სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

გეოგრაფიული აზროვნების კონცეფციები

0

გლობალური საკითხების გააზრება მოითხოვს გეოგრაფიულ აზროვნებასა და ქმედებას. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფაქტების ცოდნას, არამედ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებასაც, რაც ჩვენი რთული სამყაროს სრულფასოვან აღქმაში გვეხმარება.

გეოგრაფიული აზროვნების ოთხი კონცეფცია – სივრცითი მნიშვნელობა, კანონზომიერებები და ტენდენციები, ურთიერთკავშირები და გეოგრაფიული პერსპექტივა – წარმოადგენს საფუძველს, რომელსაც გლობალური საკითხების გასაგებად ვიყენებთ.

 

სივრცითი მნიშვნელობა (Spatial Significance)

გეოგრაფები სივრცითი მნიშვნელობის კონცეფციას იყენებენ ადგილის ან რეგიონის მნიშვნელობის დასადგენად.

ამ კონცეფციის მეშვეობით ვიკვლევთ კავშირს გეოგრაფიულ მდებარეობასა და ადგილის ფიზიკურ მახასიათებლებს შორის. ვაანალიზებთ ურთიერთობებს, რომლებიც ადამიანსა და ბუნებრივ გარემოს შორის არსებობს; ვადგენთ, რომ ერთსა და იმავე ტერიტორიას ადამიანებისთვის, ცხოველებისა და მცენარეებისთვის შესაძლოა სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს.

ამ კონცეფციის გამოყენებისას ვსვამთ კითხვებს:

. რას გვიჩვენებს მოსახლეობის განსახლების რუკა?

. როგორ შეიძლება, საკუთარმა უნიკალურობამ ადგილი ზოგისთვის მიმზიდველად, ზოგისთვის კი ნაკლებად მიმზიდველად აქციოს?

შეგვიძლია დედამიწის ზედაპირზე ადგილების მდებარეობის დადგენა ბუნებრივი და/ან ადამიანური მახასიათებლების საფუძველზე (რა/სად არის?), ტერიტორიის უნიკალური მახასიათებლების დადგენა (რატომ არის იქ?), ადამიანების, მცენარეების, ცხოველების, რესურსებისა და დედამიწის ფიზიკური პროცესების სივრცითი განაწილების მნიშვნელობის ანალიზი (რატომ მაინტერესებს?).

მაგალითები:

  1. თბილისი – საქართველოს დედაქალაქი – მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, სადაც გადიოდა აბრეშუმის გზა. მისი მდებარეობა ხელს უწყობს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს კავკასიის რეგიონში.
  2. ამაზონის ტყე უნიკალური ადგილია მილიონობით სახეობისთვის, აფერხებს კლიმატის ცვლილებას ნახშირბადის შთანთქმით და სიცოცხლის წყაროა ადგილობრივი ტომებისთვის. მის გეოგრაფიულ მდებარეობასა და ბუნებრივ მახასიათებლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პლანეტის ეკოლოგიური სტაბილურობისთვის.

 

კანონზომიერებები და ტენდენციები (Patterns and Trends)

გეოგრაფები იყენებენ კანონზომიერებებისა და ტენდენციების კონცეფციას იმ მახასიათებლების ამოსაცნობად, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს და განმეორებადია ბუნებრივ ან ადამიანურ გარემოში (კანონზომიერებები) ან რომლებიც დროთა განმავლობაში ერთი და იმავე მიმართულებით ვითარდება (ტენდენციები).

ეს მახასიათებლები შეიძლება იყოს სივრცითი, სოციალური, ეკონომიკური, ფიზიკური ან ეკოლოგიური. ჩვენ ვადგენთ კავშირებს მახასიათებლებს შორის კანონზომიერებათა აღმოსაჩენად, ვაანალიზებთ დროთა განმავლობაში ამ მახასიათებლების ცვალებადობას ტენდენციების გამოსავლენად.

ამ კონცეფციის გამოყენებისას ვსვამთ კითხვებს:

. რომელმა ფაქტორებმა გამოიწვია მოსახლეობის გადაადგილება რეგიონში?

. რომელმა ადგილებმა მიიზიდა ტურისტები? რატომ?

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონცეფციის გამოყენებით:

. ამოვიცნოთ მსგავსი და განმეორებადი მახასიათებლები ადგილებსა და რეგიონებს შორის (სად რა არის?)

. განვსაზღვროთ, მეორდება თუ არა ეს მახასიათებლები დროთა განმავლობაში (რა არის სად?)

. გავაანალიზოთ, რატომ ჰგავს ან მეორდება ეს მახასიათებლები (რატომ იქ?)

. განვსაზღვროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მსგავსება ან განმეორება (რატომ გვაინტერესებს?)

მაგალითები:

  1. საქართველოში ურბანიზაციის ტენდენცია – ბოლო ათწლეულებში მოსახლეობა უფრო მეტად გადადის ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში. ეს ქმნის ურბანულ ზრდას, საცხოვრებელი ფართების დეფიციტს და ტრანსპორტის გადატვირთვას.
  2. ქალაქებში მიგრაციის ზრდა – ბოლო ათწლეულებში გაჩნდა ტენდენცია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის სოფლებიდან ქალაქებში. ამ მიგრაციას თან ახლავს ურბანიზაცია, საცხოვრებლის დეფიციტი, ტრანსპორტის პრობლემები და სამსახურის ძიების ტენდენციები.

 

ურთიერთკავშირები (Interrelationships)

გეოგრაფები ურთიერთდაკავშირებულობის (Interrelationships) კონცეფციას იყენებენ იმისთვის, რომ შეისწავლონ კავშირები ბუნებრივ და ადამიანურ გარემოებებს შორის და მათ შიგნით. გარემოს ურთიერთდაკავშირებული ნაწილები ერთად მუშაობენ და ქმნიან ერთიან სისტემას. აუცილებელია, გავიგოთ ის ურთიერთობები, რომლებიც სისტემის შიგნით არსებობს, მერე კი კრიტიკულად განვიხილოთ სისტემებს შორის კავშირები, რათა დავადგინოთ, როგორ მოქმედებენ ისინი ერთმანეთზე.

ურთიერთკავშირების კონცეფციის გამოყენებისას ვსვამთ შემდეგ კითხვებს:

. როგორ უწყობს ხელს მიმდებარე სოფლის მეურნეობის მიწა ადგილობრივ საზოგადოებას და რა ზეწოლა შეიძლება მოახდინოს ამავე საზოგადოებამ ამ მიწაზე?

. რატომ არის აუცილებელი დედამიწის ფიზიკური პროცესების ცოდნა, რათა შევძლოთ პოტენციური საფრთხეების წინასწარ განჭვრეტა?

შეგვიძლია განვსაზღვროთ, სად ურთიერთქმედებენ ან უკავშირდებიან ერთმანეთს ადამიანური და/ან ბუნებრივი მახასიათებლები და პროცესები (რა არის სად?); განვსაზღვროთ, რა პროცესები განაპირობებს სისტემის შექმნას (რატომ იქ?); გავაანალიზოთ მოვლენის, პროცესის ან განვითარების გავლენა ბუნებრივ მახასიათებლებზე, ბუნებრივ პროცესებსა და სისტემის მეშვეობით მიმდინარე ადამიანის საქმიანობაზე (რატომ მაინტერესებს?).

ჩვენ უნდა გავიგოთ, რა კავშირები არსებობს სისტემის შიგნით და შემდეგ კრიტიკულად გავაანალიზოთ კავშირები სისტემებს შორის, რათა დავადგინოთ, როგორ მოქმედებენ ისინი ერთმანეთზე.

მაგალითები:

  1. ბორჯომის ტყის ხანძრები – კლიმატური ცვლილებები (მშრალი ზაფხული) და ადამიანური ფაქტორები (დაუდევრობა ან განზრახი ქმედება) იწვევს ტყის ხანძრებს, რაც, თავის მხრივ, აზიანებს ეკოსისტემას, ტურიზმს და ადგილობრივ ეკონომიკას.
  2. სტიქიური მოვლენები და ადამიანის საქმიანობა – მთებში ტყის ჭრა იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, რაც ზრდის მეწყრებისა და წყალმოვარდნების რისკს. ამ შემთხვევაში ადამიანის საქმიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბუნებრივ პროცესებზე და ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულ სისტემას ქმნიან.

 

გეოგრაფიული პერსპექტივა (Geographic Perspectives)

გეოგრაფიული პერსპექტივის კონცეფცია საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ გეოგრაფიული საკითხები, მოვლენები და პროცესები ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და/ან სოციალური თვალსაზრისით.

იმისათვის, რომ ეფექტურად გადავჭრათ პრობლემები, მივიღოთ გადაწყვეტილებები ან შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა, საჭიროა, ვისწავლოთ საკითხების მრავალმხრივი ანალიზი.

ამ კონცეფციის გამოყენებისას ვსვამთ შემდეგ კითხვებს:

. როგორ შეიძლება, კულტურულმა მრავალფეროვნებამ გაამდიდროს საზოგადოების ცხოვრება?

. ამართლებს თუ არა ბუნებრივი რესურსების მოპოვებით მიღებული ფინანსური სარგებელი მასთან დაკავშირებულ სოციალურ და/ან ეკოლოგიურ ზემოქმედებას?

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონცეფციის გამოყენებით:

. მოვახდინოთ გეოგრაფიული საკითხის, მოვლენისა და პროცესის (სად/რა არის?) ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და/ან სოციალური კონტექსტის იდენტიფიცირება.

. განვსაზღვროთ შესაძლო დაინტერესებული მხარეები და მათი შეხედულებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ანალიზისას (რა არის სად?).

. გავაანალიზოთ სხვადასხვა შეხედულება გეოგრაფიულ საკითხზე ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და/ან სოციალური თვალსაზრისით (რატომ იქ? რატომ გვაინტერესებს?).

მაგალითები:

  1. ანაკლიის პორტის პროექტი

ეკონომიკური პერსპექტივა: ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

ეკოლოგიური პერსპექტივა: შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას შავი ზღვის სანაპირო ეკოსისტემას.

პოლიტიკური პერსპექტივა: პროექტს აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან აძლიერებს საქართველოს დამოუკიდებლობას რეგიონულ ტრანზიტში.

  1. ამაზონის ტყის გაჩეხვა

ეკონომიკური პერსპექტივა: ანადგურებს ბუნებას და აჩქარებს კლიმატის ცვლილებას.

ეკოლოგიური პერსპექტივა: იძლევა მიწას ფერმებისთვის და შემოსავალს.

სოციალური პერსპექტივა: ადგილობრივი ტომები კარგავენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

პოლიტიკური პერსპექტივა: მთავრობები და ქვეყნები ვერ თანხმდებიან, როგორ დაიცვან ტყე.

გეოგრაფიული აზროვნების ოთხი კონცეფცია – სივრცითი მნიშვნელობა, კანონზომიერებები და ტენდენციები, ურთიერთკავშირები და გეოგრაფიული პერსპექტივა – გეოგრაფიის სწავლებისა და გაგების ყველა დონეზე გადამწყვეტია. ისინი გეოგრაფიის ნებისმიერი სასწავლო გეგმის უმთავრეს საფუძველს უნდა წარმოადგენდნენ.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.arcgis.com/home/item.html?id=19daf0d08b294e2fb38de3980613e03e

chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://media.nationalgeographic.org/assets/file/Framework_correlation_Jan_2019.pdf

 

   „ვეფხისტყაოსანი“ და ჭადრაკი

0

ზაფხული მეცადინეობის დრო არ არის, ამაზე უკვე შევთანხმდით მე და ჩემი, აწ უკვე მეცხრეკლასელი, ჩვეულებრივი თინეიჯერი, ჩვეულებრივი ზარმაცი, ჩველებრივად მარადიულად გადაღლილი.

მაგრამ დედას რა მოასვენებს, რომ ზაფხულის თავისუფალი საათები რაღაც სასარგებლოსაც არ დაუთმოს.

„ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელოვანი ნაწილი წინა კლასებში გაიარეს, წინ მეცხრე კლასია და, რასაკვირველია, კურიკულუმის ნაწილი აუცილებლად დაეთმობა მთავარ ქართულ წიგნს, ამ ყველაზე საინტერესო, თავბრუდამხვევ, შთამბეჭდავ პოემას.

ამას წინათ ჩემი ბავშვობის სახლი გავყიდე და სხვა ნივთებთან ერთად, ძველი ჭადრაკიც წამოვიღე – ჩემი ბავშვური ფანტაზიის საბადო.  ჩვეულებრივი ფიგურებისგან განსხვავებით, სპილოსძვლის ეს ნაკეთობა მეფეებისა და დედოფლების, სარდლებისა და მათი ბედაურების ზუსტ, გამოკვეთილ ანალოგიას წარმოადგენს. ჰოდა, ეს ჭადრაკი იყო ჩემი მთავარი მოგზაურობა ზღაპარში.  დედა იშვიათად მაძლევდა უფლებას ამ ჭადრაკით მეთამაშა, მითუფრო, რომ დიდი მოჭადრაკე არასდროს ვყოფილვარ, უფრო სხვანაირად ვთამაშობდი – ჩემს საჭადრაკო დაფაზე მეფეებს დედოფლები უყვარდებოდათ, ზოგჯერ ამირსპასალარებსაც…ლანსელოტისა და გვინივერას ამბით ვიყავი გატაცებული, რომანტიკული თინეიჯერი გახლდით.

ჭადრაკი შინ წამოვიღე, გავხსენი და მტვერი გადავწმინდე, კიდევ ერთხელ დავტკბი ბავშვობის მოგონებებით. რამდენიმე ფიგურა აკლია, ერთიც გაბზარულია. ჭადრაკს ვერ ვითამაშებთ, ისედაც არ ვარ დიდი მოთამაშე, როგორც უკვე გითხარით.

