შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

„მოდი, ტიკ-ტოკში მოვძებნოთ“ – ბავშვებისა და ტიკ-ტოკის ურთიერთობაზე

0

თუ მოზარდი შვილი გყავთ, მისი ტელეფონის აპლიკაციებში დიდი ალბათობით იარსებებს ტიკ-ტოკის აპლიკაციაც. ბავშვები და ტიკ-ტოკის ურთიერთობა ხშირად იქცევა განხილვის თემად – სატელევიზიო გადაცემებში, მშობლების შეხვედრებისას და ა.შ. მშობლები ღელავენ, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ ამ სოციალურ ქსელში, წუხან მდარე ხარისხის ვიდეოკონტენტის არსებობაზე, დეზინფორმაციის გავრცელებაზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და განსაკუთრებით იმაზე, რომ ტიკ-ტოკში დახარჯული დრო ბავშვების აკადემიურ უნარებს და განვითარებას აფერხებს.

კარგია თუ ცუდია ტიკ-ტოკი? იქნებ ცალსახად ცუდია და ყოველ მიზეზგარეშე უნდა ავუკრძალოთ ბავშვებს? როცა საქმე ბავშვებისთვის რაღაცის ხისტად აკრძალვას ეხება, ვფიქრობ, ის საქმე განწირულია და ისევ მოლაპარაკების პოლიტიკას, საფრთხეების ერთად აწონ-დაწონას, რაციონალური მოხმარების ლიმიტის დაწესებას, მოზარდისთვის მეტი ხარისხიანი დროის დათმობას, მასთან გულწრფელ საუბარსა და მეგობრობას ვარჩევ.

კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არა მარტო ტიკ-ტოკის, სხვა ციფრული სერვისების არარაციონალურად მოხმარებაც ნამდვილად საფრთხის შემცველია, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. სოციალური ქსელების ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა ბევრი გამოუსწორებელი პრობლემა დაგვიტოვოს. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე სხვა სოციალურ თუ ეთიკურ საკითხებსაც. ამიტომ, სანამ გადავწყვეტთ, ბავშვებს სოციალურ ქსელებში აქტივობა ავუკრძალოთ, უმჯობესი იქნება, შვილთან ერთად გავეცნოთ ქსელის კონტენტს, დავაწესოთ გონივრული წესები, სარგებლობის დროის ლიმიტი და უბრალოდ, ვეძებოთ რაღაც იმაზე კარგი, ვიდრე ეს აპლიკაცია გვთავაზობს. ზრდასრულებიც ხომ ამ პრინციპით მოვიხმართ ციფრულ სერვისებს, მეტიც, ასე ვმუშაობთ, ვსწავლობთ და პროფესიულად ვვითარდებით.

ტიკ-ტოკი ერთი წლის წინ ჩამოვწერე მობილურში, როდესაც შევნიშნე, რომ ჩემი უფროსი შვილი, მათი მეგობრები და თანატოლები ინფორმაციის მისაღებად, გასართობად და საკომუნიკაციოდ ამ აპლიკაციას ირჩევდნენ. მაშინ რატომღაც არ დავინტერესებულვარ, არც შინაარსმა და ვერც ვიზუალური თხრობის ძალიან-ძალიან აჩქარებულმა ტემპმა მომხიბლა, მეტიც – დამღალა კიდეც. ჩემი უფროსი შვილი კი ელვის უსწრაფესად ამონტაჟებდა ვიდეოებს, არგებდა მათ ათასგვარ ფორმატს, ფლობდა უამრავ ისეთ ტექნიკურ უნარ-ჩვევას, რომლებიც, ვფიქრობ, ნამდვილად საჭირო და გამოსადეგი უნარია ციფრულ სამყაროში. მაშინ დავფიქრდი, რომ დოზირებულად, მშობლის ყურადღების ქვეშ და კონტროლის ფარგლებში გავაგრძელო მისი მეურვეობა ისეთი აპლიკაციის სამყაროში, როგორიც ტიკ-ტოკია. ანდრია ფეხბურთით არის გატაცებული და მისი ტიკ-ტოკიც მთლიანად საფეხბურთო თემატიკას ეძღვნება. ჰყავს რჩეული ტიკ-ტოკერი ბლოგერები და ისეთი არხები აქვს გამოწერილი, რომლებიც მის ინტერესთა სფეროს ერგება – ფეხბურთს, ფეხბურთელებს და ა.შ. თუმცა ვიდეოს მონტაჟი და ახალი სამონტაჟო აპლიკაციების აღმოჩენაც მისი ინტერესების გრძელ სიაშია.

მნიშვნელოვანია, ციფრული დროის მენეჯმენტს ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ. თუ ბავშვებს გამკიცხავი ტონით ვუსაყვედურებთ, რომ ტიკ-ტოკი უბრალოდ დროის კარგვაა, მათ თავისუფლად შეუძლიათ საწინააღმდეგო არგუმენტით გვიპასუხონ – აბა, თავად ჩვენ რას ვაკეთებთ მთელი დღე ფეისბუქში; რატომ ვხარჯავთ დროს, ენერგიას და ნერვებს უამრავ პოსტზე კომენტარების წერაში, სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში აქტიურობაში; ან უბრალოდ, რატომ „ვსქროლავთ” დაუსრულებლად, როცა ის მართლაც მოსაწყენი, ტოქსიკური და აუტანელი ხდება დღითიდღე. ასე რომ, ტიკ-ტოკისგან მტრის ხატის შექმნა უკვე ვეღარ გამოვა და არ იმუშავებს. უფრო მეტიც – გაღიზიანებას, საპროტესტო მანიფესტაციას და განაწყენებულ ბავშვს მივიღებთ, რომელსაც მშობლებმა გართობა აუკრძალეს.

„როგორ გავაღოთ ჩაკეტილი კარი?“ „როგორ შევცვალოთ DNS ფილმების საიტებზე?“ „როგორ მოვაშოროთ ფლომასტერის საღებავი მაგიდას?“ „როგორ ვნახოთ წაშლილი მესიჯები?“ – მოდი, ტიკ-ტოკში მოვძებნოთ, მპასუხობს ჩემი შვილი, რომელიც გუგლთან ერთად უფრო მეტად ტიკ-ტოკს სტუმრობს ინფორმაციის მისაღებად. 15-წამიანი ვიდეო-ინსტრუქციებით ბავშვებმა ისევ დაიბრუნეს მულტფილმების ყურების უფლება სხვადასხვა ფილმების საიტზე (რომელიც, ერთხანს მიუწვდომელი იყო) და მაგიდას ფლომასტერების საღებავიც კი მოაშორეს.

თანამედროვე ინფორმაციული სამყარო სწრაფად ვითარდება და გარდაიქმნება. თანამედროვე თაობა, სხვადასხვა წყაროს ეძებს ინფორმაციის მისაღებად და ინფორმაციის მოძიების სხვა ჩვევებსაც იძენს. ტიკ-ტოკი არა მარტო ახალგაზრდა თაობისთვის, ზრდასრული მოქალაქეებისთვისაც ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ პოპულარული წყარო ხდება და არა მარტო წყარო, ახალ უნარ-ჩვევებსაც გამოგვიმუშავებს. მთავარია, ვიცოდეთ, რა გვაინტერესებს, რა ტიპის რესურსის მოლოდინი გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ.

 

 

 

დონ კიხოტის „მოვლინება“

0

თანამედროვე სამყაროში იდეალებისა და ღირებულებების კრიზისზე არაერთი შესანიშნავი მწერალი წერს. მათ შორისაა ვანო ჩხიკვაძე, რომელიც რომან „გვირაბში“ წარმოაჩენს ადამიანის ეგზისტენციალურ სიცარიელეს, უმიზნობასა და უპერსპექტივობას, რასაც იწვევს ფუნდამენტურ ფასეულობათაგან მოწყვეტა, იდენტობის გარკვევაზე უარის თქმა, მობორიალე ატომად გადაქცევა. მწერალი ფანტასმაგორიული ელემენტების მოხმობით თხრობას სიღრმისკენ მიმართავს, შინაგანი მონოლოგებისა და ცნობიერების ნაკადების აქტიური ოსტატური გამოყენებით პერსონაჟების სულიერ სამყაროში გვამოგზაურებს. „გვირაბი“ მწერლის მეოთხე რომანია (2022 წ.). აქამდე კი გამოქვეყნებული აქვს შემდეგი რომანები: „ჩიტები ზამთარში“, „ბებერაშვილების ამბავი“, „შუშების ომი“. ასე რომ, ვანო ჩხიკვაძე არა მხოლოდ პოეტური კრებულებითა და მოთხრობებით, არამედ რომანებითაც გამორჩეული ავტორია თანამედროვე ქართულ მწერლობაში.

რომან „გვირაბში“ წარმოჩენილი ამბები დღეს ხდება, შესაბამისად, მწერალი იმ სოციოკულტურულ გარემოს ხატავს, რომელიც ასეთი ნაცნობია თანამედროვე მკითხველისთვის, თანვე, ვერტიკალური ჩაღრმავებებით ავტორი აფართოებს დრო-სივრცულ არეალს. თხრობაში ბუნებრივად შემოიჭრება უახლესი თუ შორეული წარსულის სურათები და იხატება მომავლის პერსპექტივები. რომანისეულ ქრონოტოპში ასე გამოიკვეთება წარმავალ და მარადიულ ღირებულებათა გზაჯვარედინებზე შეყოვნებული ადამიანი, რომელმაც არ იცის, საითკენ წავიდეს. ავტორი სიმბოლურ-ალეგორიული ქვეტექსტებით, წარმოსახულისა და რეალურის უცნაური მონაცვლეობით, პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი თხრობითი სტრატეგიებით მკითხველს დააფიქრებს ყოფიერების განმაპირობებელ უნივერსალურ კანონზომიერებებზე.

მწერლისეული ტრადიციული რეალისტური თხრობის მანერა გამდიდრებულია მაგიური რეალიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტებით. ავტორი პიროვნულსა და ეროვნულ სატკივარს გლობალურ, უნივერსალურ პრობლემებთან აკავშირებს, რომლებიც არა მხოლოდ ქართველს, არამედ კაცობრიობას აწუხებს. ამ თვალსაზრისით, რომანის სათქმელი მასშტაბური და ღრმააზროვანია.

გვირაბის სიმბოლიკა ერთ-ერთია იმ სიმბოლოებიდან, რომლებიც რომანში მრავლად გვხდება და რომელთა საშუალებით მწერალი მოთხრობილ ამბების განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას უქმნის მკითხველს. ეს სიმბოლო ტრადიციულია ლიტერატურისა თუ, ზოგადად, ხელოვნებისათვის და მას ხშირად მიმართავენ შემოქმედნი. ის განასახიერებს, ერთი მხრივ, ჩაკეტილ სივრცეს, რომელიც ქმნის შიშის, დათრგუნვილობის, სასოწარკვეთილების შეგრძნებას, თანვე, გვირაბში ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ ეს დროებითი სამყოფელია, იგი გულისხმობს ძიებას, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას, კრიზისის გადალახვის პოტენციურ შესაძლებლობას. იგი შეიძლება გავიაზროთ როგორც ხიდის ერთგვარი მხატვრული ვარიაციაც. გვირაბი თავის თავში შეიცავს სიბნელეს, მაგრამ გულისხმობს სინათლის მოლოდინსაც, რომელიც გვირაბის ბოლოსაა. მთავარია გაძლება, გვირაბის დაბრკოლებათა გადალახვა, წყვდიადის დემონებთან ბრძოლა, სასიცოცხლო ძალების მოკრება და თავდახსნა. გვირაბში შესვლა გულისხმობს თვითჩაღრმავებას, არაცნობიერში შეღწევის სურვილს, რაც ურთულესია ადამიანისთვის, რადგან ეს მისი დაფარული, აკრძალული სივრცეა.

რა იმალება ადამიანის სულის უფსკრულში, რომელიც ასე ზარავს წარმოსახვას? რომანში ვკითხულობთ: „რამდენი პირნათელიც უნდა მოავლინოს ღმერთმა, ადამიანი უკან იმდენივეს გაშოლტილს, ეკლის გვირგვინით და ჯვარზე გაკრულს დაუბრუნებს, თვითონ კი ძველებურად გააგრძელებს გვირაბში ფორთხიალს, თავის ცოდვებით დამძიმებული არსებობის ისტორიას“. სინათლის ის სხივები, რომლებიც დაბადებიდან დაჰყვება ყველას, თანდათან იშრიტება და არეოპაგისეული „მოკლებული სიკეთის“ ნატამალიც აღარ რჩება. ფროიდის აზრით, „მე არ არის ბატონი თავის სახლში“, მას „მართავენ“, ერთი მხრივ, ინსტინქტები, ბიოლოგიური ლტოლვები, რომლებსაც მეცნიერი „იგის“ უწოდებს. თუმცა მხოლოდ ეს არ უქმნის „მეს“ გასაჭირს, მეორე მხრივ, პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე მეგზურად „ზემეა“, რომელიც ადამიანს აწვდის ღირებულებებს, დაწერილსა თუ დაუწერელ კანონებს, წეს-ჩვეულებებს. ადამიანის „მე“ სწორედ ამ „იგისა“ და „ზემესთან“ ჭიდილში ყალიბდება. სწორედ ამ ბრძოლის სირთულეზე მოგვითხრობს მწერალი. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანს თითქოს უფრო მეტად უჭირს „იგისთან“ გამკლავება, ამიტომაც დიდხანს რჩება გვირაბში, ბნელი ხორციელი ლტოლვების ტყვეობაში.

გვირაბი შემაერთებელია წუთისოფლისა და ზესთასოფელისა. იგი სიცოცხლიდან გარდაუვალი სიკვდილისაკენ მიმავალი გზაცაა, რომლის გავლისას ადამიანი შეიცნობს წუთისოფლის ხანმოკლეობას და დანტესეულ სასოწარკვეთას უცილობელი „დასჯის“ მოლოდინში: „თქვენ, აქ მომსვლელნო, იმედები დატოვეთ ყველა“, – წერია ჯოჯოხეთის კარზე („ღვთაებრივი კომედია“). აქამდე კი გვირაბი, იგივე, უსიერი ტყე, მალავს სხვა ხიფათებსაც, რომლებიც დანტეს ლეოპარდის, ლომისა და მგლის სახით მოევლინა. ნებისმიერ ადამიანს მოუწევს თავის „გვირაბში“ გავლა და ამ მხეცებთან გამკლავება, დამარცხება ან გამარჯვება. ლომი განასახიერებს სხვებზე აღმატებულობის, ძალაუფლების, ამპარტავნების საშიშ ვნებას, ლეოპარდი განცხრომისკენ სწრაფვას, ხოლო მგელი – ანგარებას. ვანო ჩხიკვაძის რომანში ყველა ეს ხიფათი ექსპრესიულად წარმოჩნდება, რა თქმა უნდა, სხვა სახეებითა და სხვა ამბებით, მაგრამ მთავარი სწორედ სიცოცხლის გზის გავლის სიძნელის ჩვენებაა, ერთხელ კიდევ დაფიქრება იმაზე, თუ რას აკეთებს ადამიანი იმისთვის, რომ სამუდამოდ გვირაბში არ დარჩეს. ერთი მხრივ, პიროვნული სწრაფვანი და, მეორე მხრივ, გარემოებანი ზემოქმედებენ ადამიანის ნებაზე. მწერალი ორივეს შესანიშნავად წარმოაჩენს. მას სჯერა: „ყველგანგამჭვრეტი კეთილშობილების მზის სხივი სამუდამოდ რომ ქრებოდეს, მაშინ ჩალუსკუმებულ, გაუსაძლისი წუთისოფლის გვირაბში გზას როგორღა გავიგნებდით“.

