კვირა, აპრილი 5, 2026
5 აპრილი, კვირა, 2026

მუსიკა და მათემატიკა – ინტერდისციპლინური მიდგომა

0

ინტეგრაცია განათლების განვითარების აქტუალური და პერსპექტიული მიმართულებაა, რომლის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერესს მათ მიერ შესასწავლი საგნების მიმართ, ეხმარება მოსწავლეებს  სამყაროს ჰოლისტურად აღქმაში.

ინტეგრირებული გაკვეთილი არის სპეციალურად ორგანიზებული გაკვეთილი, რომლის მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა საგნიდან მიღებული ცოდნის გაერთიანებით. ინტეგრაცია ხელს უწყობს  გარკვეული პრობლემის შესწავლასა და გადაჭრას, მოსწავლეების მიერ შესწავლილი საკითხის ჰოლისტური, სინთეზირებული აღქმის საშუალებას, სხვადასხვა მეთოდების ჰარმონიულად შერწყმას,  მიღებული ცოდნისა და ინტერესის  ერთ სისტემაში გაერთიანებაში .

განათლების სფეროში ინტეგრაციის კონცეფცია გლობალური ჰუმანიტარული ტენდენციების გამოვლინებად განიხილება, რომელიც  ხორციელდება სხვადასხვა აკადემიური დისციპლინის საგნობრივი სფეროების დონეზე ინდივიდის მომზადების, განათლებისა და აღზრდის პროცესში.

ინტეგრირებულ გაკვეთილს აქვს უპირატესობები: ის აღვიძებს ინტერესს საგნის მიმართ, ხსნის დაძაბულობას, გაურკვევლობას, ეხმარება დეტალების შეგნებულად ათვისებაში; აყალიბებს მოსწავლეთა კოგნიტურ კომპეტენციას. ინტეგრაციამ მოსწავლეს უნდა მისცეს ცოდნა, რომელიც ასახავს სამყაროს ცალკეული ნაწილების ურთიერთკავშირს, როგორც ერთიანი მთლიანობა, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია. განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსწავლის  მომზადება თანამედროვე ცხოვრებისთვის, რომელიც მიიღწევა  აუცილებელი კომპეტენციების ჩამოყალიბების გზით ხდება. მათი ჩამოყალიბების ერთ-ერთი გზა აკადემიური დისციპლინების ინტეგრაციაა, რომელიც აცოცხლებს საგანმანათლებლო პროცესს, ზოგავს სწავლის დროს,  ხელს უწყობს სამყაროსადმი ჰოლისტური ხედვის ჩამოყალიბებას.

ინტეგრირებული გაკვეთილი  საკმაოდ რთული ფორმაა, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ მომზადებას, ის ააქტიურებს მოსწავლეთა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობას, აძლევს მათ შესაძლებლობას, ისწავლონ დამოუკიდებლად მუშაობა ინფორმაციის დამატებით წყაროებთან და ფართოდ გამოიყენონ ინტერნეტის საგანმანათლებლო რესურსები.

ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ღრმა და ყოვლისმომცველი ცოდნა, გამოიყენონ სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაცია, სრულიად ახლებურად გაიგონ მოვლენები . ინტეგრირებულ გაკვეთილზე ყალიბდება შემოქმედებითი, დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი, ტოლერანტული, კომპეტენტური პიროვნება.

ინტეგრირებული გაკვეთილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • გაკვეთილმა ბავშვს უნდა მისცეს ცოდნის ფართო სპექტრი;
  • მასწავლებელმა უნდა გაზარდოს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესი;
  • გაკვეთილმა უნდა გაააქტიუროს მოსწავლეთა აზროვნების აქტივობა ;
  • მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ შემოქმედებითი შესაძლებლობები და ინტელექტი.

ასეთი გაკვეთილების დაგეგმვისა და ორგანიზებისას, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს ინტეგრირებული გაკვეთილის მთავარი მიზანი. თუ მიზანი განსაზღვრულია, მაშინ სხვადასხვა საგნიდან მხოლოდ ის ცოდნა უნდა შეირჩეს, რომელიც მისი განხორციელებისთვის არის აუცილებელი.

მასწავლებელმა უნდა გადაჭრას ინტეგრირებული სწავლების გარკვეული პრობლემები :

  • საგანში მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, რაც ვლინდება შეძენილი ცნებებისა და ნიმუშების გამოყენებით;
  • მოსწავლეთა ემოციური განვითარება მუსიკის, ხატვის, ლიტერატურის ჩართულობის საფუძველზე;
  • მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაზრდა, რაც გამოიხატება კლასში და კლასგარეშე აქტიური მუშაობის სურვილში;

მუსიკასა და მათემატიკას  შორის კავშირი უძველესი დროიდან არსებობს. მრავალი კომპოზიტორი, თავიანთ  ნაწარმოებებში იყენებდნენ მათემატიკურ პრინციპებს. მუსიკა არის ემოციებისა და შემოქმედების გამოხატვის საშუალებაა, ხოლო მათემატიკა – კი  ლოგიკის. მუსიკა, აგებულია მათემატიკურ პრინციპებზე. რიცხვები  და თანაფარდობები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუსიკალური ნაწარმოების შექმნაში. დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში, ამ ორი საგნის  კომბინირებული სწავლება შეიძლება იყოს  ინსტრუმენტი მოსწავლეთა შემოქმედებითი და ლოგიკური უნარების განსავითარებლად.

მუსიკის და მათემატიკის ურთიერთკავშირი ვლინდება:

  • რიცხვითი თანაფარდობები განსაზღვრავენ მუსიკალური ბგერების ურთიერთდამოკიდებულებას;
  • რიტმი  დამოკიდებულია დროის საზომზე;
  • მუსიკალურ ნაწარმოებში ჰარმონიულობა ემთხვევა ოქროს კვეთის პროპორციებს;
  • კომპოზიტორები მუსიკალური ნაწარმოებებში იყენებენ ალგორითმულ პრინციპებს;

მაგალითად:

მათემატიკისა და მუსიკის ინტეგრირებული სწავლება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ფუნქციური წიგნიერების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ინტეგრირებული სწავლება ხელს უწყობს:

  • მოსწავლეთა კოგნიტურ-ემოციური სფეროს განვითარებას;
  • მრავალმხრივი აზროვნების განვითარებას;
  • რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებულ სწავლებას;
  • შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარის გაძლიერებას;

პითაგორამ (VI საუკუნე ჩვ. წ. აღ-მდე) პირველმა  გამოიკვლია, რომ  მუსიკასა და მათემატიკას შორის არსებობს კავშირი. მან ბგერებს შორის მანძილი  მათემატიკურად გამოითვალა და განსაზღვრა, მუსიკალურ ინტერვალებს რიცხობრივ თანაფარდობებს უკავშირებდა.

რენესანსისა და ბაროკოს ეპოქებში კომპოზიტორები მუსიკალურ ნაწარმოებებში  იყენებდნენ მათემატიკურ სიმეტრიას , ხოლო თანამედროვე ეპოქაში მუსიკა და მათემატიკა უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს კომპიუტერული ალგორითმების და რიტმული განლაგების სახით.

  • რიტმი-მუსიკის მთავარი ელემენტი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკასთან:
  • ტემპი და ტაქტი- გამოისახება რიცხვებით, რაც მათემატიკურ გამოთვლებს საჭიროებს.
  • სინკოპა– სხვადასხვა რიტმული მაგალითები ემყარება მათემატიკურ გამოთვლებს.
  • მეტრი – მუსიკაში  გამოიყენება სიმეტრია და გამეორებადი მაგალითები , რაც მათემატიკური  ნაწილია.
  • ტონალობა-შეიძლება წარმოდგენილი იყოს სპირალურად, რაც ახსნადია მათემატიკურად.
  • ჰარმონია-აკორდების განლაგება და განვითარება შეიძლება აღწერილ იყოს გეომეტრიული ფიგურებით.

მათემატიკის მეშვეობით მუსიკაში სწავლობენ:

  • ტაქტების დაყოფას და ორგანიზებას;
  • პულსაციის გამოთვლას;
  • რითმულ მაგალითებს;

მუსიკის მეშვეობით მათემატიკაში სწავლობენ:

  • გამეორების პრინციპებს;
  • სიმეტრიას და თანაფარდობებს;
  • რაოდენობებს და თანმიმდევრობას;
  • მათემატიკურ კანონზომიერებებს;

წარმოგიდგენთ, დაწყებით საფეხურზე  (IV კლასი) შემუშავებულ მუსიკისა და მათემატიკის ინტეგრირებულ გაკვეთილებს :

გაკვეთილი  N 1

საგანი :მუსიკა, მათემატიკა

წავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური / IV კლასი

თემა: „ტაქტში სიმეტრია“
გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლემ აღმოაჩინოს რიტმულ მაგალითში სიმეტრიის პრინციპები;
  • მოახდინოს მათი ვიზუალური, სმენითი და მათემატიკური ანალიზი;
N აქტივობის აღწერა
1. გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

1. რას ნიშნავს„სიმეტრია“?

2. შეიძლება მუსიკა იყოს „სიმეტრიული“? როგორ ფიქრობ, შეიძლება იყოს მუსიკალური წინადადება სიმეტრიული?

3. როგორ ფიქრობ,სიმეტრიას აქვს ფორმა? როგორ  მივხვდეთ?

4. შეგხვედრია სიმეტრია ყოველდღიურ ცხოვრებაში?

 

5. როგორ განლაგდება სიმეტრიულად  ბგერები ?

6. როგორი რიტმი შეიძლება იყოს სიმეტრიული?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

·   როცა ორად იყოფა და ორივე მხარე ერთნაირია.

·   როცა ერთი მხარე მეორეს ჰგავს;

·   როცა რიტმი ერთნაირია და მეორდება ორივე მხარეს.

·   ნახატებში არის  სიმეტრია…

·   კი, შეიძლება რიტმი იყოს სიმეტრიული

·   შესაძლებელია, მაგალითად თუ წინადადების დასაწყისი და ბოლო ნაწილი ერთნაირია ესეიგი სიმეტრიაა

·   შეიძლება იყოს ხაზით გაყოფილი და ორივე მხარე ერთნაირი იყოს;

·   ფერებით , რიცხვებითაც შეიძლება იყოს სიმეტრია.

·   არ ვიცი, არ დავფიქრებულვარ ამ საკითხზე.

·   ალბათ უნდა დაემთხვეს რაღაცეები, არ ვიცი…

·   როცა შუაში სხვა რაღაცაა, მარჯვენა  და მარცხენა მხარეს  კი ერთნაირია,  მაგალითად ♩ ♪ ♪ ♩

2. 1. მასწავლებელი პრეზენტაციის სახით აჩვენებს მოსწავლეებს ორ  განსხვავებულ ტაქტს, ზომა 4/4:
ა) ♩ ♫ ♩ ♫
ბ) ♫ ♩ ♩ ♫2. მოსწავლეები განიხილავენ: რომელია სიმეტრიული და რატომ. მოსწავლეები ამოიცნობენ, რომ ბ) ვარიანტი სიმეტრიულია, რადგან მარჯვენა და მარცხენა მხარე ერთნაირია.3. შემდეგ ცდილობენ თავად შექმნან სიმეტრიული რიტმული ნახაზი:
მაგ: ♪ ♩ ♩ ♪  /♫ ♩ ♩ ♫

4. შემდეგ კი ქმნიან ასიმეტრიულ რიტმულ ნახაზს და ადარებენ ერთმანეთს  სმენით:  მაგ: ♩ ♪ ♫ ♩. მსჯელობენ, თუ  როგორ ჟღერს სიმეტრიული და ასიმეტრიული.

5. მოსწავლეები  თავიანთ მაგალითებს  წერენ ფურცელზე და აფორმებენ ფერებით: მაგ: წითელი = ♩;

ყვითელი= ♪;  მწვანე= ♫

3. გონებრივი იერიში  (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

1.    რომელი ტაქტი იყო სიმეტრიული და რატომ?

 

2.    მოსმენის დროს,  სიმეტრიულ ტაქტში რას მიხვდი?

 

3.    შეგიძლია ჩამოაყალიბო მუსიკაში სიმეტრიის წესი ?

 

4.    შენ მიერ შექმნილი რიტმი სიმეტრიულია? რატომ ფიქრომ ასე?

 

5.       შენი აზრით, ასიმეტრიული რიტმი როგორ ჟღერს?

 

6.    როგორ ფიქრობ, რომელი იყო უფრო საინტერესოა  მოსასმენად — სიმეტრიული თუ ასიმეტრიული?

 

 

7.    შეგიძლია გაიხსენო, რაიმე მუსიკალური მაგალითი, სადაც სიმეტრიაა?

 

 

·     ბ) რადგან პირველი და ბოლო ნოტი ერთნაირია, შუაშიც იგივეა.

 

·     უფრო მწყობრი იყო .

·     სიმეტრიულში ადვილად გავიგე რიტმი.

 

·     სიმეტრიაა, მაშინ როცა  ბგერები  თანაბრად არის განაწილებული და მეორდება.

 

·     ჩემი რიტმი სიმეტრიულია, რადგან მარცხენა და მარჯვენა ნაწილი ერთნაირია.

 

·     თითქოს რაღაც არეულად და უცნაურად ჟღერს.

 

 

·     სიმეტრიულმა თითქოს დამამშვიდა, ხოლო ასიმეტრულმა კი უფრო ენერგიული გამხადა .

·     მე ორივე მომეწონა…

 

 

·     კი, ერთხელ ვიცეკვე ისე, რომ ორივე მხარეს-მარჯვნივ და მარცხნივ  ერთნაირი მოძრაობა მქონდა – მგონი ეს  სიმეტრიაა.

4. მოსწავლეთა თვითშეფასება :

ü შევძელი სიმეტრიის ამოცნობა რიტმულ ნახაზში

ü შევქმენი საკუთარი სიმეტრიული ტაქტი

ü შევნიშნე განსხვავება სიმეტრიულ და ასიმეტრიულ რიტმს შორის

ü შევძელი ფერებით ან სიმბოლოებით ჩემი აზრის დაფიქსირება

კი         ნაწილობრივ        არა
5. მასწავლებლის შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

Ø  პრესტრუქტურული

 

 

Ø  უნისტრუქტურული

 

 

Ø  მულტისტრუქტურული

 

Ø  მიმართებითი

 

 

Ø  აბსტრაქტული

აღწერა

 

მოსწავლეს უჭირს  სიმეტრიის ცნების გაგება და ვერ აჯავშირებს მას რიტმთან.  უჭირს რიტმული მაგალითის მოფიქრება.

შეუძლია  სიმეტრიის მხოლოდ ვიზუალურად განსხვავება (მაგ. ორი ნოტი ერთნაირია), მაგრამ  მოსმენით ვერ განასხვავებს.

ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ რიტმულ მაგალითებს, თუმცა გააზრების გარეშე.

ქმნის რთულ სიმეტრიულ მაგალითებს, ახდენს მათ შეფასებას, ადარებს სხვების მაგალითებს. ცნობს და ადარებს სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ტაქტებს.

იყენებს სიმეტრიის პრინციპს  რიტმული მაგალითის შესაქმნელად, ახდენს ანალიზს, ლოგიკურად ხსნის.

6. მასწავლებლის რეფლექსია:

Ø მოსწავლეების დადებითი მხარე.

 

 

 

Ø როგორ მოახდინეს მოსწავლეებმა სიმეტრიის ცნების გაგება რიტმში?

 

 

Ø რა დადებითი შედეგი გამოიღო ჯგუფურ  და ინდივიდუალურმა მუშაობამ ?

 

Ø მოახდინეს თუ არა მოსწავლეებმა ინტეგრირება  მათემატიკურ ცნებებთან?

 

 

Ø სად გამოვლინდა  სირთულე?

 

 

 

 

 

Ø რა უნდა გავითვალისწინო სამომავლოდ?

 

 

Ø როგორ დავგეგმო შემდეგ გაკვეთილი?

მოსწავლეებმა წარმატებით შეძლეს სიმეტრიული და ასიმეტრიული რიტმული მაგალითების გარჩევა. მათ  მოიფიქრეს საკუთარი ვარიანტები , დაწერეს და  წარუდგინეს კლასს. მოსწავლეთა უმრავლესობა მოსმენითაც ამოიცნობდა სიმეტრიის პრინციპს.

მოსწავლეთა უმეტესობამ ადვილად ამოიცნო სიმეტრიული მაგალითები. აქტიურად ხსნიდნენ, თუ რატომ მიიჩნიეს კონკრეტული ტაქტი სიმეტრიულად. ფერები კი  დაეხმარათ ვიზუალურად დამახსოვრებაში.

ჯგუფურად მუშაობამ მოსწავლეებს გაუმარტივა რთული მაგალითების ანალიზი.  დამოუკიდებლად რიტმების შექმნისას მოსწავლეები  აზროვნებდნენ შემოქმედებითად  და შემდეგ კი ხსნიდნენ თავიანთ არჩევანს.

მოსწავლეებმა  კარგად გაართვეს თავი სიმეტრიის, თანაბარი განაწილების და მარჯვენა-მარცხენა მხერეების შესაბამისობის ამოცნობას. მათემატიკურ ლოგიკამ უფრო გაღრმავა საკითხი.

რამდენიმე მოსწავლეს გაუჭირდა რიტმული მაგალითის ფურცელზე გადატანა ფერებით. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების გარკვეულ  ნაწილს უჭირდა მერვედისა და მეოთხედის ნოტების  ხანგრძლივობის დადგენა , ვინაიდან მათ არ ჰქონდათ გამყარებული ცოდნა.

მომავალში შესაძლებელია ვიზუალური დიაგრამების  და მოძრაობის ელემენტები დამატება (მაგ. ტაქტების სიმეტრიული მოძრაობით გამოსახვა), რათა ვიზუალური/კინესთეტიკური ტიპის მოსწავლეებისთვის უფრო გასაგები და ადვილად აღქმადი გახდეს.

მომავალ  გაკვეთილზე გამოვიყენებ ფერად ბარათებს და რიტმულ კუბიკებს  , რათა მოსწავლეებს განუმტკიცდეთ ნოტების გრძლიობა და  რიტმის აღქმა. ასევე დავგეგმავ აქტივობას მოძრაობით: სხეულის მოძრაობით გამოსახონ სიმეტრიული და ასიმეტრიული რიტმი.

გაკვეთილი N 2

საგანი :მუსიკა, მათემატიკა

წავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური / IV კლასი

თემა: „მუსიკალური თანმიმდევრობა და მათემატიკა“
გაკვეთილის მიზანი:

  • მელოდიურ თანმიმდევრობაში მოსწავლემ აღმოაჩინოს მათემატიკური წესრიგი;
  • რიცხვითი პროგრესის საფუძველზე შექმნას მელოდია;
N აქტივობის აღწერა
1. გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

1.       როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მუსიკა „დათვალოთ“?

2.       შეიძლება მელოდია ამოცანის მსგავსი იყოს, რომელშიც დამალულია რიცხვები ?

3.       როგორ ფიქრობ, თუ ნოტებს მივანიჭებთ რიცხვებს, შედეგად რას მივიღებთ?

4.       შესაძლებელია თუ არა, რომ რიცხვების წყობის მსგავსად იყოს მუსიკის წყობაც?

