამხმარე ინსტრუმენტებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ტექსტური რედაქტორები უკეთ წერაში გვეხმარება, ავტომატური მთარგმნელები გვიადვილებს უცხო ენებზე ინფორმაციის მიღებას.

ხელოვნური ინტელექტი აადვილებს დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზს, შესაბამისად, მისი დახმარებით უფრო ადვილად შეიძლება იმ საკითხების გამოკვეთა, რომელთა დაძლევაც უჭირთ მოსწავლეებს და სადაც მასწავლებლებს დამატებითი ძალისხმევის გაწევა სჭირდებათ.

მომავალში მოსალოდნელია, რომ არსებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები “მეტად ემოციურები” და “უფრო გულისხმიერები” იქნებიან და უფრო უკეთესად შეძლებენ ცალკეული მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებების, ხასიათის, ინტერესებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, რაც სწავლა-სწავლების პროცესს უფრო პერსონალიზებულს, შესაბამისად, უფრო ეფექტურს და სასიამოვნოს გახდის.

 

2) მეტი აქცენტი უნარებსა და პასუხისმგებლობაზე

ტექნიკური და აკადემიური ცოდნა საკმარისი აღარ არის – ამგვარ ინფორმაციას რობოტები ჩვენზე სწრაფად და უხარვეზოდ იმახსოვრებენ. ადამიანობის ხიბლი მის ადამიანურ თვისებებში, კრიტიკულ აზროვნებაში, კარგად განვითარებულ ემოციურ ინტელექტში, გუნდური მუშაობის უნარებსა და უნიკალურ ხედვებშია. როგორ ჭრი პრობლემებს, როგორ თანამშრომლობ სხვებთან, რამდენად შეგიძლია ახალ გამოწვევებთან, გარემოსთან, ადამიანებთან ადაპტირება, ხედავ თუ არა ფართო სურათს და გრძნობ კონტექსტს, გაქვს თუ არა საკმარისი მოთმინება წვრილმან დეტალებზე კონცენტრაციისთვის, აღიქვამ თუ არა სამყაროს მრავალფეროვნებას და სხვადასხვა სოციუმის, ვითარებისა თუ ამბის სპეციფიკურ მახასიათებლებს, გამოწვევებს, ხიბლს, შეგიძლია თუ არა სათქმელის მკაფიოდ და ეთიკურად ჩამოყალიბება და მიზნის მისაღწევად ეთიკურად და პრინციპულად სვლა, ემოციების კონტროლი და სხვისი გრძნობების, შეხედულებების, თავისუფლების პატივისცემა – ამ კითხვებზე პასუხი დიდწილად განსაზღვრავს იმას, როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე, როგორი იქნება მისი შანსი შრომით ბაზარზე.

სკოლებში უნარების განსავითარებლად და დასახვეწად დილემებით სწავლება, დებატების პრაქტიკა, როლური თამაშები, გუნდურ პროექტებზე მუშაობა გამოიყენება – სასწავლო პროგრამებსა და პროცესში უნარების განვითარებისთვის მეტი დრო, ხელსაწყო და აქცენტია საჭირო, რადგან კლასიკურ სისტემებში მოსწავლეების შეფასების მთავარი კრიტერიუმი კვლავ აკადემიური მოსწრებაა.

 

3) უწყვეტი განათლება და ე.წ. მეორე შანსი პროფესიული ცვლილებებისთვის

 

ოდესღაც აღებული დიპლომი ერთ დისციპლინაში, დიდი ხანია, საკმარისი აღარ არის – ცვალებად სამყაროში განათლების უწყვეტობის პრინციპი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტექნოლოგიური განვითარება გვეხმარება, ხანმოკლე კურსების საშუალებით ახალ სფეროებში მოვსინჯოთ ჩვენი თავი, ონლაინსწავლების პლატფორმებზე ჩვენზე მორგებული გრაფიკით, გეოგრაფიული ფაქტორის მიუხედავად, მივიღოთ ახალი ცოდნა და მუდმივად განვავითაროთ უნარები შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

რაც მეტად იცვლება დასაქმების სივრცე და რაც უფრო მეტი ახალი პროფესია თუ ვიწრო სპეციალიზაცია ჩნდება, მით მეტ ადამიანს ეძლევა შანსი, შეიცვალოს უკვე მობეზრებული პროფესია ან საკუთარი თავი ახალ სფეროში მოსინჯოს. მომავალში, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მეტი აქცენტი დაისმება ზრდასრულებისთვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე.

 

4) თვითსწავლება

ტექნოლოგიებითა და რესურსებით შეირაღებული ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად ავტონომიურები იყვნენ და სასწავლო პროცესი საკუთარ ინტერესებს მოარგონ და არა ყველასთვის შედგენილ სტანდარტებს. ეს გზა გამოწვევაა ზოგადი განათლების სისტემისთვის: ერთი მხრივ, უნდა არსებობდეს საყოველთაოდ აღიარებული წესები, რომლებსაც ყველა ემორჩილება, მეორე მხრივ კი გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საჭიროებები და მისწრაფებები.

მომავლის განათლებაში მასწავლებელს უფრო მეტად უნარების აღმომჩენის, ცნობისმოყვარეობის გამღვიძებლის, სწორი მიმართულების მიმცემი მენტორის როლი ექნება, ვიდრე მანდატორის. ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეების, დამოუკიდებლად გაიკვალონ გზა ინფორმაციის უსასრულო ნაკადში და მუდმივად ტურბულენტურ გარემოში მარტივად ორიენტირება შეძლონ.

 

5) გლობალური თანამშრომლობა

ონლაინსწავლების პლატფორმები, გაცვლითი პროგრამები და განათლების სისტემების ინტერნაციონალიზაცია უკვე იძლევა საშუალებას, ჩვენი ცოდნა და მისი გამდიდრების გზები კონკრეტული გეოგრაფიული არეალით ან ფორმატით არ შემოვსაზღვროთ. საზღვრების გახსნა და ტექნოლოგიური ინტეგრაცია სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, მზად იყოს სამუშაო გამოცდილებისა და ახალი კულტურული გამოცდილების მისაღებად, მოიპოვოს სტიპენდია უცხოეთში სწავლისთვის ან ჩაერთოს ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში.

 

მომავლის განათლების სისტემებს უნდა შეეძლოთ, აღზარდონ ადამიანები არა კონკრეტულ დროსა და სივრცეში საჭირო ცოდნით, არამედ ღია და გახსნილი საზოგადოების წევრებად, რომლებიც მზად იქნებიან, მიიღონ საერთაშორისო პროგრამების სიკეთეები.

ამ წერილის ბონუსად სწორედ რამდენიმე ისეთ ორგანიზაციას გაგაცნობთ, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო პროგრამებში ჩართვას, მოხალისეობას და სასწავლო კურსებს სთავაზობენ:

 

სივრცითი წარმოდგენები, როგორც ფსიქიკური განვითარების საფუძველი

0

ვფიქრობ, საყურადღებო ფაქტია, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს სივრცით მიმართებებში გარკვევა წარმოადგენს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სასკოლო ასაკის ბავშვს ერევა მარჯვენა-მარცხენა, ზევით-ქვევით-შუაში. მშობელი გაოცებას ვერ მალავს, თუ რატომ შეიძლება ეს პრობლემად აღვიქვათ. ერთ-ერთი ექვსი წლის ბიჭუნას დედამ თავისი მოსაზრება ასეთნაირად „დაასაბუთა“ – „რა მოხდა მერე, ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ამჟამად მერვე კლასშია, დღესაც ვერ არჩევს მარჯვენა-მარცხენას. ადრე თუ გვიან ხომ ისწავლის!“. ალბათ, ასეთი მსჯელობა არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადეკვატური სივრცითი წარმოდგენები. ასეთი შეკითხვა ხშირად უცნაურადაც კი ჟღერს. თითოეული ჩვენგანისთვის სივრცეში ორიენტაცია თითქოს რაღაც თავისთავადს წარმოადგენს. ყველა მოზრდილი ადამიანი კარგად ერკვევა ისეთ ცნებებში, როგორიცაა: ზემოთ – ქვემოთ, წინ – უკან, უფრო შორს – უფრო ახლოს. მართალია, ზოგიერთი ადამიანი ხანდახან ურევს მარჯვენა-მარცხენას, მაგრამ ეს ბევრისთვის „დასაშვებად“ ითვლება და მხოლოდ ღიმილს იწვევს.

ზოგადად სივრცის შესახებ ჩვენი წარმოდგენები სრულიად ბუნებრივად, თითქმის თანდაყოლილად გვეჩვენება და ეს არის სწორედ დიდი შეცდომა. ეს წარმოდგენები არავითარ შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი. ისინი ადამიანში დაბადების მომენტში კი არ ჩნდება, არამედ ყალიბდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 7-8 წლამდე გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი სწავლობს სივრცის, ამ სივრცეში სხვადასხვა საგნის მდებარეობის და მათი გადაადგილების სწორად აღქმას ერთმანეთთან და საკუთარ სხეულთან მიმართებაში. ის ეუფლება შედარების უნარს, ასევე სივრცის პარალელურად შეიმეცნებს ისეთ კატეგორიას, როგორიცაა დრო. ამგვარად ათვისებული ყველა ინფორმაცია საფუძვლად ედება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგებას, რაც ადამიანს ლოგიკური აზროვნების საშუალებას აძლევს. ერთი სიტყვით, სივრცითი წარმოდგენები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ყალიბდება, ფსიქიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს, რასაც შემდეგ დაეფუძნება დანარჩენი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები. ნებისმიერი დარღვევა ამ პროცესებში პრობლემებს იწვევს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, განუვითარებელი სივრცითი ორიენტაციის მქონე ბავშვები განიცდიან სირთულეებს ფურცლიდან ტექსტის გადმოწერისას, რადგანაც შეიძლება გამოსახულებას სარკისებურად აღიქვამდნენ. შესაბამისად, სირთულეები აქვთ ისეთი სასკოლო უნარების დაუფლებაში, როგორიცაა კითხვა, წერა, დათვლა. მათ სირთულეები აქვთ ასევე ლოგიკური და წარმოსახვითი აზროვნების უნარების გამომუშავებაში. ამიტომ, ბავშვებში სივრცითი წარმოდგენების დროული და სწორი ფორმირება ნორმალური ფსიქიკური და გონებრივი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეისთვის ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად ნამდვილად არ გვაქვს. საქმე ის გახლავთ, რომ სივრცის ნორმალური გაცნობისთვის, იმ წესების ათვისებისთვის, რომლითაც სამგანზომილებიანი სივრცეა მოწყობილი, აუცილებელია ბავშვის მუდმივი და აქტიური ურთიერთქმედება ამ სივრცესთან. არცთუ შორეულ წარსულში ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობდა – თითოეული ბავშვი მუდმივად იმყოფებოდა სამგანზომილებიან სივრცეში, არსებობდა ამ სივრცეში, აკვირდებოდა მას, მოქმედებდა, თამაშობდა, მოძრაობდა. მაგრამ დღეს სამგანზომილებიან სივრცეს გაუჩნდა უძლიერესი კონკურენტი და შეიძლება ითქვას მტერიც კი – ელექტრონული მოწყობილობის ბრტყელი, ორგანზომილებიანი ეკრანი. ის ქმნის სივრცის ილუზიას, რომელიც პრინციპულად განსხვავდება რეალურისაგან. თუმცა, შეიძლება ის უფრო საინტერესო, მიმზიდველი ჩანდეს და მოთხოვნადიც გახდეს. ხანგრძლივი და სისტემატური ყოფნა ვირტუალურ სივრცეში საშუალებას აძლევს ბავშვს, სწრაფად გამოიმუშაოს ამ სივრცეში ქცევის უნარ-ჩვევები. უფროსები ხშირად ვერ ვმალავთ გაოცებას და აღფრთოვანებას იმის გამო, რომ ჩვენი პატარები სწრაფად და მარტივად ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს. ბუნებრივია, ეს მათი მომავალი წარმატებების გასაღებია ახალი ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ვირტუალურ სივრცეში ამ წარმატებებს ხშირად თან ახლავს დამახინჯებული წარმოდგენები რეალურ სივრცეზე, მის კანონზომიერებზე, დროსთან მის კავშირზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ვირტუალურობა არ იწვევს სივრცეში ორიენტაციის უნარის სრულ დაკარგვას. ჯერჯერობით, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა საკმაოდ კარგად ერკვევა ისეთ სივრცით წარმოდგენებში, როგორიცაა: ზემოთ – ქვემოთ, მარჯვნივ – მარცხნივ, წინ – უკან და ა.შ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ შემდგომ, ყველაზე ელემენტარული სივრცითი წარმოდგენები, რომელსაც ტვინი ითვისებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბავშვი ბრტყელი ეკრანის წინ აღმოჩნდება, რთულად ვითარდება. ამიტომ, სულ უფრო ხშირად გვხვდება დისლექსიის, დისგრაფიის, დისკალკულიის შემთხვევები, ასევე პრობლემები იჩენს თავს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში.