მთავარი გმირის შინაგანი სამყაროს, მისი საფიქრალის, ტკივილისა და სიხარულის წარმოსაჩენად, მწერალი მიმართავს ორიგინალურ ხერხს. რეალურის პარალელურად მას თხრობაში შემოაქვს მისტიკური განზომილება. ამგვარად, მკითხველის მზერა მიიმართება გმირის შინაგანი სამყაროსაკენ, რომელიც წარმოჩნდება მსოფლიო ლიტერატურის ორი გმირის, განუყრელი წყვილის, სერვანტესის დონ კიხოტისა და სანჩო პანსას (რომანში დახატული თომას) სახით. ამ ტრანსფორმირებულ სულიერ სივრცეში მთავარი გმირი თითქოს გაორებულია. მთავარი პერსონაჟის საკუთარ თავთან საუბარი „გარდაქმნილია“ ორი „მეს“ დიალოგად. სწორედ ეს ქმნის ფანტასმაგორიულობის განცდას. მთხრობელი საშუალო ასაკის მამაკაცია, რომელიც უკმაყოფილოა როგორც საკუთარი თავით, ასევე ყოველივე იმით, რასაც ხედავს არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ სამყაროში. ეს არის, უპირველესად, ჰუმანიზმის იდეალების გაქრობა, პრაგმატულობა, გაუცხოება და სხვა ამ რიგის პრობლემები.

ეს დიალოგები მთხრობელსა (დონ კიხოტის თანამედროვე ვარიაციული ნიღბით რომ გვევლინება) და თომას (სანჩო პანსასეული სახის ტრანსფორმაცია) შორის ცოცხლად, ექსპრესიულად გვიხატავს ყველა მნიშვნელოვან პრობლემას, რომლებიც კაცობრიობის სულიერ არსებობას საფრთხეს უქმნის. რეალური და წარმოსახული სივრცეები რომანში ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის და ისე გადავყავართ ავტორს ერთიდან მეორეში, რომ არანაირი ხელოვნურობის შეგრძნება არ გვიჩნდება. ასე ვმოგზაურობთ გმირსა (და მის თანმხლებ შინაგან გმირებთან) ერთად თანამედროვე ყოფაში. ის ფიქრის ნაკადები, რომლებიც გმირთა საუბრისას ჩნდება, მკითხველს ბევრ საჭირბოროტო საკითხზე დააფიქრებს. მწერლის აზრით, „ადამიანის პიროვნებას თავბრუდამხვევი ტექნოლოგიების დამანგრეველი ვირუსისგან მხოლოდ „ლამანჩელის ვაქცინა“ იხსნის“. ეს „ვაქცინა“ კი სიყვარულს, სიკეთეს, სინათლეს, სამართლიანობას, კაცთმოყვარეობას გულისხმობს.

მწერალი სათქმელის სიღრმისეულად გამოსახატავად მიმართავს პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ ორმაგი კოდირების პრინციპს. ეს კი შესაძლებლობას აძლევს მკითხველს ნაწარმოები ინტერპრეტაციის სხვადასხვა დონეზე აღიქვას და გაიაზროს. რომანში მრავალმხრივად წარმოჩნდება სულიერი კრიზისი: 1) კერძო ადამიანის კონტექსტში, 2) ერის (ქვეყნის) ყოფის კონტექსტში, 3) მსოფლიო კონტექსტში, 4) კოსმოსის კონტექსტში. ყველა ეს კრიზისი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული. ყველაფერი მაინც პიროვნული გაუცხოებიდან იწყება. ადამიანი იმდენად ეფლობა მატერიალურ განზომილებაში, რომ მთლიანად კარგავს ღვთაებრივთან კავშირს. ამას მოჰყვება ქვეყანაში ღირებულებათა გაუფასურება. მწერალი წუხს, რომ მატერიალურ-ტექნიკურ პროგრესს გამოდევნება სულიერ სივრცეთა დავიწყების საშიშროებას მთელ თანამედროვე კაცობრიობას უქმნის. უნივერსალური კონტექსტი კი სამყაროს ფუნდამენტური კანონზომიერებების მოშლას წარმოაჩენს, რაც სიცოცხლეს გაქრობის საფრთხეს აჩენს. აქ დემონებისა და ანგელოზების ბრძოლა მასშტაბურ ხასიათს იძენს. პრობლემებში ამგვარი ჩაღრმავებით რომანი ინტერტექსტუალურად ეხმიანება „ვეფხისტყაოსნისეულ“ კრიზისს, როდესაც ნესტანს ატყვევებენ ქაჯები: „რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა“. ეს კი სამყაროდან სულიერი საწყისის გაქრობას მოასწავებს.

ტრადიციასთან გადაძახილად შეიძლება აღვიქვათ რომანში წარმოჩენილი რწმენა, რომ საბოლოოდ სიკეთე ძლევს ბოროტებას (არეოპაგიტული მოძღვრების თანახმად, ბოროტება ხომ უარსოა, ის მოკლებული სიკეთეა). ამ თვალსაზრისით, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ ფინალსაც ეხმიანება, სადაც დემონი ანგელოზად „გადაიქცევა“ (გველი მკურნალობს ლუხუმს). კოსმოსი ძალას იკრებს ღვთაებრივის გადასარჩენად: „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა“.

ამ რწმენის დაბადებამდე კი მწერალი რომანისეულ სივრცეში დანტეს ჯოჯოხეთის „სანახებს“ გამოგვატარებს. რომანის მთავარი სამოქმედო სივრცე ბესტაეთია. იგი სიმბოლურად განასახიერებს საქართველოსაც, კაცობრიობასაც და ადამიანსაც. ბესტაეთი, რა თქმა უნდა, მოგვაგონებს შუა საუკუნეების ცნობილ ენციკლოპედიურ ილუსტრირებულ ნაშრომს, სახელწოდებით, „ბესტიარიუმს“, რომელშიც აღწერილი იყო უცნაური რეალური და დემონურ სამყაროსთან წილნაყარი მისტიკურ-ალეგორიული ცხოველები. მწერლისთვის თანამედროვეობა გადაგვარებული ადამიანებით, ნახევრადცხოველებით, არის სავსე, ამიტომაც ბესტაეთი ირეკლავს ჯოჯოხეთის ყველა შრეს, რომლებშიც სულდაკარგული ადამიანები დაფუთფუთებენ: „კაცთა ტყე უღრანი, საშიში და დაუნდობელია“; „დღევანდელ გაუგონარ ბრმა-ყრუობაში, ბესტაეთშიც, უპირველესად, ღირსებასა და სინდისს გაუჭირდა“, „თავის თავს იშენებენ და უნდათ, ქვეყნის აშენებად შემოგვასაღონ“. ამ ბნელეთის სიღრმეს, დანტესეულ მეცხრე შრეს, რომელშიც სამხახიანი საზარელი სატანაა ჩაყინული, განასახიერებს, ერთ შემთხვევაში, ადამიანის გული, თანვე, მთლიანად სამყარო, რადგან ადამიანის მაიდენტიფიცირებელი ნათელი ღირებულებები სულისთვის საშიშ მეტამორფოზას განიცდიან. ერთ ეპიზოდში ლამანჩელი რაინდი ბესტაეთში დაკარგულ „შვიდ სულელს ახსენებს“, რომელთაც დაეძებენ და ვერ პოულობენ. ამ შვიდეულში სიმბოლურ-ალეგორიულად, რა თქმა უნდა, შვიდი ქრისტიანული სათნოება უნდა დავინახოთ (სიმდაბლე; მოწყალება; უმანკოება; სიმშვიდე; მარხულობა; სიყვარული; სასოება), რომლებმაც შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას უნდა უმკურნალონ (ამპარტავნებას, ანგარებას, სიძვას, მრისხანებას, ნაყროვანებას, შურს, სასოწარკვეთილებას). სწორედ ამ „მომაკვდინებელ ცოდვათაგან“ დამძიმებულ საზოგადოებას გვიხატავს მწერალი რომანში.

როგორც აღვნიშნეთ, რომანში თხრობა ორ პარალელურ სივრცეში მიმდინარეობს, რეალურსა და წარმოსახულში, რომელთა შორის საზღვარი მყიფეა. მთავარი გმირი რეალურ სივრცეში საქართველოს გეოგრაფიულ არეალში მოგზაურობს, წარმოსახვით კი მთელ დედამიწასა და სამყაროში. წარმოსახული სივრცის გმირი ლამანჩელი დონ კიხოტია, რომელიც თომად გარდაქმნილ სანჩოსთან ერთად მსჯელობს ადამიანური ყოფის საჭირბოროტო საკითხებზე. დონ კიხოტი მთხრობლის (რომელიც ავტორის ალტერ ეგოა) სულშივე დაბადებული სინათლის განსახიერებაა, გამუდმებით რომ ეხლება სიბნელეს. ამავე დროს, ეს ორივე პერსონაჟი განასახიერებს გმირის სულიერსა და ნივთიერ მისწრაფებებს, მის ერთგვარ გახლეჩილობას.

რომანისეულ ამბებს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ადამიანს, სამყაროს, სამწუხაროდ, არ სჭირდება დონ კიხოტი, იგივე ქრისტე, რადგან მისი არსებობა ნიშნავს, ცოდვების ვერდავიწყებას, სინდისის გამუდმებულ მღვიძარებას. ამიტომაც ათქმევინებს მწერალი ლამანჩელს ერთ ეპიზოდში: „თავი მომაბეზრე, დედამიწავ, გონებადაფანტულო, სკლეროზიანო დედაბერო, შენს სასტუმროში ვერ მოვნახე კუთხე-კუნჭული, სადაც სულსა და სხეულს მოვასვენებდი“. ეს პირდაპირ ეხმიანება მაცხოვრის სახარებისეულ სასოწარკვეთილებას: „მელთა ხურელი უჩნთ, ხოლო მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არარაი აქუს, სადა თავი მიიყუდნეს“ (ლუკა, 9-58). როგორც ბორხესი წერს: „სანამ ცოცხლობს სინდისი, ცოდვაც ცოცხალია“ („ლეგენდა“). თანამედროვე ადამიანები კი ცოდვის ჩადენისთანავე ივიწყებენ მას, რათა გზა გაუხსნან ახალ ცოდვებს და საბოლოოდ დაინთქან „ცოდვის მორევში“ (გურამიშვილი). „დავითიანის“ ასოციაციას იწვევს მწერლისეული მართლის თქმის პრინციპი. ნაკლოვანებათა მხილების სიმწვავით ის ეხმიანება მე-19 საუკუნის რეალისტებსაც (უპირველესად, ილიას, აკაკის, ვაჟას), თანვე, მიხეილ ჯავახიშვილსაც, მოდერნისტულ ლიტერატურასაც, მაგალითად, ჯოისისთვის დამახასიათებელი მწარე ირონიაც მოჩანს ცალკეულ ეპიზოდებში, რომლებშიც ადამიანი გადაქცეულია პირველხატის პაროდიად. რომანში მხილებულია ადამიანური ყოფის ყველა მანკიერება, პატივმოყვარეობა, ფუჭი დიდებისკენ სწრაფვა, ღალატი, მცირედმორწმუნეობა, ფსევდოპატრიოტიზმი, სიხარბე, მფლანგველობა, სიძუნწე, თვალთმაქცობა, გაუტანლობა, უმადურობა, ტყუილი და ამ რიგის „ბორკილები“ სულისა.

რომანში სოციოპოლიტიკური კონტექსტების ჭრილში წარმოჩნდება საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ქარტეხილები. ავტორი დაუფარავად ამხელს პოლიტიკურსა თუ სახელოვნებო ელიტას, რომელთა მეშვეობით ქვეყანამ უამრავი განსაცდელი გადაიტანა (სამოქალაქო ომი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დატრიალებული ტრაგედიები). რომანში ვკითხულობთ: „ორთოდოქსმა“ კომუნისტებმა ჯერ ცხრა აპრილი და რუსთაველის სამარცხვინო ომი შემოგვძღვნეს, ვითომ იმპერიის გადასარჩენად, მაგრამ მალე თვითონ დაიწყეს იმ საკეტების მსხვრევა, რასაც „თვითმფრინავის ბიჭები“ და კიდევ სხვა მრავალი შეეწირა; ნათელი მომავლისკენ „მიმავლებმა“ გვირაბში მიგვატოვეს, უცებ იცვალეს ორიენტაცია, გეზი და შუა ევროპაში გაწოლილ დრაკონს – ბერლინის კედელს – თავისი ხელით დააცალეს „კბილები“.

ერთ ეპიზოდში მთხრობელი მარკეტის კარზე წაიკითხავს: „ვეძებთ გამყიდველს!“ მის ცნობიერებაში ეს ერთი უწყინარი წარწერა ღრმა მნიშვნელობას იძენს: „ჩვენში გამყიდველის პოვნას რა უნდა“ და იმასვე გამოხატავს, რასაც ნიკო ლორთქიფანიძე ცნობილ მინიატიურაში „იყიდება საქართველო“. მთხრობელიც „უძლურ ჭირისუფლად“ წარმოგვიდგება. ისიც უნდა ითქვას, რომ მართალია უძლურია ჭირისუფალი, მაგრამ ის მაინც არსებობს, რაც იმედს აჩენს იმისას, რომ ის შეიძლება მომავალში გაძლიერდეს. ამ გამოცოცხლებას კი ხელს შეუწყობს ვითარების ყოველმხრივი კრიტიკული ანალიზი, დროთა „დარღვეული კავშირის“ აღდგენა.

რომანში ლამანჩელის შემოყვანა ააქტიურებს გზის სიმბოლიკასაც. მთხრობელი ამბობს: „მნიშვნელობა არა აქვს, გეზს საითკენ ავიღებ, მინდა ნებისმიერ გზას დავადგე და უკან დაუბრუნებლად ვიარო, ვიარო“. მხოლოდ ამგვარად შეიძლება იხსნა სული დამყაყებისა და დაჭაობებისაგან, როგორც ილია აღნიშნავდა. მასთანვე გადაძახილად აღიქმება „უსწორმასწორო წუთისოფელი“, რომელიც „წყევლა-კრულვიან“ უპასუხო კითხვებს ბადებს. „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება“, – ამბობს იესო. როგორც ლამანჩელი აგრძელებს მოგზაურობას სიკვდილის გადალახვითა და წიგნისმიერ მარადიულ სამყაროსთან ზიარებით, ასევე გაიკვალავს ეს რომანიც მკითხველის გულისკენ გზას.

რომანში დონ კიხოტის მხატვრული სახეც მრავალმნიშვნელოვანი და პალიმფსესტურია. იგი ხან თავისი, ხან კიდევ სხვა პერსონაჟთა სახელით მეტყველებს, მისი „ცნობაარეულობა“ მწერალს საშუალებას აძლევს მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამორჩეული პერსონაჟები თუ პიროვნებები დონ კიხოტის ერთგვარ „ტყუპისცალად“ თუ ანტაგონისტურ სახეებად აღიქვას. ამ კონტექსტში საინტერესოა შექსპირისეული მეფე ლირის, „შვილებისა და ბედისწერისაგან გაუბედურებული“ მეფის „შემოყვანა“, რომელიც მწერლისთვის განასახიერებს შვილებისგან უარყოფილ მამას. აქ „უკუღმა“ მოქმედებს სახარებისეული მოდელი. უძღები შვილი, ამ შემთხვევაში, მამაა, რომელსაც თვალი მხოლოდ უკიდურესი სასოწარკვეთილებისა და დაცემისას ეხილება. მამაღმერთი ისევე ელის ძე შეცდენილს, როგორც კორდელია ელის მამას და ხელს უწვდის დასახმარებლად. ნამდვილი სიყვარული არსად იკარგება. მეფე ლირს რომანისეულ მხატვრულ სივრცეში საქართველო განასახიერებს, რომელსაც ხშირად ვერ გაურჩევია, რომელი შვილი „ეფიცება“ ნამდვილ სიყვარულს და რომელი მხოლოდ ეპირფერება, რეალურ სიძულვილს ფარისევლური სიყვარულის მჭევრმეტყველებით ნიღბავს, რათა „მამას“ უფრო დაუბრმაოს თვალი სიტყვების მოჩვენებითი, ილუზორული, „შინაარსისგან დაცლილი“ ბრწყინვალებით. ამ გზით მწერალი „გულმოკლე“ ფსევდოპატრიოტებსაც ამხელს.