სანამ შევინახავდი, ერთხელ კიდევ მოვესიყვარულე ბავშვობის საყვარელ სათამაშოს და უცებ, იდეამ გამკრა- როგორი შესანიშნავი ილუსტრაციაა „ვეფხისტყაოსნის“, უფრო სწორად, ორი სამეფოსი – არაბეთის და ინდოეთის, თეთრი და შავი სამყაროების…

ჩემი მეცხრეკლასელი ბიჭი წინ დავისვი, ჭადრაკის ფიგურები დაფაზე დავაწყვე და „ვეფხისტყაოსნის“ გამეორებას შევუდექით, კერძოდ, ორი სამეფოს- არაბეთისა და ინდოეთის დახასიათებას, პერსონაჟების გახსენებას, სიუჟეტის თხრობას.

აბა, დააკვირდით? სინამდვილეში, ინდოეთის სამეფო ხომ არაბეთის ანარეკლია, ოღონდ მრუდე, დაზიანებულ სარკეში. არაბეთში ყველაფერი იდეალურადაა, ინდოეთში – სულაც არა. დიდი განსაცდელი  ინდოეთის სამეფოს  ამიტომ  ხომ არ ატყდება თავს? ერთი ამბის ორგვარად წაკითხვის ვერსია ხომ არ გვაქვს?

რატომ ვერ ახერხებს ფარსადანი თავისი ქალი გაამეფოს, მაშინ, როდესაც როსტევანი ბედნიერია, რომ სამეფოს ჭკვიანი მეფე მოუძებნა თინათინის სახით.

არადა, ინდოეთის მეფემ სამეფოდ შეგულებული ტარიელი ხომ იმიტომ დატოვა ტახტის გარეშე, რომ მემკვიდრე ეყოლა – ქალი. ხომ გახსოვთ, ჯერ მემკვიდრედ გაზრდის ტარიელს, მერე- გადაიფიქრებს. „„საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად“ -უამბობს ტარიელი ავთანდილს. მერე კი „მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწრთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს“ და ა.შ. ბოლოს კი, სულაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს: „აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ…

რატომ აძლევს თავს უფლებას ამოდენა მეფე, უკითხავად მოიყვანოს უცხოტომელი სასიძო?

განა შეიძლება ხელმწიფემ ამდენჯერ შეიცვალოს აზრი?

მოკლედ, ინდოეთი არაბეთის „ბნელი“, არეული, პრობლემური ვერსიაა. ის, რაც თინათინს მარტივად ერგება, ნესტანს- ქაჯეთში გამოკეტვის ფასად უჯდება. ის, რასაც ავთანდილი მშვიდი სიბრძნით აღწევს, ტარიელს- უმისამართო ხეტიალად გადაექცევა. ერთ მხარეს- სრული პატივისცემაა, მეორე მხარეს-ავტორიტარული, ერთპიროვნული, ცვალებადი და ზოგჯერ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები.

არაბეთი – გამჭვირვალე და სტაბილური სამეფოა. მეფე სიბრძნით მართავს, გადაწყვეტილებები თანხმობით მიიღება.ინდოეთი – ავტორიტარული და ქაოსური გარემოა. მეფე ერთპიროვნულად წყვეტს, ზოგჯერ დაუფიქრებლადაც. ალბათ სწორედ ამიტომ, გამარჯვებით დაბრუნებულ გმირებს ფარსადანი ცოცხალი აღარ ხვდება, თითქოს ის გამარჯვების სიხარულს არ იმსახურებს, ნესტანისა და ტარიელის ძებნა, მათზე დარდი გადაიყოლებს.

მოკლედ, კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა ჩვენი „ვეფხისტყაოსნობანას“ თამაშისას, ნათელისა და ბნელის დაპირისპირების რუსთველისეული კონცეფცია თუ  პოემის პერსონაჟთა რთული ბედის ათასგვარი ინტერპრეტაცია. ბევრი იდეა თუ კომენტარი ჩემს ზარმაც თინეიჯერს ეკუთვნოდა, ჭადრაკის დაფაზე პერსონაჟების ბედის განხილვამ ისე გაიტაცა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ თამაშის გამეორებაც შემომთავაზა.

სცადეთ, იქნებ თქვენთანაც გაამართლოს.

 

 

კრიტიკული აზროვნება მუსიკის სამყაროში – მოსწავლეების შემოქმედებითი განვითარება

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში კრიტიკული აზროვნების განვითარება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს. ეროვნული სასწავლო გეგმა  ითვალისწინებს უნარებზე ორიენტირებულ სწავლებას, სადაც კრიტიკული აზროვნება ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციური კომპეტენციაა.

განათლების ძირითადი ამოცანა არის აზროვნების სტრატეგიების გამომუშავება, შემეცნებითი თვითრეგულაცია და შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება კრიტიკული აზროვნების განვითარება.

კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს მაღალ ინტელექტუალურ უნარს, რომელიც მოიცავს შეკითხვების დასმას, ინფორმაციის წყაროების შეფასებას, დასკვნების გამოტანას და სხვადასხვა მოსაზრებების შეთავსებას. განათლების პროცესში მისი განვითარება მნიშვნელოვანია როგორც თეორიული ცოდნისთვის, ისე პრაქტიკული უნარების გაძლიერებისთვის. კრიტიკული აზროვნება ხელს უწყობს მოსწავლეს, გახდეს ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და შემოქმედებითი მოქალაქე — რაც მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.

მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების განვითარება მიზნად ისახავს:

  • ინფორმაციის აღქმის ეფექტურობის გაზრდას;
  • ინტერესის გაზრდას როგორც შესასწავლი მასალის, ასევე თავად სასწავლო პროცესის მიმართ;
  • კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას;
  • საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარის განვითარებას;
  • თანამშრომლობითი უნარის განვითარებას;
  • სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას;

კრიტიკული აზროვნება განათლებაში მნიშვნელოვანია როგორც  ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვისაც. მოსწავლე, რომელსაც აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, ხდება:

  • ინფორმაციის მიმღები და შემფასებელი ;
  • დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღები;
  • ინდივიდი, რომელსაც შეუძლია განსხვავებული მოსაზრებების გაანალიზება და ტოლერანტობა.

კრიტიკული აზროვნება არის კომპლექსური გონებრივი პროცესი. ეს უნარი საჭიროა ყველა საგანში, მაგრამ განსაკუთრებული ძალით იკვეთება მუსიკის საგანმანათლებლო სივრცეში – სადაც ინტერპრეტაცია, შეფასება და ემოციურ-კულტურული კავშირები ძალიან დიდ როლს ასრულებს. მუსიკაში ეს ნიშნავს უნარს გააცნობიერო მუსიკალური ნაწარმოების  სტრუქტურა, გაიაზრო მისი შინაარსი და დაასაბუთო საკუთარი პოზიცია არგუმენტირებულად. მუსიკის გაკვეთილები არა მხოლოდ ემოციური და შემოქმედებითი განვითარების, არამედ ლოგიკური, ანალიტიკური და შეფასებითი უნარების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი სივრცეა. დაწყებით საფეხურზე, კრიტიკული აზროვნება ეხმარება მოსწავლეებს  მუსიკის აღქმაში,  მის გააზრებასა და დამოუკიდებელი ინტერპრეტაციის უნარის განვითარებაში.

მუსიკა, როგორც მრავალდონიანი და ემოციური  დისციპლინა, დიდი პოტენციალითაა დატვირთული კრიტიკული აზროვნების უნარების გასავითარებლად. ხშირად გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს მუსიკა მხოლოდ მეხსიერებაზე  და რიტმზეა ორიენტირებული. რეალურად კი, სწორად დაგეგმილი მუსიკის გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლემ შეაფასოს, შეადაროს, გააანალიზოს და საკუთარი არგუმენტი ჩამოაყალიბოს.

მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა — მასში იმალება უზარმაზარი პოტენციალი ანალიტიკური, შეფასებითი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის. მუსიკა მოსწავლეს სძენს  ემოციურ გამოცდილებას,  უბიძგებს კითხვების დასმისკენ, დაკვირვებისკენ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების პოვნასა და საკუთარი ინტერპრეტაციის გამყარებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული აზროვნება ხშირად ასოცირდება ლოგიკასთან, მათემატიკასთან ან სამეცნიერო დისციპლინებთან, მუსიკის გაკვეთილები იდეალურ გარემოს ქმნიან ამ უნარის განვითარებისთვის.  მუსიკაში კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიები მოიცავს:

  • ნაწარმოების ინტერპრეტაციას და მისი მნიშვნელობის ახსნას;
  • შესრულებების შედარებას;
  • მუსიკალური დეტალების ანალიზს (ტემპი, რიტმი, მელოდია,დინამიკა);
  • ემოციების და იდეების იდენტიფიცირებას;
  • არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებას ჯგუფურ მუშაობაში;

ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში, მუსიკის გაკვეთილებზე, აქტიურად ვიყენებ კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიას. მისი აქტუალობა განპირობებულია მისი უნივერსალურობით, ნებისმიერ გაკვეთილზე გამოყენებადობით, ეფექტურობითა და პროდუქტიულობით. მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისა და მუსიკის გაკვეთილებზე ტექნოლოგიების სისტემატური გამოყენების შედეგად, შესაძლებელია მოსწავლეების აზროვნების, ანალიზის, გადაწყვეტილებების მიღების, მოქმედების, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარის გაზრდა.

ტექნოლოგია ეფუძნება ანალიტიკურ მიდგომას, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობას. კრიტიკული აზროვნების უნივერსალურობა საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მეთოდების, ტექნიკისა და პედაგოგიური მიდგომების დიდი რაოდენობა.

წარმოგიდგენთ მუსიკის გაკვეთილებზე კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიის მაგალითებს:

I კლასი

თემა: ,,მხიარული  მელოდია“

მიზანი: მოსწავლემ ნაწარმოების  მოსმენის  საფუძველზე დააფიქსიროს აზრი – რატომ შეესაბამება მოცემული მელოდია გაზაფხულს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია.

გონებრივი იერიში აქტივობის  დასაწყისში:

შეკითხვა მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები
რა განწყობას იწვევს შენში გაზაფხული? – მახსენდება ფერები, სითბო, ყვავილები, ჩიტების ჭიკჭიკი, სიახლე, მხიარულება…
შეიძლება მუსიკამ გაგახსენოს წელიწადის დრო? როგორ? – დიახ, როცა მელოდია მხიარულია – ვხედავ გაზაფხულს, თუ სევდიანია ზამთარს ვგრძნობ..
როგორი უნდა იყოს მელოდია, რომ “გაზაფხულად” ვიგრძნოთ? – მხიარული, მსუბუქი, ჩიტების ხმა თუ იქნება, ნათელი ბგერები…

აქტივობის აღწერა:

მოუსმინეთ მუსიკალურ ნაწარმოებს,  მელოდიის ხასიათით  შეაფასეთ წელიწადის დროები .

მოსასმენი მასალა:

ანტონიო ვივალდის ,, გაზაფხული”

ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მოსწავლეები  პასუხობენ შეკითხვებს   ზეპირი დისკუსიით:

  • როგორია ამ მელოდიის განწყობა?
  • რომელი ფერი შეესაბამება ამ მუსიკას?
  • რას გრძნობ ამ მელოდიის მოსმენისას?
  • რატომ გგონია, რომ ეს მელოდია გაზაფხულს უხდება?
  • რომელი მუსიკალური ელემენტი გამოხატავს გაზაფხულის განწყობას? (მაგ. რიტმი, ტემბრი, ტემპი, მელოდია)
  • რომ არ მეთქვა ნაწარმოების სახელწოდება, რას იფიქრებდით – რომელ წელიწადის დროს ეხება? რატომ?

მოსწავლეთა თვითშეფასება:

  • დავასახელე მუსიკალური ელემენტი? ✅/❌
  • დავასახელე მიზეზი, თუ რატომ ვიგრძენი გაზაფხული? ✅/❌
  • შევადარე მუსიკა გაზაფხულის განწყობას? ✅/❌
  • შევაფასე ჩემი აზრი? ⭐⭐⭐⭐⭐

შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

დონე მოსწავლის აქტიურობა
პრესტრუქტურული  ამბობს: “მელოდია გაზაფხულს ჰგავს”, მაგრამ არგუმენტი არ აქვს.
უნისტრუქტურული ასახელებს ერთ არგუმენტს: “მხიარულია, ამიტომ გაზაფხულია”.
მულტისტრუქტურული
ასახელებს რამდენიმე ელემენტს (მაგ.: “ჩქარი რიტმი და მსუბუქი ბგერები მახსენებს გაზაფხულს”).

 

მიმართებითი აკავშირებს მუსიკალურ ელემენტებს გაზაფხულის ატმოსფეროსთან: „ვიოლინოს მაღალი ხმები ჩიტების ჭიკჭიკს ჰგავს, მსუბუქი რიტმი – ქარს“.
აბსტრაქტული აფართოებს თემას: „კომპოზიტორმა შეძლო მელოდიის საშუალებით ბუნების  სურათის შექმნა“

მასწავლებლის რეფლექსია:

რა გამოუვიდათ მოსწავლეებს კარგად? მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ნაწარმოები და ემოციურად დაუკავშირეს მუსიკას გაზაფხულის განცდები. რამდენიმე მოსწავლემ არამარტო ემოციური, არამედ მუსიკალური ტერმინებითაც განმარტა თავისი აზრი.
სად გამოჩნდა სირთულე? ზოგიერთ მოსწავლეს უჭირდა მუსიკალურ ელემენტებზე დაკვირვება – სჭირდებოდა წინასწარ ტერმინების განხილვა; ტემპი, ტემბრი, მელოდია, რიტმი .
როგორ ვგეგმავ შემდგომ განვითარებას? შემდეგ ეტაპზე დავგეგმავ სხვა ნაწარმოებების მოსმენას , რომლებიც ასახავენ განსხვავებულ ბუნების მოვლენების განწყობებს – ზამთარი, წვიმა, ქარი – და გავაძლიერებ შემეცნებით თამაშს თემაზე:„მუსიკა და ბუნების ხმები“.