იმისათვის, რომ დროულად შევამჩნიოთ და მივხვდეთ, რომ ბავშვს სერიოზული პრობლემები აქვს სივრცითი წარმოდგენების განვითარებაში, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ადეკვატური სივრცითი წარმოდგენების ფორმირების ეტაპებს:

ეტაპი 1 (ადრეული ასაკი) – სივრცის აღქმას პატარა დაბადებიდან უკვე 4 – 5 კვირაში ახერხებს. ამ ასაკის ბავშვს შეუძლია სივრცეში ობიექტების გამოყოფა, მათი გარჩევა. 2-4 თვის ასაკში ბავშვს შეუძლია ობიექტების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება. ერთი წლის ბავშვი თავდაჯერებულად განასხვავებს სივრცეში ობიექტებს და მანძილს მათ შორის. 1-2 წლის ბავშვს შეუძლია ორიენტირება საკუთარ თავზე, განასხვავებს საკუთარი სხეულის ნაწილებს, გარდა სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარისა. სამ წლამდე ბავშვი აღიქვამს ობიექტებს ერთმანეთთან სივრცითი კავშირების გარეშე. მაგ. ის ვერ ხედავს განსხვავებას სურათებს შორის, სადაც ერთი და იგივე საგნები სხვადასხვანაირად არის განლაგებული სივრცეში.

ეტაპი 2 (3-4 წელი) – ყველაზე უფრო ადრე ბავშვი გამოყოფს ზედა მიმართულებას. შემდეგ მის საპირისპიროს – ქვედას. ამის შემდეგ პატარები აცნობიერებენ მიმართულებებს – „წინ“ – „უკან“ და ბოლოს „მარჯვნივ“ – „მარცხნივ“. ამასთან, სივრცითი მიმართულებების აღმნიშვნელ თითოეულ წყვილში ბავშვი გამოყოფს ჯერ ერთს, შემდეგ კი, მასთან შედარების საფუძველზე, საპირისპიროს ამოიცნობს. სივრცით მიმართულებებს ბავშვი საკუთარი სხეულის ნაწილებთან აკავშირებს. მაგ. უკან არის იქ, სადაც ზურგია.

თავდაპირველად ბავშვი საგნის სივრცით მდებარეობას განსაზღვრავს მასთან შეხებით, რადგანაც თვლის, რომ მაგ. მარჯვნივ არის ის საგნები, რომლებიც უშუალოდ მარჯვენა ხელის გვერდით მდებარეობს. ცოტა მოგვიანებით ბავშვისთვის საკმარისია ობიექტის მდებარეობის მხოლოდ ვიზუალურად შეფასება. ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ცხადად საგნებს შორის მანძილს. მაგ. საგნების რიგში დალაგებისას ის მათ ძალიან ახლოს ათავსებს. ცნება „გვერდით“ მისთვის წარმოადგენს სინონიმს ისეთი ცნებისა, როგორიცაა „შეხება“.

ეტაპი 3 (4-5 წელი) – სამყარო, სადაც ბავშვს სივრცეში ორიენტაციის შესაძლებლობა ეძლევა, თანდათან ფართოვდება. პატარას უკვე შეუძლია სხეულის შემობრუნებით და ხელის მიმანიშნებელი მოძრაობით სივრცეში ორიენტირება.

ეტაპი 4 (5-6 წელი) – ბავშვს შეუძლია საგნების პოზიციის განსაზღვრა საკუთარ თავთან მიმართებაში ნებისმიერ დიდ მანძილზე. ის უკვე კარგად ფლობს სივრცითი მიმართებების სიტყვიერ აღნიშვნებს. შეუძლია სხვადასხვა ობიექტებიდან ორიენტირება. თავდაპირველად ის იკავებს იმ ობიექტის ადგილს, საიდანაც ორიენტირდება. შემდეგ კი აზრობრივად დგება მოპირდაპირე მხარეს მდგომი ადამიანის პოზიციაში, ანუ 180 – გრადუსით შემობრუნდება.

ეტაპი 5 (6-7 წელი) – ბავშვს შეუძლია ორი სივრცითი ზონის გამოყოფა, რომელთაგან თითოეულში ორი ნაწილია, მაგ.„წინ მარცხნივ“, „წინ მარჯვნივ“. ზონების საზღვრები ბავშვისთვის პირობითი და მოძრავი, მობილურია. სივრცით ორიენტირებას ბავშვები საკუთარი სხეულის ნაწილებთან აკავშირებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი წარმოდგენების განვითარების თითოეულ ეტაპზე ბავშვი კარგად დაეუფლოს ასაკის შესაბამის ყველა ფუნქციას. თუ შევამჩნევთ, რომ რაღაც კარგად ვერ არის – ბავშვი ვერ ახერხებს იმის გაკეთებას, რასაც მისი ასაკის ბავშვი უნდა აკეთებდეს, ვერ ახერხებს დროსა და სივრცეში ორიენტირებას, თუ პრობლემები გაუჩნდა ტექსტის აღქმაში, ზეპირმეტყველებაში, თვლაში, აუცილებლად დავუკავშირდეთ სპეციალისტს – ბავშვთა ნეიროფსიქოლოგს. ამ სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება.

გვახსოვდეს – ის, რაც ადრეულ ასაკში საკმარისად არ იქნა დაუფლებული, ათვისებული, საჭიროებს აუცილებელ და სწრაფ კორექციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში პრობლემები გაიზრდება და შესაძლოა, ბავშვს ხელი შეუშალოს ეფექტიან სწავლაში და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

 

მანე, მარიამი და ძველი ქვეყანა

0

ივნისში, ვანაძორში, ჩემს ბავშვობაში ლენინაკანი რომ ერქვა, ათამდე მოსწავლეს მოკლე დრამატული ტექსტების წერას ვასწავლიდი. მთელ თვეს დავრჩებოდი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო – მოსწონდათ, რასაც ვაკეთებდით, ხალისით მომყვებოდნენ. რას აღარ ვყვებოდით, რას აღარ ვწერდით. ბოლო დღეს კი იმ სომეხი მწერლების სიაც შემიდგინეს, დაუყოვნებლივ რომ უნდა მომეძებნა და წამეკითხა.

სია მანე პოღოსიანმა ჩამიწერა სამუშაო რვეულში. წინასწარმეტყველებას ვერ დავიწყებ, სურვილი კი ძალიან დიდი მაქვს, რომ წერა ცხოვრების მთავარ საქმედ გაიხადოს, უღრან ტყეებში ხეტიალის არ შეეშინდეს.

ერთ-ერთ დავალებად ჰქონდათ, წინა დღეს შექმნილი პერსონაჟის პირით სიყვარულის რაობა განემარტათ. მარტივად, რამდენიმე სიტყვით. სისულელე და დროის კარგვააო, წაიკითხა იმ ხვეულთმიანმა, შავთვალა ბიჭმა, აშოტი რომ ერქვა. ღმერთო, გვარი გამახსენე.

მანე პოღოსიანს კი, როცა რიგი მოუწია, გაეღიმა.

სიყვარული ყველა შენი შიშისთვის თვალის გასწორებააო, – მისი მონოლოგის მთავარი გმირი გვეუბნებოდა, გვარწმუნებდა.

შემოქმედებითი წერის გაკვეთილები ერევანსა და გორისში გაგრძელდა, ირანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში, ზღაპრულად ლამაზი სახლებით. აქ სულ გოგოები იყვნენ, კარგი მკითხველები და კარგი მსახიობები. შუა ოთახში, წარმოსახვით სცენაზე წაიკითხეს თავიანთი ნაწერი, იმ წუთებში კი ალბათ რაღაც ისეთიც ირწმუნეს, სხვა დროს და სხვაგვარ გარემოში რომ გაუძნელდებოდათ.

სწორედ აქ ვნახე მარიამ ჰაირაპეტიანი, რომლის მონოლოგიც ასე იწყება:

„ღამის სამი საათია. რატომ მღვიძავს?

ისეთი სიჩუმეა, თითქოს სამყარო გაჩერდა, თითქოს შემთხვევით შევიხედე ცხოვრების ფარდის მიღმა, როცა არავინ მიყურებდა.

რა უცნაურია… როგორი სხვანაირია ღამით ყველაფერი. ჩემი ოთახი – ეს ოთხი კედელი, ყოველდღე რომ ვხედავ – მოულოდნელად უფრო ნაზი და უფრო მშვიდი გამხდარა, თითქოს სურვილი გასჩენია, ყური დამიგდოს.

ჩემივე გულისცემა მესმის. დღისით ასე არ ხდება ხოლმე. ფიქრები ახლა აღარ ყვირიან. ჩურჩულებენ…“.

სახელდახელოდ ვთარგმნე ინგლისურიდან. მხოლოდ დასაწყისი. მარიამი კი ალბათ არაერთხელ გადასწევს იმ ფარდას, ცხოვრებისას. და დაწერს იმაზეც, რასაც თვალი ვერ წაატანა, რაც მაცდურ წინათგრძნობად დაურჩა.

სასწრაფოდ წასაკითხი სომეხი მწერლების სიაში, რა თქმა უნდა, უილიამ საროიანიც მოხვდა, რომელსაც სხვებზე უკეთესად ვიცნობ. ჩვენს წიგნის მაღაზიებში ქართულად ნათარგმნსაც ნახავთ და თუ ეს მოთხრობების კრებული „მე მქვია არამი“ იქნება, დაუყოვნებლივ იყიდეთ. საზაფხულო საკითხავად უკეთესს ვერაფერს მოუძებნით მოზარდებს, თავგადასავლებიც რომ იზიდავთ და წიგნის გმირთან თავის გაიგივებაც რომ უყვართ.

ერთ მოთხრობაში, „ულამაზესი თეთრი ცხენის ზაფხულში“ ასეთ მოგონებას გადააწყდებით: „ცხენზე ამხედრებული მივქროდით. ჩემი ბიძაშვილი მურადი მღეროდა. თითქმის ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ძველი ქვეყნიდან ვიყავით, ძველი ქვეყნის შთამომავლები ვიყავით და, როგორც ზოგიერთი ჩვენი მეზობელი ამბობდა, ახლაც იმ ძველ ქვეყანაში ვცხოვრობდით“. ეს ამბავიც, სხვა ამბებიც სომხეთიდან ძალიან შორს ხდება, მაგრამ ახალი სამშობლოს მიწაც წინაპართა აჩრდილებითაა მოფენილი, წარსულის სიტკბო-სიმწარითაა გაჯერებული.

სიას ჩავყურებ და ვხვდები, რომ რჩევა ყურად უნდა ვიღო და ამ მწერლების წიგნები მოვძებნო. რაც შეიძლება მალე. სომხეთში დასაბრუნებელი მოკლე გზაც იქნება და ის თეთრ-ყვითელი ყვავილებიც, გზისპირებზე მომაჯადოებლად რომ ყვაოდა ივნისის თვეში.