რომანში საბჭოთა რეჟიმის მანკიერებანიც ძირისძირამდეა მხილებული. ერთ ეპიზოდში სტალინის ნიღაბიც ამოტივტივდება ყვარყვარესეული მსჯელობით: „ხალხს შეჩვეულ მათრახს როგორც კი მოაკლებ ან დაუგვიანებ, თვითონვე მოგთხოვს, აქავებული ზურგი აუჭრელო! ჩემგან იცოდე, ვერ იქნება მაძღრისა და მშიერის ლოცვა ერთნაირად გულმხურვალე (ამ სტრიქონში გამსახურდიას განმგეთუხუცესის სახეც წამოტივტივდება, არსაკიძეს რომ უქადაგებს: „ხალხს სამი რამე უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა ყოველმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა“). მე როცა მფლანგველი აბუქ მეფის გვირგვინის ნაცვლად ჩრდილოეთის მბრძანებლის ყრონტამდე ღილებშეკრული, უბრალო ხაკის ქურთუკი მეცვა, ვცდილობდი, საერთო სუფრასთან ყველა ერთნაირად მიმეშვა“ (295).

რომანში მოზაიკური პრინციპით არის შეკრული უამრავი სხვადასხვა ამბავი, რომლებიც ერთ სააზროვნო მდინარებაში შემოკრებს განტოტვილ ასოციაციურ ნაკადებს. აღსანიშნავია რომანის მხატვრულ-ენობრივი ქსოვილი. მწერლის მდიდარი ლექსიკა საშუალებას იძლევა, მკითხველმა შეიგრძნოს სიტყვის მნიშვნელობათა ნაირგვარი ელფერი, ავტორი ოსტატურად იყენებს ხატოვან თქმებს და ამგვარად ენას საოცარ მოქნილობასა და ექსპრესიულობას ანიჭებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ვანო ჩხიკვაძე ცნობილი პოეტი და პროზაიკოსია. მისი დაწერილი სიტყვა სავსეა მრავალმნიშვნელოვნებითა და პოეტურობით. ავტორს არ ღალატობს ზომიერების გრძნობა და ისე არასოდეს გაიტაცებს ხოლმე მჭევრმეტყველება, რომ სისადავე დაკარგოს. ამიტომაც რომანი თავს წააკითხებს ნებისმიერ მკითხველს, მასთან თავისუფალ, მრავალმნიშვნელოვან დიალოგს გამართავს. რომანისეულ პრობლემატიკას სხვადასხვა ტიპის მკითხველი განსხვავებულად აღიქვამს და თავისი ცოდნის, გამოცდილების შესაბამისად გაიაზრებს.

რომანის ფინალიც „დონ კიხოტს“ ეხმიანება: „ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, ღრმად ამოვიფშვინოთ და წერტილი დავსვათ, უფრო მწარე-მწარეებიც რომ არ წამოგვცდეს!

თუმცა წერტილამდე, ვახსენოთ ღმერთი და კუდის ბოლო სწორედ ისე მოვიქნიოთ, როგორც ერთ სარაინდო რომანს მოუხდებოდა:

„ათასი წელი ღორღიან გზაზე მიჩურჩულებენ, უკაბადონო

სამყაროს ართობს მათი ბაასი:

– მისმინე, თომა! – გისმენთ, ბატონო!“

ახლა კი, როგორც ზემოთ ხსენებული თხზულება მთავრდება:

„Vale!.. მშვიდობით!“

ამგვარად, ეს რომანი არის ფართომასშტაბიანი, პალიმფსესტური, ფერადოვანი ტილო, რომელიც წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის, ქართველის, კაცობრიობის, თუ, ზოგადად, სამყაროს მეტაფიზიკური საწყისების მოშლას. მწერალი ალუზიების საშუალებით აფართოებს რომანისეულ სააზროვნო მხატვრულ დრო-სივრცეს. ეს ალუზიები ქართული და მსოფლიო ლიტერატურისა, ხელოვნებისა, ისტორიისა ამდიდრებენ საინტერპრეტაციო კონტექსტებს. მათ შორისაა ალუზია ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობებისა“, რომელშიც მწერალი სოციალური სატირის, გროტესკის მოხმობით აკრიტიკებს საზოგადოებას. სატირა და გროტესკი ვანო ჩხიკვაძის რომანშიც მძლავრი ინსტრუმენტებია თანამედროვე ყოფის სარკისეული ანარეკლის შესაქმნელად. მწერალი თითქოს ბიბლიური იერემიასავით მოთქვამს სიცოცხლის მდინარის ნაპირზე, რათა ძალები აღიდგინოს, დასაძინებლად მომზადებული დახუჭული თვალები გაახილოს. ამ თვალსაზრისით, მწერალი მითოლოგიურ-რელიგიურ პარადიგმებსაც „აცოცხლებს“, რათა სათქმელს მეტი ექსპრესიულობა მიანიჭოს. მისი სასოწარკვეთილი მოთქმა, ერთი მხრივ, პესიმიზმით, უპერსპექტივობის განცდით აღავსებს მკითხველს, თანვე, ეს მძაფრად წარმოჩენილი სულიერი დრამა, მას კათარსისის მოლოდინის იმედითაც მუხტავს. სიტყვა (ლოგოსი), მწერლობა ხომ სწორედ იმისთვის არის მოწოდებული, რომ ადამიანში ჩამკვდარ სულიერებას მაცოცხლებელ წყლად მოევლინოს და იმ გზად იქცეს, რომელიც გვირაბის ბოლოში გაიყვანს.

სინქრონული მთარგმნელი და თუთიყუში

0

არაერთხელ თქმულა, რომ უცხო ენის შესწავლა უამრავ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ზოგს წერა ურთულდება, ზოგს – მოსმენილის გაგება, დანარჩენებისთვის კითხვა ან დაუსრულებელ სიტყვათა მარაგის შევსებაა რთული, უმეტესობას კი შესწავლილ ენაზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ურთულდება.

 

სიმართლე ისაა, რომ ეს უკანასკნელი მართლაც თითქმის ყველასთვის პრობლემაა, ვისაც შესასწავლ ენაზე საუბრის ყოველდღიური პრაქტიკა არ აქვს. ჩემი მასწავლებლობის განმავლობაში უამრავი მოსწავლე მინახავს, რომელთაც გასაგიჟებლად დიდი ლექსიკური მარაგი ჰქონია, თუმცა როცა საუბარზე მიდგებოდა საქმე, სიტყვებს სწორად ვერ ალაგებდნენ. შევხვედრივარ მოსწავლეებს, რომლებიც საკმაოდ ჩახლართული ტექსტების გასააზრებელ დავალებებს სრულყოფილად ასრულებდნენ, მაგრამ ზეპირად ვერაფრით გადმოსცემდნენ, რაზე იყო ტექსტი. ამ ყველაფრის მიზეზი პირველ რიგში ნაკლები სასაუბრო პრაქტიკაა, რომელსაც თავის მხრივ უამრავი პატარა პრობლემა ახლავს თან – იქნება ეს საგაკვეთილო პროცესის 100%-ით ქართულად წარმართვა, თუ ის, რომ არ ხდება უცხო ენაზე არაფრის მოსმენა.

 

ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ისაა, რომ ჩვენ, მასწავლებლები, რატომღაც მუდამ უფრო კონცენტრირებული ვართ კითხვაზე, გრამატიკაზე, დავალებებზე, წერაზე და ნაკლებად – სასაუბროსა და მოსასმენ სავარჯიშოებზე. შეიძლება ვიუაროთ, თუმცა თუ გულზე ხელს დავიდებთ, გაგვახსენდება, რომ, პირობითად, თუ გვაქვს ორი სავარჯიშო, გრამატიკული და სასაუბრო, და დროის სიმცირის გამო მათგან ერთ რომელიმეზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, დარწმუნებული ვარ, გრამატიკულ სავარჯიშოს არავინ გამოვტოვებთ. სასაუბრო კი რატომღაც მოიცდის.

 

გარკვეულწილად ეს ჩვენც სწორედ სკოლიდან გვაქვს წამოყოლილი. რამდენად შორსაც არ უნდა წავიდეთ, რამდენადაც არ უნდა განვვითარდეთ, თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენში ჩუმად მუდამ ცოცხლობს ის მეთოდები, რომლებითაც ჩვენ გვასწავლიდნენ, ჩვენ კი (უმეტესობას მაინც), საუბარს არ გვასწავლიდნენ. ახლა უცხო ენის ამ მეთოდით სწავლებას უნდა ვებრძოლოთ ყველაზე მეტად.

 

ისევე როგორც სპელინგის შემთხვევაში, ინტერნეტსივრცე სავსეა უამრავი სახალისო თამაშითა და აქტივობით, რომლებიც გაკვეთილზე შეიძლება დავიხმაროთ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი ისაუბრონ. თუმცა ინტერნეტსივრცის გადაქექვის გარეშეც შეიძლება პერიოდულად თავში უამრავი იდეა მოგვივიდეს. სწორედ ასეთ იდეებს უნდა მივდიოთ, თუკი გვსურს, რომ ბავშვებისთვის სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო სახალისო გავხადოთ.

 

ერთ-ერთი გაკვეთილის მიმდინარეობისას, მეოთხეკლასელებს ვთხოვე, მოეყოლათ, რა გადახდათ თავს საგაზაფხულო არდადეგების დროს. ცხადია, ეს ინგლისურ ენაზე უნდა გაეკეთებინათ. მათ შორის, რასაკვირველია, იყვნენ ისეთები, ვისაც დაფიქრება არაფერზე დასჭირვებიათ, სასწრაფოდ აწიეს ხელი. ნაწილმა პირველობისგან თავი შეიკავა, რადგან დაფიქრება და წინადადებების დალაგება სურდა გონებაში, ნაწილმა კი სრული პასიურობა გამოავლინა და ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, შემომთავაზა – ქართულად გეტყვითო. როგორც აღმოვაჩინე, მე იმ მასწავლებელთა კატეგორიას განვეკუთვნები, რომლებსაც მოსწავლეების ამბებისა და თავგადასავლების მოსმენა და შეგროვება მუდამ უყვარს და არცერთ ენაზე არ ეზარება. თუმცა, ამ შემთხვევაში, სხვა გზა არ მქონდა, რამე უნდა მომეფიქრებინა, რომ კლასის „მას, ქართულად ვიტყვი რა“ ნაწილს რამენაირად სიმორცხვე დაეძლია და ეცადა, ინგლისურად ესაუბრა.

 

იმ მომენტში ერთ-ერთ მოსწავლეს დავთანხმდი, მოეყოლა ქართულად თავისი ამბავი, თუმცა კლასს ვთხოვე, რომ სინქრონული მთარგმნელი გამოეყო (ვინ იცის, იქნებ ვინმეს მომავალი პროფესიაც კი ვაპოვნინოთ). ასე და ამგვარად დაფასთან ორი მოსწავლე აღმოჩნდა, მთხრობელი და მთარგმნელი. მთხრობელს ვთხოვე, რომ ყველაფერი გაემეორებინა, რასაც მთარგმნელი იტყოდა, თითქოს თუთიყუში იყო. პროცესით ძალიან ვიხალისეთ, აღმოჩნდა, რომ კლასში ბევრი გვყოლია სინქრონული მთარგმნელობის მსურველი. ასე და ამგვარად, ხალისის პარალელურად სხვა მოსწავლეებმაც დაძლიეს სიმორცხვე და ნელ-ნელა შეეცადნენ ინგლისურად ესაუბრათ.

 

ამ ამბის შემდეგ ამ მეთოდს სხვა დროსა და სხვა კლასებშიც მივმართე. როდესაც მოსწავლეები განსაკუთრებით დაიჟინებდნენ, რომ ამა თუ იმ თემაზე საუბარი ინგლისურად არაფრით არ შეეძლოთ, ჯერ სინქრონულ მთარგმნელთან ერთად ცდილობდნენ გაემეორებინათ წინადადებები. მერე კი დამოუკიდებლად შეუდგებოდნენ იმის თხრობას, რაც უკვე ნათარგმნი და ერთხელ გამეორებული იყო. ამ დროს სინქრონული მთარგმნელის როლმორგებული მოსწავლეც არანაკლებ ვარჯიშდება საუბარში.

 

გარდა ამ სახალისო აქტივობისა, საგაკვეთილო პროცესში ხშირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მეთოდები, როგორებიცაა, ე.წ. როლური თამაშები, დიალოგები, კითხვა-პასუხის რეჟიმი, would you rather ან have you ever კითხვარი, სიტყვების სხვა სიტყვებით ახსნა გამოცნობისთვის და ა.შ.

ამ და სხვა უფრო მეტი საინტერესო აქტივობების მოსაძიებლად კი აუცილებლად ესტუმრეთ ქვემოთ მოცემულ ლინკებს.

 

„How The One-Armed Sister Sweeps Her House“ – შერი ჯონსი და მისი „გამოტოვების პოეტიკა“

0

ამ წერილში საერთაშორისო სამწერლო პროგრამის (IWP) შარშანდელი მონაწილეებიდან ერთს გაგაცნობთ – ეს ბარბადოსელი მწერალი, შერი ჯონსია.

ორიოდე სიტყვა თავად ავტორზე ვთქვათ: შერი პროფესიით იურისტია, თუმცა შეფერდის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი შემოქმედებითი წერის მიმართულებით მიიღო. წერა კი მოკლე-მოკლე მოთხრობებით დაიწყო (ე.წ. Flesh fiction- პროზაული ტექსტი, რომლის მოცულობაც 300 სიტყვას არ აღემატება). ამ მცირე ამბებს სიურრეალისტური ელფერი დაჰკრავს და ისევე სასტიკად და პირუთვნელად გადმოსცემს სიმართლეს ჩვენს სამყაროზე, როგორც მისი პირველი რომანი „How The One-Armed Sister Sweeps Her House“. ერთ მათგანზე ანიმაციაც არის გაკეთებული, რომელიც აქ შეგიძლიათ, ნახოთ:

ჩვენ კი საუბარი შერის სადებიუტო წიგნზე გვექნება, რომელიც ძალზე პრესტიჟული პრემიის „Women’s Prize for Fiction“ („ქალთა ჯილდო მხატვრულ პროზაში“) მოკლე სიაში მოხვდა და რომელსაც თანამედროვე ლიტერატურის ისეთი ვარსკვლავები აფასებენ დადებითად, როგორებიცაა: ბერნარდინ ევარისტო, მარკ ჰედონი და მეგი ო’ფარელი.

წიგნის სათაური სიტყვა-სიტყვით ასე გადმოითარგმნება: „როგორ გვის ცალხელა და თავის სახლს“. მისი გასაღები კი რომანის პროლოგშივეა – აქ უილმა პროტაგონისტის, ლალას, ბებია, შვილიშვილს აფრთხილებს, რომ ღამით ქუჩაში წანწალს უნდა მოეშვას (ლალა შინ გვიან ბრუნდება, რის მიზეზსაც წიგნის შუაში შევიტყობთ. პროლოგიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ლალას ბაბუა წევს საავადმყოფოში და უილმა მის სანახავად დადის). თავისი დარიგების განსამტკიცებლად კი უყვება ამბავს ორ დაზე: ორივე სოფლის ვიკარის შვილი ყოფილა. ერთი დამჯერი იყო და ყველაფერში ემორჩილებოდა მშობლებს, მეორე კი – არა. სწორედ ამ ამბავში ჩნდება პირველად გვირაბები, მოგვიანებით რომანის უმნიშვნელოვანეს ქრონოტოპად რომ იქცევა. გვირაბების სისტემა ჯარისკაცებს გაუყვანიათ ომისას. ეს ლაბირინთია, იქ შესვლა საშიშია. ამიტომ ვიკარის ცოლი თავის ქალიშვილებს აფრთხილებს, გვირაბებში ურჩხული ცხოვრობს, არ გაეკაროთ, მით უფრო – ღამითო. უმცროსი ქალიშვილი დაუჯერებს, უფროსი კი იფიქრებს, სისულელეა, გვაშინებენო. მისთვის საშიში თავგადასავალი ცნობისმოყვარეობის აღმძვრელია და არა – საფრთხის შემცველი. და აი, ერთ ღამესაც ის გვირაბში შედის.

