ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

UNICEF GEORGIA – ს ახალი კვლევა ახალგაზრდების უნარების და საკვანძო კომპეტენციების შესახებ

0

საქართველოში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები ყოველდღიურად სხვადასხვა სოციალურ და ფსიქოემოციურ გამოწვევას აწყდებიან. იუნისეფის ახალი ანგარიში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ექმნებათ ახალგაზრდებს.

 

გამოწვევები, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან, კვლევის მიხედვით მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, მათემატიკას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.

 

საკვანძო კომპეტენციები და უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ თანამედროვე ცხოვრებაში, სამუშაო სივრცესა და საზოგადოებაში არსებულ სირთულეებს. ეს უნარები ქმნიან ყოვლისმომცველ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია უწყვეტი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ამ კომპეტენციების განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ფორმალურ, არაფორმალურ და ყოველდღიური პრაქტიკიდან მიღებულ განათლებასთან, ადრეული ასაკიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

 

წიგნიერება 

 

მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება. კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა. წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო გამოდგა, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად. მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა. მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარსის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა.

 

მრავალენოვნება, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა

 

ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისთვის. ახალგაზრდები აღიარებენ მრავალენოვნებისა და კულტურული ცნობიერების მნიშვნელობას. მონაწილეთა 92%-მა აღნიშნა, რომ ინგლისური ენა იცის, მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი გამოხატა დამატებითი ენების სწავლის ინტერესი.

 

მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და STEM

 

მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მის შესახებ შეზღუდული წარმოდგენა აქვთ, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. ბევრი სტუდენტი ვერ აკავშირებს მეცნიერების ცოდნას კარიერული ზრდის პერსპექტივასთან ისეთ დარგებში, როგორებიცაა – სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა ან ქიმიური პროდუქციის წარმოება. უმრავლესობა აღიარებს მათემატიკისა და ფინანსური წიგნიერების ღირებულებას, მაგრამ ბევრს უჭირს აღნიშნული უნარების პრაქტიკულ სიტუაციებთან დაკავშირება. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური წიგნიერება არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევა, უმცროსი ასაკის სტუდენტები მას ხშირად არარელევანტურად თვლიან. მონაწილეებმა გამოამჟღავნეს გარემოსდაცვითი საკითხებისა და ადამიანების და ბუნების ურთიერთკავშირის შესახებ მაღალი ცნობიერება. ბევრი მეცნიერებას უმეტესად აკადემიურ სფეროდ მიიჩნევს.

 

ციფრული კომპეტენცია 

 

მონაწილეები ფლობენ კარგ ციფრულ უნარებს და იცნობენ ტექნოლოგიებს, თუმცა ასევე აწყდებიან გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, სოციალური მედიის წიგნიერებას და ციფრული საფრთხეების გაცნობიერებას. მონაწილეებში იგრძნობა შიში, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება ადამიანებს დააკარგვინოს სამუშაო ადგილები, გააქროს ტრადიციები და დააკნინოს ადამიანური კავშირები. ასევე ახალგაზრდებმა გამოთქვეს წუხილი, რომ ტექნოლოგიებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტრადიციულ კულტურულ ნორმებზე და ადამიანებს შორის ურთიერთობაზე. ამის მიუხედავად, მონაწილეთა უმეტესობა აღიარებს ციფრული ტექნოლოგიების შესაძლო სიკეთეებს გლობალური განვითარებისთვის.

 

პიროვნული, სოციალური და სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები

 

პიროვნული, სოციალური და სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა და გამძლეობის უნარები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კვლევის მონაწილეებმა ისაუბრეს თვითრეფლექსიის, კარიერული გზის არჩევასა და პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნეს, რომ ხშირად გრძნობენ მოტივაციის ნაკლებობას საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სტრუქტურების გამო. წარმატებისთვის აუცილებელ პირობად დასახელდა ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა, საკუთარი ძალების იმედი და განათლებაზე ფოკუსირება. მონაწილეებმა გამოხატეს ინტერესი დროის მენეჯმენტის, თვითრეფლექსიის, გუნდური მუშაობისა და ემპათიის უნარ-ჩვევების განვითარებისადმი, თუმცა აღნიშნეს, რომ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა. პიროვნული განვითარების გეგმის უქონლობა და არაფორმალური სწავლის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან ხარვეზად იქნა იდენტიფიცირებული.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ბევრი მონაწილე ინფორმირებულია ფსიქიკური პრობლემების რისკებზე, თუმცა საკითხის ცოდნა შეზღუდულია. ახალგაზრდების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით, ფინანსური ხელმისაწვდომობისა და სტიგმის კუთხით, რაც სერიოზული დაბრკოლებებია. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მეტი განათლების საჭიროებას, განსაკუთრებით სკოლის დონეზე, რათა ადამიანებმა შეძლონ სიმპტომების ამოცნობა და დახმარების მოძიება. ბულინგი და ოჯახური პრობლემები დასახელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფართოდ გავრცელებულ ხელშემწყობ ფაქტორად.

 

თუ კვლევას ჩავუღრმავდებით და მიზეზებზე ვისაუბრებთ, გავიხსენებთ სხვა კვლევებს, რომლებიც ეხებოდა ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობას საქართველოში, გადავხედავთ ჩვენს ყოფას, სოციალურ, პოლიტიკურ მდგომარეობას, მიზეზები უფრო თვალნათლივ გამოჩნდება. დღეს საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერა, არც საკმარისი ფსიქო-სოციალური სერვისი, არც ეფექტიანი დასაქმებისა და განათლების ხელშემწყობი პროგრამები, ფასები საკვებზე და მედიკამენტებზე კატასტროფული სისწრაფით იზრდება, ბავშვებს სკოლაში შიათ, განათლების დონე დაბალია და სიღარიბე კვლავ თრგუნავს ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებასა და წარმატებულ მომავალს. დღეს უამრავ ახალგაზრდას არ აქვს წვდომა დაბალანსებულ, ჯანსაღ საკვებზე, რაც ხშირად პირდაპირ უკავშირდება სიღარიბეს, განათლების დეფიციტს, აკადემიურ ჩამორჩენას, ასევე აისახება მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ახალგაზრდები სწავლის პარალელურად მუშაობენ მძიმე სამუშაო პირობებში, დაბალანაზღაურებად პოზიციებზე, იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ, რაც იწვევს გადატვირთვას, სტრესს, უიმედობას და აპათიას, რის გამოც ხარისხიანი განათლებისთვის არ რჩებათ დრო და ენერგია. სკოლა და უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ იმ უნარების განვითარებას, რომლებიც რეალურ შრომით ბაზარს სჭირდება, რადგან საგანმანათლებლო გარემო კვლავ უთანასწოროა და კარგი განათლების მიღება ჩვენს ქვეყანაში ასევე უკავშირდება დიდ ხარჯებს, რაც ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური გამოწვევაა. სანამ ახალგაზრდებს იმის გამო დავადანაშაულებთ, რომ, კვლევის მიხედვით, მათ ვერ აჩვენეს საუკეთესო შედეგი, კარგი იქნება თვალი გავუსწოროთ იმ სინამდვილეს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. სინამდვილეა, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს და გამოწვევებს უპასუხებს და მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს.

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობა

0

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესს აკავშირებს რეალურ სამყაროსთან. იგი ემყარება სასწავლო კურიკულუმთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის მკვიდრ წარმოდგენებს და იმ გამოწვევებს, რაც სასწავლო პროცესს უფრო პროდუქტიულსა და მიზანმიმართულს გახდის. ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, პროექტებით მუშაობა გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა. იგი ეწინააღმდეგება მექანიკურ დამახსოვრებაზე მიმართული სწავლების მეთოდს და ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკულ საქმიანობაზე, კვლევასა და ანალიზზე. მოსწავლე ეუფლება პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხშირად ინტეგრირებულია და აერთიანებს სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფს. სწავლა-სწავლების ასეთი მიდგომები ზრდის მოტივაციას და მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის დამოუკიდებლად და სიღრმისეულად ათვისებისკენ.

სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდას ბევრ სიახლესთან მოუწევს ადაპტირება, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილის მოსმენა ან დავალების შესრულებაა. რეალურ სამუშაო გარემოში საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის ეფექტური მართვა და ჯგუფური თანამშრომლობა. სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება პროექტზე დაფუძნებული სწავლება. პროექტზე მუშაობა ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა გუნდურობა, კვლევის ანალიზი, დროის მენეჯმენტი, პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრა, ეფექტური თანამშრომლობა, სამუშაოსთვის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა, დამოუკიდებელი მუშაობისა და კრიტიკული პროცესების მართვა, ინფორმაციის სინთეზი, მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება, პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა პროექტში ჩართვა ან მათი მართვა.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და მისი შესაძლებლობების აქტიურ რეალიზაციას სასწავლო პროცესში; საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, თავად ამოიცნოს და შეაფასოს რეალურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. პროექტებით მუშაობა სასწავლო პროცესს აკავშირებს საკლასო ოთახის მიღმა არსებულ სამყაროსთან, ის არის ხიდი თეორიასა და პრაქტიკას შორის, ამყარებს თეორიულ ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერს. სწორედ ამ გზით ხდება სწავლა უფრო მიზანმიმართული და მოტივაციაზე დაფუძნებული.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ჯგუფური აქტივობა ან შემთხვევით შერჩეული თემის დამუშავება. ეფექტური პროექტი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ინტერესებს, კლასის დინამიკას ან თემის რეალურ საჭიროებებს. სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს აქტიურ მონაწილეობას, ღრმა ჩართულობასა და ნაყოფიერი დასწავლის გამოცდილებას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საგაკვეთილო მასალით. ის მოზარდს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა რეალურ კონტექსტში გამოიყენოს. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს საგნობრივი შინაარსის ღრმად გააზრებას, მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის ზრდას. წარმატებული პროექტის განხორციელება მოითხოვს წინასწარ ჩატარებულ კვლევას, ამ კვლევაზე დაფუძნებულ დაგეგმვას და ეტაპობრივ განხორციელებას, იქნება ეს პრეზენტაცია, მოდელი თუ სხვა სახის პროდუქტი.

პროექტებით სწავლებისას მოსწავლე თავად ეძებს გზებს პრობლემის ან საკვლევი საკითხის გადასაჭრელად. მისი მიზანი აღარ არის მხოლოდ სწორი პასუხის პოვნა. ის ხდება პროცესის ავტორი – იკვლევს, აანალიზებს და ქმნის. ამ ტიპის სწავლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ მოზარდს აქვს მკაფიო მოლოდინი და მოტივაცია, ეს კი უზრუნველყოფს უფრო დამოუკიდებელ, მიზანმიმართულ და გააზრებულ მუშაობას.

პროექტის იდეა ხშირად იბადება ლექციური, თეორიული საკითხის გააზრებით, თუმცა პროექტზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს მუშაობას საკლასო სივრცის ფარგლებს მიღმა. მისი ეფექტურობა სწორედ ის გახლავთ, რომ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მზა ფორმულით, მოცემულის ზედაპირული გააზრების ნაცვლად, საკუთარი გზა იპოვოს ამოცანის გადასაწყვეტად. მოზარდი ყველაზე ეფექტურად მაშინ სწავლობს, როდესაც დასასწავლი საკითხი აღვივებს მის ინტერესსა და ფანტაზიას. მნიშვნელოვანია, მოზარდს ჰქონდეს ავტონომია როგორც შინაარსის შერჩევაში, ისე მუშაობის ფორმისა და გზის განსაზღვრაში. ასეთი დაინტერესებით შესრულებული სამუშაო კი უზრუნველყოფს სწავლების პროცესის ეფექტურობასა და პროდუქტიულობას.

პროექტებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული უნარების განვითარებას; აძლევს მას საშუალებას, დაეუფლოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, გაიღრმაოს თანამშრომლობის უნარები და განივითაროს დამოუკიდებლად მუშაობის პრაქტიკა; სწავლობს პასუხისმგებლობის აღებას, დროის მართვასა და შემოქმედებით აზროვნებას.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლე აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, ის ხდება შემცნობი, კვლევის ავტორი და აღმოჩენის მონაწილე. ასე იქმნება ნამდვილი ინტელექტუალური შრომის გამოცდილება, რაც მოსწავლეს უყალიბებს მიღებული ცოდნის ღრმად გააზრებისა და გამოყენების უნარებს. მოზარდს შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა და ინიციატივის გამოჩენა – უნარები, რომლებიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება XXI საუკუნის ციფრულ სამყაროში.

სასწავლო-კვლევითი პროექტები ხელს უწყობს თანამშრომლობას, რეფლექსიას, პასუხისმგებლობის გაზიარებასა და თანატოლებისაგან სწავლას; სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ცხოვრებისეულს, აქტიურსა და დატვირთულს ხდის, ისე, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი სწრაფად ცვალებადი, ტექნოლოგიურად გაჯერებული რეალობა.

თანამედროვე ციფრული ეპოქა, რომელსაც თანდათანობით სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტი (AI), განათლების სფეროში აყენებს ახალ საჭიროებებსა და გამოწვევებს. არსებული რეალობის გათვალისწინებით, სასწავლო-კვლევითი პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. AI-ის ეპოქაში ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი გააზრება, კრიტიკული შეფასება და ახალ კონტექსტში ჩასმაეს ის უნარებია, რომლებიც პროექტებზე მუშაობით ყალიბდება. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, სასწავლო-კვლევითი პროექტები ახალგაზრდას აყალიბებს, როგორც მკვლევარსა და შემოქმედებითად მოაზროვნეს, მომზადებულს ინოვაციურ და ცვალებად გარემოში ვარირებისთვის. პროექტებზე მუშაობა ავითარებს მოზარდის ციფრულ კომპეტენციებს, რაც უპირობოდ აუცილებელია AI-თან ეფექტური თანაცხოვრებისთვის.

