პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

Olabs – რესურსი ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლებისთვის    

0

 რეალურ ლაბორატორიაში მუშაობას ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა საქართველოში 2000-მდე სკოლაა და საჯარო სკოლების უმრავლესობას არ აქვს ქიმიის კაბინეტი, გამწოვით, ონკანითა და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ოთახი, სადაც მოსწავლეს საშუალება მიეცემა, საკუთარი ხელით ჩაატაროს ცდა. შესაბამისად, ვირტუალური ლაბორატორიით სარგებლობა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ყველაზე მცირებიუჯეტიან სკოლაშიც კი მოიძებნება ერთი პროექტორი, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ექსპერიმენტის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

გაგაცნობთ რამდენიმე ინტერნეტრესურსს, მათი გამოყენების წესებს (ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობის ინსტრუქციას), სამუშაო ფურცელს და ვიდეოს, რომელიც ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებს აქტივობის განხორციელებაში დაეხმარება.

ქიმიის რესურსები ქიმიურ კინეტიკას ეხება. მათი გამოყენება მეათე კლასის მეორე სემესტრისთვის არის შესაძლებელი.

  1. ტემპერატურასა და მორეაგირე ნივთიერების კონცენტრაციაზე ქიმიური რეაქციის სიჩქარის დამოკიდებულების შემსწავლელი სიმულაცია:

https://amrita.olabs.edu.in/?sub=73&brch=8&sim=395&cnt=4

ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები.mp4

მონაცემების შეგროვებისთვის საჭირო ცხრილები:

  დამატებული მარილმჟავას მოცულობა (მლ) რეაქციისთვის საჭირო დრო
1 1  
2 2  
3 4  
4 8  
5 16  

 

  ტემპერატურა რეაქციისთვის საჭირო დრო
1 T  
2 T +10  
3 T +20  
4 T +30  
5 T + 40  

 

  1. მორეაგირე ნივთიერების კონცენტრაციაზე რეაქციის სიჩქარის დამოკიდებულების შემსწავლელი ვირტუალური ლაბორატორია:

https://amrita.olabs.edu.in/?sub=73&brch=8&sim=142&cnt=4

ვიდეოინსტრუქცია

ექსპერიმენტი დაფუძნებულია ნატრიუმის თიოსულფატსა და განზავებულ მარილმჟავს შორის რეაქციის მიმდინარეობაზე   Na2S2O3 + 2HCl = S + 2NaCl + SO2 + H2O

ცხრილი N1 მონაცემების შესაგროვებლად:

კოლბის N ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარის მოცულობა წყლის მოცულობა ხსნარის საერთო მოცულობა ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარის მოლური კონცენტრაცია მარილმჟავას 0.1M ხსნარის მოცულობა ფერის გაქრობისთვის საჭირო დრო
A 10 40 50 0.02 10  
B 20 30 50 0.04 10  
C 30 20 50 0.06 10  
D 40 10 50 0.08 10  
E 50 0 50 0.10 10  

 

  1. კალიუმის იოდატსა და ნატრიუმის სულფიტს შორის მიმდინარე რეაქციის სიჩქარის მორეაგირე ნივთიერების კონცენტრაციაზე დამოკიდებულების შემსწავლელი ვირტუალური ლაბორატორია:

https://amrita.olabs.edu.in/?sub=73&brch=8&sim=143&cnt=4

ვიდეოინსტრუქცია

სიმულაციაში გამოყენებული პროცესი შეესაბამება ქვემოთ მოცემულ ტოლობებს:

I     სულფიტ იონსა და იოდატ იონს შორის ურთიერთქმედებით მიიღება იოდიდ და სულფატიონები:

IO3 + 2SO3 2- = I + 2SO4 2-

II იოდიდ იონი იოდატ იონით იჟანგება თავისუფალ იოდამდე:

IO3 + 5 I + 6 H+  = 3I2 + 3H2O

III მეორე საფეხურზე მიღებული თავისუფალი იოდი ისევ სულფიტ იონს უერთდება და მიიღება იოდიდიონები. ჭარბი იოდი კი სახამებელთან წარმოქმნის კომპლექსურ ლურჯ ნაერთს, რომელიც ხსნარს ლურჯ შეფერილობას აძლევს.

I2 + SO3 2- + H2O = SO4 2- + 2I +2H+

მონაცემების შესაგროვებლად საჭირო ცხრილი:

კოლბა 0.01M KIO3 (მლ) 1M H2SO4

(მლ)

წყალი

(მლ)ს

ახამებლის ხსნარი 0.005M Na2S2O3 ლურჯი შეფერილობის წარმოქმნისთვის საჭირო დრო
A 2 10 88 5 10  
B 4 10 86 5 10  
C 6 10 84 5 10  
D 8 10 82 5 10  

 

  1. იოდიდიონსა და წყალბადის ზეჟანგს შორის მიმდინარე რეაქციის სიჩქარის იოდიდ იონის კონცენტრაციაზე დამოკიდებულების შესასწავლი ვირტუალური ლაბორატორია:

https://amrita.olabs.edu.in/?sub=73&brch=8&sim=117&cnt=4

ვიდეოინსტრუქცია

სიმულაცია ეფუძნება ტოლობებს:

H2O2 + 2I+ 2H+ = 2H2O + I2  ამ რეაქციაში წყალბადის პეროქსიდი მჟანგავია.

წყალბადის კატიონები მჟავა არის შესაქმნელად არის საჭირო. რეაქციის შედეგად მიღებული იოდი რეაქციაში შედის ნატრიუმის თიოსულფატთან და ხსნარში იოდიდ იონების რაოდენობა მცირდება.

I2 + 2S2O3 2- = S4O6 2- + 2I

ჭარბი იოდი სახამებელს აღმოაჩენს და ხსნარი გალურჯდება. მოსწავლე მონაცემებს შეიტანს ცხრილში:

 

 

კოლბა 0.1M KI -ის ხსნარი (მლ) 2.5M  H2SO4 (მლ) წყალი

(მლ)

სახამებლის ხსნარი 0.5M ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი ხსნარის გალურჯების დრო
A 5 10 85 5 10 5  
B 10 10 80 5 10 5  
C 15 10 75 5 10 5  
D 20 10 70 5 10 5  

 

ბიოლოგიის გაკვთილებისთვის სამი რესურსი შევარჩიე:

  1. სინათლის გავლენა ფოტოსინთეზის პროცესზე. მისი გამოყენებით მოსწავლე შეისწავლის სინათლის სპექტრის გავლენას ფოტოსინთეზის სიჩქარეზე, ასევე მცენარესა და სინათლის წყაროს შორის მანძილისა და სინათლის ინტენსივობის გავლენას ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე:

https://amrita.olabs.edu.in/?sub=79&brch=16&sim=126&cnt=4

ვიდეოინსტრუქცია

ვირტუალურ ლაბორატორიაში შესაძლებელია მტვრის მარცვლის გაღივების პროცესზე დაკვირვება:

https://amrita.olabs.edu.in/?sub=79&brch=18&sim=228&cnt=4

ვიდეოინსტრუქცია

  1. ვირტუალური ლაბორატორიით შესაძლებელია მცენარის აღმონაცენის სუნთქვის ინტენსივობის  შესწავლა:  https://amrita.olabs.edu.in/?sub=79&brch=17&sim=204&cnt=4

ვიდეოინსტრუქცია

თამაში ზედამხედველობის გარეშე – რატომ არის ეს აუცილებელი ბავშვებისთვის?

0

ინტერვიუ ბოსტონის კოლეჯის მკვლევართან, ევოლუციონისტ-ფსიქოლოგთან, დოქტორ პიტერ გრეისთან [1]

 ჯინი (1000 Hours Outside-ის წარმომადგენელი): პიტერ გრეის წიგნმა „Free to Learn“ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე მისი სხვა წიგნებიც მაქვს, შეგიძლიათ, ნახოთ ისინი ჩემს თაროზე. დოქტორო გრეი, ან პიტერ, როგორც მთხოვეთ, მომემართა, მინდა, საჯაროდ გითხრათ დიდი მადლობა და დაგიდასტუროთ, რომ თქვენ შეცვალეთ ჩემი და ჩვენი ოჯახის ცხოვრება. შეცვალეთ იგი ჩვენი შვილებისთვის. ამ ცვლილებამ ჩვენს ოჯახში თაობებზე მოახდინა გავლენა. მე დღეს გამოვდივარ საოჯახო სწავლების (ე.წ. ჰოუმსქულინგი – მოძრაობა ამერიკაში, როდესაც მშობლები ბავშვებს შინ ასწავლიან განათლების ადგილობრივ განყოფილებასთან შეთანხმებული პროგრამით. ჰოუმსქულინგი დაშვებულია აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში, – ლ.ა) კონფერენციებზე. თუ შეიძლება, მოკლედ წარმოგვიდგინეთ თავი და მოგვიყევით, როგორ დაიწერა თქვენი წიგნი.

დოქტორი პიტერ გრეი: სიამოვნებით მოგიყვებით. მე გახლავართ მკვლევარი და პროფესორი ბოსტონის კოლეჯში. ცოტა ხნის წინ პენსიაზე გავედი და შევწყვიტე სწავლება, თუმცა ვაგრძელებ კვლევასა და სტატიების წერას. მე ფსიქოლოგ-ევოლუციონისტი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინტერესებს ადამიანის ბუნება და ბუნებრივი სელექციის საკითხები. უკვე მრავალი წელია, ვიკვლევ და ვსწავლობ ბავშვების განვითარებას, მათ ბუნებას, უფრო ზუსტად, იმ ბუნებრივ გზებს, რომელთა მეშვეობითაც ბავშვები სწავლობენ, ვითარდებიან და გარე სამყაროს იკვლევენ.

