შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

ნოემბრის თვის საკითხავი მეთერთმეტეკლასელებისთვის

0

ნოემბრის თვის საკითხავის შესახებ ფიქრი სოცალურ ქსელში გაზიარებულმა ფოტომ შთამაგონა. დედას თავისი მოზარდი შვილისთვის მთელი წლის საკითხავი 12 თვის მიხედვით შეერჩია, თორმეტივე წიგნი შეეფუთა და თითოეულ წიგნზე თვეების სახელები დაეწერა. საკითხავი წიგნის ამგვარად შეთავაზება ცნობისმოყვარეობას აღძრავს. დიდი სურვილი გამიჩნდა მეც შემერჩია ჩემი 16 წლის შვილისთვის მთელი წლის საკითხავი და რადგან მის კლასს ვასწავლი, გადავწყვიტე, ჩანაფიქრი საკლასო პროექტად მექცია.

სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების, არასწორი დღის რეჟიმის, ვრცელი ტექსტებით გადატვირთული სახელმძღვანელოების გამო მოზარდებს თანდათან უფრო ნაკლები დრო რჩებათ კითხვისთვის. მოსწავლეთა საჭიროებებზე დაკვირვებამაც კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა თვის საკითხავი წიგნების აუცილებლობაზე.

ჩემი ბიბლიოთეკიდან შევარჩიე 25 ქართველი ავტორის წიგნი, რომლებიც სხვადასხვა ჟანრსა და ეპოქას მოიცავდა. თითოეული წიგნიდან ამოვწერე ციტატა, ამოვბეჭდე ორ ეგზემპლარად და დავჭერი, წიგნები გავახვიე ქაღალდში, თოკით შევკარი და გამხმარი ვარდებით გავაფორმე, შემდეგ მოვძებნე მწერლების ფოტოები და სლაიდშოუდ ავკინძე, ბოლოს კი ფიქრი დავიწყე იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიმეწოდებინა წიგნები 16 წლის გოგო-ბიჭებისთვის ან გაკვეთილის თემად რა შემერჩია. მოსწავლეთა ინტერესებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, გაკვეთილის სათაური ამგვარი შევურჩიე – ქართველი მწერლები – მათი მხატვრული ენა, სტილი.

გაკვეთილის თანმიმდევრობა ამგვარი იყო:

  • ვთხოვე, გაეხსენებინათ, რომელ ქართველ ავტორებს იცნობენ და პასუხები დაფაზე ჩამოვწერე;
  • დავაფიქრე, თუ როგორ ესმოდათ სიტყვა „სტილის“ მნიშვნელობა;
  • მინილექციით გავაცანი ლიტერატურული სტილის რაობა, ვესაუბრე სტილისტიკის შესახებ;
  • სლაიდშოუს გამოყენებით გავაცანი 25 ქართველი ავტორი და თითოეულის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია;
  • დავურიგე გამომცხვარი მაფინები, რომლებშიც ჩარჭობილი მქონდა წიგნებიდან ამოწერილი ციტატები;
  • რამდენიმე ციტატა წაიკითხეს ხმამაღლა;
  • შეფუთულ წიგნებში ციტატის ნომრის მიხედვით მოძებნეს კუთვნილი წიგნი;
  • ბოლოს დავურიგე ფერადი ბარათები, რომლებზეც დაწერეს სამი რამ, რაც გაკვეთილიდან დაამახსოვრდათ.

შევთანხმდით, რომ წიგნს ნოემბერში წაიკითხავენ, თვის ბოლოს კი ლიტერატურულ კაფეს გავმართავთ და ვისაუბრებთ წაკითხული წიგნების შესახებ.

რეალობას თვალს ვუსწორებ და ვიცი, რომ ოცდახუთივე მოსწავლე წიგნს არ წაიკითხავს, თუმცა, თითოეულმა იგრძნო მისთვის განკუთვნილი მასწავლებლის ყურადღება, ამასთანავე, კლასში შექმნილი დადებითი განწყობა კითხვის მოტივაციასაც აამაღლებს და ცოდნას შეიძენენ. მთელი თვის განმავლობაში ვაპირებ ტექსტის ანალიზის ირგვლივ დაგეგმილი გაკვეთილები შევთავაზო კლასს და ლიტერატურული სტილი რასაც მოიცავს, თითოეულ საკითხს (თემა, იდეა, მოტივი, მხატვრული ენა, პეიზაჟი, გმირის ხასიათი…) სიღრმისეულად შევეხო.

საკითხავი წიგნების ნუსხა ამგვარია:

  1. რაზიკაშვილების მიმოწერა;
  2. მარო მაყაშვილის დღიური;
  3. „გრიგოლ რობაქიძე – წერილები სტეფან ცვაიგს“, ნათია ფურცელაძე
  4. „ბორიაყი“, ოთარ ჩხეიძე;
  5. „მღვდლის ცოდვა“, გოდერძი ჩოხელი;
  6. „ანტონიო და დავითი“, ჯემალ ქარჩხაძე;
  7. „ვა, სოფელო…“, ზაირა არსენიშვილი;
  8. „ზებულონი“, ჯემალ ქარჩხაძე;
  9. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, 100 ამბავი
  10. „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, აკა მორჩილაძე
  11. „გადამალვა“, ალეკო შუღლაძე
  12. „ჯინსების თაობა“, დათო ტურაშვილი
  13. „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“, ლანა ღოღობერიძე
  14. „ტრანსმუტაცია“, იაგო თვალაბეიშვილი
  15. „ახალი აღქმა“, ნანა აბულაძე
  16. „ისპაჰანის ბულბულები“, ნესტან-ნენე კვინიკაძე
  17. „მოგზაურის ჩანაწერები“, ჯუმბერ ლეჟავა
  18. „სამხრეთის უბანი“, მაი ბექაური
  19. „ეს მე ვარ, ფიროსმანი“, შორენა ლებანიძე
  20. “კონკიას ღამე“, კოტე ჯანდიერი
  21. „ქალაქი წყალზე“, სალომე ბენიძე
  22. „გათვლა“, თამთა მელაშვილი
  23. „სწრაფი, ღამისმიერი“, ზურა ჯიშკარიანი
  24. „სამხრეთული სპილო“, არჩილ ქიქოძე
  25. „მშვიდი ცურვა“, ირაკლი ჩარკვიანი

მეთერთმეტეკლასელების გამოხმაურება გაკვეთილის ბოლოს. გასასვლელ ბარათებზე დაწერეს 3 რამ, რაც გაკვეთილიდან დაამახსოვრდათ:

  • ყველა მწერალს თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს. სტილისტიკა ენათმეცნიერების დარგია. ლიტერატურულ ნაწარმოებს საკუთარი ენა აქვს. ანა რაზმაძე
  • სლაიდშოუ და წარწერებით გადავსებული დაფა. თეთრ ქაღალდში შეხვეული წიგნების ასხმა, რომლებსაც იასამნისფერი ყვავილების ღეროები ჰქონდა ჩარჭობილი. ბავშვების ყიჟინა, წიგნების დარიგების პროცესი და ჩემი უკმაყოფილება. თეკლა მეტრეველი
  • “აუ, მე ეს არ მინდოდა!“ „ამ ხალხის დამსახურებაა, დღეს რომ სკოლაში სწავლობ“. პროექტორის პრობლემები. ნინი მიხანაშვილი
  • მაფინების დარიგება. „ინტელექტი თავისუფალია“. ზაირა არსენიშვილი. ლუკა არაბული
  • საინტერესო იყო საუბარი სტილსა და მწერლებზე. საოცარი გრძნობა იყო, სანამ გავიგებდი, რა წიგნი იყო. ავღელდი. მას, თქვენს გამომცხვარ მაფინებზე ვგიჟდები! დიანა ლიქოკელი
  • დამამახსოვრდა ის, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია ჩემთვის და მომავალში თბილად გამახსნდება. ნინი ბერმამუკელი
  • ულამაზესად შეფუთული წიგნები. ქართველი მწერლები. სტილი, სტილისტიკა. ანანო კიპაროიძე
  • წიგნების ძებნა. ფოტოების გადაღება. ნამცხვრების ჭამა. ნინო სახელაშვილი
  • შეფუთული წიგნები. მიშოს გაღვიძება მაფინებით. კომპიუტერის წვალება. მეგი დავიდოვი
  • ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“. დეას ნათქვამი: „მართლა ჩარკვიანი რომ ამოგივიდეს“ და მართლა ეგ ამომივიდა. მწერლები, რომლებიც თანამედროვე ლიტერატურას გვაცნობენ. ნია თედორაძე
  • ლელა მასწავლებელმა გამაღვიძა. თავი ავწიე თუ არა, მაფინი შემომთავაზა. მიშო გელენიძე
  • სტილისტიკა. რა ახასიათებს მხატვრულ სტილს. თედო რაზიკაშვილის სიკვდილი. – სალომე კომახიძე
  • მწერლები, მათი ბიოგრაფიიდან მცირე დეტალები. რაზიკაშვილების მიმოწერა. მაფინები. მარიამ ღამბაშიძე
  • ის, რომ თედო რაზიკაშვილი ქართლში დასახლდა, ირაკლი ჩარკვიანმა წიგნი დაწერა, ანას „ანტონიო და დავითი“ შეხვდა. მარიამ თხლაშიძე

მოსწავლეთა გასასვლელი ბარათებიდან ამოკითხული შთაბეჭდილებები დამეხმარა გაკვეთილის შეფასებაში, მაგალითად, მივხვდი, რომ მოსწონთ მინილექცია და ამ დროს მიწოდებული ინფორმაცია, აქტივობების მონაცვლეობა, ამბები, რომლებიც მხოლოდ ერთ გაკვეთილზე ხდება და კიდევ ის, რომ ცოდნის განსამტკიცებლად საჭიროა იმავე თემის შესახებ კიდევ სხვა გაკვეთილების დაგეგმვა.

ნომებრის თვის საკითხავი წიგნების ნუსხას თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ავტორები მე-19, მე-20 და 21-ე საუკუუნეებს მოიცავს, ტექსტების ჟანრი დ ფორმაც მრავალფეროვანია:  მხატვრული ლიტერატურა, დოკუმენტური და სამოგზაურო პროზა, პირადი წერილები, მცირე და დიდი ზომის რომანები, საინფორმაციო ტექსტი, ავტობიოგრაფია, დღიური. კლასიკოს ავტორებთან ერთად გაეცნობიან თანამედროვე ლიტერატურას, ავტორებს და ჟანრის, ტექსტის, მთავარი თემების ცვლილებებზე დაკვირვებას შეძლებენ. მე კი ერთი სული მაქვს, როდის მოვა ნოემბრის ბოლო და როდის გამიზიარებენ შთაბეჭდილებებს ბავშვები. არასდოს დამავიწყდება ამ გაკვეთილისთვის მზადების პროცესი, ბავშვების ანთებული თვალები და ბედნიერი სახეები.

რიცხვების კოსმოსური რიგი. აქტივობები დიდი რიცხვების წაკითხვისა და შედარებისთვის

0

ყველა მათემატიკის მასწავლებელი დამეთანხმება რომ მოსწავლეებს უჭირთ დიდი რიცხვების (მილიონები, მილიარდები) სიდიდის გააზრება. ისინი მათ კითხულობენ, მაგრამ ამ რიცხვების უკან არსებული რეალური მასშტაბი მათთვის ხშირად აბსტრაქტულ ცნებად რჩება.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შევქმენი აქტივობა, რომელსაც „რიცხვების კოსმოსური რიგი“ დავარქვი. ეს არის ინტერდისციპლინური მეთოდი, რომელიც მათემატიკას ბუნებისმეტყველების ვიზუალური ასპექტებით აცოცხლებს. ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებს პლანეტების მზიდან დაშორების რიცხვითი მონაცემების დახმარებით შეესწავლათ მრავალნიშნა რიცხვების სწორად წაკითხვა და შედარება.

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა: მილიონზე მეტი ნატურალური რიცხვები

საკითხი:

  • მილიონზე დიდი რიცხვების წაკითხვა.
  • მრავალნიშნა რიცხვების შედარება

VI კლასი

სამიზნე ცნება:
მათემატიკური მოდელი:

ციფრი; ნატურალური რიცხვი, თანრიგი; პოზიციური სისტემა. (რეალური სიტუაციის (მანძილი მზიდან) ნატურალური რიცხვით მოდელირება და ამ მოდელის წაკითხვა პოზიციური სისტემის გამოყენებით)

 

კანონზომიერება

რიცხვის წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით, რიცხვების შედარება.  (თანრიგის ათჯერადობის გათვალისწინებით მრავალნიშნა რიცხვების დალაგებას ზრდის მიხედვით)

 

ლოგიკა

მსჯელობა დასაბუთება. (მაგ., დაასაბუთოს, რატომ არის უფრო მეტი ციფრის მქონე რიცხვი მეტი).

 

 

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მრავალნიშნა რიცხვების ამოცნობა , წაკითხვა და ჩაწერა;

პოზიციური სისტემის გამოყენებით მრავალნიშნა რიცხვების დალაგება (ზრდადობა/კლებადობის მიხედვით) და მათი შედარება;

 მიზანი :

  1. დიდი რიცხვების წაკითხვისა და დასახელების უნარის განმტკიცება (მილიონები, მილიარდები).
  2. მრავალნიშნა რიცხვების ზრდის მიხედვით დალაგება (შედარების უნარი).
  3. დიდი რიცხვების სიდიდის ვიზუალიზაცია და კონტექსტურად გააზრება

 საჭირო რესურსები:

  1. დიდი ფლიფჩარტის ფურცელი, რომელზეც დახატულია მზე (ცენტრში) და მის გარშემო 8 წრიული ორბიტა.
  2. 8 საინფორმაციო ბარათი: თითოეულ ბარათზე მითითებულია:
    • პლანეტის სახელი (მაგ. ვენერა).
    • მანძილი მზიდან (დიდი რიცხვი, მაგ. 108 000 000 კმ).
    • პლანეტის ვიზუალური მოდელი: წრის ფორმის, ფერადი მოდელი, რომელიც ბარათზე ორმაგი წებოვანი ლენტით არის მიმაგრებული (საჭიროების შემთხვევაში მარტივად ასაღებად და ფლიფჩარტზე გადასატანად).
  1. 8 კონვერტი: თითოეულ კონვერტში დევს მრავალნიშნა რიცხვების მომცრო ზომის ბარათები

 

აქტივობა 1.  „რიცხვების კოსმოსური რიგი“ (პლანეტების რიცხვითი თანმიმდევრობა)

ტიპი ინტერდისციპლინური (მათემატიკა/ბუნებისმეტყველება)

ორგანიზება: საერთო საკლასო

წინარე ცოდნის გააქტიურების მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, დავიწყე ძირითადი აქტივობა. ის მიმდინარეობდა საერთო საკლასო დისკუსიის ფორმატში, ჩემი ფასილიტაციით.