AI-ის ეპოქაში მეტად მნიშვნელოვანია სწავლა კეთებით. ამ დროს მოსწავლე მხოლოდ დამკვირვებელი კი არა, პროცესის აქტიური მონაწილეა. რეალური ექსპერიმენტების ჩატარება, რეალურ კონტექსტში მოფიქრებული და განსაზღვრული დავალებების შესრულება მნიშვნელოვნად ამაღლებს სწავლების ხარისხს. მოზარდი იძენს ცოდნის გამოყენების ტრანსფერულ უნარებს – როგორ დაგეგმოს პროცესი, დააფიქსიროს შეცდომა, გააანალიზოს მონაცემები და შედეგი შეუსაბამოს დასახულ მიზანს; მოზარდი თავად მიდის თეორიულად მასალის პრაქტიკულ გააზრებამდე.

რეალურ ექსპერიმენტებზე დაფუძნებული პროექტი სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. ის თეორიულ ცოდნას აკავშირებს პრაქტიკულ გამოცდილებასთან და ახალგაზრდას უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია მომავალი წარმატებისთვის. სწავლა კეთებით ქმნის სივრცეს ექსპერიმენტებისთვის, კრეატიული მიდგომებისა და მრავალფეროვანი პასუხებისთვის. ასეთი გამოცდილება კი უფრო მომზადებულს ხდის მოსწავლეს იმ სამყაროსთვის, სადაც ცოდნის უბრალოდ ფლობა საკმარისი აღარაა, საჭირო ხდება მისი გამოყენება, განვითარება და ინტერპრეტაცია.

თუ შევაჯამებთ, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურობა და მნიშვნელობა შეიძლება დავალაგოთ შემდეგნაირად:

  • ავთენტური შეფასება: პროექტზე დაფუძნებული სწავლება საშუალებას იძლევა, ტრადიციულ ტესტირების ნაცვლად, მოსწავლე უფრო ეფექტურად შეფასდეს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა – პრეზენტაცია, პროექტის შედეგის ანალიზი, შექმნილი მოდელი, ესეი, პორტფოლიო და სხვა;
  • მოსწავლის მომავლისთვის მომზადება: პროექტებით მუშაობა მოზარდს აძლევს საშუალებას, დახვეწოს შესაბამისი სასწავლო ტექნიკები, გაითავისოს ის გამოცდილება და დამოკიდებულებები, რომლებიც აუცილებელია ცვალებად და კონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად;
  • ცოდნის განმტკიცება პრაქტიკით: თეორიული მასალის პრაქტიკული გააზრება ამყარებს ცოდნას და ხელს უწყობს ნასწავლის სიღრმისეულად ათვისებას. ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე უკეთ ხედავს, როგორ მუშაობს კონცეფცია პრაქტიკაში, რაც სწავლებას უფრო ნაყოფიერს ხდის;
  • კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება: სასწავლო-კვლევითი პროექტები ხელს უწყობს მოზარდის კრიტიკულ აზროვნებას. მას უწევს პრობლემის იდენტიფიცირება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტის დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. ამ პროცესში ახალგაზრდა სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს მოულოდნელ სირთულეებსა და მარცხს, რაც უმნიშვნელოვანესი უნარია ნებისმიერ სფეროში საქმიანობისთვის;
  • მეცნიერული მეთოდის გაგება და გამოყენება: საკვლევ თემაზე მუშაობისას მოსწავლე უშუალოდ ეცნობა და იყენებს ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა – დაკვირვება, კითხვების დასმა, ჰიპოთეზის შემუშავება, ტესტირება, მონაცემთა ინტერპრეტაცია და შედეგების პრეზენტაცია. ეს უნარები ფუნდამენტურია არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, არამედ ნებისმიერ სფეროში საქმიანობაში;
  • პრაქტიკული უნარების გამომუშავება: ექსპერიმენტული პროექტები ხშირად მოითხოვს სხვადასხვა მოწყობილობის და ტექნიკის გამოყენებას. იქნება ეს ლაბორატორიული აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა, თუ კონკრეტული საველე ინსტრუმენტები. ასეთი მუშაობით კი ახალგაზრდა იძენს ისეთ პრაქტიკულ, ხელშესახებ უნარებს, რომლებიც მას მომავალში გამოადგება;
  • მოტივაციის ამაღლება და ინტერესის გაღვივება: სწავლა ხდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი, როდესაც მოსწავლეს აქვს საშუალება, თავად გამოიკვლიოს და აღმოაჩინოს. კვლევა აღვივებს ცნობისმოყვარეობას და ზრდის მოტივაციას, რადგან მოზარდი უშუალოდ ხედავს თავისი შრომის შედეგს;
  • შეცდომებზე სწავლა და მოქნილობა: რეალურ ექსპერიმენტებში ხშირად ხდება, რომ პროცესები ზუსტად დაგეგმილის შესაბამისად არ ვითარდება. ეს გამოცდილება ახალგაზრდას ასწავლის, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ პიროვნული ზრდის შესაძლებლობაა. ის ეუფლება მოქნილ აზროვნებას და სწავლობს, როგორ დაარეგულიროს და მართოს საკუთარი მიდგომები გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გაუმჯობესება: პროექტებით სწავლება ბუნებრივად გულისხმობს გუნდურ მუშაობას. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მეგობრებს გაუზიაროს იდეები, ერთმანეთში გადაინაწილონ პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად. ასეთი გამოცდილება ეხმარება ახალგაზრდას, უკეთ გამოხატოს აზრი, თამამად წარუდგინოს სხვებს საკუთარი ნამუშევარი და მიღებული გამოცდილება.

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ თითოეული მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში, არამედ ისეთი საზოგადოების ფორმირებაშიც, რომელიც აზროვნებს კრიტიკულად, ეძებს ახალ გზებს და არ ეშინია ინოვაციური გადაწყვეტილებების.

 სასკოლო პროექტები შეძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

  • სასწავლოკვლევითი პროექტი:
  • მოითხოვს საკვლევი საკითხის გამოკვეთას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, დამამტკიცებელი და უარმყოფელი არგუმენტების მოძიებას; ჩატარებული სამუშაოს ანალიზს; კვლევის ეფექტური შედეგების მისაღებად, საინტერესო მიდგომების მოფიქრებას;
  • ხელს უწყობს მოზარდში მეცნიერული კვლევების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
  • სოციალური პროექტი:
  • შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ თემებზე – ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სერვისის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, განათლება, დასვენების ორგანიზება, შემოქმედება და სხვა;
  • სოციალური პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოქალაქეობრივად აქტიურ ჩართულობას, პასუხისმგებლობის და ემპათიის უნარების განვითარებას.
  • როლური ხასიათის პროექტი:
  • იდეის ან შედეგის უკეთ გადმოსაცემად იგონებენ სიტუაციებს და დგამენ როლურ თამაშებს, პროექტის თემიდან გამომდინარე ირგებენ სხვადასხვა როლს, მაგ. ლიტერატურული გმირის, ისტორიული პიროვნების, მეცნიერის და სხვ.;
  • როლური პროექტები ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და მრავალმხრივი გააზრების უნარს.
  • ინფორმაციულშემეცნებითი პროექტი:
  • გულისხმობს ინფორმაციის მოძიებას, კლასიფიკაციას, განხორციელებული სამუშაოების წარმოდგენის ფორმის შემუშავებას, განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, მაგ. ინტერნეტსივრცეში განთავსებისთვის;
  • მიზნად ისახავს კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გაზიარებას. ის ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ანალიტიკურ აზროვნებას და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
  • შემოქმედებითი ტიპის პროექტი
  • არ ითხოვს გეგმის დეტალურ გაწერას, მოვლენები ვითარდება მოსწავლეთა მიდგომებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს აქტივობების თავისუფალ და კრეატიულ მიდგომებს;
  • ხელს უწყობს მოზარდის ფანტაზიის, თვითგამოხატვისა და ინდივიდუალური სტილის განვითარებას. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შექმნას ორიგინალური პროდუქტი – იქნება ეს ტექსტი, ნახატი, ესე, მელოდია, სპექტაკლი თუ სხვა.
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული პროექტი:
  • მსგავსი პროექტის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას რაიმე რესურსი (პლაკატი, პოსტერი, მოდელი), რომელიც გამიზნულია პრაქტიკაში გამოსაყენებლად;
  • ხელს უწყობს თეორიული ცოდნის რეალურ სიტუაციებში გამოყენებას და ავითარებს პრაქტიკულ უნარებს, რაც აუცილებელია ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.

 წარმოგიდგენთ სასწავლოკვლევითი პროექტის სტრუქტურას:

პროექტის სახელწოდება  
პროექტის ტიპი  
საგანი (საგნები)  
კლასი  
მონაწილეთა ასაკი  
პრობლემის ანალიზი  
თემა /საკითხები /ქვესაკითხები  
სამიზნე ცნება  
სტანდარტთან კავშირი  
კვლევა რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი  
გრძელვადიანი მიზნები  
მდგრადი განვითარების მიზნები  
პროექტის მიზნები და ამოცანები  
პროექტის ვადები  
მოსალოდნელი შედეგები და რისკები  
პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები  
სასარგებლო ბმულები  
გამოყენებული რესურსები  

 

პროექტის გეგმის დასაწერად საჭიროა რამდენიმე პუნქტობრივი განმარტება:

  • პროექტის ტიპი:
  • საგნობრივი მუშაობა მხოლოდ ერთი საგნის ფარგლებში;
  • ინტრადისციპლინური – ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში სხვადასხვა საკითხის ინტეგრაცია;
  • ინტერდისციპლინური – საერთო მიზნის მისაღწევად, რამდენიმე საგნის (სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის) შერწყმა;
  • მულტიდისციპლინური საგნები მონაწილეობენ პარალელურად, ერთმანეთის შინაარსში ჩარევის გარეშე; დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემო;
  • ტრანსდისციპლინური საგნობრივი საზღვრების გადალახვა რეალური ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად.
  • პრობლემის ანალიზი:
  • პროექტში უნდა განისაზღვროს კონკრეტული პრობლემა და გამოიკვეთოს, რატომ არის ის საგნობრივად ან სოციალურ დონეზე აქტუალური;
  • საჭიროა პრობლემის მიზეზების და მისი შესაძლო გავლენის ანალიზი;
  • სასწავლო-კვლევით პროექტებში შესასწავლი პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე სამეცნიერო საკითხის რთულად აღქმას, მის ახსნასა და გააზრებას;
  • რა გზით, რა მეთოდით სჯობს საკითხის მოსწავლემდე მიტანა ისე, რომ გაღვივდეს ინტერესი და გამარტივდეს გააზრება.
  • სამიზნე ცნება:
  • პროექტის გეგმა უნდა პასუხობდეს მესამე თაობის ესგ-ს მოთხოვნას;
  • რომელ გრძელვადიან მიზანთან (სამიზნე ცნებასთან) მიმართებაშია პროექტის ფარგლებში განსახილველი საკითხები/ქვესაკითხები.
  • სტანდარტთან კავშირი:
  • პროექტში უნდა იყოს განსაზღვრული საგნობრივი სტანდარტით მისაღწევი შედეგები.
  • კვლევა, რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი:
  • ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, ანალიზი, ექსპერიმენტის ჩატარება, მოდელზე მუშაობა თუ სხვა პრაქტიკული მოქმედებები;
  • განსაზღვრული უნდა იყოს, კვლევის პროცესში რომელი უნარები განვითარდება, მაგ: დაკვირვება, შეკითხვების დასმა, ჰიპოთეზის შექმნა, მონაცემების ინტერპრეტაცია, დასკვნების გამოტანა, პრეზენტაციის აწყობა, აუდიტორიის წინაშე წარდგენა და სხვა.
  • მდგრადი განვითარების მიზნები:
  • სასურველია, თუ პროექტში გავაკეთებთ ჩანაწერს, მდგრადი განვითარების რომელი მიზნისკენაა მიმართული დაგეგმილი სამუშაო;
  • როგორ უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს (მაგ., ხარისხიანი განათლება, სუფთა წყალი, კლიმატის ცვლილება, კეთილდღეობა ან სხვ.);
  • მდგრადი განვითარების მიზნების გამოკვეთა პროექტს აქცევს სოციალური ღირებულების მქონედ.
  • გრძელვადიანი მიზნებში
  • უნდა განისაზღვროს, გრძელვადიან პერსპექტივაში რა ტიპის სასწავლო, სააზროვნო უნარების და კომპეტენციების განვითარებას შეუწყობს ხელს პროექტი;
  • როგორ დაეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მიდგომის გაღრმავებაში;
  • რატომ არის ღირებული? რა მნიშვნელობა აქვს მის შინაარსს მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის და რეალურ სამყაროში ორიენტაციისთვის.
  • პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • საჭიროა განმარტება საერთო იდეასა და მიმართულებაზე, რომელსაც პროექტი ისახავს, რა მიზანს ემსახურება მუშაობის მთელი პროცესი;
  • ამოცანები, ანუ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიზნების მიღწევისთვის უნდა შესრულდეს;
  • საჭიროა ზუსტად ჩამოყალიბდეს, რას უნდა მიაღწიოს პროექტმა შინაარსობრივად, ესგ-სთან მიმართებაში, საგნობრივად და უნარების განვითარების თვალსაზრისით.
  • მოსალოდნელი შედეგები და რისკები
  • რას ველით პროექტისგან მოსწავლეთა ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების დონეზე (ესგ-ს მიზნების შესაბამისად);
  • რა შესაძლო სირთულეებთან (რისკებთან) შეიძლება დაგვჭირდეს გამკლავება, დროის დეფიციტი, რესურსების ნაკლებობა და სხვ.
  • პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები: ეს ნაწილი მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, საქმიანობებსა და მოქმედებებს, რომლებიც საჭიროა მიზნების მისაღწევად:
  • შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
  • სამუშაო შეიძლება იყოს ექსპერიმენტი, კვლევა, შეხვედრა, პრეზენტაცია, მონაცემების ანალიზი და სხვა;
  • პროექტის იდეის და გეგმის კლასისთვის გაცნობა;
  • კლასის დაყოფა ჯგუფებად, საქმიანობის გადანაწილება და მომზადება;
  • პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • განხორციელებული სამუშაოს შეჯამება, პრეზენტაციების განხილვა, დისკუსიები და საბოლოო შეჯამება;
  • პროექტის შეფასება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკებით.
  • შეფასების რუბრიკები შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ან განმავითარებელი:
  • სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული;
  • ჰოლისტური, რამდენად მოხდა შემდეგ კომპონენტებში დასახული მიზნის მიღწევა – პრეზენტაციის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარების, დამოუკიდებლად ექსპერიმენტის ჩატარების უნარები, საიმედოობა, ექსპერიმენტის შედეგის გააზრება, მონაცემების, შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და გამოტანილი დასკვნები, პასუხი საკვლევ კითხვაზე – დადასტურდა თუ არა ჰიპოთეზა.
  • ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში პროექტს უნდა ახლდეს ბიუჯეტი:
რესურსის

დასახელება

რაოდენობა ერთეულის ღირებულება სულ სპონსორის % დახმარება
     

 

   
  • პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
  • მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
  • რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
  • რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
  • რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული?
  • რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
  • რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  • მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
  • რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს თეორიული ცოდნის განმტკიცებას და ავითარებს მოსწავლეთა პრაქტიკულ, კვლევით და პრეზენტაბელურობის უნარებს. ქმნის ნიადაგს მოტივირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდის ჩამოსაყალიბებლად. ნებისმიერ პროექტზე მუშაობა ტოვებს სივრცეს ახალი კითხვებისთვის, იდეებისა და მომავალი კვლევებისთვის, რაც სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

AI და ავტორობის საკითხი: ვინ წერს ტექსტს?