5.       მოგისმენია  ისეთი მუსიკა, რომელიც გეგონება თანდათან იზრდება ან მცირდება?

6.       შეგიძლია წარმოიდგინო მუსიკა ციფრებით ?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

·               შესაძლებელია ნოტებს  დავარქვათ რიცხვები  – დო = 1, რე = 2, მი = 3…

·               არ ვიცი …  ალბათ მელოდიაშიც  რაღაც განმეორებადია, როგორიც ამოცანებში.

·               ჩემი აზრით, მუსიკას რიცხვებით გამოვსახავთ.

·               მგონი შესაძლებელია , ვინაიდან თუ მომდევნო  ნოტზე ავდივართ, მაშინ რიცხვიც იზრდება!

·               კიი, ფილმებში არის ისეთი მუსიკა, რომელიც იზრდება  და მერე ისევ ჩაწყნარდება.

·               შეიძლება, იმ შემთხვევაში თუ რიცხვები ნიშნავს ხანგრძლივობას ან სიმაღლეს.

·               ალბათ მუსიკაშიც არის წესრიგი, როგორც ციფრებშია 2, 4, 6, 8…

2.
  1. მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს პატარა მელოდიას: დო – რე – მი (1 – 2 – 3)
  2. მასწავლებელი სთავაზობს კლასს მელოდია “გადაიტანონ ” რიცხვებში – თითოეულ ნოტს მინიჭებული აქვს კონკრეტული რიცხვი საფეხურის მიხედვით (დო = 1, რე = 2, …).
  3. მოსწავლეები აანალიზებენ მელოდიის სტრუქტურას: ხმის სვლა = რიცხვის ცვლილება. განიხილავენ თუ როგორ იზრდება ხმის სიმაღლე რიცხვთან ერთად.
  4. მოსწავლეები მსჯელობენ და აკეთებენ ანალიზს: რომელი ნოტი არის მაღალი/დაბალი? როგორია ხმის მოძრაობა?
  5. მასწავლებელი აძლევს  დავალებას შექმნან რიცხვითი რიგის საფუძველზე მელოდია.
    მაგ:

·         ზრდადობა: 2–4–6 =  რე –ფა–ლა

·         კლებადობა: 8–6–4 =  დო–ლა–ფა

6.       მოსწავლეები ქმნიან საკუთარ მათემატიკურ მელოდიას და  ასრულებენ მელოდიას ტაშით ან მერხზე რიტმული კაკუნით.

7.       მოსწავლეები წყვილებში უზიარებენ ერთმანეთს  და აფასებენ .

3. გონებრივი იერიში  (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

1. შეიძლება მელოდია შედგეს რიცხვებისგან ? შენს მაგალითში როგორ არის?

2.    რა ცვლილება შენიშნე მელოდიაში? შენი აზრით, იყო თუ არა ეს მუსიკალური ზრდა/კლება?

3. როგორ დაგეხმარა რიცხვითი თვლა მელოდიის შედგენაში?

4.როგორ განვითარდა შენი მელოდია?დაემთხვა მელოდიის და რიცხვების განვითარება?

5. როგორი იყო შენი მელოდიის სტრუქტურა – იზრდებოდა თუ იკლებდა?

6. შენი აზრით, რა უფრო რთულია: მელოდიის რიცხვებით შექმნა თუ რიცხვების მელოდიად გარდაქმნა?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

·     კი, მე ჩავწერე რომ ყოველი ნოტი იყო რიგითობით და გამეორებული.

·     ჩემი მელოდია თანდათან მაღლდებოდა.

·     თავიდან არ ვფიქრობდი ციფრებზე, მაგრამ მერე გამოვითვალე და ძალიან დამეხმარა.

·     მე გამოვიყენე 2–4–6 , ანუ ლუწი რიცხვების წესით.

·     როცა რიცხვები იზრდებოდა, მელოდიაც მაღლა მიდიოდა.

·     რთული იყო მელოდიის გამოგონება რიცხვებით, მაგრამ საინტერესო.

·     მე კლებადი გავაკეთე და ის თითქოს  ჩუმად ჟღერდა.

·     რიცხვები დამეხმარა მელოდიის შედგენაში.ორივეს დაკვირვება სჭირდება.

4. მოსწავლეთა თვითშეფასება :

(თითოეულ მოსწავლეს აქვს სამი ფერის ფურცელი, რომელზეც აფიქსირებს თვითშეფასებას)

მწვანე ფურცელი: “ჩემთვის ნათელი გახდა, თუ როგორ იქმნება მელოდია რიცხვითი წესით.”

ყვითელი ფურცელი: “მჭირდებოდა  დახმარება, მაგრამ შევეცადე დამეწერა .”

წითელი ფურცელი: “დავიბენი, მგონი  ისევ  მჭირდება დეტალური განმარტება.”

5. მასწავლებლის შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

Ø  პრესტრუქტურული

 

Ø  უნისტრუქტურული

 

Ø  მულტისტრუქტურული

 

Ø  მიმართებითი

 

Ø  აბსტრაქტული

აღწერა

ვერ აკავშირებს ნოტებს რიცხვებთან. ვერ განსაზღვრა მელოდიის სვლა რიცხვებით.

შეუძლია  მხოლოდ მელოდიის ზრდა ან კლება, მაგრამ ვერ აკავშირებს რიცხებთან

ქმნის რამდენიმე ტაქტს, გამოყოფს ნოტებსა და რიცხვებს,  მაგრამ ვერ ხსნის კანონზომიერებას.

აკავშირებს რიცხვებს მელოდიასთან, ახდენს ნოტებისა  და რიცხვების მიხედვით სიღრმისეულ ანალიზს .

ქმნის  რიცხვით მელოდიას  რთული განვითარებით და სხვებსაც უხსნის გასაგებად, ახდენს რეფლექსიას .

6. მასწავლებლის რეფლექსია:

Ø რა შეისწავლეს მოსწავლეებმა ?

 

 

 

Ø მოსწავლეების დადებითი მხარე.

 

 

 

Ø  როგორ გამოავლინეს აზროვნება?

 

 

Ø გაკვეთილის ეფექტური ნაწილი

 

 

Ø სად გამოვლინდა  სირთულე?

 

·         როგორ გავაუმჯობესო მომდევნო გაკვეთილი?

 

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მუსიკისა და მათემატიკის ინტეგრირებაში. მათ  აღმოაჩინეს, რომ მუსიკა შეიძლება იყოს დამალული რიცხვების თამაშში.
შეძლეს მელოდიის და რიცხვების განვითარების  დაკავშირება, იმუშავეს როგორც მუსიკალურად, ისე ლოგიკურად.მოსწავლეებმა  გააანალიზეს, რომ მელოდია შეიძლება გადავიყვანოთ რიცხვებში. რამდენიმე წყვილმა მოიფიქრა  და შექმნა მუსიკალურად საინტერესო მაგალითები.  მოსწავლეები სიხარულით ასრულებდნენ ტაშით  თავიანთ „მათემატიკურ მელოდიებს“.მოსწავლეებმ მელოდიებში გამოიყენეს  წესრიგი, ლოგიკა და მეტყველება.  ცდილობდნენ ახსნის დროს  გამოეყენებინათ მათემატიკური ტერმინები.

მოსწავლეები წყვილში ცვლიდნენ თავიანთ შექმნილ მელოდიებს, სადაც მკაფიოდ ჩანდა მათი დამოუკიდებელი ანალიზი და შემოქმედება.

ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა ნოტების თანმიმდევრობის დაკავშირება რიცხვებთან. რთული აღმოჩნდა კლებადი მაგალითების აგება.

შემდეგ გაკვეთილზე გონივრულია  მათი მელოდიების ჩაწერა და სანოტო სისტემაზე ასახვა, რათა გამოჩნდეს მათი მუსიკალური ლოგიკა. მომავალ  გაკვეთილზე გამოვიყენებ და ვიზუალურ რესურსს: ნოტი–რიცხვი, რათა გაღრმავდეს ეს კავშირი.

ასევე დავგეგმავ წყვილებში მუშაობას – ერთი  დაწერს რიცხვებს, მეორე კი დაუკრავს.

გაკვეთილი N 3

საგანი :მუსიკა, მათემატიკა

წავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური / IV კლასი

თემა: „მუსიკალური დროის გამოთვლა“
გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლემ ისწავლოს ტაქტში ნოტების განაწილება,
  • ისწავლოს დროის და ტაქტის მათემატიკური მნიშვნელობა,
  • შეძლოს ტაქტების შექმნა და ზუსტი გამოთვლა,
  • გამოთვალოს რიტმის საერთო ხანგრძლივობა და მოახდინოს დროში დაგეგმვა.
N აქტივობის აღწერა
1. გონებრივი იერიში (აქტივობის განხორციელებამდე)

1. როგორ ფიქრობ, მუსიკაშიც არის შესაძლებელი დროის გაზომვა ისე, როგორც საათში ?

2. მოგისმენია სიმღერა, სადაც მუსიკა თანაბარი სიჩქარით ჟღერს? ან მარშივით მწყობრად ისმის?

3. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მუსიკის რიტმი გამოვთვალოთ, ისე როგორც მათემატიკური ამოცანა?

4. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გრძელდება თითოეული ნოტი?

 

5. ერთ ტაქტში რამდენი დროა ჩასატევი?

6. რა მოხდება, თუ ტაქტში მეტი ან ნაკლები ნოტი იქნება, ვიდრე საჭირო დრო მოითხოვს?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

·   არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ვფიქრობ  ყველა ნოტს აქვს თავისი დრო.

·   მომისმენია ისეთი მუსიკა,  სადაც გეგონება  მანქანასავით გარბის და  არ ჩერდება. მომწონს,  როცა მუსიკა უცბად ჩერდება – ეგ დროს უკავშირდება?

·   ალბათ, თუ ნოტებს თავისი დრო აქვთ, ესეიგი შეიძლება დავთვალოთ კიდეც . ასეთი გაკვეთილი მათემატიკასაც ჰგავს.

·   „მერვედი ცოტა ხანს გრძელდება-ცელქია და სწრაფია, მეოთხედი უფრო მეტხანს-უფრო სერიოზულია.“    მერვედი ½ არის, მეოთხედი 1.

·   თუ ზომა 4/4  ტაქტში, ესეიგი 4 დროა.

·   თუ მეტია, ნოტები გადააჭარბებენ ტაქტს. არ გამოვა მუსიკა…

2. 1.               მოსწავლეებს ეძლევათ მოკლე რიტმული მაგალითი, ზომა  4/4 , სულ 4 ტაქტია:
♫ ♫ ♫ ♫ | ♩ ♩ ♩ ♩ | ♩ ♫ ♫ ♩ | ♩ ♩ ♩ ♩2.       მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დათვალონ რამდენ ტაქტში ჩაეტევა მოცემული ნოტები.3.       ნოტებს ენიჭებათ დროებითი ღირებულება:

·         (მერვედი ნოტი) = ½

·         (მეოთხედი ნოტი) = 1

მოსწავლეები ითვლიან , ანგარიშობენ ჯამურ დროს:

·         პირველი ტაქტი: ♫ ♫ ♫ ♫ = ½ × 4 = 2

·         მეორე ტაქტი: ♩ ♩ ♩ ♩ = 1 × 4 = 4

·         მესამე ტაქტი: ♩ ♫ ♫ ♩ = 1 + ½ + ½ + 1 = 3

·         მეოთხე ტაქტი: ♩ ♩ ♩ ♩ = 1 × 4 = 4

4.       მოსწავლეებმა დაადგინეს, რომელ ტაქტებში არის ტემპის თანაფარდობა, სად აკლია ან სჭარბობს დრო.

5.       მოსწავლეები ქმნიან ორ ტაქტიან ახალ რიტმულ მაგალითს , რომელიც უნდა შედგებიდეს სწორად განაწილებულ ნოტებისგან

6.       მოსწავლეები თავიანთი რიტმულ მაგალითებს ტაშით ან მერხზე დაკვრით წარმოგვიდგენენ.

3. გონებრივი იერიში  (განხორციელებული აქტივობის შემდეგ)

1.       როგორ ჩნდება მუსიკაში დრო  და როგორ შეძლებ მისი გამოთვლას?

 

2.       შეგიძლია მუსიკა დაინახო როგორც დროის პატარა ამოცანა?

 

3.       როგორ დაგეხმარა რიცხვებით  აზროვნება მუსიკის წაკითხვაში ან დაწერაში?

 

4.       რომელი ნაწილი იყო რთული – დროის გამოთვლა თუ მაგალითის შექმნა?

5.       თქვენი ტაქტი ზუსტად 4-ს უდრიდა?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

·  თითო ტაქტში უნდა იყოს იმდენი ხანგრძლივობა, რამდენიც ზომაში არის მითითებული. მაგალითად, თუ ზომაა 3/4, უნდა დავთვალო სამი მეოთხედი.

·  კი, მე ვითვლიდი რამდენი დრო იყო თითოეულ ტაქტში. თითქოს უნდა ამეხსნა , თუ რამდენი ნოტი ჩაეტეოდა.

·  მივხვდი, რომ დათვლა აუცილებელია სწორად დასაკრავად. გაჩერებების დროსაც კი უნდა იცოდე რამდენ ხანს ხარ ჩუმად. თუ არ დაითვლი სწორად, მუსიკა არ იქნება სწორად რიტმული.

·  ტაქტში 4 დრო უნდა იყოს სულ. მაგალითის შედგენა ცოტა გამიძნელდა.

·  ჩემი ტაქტი 3.5 იყო, ვაკლებდი თვლას და ნოტებს.

4. მოსწავლეთა თვითშეფასება :

მოსწავლეები აფასებენ საკუთარ მუშაობას ფერებით:

გავიგე დროის მნიშვნელობა, სწორად შევადგინე ტაქტი და შევასრულე დავალება.

ნაწილობრივ ვხვდები, დროები სწორად გამოვთვალე, მაგრამ ტაქტში იყო ცდომილება.

გამიჭირდა გამოთვლა და ვერ დავაკავშირე ნოტები სწორად.

 

5. მასწავლებლის შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:

Ø  პრესტრუქტურული

 

 

Ø  უნისტრუქტურული

 

Ø  მულტისტრუქტურული

 

 

Ø  მიმართებითი

 

 

Ø  აბსტრაქტული

აღწერა

მოსწავლე ვერ უკავშირებს ნოტებს დროის მნიშვნელობას.  ვერ ითვლის ნოტების ხანგრძლივობას და ვერ იყენებს ტაქტში.

იცის თითოეული ნოტის ხანგრძლივობა, მაგრამ ტაქტში არასწორად ანაწილებს.

ასახელებს რამდენიმე ცნებას (მაგ. ტაქტი, ნოტი, მერვედი), მაგრამ ვერ აკავშირებს . იცის დროები და აგებს ტაქტს სწორად, მაგრამ სიღრმისეულად არ აანალიზებს.

აანალიზებს დროს ტაქტში, ხსნის თავის გადაწყვეტილებას. სწორად ანაწილებს დროს და არგუმენტირებულად საუბრობს.

ქმნის   ახალ მუსიკალურ მაგალითს დათვლით , ანალიზს უკეთებს საკუთარ   მაგალითს და გადმოსცემს  შინაარსობრივად.

6. მასწავლებლის რეფლექსია:

Ø  რა გამოუვიდათ მოსწავლეებს კარგად?

 

 

Ø  სად გამოვლინდა  სირთულე?

 

 

Ø  როგორ ვგეგმავ შემდგომ განვითარებას? რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ გაკვეთილზე?

 

 

 

მოსწავლეებმა ზუსტად გამოითვალეს ნოტების ხანგრძლივობა და მარტივად დაადგინეს თითო ტაქტში დროის ბალანსი. მათთვის საინტერესო იყო საკუთარი რიტმული მაგალითების შექმნა და ტაშით ერთმანეთის შესრულების მოსმენა.

ზოგიერთმა მოსწავლემ აურია მერვედი და მეოთხედი ნოტების ხანგრძლივობის გამოთვლა. აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად შესრულების უნარი აღემატებოდა თეორიულ ცოდნას. სირთულე იყო რამდენიმე ტაქტის გაერთიანება.

დაგეგმილი მაქვს ვიზუალური– ფერადი სქემა, რომელიც აჩვენებს თითოეული ნოტის დროით გამოთვლას ტაქტში.

ამავდროულად  აქტივობის განხორციელების დროს მოსწავლეები დაადგენენ, სწორად არის თუ არა მოცემული ტაქტი წარმოდგენილი.

ამრიგად, მუსიკისა და მათემატიკის ინტეგრირებული სწავლება  ხელს უწყობს მოსწავლეებში კოგნიტური, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს, ზრდის მოტივაციას,  ყურადღებას და  ჩართულობას ორივე საგნის მიმართ, ქმნის  საინტერესო გარემოს,  საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ როგორც მუსიკის, ისე მათემატიკის  პრინციპები, ახდენს  ცოდნის ტრანსფერს ყოველდღიურ  ცხოვრებასთან.

მუსიკისა და მათემატიკის ინტერდისციპლინური  მიდგომებით მუსიკის სწავლება გახდება  უფრო ეფექტური და საინტერესო, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას.

განმავითარებელი თამაშები უმცროსკლასელთათვის

0

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობელი, როცა შვილს სკოლაში შეიყვანს, ოცნებობს, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს დადებითი დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის მიმართ, ჰქონდეს მაღალი სასწავლო მოტივაცია და გახდეს წარმატებული მოსწავლე. თუმცა ამ ოცნების ასრულება არც ისე მარტივია და ამას თავისი, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები აქვს. სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე უმცროსკლასელებში სასწავლო პრობლემების გამომწვევ მიზეზებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო სწავლების ასაკის არასწორად განსაზღვრა. ხუთწლიანთა სასკოლო სწავლებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც პედაგოგებს, ასევე მშობლებს. და, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველკლასელთა სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები ექვსწლიანებისთვის არის შედგენილი. ამიტომ, დიდი ალბათობით, ხუთი წლის ბავშვს არ ექნება სათანადოდ განვითარებული ის უნარ-ჩვევები, რომლებიც სასწავლო პროცესში დასჭირდება. ამასთან, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ უდიდესი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე სასკოლო სწავლების დაწყების ასაკად შვიდ წელს მიიჩნევს. მის მიერ 5-6 წლის ბავშვი სკოლამდელებში მოიაზრება. სკოლამდელ ასაკში კი პატარის განვითარება ძირითადად თამაშის პროცესში ხდება, რადგანაც სწორედ თამაშია ქცევის წამყვანი ფორმა ამ ასაკობრივ საფეხურზე. ამდენად, თუ გვინდა, რომ 5-6 წლის ბავშვებს, რომლებიც სასკოლო სწავლას იწყებენ, დავეხმაროთ სკოლასთან ადაპტაციაში, ჩამოვუყალიბოთ დადებითი დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის მიმართ, გავუძლიეროთ სასწავლო მოტივაცია, აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თამაშები, განსაკუთრებით ისეთი თამაშები, რომლებიც სააზროვნო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მსურს შემოგთავაზოთ რამდენიმე ისეთი თამაში, რომლებიც საინტერესო იქნება პატარებისთვის და გარკვეულ დახმარებას გაუწევს უმცროსკლასელებთან მომუშავე პედაგოგს. რათა ბავშვებში გარკვეული უნარ-ჩვევები განავითაროს.