ზაფხულის პროლოგის ჩანაწერები #1

0

ჩემი წინაპრები წარსულზე მეოცნებეები იყვნენ. არის ასეთი ხალხიც. ზეგინდელზე კი არა, გუშინწინდელზე ფიქრობენ – ასე რომ მომხდარიყო ან არ. დასხდებოდნენ ბებია და ბაბუა, მზერას ჩაიბრუნებდნენ ზურგისკენ და იქ ტიროდნენ და იცინოდნენ. იქ, რა დროსაც დიდი ხანია გამოცდნენ და ვერ შეცვლიდნენ. მეც ვიმემკვიდრევე ეს თვისება და სულ წარსულზე ვდარდობ. განა არ ვიცი – წარსული შორეული ვარსკვლავივითაა – აქედან რაც უნდა სული უბერო, ვერც გააღვივებ და ვერც ჩააქრობ. ვიცი, მაგრამ მაინც იქ ვარ. აი, მაგალითად; საავადმყოფოს მისაღებში ვზივარ. მამაჩემის ამბავი გავიგე. გავიგე და მაშინვე რომ თურქეთზე მეფიქრა… ჩავყვები, ჩავყვები ფსკერამდე – ფიქრის ფილტვები მეგლიჯება. იქ, მხოლოდ უჰაერობაა, რადგან აწმყომ იცის წარსული და ვერ ცვლის. დიდი ტანჯვაა, უსარგებლო და უთავბოლო. მაგრამ ვართ ასეთი ხალხიც. ვართ და ვერაფერს იზამ. წარსულზე მეოცნებენი.

////

ჩემი სახლიდან შორს, გადაღმა, მოჩანს სახლი.

ეს სახლი, ქალაქის წესისამებრ, მრავალსართულიანია და მრავალი სართულის წესისამებრ, ამ სახლს ბევრი ფანჯარა აქვს.

ყველა ერთნაირი.

შორიდან ეს არის.ასე მოჩანს. მხოლოდ ეს გრძელი, მოსაწყენი და ნაცნობი წინადადება.

მაგრამ ახლოდან, ერთი ფანჯრიდან მოჩანს ლოცვა მომაკვდავ შვილზე და მეორედან მოჩანს სიმღერა. ოღონდ სიმღერა ფრთხილად მოჩანს ამ ფანჯრიდან და ფეხაკრეფით.

სხვა ფანჯრიდან რომ სიმღერა მოჩანს, ის სიმღერა ხმამაღალია და კაცმა, რომ თქვას, ამიტომაც აღარ მოჩანს ბავშვის ტირილი მეზობელი ფანჯრებიდან. არც ძაღლის ყეფა. არც ჩურჩული აღარ მოჩანს შეყვარებულის. მე რომ მკითხოთ, ის სიმღერა, რომლის გამოც სხვა ფანჯრებიდან არც ცრემლი მოჩანს, არც ყეფა და არც სიყვარული – მეტისმეტად ხმამაღალია.

მაგრამ ამ სახლის შემოქმედი მე არაფერს არ მეკითხება.

ზოგიდან მოჩანს ბანკის ვალი ანაც მეზობლის. ზოგიდან თვითონ მეზობელი ანაც ბანკირი.

ზოგიდან მოჩანს შური და ზოგიდან შური არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ცრემლი და ზოგიდან არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ღიმილი და ზოგიდან არ მოჩანს. უბრალოდ არ მოჩანს, რადგან არ არის.

ზოგი ფანჯრიდან მოჩანს საუზმე და სადილი. ზოგჯერ ვახშამიც. მხოლოდ ეს მოჩანს. ეს მდუმარე რიტუალი და ერთი ჩრდილი.

ზოგიდან ბევრი ჩრდილი მოჩანს. ამ ჩრდილების ხმაური მოჩანს. ყურისწამღები.

ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ აღარავინაა. ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ არიან.

კი, არის ორი ასეთი არაფერიც. ორი ფანჯარა.

ზოგი ფანჯრიდან მოჩანს სურვილი რომ გამოაღონ და ჰაერი ჩაისუნთქონ. ზოგიდან მოჩანს სურვილი, რომ გამოაღონ და აღარასდროს ჩაისუნთქონ ეს ჰაერი.

ანუ გადმოხტნენ.

ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც უარი და ეს სიზმარი საშინელია. ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც თანხმობა და ეს სიზმარი ცრუა.

ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ანთია. ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ჩამქრალია.

ბევრია ფანჯარა და შორიდან ყველა ერთნაირი. შეიძლება სჯობდეს შორიდან უყურებდე და არასდროს მიხვიდე ახლოს. ან საერთოდ არ უყურებდე.

უბრალოდ ადგე და საკუთარი ფანჯარა გამოიხურო.

 

 

ZeeMap – ის ინტერაქტიური პლატფორმა მოსწავლეთა მოტივაციისა და დიფერენცირებული მუშაობისათვის

0

თანამედროვე მოსწავლის ინტერესის და მოტივაციის მართვა მარტივი არ არის.  ამ მიზეზის გამო  მასწავლებლები ძირითადად ორიენტირებული არიან  თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს ფორმირებაზე.  ისინი ცდილობენ გეიმიფიკაციის პრინციპების გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის  და სწავლების პროცესის გამარტივებისთვის.

თამაშის ელემენტებით გამდიდრებული   გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცე რეალურად არის მოსწავლის აკადემიური წინსვლის მხარდამჭერი, თუმცა არსებობს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე დამყარებული მიდგომებიც,    რომელიც ცოდნის აგების მეტ საშუალებას აძლევს მოსწავლეს.

ზოგადად,  თამაშის ტექნოლოგია თავისი ხასიათით, ყველა   ინტერაქტიურია, მაგრამ ყველა ინტერაქტიული მიდგომა არ არის თამაში. ინტერაქტიული მიდგომა უფრო ფართო ცნებაა,  თამაშის ტექნოლოგია  კი  უფრო მისი  სპეციფიკური, სტრუქტურირებული  ტიპია.

სათამაშო ტექნოლოოგიის მიზანი  მოსწავლის მოტივაციის ამაღლება, ჩართულობის გაძლიერება და სწავლის  სახალისო პროცესად გადაქცევაა. თამაშის  ტექნოლოგიის (Game-based learning, Gamification) გამოყენების დროს აქცენტი კეთდება:

  • თამაშის ელემენტებზე (მაგალითად, ქულებზე, სხვადასხვა დონის დაძლევაზე, ბეიჯებზე და ა.შ. მაგალითად, ასეთად შეიძლება განვიხილოთ ონლაინ თამაში, სადაც მოსწავლე ასრულებს დავალებებს და აგროვებს ქულებს);
  • თამაშის სტრუქტურაზე (აქვს კონკრეტული სიუჟეტი, თამაშის მიზანი და,  რაც მთავარია,  თამაშის წესები);
  • ის შეიძლება შეიცავდეს როგორც კომპიუტერულ, ისე    რეალურ, ფიზიკურ  თამაშებსაც (მაგალითად, რომლური თამაშები).

ინტერაქტიული მიდგომები (Interactive learning methods)  სათამაშო ტექნოლოგიებისგან განსხვავებით:

  • უფრო მჭიდრო ურთიერთობას და კომუნიკაციას გულისხმობს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის:
  • ამ დრო უფრო ფართო ადგილი აქვს აქტიურ, შემოქმედებით და თანამშრომლობით სწავლებას და გაცილებით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები გვხდება, როგორიცაა დისკუსია-დებატები, ინტერაქტიულ რუკაზე მუშაობა, ჯგუფური სამუშაო, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ა.შ.

ინტერაქტიური მიდგომების  მიზანი  შემეცნებითი ჩართულობის გაძლიერება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და ცოდნის ტრანსფერია. ასეთ დავალებას წარმოადგენს, მაგალითად, როდესაც  მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობენ და ინტერაქტიულ რუკაზე აღნიშნავენ ისტორიულ ძეგლებს, მოვლენათა ადგილებს, თან აკავშირებენ ფოტოებს, ვიდეო და აუდიო მასალას და  უკეთებენ აღწერას.

კომპონენტი თამაშის ტექნოლოგია ინტერაქტიური მიდგომა
მთავარი მიზანი მოტივაცია თამაშის გზით აქტიური სწავლის ხელშეწყობა
ფორმა თამაში ან თამაშის ელემენტების გამოყენება სწავლებაში თანამშრომლობითი, დიალოგური, აქტიური აქტივობების წარმართვა
ტექნოლოგიური მოთხოვნები ხშირად იყენებს სპეციალურ აპლიკაციებს შეიძლება იყოს თუნდაც მარტივი დაფა და სტიკერები
დინამიკა ქულები, გამოწვევები, დონეების დადაგენა კითხვა-პასუხი, კვლევა, პრეზენტაცია

 

რა აირჩიოს მასწავლებელმა – თამაშის ტექნოლოგიაზე გააკეთოს აქცენტი, თუ ინტერაქტიულ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს თამაშის ელემენტებსაც?

საკუთარ პრაქტიკაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილებზე,  მსგავს  შემთხვევებში,     აქტიურად გამოიყენება ZeeMap.  მიუხედავად იმისა, რომ ZeeMap არ მიეკუთვნება უშუალოდ თამაშის ტექნოლოგიებს (მაგ., გეიმიფიკაციას ან საგანმანათლებლო თამაშებს), შესაძლებელია მისი დაპროექტება  თამაშის ელემენტებით:

  • რუკაში  „ჩავაშენოთ“ დავალებები,   მაგალითად, „მონიშნე რუკაზე კონკრეტული  ეკლესია-მონასტერი, ან ისტორიული ძეგლი“;
  • ან მოსწავლეებს ქრონოლოგიური  ნიშნით მოვანიშნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
  • ან რუკაზე შესასრულებელ დავალებას მივცემთ გუნდური მუშაობის ხასიათი და ა.შ.

მსგავს შემთხვევებში ZeeMap რეალურად შეიძლება განვიხილოთ თამაშის ტექნოლოგიის   მხარდამჭერი ელემენტი. ამ კუთხით, რამდენადაც ZeeMap  შეიცავს სათამაშო ტექნოლოგიის ელემენტებს, ის  ხელს უწყობს სწავლების ინკლუზიურობას და  მოსახერხებელია დიფერენცირებული დავალებების შესრულებითვისაც.

ნიმუში: ინტეგრირებული სწავლების მაგალითი (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)      ZeeMap-ის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს ინკლუზიურ და დიფერენცირებულ დავალებებს:

საგანი: “ჩვენი საქართველო“

კლასი – V-VI

თემა: „ჩვენი საქართველოს“ რეგიონები, მათთვის დამახასიათებელი ბუნება და ცნობილი ადამიანები.

საგნობრივი ამოცანა:

  • ისტორიული  რეგიონის  კულტურული მემკვიდრეობის ამოცნობა (ისტორიის მიმართულებით);
  •  ბუნებრივი პირობებისა და მდებარეობის შეფასება (გეოგრაფიის მიმართულებით) და
  • მოქალაქეობა (რომელიც გულისხმობს  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებასა  და გარემოზე ზრუნვას).

დავალებები ინტერაქტიურ რუკაზე მოსწავლის ცოდნისა და უნარების დონის მიხედვით:

ცოდნისა და უნარების  დონე დავალება აქტივობის მახასიათებელი
დაბალი მონიშნე რუკაზე შენი რეგიონის მთავარი ქალაქი და დაამატე ერთი ფოტო ან სიმბოლო, რომლითაც გამოარჩევ მას სხვა ცენტრებიდან ესაა მინიმალური ტექსტის და   მინიმალური  ვიზუალური აღქმის  მქონე მოსწავლე
საშუალო დაასახელე რეგიონის 2 ისტორიული ძეგლი და ბუნებრივი თავისებურება.  მონიშნე ის რუკაზე, შეგიძლია გამოიყენო სიმბოლოებიც. მცირე ტექსტზე ორიენტირებული დავალება, რომელიც წერითაც მცირე დავალების შესრულებას მოითხოვს მოსწავლისგან
მაღალი შექმენი რეგიონის პრეზენტაცია ZeeMap-ის გამოყენებით – მოამზადე  რუკა, მონიშნე, დაიტანე ზედ მინიმუმ 3 ელემენტი: ისტორიული, გეოგრაფიული და სამოქალაქო განათლების კუთხით. ძირითადად ესაა პროექტზე დაფუძნებული სწავლა, რომელიც  მოსწავლეთა  კვლევითი  უნარების გააქტიურებაზეა  ორიენტირებული

  დავალებების  დიფერენცირებული ხასიათი:

  • მოსწავლე, რომელსაც აქვს წერის სირთულე (უჭირს წერა), შეავსებს რუკას მხოლოდ ფოტოებით და  ხმოვანი აღწერით;
  • მოსწავლე, რომელსაც არ უჭირს    სივრცობრივი აზროვნება ან ეს მისი ძლიერი მხარეა, რუკაზე მონიშნავს გზებს, მდინარეებს ან მარშრუტებს;
  • ხოლო იმ მოსწავლეს,  რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, შესაძლებელია ჯგუფური დავალება შევთავაზოთ და მას დაეხმარება მეწყვილე, ან გუნდის  წევრები;
  • ან  მიიღებს მოკლე ინსტრუქციას,  გრაფიკული სახით შეასრულოს დავალება (პიქტოგრამები, ფერები).