შემდეგ, უილმას მონათხრობის მიხედვით, მას პატარა ბიჭი იპოვის. ბიჭი ხედავს, როგორ ცდილობს გოგო გვირაბიდან გამოსვლას, მაგრამ რაღაც ძალა უკან ეწევა. ბოლოს გოგოს გამოიყვანენ, ოღონდ დასისხლიანებულს, გულგახეთქილსა და მძიმედ დაშავებულს – ურჩხული ხელს მოაჭამს.

ლალა გაბეზრებული უსმენს ბებიის მონათხრობს – უკვე ცამეტი წლისაა და სწყინს კიდეც, ბებიამისს რომ ჰგონია, ასეთ სისულელეს დააჯერებს. მერე ამბობს:

„რავი, დავიფიცებ, რო ცალხელობა ეგეთი ცუდიც არაა. მაგ გოგოს მაინც შეუძლია ყველაფერი, რაც სხვებს: შეუძლია, ქმარიც იშოვოს, შვილებიც გააჩინოს და სახლიც ჰქონდეს თავისი“.

უილმა უპასუხებს:

„შე შტერო, მერე მაგ სახლს როგორ დაგვის?!“ (თარგმანი აქაც და ქვემოთაც ჩემია – ნ.ა.).

ეს ფრაზა მთელი რომანის გასაღებია – რომანი ხომ იმაზე გვიყვება, როგორ იქცევა ერთ დროს მეამბოხე გოგო მორჩილ ქალად, რატომ ხდება, რომ ქალებს ეს ემართებათ და ძალადობას ვერაფერს უპირისპირებენ. არის მხოლოდ დუმილი და მოძალადე კაცისთვის თავის დახრა.

წიგნი ლალას მშობიარობის სცენით იწყება. ლალას სისხლდენა აქვს და ქმარს ეძებს, ეიდენს, რომელსაც, როგორც მუდამ, არც ახლა დაუბარებია, რა საქმეზე წავიდა. ეძებს კარდაკარ, რადგან ეიდენი სულ ერთი საათის გასულია და პლაჟს ვერ გასცდებოდა. ეძებს და იპოვის: მდიდარი თეთრკანიანების სახლში, ხელში იარაღით, ქალის კივილის ფონზე. ეიდენი უხეშად და გინებით შემოისვამს მოტოციკლზე და კლინიკაში მიჰყავს. აქ ლალას ყურადღებას არავინ აქცევს – ის ხომ მშობიარეა. მშობიარობა კი ჩვეულებრივი ამბავია. მაშინაც, როცა სისხლისგან იცლები.

ეიდენი ცოლს ტოვებს და თავად ისევ გარბის სადღაც. ლალამ იცის, მისი ქმარი ქურდი რომაა, მაგრამ მკვლელი რომაა – ეს ახლა გაიგო. როგორც მოგვიანებით გამოირკვევა, ამ დროისთვის ეიდენს უკვე არაერთხელ უცემია ლალა. ლალა კი მაინც მასთან რჩება, რადგან ვერსად წავა – ბებია ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო და არ მიიღებს. ლალას ერთადერთი იმედიც (ამის შესახებ ტექსტში წაიკითხავთ) ეიდენს ამ დროისთვის უკვე ნაპოვნი და გამოყენებული აქვს.

რომანი დეტექტიურ ელემენტებს შეიცავს, ამიტომ მისი შინაარსის ყველა დეტალის გამხელა სწორი არ იქნება. შეგვიძლია, მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელს გავუსვათ ხაზი:

რომანში ყველა მთავარი პერსონაჟის პერსპექტივაა წარმოდგენილი – ასეა გადმოცემული ამბავი, მულტიპერსპექტიული თხრობით, არასწორხაზოვნად. როგორც თავად ავტორმა აღნიშნა ერთ-ერთ შეხვედრაზე, თხრობის ეს წესი ბარბადოსელი ხალხისთვის ჩვეული და ბუნებრივია. ამბებს იქ ასე ჰყვებიან: დაიწყებენ ერთი ადამიანის შესახებ, ახსენდებათ სხვა რამ და განაგრძობენ ამ სხვა რამეზე, ბოლოს კვლავ თხრობის მთავარ საგანს უბრუნდებიან. წიგნიც ამგვარ, წრიულ სტრუქტურას იმეორებს: ვიწყებთ ლალას ამბით, შუალედში ვეცნობით სხვა პერსონაჟების ამბებს და კვლავ ლალას ამბით ვასრულებთ.

რა არის ის, რაც ამ ამბებს ერთად აკინძავს?

ძალადობა – ეს გახლავთ ტექსტის თემა. ოღონდ ძალადობა აქ, უბრალოდ, ცალკეულ შემთხვევად კი არ არის წარმოჩენილი, არამედ სისტემად. ლალას ოჯახისთვის ეს მოვლენა, შეიძლება ითქვას, გენეტიკურია: ლალას დედა, ესმე, ბავშვობაში მამინაცვალმა გააუპატიურა, უილმამ, ლალას ბებიამ, ქალიშვილი არ დაიცვა. არადა, თავისი ქმრის არაჯანსაღი მიდრეკილების შესახებ იცოდა. ამის შემდეგ ესმე ბორდელში ხვდება, საიდანაც თავს ერთი კაცის წყალობით დააღწევს, რომელიც ვერ ეგუება ცოლის წარსულს და მოკლავს მას. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ესმე და მცირეწლოვანი ლალა უილმამ არ შეიფარა და დედა-შვილი იძულებული შეიქნა, ესმეს მოძალადე ქმართან დაბრუნებულიყო. ის კი ლალას მამა არაა და ლალა არ უყვარს. საბოლოოდ, ლალას ბებია გაზრდის. ისიც, დედამისის მსგავსად, სახლში კი არა, ეზოს გაღმა, მომცრო ოთახში ცხოვრობს – მართალია, უილმას ქმარი მოხუცი და მოუძლურებულია, მაგრამ მისი ნდობა მაინც არ შეიძლება. უილმა ლალას ყველაფერს უკრძალავს და ყოველ ნაბიჯს უკონტროლებს. ლალაც თავის დასაღწევ ერთადერთ საშუალებად ქორწინებას ხედავს. ასე აღმოჩნდება იგი ეიდენთან.

ძალადობა მსჭვალავს თავად ეიდენის ამბავს, ასევე, ლალას პირველი შეყვარებულის, ტონის ამბავს. ძალადობაა ეიდენის მიერ მოკლული კაცის ცოლის, მირა უეილენის ამბავშიც. თუმცა ამ ყველა პერსონაჟს, გარდა იმისა, რომ ძალადობა გამოიარეს, კიდევ ერთი რამ აქვს საერთო – სიღარიბე. პერსონაჟები ვერ გაურბიან ძალადობას ან ძალადობის გზას სწორედ იმიტომ ადგებიან, რომ ყველა მათგანი დაბალი ეკონომიკური ფენის წარმომადგენელია. ყოველ მათგანს ან ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა სურს ან პირიქით – იძულებულია, ამის გამო ღირსების შემლახველ მოპყრობას შეეგუოს.

და, რაც მთავარია, ყველა ეს ამბავი სულის შემძვრელადაა მოთხრობილი: იქნება ეს ლალას მშობიარობის სცენა, თუ, ერთი შეხედვით, ყოფითი ეპიზოდი მირა უეილენის ცხოვრებიდან. საერთოდ, შერი ჯონსს აქვს გამაოგნებელი უნარი, მთელი ტექსტი ისე წაგაკითხოს, გული ხელით გეჭიროს. დიახ, რომანი ბრწყინვალედ იკითხება, მაგრამ ერთ-ორ დღეში მაინც ვერ ჩაამთავრებ – მეტისმეტი სისასტიკეა.

როგორ აღწევს ავტორი ამ ეფექტს?

თავად ამას ის „გამოტოვების პოეტიკას“ უწოდებს. შერი ჯონსმა, ვიდრე რომანს დაწერდა, ბარბადოსულ ლიტერატურაში ძალადობის რეპრეზენტაცია იკვლია. აღმოჩნდა, რომ ყველა ბარბადოსელი კლასიკოსის (რასაკვირველია, კაცის) ტექსტს, ამ მხრივ, ერთი მახასიათებელი აქვს – ძალადობის სცენები უკიდურესად დეტალურადაა აღწერილი. გრაფიკული აღწერის შედეგად კი პერსონაჟი ქალები მსხვერპლამდე დაიყვანებიან, თითქოს სუბიექტები სულ არ იყვნენ, თითქოს არაფერს განიცდიდნენ. შერი ჯონსს სწორედ ქალი პერსონაჟის განცდები აინტერესებდა. ამიტომაც გადაწყვიტა, ძალადობის სცენები ტექსტში არ აღეწერა.

მართლაც, გრაფიკულ აღწერას ვერსად ნახავთ. ხშირად მთხრობელი მხოლოდ მიგვანიშნებს ძალადობის ფაქტზე: მაგალითად, არსადაა აღწერილი, ეიდენმა ლალა თმით როგორ ათრია, სამაგიეროდ, აღწერილია, როგორ გაისწორა ლალამ თმა, რათა ის ადგილი დაეფარა თავზე, ეიდენმა სამუდამოდ რომ მოუშიშვლა.

მთელი ტექსტი ამ პრინციპით არის დაწერილი, თუმცა განსაკუთრებით დამზაფვრელი ალბათ მაინც ძალადობის ბოლო სცენაა – ის მთლიანად ეიდენის შინაგანი მონოლოგია. ეიდენი ლალაზე ბრაზობს, მის ფიქრებს შორის კი კურსივით წერია ხმაურის ამსახველი სახელზმნები: ბრაგუნი. ჭახანი. ტკაცანი, ა.შ.

რომანი სწორედ ამის ხარჯზე ხდება ბევრად შემზარავი. ავტორმა ისიც თქვა, მკითხველების უმეტესობა მეუბნება, ეს რა სასტიკი წიგნი დაგიწერია, ძლივს ჩავედით ბოლომდეო. შემდეგ დაუმატა, როცა ძალადობის სცენას არ აღწერ, მკითხველი გამოტოვებულ ადგილებს თავისი წარმოსახვით, თავისი შიშებით ავსებს და ამიტომაც აღიქვამს ტექსტს უფრო მძაფრადო.

თუმცა მხოლოდ „გამოტოვების პოეტიკის“ დამსახურება არ არის ეს სიმძაფრე – შერი ჯონსი ენის დიდოსტატია. მისი პოეტური ფრაზები, სპეციფიკური რიტმი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს – თუ კითხულობ, ბოლომდე მოცული ხარ ტექსტით. რიტმის რეგულირების კარგი მაგალითია 25-ე თავი. აქ ლალასა და ეიდენის თანაცხოვრების დეტალებს ვეცნობით, ისევ „გამოტოვების პოეტიკის“ გამოყენებით. ამ თავს რეფრენი აქვს: „How do you learn to love a man?“ – „როგორ სწავლობ კაცის სიყვარულს?“ და ყველა აბზაცი თავისებური პასუხია ამ კითხვაზე, მაგალითად:

„იქნებ კაცის სიყვარულს მორჩილებით სწავლობ. ასე რომ, არაფერს ამბობ, როცა შენმა ქმარმა მეტისმეტად ბევრჯერ მოყლუპა ვისკი, სიცილი უფრო ხმამაღალია, ხუმრობები – უფრო უხამსი, შენი ქმარი კი – უფრო დაუცველი ქალებისგან, ფარშევანგივით რომ გამოიყურებიან და სვავებივით რომ დასტრიალებენ თავს“. (გვ. 203)

ავტორის გამოცდილების გათვალისწინებით, ტექსტის ქსოვილის ასეთი ფლობა გასაკვირი არაა – აკი ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ შერი ჯონსს მაგისტრის ხარისხი აქვს შემოქმედებით წერაში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ განათლება, ენის შეგრძნება, ენაზე მუშაობა მწერლისთვის და, მით უფრო, თანამედროვე მწერლისთვის აუცილებელია.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც, აგრეთვე, ავტორის ოსტატობაზე მიუთითებს: რომანში ორ სხვადასხვა ლალას ვხვდებით: თინეიჯერ მეამბოხე გოგოსა და უკვე ზრდასრულ ქალს, რომელსაც ამბოხისთვის აღარც ძალა შერჩენია და აღარც სურვილი. ასე ცოცხლად აჩვენო პერსონაჟის გარდაქმნა, ასე ცხოვრებისეულად, ასე ნამდვილად, მარტივი როდია.

ამრიგად, შერი ჯონსის ეს რომანი ნამდვილად ის წიგნია, რომელიც, რაც შეიძლება, მალე უნდა ითარგმნოს და გამოიცეს – ქართველი მკითხველი ძალზე ბევრ საერთოს ნახავს წიგნში აღწერილ სამყაროსა და იმ რეალობას შორის, რომელშიც ვცხოვრობთ. და ვინ იცის, ეგებ ამ რეალობის შესაცვლელადაც განეწყოს…

 

მამები და შვილები

0

სერგო კლდიაშვილის მოთხრობები

 

დიდებული მამის საამაყო შვილია სერგო კლდიაშვილი. საამაყო იმიტომ, რომ სრულიად დამოუკიდებელი „ნიშა“ აქვს ქართულ მწერლობაში, განუმეორებელი და არა სახელოვანი დავით კლდიაშვილის „ჩრდილში“ მყოფი.

 

სერგო კლდიაშვილის შემოქმედებაში ყოფა თუ ყოფიერება მოზაიკურია, ანუ სურათებად, ამბებად დაყოფილი, თუმცა ამ მრავალსახეობრიობასა და უთვალავ ფერში, ერთი მთავარი აზრობრივი ვექტორია, რომელიც ყოფიერების არსის ამოცნობისკენაა მიმართული. წუთისოფლის „შარადის“ ამოსაცნობად მწერალი საკუთარ „სამზარეულოში“ შეგვახედებს: „სატანამ გათვალა ალბათ ის წუთი, როცა მოთხრობის წერას იწყებ. ზოგჯერ იმდენ საზრუნავს გაგიჩენს, სასოწარკვეთილება შეგიპყრობს და კალამს აგერაც ხელიდან გაგადებინებს. იძულებული ხარ მრავალი ეკლიანი ბილიკი გააკეთო სიტყვების ტევრში, სანამ სწორი ტონის მიმცემ პირველ სტრიქონს მიაგნებდე! ხოლო თუ ბოლოს ბედმა გაგიღიმა, ლხენა მოგეცა, შვებით ამოისუნთქავ, სტრიქონი სტრიქონს წაებმება და ისღა დაგრჩება, მათ დინებას გაჰყვე“ (47). მოკლედ, შემოქმედებითია და ძიებით სავსე არა მარტო ამსოფლიური ცხოვრების ხილული თუ მოსახილველი ბილიკების ძიება სერგო კლდიაშვილის მიერ, არამედ მისი სამწერლობო მექანიზმებიც, რომლებითაც ცხოვრების ინდივიდუალური მსოფლმხედველობა თუ მოდელი გადმოიცემა მხატვრული ფორმით…

 

„მაიკო“

მოთხრობაში ბავშვის სიმარტოვე „შემოგვცქერის“. თხრობა 6 წლის „ვაჟკაც გოგონაზეა“, იმავე „დახატულაზე“, რომელიც მთელი დღე სახლშია, პატიმარივით და დედის სამსახურიდან დაბრუნებას სევდიანად ელის („ექვსი წლის გოგონა და მოწყენა!“). ისიც გულს სარკესთან საუბარსა და თოჯინა მზექალაზე ზრუნვას აყოლებს. თუმცა ბავშვს სოფელში წაიყვანენ და ავტორის (პატარის შემთხვევითი სატელეფონო მოსაუბრის) წარმოსახვაში მან უნდა ნახოს ყოველივე ის, რაც აქამდე ზღაპრების წიგნში ამოეკითხა: ფუტკრები ყვავილზე, პეპელა, ეზოს კორდი, ცა – უკიდეგანო ლურჯი სივრცე, რომელიც ასეთი განსხვავებული იქნება ქალაქური ცის სიფერმკრთალისგან. ანუ ბავშვი უნდა მიხვდეს, წესით, რა არის ნამდვილი სიხარული, თავისუფლება, მან უნდა დაიბრუნოს წართმეული ბავშვობა. ქალაქში ჩამოსულს კი საჩუქარი ელის ჭაღარა სატელეფონო ნაცნობისგან (მწერლისგან).