ეტაპი 1: კოსმოსური გამოწვევის წარდგენა

1.      დაფაზე დავკიდე ფლიფჩარტი მზისა და ცარიელი ორბიტების სქემით.

2.      კლასს წარვუდგინე 8 ბარათი, რომლებზეც პლანეტები და მზიდან მათი მანძილებია მოცემული და განვმარტე ამოცანა: „ჩვენ უნდა ავაგოთ მზის სისტემა სწორი თანმიმდევრობით, რაც მოითხოვს პლანეტების მანძილების ზრდის მიხედვით დალაგებას.“

ეტაპი 2: რიცხვების წაკითხვა და შედარება

1.    წაკითხვა: მოსწავლეები რიგრიგობით იღებდნენ ბარათებს და ხმამაღლა კითხულობდნენ მანძილის აღმნიშვნელ დიდ რიცხვს. ამ დროს ყურადღება გავამახვილე თანრიგების კლასებად, სამ-სამ ციფრად დაჯგუფებაზე, რაც აუცილებელია დიდი რიცხვების სწორად წასაკითხად.
2.    შედარება და დასაბუთება: შემდეგ კლასმა დაიწყო მსჯელობა, რომელი რიცხვია ყველაზე მცირე. მათ დასჭირდათ ლოგიკური მსჯელობა და არჩევანის დასაბუთება. მაგალითად, მოსწავლეები ჯერ ადარებდნენ ციფრების რაოდენობას და შემდეგ უმაღლესი თანრიგის ციფრებს. მაგალითად: ადარებენ 78 მილიონს 150 მილიონს. ჯერ ადგენენ, რომ ორივე მილიონების კლასს მიეკუთვნება, შემდეგ კი ადარებენ მთავარ ციფრებს (78 < 150).

 

ეტაპი 3: ორბიტის შევსება (ვიზუალიზაცია;)

მას შემდეგ, რაც კლასი შეთანხმდა ყველაზე მცირე რიცხვზე (მაგალითად, მერკურის მანძილზე), შესაბამისად მოსწავლემ შეასრულა პრაქტიკული მოქმედება: მან ჩამოხსნა ორმაგი წებოვანი ლენტით მიმაგრებული პლანეტის მოდელი ბარათიდან და მიაწება ფლიფჩარტზე, პირველ, ყველაზე შიდა ორბიტაზე.

ეს პროცესი განმეორდა მანამ, სანამ ყველა 8 პლანეტამ არ დაიკავა თავისი სწორი რიცხვითი რიგი ორბიტაზე.

ეტაპი 4: რეფლექსია და განმტკიცება

დასასრულს, მზის სისტემა სრულად აგების შემდეგ,  მოხდა შეჯამება:
1.       მოსწავლეებმა ხელახლა წაიკითხეს ყველა რიცხვი თანმიმდევრობით .

  1. განიხილეს ის ხერხები, რაც გამოიყენეს რიცხვების შედარებისას (ციფრების რაოდენობა, უმაღლესი თანრიგის ციფრები).

 

3.     ბუნებისმეტყველების ასპექტი: მოსწავლეებმა დაასახელეს, რომელი პლანეტაა ყველაზე შორს/ყველაზე ახლოს მზესთან. (ყველაზე დიდი/პატარა მანძილით დაშორებული მზიდან)

აქტივობა 2. კოსმოსური კოდის გაშიფვრა

ორგანიზება: ჯგუფური

პირველი აქტივობის დროს შეძენილი ცოდნის (მრავალნიშნა რიცხვების წაკითხვა და შედარება) განმტკიცებისა და პრაქტიკული გამოყენების მიზნით დავგეგმე ჯგუფური სამუშაო- კოდის გაშიფვრა. ეს აქტივობა აერთიანებს პრაქტიკული გამოყენების და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ელემენტებს. ამისათვის კლასი დავყავი  8 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს გადავეცი კონვერტი, რომელშიც მოცემულია ერთი კონკრეტული პლანეტის დაშიფრული სახელი. მოსწავლეებმა პლანეტის სახელის აღდგენა უნდა შეძლონ რიცხვითი თანმიმდევრობის საშუალებით.

ეტაპი 1: კოდის გაშიფვრა

  • თითოეული კონვერტი შეიცავს რვა სხვადასხვა მრავალნიშნა რიცხვის ბარათს, რომელთაგან თითოეულს ასობგერა შეესაბამება. (დანართი 1. შეგიძლიათ ამობეჭდოთ, დაჭრათ და ჩაალაგოთ კონვერტში)
  • ჯგუფის ამოცანაა, დაალაგოს ყველა ეს რიცხვი მკაცრად ზრდადობის მიხედვით (უმცირესიდან უდიდესისკენ).
  • მას შემდეგ, რაც რიცხვითი რიგი სწორად იქნება აგებული, რიცხვების შესაბამისი ასობგერები ერთმანეთის მიყოლებით ქმნიან მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტის სახელს.

ეტაპი 2: პლანეტის დაბრუნება ორბიტაზე

მას შემდეგ, რაც ჯგუფი წარმატებით გაშიფრავს პლანეტის სახელს, ჯგუფის წარმომადგენელ(ებ)ი იღებს პირველი აქტივობის ფლიფჩარტს და რიცხვითი მსჯელობის საფუძველზე (პლანეტის მზიდან დაშორება), პლანეტის სახელს გადააქვს შესაბამისი ორბიტის გრაფაში.

 

ეს აქტივობა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეებმა ინდივიდუალურ დონეზე გაიაზრონ მრავალნიშნა რიცხვების შედარების პრინციპი (ციფრების რაოდენობა, უმაღლესი თანრიგი) და დაინახონ, რომ მათემატიკური სიზუსტე (ზრდადობის რიგი) პირდაპირ გავლენას ახდენს სიტყვის მნიშვნელობის აღდგენაზე და კოსმოსური თანმიმდევრობის შენარჩუნებაზე

დანართი 1.

254565 354565 554545 754587 887412 915978 1014541 1072456

 

 

1124578 1134987 1175236 2245789 5012456 5147852 10123654 10451236

 

 

254678 254679 612398 658963 658993 1124678 6584613

 

 

745789 745889 745898 745899 745989

 

 

3545454 3545455 4454545 8545455 9565656 85454566

 

 

195175 357535 357553 1456544 3456545 3545654 3556545

 

 

 

7258745 8258741 8258852 9258852 12588525

 

 

 

145654 154565 155456 155545 5154565 5155555 14565478

აქტივობა 3. შემაჯამებელი  აქტივობა (1-2 წუთი)

ორგანიზება: ინდივიდუალური

გაკვეთილი მოკლე ინდივიდუალური შემაჯამებელი აქტივობით დავასრულე. ეს აქტივობა პირდაპირ უკავშირდება დიდ რიცხვებს , მზის სისტემის კონტექსტში და ემსახურება მიღებული ცოდნის გაერთიანებას.

ეს აქტივობა ამოწმებს:

ა) პოზიციური სისტემის ცოდნას (ციფრების სწორად განლაგება)

ბ) ლოგიკური მსჯელობის უნარს (დასაბუთება, რატომ არის 9745210>7954210).

დავალება:

მოსწავლეებს ვაძლევ 7-8 შემთხვევით ციფრს (მაგალითად: 9, 0, 5, 2, 7, 1, 4).

შეკითხვა: „წარმოიდგინე, რომ შენ ხარ პლანეტა იუპიტერი და გინდა მზეს კიდევ უფრო დაშორდე. ამ ციფრების გამოყენებით, ჩაწერე ისეთი რიცხვი, რომელიც იუპიტერს მზისგან უფრო მეტად დააშორებს.  დაასაბუთე შენი არჩევანი.

აქტივობა 4. შეჯამება შეფასება

ორგანიზება: საერთო საკლასო

გაკვეთილს ვასრულებ 3-2-1 განმავითაებელი შეფასების ინსტრუმენტით

მოსწავლეებმა უნდა:

  • დაასახელონ 3 რამ, რაც ისწავლეს დღეს;
  • დაასახელონ 2 რამ რაც გაიგეს;
  • თქვან 1 რამ, რისი თქმაც სურთ.

ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები არა მხოლოდ სწორად კითხულობდნენ მრავალნიშნა რიცხვებს, არამედ გაცილებით მარტივად და ლოგიკურად ასაბუთებდნენ თანრიგების უპირატესობას. ამ ინტერდისციპლინურმა მეთოდმა მკვეთრად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა და საკითხის გაგების ხარისხი, რადგან მათემატიკური კანონზომიერება პირდაპირ დაუკავშირეს რეალური სამყაროს (პლანეტების ფიზიკური განლაგების) ლოგიკას.

კოლეგებს ვურჩევ, სცადოთ ეს აქტივობათა ბლოკი – ის მათემატიკის გაკვეთილს საინტერესო მოგზაურობად აქცევს და დიდი რიცხვების არსს მოსწავლეებისთვის ხელშესახებს ხდის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&amp;lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის,

ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/

  1. მათემატიკის გზამკვლევი მეექვსე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meegvse-klasi/

 

სიმრავლეები “ცოცხალი სამყაროს დასალაგებლად”

0

ორგანიზმების სახეობების, მათი მახასიათებლებისა და ევოლუციური კავშირების ამსახველი ბიოლოგიური მონაცემების უზარმაზარი მასივი მუდმივად მოითხოვს სისტემატიზაციას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას. ამ პროცესში, მათემატიკური აზროვნება მნიშვნელოვან დამხმარედ გვევლინება.

წარმოგიდგენთ შემოქმედებით დავალებას, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა – სიმრავლეების ცნებები (თანაკვეთა, გაერთიანება, ქვესიმრავლე) – უშუალოდ გამოიყენონ ცოცხალი სამყაროს კლასიფიკაციისა და შედარებისთვის.

დავალების, „ცოცხალი სამყაროს კლასიფიკაცია სიმრავლეებით“, მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შექმნან მათემატიკური მოდელი – კერძოდ, ვენის დიაგრამა – რათა ვიზუალურად დაინახონ, რა არის საერთო და რა განმასხვავებელი ორ ბიოლოგიურ ჯგუფს შორის, და ამგვარად განავითარონ ლოგიკური მსჯელობის უნარი.

 

თემა: სიმრავლე და რიცხვითი სიმრავლეები

სამიზნე ცნებები/ ქვეცნებები

მათემატიკური მოდელი

სიმრავლე, ქვესიმრავლე; თანაკვეთა; გაერთიანება;

კანონზომიერება

სიმრავლეებს შორის მიმართებები

ლოგიკა:

სიმრავლე. ლოგიკური კავშირები და მსჯელობა.

საკითხები:

  • სიმრავლის ელემენტები
  • ვენის დიაგრამა
  • მოქმედებები სიმრავლეებზე (თანაკვეთა, გაერთიანება), ქვესიმრავე უნივერსალური სიმრავლე, ცარიელი სიმრავლე
  • ვენის დიაგრამის მეშვეობით მოქმედებების წარმოდგენა
  • ვენის დიაგრამის მეშვეობით ამოცანების ახმოხსნა.
  • რეალური სიტუაციის მოდელირება ვენის დიაგრამის მეშვეობით

 

შეფასების ინდიკატორები – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

 

  • სიმრავლური ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას (მათ.საბ.7,8,9).

 

თემატური არეალი: სიმრავლეების თეორიის გამოყენება ბიოლოგიურ მონაცემთა კლასიფიკაციისა და ვიზუალიზაციისთვის.

ძირითადი იდეა: საერთო და განმასხვავებელი ნიშან-თვისებების ვიზუალური წარმოდგენა ვენის დიაგრამების გამოყენებით.

საკვანძო შეკითხვა: როგორ შეიძლება მათემატიკური სიმრავლეების ცნებების გამოყენება ცოცხალი ორგანიზმების მახასიათებლების გასაანალიზებლად და დასახარისხებლად?

შემოქმედებითი დავალება მოსწავლეებისათვის:

ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება იმდენად დიდია, რომ მეცნიერებმა მისი შესწავლისთვის დაყოფა დაიწყეს სხვადასხვა ჯგუფებად — მცენარეებად, ცხოველებად, სოკოებად, ბაქტერიებად და ..
ხშირად ამ ჯგუფებს საერთო ნიშნებიც აქვთ და განსხვავებულიც. მაგალითად, ცხოველებსა და მცენარეებს ორივეს სჭირდებათ სუნთქვა და საკვები, მაგრამ მცენარეები თვითონ ამზადებენ საკვებს, ხოლო ცხოველები — არა.

ამ დავალების მიზანია გაიაზროთ, როგორ შეიძლება ცოცხალი სამყაროს კლასიფიკაციის ნიშნების შედარება სიმრავლეების მოქმედებების (თანაკვეთა, გაერთიანება)  დახმარებით.
მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს და შექმენით ვენის დიაგრამა ცოცხალი ორგანიზმების შესასწავლად.

ნაბიჯი 1: სიმრავლეების განსაზღვრა და მახასიათებლების ჩამოთვლა

აირჩიეთ ორი ძირითადი სიმრავლე, რომელთა თვისებები შეიძლება შევადაროთ:

  1. A სიმრავლე:
  2. B სიმრავლე:

შეადგინეთ მახასიათებლების სია (სიმრავლეების ელემენტები), რომელიც ეხება ამ ორ ჯგუფს:

N მახასიათებელი (ელემენტი) A სიმრავლე

 

B სიმრავლე

 

1      
2      
3      
4      
5      
       
       

 

ნაბიჯი 2: მათემატიკური მოქმედებები სიმრავლეებზე

გამოიყენეთ სიმრავლეების ცოდნა და ჩამოწერონ შედეგები:

  1. თანაკვეთა (AB): ჩამოთვალეთ საერთო მახასიათებლები (ელემენტები) ორივე ჯგუფისთვის.
  2. გაერთიანება (AB): ჩამოთვალეთ ყველა მახასიათებელი, რომელიც სულ მცირე ერთ ჯგუფს აქვს.
  1. განმასხვავებელი ნიშნები ჩამოწერეთ ნიშნები, რომლებიც ცალ-ცალკე განასხვავებს   A და B სიმრავლეს
  2. დაასახელე A და B სიმრავლეების ქვესიმრავლეები (რამდენიმე)

ნაბიჯი 3: პროდუქტივენის დიაგრამა

შექმენით საბოლოო ვიზუალური პროდუქტი (პლაკატი/პრეზენტაცია):

  1. დახაზეთ ვენის დიაგრამა (ორი გადამკვეთი წრით).
  2. გააფერადეთ/დაშტრიხონ თანაკვეთის არე (A∩B) – საერთო ნიშნების ზონა.
  3. განათავსონ მახასიათებლების ნომრები (N1, N2….) სწორ უბნებში

 

შეფასების რუბრიკა (ფოკუსირება სიმრავლეებზე)

ეს რუბრიკა ორიენტირებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად გამოიყენეს მოსწავლეებმა მათემატიკური ცნებები ბიოლოგიური მონაცემების ანალიზისთვის.