 

თამაშები გასაცნობად და გუნდში გასაერთიანებლად

  1. თავისუფალი სკამი

მიზანი:

  1. ახალი სახელების ადვილად დამახსოვრებაში, ყურადღებით

მოსმენასა და სწრაფად რეაგირებაში ჯგუფის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა;

  1. ჯგუფის წევრთა შორის დადებითი ემოციების გამოწვევა.

 

მასალა: სკამები ან სხვა ისეთი საგნები, რომლებითაც შესაძლებელია ადგილის მონიშვნა

თამაშის მიმდინარეობა: ყველა მოთამაშე ზის წრეში, თუ მონაწილეებმა არ იციან (ან ცუდად იციან) ერთმანეთის სახელები, მაშინ თავდაპირველად თითოეული ამბობს თავის სახელს ხმამაღლა და გამოკვეთილად. ერთი სკამი ზედმეტია. ერთ-ერთი მოთამაშე იწყებს სხვა მონაწილის სახელის დასახელებას. დასახელებული მოთამაშე სწრაფად უნდა გადაჯდეს თავისუფალ სკამზე, თუმცა სანამ დაჯდება, უნდა დაასახელოს შემდეგი სახელი. ის დასახელებული მოთამაშეც სწრაფად უნდა გადაჯდეს გამოთავისუფლებულ სკამზე და ა. შ.

 

  1. ახალი მეგობრები

 

მიზანი: ურთიერთობის უნარის, დაკვირვებულობისა და მეხსიერების განვითარება, ასევე მეგობრობის გრძნობის

გამომუშავება.

თამაშის მიმდინარეობა: ერთი მოთამაშე ამბობს თავის სახელს, შემდეგი იმეორებს მის სახელს და ამბობს საკუთარ სახელს, მომდევნო მოთამაშე იმეორებს წინა ორის სახელს და ამბობს საკუთარს და ა.შ. თუ რომელიმე მოთამაშე დაუშვებს შეცდომას, თამაში იწყება თავიდან, ვიდრე ყველა მონაწილე არ გაეცნობა ერთმანეთს და არ ისწავლის ერთმანეთის სახელს.

ვარიანტი 1

ერთი მონაწილე დგას წრის შუაგულში და თავისი სახელის დასახელების დროს ესვრის ბურთს სხვა მოთამაშეს, შემდეგი იმეორებს მის სახელს, ამატებს თავის სახელს და ისვრის ბურთს შემდეგი მოთამაშისკენ.

ვარიანტი 2

ერთი მონაწილე დგას წრის შუაგულში. ის ამბობს რომელიმე თანაკლასელის სახელს და ესვრის მას ბურთს. თუ შეეშლება და არასწორად იტყვის სახელს, დგება რიგში და მას შეცვლის ის მოთამაშე, რომელსაც ბურთი ესროლა.

 

  1. გამოიცანი მეგობარი

 

მიზანი: 1. თანაკლასელების უკეთ გაცნობა,

  1. მეტყველების უნარის განვითარება.

თამაშის მიმდინარეობა: ერთი მოთამაშე გამოდის კლასიდან და შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც დაუძახებენ. დანარჩენი ბავშვები ირჩევენ სხვა მოთამაშეს და ცდილობენ მის კარგად შესწავლას – სად ზის, რა ფერის თმა აქვს და ა.შ. შემდეგ ოთახში შემოსვლას სთხოვენ პირველ მოთამაშეს, რომელიც იწყებს მისახვედრი, საკვანძო კითხვების დასმას, მაგალითად:

ეს გოგონაა? – დიახ; ის პირველ რიგში ზის? – არა; ის მეორე მერხზე ზის? – დიახ; მას ქერა თმა აქვს? – დიახ

ეს ნინოა!

ნინო კლასიდან გადის და თამაში იწყება თავიდან.

 

ყურადღების მობილიზაციისა და სწრაფი რეაგირების განმავითარებელი თამაშები

  1. მუსიკალური სკამი

 

მიზანი: 1. სწრაფი რეაგირების უნარის განვითარება

  1. დაეხმაროს მოსწავლეებს სიმორცხვისა და შებოჭილობის დაძლევაში

მასალა: მაგნიტოფონი ან რადიო (ასევე შეიძლება სიმღერის შესრულება, მაგიდაზე კაკუნი ან დატყაპუნება)

თამაშის მიმდინარეობა: სკამები იდგმება წრეში, ზურგით წრის შუაგულისაკენ. ყველა მოთამაშე დგება სკამების გარშემო. სკამების რაოდენობა უნდა იყოს მოთამაშეების რაოდენობაზე ერთით ნაკლები. წამყვანი რთავს მუსიკას, მღერის ან აკაკუნებს და ა.შ. ხოლო დანარჩენი მოთამაშეები ცეკვავენ ან უბრალოდ დადიან სკამების გარშემო. როდესაც წამყვანი მოულოდნელად გამორთავს მუსიკას (ან შეწყვეტს სიმღერას, კაკუნს და ა. შ.), მოთამაშეებმა სწრაფად უნდა დაიკავონ სკამებზე ადგილი, ვისაც არ შეხვდება სკამი, ანუ ვერ მოასწრებს სკამზე დაჯდომას, ის თამაშიდან გადის.

ერთი მოთამაშის თამაშიდან გასვლის შემდეგ, სკამები ერთით უნდა შემცირდეს, თამაში გრძელდება მანამ, ვიდრე არ დარჩება ბოლო მოთამაშე, რომელიც ხდება თამაშის გამარჯვებული.

 

  1. მესამე ზედმეტია

 

მიზანი: დავეხმაროთ მოსწავლეებს იყვნენ უფრო მოქნილები და ჰქონდეთ სწრაფად რეაგირების უნარი.

თამაშის მიმდინარეობა: ბავშვები დგებიან წრეში ორ-ორად, მეორე პირველის ზურგს უკან; ამის შემდეგ ირჩევენ ორ წამყვანს, ერთი მათგანი დასდევს მეორეს და ასე დარბიან მოთამაშეების გარშემო. იმ ბავშვს, რომელიც გარბის, შეუძლია დადგეს ნებისმიერი წყვილის უკან. ის მოთამაშე, რომელიც აღნიშნულ წყვილში პირველი დგას, ხდება „ზედმეტი“ და მას ევალება გაეკიდოს იმ წამყვანს, რომელიც ვერ დაეწია გაქცეულ მოთამაშეს.

რეკომენდაცია: შეიძლება მონაწილეებს შევთავაზოთ წყვილებად დადგნენ არა წრეში, არამედ გაფანტულად. ასეთ შემთხვევაში მათ დიდხანს სირბილის საშუალება ექნებათ.

 

  1. 3. სდექ

 

მიზანი: სწრაფი რეაქციისა და სისხარტის განვითარების ხელშეწყობა.

მასალა: საშუალო ზომის ბურთი.

თამაშის მიმდინარეობა: მოთამაშეები დგებიან წრეში, ირჩევენ წამყვანს, რომელიც წრის შუაგულში დგება. ის მაღლა აგდებს ბურთს და ასახელებს ერთ-ერთი მოთამაშის სახელს. დასახელებულ ბავშვს ევალება დაიჭიროს ბურთი. დანარჩენები გარბიან სხვადასხვა მიმართულებით. მოთამაშე, რომელმაც დაიჭირა ბურთი, ყვირის „სდექ“ და მაშინვე ჩერდება. ამ ბრძანების მოსმენის შემდეგ დანარჩენებიც უნდა გაჩერდნენ და გაშეშდნენ. ბურთიანი მოთამაშე ირჩევს მასთან ახლოს მდგომ ბავშვს, გადადგამს მისკენ სამ ნაბიჯს და ესვრის ბურთს ისე, რომ მოარტყას. თუ მოთამაშეს მოხვდა ბურთი, ის „გავარდება“ თამაშიდან. დანარჩენები ბრუნდებიან წრეში, ბურთიანი მოთამაშე კი წამყვანი ხდება. თუ ნასროლი ბურთი ვერ მოხვდება დამიზნებულ ბავშვს, მოთამაშეები გარბიან, ბურთით ხელში მყოფი ბავშვი კი კვლავ ყვირის: „სდექ!“ და ცდილობს, კიდევ ერთხელ დაეწიოს სხვა მოთამაშეს. თამაში მთავრდება, როდესაც დარჩება მხოლოდ ერთი მოთამაშე.

თამაშები აზროვნების განვითარებისა და ზოგადსაგანმანათლებლო უნარ-ჩვევების ფორმირებისათვის

  1. ვინ „წავიდა“?

 

მიზანი: დაეხმაროს მოსწავლეს, იყოს ყურადღებიანი, სწორად და მკაფიოდ გამოთქვას და კარგად დაიმახსოვროს სიტყვები.

მასალა: გარკვეულ თემასთან (ფერი, ცხოველები, ამინდი…) დაკავშირებული სხვადასხვა სათამაშოები ან სურათები.

თამაშის მიმდინარეობა: მაგიდაზე ან იატაკზე ლაგდება გარკვეულ თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სათამაშო ან სურათი. მოთამაშეები სხდებიან მათ გარშემო და 30 წამის განმავლობაში ათვალიერებენ და იმახსოვრებენ მათ წინ განლაგებულ სათამაშოებსა თუ სურათებს. შემდეგ ისინი ხუჭავენ თვალებს. ამ დროს წამყვანი იღებს ერთ-ერთ სათამაშოს ან სურათს და მალავს ზურგს უკან (ან გადასაფარებლის ქვეშ და ა.შ.). მოთამაშეები ახელენ თვალებს და ასახელებენ გამქრალ სათამაშოს, რომელსაც იღებს ის, ვინც პირველი იტყვის, თუ რომელი სათამაშო გაქრა. ასე გაგრძელდება თამაში ბოლო სათამაშომდე ან სურათამდე.

 

  1. პლედი

 

მიზანი: მეხსიერების, ყურადღებისა და დაკვირვების უნარის განვითარება.

მასალა: პლედი

თამაშის მიმდინარეობა: ორ გოგონას უკავია პლედი ორივე მხრიდან ისე, რომ გამოვიდეს „კედელი“. დანარჩენი მონაწილეები იყოფიან ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი ზის „კედლის“ ერთ მხარეს, მეორე – მეორე მხარეს. წამყვანი რამდენიმე წამით (დრო შეთანხმებით, ბავშვების ასაკის მიხედვით) დაუშვებს პლედს. ამ დროს მოთამაშეებმა უნდა დაიმახსოვრონ, რა თანმიმდევრობით სხედან მეორე ჯგუფის მოთამაშეები. შემდეგ წამყვანი ასწევს პლედს და ორივე ჯგუფი ირჩევს ორ მოთამაშეს, რომლებმაც ჩუმად უნდა გაცვალონ ადგილი. ეს მათ სწრაფად უნდა გააკეთონ. ხოლო როცა ყველა მონახავს თავის ადგილს და ისევ დაჯდება, წამყვანი ჩამოუშვებს პლედს, მოიგებს ის გუნდი, რომელიც უფრო სწრაფად დაასახელებს მოწინააღმდეგე გუნდის იმ მოთამაშეებს, რომელთაც გაცვალეს ადგილები.

 

  1. ციფრული რიგები

 

მიზანი: ყურადღებისა და მეხსიერების განვითარება

თამაშის მიმდინარეობა: წამყვანი მორიგეობით კითხულობს ციფრების რიგს. პირველი რიგი შეიცავს 2 ციფრს. ბავშვებს სთხოვენ, გაიმეორონ იმავე თანმიმდევრობით, რომლითაც იყო წაკითხული, მეორე რიგი შედგება 3 ციფრისგან, მესამე – 4-ისგან, მეოთხე – 5-ისგან და ა. შ. ბავშვებს სთავაზობენ შეჯიბრებას: ვინ უფრო მეტ ციფრს დაიმახსოვრებს და წარმოთქვამს ამავე თანმიმდევრობით. გამარჯვებული ხდება ის, ვინც დაიმახსოვრებს ყველაზე გრძელ რიგს.

 

  1. ვინ რა გააკეთა?

 

მიზანი: 1. მეხსიერების, ყურადღების და აზროვნების განვითარება;

  1. ნასწავლი სიტყვების განმტკიცება.

მასალა: 1. ბარათები საგნების, მცენარეების, ბუნების გამოსახულებით;

  1. დიაგრამა სამი წრით. ერთი ცარიელი წრე არის იმ საგნებისთვის, რომელიც ადამიანმა შექმნა, მეორე წრე – საგნებისთვის, რომელიც ბუნებამ შექმნა, მესამე – საგნებისთვის, რომელიც შექმნა ადამიანმა ბუნებასთან ერთად.

თამაშის მიმდინარეობა: ბავშვებს ურიგდებათ ბარათები ნახატებით, მაგალითად: ადამიანი, ტყე, მდინარე, ვაშლი და ა. შ. ბავშვებმა თავისი ბარათები უნდა ჩააწყონ საჭირო წრეში და ახსნან, რატომ აირჩიეს სწორედ ეს წრე და არა სხვა.

 

  1. ვინ უკეთ იცის ზღაპრები

 

მიზანი: 1. ყურადღების, მეხსიერების, წარმოსახვის განვითარება;

  1. სიტყვათა მარაგის განმტკიცება და გაფართოება.

თამაშის მიმდინარეობა: ირჩევა წამყვანი. ის ასახელებს რომელიმე ზღაპარს, დანარჩენებმა კი სწრაფად უნდა გაიხსენონ და ჩამოთვალონ აღნიშნული ზღაპრის პერსონაჟები. მაგალითად, წამყვანი ასახელებს ზღაპარს „პინოქიო“, მოთამაშეებმა უნდა ჩამოთვალონ დასახელებული ზღაპრის პერსონაჟები. ყოველ დასახელებულ პერსონაჟზე მოთამაშე იღებს ქულას. თამაში გრძელდება, წამყვანი ასახელებს კიდევ რამდენიმე ზღაპარს. შედეგების შეჯამების შემდეგ გამარჯვებული იქნება ის, ვინც მოაგროვებს ყველაზე მეტ ქულას.

აღნიშნული თამაშის გამოყენების წინაპირობა – ბავშვები აუცილებლად უნდა იცნობდნენ ზღაპრების გარკვეულ რაოდენობას.

 

  1. ზღაპრის გმირები

 

მიზანი: მეხსიერებისა და აზროვნების განვითარება

მასალა: ქაღალდის კვადრატი

თამაშის მიმდინარეობა: მასწავლებელი სვამს კითხვას, ის, ვინც პირველი ასწევს ხელს და გასცემს კითხვაზე სწორ პასუხს, მიიღებს მასწავლებლისგან ქაღალდის კვადრატს. დამხმარეები, რომელთაც წინასწარ ირჩევს მასწავლებელი, აკვირდებიან, ვინ ასწია პირველად ხელი, ვინ მეორედ და ა.შ. თამაშის ბოლოს დაითვლება ვინ რამდენი კვადრატი მიიღო. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ კითხვას გასცა სწორი პასუხი და მოაგროვა მეტი კვადრატი.

მოსწავლეებმა უნდა შეავსონ ლიტერატურული გმირის სახელი. მაგალითად, თუ მასწავლებელი ამბობს „წითელ“-ს, მოთამაშემ უნდა თქვას „ქუდა“, მასწავლებელი ამბობს „ნაცარ“-ს, მოსწავლემ უნდა თქვას „ქექია“ და ა.შ.

 

ზემოაღნიშნული და სხვა მსგავსი თამაშების გამოყენებისას აუცილებელია ბავშვებს წინასწარ, მათთვის გასაგებ ენაზე კარგად გავაცნოთ თამაშის ინსტრუქცია და წესები. პატარები, როგორც წესი, კარგად იცავენ წესებს. ამიტომ, თამაშის წესების ცოდნა მათ გარკვეულ დახმარებას გაუწევს კონკურენციის უარყოფითი გავლენისაგან თავის დაცვაში. მსგავსი თამაშები ხომ ხშირად კონკურენციას ეფუძნება – ვინ უფრო მეტს დაიმახსოვრებს, ვინ უფრო სწრაფად იმოქმედებს და ა.შ. პატარებს კი პირველობა სურთ და არ უყვართ დამარცხება. ამიტომ, როგორც თამაშის დასაწყისში, ასევე თამაშის ბოლოს ბავშვებს უნდა შევახსენოთ, რომ ინსტრუქციისა და წესების დაცვა მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ამასთან, უნდა დავეხმაროთ მარცხის უმტკივნეულოდ გადატანასა და თამაშის პროცესიდან სიამოვნების მიღებაშიც, იმისათვის, რომ ამა თუ იმ თამაშის გამოყენებისას კონკრეტულ მიზნებს მივაღწიოთ.

 

დაბოლოს, ვიტოვებ იმედს, რომ როგორც ზემოაღწერილი, ასევე სხვა, მსგავსი განმავითარებელი თამაშები ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს უმცროსკლასელებთან მომუშავე პედაგოგებს იმ სირთულეებს, რომლებიც დღეს უხვად გვხვდება და სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება.

ორი პედაგოგიური კანონი „პროფესორის საყვარელი ფორმულის“ მიხედვით

0

მასწავლებლებს ჰაერივით გვჭირდება სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან ურთიერთობას დაძაბულობის გარეშე. ერთგვარი „სამასწავლებლო კედლების გარეშე“. ადგილი, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ არამარტო გამოცდილებას, არამედ ემოციებს, არა მარტო წარმატებებს, არამედ წარუმატებლობებსაც, ერთმანეთს დავუსვამთ შეკითხვებს და მოვუსმენთ, განსხვავებულ პერსპექტივას გავეცნობით, სხვისას დავინახავთ და შევიგრძნობთ, წაკითხულის შესახებ ვისაუბრებთ, საინტერესო და საგულისხმო თვალსაზრისებს გავცვლით, გონების საზრდოს მივიღებთ.

მარიამ ჯამდელიანის მიერ შექმნილი ფეისბუქის გვერდი „წიგნელი“ გვაერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც ლიტერატურა ძალიან გვიყვარს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ბევრნი ვართ პედაგოგიც. საინტერესო და განსხვავებული კი ეს გვერდი იმითაა, რომ მხოლოდ პედაგოგების კი არა, მაძიებლების, მშობლების, ახალგაზრდების ერთობაა აქ და პედაგოგიური თვალთახედვით ეს საუკეთესო, ლამის, სასათბურე პირობებია – დარგის პროფესიონალთა გაერთიანება, რასაკვირველია, შესანიშნავია, მაგრამ როდესაც ერთ სივრცეში სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების ადამიანია შეკრებილი, შეხედულებათა მრავალფეროვნება გარანტირებულია.

ერთ-ერთი ონლაინშეხვედრა „წიგნელში“ სწორედ სასწავლო წლის დაწყებამდე დაიგეგმა. მიზნად ახალი სასწავლო წლისთვის შესაფერისი განწყობის შექმნა დავისახეთ. ამ მიზნის მისაღწევ გზაზე მეგზურად იაპონელი მწერლის, იოკო ოგავას, წიგნი შევარჩიეთ. შეხვედრაზე მასწავლებლებიც ვიყავით და მშობლებიც, მასწავლებლობის მსურველებიც და მკითხველებიც. ამგვარმა მრავალფეროვნებამ ყველანი გაგვამდიდრა.