 

მინდვრის ყვავილი“

მოთხრობა ტელეგრაფისტზეა, სახელად სანდრო მინდიაშვილი, რომელიც „მისთვის საუბედუროდ, არ იყო მეოცნებე“. სანდროს უფროსის გიტარის ხმა ქარის ზუზუნს აგონებს, მაგრამ არ იმჩნევს („სად ისწავლა ამ ოჯახდასაქცევმა?“). აქაც მარტოობაა და ქარი, რომლებიც სადღაც დიდ და ხმაურიან ცხოვრებას აცდენილია.

 

სანდრო საუბრობს ტელეფონით შერჩეულ ქალთან და წარმოსახვაში იგი წარმოუდენია ლამაზი, წაბლისფერთმიანი, ზღვისფერთვალება (ზღვა სიყრმიდან უყვარს), ოდნავ მაღალი და ჩათქვირებული (რადგან ებრალება გამხდარი ქალები). სერგო აგრაფინას სახელს შეუცვლის, მდაბიურიაო და დაარქმევს… ჟუჟუნას. მაგრამ მან არ იცის, რომ აგრაფინა იქნება, ჟუჟუნა თუ აგნესა, სახელი არ ქმნის რეალობას და თუ ჟუჟუნასაც ისევე უყვარს ტკბილეული, როგორც თუნდაც აგრაფინას, ურთიერთობა გამოგონილი რონატიკულობის „მკვლელი“ იქნება მაინც, იმედგაცრუებებით სავსე.

 

ამიტომ რეალობა კი არ უნდა „მოირგოს“, თავად უნდა „მოერგოს“ ამ უკანასკნელს კაცი. ამას ცდილობს ჩვენი გმირიც: „გაიგეთ, ჟუჟუნა, ვეღარ ვუძლებ აქაურობას. მინდა, მეც ხალხში გავერიო, ცოცხალ ცხოვრებას ვეზიარო. ყველას ეხალისება და შეხარის ამ ქვეყანას, მარტო მე და თქვენ დავრჩით ყანჩასავით გარიყული…“ (17). სანდრო თრთოლით ფიქრობს, ჩავიდეს ჩოლაბაურში, შეხვდეს ჟუჟუნას, რომელიც, მისგან განსხვავებით, ბედს შერიგებულია.

 

…და, აი, ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება, რომელიც თითქოს სულ სხვაგან იჩქარის, გვერდით ჩაუვლის და სულ სხვასთან მიუხარია, სწორედ ტელეგრაფისტს მიაკითხავს. ანუ სანდროც წარმოსახვით სინამდვილეს (ჟუჟუნა-აგრაფინას) კი აღარ აედევნება, უშუალოდ ცხოვრების „მინდორში“ ამოყოფს თავს მის წინ აღმოცენებულ მშვენიერ „მინდვრის ყვავილთან“, ელენესთან. ეს უკანასკნელი, შორს გზაზე მიმავალი, ერთ ღამეს სანდროსთან გაათევს მეგობართან ერთად, მერე კი სხვა სადგურისკენ გაემგზავრება, სანდროს ცხოვრებას კი რადიკალურად შეცვლის და მივიწყებულობის „მტვერსაც“ გადააცლის. ერთ მზიან დღეს კი სანდრო ისევ ხვდება ელენეს, რომელიც კარგა ხნით აპირებს არგვეთაში, სანდროს საცხოვრებელ ადგილას, გადმოსვლას. სანდროს კი აღარ უნდა გაიხსენოს ის განცხადება, რომელიც მან გადაყვანაზე დაწერა, რადგან მის ქუჩაზეც მოვიდა „გაზაფხული“, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით…

 

სერაფიტი“

გლეხი ტარასი გელაშვილის ტრაგიზმზეა ეს მოთხრობა: „გლეხი შეშფოთებული ჩანდა. მაღალი, რამდენიმედ კუშტი შესახედაობის ვაჟკაცი, ერთი წლის წინათ ფრონტიდან დაბრუნდა. სიკვდილის წინაშე არაერთხელ პირისპირ მდგარა და თითქოს შეჩვეული სიკვდილის საშინელებას, ახლა ბავშვივით გულაჩუყებული იყო“ (24). ტარასის ცოლს მშობიარობის შემდგომი სირთულეები აქვს და ექიმს მიაკითხავს, ჭაღარაწვერიან, მსუქან, ცნობისმოყვარე, რომანტიკული ბუნების პლატონ მინდელს, რომელიც სერაფიტას ამბავს აღუფრთოვანებია, მის გამქრალ, მაგრამ უჭკნობ მშვენიერებას. ექიმი მოთხრობის დასაწყისში ერთგვარად გულუბრყვილო ჩანს და ცხოვრებისეულად „ბეციც“. ეიფორიაშია პაციენტთან მიმავალი, მაგრამ მის აღტყინებას არც ტარასი იზიარებს, არც თანმხლები არქიტექტორი, თავშეკავებულია ორივე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით.

 

მალე ექიმი ცხოვრების პირისპირ აღმოჩნდება, ანუ ტარასის მომაკვდავ ლამაზ ცოლთან. ტარასი უსუსურია, მან იცის მტერთან ბრძოლა და სამი წელიწადი სახლს მოშორებული ომის ქარცეცხლში ტრიალებდა კიდეც, მაგრამ როცა ჩამოვიდა და უკვე უკეთ იცის, როგორ იცხოვროს, წუთისოფელი მას სრულიად განაიარაღებს.

 

გარდაცვლილი ავადმყოფისგან უკან მობრუნებული პლატონი უხეშად პასუხობს უმწეო, არსაიდან მოსალოდნელი იმედის მაინც მომლოდინე ტარასის. აქაც კარგად ჩანს მწერლის მიერ ასე ოსტატურად დახატული მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი: „ექიმს ჩვეულებად ჰქონდა გაწყრომა და დაურიდებლად თქმა, მაგრამ ეს გარემოება არავის არ სწყინდა, რადგან სიტყვების მიღმა ყველა გრძნობდა მის გულკეთილობას და ადამიანისადმი დიდ სიყვარულს“ (29).

 

იყო სერაფიტი, ასული ზევახისა და დარჩა მისი ლეგენდარული, აწ უკვე ფრესკული, ნატიფი მშვენება უამრავი ლექსის, დაწერილისა და ჯერ დაუწერელის, მუზად…

 

გარდასული სილამაზე, მბჟუტავი ნაღვერდალივით, გიღვივებს სევდას, ყველაზე მშვენიერ განცდას, რაც ადამიანს შეუძლია განიცადოს აქაც და ,,იქაც”…

 

…მაგრამ სიცოცხლეს ვერანაირი ხელოვნება, წარმოსახვა, მიმქრალი სილამაზე ვერ ჩაანაცვლებს. ცოცხალი ადამიანიც ყველა ტაძარზე დიდებული ტაძარია და მისი სიცოცხლეც შეუდარებელია, როგორც უიშვიათესი და განუმეორებელი ნიჭი…

 

ამიტომაა სიცოცხლე ყოველთვის ძლიერი სიკვდილზე!

 

ამიტომ უნდა ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს…. ესაა ამ მოთხრობის ფილოსოფია.

 

„ობროდი“

„როცა ობროდის აბსურდულ ცხოვრებას აღწერ, როგორ გინდა თავი დააღწიო, რომ თვით მოთხრობა აბსურდული არ გამოვიდეს“ – ასე იწყებს ავტორი. მაგრამ აბსურდულობა, როგორც ცხოვრების მახასიათებელი, ნაკლი თუ გამოცანა, უნდა მივიღოთ, როგორც უცვლელი მოცემულობა ამ წუთისოფელში. თუმცა არის „გამონათებებიც“ და ბურუსშიც გამოჩნდება ხოლმე გზა.

 

ღმერთი არა, მაგრამ საწუთრო ახარისხებს ადამიანებს დიდებად და პატარებად. ერთნი გამორჩეულობით ბრწყინავენ, მეორენი – უჩინარობაში განბნეულან. სწორედ ამ „ნოემბრის დანისლულ დღესავით“ უღიმღამობიდან „ამოიყვანს“ ავტორი მთავარ გმირს, როგორც თუნდაც ილია ლუარსაბს ჭაობიდან, – და თითქოს უჩინმაჩინის ქუდსაც მოხდის, შესამჩნევად აქცევს, რადგან „გვერდით გაგვივლის“ ასეთი სიცხადითა და ტკივილიანი მარტოსულობით.

 

პერსონაჟი კამიუსას ჰგავს და „უცხოა“ ისიც გარშემომყოფთათვის. სამინისტროში მსახურობს წლებია, გულმოდგინე მუშაკია, „კეთილი და ყოვლისმიმტევებელი“ ღიმილით. საკუთარ აზრს მოკრძალების გამო არ გამოთქვამდა და ფიციც კი ჰქონდა დადებული გარკვეული შემთხვევის შემდეგ, რომ თავს არავის მოახვევდა მას ან ჰქონდა კი აზრის გამოხატვის უფლება ამ საბჭოური სისტემის „კოლექტივის სისხლ-სისხლთაგანს“, ტიპურ ჭანჭიკს, მსხვერპლსა თუ ჯაჭვის (ჩვენი თავისუფლება იყო „შეკრული“) შემადგენელ რგოლს?! ამას ფიქრობს იგი და მსწრაფლ გვახსენებს გურამ რჩეულიშვილისეულ „კაცში არ მიყვარს თავმდაბლობას“…

 

ლუკა დონ კიხოტს ჰგავს, რომელიც ყოფიერების მარადი მსხვერპლია. აქვე მეორე გმირიცაა, ქალი, ისეთივე უფერული, როგორც პირველი, კაცი („აგნესა და რაიმე ემოციის აღმძვრელი?“).

 

როგორია ახლა უკვე ლუკას სიმარტოვე? კი, ბატონო, აი, უსმენთ: „თავი ისე მოგვაქვს, ვითომ შევხარით ერთმანეთს, ვითომ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ გვინდა, ნამდვილად კი მარტო ვართ, ერთმანეთისგან გათიშული და დაშორებული… ეგ კი არა, კიდევაც გვეშინია ერთმანეთის“ (53) – თითქოს თანამედროვე, პრაგმატული, გაჯეტების ეპოქის ადამიანის ვედრებაა, განქარვებული ხმა „მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

 

ლუკა პათეტიკურიცაა და ამითაც გამუდმებით უკუგდებული ალბათ ცხოვრებისგან, როგორც ყავლგასული თვითგამოხატვის ენითა თუ ფორმით. თუმცა ყველა თავისებურად მიისწრაფვის ჰარმონიისა თუ უნივერსალურისკენ, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. მაგრამ ეს ლტოლვა მშვიდობიანი არ აღმოჩნდება ლუკასთვის. მას არც ტრფიალით მოუბეზრებია აგნესასთვის თავი, არც უხეში ან ვულგარული ფორმით გამოუხატავს საკუთარი ფაქიზი სურვილები. კრახი კი გარდაუვალი აღმოჩნდა: ვერც მისი ოცნებების სიმაღლეს მისწვდნენ და ვერც იმ ფოთლებშელახულ ქოთნის პალმის ხეს გაუგეს რაიმე, ლუკამ სრულყოფილების ამქვეყნიურ გამოშუქებად რომ ჩათვალა და აგნესას აჩუქა, – სამსახურიდან გაათავისუფლეს და პერიფერიაში გადაიყვანეს.

 

არიან ცხოვრებასთან „პირნათელი“ ადამიანები, აი, არასდროს რომ „აიჩეჩავენ“ თმებს ბოჰემურად. ამიტომ ასეთ შემთხვევაში შემოქმედებითობაც ნაკლებია ხოლმე. როგორ იტყვიან ხოლმე? ჰო, „კრეატივი“. თუ ეს უკომპრომისო, „პიონერულ-კომკავშირული“ პირნათელობა ობროდობაში (სერგო კლდიაშვილის ტერმინია, იგივე, როგორც რუსული „зануда“ ან ქართული „მუდო“) გადაიზარდა, ადამიანი უკვე უინტერესო და „უფერული“ ხდება წუთისოფლისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც. მოკლედ, ჰარმონია თავთან და სამყაროსთან ნიშნავს ბალანსს: არც ჭარბი (გათამაშებული თუ ნაღდი), სისულელედ ქცეული კეთილშობილება, წესრიგისკენ სწრაფვაა გასაგები ადამიანებისთვის (რომლებისთვისაც იდეალისტი ლამანჩელი სასაცილოა, ხოლო პრაგმატიკოსი სანჩო ცხოვრების „მცოდნე“), არც პერმანენტული შინაგანი პროტესტი და მიდრეკილება ჯანყისა და ქაოსისკენ.

 

ახლა რატომღაც ჟერარ ფილიპი გამახსენდა (ჰო, მივხვდი, რატომაც): მას შედარებით დიდი ყურები ჰქონდა და გადაღებების წინ უმაგრებდნენ, მისი შთამბეჭდავი გარეგნობა რომ არ დაზარალებულიყო. ის კი?! აიკრავდა თურმე ყურებზე ხელს კამერის წინ და იყო ლაღი, განუმეორებელი და ნ ა მ დ ვ ი ლ ი! ჰოდა, „ავიკრათ ყურებზე ხელი“ ჩვენც ხანდახან…

 

ლუკას რაც შეეხება, ის არ არის „თავის“ დროში დაბადებული ადამიანი, აცდენილია. აბა, სად რაინდებისა და ზნეობრიობით სავსე თავისუფლებით სისავსე და სად დაშტამპულ-დანომრილ-შეზღუდული ადამიანების დროება? ამიტომ მოთხრობის დასასრულიც სევდიანი და ფანტასმაგორიულია: ლამანჩელი ლუკას თავისთან წაიყვანს, საკუთარი სუსტფოთლებიანი პალმის ქოთნით ხელში, რომელიც მას გულში ჰქონდა ჩაკრული…

 

„კაიშაურის სონატა“

მოქმედება სტეფანწმინდაში ხდება. ავტორი გვთავაზობს ქართულ ცნობიერებაში ასე ლაღად და მყარად ფესვგადგმულ ხატს, წარმოდგენას ქალზე, დედაკაცზე (ამ უბადლო ქართული სიტყვის სრული გააზრებით): „დედაკაცი, თუ მას მირონი სცხია, არაგვის პირზე, ხელუხლებელი ბუნების ამ შუაგულში კი არა, უდაბნოსაც ედემად მოგაჩვენებს და უცბადვე ინტიმსა და გულითადობას დაამყარებს“ (141). ბუნების საოცრება ქალს ასეთივე ბუნების საოცრება – კაიშაურის მთვარის შუქით განათებული ბაღიც შეერთვის და ეს მათი ერთგვარი სინთეზია მთავარი გმირის წარმოსახვაში. მას ის უდიდესი, მომაჯადოებელი, მიწისა და ცის შემაერთებელი აღმაფრენა დაეუფლება: „მივრბოდი, ნაკადულის დინებას მივყვებოდი და ვიღაცას ხმამაღლა ვეძახდი. იქნებ იმ შორეულმა წინაპარმა გაიღვიძა ჩემში, ვისაც მთვარე ღვთაებად მიაჩნდა და მისი ხმა იყო, რომ შევძახოდი ახლა…“. იგი ტირის დიდი და შეუცნობი ბედნიერებისგან და მისი ამ განცდების თანამოზიარე მშვენიერი თამარი აღმოჩნდება. მაგრამ ეს ბუნების ჯადოსნური „სიზმარი“ მთავრდება, ყოფით იბურება და დროც ისევ „გაზანტდება“, როგორც მწერალი ამბობს, ყველაფერი ჩვეულებრიობას უბრუნდება.