ჩემმა კვლევებმა იქამდე მიმიყვანა, რომ გავხდი თვითმართული განათლების მეთოდების ადვოკატი – ეს ის გზაა, როდესაც ბავშვები საკუთარი ინიციატივით სწავლობენ. ბავშვები, ჩემი რწმენით, ბიოლოგიურად შექმნილნი არიან ისე, რომ თვითონვე შეძლონ სწავლა გარე სამყაროდან: თამაშისადმი ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა, სოციალურობა და გაზრდის სურვილი ის მთავარი სტიმულები და საშუალებებია, რომლებიც მათ სწავლისკენ უბიძგებს. ასევე მჯერა, რომ ჩვენი [როგორც ბიოლოგიური სახეობის] დახვეწა-განვითარება ბუნებრივი სელექციის მეშვეობით სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობდა და განათლების უნარის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

შესაბამისად, მსურს, მივცეთ ბავშვებს თვითმართული განათლების საშუალება და უფლება. ვფიქრობ, ჩვენ მიერ ბავშვების ცხოვრების კონტროლი მზარდია და ეს ხელს უშლის მათ, სრულად გამოიყენონ თვითგანათლების ბუნებრივი ინსტინქტი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კვლევითი ინტერესები გადაიკვეთება თქვენს ინტერესებთან. კერძოდ, ორივეს გვსურს, ბავშვებს მეტი დრო ჰქონდეთ თამაშისთვის, განსაკუთრებით კი გარეთ თამაშისთვის, რათა მათ გარშემო არსებული სამყარო გამოიკვლიონ.

ჯინი: ჩვენ საოჯახო სწავლების გზაზე შემთხვევით მოვხვდით. ახლა ჰოუმსქულერების ოჯახი ვართ, თუმცა ადრე მსურდა, დირექტორი გავმხდარიყავი – მემართა სკოლა და მთელი დღეები ეს მეკეთებინა. მაგრამ მაშინ სახლში ბევრი ბავშვი გვყავდა და უბრალოდ ვერ შევძელი დირექტორობა. ამან განაპირობა, რომ ბავშვების განათლებისადმი ჩვენი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

სწორედ ამ დროს თქვენი წიგნი გახდა ამ ახალი მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. საშუალება მოგვეცა, უკეთ გაგვეგო, რას ვაკეთებდით და დღემდე მადლიერები ვართ ამისთვის.

თუ შეიძლება, გვიამბეთ თქვენი შვილის ამბავი, რომელიც წიგნის ბოლოს მოიყვანეთ მაგალითად. როგორც მახსოვს, წერთ, რომ 1982 წელს თქვენი 13 წლის ვაჟი მარტო, მობილური ტელეფონის გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად გაემგზავრა ლონდონში. მართლა ასე იყო? თქვენი სიტყვებით, მარტომ დაგეგმა თავისი მოგზაურობა, 12 წლისამ გამოიმუშავა ფული ამ მოგზაურობისთვის და მარტო გაფრინდა ლონდონში ორი კვირით იქაურობის სანახავად.

დოქტორი გრეი: უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ მაშინ ლონდონში ნამყოფი არ ვიყავი. ჩვენ ყოველთვის შინ ყოფნა გვერჩივნა, მიწას ძლიერად მიბმული ოჯახი ვიყავით. მას შემდეგ ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ იმ დროს, ფაქტობრივად, არსად ვიყავით ნამყოფი.

ჩემი ვაჟი, ჩვენგან განსხვავებით, მოგზაურობის მოყვარული აღმოჩნდა და ლონდონში გამგზავრება გადაწყვიტა. მიზეზიც ჰქონდა იქ წასასვლელად: იმ დროს ძლიერ იყო გატაცებული ცნობილი სამაგიდო თამაშით „დილეგები და დრაკონები“. შედეგად უამრავი რამ ისწავლა ბრიტანეთის ისტორიის შესახებ და იმ მუზეუმების ნახვა სურდა, რომლებშიც მისთვის საინტერესო ნივთები და არტეფაქტები იყო გამოფენილი. სურდა ციხესიმაგრეების ნახვაც… ამიტომაც ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ლონდონში გამგზავრებას გეგმავდა. ჩვენთან საუბრისას მოგზაურობა უკვე დაგეგმილი ჰქონდა

იმ დროს 12 წლისა გახლდათ და შეგახსენებთ, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა ინტერნეტი (ინტერნეტის გამოყენება და მსოფლიოს პირველი ბრაუზერის კოდი ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნერს-ლიმ 1993 წელს გახადა საჯარო გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი, – ლ. ა.). ყველაფრის დაგეგმვა თვითონ მოუხდა: მოძებნა ბიბლიოთეკაში წიგნები, ჩამოწერა საჭირო საქმეების სია, გაარკვია, რა იყო საჭირო წასასვლელად, სასტუმროს დასაჯავშნად და სხვა. ამ ყველაფრის შემდეგ მოვიდა ჩვენთან და თავისი გეგმის შესახებ შეგვატყობინა.

ჩემი მთავარი საფიქრალი ის იყო, რომ ჩემს შვილს პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდა და ამ სახის დიაბეტით მარტოს უნდა ემგზავრა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ცხრა წლიდან, როდესაც მისი დაავადების შესახებ შევიტყვეთ, ის თვითონვე იკეთებდა ინსულინის ინექციებს და ამ საქმეს ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდა. როდესაც გეგმა გაგვაცნო, ჩვენი პირველი რეაქცია უარყოფითი იყო. მან კი გვითხრა: „კარგად იცით, რომ მე დიაბეტი სულ მექნება, მაგრამ 18 წლის რომ გავხდები, წასვლას ვერ ამიკრძალავთ. გამოდის, რომ მხოლოდ ჩემი ასაკის გამო მეუბნებით უარს“.

ამ სიტყვების შემდეგ უკან დავიხიეთ და ვაღიარეთ, რომ ის, მიუხედავად ასაკისა, პასუხისმგებლობიანი პიროვნება იყო და საკუთარ თავზე ზრუნვა შეეძლო. გვითხრა, რომ მოგზაურობისას აპირებდა სპეციალური მედალიონის ტარებას, რომელიც ინსულინზე რეაქციის ან სხვა გართულების შემთხვევაში სხვებს შეატყობინებდა მისი დიაბეტის შესახებ. ამის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ საკუთარი სახსრებით აპირებდა მოგზაურობას და რესტორანში მუშაობით ფული უკვე შეგროვებული ჰქონდა.

80-იანი წლები დღევანდელობისგან განსხვავდებოდა, თუმცა რესტორანში, დროებით სამუშაოზე, 12 წლის ბავშვის მუშაობა მაშინაც სავსებით კანონიერი იყო. როგორც გვითხრა, ჯერ თეფშებს რეცხავდა, შემდეგ გრილზე მუშაობდა და ამას მოგზაურობისთვის ფულის შესაგროვებლად აკეთებდა.

საბოლოოდ ყველაფერი შედგა. მან იმოგზაურა და, როგორც მოგვიყვა, პარიზშიც კი ჩავიდა ლონდონიდან.

აქვე უნდა გითხრათ, რომ იმ დროს ასეთი მოგზაურობა არც ისე უცნაურად ჟღერდა, როგორც დღეს, თუმცა ჩემი ვაჟის სამოგზაუროდ მარტო წასვლამ მაშინაც ბევრი გააკვირვა.

XX საუკუნეში 12-13 წლის მოზარდებისთვის ტრანსატლანტიკური მოგზაურობა არც ისე უცნაური ამბავი იყო. ბევრი ევროპელი ახალგაზრდა ახალ ცხოვრებას ახალ სამყაროში სწორედ ამ ასაკში იწყებდა. მოზარდების მიერ საკუთარი ცხოვრების მართვა ძველად არცთუ იშვიათი იყო. ასეთი გადაწყვეტილებები მათთვის ზრდის გამოცდილებად იქცეოდა ხოლმე.

ამის შემდეგ ჩემმა ვაჟმა ბევრგან იმოგზაურა. მას უყვარს მოგზაურობა და ყოველთვის შეიძლება საამისოდ ფულის გადადება.

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებისადმი დამოკიდებულება ჩემ თვალწინ შეიცვალა. ახლა მათ ნაკლებად აძლევენ უფლებას, გარეთ იყვნენ და იქ თავისუფლად ითამაშონ. შიშმა დაისადგურა. ჩემს ახალგაზრდობაში ბავშვების ეზოში ყოფნა და თამაში ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. მშობლები თვითონვე გზავნიდნენ მათ გარეთ სათამაშოდ. შესაძლოა, ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც 80-იანებში ცენტრალურმა პრესამ ბავშვების გატაცების რამდენიმე შემთხვევა გააშუქა. ალბათ მაშინ გაჩნდა ხიფათის შეგრძნება, რომელიც ეზოში ბავშვების მარტო ყოფნას უკავშირდება… რა თქმა უნდა, ხიფათი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, თუმცა წინათ, როგორც ჩანს, მასზე ყურადღებას არ ამახვილებდნენ და არც ინფორმაცია ხვდებოდა საჯარო სივრცეში.