შეხვედრის მეგზური

შეხვედრის მეგზურად „პროფესორის საყვარელ ფორმულა“ შემთხვევით არ შემირჩევია. წიგნი მეცნიერების დედოფლის, მათემატიკის, საუფლოში გვეპატიჟება პედაგოგიკის ბილიკების გავლით.

მკითხველი ხვდება პროფესორის არეულ-დარეულ, მაგრამ მაინც მყუდრო საცხოვრებელში, იქ, სადაც „აქამდე უცნობი სახეობის სიჩუმეს დაედო ბინა“, სადაც „რიცხვების ტყეში მოხეტიალე პროფესორია“ მასპინძელი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს მათემატიკური პრიზმიდან უყურებს და აფასებს.

შემოქმედებითი თვითიდენტიფიკაცია

გადამდებია ეს მიმართება და ერთი საინტერესო, სახალისო სავარჯიშოც მომაფიქრდა – მინდოდა, შეხვედრის მონაწილეებს ერთმანეთი გაგვეცნო, რაიმე გვეთქვა საკუთარი თავის შესახებ. ფორმატისა და დროის სიმცირის გამო ყველას წარდგენა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ სავარჯიშო „შემოქმედებით-მათემატიკური თვითიდენტიფიკაცია“ შესანიშნავად გაუმკლავდა ამ ამოცანას. მონაწილეებს მათემატიკური სიმბოლოების გამოყენება ვთხოვე თვითიდენტიფიცირებისა და საკუთარი თავის წარდგენისთვის. ინსტრუქცია ასეთია: ვიღებთ მათემატიკურ სიმბოლოებსა და ნიშნებს, ვანიჭებთ მათ ჩვენეულ მხატვრულ დატვირთვას და საკუთარი თვისებების ან მახასიათებლების წარმოსაჩენად ვიყენებთ. ეს დავალება მშვენიერი აქტივობაა ერთმანეთის გასაცნობად, „ყინულის გასაჭრელად“, კონტაქტის დასამყარებლად ახალ აუდიტორიაში. მაგალითად:

∞ – უსასრულობა – უსასრულო ცნობისმოყვარეობა და ცოდნის ძიება

x, y, z – უცნობი ან ცვლადი სიდიდეები – უცნობის კვლევა და აღმოჩენის სურვილი

+ შეკრება – სიკეთის, იდეებისა და ადამიანების გაერთიანება

− გამოკლება – ზედმეტის მოცილება და სიმარტივე

× – გამრავლება – შესაძლებლობების ზრდა და გამრავლება

: – გაყოფა – ცოდნის გაზიარება და რესურსების სწორად განაწილება

√ – ფესვი – არსის, ძირის ძიება მოვლენებში

= ტოლობა – სამართლიანობა და ბალანსი

N – ნატურალური რიცხვები – ბუნებრიობასთან და საწყისთან კავშირი

შეგვიძლია გამოვიყვანოთ ფორმულა: ∞+∑ = 0

სადაც:

∞ – უსასრულო ცნობისმოყვარეობა, მუდმივი სწავლის სურვილის აღმნიშვნელია…

∑ – ჯამი – პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებების მუდმივი გამთლიანების წყურვილს გამოხატავს…

= ტოლობის ნიშანი – ბალანსს

და

ნული მზაობას, ყოველთვის ყველაფერი დავიწყო თავიდან…

ეს „ჩემი ფორმულა“ იყო. შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთი „ფორმულები“ ჩატში გაგვიზიარეს. ვისაც სურვილი ჰქონდა, სიტყვიერადაც აგვიხსნა დაშიფრული. რა საინტერესოა, რომელ თვისებებს წამოვწევთ წინ უცნობი ადამიანების წინაშე, რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ჩვენი პიროვნების რომელ ჰიპოსტასს ვამზეურებთ ხოლმე…

პედაგოგიური სამკუთხედი

პედაგოგიკა სპეციფიკური, საინტერესო, მრავალფეროვანი დარგია. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც (მეცნიერება+ხელოვნება=პედაგოგიკა). ამასთან, სასკოლო პედაგოგიკის საძირკველი სამკუთხაა.

სამ სვეტზე დგას.

სამწვეროვანია.

პედაგოგიური ამოცანების წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია ერთობა: მასწავლებელი+მოსწავლე+მშობელი.

ვალდორფის პედაგოგიკაში ამას პედაგოგიურ სამკუთხედს უწოდებენ და იოკო ოგავას ამ წიგნში ის შესანიშნავადაა წარმოჩენილი. იდეალური სამკუთხედი გვაქვს:

მშობელი – რომელიც, სიუჟეტის თანახმად, პროფესორის დამხმარეა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის შვილისთვის უპირობო მხარდამჭერი, მასზე მზრუნველი დედა. ამასთან, ინტერესის აღმძვრელი, კითხვების მოყვარული, შვილთან ერთად შემეცნების მაძიებელი.

მოსწავლე – ბიჭუნა ბრტყელი თავით, რომელსაც პროფესორი რუტოს უწოდებს. კლასიკური მოზარდი, რომლის ნდობის მოპოვება არცთუ ისე ადვილია, მაგრამ სამაგიეროდ, მოპოვებული ნდობის, შექმნილი უსაფრთხო გარემოსა და შემეცნების ატმოსფეროს პირობებში მოსწავლე იფურჩქნება, ვითარდება, შემეცნების ბილიკებზე ინტერესით იწყებს მსვლელობას.

მასწავლებელი – პროფესორი „მეხსიერების 80-წუთიანი კასეტით“, მოწოდებით მასწავლებელი, ვისთვისაც ცოდნის გადაცემა, აღმოჩენების სიხარული, კეთებით სწავლება სიამოვნებაა. ყოველ ჯერზე, როდესაც ის რუტოს ხვდება, მის წინაშე „ახალი და ამოუცნობი“ ადამიანი დგას. მას არ აქვს არანაირი წინასწარგანპირობებული შეხედულებები, მოლოდინი, იარლიყი. რუტო „საზრიანი“ ან „დასწავლის სირთულის მქონე“ კი არაა, არამედ ახალი, სუფთა ფურცელია იმ მზაობითა და საჭიროებებით, რომლებიც მოცემულ მომენტში აქვს და ეს პროფესორს განსაკუთრებულ მასწავლებლად აქცევს.

აქ შევყოვნდეთ და დავფიქრდეთ:

როდესაც შევდივართ კლასში, რომელსაც წინა წელსაც ვასწავლიდით, რომელშიც უკვე ჩაგვიტარებია გაკვეთილები, ვიცნობთ მოსწავლეებს, ვიცით მათი შესაძლებლობების შესახებ „თითქმის ყველაფერი“, რამდენად ვაძლევთ საკუთარ თავს საშუალებას, ამ განახლებული მზერით შეხვედოთ მოსწავლეს?

დაყოფის, კატეგორიზაციის, სისტემატიზების ვნება რამდენად გვძლევს ხოლმე? გონებაში ჩაბეჭდილი „ეს ყოჩაღია, ის ჩამქრალია, ფრიადოსანია, უჭირს…“ და მსგავსი განსჯითი „ვერდიქტები“ რამდენად გვიშლის ხელს? რასაკვირველია, ადამიანები ვართ და განსჯის ცოდვისგან სრულად დაცლილი ვერავინ იქნება, მაგრამ მოდით, გამოვიხმოთ ხოლმე პერსონაჟთა გალერეიდან საჭირო დროს ეს ჩვენი ძვირფასი პროფესორი, დავიყენოთ (წარმოსახვითად) გვერდით და „დავესესხოთ“ მას, შევიძინოთ ეს „დავიწყების უნარი“ – შევიდეთ კლასებში განულებული მეხსიერებით, გავთავისუფლდეთ „პიგმალიონის ეფექტისგან“ (ასე აღინიშნება პირობითი დაშვებები, რომლებიც ცვლის ინდივიდის ქცევას და იწვევს ამ დაშვების დამადასტურებელ შედეგს. დეტალურად აღწერილია სტატიაში „პიგმალიონი საკლასო ოთახში“, ნინო ლომიძე, 2015 წ.), მივმართოთ მზერა მოსწავლეებისკენ და არ გამოვიყოლოთ წარსულის ტვირთი, ბარგი ახლანდელ დროში. აქ და ახლა, დაფასთან თუ მასწავლებლის მაგიდასთან მყოფებმა, მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, გამოავლინონ შესაძლებლობები განსხვავებულად.

კანონი პირველი: თითოეულ მოსწავლეში ვეძებო და აღმოვაჩინო ღირებული, უნიკალური თვისება, მახასიათებელი.

ნუ იქნება ეს განსაკუთრებული ნიჭი, ტალანტი. ადამიანებს გვაქვს სხვადასხვა ძვირფასი, ფასდაუდებელი თვისება. ვიღაცას შეუძლია სხარტად, მყისიერად აითვისოს მასალა, ვიღაც ჩუმი, ნელი მოაზროვნეა, ბევრს არ იტყვის, მაგრამ ისეთ დეტალზე მიგვაქცევინებს ყურადღებას, რომელზეც აქამდე არ გვიფიქრია.

არიან ადამიანები, რომლებსაც ხალისიანი, ნათელი ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ ირგვლივ. როცა კლასში ასეთი მოსწავლეა, მეტია ხალისი, სიმსუბუქე.

ვიღაცას მხარდაჭერის გასაოცარი უნარი აქვს ან ისეთი ღიმილი, რომელიც განწყობას ცვლის, შიგნიდან გვათბობს.

რომელიღაც მოსწავლე ზის და მთელი გაკვეთილი ორიგამის ულამაზეს ფიგურებს აწყობს, გაკვეთილის შემდეგ კი ჩუმად, უთქმელად გვიტოვებს მაგიდაზე.

ვიღაც ხატავს, ხატავს, ხატავს გაუთავებლად. სთხოვ, გაჩვენოს და შესასწავლი ტექსტის ილუსტრაცია აქვს დახატული, ნაფიქრი წერილობით არა, მაგრამ სურათხატებით აქვს გადმოცემული.

ვიღაცას შეუძლია კითხვების დასმა. ისეთი კითხვების, რომლებზე პასუხების ძიებაც გაკვეთილს საინტერესოს ხდის.

ასე თუ შევხედავთ, საკლასო ოთახი განძის კუნძულს დაემსგავსება და ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი განძის მაძიებლებად და მპოვნელებად გარდავისახებით.

კანონი მეორე: არ ავნო

მედიცინასა და პედაგოგიკას, ამ ორ დარგს, ფეხდაფეხ, გვერდიგვერდ მავალთ წარმოვიდგენ ხოლმე. როგორც მედიცინა, ისე პედაგოგიკა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებებია; როგორც მედიკოსს, ისე პედაგოგსაც აქვს საკუთარი სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები. თუ ექიმი გამოვლენილ სხეულებრივ, ფიზიოლოგიურ სიმპტომებს აკვირდება (ხველება, ცხელება, კანის ფერი…), მასწავლებლისთვისაც მრავლისმთქმელი სიმპტომებია ჟესტიკულაცია, მიმიკა, ხმის ტემბრი, გაკვეთილზე მოსწავლის ქცევა, ქმედება ან უმოქმედობა. როგორც მედიცინაში, ისე პედაგოგიკაში ერთ უნივერსალურ კანონს ვექვემდებარებით მასწავლებლები და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა არ ვავნოთ.

არ ვავნოთ არავითარ შემთხვევაში.

ზუსტად ისე, როგორც ექიმს, ჩვენც გვაქვს თმენის (უპირობო და აბსოლუტური თმენის) ვალდებულება. მოზარდი იქცევა ისე, როგორც იქცევა. აკეთებს იმას, რაც დავასწავლეთ უფროსებმა, რაც განვუმტკიცეთ. მწვავე სიტუაციაში მას რჩება უფლება, იყოს მოზარდი და ჩვენ გვრჩება ვალდებულება, ვიყოთ ზრდასრულები, მივიღოთ გადაწყვეტილება მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

იოკო ოგავას წიგნში პროფესორი იმდენად აღელდება, იმდენად ანერვიულდება, როცა გაიგებს, რომ დედამ შვილი შინ მარტო დატოვა, რომ სასწრაფოდ მოითხოვს მისგან, შვილი თან ატაროს სამსახურში და არცერთი წუთით არ დატოვოს საფრთხის შემცველ გარემოში, მარტო, ზრუნვისა და მეთვალყურეობის გარეშე.

ბავშვის უსაფრთხოება, მისი კომფორტი პროფესორისთვის უპირატესი ღირებულებაა. ის არ იღებს არცერთ საწინააღმდეგო არგუმენტს. დედა ცდილობს დაარწმუნოს, რომ ბიჭუნა თავს თავად მიხედავს, მაგრამ მასწავლებელს არაფრის გაგონება არ სურს. მისი უმთავრესი საზრუნავია 10 წლის ბიჭის სიცოცხლე და ჯანმრთელობა:

რა გამოდის? შენი შვილი სულ მარტოა სახლში? ბნელ ოთახშიც მარტოა და მშიერი კუჭითაც სულ მარტო ზის და გელოდება? დედამისი კი ამ დროს უცხო სახლში ვახშამს ამზადებს. ჩემს ვახშამს! ოო, რა ცუდი ამბავია! ასე არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება!

აღელვებულმა პროფესორმა თავი ვეღარ შეიკავა, წამოხტა და მაგიდის გარშემო დაიწყო სიარული, თან ტანზე მიკრულ ფურცლებს აშრიალებდა. თმაზე ხელი რამდენჯერმე ნერვიულად გადაისვა და უამრავი ქერტლი დასცვივდა. სიარულისას იატაკი უსაშველოდ ჭრაჭუნებდა. ქურა გამოვრთე და ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგი:

სანერვიულო ნამდვილად არაა, – შევეცადე, შეძლებისდაგვარად მშვიდად მეთქვა, – დიდი ხანია ასე ვართ, მხოლოდ ორნი. რაც ათის გახდა, მარტოს უკვე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. აქაური ტელეფონიც იცის, თუ რაიმე პრობლემა ექნება. საჭიროების შემთხვევაში ქვედა სართულზე მცხოვრები ბინის პატრონიც დაეხმარება

არ შეიძლება ასე, არა! – სიტყვა არ დამამთავრებინა, ისე, რომ ბოლთის ცემა არ შეუწყვეტია.

ბავშვის ასე მიგდება არავითარ შემთხვევაში არაა გამართლებული. ხვალიდან შენი ბიჭიც აქ მოიყვანე. შეუძლია სკოლიდან პირდაპირ აქ მოვიდეს. დავალებებსაც აქ მოამზადებს და თან დედის გვერდით იქნება. ასე არ სჯობს? არ იფიქრო, რომ ხვალ აღარ მემახსოვრება. მეწყინება, თუ ჩემს ნათქვამს ყურადღებას არ მიაქცევ. არ დამავიწყდება! თუ პირობას დაარღვევ, მივხვდები! პროფესორმა მკლავზე მიკრული ჩანაწერი – „ახალი მოსამსახურე“ – მოიძრო, უბიდან ფანქარი ამოიღო და იქვე მიაწერა: „და მისი 10 წლის ვაჟი“.

გესმით ეს აღელვებული, მზრუნველი ხმა? ეს ხმა ყველა ნამდვილი მასწავლებლის შინაგანი ხმაა.

ასე არაა?

სიმღერით ენის სწავლების დიდაქტიკა

0

სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა ენის სწავლებისთვის. სიმღერა აერთიანებს რიტმს, მელოდიას, ემოციას და ლექსიკას — ქმნის გარემოს, სადაც ენა ხდება ცოცხალი და დასამახსოვრებელი. კვლევები ადასტურებენ, რომ მუსიკა აუმჯობესებს ფონოლოგიურ აღქმას, ამახსოვრებს ლექსიკას და ქმნის პოზიტიურ ატმოსფეროს (Murphey, 1990; Schön et al., 2008).

მუსიკალური სწავლების წარმატება დამოკიდებულია თემის არჩევაზე. კულინარია წარმოადგენს იდეალურ კონტექსტს: საკვები უნივერსალურია, ემოციურად დატვირთული და კულტურულად მდიდარი. იტალიური კულინარიული ტრადიცია — UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი — ქმნის პირობებს, სადაც მუსიკა, გემო და კულტურა ერთიანდება ენის შესასწავლად.

სტატიის მიზანი

სტატია წარმოაჩენს სიმღერას როგორც  მეთოდს იტალიური ენის სწავლებისას V–VI კლასებში, ხოლო კულინარიას — როგორც შინაარსობრივად შერჩეულ თემას, რომელიც აძლიერებს მუსიკალურ სწავლებას და უზრუნველყოფს კულტურულ ღრმა, ემოციურ ჩართულობას და პრაქტიკულ ენობრივ უნარებს.

  1. მელოდია — მთავარი მეთოდი

1.1. რატომ მელოდია?

მუსიკა არის მულტისენსორული აქტივობა:

  • სმენა — ბგერების, რიტმის აღქმა
  • ხმა — გამოთქმის ავტომატიზაცია
  • მოძრაობა — რიტმის თანხლება
  • ემოცია — პოზიტიური ასოციაციები
  • მეხსიერება — მელოდია აუმჯობესებს დამახსოვრებას

1.2. სიმღერის უპირატესობები

უპირატესობა როგორ მუშაობს?
რიტმი და ინტონაცია მელოდია ქმნის ბუნებრივ ინტონაციას
ლექსიკის დამახსოვრება გამეორება და რიფმა ქმნის ავტომატიზმს
კულტურული კონტექსტი სიმღერა გადმოსცემს ცხოვრების წესს
ემოციური კავშირი მუსიკა ქმნის სიამოვნებას

1.3. ფსიქოლოგიური საფუძველი

Krashen-ის თეორია (1982): სწავლა ეფექტურია, როცა არის მოტივაცია და არ არის შფოთვა. სიმღერა აკმაყოფილებს ორივე პირობას.

 

  1. კულინარია — იდეალური თემა

2.1. რატომ კულინარია?

კრიტერიუმი რატომ მუშაობს?
უნივერსალურობა ყველას აქვს გამოცდილება
სენსორულობა გემო, სუნი, ფერი, ტექსტურა
კულტურული სიღრმე საკვები არის იდენტობის სიმბოლო
ემოციური ღირებულება დაკავშირებულია სიხარულთან
ლექსიკური სიმდიდრე კონკრეტული, მდიდარი ლექსიკა

2.2. იტალიური კულინარია — კულტურული ხიდი

იტალიელები ამბობენ: “Il cibo è amore” (საკვები სიყვარულია). როდესაც ბავშვები მღერიან “La pizza margherita”, ისინი გრძნობენ იტალიურ სულს, სადაც საკვები არის ხელოვნება, სუფრა — ოჯახის ცენტრი, მომზადება — ზრუნვა.