შეფასების კრიტერიუმი დაბალი დონე

(1 ქულა)

საშუალო დონე

 (2 ქულა)

მაღალი დონე

(3 ქულა)

დაკავშირებული სამიზნე ცნებები
თემის შერჩევა, სიმრავლეების დასახელება და მახასიათებლების ჩამოწერა სიმრავლეები მითითებულია ზედაპირულად ან არასრულია; ელემენტები არ აკავშირებენ კონკრეტულ ცოცხალ ორგანიზმებს არჩეულია შესაბამისი მაგალითები, მაგრამ ნაწილობრივ; ნაწილობრივ ჩამოთვლილია ელემენტები, ზოგი არ შეესაბამება თემას სწორადაა შერჩეული ცოცხალი ორგანიზმების ორი ჯგუფი (მაგ. მცენარეები და ცხოველები) და მათ შესაბამისი სიმრავლეების სახელი (A და B); ჩამოთვლილია მინიმუმ 5–6 ელემენტი თითოეული სიმრავლისთვის; ელემენტები შესაბამისია თემის და არ არის შემთხვევითი, მათემატიკური მოდელი. სიმრავლე, სიმრავლის ელემენტი.
სიმრავლეებზე მოქმედებები

 

ნაწილობრივ ან არასწორადაა ნაჩვენები თანაკვეთა და გაერთიანება; ქვესიმრავლეები არ არის მითითებული სწორადაა ნაჩვენები მინიმუმ ორი მოქმედება (A∩B, A∪B); ზოგი განსხვავება ან ქვესიმრავლე ნაწილობრივ არის სრულად ნაჩვენებია: თანაკვეთა (A∩B), გაერთიანება (A∪B), განსხვავებები; მოსწავლემ მოიფიქრა და სწორად ჩამოაყალიბა მინიმუმ 2 ქვესიმრავლე თითოეული ძირითადი სიმრავლიდან; ჩაწერილია ზუსტად და ლოგიკურად, სიმბოლოების გამოყენებით კანონზომიერება.

(სიმრავლეებს შორის მიმართებები. სიმრავლე, ქვესიმრავლე, თანაკვეთა, გაერთიანება,)

ვიზუალური წარმოდგენა (ვენის დიაგრამა) დიაგრამა არასწორადაა შესრულებული ან მოუმწიფებელია; ელემენტები არასწორ უბნებშია სწორადაა შესრულებული, ელემენტები ძირითადად სწორ უბნებშია, თუმცა არის ხრვეზები, ნაწილობრივ არასწორია; სუფთად და გამოკვეთილადაა შესრულებული; ელემენტები სწორ უბნებშია; თანაკვეთის არე გამოყოფილია მათემატიკური მოდელი. კანონზომიერება, ლოგიკა
ლოგიკური მსჯელობა და დასკვნა მსჯელობა გაურკვეველია ან მხოლოდ აღწერითია; არ ჩანს ურთიერთკავშირი ელემენტებს შორის მსჯელობა ნაწილობრივ ლოგიკურია; ნაწილობრივ ჩანს კანონზომიერებების ან განსხვავებების გაანალიზება მსჯელობისას იყენებს ლოგიკურ კავშირებს სიმრავლეებს შორის მიმართებებზე; მსჯელობს არგუმენტირებულად;  დასკვნები გამოაქვს ზუსტად ლოგიკა. ლოგიკური კავშირები და მსჯელობა
შემოქმედებითობა და დამოუკიდებლობა სამუშაო შესრულებულია მინიმალური ჩართულობით; მოსწავლე  ასრულებს მხოლოდ დავალებას ჩანს მოსწავლის მცდელობა და დამოუკიდებლობა; გარკვეული ახალი იდეები წარმოდგენილია ნამუშევარი გამოირჩევა ორიგინალური მიდგომით, დამოუკიდებელი აზროვნებით, დამატებითი ნიმუშებით ან ვიზუალიზაციით მათემატიკური მოდელი, ლოგიკური მსჯელობა.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე მოსწავლის ნამუშევარს ფოტოს სახით:

 

ვენის დიაგრამებზე მუშაობით, მოსწავლეებმა არა მხოლოდ შექმნეს მათემატიკური მოდელები რეალური ბიოლოგიური სიტუაციებისთვის, არამედ განავითარეს ლოგიკური მსჯელობის უნარი, რასაც თან ახლდა აღმოჩენისა და შემოქმედებითი სიამოვნება. მათ მიერ შესრულებულმა დავალებამ აჩვენა სიმრავლეების ცნებების მართვის, ცოცხალ ორგანიზმებს შორის კანონზომიერებების დანახვისა და მახასიათებლების დამოუკიდებლად კლასიფიკაციის უნარი ვიზუალური მოდელების გამოყენებით. მთელი პროცესი თითოეული მოსწავლისთვის იყო სასიამოვნო და წარმატების განცდის მომტანი. საბოლოოდ, დავალება ცხადყოფს, რომ მოსწავლეებმა სრული წარმატებით გამოიყენეს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, გამოავლინეს შემოქმედებითი და დამოუკიდებელი აზროვნება, შექმნეს ვენის დიაგრამები და დამაჯერებლად ახსნეს ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფების საერთო და განსხვავებული ნიშნები.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეშვიდე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meshvide-klasi/
  3. ლიტერატურა: მე-7 კლასი. მათემატიკა. (დანართი11. სიმრავლეები) ავტორი ქეთი ცერცვაძე https://drive.google.com/drive/folders/1BeBNZuzEyGqAcGqbP8j9sr-iiWwEgzYL

ინდივიდუალური სწავლების ლაბირინთში (II ნაწილი)

0

სტატიის პირველ ნაწილში დეტალურად ვისაუბრე ინდივიდუალური გეგმის სპეციფიკასა და დანიშნულებაზე. აქ კი მინდა გაგიზიაროთ ისგ-ის განხორციელების პროცესთან დაკავშირებული პირადი გამოცდილება.

როგორც უკვე იცით, საგნის მასწავლებელი დოკუმენტის შედგენას არსებული სიტუაციის შეფასებით იწყებს. მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერისას გირჩევთ, დაეყრდნოთ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ მონაცემებს (ფსიქოლოგის და/ან სხვა სპეციალისტის დასკვნას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დიაგნოსტიკურ ტესტებს, ზეპირ გამოკითხვას, შემოქმედებით პროდუქტს, მოსწავლის/მშობლის უკუკავშირს და სხვ.) და მხოლოდ მაშინ დაიწყოთ გეგმის შედგენა, როცა მოსწავლის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. დღეისათვის, მონაცემების შესაგროვებლად და ისგ-ის შესადგენად განსაზღვრულია ერთი თვე ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, რაც სავსებით საკმარისია ზემოაღნიშნული მონაცემების ხარისხიანად დასამუშავებლად. ნიმუშად გთავაზობთ, პირობითად, მეორე კლასის მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერას ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

შენიშვნა: რეალური ისგ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულია წერა-კითხვასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე მოსწავლის განზოგადებული ნიმუში:

ცნება მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონე
ტექსტი

(შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5 )

 

 

მოსწავლეს შეუძლია:

·         ანბანის ყველა ასო-ბგერის ამოკითხვა;

·         დაფიდან/ნაბეჭდი ტექსტიდან მცირე ზომის სიტყვების/წინადადების გადაწერა ბადიან რვეულში;

·         ნაცნობ თემაზე, მცირე ზომის მხატვრული ტექსტის მოსმენა და გაგება;

·         საკუთარი გამოცდილების გამოყენება მოსმენილი ინფორმაციის შეფასებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით.

სიტყვა, წინადადება,

ტექსტი (სიტყვიდან

ტექსტამდე)

(შედეგები: (I).4, 5, 6)

მოსწავლეს შეუძლია:

·         ნაცნობ თემაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა (ზეპირად);

·         ილუსტრაციის თვალსაჩინო მახასიათებლების მიხედვით აღწერა;

·         სივრცითი და დროითი მიმართებების აღქმა;

·         ორ ობიექტს შორის თვალსაჩინო მსგავსება-განსხვავების დანახვა;

·         საფეხურის შესაბამისი სამეტყველო ეტიკეტის დაცვა.

გრამატიკა (პრაქტიკული)

(შედეგები: (I).5, 6)

მოსწავლეს შეუძლია:

·         საუბრისას საფეხურის შესაბამისი საკომუნიკაციო ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა და ლექსიკის გამოყენება;

·         ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში ადეკვატური სამეტყველო ქმედების განხორციელება.

 

მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერის შემდეგ, გრძელვადიანი მიზნების დასახვის დროც მოდის. მოსწავლის განვითარების უახლოესი დონის გათვალისწინებით, მაქსიმალურად რეალისტური, მიღწევადი მიზნების დასახვას შეძლებთ. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში იკვეთება წერა-კითხვის ტექნიკურ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული სირთულეები. შესაბამისად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გაწერა გაწაფული კითხვისა და წერის ტექნიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, პირველი საფეხურის სამიზნე ცნებებთან (დეკოდირება-კოდირება; წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა) დაკავშირებული სტრატეგიის შემუშავებით უნდა დავიწყოთ.

ცნება მოსწავლემ უნდა შეძლოს (გრძელვადიანი/სემესტრული მიზნები)
ტექსტი

(შედეგები: (I). 2, 4, 6 )

 

  • ბგერების/მარცვლების დათვლა სიტყვებში (წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა);
  • ორი-სამი ასო-ბგერის ერთობლივად ამოკითხვა-გამთლიანება (დეკოდირება-კოდირება);
  • ნაცნობი სიტყვების ამოკითხვა დამარცვლით (დეკოდირება-კოდირება);
  • რვეულის ბადეში მცირე ზომის ნაცნობი სიტყვების/წინადადებების კარნახით ჩაწერა.
გრამატიკა (პრაქტიკული)

(შედეგები: (I).5, 6)

  • კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

 

გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას შეიძლება ერთი თვე ან სემესტრი დასჭირდეს, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და სწავლის ხელშემწყობ გარემოებებზეა დამოკიდებული. დასახული მიზნის ნაწილობრივ დაძლევის შემთხვევაშიც პროგრესი თვალსაჩინოა. მთავარია, შეფასებისას დეტალურად აღვწეროთ წინსვლის ხელშემწყობი და ხელის შემშლელი გარემოებები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შევიტანოთ სათანადო ცვლილებები წლიურ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში.

გრძელვადიანი გეგმების დასახვის შემდეგ, მოკლევადიანი მიზნებისა და შესაბამისი სტრატეგიების/აქტივობების გაწერის დრო დგება. მოდით, განვიხილოთ წერა-კითხვის ტექნიკის განვითარებაზე ორიენტირებული რამდენიმე აქტივობა:

 

თემა:  ასო-ბგერიდან სიტყვამდე

ცნება/ცნებები: ტექსტი (დეკოდირება-კოდირება, წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა),  გრამატიკა (პრაქტიკული)

განხორციელების პერიოდი: (მიუთითეთ კონკრეტული წელი და თვე/პერიოდი)

მოკლევადიანი მიზნები სტრატეგიები, აქტივობები, რესურსები
1.       ბგერების/ მარცვლების დათვლა სიტყვებში;

2.       მცირე ზომის, ნაცნობი სიტყვების კარნახით და/ან დამოუკიდებლად ჩაწერა;

3.       კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

1.       ფონეტიკური სავარჯიშოების (ხმოვნების/მარცვლების დათვლა სიტყვებში; სიტყვების ასო-ბგერებად დაშლა-გამთლიანება და სხვ.) შესრულება;

2.       მაგნიტური ანბანით სიტყვების/წინადადების აწყობა;

3.       „სიტყვის ფაზლი“ – პატარა ზომის ფერად ფურცლებზე დაწერილი მარცვლების შეერთება-ამოკითხვა;

შენიშვნა: თავიდან ვიწყებთ სამი სიტყვის მარცვლების შერევით, რომელთა სწორად დაჯგუფებაც ევალება მოსწავლეს. შემდეგ კი ნელ-ნელა ვუმატებთ სიტყვებს.

4.       კარნახით და/ან დამოუკიდებლად ნაცნობი, მცირე ზომის სიტყვების/წინადადების ჩაწერა კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვით.

 

რესურსი:

სახელმძღვანელო, ადაპტირებული ტექსტები, ინდივიდუალური დავალებები, მაგნიტური ანბანი და დაფა, წებოვანი ფერადი ფურცლები, II კლასის ბადიანი რვეული, კალამი.

ვისწავლოთ კითხვა

https://www.youtube.com/watch?v=8ctUmW0FAXo

მარცვალი

https://www.youtube.com/watch?v=TlKDgt9Jzhs

სიტყვის ფაზლი

https://learningapps.org/display?v=p1fs19irc25

ვისწავლოთ კითხვა ზღაპრებთან ერთად

https://www.youtube.com/watch?v=5yURlt7t4Ks

 

 

ზემოაღნიშნული გრაფა შეგიძლიათ განავრცოთ და დეტალურად აღწეროთ თითოეული აქტივობა. სასწავლო რესურსს წარმოადგენს ყველა ინდივიდუალური დავალება თუ სამუშაო ფურცელი, რომელსაც მოსწავლეს ინდივიდუალურად გააკეთებინებთ და ის მულტიმედიური მასალა, რომელიც მას მიზნობრივი თემების შესწავლაში დაეხმარება. გირჩევთ, აწარმოოთ მოსწავლის პორტფოლიო, რომელიც ისგ-ის ერთგვარ დანართს წარმოადგენს. თანაც, მიმდინარე და შემაჯამებელი დავალებების ერთად თავმოყრა მიღწეული შედეგების შეფასებას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ცამეტი წელია სკოლაში ვასწავლი და ამ დროის განმავლობაში არაერთი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქვს შედგენილი, დღემდე არ მტოვებს განცდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი, ცვალებადი და მუდმივად განახლებადი სფეროა. ინკლუზიური განათლება კი დიდ ძალისხმევას, სიფხიზლეს და თანმიმდევრულობას მოითხოვს.  არადროს დამავიწყდება, როგორ ხელის ცეცებით მივიკვლევდი გზას ინდივიდუალური სწავლების ლაბირინთში. ამიტომაც ვიტოვებ იმედს, რომ  ეს წერილი ახალბედა მასწავლებლებს სამუშაო პროცესს ცოტათი მაინც გაუადვილებს.