რაც შეეხება ბავშვების მოტაცება-გაქრობის საფრთხეს, რომლისაც ყველას ასე ეშინია: ეს ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ვინმეს მეხიც დაეცეს, შესაძლოა, რამე მოულოდნელიც მოხდეს, მაგრამ როგორც კი ეს პრესაში მოხვდება, შემთხვევა სხვა მნიშვნელობას იძენს. ის საერთოეროვნულ ამბად გადაიქცევა. ქვეყნდება დაკარგული ბავშვების ფოტოები და დილით, ტელევიზორის ყურებისას, ყველას გვიჩნდება შეგრძნება: „ვაიმე, ღმერთო, ხომ შეიძლებოდა, ეს ჩემი შვილი ყოფილიყო!“

უსმენ რადიოში განცხადებებს დაკარგული ბავშვის შესახებ და შიში და ფორიაქი გიპყრობს: „სად არის ახლა, ამწუთას, ჩემი შვილი?“ თავს უყურადღებო მშობლად გრძნობ (თუმცა ასეთი არ ხარ), გეუფლება შეგრძნება, რომ იქ, გარეთ, ხიფათი და უბედურებაა ჩასაფრებული და შემდეგ ეს შიში შენში ფეთქდება, უსაზღვრო ხდება. ჩნდება განცდა, რომ თუ გამუდმებით არ ადევნებ თვალ-ყურს შვილს ან არ გეგულება ვინმე, ვინც ამას შენ მაგივრად აკეთებს, უყურადღებო მშობლად იქცევი. შფოთვას ემატება საკანონმდებლო სისტემის რეაქცია მშობლის უყურადღებობაზე (როცა შეიძლება, ბავშვის გაზრდის უფლება ჩამოგართვან). თუ თქვენი შვილი უთქვენოდ წავიდა სათამაშოდ, რაც წინათ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, დღეს ეს შეიძლება მშობლის უყურადღებობად და დანაშაულადაც კი ჩაითვალოს.

ამ შეგრძნებებს, ბავშვებზე ზრუნვის ასეთ რეჟიმს მოჰყვა სასკოლო სისტემის აქეთ „მომართვაც“.  სკოლა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ წინათ მას არც ისე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. 80-იანების შემდეგ ეს შეიცვალა.

50-იან წლებში, როდესაც დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი, საშინაო დავალებას არ გვაძლევდნენ. შესაძლოა, ხანდახან მასწავლებელს ეთხოვა ჩვენთვის, დაგვეწერა რამე ამბავი ან ლექსი, რამე სახალისო საკლასო ოთახში წასაკითხად. იმ დროს წიგნებს, რვეულებს და სხვა ნივთებს არ დავათრევდით, შინ დაბრუნებულებს კი უამრავი დრო გვრჩებოდა სათამაშოდ.

სკოლაში სწავლის ყველა წელს ვერ გავიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ მეექვსე კლასი ჯერ კიდევ დაწყებით სკოლას ეკუთვნოდა. მეექვსე კლასში სასკოლო დღე ექვსი სასკოლო საათისგან შედგებოდა, თუმცა აქედან ორ საათს გარეთ, ეზოში ვთამაშობდით. შუადღემდე და ნაშუადღევს ნახევარსაათიანი შესვენებები გვქონდა. ვინც ახლოს ცხოვრობდა, ამ დროს ფეხით მიდიოდა შინ ლანჩისთვის, უმეტესობას კი ლანჩი თან გვქონდა. მას გარეთ მივირთმევდით, მერე კი ვთამაშობდით. ამ დროს, როგორც მახსოვს, მასწავლებლები ზედამხედველობას არ გვიწევდნენ. ვთამაშობდით იმას, რაც გვინდოდა. ზამთარში ვგუნდაობდით, თოვლის ციხესიმაგრეებს ვაშენებდით. იმ დროს ბიჭისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ჯიბის დანის ტარება და დანით თამაში. დანებს ერთმანეთს არ ვესროდით, მაგრამ ხეში ჩასობაში ვვარჯიშობდით. წარმოიდგინეთ, ჯაყვით რამდენნაირი თამაშის მოფიქრება შეიძლება!

სკოლაშიც კი მოლოდინი ისეთი იყო, რომ ბავშვი საკლასო ოთახსა თუ დერეფანში თვითონვე მიხედავდა თავს. ყოველწუთიერი ზედამხედველობა არ იყო მიღებული.

არც იმას მოელოდა ვინმე, რომ ბავშვები საათობით წყნარად ისხდებოდნენ მერხებთან, მერე კი გულმოდგინედ შეასრულებდნენ დავალებებს. არ მახსოვს, ერთ საათზე მეტხანს ვმჯდარიყავი სკამზე.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ეს ნამდვილად არ არის ნორმალური.

შესაძლოა, ამან მოახდინა გავლენა 60-70-იანი წლებისა და 80-იანების დასაწყისის ბავშვებზე, ჩემი ვაჟის ჩათვლით. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ შეუძლიათ, თვითონ მიხედონ თავს, აკეთონ თავიანთი საქმეები, მოაგვარონ პრობლემები. დღეს თითქოს ხელს ვუშლით ბავშვებს, ასეთი გამოცდილების მიღების საშუალებას არ ვაძლევთ. თუ ბავშვს პატარ-პატარა თავგადასავლები არ გადახდა, ვერ შეძლებს, მცირე დაბრკოლებები თვითონვე გადალახოს; თუ მშობლების გარეშე ვერ წავიდა მეგობრებთან, ლონდონში მოგზაურობას ვერასოდეს დაგეგმავს და ვერ ექნება განცდა, რომ ყველაფერს თვითონვე გაართმევს თავს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია.

 

[1] – (ნაწყვეტი 1000 Hours Outside-ის პოდკასტიდან). იხ. ვრცლად: https://www.1000hoursoutside.com/blog/when-school-wasnt-such-a-big-deal-interview-with-dr-peter-gray

5 ინოვაცია მასწავლებლებისთვის მოსწავლეთა წარმატების გასაუმჯობესებლად

0

ყველა მასწავლებელი  ცდილობს, მის  მიერ ჩატარებული ონლაინ თუ პირისპირ ჩატარებული გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი. მაგრამ ძნელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინოვაციების პოვნა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ გარემოში და ეფექტურად იმოქმედოს მოსწავლის შედეგებზე.

სწავლაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორიცაა კლასში მოსწავლეთა რაოდენობა, მოსწავლეების ხასიათი, გარემო, ხმაური და დღის პერიოდიც კი.

პროფესორმა ჯონ ჰეტიმ 2009 წელს Visible Learning-ში ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს სწავლების სტრატეგია მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. ანალიზი აერთიანებდა 60 ათასზე მეტ კვლევას მილიონობით სტუდენტზე, რათა დადგენილიყო ეფექტური სტრატეგიები.

კვლევა ეფუძნებოდა საკლასო ინოვაციებს ოც წლამდე ასაკის სტუდენტებისთვის განვითარებულ ინგლისურენოვან ქვეყნებში. თუმცა, ეს დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნას ზრდასრულთათვისაც ამ კვლევის სიდიდისა და ზრდასრულთა განათლების სფეროში არასაკმარისი მონაცემების გამო.

დასკვნები წარმოდგენილი იყო ვიზუალური მასალით. კერძოდ, ბარომეტრით, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურია კონკრეტული ინოვაცია და როგორ გავლენას მოახდენს სტუდენტის მიღწევებზე.

პირველი შეხედულება(insight) –  ნებისმიერი ინოვაცია დაგეხმარებათ.

რეალურად, მარტივია სწავლის ეფექტურობის გაზრდა. მასწავლებლის კლასში ყოფნაც კი გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე. ნებისმიერი ინოვაციის საშუალო ეფექტი ბარომეტრზე არის დაახლოებით 0.40, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ სურათზე.

სასურველია, რომ ეს რიცხვი 0.40-ზე მეტი იყოს. ეს არათუ შესაძლებელია, არამედ რეალურად  ინოვაციურობის საშუალო მაჩვენებელია.

მეორე მიდგომაა – დანერგეთ ინოვაციები, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ სწავლის ხარისხზე.

ჰეტი თვლის, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტი, რომ მიიღოს 0.40-ზე მეტი. ქვემოთ მოცემულ სურათზე წარმოდგენილია ხუთი საუკეთესო სიახლე სწავლების სფეროში.

განვიხილოთ ეს 5 ინოვაცია.