 

III. პრაქტიკული გზამკვლევი

3.1. სიმღერების შერჩევა

სიმღერა უნდა იყოს: მარტივი რიტმულად
შეიცავდეს გამეორებებს
ჰქონდეს კულინარიული ლექსიკა
ატარებდეს ემოციას
იყოს კულტურულად ავთენტური

3.2. რეკომენდებული სიმღერები

სიმღერა თემა დონე რატომ?
“La Pizza” (Tarantella) პიცა A1 ტრადიციული რიტმი, მარტივი
“Viva la Pappa col Pomodoro” პომიდორი A1 ცნობილი, მარტივი რითმა
“Gelato, Gelato!” ნაყინი A1 სახალისო, ფერების სწავლება

3.3. გაკვეთილის მოდელი: “La Pizza (Tarantella)”

  1. მუსიკალური შესავალი (10 წთ)
  1. პირველი მოსმენა დახუჭული თვალებით
  2. ტაშის დაკვრა — რიტმის დამახსოვრება
  3. მოძრაობა — ტარანტელას ძირითადი ნაბიჯი
  1. ლექსიკის გამოყოფა (15 წთ)
  1. ილუსტრირებული ბარათები: pizza, mozzarella, pomodoro, basilico
  2. მეორე მოსმენა — “რომელ სიტყვებს ისმენთ?”
  3. ვიზუალური მენიუ — დაფაზე “რეცეპტი”

III. სიმღერის შესრულება (10 წთ)

  1. მონაკვეთის  სწავლება: “La pizza, la pizza, che bontà!”
  2. მთელი სიმღერა — პედაგოგი მღერის, ბავშვები უერთდებიან
  3. როლური სიმღერა — ჯგუფები იცვლებიან
  1. კომუნიკაციური აქტივობა (15 წთ)

როლური თამაში: “Al ristorante italiano”

Cameriere: Buongiorno! Cosa desidera?

Cliente: Vorrei una pizza, per favore.

Cameriere: Con pomodoro e mozzarella?

Cliente: Sì, grazie! Buon appetito!

  1. შემოქმედებითი აქტივობა (10 წთ)

“La mia pizza ideale” — ბავშვები ხატავენ საკუთარ პიცას და წერენ ინგრედიენტებს იტალიურად.

  1. სამკუთხედი: მუსიკა – კულინარია – კულტურა 

                  ᲛᲣᲡᲘᲙᲐ

          (მთავარი მეთოდი)

                            ↓

    ┌────────────────────┐

    ↓                                              ↓

ᲙᲣᲚᲘᲜᲐᲠᲘᲐ          ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ

(შინაარსი)            ( მიზანი)

    └────────────────────┘

                             ↓

                    ЕНА

            (კომუნიკაცია)

კომპონენტი როლი
 მუსიკა ქმნის ემოციურ ატმოსფეროს, აუმჯობესებს დამახსოვრებას
კულინარია იძლევა კონკრეტულ, საინტერესო შინაარსს
 კულტურა ანიჭებს მნიშვნელობას, კავშირს რეალურ ცხოვრებასთან
 ენა აერთიანებს ყველაფერს კომუნიკაციაში

 

  1. ლექსიკური ერთეულები და დიალოგები
იტალიური ქართული დიალოგი
1 La pizza პიცა A: Ti piace la pizza?<br>B: Sì, moltissimo!
2 La pasta პასტა A: Che pasta ti piace?<br>B: Mi piace la pasta al pomodoro!
3 Il pomodoro პომიდორი A: Di che colore è il pomodoro?<br>B: È rosso!
4 La mozzarella მოცარელა A: C’è mozzarella sulla pizza?<br>B: Sì, c’è!
5 Il basilico ბაზილიკი A: Che profumo!<br>B: È basilico fresco!
6 Il gelato ნაყინი A: Quale gusto ti piace?<br>B: Il gelato al cioccolato!
7 Il forno ღუმელი A: Dove si fa la pizza?<br>B: Nel forno!
8 Buon appetito! გემრიელად! A: Buon appetito!<br>B: Grazie, altrettanto!

 

  1. პედაგოგიური რეკომენდაციები

6.1. გაკვეთილის დაგეგმვა

მუსიკა — ღერძი → სიმღერა არის მთავარი
რიტმის ფაზები → ჯერ რიტმი, შემდეგ სიტყვები
ვიზუალური მხარდაჭერა → ბარათები, სურათები
მოძრაობა → ნება დართეთ  მოძრაობით   აყვეს რიტმს
კულტურული ისტორია → 1–2 წინადადება ტრადიციის შესახებ

6.2. სიმღერის სწავლების ეტაპები

ეტაპი დრო
1. Warm-up (რიტმული თამაშები) 3 წთ
2. First listening (მოსმენა) 2 წთ
3. Vocabulary (ლექსიკა) 5 წთ
4. Second listening (იდენტიფიკაცია) 3 წთ
5. Singing along (რეფრენი) 5 წთ
6. Full song (მთლიანი სიმღერა) 3 წთ
7. Activity (როლური თამაში) 10 წთ
8. Cool-down (გამეორება) 2 წთ

6.3. შეფასება

  • დაკვირვება — მონაწილეობს? გამოხატავს ემოციას?
  • აუდიო ჩანაწერი — ჯგუფური სიმღერა
  • პორტფოლიო — რეცეპტი, ნახატი
  • თვითშეფასება“რა ვისწავლე? რა მომეწონა?”

დასკვნა

მუსიკა არის ენის უძლიერესი მასწავლებელი, რადგან ლაპარაკობს ბავშვის ემოციურ ენაზე. კულინარიული თემები ქმნიან იდეალურ შინაარსს: ნაცნობი, საინტერესო, კულტურულად მდიდარი. მუსიკა–კულინარია–კულტურა — ეს სამკუთხედი აერთიანებს ემოციას, გემოს და აზრს ერთ სასწავლო გამოცდილებაში.

მოვუწოდებთ მასწავლებლებს: დაიწყეთ ერთი სიმღერით, ერთი რეცეპტით, ერთი კულტურული ისტორიით. თქვენ შეამჩნევთ, როგორ იცვლება მოსწავლეების თვალები, როცა ენა ხდება არა გაკვეთილი, არამედ სიხარული.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Byram, M. (2021). Teaching and Assessing Intercultural Communicative Competence: Revisited. Bristol: Multilingual Matters.
  2. Krashen, S. (1982). Principles and Practice in Second Language Acquisition. Oxford: Pergamon Press.
  3. Medina, S. L. (1993). The effects of music upon second language vocabulary acquisition. TESOL Quarterly, 27(2), 333-346.
  4. Murphey, T. (1990). The song stuck in my head phenomenon. System, 18(1), 53-64.
  5. Schön, D., et al. (2008). Songs as an aid for language acquisition. Cognition, 106(2), 975-983.
  6. UNESCO (2010). Mediterranean Diet — Intangible Cultural Heritage. Paris: UNESCO.

 

 

დილემებით სწავლება და „ვეფხისტყაოსანი“

0

ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები, კლასიკური დრამატურგიული სქემის მიხედვით, ხშირად დგებიან განსაცდელის წინაშე. როგორ გამოსავალსაც იპოვიან ამ სიტუაციიდან, ერთი მხრივ, ეს განაპირობებს და განსაზღვრავს მათ მომავალს, მეორე მხრივ კი მკითხველს ამოაცნობინებს გმირის ხასიათის ახალ შტრიხებს და ავტორის მთავარი სათქმელისთვისაც გვაძლევს გასაღებს; გვეხმარება, მივუხვდეთ მიზანსა და ჩანაფიქრს. როდესაც მოსწავლეებს ასეთ ეპიზოდებს ვამუშავებინებთ, მათ გარკვეულწილად ვასწავლით კიდეც, თავად როგორ გაუმკლავდნენ მსგავს სირთულეებს, ვამზადებთ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამიტომ (და არა მხოლოდ ამიტომ) ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება თითოეულ ასეთ პასაჟზე. მით უმეტეს, როცა საქმე „ვეფხისტყაოსანს“ ეხება – ტექსტს, რომელიც, ფაქტობრივად ყველა კითხვაზე გვაძლევს თავისებურ პასუხს…

„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“, „რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა“. „ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა“, „კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად“…

როცა სიცრუესა და მის შედეგებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, ეს ფრაზები არ გაგვახსენდეს, ავთანდილს რომ ათქმევინებს პოეტი. ავთანდილი ერთგვარი გზამკვლევია მკითხველისთვის და აჩვენებს, რა არის მართებული ან პირიქით, ეწინააღმდეგება ზნეობრივ პრინციპებს. მსგავსი პერსონაჟები თავიანთი ხედვით, ზნეობრივი სწავლებითა თუ ღირებულებებით ხდებიან მორალური ორიენტირი ჩვენი მოსწავლეებისთვის. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს პერსონაჟები, ერთი შეხედვით, თავიანთი პრინციპების საპირისპიროდ იქცევიან? ამ დასამახსოვრებელი ფრაზების შემდეგ, ერთგვარად მოულოდნელიც კია ბავშვებისთვის იმის აღმოჩენა, რომ თავად ავთანდილიც ცრუობს (!!!), თან არაერთხელ: ატყუებს როსტევანს, როცა მიდის უცხო მოყმის საძებნელად („მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფება მტერთა ჩვენთა გულსა ვგმირო“); ატყუებს ფატმანს, როცა თავს ვაჭრად გაასაღებს… სიმართლეს მალავს ტარიელიც, როცა ფარსადანს ეუბნება, „შენი შვილი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდეო“. თინათინიც ფარულად ინახავდა სამი წლის განმავლობაში ავთანდილის გადახვეწის რეალურ მიზეზს…

პატიოსანი, ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანებისთვის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა. ასეთი დილემის პირისპირ აღმოჩენილ პერსონაჟებს თითქოს ერთგვარად საკუთარი სინდისის წინაშე თავის მართლებაც კი უწევთ, რატომ მოიქცნენ ასე, რატომ მიიჩნიეს საუკეთესოდ ესა თუ ის გამოსავალი, რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი… „ვეფხისტყაოსანი“, რა თქმა უნდა, ერთადერთი ტექსტი არაა, სადაც ასეთი გზის პოვნა უწევთ პერსონაჟებს, უამრავი სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება. ბავშვებსაც მარტივად გაახსენდებათ პარალელები (თუნდაც ბათუ გავიხსენოთ „გამზრდელიდან“, რომელიც ერთგვარად ამართლებს კიდეც საფარბეგს, როცა ის ცხენის მოპარვას გადაწყვეტს).

ასეთ ეპიზოდებში ის აფორიზმები, რომლებიც ზეპირად ვიცით, გვიყვარს და სულიერი ორიენტირებია ჩვენთვის, თითქოს სხვა შინაარსს იძენს და ღრმა ანალიზსა და დაკვირვებას მოითხოვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.

ასეთი ეპიზოდები ძალიან კარგ რესურსად შეიძლება იქცეს იმისთვის, რომ მოსწავლეებს ვუბიძგოთ, სხვადასხვა პერსპექტივიდან დააკვირდნენ სიტუაციებს; დავანახვოთ ის ცხოვრებისეული სირთულეები, რომლებიც სწორხაზოვნად ვერ გადაიჭრება და დიდ დაფიქრებას საჭიროებს.

რა აქტივობები შეიძლება გამოვიყენოთ ამ დროს? ნებისმიერი, რომელიც გამოგვადგება საკითხის მრავალი მხრიდან შესაფასებლად და შესაბამისი გამოსავლის (გადაჭრის სხვადასხვა გზის) საპოვნელად. მაგალითად:

„დილემის (პრობლემის) ხე“

მთავარი კითხვა/კითხვები: რა მოხდებოდა, თუ?.. შეიძლება თუ არა არასწორი საქციელის გამართლება? („მეგობრის დაცვის მიზნით ტყუილი შეიძლება გამართლდეს?“)

მოსწავლეები დაინახავენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს პრობლემასა და გადაჭრის გზას შორის.
დაფაზე/ფლიპჩარტზე იხატება დილემის ხე, სადაც ღერო მთავარ პრობლემას გამოხატავს, ტოტები – გადაჭრის გზებს, ფოთლები – თითოეული გადაწყვეტილების შედეგს.

მოსწავლეები ერთად მსჯელობენ და ირჩევენ საუკეთესო ვარიანტს.

აფორიზმების მოხმობა დისკუსიისას:

აფორიზმები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მსჯელობის დასაწყისი ან დასკვნა.
მაგალითად: ბავშვები ამოარჩევენ შესაბამის ციტატას და ხსნიან, რატომ ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან მას.

მნიშვნელოვანია, გაიაზრონ, რომ აფორიზმები სულიერი ორიენტირებია, თუმცა რეალური გადაწყვეტილება მოითხოვს ანალიზსა და მსჯელობას.

„ციტატა“

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ციტატას ტექსტიდან (მაგალითად, „ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა“). შემდეგ აძლევს სამსჯელოდ დილემას, რომლის მიხედვითაც სიმართლემ შეიძლება მეგობარს პრობლემები შეუქმნას. მოსწავლეები მსჯელობენ: დაეთანხმებიან თუ არა ამ მოსაზრებას მოცემულ სიტუაციაში და რატომ.

ამით ბავშვები სწავლობენ, რომ მსგავსი შეხედულებები მნიშვნელოვანია, მაგრამ კონტექსტის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ.

„მოსაზრებების ანალიზი“

ბავშვები მსჯელობენ იმ პრინციპების შესახებ, რომლებსაც პერსონაჟებმა თითქოს გადაუხვიეს. გაკვეთილზე განიხილავენ, რა იყო პერსონაჟის თავდაპირველი პრინციპი, რატომ უღალატეს და რა შედეგი მოიტანა ამან.

„პეპლის ეფექტი“

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაბრუნდნენ წარსულში, შეცვალონ პერსონაჟის ქცევა. რა შეიძლებოდა სხვანაირად გაეკეთებინა მას და რა შედეგამდე შეიძლებოდა მისულიყო ამ შემთხვევაში.

რასაკვირველია, აქტივობების ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მასწავლებელი კლასისა და მოსწავლეთა საჭიროებისამებრ შეცვლის მათ.

ერთი რამ კი უცვლელია: დილემებით სწავლება, პრობლემის გადაჭრის უნარის გამომუშავება სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსწავლეებისთვის და ამისთვის საუკეთესო რესურსი ისევ ჩვენი უკვდავი ტექსტებია, მათ შორის – ჩვენი „ვეფხისტყაოსანი“.

 

 

 

ზაფხულის დრო

0

ზაფხული სწრაფად გავიდა, ისე სწრაფად, როგორც გადის ჩვეულებრივ სხვა სეზონები – შეუმჩნევლად, აჩქარებულად და ჩვენც ვამბობთ: „დრო სწრაფად მიდის, მართლაც”. გულდასაწყვეტი ის არის, რომ ზაფხულისგან მეტი მოლოდინი გვაქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერი სეზონისგან, როცა ვიცით, რომ ეს ჩვეულებრივი რიგითი დღეებია, არაფრით გამორჩეული და მისგან განსაკუთრებულს არც არაფერს ელი.

 

ზაფხულისგან კი, დიდები, პატარები, ყველა ასაკის ადამიანი ველით ბევრ ფერად დღეს, მხიარულ და შთამბეჭდავ თავგადასავლებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ზაფხული მოსაწყენი ვალდებულებებისგან განტვირთვის სეზონია, როდესაც ვიცვლით გარემოსა და დამოკიდებულებებს, ვიწყებთ რაღაც ახალს, ვეჭიდებით ახალ გეგმებს და, რაც მთავარია, თავს ვგრძნობთ გაჯანსაღებულად. ზაფხული უნდა იყოს ის დრო, როდესაც დიდი თუ პატარა დაუყვედრებლად, მთელი არსით, სხეულითა და გონებით შეძლებს გადატვირთვას, გაჯანსაღებას, – რადგან დასვენება, განტვირთვა, კარგად გამოძინება, სტრესული და დამღლელი რუტინიდან ცოტა ხნით ამოყვინთვა – ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სწორედ ამიტომ, ასეთი დასვენების შესაძლებლობა ადამიანებისთვის უფრო მეტად ღირებული ხდება და ამასთან ერთად უფრო მეტად ძნელდება ამ შესაძლებლობების მოპოვება ჩვენს საარსებო გარემოში.

 

ღირსეულ დასვენებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს. რატომ ამბობენ ადამიანები უარს დასვენებაზე? დასვენება ზაფხულში, მუშაობაზე უარის თქმა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის ავტომატურად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისინი ვერ შეძლებენ შვილების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას; ვერ მოამზადებენ მათ სასკოლოდ სექტემბერში, საზამთროდ ვერ შეუძენენ თბილ ქურთუკს, ფეხსაცმელს, საჭირო სამოსს, ვერ უყიდიან მხატვრულ ლიტერატურას, ვერ ატარებენ საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე (ზედმეტია ლაპარაკი საზაფხულო თუ საზამთრო ბანაკში გაშვებაზე), ვერ გადაუხდიან დამატებითი მასწავლებლის თანხას, ვერ გაუშვებენ ექსკურსიაზე, კლასელების დაბადების დღეებზე, არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სკოლაში საკვები გაატანონ ან რამდენიმე ლარი გადაურიცხონ ყოველდღიურად სკოლის ბუფეტისთვის და ა.შ… დაბოლოს შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ შესაძლოა ვერც კი გამოკვებონ.

 

და მაინც, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ჩემი ბავშვობის არდადეგები მახსენდება, ისევ მიჩნდება სურვილი, ეს სეზონი ჩემი შვილებისთვის იქცეს დაუვიწყარ დროდ, რომელსაც მართლაც სიხარულით გაიხსენებენ, ბევრ თავგადასავალსა და შთამბეჭდავ ამბავს დააგროვებენ; ზაფხული, რომელიც რაღაც ახალთან იქნება დაკავშირებული მათთვის და ეს მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღის ფუნდამენტიც იქნება. ახლა უფრო მეტად ვფიქრობ შვილებთან ხარისხიანი დროის გატარებაზე. მინდა, მქონდეს მათთან რაც შეიძლება მეტი გულახდილი საუბრის შესაძლებლობა; მინდა, ვუსმენდე მთელი გულისყურით, გონებაში არ მეფიქრებოდეს სხვა სავალდებულო საქმეებზე. იყოს ამგვარი აქტივობებისთვის ერთი თვე, სავსებით საკმარისი იქნებოდა, ოღონდ ამ ერთი თვის განმავლობაში მოწყვეტილი ვიყო ყოველგვარ სამსახურებრივ ვალდებულებას და არაფერზე მეფიქრებოდეს.

 

ამ ზაფხულს ვდარდობდი, რომ ზაფხული მართლაც ძალიან სწრაფად გავიდა, ოჯახურ ყოველდღიურობასთან შეზავებული სამუშაო პასუხისმგებლობები კი საზაფხულო არდადეგების აჩრდილად მექცა და ზაფხულიც ამ ვალდებულებებს მიეძღვნა. ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულობა გამართლებაა და მადლიერი უნდა იყო იმის გამო, რომ შეგიძლია შვილების, ოჯახის ყოვლისმომცველი საჭიროებები დააკმაყოფილო, ქვეყნის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის აქაფებული ტალღებიდან ოჯახი მშვიდობით გადაიყვანო ნაპირზე, მაგრამ მეორე სევდიანი მხარე ამ გარემოების ისიც არის, რომ თითქმის აღარ გვრჩება დრო საკუთარი თავისთვის, დასვენებისთვის, ურთიერთობებისთვის, დაფიქრებისთვის, რადგან დაუღალავად ვშრომობთ. იმ ზაზუნას ვგავართ, ბორბალში ძალიან ბევრს რომ დარბის, ენერგიას ხარჯავს და მაგრამ, მაინც ერთ წრეზე ტრიალებს.