მაგრამ  ZeeMap, თავისთავად,  არ წარმოადგენს თამაშს ან თამაშის ტექნოლოგიას,  ის უფრო   გეოინფორმაციული-საგანმანათლებლო ციფრული ინსტრუმენტია, რომელიც მოსახერხებელია პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის, საგნობრივი კვლევისთვის და ვიზუალური პრეზენტაციებისთვის. ამგვარი მიდგომის დროს „ჩვენი საქართველოს“ სწავლება   პროექტული სწავლების  ფორმით მიმდინარეობს.

მაგალითი 1 – პროექტი „როგორ იცნობ შენს რეგიონს?“ ZeeMap-ის გამოყენებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

მუშაობის ეტაპები:

  1. მოსწავლეები ირჩევენ ერთ რეგიონს (მაგ: თბილისი)
  2. მასზე აკეთებენ ჩანაწერს (მონიშვნას) ZeeMap-ზე:
    • გეოგრაფიული მახასიათებელი: მდინარე, რელიეფი
    • ისტორიული ძეგლი: ნარიყალას ციხე
    • მოქალაქეობრივი გამოწვევა: ნარჩენების პრობლემა  ქალაქში
  3. პრეზენტაცია – ჯგუფურად ან ინდივიდუალურად  (სიტყვიერად ან ვიზუალურად).

ZeeMap-ის  ეფექტურობა მოცემულ შემთხვევაში:

  • ყველა მოსწავლე მუშაობს ერთ რუკაზე, თუმცა დავალების შესრულების ინდივიდუალურ  გზას ირჩევს: ტექსტით, ფოტოთი ან  ხმოვანი გზავნილით (აუდიოგიდით);
  • მოსწავლე გაიაზრებს თავისი რეგიონის კულტურულ, გეოგრაფიულ და საზოგადოებრივ მახასიათებლებს;
  • აქტიურდება  საგნობრივი ინტეგრაცია და ციფრული წიგნიერების უნარები.

მაგალითი 2 – პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურისთვის:  “ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები  ZeeMap-ის გამოყენებით”

მუშაობის ეტაპები:

  1. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს  ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში;
  2. მოსწავლეები იკვლევენ და შეისწავლიან ინფორმაციას კონკრეტულ ძეგლებზე (მაგალითად, ოშკი, იშხანი, პარხალი, ხანძთა, ბანა, შატბერდი და სხვ.);
  3. შექმნიან ვიზუალურ რუკა-ს  ZeeMap-ზე, სადაც აღნიშნავენ ამ მხარის (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) ეკლესია -მონასტრებს, ციხეებსა და ისტორიულ ადგილებს. ამისთვის:
  • მოსწავლეები რუკაზე ამატებენ თითოეულ ძეგლს როგორც პუნქტს (marker) – შესაბამისი გეოგრაფიული კოორდინატების გამოყენებით;
  • თითოეულ წერტილს ურთავენ ფოტო/ილუსტრაციას, მოკლე აღწერას (ისტორია, არქიტექტურა), საინტერესო ფაქტს ან ნებისმიერ ტექსტურ ინფორმაციას, თუნდაც შეკითხვას;
    1. მოსწავლეები წარადგენენ რუკას – გააკეთებენ პრეზენტაციას კლასში, ან სკოლის მასშტაბით  (პროექტის გეგმის შესაბამისად),    წარადგენენ თავიანთ რუკას, გააზიარებენ ბმულით  და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.

მაგალითი:  მოცემული  პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ შექმნილი  რუკა https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14

ინტერაქტიურ რუკა  ZeeMap  -ზე  მუშაობის შედეგები:

  • ისტორიული აზროვნების განვითარება: მოსწავლე იკვლევს და აანალიზებს კონკრეტულ მოვლენას, მოქმედებს დროსა და სივრცეში;
  • გეოგრაფიული კომპეტენცია: მოსწავლე ორიენტირებს სივრცეში, ახდენს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ლოკალიზაციას;
  • ვითარდება ღირებულებითი განათლების მიმართულებით: იაზრებს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა არ მთავრდება ქვეყნის ფიზიკური საზღვრებით;
  • ციფრული უნარების განვითარება: სწავლობს ციფრულ რესურსზე მუშაობას, ციფრულ რედაქტირებას, ინფორმაციის გადმოცემას ვირტუალურად
  • დიფერენცირებული სწავლების მიმართულებით: მოსწავლე ირჩევს მასზე მორგებულ აქტივობას: ტექსტურს, ვიზუალური, ხმოვანი /აუდიო ფორმით;
  • მუშაობს ინდივიდუალურად, ან წყვილში, ან გუნდურად.

მაგალითი  –   „ოშკის ტაძარი“

  • მოვნიშნოთ ოშკის ტაძრის წერტილი (კოორდინტი) ZeeMap-ზე: ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთი, ართვინის პროვინციაში;
  • დავამატოთ ტაძრის ფოტო – ახლანდელი მდგომარეობა;
  • დავურთოთ ისტორია: აშენდა X საუკუნეში დავით III -ის, ტაოელი ბაგრატიონის მიერ და ა.შ.
  • დავამატოთ ვიდეო-მასალა ან აუდიო/გიდი
  • და ა.შ.

პროექტის შეფასების რუბრიკა მოიცავს პრეზენტაციის, კვლევის, თანამშრომლობისა და ციფრული კომპეტენციის უნარებს.

შეფასების კრიტერიუმი 3 ქულა (უმაღლესი დონე) 2 ქულა (საშუალო დონე) 1 ქულა (საწყისი დონე)
სწორად მონიშნული გეოგრაფიული ობიექტები 5-ზე მეტი ლოკაცია სწორადაა განსაზღვრული და წარმოდგენილი რუკაზე 3-5 ლოკაციაა წარმოდგენილი ძირითადად სწორად 1-2 ლოკაციაა წარმოდგენილი ან გაურკვეველი მდებარეობით
ინფორმაციის სიზუსტე და სიღრმე ტექსტები ინფორმატიულია, მოიცავს ისტორიულ ფაქტებს, თარიღებსა და მახასიათებლებს ტექსტი ზოგადია, მაგრამ ისტორიული შინაარსი ჩანს ტექსტი ზედაპირულია ან შეცდომებით
ვიზუალური და მულტიმედიური ელემენტები გამოყენებულია ფოტოები, ბმულები ან ვიდეოები, რაც აუმჯობესებს პრეზენტაციას გამოყენებულია მხოლოდ ფოტოები ან ლინკები ვიზუალური მასალა საერთოდ არ არის გამოყენებული
მონაწილეობა და თანამშრომლობა ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს; პასუხისმგებლობები გადანაწილებულია მონაწილეებმა იმუშავეს ერთად, მაგრამ უთანასწორო ჩართულობა შეიმჩნევა მუშაობა ძირითადად ინდივიდუალურია ან ჯგუფში იყო პრობლემები
პრეზენტაციის ხარისხი (წარდგენა) გამართული მეტყველება, ლოგიკური სტრუქტურა, კითხვებზე პასუხები წარმოდგენა ზოგადია, პასუხები მოთხოვნის მიხედვით არ იყო მკაფიო, შინაარსი გაუგებარი ან პასუხები არაეფექტური
ციფრული უნარები (ZeeMap-ის გამოყენება) სრულად და ეფექტურად გამოყენებულია ZeeMap-ის ყველა ფუნქცია (მონიშვნა, ტექსტი, ბმული და ფოტო) გამოყენებულია ძირითადი ფუნქციები, ნაწილობრივ – ტექსტი და მონიშვნა გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფუნქცია ან რუკა ძალიან შეზღუდულია

 

ინტერაქტიურ რუკაზე მუშაობით მოსწავლემ  გამოიყენა არატრადიციული მიდგომა,  გაუქტიურდა კრეატიულობა, გახდა უფრო მოტოვორებული, რეფლექსიური  (აღწერს, რა გააკეთა, რატომ, რა ისწავლა პროექტის ფარგლებში) და უფრო წარმატებული სასწავლო პროცესში.

 

 

 

ინგლისური ენა – ენათა კოქტეილი

0

დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ენაა ინგლისური. ის რიგით მეორეა ჩინური მანდარინის ენის შემდეგ. ინგლისური არის სახელმწიფო ენა გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ის მეორე სახელმწიფო ენაა კანადასა და ირლანდიაში. ინგლისური ასევე დიდი ბრიტანეთის ისტორიული კოლონიების – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი და ჰონკონგი – ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური ენაა.

ქვეყანათა უმეტესობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ფლობენ ინგლისურ ენას. ინგლისური ენა დიდი ხანია, კომერციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ენაა.

ინგლისური ენა მიეკუთვნება ინდო-ევროპული ენების ოჯახს. ამიტომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ენათა უმეტესობასთან, რომლებიც გვხვდება ისლანდიიდან დაწყებული, ევროპის ქვეყნებისა და ინდოეთის ჩათვლით. თანამედროვე ინგლისური ენა ყველაზე მეტად ჰგავს ფრიზიულს, რომელზეც  ჰოლანდიის პროვინცია ფრიზიაში საუბრობენ. ისლანდიური ნაკლებად შეიცვალა ათასი წლის განმავლობაში. ეს არის ჯერ კიდევ ცოცხალი ენა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ძველ ინგლისურ ენას.

გერმანული, ლათინური, რუსული, ბერძნული და ფრანგული ის ენებია, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში განიცადეს გრამატიკული, ლექსიკური და ფონეტიკური ცვლილებები.

რაც შეეხება ინგლისურს, ის შედარებით უცვლელი დარჩა. მეტყველების ნაწილები – ზმნიზედა, ზედსართავი სახელი, წინდებული, კავშირი უცვლელია. ისინი ყოველთვის ერთნაირად იწერება, განურჩევლად იმისა, როგორ გამოვიყენებთ მათ სხვადასხვა კონტექსტში. თუმცა, არსებითი სახელი, ნაცვალსახელი და ზმნა ზოგჯერ იცვლის ფორმას. არსებითი სახელების უმეტესობა ინგლისურ ენაში მრავლობით რიცხვს აწარმოებს დაბოლოება -s, -es-ს მეშვეობით. მაგ. Cows, girls, tables, boxes, classes, etc. თუმცა ზოგიერთი არსებითი სახელის შემთხვევაში შეიცვალა მრავლობითი რიცხვის წარმოების გზა. მაგ. Woman-women, man-men, goose-geese, Mouse-mice, tooth- teeth, foot-feet, louse-lice. არსებითი სახელების მცირე ჯგუფი ინგლისურ ენაში მრავლობით რიცხვს აწარმოებს -en დაბოლოების დართვით. ზოგიერთი არსებითი სახელი კი მრავლობით რიცხვში არ იცვლის ფორმას. მაგ. Ox-oxen. Deer, sheep, moose and grouse.

შვიდიდან ხუთ პირის ნაცვალსახელს აქვს განსხვავებული ფორმები როდესაც მათ წინადადებაში ვხვდებით სუბიექტისა და ობიექტის ფუნქციით. ესენია I, me; he, him; she, her; we, us; and they, them. ასევე გვაქვს განსხვავებული ფორმის კუთვნილებითი ნაცვალსახელები – mine, his, hers, ours, theirs.