ნაწყვეტი რომანიდან (მეორე ნაწილი)

0

ტელეფონი ეგზარქოსს მიართვეს. არ გეკადრებათ ასეთი ქცევა, დაუბრუნეთ ტანსაცმელი მგლოვიარე დედასო, უთხრა მეფისნაცვალმა ეგზარქოსს და თავისი ბრძანების იმპერატიულობაში ასი პროცენტით დარწმუნებულმა, ტელეფონი დაკიდა, თუმცა მწარედ შეცდა, ეგზარქოსი უკიდურესად ჯიუტი კაცი იყო და ბრძანა, სანამ არ ვნახავ, როგორ ადგება ნიშანი, მანამდე არ დავაბრუნებო. გენერალ-გუბერნატორთან კი ყოველ ნახევარ საათში მოჰქონდათ ცნობა, რომ დემონსტრანტების რაოდენობა მატულობდა და სახიფათო ლოზუნგებიც ისმოდა აქა-იქ. გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით მიტროპოლოტის სასახლე გადაქექეს, მაგრამ ნიშანს ვერსად მიაგნეს, როგორც ჩანს, ეგზარქოსი ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და მისი ბრძანებით საგულდაგულოდ დამალეს. გენერალ-გუბერნატორს არ უნდოდა, ისევ დაერეკა მეფისნაცვალთან, ამიტომ დანებება არჩია.
– დაველოდოთ საღამოს. მერე სულ რომ ძალის გამოყენებამ მომიწიოს, მაინც დავაბრუნებინებ იმ რაღაცას! – გადაულაპარაკა თავის ადიუტანტს.
– თქვენო ბრწყინვალებავ, მართლა რომ გაცოცხლდეს ის ტანსაცმელი და ეგზარქოსმა აღარ ინდომოს დათმობა?! – დაეჭვებული იყო ადიუტანტი, რომელიც წოდებით გენერალ-მაიორი გახლდათ.
– მე და თქვენ ბევრი რამ გვინახავს. ვიცი, გონიერი კაცი ხართ, ხოდა, იმედი მაქვს, ხუმრობთ! – გაეპასუხა გენერალ-გუბერნატორი, წამითაც კი არ დაუშვია გონებაში, რომ შეიძლებოდა, ტანსაცმელი გაცოცხლებულიყო. ახლა მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, როგორმე მშვიდობა შეენარჩუნებინა საღამომდე, ამიტომ მის მიერ წარგზავნილმა ადიუტანტმა, მესრის შიგნიდან, აუწყა დემონსტრანტებს, რომ იმ ოთახის საკეტი გაფუჭდა, სადაც ნიშანი იყო დასვენებული, ამიტომ გვიანდებოდა ნიშნის დაბრუნება. როცა კარს გააღებდნენ, შვილის ტანსაცმელს დედას დაუბრუნებდნენ, ამის პირობას პირადად გენერალ-გუბერნატორი იძლეოდა, მანამდე კი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა დემონსტრანტებს. მამაჩემმა მელანოს უთარგმნა ადიუტანტის ნათქვამი.
– მალე რვა საათი დადგება და ბიჭი ადგება. რომელიმე მეზობლის სახლთან უნდა მივიდეს. აქ ვის სახლთან მივა, თქვე უღმერთოებო, ვის სახლთან?! – იკივლა მელანომ და ხალხიც აჰყვა. დამშვიდების მაგივრად უფრო აღელდნენ დემონსტრანტები. ამასობაში რვა საათიც მოახლოვდა. ეგზარქოსი, მიტროპოლიტი, გენერალ-გუბერნატორი და მისი ადიუტანტი მიტროპოლიტის კაბინეტში იყვნენ შეკრებილნი. რვას ორიოდე წუთი აკლდა, როცა მიტროპოლიტმა გორგოლაჭებიანი კარადა გამოსწია და რამდენიმესაკეტიანი კარი გააღო. გენერალ-გუბერნატორმა, რომელსაც აინტერესებდა, სად მალავდნენ ნიშანს, ცინიკური ღიმილით გააქნია თავი. ყველანი საიდუმლო ოთახში შევიდნენ, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა. მიტროპოლიტმა შუქი აანთო, გრძელი ბალიში, რომელზეც ნიშანი იყო დაფენილი, ოთახის შუაში, დაბალ მაგიდაზე იდო. გენერალ-გუბერნატორი და ადიუტანტი მიუახლოვდნენ, ამ უკანასკნელს უფრო მეტი ინტერესი ეტყობოდა, გენერალ-გუბერნატორს კი ცინიკური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
– დროა უკვე, ხელს ნუღარ შევუშლით! თუ შეიძლება, აქეთ გამობრძანდით! – თქვა ეგზარქოსმა.
– კი ბატონო, დაველოდოთ სასწაულს! – ირონიულად თქვა გენერალ-გუბერნატორმა და კუთხისკენ გაიწია.
საათმა რვა ჩამოჰკრა. მიტროპოლიტს ერთმანეთზე მიტყუპებული ხელები მკერდთან ჰქონდა მიტანილი და მუხლებზე მდგარი ელოდა ნიშნის ადგომას, ეგზარქოსი ფეხზე იდგა, მაგრამ მარჯვენა ხელში მკერდზე დაკიდებული დიდი ჯვარი ეჭირა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეპიფანური გაბრწყინება განეცადა. დრო გადიოდა, მაგრამ ნიშანი ადგილიდან არ იძვროდა, ორი წუთი გავიდა, მერე – სამი, მერე – ოთხი და მერე – ხუთი.
– დიდხანს ველოდოთ, თქვენო უწმინდესობავ?! – იკითხა გენერალ-გუბერნატორმა.
– ჩუ! – გააჩუმა ეგზარქოსმა.
ასე იყვნენ და ელოდნენ, არც ერთი ხმას არ იღებდა, მხოლოდ გენერალ-გუბერნატორი გადახევავდა ხოლმე ღიმილით თავის ადიუტანტს, რომელიც ღიმილითვე პასუხობდა, მაგრამ ცოტა დარცხვენაც ეტყობოდა იმის გამო, რომ წეღან გულის სიღრმეში სჯეროდა მოსახდენი სასწაულისა.
– ეს როგორ გამიბედეთ! როგორ ბავშვივით მომატყუეთ! – უყვირა უცებ მოთმინებადაკარგულმა ეგზარქოსმა მიტროპოლიტს, რომელიც ჯერ კიდევ მუხლებზე იდგა. – ადექით ფეხზე!
– ჩემი თვალით ვნახე, თქვენო უწმინდესობავ! ღმერთი გამიწყრეს, თუ ვტყუოდე, ასეთ ტყუილს როგორ ვიკადრებდი. ის მართლა დადიოდა… – წელმოწყვეტილი წამოდგა მიტროპოლიტი. – ალბათ, სხვა გარემოში რომ მოხვდა, იმიტომ არ დგება…
– გარემო! გარემო! ამაზე უფრო კარგ გარემოში იყო იმ… იმ… ბინძურ სოფელში?! თაღლითობაა და მეტი არაფერი! მოაშორეთ აქედან! – ოთახიდან გავიდა ეგზარქოსი.
გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით ნიშანი ჭიშკრისკენ წაიღეს, რომ მელანოსთვის დაებრუნებინათ. ნიშნის გამოჩენამ უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია შეკრებილ ხალხში. პოლიციელები, რომლებსაც ნიშნის ბალიში ეჭირათ, შეშინებულნი შედგნენ, გარეთ გასვლისა ეშინოდათ, ვერც სასახლის გუშაგები ბედავდნენ ჭიშკრის გაღებას, მაგრამ სამხედრო ოფიცერმა მესერთან ჩამწკრივებული ჯარისკაცების ნაწილი შაშხანამომარჯვებული დააყენა ჭიშკრის პირდაპირ და გარეთ მდგარ დემონსტრანტებს უბრძანა, რამდენიმე ნაბიჯით გასცლოდნენ ჭიშკარს. როცა დემონსტრანტებმა უკან დაიხიეს, გუშაგმა ჭიშკარი გააღო, პოლიციელებმა კი სასწრაფოდ გადგეს ნიშნიანი ბალიში ეზოს გარეთ და სწრაფადვე შემობრუნდნენ უკან. მელანო ბალიშთან მიიჭრა და ელდა ეცა, ნიშანს მარჯვენა სახელოზე მანჟეტი ჰქონდა მოჭრილი. მის კივილზე ხალხი ისევ ჭიშკარს და მესერს მიაწყდა.
– ბიჭი დამისახიჩრეთ, თქვე გარეწრებო?! დაგამხობთ! რევოლიციას მოგიწყობთ! – კიოდა მელანო, ეს სიტყვები დემონსტრანტებს უფრო აგიჟებდათ და მთელი ძალით ეჯაჯგურებოდნენ მესერს და ჭიშკარს. ოფიცრის ბრძანებაზე ჯარისკაცებმა ისევ შემართეს შაშხანები, წკიპზე იყო სიტუაცია, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. მიტროპოლიტის სასახლის აივანზე გამოსული გენერალ-გუბერნატორი და მისი თანხმლები პირები ზევიდან ამაოდ ცდილობდნენ გარკვევას, თუ რატომ დაიძაბა ისევ მდგომარეობა. მამაჩემი მიხვდა, მძიმე ამბავი რომ დატრიალდებოდა და ამაოდ სცადა დემონსტრანტების დაწყნარება, იმ ხმაურში ვერაფერს აგებინებდა შიგნით მდგარ ჯარისკაცებს. მერე ჯიბიდან ბლოკნოტი და ფანქარი ამოიღო, დედა იმაზე სწუხს, რომ მისი შვილის პერანგს სახელო აკლიაო, წააწერა ფურცელზე, ამოხია და მესერში გაყო ქაღალდიანი ხელი, აფრიალებდა ყურადღების მისაქცევად, მაგრამ ჯარისკაცები და ოფიცრები ყურადღებას არ აქცევდნენ, მერე გუშაგის ჯიხურისკენ მიიხედა და ჯიხურის სარკმლიდან მომზირალ გუშაგს ანიშნა, მისთვის ფურცელი გამოერთმია. მისდა გასაკვირად, გუშაგი ჯიხურიდან გამოვიდა და მისკენ გამოემართა, თან დემონსტრანტების, მესრიდან გაწვდილ, მკლავებს არიდებდა თავს, მის დაჭერას რომ ლამობდნენ. მამაჩემმა დაკეცილი ქაღალდი გადაუგდო, გუშაგმა აიღო და წაიკითხა, მერე ოფიცერს მიუტანა. ოფიცერმაც წაიკითხა, ცოტა ხანს იყოყმანა და, ბოლოს, ჯარისკაცი გაგზავნა სასახლეში. ჯარისკაცი მალე დაბრუნდა და მანჟეტიც მოიტანა. აღმოჩნდა, რომ შაკიკით დატანჯულ ეგზარქოსს, რომელსაც თავიდან ნიშნის სიწმინდისა სჯეროდა, მანჟეტი მოეჭრა, ხილაბანდით მიეკრა შუბლზე და, ტკივილმა ოდნავ რომ გაუარა, ასევე დასძინებოდა. გენერალ-გუბერნატორმა რომ გააღვიძა, თავი აღარ სტკიოდა და ნიშნის სიწმინდეში დარწმუნებულმა, მანჟეტი უჯრაში ჩაკეტა, მაგრამ მერე, ნიშანი რომ არ ადგა, იმედი გაუცრუვდა. ისე იყო გაბრაზებული, მანჟეტი არც გახსენებია და, როცა მასთან შესულმა მიტროპოლიტმა მოახსენა, მანჟეტს ითხოვენო, უჯრა გამოაღო, მანჟეტი დაჭმუჭმა და ისე გადაუგდო.
მელანომ მანჟეტი ნიშნის სახელოსთან დააფინა და ახლაღა გაახსენდა, რომ ბალიში, რომელზეც ნიშანი ეფინა, მისი არ იყო, არაფერში მჭირდება მათი ბალიშიო, თქვა და ნიშანი ფრთხილად აიღო, ერთმანეთზე გადალამბული შარვალი და ხალათი მკლავებზე ჰქონდა გადაფენილი. დემონსტრანტებმა ბალიში აიღეს და მესრის ზემოდან ეზოში მოისროლეს. მელანო ისევ ხიდისკენ მიდიოდა და ხალხის ნაკადიც მოჰყვებოდა. მალე საიდანღაც მოგრძო ფიცარი მოიტანეს, რომელზეც სამი ბალიში იყო დაჭედებული, მელანომ ნიშანი ბალიშებზე დააფინა და ვიღაცების მიწოდებული ქინძისთავებით მანჟეტი სახელოზე მიამაგრა. მამაჩემმა და ვიღაც კაცმა ფიცარი აიღეს და გზა განაგრძეს. ხალხი ისევ უკან მიჰყვებოდა, პროცესიას ჰგავდა მათი მსვლელობა.
ხიდი გადაიარეს და რკინიგზის სადგურისკენ გაემართნენ. ხალხხმა ფული ააგროვა და მთელი ვაგონის ბილეთები იყიდეს, რომ ნიშანი არავის შეეწუხებინა. ხალხო, ერთი კუპეც საკმარისიაო, იხვეწებოდა მელანო, მაგრამ არავინ დაუჯერა. კარგად ბნელოდა, მატარებელი რომ დაიძრა, ბაქანზე დარჩენილი ხალხი ტაშს უკრავდა და ასე, ცარიელი ვაგონით იმგზავრეს დაბამდე. დაბიდან კი ეტლით ჩავიდნენ სოფლამდე.