 

სინამდვილეში, ზაფხული მართლაც ის დროა, როდესაც ბავშვი თუ ზრდასრული საჭიროებს ღრმა, საფუძვლიან და ხარისხიან გადატვირთვას, მოშვებას, თავიდან ათასი ხარახურის ამოყრასა და განიავებას, დიდხანს ძილს და ბუნებაში რაც შეიძლება მეტი დროის გატარებას. დასვენება არ არის მარტო სასიამოვნო მდგომარეობა, ეს არის აუცილებელი პირობა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. როდესაც ვისვენებთ, ჩვენი ორგანიზმი ახერხებს თვითაღდგენას, რაც განაპირობებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასაც. დასვენებისას ორგანიზმი იძენს ახალ ძალებს, ინახავს ენერგიას და აწესრიგებს ბიოქიმიურ პროცესებს, რაც თავისთავად ამცირებს სტრესის დონეს. როდესაც ადამიანი გამუდმებით მუშაობს ან ფიზიკური/ემოციური დატვირთვის ქვეშაა, ნერვული სისტემა ვერ ახერხებს განტვირთვას, ეს კი იწვევს ნევროზულ სიმპტომებს, გაღიზიანებას ან დეპრესიას. თავისუფალი დრო და დასვენების პრაქტიკა, ოჯახთან ერთად დროის გატარება, კარგი ძილი, სეირნობა, სირბილი, ზრდის ტვინის შემოქმედებით და ინტელექტუალურ პროდუქტიულობას. დასვენება აუცილებელია ყურადღების კონცენტრაციისთვის, სწავლისთვის და მეხსიერების გასაძლიერებლად.

 

საზაფხულო არდადეგები ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი, ხარისხიანი, შემოქმედებითი და ნათელი დღეებია. ვისურვებდი, ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ჰქონდეს ღირსეული საზაფხულო არდადეგები, რომლებიც დამუხტავს მათ შემოქმედებითად, გაუღვიძებს სწავლის, შემეცნებისა და ღირსეულად ცხოვრების სურვილს.

 

 

 

„სასწავლო დუელი“, ცოდნის ტრანსფერი და  რეპროდუქციული ცოდნის გააქტიურება

0

სწავლების თანამედროვე მიდგომები ითხოვს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ფაქტობრივი მასალა უბრალოდ კი არ დაიზეპირონ, არამედ გაიაზრონ და კრიტიკულად იაზროვნონ. მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს მიდგომები, რომლებიც ფუნქციურ, დინამიკურ და ტრანსფერულ ცოდნას ერთ აქტივობაში გააერთიანებს და ამით მოსწავლის სწრაფად წინსვლას შეუწყობს ხელს. ასეთი მიდგომა ფაქტობრივად გულისხმობს აქტიურ სწავლებას, რომელიც დაფუძნებულია თამაშის ტექნოლოგიაზე, ცოდნის ტრანსფერსა და ცოდნის რეპროდუქციაზე. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან სამივე ცნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია:

  • თამაშის ტექნოლოგიის გამოყენება გაკვეთილზე ქმნის აქტიურ, მოსწავლისთვის მამოტივირებელ, შემოქმედებით გარემოს. მოსწავლე მიდის ახალი ცოდნის აგებისკენ, რადგანაც ამ პროცესში ხდება მოსწავლეთა ანალიზის, შეფასებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, რაც ახალი ცოდნის მიღების საფუძველია;
  • ცოდნის ტრანსფერი (Knowledge Transfer) უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გადატანა და მოსწავლის წინსვლის ახალი პირობაა (მაგალითად, თუ მოსწავლემ თამაშში ისწავლა გუნდური მუშაობა ან მათემატიკური ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, ის ამ ცოდნას კლასგარეშე სივრცეში, რეალურ ცხოვრებაშიც გამოიყენებს);
  • ცოდნის რეპროდუქცია (ფრანგ.: reproduction) მასწავლებლისგან უკვე მიღებული ცოდნისა და ქმედებების განმეორებით რეპროდუქციას გულისხმობს (მაგალითად, მასწავლებელი იძლევა კონკრეტულ დავალებას, მოსწავლე კი მას გარკვეული მოდელის მიხედვით ასრულებს).

სწავლების თანამედროვე მოდელი სამივე ეტაპს ერთიან პროცესად აერთიანებს, როგორც საფეხურებს საბოლოო პროდუქტის მიღების გზაზე:

  • რეპროდუქციული ცოდნის აქტივაცია – ხაზს უსვამს, რომ უკვე მიღებული ცოდნა ხელახლა ამოქმედდება/გამოიცდება;
  • ცოდნის ტრანსფერი – მიანიშნებს ცოდნის ახალ კონტექსტში გადატანაზე;
  • თამაში – ზუსტად მიუთითებს მიღწევის სტრატეგიასა და მიდგომაზე.

სქემატურად ეს შეიძლება ასე გამოისახოს:

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ  რეპროდუქციული ხასიათის დავალებებზე, რომლებიც თავისი მნიშვნელობით უმნიშვნელოვანესია ცოდნის აგების გზაზე. ის ხელს უწყობს:

  • ბაზისური ინფორმაციის დამკვიდრებას – მოსწავლეები იმახსოვრებენ ძირითად ფაქტებს, ტერმინებსა და მოვლენებს, რომლებიც რეპროდუქციული ხასიათის დავალებებია (მაგალითად, კითხვებზე პირდაპირი პასუხი, თარიღების გახსენება ან ცნებების განმარტება), რაც ეხმარება საწყისი ცოდნის მყარად ჩამოყალიბებას);
  • ცოდნის სტრუქტურირებასა და სისტემატიზაციას – რეპროდუქციული აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს, დაყონ ინფორმაცია ცალკეულ ნაწილებად და მოახდინონ მისი ორგანიზება (მაგ., დაალაგონ ქრონოლოგიურად, გამოყონ მიზეზ–შედეგობრივი კავშირები);
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა როცა მოსწავლეს ახალი მასალა ჯერ კიდევ მყარად არ აუთვისებია (არ არის თავდაჯერებული), რეპროდუქციული ტიპის დავალებები ნაკლებ სტრესს იწვევს, რადგან მარტივი, ზუსტი პასუხის გაცემის საშუალება მათში ქმნის წარმატების განცდას და ამაღლებს მოტივაციას;
  • მომზადებას შემდეგი ეტაპისთვის / სწავლის პროცესის დიაგნოსტიკაBloom-ის ტაქსონომიის მიხედვით, „ცოდნა“, „გაგება“, „გამოყენება“ (განმეორებითობა) წინ უსწრებს უფრო მაღალ საფეხურებს – ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას. ფაქტობრივი ცოდნის გარეშე შეუძლებელია კრიტიკული მსჯელობა, პრობლემის გადაჭრა ან ახალი იდეების შექმნა.  რეპროდუქციული დავალებებით მასწავლებელი სწრაფად ამოწმებს, რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა ახალი მასალა, სად არის ხარვეზები და რა მიმართულებით უნდა გააგრძელონ მუშაობა.

 

რა ურთიერთმიმართება არსებობს კონკრეტულად თამაშსა და  რეპროდუქციული ხასიათის სავარჯიშოს შორის?

  • სასწავლო პროცესში თამაში და რეპროდუქციული სავარჯიშო ერთი შეხედვით განსხვავებული, თუმცა შიდა ლოგიკით მჭიდროდ დაკავშირებული კომპონენტებია. თამაში, როგორც აქტიური და ემოციურად დატვირთული სწავლების სტრატეგია, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, შემოქმედებით ჩართულობასა და ინტერესის სტიმულირებას.  რეპროდუქციული დავალება კი მიმართულია უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით ინფორმაციის აღდგენასა და გამყარებაზე, რაც კოგნიტიური განვითარების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
  • ამ ორ ელემენტს შორის ურთიერთმიმართება განისაზღვრება მათი ფუნქციური დანიშნულებით: თამაში რეპროდუქციულ სავარჯიშოს ანიჭებს დინამიკურ, კონკურენტულ და ინტერაქციულ ხასიათს, რითაც ამცირებს მოსწავლეთა დატვირთვის განცდას და ამაღლებს კოგნიტიურ აქტიურობას;
  • თამაში არ ცვლის რეპროდუქციული სავარჯიშოს არსს, არამედ მისი ეფექტიანობის განმაძლიერებელ საშუალებად გვევლინება. იგი რეპროდუქციის პროცესს აქცევს მოტივაციურ აქტივობად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის აგებისთვის და ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირებისთვის.

როგორ შეიძლება აღნიშნულის მიღწევა ერთი რომელიმე სასწავლო სტრატეგიის გამოყენებით? ამ კუთხით ფართოდ გამოიყენება ინტერაქციული თამაშის ტექნოლოგია „სასწავლო დუელი“. ის ინტერაქციული თამაშია, რომელიც განკუთვნილია როგორც ახალი მასალის შესასწავლად, ისე ცოდნის შესაჯამებლად. მისი მიზანია მოსწავლეთა აქტიური ჩართვა, სწრაფი აზროვნება და თანამშრომლობის განვითარება; ავითარებს სწრაფი რეაგირების უნარს, ამყარებს საგნობრივ ცოდნას; ხელს უწყობს გუნდურ მუშაობასა და ჯანსაღ კონკურენციას, ანუ მიზნის მისაღწევად იყენებს ცოდნის რეპროდუქციასაც და ცოდნის ტრანსფერსაც.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

  • კლასი – VII
  • თემა – ბრინჯაოს ხანა და ძველი აღმოსავლეთი
  • გამოყენებული მეთოდური მიდგომა: ისტორიული მასალის ინტეგრირებული სწავლება „სასწავლო დუელის“ გამოყენებით;

სასწავლო პროცესის ორგანიზების სქემა:

  • ახალი მასალის ახნა/განმეორება/შეჯამება (რეკომენდებულია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს თამაშის მიზნები – ახალი მასალის გადაცემისას, განმეორებისას თუ შეჯამება-შეფასებისას).
  • მასწავლებელი ქმნის მოსწავლეთა ჯგუფებს (3–4 წევრი თითოეულში);
  • დავალებების მომზადება (მასწავლებელი წინასწარ ამზადებს თანაბარი სირთულისა და ერთნაირი რაოდენობის შეკითხვებს);
  • თამაშის მიმდინარეობა: ჯგუფებს რიგრიგობით ეძლევათ კითხვები. თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემის დრო მონიშნულია (დაახლოებით 1 წუთი). იმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც გამოყოფილ დროში ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს;
  • რეფლექსია – მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებზე პასუხის გაცემაც მოსწავლეებს გაუჭირდათ.

მოცემული თემის ნებისმიერ ეტაპზე მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ

  • ბრინჯაოს ხანა წარმოადგენს ეპოქას, როდესაც ლითონის დამუშავების ტექნოლოგიამ საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარდაქმნებს. ტექნოლოგიური კუთხით, ლითონის დამუშავებამ შესაძლებელი გახადა უფრო მტკიცე იარაღისა და სამუშაო იარაღის წარმოება, რამაც გაზარდა შრომის პროდუქტიულობა, თუმცა წარმოების ზრდამ და რესურსების არათანაბარმა განაწილებამ გამოიწვია ქონებრივი/სოციალური დიფერენციაცია. გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობაც (მაგალითად, ყორღნები არა მხოლოდ სამარხი ნაგებობებია, არამედ სოციალური იერარქიისა და წინაპართა პატივისცემის სიმბოლოცაა); ყალიბდება პირველი ცივილიზაციები და პირველი სახელმწიფოები [მდინარეთა ხეობებში (ნილოსი, ტიგროსი, ევფრატი..) სარწყავი სისტემების, ნოყიერი ნიადაგისა და სავაჭრო გზების ხელშეწყობით, რასაც მოჰყვა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებაც (სახელმწიფოს მართვა და სამართალი)]; ყალიბდება კონტაქტები რეგიონებს შორის (მაგალითად, წინარე ქართველური ტომების – დიაოხისა და კოლხის ურთიერთობები მეზობელ აღმოსავლურ ქვეყნებთან წარმოადგენს რეგიონის ისტორიული კავშირების ნათელ მაგალითს); ფართოვდება ადამიანთა თვალსაწიერი და ადამიანს უყალიბდება გარკვეული დამოკიდებულებები და ღირებულებები გარემომცველი სამყაროს შესახებ.

თემასთან დაკავშირებით სასწავლო დუელისნიმუშის კითხვებია:

  1. რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?
  2. როგორ შეცვალა ლითონის დამუშავებამ ადამიანთა შრომა და წარმოება?
  3. რატომ გაჩნდა ქონებრივი უთანასწორობა პირველყოფილ თემებში?
  4. რა ფუნქცია ჰქონდა ყორღნებს და რას გამოხატავდნენ ისინი?
  5. რატომ წარმოიშვა პირველი სახელმწიფოები მდინარეთა ხეობებში?
  6. რა ნიშნით იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?
  7. რა კავშირები ჰქონდა დიაოხს მეზობელ აღმოსავლურ ქვეყნებთან?
  8. რა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა კოლხას სხვა რეგიონებთან?
  9. რატომ მოიხსენებენ აქემენიანთა სპარსეთს როგორც პირველ სახმელეთო იმპერიას?
  10. რა გზით აღმოჩნდნენ ქართველური ტომები აქემენიანთა სპარსეთის შემადგენლობაში?
  11. რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვე ისტორიული ცნობიერებისთვის და ა.შ.

როგორც ვხედავთ, „სასწავლო დუელის“ დროს მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ კითხვებს, რომლებიც ეფუძნება უკვე ნასწავლ ან ახლად შესწავლილ თემას. კითხვები, როგორც წესი, მოითხოვს:

  • კონკრეტული ფაქტის, თარიღის ან ტერმინის გახსენებას;
  • მიზეზ–შედეგობრივი კავშირის მოკლე აღნიშვნას;
  • ცნებების განმარტებას ზუსტი ფორმულირებით.

ეს ყველაფერი მიმართულია ცოდნის რეპროდუქციაზე, ანუ იმაზე, რომ მოსწავლემ არსებული ინფორმაცია შეინახოს მეხსიერებაში და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გამოიძახოს.

რეპროდუქციული დავალების მნიშვნელობა „სასწავლო დუელში“ ორ დონეზე ვლინდება:

  • დამყარება – ახალი მასალის მყარი დამახსოვრება განმეორებით და სწრაფი გახსენებით;
  • სტრუქტურირება – თემის შიდა ლოგიკის ჩამოყალიბება, რადგან სწრაფი პასუხის გაცემისას მოსწავლე იძულებულია, გააცნობიეროს, რომელი ინფორმაციაა მთავარი.

ბრინჯაოს ხანისა და ძველი აღმოსავლეთის თემებზე „სასწავლო დუელის“ გამოყენებამ ეფექტიანად გაერთიანა საგნობრივი ცოდნა და პრაქტიკული უნარები. თამაშის დინამიკამ გაზარდა მოტივაცია, გააძლიერა ინფორმაციის დამახსოვრება და ამავდროულად განავითარა კრიტიკული აზროვნება.

თამაში „სასწავლო დუელი“ თავისი სტრუქტურითა და მიზნებით რეპროდუქციული ხასიათის დავალების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, სადაც სწრაფი გახსენება აქტიურად ამაგრებს მოსწავლეთა მიერ უკვე მიღებულ ინფორმაციას. რეპროდუქციული აქტივობის ტრადიციული მიზანი – ფაქტობრივი ცოდნის გამყარება – „დუელში“ იძენს დინამიკურ და კონკურენტულ ხასიათს, რაც ზრდის როგორც სწავლების შედეგიანობას, ისე მოსწავლეთა ჩართულობას.

რაც შეეხება მოტივაციას, რეპროდუქციული დავალება ხშირად აღიქმება მოსაწყენად, თუმცა „დუელი“ ამ ხასიათს თამაშად გარდაქმნის. შეჯიბრების ელემენტი ზრდის ინტერესს, ამაღლებს ემოციურ ჩართულობას და ამით ხელს უწყობს მეხსიერებაში მასალის შენახვას.

„სასწავლო დუელის“ მეთოდის გამოყენება წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს შინაარსობრივ სიღრმესა და თამაშით მოტივაციას. ეს მეთოდი არა მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციას, არამედ ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც თანამედროვე ისტორიის სწავლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

სკოლაში ჭადრაკის სწავლების მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა

0

ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.geს სტუმარია გიორგი გიორგაძე, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში,  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების ქვეპროგრამის მიმართულება “ჭადრაკი სკოლაში” კონსულტანტი.

  • ბატონო გიორგი, ამბობენ, რომ  ჭადრაკისაერთაშორისო ენაა, რომელსაც თამაშობს მილიარდამდე ადამიანი მთელ მსოფლიოში და რომელიც ცხოვრებას უკეთესს და საინტერესოს ხდის.  რადგან ჭადრაკის სწავლების მნიშვნელობაზე  უნდა ვისაუბროთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება  საქართველოს  სკოლებში ჭადრაკის სწავლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები.

ჭადრაკის  საგანმანათლებლო ინსტრუმენტად  გამოყენების სარგებელი მრავალმხრივია. ის არა მხოლოდ აძლიერებს კოგნიტიურ უნარებს,  არამედ ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სოციალური უნარების განვითარებას, აყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ავითარებს ურთიერთთანამშრომლობის უნარს, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად.

25 წელზე მეტია, რაც საქართველოს  სკოლებში ჭადრაკის სწავლება დაიწყო. 1999 -2001 წლებში ქუთაისის მეორე დაწყებით სკოლაში, ექსპერიმენტის წესით, მიმდინარეობდა პირველ კლასებში ჭადრაკის, როგორც საგნის, სწავლება.

  • 2012 წლის 15 მარტს (50/2011) ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საგანმანათლებლო სისტემაში პროგრამის – „ჭადრაკი სკოლაში“ – დანერგვის შესახებ;
  • 2011-2013 წლებში, სკოლებში ექსპერიმენტის სახით,  ჭადრაკში მსოფლიო  ჩემპიონის, გარი კასპაროვის  მეთოდით სწავლების დანერგვა დავიწყეთ;
  • 2013 წლის 20 თებერვალს, თბილისის 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლაში ჩატარდა გარი კასპაროვის საჩვენებელი ღია გაკვეთილი, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა ქუთაისის და ფოთის სკოლებში.
  • 2014 წელს უნგრელმა  მოჭადრაკე ქალმა, იუდიტ პოლგარმა ღია გაკვეთილი ჩაატარა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში.

როდის და როგორ დაიწყო  ჭადრაკის სწავლების არაფორმალურ განათლებაში ინტეგრირება?  ასევე   საინტერესოა, როგორ ხორციელდებოდა  ევროპის ქვეყნებში აღიარებული პროექტის – „ჭადრაკი სკოლაში“- პილოტირება საქართველოში.