  1. განმავითარებელი შეფასება (უკუკავშირი) გულისხმობს სწავლის პროგრესის შეფასებას სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან მის განმავლობაში და არა შემაჯამებელ შეფასებას სწავლების დასრულების შემდეგ. ეს სწავლის პროცესს თვალსაჩინოს ხდის სტუდენტისთვის – მას უნდა შეეძლოს, დაინახოს საბოლოო მიზანი, სად იმყოფება ამჟამად ამ მიზანთან მიმართებაში და როგორია მიზნამდე მისასვლელი გზა.
  2. მიკრო სწავლება ეხება მასწავლებლის მომზადებასა და განვითარებას. ამისათვის მასწავლებელი ატარებს და ამავდროულად იღებს მინი-გაკვეთილებს მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მას შესაძლებლობა ექნება კოლეგებსა და მოსწავლეებთან ერთად დეტალურად განიხილოს ვიდეოჩანაწერი.
  3. ინტერვენციები სწავლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც სტუდენტები აწყდებიან კითხვის, წერის ან მათემატიკის სწავლისას. ის მოიცავს სავარჯიშოების გამეორებას, დავალების მცირე ნაწილებად დაყოფას, ამოცანის სირთულის გამარტივებას მინიშნებების მეშვეობით, ტექნოლოგიის გამოყენებას, პრობლემის გადაჭრის ნაბიჯების მოდელირებასა და მცირე ინტერაქტიურ ჯგუფებში მუშაობას. მასწავლებლები იყენებენ პირდაპირ და სტრატეგიულ ინსტრუქციებს – ნათლად და კონკრეტულად ასწავლიან სტუდენტებს, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას, იქნება ეს მათემატიკაში დიდი რიცხვების გაყოფა თუ აკადემიური სტატიის ინტერპრეტაცია.
  4.  სიცხადე (clarity)  გულისხმობს მკაფიო სასწავლო მიზნების დასახვასა და კომუნიკაციას საინტერესო და სწორად სტრუქტურირებული ახსნა-განმარტებებითა და მაგალითებით. ეს ყველაფერი სტუდენტებს დაეხმარება, ნათლად გაიგონ სასწავლო პროცესი.
  5. ორმხრივი სწავლება მოსწავლეებს უყალიბებს კოგნიტურ ჩვევებს. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მათ შესაძლებლობა ეძლევათ გამოიყენონ შემეცნებითი სტრატეგიები, როგორებიცაა შეჯამება, კითხვა, ჩაძიება და წინასწარი ვარაუდების გამოთქმა, დასკვნების გაკეთება. მასწავლებელი და მოსწავლე დიალოგში შედის და ცდილობს, ტექსტის შინაარსი გაიგონ. მაგალითად, თითოეული სტუდენტი, თავის მხრივ, ითავსებს „მასწავლებლის როლს” და უძღვება დიალოგს ტექსტის მონაკვეთებთან დაკავშირებით.

ეფექტური ინოვაციები არ არის აუცილებლად დაკავშირებული მაღალ ტექნოლოგიებთან.

საინტერესოა, რომ, ჰეტის კვლევის თანახმად, ყველაზე გავლენიანი ინოვაციები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია შემოიღოს, არის საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება და სწავლის პროცესის თვალსაჩინოდ წარმოდგენა. ჰეტი ცდილობს, ხაზი გაუსვას სტუდენტების მოლოდინის მნიშვნელობას და მათ ხილვადობას სასწავლო პროცესში.

 

როგორ ფიქრობთ, რომელ ინოვაციას ექნება ყველაზე დიდ გავლენა სტუდენტის წარმატებაზე თქვენს კონტექსტში? ამიტომ მოდით- 

შეავსეთ კითხვარი, დაგეხმარებათ

 

თარგმნა –  თამარ ვანიშვილმა

წყარო:https://learningandteaching-navitas.com/dazzling-data-the-top-5-teacher-innovations-that-enhance-student-success/?fbclid=IwAR2qCD469S4sOY47f1DUSTWra75X9hcICUees4ijgZvjR3F2G8uslGPWIuQ

 

სიუჟეტური ბარათები

0

არახალია, რომ დაწყებით კლასებში თვალსაჩინოებით სწავლებას დიდი ადგილი უკავია. ამ საფეხურზე მასწავლებლებს განსაკუთრებით გვიწევს იმაზე ფიქრი, რა შევთავაზოთ მოსწავლეებს ფერადი და საინტერესო.

ჩემს პირველკლასელებს შევატყვე, რომ ამბის მოფიქრება უჭირდათ. ვცადე ინდივიდუალურად, წყვილებში, ნახატის მიხედვით, სიტყვების მიხედვით, მაგრამ ვგრძნობდი, ეს საკმარისი არ იყო.  დავიწყე ფიქრი, რა აქტივობა შემეთავაზებინა მათთვის და გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ საკანცელარიო მაღაზიაში სიუჟეტური ბარათები შევიძინე. მართალია, სულ სხვა მიზნით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, აქტივობაში გამომდგომოდა.

სერიული სიუჟეტური ბარათები დაყოფილია ოთხ სურათად, რომლებშიც  თანმიმდევრულად ვითარდება მოქმედება, მათი უკანა მხარე კი დანომრილია (იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვმა სწორი თანმიმდევრობით დაწყობა ვერ მოახერხა). ამოვარჩიე ყველაზე მარტივი ბარათები, მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, თითოეულ მოსწავლეს მივეცი ბარათი  და ვთხოვე, კარგად დაკვირვებოდნენ. მოსწავლეებს ჯერ ინდივიდუალურად უნდა მოეფიქრებინათ ამბავი სურათების მიხედვით და ფურცელზე დაეწერათ – ამის მიზანი მეტყველების განვითარების ხელშეწყობა იყო.

შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ ბარათები და მოქმედების თანმიმდევრობის მიხედვით დაელაგებინათ.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ინდივიდუალურად მოიფიქრებდნენ ამბავს და დააწყობდნენ ბარათებს, მოფიქრებული ამბავი უნდა გაეერთიანებინათ და საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია მოეხდინათ.

აქტივობის შესრულების დროს მოსწავლეებს აუცილებლად დაეხმარეთ. თავდაპირველად თქვენ მოიფიქრეთ ამბავი იმ ბარათის მიხედვით, რომელსაც მოსწავლეებს არ მისცემთ. მოახდინეთ  აქტივობის მოდელირება. გაკვეთილის მსვლელობისას კი თითოეულ ჯგუფს დაუთმეთ სათანადო დრო, რათა დავალების სირთულეს თავი გაართვან.

საბოლოო ჯამში, ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ლოგიკური აზროვნების, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენის, პრეზენტაციის, ზეპირი და წერითი მეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

რას ნიშნავს, როცა ბავშვს რაღაცის სწავლა არ უნდა

0

ინტუიცია ჯერ კიდევ ბავშვობაში მეუბნებოდა, რომ როცა რაღაცას ვერ ვსწავლობდი, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავდა, რომ ამ რაღაცის სწავლა არ მინდოდა, მაგრამ ახლა, ჩემი შვილებისა და მათი მეგობრების შემყურეს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ როცა ბავშვი რაღაცის სწავლაზე ან კეთებაზე უარს ამბობს, ეს თითქმის ყოველთვის უფროსების ბრალია – ჩვენ ვერ ვუხსნით მათ საკმარისად მკაფიოდ, რა საჭიროა ესა თუ ის ინფორმაცია, დისციპლინა და უნარები, ჩვენ ვერ ვპოულობთ მათთვის გასაგებ ენას ცოდნის გადასაცემად.  არცთუ იშვიათად შეცდომაც მოგვდის და ბავშვებს ვკიდებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რის სწავლასაც ვერ ახერხებენ, ვარწმუნებთ, რომ ეს მათ არ შეუძლიათ, ეს მათთვის არ არის და თითქმის არასოდეს ვმსჯელობთ იმაზე, რას ვერ ვახერხებთ ჩვენ, უფროსები, რა არ გამოგვივიდა ბავშვებთან ურთიერთობაში.

 

მაგალითი #1: დიდხანს ვერ გადამეწყვიტა, მიმეყვანა თუ არა მუსიკალურ სკოლაში ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ხაზგასმით მუსიკალური ადამიანია. ჩემთვის მუსიკის გაკვეთილებზე გატარებული დრო დაკარგული აღმოჩნდა და არ მქონდა იმედი, რომ ამ ოც წელიწადში ან სწავლების მეთოდები, ან მუსიკალური სკოლების აურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი ცუდი გამოცდილება სხვა ადამიანის ბედის განმსაზღვრელი არ უნდა ყოფილიყო, მივიყვანე და ყველა ის შიში ამიხდა, რაც იმ შენობაში მისვლამდე მქონდა. ძველი ინსტუმენტები, Школа Игры სახელმძღვანელოდ და სოლფეჯიოს ძალიან, ძალიან მოხუცი და დაღლილი მასწავლებელი. როცა ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მუსიკაზე აღარ ივლიდა, მისი გადარწმუნება არ მიცდია, თუმცა გული დამწყდა, რომ ისევ ვერ შეასრულა სახელოვნებო სკოლამ თავისი ფუნქცია.

მუსიკალური სკოლიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ჩემმა შვილმა ინტერნეტში მოძებნა თავისი საყვარელი ფილმების საუნდტრეკების ნოტები, პიანინოს კლავიშები მარკერებით დანომრა და ახლა მარტო და დაუღალავად ცდილობს ისწავლოს იმის დაკვრა, რაც მოსწონს და უყვარს.

ძნელი სათქმელია, რატომ არ არის მუსიკალური სასწავლებები საინტერესო თანამედროვე ბავშვებისთვის ან რამ განაპირობა ჩვენი ასეთი გამოცდილება. იქნებ ჩემმა შიშებმა და წინასწარმა განწყობამ, ან მასწავლებლების დაბალმა ხელფასმა და მოტივაციამ? შესაძლოა იმან, რომ ამ სივრცეებში არასოდეს არავის უფიქრია იმაზე, რა აინტერესებთ თანამედროვე ბავშვებს, როგორ მუსიკას უსმენენ და როგორ ამუშავებენ ინფორმაციას, ან სულაც იმან, რომ სწავლების მეთოდები მეტისმეტად მწირია და მუსიკის კომპლექსურად აღქმა და შესწავლა ამ პროგრამების მიზანი არ არის. გააზრებული გვაქვს, რომ მუსიკა არც მხოლოდ ლამაზი მელოდიაა და არც მხოლოდ კარგი საშემსრულებლო ტექნიკა? რომ ეს კომუნიკაციის ფორმაა, სათქმელის გამოხატვის ფორმა, და ამ ენის ასათვისებლად მოსმენის უნარი, ნათელი გონება და დაუღალავად მუშაობის პრაქტიკაა საჭირო?