 

„დიდია ადამიანის გონების ძალა, მაგრამ, საკითხავია, ოდესმე შეძლებს, ფარდა ახადოს სამყაროს საიდუმლოს? განა, მე მხოლოდ მატერიალური ნაწილაკი ვარ და არაფერი მაერთებს მარადიულ სიცოცხლესთან? ბოლოს და ბოლოს, საჭიროა, განა, ყველაფერი ვიცოდეთ?“ – კითხვები მარადიულია და პასუხგაუცემლობის პატივითა თუ ნაკლითაა სავსე…

 

„მინანქრის გოგონა ლომბარდში“

„უსაქმური ჭაბუკის მონოლოგიო“, მწერალმა. მწერლობაც და ფილოსოფიაც მოცალეობის გარეშე არ იქმნება, იქნებ ეს იგულისხმა? თუნდაც იმ ცხოვრებისეულ ფილოსოფიასაც დრო და ფიქრი სჭირდება, რომელსაც ჰქვია ყოფის რუტინულობა და მასში ასე გამომწვევად ჩართული ლომბარდის პრაგმატიზმი. ეს უკანასკნელი გამოსავალიცაა, ანუ ფიზიკური გადარჩენაც ხშირად და სულიერ გამამხნევებელ-მეგობრადაც გვევლინება. ძალიან საინტერესო ფსიქოტიპია ლომბარდში დასაგირავებელი ნივთების შემფასებელი, ძველი კეისარივით ბოლომდე შეუცდომელ-შეუცნობელი (აქ ირონიაცაა, რასაკვირველია, თვითირონიაც, ასე გადამრჩენი ყოფის შემოტევებისას). თუმცა ნივთსაც გააჩნია და მის ფასეულობასაც. ამიტომ ისეთი საკრალური ნივთი, როგორიცაა ცისფერ მინანქარზე გამოხატული ახალგაზრდა ქალიშვილი, რომელშიც შემოქმედმა ამაღლებული სულისკვეთება და პროფესიონალიზმი ჩადო, მის მნახველს რომ ყოველგვარ ჯავრს დაგავიწყებს და, მოთხრობის გმირივით, ასეთი სურათების (გერიდება კიდეც, ნივთი უწოდო) გამო აპატიებ ცხოვრებას ბევრ სიავეს და სულში სიმშვიდეც ჩაგეღვრება, – ლომბარდისთვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ლომბარდისთვის, რომელშიც ყოფითობის მჭახე სევდა გაბატონებულა იმ მოლოდინით გულში ჩამარხულ მოხუცებში, ზოგს მთელი ფუთა ტანსაცმელი რომ მიუტანია სარკმელთან, რომელშიც ჩხრიალებდა ვერცხლის ნივთები შემფასებლის ცხვირწინ.

 

მოკლედ, მინანქრის გოგონას მხოლოდ ჩარჩოს მოიწონებენ, რომელიც უნდა გამოათავისუფლონ ნახატისგან. ბოლოს ისევ ირონიულ-ნაღვლიანი გროტესკი მწერლისა:

 

„ჰო, მართლა, კიდევ ერთი ფიქრი ამეტორღიალა: რა მოხდება, მაგალითად, რომ მივიდე ლომბარდში და გირაოდ ერთი უცნაური ნივთი მივიტანო? შემფასებელი გაშლის ქაღალდს, დახედავს ნივთს და გაოცებული მკითხავს:

 

– მოქალაქევ, რა არის ეს?

 

– განა, ვერ ცნობთ? – ვეუბნები გაოცებული. – ეს ხომ ადამიანის გულია! პატიოსანი, მაღალი გრძნობებით აძგერებული, სილამაზის მოტრფიალე, სიცოცხლეს დანატრებული და ადამიანისადმი სიყვარულით სავსე გული! ამაზე ძვირფასი რა უნდა მომეტანა!

 

შემფასებელი თვალებს გადმოკარკლავს და მეტყვის:

 

– წაიღეთ უკან! შეიძლება ის თქვენთვის არის ძვირფასი, ჩვენთვის კი არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს! მომაშორეთ!

 

მესმის, როგორ ფრუტუნებს და ბრაზობს. მე კი კმაყოფილი ვარ, რომ სამაგიერო გადავუხადე ჩემი მინანქრიანი გოგონას შეურაცხყოფისათვის…“.

 

„დიდი სარკე ბავშვის ოთახში“

ბავშვზე, რომელიც უჩვეულოდ მახინჯი დარჩა – ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა, გახევებული ჰქონდა, მამა ფიქრობს, რომ იქნებ მისი სიკვდილი სჯობდა მის უბედურ სიცოცხლეს. თუმცა ამ უკანასკნელს დროთა განმავლობაში ისე შეეჩვევიან და შეუყვარდებათ, რომ ზოგჯერ სიხარულსაც ჰგვრით.

 

ასე ცხოვრობს ეს პატარა ადამიანი ტყუილში, უძრაობასა და მარტოობაში. უცხოთაგან ის ხედავს მხოლოდ მესასთუმლე ჭაღარა ქალს და ხნიერ ექიმებს, რომლებიც გასამხნევებლად ეუბნებიან ხოლმე, რომ მისი მდგომარეობა სავსებით ბუნებრივია და თვითონაც ასე მწოლიარენი იყვნენ, სანამ დიდები გახდებოდნენ. ყველაფერი ხელოვნურია ბიჭის ოთახში: ნადირის, ფრინველის ფიტულები, დევებისა და ნაცარქექიას ფერადი ნიღბები, ლამაზად „გაფურჩქნილი“ ყვავილები კედელზე. გვახსენდება კოშკში ბუდას გამოკეტვის მცდელობა, რომ მან არც ავადმყოფობა ნახოს, არც სიბერე, არც სიკვდილი.

თუმცა ამ ნოველის მთავარი გმირი არა ეს ბიჭუნაა, არამედ ცხოვრება, რომელიც პატარის ოთახში მდგარი დიდ სარკეში (ის ბავშვის საწოლის პირისპირ დგას ჭერის სიმაღლემდე ამართული) ირეკლება. სხვათა შორის, ის პატარა, ატმისფერლოყება, ნაწნავიანი გოგონაც, წიგნებით ხელში, რომელიც ამ სარკეში ჩნდება და სწორედ მასთან შეხვედრის სურვილით თანხმდება ავადმყოფი ბიჭუნა გარეთ, ნოემბრის სუსხიან დღეს სკვერში გასვლას.

 

…და, აი, ცხოვრება, მთელი თავისი სისრულით შემოდის ნოველაში. მაგრამ ბიჭუნას ის არ მოეწონება: ჭკნობადია, ხრწნადი და არც ისე ფერადი, როგორც მისი ოთახის ფიტულებსა თუ ნიღბებზეა. ამიტომ სასწრაფოდ მოითხოვს, შინ შეიყვანონ და შემდგომაც კატეგორიული წინააღმდეგია გარეთ გასვლისა. ანუ ბავშვი გადაწყვეტს, რომ ის ვარდიფერლოყება გოგონაც სჯობს მის წარმოსახვაში იყოს, ოთახის გამოგონილ ფერიად, მის „მარად გაზაფხულში“ და არ შეხვდეს მას…

 

მორალი გაინტერესებთ? მწერალი მას „საპარადეს“ გვთავაზობს, რომლის მიღმა ავტორის ცრემლიანი, ნაღვლიანი სახე იმალება: „დე, დარჩეს ის, სადაც ბედნიერება მოიპოვა. ნუ წავართმევთ ამ უკანასკნელ თავშესაფარს“. თუმცა უკანასკნელი თავშესაფარი მხოლოდ და მხოლოდ ის ამაო-წარმავალ-ხრწნადი სიცოცხლეა, რომელიც პატარამ ვითომ უარყო, მაგრამ ეს უარყოფილი უკან კი არ ჩამოიტოვა, მომავალშიც ელოდება.

 

ჩვენი ხედვა მწერლისას ემთხვევა და სამყაროს ერთ დიდ, აგორებულ ცრემლს შეერთვის. ეს სწორედ ბავშვის ცრემლია, რომელიც ყოველთვის დაარღვევს სამყაროს ჰარმონიას, როგორც დიდი ფეოდორ დოსტოევსკი ამბობდა…

 

მოთხრობათა ამ კრებულიდანაც ჩემი ბავშვობა შემომცქერის და ის მძაფრი განცდები, რომლებიც აგერ მთელი ცხოვრება გამომყვა. ეს ხომ ღირებული, ნაღდი, ძალიან ნიჭიერი მწერლობაა…

 

 

 

ციტატები წიგნიდან – სერგო კლდიაშვილი „მინდვრის ყვავილი“, გამომცემლობა „მერანი“, 1977 წ.

 

 

 

 

 

როგორ აუმჯობესებს CK-12-ის პლატფორმა სასწავლო პროცესს -საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლა

0

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის ქართულად ადაპტირებულ სასწავლო მასალებს უფრო და უფრო მეტი სკოლა იყენებს. „საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის სკოლების ქსელმა“, რომელიც 2022 წელს შეიქმნა საქართველოში განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო პლატფორმა CK-12-ის ინიციატივით, 2023 წელს 75 სკოლა, 359 მასწავლებელი და 13 705 მოსწავლე გააერთიანა.

CK-12-ის რესურსების პოპულარიზაციასა და სწავლა-სწავლების პროცესში 2023 წელს ჩართული იყო 20 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში უზიარებდნენ კოლეგებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის რესურსების სწორად გამოყენებისა და სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. სასწავლო წლის მიწურულს საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლებიც გამოვლინდა.

CK-12 – ეს არის სასწავლო რესურსების „საცავი“, სადაც თავმოყრილია STEM საგნების ციფრული წიგნები ბევრი პრაქტიკული სავარჯიშოთი და სიმულაციით, რომლებიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გამოადგებათ.

„ინიციატივა „ციფრული სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება“, რომელსაც კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც შეიქმნა CK-12-ის ქართულენოვანი კომპონენტი, ნაწილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორული პროექტისა, რომელიც საქართველოში ინკლუზიური, თანასწორი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების განვითარებას ისახავს მიზნად.

„პროექტის ფარგლებში შექმნილი CK-12-ის საგანმანათლებლო პლატფორმის ქართული გვერდი განსხვავებული უნარების მქონე ათასობით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს და გამოიყენოს ონლაინ სახელმძღვანელოები და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები. ონლაინ პლატფორმისა და ციფრული რესურსების დახმარებით მასწავლებლები შეძლებენ, უპასუხონ სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს და აღჭურვონ მოსწავლეები ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაში აქტიური ჩართულობისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. CK-12-ის სკოლების ქსელში უკვე ჩართულია 75 სკოლა. ვიმედოვნებთ, საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლები თავიანთ გამოცდილებას მომავალში სხვა სკოლებსაც გაუზიარებენ და ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება“, – ეუბნება ჟურნალ „მასწავლებელს“ ხათუნა იოსელიანი, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების ოფიცერი.

 

როგორც განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, პლატფორმაზე ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალაა განთავსებული, მაგრამ ყველაფრის გადმოქართულება, ცხადია, შეუძლებელია: „ამიტომ შევარჩიეთ ისეთი რესურსები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს შეესაბამება. შედეგად საბაზო და საშუალო სკოლის თითქმის უკვე ყველა საფეხურისთვის არსებობს წიგნები STEM-ის მიმართულების საგნებში ქართულ ენაზე, ასევე ხელმისაწვდომია სიმულაციები ფიზიკაში, რაც, ვფიქრობთ, გაამდიდრებს ფიზიკის გაკვეთილებს და მასწავლებლებს რიგი საკითხების სწავლებას გაუმარტივებს“.

სასწავლო წლის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლის სია კი ასეთია:

 

  • ​​ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა;
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა.

 

ჟურნალი „მასწავლებელი“ ხუთივე სკოლის გამოცდილებას გაეცნო. წინამდებარე სტატიის მიზანიც ამ გამოცდილების გაზიარებაა.

 

„მე კონსულტანტ-მასწავლებლად 2 წლის წინ ამიყვანეს კონკურსის წესით და ძალიან კარგად იმუშავა მაშინ ამ პროექტმა, ყველა სკოლა ჩაერთო, ვისაც მივმართეთ. 2022-2023 წელს უკვე კონკურსი გამოცხადდა სკოლების ქსელში ჩართვაზე და, საბედნიეროდ, შერჩეულ 60 სკოლას შორის აღმოვჩნდით. ჩვენი მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ. ერთხელ რომ გამოიყენებ ამ პლატფორმას, მერე ვეღარ სწყდები. ძალიან სასარგებლოა, ადვილად აღქმადი და მამოტივირებელი როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას და შეესაბამება სტანდარტებს. მისი მთავარი მომხიბვლელობა ის არის, რომ ინტერაქციულია, იძლევა სწორი პასუხის პოვნამდე შეცდომის დაშვების უფლებას და, რაც მთავარია, სიმულაციებიც და სავარჯიშოებიც ყოფით სიტუაციებთან არის დაკავშირებული“, – გვიყვება ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი. ამ სკოლას სულ 30 მოსწავლე ჰყავს. ის მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და ბავშვებისთვის თანამედროვე სასწავლო მასალების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სკოლა სრულყოფილად არის აღჭურვილი საჭირო ტექნოლოგიებით, თუმცა, როგორც მაია ამბობს, CK-12-ის გამოყენებისთვის ინტერნეტთან დაკავშირებული ტელეფონიც საკმარისია და სწორედ ასე იმეორებენ ხოლმე მოსწავლეები ამ პლატფორმის გამოყენებით განვლილ მასალას. ალპანის სკოლაში CK-12-ის გამოყენებით ჩატარდა „შებრუნებული საკლასო ოთახის“ ტიპის გაკვეთილები, ახალი მასალის შესწავლისას გამოსცადეს „ინტერვიუ სამი ნაბიჯის“ მეთოდი, კორნელის ჩანიშვნის მეთოდიც დანერგეს პრაქტიკაში. სწავლის პროცესი იმდენად ინტერაქციული და საინტერესო იყო, რომ ახლა უკვე მოსწავლეები გეგმავენ, ამავე პლატფორმის გამოყენებით სხვა სკოლებში ჩაუტარონ გაკვეთილები თანატოლებს და ამ გზით გააცნონ მათი საყვარელი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი.