II კლასი

თემა: „როგორი მუსიკა მოუხდება?“

მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს განწყობისა და ემოციის ამოცნობა ვიდეოს მიხედვით, ნაწარმოების მოსმენამდე ვარაუდის ფორმირება, არგუმენტირებული შედარება ორ მუსიკალურ ინტერპრეტაციას შორის და დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბება.

გონებრივი იერიში აქტივობის  პროცესში:

შეკითხვა მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები
როგორ ფიქრობთ, რას ვხედავთ ვიდეოში? მზე ამოდის“, „დილაა“, „ყველაფერი ნელა იღვიძებს…“
როგორი განწყობა შეიძლება ჰქონდეს ამ კადრს? მშვიდი, ნაზი, მხიარული, ბედნიერი, ცოტა სევდიანი…
რომ შეგეძლოს, როგორი მუსიკით გააფორმებდი ამ კადრს? მხიარული მუსიკა, თითქოს ყველაფერი ცოცხლდება…
როგორ ფიქრობ, მუსიკას შეუძლია შეცვალოს ის განწყობა, რასაც ვიდეო იწვევს? კი, შეიძლება. როცა მუსიკა მძიმეა, ყველაფერი თითქოს სერიოზული ხდება. როცა მუსიკა მხიარულია, მაშინ ყველაფერი სახალისოდ ჩანს.

აქტივობის აღწერა:

  1. მოსწავლეები უყურებენ ხმის გარეშე ვიდეოს( მაგ. მზე ამოდის – ემოციური ფონი)
  2. მასწავლებელი აჩერებს ვიდეოს და აცდის მოსწავლეებს საკუთარი ინტერპრეტაციის გადმოცემას.
  3. მასწავლებელი ვიდეო ფრაგმენტის  ჩვენებას შეაჩერებს  და სვამს წინასწარ დამუშავებულ კითხვებს.
  4. მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ორ მუსიკალურ ვერსიას:
  1. ედვარდ გრიგი ,,დილა”(ორიგინალი)
  2. ედვარდ გრიგი ,,დილა” (რემიქს ვერსია).
  3. მოსწავლეები აფასებენ, რომელი მუსიკა უფრო მოუხდება ვიდეო სიუჟეტს და რატომ.

გონებრივი იერიში აქტივობის შემდეგ:

შეკითხვა მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები
რომელი მუსიკა უფრო მოუხდა ვიდეოს და რატომ? -ორიგინალი – რადგან ნაზია, მშვიდია, ვიდეოს უხდება.

-რემიქსი – უფრო ენერგიულია და თითქოს ყველაფერი სწრაფად იღვიძებს.

შეიცვალა თუ არა შენი პირველი შთაბეჭდილება მას შემდეგ, რაც მუსიკა მოისმინე? -კი, ახლა ვიდეო უფრო საინტერესო გახდა.

 

შეიძლება ერთსა და იმავე ვიდეოს ორი სხვადასხვა მუსიკა მოერგოს? -ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გინდა – მაყურებელი რა იგრძნოს.

მოსწავლეთა თვითშეფასება:

შეკითხვა: კი ნაწილობრივ არა
შევძელი თუ არა ვიდეოს შინაარსის და განწყობის ამოცნობა?
მოვიფიქრე თუ არა, როგორი მუსიკა შეიძლებოდა დამეფიქსირებინა?
შევამჩნიე განსხვავება ორ მუსიკალურ ვერსიას შორის?
ავხსენი თუ არა არგუმენტირებულად ჩემი არჩევანი?

შეფასება  SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

დონე მოსწავლის აქტიურობა
პრესტრუქტურული მოსწავლეს უჭირს ვიდეოსა და მუსიკის კავშირის გაგება.
უნისტრუქტურული მოსწავლე ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას (მხოლოდ რიტმი ან ემოცია).
მულტისტრუქტურული მოსწავლე რამდენიმე მახასიათებელს გამოყოფს, მაგრამ არ აკავშირებს მათ.
მიმართებითი მოსწავლე არგუმენტირებულად განიხილავს მუსიკის და ვიდეოს კავშირს.
აბსტრაქტული მოსწავლე აფასებს მუსიკის ინტერპრეტაციის მრავალფეროვნებას და მიზნობრივ შერჩევას.

მასწავლებლის რეფლექსია

ჩაერთნენ თუ არა ყველა მოსწავლე აქტივობაში? კი,აქტივობაში ჩართული იყო თითქმის ყველა მოსწავლე.  ცდილობდნენ გამოეცნოთ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მომდევნო კადრს. რამდენიმე მოსწავლე განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავის ინტერპრეტაციით, თუმცა ზოგიერთ მათგანს სჭირდებოდა წახალისება.  კითხვების გზით ყველა ჩართული იყო  აზროვნებაში.
შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა ემოციური განწყობისა და მუსიკის დაკავშირება? მოსწავლეებმა შეძლეს სწორად დაეკავშირებინათ მუსიკის ემოციური შინაარსი და კადრში არსებული ვიზუალური განწყობა. მაგალითად, რამდენიმე ბავშვმა აღნიშნა, რომ გრიგის კლასიკური ვერსია ასოცირდებოდა დილას, სიმშვიდესა და მოლოდინთან, ხოლო გარემიქსებულმა ვარიანტმა „გააღვიძა მზე“.
გამოხატავდნენ თუ არა მოსწავლეები დამოუკიდებელ აზრებს? კი, მოსწავლეებმა არგუმენტირებულად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები. ზოგმა აღნიშნა, რომ „სანამ მზე ბოლომდე ამოვა, მშვიდი მუსიკა უფრო უხდება“, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ „მზის ამოსვლა რაღაც საოცარი უნდა იყოს და ამიტომ უფრო მჭექარე მუსიკა მოუხდა“. მოსწავლეები ასახელებდნენ მიზეზებს, უკავშირებდნენ თავიანთ პირად განცდებს.
აღმოაჩნდათ თუ არა მოსწავლეებს კრიტიკული ხედვა და შეადარეს საკუთარი მოლოდინი კომპოზიტორის გადაწყვეტილებას? კი, და ეს იყო აქტივობის ყველაზე ღირებული ნაწილი. მოსწავლეებმა შეადარეს თავიანთი წინასწარი მოლოდინი კომპოზიტორის შერჩეულ მუსიკალურ მასალას. ზოგს თავად კომპოზიტორის არჩევანი ერჩივნა, ხოლო სხვები საკუთარ ვარაუდს უფრო ამართლებდნენ. ეს მიგვანიშნებს, რომ მათ უკვე აქვთ ფორმირებული მუსიკალური გემოვნება და კრიტიკული აზროვნების საწყისები.
როგორი იყო მოსწავლეების საერთო დონის შეფასება SOLO ტაქსონომიით? მოსწავლეთა უმრავლესობა აღმოჩნდა მულტისტრუქტურულ დონეზე — ისინი ჩამოთვლიდნენ რამდენიმე განსხვავებულ ასპექტს, უკავშირებდნენ ემოციას, სცენას და მუსიკას, თუმცა ზოგიერთმა მოახდინა მათ შორის კავშირების გამოკვეთა და გადავიდა მიმართებით დონეზე. ერთეულებმა, რომლებმაც კრიტიკულად შეაფასეს მუსიკალური გადაწყვეტა და გამოთქვეს შემოქმედებითი წინადადებები, მიაღწიეს აბსტრაქტულ დონეს.
რა ჩავიფიქრე შემდეგი გაკვეთილისთვის? ·      მუსიკისა და ემოციის კავშირის განმტკიცება უფრო კომპლექსური ვიდეო–აუდიო მასალის მეშვეობით.

·      მუსიკალურ შეფასებაში მეტი ლექსიკური რესურსის ჩართვა (მაგ. „სწრაფი, დაძაბული, მომაჯადოებელი“)

·      მცირე ჯგუფური მუშაობის დანერგვა, სადაც მოსწავლეები გააერთიანებენ თავიანთ მოსაზრებებს და წარადგენენ ერთიან გადაწყვეტილებას.

III კლასი

თემა: „მუსიკა–პოლემიკა: რომელი ვარიანტი სჯობს?“

მიზანი: მოსწავლემ იმსჯელოს ორ განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე, წარმოადგინოს  მოსაზრება და არგუმენტირებული პოზიცია ჩამოაყალიბოს.

გონებრივი იერიში აქტივობის დასწაყისში:

შეკითხვა მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები
როგორ ფიქრობ, შეიძლება ერთი და იგივე მელოდია სხვადასხვანაირად ჟღერდეს? -მგონი შესაძლებელია… თუნდაც როკი და კლასიკა განსხვავებულად ჟღერს.
რას ფიქრობ, მუსიკაში მნიშვნელოვანია ტემპი, ჟანრი ან ინსტრუმენტი? -ინსტრუმენტები ნამდვილად ცვლიან განწყობას.
შეიძლება მუსიკა ბავშვისთვის და დიდისთვის სხვადასხვანაირად იყოს საინტერესო? -შეიძლება… ბავშვებს უფრო სწრაფი მუსიკა მოსწონთ, დიდებს – მშვიდი.

აქტივობის აღწერა:

  1. მოსწავლეები უსმენენ ერთსა და იმავე ნაწარმოების ორ განსხვავებულ ვერსიას :
  1. მოსწავლეები ადარებენ ორ ვერსიას: ტემპის, ჟანრის, განწყობის, ინსტრუმენტების და შთაბეჭდილებების მიხედვით.
  2. მოსწავლეები წერენ არგუმენტირებულ მოსაზრებას ან ჯგუფურად აწარმოებენ დისკუსიას კითხვების დახმარებით.

გონებრივი იერიში აქტივობის შემდეგ:

შეკითხვა მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები
რომელი ვარიანტი მოგეწონა და რატომ? მეორე , უფრო თანამედროვე  და დინამიური იყო.
რომელი ინსტრუმენტი უკეთ გამოხატავდა ნაწარმოების განწყობას? კლასიკური ვარიანტი უფრო მშვიდი და სერიოზული ჩანდა.
როგორ გგონია, რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოეწონებოდა კონკრეტული ვერსია და რატომ? მგონი, ბავშვებს მოეწონებოდათ რემიქსი – უფრო მხიარულია.

მოსწავლეთა თვითშეფასება:

ჩასვი ✓ შენს პასუხთან შესაბამის გრაფაში:

შეფასების კრიტერიუმ კი ნაწილობრივ არა
გავიგე, რომ ერთი და იგივე ნაწარმოები შეიძლება სხვადასხვანაირად შესრულდეს.
შევამჩნიე განსხვავება ორ ვერსიას შორის (ტემპი, ინსტრუმენტები, განწყობა).
შევძელი არგუმენტირებულად ამეხსნა, რომელი ვარიანტი მომეწონა და რატომ.
მოვუსმინე სხვების აზრს და ვცადე მათი პოზიციის გაგება.

შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

დონ მოსწავლის აქტიურობა
პრესტრუქტურული მოსწავლეს უჭირს პოზიციის დაფიქსირება. პასუხობს, რომ უბრალოდ „მოსწონს“ რომელიმე ვერსია, არგუმენტის გარეშე.
უნისტრუქტურული ასახელებს ერთ კრიტერიუმს, მაგ. „მელოდია უფრო კარგია“. არ აკეთებს შედარებას.
მულტისტრუქტურული ასახელებს რამდენიმე განსხვავებას ორ ვერსიას შორის. მიუთითებს ტემპზე, ჟანრზე, ინსტრუმენტებზე.
მიმართებითი აკეთებს შედარებას, აფასებს გავლენას. განმარტავს, რატომ აირჩია კონკრეტული ვერსია და ვის შეიძლება მოეწონოს.
აბსტრაქტული წარმოადგენს ახალ იდეას ან მსჯელობს უფრო ღრმა დონეზე. ფიქრობს მუსიკა როგორ გავლენას ახდენს ასაკზე, კულტურაზე, განწყობაზე.

მასწავლებლის რეფლექსია

რა გამოუვიდათ მოსწავლეებს კარგად? მოსწავლეებმა ინტერესით შეადარეს ვერსიები, გამოავლინეს ინდივიდუალური გემოვნება და თავიანთი აზრის ფორმულირების უნარი. ჯგუფური დისკუსია განსაკუთრებით აქტიური იყო.
სად სჭირდებოდათ მეტი დახმარება? ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა არგუმენტირებული მსჯელობა და მუსიკალური ტერმინების გამოყენება. აუცილებელია მეტი პრაქტიკა მუსიკის კრიტიკული შეფასების უნარებზე.
როგორ შეიძლება გაკვეთილის გაუმჯობესება? შესაძლებელია გაკვეთილის წინ შესავალი საუბარი ბახის მუსიკაზე და ინტერპრეტაციის მნიშვნელობაზე. ასევე, მოსწავლეებს წინასწარ შეიძლება მივცეთ თემა „რას ნიშნავს ინტერპრეტაცია მუსიკაში?“.
მოსწავლეების შეფასება მოსწავლეებმა მიიჩნიეს, რომ მუსიკალური ინტერპრეტაციების შედარება მათ მუსიკის აღქმის უნარს აუმჯობესებს და ეხმარება საკუთარი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში.

IV კლასი

თემა: „მუსიკის წერილობითი შეფასება“

მიზანი: მოსწავლემ წერილობით გამოხატოს მოსაზრება მოსმენილ მუსიკაზე, დააფიქსიროს არგუმენტირებული შეფასება და გააკეთოს რეკომენდაცია ან კრიტიკული შენიშვნა.