 

მაგალითი #2: ჩემი შვილები გაცილებით ნაკლებ წიგნს კითხულობენ, ვიდრე მე ვკითხულობდი მათ ასაკში და რომ ვთქვა, ეს არ მაღელვებს-მეთქი, მართალი არ ვიქნები. წიგნებთან მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად რამდენიმე რიტუალი გვაქვს: ძილის წინ მე ვუკითხავ, დროდადრო აუდიოწიგნებს უსმენენ, სკოლაში კითხვის საათი აქვთ, მაგრამ ის სურათი, რასაც ვისურვებდი დამენახა: წიგნში მთელი არსებით ჩაფლული ბავშვი, – არ ჩნდებოდა, სანამ მანგებს აღმოაჩენდნენ. მანგა კომიქსის იაპონური შესატყვისია და ის ამბებიც, რომლებსაც სულმოუთქმელად ნთქავენ, უმთავრესად იაპონელი ავტორების ინგლისურენოვანი ისტორიებია, რომლებიც ჩემგან დამოუკიდებლად იპოვეს ანიმეებით და იუთუბზე ამ სუბკულტურის გარშემო გაერთიანებული კომუნის განხილვების მოსმენით. ჩვენს ცხოვრებაში მანგას შემოჭრის შემდეგ მივხვდი, რომ უბრალოდ კარგი ამბავი საკმარისი აღარ არის, ამბების გამავრცელებელი კარგი ამბების ბევრ მედიუმში გადატანის ხელოვნებას უნდა ფლობდეს, რომ ბავშვების გული მოიგოს.

სკოლაც, ოჯახიც და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაც უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ნაბეჭდი წიგნი თანამედროვე ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი მედიუმია, რომლის პარალელურადაც უნდა არსებობდეს ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო მასალები ვიდეოთამაშების, აუდიოწიგნების, კომიქსების, იქსფლეინერების, სერიალების სახით – საბოლოოდ ალბათ ის ამბები შეინარჩუნებს სიცოცხლეს და ის ისტორიები იქნება ცნობილი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც ბევრ სხვადასხვა ფორმატში გადაკონვერტირდება.

 

მაგალითი #3. რამდენიმე კვირის წინ ერთი შესანიშნავი გოგო გავიცანი, 16 წლის დამოუკიდებელი, სხარტი, ყოჩაღი ადამიანი ნათელი გონებით და თვალებში ნაპერწკლებით. ამ კარგმა გოგომ სკოლას მეცხრე კლასიდან დაანება თავი და მუშაობა დაიწყო იმით იმედგაცრუებულმა, რომ როდესაც სკოლაში კარგად შესრულებული დავალებები მიჰქონდა, მასწავლებლები არასოდეს უჯერებდნენ, რომ ეს ნამდვილად მან შეასრულა, არასოდეს ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა ნასწავლი გაკვეთილი და იმასაც „გაგებით ეკიდებოდნენ“, ბოლო მერხზე რომ იჯდა ყურსასმენებით, სასწავლო პროცესს დემონსტრაციულად გამოთიშული. როცა სკოლის ამბებს მიყვებოდა, ვერაფრით ვიპოვე საკუთარ თავში ძალა იმის სათქმელად, რომ იქნებ მაინც ღირდა, სკოლა არ მიეტოვებინა – ასეთ სკოლაში სიარული თავის მოტყუებაა და ცოტა შეურაცხყოფაც, მაგრამ ფიქრობენ კი იმავეს ის მასწავლებლები, რომლებმაც ამ გოგოსაც და ალბათ სხვა ბავშვებსაც წაართვეს შესაძლებლობა, სკოლაში კარგი განათლება მიეღოთ, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოყენებინათ?

 

მაგალითი #4. სწავლას მოტივაცია სჭირდება და რწმენა იმისა, რომ ეს უკეთესი ცხოვრების, სამყაროს შეცნობის, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის, ოცნებების ახდენის გზაა. როცა ბავშვებს ვასწავლით, რომ „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი, ისეთი წესრიგი გვჭირდება არგუმენტად, სადაც მთავარი კაპიტალი განათლება, გამოცდილება, კეთილსინდისიერება და სიმართლეა, შესაბამისად, პროტექციონიზმი, ნეპოტიზმი და კონფორმიზმი სამარცხვინოდ ითვლება. ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, ეს უნდა ახსოვდეთ; ყველას, ვინც ბავშვებთან დაიჭერს საქმეს, უნდა სწამდეს თანასწორობის იდეის და იმის, რომ ადამიანი მხოლოდ მისი გაკეთებული საქმეებით ფასდება.

 

ეს წერილი მხოლოდ პირადი მაგალითების კრებულად რომ არ დარჩეს, აქვე გთავაზობთ სპეციალისტების მოსაზრებებს იმაზე, რა უნდა ვქნათ, როცა ბავშვს რაღაცის სწავლა არ უნდა:

  • გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და უნარები, ამბები და მოვლენები მისთვის საინტერესო კუთხით მიაწოდეთ.
  • სწავლა არ უნდა იწვევდეს სტრესს – ყველას სურს, მისი შვილი ან მოსწავლე საუკეთესო იყოს, მაგრამ ეს სურვილი ბავშვს ტვირთად არ უნდა ექცეს.
  • გაუღვიძეთ ცნობისმოყვარეობა. ყველაფერი, რაც არ გაინტერესებს, ადრე თუ გვიან გავიწყდება. რამის სწავლებაზე მნიშვნელოვანი ხშირად იმის ახსნაა, რატომ არის ამ რაღაცის სწავლა საინტერესო, რაში გამოიყენებს ამ ცოდნას, როგორ გაერთობა ამ პროცესით.
  • იყავით მისი პარტნიორი და მეგობარი, თუ შეძლებთ, როლური მოდელიც. არცერთ ბავშვს არ სჯერა გაუნათლებელი უფროსის, რომელიც სწავლის მნიშვნელობაზე ელაპარაკება ან მშობლის, რომელიც აიძულებს, არდადეგებზე 15 წიგნი წაიკითხოს, მაშინ როდესაც თვითონ წლებია წიგნი არ გადაუშლია. აჩვენეთ ბავშვებს, რომ თქვენც მუდმივად ზრუნავთ თვითგანვითარებაზე, თქვენც გაქვთ ინტერესები, თქვენც ბევრი რამ არ იცით და ყოველთვის მზად ხართ ახალი ცოდნის მისაღებად. რატომაც არა, ზოგჯერ ეს ერთადაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
  • არ გამოგეპაროთ მომენტი, როცა შეიძლება, პროფესიონალის დახმარება იყოს საჭირო: ზოგჯერ არსწავლის მიზეზი განვითარების განსხვავებული დინამიკა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებია და ამასთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2023 წლის მესამე ნომერი გამოიცა!

0

ჩვენი ჟურნალის გარეკანზე შეამჩნევდით მასწავლებელს, რომლის ფიქრი ასე იკითხება: „რას ვეუბნებით ბავშვებს ისეთს, რაც წლების შემდეგაც ემახსოვრებათ?“

ჩვენს პროფესიაში ეს მართლაც საფიქრალი ამბავია. მეტიც, მასწავლებლის დანიშნულებაცაა.

გადავწყვიტე, რედაქტორის წერილში ამჯერად სხვისი წერილი გამეხსენებინა, უფრო სწორად, რამდენიმე ამონარიდი ამ წერილიდან.

აბრაამ ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს. ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს. მასზე საუბარი დიდხანს შეიძლება, მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ წერილს, რომელიც მან შვილის მასწავლებელს მისწერა:

„…მესმის, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ყველა ადამიანი გულწრფელი და სამართლიანი არ არის, მაგრამ გთხოვთ, ისიც ასწავლოთ, რომ ყოველ გარეწარზე თითო გმირი მოდის, ხოლო ყოველ ეგოისტ პოლიტიკოსზე – თითო თავდადებული ლიდერი.

ასწავლეთ, რომ სადაც მტერია, იქ მეგობარიც გამოჩნდება. ვიცი, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ თუ შეძლებთ, იქნებ ასწავლოთ, რომ ერთი ნაშოვნი დოლარი სჯობია ხუთ ნაპოვნს. ასწავლეთ წაგების მიღება და გამარჯვებით ტკბობა.

თუ შეძლებთ, მოაშორეთ შური, ასწავლეთ ხმადაბალი სიცილის საიდუმლო. მიეცით საშუალება, თავიდანვე შეიგნოს, რომ ტრაბახა და თავკერძა ყველაზე იოლი დასამარცხებელია და თუ შეძლებთ, დააინტერესეთ წიგნებით…

მიეცით თავისუფალი დრო, რომ იფიქროს ცაში მონავარდე ჩიტებზე, მზის სხივებში გახვეულ ფუტკრებზე და ყვავილებზე, რომლებიც კლდეებზეც კი ხარობენ.