2015 წლის 23 სექტემბერს განათლების, სპორტის სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, საპილოტე პროექტის დაწყების თაობაზე. საპილოტე პროექტი მოიცავდა 300 სკოლას. საქართველოს 5 რეგიონში – თბილისი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა – დავიწყეთ გარი კასპაროვის სასკოლო პროგრამის დანერგვა;                                                                                                                       

2016 წ. 24 თებერვალს ბრიუსელში, ევროპარლამენტში პროექტის -„ჭადრაკი სკოლაში“ – მიმდინარეობის შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც მოხსენებით გამოვედით და საქართველოს სკოლებში მიმდინარე საპილოტე პროექტი აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი წარმატებული;

  • 2016 წლის 24-27 ოქტომბერს, ქ. ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ჭადრაკი სკოლაში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის განათლების მინისტრის მოადგილემ, ლონდონის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის „ჭადრაკი სკოლაში“ ორგანიზატორმა, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების პროექტების წარმომადგენლებმა. კონფერენციის ფარგლებში მოვისმინეთ მოხსენებები ევროპის ქვეყნებში არსებული გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესახებ. გაიმართა პანელური დისკუსიები.
  • რა რესურსებს ვთავაზობდით ჭადრაკის მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისთვის? მათთვის ეს ახალი გამოცდილება და გამოწვევა იყო?   
  • 2019 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, ჭადრაკი ტვ – ს სტუდიაში ჩავწერეთ ჭადრაკის გაკვეთილები. კოვიდ-პანდემიის დროს 1- ლი არხის „საკვირაო სკოლაში“ ჩვენი გაკვეთილები წარმატებით იქნა გამოყენებული.                                                  ქართულად ვთარგმნეთ გერმანელი კოლეგების მიერ შექმნილი ვიდეოები:               ჭადრაკი სკოლაში
  • რატომ ჭადრაკი

 

  • ჭადრაკის სავალდებულო საგნად დამატება, მართლაც საპასუხისმგებლო არჩევანი იყო და გამოხმაურებაც არაერთგვაროვანი  გვესმოდა. როგორ დავძლიეთ გამოწვევები, რომელიც ამ პროცესს ახლდა?
  • 2022 წლის 18 მაისის განათლების მინისტრის ბრძანების ( #60/ნ ჭადრაკის სავალდებულო საგნად დამატების შესახებ) შემდეგ დაიწყო ახალი, საპასუხისმგებლო ეტაპი პროგრამის განვითარებაში. განათლების სამინისტროს მათემატიკის ექსპერტებთან ერთად მომზადდა საგნის სტანდარტი, მასწავლებელთა გადამზადების მოდული. უმოკლეს ვადაში გადავამზადეთ 3580 პირველი კლასის მასწავლებელი, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტირება და მიიღეს სერტიფიკატი. გადამზადების პროცესს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალბატონი ნინო გორდეზიანი ხელმძღვანელობს. პროცესში ასევე   ჩართულები იყვნენ ქართული საჭადრაკო სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები: ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები, საჭადრაკო სახელმძღვანელოების ავტორები.

 

  • 2023 წლის 31 იანვრის განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც ჭადრაკის მეორე კლასში სავალდებულო საგნად დამატებას ეხებოდა, საგნის სტანდარტისა და მასწავლებელთა გადამზადების მოდულის მომზადების შემდეგ, გადავამზადეთ მე-2 კლასის 2844 მასწავლებელი.
  • 2023 წლის 8 თებერვლის განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე (ჭადრაკის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების გამოცხადების შესახებ), განხორციელდა 1-ლი და მე-2 კლასის მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის რვეულების გრიფირება. კონკურსის შედეგად შეირჩა ორი სახელმძღვანელო- პირველი და მეორე კლასის მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის რვეული (ავტორები: ა. არსენიძე, დ. გურგენიძე) და პირველი კლასის მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის რვეული(ავტორი ნ. დათუაშვილი).
  • 2023 და 2024 წელს, სკოლების მოთხოვნით, დამატებით გადამზადდა 132 მასწავლებელი. 2025 წელსაც გრძელდება  მასწავლებელთა გადამზადება.
  • სასკოლო ოლიმპიადები, „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ – რა აჩვენა ამ ოლიმპიადებმა, რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის აქტივობებს   და რაზე მეტყველებს  ოლიმპიადის შედეგები?

2024-2025 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა გუნდური სასკოლო ოლიმპიადა „ნონა გაფრინდაშვილის თასი“. თითოეული სკოლის გუნდი შედგებოდა 4 მოსწავლისგან (I-II კლასი) და გუნდის კაპიტნისგან (მასწავლებელი). ოლიმპიადა გაიმართა სამ ეტაპად: ადგილობრივი, რეგიონული და საფინალო ტურნირები.  ოლიმპიადაში ჩართული იყო: 2024 წელს 615 სკოლა/გუნდი, 2453 მოსწავლე და 1228 მასწავლებელი. 2025 წელს 525 სკოლა/გუნდი, 2080 მოსწავლე და 525 მასწავლებელი.  ოლიმპიადის საფინალო ტურნირები გაიმართა ქ. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. პირველი ოლიმპიადის დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვებულები პირადად დააჯილდოვა ჩვენმა ლეგენდარულმა ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა. 2025 წლის მეორე ნახევარში იგეგმება მასწავლებელთა ოლიმპიადის ჩატარება (რეგიონული, ფინალური).

ოლიმპიადების ორგანიზება მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და მასწავლებელთა წახალისებისა და მხარდაჭერისთვის. ჭადრაკის სკოლებში სწავლების მხარდაჭერის მიზნით, უნდა გაგრძელდეს მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა როგორც ონლაინ, ასევე ადგილებზე პირისპირ შეხვედრებით. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკა და ჭადრაკის სწავლება გაგრძელდეს მე-3 და მე-4 კლასებში. ამისათვის კი საჭირო იქნება სტანდარტის, მასწავლებელთა გადამზადების მოდულის და სახელმძღვანელოების შექმნა.

  • „ჭადრაკი ბავშვებს ბედნიერს და ჭკვიანს ხდის!“- ამბობს  ვალტერ ერნსტ რადლერი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პროგრამის – „ჭადრაკი განათლებაში“ – ელჩი გერმანიაში, გერმანიის სასკოლო ჭადრაკის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, ბავარიის სკოლის ჭადრაკის რეფერენტი.  თქვენი დამოკიდებულება როგორია? როგორი თამაშია ჭადრაკი და რატომ უნდა ვითამაშოთ და ვასწავლოთ მოზარდებს?

ჭადრაკი ნამდვილად არის თამაში, რომელიც ქმნის ინკლუზიურ გარემოს. ის არ აწესებს საზღვრებს რასის, სქესის, რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ. საერთაშორისო პრაქტიკით, ჭადრაკი ხშირად არის  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნაწილი. აღნიშნული  პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭადრაკს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შედეგებზე. გარდა კოგნიტიური  თუ მათემატიკური უნარების გაუმჯობესებისა, დადებითად აისახება მოსწავლეთა ქცევაზე, თვითშეფასებასა და სოციალურ ინტერაქციაზე.

ჭადრაკის თამაში ავითარებს პრობლემის გადაჭრის, ყურადღების კონცენტრაციის უნარებს. აუმჯობესებს აღქმის, ვიზუალურ, სივრცით,  მეხსიერების, ლოგიკური მსჯელობის, ბაზისურ მათემატიკურ უნარებს. მოსწავლეებს, რომლებსაც სასწავლო მასალის  ათვისების პრობლემა აქვთ, ჭადრაკის თამაშის წესების  სწავლებაც კი მათ აკადემიურ მიღწევებზე   დადებითი გავლენას ახდენს.  კერძოდ, ის აუმჯობესებს მარტივი მათემატიკური მოქმედებების შესრულების შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, მათემატიკური მოქმედებების ამგვარი არაფორმალური მეთოდებით სწავლება, რიგ შემთხვევაში, უფრო მეტი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე ფორმალური.

მრავალი საერთაშორისო ექსპერიმენტით დადასტურებულია, რომ ჭადრაკის სწავლება სკოლებში, დაწყებით ეტაპზე, ზრდის აკადემიურ მოსწრებას და ბავშვებს უადვილდებათ სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის ათვისება.  თქვენი გამოცდილებაც ადასტურებს ამ  მოსაზრებას?                                                                             

კლასიკური ჭადრაკისა და მათემატიკის სავარჯიშოები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. საჭადრაკო სიტუაციები და ამოცანები წარმოადგენს ე.წ. სახალისო მათემატიკის განხილვის საგანს. ისინი აერთიანებენ მათემატიკის ისეთ დარგებს, როგორებიცაა:

  • ლოგიკა: მსჯელობის წარმართვის შესწავლა;
  • გეომეტრია: ორიენტირება სიბრტყეზე/სივრცეში;  სივრცის და ფიგურათა თვისებები, საგანთა ზომები;
  • კომბინატორიკა: ელემენტთა დათვლა (ვარიანტების დათვლა) და დალაგება სასრულ სტრუქტურაში;
  • გრაფების თეორია: გრაფების შესწავლა;
  • თამაშის თეორია: მეცნიერება სტრატეგიისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ;
  • რიცხვები, ალგებრა: ფიგურათა ღირებულება (დამწყებთათვის);
  • მონაცემები: მონაცემების შეგროვება, ანალიზი (დაფიდან მონაცემების შეგროვება, ანალიზი გამოყენება);

ცნობილი ფაქტია, რომ მათემატიკა არის მეცნიერება პრობლემის გადაჭრის (ამოცანის ამოხსნის) შესახებ. ასევე, უამრავ, სხვადასხვა სირთულის ამოცანას ვაწყდებით ჭადრაკშიც. სწორედ ესაა მთავარი ასპექტი იმ მოსაზრებისა, რომ პირველივე კლასიდან,                                                                                                           მათემატიკასთან ერთად, ჭადრაკიც ჩავრთოთ სწავლების პროცესში. მათემატიკასთან დაკავშირებული ბევრი უნარი შესაძლებელია განვითარდეს ჭადრაკის  და მათემატიკის სწავლების დროს. მაგალითად:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • კანონზომიერების აღმოჩენა;
  • სივრცის აღქმა.

ჭადრაკი ურთიერთობის უნივერსალური საშუალებაა. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მასწავლებლისა და მოსწავლის გაკვეთილზე ურთიერთობას, რომლის დროსაც  ბავშვებს უყალიბდებათ  მნიშვნელოვანი ღირებულებები.

ჭადრაკში, რომელიც არის როგორც შეჯიბრებითი, ასევე თანამშრომლობითი თამაში, ღირებულებები განსაზღვრავს ქცევას. ღირებულებების სწავლება და ბავშვებთან საუბარი მნიშვნელოვანია მათი ფსიქიკური განვითარებისთვის. საერთო ღირებულებები ქმნის პოზიტიურ საკლასო კულტურას, როდესაც საკლასო ოთახი ხდება უსაფრთხო სივრცე, სადაც ყველა თავს სასწავლო პროცესში ჩართულად გრძნობს. ბავშვი, რომელიც სწავლობს პატივისცემას, მოთმინებას, ფოკუსირებას და პასუხისმგებლობას, შეძლებს უკეთ გაუმკლავდეს გამოწვევებს, იქნება ეს ჭადრაკში თუ მის მიღმა, რაც მათ წარმატებულ მოქალაქეებად და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

 

 

 

გზას თავმდაბალი გაივლის…

0

ათი წლის შემდეგ კვლავ კავალაში წავედი. იმ ქალაქში, სადაც ბერძნები ქარვისფერ ცხოვრებაზე ოცნებობენ ქარვისფერი ცხოვრება

ამ ათ წელიწადში ჩემთანაც და პლანეტაზეც უამრავი რამ შეიცვალა. მხოლოდ კავალას ცნობილი ციხე-კოშკი დგას ძველებურად ამაყად და ზემოდან გეპატიჟება – ამოდი, რომ გასაოცარი სანახაობით დატკბეო. მეც მივეშურები, მაგრამ მანამდე მოედანი უნდა გავიარო, სადაც შუა საუკუნებში აგებული თამბაქოს მოვაჭრის სასახლე აღმართულა. ახლა აქ კულტურული ღონისძიებები იმართება.

შემდეგ, ცნობილი მოქანდაკის კონსტანტინოს დიმიტრიადის მიერ გამოქანდაკებული ეგვიპტელი მუჰამედ ალის ქანდაკებაა. ბერძნულ ოჯახში აღზრდილმა ბერძნების სიკეთე მთელი ცხოვრება დაიმახსოვრა, ყველა ბერძენის მფარველი და დამხმარე იყოო. ქანდაკებაშიც ხმალს ქარქაშში დებს, რაც ნიშნავს, რომ აღარ უნდა ომი, საკმარისიაო, გვეუბნება.

შემდეგი ადგილი აკვადუკია, ქალაქს თავზე წამოსდგომია და თითქოს ციხესიმაგრისკენ მიმავალ გზას გიღობავს. როგორც კი გაცდები, ვიწრო ბილიკი იწყება და ზემოთ მიიკლაკნება. ძალიან ცხელა, აღმართზე სიარულიც ჭირს, მაგრამ ჩვენი ჯგუფის ხალხს ხომ არ ჩამოვრჩები? ისე გავრბივარ, ყველას ვუსწრებ და ალაყაფთან ვჩერდები. საერთოდ, როგორი დევიზი მაქვს, იცით? – დავისვენებ საფლავში… კი, კი ახლა მეტყვით, რა დროს ეგ არისო და მეც დაგეთანხმებით, მაგრამ იმან იკითხოს, ვინც აქ დარჩება. ჰოდა, როდესაც ერთ დღეს ჩემი რიგიც მოვა, მაშინ დავისვენებ. მანამდე კი წინ, ციხე კოშკის კენწეროსკენ მიმავალი კიბეებისკენ.

მაგრამ…

აქ მხოლოდ თავმდაბალი გაივლის… ასეთი წესებია, უნდა მოიხარო და გახვალ. იყოყლოჩინებ და მოგხვდება ცხვირში.

უგრძელეს, ზემოთ მიკლაკნილ კიბეებზე ფეხაკრეფით მივდივარ. ერთი მცდარი მოძრაობა და…

ბოლოს და ბოლოს, ზემოთ ავაღწიე და კვლავ ქარვისფერი ოცნების ქალაქი გადამეშალა თვალწინ.

ერთი რამ ვერ გავიგე. ამ სიმაღლეზე კოღოები როგორ ამომყვნენ? არა, დაბლა სანაპიროზე სულ თავს მევლებოდნენ, მაგრამ აქაც ჩემთან ერთად წამოსულან. კოღოს საწინააღმდეგო სპრეის ყველგან ვატარებ, ახლაც თან მაქვს და როგორც კი უსაფრთხო ადგილას ვდგები, მაშინვე გარშემო ვისხამ.

ახლავე გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში, ე.წ. ხალხური წესები არ მუშაობს. ჯიბეში არც ყავა გიშველით, არც მიხაკ-დარიჩინი და არც სხეულზე ვანილინის წასმა.

საერთოდ, როგორ გრძნობს კოღო ადამიანს? დავიწყოთ იქედან, რომ ბიძია კოღოები არასდროს არაფერს გერჩიან, ყოველთვის დეიდები არიან სისხლზე დაგეშილი. მათი ანტენა/ულვაშების რეცეპტორები, როგორც კი ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას შეიგრძნობენ, ტვინს სიგნალს აწვდიან და კოღოც ფრენას იწყებს კონცენტრაციის გრადიენტის მიმართულებით, ანუ იქითკენ, საიდანაც CO2-ის სიგნალი ხშირად მოდის. მიფრინავენ ზიგზაგებით, მაგრამ საბოლოოდ წყაროს აგნებენ. გასაგებია, რომ CO2-ს ჩვენ ამოვისუნთქავთ, მაგრამ ამ გაზის გავრცელების სხვა გზებიც ხომ არსებობს? მაგალითად, როდესაც რაიმე იწვის? დეიდა კოღო კი ჭკვიანია. მისი პატარა ტვინი სხვა ნივთიერებებსაც აანალიზებს. მაგ. 10 მეტრზე დაშორებით ოფლთან ერთად ჩვენი სხეულიდან გამოყოფილი VOG (VOLATIL ORGANIC COMPAUND) ვრცელდება – რძემჟავა, ინდოლი, ოქტენოლი, შარდოვანა, რომელსაც ბაქტერიები ამიაკამდე შლიან და ამ ყველაფერს თავისი სურნელი აქვს, რასაც გრძნობს კოღო დეიდა. მოდის, ჯდება სხეულზე და მის ფეხუნებში და ხორთუმში არსებული რეცეპტორები ახლა არა აქროლად ორგანულ ნაერთებსაც გრძნობენ. აანალიზებენ ამინომჟავების, მარილიანობის და ა.შ. არსებობას. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს კოღოს ტვინი კბენის ბრძანებას.

კოღოს საწინააღმდეგო სპრეი სწორედ იმას ემსახურება, რომ კოღოს რეცეპტორებმა სწორი სიგნალი ვერ მიიღონ და მთელი მისი გეგმები და ნავიგაცია დაირღვეს. ბუნებრივი საშუალებებიდან ასეთი ნივთიერებებია მენთოგლიკოლი, გერანიოლი. ეს უკანასკნელი ზოგიერთი ჯიშის ვარდსა და გერანიაში გვხვდება. პირველი კი ევკალიპტის ფოთლებშია. თუმცა, მთელი ეს ფოთლები გარშემო რომ შემოვილაგოთ, კოღოს დასაბნევად, საკმარისი არ იქნება. ამიტომ, მათ ეთერზეთებს იყენებენ. მაგალითად, მენთოგლიკოლი ფაქტობრივად კონკურენტული ინჰიბიტორის როლს ასრულებს. ის ნახშირორჟანგისა და რძემჟავას ნაცვლად უერთდება კოღოს რეცეპტორ ცილებს და ბლოკავს მათ. ამ ნივთიერებებს ზოგიერთი მწარმოებელი ურთავს თავიანთ სპრეის, თუმცა, ასეთ პროდუქტებში უფრო სინთეზური ნივთიერებები ჭარბობს.

რომელ სინთეზურ ნივთიერებებს შეიცავს სპრეი?

  • N,N-დიეთილ-3-მეთილბენზამიდი (DEET), თუ დავიცავთ ინსტრუქციას და პირის ღრუსა და თვალებში არ მოვიხვედრებთ სპრეის, მაშინ ზიანს არ მოგვაყენებს. გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში კი შეუძლია ლორწოვანი გააღიზიანოს, ალერგია და ქავილი გამოიწვიოს. ასევე, ფისუნიებისთვის არის მავნე. მათი ღვიძლი (ისევე, როგორც ჩვენი) შეიცავს ფერმენტს გლუკურონოზილ ტრანსფერაზას. ეს ფერმენტები მავნე ნივთიერებებს იკავშირებს, მათ შორის ბენზამიდსაც. დაკავშირება ხდება გლუკონმჟავასთან და შემდეგ ორგანიზმიდან თირკმელებით გამოიყოფა. თუმცა, ფისოებში ეს ფერმენტი ნაკლებ აქტიურია და ამიტომ, თუ შემთხვევით მათ ორგანიზმში DEET მაღალი კონცენტრაციით მოხვდა, მაშინ პატარა სიყვარული ცუდად გახდება. ცუგოებისთვის, ეს ნივთიერება ასევე საფრთხის შემცველია, თუმცა ფისოებზე უკეთ იტანენ.
  • პიკარიდინი-KBR 3032-ეს ნივთიერება DEET-ზე უფრო უსაფრთხოა, თუმცა ფისუნებისთვის კვლავ საშიში რჩება.
  • ეთილბუტილაცეტილამინოპროპიონატი (IR3535) – წინა ორ ნივთიერებასთან შედარებით, საოცრად უსაფრთხოა ჩვენთვისაც და ცხოველებისთვისაც. ერთი ეგ არის, რომ მოქმედების დრო აქვს მცირე და ხშირი შესხურებაა აუცილებელი;
  • მეთილნონილკეტონი (2 ინდეკანონი) – როგორც გავარკვიე, ჩემი სპრეის მთავარი ნივთიერება ეს აღმოჩნდა. ზოგიერთი მცენარეც შეიცავს, ამიტომ ქილას აწერია „ბიო-ეკო-უსაფრთხო“.