0

„რამდენად ირონიულია, რომ იქ, სადაც ბარტმა 1967 წელს გამოაცხადა „ავტორის სიკვდილი“, 2020-იან წლებში გამოჩნდა ახალი არსება — ავტორის ალგორითმული სილუეტი, რომელიც არც მკვდარია და არც ცოცხალი:

ეს არის ჩატბოტი“.

CatGPT

 „ავტორი” ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

გასული საუკუნის 60-იან წლებში, ფრანგი ფილოსოფოსისა და ლიტერატურის თეორეტიკოსის, როლან ბარტის მიერ წამოყენებულმა რევოლუციურმა იდეამ „ავტორის სიკვდილის“ შესახებ, სამუდამოდ შეცვალა ტექსტისა და მისი ინტერპრეტაციის აღქმა.

მოდი, გავიხსენოთ, როგორი იყო ბარტის ძირითადი იდეები ამ თემაზე. ბარტი ამტკიცებს, რომ „ავტორის“ ფიგურა, როგორც ტექსტის ერთადერთი და საბოლოო მნიშვნელობის მფლობელისა, ისტორიულად ჩამოყალიბდა და განმტკიცდა კაპიტალიზმის, ინდივიდუალიზმისა და საკუთრების იდეასთან ერთად. ავტორის სახელი იქცა ბრენდად, რომელიც ტექსტს გარკვეულ ღირებულებასა და „სწორ“ ინტერპრეტაციას ანიჭებს.

ბარტისთვის ტექსტი არ არის ავტორის გენიის უნიკალური პროდუქტი. ის არის „მრავალგანზომილებიანი სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმის და ეჯახება სხვადასხვა კულტურული კოდი და ციტატა“. ავტორი კი არ „ქმნის“ რაღაც ახალს, არამედ არის „სკრიპტორი“, რომელიც უბრალოდ ერთმანეთს უკავშირებს უკვე არსებულ კულტურულ მასალას. ნიშანდობლივი და დასაფიქრებელია, რომ ბარტი იმ დროს ისე წერდა ავტორზე, როგორც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ AI-ზე და მის მიერ შექმნილ ტექსტებზე.

ბარტის ცნობილი ფრაზის თანახმად, მკითხველის დაბადება ავტორის სიკვდილის ფასად უნდა მოხდეს. ბარტი ამტკიცებდა, რომ ტექსტის მნიშვნელობა მკითხველის აღქმაში იბადება და არა ავტორის განზრახვაში. დღეს, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ეპოქაში, ეს კონცეფცია სრულიად ახლებურად გაიაზრება. თუკი ტექსტს მანქანა ქმნის, ვინ არის მისი ავტორი და როგორ იცვლება „ავტორის სიკვდილის“ თეორია ახალ ციფრულ რეალობაში?

„ავტორის სიკვდილიდან“ „ავტორის გაქრობამდე“ – ბარტი და AI

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტები, დაწყებული მარტივი ახალი ამბებიდან, დასრულებული რთული პოეტური და ფილოსოფიური ნაშრომებით, სულ უფრო და უფრო ინტეგრირდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს ტექნოლოგიური ნახტომი ძირეულად არყევს ავტორობის ტრადიციულ გაგებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცნობიერებასთან, გამოცდილებასა და შემოქმედებით უნართან იყო გაიგივებული.

როლან ბარტისთვის „ავტორის სიკვდილი“ მეტაფორა იყო, ციფრულ ეპოქაში კი ეს მეტაფორა იქცა რეალობად.

ბარტისთვის ავტორი იყო ძალაუფლების სიმბოლური ფიგურა, რომელსაც დასავლურმა კულტურამ ღმერთის ფუნქცია მიანიჭა ლიტერატურაში.
ეს ავტორი ქმნის ტექსტს როგორც კაპიტალს და ფლობს მას, ანუ იქმნება კავშირი:
წერა ↔ საკუთრება ↔ ძალაუფლება.

ბარტი ავტორობის იდეას ახალი დროის კუთვნილებად მიიჩნევს: „ავტორის ფიგურა ახალი დროის კუთვნილებაა; როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ იგი მაშინ ჩამოაყალიბა, როცა შუა საუკუნეების დასასრულ, თავისთვის აღმოაჩინა ინდივიდის ღირსება, ან უფრო მაღალი სტილით რომ ვთქვათ, „ადამიანის პიროვნება“. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ლიტერატურის სფეროში ავტორის „პიროვნება“ ყველაზე დიდი აღიარებით პოზიტივიზმში სარგებლობდა, რომელმაც შეაჯამა და ბოლომდე მიიყვანა კაპიტალიზმის იდეოლოგია“[1].

ახლა დავაკავშიროთ ეს იდეები AI ჩატბოტების „ავტორობასთან“. ერთი შეხედვით, AI არის ბარტის თეორიის ყველაზე სრულყოფილი ილუსტრაცია: AI ჩატბოტს არ გააჩნია ბიოგრაფია, ფსიქოლოგია, განზრახვები ან პირადი გამოცდილება. ის ბარტისეული „სკრიპტორის“ იდეალური განსახიერებაა. ის არ „გამოხატავს საკუთარ თავს“, არამედ მექანიკურად აერთიანებს, ურევს და წარმოქმნის ტექსტს იმ უზარმაზარ მონაცემთა ბაზიდან, რომელზეც გაწვრთნეს; AI-ს მიერ შექმნილი ტექსტი სიტყვასიტყვით არის „ციტატების ქსოვილი“. ის შედგება მილიონობით წიგნის, სტატიის, ვებსაიტისა და საუბრის ფრაგმენტებისგან. როდესაც ჩატბოტი „წერს“, ის ახალს კი არ ქმნის, არამედ ალგორითმულად აწყობს იმას, რაც კაცობრიობას უკვე შეუქმნია. (დაახლოებით ამას ამბობს ბარტი ავტორზეც, რომელიც სტატიის დასაწყისში განვიხილეთ)[2].

ამ პერსპექტივიდან, AI-ს მიერ გენერირებული ტექსტი არის ტექსტი „ავტორის“ გარეშე, მისი კლასიკური გაგებით. ის გვათავისუფლებს ავტორის ბიოგრაფიისა და განზრახვების ძიებისგან და გვაიძულებს, მთელი ყურადღება თავად ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე გადავიტანოთ.

თუმცა, აქ ჩნდება ახალი, გადამწყვეტი კითხვა: თუკი AI არის „სკრიპტორი“, ვინ არის ის, ვინც მას ამუშავებს?

აქ კი ავტორის როლზე პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე სუბიექტი:

მომხმარებელი (The User): ის, ვინც სვამს კითხვას, აძლევს დავალებას (prompt). მომხმარებელი განსაზღვრავს თემას, სტილს, სტრუქტურას. ის დირიჟორია, რომელიც მართავს AI ორკესტრს. მისი კრეატიული იმპულსის გარეშე ტექსტი არ შეიქმნებოდა.

AI მოდელის შემქმნელები (The Developers): ინჟინრები და მკვლევრები, რომლებმაც შექმნეს მოდელის არქიტექტურა, ალგორითმები და ტრენინგის მეთოდოლოგია. მათ ჩადეს სისტემაში „აზროვნების“ წესები.

მონაცემთა ბაზა (The Dataset): კაცობრიობის კოლექტიური ცოდნა და კულტურა, რომელზეც AI გაწვრთნეს. ამ გაგებით, „ავტორი“ არის კოლექტიური ცნობიერება, ყველა ის მწერალი, პოეტი, მეცნიერი და ბლოგერი, ვისი ნაშრომებიც მონაცემთა ბაზაში მოხვდა.

თავად მკითხველი: ბარტის იდეას თუ ბოლომდე გავყვებით, ავტორის ძიება უშედეგოა. მნიშვნელობა იქმნება მაშინ, როცა მკითხველი ეცნობა ტექსტს და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ფილტრში ატარებს. ამ შემთხვევაში, AI უბრალოდ ინსტრუმენტია, რომელიც ტექსტუალურ მასალას აწვდის საბოლოო „ავტორს“ – მკითხველს.

 ავტორი = მკითხველს. და აქ თავს იჩენს ახალი იდეა: ავტორი-მკითხველი. მოდი, თანმიმდევრულად წარმოვიდგინოთ ეს ციკლი: თქვენ გაქვთ იდეა, შეკითხვა, ან საჭიროება. თქვენ წერთ პრომპტს. ამ მომენტში, თქვენ ხართ ინიციატორი, იდეის ავტორი. თქვენ განსაზღვრავთ მომავალი ტექსტის მიმართულებას. რას აკეთებს AI? AI იღებს თქვენს იმპულსს და თავისი უზარმაზარი „კულტურული მეხსიერებიდან“ ქმნის ტექსტურ პასუხს. ის მოქმედებს როგორც თქვენი იდეის გამაძლიერებელი და შემსრულებელი. შემდეგ თქვენ კითხულობთ გენერირებულ ტექსტს. მაგრამ თქვენ არ ხართ პასიური მკითხველი. თქვენ ამ ტექსტს უკვე არსებული კონტექსტით, ცოდნით და იმ თავდაპირველი იდეით კითხულობთ, რომელიც თქვენვე ჩადეთ მასში. თქვენ ავსებთ ცარიელ ადგილებს, აკავშირებთ აზრებს და ანიჭებთ ტექსტს საბოლოო მნიშვნელობას. ამ მომენტში თქვენ ხართ საბოლოო ავტორი, რადგან ტექსტის აზრი სრულდება სწორედ თქვენს ცნობიერებაში. ამ ციკლში ერთადაა ავტორი-მკითხველი, როგორც ალფა და ომეგა. ტექსტი იქმნება თქვენთვის, თქვენივე მონაწილეობით და სრულყოფილებას აღწევს თქვენივე ინტერპრეტაციით. ეს არის თანაშემოქმედების (co-creation) პროცესი, სადაც თქვენ და AI პარტნიორები ხართ, მაგრამ საბოლოო აზრის მფლობელი და, შესაბამისად, ბარტისეული „ავტორი“ (რომელიც მკითხველს მოიაზრებს) თავად რჩებით.

 ავტორის დემოკრატიზაცია და ახალი ავტორის დაბადება. გარკვეულწილად, დიახ, ეს ავტორის დემოკრატიზაციაა, რადგან AI აადვილებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის ტექსტის გენერაციას. ადამიანს, რომელსაც არ აქვს წერის გამორჩეული ნიჭი ან დრო, შეუძლია შექმნას სტატია, ლექსი, ესეი ან თუნდაც კოდი. ამ თვალსაზრისით, AI არის ინსტრუმენტი, რომელიც ანგრევს ელიტარულ ბარიერებს და „ავტორობა“ მასებში გააქვს, თუმცა… თავს იჩენს სხვა საფრთხე: ბარტი აკრიტიკებდა ავტორობას, როგორც კაპიტალისტურ კონსტრუქტს. დააკვირდით, ვინ ქმნის და აკონტროლებს დღეს ყველაზე მძლავრ AI-მოდელებს? უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები (Google, OpenAI/Microsoft, Meta). თუ ადრე ძალაუფლება ჰქონდა „ავტორ-გენიოსსა“ და გამომცემელს, ახლა ის კონცენტრირებულია იმ კომპანიების ხელში, რომლებიც ფლობენ „შემოქმედების საშუალებებს“ – თავად AI-მოდელებს. ინდივიდუალური ავტორი შეიძლება „მოკვდა“, მაგრამ მის ადგილს იკავებს უპიროვნო, მაგრამ გაცილებით მძლავრი კორპორაციული „ავტორი“. ეს სტრუქტურა არათუ არ არის დემოკრატიული, არამედ შეიძლება უფრო ცენტრალიზებული და მონოპოლიზებული აღმოჩნდეს. ჩვენ შეიძლება გავთავისუფლდეთ ერთი ავტორის დიქტატისგან, მაგრამ მოვექცეთ ალგორითმისა და მისი მფლობელის დიქტატის ქვეშ.

OpenAI, Anthropic, Google DeepMind, Meta და სხვები არ ფლობენ მხოლოდ პლატფორმას, ისინი ფლობენ თვითონ ტექსტის წარმოქმნის პირობებს. ეს ნიშნავს: მათ შეუძლიათ შეცვალონ სიტყვათა სემანტიკური დინამიკა (მაგ., როგორი იქნება პასუხი პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, ლინგვისტურ საკითხებზე); შეუძლიათ შეზღუდონ ან გააფართოონ ენებზე წვდომა, რაც გავლენას მოახდენს კულტურულ წარმოებაზე; მათ უფლება აქვთ ტექნოლოგია ჩარიონ ალგორითმის ქცევაში. ეს უკვე არა მხოლოდ პლატფორმის, არამედ წერის გარემოს კონტროლიცაა.