რაც შეეხება ზმნებს, ცვლილებების მიუხედავად, მათ არ აქვთ ისეთი რთული პარადიგმა, როგორც ლათინურ, ბერძნულ და გერმანულ ენებში. ერთი ზმნა, რომელსაც ინგლისურ ენაში ყველაზე მეტი ფორმა აქვს, გახლავთ to be (be, am, is, are, was, were, been, and being). სუსტ, ანუ წესიერ ზმნებს აქვთ მხოლოდ ოთხი ფორმა. მაგ. talk, talks, talked, and talking. ძლიერ ანუ არაწესიერ ზმნებს – ხუთი; მაგ. sing, sings, sang, sung, and singing. რამდენიმე ზმნას, რომლებიც ბოლოვდება t ან d ასოებზე, აქვთ მხოლოდ სამი ფორმა; მაგ. cut, cuts, cutting. ზმნის პარადიგმის ეს ცვლილებები მკვეთრად განსხვავდება ძველი ინგლისური ენისგან, სადაც ridan, ანუ „ride“-ს ცამეტი ფორმა ჰქონდა, და გერმანული ენისგან, სადაც ზმნას reiten აქვს თექვსმეტი ფორმა.

ინგლისურ ენაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აფიქსაციას, რამაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალა ენა. აფიქსაციის შედეგად წარმოიშვა ახალი სიტყვები. პრეფიქსი სიტყვას დაერთვის თავში. მაგ: way-subway; do-overdo. ზოგიერთი პრეფიქსი უცხოური წარმოშობისაა, მაგ. პრეფიქსი macro or micro: macroeconomics, microbiology. ეს პრეფიქსები ბერძნული წარმოშობისაა.

ყველაზე მეტად გავრცელებული სუფიქსი გახლავთ –er. ეს უკანასკნელი მიუთითებს მოქმედების შემსრულებელზე. მაგ. singer, player, seeker, writer.

ძალიან პოპულარულია ორი სიტყვის შედეგად მიღებული სიტყვებიც, მაგ. cloverleaf, gentleman, dateline.

ინგლისურ ენაში დაახლოებით 750 000 სიტყვაა. აქედან ნახევარი წარმოშობით გერმანიკულია, ხოლო ნახევარი – რომანული (ლათინური წარმოშობის ენები – ფრანგული, ესპანური, იტალიური და თავად ლათინური).

გერმანიკული წარმოშობისაა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – father, mother, brother, man, wife, ground, land, tree, grass, summer, and winter, bring, come, get, hear, meet, see, sit, stand, and think.

ფრანგული წარმოშობისაა სიტყვები: constitution, president, parliament, congress, and representative. ფრანგული ენიდანა ნასესხებია სიტყვები: city, place, village, court, palace, manor, mansion, residence, domicile, cuisine, diner, café, liberty, veracity, carpenter, draper, haberdasher, mason, painter, plumber, and tailor. ბევრი სიტყვა და ფრაზა, რომლებიც ინგლისურ ენაში უკავშირდება მეღვინეობას, ბალეტს, პოლიტიკას, ლიტერატურას, თეატრს და კულინარიას, მომდინარეობს ფრანგული ენიდან.

ზოგიერთი სიტყვა წარმოშობით ესპანურია. მაგ: cigar, armada, guerrilla, matador, mosquito, and tornado. რამდენიმე სიტყვა ამერიკაში ლათინური ამერიკიდან შევიდა, მაგ: canyon, lasso, mustang, pueblo, and rodeo.

ლათინური ენიდან შესული სიტყვები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია. ბევრი სიტყვა შექმნილია ორი სიტყვისგან. მაგ: malnutrition, transfer, circumference, supernatural, submarine, suburb, substantial, contemporary, multilingual, conjunction, compassion, და სხვა მრავალი.

ბერძნული ენიდან ნასესხები სიტყვები დაკავშირებულია მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან; მაგ: ბერძნული წარმოშობის ყველაზე უფრო პოპულარული სიტყვებია: alphabet, geometry, geology, photography, psychology, psychiatry, pathology, biology, philosophy, telephone, logistics, და metamorphosis.

არაბული წარმოშობის სიტყვები ინგლისურ ენაში სხვა ევროპული ენის გზით, უმეტესწილად ესპანურის გავლენით დამკვიდრდა. არაბული ენა ესპანეთში გამოიყენებოდა ისლამური პერიოდის დროს. არაბული წარმოშობისაა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – alcohol, alchemy, algebra, alkali, almanac, arsenal, assassin, cipher, elixir, mosque, naphtha, sugar, syrup, zenith, and zero.

ჩვენამდე მოღწეული, დღევანდელი სალიტერატურო ინგლისური ენა შედეგია ბევრი ლინგვისტური ტრადიციისა, რამაც, ცხადია, საუკუნეების განმავლობაში თავისი კვალი დაატყო ენას.

უძველესი ბრიტანელების ენა გახლდათ კელტური, რომელიც დღევანდელი უელსური ენის სახითაა შემორჩენილი. ამ ენაზე საუბრობს დღეს უელსის მოსახლეობა. როდესაც რომაელებმა დაიპყრეს ინგლისი, გაბატონდა ლათინური ენა. მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც რომაელების ბატონობა შეწყდა, ლათინურმა ენამაც დაკარგა თავისი დომინანტობა და მხოლოდ VI-VII საუკუნეში კუნძულებზე ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ხელახლა დამკვიდრდა ქვეყანაში.

ინგლისური ენის განვითარებას სამ ეტაპად ყოფენ. ეს არის ძველი ინგლისური ენა (ანგლო-საქსური), საშუალო ინგლისური ენა და თანამედროვე ინგლისური ენა. ძველი ინგლისური ენა გამოიყენებოდა ახალი წელთაღრიცხვის 449-1100 წლებში. 449 წელს გერმანული ტომების შემოჭრის შედეგად ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სხვადასხვა ტომმა ენაში თავიანთი ენობრივი თავისებურებები დაამკვიდრეს და შედეგად ჩამოყალიბდა ძველი ინგლისური ენის ოთხი დიალექტი: ნორთუმბრიული, მერსიანული, დასავლეთ საქსონური და კენტური.

1066 წელს ნორმანების შემოჭრის შედეგად გაბატონდა ნორმანების ფრანგული ენა და საბოლოოდ გათანაბრდა ოთხი დიალექტური ინგლისური. კულტურულმა ცენტრმა ნელ-ნელა ლონდონისკენ გადაინაცვლა და ინგლისური ენის გამოყენებაც უფრო გახშირდა. ლათინურმა ენამ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა სტატუსი, როგორც საეკლესიო და სწავლების ენამ.

საშუალო ინგლისური ენა 1100 წლიდან 1450 წლამდე არსებობდა. მას არ განუცდია ისეთი ცვლილებები, როგორიც მისმა წინამორბედმა ენამ განიცადა. სწორედ ამ პერიოდში 1362 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ინგლისური ენა გახდა პარლამენტისა და სასამართლოს ოფიციალური ენა.

მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულ დაიწყო თანამედროვე ინგლისური პროზის განვითარება. ზოგიერთი ლიტერატურული ნაწარმოების დაბეჭდვამ ხელი შეუწყო ენის სტანდარტიზაციას. 1525 წელს დაიბეჭდა უილიამ ტინდელის ახალი აღთქმა. მომდენო 90 წელი გახლდათ აღორძინების პერიოდი ინგლისურ ლიტერატურაში, რამაც კულმინაციას მიაღწია უილიამ შექსპირის ნაწარმოებებში და 1611 წლის ბიბლიის კინგ ჯეიმსისეულ ბეჭდურ ვერსიაში.

ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა, ენის სტანდარტიზაციას ხელი ლექსიკონის შექმნამაც შეუწყო. პირველი მნიშვნელოვანი ლექსიკონი შეადგინა და გამოსცა 1755 წელს სამუელ ჯონსონმა. ენის სტანდარტიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ლინდლი მიურეის მიერ შედგენილმა წიგნებმა English Grammar (1795) and English Spelling Book (1804).

 

საინტერესო ფაქტები ინგლისური ენის შესახებ:

  1. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა (დაახლოებით 1,5 მილიარდი მოლაპარაკე), 350 მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური და უცხოური ენა, რომელსაც დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი შემსწავლელი ჰყავს;
  2. ყოველწლიურად მისი ლექსიკური მარაგი დაახლოებით 4000-მდე სიტყვით მდიდრდება;
  3. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვები ინგლისურ ენაში არის I და you;
  4. ამბობენ, რომ ინგლისური ენა ყველაზე უფრო ბედნიერი ენააო. სიტყვა happy 3-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვა „ sad”;
  5. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ინგლისურ ენაზე საუბრობს;
  6. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ზედსართავი სახელი არის „good”, ხოლო არსებითი სახელი – „time”;
  7. სიტყვას „set” აქვს ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა;
  8. ინტერნეტსივრცეში დაცული ინფორმაციის დაახლოებით 80% ინგლისურ ენაზეა.
  9. ინგლისური არის 67 ქვეყნის ოფიციალური ენა;
  10. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ინგლისური ენის დაახლოებით 24 დიალექტი;
  11. ე.წ. „ბრიტანული აქცენტი“ ლონდონში და მის გარეთ ამერიკის რევოლუციის დროს გავრცელდა;
  12. შექსპირმა გამოიგონა ბევრი სიტყვა ინგლისურ ენაში. მათ შორის: birthplace, blushing, undress, torture და ბევრი სხვა;
  13. პირველი ინგლისური ლექსიკონი 1755 წელს შეიქმნა;
  14. უძველესი ინგლისური სიტყვა, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება გახლავთ „town“.
  15. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული ასო ინგლისურ ენაში გახლავთ „e“;
  16. ასოთ შეთანხმება „ough” შეიძლება წაკითხულ იქნას 10 განსხვავებული ჟღერადობით;
  17. დაახლოებით 30% სიტყვებისა ინგლისურ ენაში მომდინარეობს სხვა ენებიდან;
  18. სიტყვა „run” ინგლისურ ენაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 600-მდე განსხვავებულ კონტექსტში განსხვავებული მნიშვნელობით;
  19. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანმა საშუალოდ 20 000-დან 35 000 სიტყვა იცის;
  20. „Go” ყველაზე პატარა სრული წინადადებაა ინგლისურ ენაში.

ამრიგად, ინგლისური ენა ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ენაა დედამიწაზე. მისი წარმოშობის ისტორია სავსეა პარადოქსებით, დაუჯერებელი ისტორიებით. ის ახლაც განაგრძობს სიცოცხლეს, განვითარებას, მუდმივად ივსება საინტერესო, სხვადასხვა ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულით. ამდენად, თუ გვსურს, ვისაუბროთ ცოცხალ, თანამედროვე ინგლისურ ენაზე, კვალდაკვალ უნდა მივდიოთ მის განვითარებას, გავეცნოთ ენაში დამკვიდრებულ სიახლეებს და გამოვიყენოთ ის პირად პრაქტიკაში.

 

მაია თურქიაშვილი

 

ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“ რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად

0

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში

პრობლემის გადაჭრა გულისხმობს პრობლემის იდენტიფიცირებასა და ანალიზს, პოტენციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და საუკეთესო არჩევანს. გადაწყვეტილებების მიღება, მეორე მხრივ, მოიცავს სხვადასხვა ვარიანტს შორის საუკეთესოს არჩევას.

პრობლემის გადაჭრასა და გადაწყვეტილებების მიღებას შორის ბევრი მსგავსება და მცირე განსხვავებაა. ორივე მოითხოვს ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ პრობლემის გადაჭრა არის პროცესი, ხოლო გადაწყვეტილების მიღება – მოქმედება. პროცესი, როგორც წესი, მოიცავს საკითხის იდენტიფიცირებას, ფაქტებისა და ინფორმაციის შეგროვებას, ძირეული მიზეზების მოძიებას, კითხვების დასმასა და პოტენციური გადაწყვეტილებების შესწავლას. სისტემური მიდგომის მეშვეობით, პრობლემის გადაჭრა, ლოგიკური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, რომელსაც წარმატებულ შედეგებამდე მივყავართ.

რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს პრობლემის გადაჭრის ფაზაში წარმოქმნილ მრავალ გამოსავალს შორის ერთის არჩევას, ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორებიცაა – განსჯა, სიტუაციური კონტექსტი, ცოდნა და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. პრობლემის მკაფიო გაგება რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტის ფაზას ნაკლებად სტრესულსა და მართვადს ხდის.

რაციონალური მეთოდი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომაა, რომელიც მოითხოვს პრობლემის განსაზღვრას, გადაწყვეტილებათა კრიტერიუმების განსაზღვრას, სხვადასხვა ალტერნატივის ჩამონათვალს, თითოეული ალტერნატივის შეფასებას. ასეთი თანმიმდევრული მიდგომა, გადაწყვეტილების მიმღებს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

საბოლოო ჯამში, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას, დამოკიდებულია მათ კულტურაზე, კონვენციებზე, გამოცდილებაზე, განათლებასა და სხვა ფაქტორებზე.