გონებრივი იერიში გაკვეთილის დასაწყისში:

შეკითხვა მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები
როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია სიტყვებით გადმოვცეთ მუსიკის შთაბეჭდილება ისე, რომ სხვამაც იგრძნოს იგივე? -დიახ, შეიძლება სიტყვებით ვთქვათ როგორია მუსიკა – მაგალითად, „მშვიდი იყო, თითქოს ზღვის ტალღებს ვუსმენდი“.
გქონიათ შემთხვევა, როცა მუსიკამ რაღაც მოგაგონათ და ეს უამბეთ სხვას? -ერთხელ სიმღერას რომ მოვუსმინე, ფილმის ერთი სცენა გამახსენა და მეგობარსაც ვუამბე.
რისთვის შეიძლება ვწერდეთ მუსიკალურ მიმოხილვას – მხოლოდ კომპოზიტორისთვის, თუ ჩვენი აზრის დასაფიქსირებლადაც? -მიმოხილვა კარგია, რომ სხვამაც გაიგოს, რა გვესმოდა, ან რა არ მოგვეწონა.

აქტივობის აღწერა:

  1. მოსწავლეები ისმენენ თანამედროვე ახალგაზრდა კომპოზიტორის: ფლინ ჰეის სპენსი Eternal Eclipse – Rival
  1. მოსმენის შემდეგ მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს „მუსიკალური მიმოხილვის“ სტრუქტურას:
  • ირველადი შთაბეჭდილება – როგორი შეგრძნება დარჩათ მოსმენის შემდეგ?
  • პოზიტიური მხარე – რა მოეწონათ განსაკუთრებით?
  • შესაცვლელი ნაწილი – რა შეცვლიდნენ ან რა არ მოეწონათ?
  • შემაჯამებელი აზრი – რეკომენდაცია, შეჯამება.

მოსწავლეები დამოუკიდებლად ან წყვილებში ავსებენ მუსიკალური მიმოხილვის ფურცელს.

გონებრივი იერიში აქტივობის შემდეგ:

შეკითხვა მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები
რა გრძნობები გამოიწვია ამ მუსიკამ შენში და მოახერხე თუ არა ამის გადმოცემა წერილობით? -მე დავწერე, რომ მუსიკა იყო ენერგიული და გმირული. მგონია, რომ ეს გრძნობა კარგად გადმოვეცი.
როგორ დაგეხმარა გეგმა იმაში, რომ აზრები უკეთ დაგელაგებინა? -გეგმა დამეხმარა, რომ თანმიმდევრულად მომეყოლა – ჯერ რა მომეწონა, მერე რა არ მომეწონა.
შენს მიერ დაწერილ შეფასებას თუ წაიკითხავდა კომპოზიტორი, როგორ ფიქრობ, რას გაიგებდა შენგან? -ვფიქრობ, კომპოზიტორი გაიგებდა, რომ მისი მუსიკა მომეწონა, მაგრამ შუა ნაწილი ცოტა დამღლელი იყო ჩემთვის.

მოსწავლის თვითშეფასება:

კითხვ კი ნაწილობრივ არა
დავასახელე ნაწარმოები და ავტორი      
დავწერე ჩემი პირველადი შთაბეჭდილება      
აღვწერე პოზიტიური და შესაცვლელი ნაწილი      
ჩემს აზრს მივუმატე არგუმენტი (რატომ ვფიქრობ ასე?)      
შევაჯამე მოსაზრება მოკლედ და მკაფიოდ      

შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

დონე მოსწავლის აქტიურობა
პრესტრუქტურული მოსწავლე ვერ აღწერს  შთაბეჭდილებას და  წერს  მხოლოდ ფრაზებს, აზრთა კავშირი არაა.
უნისტრუქტურული მოსწავლე აღწერს  ერთ კონკრეტულ შთაბეჭდილებას , მაგრამ არგუმენტი სუსტია.
მულტისტრუქტურული მოსწავლე აღწერს რამდენიმე აზრს,  ნაწარმოების დეტალებს, მაგრამ არ აკეთებს შეჯამებას.
მიმართებითი მოსწავლე აღწერს შთაბეჭდილებებს, განმარტავს არგუმენტს, აფასებს ნაწარმოებს და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას.
აბსტრაქტული მოსწავლე აკეთებს ინტერპრეტაციას, შედარებებს სხვა ნაწარმოებთან ან მსჯელობს კომპოზიტორის სტილს შესახებ.

მასწავლებლის რეფლექსია

მოსწავლეთა ჩართულობ
მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ ნაწარმოებს და  წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს.
დავალების გაგება და შესრულება შეფასების გეგმა დაეხმარა მოსწავლეებს აზრების ლოგიკურად ჩამოყალიბებაში.
კრიტიკული აზროვნება მოსწავლეთა ნაწილი ახერხებდა არგუმენტირებულად შეფასებას და კრიტიკული ხედვის გამოხატვას.
ემოციური გამოხატვა წერილობით ნამუშევრებში  კარგად ჩანდა ემოციური შეფასებები და პირადი კავშირი მუსიკასთან.
სირთულეები ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა მუსიკის შეფასების მიზეზების ჩამოყალიბება .
შემდგომი ნაბიჯები საჭიროა მუშაობა მუსიკალური ტერმინების განმტკიცებასა და სიტყვების გამდიდრებაზე.

კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებით საფეხურზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესს მოსწავლის პიროვნული, შემოქმედებითი და სოციალური ზრდისთვის. სწორედ ამ ასაკში ხდება ღრმა ემოციური და მსჯელობითი უნარების ფორმირება. მუსიკით მიღებული შთაბეჭდილება, მძლავრ საფუძველს ქმნის დამოუკიდებელი, შემფასებელი და შემოქმედებითი მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.
მუსიკის გაკვეთილებზე კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული მიდგომები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, იყვნენ კარგი  მსმენელები და ასევე , თავად გახდნენ შეფასების, გააზრებისა და არჩევანის აქტიური ავტორები.

წარმოსახვითი პრაქტიკის საფუძველზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სწორად სტრუქტურირებული გაკვეთილები — კითხვებზე დაფუძნებული სწავლება, ვარაუდის დაშვება, შედარება, არგუმენტირებული მსჯელობა და რეფლექსია — მოსწავლეს  ეტაპობრივად გადააქვს ერთგანზომილებიანი აღქმიდან სისტემურ და ღრმა გააზრებამდე. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უმეტესობა აქტიურად ერთვება კრიტიკულ მსჯელობაში მაშინ, როცა მასწავლებელი არ აწვდის მზა პასუხებს.

კრიტიკული აზროვნების განვითარება მუსიკის გაკვეთილზე ქმნის სწავლების ისეთი ტიპის სივრცეს, სადაც ბავშვი მხოლოდ ცოდნის მიმღები კი არა, არამედ — შემფასებელი და შემქმნელია .

წარმოდგენილი პრაქტიკული მაგალითები ცხადყოფს, რომ მუსიკის გაკვეთილებზე კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიების გამოყენება აუმჯობესებს მოსწავლეთა ანალიტიკურ და შემოქმედებით უნარებს, ამაღლებს მათ თვითშეფასებას და აყალიბებს აქტიურ მოსწავლეს.

ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას. შესაბამისად, კრიტიკული აზროვნების ინტეგრაცია მუსიკის გაკვეთილებში წარმოადგენს არა მხოლოდ ინოვაციურ, არამედ აუცილებელ გზას დაწყებით განათლებაში.

 

 

 

ერთ დროს სიცოცხლე იყო დიოსკურიაშიც

0

კაცობრიობის ისტორია შეიძლება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ისტორიადაც ჩავთვალოთ. ესაა რელიგიის, ფილოსოფიის, ხელოვნების პრობლემა. მაგალითად, ქრისტიანობა მიიჩნევს, რომ მარჯვენა ლოყაზე გარტყმას, მარცხენის მიშვერით უნდა უპასუხო. ფილოსოფიაში ზნეობრიობად მიიჩნევა ისეთი ქმედება, როცა მეორე ადამიანი შენთვის მიზანია და არა საშუალება, ანუ მას იმავეს უსურვებ, რასაც საკუთარ თავს. პრაქტიკულად ეს ასე გამოიყურება: მე თუ მოვუწოდებ ახალგაზრდას, რომ მან გაიღოს სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე; ის მაშინ დამიჯერებს, ზნეობრივად მაშინ ჩათვლის ჩემს ამაღლებულ რჩევასა თუ სულიერ გამოცდილებას, როცა შესაბამის სიტუაციაში მე ამავეს ვეტყოდი საკუთარ შვილსაც.

საინტერესოა, ყოველ ჩვენგანში არის ზნეობრივი ქცევის საფუძველი?

  • რატომ ვიქცევით ამგვარად და არა იმგვარად?
  • რატომ ხდება ოქსიმორონი, რომ ერთსა და იმავე საზოგადოებაში, გარემოში, სოციუმში, შეიძლება ჩამოყალიბდეს და თანაარსებობდეს როგორც კეთილი, ისე ბოროტი ადამიანიც?

ეს კანტსაც უკვირდა. თუმცა „ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩემში“ ის სულიერი ქვაკუთხედია, ბალავარი, ძალა, საყრდენი, რომელსაც ეფუძნება ადამიანი, საკუთარი ორიენტაციით სამყაროს ხედვისა თუ ადამიანური ურთიერთობებისა, ასევე საკუთარ თავთან მიმართებითაც… მოდი, შემდეგისთვის გადავდოთ, გარკვევა იმისა თუ:

  • როგორ ყალიბდება ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება?
  • თანდაყოლილია ზემოთქმული თუ გარემოს ზემოქმედებით შეძენილი?
  • რა განსხვავებაა ცოდნასა და „ცოდნას“ შორის?

მოკლედ, საფიქრალი გვაქვს და გავშალოთ ლიტერატურულ-მხატვრულად, რეალურ თუ გამოგონილ/შეთხზულ სინამდვილეზე ორიენტირებით, ჯემალ თოფურიძის მოთხრობის „დიოსკურია ჩაძირული ქალაქია“ მაგალითზე… ნაწარმოების მთავარი გმირის ტრაგიზმს, უიღბლო ბედისწერას, სწორედაც რომ საზოგადოების მორალის ავადმყოფური მდგომარეობა განსაზღვრავს. პიროვნებისთვის, რომელიც ზნეობრივად მგრძნობიარეა, ფატალური ხდება უზნეობა გარშემო, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება. თუმცა, ბედის, გარემოს, დარტყმების მიუხედავად, ის კანტისეული, მისი სულიერი არსი – სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიჭი – შეულახავი რჩება, მიუხედავად მისი ფიზიკური განადგურებისა…

თხრობა ნაწარმოებში ხან პირველ პირშია, ხანაც – მესამეში. თითქოს მთხრობელი „გარედანაც უყურებს“ საკუთარ თავს. მოგონებები, წარსული და აწმყო ერთმანეთს ცვლის და ქმნის დამაბნეველ მოზაიკურობას, რომლისგანაც ნელ-ნელა იკვრება სიუჟეტი. „ახლა მთლიანად ლოგინი და მისი ის ნაწილიც, რომელიც ჩემი სხეულითაა დაკავებული, შუაზე გაჭრილი ადამიანი მგონია. თავიდან ფეხებამდე შუაზე გაჭრილი“ (613); – კარგადაა ნაჩვენები, როგორ ებრძვის ადამიანი ჩახავსებულ სააზროვნო სტერეოტიპებს, ზედ ობივით რომ მოსდებია ყალბი საზოგადოებრივი მორალი, როგორ იმსხვრევა ეს მორალი თუ სტერეოტიპები პიროვნების წარმოსახვაში… ყველაფერი კი დაიწყოო „იმ კაციდან, მეფისტოფელს რომ მიუგავდა სახე და ბაბუაჩემს რომ ეძახდნენ. რატოა ამ ხალხში ისეთი აზრი, თითქოს ბაბუები და ბებიები გადასარევები იყვნენ“ (613). ასე ზიანდება ჩვენი ნათელი წარმოდგენები რეალობით, ხოლო ტვინი, დაღლილი და მოქანცული მძიმე სინამდვილით, პარალელურ, ჰალუცინაციურ სინამდვილეს გთავაზობს, თუმცა კაცს უხარია მაინც: „რადგან ვიცი, მეჩვენება, ესე იგი, გიჟი არა ვარ“. სულიერი კრიზისი დგება ხოლმე, მაგრამ როცა გამოსავლად სიკვდილს მიიჩნევ, უკვე ფინალისკენაა გეზი: „სულ მგონია, გადავხტები. თავის მოკვლა არ მინდა და ღია ფანჯრებს ვერ ვეკარები. რაღაც ძალა გადამაგდებს. შეიძლება სულაც იმ ბებერმა გადამაგდოს, მეფისტოფელის სახე რომ ჰქონდა. მკვდარია, მაგრამ მაინც… მკვდრები სულ თან მდევენ“ (64).

მამა, რომელსაც მთხრობელივით თემური ერქვა და რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ორი კვირა ხმას არ იღებს (ოტია პაჭკორიას ერთი პერსონაჟივით, ცხოვრების პროტესტად უმეტყველობას რომ ირჩევს) და ექიმს მოუყვანენ, მდუმარე რომ დადის მათთან, პანაშვიდზე მისულივით. ისინი სოხუმელები არიან, ოჯახი… ბიჭმა უკვე იცის, რომ სიკეთეს ყველაზე მეტ ხანს სჭირდება გამოცდა და ზოგჯერ ის ამ გამოცდას ვერ უძლებს… მამა თავს ჩამოიხრჩობს თეთრ პერანგში გამოწყობილი („ვის გიფრენიათ მამასთან ერთად ასეთ ლამაზ საქანელაზე?!“), ბავშვი დაიგვიანებს და ვეღარ უშველის.