ნამდვილი დემოკრატიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ ჩატბოტზე წვდომას,
არამედ აგრეთვე – მოდელის ლოგიკაზე, მონაცემებზე და ალგორითმულ ეთიკაზე.

რა არის აქედან გამოსავალი? ალბათ უფრო მეტი ღიაობა. მომავალი უნდა იყოს Open Model-სამყარო, სადაც წერაც, აზროვნება და კოდირება უფრო ღია იქნება.

 

 

[1] როლან ბარტი, „ავტორის სიკვდილი“ – http://arilimag.ge

 

[2] იმ განსხვავებით, რომ ბარტის „ავტორი“ აცნობიერებს მთელ ამ პროცესს, ხოლო ჩატბოტები ამას აკეთებენ გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად, ალგორითმებით.

საერთაშორისო სასწავლო პროექტის მნიშვნელობა სასწავლო პროცესისთვის

0

პროექტებით სწავლება 21-ე საუკუნის დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ  მასწავლებლებმა, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ინტეგრაციაში. საერთაშორისო პროექტები კი უფრო მეტად ეხმარება მოსწავლის როგორც საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას, ისე მის ენობრივ და ინტერნეტკულტურულ წინსვლას.

საერთაშორისო პროექტები ძირითადად ინტერნეტსივრცეში ხორციელდება. ყოველივე ეს კიდევ აიოლებს კომუნიკაციას და ხელს უწყობს ისეთი საინტერესო თემების წინა პლანზე წამოწევას, რომლებიც სკოლისა და მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარტნიორი სკოლები წარმატებულად მიიჩნევენ იმ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევა კარგად დაგეგმილი აქტივობების ბალანსითა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთი პროექტები მიიჩნევა უცხო ენების სწავლების საუკეთესო საშუალებად. მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად საშუალება ეძლევათ, როგორც წერითი კომუნიკაციის, ისე სწავლა-სწავლებისათვის საჭირო ღირებული უნარ–ჩვევებისა და ინტერკულტურული თუ სოციოკულტურული უნარ–ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაში.

პროექტების თემა შეიძლება ორიენტირებული იყოს, როგორც საგნობრივ, ისე ინფორმაციულ–საკომუნიკაციო უნარების ინტეგრაციაზე. ასეთი პროექტები კი ემსახურება – ისტ– კომპეტენციების ამაღლებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას სხვა საგნობრივ ჭრილში და მის ყოველდღიურ გამოყენებას სასწავლო პროცესში.

საერთაშორისო ინტერნეტპროექტებში მონაწილეობას დიდი სარგებელი მოაქვს მოსწავლეებისათვის, რაც თავის მხრივ სწავლის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. პროექტით დაგეგმილ აქტივობებში შესაძლებელია მთელი კლასის ჩაბმა, მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრებისა. პროექტი ხომ თავის მხრივ გუნდურ ერთსულოვნებას მოითხოვს, სადაც ყველას ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრება თუ პოზიცია ჩამოაყალიბოს. ეს კი საერთო ჯამში სასწავლო პროცესს მრავალფეროვანს ხდის.

დღეს კი მინდა, გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტის ქართული ვერსია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად საგნების – ისტორიის, მოქალაქეობის, გეოგრაფიის, უცხო ენებს და ისტ-ის ინტეგრირებით განხორციელდა.

 

 

 

პროექტის სათაური: ჩემი ქალაქის გმირები და მათი უცნობი ისტორიები

პროექტის მოკლე აღწერა

დღეს, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის საინტერესო სახით წარმოდგენა, ყველა ადამიანის უმთავრესი საფიქრალი უნდა იყოს, როგორ გააცნოს საკუთარი ადგილის, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები შეისწავლიან და გაიაზრებენ საკუთარი ქალაქის, ქვეყნის ისტორიულ წარსულს; იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც კონკრეტული კვალი დატოვეს ისტორიაში და შექმნეს მომავალი, რომელშიც ვცხოვრობთ. მოსწავლეები შეეცდებიან, ფართო მასშტაბით გააცნონ საკუთარი კუთხის გმირების ისტორია ყველა დაინტერესებულ ადამიანს; შეადარონ თავიანთი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა მეგობარი ქვეყნების კულტურას, მათ მიღწევებს, გამოკვეთონ საერთო მახასიათებლები და გააღრმაონ თანამშრომლობა. უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. ყველა მოსწავლისათვის განსაკუთრებით საინტერესოა საკუთარი ადგილის გმირების ისტორიების მოძიება და გაცნობა, ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსწავლეში კვლევის, წიგნიერების, მოქალაქეობის კომპეტენციების განმტკიცებას; ქვეყნებს შორის დამეგობრების, კომუნიკაციისა და საგნობრივი კომპეტენციების გაცნობას.

პროექტი მიზნად ისახავს:

  • მოსწავლეს განუვითარდეს საკუთარი კუთხის ისტორიული ფასეულობების კვლევის, ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი;
  • მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი პოზიციის დაცვა კონკრეტული საკითხის მიმართ;
  • ისწავლონ საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა და მისი დაცვა;
  • შეძლონ სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ინტეგრირება კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში;
  • შეძენილი ცოდნა პრეზენტაციის სახით და სხვადასხვა ტექნიკური, თუ ბეჭდური საშუალების გამოყენებით გააცნონ ფართო საზოგადოებას;
  • შექმნან საჭირო რესურსები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
  • მოძებნონ საერთო ნიშნები საკუთარი ქვეყნის გმირებისა და მათი განვლილი გზის შესახებ;
  • განუვითარდეთ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები.

 

პროცესის აღწერა

მოსწავლეები ერთმანეთს შეენაცვლებიან თვეების მიხედვით. ყველა პარტნიორს ექნება შესასრულებელი ერთი დავალება. მოსწავლეები დაიყოფიან გუნდებად და მოიძიებენ ინფორმაციას, ბიბლიოთეკებში; აიღებენ ინტერვიუებს, სხვადასხვა რესპონდენტებთან მოიძიებენ ისტორიებით გამდიდრებულ ვიდეო- თუ ფოტომასალებს. შექმნიან პრეზენტაციებს და ერთმანეთს გაუზიარებენ. შეხვედრები გაიმართება ითვინინგის პლატფორმაზე, სადაც მოხდება ინფორმაციის გაცნობა, გაიმართება დისკუსიები. შეხვედრები გაიმართება თვეში ერთხელ, საჭიროების მიხედვით – თვეში ორჯერაც კი. მთელი თვე კი სამუშაო პროცესებს დაეთმობა. ყველა მონაწილე საკუთარი ქვეყნის გმირების უცნობ და საინტერესო მასალებს მოიძიებს. მასალიდან გამომდინარე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება საინტერესო რესურსები სხვადასხვა ენაზე. პროექტი განხორციელდება ოთხი თვის განმავლობაში, პარტნიორი სკოლები შექმნიან საერთო რესურსებსაც, რომლებსაც გააცნობენ ფართო საზოგადოებას.

ძირითადი აქტივობები:

  • თებერვალი: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ადგილობრივი ქალაქის გმირების შესახებ სხვადასხვა დამხმარე რესურსის გამოყენებით. მოიკვლევენ საინტერესო ისტორიებს. ჩაატარებენ გამოკითხვას, მასალას შეაჯამებენ მიღებული პასუხების საფუძველზე. აიღებენ ინტერვიუებს ამ გმირების შთამომავლებისგან. მასალას დაახარისხებენ და მოამზადებენ პრეზენტაციებს. შექმნიან პროექტის ლოგოს და შესაბამის პოსტერს.
  • მარტი: მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის ფონზე შექმნიან ვიდეოკოლაჟებს, სათაურით: „ჩვენი კუთხის გმირების საინტერესო ისტორიები“. მოიძიებენ ფოტომასალას ამ ადამიანების შესახებ. წინ წამოსწევენ უცნობ დეტალებს.
  • აპრილი: მოსწავლეები მოძიებული მასალის საფუძველზე შექმნიან ელექტრონულ წიგნებს. პოსტერებს, შეაფასებენ საკუთარი ხედვით. გააკეთებენ კომენტარებს.
  • მაისი: შეიქმნება საბოლოო რესურსი, მრავალენოვანი სახელმძღვანელოები დაინტერესებული ადამიანებისათვის, ორი პადლეტის დაფა პარტნიორი სკოლებისათვის, სადაც პროცესების პარალელურად განთავსებული იქნება სამუშაო მასალები. მომზადდება საინფორმაციო გაზეთები, ტექნოლოგიების გამოყენებით. გაიმართება პრეზენტაცია და მოხდება შედეგების შეფასება. მასალები აიტვირთება ბლოგზე.

მოსალოდნელი შედეგები

მოპოვებული მასალის საფუძველზე და ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით მოსწავლეები შექმნიან სხვადასხვაენოვან წიგნებს, პოსტერებს, პადლეტის დაფებს, ვიდეორგოლებს, რომლებზეც განთავსებული იქნება უცნობი მასალები. მოეწყობა პრეზენტაციები, სადაც პარტნიორი სკოლები მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ. აგრეთვე მოძიებულ მასალას ყველა თავისი სიახლით განათავსებენ ინტერნეტსივრცეში. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნის მოსწავლეების დამეგობრებასა და მათში თანამშრომლური უნარების განვითარებას. ისინი დაინტერესდებიან თავიანთი კუთხის ადამიანების ისტორიით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და ისტორიის პოპულარიზაციისათვის. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ენობრივი თვალსაზრისითაც და გამოიმუშავებენ ოცდამეერთე საუკუნის საჭირო უნარ-ჩვევებს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მ. არახამია, „პროექტზე დაფუძნებული სწავლება“, ახალი განათლება, 25 ივნისი 2025;
  2. ნ. შუბითიძე, „პროექტული სწავლება ფორმალურ განათლებაში“, ჟურნ. მასწავლებელი, 30 იანვარი, 2024;
  3. „ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების განვითარება და ხელშეწყობა“, 2020 წელი 21 ნოემბერი, ევროპის საბჭო;
  4. ქ. ნინიძე „პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნ. მასწავლებელი N 5 2011, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა: 46–59;
  5. მ ბოჭორიშვილი, „როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი“ – გზამკვლევი მასწავლებლებს. https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/proeqti.pdf.

როცა საკუთარი შვილის მასწავლებელი ხარ

0

მასწავლებლობა უდიდეს პასუხისმგებლობაა. რაც, უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო იზრდება მასწავლებლის როლი და მით მეტი ძალისხმევა, მოთმინება, სიყვარული და თავდადება გვჭირდება მიზნის მისაღწევად: სწორად ჩამოვუყალიბოთ ფასეულობები ჩვენს მოზარდებს და ვასწავლოთ სამყაროს სწორი ხედვა.

თემა, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, ვფიქრობ, არაერთ ჩემს კოლეგას დააინტერესებს. საკითხი ეხება მასწავლებელი დედისა და შვილის ურთიერთობას სწავლა-სწავლების პროცესში.

შვილთან ურთიერთობა მასწავლებლისთვის არის საფუძვლიანი და მრავალმხრივი ექსპერიმენტი და კვლევა, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ შვილის სრულფასოვან, დახვეწილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. დედა-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს შვილთან, ან ქმნის საფუძველს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობის განმტკიცებას, ან კიდევ პირიქით, იმედგაცრუებისკენ და დაბალი თვითშეფასებისკენ უბიძგებს მას!

ჩემს პრაქტიკაში ხშირად შევხვედრივარ ორივე კატეგორიის მასწავლებელს: პირველი – პედაგოგი, რომელიც შვილს განსაკუთრებით მკაცრად ექცევა და ყოველთვის ყველაზე მეტს სთხოვს, არცერთ შეცდომას არ აპატიებს და ხშირად მიუთითებს, რომ მასწავლებლის შვილობა მას მეტად ავალდებულებს; და მეორე – პედაგოგი, რომელიც საკუთარ შვილს პრივილეგიას ანიჭებს, შეცდომებზეც წაუყრუებს და ნებსით თუ უნებლიეთ მის მიმართ მიკერძოებულობას იჩენს.

როდესაც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი და ჩემი შვილის მასწავლებლობა დამევალა, განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი საკითხის სიღრმე. იმ დღიდან მოყოლებული მუდმივ რესპონდენტად მყავდა საკუთარი მე – რომელსაც შვილთან კლასში ურთიერთობის დეტალებზე ვუსვამდი შეკითხვებს. მუდამ ეჭვის ჭია მღრღნიდა – არ მინდოდა რომელიმე მხარე უპირატესი ყოფილიყო – დედის ან მასწავლებლის.

„ჭეშმარიტი მასწავლებელი იცავს თავის მოსწავლეებს საკუთარი პირადი გავლენისგან“. დღემდე მაწუხებდა კითხვა, რამდენად დავიცავი ჩემი შვილი პირადი გავლენებისგან.

დღეს ერთ-ერთი სემესტრული ესეის წყალობით, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ამ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვე და თავი უბედნიერესად ჩავთვალე, როგორც დედამ და როგორც მასწავლებელმა. მომინდა, ეს გამოცდილება და ნოველად ჩამოყალიბებული შვილის ესეი კოლეგებისთვის გამეზიარებინა და მოკრძალებულად კიდევ ერთხელ მეთქვა: ნუ დავაკისრებთ ზედმეტ ტვირთს მოსწავლეს მასწავლებლის შვილობის გამო, ის ისეთივე ბავშვური და მიამიტია, როგორც სხვები; ნურც ზედმეტ პრივილეგიას მივანიჭებთ, რადგან მის თანატოლებს თვალი უნდა გავუსწოროთ და მათთან მართალი უნდა ვიყოთ, რათა ბოლომდე სჯეროდეთ ჩვენი!

დედის ხმა დაფასთან…

დაფასთან ვდგავარ. თეთრ ცარცს ხელში ვატრიალებ, გულში კი ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი კლასის წინაშე ორჯერ უნდა ვიპოვო საკუთარი თავი — როგორც მოსწავლემ და როგორც შვილმა. ზურგს უკან მესმის ხმა, რომელიც ჩვილობიდანვე მიზიდავს და მამშვიდებს, ახლა კი უცებ უცხო ტონს იღებს.