ნაწყვეტი რომანიდან (ნაწილი პირველი)

0

ამასობაში ნიშნის სანახავად მხოლოდ ჩვენი გუბერნიის სოფლებიდან კი არა, მეზობელი გუბერნიიდანაც მოდიოდა ხალხი. ყოველ საღამოს მელანოს სახლთან უამრავი ადამიანი იკრიბებოდა და შიშით და ინტერესით ელოდნენ ჭიშკრიდან ნიშნის გამოსვლას, მერე კი ანთებული სანთლებით, ხატებით და ჯვრებით ხელში მიჰყვებოდნენ უკან. მამა ევსტათის არ მოსწონდა ეს ლიტანიობები, რადგან მელანოსთან ჩხუბის შემდეგ თვითონ ვერ ღებულობდა მონაწილეობას, ხოდა, ყველანაირად ცდილობდა, მომსვლელებში ინტერესი დაეკარგა: ნიშნის სანახავად მომავალ ხალხში მნათეს ნათესავები, რომლებიც წინასწარ იყვნენ დარიგებულნი, გაერეოდნენ ხოლმე და ორნაირ ჭორს ავრცელებდნენ. პირველის მიხედვით ნიშანი ეშმაკის ძალით მოძრაობდა, მეორის მიხედვით კი უბრალო და იაფფასიანი ფოკუზი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხალხის ნაკადი ყოველდღე მატულობდა. ერთ დღესაც მამა ევსტათი მიტროპოლიტის სასახლეში დაიბარეს, ნიშნის ამბავს ეგზარქოსის ყურამდე მიეღწია და მიტროპოლიტს ამ დაუჯერებელი ამბის გადამოწმება ჰქონდა დავალებული.
– დავიჯერო, მართალია, რასაც ლაპარაკობენ?! – ჰკითხა მამა ევსტათის მიტროპოლიტმა.
– რთული სათქმელია, თქვენო უწმინდესობავ… – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მამა ევსტათიმ, რადგან მშვენივრად იცოდა მელანოს ჯიუტი ხასიათი და ის, რომ მელანო არაფრით არ შეურიგდებოდა, შესაბამისად, თვითონ ვერაფერს გამორჩებოდა ამ ყველაფრიდან.
– რას ნიშნავს რთული სათქმელია. დადის თუ არ დადის ტანსაცმელი?! – წარბები შეკრა მიტროპოლიტმა.
– კი, ნამდვილად დადის, თქვენო უწმინდესობავ…
– და არის შესაძლებელი, რომ თაღლითობასთან გვქონდეს საქმე?! მის მაღალუწმინდესობა ეგზარქოსს ტყუილად ვერ ჩამოვაბრძანებ!
– თაღლითობის არანაირი კვალი არ ჩანს…
– მაშინ რატომ მეჩვენება, რომ დიდად აღფრთოვანებული არ ხართ ამ სასწაულით?!
– აღფრთოვანებული ვარ, თქვენო უწმინდესობავ, უბრალოდ, სიფრთხილეს ვიჩენ… – თავი დახარა მამა ევსთატიმ.
პასუხები მიტროპოლიტისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ მოისურვა, თავისი თვალით ენახა ყველაფერი და იმავე დღეს გამოემგზავრა მატარებლით. საღამოს მისი ავტო მელანოს ჭიშკარს მოადგა და, სხვებთან ერთად, მიტროპოლიტიც გახდა სასწაულის მოწმე. მელანოს, იმ ჩხუბის შემდეგ, ეკლესიის ხალხისკენ გახედვა არ უნდოდა, მაგრამ რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ მიტროპოლიტმა დაარწმუნა, რომ ნიშანი ეპარქიის საკათედრო ტაძარში გადაებრძანებინათ, სადაც სპეციალურად ამისთვის ჩამოსული ეგზარქოსი წირვას აღავლენდა, შემდეგ კი ნიშანს ისევ უკან დააბრუნებდნენ.
– ვერ დავუშვებ, რომ იმ დროს, როცა დგება ხოლმე, აქ არ იყოს. – თქვა მელანომ.
– ყველაფერი მოესწრება. ხვალ საღამოს, ლოგინზე რომ დაწვება, ჩემი პირადი ავტოთი მატარებლამდე მივაბრძანებთ, მერე მატარებლით – ქალაქამდე. ზეგ დილით წირვა ჩატარდება, წირვის მერე წამოვაბრძანებთ და საღამოს აქ იქნება. პირადად გავაკონტროლებ ყველაფერს, შვილო ჩემო. – თაფლად იღვრებოდა მიტროპოლიტი.
დიდი ფიქრის შემდეგ მელანო დათანხმდა. მეორე საღამოს, როცა ნიშანი გუარამ გაბიდაშის ჭიშკართან მივიდა, მერე კი უკან დაბრუნდა და ლოგინზე დაწვა, მიტროპოლიტის, მისაბმელიანი ავტო შემოვიდა მელანოს ეზოში. მისაბმელზე ძვირფასი ჩარდახი დაედგათ, შიგნით კი შინდისფერი მაუდის უშველებელი ბალიში იდო, რომელზეც ნიშანი დააფინეს. ნიშანს მელანო და მამაჩემი მიჰყვებოდნენ თან. ავტოს გზად ხალხი ხვდებოდა, დაბის რკინიგზის სადგურშიც უამრავი ხალხი იყო, ყველას უნდოდა, ნიშანს შეხებოდა, მაგრამ ახლოს არავის უშვებდნენ. ნიშანი ცალკე კუპეში მოათავსეს, მასთან მხოლოდ მელანო იყო. გაჩახჩახებულ სადგურებში მატარებელს უამრავი ხალხი ხვდებოდა. მიტროპოლიტის თქმით, ყველას ჰქონდა სასწაულთან ზიარების უფლება, ამიტომ ყველა სადგურზე ნიშანს ბალიშიანად მიიტანდნენ ხოლმე ღია კართან, დაანახებდნენ ხალხს და ისევ უკან შემოჰქონდათ. მელანო ვერ ხვდებოდა, უხაროდა თუ სწყინდა ეს ყველაფერი, რაღაც ეჭვის მაგვარს კი გრძნობდა, რომ მისთვის ძალიან ძვირფასში ეცილებოდა მთელი ქვეყანა, მაგრამ არაფერს ამბობდა.
შუაღამე გადასული იყო, როცა საგუბერნიო ქალაქში ჩავიდნენ. იქაც უამრავი ადამიანი დახვდათ. ნიშანი საკათედრო ტაძარში, წინასწარ მომზადებულ შუშის ლუსკუმაში ჩაასვენეს და კარები გადარაზეს. მელანოს და მამაჩემს სასტუმროში მოსვენება შესთავაზეს დილამდე.
– მე მას არ დავტოვებ! – თქვა მელანომ, სკამი მოატანინა და ლუსკუმასთან დაჯდა. – შენ წადი, შვილო, მოისვენე! – უთხრა მამაჩემს.
– მეც დავრჩებდი, რაღა დარჩა დილამდე! – თქვა მამაჩემმა და მეორე სკამზე დაჯდა.
ეგზარქოსი უკვე ჩამოსულიყო და მიტროპოლიტის სასახლეში ეძინა, მიტროპოლიტიც წავიდა მოსასვენებლად. ტაძარში მხოლოდ მამაჩემი, მელანო, მესანთლე ქალები და საკურთხევლის მსახურნი იყვნენ, ენერგიულად დადიოდნენ და დილისთვის ემზადებოდნენ. გარეთ სადგურიდან გამოყოლილი ხალხი ათევდა ღამეს, არ დაშლილან, დილას ელოდნენ.
როგორც იქნა, გათენდა და ეგზარქოსიც მოვიდა. წმინდანის დედა გამაცანითო, მოითხოვა ტაძარში შემოსვლისთანავე. მიტროპოლიტმა მელანო წარუდგინა, ეგზარქოსმა გულში ჩაიკრა. უნდა ამაყობდე, ჩემო შვილო, მუცლით წმინდანის ტარება გარგუნა უფალმაო, უთხრა მელანოს, მიტროპოლიტმა უთარგმნა. ჩემი ნამდვილი შვილი არ არის, მხოლოდ ჩემი გაზრდილიაო, გაეპასუხა მელანო, მაგრამ მიტროპოლიტს ეს არ უთარგმნია ეგზარქოსისთვის, სულაც არ უნდოდა ამ ამაღლებული წუთების გაფუჭება. ეგზარქოსმა შუშის ლუსკუმას გადაუსვა ხელი, აღფრთოვანებული თვალებით დასცქეროდა შიგნით ჩაფენილ ტანსაცმელს. მერე მელანოსგან შეხების ნებართვა ითხოვა, ლუსკუმა გაახსნევინა და, ამჯერად, ნიშანს გადაუსვა ხელი, წმინდა კვართი, წმინდა კვართიო, იმეორებდა ცრემლმორეული და ნაზად უსვამდა ხელს.
წირვას უამრავი ადამიანი დაესწრო, ტაძარში და ტაძრის ეზოში ტევა არ იყო, ლუსკუმა ხალხისგან ბოძკინტებზე გაბმული თოკებით იყო გამოყოფილი და პოლიციაც იცავდა. წირვის შემდეგ ხალხს ნება დართეს, წესრიგის დაცვით, ლუსკუმას მიახლოებოდნენ, მაგრამ, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, მალევე მიხვდნენ, რომ ამას მთელი დღე დასჭირდებოდა, ამიტომ უკმაყოფილო მრევლი ეკლესიიდან გაიყვანეს და კარები ჩაკეტეს. ამაშობაში შუადღეს ბევრი აღარ უკლდა. დრო იყო, ნიშანი მატარებელში დაესვენებინათ, რომ საღამომდე სოფელში ჩაესწროთ. მელანომ და მამაჩემმა მიტროპოლიტი ან ვინმე პასუხისმგებელი პირი მოიკითხეს, მაგრამ არავინ ჩანდა, სასულიერო პირები სხვადასხვა საეჭვო პასუხს იძლეოდნენ. ბოლოს მიტროპოლიტის ვიკარი გამოჩნდა:
– ჯერ იტრაპეზეთ, წუხანდელიდან არაფერი მიგირთმევიათ. მისი უწმინდესობა მიტროპოლიტი პირობას გაძლევთ, რომ სახლში დროზე ჩააღწევთ, ჯერ შუადღეც არაა!
მისმა მოთაფლულმა ლაპარაკმა გაჭრა, მელანო და მამაჩემი სადილზე დათანხმდნენ. მელანოს არ უნდოდა ნიშნის დატოვება და, ლამის, თქვა, აქ მოგვართვით სადილიო, მაგრამ უცებვე მიხვდა, რომ ტაძარში ჭამა არ გამოვიდოდა, ამიტომ ყოყმანით და ფეხისთრევით გაჰყვა ვიკარს ტაძრის უკანა ეზოს კუთხეში ჩამწკრივებული კელიებისკენ, რომელთა ბოლოს, ტაძრის ეზოშივე აშენებული მამათა მონასტრის სატრაპეზო იყო.
მელანო მაგიდასთან წრიალებდა, ორი ლუკმა შეჭამა თუ არა, ისევ მონასტერში დაბრუნება მოისურვა, მამაჩემს კი სთხოვა, დარჩენილიყო.
– არ შეიძლება აქედან მშიერი გასვლა! ბოლომდე უნდა ჭამო ეგ! – მკაცრად, ლამის, ყვირილით, უთხრა ბერმა, რომელიც მათ ემსახურებოდა.
ბავშვივით დატუქსულმა მელანომ არაფერი უპასუხა, მამაჩემს გადახედა, თავი ოდნავ გააქნია და უგემურად გააგრძელა ჭამა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ცოტა ხანში ადგა. მადლობელი ვარ სადილისთვისო, უთხრა მოღუშულ ბერს და ტაძრისკენ წავიდა. მამაჩემიც გაჰყვა, გზად, კელიების მწკრივის დასაწყისში, ორი ფარშევანგი დაინახა, გალიაში ისხდნენ. ამ გალიას წეღანაც მიაქცია ყურადღება, როცა აქეთ მოდიოდნენ, ტენტი ჰქონდა ჩამოფარებული, ახლა კი ტენტი გადაეწიათ. გაჩერდა და თვალიერება დაუწყო ფარშევანგებს, უცებ ტაძრიდან კივილი შემოესმა, აშკარად მელანო იყო. იქითკენ გაიქცა და ტაძრის კარში მელანო შემოეფეთა.
– მომტაცეს! ჩემი ბიჭი წაიყვანეს! აღარაა! ყაჩაღები! ამათ როგორ ვენდე! – კიოდა მელანო.
მამაჩემმა ლუსკუმასთან მიირბინა, ნიშანი ბალიშიანად გამქრალიყო.
– არ მაინტერესებს, ეკლესიაა თუ რაცაა, ცეცხლს წაგიკიდებთ! ბიჭი დამიბრუნეთ! – ლოყებს იხოკავდა მელანო.
მამაჩემს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა გაეკეთებინა და ვისთვის მოეთხოვა პასუხი, სადიაკვნესთან მიირბინა, არავინ იყო, აღსავლის კართან მისვლა ვერ გაბედა და უკან გამობრუნდა, არც მესანთლეების ჯიხურებთან იყო ვინმე, თითქოს ყველა სულიერი ერთიანად გაქრა. ისევ სატრაპეზოსკენ გაიქცა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა. კივილის ხმამ ტაძრის წინა ეზოში შეკრებილ ხალხამდეც მიაღწია და მესერს მოაწყდნენ, რომელიც ტაძრის წინა და უკანა ეზოებს ყოფდა. მელანო იცნეს და ყვიროდნენ, რა მოხდაო.
– ბიჭი მომტაცეს ამ ყაჩაღებმა! – ლოყებს იხოკავდა მელანო.
ყველა მიხვდა, რომ ნიშანს გულისხმობდა და ვინც მოახერხა, მაღალ მესერზე გადაძვრა. ზოგი მათგანი ტაძარში შედიოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ნიშანი მართლა გაიტაცა ვიღაცამ. მესერზე გადმომძვრალთაგან ყველა კაცი იყო და მელანომ მესერთან მომდგარ ქალებს მოჰკრა თუ არა თვალი, მათკენ გაემართა კივილით, ქალებისგან ელოდა თანადგომას და ნუგეშისცემას. ქალების რეაქციამაც არ დააყოვნა და მალე საშინელი მოთქმა-გოდება ატყდა.
– მიტროპოლიტის სასახლეში იქნება, სხვაგან სად დამალავდნენ! – იყვირა უცებ ვიღაცამ.
– მე ვნახე, როგორ ჩააბრძანეს მიტროპოლიტის ავტოში! – დაიძახა სხვა ვიღაცამ.
– ხოდა, წავიდეთ და უკან მოვთხოვოთ! – იხუვლა ხალხმა.
ეს აზრი ყველას ჭკუაში დაუჯდა, მესერს გამოღმა დარჩენილებიდან ზოგიერთი ისევ უკან გადაძვრა, ზოგი კი ტაძარში შევიდა და წინა კარიდან გასვლა სცადა, მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო. უკან დაბრუნდნენ და ტაძრის ორივე მხარეს, ეზოს გამყოფ მესერში ჩატანებულ კარებს ეცნენ, იმ კარებსაც ბოქლომები ედო. მამაჩემი ვერ მიხვდა, ასე უცებ საიდან იშოვეს ძალაყინი, მაგრამ ვიღაცამ, წინა ეზოელთაგან, ნამდვილად იშოვა და უკანა ეზოელებს გადმოაწოდა. ბოქლომის ჯაჭვი მარტივად გაწყვიტეს და ხალხი ტაძრის ეზოს ალაყაფისკენ დაიძრა ყვირილით. ტაძრის ჩაკეტვის მერე ეზოში არც ისე ბევრი ხალხი დარჩა, მაგრამ ქუჩაში შეხვედრილი ადამიანები რომ იგებდნენ, რაშიც იყო საქმე, მსვლელობას უერთდებოდნენ. წინ მელანო მიდიოდა, რომელსაც ერთ მხარეს – მამაჩემი, მეორე მხარეს კი ვიღაც ქალი, რომელიც ყველაზე აქტიური იყო, ამოსდგომოდა გვერდით. მიტროპოლიტის და გენერალ-გუბერნატორის სასახლეები მდინარის გადაღმა, ახალ უბანში იდგა. მსვლელობა სანაპირო გზაზე გავიდა და სანამ ხიდამდე მიაღწევდა, თითქმის ორჯერ გაიზარდა. საიდანღაც ხალხის უკმაყოფილებიდან სარგებლის მომლოდინე ადამიანებიც გაჩნდნენ და აქა-იქ რევოლუციური ლოზუნგებიც გაისმა. სანამ ხიდზე გადავიდოდნენ და სასახლეებისკენ გადაუხვევდნენ, პოლიციამ, ჟანდარმერიამ და ჯარისკაცებმა ორივე სასახლეს ალყა შემოარტყეს, რომ დემონსტრანტები ახლოს არ მიეშვათ. ჯერ გენერალ-გუბერნატორის სასახლე უნდა გაევლოთ, რომელსაც სამართალდამცველთა უფრო დიდი რაოდენობა იცავდა, მაგრამ დემონსტრანტები იქ არ გაჩერებულან, მიტროპოლიტის სასახლის უშველებელ ალაყაფს მიადგნენ, თან – ნიშანი, ნიშანიო, ყვიროდნენ. გენერალ-გუბერნატორი წირვას არ დასწრებია, გადაუდებელი შეხვედრა მოიმიზეზა და ქალაქიდან გაემგზავრა, სინამდვილეში არასერიოზულად მიაჩნდა სამიოდე კვირის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ტანსაცმლის თაყვანისცემა. ახლა კი, ერთი ადგილობრივი თავადის აგარაკზე საქეიფოდ მყოფს, მის სასახლესთან ამდენი ადამიანის თავშეყრის ამბავი რომ შეატყობინეს, სერიოზულად შეშფოთდა და მიტროპოლიტის სასახლეში დარეკა ეგზარქოსთან სასაუბროდ. მიტროპოლიტმა შეატყობინა, რომ ეგზარქოსს ეძინა.
– რა დროს ძილია, ფანჯარაში არ იხედებით?! – აღშფოთდა გენერალ-გუბერნატორი.
– ვიხედები, თქვენო ბრწყინვალებავ, ნამდვილად დიდძალი ხალხია… – ვერ დამალა მიტროპოლიტმა.
– ხოდა, რა დროს ძილია! ან ვის მოაფიქრდა მაგ რაღაცის გატაცება?!
– მისმა უწმინდესობამ ინება, რომ სიმართლეში დარწმუნდეს. საღამოს ელოდება…
– რა სიმართლეში, თქვენ რა, მართლა გჯერადთ, რომ ტანსაცმელი დადის?!
– ჩემი თვალით ვნახე, თქვენო ბრწყინვალებავ.
– რა ნახეთ თქვენი თვალით?! თქვენ რა, ყველანი ერთიანად გაგიჟდით?! სახალხო მღელვარების ზღვარზე ვართ, რა დროს სისულელეებია! დროზე გააღვიძეთ, ან კეთილი ინებეთ და თქვენ თვითონ დააბრუნეთ ის რაღაც! – იყვირა გენერალ-გუბერნატორმა, მაგრამ მიტროპოლიტმა ეგზარქოსის გაღვიძებაზე ისევ უარი განაცხადა და არც ნიშანი გაუტანია მელანოსთან.
ამასობაში გენერალ-გუბერნატორი ქალაქში დაბრუნდა და უკანა კარიდან შევიდა მიტროპოლიტის სასახლეში. ეგზარქოსს ისევ ეძინა, მაგრამ გენერალ-გუბერნატორი საწოლ ოთახში შეუვარდა და გააღვიძა.
– როგორ ბედავ ჩემთვის ძილის დაფრთხობას! – იყვირა ეგზარქოსმა და გენერალ-გუბერნატორს ფაიფურის პატარა, ძვირფასი საფურთხებელი ესროლა, რომელიც საწოლთან, კომოდზე ედო, ახალგაღვიძებულს საშინელი ხასიათი ჰქონდა. გენერალ-გუბერნატორმა საფურთხებელი აიცილა (უკან, იატაკზე დაიფშვნა), მაგრამ ნერწყვი მუნდირზე მიესხა, გულისრევა და სიბრაზე ძლივს შეიკავა, თავის ადიუტანტს ცხვირსახოცი გამოართვა, მუნდირიდან ნერწყვი ჩამოიწმინდა და ეგზარქოსს, როგორც შეეძლო, მშვიდად, აუწყა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუ ნიშანს არ დააბრუნებდნენ.
– თქვენ მხოლოდ ერთ გუბერნიას განაგებთ, ჩემი ძალაუფლება კი ორივე გუბერნიაზე ვრცელდება, ანუ მე თქვენზე მეტი სუვერენი ვარ! ხოდა, ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი! არ დავაბრუნებ! – შედარებით მოთოკა თავი ეგზარქოსმა და თავისი უპირატესი თანამდებობრივი მდგომარეობით სცადა, წერტილი დაესვა ამ კამათისთვის. გენერალ-გუბერნატორს დიდად არ უნდოდა ამ საქმეში მეფისნაცვლის ჩარევა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ თვითონ ასეთ მარტივ გამოწვევასაც ვერ უმკლავდებოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო, გავიდა და მეფისნაცვლის კანცელარიაში დარეკა, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ მეფისნაცვალთან დააკავშირეს.
– შეშლილი მოხუცი! – ჩაილაპარაკა მეფისნაცვალმა, როცა საქმის ვითარებაში გაერკვა. – დამალაპარაკეთ.