რატომაა, რომ ვიღაცა წუთისოფლის მასპინძელია, ვიღაც კი მარადი სტუმარი, მარადი ტვირთმძიმე, მარადი საპყარი, მარად მოწყალებაზე?! როგორც გახუნებულპალტოიანი ქალი, რომელსაც შეიძლება მდიდარი ნათესავები ჰყავს („ო, რა კეთილი ხართ ეს ნათესავები“), რომლებიც სტუმრების წასვლის შემდეგ სუფრის ალაგებასა და ჭურჭლის დარეცხვაში ჩანთას ნარჩენი საჭმელებით აუვსებენ ხოლმე. გაწვალებული, დაღლილი, ჩანთიანი ქალი, ნაწყალობევი სანოვაგით („დედაჩემივით მეცოდებიან ისინი“)… ვინღაა ამ სოფლის მასპინძელი? ნუ, თუ არ გავიხსენებთ ცნობილ იდიომს სატანაზე, მივყვეთ მწერლის ირონიას, რომელიც არავის დაგრჩებათ შეუმჩნეველი: „არიან ადამიანები, რომელთაც სხვებზე მეტად აქვთ შეგნებული, რომ ერთხელ მოსულან ამ ქვეყანაზე. ისინი არავითარ სიამოვნებას არ იკლებენ. შოულობენ ბევრ ფულს, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის და რაც მთავარია, არ ეზარებათ. ცხოვრობენ ლამაზ გოგოებთან, ქეიფობენ და მოგზაურობენ. იცავენ იმას, რაც ყველაზე ძვირი ღირს. ისინი ცდილობენ, არაფერზე იდარდონ და აღწევენ კიდეც ამას. სხვა ძალიან ბევრი რამე აკლიათ, მაგრამ მაინც ალბათ დიდი ბედნიერებაა იმის მიღწევა, რომ აღარაფერზე არ იდარდო“ (624).

ამ სოფლის კიდევ ერთი „მწარე“ ჭეშმარიტება – „ძალიან კარგად არის ადამიანის ტვინი მოწყობილი. ბოლომდე არ სჯერა, რომ კვდება“ (626). იქნებ ეს ჩვენი ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმია?

– „ცოცხლებს არ ტირიან…

  • ცოცხლებს ტირიან სწორედ, მკვდარი რაღა სატირალია“.

ჩვენი ცხოვრება დაუსრულებელი ქორწილებისა და პანაშვიდებისაგანაც შედგება. „როგორ შეიძლება გიყვარდეს ქორწილები და პანაშვიდები?“ არადა, არის ხალხი, იქ სიარული რომ მიაჩნიათ საკუთარ უმაღლეს დანიშნულებად. დადიან კიდეც, როგორც ცხოვრების მასკარადზე, სპეციალურად თმა-სახედაყენებულნიც და ფრანც კაფკასავით არ გრძნობენ, რომ ზედმეტნი არიან, კონტექსტიდან ამოვარდნილნი ამ „სპექტაკლში“. თუმცა არც ამ „ზედმეტთა“ ნაკლებობაა. ასეთია მოთხრობის მთავარი პერსონაჟიც, მთელი ცხოვრება რომ გაჰყვება თვითმკვლელი მამის ტრაგიზმი და გლოვა („ყველაზე მეტად მამა მაშინ მეცოდებოდა, როდესაც წვიმდა“).

მწერალი მოთხრობის მძიმე განწყობებს იუმორით, ამ შემთხვევაში, „შავით“, ანეიტრალებს. აი, როგორ ახასიათებს იგი ამ „კოსტიუმირებული კარნავალის“ მონაწილეებს, ასე რომ აქცენტირდებიან მატერიალურზე, – ეკლესიასტეს ყველასა და ყოველივეს განმაიარაღებელი ფილოსოფიურობით: „ძალიან ჰგავს ეს ხალხი მიცვალებულებს თავიანთი ახალი ფეხსაცმელებით, ახალი კოსტიუმებით, ქათქათა, თეთრი პერანგებითა და შავი ჰალსტუხებით, პიჯაკის გულის ჯიბეში სათვალეებით“ (630). მართლაც, ვერ უარყოფ, საპირისპიროსაც: როგორ ცდილობენ ადამიანები, მიცვალებულები ცოცხლებს დაამსგავსონ, არადა, „მანამდე კი არავინ გამოჩნდება, სანამ არ მოკვდება… სანამ არ მოკვდება“ (630). თუმცა უკვე გარდაცვლილებს ისე მაგრად აუკრავენ ხოლმე პირს, „…თითქოს ეშინიათ, სიკვდილის შემდეგ ის არ თქვან, რაც სიცოცხლეში დაუმალავთ, არავისთვის გაუმხელიათ, გულში დაუმარხავთ, რითაც დაღუპულან და რაც იმქვეყნად გაჰყოლიათ დარდად; სიკვდილის შემდეგ არა თქვანო, – ეშინიათ, შევრცხვებითო, თავი მოგვეჭრება…“ (630-631).

მამის სიკვდილის შემდეგ ბიჭს ერთადერთ საყრდენად მისი ბიჭობისა, ბიძა მოევლინება, გურამი, ქრისტესავით ცისფერთვალება („ახლა ქრისტე იყო ის მისთვის“). თუმცა ეს ჰარმონია დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან „ტყუილად არც არაფრის ეშინიათ, მით უმეტეს ბედნიერების“, რომელიც შემოდგომის მზიან დღესავითააო, მწერალმა, როცა გეშინია, რადგან ყოველ წუთს შეიძლება მოიღრუბლოს და განაცრისფერდეს ყველაფერი გარშემო, ჩამობნელდეს, რადგან შემოდგომაზე „მზე მალე კვდება“. პატარა თემურისთვისაც ერთხელ კიდევ მოკვდება მზე, გურამი რომ გარდაიცვლება… აქ ტანჯვის არსზეცაა საუბარი, ადამიანთათვის ბოლომდე მაინც აუხსნელ-შეუცნობელზე: „ბედნიერი დღეები უფრო ადვილად ავიწყდება კაცს, უბედურება სულ ახსოვს, ტვინსა და გულს უღრღნის, სულ თანა სდევს, იმიტომ, რომ უფრო ნაღდია, ყველაფერზე ნაღდია, რაც კი რამ გაჩენილა ამ ქვეყანაზე“ (640-641).

კვდება კოტიკა, მთხრობლის მეგობარი და ის ისე უნდა მოკვდეს, რომ არ ეტკინოს. ამაზე ზრუნავს თემური. თხოვდება მისი ყოფილი ცოლიც, მარინა, მისი ბოლო იმედი. ეკარგება შვილიც, ანუ ყველაფერი გათავებულია, რადგან მისი ცხოვრების ეს ერთადერთი მიზანიც ისპობა. ისიც გაუყვება გზას, კარგა ხნის დაწყებულს, სულეთისკენ: „გზაზე მოკვდა ვიღაც უცნობის მხარზე თავმიდებული. – როგორ მცივა, – თქვა სიკვდილის წინ“ (644). მოთხრობა მთავრდება ისე, რომ არაა მინიშნება, მოთხრობას „რეფრენივით“ გაყოლილი ძახილი-ჰალუცინაცია „თემურ!“ ვისგანაა:

  • ბედისწერისგან?
  • მფარველი ანგელოზისგან?
  • თუ საკუთარი იდეალური „მესგან“?

ასეთი რაღაცები ხომ ყოველთვის გაუგებარია დედამიწაზე, რომელსაც „ათადან და ბაბადან“ „…თეთრი და სისხლიანი პერანგი ეცვა“…

 

ციტატები წიგნიდან – „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წელი

ახალი მოსწავლე მერხთან

0

ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ის მომენტი, როცა რაღაც ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ. ამ დროს ძალიან ვღელავთ, ემოცია და შფოთვა, რასაკვირველია, ბუნებრივია, მაგრამ მარტივი გადასატანი ნამდვილად არ არის. სხვათა შორის, მარტივი არც ძველთან მიბრუნებაა ხანგრძლივი გაშორების შემდეგ (გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე?“)…

და რა ხდება მაშინ, როცა მოსწავლეს, განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში, სკოლის შეცვლა უწევს? ახლა თავი იმ მოსწავლის ადგილას წარმოვიდგინოთ, რომელსაც ისედაც სტრესულ გარემოში ყოველდღიურად უწევს სირთულეებთან შეჯახება და ამ სირთულეებს ახლა გარემოს შეცვლაც ემატება. თავში უამრავი კითხვა უტრიალებს: როგორ მიიღებენ ახალ სკოლაში? შეძლებს კი ახალი მეგობრების პოვნას? რამდენად მარტივად გაართმევს თავს ყოველდღიურ გამოწვევებს?

როგორც ზემოთ ვახსენე და როგორც ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა არამხოლოდ ინტუიციის დონეზე იცის, რომ ცვლილებები ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ბავშვების ცხოვრებაში ხდება. ახალი მოსწავლისთვის ადაპტაციის პროცესი სწორედ ასეთ რთულ და გადამწყვეტ ეტაპს წარმოადგენს. ცვლილებები, რომლებიც მოსწავლის ცხოვრებაში ხდება — ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი ნორმები — არა მხოლოდ სირთულეებს, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც მოიტანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია, ბავშვებს ხშირად უჭირთ მათთან შეგუება. მით უმეტეს, როცა ეს გარდატეხის ასაკში ხდება.

გარდატეხის ასაკში მოსწავლეები არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც განიცდიან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს პერიოდი ხშირად ეხმიანება თვითშეფასებისა და სოციალური თვითგაგების ახლებურ გააზრებას, რაც ბევრ დაბრკოლებას უკავშირდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იგრძნონ, რომ მათ გარშემო ადამიანები მზად არიან, დაეხმარონ და გაუგონ მათ, რადგან ცვლილებების წინაშე სიჩუმე და მარტოობა კიდევ უფრო ამძიმებს პროცესს.

როგორ დავეხმაროთ ახალგადმოსულ მოსწავლეს ამ პროცესში? სასწავლო წლის დასაწყისში ალბათ ყველა მასწავლებელს გვაწუხებს ეს კითხვა და ბედნიერები ვართ, თუ ამ შეკითხვის პასუხი წარმატებამდე მიგვიყვანს.

პირველი ალბათ მაინც ყურადღება და ემპათიაა. პირველ რიგში, ჩვენს ძველ მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ, გააცნობიერონ, რომ ახალი მოსწავლე განიცდის დაძაბულობას და შეიძლება მარტოსული იყოს. ახალმა მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მისი აზრები, ინტერესი და პერსონალური სივრცე პატივისცემას იმსახურებს. თუ სხვა ბავშვები ამოიცნობენ მის ინტერესებს ან ჰობის, მათ უფრო გაუმარტივდებათ ადაპტაციის პროცესი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია გულწრფელობა: ახალგადმოსულ მოსწავლესთან მასწავლებელს აქტიური კონტაქტი. მან არამარტო უნდა ამოიცნოს ბავშვის ემოციები, არამედ შეძლოს მისი დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

ძალიან დაგვეხმარება, ასევე, ჯგუფური თუ გუნდური სამუშაოები, სადაც ახალი მოსწავლე შეიძენს კლასელებთან ურთიერთობის გამოცდილებას.

კომუნიკაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ახალ მოსწავლეს ძალიან გაუჭირდება, თუ იგრძნობს, რომ მისი აზრები არავის აინტერესებს. აქ, ვფიქრობ, სხვა ბავშვების მიერ გამოჩენილ ინიციატივას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება გამოძებნონ საერთო ინტერესები, საერთო თემები და მათზე საუბრით დაამყარონ გახსნილი ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს ნდობის ფაქტორიც: თუ მოსწავლე რაიმე პრობლემას აწყდება, მისთვის აუცილებელია, ნებისმიერ მომენტში შეეძლოს, მიმართოს დამრიგებელს ან რომელიმე მასწავლებელს. მასწავლებელმა შეიძლება შექმნას „ინკლუზიური“ ჯგუფები, სადაც ახალი მოსწავლის ურთიერთობა სხვა მოსწავლეებთან დაეფუძნება საერთო ინტერესებს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც საკლასო, ისე კლასგარეშე თემატიკას.

რაც შეეხება ემოციური მხარდაჭერას, მოსწავლეებს შეუძლიათ, ურთიერთობა დაამყარონ ისეთ გარემოში, სადაც ერთმანეთს დაეხმარებიან როგორც მეგობრები და არა როგორც კონკურენტები. ახალი მოსწავლე შეიძლება დაუბრკოლებლად მოერგოს ახალ გარემოს, თუ დაეხმარებიან და მის მიმართ გულისხმიერ დამოკიდებულებას გამოიჩენენ.

მასწავლებელმა უნდა შექმნას უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს.

მოსწავლეები უნდა დაუახლოვდნენ და დაეხმარონ ახალ მეგობარს, როცა მას ეს სჭირდება.

მასწავლებელმა უნდა ასწავლოს მოსწავლეებს, როგორ დაეხმარონ ახალ მოსწავლეს, არ იგრძნოს თავი გარიყულად.

არანაკლებ შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა აქტივობასა თუ კლუბების მუშაობაში ჩართვა. მეგობრების გაჩენა ბავშვს თავდაჯერებას შესძენს და თვითშეფასებასაც აუმაღლებს.

მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში.

ახალი მოსწავლის ადაპტაცია სკოლასა და კლასში შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს, მაგრამ სწორი მიდგომით, გულშემატკივრობითა და მხარდაჭერით, ყველაფერს შევძლებთ, დავეხმარებით ახალგადმოსულ მოსწავლეს გარემოსთან შეგუებაში. მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაციის პროცესში აქტიურად იყოს ჩართული როგორც მასწავლებელი, ისე თითოეული მოსწავლე, რადგან მნიშვნელოვანია თითოეული მტკიცე ნაბიჯი ახალი მოსწავლის ინკლუზიისა და კომფორტისთვის.