ეს ხმა დედაჩემისაა. ის ჩემი მასწავლებელია.

როცა დედა შენი მასწავლებელია, ეს არც უპირატესობაა და არც ტვირთი — ეს უბრალოდ სხვა სამყაროა, რომელშიც ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. თითქოს ერთი უბრალო გაკვეთილი ყოველთვის ოდნავ მეტია შენთვის. ხანდახან ვფიქრობ, გამართლებაა თუ არა, როცა დედა შენი მასწავლებელია, სამყაროს სხვა რაკურსით უყურებ – თითქოს ყველა ნაბიჯს ოდნავ მეტი ფერი აქვს, ყველა პასუხს ოდნავ მეტი მნიშვნელობა. ბავშვობაში ამას ვერც ვხვდებოდი ბოლომდე – უბრალოდ მქონდა მუდმივი სიფრთხილე.

 

დედაჩემის მოსწავლე ვიყავი. დედა არასდროს ყოფილა ისე მკაცრი, რომ გრძნობები დამეკარგა. ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემ უკან მდგარიყო – არა როგორც დედა, არამედ როგორც ფრთხილი დამკვირვებელი, რომელიც მელოდებოდა, როდის გადავდგამდი ნაბიჯს.

მაგრამ მაინც — ჩემი ეს პასუხისმგებლობა ყოველთვის დიდი იყო. პატარა ბავშვივით ვეღარ ვბრაზობდი, როცა რამე არ გამომდიოდა. იმიტომ, რომ კლასში დედაჩემი იყო. ყველა ჩემს ნაბიჯს ორმაგი ფასი ჰქონდა — მისი შვილის ნაბიჯიც იყო და მისი მოსწავლისაც. მე საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი. ჩემგან არავინ ელოდა, რომ უბრალოდ კარგი ვყოფილიყავი. თითქოს ის, რაც სხვას კარგ მოსწავლედ აქცევდა, ჩემთვის მხოლოდ მინიმუმი იყო. ალბათ იმიტომ, რომ მე მისი სახელის შემოქმედი ვიყავი, მისი პროფესიის გაგრძელება — სახელის, რომელსაც მაშინაც ვიცავდი, როცა თვითონ კლასში არ იყო. ხანდახან მინდოდა, კლასელებივით რაღაც დამეტოვებინა სახლში ან მეძინა მშვიდად. მაგრამ მე უნდა ვყოფილიყავი „მისი შვილი“ – ზუსტად ისეთი, როგორსაც ის არ მოითხოვდა, თუმცა მე მაინც ვგრძნობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი. თითქოს ერთ უბრალო შეცდომასაც შეეძლო, დედას პიროვნება შეელახა. ეს კი სინამდვილეში ჩემში გამჯდარი განცდა იყო, რომელსაც არავინ მახვევდა თავს – მე თვითონ ვფიქრობდი ასე. იმიტომ, რომ მისი შვილი ვიყავი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის მუდამ პასუხისმგებლობა იყო – არა სიმძიმე, არა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მაკვირდება — არამედ შინაგანი ვალდებულება, რომ დედას იმედები არ უნდა გამეცრუებინა. იმედები, რომელთა შესახებაც ხმამაღლა არასდროს არაფერი უთქვამს. უბრალოდ ჩუმად მიყურებდა და ჩემს გაზრდას ელოდებოდა.

საშინელი შიშიც მქონდა ხანდახან – რომ ჩემი საქციელის გამო ის იმედგაცრუებას იგრძნობდა. მაგრამ ეს არასდროს უთქვამს. ის ყოველთვის არჩევდა დუმილს, რომელიც მეხმარებოდა. არასდროს მახსენდება, რომ ხმამაღლა ეთქვას – „შენ უფრო მეტი უნდა იცოდე, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ხარ’’. მაგრამ მის თვალებში ეს თითქოს მუდმივად იკითხებოდა, და ეს არ იყო ზეწოლა – ეს იყო იმედი, რომ ის მასავით სუფთა ადამიანს გაზრდიდა.

დედა ზედმიწევნით იცავდა ბალანსს. არასდროს ყოფილა მასწავლებელი, რომელიც შვილს თვალს აარიდებდა ან პირიქით – გამორჩეულად მოექცეოდა. მე ვიყავი მისი ერთ-ერთი მოსწავლე – არც მეტი, არც ნაკლები. მისთვის მთავარი იყო სისუფთავე — სწავლებაშიც, ურთიერთობაშიც, და ეს სისუფთავე მის დამოკიდებულებაშიც იგრძნობოდა. ის არასდროს მაძლევდა პრივილეგიებს, არ მაცდუნებდა ამ გზით. დღეს, ზრდასრულობაში ვხედავ: სწორედ ეს ყოფილა მისი სიჩუმის ყველაზე დიდი გაკვეთილი — რომ წარმატებულ ცხოვრებას მხოლოდ სხვების მხარდაჭერით კი არა, საკუთარი შრომითაც შეიძლება მიაღწიო.

სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გააზრებული ბავშვობა – იქ, სადაც სხვებისთვის გაკვეთილი უბრალოდ დრო იყო, ჩემთვის ის იყო პატარა სარკე, რომელშიც დედას ამაყი თვალები უნდა დამენახა. ამ გამოცდილებამ მასწავლა ყველაზე მთავარი: სიყვარული მხოლოდ მოფერება არ არის. სიყვარული — ხშირად უკომპრომისო სიმკაცრეცაა. დედამ მასწავლა, რომ თავი უნდა დავიცვა, რომ პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნო და ვიყო სამართლიანი.

ის გაკვეთილები წარსულში დარჩა, მაგრამ ხმა არ გამქრალა. ის ჯერ კიდევ ჩამესმის – ხმა, რომელიც აღარ იმეორებს ჩემს სახელს, მაგრამ ჩემს ყოველდღიურობაზე მაინც ახდენს გავლენას. იმავე ხელით, რომელშიც ცარცი მეჭირა, ახლა კალამს ვატარებ, სხვის შვილებს ვასწავლი და ხანდახან, როცა რაიმეს ვიტყვი, ვგრძნობ — ის ხმაა. დედას ჰგავს. მკაცრი, მაგრამ სიყვარულით სავსე. და ხშირად ვფიქრობ – რას იზამდა დედა? როგორ გაიღიმებდა, როგორ გაივლიდა დაფის წინ, როგორ დადგებოდა ჩემს ადგილას. ვხვდები — მაშინ ვერც კი ვიაზრებდი, რა დიდი საქმე გააკეთა. რომ არ იყო ეს უბრალოდ შვილის აღზრდა, ეს იყო მისი ადამიანად ჩამოყალიბება.

ყველა მასწავლებელს სახელით ვიხსენებ. დედას კი, როცა ვიხსენებ, პირველ რიგში მისი ხმა ჩამესმის დაფასთან. და ეს საკმარისია, ვიცოდე – ყველა ჩემი შრომა, ყველა ჩემი ნაბიჯი, ყველა ის სიტყვა, რომელსაც გაკვეთილზე წარმოვთქვამ — სწორედ იმ ხმაში დაიბადა, იმ დღეს, როცა დაფასთან მისი თბილი ხმა პირველად გავიგონე.

დღეს მადლობელი ვარ იმ დაფის, იმ ზურგის, რომელსაც ჩავყურებდი. იმ ტონის, რომელიც მაშინ ზედმეტად მკაცრი მეჩვენებოდა, რადგან საბოლოოდ მან მასწავლა –სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული.

დედის ხმა დაფასთან – ჩემი ცხოვრების ხმა იყო. და მე მიხარია, რომ მე მყავდა დედა,

რომელმაც მასწავლა, როგორი უნდა იყოს ადამიანი — სამართლიანი, თავდაჭერილი და… ადამიანური.

ამ თემაზე ბევრს არ ვსაუბრობ, უბრალოდ ვიცი — მე დღეს მის ხმას ვატარებ.

და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია.

დედის ხმა დაფასთან – ჩემი ცხოვრების ხმაა.

მაშინ მაბნევდა.

დღეს კი, როცა ყველაფერი გავიაზრე, მინდა ისევ ის ხმა გავიგონო.

არ ვიყავი საკმარისად მადლიერი.

 

 

წინადადების ძალა

0

მთავარია, მასწავლებლებმა მთელი გულით დავიჯეროთ, რომ წერილობით აზრის გამოთქმა ყველა მოსწავლეს შეუძლია. მასწავლებლის რწმენა ჯადოსნურად მოქმედებს ბავშვზე. ჯერ აზრის ჩამოყალიბებას იწყებს, შემდეგ გვენდობა და ენდობა ჩვენ მიერ შექმნილ გარემოს, ბედავს და ხმამაღლა კითხულობს. ელოდება ჩვენს უკუკავშირს, შთაბეჭდილებებს და ამ დროს ბეწვის ხიდზე ვიწყებთ სიარულს – მისი წინადადებები, რომლებიც გულში გამოვიტარეთ, სიტყვებად უნდა დავაბრუნოთ. გულწრფელობის გარეშე კი ნდობას მყისვე დავკარგავთ.

მოსწავლე წერის სწავლებისას ნაბიჯ-ნაბიჯ მიმყავს წერით ინსტრუქციამდე, თავად ვუკითხავ ჩემს ნაწერს, შემდეგ ველოდები, რომ დაწეროს და დგება ჩემი საყვარელი ეტაპი – როცა მთელი გულისყურით ვუსმენ. ერთხელაც ჩემი მოსწავლეების მოსმენისას დღიურში მათი წინადადებებისა და სიტყვების ჩაწერა დავიწყე, ჯერ სიტყვების, შემდეგ უკვე – წინადადებების. მერე სახალისო ვიქტორინა გამოვიგონე და ამგვარად დავარწმუნე ბავშვები, რა საინტერესოა გულისხმიერი მოსმენა. საშინაო დავალებების რვეულებზე მუშაობისას კი ვარსკვლავივით მბრწყინავი წინადადებები ამოვწერე და წყალგამძლე ფლომასტერებით პერანგზე დავაწერე. ამგვარად, როდესაც ჩემი მოსწავლეები წერით დავალებებს მიკითხავენ, მე საყვარელი წინადადებების მაძიებლად ვიქეცი და ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე დღიური შევავსე.

წლის ბოლოს ლიტერატურული კაფესთვის მზადებისას, გადავწყვიტე, შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებისთვის შემეკერა ბალიშები, რომლებსაც ერთ მხარეს წიგნების მიხედვით მოვხატავდი, მეორე მხარეს კი ჩემს დღიურში ჩაწერილი წინადადებებიდან შერჩეულ წინადადებას/წინადადებებს დავწერდი. მანამდე მთელი შვიდი თვე ვკერავდი საჯაროს სკოლის ერთი კლასისთვის ბალიშებს, რომელთა შესახებ შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებს ვუყვებოდი და ისინიც მგულშემატკივრობდნენ. სწორედ მათი სიყვარულით სავსე მზერა გახდა ჩემთვის ძალა, რომ სამ დღეში 25 ბალიში შემეკერა. ბალიშზე დაწერილი მათი წინადადებებით კი მადლიერების გამოხატვა მსურდა იმისთვის, რომ მენდობიან, წერენ, საკუთარი შესაძლებლობების სჯერათ და ხმამაღლა მიკითხავენ.

ბალიშებზე გადატანილმა წინადადებებმა სიხარულის ფეიერვერკი გვაჩუქა ყველას – ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებელსა და ყველას, ვინც კი ამ დღის შესახებ შეიტყო. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბავშვებს საკუთარი წინადადებები უნდა გამოეცნოთ: ზოგი დაიბნა, ზოგმა მყისვე იცნო, ზოგმა ერთმანეთის წინადადებები უფრო სწრაფად ამოიცნო, ვიდრე – საკუთარი. ამგვარმა თამაშმა დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა და ვფიქრობ, თითოეული მათგანი საკუთარი ინდივიდუალიზმის, უნარების, შესაძლებლობების შესახებ დადებითი განწყობით დაიმუხტა.