 

„თავდაპირველად კათედრაზე განვიხილეთ, მასწავლებლებმა, რომლებიც იცნობდნენ და ფრაგმენტულად იყენებდნენ ამ რესურსს სასწავლო პროცესში, ისაუბრეს პროექტის სარგებლიანობაზე. გადავწყვიტეთ, ჩვენც ჩავრთულიყავით. ჯერ ზომიერი სიფრთხილით ვუყურებდით, მაგრამ მასწავლებლებმა მალევე დაინახეს, რომ CK-12-ის გამოყენებით გაკვეთილები უფრო საინტერესო, უფრო ინტერაქციული გამოდიოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით და ვეცნობოდით სხვა სკოლების გამოცდილებას, მაგრამ არ გვინდოდა, მათი მიდგომები პირდაპირ გადმოგვეღო; მიგვაჩნდა, რომ ეს მასალები ჩვენი საჭიროებების მიხედვით უნდა დაგვენერგა სასწავლო პროცესში. საბოლოოდ მოსწავლეებიც ძალიან გააქტიურდნენ, ჩვენც დაგვიგროვდა გამოცდილება და მუშაობა ისე საინტერესოდ წარიმართა, რომ ვითარებამ მოითხოვა სასკოლო საზოგადოებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ასე ჩავატარეთ აპრილში კონფერენცია, რომელზეც პარტნიორ სკოლებს ვაჩვენეთ ის შედეგები, რაც ამ პლატფორმის გამოყენებით მივიღეთ“, – უთხრა ჟურნალ „მასწავლებელს“ ნესტან სიხარულიძემ, ქუთაისის №23 საჯარო სკოლის დირექტორმა. მან სასწავლო წლის ბოლოს მშობლებთანაც ჩაატარა კვლევა მომდევნო წლის დასაგეგმავად; აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ იცოდა CK-12-ის შესახებ და სურდა, მათ შვილებს კვლავ აქტიურად გამოეყენებინათ ეს რესურსი სასწავლო პროცესში. მეტიც: მოსწავლეების ნაწილი დაფიქრდა იმაზე, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული STEM საგნებთან მათი მომავალი პროფესიები.

„CK-12-ის გამოყენება ჩვენთვის ოდნავ უფრო რთული იყო, ვიდრე სხვა სკოლებისთვის, რადგან ჩვენი სკოლა სომხურენოვანია და ყველა მასწავლებელს არ შეუძლია ქართულ ან ინგლისურ ენებზე სასწავლო მასალების დამოუკიდებლად გაცნობა და გამოყენება, მაგრამ რაკი გადავწყვიტეთ, რომ [ეს რესურსი] ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა, დავეხმარეთ, ვისაც სჭირდებოდა, ვუთარგმნეთ მასალები… ბიოლოგიისა და ინგლისურის მასწავლებლებმა ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარეს. [ახალი მიდგომა] ბავშვებისთვის იმითაც აღმოჩნდა საინტერესო, რომ მხოლოდ თეორიულ მასალას კი არ სწავლობდნენ, პრაქტიკულ სიმულაციებსაც ასრულებდნენ. საბოლოოდ გამოგვივიდა, პრაქტიკაშიც დავნერგეთ ახალი პლატფორმა და საუკეთესო პრაქტიკის სკოლების სიაშიც მოვხვდით. ნინოწმინდის სხვა სკოლებსაც გავუზიარეთ გამოცდილება, ჩავატარეთ პრეზენტაციები  და მზად ვართ, ყველას, ვისაც დასჭირდება, მივცეთ ჩვენი თარგმნილი მასალები“, – ამბობს ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის დირექტორი დიანა ტუმასიანი. ნინოწმინდაში სულ ოთხი სკოლაა. ყველაზე მეტი მოსწავლე იმ სკოლაშია, რომელსაც დიანა ტუმასიანი მართავს.

 

„ქიმიის, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლები ჩავერთეთ ამ პროექტში, გამოვიყენეთ მასალები და ჩვენც კმაყოფილები ვართ და ჩვენი მოსწავლეებიც. შეგვეძლო როგორც ელექტრონული ფორმების გამოყენება, ისე ამობეჭდვაც, რაც ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა. როგორც ერთ, ისე სხვადასხვა სკოლაში მომუშავე კოლეგები გამუდმებით ვუზიარებდით გამოცდილებას ერთმანეთს. არის რაღაცები, რაც ჯერ არ გვიცდია, მაგალითად, შებრუნებული გაკვეთილი. ამას ალბათ გაისად ვცდით“, – გვიყვება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ხათუნა ჩადუნელი. ამ სკოლაში ასამდე ბავშვი სწავლობს.

 

„წლებია, ჩვენ სკოლას აქვს ამბიცია, საქართველოში ციფრული მიმართულების ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში სხვადასხვა სახის ელექტრონული რესურსების გამოყენება. CK-12-ის ციფრულ პლატფორმას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის ვიყენებთ როგორც დისტანციური, ისე პირისპირ სწავლებისას. მე თვითონ 2013 წლიდან ვარ Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტი და ტრენერი და მაქსიმალურად ვცდილობ ჩვენს სკოლაში ტექნოლოგიებისა და გაჯეტების გამოყენებით სწავლისა და სწავლების დანერგვას.

ჩვენს შემთხვევაში სიახლე ის იყო, რომ CK-12-ის რესურსები არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმალურ სწავლებაშიც გამოვიყენეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების კლუბი. ერთი მთგანია რობოტექნიკის კლუბი, სადაც ბავშვები თვითონვე ქმნიან სენსორებს. ამ კლუბში, Stem საგნების მასწავლებლებისა და რობოტექნიკის კლუბის თანამშრომლობით, ბავშვებმა ზღვის ხარისხი შეისწავლეს“, – გვეუბნება ქუთაისის #33 სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა. ამ სკოლაში დაახლოებით 800 ბავშვი სწავლობს. გარდა ინტერაქციული გაკვეთილებისა და ციფრული პლატფორმებისა, მათ განკარგულებაშია ათზე მეტი კლუბი. მარინა ამბობს, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე კლუბებშიც აქტიურად გამოიყენება, მაგალითად, ბავშვების საყვარელი თამაში Minekraft, დავალებების უფრო მარტივ ფორმატში შესასრულებლად კი lifeworksheets პლატფორმა.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 თხუთმეტი წლის წინ იმ რწმენით შეიქმნა, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვს აქვს კარგი განათლების მიღების უფლება, ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, განსხვავებული საჭიროებებით, რეალობითა და შესაძლებლობებით და იმისთვის, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ, საჭიროა, სწავლის პროცესი პერსონალურ მოგზაურობას ჰგავდეს.

პლატფორმა, რომელსაც დღეს 221 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და სწავლების ყველა საფეხურისა და ყველა საგნისთვის ასეულობით სასწავლო რესურსს აერთიანებს, ცდილობს, მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს გაუმარტივოს წვდომა საჭირო მასალებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ბავშვების ინტერესებს არის მორგებული და ინტერაქციულია, მეორე მხრივ კი მათ საშუალებას აძლევს, სასკოლო პროცესის მიღმაც შეძლონ ჩავარდნების გამოსწორება, ცუდად ნასწავლ მასალასთან მიბრუნება და იმის შესახებ ცოდნის გამდიდრება, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა გაკვეთილზე.

უკვე ორი წელია, CK-12 ქართულ ენაზეც გამოჩნდა და მეშვიდე-მეთორმეტე კლასების საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებისთვის სასწავლო რესურსების ადაპტირებულ ვერსიებს სთავაზობს ქართულ სკოლებს.

 

2022 წლის მიწურულს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლების შესახებ სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ემოციები და ბავშვები

0

როცა ჩემი შვილი სკოლიდან გამომყავს ხოლმე, სკოლასთან დიდი აურზაური და ფაციფუცია. მშობლები და შვილები მთელი დღის მეცადინეობისა და მუშაობის მერე ერთმანეთს ხვდებიან და შინ ერთად ბრუნდებიან.

მეც ერთი სული მაქვს, სკოლის კართან როდის გამოჩნდება ორი შავი თვალი და ბიჭი, რომელიც უკვე ისეთი ბავშვიც აღარაა, ჩახუტება რომ არ ეუხერხულოს, მაგრამ არც ისეთი დიდი, ეს უხერხულობა გამოხატოს.

მერე სკოლის მწვანე ჭიშკრიდან პარკში გამოვდივართ და ხან ნელა, ხან უფრო სწრაფად (თუ სადმე გვეჩქარება) სამარშრუტო ტაქსისა თუ ავტობუსისკენ მივემართებით. ხანდახან ფეხითაც ვბრუნდებით.

პარკში ჩვენნაირი ბევრი მშობელი და შვილია. ამიტომ მესმის ხოლმე, რაზე საუბრობენ ისინი.

როგორ ჩაიარა დღემ?

ვინ გამოგიძახა?

რა ნიშანი მიიღე?

გამოასწორე მათემატიკის შვიდიანი?

შემაჯამებელი დაწერე?

ასეთი კითხვები უფრო მეტია, იშვიათად – თავს როგორი გრძნობდი? რა გეწყინა? რა გაგიხარდა? ვინმემ გაწყენინა? რამემ ხომ არ შეგაწუხა?

ხშირად გესაუბრებიან ბავშვები საკუთარ ემოციებზე? გახსნილად გამოხატავენ გრძნობებს? იქნებ ბევრ რამეს მალავენ, ან იქნებ ემოციურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ მარტივად გვეჩვენება, იმიტომ არ გვიმხელენ, რომ საპასუხოდ ჩვენი „კარგი რა, მაგაზე როგორ ინერვიულე? არა უშავს, ეგ არაფერი, რა სისულელეზე დარდობ“ – არ მიიღონ.

შევთანხმდეთ, რომ ჩვენსა და ბავშვებს შორის ემოციური შუამავალი, დამხმარე გვჭირდება, რომელიც განსაკუთრებით სკოლაშია აუცილებელი. ყველაზე ხშირად, დაწყებითი კლასების დამრიგებლებს აქვთ ემოციებთან შეხება, არ გქონიათ ასეთი შემთხვევა? როცა ვერაფრით გაიგეთ, რატომ იტირა ბავშვმა, რატომ იმალება მერხის ქვეშ?

„ემოციების დიდი წიგნის“ ავტორი ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩია, ილუსტრატორი კი – სოფო კირთაძე, რომლის ილუსტრაციები ქართული საბავშვო ლიტერატურის გულშემატკივრებმა კარგად იციან. „ცნობისმოყვარე პანდა“, რომელმაც ეს წიგნი გამოსცა, პატარა გამომცემლობაა, რომელიც სწორედ ბავშვებისთვის სასარგებლო წიგნების გამოცემაზეა ორიენტირებული.

„სამწუხაროდ, არცერთ სკოლაში არ ისწავლება საგანი „ემოციები“. მშობლებსაც ხშირად უჭირთ ამ თემისთვის დროის დათმობა. მაგალითად, მშობლები ბაღის ასაკის ბავშვისთვის აქტიურად ყიდულობენ წერისა და კითხვის შემსწავლელ წიგნებს, ცდილობენ ბავშვის შემეცნებით განვითარებაზე ზრუნვას, მაგრამ ავიწყდებათ ემოციურ სფეროზე ყურადღების გამახვილება. ცხადია, ყველა მშობელი უნდა ზრუნავდეს შვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. წარმატებული შვილის დანახვა დიდი ბედნიერებაა მშობლისთვის. თუმცა ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ წარმატება აკადემიური მოსწრებისა და ფაქტობრივი ცოდნის პირდაპირპროპორციულია. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ წარმატებისათვის ზოგადი ინტელექტის მაჩვენებელთან ერთად ემოციური ინტელექტიც უმნიშვნელოვანესია” – ვკითხულობთ შესავალში.

ემოციური ინტელექტის განვითარებაზე პასუხისმგებელი კი მშობლებთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებაცაა. მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე ზრუნვა ბედნიერებას ვერც მოსწავლეებს მოუტანს, ვერც მასწავლებლებს.

„ემოციების დიდი წიგნი“ საუკეთესო სასწავლო რესურსად შეგვიძლია გამოვიყენოთ დაწყებით სკოლაში. აქ დაწვრილებით, დეტალური თვალსაჩინოებითაა აღწერილი თითოეული ემოციის მიზეზი, ფორმა, გადალახვის გზები. მშობლებისათვის განკუთვნილ ნაწილში, რომლითაც იწყება წიგნი, დეტალური ინსტრუქციებია უფროსებისათვის, როგორ მართონ, მიიღონ ბავშვების ემოციები.

„ამ წიგნის მთავარი მიზანი ადამიანებისათვის ემოციების მნიშვნელობის ჩვენებაა. წიგნის საშუალებით თქვენს შვილებთან ერთად გაეცნობით ბაზისურ ემოციებს. შეძლებთ ემოციებისა და გრძნობების ერთმანეთისგან განსხვავებას. წიგნი მოგცემთ ძირითად, უნივერსალურ რეკომენდაციებს კონკრეტულ ემოციასთან გასამკლავებლად. გახსოვდეთ, რომ წარმატების ერთ-ერთი პირობა საკუთარი თავის მოსმენაა“, – ვკითხულობთ ანოტაციაში.

უფროსებისათვის განკუთვნილი ინსტრუქციების მერე ბავშვების ნაწილი იწყება, სადაც სოფო კირთაძის ჯადოსნური ილუსტრაციებით თანდათან იხსნება ემოციების რთული სამყარო – რა არის სიხარული, სევდა, შიში, ბრაზი, გაკვირვება, ზიზღი? რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა ამა თუ იმ ემოციას განვიცდით, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი და ემოციები. ილუსტრაციებისა და მარტივი ინსტრუქციების გარდა, წიგნში ბევრი საინტერესო სავარჯიშოცაა, რომლებიც ყველაზე კარგად გვასწავლის, როგორ ვმართოთ ემოციები.

ბავშვებს ხშირად უჭირთ ემოციების გარჩევა, განსაკუთრებით, ეს ეხება აუტიზმის სპექტრის ბავშვებს. ეს წიგნი შესანიშნავი დამხმარე რესურსი იქნება ინკლუზიური განათლებისას, თერაპიის ან უბრალოდ, ოჯახური თერაპიის დროს, რადგან დეტალური ნიშნებითაა აღწერილი ამა თუ იმ ემოციის ვიზუალური ხატი.

„ემოციების დიდი წიგნი“ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ბავშვების ემოციური ინტელექტის განვითარების რთულ და აუცილებელ გზაზე.

 

ლიტერატურული კონკურსი ქართველი მწერლებისთვის –  „ვწერ მასწავლებლისთვის“

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის  მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ აცხადებს  ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის –

 „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და   მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 26  სექტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება  4  ოქტომბერს საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარტნიორების  სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის მხარდამჭერ  ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ მასწავლებლის სპეციალური ნომერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.

მოთხრობის მოცულობა: 5-დან – 15 გვერდამდე.

ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომელიც არსად  არის გამოქვეყნებული.

მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25   აგვისტო.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: ლიტერატურული კონკურსისთვის.

კონკურსის პარტნიორებია: გამომცემლობა „ინტელექტი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“,  „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, თბილისის მუზეუმების გაერთიანება.