როგორც ზემოთ ვახსენე, ცვლილებები არასდროს არის მარტივი — მით უმეტეს, როცა ბავშვი გარდატეხის ასაკშია და ამ დროს ერთდროულად ეჯახება ახალ სკოლას, ახალ კლასელებსა და საკუთარ შინაგან ცვლილებებს. გარდატეხის ასაკში ახალგადმოსული მოსწავლისთვის ეს პროცესი შეიძლება ერთდროულად იყოს მტკივნეული, დამაბნეველი და გამოწვევებით სავსე. სწორედ ამიტომ, ამ გზაზე მხარდაჭერა ყველაზე ფასეული რამაა, რის გაწევაც მასწავლებელსა და კლასელებს შეუძლიათ…

გავიხსენოთ ონჯალი რაუფის ბესტსელერი „ბიჭი ჩემი კლასის ბოლო მერხზე“ – როგორ მოახერხეს პატარა ლტოლვილი მეგობრის ტკივილის გაზიარება და ამით მისი დახმარებაც. უცნაური ბიჭი, რომელიც არავის ელაპარაკებოდა, არც იღიმოდა, დაიმეგობრეს და ანუგეშეს. მათმა ძლიერმა სურვილმა, ბიჭს ოჯახის პოვნაში დახმარებოდნენ, დიდი გეგმის განხორციელებაც შეაძლებინა… მეგობრები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი იღონონ. ერთი მხრივ, ეს აჰმედისთვისაა შედეგის მომტანი, მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ ბავშვებისთვის, რომლებიც სიკეთის გაკეთებით თავადაც დიდ ბედნიერებას განიცდიან.

ბავშვები, რომლებიც გრძნობენ თანადგომას, უფრო თავდაჯერებულად უყურებენ საკუთარ თავსა და გარემოს. ისინი სწავლობენ, რომ ცვლილება — მიუხედავად სირთულეებისა — განვითარების, ზრდისა და ახალი შესაძლებლობებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
და თუ ჩვენ, უფროსები და თანატოლები, ცოტათი მეტად გავუგებთ, ცოტა მეტ სითბოს, მოთმინებასა და გულწრფელ თანაგრძნობას გამოვიჩენთ, შევძლებთ, რომ ამ ცვლილებების მორევში ერთ ბავშვსაც მაინც დავეხმაროთ თავისი ადგილის პოვნაში — და ეს უკვე დიდ შედეგს ნიშნავს.

შეიძლება ჩვენთვის ეს უბრალო ჟესტი იყოს — მეგობრული მისალმება, საუბრის წამოწყება ან მერხის გაზიარება — მაგრამ მათთვის ეს, შესაძლოა, მთელი სასკოლო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდეს.

და მაინც, რა შეუძლია მასწავლებელს?

მასწავლებელს, თავის მოსწავლეებთან ერთად, შეუძლია შექმნას გარემო, სადაც ეს გარდატეხის პროცესი უფრო შესამჩნევად და მარტივად გადაილახება.

თამამად შეგვიძლია, ამ კითხვას ასე ვუპასუხოთ: მასწავლებელს,

მოსწავლეებთან ერთად, ყველაფერი შეუძლია.

 

კითხვარი რესურსებთან დაკავშირებით

0

გთხოვთ, შეავსოთ  https://mastsavlebeli.ge/  კითხვარი, რათა გავიგოთ, რა ტიპის სასწავლო რესურსებია  თქვენთვის ყველაზე  საჭირო,  მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისთვის. კითხვარი ანონიმურია.

კითხვარი

 

 

დამატებითი დავალება

0

როდესაც მცირე ასაკის მოსწავლეებთან ვმუშაობთ, ქულებით წამახალისებელი ან დამსჯელი  სისტემის მოფიქრება შედარებით ადვილია. პატარები დიდი სიამოვნებით აგროვებენ სტიკერებს, რომლებიც დაიმსახურეს, უხარიათ ყველა მიღებული ქულა თუ ვარსკვლავი, რომელიც ან ინდივიდუალურად მათთვის, ან მათი გუნდისთვის, ან სულაც მთელი კლასისთვის არის განკუთვნილი. ქულებით ან ვარსკვლავებით შეფასება და წახალისება მოსწავლის მოტივაციაზე დიდ გავლენას ახდენს და მათი ხათრით მოსწავლეების ქცევის კონტროლიც შედარებით მარტივდება.

ამ მეთოდის დასანერგად უამრავი პლატფორმა არსებობს, თუმცა მასწავლებელს გაკვეთილზე უბრალო დაფის გამოყენებაც შეუძლია. პროცესი უფრო სახალისო რომ იყოს, შეგიძლიათ, დაფაზე დახატოთ ადამიანის სასაცილო სახე, რომელსაც, დავუშვათ, 8 კბილი ექნება. ყოველი ქულის დაკლება ერთი კბილის დაკარგვას (წაშლას) გამოიწვევს, რომლის აღდგენაც მხოლოდ ხუთი ქულის მოგროვების შედეგად მოხერხდება.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ყველა მოსწავლე სხვადასხვანაირად რეაგირებს ქულების დაკლებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურად ქულების დაკლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართოთ.

რა ხდება, როდესაც მოსწავლეები იზრდებიან და აღარც სტიკერები ადარდებთ, აღარც ქულები, აღარც ვარსკვლავები და აღარც დაფაზე დახატული კაცი რვა უსწორმასწორო კბილით? – ახალი წამახალისებელ-დამსჯელი მეთოდების მოფიქრება გვიწევს. ეს იმიტომ, რომ განსაზღვრულ ასაკში მოზარდებს სიმბოლოებზე მეტად ავტორიტეტები, თანაკლასელებისა და მასწავლებლის რეაქციები აინტერესებთ. მათი გონება ყველა მოვლენას იმის მიხედვით აფასებს, რამდენად ლოგიკური შედეგი და განვითარება აქვს მას, ვარსკვლავები კი დროისა და ენერგიის ფუჭ ფლანგვად მიაჩნია.

ამის საპირისპიროდ, თინეიჯერების (და არამხოლოდ) ყველაზე დიდი სურვილი ალბათ ნაკლები დავალების ქონაა. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ აიწევს გაკვეთილზე მუშაობის მოტივაცია, თუ ეტყვით, რომ მოგროვილი ქულების/ვარსკვლავების რაოდენობაზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული მათი დავალების რაოდენობა ან სულაც არსებობა. გარდა ამისა, დავალებისა და დამატებითი დავალების არსებობა-არარსებობა მათთვის რეალური შედეგია: ეს მათ შესაძლოა დამატებით დროდ და ძალისხმევად დაუჯდეთ. ასეთი მიდგომა საზღვრის შეგრძნებასაც წარმოშობს: მოსწავლეები იწყებენ მიხვედრას, რომ არსებობს საზღვარი და თუ გასცდები, რაღაც რეალურ შედეგამდე მიხვალ, რომელიც შეიძლება არც ისე სასიამოვნო იყოს. შედეგად მოზარდი გრძნობს პასუხისმგებლობას, აკონტროლოს თავისი ქცევა, რომელიც მათ კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანს.

თუმცა მასწავლებელს ამ შემთხვევაშიც მართებს ზომიერება და რისკების კონტროლი. მაგალითად, თუ დავალების მიცემა გახდება მუდმივი “სანქცია”, ის ან ეფექტს დაკარგავს, ან უკურეაქციას გამოიწვევს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეები ამას ხედავდნენ როგორც, შესაძლოა, არასასურველ, მაგრამ მაინც სასარგებლო შედეგს, რათა შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია და სწავლა შიშზე დაფუძნებულ იძულებით პროცესად არ გადაიქცეს.

ამის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ, გაკვეთილის დასაწყისში კლასს მიანიჭოთ, პირობითად, 30 ქულა. აუხსენით, რომ ყოველი წესის დარღვევისას ქულები დააკლდებათ (მაგალითად, თანაკლასელთან საუბარი და მასწავლებლისადმი უყურადღებობა შეიძლება იყოს მინუს სამი ქულა), 10 ქულამდე ჩამოსვლა კი დამატებით დავალებას უდრის.

ეცადეთ, ქულები პირდაპირ არ მოაკლოთ. პირველ ჯერზე მიეცით გაფრთხილება. ამგვარად მოსწავლეები უკეთ გააკონტროლებენ თავს და შესაძლოა, მეორედ იგივე წესი აღარც დაარღვიონ. გარდა ამისა, უფრო დიდი შანსია, 10 ქულაზე მეტი შეინარჩუნოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს დამატებით დავალებას არ მისცემთ. აუცილებლად აღნიშნეთ ეს გაკვეთილის ბოლოს და შეურთდით მოსწავლეების სიხარულს. შეახსენეთ, რომ ყველაფერი გამოუვიდათ და დამატებითი დავალება თავიდან აიცილეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაოს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, ხოლო თუ ოდესმე დამატებითი დავალების გაცემა მოგიწევთ, აუცილებლად ჰკითხეთ მოზარდებს, რა ტიპის დავალების შესრულება ურჩევნიათ. როდესაც ისინი არჩევანს თავად აკეთებენ, თავს უფრო დაფასებულად გრძნობენ და დავალება ისეთი უსიამოვნო აღარ ეჩვენებათ, როგორიც მანამდე.

ბოლოს კი ყველაზე მთავარი: თუ დამატებითი დავალების მიცემას დააპირებთ, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ან არ გადადოთ ამის გაკეთება, თორემ მომდევნო ჯერზე თქვენს სიტყვას ფასი აღარ ექნება. მოსწავლეები აღარ დაიჯერებენ, რომ 30-დან 10 ქულის შენარჩუნებას თუ ვერშენარჩუნებას აზრი აქვს. შესაბამისად, ეს მეთოდიც სამუდამოდ დაკარგავს ძალას.

აქტივობები ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის

0

ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ არაერთგვაროვანი აქტივობები და მეთოდოლოგიაა საჭირო.  ცნობილი ფაქტია, რომ ამგვარი დარღვევის მქონე ბავშვებს ქცევის სირთულეც ახასიათებთ და ადვილი არ არის საგაკვეთილო პროცესში მათ თავისებურებებთან გამკლავება. ერთი მომენტიცაა: ჩვენში ამ დარგში ძველი და ახალი მეთოდოლოგიების ჭიდილი იგრძნობა, ლიტერატურა კი მწირია.

მეტი მრავალფეროვნებისთვის აქტივობების შესახებ Chart GPT-ს ვკითხე. აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ კომპეტენტური სპეციალისტი ყოფილა. მისი აზრით, ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს მოთმინებას, სტრუქტურირებულობას და შემოქმედებით მიდგომას. გაგაცნობთ აქტივობებს, რომლებსაც Chart GPT გვთავაზობს მეტყველების, კომუნიკაციის, არტიკულაციის, აუდიტორული გაგების და ლექსიკური მარაგის გასავითარებლად:

 

  1. არტიკულაციური თამაშები (ბგერების გამოთქმის გაუმჯობესება)
  • მიზანი: კონკრეტული ბგერების გამოთქმაში ვარჯიში
  • სარკესთან ვარჯიში: ბავშვი ხედავს საკუთარი პირის მოძრაობას და იმეორებს ენის სპეციალისტთან ერთად.
  • დაიჭირე ბგერა – ბავშვი უსმენს სიტყვას და პოულობს ბგერას (მაგ: „ს“ – „სანთელი, სარკე“).
  • საუბარი პაწაწინა მეგობრებთან – სათამაშოებთან საუბარი ბგერებით, რომლებიც ბავშვისთვის რთულია.

 

  1. სიტყვათა მარაგის განვითარება
  • მიზანი: ლექსიკის გამდიდრება, ასოციაციური აზროვნება
  • ვინ რას აკეთებს?“ – სურათები მოქმედებით; ბავშვი პასუხობს კითხვებზე ან ადგენს წინადადებას (მაგ.: „დედა ამზადებს საჭმელს“).
  • ასოციაციების ჯაჭვი: ვეუბნებით სიტყვას, ბავშვი კი ეძებს მასთან დაკავშირებულ სიტყვებს (მაგ.: „წვიმა“ – „ქოლგა“, „ღრუბელი“).
  • მოთხრობა სურათების მიხედვით – ბავშვი თხზავს პატარა ისტორიას სურათების მიხედვით.

 

  1. მეტყველების დინამიკის განვითარება (შეერთება, შეკვეცა, წინადადებები)
  • მიზანი: აზროვნების გრამატიკული ორგანიზება
  • დაასრულე წინადადება – ლოგიკური და მარტივი წინადადებები, რომლებიც ბავშვმა უნდა დაასრულოს.
  • 3 სიტყვაერთი ამბავი– ვაძლევთ სამ სიტყვას (მაგ.: კატა, ბურთი, ფანჯარა), რომელთაგანაც ბავშვმა უნდა შექმნას ამბავი.
  • სურათების თანმიმდევრობა – ბავშვი აწყობს სიუჟეტურ სურათებს თანმიმდევრობით და ჰყვება ისტორიას.

 

  1. აუდიტორული გაგება და ზეპირი მეხსიერება
  • მიზანი: მოსმენის უნარის გაძლიერება და ზეპირი ინფორმაციის დამახსოვრება
  • ვის ვუსმენთ?“ – ბავშვი უსმენს ხმას ან აღწერას და გამოიცნობს.
  • მარტივი ინსტრუქციების მიყოლა: „დადე წიგნი მაგიდაზე, მერე აიღე ფანქარი“.
  • მეხსიერების ჯაჭვი: ბავშვი იმეორებს მზარდი სიგრძის სიტყვათა სერიებს.

 

  1. მოტორიკა + მეტყველება (სხეულის მოძრაობის გამოყენებით)
  • მიზანი: ენის და მოძრაობის კოორდინაცია
  • რითმული ლექსები ხელის ტყაპუნით
  • ლოგორიტმიკა – მარტივი მოძრაობები/ქცევები ლექსებთან ერთად (მაგ., „ხელით დავხატოთ მზე“).
  • მეტყველებითი იოგა – მარტივი იოგას პოზები სუნთქვის ვარჯიშებთან ერთად

 

  • რესურსები და ინსტრუმენტები:
  • სურათების ბარათები (ლექსიკა, მოქმედება, გრძნობები)
  • ქუჩის ან ცხოველების პატარა ფიგურები – როლური თამაში
  • სარკე, ასო-ბგერების ბარათები, ფანქრები, საღებავები და სტიკერები.