მეც შევისხი, სხვებსაც შევასხი, გარშემოც მიმოვაფრქვიე და იმ სიმაღლეზე ამოყოლილ დეიდა კოღოებს სულ ავუბნიე თავგზა.

მერე, ქარვისფერი ოცნებების ქალაქის ხედების ცქერით გული რომ ვიჯერე, ქვემოთ კვლავ თავდახრილი გამოვეშურე,

რადგან…

ამ გზას მხოლოდ თავმდაბალი გაივლის!

ინტერნეტი და მოზარდი – როგორ მოქმედებს სოციალური მედია მოზარდის აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაზე

0

დღეს, როცა ინტერნეტი ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურობის ნაწილია, სულ უფრო ხშირად იკვეთება მისი ჭარბი გამოყენების ნეგატიური გავლენა სწავლაზე და აკადემიურ წარმატებაზე. სოციალურ ქსელებში დროის დიდხანს გატარება, ინფორმაციული გადატვირთვა, ყურადღების დეფიციტთან ერთად, ქმნის სერიოზულ გამოწვევებს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის. ამ საკითხებზე ვესაუბრებით ფსიქოლოგს, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფსიქოკონსულტანტს და არტთერაპევტს, ნინო დუმბაძეს.

ნინო, მოგესალმებით. გთხოვთ, გვესაუბრეთ, როგორ მოქმედებს ინტერნეტის, სოციალური მედიის ჭარბად გამოყენება ბავშვების საგანმანათლებლო უნარებზე, მოტივაციასა და შრომისუნარიანობაზე? დღეს ეს საკითხი თანაბრად აწუხებთ როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს…

 

ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ინტერნეტ-დამოკიდებულება იქცა გლობალურ სოციალურ და საგანმანათლებლო გამოწვევად. მისი გავლენა განსაკუთრებით ცხადად აისახება ბავშვების აკადემიურ მოტივაციასა და შრომისუნარიანობაზე.

დღესდღეობით ბავშვების მოტივაცია სწავლაში საგრძნობლად დაცემულია. მე ვიტყოდი, ესაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღევანდელ სკოლაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ არ ესმით სწავლის პრაქტიკული მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში. ბევრი ახალგაზრდა ხედავს, რომ ინტერნეტით (მაგ. ვიდეოების გადაღებით, თამაშებით, სოციალური მედიის მეშვეობით) შესაძლებელია შემოსავლის მიღება კლასიკური განათლების გარეშე. ამიტომ სწავლა აღიქმება როგორც მოძველებული და დროის კარგვა.

რაც შეეხება შრომისუნარიანობას, საინტერესო სურათი გვაქვს: ბევრ ბავშვს არ აქვს მოტივაცია სასკოლო ამოცანებისადმი, მაგრამ დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით მუშაობენ იმ პროექტებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია; მაგალითად, კონტენტის შექმნაზე, თამაშებზე, ან ვიდეო რედაქტირებაზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომისუნარიანობა არ გამქრალა, ის მხოლოდ ტრანსფორმირებულია და გადატანილია სხვა მიმართულებებში.

და დიახ, თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოტივაციის ნაკლებობაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სასკოლო განათლება ხშირად ვერ პასუხობს დღევანდელი ახალგაზრდობის ცნობისმოყვარეობასა და ინტერესებს. ამიტომ აუცილებელია განათლების შინაარსისა და ფორმატის გადახედვა ისე, რომ ის რეალურ ცხოვრებას შეეხოს და ციფრულ ეპოქაში მოზარდების ინტერესებს უპასუხოს.

 

ბავშვებისთვის სოციალური არხები TikTok და Instagram, გართობის გარდა, ინფორმაციის მიღების წყაროცაა. შეიძლება თუ არა ეს არხები სასწავლო რესურსად იქცეს და როგორ უნდა მოხდეს ამის სწორად ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში?

 

სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა TikTok და Instagram, თანამედროვე ბავშვებისა და მოზარდებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. ეს რეალობა შეიცავს როგორც შესაძლებლობებს, ასევე სერიოზულ რისკებს. სწორედ აქ იმალება დღევანდელი განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არხებზე შესაძლებელია საგანმანათლებლო კონტენტიც, მათი უმეტესობა მაინც არ კონტროლდება და არ გადის ხარისხიან ფილტრაციას. ბავშვს, რომელსაც ჯერ არ აქვს სრულად ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნება, ხშირ შემთხვევაში უჭირს, გაარჩიოს სიმართლე ტყუილისგან. ეს მე პირადადაც გამოვცადე, როცა ჩემმა შვილმა სერიოზულად დაიჯერა აბსურდული ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის, როგორც უფროსისთვის, აშკარად მცდარი იყო.

ამ პლატფორმებზე მიღებული ინფორმაცია ხშირად ზედაპირულია, სიღრმისეულ განხილვას მოკლებულია და იშვიათად ეხმარება ბავშვს საკითხის სრულფასოვნად გააზრებაში. სწორედ ეს

 

ქმნის ზედაპირული აზროვნების კულტურას, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას.

მაგრამ, აკრძალვა არ არის გამოსავალი, რადგან სოციალური მედია ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორი გზა, ალბათ, არის მათი შერჩევითი და მიზნობრივი ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში. მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება მოიყვანოს კონკრეტული TikTok-ვიდეო და გაკვეთილზე განიხილოს:

  • რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია?
  • რას ეყრდნობა ავტორი?
  • როგორ უნდა გადავამოწმოთ ის?

 

ასეთ მიდგომას აქვს ორი სარგებელი: ერთი მხრივ, სწავლა ხდება ბავშვისთვის უფრო საინტერესო და რეალურ სამყაროსთან დაკავშირებული; მეორეს მხრივ, ბავშვი სწავლობს კრიტიკულად ფიქრს, ანალიზსა და კითხვების დასმას, რაც უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის გადაჭარბებულ ეპოქაში.

TikTok და Instagram არ უნდა იყვნენ მთავარი სასწავლო რესურსები, მაგრამ მათ შეუძლიათ შეასრულონ დამხმარე და შინაარსის გამამდიდრებელი ფუნქცია, იმ შემთხვევაში, თუ სწორად იქნება შერჩეული მასალა და იქნება ჩასმული საგანმანათლებლო კონტექსტში. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსების თანადგომა რეგულარული კომენტარებით, ინფორმაციის გადამოწმება და თანამონაწილეობა.

 

ბავშვები სოციალურ მედიაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე წიგნებსა და სასწავლო მასალასთან როგორ შეიძლება ამ ბალანსის აღდგენა?

 

ბალანსის აღსადგენად აუცილებელია დროის მართვისა და ტექნოლოგიის ჯანმრთელი გამოყენების სწავლება. მშობლებმა და სკოლამ ერთად უნდა ჩამოაყალიბონ მკაფიო, მაგრამ გონივრული წესები ეკრანთან დროის შესახებ. წიგნიერება უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი, დამაკავშირებელი რეალურ ცხოვრებასთან, ინტერესებზე მორგებული მასალებით. ეკრანულ დროს არ უნდა ვეწინააღმდეგოთ აკრძალვით, არამედ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივები: საინტერესო წიგნები, საერთო კითხვის დრო, კითხვა თამაშად ან ოჯახის ყოველდღიურ რიტუალად ქცეული. მთავარია, ბავშვმა არ იგრძნოს, რომ წიგნი ვალდებულებაა. უნდა დავანახოთ, რომ ის გზაა აღმოჩენისა და სიამოვნებისთვის.

 

სწავლა რთული პროცესია, მას სჭირდება გარკვეულ მზაობა, კონცენტრაცია და ენერგია. სოციალურ მედიაში ხანგრძლივად გატარებული დრო როგორ მოქმედებს ბავშვების კონცენტრაციას და ყურადღების შენარჩუნების უნარზე სასწავლო პროცესში?

 

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად ბავშვებში ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება იქცა. ეს არის ნომერ პირველი ჩივილი როგორც მასწავლებლების, ისე მშობლების მხრიდან. ამ ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სოციალური მედიისა და ეკრანებზე დამოკიდებულების ზრდაა.

სოციალური მედიის პლატფორმები, აგებული არიან ისე, რომ კონტენტი მიწოდებულია სწრაფად, მოკლე მონაკვეთებად, რაც აფორმატებს ტვინის ყურადღების მუშაობის სტილს. ბავშვები ეჩვევიან მუდმივად ცვალებად, სწრაფ სტიმულებზე რეაგირებას და უჭირთ ხანგრძლივად ერთი თემის გარშემო ფოკუსირება. ინფორმაცია მოცემულია ფრაგმენტულად, რაც არ უწყობს ხელს ღრმა გააზრებასა და აზრობრივ დამუშავებას.

გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება ზრდის დოფამინის გამომუშავებას რაც ქმნის სიამოვნების მოლოდინის დამოკიდებულებას. ბავშვები სწრაფად ეჩვევიან ამ სიამოვნების ციკლს და მათ სულ უფრო მეტი დრო სჭირდებათ ეკრანებთან, რათა იგივე ეფექტი მიიღონ. შედეგად, სხვა აქტივობებს მათ შორის სწავლას ნაკლებად განიცდიან როგორც საინტერესო ან საჭირო საქმეს.

ამ ფონზე, რთულდება ემოციური თვითრეგულაცია, ფოკუსის შენარჩუნება და ამოცანებზე მონდომებით მუშაობა. სასკოლო დავალებები, რომლებიც მოითხოვს დროის, მოთმინებისა და ერთ წერტილზე კონცენტრაციის უნარს, ხშირად ბავშვებში უარყოფით რეაქციას იწვევს. ისინი სწრაფად კარგავენ ინტერესს და იწყებენ ყურადღების გადართვას სხვა სტიმულებზე.

 

როგორ მოქმედებს სოციალური მედიის გავლენით წარმოშობილი იდეალური ცხოვრების სურათებიბავშვების თვითშეფასებასა და თვითდამკვიდრების მცდელობაზე რეალურ ცხოვრებაში?

 

რა თქმა უნდა – ნეგატიურად. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს „სურათები“ რეალობას არ ასახავს. ისინი დამუშავებული, გაფილტრული, სარეკლამო მიზნებზე მორგებული კონტენტია, რომელსაც ბავშვი, განსაკუთრებით მოზარდი, ხშირად აღიქვამს როგორც ერთადერთ სინამდვილეს. უჩნდება განცდა: „ყველა ბედნიერია, ყველას ცხოვრება კარგად მიდის – მარტო მე ვარ უიღბლო”. და ეს პირდაპირ ურტყამს თვითშეფასებას.

ამ მახეში მხოლოდ ბავშვები კი არა, უფროსებიც ებმებიან. თუმცა ბავშვს არ აქვს ჯერ საკმარისი გამოცდილება იმის გასაგებად, რომ ეს იდეალური სურათები ხშირად სცენარითაა შექმნილი. შედეგად, ბავშვი ცდილობს, დაემსგავსოს ვიღაც სხვა ადამიანს, რომელიც, შესაძლოა, თავადაც თამაშობს როლს. აქ უკვე ირღვევა ბუნებრიობა, იშლება ინდივიდუალობა, აღარ აქვს ადგილი კრეატიულობას.

ბავშვს ეკარგება რწმენა საკუთარი თავისადმი. ეჭვი უჩნდება საკუთარ ღირებულებაში. ცდილობს იყოს ისეთი, როგორსაც ეკრანზე ხედავს – იდეალური გარეგნობით, იდეალური ცხოვრებით, იდეალური ურთიერთობებით. მაგრამ ამ „ხატთან“ მიახლოება ხშირად შეუძლებელია, და როცა არ გამოსდის, მოდის იმედგაცრუება, სტრესი, თავის დაძაბუნება. ახალგაზრდები საკუთარ გარეგნობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც კი სწირავენ ამ „იდეალის“ შესაფერის ფორმაში ჩასაჯდომად.

რაც კიდევ უფრო მძიმეა – ის, რომ ამ სოციალურ სივრცეში განსხვავებულობა თითქმის არ არის ასატანი. ყველა უნდა დაემსგავსოს ერთმანეთს. და თუ ვინმე არ ჯდება ამ ჩარჩოში – სწრაფად ხდება კრიტიკის, დაცინვის ან იგნორის მსხვერპლი. რეალურად, „იდეალისგან“ გადახრა განიხილება როგორც უარყოფითი მოვლენა, მაშინ როცა სწორედ განსხვავებულობაა ადამიანის ნამდვილი სიმდიდრე.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია უფროსების თანადგომა. ბავშვს სჭირდება, რომ გვერდით ჰყავდეს ისეთი ადამიანი, ვინც დაეხმარება, გააცნობიეროს – სოციალურ მედიაში მოცემული სურათები არ არის ერთადერთი რეალობა. აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ღირებულება მოდის არა გარეგნული ფორმიდან, არამედ შინაარსიდან – პიროვნულობისგან, უნარებისგან, განსხვავებულობისგან. უნდა გავაძლიეროთ მათი რწმენა, რომ თავისებურება არ არის სისუსტე – ეს არის ძალა.

 

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვების ფსიქიკური კეთილდღეობა. არის თუ არა კავშირი ბავშვებში დეპრესიის, შფოთვისა და სოციალურ მედიაში გადაჭარბებულ ყოფნას შორის?

 

დიახ, არის. და ეს კავშირი უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება თანამედროვე ბავშვების ყოველდღიურობაში. სოციალური მედიით გადატვირთულმა ციფრულმა რეალობამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ბავშვების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით თვითშეფასებაზე, ემოციურ სტაბილურობაზე და სოციალური შედარებისკენ მიდრეკილებაზე.

სოციალურ მედიაში ბავშვები ხშირად აწყდებიან იდეალურად გაფორმებულ ცხოვრებას: ლამაზი სხეულები, ბედნიერი სახეები, მოგზაურობები, მეგობრული წრეები და ეს ყველაფერი იმგვარადაა წარმოდგენილი, თითქოს ის ნამდვილი და ყოველდღიური რეალობაა. მაგრამ სინამდვილეში ეს არის შერჩეული, გაფილტრული, ხშირად სცენარით აწყობილი შთაბეჭდილებების ნაკრები. და როცა ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია საკუთარი თავის აღმოსაჩენად, ამ მასალებს უყურებს ყოველდღიურად, ბუნებრივია, სვამს კითხვას: „რატომ არ მაქვს მე ასეთი ცხოვრება?” და აქ ჩნდება შფოთვა, უკმაყოფილება, წარუმატებლობის განცდა და საბოლოოდ დეპრესიისკენ მიდრეკილება.

წინა პასუხშიც ვთქვით, ბავშვები ცდილობენ, დაემსგავსონ სოციალურ მედიაში არსებულ იდეალურ ხატს, რომელიც ხშირად არც არსებობს. ეს მუდმივი შედარება, მსგავსებისაკენ სწრაფვა, საკუთარი თავის დაჩრდილვა და ინდივიდუალობის წაშლა, დიდ დარტყმას აყენებს ბავშვის ფსიქიკას. შფოთვა იზრდება: „რას იტყვიან სხვები?”, „საკმარისი ვარ თუ არა?”, „როგორ დავრჩე შიგნით ამ სოციალურ წრეში?”, რაც ყველაზე სავალალოა, ბავშვი მარტო რჩება ამ კითხვებთან.

ამიტომ, სოციალური მედიის გადაჭარბებულად გამოყენებას ნამდვილად აქვს კავშირი ბავშვებში დეპრესიისა და შფოთვის ზრდასთან. და აქაც, როგორც ყოველთვის, მთავარი როლი ეკისრება უფროსების თანადგომას. ბავშვებს სჭირდებათ არა აკრძალვები, არამედ თანაზიარობა, მიმართულება და ემოციური მხარდაჭერა. აუცილებელია, დავეხმაროთ მათ იმის გაცნობიერებაში, რომ სოციალური მედია მხოლოდ ნაწილია სამყაროსი და რომ მათი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც ეკრანზე ჩანს.

 

გმადლობთ ძალიან საინტერესო პასუხებისთვის, და ბოლოს, რა იქნება თქვენი როგორც ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებისთვის?

 

უპირველესად დავიწყოთ საკუთარი თავით. ნუ მოვთხოვთ ბავშვს იმას, რასაც თავად არ ვაკეთებთ. თუ ვეუბნებით, რომ ნაკლები დრო გაატაროს ეკრანთან, მაგრამ ჩვენ თვითონ მთელი საღამო ტელეფონს არ ვშორდებით, ამით ვგზავნით კონფლიქტურ გზავნილს. ბავშვები კი სიტყვებზე მეტად ქცევებს სწავლობენ. მოდი, არ ვიყოთ ფარისევლები, ვიყოთ ის მაგალითი, რაც გვინდა, რომ ჩვენს შვილებში ვიხილოთ.

გაატარეთ მეტი დრო სახლის გარეთ, ბუნებაში, თუნდაც ახლომახლო პარკში. მოძრაობა, სუფთა ჰაერი და გარემოს ცვლილება არამხოლოდ ბავშვის, არამედ ოჯახის მთელი დინამიკისთვისაა სასარგებლო. ეს აწყნარებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას.

ესაუბრეთ თქვენს შვილებს, მოუსმინეთ მათ ფიქრებს და გრძნობებს არა როგორც განმკითხველმა, არამედ როგორც გულწრფელმა თანამოსაუბრემ. გახსოვდეთ, ბავშვებს სჭირდებათ არა სრულყოფილი მშობელი, არამედ მშობელი, ვინც მათ გვერდით დგას, ვინც უსმენს და უსმენს ისე, რომ ესმით.

ერთად აკეთეთ რაღაც, თუნდაც პატარა რამ. ერთად მომზადებული საჭმელი, ოთახის დალაგება, სეირნობა, ნახატის დახატვა. ამ ტიპის ნებისმიერი ერთობლივი აქტივობა აძლიერებს ემოციურ კავშირს და ქმნის იმ ბაზას, რომელიც ბავშვის ფსიქიკურ სტაბილურობას ემსახურება.

და რაც მთავარია, გიყვარდეთ არა მათი ქცევები, არამედ თვითონ ბავშვი, მთელი თავისი სირთულეებითა და განსხვავებულობით. როცა ბავშვი ხედავს, რომ მიღებულია ისეთი, როგორიც არის, მისი ფსიქიკა სულ სხვა სიმტკიცეს იძენს, და მას აღარ სჭირდება სოციალური მედიის იდეალურ ხატებისთვის თავის მორგება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...