ლიტერატურული კაფედან დაბრუნებულმა ილიას დედამ რომ წაიკითხა უფროსი შვილის წინადადება, მომწერა, რომ იტირა. ცრემლების გარეშე მეც ვერ ვკითხულობ ერთად თავმოყრილ წინადადებებს. მახსენდებიან ჩემი მოსწავლეები, მათი სახეები მიდგას თვალწინ და მათი ხმა ჩამესმის. ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ზაფხულის საღამოა. ვფიქრობ, ნეტავ, სად დევს ფერადი და წიგნების მიხედვით მოხატული ბალიშები, იქნებ ვინმე უცხო ადამიანი კითხულობს ან ჩემი მოსწავლეების მეგობრები დაინტერესდნენ და ამბავი გამოჰკითხეს? იქნებ საუბრის თემა გახდა? დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალ ამბავს მოქსოვს 12-14 წლის გოგო-ბიჭების წინადადებები, რომლებიც ამასობაში თითქოს გასულიერდნენ. თქვენც გიზიარებთ ბალიშებზე წარწერილ წინადადებებს და გისურვებთ, ბავშვების გულიდან ამოსული წინადადებებით გახარებას:

 

  1. „ვწერ და ვწერ და ვფიქრობ, რა დავწერო და მახსენდება, რომ ჭრიჭინის ხმა აღარ მესმის“. – ანდრია
  2. „მე რომ ფრენა შემეძლოს, დაუფიქრებლად ნეიმარის სახლში გავფრინდებოდი“. – გიო
  3. „ვგრძნობ, რომ მისთვის განსაკუთრებული ვარ“. – კესო
  4. „ვფიქრობ, სად და როდის შევხვდებით ერთმანეთს?“ – მარიამი
  5. „ადრე მარიამი შემოვიდა „მინისოში“ დედასთან ერთად. მე თავს ვიწონებდი და ვიპრანჭებოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ პენალს ეძებდა“. – მარიამ
  6. „შიგნით დედა კიტას უღუტუნებს. მახსენდება, რომ მაცივარში „მედოკია“. – თაისია
  7. „ერთხელ რაჭაში ვიყავით მე და ნიტა და გადავწყვიტეთ მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად ტყეში წასვლა, სოკოებზე“. – მართა
  8. „ოდესმე მიხსენებია, რომ მელიები ძალიან მიყვარს?“ – მარიამ
  9. „ვფიქრობ ჩემს საუკეთესო მეგობარზე, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს“. – ნუცა
  10. „ხანდახან ვფიქრობ, შენი ცუდი ნათქვამი ხალხს გონებაში არ რჩებოდეს და მაშინვე ქრებოდეს“. – ანასტასია
  11. „ლელა მასწავლებელო, განაგრძეთ ლიტერატურული კაფეს მოწყობა და არასდროს დანებდეთ“. – ნიკა
  12. „პატარა რომ ვიყავი, ვეძებდი განძს. ვეძებდი ქუჩაში, სახლში, სხვა სახლებში და კიდევ ბევრ ადგილას“. – ირაკლი
  13. „ასეთ დავალებას პირველად ვწერ. მინდა, ასეთი დავალება რომელიმე ჩემს მეგობარს გავუზიარო“. – მარიამ
  14. ერთხელ მე და ჩემი ოჯახი და დიდი ბებია მივდიოდით სიღნაღში. ზამთარი იყო და თოვდა“. – მარიამ
  15. „დედაჩემი სახლს პირველ მაისს რომ გააფორმებს, მთელი თვე ვერ ხსნის. მთელი ოჯახი ერთად ვართ“. – მაკრინე
  16. „გავიზარდე. გემოვნება შემეცვალა, სტილი, ინტერესები და მადა“. – მარიამი
  17. „არ მიყვარს, წიგნები რომ მთავრდება. ეს დედაჩემი არ ისვენებს, ახლა ტილო შემოიტანა და იატაკს წმენდს“. – ნია
  18. „მოდის საღამო და მაშინ მახსენდება, რა არის სახლი. რა საოცარია, არა, ბავშვობა?“ – ბაბო
  19. „18 დეკემბრის ღამეს, როცა ბავშვებმა დაიძინეს, მე და დედამ ნაძვის ხე დავდგით“. – ილია
  20. „მიყვარს წიგნები, რომლებშიც ერთი ადამიანი ჰყვება თავის ცხოვრებას“. – ნიტა
  21. მე და კესო ვცეკვავდით. დედაჩემი და მამაჩემი მეგობრებს ესაუბრებოდნენ. ჩემს პატარა დას სკამზე ეძინა“. – ნუცა
  22. „ჩემო საყვარელო, მერი ბებო. სკოლაში მასწავლიან ბევრ რაღაცებს, რასაც შენ მასწავლიდი და შენ მახსენდები“. – სესილი
  23. „კარგად, მარიამ. კიდევ ბევრი ასეთი წიგნი დაგვიწერე“. – გაბრიელი
  24. მე თომა ვარ. ახლა ჩემთან ხდება საგიჟეთი“. – თომა
  25. მეგობრებს ვეტყოდი, თითოეული წუთი, თქვენთან გატარებული, ბედნიერება იყო“. ერეკლე.

ზღვამ იცის…

0

იმ მკითხველმა, ვინც წლებია  ჩემს წერილებს ჟურნალ „მასწავლებლის“ ფურცლებზე თვალს ადევნებს, ჩემი და ზღვის ურთიერთობა უკვე იცის. საერთოდ არ ვცურავ. უფრო მეტიც,  სწავლის მცდელობაც არ მაქვს. კიდევ უფრო მეტს გეტყვით, ზღვის ნაპირზე მოხვედრილი, სადამდეც ზღვა უფლებას მაძლევს, ჩემთვის დავტყლაპუნობ (სავარაუდოდ, ამ დროს ჩემში „პატარა ქეთო“ იღვიძებს), რაღაც სასაცილო მოძრაობებს ვაკეთებ. იქვე ვჯდები/ვწვები ისე, რომ ტალღები ზედ მივლიდნენ და სივრცეს გავცქერი. არაფერზე ვფიქრობ ან პირიქით ყველაფერზე მეფიქრება.

(ფოტო-  თამარ ედიშერაშვილის)

„სადამდეც ზღვა უფლებას მაძლევს“-მეთქი, დავწერე, რაც ნიშნავს, რომ  ზღვაა, მაგრამ ფეხქვეშ მიწას ვგრძნობ. შარშან, მაგალითად, ქემერში ყოფნისას, რაღაც სხვა ადგილიდან მოვუარე და იმაზე ადრე და მოულოდნელად „მოვადინე ტყაპანი“ სიღრმეში, ვიდრე ველოდებოდი. ბუნებრივია, ავფართხალდი და ისე დავიწყე ხელ-ფეხის ტყაპუნი, რომ ნაპირისკენ კი არა, პირიქით, უფრო სიღრმისკენ წავედი. გამომაცუნცულეს (იქ ვინ დამტოვებდა), მითხრეს, თავი არ დაიკომპლექსო, თუ რამე, ისევ გამოგიყვანთო.

მეცხრამეტე საუკუნეში ასე რომ მოვქცეულიყავი, ზრდასრული ადამიანისთვის შეუფერებელი საქციელისთვის პასუხს მომთხოვდნენ. პოლიცია წამიყვანდა, შეიძლება ექიმებსაც ვენახე.

ზღვის ნაპირზე დასვენების კულტურა მეოცე საუკუნიდან იწყება. მანამდე, სანაპიროზე ნებივრობა და თამაში უბრალო ოჯახის პატარა ბიჭებისთვის შეიძლებოდა და არანაირად სხვებისთვის. „ტომ სოიერი“ ხომ გახსოვთ? არის ეპიზოდი, სადაც ტომი მეგობრებთან ერთად, ტივივით შეკრული რაღაც ფიცრებით  პატარა კუნძულისკენ გაცურავს, სადაც დედიშობილები, თიხით ითხუპნებიან და მთელი დღე ხან ცურავენ, ხან ინდიელობანას თამაშობენ.  სხვები? სხვებს შეეძლოთ ესეირნათ ზღვის ნაპირას, ესუნთქათ სუფთა იოდიანი ჰაერი, ესეირნათ იახტებით, მაგრამ ზრდასრული ადამიანები და ასევე ბავშვები შეძლებული ოჯახებიდან, არასდროს ირბენდნენ გახდილები ზღვის ნაპირას და მზეს არ მიეფიცხებოდნენ.

იმ შორეულ დროს, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ცურვაც კი  ძალიან იშვიათად იცოდნენო (ჩანაწერებს ვეყრდნობი). მეზღვაურების უმეტესმა ნაწილმაც არ იცოდა ცურვაო… რა ვიცი…

მეოცე საუკუნის დასაწყისში მთელი რიგი გადატრიალებები მოხდა. პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება რუჯისადმი. მანამდე, რუჯი მზეზე მუშაობასთან ასოცირდებოდა. ამიტომ, დახვეწილი ქალბატონები ყველაფერს აკეთებდნენ, მზისგან თავი რომ  დაეცვათ. თაკარა მზეშიც კი გრძელი, დახურული კაბები ეცვათ, ეხურათ უზარმაზარი შლაპები და მზის ქოლგებს ეფარებოდნენ. უფრო მეტიც, კიდევ მეტად ფერმკრთალები რომ გამოჩენილიყვნენ, ზოგი  დაფხვნილ ვერცხლს სვამდა, ზოგიც ტყვიის კრიალას შემცველ ნელსაცხებლებს ისვამდა სახეზე.

მეცხრამეტე საუკუნეში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ქალაქის მცხოვრებლები  მაღალსართულიანი სახლების და ქარხანა-ფაბრიკების კედლებში გამოამწყვდია. სიფერმკრთალე უკვე აღარ იყო არისტოკრატიის ნიშანი. ეს იყო ნიშანი, რომ დილიდან-საღამომდე მუშაობდი და მზის შუქი გენატრებოდა. ვიტამინების შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ, თუმცა შემჩნეული იყო, რომ მზეზე რეგულარული სეირნობა, ბავშვებში რაქიტის განვითარებას თრგუნავდა. მზის შუქი ასევე სასარგებლო იყო  ფილტვებით დაავადებულებისთვის. 1903 წელს ნილს ფინსენმა ნობელის პრემია  მიიღო ფოტო თერაპიის მიგნებისთვის- კანის ტუბერკულოზის ულტრაიისფერი გამოსხივებით მკურნალობისთვის. ჰელიოთერაპია, იგივე მზის აბაზანები ფაქტობრივად პანაცეად გამოაცხადეს და სანატორიუმებმა სახურავებზე შეზლონგები განათავსეს. რუჯი სასარგებლო გახდა, მაგრამ მოდურად ის კოკო შანელმა აქცია, როცა რომელიღაც კრუიზიდან გარუჯული დაბრუნდა.

(სურათი აღებულია ინტერნეტიდან, ავტორი უცნობია).

 

ჰოდა, რუჯი მომენტალურად გაიგივდა უზრუნველ ცხოვრებასა და ბევრ ფულთან. როცა არაფერი განაღვლებს და ზღვის ნაპირზე წამოგორება შეგიძლია.  ასევე, ნამზეური კანი ასოცირდებოდა ფლამინგოსთან, კორიდასთან, გართობასთან და სილამაზესთან. სიფერმკრთალე მოდიდან გადადის და ნამზეური თავის პიკს მეოცე საუკუნის შუა პერიოდისთვის აღწევს.

საცურაო კოსტიუმებიც იცვლებოდა. 1900 წლისთვის ქალის საცურაო კოსტიუმი მუხლამდე კაბას წარმოადგენდა. კაბის ქვეშ კიდევ რაღაც სპეციალური თოკებისგან მოქსოვილი კორსეტი ეცვათ. ასეთი კოსტიუმით ბანაობა ძალიან მოუხერხებელი იყო, რადგან სველი ძალიან მძიმდებოდა. ჰო, თავზეც რაღაც ქუდი ეხურათ, თმები რომ არ დასველებოდათ. ეს ქალბატონები ზღვაში კი არ ცურავდნენ, არამედ, სანამ ფეხქვეშ მიწა იგრძნობოდა, უბრალოდ დადიოდნენ.  მთლად ჩემნაირად. სხვაობა ის არის, რომ მე ჩვეულებრივი საბანაო კოსტიუმებით ვსარგებლობ და კორსეტიანი კაბა არ მაქვს. თავზეც ზოგჯერ მახურავს, ზოგჯერ არა.

სანაპიროზე შემოტმასნილ საცურაო კოსტიუმში გამოჩენისთვის პოლიციამ 1907 წელს ადგილზე დააპატიმრა პროფესიონალი მოცურავე სპორტსმენი, ჩემპიონი, ავსტრალიელი ანეტ კილერმანი, რადგან შემოტმასნილ კოსტიუმში ცურვა შეიძლებოდა  შეჯიბრებაზე და არა უსირცხვილოდ სანაპიროზე.

ანნეტ კელერმანი (ფოტო აღებულია ვიკიპედიიდან)

 

რა საცუდსაქციელო კოსტიუმი ეს არის, მაგრამ მაშინდელი პოლიცია ასე არ ფიქრობდა.

20-იანი წლებიდან კომპანია Jantzen-მა ახალი ტიპის კოსტიუმები შექმნა. ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც,  ფაქტობრივად, ერთნაირი დახურული სტილი იყო შერჩეული და მასალად რაღაცნაირი მყარი რეზინი იყო გამოყენებული.  თუმცა, სანაპიროს პოლიცია კოსტიუმის სიგრძეს მაინც ზომავდა და თუ ვინმე დამოკლებას გაბედავდა, გადაჰყავდათ იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლიდნენ.

(ფოტო აღებულია ვიკიპედიიდან).

თანდათანობით ევროპაში ნუდისტური სანაპიროებიც გაჩნდა და აღარც ამერიკაში ზომავდნენ ძველებურად კოსტიუმის სიგრძეს. ხალხიც უფრო გათამამდა და გახშირდა ზღვა-ოკეანის სიღრმეში დაკარგვის შემთხვევებიც. ამიტომ, გამოჩნდნენ პირველი ქერქეჭელებიც, რომელთა იქეთ გაცურვა არ შეიძლებოდა. გახსოვთ ჩემი ქერქეჭელა „ემინე“ (https://mastsavlebeli.ge/?p=43728)? ოღონდ, ჩემი ქერქეჭელა „მეცნიერი გოგოა“ და ესენი უბრალოდ გზის მაჩვენებლები იყვნენ.

ეს ხუმრობით, სერიოზულად კი იმის თქმა შემიძლია, რომ სანაპიროზე თავისუფლად დასვენებამ D ვიტამინის მარაგის შევსების შესაძლებლობა მისცა ხალხს. თუმცა, მაშინ ჯერ რადიაციაზე არაფერი გაეგოთ, ამიტომ, ზოგიერთი დილიდან საღამომდე ეფიცხებოდა მზეს.  D ვიტამინზე და რუჯის ქიმიაზე, ჩემსავე სტატიებში,  აქ შეგიძლიათ დაწვრილებით წაიკითხოთ: https://mastsavlebeli.ge/?p=4055

https://mastsavlebeli.ge/?p=3801

ხოლო, თუ მზეს მიფიცხებულები ალკოჰოლის მიღებას გადაწყვეტთ, თან წრუპეთ და თან ამ წერილს გადაავლეთ თვალი: https://mastsavlebeli.ge/?p=4055

თუ გადაწყვეტთ, რომ წაკითხულის მიუხედავად, მეორე და მესამე ჭიქაც უნდა დალიოთ, გააგრძელეთ, ბოლოს და ბოლოს, სხეულიც და სიცოცხლეც მხოლოდ თქვენია.

მე კი ნაპირზე ჩამოვჯდები, ოღონდ ისე, რომ ტალღებმა ჩემზე ისეირნონ და მთლიანად  დამასველონ. წინ გადაშლილ უსაზღვრო სივრცეს შევხედავ და ზღვას უსიტყვოდ მოვუყვები ჩემს სიხარულს თუ საწუხარს.

ხმამაღლა მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ზღვამ ისედაც იცის!