 

პრაგმატული ენის დარღვევა ანუ ენობრივი კომუნიკაციის სოციალური მხარის დარღვევა ბავშვებში ხშირად გამოიხატება შემდეგნაირად:

  • საუბრისას დათმობის უუნარობით;
  • თემასთან დაუკავშირებელი პასუხებით;
  • ჟესტების, გამომეტყველების ან ტონალობის უგულებელყოფით;
  • იუმორის, ირონიის ან გადატანითი მნიშვნელობის ვერგაგებით;
  • მეტისმეტი დომინანტობით ან პირიქით, გაუბედაობით კომუნიკაციისას.

 

პრაგმატული ენისთვის სპეციალურად შერჩეული აქტივობები

  1. როლური თამაშებირა მოხდებოდა, რომ…

მიზანი: სოციალური სცენარების მოდელირება.
მაგალითი:

  • სიტუაცია: „შენ ხარ მაღაზიაში, გამყიდველს არ აქვს ხურდა“.

ბავშვი ეძებს შესაბამის სიტყვებს, ტონს, ჟესტს – როგორ მოიქცეს.

წინასწარ გააგებინე, რას ნიშნავს თავაზიანობა, ალტერნატივა, უკმაყოფილება ისე, რომ აგრესია არ ჩანდეს.

  1. სოციალური კომუნიკაციის ბარათები

მიზანი: სიტუაციური რეაგირების ვარჯიში.

ბარათებზე გამოსახულია სცენები:

  • „ვიღაცამ შენზე ცუდი თქვა“.
  • „მეგობარმა დაკარგა რვეული და შენ იპოვე“.

ბავშვი ირჩევს პასუხს/ტონს/ჟესტს და ასაბუთებს, რატომ აირჩია ის.

  • შეავსე მოფიქრებით: „კიდევ როგორ შეიძლებოდა პასუხის გაცემა?“

 

  1. მცირე ვიდეოკლიპების ან ანიმაციების ანალიზი

მიზანი: მიმიკებისა და ქვეტექსტების გარჩევა

აჩვენე 1-2-წუთიანი ვიდეო და ჰკითხე:

  • რას გრძნობს პერსონაჟი?
  • რა არ თქვა ხმამაღლა, მაგრამ იგრძნობოდა?
  • როდის იცრუა?

ეს ავითარებს ემპათიას, ინტუიციასა და სოციალურ ინტერპრეტაციას.

 

  1. გაგრძელე საუბარი

მიზანი: დიალოგის შენარჩუნება და წინ წამოწევა

დაიწყე ფრაზით: „მე დღეს სკოლაში საინტერესო რამ გავიგე…“

ბავშვმა უნდა დააკავშიროს: „რა იყო ის? / მეც ასევე ვიყავი“.

თუ პასუხი კონტექსტს არ შეესაბამება, შეგიძლიათ ერთად გადააკეთოთ დიალოგი: „რა უნდა ეთქვა, რომ მეტი თანხვედრა ყოფილიყო?“

 

  1. იუმორის თამაში

მიზანი: ირონიის, ორმაგი მნიშვნელობის, ცნობისმოყვარეობის გაგება

უთხარი მეტაფორული ფრაზები:

  • „მის ტვინში დინოზავრებმა ფეხბურთი ითამაშეს“.

ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ არის ნათქვამი. ივარჯიშეთ სახალისო ახსნებით.

 

  1. ემოციური ბარათები და ურთიერთობა

მიზანი: სხვისი ემოციის ამოცნობა და საპასუხო რეაქცია.

აჩვენე ბავშვს სახის გამომეტყველება ან სიტუაცია.

ჰკითხე: რა უნდა უთხრას მას მეგობარმა? როგორ დაეხმაროს?

 

დამატებითი რჩევები

  • იყავი მარტივი და პროგრესული: თავდაპირველად ეცადე, სცენარები იყოს ნაცნობი და მარტივი (სკოლა, მაღაზია, თამაშის მოედანი), შემდეგ გადადი კომპლექსურ ურთიერთობებზე.
  • ხშირად გამოიყენე სარკე, ხმის ჩაწერა, ვიდეოგადაღება – ბავშვები უკეთ ხედავენ, როგორ ჟღერს/“გამოიყურება“ მათი მეტყველება.
  • შექებისას იყავი სპეციფიკური: „ძალიან კარგად უთხარი, რომ გწყინდა, მაგრამ არ დაჩაგრე. ეს მნიშვნელოვანია!”

 

კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრებაა შესაძლებელი. პირადად მე გამომიყენებია „სიტყვების ბანკი“, „განძის ყუთი“, „მოძრავი ლექსიკონი“ და ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო სხვა აქტივობები. თითოეული მათგანი ენის ფონოლოგიურ, მორფოსინტაქსურ, სემანტიკურ, პორაგმატულ დონეებს ავსებს და შესაბამის მიზანზე გადის. პირადად კი ძალიან მაინტერესებს, ძვირფას მკითხველს აქტივობათა სახელწოდებები რა ასოციაციებს გაუჩენს.

მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოება

0

თანამედროვე სამყაროში, სადაც მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ყოველდღიურად იყენებენ გაჯეტებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, აპლიკაციებს, ხელოვნური ინტელექტის და ონლაინთამაშების პლატფორმებს, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოება. ინფორმირებულობა და წესების დაცვა მნიშვნელოვანია კიბერთაღლითებისა და ონლაინკრიმინალებისგან მომდინარე, პირადი მონაცემების გაჟონვისა და გავრცელების საფრთხის შესამცირებლად.

ინტერნეტი და ციფრული სასწავლო პროგრამები განვითარებისა და კომუნიკაციის უდიდეს შესაძლებლობას ქმნის მხოლოდ მაშინ, როცა მას უსაფრთხოდ ვიყენებთ. მასწავლებლებისა და მშობლების როლი ბავშვების განვითარებაში მათთვის არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ციფრული პასუხისმგებლობის პირადი მაგალითების ჩვენებაც არის. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს ინფორმირებული, დაცული და პასუხისმგებლობიანი როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეში. გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვები, რომლებიც ინტერნეტის მასობრივი გავრცელების ხანაში ელექტრონული მოწყობილობებით ჭარბად გაჯერებულ სივრცეებში იზრდებიან, არცთუ იშვიათად ზრდასრულებზე სწრაფად ითვისებენ ელექტრონულ პლატფორმებს და მშობლები და მასწავლებლები მათთან შედარებით შესაძლოა მეტად დაბნეულები ან არაინფორმირებულები ჩანდნენ, მაგრამ ეს მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას არ გვიხსნის.

კონკრეტულ წესებზე გადასვლამდე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რას გულისხმობს კიბერსაფრთხეები და მონაცემების დაცვა.

მონაცემი არის ყველა ტიპის პირადი ინფორმაცია, რაც კი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული – თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების დაბადების თარიღი, საბანკო მონაცემები, ცნობები საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შესახებ, ინტერნეტსერფინგის ამსახველი დეტალური ჩანაწერები. ყველა ის ინფორმაცია, რასაც თქვენ შესახებ გასცემთ სხვადასხვა პლატფორმაზე, ინახება და სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მათი ნაწილი საფრთხის მატარებელი არ არის – თქვენს ინტერესებს მორგებული სარეკლამო წინადადებები, ინფორმაცია თქვენი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად არსებულ სერვისებზე, ნაწილი კი, თუ თაღლითების ხელში აღმოჩნდა, შესაძლოა, თქვენთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ დარეგისტრირდეთ საეჭვო პლატფორმებზე, არ გადასცეთ თქვენი პაროლი სხვას და მეტი დაცულობისთვის გამოიყენოთ ორმაგი ავტორიზაციის სისტემები.

კიბერსაფრთხეებად მოიხსენიება ციფრულ სამყაროში არსებული რისკები, რომელთა ჩამონათვალი თითქმის უკვე ისეთივე ვრცელია, როგორიც რეალურ ცხოვრებაში არსებული დანაშაულებისა. ყველაზე გავრცელებული კიბერსაფრთხეებია:

 

  • ფიშინგი – ყალბი ბმულების, შეტყობინებების, წერილების საშუალებით პაროლების, ანგარიშების ან სხვა პირადი ინფორმაციის მოპარვა, რაც შემდგომში შესაძლოა თაღლითობისთვის ან სხვა დანაშაულებისთვის იქნეს გამოყენებული;
  • მავნე პროგრამები, რომლებიც ხილულად ან უხილავად შემოდის თქვენს მოწყობილობებში და შეუძლია თქვენს ფაილებზე წვდომა ან თქვენი მოწყობილობების დავირუსება და დაბლოკვა;
  • პირადი მონაცემების გაჟონვა – თქვენი ფოტოების, საკონტაქტო ინფორმაციის არალეგალურად გავრცელება, რაც მოწყვლადს გვხდის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების, ბულინგის, თაღლითების თავდასხმების მიმართ;
  • კიბერბულინგი, შანტაჟი და ციფრული შევიწროება – ბულინგისა და სექსუალური დანაშაულების გადატანა ონლაინსივრცეში, სადაც მოძალადეს შეუძლია, სხვა იდენტობით, ყალბი ანგარიშით და ანონიმურად მოგაყენოთ ზიანი, გამოგძალოთ სექსუალური ხასიათის ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, დაგაშანტაჟოთ მათი გამოყენებით, თქვენი გრაფიკული გამოსახულებით შექმნას ყალბი კონტენტი თქვენი დისკრედიტაციისთვის, გამოგძალოთ ფული თქვენს შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაუვრცელებლობის პირობით ან თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, იმის შიშით, რომ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს გაავრცელებს, გაიძულოთ მისი მოთხოვნების შესრულება;
  • ყალბი აპლიკაციები და ვებსაიტები – არსებულთა ანალოგიით შექმნილი პლატფორმები ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, მონაცემების შესაგროვებლად ან ფულის გამოსაძალად.

კიბერსაფრთხეებისგან თავის დაცვაში ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ:

  • არასოდეს გაუზიაროთ პაროლსხვას. თქვენი პაროლი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ძლიერი პაროლი ძლიერ დაცვას ნიშნავს.
  • არ გახსნათ უცნობი ბმულები და უცხოებისგან გამოგზავნილი ფაილები.
  • კარგად დაფიქრდით ინტერნეტში იმ პირადი მონაცემების გაზიარებამდე, რომლებიც შეიძლება საჯაროდ გამოჩნდეს – მობილურის ნომერი, სახლის მისამართი, სამუშაო ადგილი ჯობია დახურული იყოს და მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გაამჟღავნოთ სანდო პლატფორმებზე.
  • კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს საჯაროდ გააზიარებთ. ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ერთხელ დაპოსტავთ, იქნება ეს თქვენი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, პირადი ფოტოები თუ სხვა ინფორმაცია, სამუდამოდ ტოვებს ციფრულ კვალს, განურჩევლად იმისა, წაშლით თუ არა მას გარკვეული ხნის შემდეგ.
  • ინფორმაციის გავრცელებისას ყოველთვის დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ თუ არა ამის გაზიარება უსაზღვრო ონლაინსამყაროსთვის. არაერთ ადამიანს კვლავ აქვს განცდა, რომ მათი პირადი პროფაილი მართლაც პირადი სივრცეა. მათ ავიწყდებათ, რომ ეს არის უსაზღვრო საერთო სივრცეში მათთვის მონიშნული ადგილი, სადაც მათგან დამოუკიდებლად დადგენილი წესები მოქმედებს და არც ყველა რისკისგან თავის დაზღვევაა მათ ხელთ.
  • არ გააბათ მეგობრობა უცნობებთან ინტერნეტში. არ უთხრათ უცხოებს, სად ცხოვრობთ, სად სწავლობთ, არ გაუგზავნოთ ფოტოები და არ მოუყვეთ პირად ამბებს. შეიძლება, ადამიანი ბავშვებს თანატოლად ეცნობოდეს, სინამდვილეში კი ზრდასრული კიბერკრიმინალი იყოს. მის პირად სივრცეში საეჭვო პირების გამოჩენისას მოზარდს უნდა ჰქონდეს ზრდასრულების მხარდაჭერისა და დახმარების იმედი. ისინი არ უნდა განსაჯოთ მათ სიახლოვეს გამოჩენილი საეჭვო უცნობების გამო. ერთადერთი, რაც მათ ამ დროს სჭირდებათ, დაცვაა.
  • ყურადღებით მოეკიდეთ აპლიკაციებს, რომლებსაც იყენებთ. ზოგი მათგანი შესაძლოა ითხოვდეს წვდომას თქვენს ფოტოებზე, მარშრუტებსა თუ სხვა მონაცემებზე. თუ აპლიკაციას ამ მონაცემებზე წვდომას აძლევთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის მათ თქვენი ინტერესების საზიანოდ არ გამოიყენებს და რომ ღირს ამ ინფორმაციის გაზიარება იმ სიკეთეებისთვის, რასაც აპლიკაციის გამოყენება მოგიტანთ.
  • მოუფრთხილდით თქვენს მოწყობილობებსა და ანგარიშებს. ნუ დატოვებთ ტელეფონს და სხვა პირად გაჯეტებს უყურადღებოდ ისეთ ადგილას, სადაც მათზე ხელი მიუწვდებათ სხვებს. ნუ დატოვებთ თქვენს ანგარიშს გახსნილს საერთო მოხმარების კომპიუტერში. ფრთხილად იყავით ღია უფასო ქსელის გამოყენების დროსაც – ამ ქსელების გავლით თქვენს მონაცემებზე წვდომის რისკი იზრდება.
  • ფრთხილად კიბერბულინგთან! არ გახდეთ მოძალადე ციფრულ სამყაროში და არ გადგეთ განზე, როცა სხვებზე ძალადობენ – ერთმანეთის დაცვა, ინფორმირება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული სამყარო იძლევა ანონიმურად მოქმედების შესაძლებლობას, საბოლოოდ ყველა ანონიმური დანაშაულის უკან მდგარი ადამიანის პოვნა შესაძლებელია, რადგან ინტერნეტში ვერაფერს გააკეთებთ ისე, რომ ციფრული კვალი არ დატოვოთ. შესაბამისად, ჯობია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაინ სივრცეშიც წესიერი მოქალაქე იყოთ.
  • დაიცავით ასაკობრივი შეზღუდვა და გამოიყენეთ მშობლების ფილტრები. არ მისცეთ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშების გახსნის უფლება, დაუყენეთ ასაკის შესაბამისად კონტენტის შემზღუდავი ფილტრები და გაეცანით იმ პლატფორმებს, სადაც განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებენ, ონლაინ თამაშები იქნება ეს, სოციალური ქსელები თუ ვებსაიტები.