ტრადიციები, ჩვევები და რიტუალები

0

კულტურა არის ადამიანთა ცხოვრების წესი, რომელიც მოიცავს ღირებულებებს, რწმენებს, ტრადიციებსა, ჩვეულებებს, რიტუალებს და ა.შ. ტრადიციები, ჩვევები და რიტუალები დროთა განმავლობაში იცვლება – ზოგჯერ ახალი ჩნდება, ზოგი კი ქრება ან იცვლება. ეს ცვლილებები გვაჩვენებს, რომ კულტურა ცოცხალია და ყოველთვის ვითარდება. ასევე, კულტურის შემადგენელი ზოგიერთი ელემენტი ჩვენ მოგვწონს ან არ მოგვწონს. ზოგჯერ გვიწევს ისეთი რიტუალის შესრულება, რომელსაც არ ვეთანხმებით…

ამ სტატიაზე მუშაობა გერმანიაში ყოფნისას დავიწყე. ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მონაწილეები უნდა დამეფიქრებინა ტრადიციების, ჩვევებისა და რიტუალების მნიშვნელობასა და გავლენაზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქტივობა აგებულია ჯგუფურ დისკუსიასა და საკითხის კრიტიკულ გააზრებაზე.

აქტივობის შესრულებას შეიძლება დაეთმოს რამდენიმე გაკვეთილი ან განხორციელდეს არაფორმალურ გარემოში.

აქტივობის დაწყებამდე მოსწავლეებს ჰკითხეთ რა არის ტრადიცია, ჩვევა და რიტუალი. შემდეგ გაუზიარეთ ქვემოთ მოცემული (ან თქვენეული) განმარტებები.

  • ტრადიციები არის ადამიანთა ცხოვრების წესი, რომელიც მოიცავს ღირებულებებს, რწმენებს, წესებსა და ჩვეულებებს. ისინი აერთიანებს როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ელემენტებს და ქმნის ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს;
  • ჩვევები არის მოქმედებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიმეორებთ და ისინი გვაყალიბებს როგორც ინდივიდებს;
  • რიტუალები კი განსაკუთრებული ფორმის ქმედებებია, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებთან, საზოგადოებრივ ღონისძიებებთან.

სამივე მათგანის ერთობა აძლიერებს ადამიანებს შორის კავშირებს და აყალიბებს ერთიანობის განცდას.

პირველი რაუნდი (30 წუთი)

ჩამოწერეთ თქვენი კულტურისთვის დამახასიათებელი ტრადიციის, ჩვევის ან რიტუალის თქვენთვის მისაღები 4-5 მაგალითი. ჯგუფში იმსჯელოთ და შეარჩიეთ საერთო სია.  ჩამონათვალი შეინახეთ საიდუმლოდ.

 

მეორე რაუნდი (30 წუთი)

ჩამოწერეთ თქვენი კულტურისთვის დამახასიათებელი ტრადიციის, ჩვევის ან რიტუალის 4–5  მაგალითი, რომელთაც ასრულებთ, მაგრამ არ მოგწონთ ან არ ეთანხმებით. ისევ იმსჯელეთ გუნდში და შეარჩიეთ საერთო სია. სია არ გაუზიაროთ სხვა ჯგუფებს.

 

მესამე რაუნდი (30 წუთი)

ჯგუფში განიხილეთ და შეარჩიეთ:

  • ერთი ტრადიცია/ჩვევა/რიტუალი, რომელიც მოგწონთ;
  • ერთი ტრადიცია/ჩვევა/რიტუალი, რომელიც არ მოგწონთ.

ჯგუფში მოიფიქრეთ შერჩეული მაგალითების ვიზუალური ან კრეატიული (მაგალითად: ნახატი, სცენური თამაში, მუსიკა, სიმბოლოები, მცირე წარმოდგენა და ა.შ.) გზით გაზიარების სტრატეგია.

მნიშვნელოვანი წესი: პრეზენტაციის დროს ვერბალური კომუნიკაცია აკრძალულია. არ უნდა ისაუბროთ – მხოლოდ არავერბალური გზებით უნდა გამოხატოთ თქვენი იდეა.

 

მეოთხე რაუნდი  – პრეზენტაციები

თითოეული გუნდი რიგითობით წარმოადგენს თავის დავალებას (არავერბალური ფორმით). დანარჩენმა გუნდებმა უნდა გამოიცნონ, რომელი ტრადიცია/ჩვევა/რიტუალია წარმოდგენილი როგორც მოსაწონი, და რომელი – როგორც არასასურველი და რა არის მათი შინაარსი.

პრეზენტაციის შემდეგ, თითოეული გუნდი ასევე წარმოადგენს იმ მაგალითებს, რომლებიც ჩამოწერეს პირველი და მეორე რაუნდის ფარგლებში.

მეხუთე რაუნდისაერთო დისკუსია

სადისკუსიო კითხვები:

  • რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი ტრადიცია, ჩვევა ან რიტუალი ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ სხვებისთვის მისაღები?
  • როგორ შეიძლება შევხედოთ ერთსა და იმავე ტრადიციას სხვადასხვა კულტურის პერსპექტივიდან?
  • რა როლს თამაშობს ტრადიცია იდენტობის შენარჩუნებაში?
  • როდის არის საჭირო ტრადიციის შეცვლა ან მოდერნიზება?
  • როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ განსხვავებული კულტურების პატივისცემა, მაშინაც კი, როცა მათ არ ვეთანხმებით?

კლასის/ჯგუფის შესაძლებლობების გათვალისწინებით შეგიძლიათ გამოტოვოთ მესამე და მეოთხე რაუნდები. ამ შემთხვევაში, სთხოვეთ ჯგუფებს გააზიარონ პრეზენტაციები. შემდეგ უკვე შეგიძლიათ წამოიწყოთ დისკუსია წამახალისებელი კითხვების დახმარებით.

 

პინგვინის გაკვეთილი

0

ფილმები ნამდვილ ამბებზე შთაგონების და მოტივაციის წყაროა. სტამბოლი-ბერლინის რეისზე ჩავრთე მონიტორი, გავხსენი ფილმების განყოფილება. ჩამონათვალში მაშინვე თვალში მომხვდა ფილმები ნამდვილ ამბებზე. ჩავათვალიერე შემოთავაზებული ფილმები.

2024 წლის ფილმი „პინგვინის გაკვეთილები“ სიის სათავეში იყო. გავეცანი ინფორმაციას,  ჩავრთე ფილმი და შემდეგ როგორ გავიდა 111 წუთი ვერ გავიგე…

ინგლისური ენის ბრიტანელი მასწავლებელი, 1970-იანი წლების არგენტინა, პოლიტიკურ-ეკონომიკური ქაოსი, ავტორიტარიზმი, კრიმინალი ქუჩაში,  ბულინგი და  დაძაბულობა სკოლაში, პირველივე დღეს სკოლის კარებთან სროლა… ეს არის ის გარემო, რაც ხვდება არგენტინაში ჩასულ მასწავლებელს. ფილმს ფონად გასდევს მსუბუქი იუმორი და დრამა.

მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი რეალურად არის ტომ მიჩელი (Tom Michell) ინგლისელი მასწავლებელი, რომელიც 1970-იან წლებში მიდის არგენტინაში ენის მასწავლებლად.  ის არის ავტორი წიგნისა „პინგვინის გაკვეთილები: რა ვისწავლე ამ გამორჩეული ფრინველისგან“ (The Penguin Lessons: What I Learned from a Remarkable Bird).

… პინგვინების გადარჩენა ფილმში მხოლოდ ეკოლოგიური „პინგვინის გაკვეთილები“ არის ფილმი, რომელმაც დამაფიქრა, დამიტოვა  კითხვები, მამოგზაურა 70-იანი წლების არგენტინაში…. გულანთებული მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. ადგილზე ჩასულს დირექტორი რაგბის გაკვეთილებსაც უმატებს.

მთავარი გმირი ახალი ქვეყნისა და სრულიად უცხო კულტურის წინაშე აღმოჩნდება. თავდაპირველად ვერ უგებს მოსწავლეებს, კოლეგებს… კლასი – ქაოტური, სადაც არავინ იმჩნევს მასწავლებელს, მის გაკვეთილებს. სკოლაში არ არის წესრიგი, ბავშვები არ ინტერესდებიან სწავლით, საზოგადოება კი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ცხოვრობს.
ის ცდილობს ნდობის მოპოვებას, საერთო შეხების წერტილების პოვნას, მაგრამ ამაოდ…

მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო სწავლა წყდება. მოულოდნელი არდადეგებს ტომ მიჩელი მეზობელ ურუგვაიში მოგზაურობით ივსებს. მას თან ფინელი კოლეგა მიჰყვება. სწორედ ეს მოგზაურობა აღმოჩნდება გადამწყვეტი. იქ, ზღვის ნაპირზე, ისინი აწყდებიან სცენას, რომელიც ყველაფერს ცვლის.
ნაპირას გამორიყული ნავთობით დაბინძურებული ათასობით პინგვინი — შავი ზეთის ფენაში გახვეული პატარა არსებები, რომლებიც იხოცებიან…

https://www.youtube.com/watch?v=xdjEXNX1nSA – ოფიციალური ანონსი (ეს ვიდეო გაშლილად რომ ჩანდეს სტატიაში)

მთავარი გმირი და მისი ახლად გაცნობილი მეგობარი ცდილობენ დაეხმარონ პინგვინებს. ერთი პატარა პინგვინი მიჰყავთ სასტუმროში, ასუფთავებენ, აწესრიგებენ და მეორე დღეს მიჰყავთ სანაპიროზე რომ გაუშვან. თუმცა პინგვინი აღარ ტოვებს მის მხსნელს…

პინგვინების გადარჩენა ფილმში მხოლოდ ეკოლოგიური და ბუნებაზე ზრუნვის  მომენტი არ არის, სიმბოლოა — ადამიანის პასუხისმგებლობის, თანაგრძნობის და ძალის, რომლითაც შეიძლება შეცვალო რეალობა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ მთავარი გმირი თითქოს თავადაც იცვლება: ხდება უფრო მტკიცე, ისახავს მიზანს, რომ შეცვალოს რეალობა, კლასში თუ მის მიღმა. მასწავლებელი იხსენებს მისი გოგონას ტრაგიკულ გარდაცვალებას და მისი პირადი ტრაგედიის გაზიარებით ცდილობს გადაარჩინოს კრიმინალების მიერ გატაცებული სკოლის მომსახურე პერსონალის შვილიშვილი.