 

 

 

 

პარალელური და მართობული წრფეების შესწავლა აქტიური კვლევით

0

პარალელური და მართობული წრფეების განტოლებების თემა ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელიც ალგებრისა და გეომეტრიის გადაკვეთაზე დგას. ამ კონცეფციების გაგება აუცილებელია არა მხოლოდ მათემატიკაში შემდგომი წინსვლისთვის, არამედ მათი პრაქტიკული გამოყენების დანახვისთვისაც ინჟინერიაში, ფიზიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქვემოთ გაგიზიარებთ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე გამოყენებულ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს წრფეების დახრილობებს შორის არსებული ძირითადი პრინციპები, რამაც ხელი შეუწყო ცნებების უფრო ღრმა გაგება-გააზრებას.

თემა:

დამოკიდებულება, ფუნქცია, გრაფიკი; ანალიზური გეომეტრია; გარდაქმნები

საკითხთა კლასტერი:

  • ფუნქცია
  • წრფივი ფუნქცია (წრფივი ფუნქციის წარმოდგენა სტანდარტული და კუთხური კოეფიციენტის ფორმით)
  • გეომეტრიული გადაქმნები

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი: რეალური ვითარების (ქალაქის გეგმა) აღწერა მათემატიკური განტოლებებით; მათემატიკური შედეგების (დახრილობის მნიშვნელობები) გადმოტანა რეალურ კონტექსტში (პარალელურობა, მართობულობა)

კანონზომიერება: წრფეების დახრილობებს შორის არსებული კანონზომიერების (თანაბარი დახრილობა, ნამრავლი: -1) გამოვლენა; მიზეზშედეგობრივი კავშირების გაგება

ლოგიკა: დასკვნის გამოტანა და მისი დასაბუთება; ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნების ჩამოყალიბება; კრიტიკული აზროვნება

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიტუაციის მოდელირება ვერბალურად მოცემული ამოცანის პირობის შესაბამისად და პრობლემის გადაჭრა (მათ. საბ. 1, 2, 3, 5, 7, 9, 10);
  • ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად (მათ. საბ. 1, 2, 3, 8, 9, 10);
  • რეალურ ცხოვრებასა და სამყაროში მიმდინარე მოვლენების აღწერა გეომეტრიული ობიექტების მეშვეობით (მათ. საბ. 7);
  • ტექნოლოგიების გამოყენებით ნახაზის აგება და პრობლემის გადაჭრა (მათ. საბ. 11).

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კვლევის საფუძველზე თავად აღმოაჩინონ პარალელური და მართობული წრფეების კუთხურ კოეფიციენტებს (დახრილობებს) შორის არსებული ურთიერთკავშირი.

სასწავლო რესურსები:

  • კომპიუტერები/ ტაბლეტები ინტერნეტთან წვდომით
  • ონლაინ გრაფიკული კალკულატორი (მაგალითად, Desmos ან GeoGebra)
  • სამუშაო ფურცლები თითოეული ჯგუფისთვის
  • სახაზავი და ფანქრები (არასავალდებულო, მაგრამ გამოსადეგი)

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი დავიწყე მოკლე ინტერაქციული დისკუსიით, რათა მოსწავლეებმა გაიხსენონ უკვე ნასწავლი მასალა.

აქტივობა 1: წინარე ცოდნის გააქტიურება

  • მთელი კლასის დისკუსია. საბაზისო ცოდნის გასახსენებლად მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
    • რა არის წრფის კუთხური კოეფიციენტი/ დახრა? რას გვეუბნება ის წრფის შესახებ?
    • რა არის y=mx+b განტოლებაში m და b?
    • რა შემთხვევაშია წრფის კუთხური კოეფიციენტი განუსაზღვრელი?
    • როგორ შეიძლება გამოვთვალოთ დახრილობა, თუ წრფეზე ორი წერტილი გვაქვს?

აქტივობა 2: პარალელური წრფეების აღმოჩენა

კლასი დავყავი 3-4 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება Desmos-ში ან GeoGebra-ში სამუშაოდ, ასევე – სამუშაო ფურცელი, რომელზეც მოცემული იყო წრფეების რამდენიმე წყვილი. მათ უნდა შეესრულებინათ სამუშო, დაკვირვებოდნენ შედეგებს და დამოუკიდებლად გამოეტანათ დასკვნები.

დავალების ფურცელი (ერთი ჯგუფის მაგალითზე):

  1. მოცემულია წრფეთა წყვილები:
  • y=2x+1 და y=2x−3
  • y=−0.5x+4 და y=−0.5x+2
  • y=31​x−2 და y=31​x+5
  • y=4x+1 და y=−4x+1
  • y=x+2 და y=x−3
  1. კვლევის ეტაპები:
  • თითოეული წყვილი შეიყვანეთ გრაფიკულ კალკულატორში.
  • დააკვირდით, როგორ გამოიყურება წრფეები.
  • შეავსეთ სამუშაო ფურცელი: „კვეთენ თუ არა წრფეები ერთმანეთს?“ და „რა დახრილობები აქვთ მათ?“
წრფეთა წყვილები წრფე 1-ის განტოლება წრფე 2-ის განტოლება დახრილობა (m1) დახრილობა (m1) იკვეთებიან თუ არა წრფეები? (კი/არა)
წყვილი 1 y=2x+3 y=2x−1
წყვილი 2 y=−0,5x+4 y=−0,5x+2
წყვილი 3 y=31​x−2 y=31​x+5
წყვილი 4 y=4x+1 y=−4x+1
წყვილი 5 y=x+2 y=x−3
  • ცხრილზე დაკვირვების შედეგად გააანალიზეთ თქვენი პასუხები. რა ურთიერთდამოკიდებულებას ამჩნევთ იმ წრფეების დახრილობებს შორის, რომლებიც არასდროს კვეთენ ერთმანეთს?

დაწერეთ თქვენი დასკვნა აქ:

  1. პრეზენტაციისთვის მომზადება

ანალიზი და დასკვნა: როდესაც ჯგუფებმა დაასრულეს, ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, გაეზიარებინა კლასისთვის თავისი დაკვირვება. მე ფასილიტაცია გავუწიე დისკუსიას, მოსწავლეებმა კი თავად გამოიტანეს დასკვნა, რომ პარალელურ წრფეებს ერთნაირი კუთხური კოეფიციენტი/ დახრა აქვთ.

აქტივობა 3: მართობული წრფეების აღმოჩენა (15 წუთი)

მოსწავლეებმა ჩაატარეს ანალოგიური კვლევა, ოღონდ ამჯერად მართობული წრფეებისთვის.

ჯგუფური დავალება (დავალების ახალი ფურცელი წრფეების სხვა წყვილებით ერთი ჯგუფის მაგალითზე)

  1. მოცემულია წრფეთა წყვილები:
  • y=2x+1 და y=−21​x−3
  • y=43​x−2 და y=−34​x+5
  • y=−3x+4 და y=31​x−1
  1. კვლევის ეტაპები:
  • თითოეული წყვილი შეიყვანეთ გრაფიკულ კალკულატორში.
  • დააკვირდით, როგორ იკვეთებიან წრფეები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კუთხის საზომი ინსტრუმენტი (ხელმისაწვდომია Desmos-ში) კუთხის გასაზომად.
  • შეავსეთ სამუშაო ფურცელი: „რა კუთხით იკვეთებიან წრფეები?“ და „რა დახრილობები აქვთ მათ?“ ასევე გამოთვალეთ ამ დახრილობების ნამრავლი.
წრფეთა წყვილები წრფე 1-ის განტოლება წრფე 2-ის განტოლება დახრილობა (m1) დახრილობა (m1) დახრილობების ნამრავლი (m1​⋅ m₂) იკვეთებიან თუ არა წრფეები მართი კუთხით? (კი/არა)
წყვილი 1 y=2x+1 y=−0,5x−3
წყვილი 2 y=3/4​x−2 y=−4/3​x+5
წყვილი 3 y=−3x+4 y=1/3​x−1
წყვილი 4 y=x+2 y=−x−3
წყვილი 5 y=5x+3 y=−1/5​x+2
  • ცხრილზე დაკვირვების შედეგად გააანალიზეთ თქვენი პასუხები. რა ურთიერთდამოკიდებულებას ამჩნევთ იმ წრფეების დახრილობებს შორის, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით კვეთენ? გამოიტანეთ დასკვნა.
  • დაწერეთ თქვენი დასკვნა აქ:

 

  1. პრეზენტაციისთვის მომზადება

ანალიზი და დასკვნა: როდესაც ჯგუფებმა დაასრულეს მუშაობა, ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, გაეზიარებინა კლასისთვის თავისი დაკვირვება. დისკუსიის ფასილიტაციით მოსწავლეებმა თავად გამოიტანეს დასკვნა, რომ მართობული წრფეების კუთხური კოეფიციენტების ნამრავლი ყოველთვის -1-ის ტოლია. ასევე დავეხმარე მათ, აღმოაჩინათ შებრუნებული და საპირისპირო ცნებები.

ეს სამუშაო ფურცლები მოსწავლეებს დაეხმარა, გაეაზრებინათ მთელი კვლევის პროცესი – მონაცემების შეგროვებიდან (დახაზვა და დაკვირვება) დასკვნების გამოტანამდე (კანონზომიერების აღმოჩენა და წესების ფორმირება).

აქტივობა 4: შეჯამება და პრობლემის გადაჭრა

  • მთელი კლასის აქტივობა: მოსწავლეებს დავუსვი კითხვები, მივეცი სავარჯიშოები, რომლებიც მოითხოვს ზემოთ „მიგნებული“ ცოდნის გამოყენებას.
    • მოცემულია წრფე, რომლის განტოლებაა y=5x+2. როგორი იქნება პარალელური წრფის დახრილობა?
    • მოცემულია წრფე, რომლის დახრილობაა 2/3​. როგორი იქნება მართობული წრფის დახრილობა?
  • პრაქტიკული ამოცანები სწრაფი წერისთვის: მივეცი მოსწავლეებს ინდივიდუალურად შესასრულებელი ამოცანების ბარათები:
    • იპოვეთ განტოლება წრფისთვის, რომელიც გაივლის წერტილზე (4,−1) და პარალელურია წრფისა y=3x+5.
    • არის თუ არა წრფეები y=2x+7 და y=−1/2​x−1 მართობული და რატომ?

აქტივობა 5: რეალური სამყაროს კავშირები

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი კომპლექსური საშინაო დავალება, რომლის შესრულებასაც დასჭირდა 2-3 გაკვეთილი. ამ ხნის განმავლობაში მათთან ერთად ვიმუშავე მოცემულ თემაზე პროცედურული ცოდნის გასამდიდრებლად. იმავდროულად, ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებებს დავალებაზე მუშაობის ამა თუ იმ ეტაპზე. ამ კომპლექსური დავალების არსი ის არის, რომ მოსწავლეები ქმნიან პროდუქტს, რომელშიც თავიანთ ცოდნასა და უნარებს ასახავენ.

კომპლექსური დავალება: ქალაქის რუკის შექმნა

საკვანძო შეკითხვა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წრფეების განტოლებები ქუჩებს შორის ურთიერთობის აღსაწერად და ქალაქის გეგმის შესადგენად?

დავალების აღწერა:

თქვენი დავალებაა, შეადგინოთ თქვენი ოცნების ქალაქის გეგმა ან აიღოთ თქვენთვის საინტერესო ქალაქის რუკა და დაიტანოთ საკოორდინატო სიბრტყეზე. რუკის მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტში, მაგალითად, Google Maps-ის მეშვეობით.

ქალაქის გეგმა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ხუთ ქუჩას (წრფეს). თქვენ უნდა დაადგინოთ, რომელი ქუჩებია ერთმანეთის პარალელური და რომელი – მართობული.

თქვენი საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს:

  1. ქალაქის გეგმა ქუჩების ნახაზი საკოორდინატო სიბრტყეზე, შესრულებული ხელით ან გრაფიკული კალკულატორით (მაგალითად, Desmos-ით ან GeoGebra-თი).
  2. ანგარიში, რომელშიც აღწერთ თქვენს ნამუშევარს და უპასუხებთ საკვანძო შეკითხვებს. ანგარიში წარმოადგინეთ თქვენთვის მისაღები ფორმით

დავალების ეტაპები:

1. დაგეგმვა:

    • დაგეგმეთ ქალაქის განლაგება. მოიფიქრეთ, რომელი ქუჩები იქნება პარალელური და რომელი – მართობული.
    • შეურჩიეთ ქუჩებს სახელები (მაგალითად, „მზის ამოსვლის ქუჩა“, „მშვიდობის ქუჩა“, „გმირთა გამზირი“).
  1. ნახაზი: გამოიყენეთ გრაფიკული კალკულატორი (ან სახაზავი და ფანქარი) გეგმის დასახაზავად. დარწმუნდით, რომ ქუჩები შეესაბამება თქვენ მიერ დაგეგმილ პარალელურ და მართობულ ურთიერთობებს.
  2. გამოთვლები: დაწერეთ თითოეული ქუჩის განტოლება (y=mx+b ფორმით).
  3. ანგარიშის მომზადება: მოამზადეთ ანგარიში, რომელშიც ჩართავთ შემდეგ ინფორმაციას:
    • შესავალი: მოკლედ აღწერეთ თქვენი ქალაქის კონცეფცია.
    • პარალელური ქუჩები: იპოვეთ მინიმუმ ორი წყვილი პარალელური ქუჩა. ახსენით, როგორ დაადგინეთ, რომ ისინი პარალელურია? (მიუთითეთ მათი საკუთხო კოეფიციენტები)
    • მართობული ქუჩები: იპოვეთ მინიმუმ ორი წყვილი მართობული ქუჩა. როგორ დაადგინეთ, რომ ისინი მართობულია? (მიუთითეთ მათი დახრილობები და მათი ნამრავლი)
    • დასკვნა: შეაჯამეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი პარალელური და მართობული ხაზების გაგება ქალაქის დაგეგმარებისთვის ან სხვა რეალურ სიტუაციებში.