ასწავლეთ, რომ დამარცხება გაცილებით საპატიოა, ვიდრე თაღლითობა. ასწავლეთ, სჯროდეს საკუთარი აზრებისა და იდეების მაშინაც კი, როცა ეუბნებიან, რომ ცდება… ასწავლეთ, იყოს რბილ ადამიანებთან რბილი და ხისტებთან – ხისტი.

ეცადეთ, შეასმინოთ ჩემს ვაჟს, რომ არ აჰყვეს ბრბოს ფეხის ხმას… ასწავლეთ, მოუსმინოს ყველას, თუმცა ასწავლეთ ისიც, რომ ყველაფერი, რასაც მოისმენს, შეაფასოს ჭეშმარიტების კუთხით და დაიტოვოს გაგონილიდან მხოლოდ საუკეთესო.

თუ შეძლებთ, ასწავლეთ, იცინოს მაშინ, როცა დარდიანია… ასწავლეთ, რომ ცრემლებში არაფერია სამარცხვინო. ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს და ერიდოს ზედმეტად უგემოვნოებს…

ეს ადვილი საქმე არ არის, ვიცი, მაგრამ სცადეთ… ჩემი ვაჟი ხომ ისეთი კარგია!“

წერილი 1855 წელს დაიწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს მარადიული ღირებულებები და აღზრდასთან დაკავშირებული მარადიული დილემები, რომელთა გადაჭრას ჩვენ, მასწავლებლებს გვანდობენ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნან მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

მაია ჯალიაშვილი, მაია ფირჩხაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ანა ღვინიანიძე, თამთა კობახიძე, ლევან ალფაიძე, ცირა ბარბაქაძე, ქეთევან კობალაძე, ლელა კოტორაშვილი, თემურ სუყაშვილი, ქეთევან ოსიაშვილი, მარიამ ჯამდელიანი, ნინო ლომიძე, ქრისტინე სურგულაძე, ქეთევან კუპატაძე, ირმა ტაველიძე, ნასტასია არაბული, დიანა ანფიმიადი, ირმა კახურაშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #3 2023

სასკოლო პროექტი -აქტივობები სკოლის წიგნის კლუბისათვის

0

„სალამურას კლუბი“ – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“

 

  1. პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ინკლუზიური კითხვის გამოცდილების დანერგვა, ქართული საბავშვო ლიტერატურული ტექსტების გაცნობა პატარა მკითხველებისათვის და აქტიური, სასარგებლო კითხვის გამოცდილების შექმნა. ასევე, სხვადასხვა შესაძლებლობების ბავშვებს შორის ემპათიისა და ზრუნვის, ერთად თამაშისა და გართობის უნარების განვითარება.

  1. პროექტის შინაარსი

პროექტის განმავლობაში კითხვის სხვადასხვა მეთოდებითა და აქტივობებით წავიკითხავთ საბავშვო ლიტერატურას, გავააქტიურებთ ტექსტის აღქმის მულტისენსორულ მიმართულებებს, გამოვიყენებთ სხვადასხვა აქტივობას იმისთვის, რომ ბავშვებმა სიამოვნებით წაიკითხონ, აზრი გამოთქვან წიგნის შესახებ, ასევე ითამაშონ, სხვადასხვა აქტივობა განახორციელონ საინტერესო და ინკლუზიურ გარემოში.

  1. აქტივობების ციკლი

სალამურას კლუბის პირველი ციკლით გათვალისწინებულია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავლის“ წაკითხვა ბავშვებისთვის. ტექსტი არჩეულია მისი მულტისენსორულების გამო, გამომდინარე იქიდან, რომ ტექსტის კითხვისას სიუჟეტისა და ამბის გარდა, შესაძლებელია აღქმისა და სწავლების სხვადასხვა სპექტრის გააქტიურება, როგორიცაა, ტაქტილური შეგრძნებები, ხმა, სინათლე და სხვა.

  1. ავტორისა და ტექსტის შესახებ, ტექსტის კითხვის პირველი ნაწილი,  ღამის მუსიკა/დღის მუსიკა, ციცინათელების სამეფო – ვამზადებთ ქილებს ციცინათელებისთვის:

გვჭირდება:

რამდენიმე ქილა

საღებავები

ნაძვის ხის ნათურა-გირლანდები

შემეცნებითი აქტივობა-გავიხსენოთ საათის ცნობა, საათი, დღე, კვირა, თვე.

ილუსტრაციის მომზადება წყვილებში

მულტიპლიკაციის ნახვა -„დღე და ღამე „

 

  1. ვაგრძელებთ ტექსტის კითხვას, დამალობანას თამაში, თვალხუჭობანა, სანელებლების გამოცნობა, ჭიამაიების ნიღბების დამზადება და მოხატვა. ვამზადებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს,
  2. ვაგრძელებთ ტექსტის კითხვას, ქონდარუხის სასუსნავების მზადება, ფიგურების აწყობა ხილით და თხილეულით, ფუდარტი, ბოსტნეულისა და ხილის ლოტო, სიტყვების გააქტიურება,
  3. ვაგრძელებთ ტექსტის კითხვას, თოკების ქალაქი- თამაში თოკებით, სკამებზე ვაბამთ თოკებს და ვცილობთ გავძვრეთ, დიორამას მომზადება- აპლიკაციის ქალაქი, როგორია ჩვენი ქალაქი და როგორი უნდა იყოს,

თამაში –  მოვიფიქროთ ალტერნატიული მოძრაობის წესები ქალაქში.

  1. ვაგრძელებთ ტექსტის კითხვას, როგორ აცვიათ ზღაპრის პერსონაჟებს 3 პერსონაჟის კოსტიუმი – მასალა-ვერცხლის ქაღალდი, ფერადი ქაღალდი, პარკები, წებო, მოდების თეატრი, შევარჩიოთ წიგნის მუსიკა.
  2. ვაგრძელებთ ტექსტის კითხვას, პლასტილინის პერსონაჟები, მეფის სასახლე – ვძერწავთ პერსონაჟებს პლასტილინით, ვაკეთებთ ჩრდილების თეატრს, ვნახულობთ ქართულ ანიმაციას.
  3. ვაგრძელებთ ტექსტის კითხვას, ვისწავლოთ სამეფო ცეკვა, მოძრაობის თეატრი, აქტიური თამაშები, განვიხილოთ პერსონაჟთა სახელები – მიდი მოადე, ალეე ჰოპ, კვანტი დაუდე, ჰილარიონ ბუერა და სხვა.  მოვიფიქროთ ჩვენი სახელები იმის მიხედვით, რისი კეთება გვიყვარს.
  4. ვაგრძელებთ ტექსტის კითხვას, სალამურას დაბრუნება, გავიმეოროთ საათის ცნობა, ვისწავლოთ წელიწადის დროები, აქტივობა გლობუსით, ვამზადებთ ხელნაკეთ ჭოგრიტებს ვარსკვლავების სანახავად, მულტფილმი “La Luna”;
  5. ვაგრძელებთ კითხვას, მოვიფიქროთ ალტერნატიული ამბავი, მე რომ ამ წიგნის პერსონაჟი ვიყო, რა მოხდებოდა, რომ… დავხატოთ წიგნის ყდა, ავკინძოთ წიგნის მაკეტი, პლასტილინისგან დავამზადოთ ჩვენი ავტოპორტრეტები.
  6. წიგნის ახალი ეპიზოდის მერე შევაჯამოთ წაკითხული ამბავი, რა წავიკითხეთ, რა დაგვამახსოვრდა, რომელი პერსონაჟი მოგვეწონა? ამბის რომელი ნაწილი იყო ყველაზე დამაფიქრებელი და საინტერესო, ვითამაშოთ თამაშები ნდობასა და მეგობრობაზე, ავაწყოთ პერსონაჟების აპლიკაცია, ჩავაწებოთ ჩვენს აწყობილ წიგნებში, დავუხატოთ ერთმანეთს დასამშვიდობებელი ბარათები.

 

 

როგორ გავართოთ და თან ვასწავლოთ ბავშვებს ერთდროულად

0

არდადეგების დროს, ბავშვი ჩვენგან მეტ ყურადღებასა და გართობას ითხოვს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და საინტერესო იდეას:

 

ღრუბელთმკვლევარი

მართალია, ჯერ ძალიან არ დამთბარა, მაგრამ რამდენიმე წუთით პარკის გამწვანებულ მოლზე წამოწოლა არაფერს გვავნებს. იმისათვის, რომ ღრუბლების თვალიერება უფრო საინტერესო გახდეს, შეგიძლიათ სპეციალური დაკვირვების ჩარჩო დაამზადოთ. ამოჭერით ქაღალდის ოთხი ზოლი და ისე გადააწებეთ ერთმანეთს, რომ კვადრატი მიიღოთ. შემდეგ კვადრატის თითოეულ კუთხეს მიამაგრეთ სხვადასხვა ტიპის ღრუბლის პატარა ფოტო ან ნახატი: კუმულუსი, ცირუსი, სტრატუსი. თან მოუყევით ბავშვებს, როგორ განსხვავდებიან ეს ღრუბლები ერთმანეთისგან. შემდეგ კი დაწექით ბალახზე, ჩაიხედეთ ღრუბლების ჩარჩოში და გამოიცანით, რა ტიპისაა ისინი.

ბუდის მქსოველი

ჩიტები ბევრს შრომობენ ბუდეების ასაშენებლად. თქვენც შეაგროვეთ ტოტები, ბალახი. შეეცადეთ, თავად გააკეთოთ ჩიტებისთვის ბუდე. ჩიტები მადლიერი დაგრჩებიან!