სიცოცხლეზე ძვირფასი გრძნობები

0

(„პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ…“ და ონორე დე ბალზაკის „წითელი სასტუმრო“)

 ყველამ ვიცით არისტოტელური ამბავი „პლატონისა და ჭეშმარიტებისა“; ჭეშმარიტებას კი შეიძლება კაცობრიობის მარადიული პრობლემა ეწოდოს. მასზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს მცდარობის გაგებაც. ორივე მათგანი ახასიათებს აზრსა თუ ცოდნას. მაგალითად, პლატონი და ავგუსტინე ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ არსს, ანუ მარადიულს როგორც ყველა იდეალური ობიექტის მახასიათებელს, არისტოტელე კი ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტება აზრის შესაბამისობაა საგანთან, მოვლენასთან.

ჭეშმარიტებას აქვსო საფეხურები: ფაქტობრივი და ლოგიკური ჭეშმარიტება; ასევე უნდა ჰქონდეს საზომიც და კრიტერიუმებიცო, მსჯელობენ…

მითიური გმირის, აკადემოსის, ბაღში პლატონმა დააარსა ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც „აკადემია“ ეწოდა. გადმოგვცემენ, რომ ამ შენობის შესასვლელთან იყო წარწერა: „ვინც მათემატიკა არ იცის, ჩემს ლექციებს ნუ დაესწრება“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფილოსოფიური სიბრძნის დაუფლებისთვის მათემატიკა აპრიორი უნდა გცოდნოდა.

384 წელს ქალაქ სტაგირაში, მეფის კარის ექიმ ნიკომაქეს ოჯახში დაბადებული არისტოტელე 17 წლის ასაკში პლატონის აკადემიის მსმენელი გახდა და 20 წლის განმავლობაში, პლატონის გარდაცვალებამდე (ძვ.წ. 347 წ.), იყო ამ აკადემიაში როგორც გენიოსის გენიოსი მოწაფე, ბოლომდე თაყვანისმცემელი თავისი მასწავლებლისა, ამიტომ ალბათ გასაკვირია აღნიშნულის შემდეგ არისტოტელეს ცნობილი სიტყვები პლატონის მიმართ („თუმცა ჩემთვის ძვირფასია პლატონიც და ჭეშმარიტებაც, მაგრამ წმინდა მოვალეობა მკარნახობს, უპირატესობა ჭეშმარიტებას მივანიჭო“). უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ცალმხრივი შთაბეჭდილებაა! ჭეშმარიტება ხომ ყველასა და ყველაფერზე მაღლაა ყოფიერებაში და თუ ეს გწამს, შენი უკომპრომისობა მაღალ სამართალს შეგაგრძნობინებს თუ შეგამეცნებინებს. თუმცა აქ ყველას მერაბ მამარდაშვილი გაგვახსენდება, რომელსაც ვერ დავეთანხმები  იმაში, რომ ქართველთა უნიკალური ქარისტიანული აღქმა სამყაროსი, ღვთისა და სამშობლოს ერთ სიბრტყეზე მოაზრებით, შოვინიზმს, ფაშიზმს ან რასიზმს ნიშნავს; ამ უკანასკნელთაგან თავისუფლება გენში გვაქვს როგორც ჰუმანიზმი და ეს კოდი არ იცვლება.

რაც შეხება არისტოტელეს გამონათქვამს, მან საუკუნეებს გაუძლო როგორც მაგალითმა ადამიანური მიუკერძოებლობისა, ობიექტურობისა და უმაღლესი ღირებულებებისადმი ღრმა პატივისცემისა.

იმაზე საუბარი, რაში, რომელ  ძირითად პრინციპებში არ ეთანხმებოდა არისტოტელე პლატონს, თავის უძვირფასეს მასწავლებელს, რომლის ფილოსოფიურ იდეებზეც აღიზარდა, შორს წაგვიყვანდა. შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ ეს იყო პლატონის ცნობილი თეორია იდეებზე: რომ არსებობს ორი სინამდვილე,  საგნებზე იდეებისა და ამ იდეების ანარეკლი, მიმსგავსებული საგნებისა. არისტოტელემ აღმოაჩინა, რომ ყველა საგანს როდი აქვს იდეა (მაგალითად, ფრჩხილს, ჭუჭყს). არისტოტელეს მიერ პლატონის იდეათა თეორიის წინაღმდეგ მოხმობილი არგუმენტებიდან ზოგი მართებულია, ზოგიც – მცდარი, თუმცა ამით არც პლატონის სიდიდეს აკლდება რამე, არც არისტოტელესი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელად ითვლება, დიდი წვლილის შემტანად მის განათლებაში. ალექსანდრე მაკედონელიც მიიჩნევდა, რომ ორი ადამიანისგან იყო დავალებული ცხოვრებაში: მამის, მაკედონიის მეფე ფილიპეს, და გენიალური მასწავლებლის არისტოტელესგან.

მოდი, ახლა უკვე ლიტერატურის მაგალითზე განვიხილოთ, რა ხდება, როცა არისტოტელეს ცნობილი გამონათქვამი პლატონზე არ სრულდება ვინმეს, თუნდაც ონორე დე ბალზაკის ცნობილი მოთხრობის, „წითელი სასტუმროს“, პერსონაჟის, მიერ.

იწყება თხრობა და ვეხვევით დიდი ფრანგი მწერლის არისტოკრატული იუმორის ხიბლში, რომელიც შლეიფივით შემოხვევია მთელ სიუჟეტს. პარიზელი ბანკირის ნიურნბერგელი სტუმარი, უმწიკვლო და კეთილშობილი ბევრი გერმანელივით, „რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩვეულებები შვიდმა ლაშქორობამაც კი ვერ შეცვალა“, ტიპური გერმანული სახელით – ჰერმანი, წვეულებაზე ჰყვება უცნაურ და შემაძრწუნებელ ამბავს.

შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა სინდისის ქენჯნაზეა – სხვადასხვა ზნეობრივი მრწამსის მქონე სხვადასხვა პერსონაჟის სინდისის ქენჯნაზე; იმ დემონურ სევდაზეც დაკარგული სიკეთის გამო, რომელსაც ასე გულში ჩამწვდომად აღწერს ნეოპლატონიზმი, არეოპაგეტიკა: „ადამიანს ყოველთვის არ ძალუძს ბოროტების ჩადენა. თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათი პირქუში ხომალდი საქანელასავით განანავებს“ (4).

დიდებულია ბალზაკის ირონიული სარკაზმი, ადამიანური არსებობის სრული, ნათელი და ბნელი, რონატიკული და პრაგმატულ-ნატურალისტური პლანების ხედვით რომაა გამოწვეული: „გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე – ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის. კარგი იქნებოდა, ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა“ (6). აქაც და სხვა მომენტშიც გაგვახსენდება ჰერმან ჰესეს კაცი-მგლობის ცხოვრებისეული კონცეფცია. ასეა, ადამიანმა არ იცის, ვინაა, რომელი გაიღვიძებს მასში – კაცი თუ მგელი; თუნდაც ექსტრემი რომელს გამოავლენს მავანში: გმირს თუ ავაზაკს, იმ მძაფრი ალღოთი და მტკიცე ნებისყოფით, რომლებსაც გეგმის შედგენისა თუ განხორციელებისას ავლენენ პატიმრები და ბოროტმოქმედები.

ჰერმანის მონათხრობში ორი მეგობარია, ორივე – უმცროსი სამხედრო ექიმი მე-18 საუკუნისა. ალბათ ორივეშია „ინდაიანური“ ბუნება, რომელსაც ერთი ამარცხებს, მეორე – ვერა და მკვლელად იქცევა, სიმდიდრის გამო თავს სჭრის ადამიანს. ეს შინაგანი მეტამორფოზები ონორე დე ბალზაკს შესაშური სიმარტივითა და ძალდაუტანებელი ოსტატობით აქვს აღწერილი, მოკლედ, ნარატივი მდინარესავით მოედინება; ეს დინება ხან მშვიდია, დაწმენდილი, ხანაც – მღვრიე და ავის მომასწავებელი და მქმნელი.

ერთ-ერთ მეგობარში, როგორც ვთქვით, საბედისწერო გუმანს, ლტოლვას დანაშაულისკენ, პატიოსნება ჯაბნის: „აღზრდით მიღებულმა ჩვევებმა, რელიგიურმა რჩევა-დარიგებებმა, განსაკუთრებით კი […] მამისეული სახლის ჭერქვეშ გატარებული უმწიკვლო ცხოვრების მოგონებებმა დაამარცხეს ბოროტი ზრახვანი“ (30). მეორეს სძლევს ეშმაკი, თუმცა იგივე ეშმაკი მას უვნებელს ტოვებს, ხოლო ის, ვინც დანაშაული არ ჩაიდინა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება ისე, რომ მეგობარში ეჭვიც არ ეპარება („თანაც მეგობრის საკუთარ თავზე მეტად მწამდა და ბრალს ხომ ვერ დავდებდი“). მას სიკვდილი ურჩევნია იმის აღიარებას, რომ მათი ძმობა, რომელიც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, საეჭვოა… ანუ ის, ვისაც მოღალატე მეგობრის ნაცვლად სიკვდილით სჯიან, ვერ ხედავს ჭეშმარიტებას, რომელიც მეგობრობაზე მაღლა დგას. თუმცა მოგვიანებით ღმერთი, ურომლისოდაც სისულელე იქნებოდა ყველაფერი, „ალაგებს“ სიცოცხლესა თუ მეგობრობაზე ძლიერი გრძნობებით არეულ-სიტუაციას, რომელიც მკითხველს, კითხვის გარკვეულ მომენტამდე, კამიუსი არ იყოს, აბსურდულ/ალოგიკური ჰგონია და აი, რატომ: მეგობრის, ფრედერიკის მაგივრად სიკვდილით დასჯილი პროსპერ მანიანის უკანასკნელი მზერა დედისკენ არის მიპყრობილი, თუმცა ეს მზერა დანაბარებით ვერ მიდის ადრესატამდე, რადგან დედა უკვე გარდაცვლილია: „…მე უდიდესი მწუხარებით მოცულ დრამად მივიჩნევ იმ სამარადისო საიდუმლოებას, რომლის წიაღშიც ჩაიმარხა ერთი სამარიდან მეორეში გადაგზავნილი გამომშვიდობება და რომელიც ვერასოდეს სულიერ ქმნილებათა სმენას ვერ მისწვდება, ისევე როგორც უდაბნოში გზააბნეული მგზავრის ყვირილი, რომელსაც უცბად ლომი დასეხა თავს“ (46).

ყველას ცხოვრებაშია იდუმალების, ამოუხსნელი საიდუმლოს განცდა; ასევე – განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, როგორც ბალზაკი უწოდებს, რომლებიც უბრალოებისა და შეუმჩნევლობის ბურუსით იბურება.

ჰერმანს უსმენს ტაიფერი, მკვლელი მეგობარი, მოპარული ქონებით გამდირებული, უკვე ასაკოვანი, რომელიც გვერდიდან არ იშორებს თავის ასულს, გამოუცდელ და უმანკო ვიქტორინს. აი, რა ლაკონურად და როგორი ოსტატობით ხსნის ამ ფსიქოლოგიზმს ბალზაკი: „ალბათ მასაც, როგორც ყველა ბოროტმოქმედს, სურდა, სულის სიმშვიდე უმანკო ქმნილების გვერდით ეპოვა“ (49).

როგორია დიდი ფრანგი მწერლის ცხოვრებისეული მძიმე „ფილოსოფია“? აი, თუნდაც ეს, მოკლედ: „მაშ, ასე, მშვიდობა არამზადებს, ომი – უბედურთ და გავაღმერთოთ ოქრო…“; „სათნოების ჯილდოს გაიძვერებს მისცემენ“ – ცხოვრება სასტიკიცაა და დამცინავიც: მთხრობელს მკვლელის, ჟან ფრედერიკ ტაიფერის, ასული შეუყვარდება, რაც, ცხადია, ხელს უშლის დამნაშავის მხილებაში.

მოდი, ფინალს ნუ გავუმხელთ მათ, ვისაც ეს მოთხრობა არ წაუკითხავს. ჩვენს კლასიკაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები ბერძნულ ტრაგედიებს ჰგავს. იცი, რომ ბევრი რამ მწერლის ფატაზიის ნაყოფია, მაგრამ ისე გადაეშვები ამ დიდოსტატური კალმით „მობერილ“ გრძნობათა ქარიშხალსა თუ მორევში, რომ თავად აღმოჩნდები თითქოს „ბერძნული თეატრის სცენაზე“, ტრაგედიასა თუ კომედიაში, და საკუთარ თავსაც აკვირდები პერსონაჟებთან ერთად, მათ გარემოცვაში. ამას ჰქვია დიდი შემოქმედება!

ბალზაკი რეალისტიც არის და რომანტიკოსიც, ოღონდ ორივე – ზომიერად, ორივე – გონივრული ბალანსით, ამიტომ როცა მთავარი გმირი უარს ამბობს კეთილშობილ ტყუილსა თუ სამწუხარო ექსპერიმენტზე, თანაც მწერლის დასკვნა არ გვაქვს, – პრობლემატიკაც (პლატონურ-არისტოტელური) მკითხველის გულსა და გონებაში გადმოინაცვლებს.

ცხოვრების დიდი, ბანალურ-მისტიკური „შარადა“ თუ „ცდა ბედის მონახევრეა“ გ რ ძ ე ლ დ ე ბ ა!

 

 

ციტატები წიგნიდან: ონორე დე ბალზაკი, „წითელი სატუმრო“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2021

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...