პროდუქტის შეფასება: თქვენი დავალება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ზუსტი გაგება: სწორად გაქვთ თუ არა გამოყენებული პარალელური და მართობული წრფეების თვისებები (კუთხური კოეფიციენტები).
  • მათემატიკური სიზუსტე: სწორად გაქვთ თუ არა განსაზღვრული წრფეების განტოლებები და გამოთვლილი დახრილობები.
  • არგუმენტირება: ნათლად და დასაბუთებულად გაქვთ თუ არა ახსნილი თქვენი არჩევანი და დასკვნები ანგარიშში.
  • ნამუშევრის წარმოდგენა: რამდენად მოწესრიგებულია და ვიზუალურად სასიამოვნოა თქვენი ნახაზი და ანგარიში.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში. მათ მხოლოდ კი არ შეიძინეს პროცედურული ცოდნა, არამედ გაიგეს მისი არსი და ისწავლეს პრაქტიკული გამოყენებაც. იკვლიეს, გააანალიზეს, თავად მიაგნეს კანონზომიერებებს და დამოუკიდებლად გამოიტანეს დასკვნები. განუვითარდათ კვლევისა და ანალიზის, არგუმენტირებისა და დასაბუთების, ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

  1. მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/
  2. https://math.libretexts.org/Bookshelves/Applied_Mathematics/Developmental_Math_(NROC)/13%3A_Graphing/13.02%3A_Slope_and_Writing_the_Equation_of_a_Line/13.2.03%3A_Parallel_and_Perpendicular_Lines
  3. https://www.teacherspayteachers.com/Product/Parallel-and-Perpendicular-City-Activity-3514871

საზაფხულო საკითხავი – მატარებელი, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა

0

მეტროში ყოფილხარ? გიყვარს მეტროთი მგზავრობა? აი, მე ვგიჟდები. ჯერ რომ ესკალატორით დაეშვები, გვირაბიდან სიგრილე და ხმაური გაგრძნობინებს, რომ მატარებელი უკვე მოდის, მერე მატარებლის შუქსაც დაინახავ და ბოლოს და ბოლოს, კარიც გაიღება ხმაურით.

დიქტორის ხმა? „შემდეგი სადგური ესა და ის“, „ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.

ჰოდა, ეს ამბავი მეტროს პაწია მატარებელზეა, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა.

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მატარებელი, ჩვეულებრივი მატარებელი რა, უხსოვარ დროს ბაბუაშენმა თუ იმისმა ბაბუამ ააწყო რომელიღაც ქარხანაში. დარიხინობდა და დარიხინობდა, მშვენივრად უმკლავდებოდა თავის ძალიან რთულ საქმეს.

გაჩერდებოდა რომელიმე სადგურზე, დაიცლებოდა ხალხისგან, შეივსებოდა ხალხით და ასე სულ, ყოველდღე, ვინ იცის, რამდენი წლის განმავლობაში.

ჩვეულებრივი მატარებელი იყო, ჩვეულებრივი მემანქანით, ჩვეულებრივად გაცვეთილი ჩვეულებრივი სკამებით.

მაგრამ იცი რა? არც მემანქანემ და არც არავინ დედამიწის ზურგზე არ იცოდა, რომ პატარა მატარებელს გვირაბებისა ეშინოდა.

რანაირადო, მკითხავთ? თბილისის მეტრო სულ გვირაბები არააო? ორი კინკილა სადგურია მიწის ზემოთ და იმასაც ორ წამში გაირბენს მატარებელი. როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება მუშაობდე იქ, სადაც ასე ძალიან გეშინია?

არადა, ასე იყო, ყველა გვირაბში შესვლის წინ მაგრად დახუჭავდა მატარებელი თვალებს და სულ სხვა სამყაროში შექანდებოდა კივილითა და ფშუტუნით.

იქ, იმ სამყაროში მხოლოდ გვირილებიანი მინდვრები იყო, ლიანდაგებად კი, არც მეტი და არც ნაკლები, ცისვაზების წნულები. სწორედ ამ წნულებზე მისრიალებდა მსუბუქად ყელმოღერილი პატარა მატარებელი. თვალს რომ გაახელდა, ისევ მეტროს რომელიმე უსახურ სადგურში იყო, მაგრამ თვალებს დახუჭავდა და ისევ იმ სამყაროში აღმოჩნდებოდა. მხოლოდ ორ სადგურზე არ ხუჭავდა თვალებს, მიხვდები ალბათ, რომელზე. მიუხედავად იმისა, რომ გვირილებიანი მინდვრები არც იმ ორ მიწისზედა სადგურზე იყო, მატარებელი მაინც ფართოდ დაჭყეტდა თვალებს და ფეთიანივით უყურებდა უკვე ასე ნაცნობ ადგილებს, კორპუსებს, მიტოვებულ მატარებლებს, ჯართის გროვასა და ღრუბლებს, რა თქმა უნდა, ღრუბლებს.

გადიოდა წლები, დადიოდა მშიშარა და მეოცნებე მატარებელი თბილისის მეტროში, გადაჰყავდა ხალხი, მერე გადმოჰყავდა, ღამით კი ეძინა და ისევ თავის გვირილებიან მინდორს ხედავდა სიზმრად.

დაიღალა ძალიან და ერთ დღეს ინატრა, ნეტავ ძრავა გამიფუჭდებოდეს და ერთი-ორი კვირა დავისვენებდეო. აბა, როგორია, ყოველდღე გულისფეთება, მე არ დამითვლია, დღეში რამდენჯერ უწევს მატარებელს გვირაბში შესვლა, მაგრამ მას დათვლილი ჰქონდა, დამიჯერე.

ინატრა, ისე ინატრა, რომ ყველა ჭანჭიკი ცალ-ცალკე გასძვრა, ყველა ბორბალი მოერყა და ძრავამაც ჯერ ითუხთუხა, ითუხთუხა და გაჩერდა.

მშიშარა მატარებელმა დიდი, შავი გვირაბი დაინახა, შეეშინდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამ ერთხელ თვალი არ დაეხუჭა, პირიქით, ფართოდ გაეხილა და ბოლოს და ბოლოს, ენახა, რა არის გვირაბში ასეთი საშიში, ასეთი ცივი და ასეთი უცნაური.

გვირაბი იყო რა, ჩვეულებრივი, ნესტიანი, შავი, ზოგან განათებული, ზოგან ბნელი, ვირთხები დარბოდნენ, წყლის ხმა ისმოდა, ისეთი არაფერი, შესაშინებელი. სამაგიეროდ, როდესაც გვირაბიდან გავიდა, პატარა მატარებელმა თავისი ოცნების გვირილების მინდორი დაინახა. ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც მის წარმოსახვაში, ცისვაზების წნულებზე მისრიალებდა და ბოლოს, მინდვრის შუაგულში გაჩერდა, პირველად იყო ამ სილამაზეში თვალებახელილი, პირველად ხედავდა ყველაფერს.

პეპლები ასხდებოდნენ ჭუჭყიან მინებზე, მერე ვაგონში შეფრინდებოდნენ და გაცრეცილ სკამებზე დაფარფატებდნენ. მერე ციცქნა ციყვი გადაძვრა და იმან დაიწყო ხტუნვა სახელურიდან სახელურზე. მემანქანის კაბინიდან დაბნეული თახვი გამობოდიალდა, რადგან კოდალამ არ მოასვენა, უკვე დაჭიანებულ სკამს უკაკუნებდა და უკაკუნებდა თავის ნისკარტს. შვებისგან ამოისუნთქა პატარა მატარებელმა და გაიღიმა, კარი ფართოდ გაიღო და დიქტორის ხმას ჩიტებიც აჰყვნენ:

„ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.

მაგრამ გათავისუფლებას არავინ ჩქარობდა, პირიქით, კუდბუთქუნა კურდღლებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ თვალაუხელელი ბაჭიები ჰყავდათ, მატარებლის ერთი ვაგონი თავიანთ სახლად შეარჩიეს.

მეორე ვაგონში თახვები დასახლდნენ, მესამეში ბოლოქანქარამ გამართა ბუდე.

ასე დასრულდა პაწია მატარებლის ამბავი, რომლის ბოლო გაჩერებაზე სულ დიდი ჟივილ-ხივილი იყო, ზამთარშიც კი, როცა ყველა მატარებელში შეიყუჟებოდა და იქ ემალებოდა აბეზარ ყინვას.

 

გეოგრაფიული აზროვნება: უბრალო ფაქტებზე მეტი

0

გეოგრაფიული აზროვნება ყოველდღიური აზროვნება არ არის. ასე რომ არ ვფიქრობდე, აზრი არ ექნებოდა გეოგრაფიის გაკვეთილებს ან დისციპლინაში კარგად გარკვეული, სპეციალიზებული გეოგრაფიის მასწავლებლების არსებობას.

Ofsted-ის (გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო უწყება) კვლევით მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ფრაზა „იფიქრო გეოგრაფივით“ დიდი ხანია გამოიყენება. ეს მიდგომა ეფუძნება ინტერდისციპლინურობის კონცეფციას და ახალისებს მოსწავლეებს, დასვან ისეთი კითხვები, როგორიცაა: „სად მდებარეობს ეს ტერიტორია?“, „რატომ არის აქ და არა სხვაგან?“, „როგორია ეს ტერიტორია?“ და „როგორ ჩამოყალიბდა ასე?“

მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი კითხვები სწორედ გეოგრაფებისთვის არის დამახასიათებელი და პასუხის გაცემაც ყველაზე უკეთ მათ შეუძლიათ. სასწავლო გეგმამ მოსწავლეებს უნდა მისცეს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რათა მათ ჩვევად ექცეთ გეოგრაფიული კითხვების დასმა, რათა გაიგონ, როგორ მიდიან გეოგრაფები პასუხებამდე. შესაბამისად, მიდგომა გეოგრაფიულ კვლევას ემყარება. ამგვარად, სასწავლო გეგმა მოსწავლეებს აცნობს გეოგრაფიული აზროვნების გზებს და ამყარებს კავშირს მათსა და დისციპლინას შორის.

გეოგრაფიული კვლევა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მიერ კითხვებისა და პრობლემების აქტიურად შესწავლას. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციისა და ცოდნის სხვადასხვა წყაროს შორის კავშირების დამყარებას და არა მხოლოდ მასალის მექანიკურ დამახსოვრებას. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას და ხელს უწყობს გეოგრაფიული აზროვნების განვითარებას.

გეოგრაფიის შესწავლა მოითხოვს, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ ადამიანების, საზოგადოების, გარემოსა და პლანეტის შესახებ არსებულ საკითხთა გააზრებასა და ანალიზში. ეს გულისხმობს სხვადასხვა სახის მონაცემების იდენტიფიცირებას, დამუშავებასა და გადაცემას, ასევე – შესაბამისი უნარების განვითარებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეს პროცესი ეფექტურად წარმართონ.

ამ პროცესში ხშირად გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები – რუკების, დიაგრამების, გრაფიკებისა და ვიზუალური მასალის ანალიზი და შექმნა. გარდა ამისა, გეოგრაფიის სწავლება მოიცავს სტრუქტურირებული საუბრის, დისკუსიისა და წერის უნარების განვითარებას, რაც მოსწავლეებს სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვაში ეხმარება.

გეოგრაფიული აზროვნება დისციპლინური ცოდნის ძირითადი ელემენტია. ის მოიცავს გეოგრაფიულ ცნებებს, გეოგრაფიულ პრაქტიკას და გეოგრაფიული ცოდნის გამოყენებას. ამ ტიპის აზროვნება მოითხოვს საგნის ჰოლისტურ გაგებას – არა მხოლოდ თემების ზედაპირულ შესწავლას, არამედ მათ შორის კავშირების გააზრებასაც.

გეოგრაფია მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთმანეთთან დაკავშირებული თემების სია, რომელთაგან ბევრის სწავლება ალტერნატიული საგნების სათაურებითაც შეიძლება. ეს ხაზს უსვამს გეოგრაფიის უნიკალურობას და მის ინტერდისციპლინურ ბუნებას.

გეოგრაფიული აზროვნების განვითარება მოითხოვს კავშირების შესწავლას სხვადასხვა დონეზე, მათ შორის – გლობალურზეც. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • საგნის სხვადასხვა ასპექტს შორის კავშირების იდენტიფიცირება;
  • ადგილების, ეკონომიკური აქტივობებისა და ბუნებრივი პროცესების თანმიმდევრული აღქმა;
  • იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ და იყენებენ საკუთარ გარემოს.

გეოგრაფიის ეფექტური სწავლება გულისხმობს:

  • ფიზიკური გარემოს, ადამიანური კონტექსტებისა და აქტივობების დაბალანსებულ ინტეგრაციას;
  • გეოგრაფიული უნარების განვითარებას;
  • არა მხოლოდ „ერთი ისტორიის“ მოყოლას, არამედ რამდენიმე პერსპექტივის განხილვას, მაგალითად, ადგილის, ადამიანების ცხოვრების ან გარემოსდაცვითი პრობლემის შესახებ.

 

გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში

გეოგრაფიის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს:

  • გაიგონ, როგორ შეიძლება გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება სამყაროს შესაცნობად;
  • განივითარონ უნარები, გამოიყენონ მზარდი გეოგრაფიული ცოდნა საკუთარ ცხოვრებაში;
  • განიხილონ გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან პლანეტა და ადამიანები და ამ გამოწვევათა შესაძლო გადაწყვეტა.

პროფესორი პიტერ ჯექსონი განმარტავს, როგორ შეიძლება გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება ისეთი კავშირების დასანახად, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს. მაგალითად, ტერიტორიები, რომლებიც ხშირად ცალკე აღიქმება (გლობალური ჩრდილოეთი და სამხრეთი, ურბანული და სოფლის ზონები), სინამდვილეში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ველით, რომ გეოგრაფიის გაკვეთილებზე მოსწავლეები ისწავლიან გეოგრაფიული ცოდნის გააზრებას და შეძლებენ ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულ გამოყენებას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://geography.org.uk/ite/initial-teacher-education/geography-support-for-trainees-and-ects/learning-to-teach-secondary-geography/geography-subject-teaching-and-curriculum/geography-knowledge-concepts-and-skills/subject-knowledge/thinking-geographically/

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...