პრობლემის გადაჭრის ეფექტური და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი, აუცილებელია ცხოვრებისეული რთული სიტუაციების დასაძლევად.

ყოველი პრობლემის გადაჭრა უფრო დიდი წარმატებით არის შესაძლებელი, თუ ადამიანს განვითარებული აქვს ლოგიკური და ანალიტიკური უნარები, კრიტიკული აზროვნება.

კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ფაქტების ანალიზის, იდეების ორგანიზების, შეხედულებების დაცვის, შედარების გაკეთების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემის გადაჭრის უნარს. კრიტიკული აზროვნების დროს შესაძლებელია პრობლემის გადაჭრის რამდენიმე სწორი გზის პოვნა და გადაწყვეტილების მიღება. ხოლო ორიგინალური, მანამდე არარსებული პასუხების მიგნება შემოქმედებითი მიდგომით არის შესაძლებელი. პრობლემის გადაჭრის დროს მნიშვნელოვანია ორივე ტიპის აზროვნება. პირველად უნდა მოხდეს პრობლემის გაანალიზება, შემდეგ ვაყალიბებთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტებს, ბოლოს უნდა ვარჩევთ  პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას, ვმოქმედებთ მის შესაბამისად და ვაფასებთ მის ეფექტურობას.

პრობლემის გადაჭრა უკავშირდება აზროვნების განვითარებას. მათემატიკა აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში სწავლობდნენ მათემატიკასა და ფილოსოფიას აზროვნების გავარჯიშების მიზნით.

მათემატიკური აზროვნება არ გულისხმობს მხოლოდ ამოცანების ამოხსნას, განტოლებების გამოყენებისა და გამოცდების ჩაბარების უნარს. მათემატიკური აზროვნება ბევრად მეტია, ვიდრე არითმეტიკული ტესტების, გეომეტრიისა და ტრიგონომეტრიის, თუ ალგებრის ცოდნა. ის გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, სწორად შეაფასოს ცხოვრებისეული გამოწვევები და ნაკლები შეცდომები დაუშვას გადაწყვეტილებების მიღების დროს. მათემატიკური აზროვნება აფართოებს ფიქრის არეალს, წარმოსახვის უნარს და აყალიბებს პიროვნებას, რომელიც მზად არის ჰიპერკონკურენტულ გარემოში მუშაობისთვის.

XI კლასი

ინტეგრირებული გაკვეთილი

თემა – რაციონალური გადაწყვეტილება

მათემატიკა: გამოიყენეთ სხვადასხვა ხერხი და დაასაბუთეთ, რომ ტრაპეციის ფერდების შემცველი წრფეების გადაკვეთის წერტილი და ფუძეების შუა წერტილი ერთ წრფეს ეკუთვნის (https://9bklasi52.blogspot.com).

რამდენიმე ხერხით დებულების დასაბუთება მოსწავლეებმა წინა კლასებიდან იციან. თუმცა, ამჯერად თემის – „ვექტორების გამოყენება გეომეტრიულ ამოცანებში“ – შესწავლის დროს, კიდევ ერთხელ გადავწყვიტე მისი ყველა მეთოდით, მათ შორის ვექტორების გამოყენებით დამტკიცება. ბოლოს დავსვი კითხვა – რომელია, თქვენი აზრით, რაციონალური გზა პრობლემის გადასაწყვეტად?

გაიმართა დისკუსია. იყო სხვადასხვა არგუმენტირებული მოსაზრება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მათ მიერ პრობლემის მოგვარების გზების შეფასება და მათ შორის არჩევანის გაკეთება, მისი უპირატესობის დასაბუთებით.

სამოქალაქო განათლება (სიტუაციური ამოცანა):

გოგა თქვენი თანატოლია. ის მე-11 კლასის მოსწავლეა. აქტიური, მეგობრული ახალგაზრდაა. ჩართულია სკოლის აქტივობებში. ხშირად ესწრება ტრენინგებს და საჯარო გამოსვლებს. აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება.

გოგას ძალიან უყვარს ხეზე კვეთა და სადურგლო სამუშაოები. ფიქრობს, რომ სიამოვნებას მიიღებს, თუ გახდება ავეჯის ან ინტერიერის დიზაინერი.

მის წინაშე გადაწყვეტილების მიღების რთული პროცესია.

მისი მეგობრების უმრავლესობა პროგრამისტობას აპირებს, მაღალი ანაზღაურებისა და შრომით ბაზარზე მოთხოვნის გათვალისწინებით. მისი მშობლები ექიმები არიან და ძალიან სურთ, გოგაც მათ გზას გაჰყვეს. სადაც მეტს გადამიხდიან, იმ პროფესიაში წავალ! – ამბობს გოგა.

განიხილეთ გოგას დილემა ექვსი სხვადასხვა მომართულებით, გააანალიზეთ და დაეხმარეთ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში.

პრობლემა – გოგა სოციუმის გავლენის ქვეშაა. ადამიანებს არ უხდიან ხელფასს მათი დიპლომის ან პროფესიის მიხედვით, უხდიან მათი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მიხედვით. პროგრამისტი, რომელსაც არ უყვარს თავისი საქმე, არ სწავლობს, არ ეძებს პრობლემის მოგვარების გზებს, არც დამსაქმებლებს აინტერესებთ.

ლურჯი ქუდი – შეხვედრის ხელმძღვანელი.

ლურჯი ქუდის წარმომადგენელმა, მოკლედ გააცნო ჯგუფს ქუდების კონცეფცია და ძირითადი პრობლემის მონახაზი; ამ ქუდის მფლობელი აკვირდებოდა მთლიან პროცესს, აგროვებდა ინფორმაციას და იღებდა გადაწყვეტილებას.

 

თეთრი ქუდი – გოგას მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ყველა საგანს კარგად სწავლობს. არის ნიჭიერი და შრომისმოყვარეც. იზრდება ექიმების ოჯახში. შესაძლებელია, გააგრძელოს ტრადიცია. არის ხელოვანი, შემოქმედი ადამიანი. ძალიან უყვარს მეგობრები, რადგან მათ აზრს პატივს სცემს. თუმცა, არ ჩანს მისი სხვა პიროვნული თვისებები და ინტერესები (თეთრი ფერის ქუდი მიუკერძოებელი და ობიექტურია. ის ცივი გონებით ცდილობს ინფორმაციის მოწოდებას).

შავი ქუდი – გოგა არასწორ არჩევანს აკეთებს. გარშემომყოფების გავლენის ქვეშაა. ასრულებს სოციუმის დაკვეთას. არის მოდას აყოლილი. მისი ინტერესების სფეროა ხელოვნება. მას მოსწონს ხეზე კვეთა, ოცნებობს დიზაინერობაზე. გარკვეული დროის მერე, აუცილებლად მიხვდება საკუთარ შეცდომას და ძალიან ინანებს. მას მიზნის განხორციელებაში გარშემომყოფების შეხედულებები უშლის ხელს, რომელთაგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს (ეს ქუდი მიგვითითებს რისკებზე, გამოხატავს წუხილს, შეშფოთებას, კრიტიკას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნეგატიურ განწყობას).

ყვითელი ქუდი – კარგს იზამს, თუ გახდება პროგრამისტი. ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა შრომით ბაზარზე. შესაძლებელია რომელიმე დიდი საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს მისი შესაძლებლობებით, ანაზღაურება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა პროფესიებში. გოგა დიდ წარმატებას მიაღწევს და დაავიწყდება ბავშვობის დროინდელი ოცნება (ყვითელი ქუდის მატარებელი ოპტიმისტია. ეს ქუდი ოპონირებას უწევს შავ ქუდს).

 

მწვანე ქუდი პროგრამისტიც რომ გახდეს, მას ეს ხელს არ უშლის, შეისწავლოს ავეჯის ან ინტერიერის დიზაინი. პირიქით, პროგრამისტობა დაეხმარება, რომ ვირტუალურ სივრცეში, ჯერ ნებისმიერი პროექტის ან ჩანაფიქრის სიმულაცია შექმნას, ასე შეიძლება შედევრებიც კი მიიღოს (არავითარი კრიტიკა, რაც შეიძლება მეტი ახალი იდეა, განხორციელებადი თუ განუხორციელებელიც კი).

 

წითელი ქუდი ძალიან მეცოდება გოგა. საკუთარი თავი წარმოვიდგინე. მეც დავიბნეოდი, შეიძლება დროთა განმავლობაში გაერკვეს სიტუაციაში და გაბრაზდეს მეგობრებზე, მშობლებზე. ახლა მას სწორი რჩევა და თანადგომა სჭირდება (ეს ქუდი არაფერს ასაბუთებს, ემოციურ მხარეზე აკეთებს აქცენტს).

 

ჯგუფებმა უარი განაცხადეს ქუდების შეცვლაზე, რომელიც მოდერატორმა შესთავაზა. მისი დამსახურებით, საბოლოოდ ჯგუფები მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ გოგამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებისა და უნარების შესაბამისად. გაიაროს კონსულტაცია კვალიფიციურ ადამიანებთან, პროფესიულ კონსულტანტებთან.

 

„აზროვნების ექვსი ქუდი“ სიძნელეების გადალახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდია. პრინციპი არის პარალელური აზროვნება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა მონაწილე, ერთდროულად ერთსა და იმავე თემაზე არის ორიენტირებული, რაც მონაწილეებს, პრობლემის მოგვარებისა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს, ამავე დროს ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას.

ხშირად ადამიანები მიიჩნევენ, რომ პრობლემა თავისით გაქრება ან დიდი გადაწყვეტილება სხვისი პასუხისმგებლობაა. გადაწყვეტილებებს შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი  შედეგები. ამიტომ მისი მიღების უნარი აუცილებელია პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ს.გორგოძე, მ.ბოჭორიშვილი, ნ.ჭიაბრიშვილი, ქ.ჭიაბრიშვილი, გ.გახელაძე „ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2010 წელი;
  2. თეიმურაზ ორმოცაძე, „მათემატიკური აზროვნების განვითარების მეთოდიკა“;
  3. https://mastsavlebeli.ge/?p=13491;
  4. https://www.youtube.com/playlist?list=PLtIX-OhzWn3Fa9-ddRyT9IaCfi3jCH73F;
  5. https://vet.ge/api/files/educational_resources/6425359517beaa001cf4ee07.

 

 

კითხვის გაკვეთილები

0

ზაფხული დადგა და ბავშვების ჟრიამულმა სკოლის კედლებიდან სკვერებსა და ეზოებში გადაინაცვლა. მერე რა რომ ძალიან ცხელა. ჩემი ქართველი მოსწავლეები სულ მიყვებიან ამბებს იმაზე, თუ როგორ ატარებენ ცხელ და ძალიან, ძალიან გრელ ზაფხულის დღეებს, რომლებიც სასკოლო რუტინის გარეშე კიდევ უფრო მეტად დაგრძელებულა, ქალაქში, სოფელში თუ ზღვაზე.

ცხადია, ასეთი ზაფხული სამყაროს აქეთა კიდეშიც დადგა ჩემი ჩინელი მოსწავლეებისთვის. უფრო მეტად გრძელი და უფრო მეტად ცხელიც კი. თუმცა დღეები ყველა მოსწავლესთვის ერთნაირად არ გადის. ზოგი კვლავ დადის მუსიკაზე, მათემატიკასა თუ ინგლისურზე. ამიტომ იქმნება უამრავი საზაფხულო სკოლა თუ კურსი, რომლებიც ბავშვებს გრძელი ზაფხულის გრილად გადატანაში ეხმარებათ. მართალია, ზოგჯერ უსამართლოდ ჟღერს, ნაწილი სრულიად ისვენებდეს, ნაწილი კი სწავლას აგრძელდებს, მაგრამ იქნებ კარგიც იყოს მცირე დროის პროდუქტიულად გამოყენება? მითუმეტეს რომ მასწავლებლებიც გამუდმებით ამაზე ვზრუნავთ – სწავლა დღესასწაულად ვაქციოთ და ისეთი დღეებიც მალე და მხიარულად გავიყვანოთ, ზაფხულის მიუხედავად,  მაინც სკოლის კედელებში რომ გადის.