 

„პინგვინის გაკვეთილები“ მხოლოდ მასწავლებლის შესახებ არ არის. ეს ფილმია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს გავლენა მოახდინოს სხვებზე, თუნდაც მცირე ნაბიჯებით.
ის გვახსენებს რომ მასწავლებლობა მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება არ არის — ეს არის შთაგონების, მაგალითის, ემპათიის ძალა.

ფილმი გვაჩვენებს, რომ გარემო შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ ადამიანი მაინც ინარჩუნებდეს სურვილს შეცვალოს რაღაც — დაწყებული მცირე ქმედებით. სწორედ ასე იქცევა ფილმის მთავარი გმირი: ცდილობს საკუთარი მაგალითით აჩვენოს, რომ სწავლა, ადამიანობა და ბუნებისადმი ზრუნვა ერთმანეთს უკავშირდება.

პინგვინების გადარჩენის ეპიზოდი ერთგვარი გარდამტეხი მომენტია — სიმბოლო იმისა, რომ სიკეთე და თანაგრძნობა ყველგან ერთნაირად ფასდება.

ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ შემდეგი დავალებები/აქტივობები:

  1. ემოციების რუკა

ჩამოწერეთ ემოციები, რომლებიც იგრძენით ფილმის ყურების დროს: სიხარული, გაბრაზება, შიში, შთაგონება. დაფიქრდით რამ გამოიწვია ეს ემოციები?

  1. გმირის არჩევანი და ალტერნატიული სცენარი

მოსწავლეებს ჰკითხეთ:

  • რას იზამდნენ ისინი ბრიტანელი მასწავლებლის ადგილზე?
  • როგორ მოიქცეოდნენ რთულ კლასში ან ახალ გარემოში?

შემდეგ დაყავით ჯგუფებად და მიეცით დავალება, რომ შექმნან მოკლე დიალოგი ან სცენა, სადაც ისინი თავად ასრულებენ მასწავლებლის ან მოსწავლის როლს.

  1. პინგვინის სიმბოლო

ჩამოწერეთ რასთან ასოცირდება თქვენთვის პინგვინი ფილმში — ბუნება? თანაგრძნობა? ერთგულება?
შექმენი პოსტერი (ან სხვა ვიზუალური რესურსი) სათაურით „რა გვასწავლა პინგვინმა?“

 

  1. ფილმის პრობლემების რუკა

დაჯგუფებულად მოსწავლეებმა შექმნან დიაგრამა ან ფურცელზე მოაწერონ ფილმში წამოჭრილი პრობლემები:

ბულინგი, გარემოს დაბინძურება, პოლიტიკური დაძაბულობა, თანაგრძნობის ნაკლებობა.

მოიფიქრეთ, რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ ან ახალგაზრდებმა ამ პრობლემების გადასაჭრელად?

სამწუხაროდ ფილმი ჯერ ქართულ ვებ-გვერდებზე არ არის ატვირთული

ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართული სპექტაკლი

0

ოქტომბრის ბოლოს ჩემი სადამრიგებლო კლასი მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სანახავად წავიყვანე. ექსკურსიისთვის გამიზნულ აქტივობებზე ფიქრისას, გადავწყვიტე, სახელმძღვანელოში შესწავლილი ტექსტის მიხედვით სპექტაკლი დამედგა. სწორედ იმ პერიოდში დავასრულეთ „ეთერიანი“ და ორი წლის წინანდელი გამოცდილება დამეხმარა, კერძოდ, მეშვიდეკლასთან გამართული სპექტაკლი, რომ სამ გაკვეთილზე გამენაწილებინა როლები, მომეფიქრებინა რეკვიზიტები და ეპიზოდების მიხედვით ამეკინძა წარმოდგენა. სპექტაკლი მშობლებისთვის სიურპრიზად ჩავიფიქრეთ და ამ სურვილმა ძალა შეგვმატა.

როლები გამოსაძახებელი ჩხირებით შევარჩიე. გამოწვევად მივიღე, რომ რამდენიმე მთავარი როლი შედარებით მორცხვ ბავშვებს შეხვდათ. ტექსტის საფუძლიანი ცოდნა იყო მთავარი საყრდენი. სხვაგვარად გაგვიჭირდებოდა. თუ რამდენ უნარს ავითარებს სპექტაკლი, ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი სტატია.  ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ ექსკურსიის საგანმანათლებლო მხარისა და იმრპოვიზირებული სპექტაკლის როლის შესახებ.

მასწავლებლობა ბავშვობის აუხდენელი სურვილებისა და ოცნებების რეალიზების საშუალებაც რომ არის, დაფიქრებულხართ? მირზაანში დაგეგმილი ექსკურსიაც ჩემი ბავშვობის ნათელ მოგონებას უკავშირდება.  2000 წლის სექტემბერში ჩემს ბიძაშვილთან და მის ორ მეგობართან ერთად ტიბაანიდან მირზაანში ფეხით წაგვიყვანა ჩვენმა მეზობელმა შალვამ. ფიროსმანის სახლ-მუზეუმი დაკეტილი დაგვხვდა, ჩამოვსხედით კიბეზე და გადავიღეთ ფოტო, რომელსაც ახლა სასწავლო რესურსად ვიყენებ. ოცდახუთი წლის წინ გადაღებულ სურათში ჩემი მოსწავლეების ტოლი ვარ, მოკლედ შეჭრილი თმა მაქვს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებ, მაგალითად, ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით მივდივარ. გულისწყვეტა დაკეტილი მუზეუმის გამო არ გამნელებია. მას შემდეგ ვეღარ მოვახერხე მირზაანში წასვლა. ფოტოს უკანამხარეს დამიტოვებია წარწერა, რომელსაც წერის, წარწერის მნიშვნელოვნების საილუსტრაციოდ ვიყენებ.

მირზაანში ჩასვლისას ბავშვებს ვაჩვენე ფოტო, მოვუყევი სოფლიდან სოფელში წასვლის მიზეზი. სამწუხაროდ, ამდენი წლის შემდეგაც ისევ დაკეტილი დაგვხვდა მუზეუმი. სამაგიეროდ, ვნახეთ სახლი, რომელიც აქამდე ნანახ სხვა სახლებს არ ჰგავს. ერთსართულიანი და ერთოთახიანი სახლი ნიკო ფოროსმანს თავისი დისთვის, ფეფესთვის, აუშენებია. ფეფეს ამ ერთ ოთახში 10 შვილი გაუზრდია. ოჯახის კუთვნილი ნივთებიდან შემორჩენილია 6 ნივთი: საკერავი მანქანა, სკივრი, ხალიჩა, აკვანი, თონე და სოფელ ოზაანში ნაპოვნი კარი, რომელზეც მხატვარს მზე  და ვარსკვლავი დაუხატავს. გიდი მხატვრის ბიოგრაფიასა და სახლის ისტორიას რომ გვიამბობდა, მე მობილური ტელეფონში ინფორმაციას ვიწერდი. ბავშვები გავაფრთხილე, რომ ყურადღებით მოესმინათ, რადგან შემდეგ ვიქტორინას ვითამაშებდით და მოსმენილის შესახებ კითხვებს დავუსვამდი. ეს მეთოდი ეფექტური მოსმენის გასაუმჯობესებლად ძალიან მეხმარება ხოლმე. თბილისში გაზრდილ ბიჭს ფეფეს სახლი თუნუქით გადაუხურავს და ეს ყოფილა სოფლის პირველი თუნუქისსახურავიანი სახლი. მე და ჩემმა მოსწავლეებმა წარმოვიდგინეთ, როგორ იზრდებოდა ამ პატარა ოთახში 10 ბავშვი, როგორი ხმები ისმოდა, როგორ უმღეროდა დედა ბავშვებს იავნანას.

მუზეუმის ეზოში სპექტაკლის დადგმის ნება დაგვრთეს. სურათებისთვის განკუთვნილი შენობის კიბეებზე გადავწყვიტეთ წარმოდგენის გამართვა, მაგრამ ცოტა ხანში იმდენად შესაფერისი ადგილი ვიპოვეთ, თითქოს საგანგებოდ ჩვენი სპექტაკლისთვის მოაწყვეს სცენა.

შენობის მარჯვენა მხარეს გორა აკრავს, გორაზე ულამაზესი აკაკის  ერთადერთი ხე დგას, მის წინ კი ქვის დაბალი, მორკალული ღობეა, რომელიც მაყურებლების – ჩვენი ძვირფასი მშობლების – დასაჯდომად გამოვყენეთ.

რეკვიზიტების მოგროვებაც ამ სპექტკლის განუყოფელ და დაუვიწყარ ამბად იქცა. წაღებული მქონდა ჩემი კახელი ბებოს, კატოს, მოქსოვილი ხალიჩა, რომლის მსგავსი ფიროსმანის სახლის კედელზე დაკიდებული დაგვხვდა. ბავშვებმა მაშინვე ჩემი ხალიჩა გაიხსენეს. ფიროსმანის დედას, თეკლე ტოკლიკიშვილის, მოქსოვილმა ხალიჩამ ათასი ფიქრი ამიშალა. რამდენიმე კილომეტრით მდებარე სოფელ ტიბაანში ბებიაჩემი კატო ჭრელ ხალიჩას თუ ფარდაგს რომ ქსოვდა, თეკლე ცოცხალი არ იქნებოდა. დღევანელობასთან გავავლეთ პარალელი და კახელ ქალებში ხალიჩების ქსოვის ტრადიცია შევადარეთ „ბისერებით“ სამკაულების აწყობის ჰობს, ასე ძალიან რომ უყვართ ჩემს მოსწავლეებს. ირმის ფორმისთვის წინა საღამოს მეცხრეკლასელი ანასტასიას დედას, ნატოს, დავურეკე და გვიან ღამით ანასტასიამ სადარბაზოსთან მომიტანა. ეთერის დედა ქმარს რომ მკითხავთან გზავნის, ეგ ეპიზოდი ცოტა შევცვალეთ და მკითხავთან ერთად მისი მეგობრებიც შემოვიყვანეთ. რამშტაინის მუსიკაზე მკითხავი ნუცა თეფშზე სოდას ყრის და ზედ ასხამს ძმარს, რომელიც მესენჯერ-ჩატში მშობლებთან მოვიკითხე და მარიამის დედამ წამოგვიღო. მიზეზი არ იცოდნენ, რაში გვჭირდებოდა ნახევარი ლიტრი ძმარი. ვეზირებისთვის, აბესალომისა და მურმანისთვის ფორმებად წინა სპექტაკლიდან შემონახული ნაჭრები გამოვიყენეთ, ეთერისთვის კაბა ჩემი გარდერობიდან შევარჩიე, მთავარ დეტალად კი ჩემი საქროწილო ფატა იქცა.

აკაკის ხის წინ კი გადავწყვიტეთ სპექტაკლის გამართვა, მაგრამ სულ არ მიფიქრია, რომ ხეზე შემოვსმადით ეთერს. ეს იდეა წარმოდგენის პროცესში დამებადა.

როგორც ხდება ხოლმე, სპექტაკლის დადგმისას დრო სხვაგვარ ელფერს იძენს. ამაზე დაკვირვებასა და თანამონაწილეობას არაფერი სჯობს. მშობლებისთვის მართლაც ბოლომდე სიურპრიზად დარჩა ჩვენი ჩანაფიქრი. „ამას მიმალავდი?“ – ეკითხებოდნენ ბავშვებს დედები.

იმპროვიზირებული პერფორმანსი – ასეთ სახელს იხდენს ქართული ხალხური ზღაპრის „ეთერიანის“ მიხედვით გამართული სპექტაკლი. ბავშვები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ასხენებდნენ, წამიერად ვჩერდებოდით და მერე ისევ მთელი შემართებით ვაგრძელებდით. აბესალომმა და ეთერმა ორ გაკვეთილზე ნასწავლი ქართული ცეკვაც შესანიშნავად იცეკვეს. ცალკე უნდა აღინიშნოს მთხრობლის როლი, რომელიც 12 წლის თამარმა თვითონ მოიფიქრა. სპექტაკლის დასაწყისში და კიდევ რამდენიმე ეპიზოდის წინ გამოდიოდა და იქვე მოფიქრებული სიტყვით მიმართავდა მაყურებელს, მერე აბესალომის დედად, უშტარ-ნათელად „გადაიქცა“ და ისეთი გრძნობით განიცადა აბესალომის ავადობა, ჩემ გვერდით მდგარმა ანის დედამ შესძახა, გული დამეწვაო. მურმანის როლს გოგა ასრულებდა და ეშმაკს რომ სულს მიჰყიდის, დედამისმა სასოწარკვეთით შესძახა, შე ბოროტო, ამისთვის გაგზარდეო. კიდევ ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო აბესალომის დის, მარეხის, სიტყვები, რომლებიც სალომემ, მარეხის როლის შემსრულებელმა, ფანდურზე დაამღერა და სხვა გოგოებიც აიყოლია.

მუსიკის ძირითადი ნაწილი გზაში შევარჩიე.

„პროცესით ისიამოვნეთ!“ – ეს უმთავრესი რჩევა მიიღეს ჩემმა მეშვიდეკლასელებმა რაჭველი მოსწავლეებიგან ივნისში გამართული სპექტაკლის წინ, ზუსტად იგივე უთხრეს მეცხრეკლასელმა გოგოებმა ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ბავშვები ზედმიწევნით ისრუტავენ რჩევებს და იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს თავად ან ჩვენ წარმოგვიდგენია. ამის ნათელი მაგალითი იყო სამ დღეში დადგმული სპექტაკლი მირზაანის ულამაზეს გორაზე, საიდანაც ხელის გულივით მოჩანდა ალაზნის ველი და სოფელი ტიბაანი – ჩემი ბავშვობის უძვირფასესი ადგილები. ბავშვები კატო ბებიას ხალიჩას ციმციმ დაარბენინებდნენ და აკაკის ხის ქვეშ აბესალომის დასაწოლად აფენდნენ, ნიავი ფერად ნაჭრებს აფრიალებდა, თითქოს ისიც გვეხმარებოდა და გვილამაზებდა იმ წუთებს, ბავშვები თავად მოქმედებდნენ, იღებდნენ მყისიერ გადაწყვეტილებებს, მთელი ძალისხმევით ებრძოდნენ მოწოლილ სირცხვილსა და მშობლების გასახარებლად გაბედულებად აქცევდნენ. მშობლები კი გადამდებად, მთელი გულით იცინოდნენ. ბავშვების შესაძლებლობების წარმოჩენა და ამ ყოველივეთი მშობლების გახარება – აი, რა არის ჩემი მასწავლებლობის უმთავრესი მიზანი. ჩემს მეშვიდეკლასელებთან ერთად ეს გამომივიდა.