მიწის შემსწავლელი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთი კვადრატული მეტრის ნიადაგის ფარგლებშიც კი სიცოცხლე დუღს: იქ ბალახი შრიალებს, ჭიანჭველები დარბიან, ჭია-ღუები დაცოცავენ. თოკებისა და ჯოხების დახმარებით შემოღობეთ მიწის ერთი კვადრატული მეტრი, აიღეთ გამადიდებელი შუშა და შეისწავლეთ მისი ყოველი სანტიმეტრი. ჩვენს ფეხქვეშ მთელი სამყარო გადაიშლება.

ააფეთქეთ თესლით სავსე ბუშტი

ზოგიერთი მცენარე საკმაოდ ეფექტურად „ტოვებს შთამომავლობას“: ისინი ფაქტობრივად აფეთქებენ დაგროვილ თესლს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იფანტება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს ეს პროცესი ვიზუალურად აჩვენოთ: აავსეთ ბუშტი თესლით, გაბერეთ და ქარიან დღეს გარეთ გახეთქეთ.

მოამზადეთ ხელნაკეთი სასუქი

ამისთვის დაგჭირდებათ ცარიელი გამჭვირვალე ბოთლი, ცოტაოდენი მიწა, ასევე ფოთლები, ბალახი, საკვების ნარჩენი – ყველაფერი, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეშომპალას მოსამზადებლად. მოაჭერით ბოთლს ზედა ნაწილი, შემდეგ ყველაფერი ჩადეთ ბოთლში, დატოვეთ აივანზე და ყოველდღე დააკვირდით ცვლილებებს. აუხსენით ბავშვებს, რა არის ნეშომპალა და რისთვის სჭირდება ის მცენარეებს. შემდეგ კი რომელიმე მცენარისთვის გამოიყენეთ.

შეისწავლეთ მზისგან დამცავი კრემის მუშაობა

იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ გაიგონ, რატომ არის საჭირო მზისგან დამცავი საშუალება, მოაწყვეთ პატარა ექსპერიმენტი. აიღეთ შავი ქაღალდის ზოლი, ნახევარი დაამუშავეთ მზისგან დამცავი კრემით, ნახევარი დატოვეთ ისე, როგორც არის და ერთი დღით კაშკაშა მზის ქვეშ დადეთ. საღამოს კი ერთმანეთს შეადარეთ დამუშავებული და დაუმუშავებელი ქაღალდი.

იწინასწარმეტყველეთ ამინდი გირჩებით

სახალისო ფაქტი: გირჩი თავისივე თესლის დაცვის მიზნით ამინდის შესაბამისად იხსნება და იხურება. ააშენეთ ამინდის პატარა სადგური ფანჯრის რაფაზე. თუ გირჩი გაიხსნა – მშრალი ამინდი იქნება, თუ დახურულია – იწვიმებს.

დააკონსერვეთ ბუნება

გაისეირნეთ მინდორში ან პარკში ბავშვებთან ერთად, შეაგროვეთ საინტერესო მცენარეები, ყვავილები, შემდეგ კი მზეზე გააშრეთ და ჩადეთ ძველ მინის ქილებში. ეს ოთახსაც უჩვეულოდ გაალამაზებს და ბოტანიკის გაკვეთილშიც ჩაგეთვლებათ.

ხელნაკეთი საპნის ბუშტები

საპნის ბუშტების გასაკეთებლად დაგჭირდებათ საპონი, თბილი წყალი და ცოტა შაქარი. შეურიეთ ინგრედიენტები და შეეცადეთ ბუშტები თქვენი ხელით გაბეროთ. ჩაატარეთ კონკურსი. დაე, გამარჯვებული იყოს ის, ვინც ყველაზე დიდ ბუშტს გაბერავს.

დაამზადეთ ხელნაკეთი კატაპულტი

მარტივი კატაპულტი იდეალური სათამაშოა პატარა ბავშვებისთვის. მიწაზე დადეთ სქელი ჯოხი, ზემოდან კი დაადეთ ფიცარი. ფიცრის ერთ ბოლოში მოათავსეთ გირჩი და აჩვენეთ ბავშვებს, როგორ არის დამოკიდებული ფრენის ტრაექტორია დარტყმის ძალაზე.

ბინგო ბუნებაში სეირნობისთვის

დაფიქრდით, რა ფრინველები, ცხოველები, მცენარეები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს სახლთან ახლოს. შემდეგ დახატეთ ბინგო და წადით სასეირნოდ. იმარჯვებს ის, ვინც შეძლებს პირველმა აღმოაჩინოს და გადახაზოს ყველაფერი, რაც დახატულია.

პარაშუტი სათამაშოებისთვის

აიღეთ პატარა ნაჭერი, ცხვირსახოცი და ძაფების დახმარებით გააკეთეთ პარაშუტი. შემდეგ მიაბით პატარა სათამაშოს და ნახეთ, შეძლებს თუ არა ის წარმატებით დაშვებას. მოუყევით თქვენს შვილს, როგორ მოქმედებს ქარი პარაშუტისტის ფრენაზე.

როგორ განსხვავდებიან ხეები ერთმანეთისგან

პარკში თუ ტყეში სეირნობისას შეხედეთ ხეებს – რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? შეაგროვეთ ფოთლები და თესლი სახლში ნამდვილი სამეცნიერო ჰერბარიუმის შესაქმნელად. ამავდროულად, მოუყევით ბავშვებს, როგორ შეიძლება ღეროზე რკალების რაოდენობის მიხედვით ამოიცნოთ ხის ასაკი.

ნაგავზე ნადირობა

ტერიტორიის დასუფთავება შეიძლება ბავშვისთვის უინტერესო აღმოჩნდეს. მაგრამ თუ თქვენ შეიმუშავებთ ნადირობის გეგმას (მაგალითად, შეაგროვებთ მხოლოდ პლასტმასის ნაგავს), ის შეიძლება საინტერესო თამაშად აქციოთ. შემდეგ შეაჯამებთ ნადირობას და გაარკვევთ, რა სახის ნარჩენი ჭარბობს თქვენს მხარეში.

ადგილობრივი ფრინველების შესწავლა

აიღეთ ბინოკლი და დააკვირდით ბეღურებს, კაჭკაჭებს, ყვავებს, გვრიტებს. რით განსხვავდება მათი გარეგნობა? რა ხმებს გამოსცემენ ისინი? ჩაინიშნეთ ყველა დაკვირვება. ჩიტების მოსაზიდად დაუყარეთ მათ საკვები.

დრო და მოძრავი მზე

მზიან ამინდში სასეირნოდ რომ წახვალთ, ფერადი ცარცები გაიყოლეთ. შემოხაზეთ თქვენი ან თქვენი შვილის ჩრდილი ტროტუარზე და მიაწერეთ, რომელი საათია. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდით იმავე ადგილას და შემოხაზეთ ჩრდილი უკვე სხვა ფერის ცარცით – ის სხვა ადგილას იქნება. მოუყევით ბავშვებს ცაზე მზის მოძრაობის შესახებ.

ნეიროლინგვისტური თამაში ანაგრამებით

0

თუ თქვენ ლექსიკონებში ჩაიხედავთ, ანაგრამის შესახებ ამოიკითხავთ შემდეგს: ანაგრამა (ბერძ. Αναγραμμα) — სიტყვა ან შესიტყვება, რომელიც წარმოიქმნება სხვა სიტყვის ან შესიტყვების ასოების გადაადგილებით; გამოიყენება გამოცანებში, თამაშებში. ასევე არის ლექსების შექმნის ხერხი, რომელშიც ლექსის საწყისი სიტყვის ცალკეული ფონემები მეორდება სხვა სიტყვებში. ანაგრამის მაგალითებია: მხალი – ხმალი, ტახი – ხატი, თავი – თივა და ა.შ.

მიზანშეწონილი იქნება, ეს თემა სოსიურიდან დავიწყოთ. სოსიურმა აღმოაჩინა ლექსის წყობის უნივერსალური, განსაკუთრებული, ანაგრამული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ „ყოველი პოეტური ტექსტის აგება დამოკიდებულია საკვანძო სიტყვის ბგერით შემადგენლობაზე. ტექსტის დანარჩენი სიტყვები შეირჩევა ისე, რომ მათში გარკვეული კანონზომიერებით განმეორდეს საკვანძო სიტყვის ბგერები“.

სოსიურმა ამ გამოკვლევებით გაკვალა გზა პოეტურ ტექსტში ბგერისა და მნიშვნელობის ურთიერთკავშირის ახლებური გაგებისათვის. მისი აზრით, ბგერის გამეორება და ბგერწერა არა მხოლოდ ბგერადობის სიმეტრიის მიღწევის საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, ასოცირდება ლექსის თემასთან. ნიშნის ორმხრივობის პრობლემა, რომელიც ღრმად არის განხილული „ზოგადი ენათმეცნიერების კურსში“, თავისებურად გრძელდება და აისახება სოსიურის ჩანაწერებში ანაგრამებზე.