ჩემი სკოლის საზაფხულო პროგრამა უამრავ სხადასხვა კურსს მოიცავს. ყველა კურსის ბირთვი ინგლისური ენის შესწავლაა, თუმცა სხვადასხვა კურსი სხვადასხვა თემაზეა აწყობილი. გვაქვს თეატრის კლუბი, ანბანის კლასები, ამბის თხრობის კურსი და კიდევ უამრავი.  ამ ზაფხულს ჩვენს სასზაფხულო სკოლას ახალი კურსი – კითხვის აკადემია დაემატა. ცხადია, სხვადასხვა ზომის, შინაარსის და ფორმის ტექსტების სწავლება ჩვენთვის ახალი არ იყო, თუმცა ჩვეულებრივ გაკვეთილებზე, როგორც წესი, ამას 20-30 წუთი ეთმებოდა, კითხვის აკადემიაში კი ერთი ტექსტისთვის ორი საათი უნდა დაგვეთმო. ამიტომ კურსის გასაცნობი ტრენინგების დასრულებისთანავე თანამშრომლები აქტიურად შევუდექით ახალ აქტივობებზე ბჭობასა და ბაასს, რათა ორი კვირის მანძილზე ყოველი დღის ორი გრძელი საათი, ორ სახალისო და დასამახსოვრებულ საათად გვექცია.

კურსის მიხედვით გაკვეთილი სამ ნაწილად უნდა დაყოფილიყო: კითხვამდე, კითხვის დროს და კითხვის შემდგომ ეტაპებად, რომლებიც სხვადასხვანაირი აქტივობების დაგეგმვას მოითხოვდა. გიზიარებთ რამდენიმე საუკეთესო და საინტერესო აქტივობას, რომლებმაც ყველაზე უკეთ იმუშავა იმისთვის, რომ მოსწავლეებს მთლიანი ტექსტი კარგად გაეგოთ, დაემუშავებინათ და შეეყვარებინათ.

ვიდრე უშუალოდ ამბის კითხვას შევუდგებოდეთ, უმჯობესია ყველა სიტყვა, რომელიც ამბავშია წინასწარ დავამუშაოთ. ცხადია ყველა გასარჩევ უცხოურ ტექსტს ახლავს თან ახალი და უცხო სიტყვები, თუმცა როცა მოსწავლეებს და მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ,  ჩვენთვის უფრო მარტივი ხდება სიად გამზადებულ უცხო სიტყვებს ის სიტყვებიც დავამატოთ, პირველ რიგში ჩვენ რომ მოგხვდა თვალში ტექსტის კითხვისას და გავიფიქრეთ, ეს რთულია სიტყვაა (გამოთქმა/წინადადება), ალბათ არ ეცოდინებათო. მოსწავლეებისთვის ახალი სიტყვების წარდგენისთვის აუციილებელი ატრიბუტი რომ ვიზუალური მასალაა, ალბათ ამაზე უკვე ბევრია თქმულა, თუმცა არანაკლებ ეფექტურია თამაშები, რომლებიც შეგვიძლია სიტყვების წარდგენის შემდგომ ვითამაშოთ. მთავარია ზუსტად ვიცოდეთ, თუ რა არის ჩვენი ფოკუსი; მაგალითად, თუკი გვსურს მოსწავლეებმა რაც შეიძლება მალე დაიმახსოვრონ თუ როგორ იწერება ახალი სიტყვები,შეგიძლიათ, ეს თამაში გამოიყენოთ. გამოსახეთ სიტყვები (სურათებითურთ) დაფაზე ან ეკრანზე, წინასწარ გაამზადეთ ორი ფურცელი, რომელზეც მხოლოდ სურათებია და არა წარწერები, დადეთ ფურცლები ცალცალკე მერხზე ან სკამებზე თითო ფანქართან ერთად. მოსწავლეები დაყავით ორ ჯგუფად და სთხოვეთ რიგში ჩადგენენ: თითო გუნდიდან ორმა მოსწავლემ უნდა მოირბინოს ფურცლებთან გადაიწეროს ერთი სიტყვა და გაიქცეს თავის ადგილას, რათა ახლა მისმა სხვა გუნდელმა შეძლოს მოსვლა. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც ყველაზე პირველი დაასრულებს ყველა სიტყვის გადაწერას, თუმცა ყურადღება მიაქცციეთ შეცდომებსაც.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობა კი ბავშვებისთვის ტექსტიდან მათი საყვარელი სიტყვების დახატვა აღმოჩნდა. თავისუფლება ჰქონდათ აერჩიათ, რა სახით დახატავდნენ სიტყვას, ნახატებით თუ ასოების ლამაზად და ფერად-ფერადად გამოსახვით. ჩემდა გასაკვირად, ყველამ კალიგრაფია აირჩია, თუმცა ალბათ უკეთესიც იყო, აქტივობის ბოლოს ყველამ უშეცდომოდ იცოდა, როგორ იწერებოდა თითოეული სიტყვა.

კითხვის დროს და კითხვის შემდგომი აქტივობები, არსებითად, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა თუკი მიზანი სხადასხვაა, მათი კლასიფიცირებაც ადვილია. მაგალითად, თუ გვსურს მოსწავლეები გაწაფულ კითხვაში ვავარჯიშოთ, აუცილებელია, რომ მანამდე ისეთი აქტივობები გვქონდეს, რომლებიც მათ შინაარსის და ამბის აღქმაში ეხმარებათ; ასეთი აქტივობები ტექსტის თავდაპირველი გარჩევის თანადროულია. ხოლო, როცა დავრწმუნდებით, რომ შინაარსი ყველას გადასარევად ესმის, უკვე შეგვიძლია გაწაფული კითხვის პრაქტიკაზე – კითხვის შემდგომ აქტივობებზე გადასვლა.

შინაარსის აღქმისთვის ყველაზე კარგი ამბის დაყოფა და ხელახლა აწყობა აღმოჩნდა. ასე ბავშვები მარტივად იგებენ, მიზეზშედეგობრივობას და მოვლენათა განვითარებას. რასაკვირველია, ამის გაკეთებაში თავდაპირველად მასწავლებელი ეხმარებათ, თუმცა მოგვიანებით, უკვე თავდაც ახერხებენ დასაწყისის, შუა ნაწილის და დასასრულის გამოყოფას –  რაც, თავის მხრივ,  პირველი ეტაპია იმისა, რომ მოგვიანებით ტექსტის დაყოფა უფრო დეტალურად მოახერხონ.

კითხვაში და მოვლენათა ლოგიკურ თანმიმდევრობაში კარგად რომ ივარჯიშოთ, ამობეჭდეთ წინადადებები ან აბზაცები ტექსტიდან, იმის მიხდევით, თუ რამხელაა ტექსტი, ერთმანეთში აურიეთ და მოსწავლეებს სთხოვეთ თანმიმდევრობით დაალაგონ. აქტივობა რომ კიდევ უფრო სახალისო იყოს, შეგიძლიათ აბზაცები პაზლის ნაწილებზე დაიტანოთ და ისე დაბეჭდოთ. ცხადია, ამ რესურსის დაჭრა და გამზადება უფრო მეტ დროს მოითხოვს, თუმცა პაზლი მოსწავლეებს საქმეს უმარტივებს და გულებსაც უხარებთ.

კითხვის შემდგომი აქტივობებიდან ყველაზე გამორჩეული როლური თამაშები იყო, სადაც მოსწავლეებს პერსონაჟები უნდა გაეთამაშათ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დავალებები, სადაც ტექსტიდან უნდა ამოეწერათ პერსონაჟები, სცენები, მოვლენები, წარმოქმნილი პრობლემები და გამოსავლები. მერე კი ამ ყველაფრის მიხედვით პოსტერები უნდა აეწყოთ. პოსტერები შეეძლოთ დაეხატათ, ნაწილობრივ დაეწერათ, ან სურათები ჩაეკრათ.

გაწაფული კითხვის პრაქტიკისთვის კი ყველაზე სახალისოა მისცეთ წრეზე დამსხდარ მოსწავლეებს თითო წინადადება ტექსტიდან და 40-60 წამი, ამ დროში სათითაოდ უნდა წაიკითხონ წინადადება და მომდევნო მოსწავლეს გადასცენ. თუმცა არასწორად წაკითხვის გამო ხელახლა უწევთ წაკითხვა და დროს კარგავენ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მოდნომებით ცდილობენ ერთდროულად სწორად და სწრაფად ამოკითხვას. შედეგიც სულ მალე სახეზეა ხოლმე: ყველა გამართულად კითხულობს და თან ყოველი სიტყვის მნიშვნელობა ესმის.

არდადეგები საზაფხულო დავალებად

0

ზაფხულის არდადეგები ყველაზე მნიშვნელოვანი დროა დასვენებისთვის, თავგადასავლების ძიებისა თუ თვითგანვითარებისთვის. განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და მშობლები დღემდე კამათობენ საზაფხულო დავალებების მოცულობასა და შინაარსზე. ჩემი აზრით, ზაფხულის დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად დასვენებას უნდა დაეთმოს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამი თვის განმავლობაში თუ არაფერი ვაკეთეთ, გასული წლის მანძილზე შეძენილი სასწავლო უნარ-ჩვევები შესაძლოა ხელახლა გამოსამუშავებელი გაგვიხდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დაწყებით საფეხურზე. ამიტომაც, ყოველთვის ბევრს ვფიქრობ არდადეგების დავალების თემატიკაზე, ფორმასა თუ შინაარსზე. ზაფხულში მეცადინეობის პროცესი განსხვავებული უნდა იყოს. სასურველია, დავალების ფორმატი მუშაობის პროცესში ოჯახის წევრთა ჩართვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდეს ან მათთვის ემოციების გაზიარების სურვილს აჩენდეს. ასეა თუ ისე, საზაფხულო არდადეგების დავალების შედგენის დროს, მასწავლებლებს მართლაც მეტი დაფიქრება გვმართებს.

ჩემს საგანში თითოეული სასწავლო საფეხურისთვის ფრთხილად ვარჩევ საზაფხულო საკითხავს, შემდეგ კი მათ შეძლებისდაგვარად მრავალფეროვან, დინამიურ დავალებებს მივუსადაგებ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად მერთულება პირველკლასელთა დავალების შედგენა. მათთვის აუცილებელია, ცოტ-ცოტა, მაგრამ სისტემატურად იკითხონ და წერონ, რადგან  ჯერ არ აქვთ სათანადოდ განმტკიცებული წერა-კითხვის ტექნიკური უნარ-ჩვევები. თუმცა აუცილებელი სულაც არ ნიშნავს რუტინულს, ამიტომ, პირველკლასელებისთვისაც ვადგენ  საკითხავი ლიტერატურის სიას და მრავალფეროვან დავალებებს.

სამწუხაროდ, ახალბედა მკითხველებისთვის შესაფერისი ლიტერატურის სია მწირია, თუმცა მაინც მოიძებნება ცნობილი მეზღაპრეების (შარლ პერო და სხვ.), ქართული ხალხური ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ადაპტირებული კრებულები, რომელთა მოცულობა, ლექსიკა თუ შინაარსობრივი მხარე 7 წლის მკითხველების ინტერესებსა და საჭიროებებს ერგება. თუ თქვენს მოსწავლეებს შორისაც არიან ახალბედა მკითხველები გაწაფული კითხვის სათანადო უნარებით, მათ შეგიძლიათ ზღაპრებზე ვრცელი ამბების წაკითხვა შესთავაზოთ, მაგალითად: დონალდ ბისეტის „ძია ტიკ-ტაკის თავგადასავალი“, ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“ ან ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“.