არაფორმალურ გარემოში დაგეგმილი სპექატკლი ფორმალურ გარემოში მიღებულ, დაგროვებულ ცოდნას ეფუძნებოდა, რასაც სასწავლო პროცესისთვის განახლების ძალა აქვს.

სტატიის ბოლოს გიზიარებთ სპექტაკლის ვიდეოს:

https://www.youtube.com/watch?v=skROsiy2cdw

 

„სიტყვების ბაზარი“ და ლინგვისტური კაპიტალიზმი

0

ციფრულ ეპოქაში სიტყვებს ახალი მნიშვნელობები ემატება. მაგალითად, თუ მანამდე არსებობდა სიტყვების ძირითადი და გადატანითი მნიშვნელობები, ახლა ემატება ახალი სემანტიკა: რა ღირს ეს სიტყვა Google-ის აუქციონზე? წარმოიდგინეთ, რომ Google არის უზარმაზარი ბაზრობა, სადაც არ იყიდება ვაშლი, მსხალი და ატამი, ან პური და ხორცი, არამედ იყიდება – სიტყვები.

ახლა ავხსნათ, როგორ მუშაობს  სიტყვების ბაზრობა:

ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი მიმართავს Google-ის საძიებო ველს კითხვებით, რომლებიც შეიძლება იყოს უმარტივესი, მაგალითად, „როგორ მოვხარშო კვერცხი?“ ან უფრო რთული:  „როგორია სამყაროს მომავალი?“. ერთი შეხედვით, Google უბრალო საინფორმაციო პორტალია, რომელიც გვაძლევს წვდომას კაცობრიობის კოლექტიურ ცოდნაზე, მაგრამ ამ მარტივი ფასადის მიღმა იმალება მსოფლიოს ყველაზე დინამიკური და გიგანტური ბაზარი – უხილავი ბირჟა, სადაც მთავარი ვალუტა არც აქციებია და არც ნავთობი, არამედ – სიტყვები. ყოველი „ძიების“ ღილაკზე დაჭერა მყისიერად იწყებს გლობალურ აუქციონს, სადაც კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან მხოლოდ სიტყვებისთვის კი არა, არამედ იმ განზრახვებისთვის, რომლებიც ამ სიტყვების მიღმა დგას. მაგალითად, თქვენ Google -ში ჩაწერეთ სიტყვა „ავტომობილი“. ამ მომენტში Google მაშინვე აწყობს მინი-აუქციონს, სადაც მრავალი კომპანია (Mercedes, BMW, Toyota) ეჯიბრება ერთმანეთს ამ სიტყვასთან დაკავშირებული რეკლამის ჩვენების უფლებისთვის.

აუქციონი მიმდინარეობს ასე:

  • Mercedes ამბობს: „მე გადავიხდი 5 ლარს, თუ ვინმე ჩემს რეკლამაზე დააწკაპუნებს”
  • BMW ამბობს: „მე – 7 ლარს”
  • Toyota ამბობს: „მე – 3 ლარს”

მაგრამ აქ მხოლოდ ფასი არ წყვეტს! Google ასევე აფასებს თითოეული რეკლამის „ხარისხს” – რამდენად რელევანტურია, რამდენად ხშირად დააწკაპუნებს ხალხი მასზე. ეს ყველაფერი ხდება წამებში, ყოველ ძებნაზე, მილიონჯერ დღეში. Google-მ ფაქტობრივად შექმნა „სიტყვების საფონდო ბირჟა“, სადაც სიტყვების ღირებულება იცვლება მოთხოვნის შესაბამისად:  ზაფხულში „საზღვაო კურორტი“ ძვირდება, ზამთარში „სათხილამურო კურორტი“. აი, ასე გარდაქმნა Google-მ ჩვენი ყოველდღიური ძებნები – ჩვენი ენობრივი ქცევა –  ფულის მშოვნელ მანქანად.

 

ფრედერიკ კაპლანი სტატიაში – „ლინგვისტური კაპიტალიზმი და ალგორითმული მედიაცია”[1] – განიხილავს, თუ როგორ გარდაქმნა Google-მ სიტყვები ეკონომიკურ რესურსად და როგორ შექმნა პირველი გლობალური ლინგვისტური ბაზარი.

„Google-ის უაღრესად ორიგინალური ბიზნესმოდელის წარმატება ორი ალგორითმის ისტორიაა. პირველმა – რომელმაც პიონერული გზა გაუხსნა ვებგვერდების მოთხოვნებთან დაკავშირების ახალ მეთოდს საკვანძო სიტყვების საფუძველზე – Google პოპულარული გახადა. მეორემ – რომელმაც კომერციული ღირებულება მიანიჭა ამ საკვანძო სიტყვებს – Google მდიდარი გახადა” (კალპანი).

სტატია საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ გარდამავალ ფაზაში – ყურადღების ეკონომიკიდან გამოთქმის ეკონომიკისკენ. კაპლანი ასევე აანალიზებს ალგორითმული შუამავლობის პოტენციურ გავლენას ენის ევოლუციაზე: „თუ ამ ჰიპოთეზას მივყვებით, ბუნებრივი ენები შეიძლება თანდათან ევოლუციონირდნენ, რათა ბუნებრივად ინტეგრირდნენ ალგორითმების ენასთან“ (კაპლანი).

სოციალური მედიის „სიტყვების ბაზარი“:  აქვე უნდა ვახსენოთ პლატფორმები, როგორებიცაა – Instagram, TikTok და X (Twitter), რომლებიც საკუთარ ლინგვისტურ ბაზრებს ქმნიან ჰეშთეგების მეშვეობით. ჰეშთეგი არის საკვანძო სიტყვის სოციალური ეკვივალენტი, რომელიც განსაზღვრავს კონტენტის ხილვადობას, ტრენდულობას და, საბოლოოდ, მის კომერციულ ღირებულებას. აქ სიტყვის კაპიტალიზაცია  პირდაპირი რეკლამით კი არ ხდება, არამედ „გავლენისა“ (influence) და სოციალური კაპიტალის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის (ChatGPT, Midjourney) ეპოქაში ლინგვისტური კაპიტალიზმი ახალ საფეხურზე გადადის. ახლა უკვე  მხოლოდ საძიებო სიტყვები კი არა, არამედ პრომპტები – ანუ ჩვენი ინსტრუქციები AI-სთვის – ხდება უძვირფასესი ლინგვისტური აქტივი. იქმნება „პრომპტინჟინერიის“ პროფესია და „პრომპტების ბაზრობები“, სადაც ყველაზე ეფექტიანი და კრეატიული სიტყვიერი ფორმულები იყიდება. ეს არის „გამოთქმის ეკონომიკის“ ლოგიკური გაგრძელება და რადიკალური ფორმა.

ენის ახალი „გრამატიკა“

ძალიან საყურადღებოა კაპლანის იდეა, რომ ბუნებრივი ენები ალგორითმების ენასთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან. ეს პერსპექტივა  შორს მიმავალ დასკვნებს გვთავაზობს. Google აღარ არის მხოლოდ პასიური სარკე, რომელიც კაცობრიობის ლინგვისტურ ქცევას ასახავს; ის აქტიური არბიტრი ხდება, რომელიც განსაზღვრავს, რომელი სიტყვები და გამოთქმებია „ღირებული“ და რომელი – არა. ამ პროცესში იქმნება ერთგვარი ალგორითმული გრამატიკა, რომელიც ტრადიციული გრამატიკისგან განსხვავებით, სინტაქსურ გამართულობას კი არა, არამედ სიტყვის ეკონომიკურ ეფექტიანობას ეფუძნება. ახალ გრამატიკაში „სწორი“ წინადადება ის კი არ არის, რომელიც გრამატიკულად გამართულია, არამედ ის, რომელიც მაქსიმალურად ოპტიმიზებულია საძიებო სისტემისთვის (SEO – Search Engine Optimization). კონტენტის შემქმნელები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ბიზნესმენები სწავლობენ ამ ახალ ენას. ისინი არჩევენ სიტყვებს არა მხოლოდ შინაარსის სიზუსტის ან სტილისტური სილამაზის გამო, არამედ მათი „საბაზრო ღირებულების“ – ძიების მოცულობისა და კონკურენციის დონის – გათვალისწინებით. შედეგად, ადამიანური გამოხატვის თავისუფლება ნაწილობრივ იზღუდება ალგორითმის უხილავი კარნახით. ენა, რომელიც ცოცხალი და სპონტანური უნდა იყოს, ფორმულებსა და საკვანძო სიტყვების ჩარჩოებში ექცევა.

რის ნიშანია სიტყვა? – ახალი სემიოტიკა

სოსიურის კლასიკურ მოდელში ნიშანი შედგება აღმნიშვნელისა (სიტყვის ჟღერადობა/დაწერილობა) და აღსანიშნისგან (კონცეპტი). მაგალითად, სიტყვა „თავისუფლება“ (აღმნიშვნელი) მიემართება თავისუფლების იდეას (აღსანიშნი).

ლინგვისტური კაპიტალიზმის პირობებში ამ დუალიზმს მესამე, დომინანტური განზომილება ემატება – კომერციული პოტენციალი. სიტყვა „თავისუფლება“ ახლა მხოლოდ იდეას კი არა, არამედ საძიებო მოთხოვნას, მომხმარებლის განზრახვას და პოტენციურ ტრანზაქციასაც აღნიშნავს. ის შეიძლება ასოცირდებოდეს წიგნებთან, სამოგზაურო პაკეტებთან („ფინანსური თავისუფლება“), პოლიტიკურ კამპანიებთან თუ საინვესტიციო სქემებთან.

ამგვარად, სიტყვა კარგავს თავის პოლისემიურ სიღრმეს და იქცევა ერთგანზომილებიან კომერციულ სიგნალად. ალგორითმი უპირატესობას ანიჭებს იმ მნიშვნელობებს, რომლებიც ადვილად მონეტიზდება. ენის პოეტური, ფილოსოფიური და ორაზროვანი ბუნება იჩქმალება მისი ინსტრუმენტული, ტრანზაქციული ფუნქციის მიღმა.

ლინგვისტური კაპიტალიზმის სოციალური და კოგნიტიური ეფექტები

ამ ფენომენის გავლენა სცდება ენისა და ეკონომიკის საზღვრებს და ჩვენს აზროვნებასა და სოციალურ სტრუქტურაზეც ვრცელდება:

ენობრივი ჰომოგენიზაცია: გლობალურ ბაზარზე ყველაზე „ღირებული“ სიტყვები, როგორც წესი, ინგლისურენოვანია. ეს ახალისებს გლობალური ლინგვისტური სტანდარტების ჩამოყალიბებას, სადაც ლოკალური, ნაკლებად „კონკურენტუნარიანი“ ენები და დიალექტები კიდევ უფრო კარგავენ პოზიციებს ციფრულ სივრცეში.

სემანტიკური გალიები (Semantic Cages): ალგორითმები ჩვენივე ენობრივი არჩევანის საფუძველზე გვიშენებენ ინფორმაციულ ბუშტებს. თუ ადამიანი ხშირად ეძებს კონკრეტული ტიპის ინფორმაციას (მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემებზე), სისტემა მას მუდმივად შესაბამის, ხშირად კომერციალიზებულ, კონტენტს შესთავაზებს. ჩვენივე სიტყვები ქმნის იმ გალიას, რომელშიც ალგორითმი გვამწყვდევს და გვიზღუდავს წვდომას ალტერნატიულ იდეებსა და პერსპექტივებზე.

გამოხატვის ინსტრუმენტალიზაცია: როდესაც გამოხატვის მთავარი მიზანი ალგორითმული აღიარება ხდება, ჩვენ ვკარგავთ კომუნიკაციის ავთენტურობას. საკუთარი აზრის გამოხატვა სულ უფრო ემსგავსება ბაზარზე პროდუქტის პოზიციონირებას. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში აუფასურებს საჯარო დისკურსს და კრიტიკულ აზროვნებას.

კოგნიტიური გამარტივება: როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ალგორითმის ენაზე საუბარს, ხომ არ ვიწყებთ ამავე ენაზე ფიქრს? SEO-ზე ოპტიმიზებული ენა ხშირად მარტივი, პირდაპირი და ერთმნიშვნელოვანია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება იწვევდეს ჩვენი აზროვნების გამარტივებას, მეტაფორული და კომპლექსური აზროვნების უნარის დაქვეითებას. ეს არის ჯორჯ ორუელის „ახალმეტყველების“ (Newspeak) საბაზრო, დეცენტრალიზებული ვერსია, სადაც ენას  ტოტალიტარული რეჟიმის ნაცვლად  ბაზრის უხილავი ხელი ზღუდავს.

შემოქმედებითი კლასიფიკაცია: მწერლები, პოეტები, ბლოგერები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ნამუშევარი ხილვადი გახადონ, დგანან დილემის წინაშე: დაწერონ ავთენტურად, მაგრამ რისკის ფასად, რომ მათ ვერავინ იპოვის, თუ მოერგონ ალგორითმს? ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს შემოქმედებითი ექსპერიმენტების შემცირება. ენა, რომელიც მუდმივად ეძებს „ოპტიმალურ“ ფორმულას, კარგავს თავის სპონტანურობას და ცოცხალ ბუნებას, თითქოს „იყინება“ ან „კლასიფიცირდება“ ყველაზე ეფექტიანი ფორმების გარშემო.

 

აქედან დასკვნა:

Google-ის მიერ შექმნილი „სიტყვების ბაზარი“ არ არის უბრალოდ ჭკვიანური ბიზნესმოდელი; ის არის ძლიერი სოციალურ-ლინგვისტური მექანიზმი, რომელიც ჩუმად, მაგრამ ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს ენას, აზროვნებასა და რეალობის აღქმას. ფრედერიკ კაპლანის ანალიზი გვაფრთხილებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ენა, ადამიანური კულტურის უმთავრესი საგანძური, გადაქცეულია კაპიტალის დაგროვების ყველაზე დახვეწილ ინსტრუმენტად.

საკითხავი მხოლოდ ის რჩება, შევძლებთ თუ არა, როგორც ცნობიერი არსებები, ამ ალგორითმული გრამატიკის მიღმა შევინარჩუნოთ სიტყვის ნამდვილი ძალა.

საბოლოოდ, ენის მომავალს განსაზღვრავს არა ბაზრის ლოგიკა, არამედ ჩვენი მზაობა, დავიცვათ მისი უნარი, გამოხატოს შეუცნობელი, შექმნას სილამაზე და დაამყაროს ღრმა ადამიანური კავშირები.

 

[1] https://www.researchgate.net/publication/271899710_Linguistic_Capitalism_and_Algorithmic_Mediation

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...