ტექსტის ამგვარი წაკითხვა ახალი სემიოტიკური განზომილებაა, რომელშიც ნიშნის ორპლანიანობა იკარგება და ჩვეულებრივი სამეცნიერო ლოგიკით აღარაფერი იხსნება. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ანაგრამების შესახებ კვლევებს სოსიური არ აქვეყნებდა. ეს არის ის, რაც შეიძლება კიდეც დაადასტურო და, ამავე დროს, არ იყოს მუდამ კანონზომიერი. ამიტომ სოსიური წერდა: „არავითარი საშუალება არ არსებობს იმისა, რომ საბოლოოდ გაეცეს პასუხი იმას, აქვს თუ არა ანაგრამას შემთხვევითი ხასიათი. ნებისმიერ სამ სტროფში შეიძლება მოიძებნოს მარცვლები, რომელთაგან ანაგრამების შედგენა იქნებოდა შესაძლებელი“. „ტექსტის ყოველი ელემენტი ფუნქციონირებს, როგორც მოძრავი „გრამა“, რომელიც კი არ გამოხატავს, არამედ ბადებს, აღძრავს აზრებს (ტოდოროვი).

ამ გაგებით, ანაგრამა წარმოადგენს რაღაც შეფარულს (ავტორის მიერ, ან ავტორისგან დამოუკიდებლად, არაცნობიერად), რომლის (გ)ახსნა დამოკიდებულია მკითხველის ინტუიციურ წვდომაზე.

თანამედროვე გაგებით, ანაგრამები, მაგალითად, პოეზიაში, გამოიყენება, როგორც აზრის გამოხატვის განსაკუთრებული ალგორითმები, რომლებსაც ახლავს ენობრივი თამაშის სიმსუბუქე და აზრის გამოხატვის სიღრმე და დახვეწილობა.

ამ მხრივ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ძალიან საინტერესოა პაატა ნაცვლიშვილის ანაგრამები. ღრმა ენობრივი ინტუიცია და გამოთქმის ორიგინალურობა არის საფუძველი ამგვარი პოეზიისა.

„ბანს ნუ მეტყვი, განს ნუ მეტყვი, მითხარ ა!

ჩუმად მითხარ, უხმოდ მითხარ, ხმით არა.

ისიც მარქვი, გიგომ რაო, თხამ რაი,

ქვიშამ რაო, მიწამ რაო, თიხამ რა!

მთავ, გადმიშვი, თუ ნამდვილი მთაი ხარ,

ჩანს, ამინდმა დამინდო და მიხათრა,

და გადამკრა ცისატრყელის მათრახი…

რითმა ხარობს, რითმა ხარობს, რითმა ხა…[1]“.

 

ან ეს:

„არ თქვა ცოდვის, არცა მოდის,

ცხადს არჩიე სიზმარი:

მზე არც ჩადის, არც ამოდის,

ზღვის ნაპირას მარი ზის…“.

ლევან ბრეგაძე პაატა ნაცვლიშვილის ანაგრამების შესახებ წერს:

„დაბოლოს სუპერ-შიუთელრაიმი – თანხმოვანთა ორი წყვილის გადაადგილება ერთი სიტყვის ფარგლებში:

მახინჯაური

კონდუქტორო, მაგ სასტვენში იქნებ ერთიც ა,

რაღა დარჩა! გავიარეთ ბოლოსწინა ა!

ჩვენი აზრით, ამგვარი რითმის ეფექტი, მიმზიდველობა იმითაც უნდა იყოს გამოწვეული, რომ იგი თითქოს ომონიმური, ანუ უზუსტესი რითმისა და არაზუსტი კონსონანსური რითმის ერთ-ერთი სახეობის ნაჯვარია: ომონიმთან მას ის ანათესავებს, რომ სარითმო სიტყვები ზუსტად ერთი და იმავე ბგერებისგან შედგება, ხოლო კონსონანსური რითმისა კი ის გამოჰყოლია, რომ თანხმოვანთა რაოდენობა არ არის დაცული“.

ანაგრამების სხვადასხვა სახე არსებობს: დაშალო ცნობილი სიტყვა სხვა სიტყვებად, ან – შეაერთო დაშლილი ასოები და აღმოაჩინო დამალული სიტყვა.

 სავარჯიშო: მოდი, უბრალოდ, ავიღოთ რომელიმე ორ-სამ ან მეტმარცვლიანი სიტყვა და ასოები ავურიოთ ნებისმიერად, ხოლო შემდეგ შევთავაზოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს, შვილებს, ახლობლებს, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად ააწყონ მნიშვნელობის მქონე სიტყვა. ეს უბრალო სავარჯიშო ახალისებს მონაწილეებს, ავარჯიშებს ტვინს და აიძულებს, პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზა იპოვოს. თამაში სახალისოა და ამ გზით ახალი სიტყვების შესწავლა ძალიან ეფექტური.

მგზავრი – ვრამზიგ

კოსმოსი – მისოკოს

მინდორი – დიმნირო

ხომალდი – მალიდოხ

ყვავილი – ვილაყივ

ხალიჩა – ლიახაჩ

ანგელოზი – გნაზიოლე

აკადემია – აიმაკაედ

რობოტი – იტობორ

 

[1] https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=41

 

სასწავლო მენიუ

0

დიფერენცირებული სწავლება დაიან ჰიქოქსის განმარტების თანახმად ნიშნავს: “სწავლების ტემპის,სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით “, შესაბამისად ეს ისეთი დავალებების შეთავაზებაა მოსწავლეებისთვის, რომლითაც ყველა მოსწავლე იქნება დაინტერესული და ჩართული. დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები მასწავლებელს ეხმარება გაკვეთილის სწორად გაგეგმვაში, სწორად დაგეგმილი გაკვეთილი კი ნიშნავს მოსწავლეების მაღალ ინტერესს გაკვეთილის მიმართ, რაც ბუნებრივია გამოიწვევს მოსწავლეების მაღალ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში .

დიფერენცირებული სწავლის ინსტრუმენტებია :

  1. სასწავლო მენიუ
  2. სასწავლო გაჩერებები
  3. შეარჩიე საკითხავი მასალა
  4.  აირჩიე პროექტი
  5. კითხვები ინტერესების მიხედვით
  6. წერითი დავალება “რაფთ”

სასწავლო მენიუ – ეს არის მოსწავლეებისთვის არჩევანის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი სასწავლო მენიუში არსებული დავალებების საფუძველზე ახდებს მოსწავლეების დიფერენცირებას  მზაობის და ინტერესების მიხედვით.

სასწავლო მენიუ არის დავალებების ერთობლიობა რომელიც მოიცავს სამ ბლოკს:

  1. სავალდებულო დავალებების ბლოკი – ამ ბლოკში შემავალი დავალებების შესრულება ყველასთვის თანაბრად არის სავალდებულო.
  2. არჩევითი დავალებების ბლოკი – ამ ბლოკში შემავალი დავალებებიდან მოსწავლეს შეუძლია შესასრულებლად სეარჩიოს დავალებები თავისი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
  3. არასავალდებულო – მოსწავლეს შეუძლია თავის სურვილისამებრ ან არ შეასრულოს საერთოდ დავალება , ან ერთი დავალება შეასრულოს და ა.შ.

საგანი : ბიოლოგია

თემა: ორგანული ნივთიერებები-ცილები

კლასი : X

სასწავლო მიზანი: მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს  უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი  მნიშვნელობა   ორგანიზმისათვის; მოსწავლემ შეძლოს გაანალიზოს  ცილების მოლეკულური აგებულება, ერთმანეთისგან გამოარჩიოს ცილის სტრუქტურები.

 სავალდებულოდ შესასრულებელი დავალებების ბლოკი.

  1. სად არის ნაჩვენები დიპეპტიდში პეპტიდური ბმა

2.ილუსტრაციაზე ცილის ერთ-ერთი სტრუქტურის მოდელია . Როგორ ფიქრობ:

ა. ცილის რომელ სტრუქტურას ასახავს ილუსტრაცია?

ბ. რას ასახავს სპირალთან დაკავშირებული სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ფიგურები ?

3. უპასუხე შეკითხვას წერილობით – როგორია ამინომჟავას სტრუქტურა?

არჩევითი დავალებების ბლოკი  ( უნდა იყოს შესრულებული ერთი დავალება  მაინც)

  1. რა პროცესს ასახავს ილუსტრაცია ? დაასახელე ამ პროცესში მონაწილე ბმები

 

  1. რამდენ პეპტიდურ ბმას შეიცავს 20 ამინომჟავისგან წარმოქმნილი პოლიპეპტიდური ჯაჭვი?
  2. Რა პროცესია ასახული ილუსტრაციაზე და რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს იგი ?

 

არასავალდებულო ბლოკი  – მოსწავლეს შეუძლია შეარჩიოს ერთი, ორი ან არცერთს არ უპასუხოს

  1. https://ka.warbletoncouncil.org/priones-16135

ვიდეოს ყურების შემდეგ ინდივიდუალურად შეასრულეთ დავალება – განმარტეთ რა არის პრიონები და სად ხდება მათი დაგროვება კრისტალების სახით.

  1. აირჩიე სწორი პასუხი : წყალბადის დონორი ეწოდება ნივთიერებას, რომელიც

ა: გატუტიანების საშიშროებისას უჯრედში ათავისუფლებს პროტონს

ბ: გატუტიანების საშიშროებისას მიიტაცებს პროტონს

გ: გამჟავიანების საშიშროებისას უჯრედში ათავისუფლებს პროტონს

დ: გამჟავიანების საშიშროებისას მიიტაცებს ჰიდროქსილის იონს

  1. მოიყვანე არგუმენტები, რატომ განსაზღვრავს ცილის პირველადი სტრუქტურა ყველა დანარჩენს და როგორ ქმნის ეს ბიომრავალფეროვნების საფუძველს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...