პირადად მე, პირველი კლასიდანვე ვცდილობ ე.წ. მკითხველის ჩანაწერების კეთებას შევაჩვიო ჩემი მოსწავლეები. ამიტომ ვურჩევ, ყოველი ზღაპრის, მოთხრობის თუ წიგნის თავის წაკითხვის შემდეგ, სასწავლო საფეხურის შესაბამის რვეულში ამოიწერონ პერსონაჟთა სახელები, დახატონ რჩეული გმირები და ჩაწერონ რვეულში მათი დამახასიათებელი, თვალსაჩინო თვისებები (მაგალითად: წითელქუდა არის მზრუნველი (ბებოსთან მიაქვს საჭმელი) და გულუბრყვილო (მგელს ენდო)), შეაფასონ წაკითხული წიგნი მარტივ კონსტრუქციაზე (მე ამ ზღაპარში/წიგნში მომეწონა … არ მომეწონა…) დაყრდნობით, დააფიქსირონ კითხვის შემდეგ აღძრული ემოცია (მე ამ ზღაპარმა/წიგნმა გამამხიარულა, დამაფიქრა, დამამწუხრა და ა.შ.), მოაწყონ მკითხველთა თეატრი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით დამზადებული ქაღალდის პერსონაჟებით/თოჯინებით და სხვ. ასევე შეგვიძლია, მოსწავლეებს თავად ზაფხული დავახასიათებინოთ (როგორია ზაფხული? რა ხდება ამ დროს მნიშვნელოვანი? მიყვარს თუ არ მიყვარს ზაფხული? რატომ?).

მეორე კლასიდან საკითხავი ლიტერატურის მეტი არჩევანია და შესაბამისად, უფრო მრავალფეროვანი, სხვადასხვა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებული დავალებების შედგენის საშუალება გვეძლევა. ზემოაღნიშნული „მკითხველის დღიურის“ წარმოებას ყველა კლასში ვითხოვ, თუმცა საკითხავი წიგნების რაოდენობა და შესასრულებელი დავალებები, ასაკის შესაბამისად, რთულდება. აი, მაგალითად:

ახალი საბავშვო გასართობების მოსინჯვა გნებავთ? ასტრიდ ლინდგრენის წიგნებში ამის მეტს რას ნახავთ?! თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ შესანიშნავი შვედი მეზღაპრის დაუვიწყარ პერსონაჟთა უსიამოვნო გამოცდილებას გაითვალისწინებთ და საკუთარ თავზე მხოლოდ სახალისო თავგადასავლებს გამოცდით. როცა ასტრიდის წიგნებს კითხულობთ, შეგიძლიათ იყოთ მეტისმეტად ბავშვური, მორწყათ ყვავილები წვიმაში ან გალუმპვამდე იხტუნოთ გუბეებში, წიგნის გმირებთან ერთად ითამაშოთ „მეკობრეობანა“, „ანგელოზობანა“ ან „ექიმობანა“, თქვენი სათამაშო მაიმუნი ბატონ ნილსონად აქციოთ ან მეგობრებს ცხენის (იმედია, ეს ცხენიც სათამაშო იქნება) აწევაში შეეჯიბროთ. შეგიძლიათ ესტუმროთ დეიდა ბერგის მსგავსად კეთილ მეზობლებს, რომლებიც ბავშვებს დიდებივით გულმოდგინედ უმასპინძლდებიან. შეადგინოთ ქალაქგარეთ მოგზაურობის გეგმა (პერსონაჟების ან პირადი), შემდეგ კი ე.წ. მოგზაურის ჩანახატების წიგნაკი  (წიგნაკში უნდა ჩახატოთ პერსონაჟების ან თქვენ მიერ მონახულებული ადგილები და ნახატებს დაურთოთ მოკლე ჩანაწერები) შექმნათ. წიგნის გმირების მსგავსად, ალბათ თქვენც ესტუმრებით ბებიას და პაპას და გირჩევთ, მათთან გატარებული მნიშვნელოვანი დღეების დღიურში ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.

კულინარიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთავაზობ, ამოიწერონ პერსონაჟთა მიერ დაგემოვნებული კერძები, მოიძიონ რეცეპტები და ოჯახის წევრებთან ერთად სცადონ მათი მომზადება. მაგალითად, თუ მარია ფარის „ვაფლის გულებს“ კითხულობთ, სამაგიდო თამაშებით გულს რომ იჯერებთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ბელგიური ვაფლის რეცეპტი, ოჯახის წევრებთან ერთად გამოაცხოთ და ბებოების მოთუხთუხებულ მურაბასთან ერთად დააგემოვნოთ. პეპის მაჭკატები ხომ არ დაგავიწყდათ? კარლსონის მურაბები ან შემწვარი გუფთები?.. დარწმუნებული ვარ, ყველა წიგნში იპოვით თქვენთვის საინტერესო გემრიელობას და ზაფხულის დასასრულს თქვენ მიერ მოძიებული რეცეპტების ერთგვარ კულინარიულ წიგნად შეკვრასაც შეძლებთ.

დაწყებით საფეხურზე ზაფხულში წასაკითხი წიგნებიდან ასევე გამოვარჩევ ანე-კატერინე ვესტლის  დაუვიწყარ ამბავს ხელმოკლე, მაგრამ სიყვარულით სავსე მრავალსულიან ოჯახზე, სადაც მუდამ რვა ბავშვის შესაფერისი აურზაურია. იმდენი სათავგადასავლო დავალების იდეა მომდის თავში, რომ ბავშვები არჩევანის სიმწირეზე ნამდვილად ვერ დაიწუწუნებენ. მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ „დიდედას მარშრუტი“ იმ თავის მიხედვით, როცა დიდედა ტრამვაითი გასეირნებას გადაწყვეტს ან „დაემგზავრონ“ წიგნის პერსონაჟებს და ლაშქრობაში, საბარგო მანქანით თუ არა, კარვებით წავიდნენ, ტყეში კენკრა მოაგროვონ და „მოგზაურის დღიური“ (ბავშვებს შეუძლიათ აწარმოონ, როგორც წერილობითი, ასევე – ვიდეო დღიური) აწარმოონ. თუ სოფელში დასვენებას გადაწყვეტენ (წინაპართა სახლში საჩხირკედელაოს რა დალევს?!), პერსონაჟთა მსგავსად, შეუძლიათ უფროსებს სახლის შეკეთებაში დაეხმარონ ან ხის ძველი იატაკი და კარ-ფანჯარა სასურველი ფერის საღებავით შეღებონ. გალამაზებულ სახლში სტუმრების მოწვევასაც აღარაფერი უდგას წინ. ჰოდა, ამ წიგნში ისეთ საინტერესო თამაშებს აღმოაჩენენ, პატარა სტუმარს დიდ მოვლენად რომ აგრძნობინებს თავს, უფროსებს კი ბავშვობაში ამოგზაურებს.

თუ ზაფხულში ბევრს მოგზაურობთ, მაშინ „მოგზაურის რუკის“  შედგენას გირჩევთ. აირჩიეთ ერთი ქალაქი, სოფელი თუ სალაშქრო ადგილი, რომელსაც ზაფხულში ესტუმრეთ და შეადგინეთ იმ ადგილის რუკა. ფურცელზე მონიშნეთ/დახატეთ ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ნახეთ, დანომრეთ თქვენ მიერ დახატული ადგილები და რუკას დაურთეთ მათი მოკლე აღწერა შესაბამისი ნომრების მითითებით. მოგზაურს მხოლოდ რუკა არ ეყოფა, მან ასევე უნდა ჩამოწეროს საჭირო ნივთების სია, რომლის შემადგენელი ნაწილია საკვებიც. ჩამოწერეთ ე.წ. სასარგებლო სასუსნავების სია. დაფიქრდით, რომელი საკვებია თქვენთვის თან ჯანსაღი და თან გემრიელი და მხოლოდ ამის შემდეგ გაამზადეთ საგზალი.

თუ მოგზაურობა ძალიან გიყვართ, მაგრამ ამ ზაფხულს შორეული ლაშქრობის დაგეგმვა ვერ მოახერხეთ, გული არ დაგწყდეთ, იმ სოფლის სახლის ეზო დალაშქრეთ, რომელსაც ესტუმრებით. ჯერ ეზოს დეტალური რუკა შეადგინეთ, მოიარეთ მისი ყველა კუთხე-კუნჭული და მონიშნეთ რუკაზე ყველა „სტრატეგიული ობიექტი“. შემდეგ კი მოძებნეთ საუკეთესო საპიკნიკე ადგილი (მაგალითად, ხეხილის ბაღი ან ვენახი) და მოლაშქრის შესაფერისი სუფრა გაშალეთ. დამიჯერეთ, სამზარეულოდან აწაპნილ ყველისა და პურის ნაჭერს, ნაკვერჩხალზე შემწვარ „მოპარულ“ სიმინდს, ბოსტანში მოძებნილ კიტრსა თუ ხიდან საკუთარი ხელით მოწყვეტილ ხილს დაუვიწყარი გემო აქვს.

ძნელად წარმოსადგენია არდადეგები საოჯახო კინოთეატრის გარეშე. რა სჯობს ერთად სახალისო ფილმების ყურებას, საერთო ემოციის განცდას და შთაბეჭდილებების გაზიარებას?!  სამწუხაროდ, დაწყებით საფეხურზე იშვიათად უყურებენ ქართულ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს, ამიტომ ხშირად საკითხავ ლიტერატურას არდადეგებზე სანახავი ფილმების სიასაც ვურთავ. ერთ-ერთი ფილმი, რომლის ნახვასაც მოსწავლეებს ვურჩევ, არის „არდადეგებზე“, რომელიც რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა 1962 წელს გადაიღო. მოსწავლეებს ვთხოვ, ფილმის ნახვის შემდეგ მისწერონ წერილი პერსონაჟებს. ძალიან მაინტერესებს, რას ურჩევენ მოუსვენარ და-ძმას, როგორ შეაფასებენ მათი მამის გადაწყვეტილებას, რით გაამართლებენ ან გაამტყუნებენ მათ ამა თუ იმ საქციელს. უფროსკლასელებს აუცილებლად დავაფიქრებ ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის არსებულ განსხვავებაზე, რაც, ჩემი აზრით, შესანიშნავად ჩანს ქალაქიდან ჩამოსული მშობლისა და შვილების და სოფელში მცხოვრები როსტიასა და მამამისის ურთიერთობის ამსახველ სცენებში. უმცროსკლასელებს ფილმის აფიშის დამზადებას ვთხოვ, უფროსებს კი – ფილმზე მოკლე რეცენზიის დაწერას. თუ რომელიმე მოსწავლე ფილმის გადაღების ტექნიკური საკითხებით დაინტერესდება, მას კინემატოგრაფიის ისტორიის მოძიებას შევთავაზებ. ჩვენს თაობას კი ახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მოზარდებს არ ეცოდინებათ, რომ ძველად ფილმებს ფირზე იღებდნენ, რომ თავიდან კინო იყო შავ-თეთრი და „მუნჯი“. წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო დავალების შეთავაზება შეიძლება ფილმის შექმნის სათავეებთან მიბრუნებული მოსწავლეებისთვის…

ზაფხულის მიწურულს ერთგვარი მოგონებების სკივრის შექმნას გირჩევთ. მაინც როგორ უნდა შეინახოთ ზაფხული? როგორ და, უნდა შეაგროვოთ სამახსოვრო ნივთები/სუვენირები (მუზეუმის ან სხვა ადგილების ბილეთები, სამოგზაურო რუკები, მაცივარზე მისაკრავები, ნიჟარები და სხვ.), ზაფხულის ფერები და სურნელი (მცენარეები/ყვავილები), განსაკუთრებული დღეების ამსახველი ფოტოები და მოათავსოთ თემატურად გაფორმებულ ალბომში ან მუყაოს ყუთში. თითოეულ „ექსპონატს“ გაუკეთეთ ბარათი მოკლე ჩანაწერით (საიდანაა ეს ნივთი, რატომაა მნიშვნელოვანი და ა.შ.). ალბომს/ყუთს აუცილებლად დააწერეთ თარიღი. გავა წლები და ეს ნივთები თქვენი ბავშვობის ერთ-ერთი ზაფხულის მნიშვნელოვან ამბებს, ფერებს და განწყობებს გაგახსენებთ.

ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლისკენ მიმეჩქარება. იმ დავალებებს, რაც ჩემი მოსწავლეებისთვის შევადგინე, როგორც წესი, თავადაც ვასრულებ და სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად წარვადგენ. სხვა თუ არაფერი, „მოგონებების ალბომს“ აუცილებლად შევქმნი. მერე რა, რომ დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ. ზაფხული მასწავლებლებსაც ისევე გვახარებს, როგორც – მოსწავლეებს. ჰოდა, თქვენც ბედნიერ, მრავალფეროვან და დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...