 

პრიორიტეტების გადალაგება

0

თანამედროვე აღმზრდელობითი სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი უნდა იყოს კრიტიკული მიდგომა ყველაფრისადმი, იქნება ეს მეცნიერული თეორიები, მხატვრული ტექსტები, წმინდა წერილები, ანუ სხვადასხვა რელიგიური ტექსტები თუ სხვა. დღეს, როდესაც კაცობრიობის მიერ დაგროვილი უკიდეგანო ცოდნის პარალელურად უკიდეგანო ფსევდოსწავლებები ცდილობენ ადგილის დაკავებას მზის ქვეშ, მხოლოდ სანდო მეცნიერებების დაუფლება და კრიტიკული მექანიზმი თუ დაიცავს მოზარდსა და ზრდასრულს რომელიმე ცრუმოძღვრების ხაფანგისგან. ამიტომაც ნებისმიერი სიახლის შესწავლისას, აუცილებელია, მოსწავლე არა მხოლოდ პასუხობდეს პედაგოგის მიერ დასმულ კითხვებს, არამედ თავადაც უჩნდებოდეს კითხვები. პედაგოგმა ისე უნდა წარმართოს მოსწავლის აზროვნება, რომ კითხვების დასმისკენ უბიძგოს, თავადვე მოახდინოს პროვოცირება კითხვის გაჩენისა. იქ, სადაც მასწავლებელი მოწაფეს უკრძალავს კითხვის დასმას, ანუ ეჭვის შეტანას, მთავრდება თანამედროვე ახალგაზრდის მომზადება ახალი ცხოვრებისათვის, იმ რთულ სამყაროში ადაპტაციისთვის, რომელშიც მას მოუწევს ცხოვრება და მსახურება. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ასეთი (ანუ კრიტიკული) მიდგომა მხოლოდ ლიბერალურ-დემოკრატიული საგანმანათლებლო სისტემებისთვის არის დამახასიათებელი და ეს კაცობრიობის დიდი მიღწევაა, რომელიც მან მოიპოვა.

 

უნიტარულ სახელმწიფოში, განათლების პოლიტიკა იმართებოდა რა ცენტრიდან, რომელსაც თავისი იდეოლოგია ედო საფუძვლად, მიუღებელი იყო თავისუფალი აზროვნება, რაც კრიტიკასა და კითხვების დასმაში გამოიხატება. ასეთ სისტემებში მოსწავლეს აწვდიდნენ ცოდნას, როგორც საკრალურ ჭეშმარიტებას და, ბუნებრივია, ჭეშმარიტებისთვის კითხვების დასმა მკრეხელობად ითვლებოდა. საკრალიზაციაში შედიოდა როგორც საბუნებისმეტყველო საგნებში შერჩეული თეორიული შეხედულებები, ასევე – ჰუმანიტარული მეცნიერებების ცენტრალური მეთოდოლოგიური კლიშეები, იქნებოდა ეს ისტორიისა თუ ლიტერატურის საგნები. ჩვენს უახლოეს წარსულში ტოტალიტარულ იმპერიას შედგენილი ჰქონდა თავისი საკრალიზებული ისტორიის სახელმძღვანელო – სსრკ-ის ისტორია, რომელიც უახლესი სახელმწიფოს არცთუ მთლად საამაყო წარსულზე იდგა. სამაგიეროდ, მას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ვიდრე, თუნდაც, ჩვენი ქვეყნის უგრძესი ისტორიის შესწავლას. ამიტომაც, საქართველოს ისტორია ერთ სახელმძღვანელოდ იყო შედგენილი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში გვინაწილებდნენ, მაშინ, როდესაც სსრკ-ის ისტორია თავისი კომპარტიის ყრილობებითა და გენმდივნების სიტყვებით რამდენიმე კლასის მანძილზე იყო გადაჭიმული. უმაღლეს სასწავლებელშიც მთავარი ყურადღება სსრკ-ის ისტორიას ექცეოდა, საქართველოს ისტორია კი ერთ მოკრძალებულ საკითხად შეჰქონდათ.

 

როგორ უდგებოდა ტოტალიტარული სახელმწიფოს განათლება მხატვრულ ლიტერატურას? ზუსტად ისე, როგორც მისთვის იყო მისაღები და საჭირო – ტექსტები შეირჩეოდა ან იდეოლოგიური ნიშნით, ანდა კრიტიკული მასალა, ე.წ. „გარჩევის წიგნები“ ავსებდნენ ხარვეზს და სათანადო იდეოლოგიაში აქცევდნენ მოცემულ ტექსტებს. არაფერი, რაც საბჭოთა კომუნისტურ აზროვნებას საფრთხეს შეუქმნიდა ან უმცირეს ჩრდილს მიაყენებდა, არ შედიოდა პროგრამებში. ამიტომაც არსებობდნენ კომპარტიასთან აფილირებული მწერლები და – მათთვის მიუღებელნი, რომელთა სახელები საგულდაგულოდ იყო ამოშლილი ტირაჟებიდან, ხოლო მათი შემოქმედება დახურულ საცავებში თუ იყო შემორჩენილი, რადგან ოჯახებში შენახვას სასიცოცხლო საფრთხე ახლდა – 30-იან წლებში რომელიმე შერისხული მწერლის აღმოჩენა ვინმეს ოჯახში, მანამ, სანამ მათი რეაბილიტაცია მოხდებოდა, ისეთივე ღალატად და მტრობად მიიჩნეოდა, როგორც თავად იმ მწერლის შემოქმედება. ამიტომ თითქმის აღარ იყო დარჩენილი ოჯახებში მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, ცისფერყანწელთა და სხვა შერისხულთა ნაწერები, მანამ, სანამ იმპერიამ პოლიტიკა არ შეცვალა და პირველ ტალღაში თუ მიხეილ ჯავახიშვილი მოჰყვა, გრიგოლ რობაქიძის სახელის ხსენებას „პერესტროიკამდე“ ედო ტაბუ.

 

გარდა ისტორიისა და ლიტერატურისა, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ტარდებოდა სამეცნიერო თეორიები, მსოფლმხედველობები, რომელნიც დასავლურ აზროვნებას წარმართავდნენ, რადგან მათი მთავარი ვექტორი ლიბერალიზმის ნიშნით იყო დაღდასმული. ტოტალიტარიზმისთვის კი ამგვარი მოძღვრებები ძირის გამოთხრას ნიშნავდა. ამიტომაც ჩვენს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ მათი კრიტიკა ისმოდა. ერთი მხრივ, კომუნისტური იდეოლოგიის მამამთავრების დაყენება უმაღლესი იმპერატივის, ღმერთის ადგილას და, მეორე მხრივ – ყველაფრის კრიტიკა, რაც ამ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. უნიტარიზმის პრინციპი არ აძლევდა უფლებას განათლების სისტემას, რომ მოსწავლეში კრიტიკული აზროვნება განევითარებინა. დღევანდელი სკოლა, ბუნებრივია, ჯერ კიდევ იმ იდეოლოგიის ტყვეობაშია, რაკიღა ჯერ არ მოსულა ამ სისტემაში კადრი, რომელიც არატოტალიტარულ სისტემაში გაიზარდა. ერთეული შემთხვევები და მცირე პროცენტი კვალიფიციური, მიუკერძოებელი კადრებისა ამინდს ვერ ქმნის, თუმცა, ვითარება შეცვლილია და შეცვლილია რამდენიმე მიმართულებით:

  1. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში აღარ ისწავლება იდეოლოგიზებული ისტორია, აღარ ისმის დასავლური მეცნიერებების კრიტიკა ისეთი ხელაღებით, როგორც ადრე;
  2. არ არსებობენ სახელმწიფოს მიერ აკრძალული მწერლები და სახელმძღვანელოების ავტორებს აქვთ უფლება, თავიანთ წიგნებში შეიტანონ იმ მწერალთა ნაწერები, რომლებსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ;
  3. დასავლური მეცნიერებისა და მწერლობის კორიფეები, რომელთა სახელის ხსენება კრიტიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო, განთავისუფლებული არიან უხეში შეფასებებისგან და ზოგჯერ უმნიშვნელოვანეს ადგილსაც კი იკავებენ სასწავლო დისციპლინებში.

მაგრამ რჩება რამდენიმე პრობლემა, რომლებიც ახალმა დროებამ მოიტანა. კერძოდ, თანამედროვე სკოლებში წარმოუდგენლად დიდი დოზით შევიდა არა რელიგიის, როგორც მისი ისტორიის სწავლება, რასაც კულტურის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, არამედ ადგილობრივი, ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ოფიციალური აღმსარებლობის აყვანა იდეოლოგიის დონეზე, რასაც მოსდევს პატრიოტიზმის, როგორც, ასევე, ახალი იდეოლოგიის ვულგარიზებული გაგება. უნდა ითქვას, რომ ორივე მათგანს თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს, რასაც ფსიქოლოგიური წინაპირობაც უძღვის, კერძოდ, რამდენადაც ტოტალიტარულ სახელმწიფოში აკრძალული და განდევნილი იყო რელიგია და ე.წ. პატრიოტიზმი (სსრკ-ში მხოლოდ „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური“ უნდა მიგეჩნია სამშობლოდ და მისი პატრიოტი ყოფილიყავი), ამდენად, ტოტალიტარიზმისგან თავდახსნის შემდეგ მათი მძლავრი ნაკადის შემოჭრა იყო ფსიქოლოგიური განწყობით ნაკარნახევი, ერთგვარი აგრესიული პასუხი წარსულზე. თუ ადრე ქრისტიანობისა და „ლოკალური სამშობლოსადმი“ მოწიწება დანაშაულად ითვლებოდა, ახლა, როდესაც სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, პირველ რიგში იმ ვაკუუმების ამოვსება სცადა, რომლებიც ამ ორ ფრონტზე დახვდა – ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მშობლიური ლიტერატურის სწავლებისას ხაზი უნდა გასმოდა სამშობლოსა და ქრისტიანობას, მათ როლს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. ბუნებრივიც იყო, რადგან ჩვენი ქვეყნის წერილობითი ისტორია უშუალოდ უკავშირდებოდა ქრისტიანობას, მასთან ერთად შეიქმნა ჩვენი პირველი წერილობითი ძეგლები, იქნებოდა მატიანეები თუ ე.წ. სასულიერო მწერლობა, ხოლო ძირითადი მოტივი ჩვენი ლიტერატურისა სწორედ პატრიოტიზმი იყო, რასაც თავისი ღრმა საფუძველი ჰქონდა – შორს რომ არ წავიდეთ, 20 საუკუნის განმავლობაში ქვეყანას უხდებოდა ურთულესი ბრძოლების გადატანა სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. უკანასკნელი ორი საუკუნე კი იმ ქვეყნის პროტექტორატში მოუხდა ცხოვრება, რომელმაც გააუქმა მისი სამეფო ანუ სახელმწიფო, ხოლო ქართულ ენას შეუქმნა სერიოზული საფრთხე – გადაქცეულიყო ვიწრო ეთნიკურ საკომუნიკაციო საშუალებად, რასაც სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავდადებული მოღვაწეები. ის, რომ მწერლობა კვლავაც განაგრძობდა არსებობას და არ შეუწყვეტია ამ ენაზე ზრუნვა, მხოლოდ მისი დიდი ტრადიციიდან მომდინარეობდა და არა – იმპერიის ნებიდან. ამის დასტურია რესპუბლიკები, რომელთაც, ფატობრივად, დაკარგეს ენა და სრულად ასიმილირდნენ იმპერიასთან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ დაიშალა და სრული უფლება აქვთ ამ რესპუბლიკებს, წერონ თავიანთ მშობლიურ ენებზე, ამას ვერ ახერხებენ მარტივი მიზეზის გამო – ისინი არ ქმნიდნენ ლიტერატურას ამ ენაზე არა მხოლოდ იმპერიის დროს, არამედ, მანამდეც არ გააჩნდათ დიდი ლიტერატურული ტრადიციები. მხედველობაში მაქვს შუა აზიის ყოფილი რესპუბლიკები, რომელთა მწერლებმაც სსრკ-ში ცხოვრების დროს რუსულ ენაზე დაიწყეს წერა და, ამდენად, რუსული იქცა მათ მშობლიურ ენად. სამზარეულოში დარჩენილი სამეტყველო ორგანიზმი ენად რომ აღარ ითვლება, თუნდაც, ეს რესპუბლიკებია ამის ცოცხალი ნიმუში.

 

დავუბრუნდეთ სათქმელს – ეს ორი მძლავრი ნაკადი: ქრისტიანობა, რომელმაც კულტურული ნიშა კი არ დაიკავა, არამედ, მსოფლმხედველობრივი; და პატრიოტიზმი – ცდილობენ, იქცნენ იდეოლოგიად და დაუპირისპირდნენ ყველაფერ გარეშეს. ამ კონტექსტში ისმის თანამედროვე სამყაროსთვის სრულიად მიუღებელი, ჩამორჩენილი ნარატივი – ჩვენი კულტურა განსაკუთრებულია, არავისგან არაფერი გვაქვს სასწავლი, ჩვენ რომ კულტურა გვქონდა, მაშინ ისინი (თანამედროვე განვითარებული ქვეყნები) ჯერ სად იყვნენ და მისთანანი. ეს განწყობა არანაკლებ მავნე და სახიფათოა, ვიდრე ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეოლოგია. უბრალოდ, ორი ობიექტი – კომუნიზმის იდეალი და იმპერიის თაყვანისცემა ჩაანაცვლა ახალმა იდეალებმა – რელიგიამ და სამშობლოს ცნების იმგვარმა გაგებამ, რომ იგი უნდა დაუპირისპირდეს მთელ გარემოცველ სამყაროს, თითქოს იგი ისეთივე მტრულია, როგორიც დამპყრობელი იმპერია იყო. არადა, თანამედროვე ლიბერალური სამყარო ხსნის ხელოვნურ საზღვრებს ერებსა და სახელმწიფოებს შორის და აძლევს შანსს საზოგადოებებს, რომ გადაკვეთის ისეთი წერტილები იპოვონ, რომლებიც მათ შორის არსებულ პოტენციურ მტრობასა და ხელოვნურ წინააღმდეგობებს მოშლის და გზას გაუხსნის მსოფლიოს მოქალაქეს, ელაპარაკოს ყველას, ელაპარაკოს თავის ენაზე, მაგრამ თარგმანს ექვემდებარებოდეს, იყოს მიმღები და გამცემი და არა – ჩაკეტილი. გამჭვირვალობა და ღიაობა, რაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, მიღებულ იქნას დასაახლოებლად, უკეთ გასაცნობად, ხოლო ჩაკეტილობა დაძლეულ იქნას, როგორც ხელოვნური საზღვარი, რომელიც აჩენს მტრობას და არა – მეგობრობას.

 

საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურას ამის საუკეთესო წინაპირობები აქვს. ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომელზე სწორებასაც უნდა ვახდენდეთ: ცალკერძ, ჩვენი წარსულის ისეთი მაგალითი, როგორიც დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი უზარმაზარი მონარქიაა, მცირე აზიის წამყვანი სახელმწიფო, რომელსაც სერიოზული კავშირები აქვს მის თანამედროვე ევროპასთან და აზიასთან (ამერიკა ჯერ აღმოჩენილი არ არის) და, მეორე მხრივ, ჩვენი ლიტერატურის ისეთი ნიმუში, როგორიც „ვეფხისტყაოსანია“, პოემა, რომელმაც დაძლია ყველა საზღვარი და სამანი და მსოფლიო მოქალაქეობის შესანიშნავი პრეცედენტი შექმნა. ეს ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ნიშნულებად შეიძლება მივიჩნიოთ, არ გვაძლევს უფლებას, დავრჩეთ სივიწროვესა და კარჩაკეტილობაში, რადგან ღიაობისთვის მზაობა ჩვენმა კულტურამ ჯერ კიდევ იმ დროს აჩვენა, როდესაც სამყარო არც იმდენად გლობალური იყო, როგორიც ახლაა და არც იმდენად გამომწვევი, როგორსაც თანამედროვეობა მოითხოვს ყველა იმ სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან, რომელთაც გლობალიზაციისთვის ფეხის აყოლა სურს. ამ კულტურისა და გამოცდილების სახელმწიფოს, თუნდაც, ისეთ პატარას, როგორიც საქართველოა, აქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ არ ეშინოდეს გარე სამყაროსი, ვინაიდან მან, თავისი გამძლეობისა და ინტელექტუალური პოტენციალის წყალობით შეძლო, მიუხედავად სახელმწიფოს გაუქმებისა და მშობლიური ენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, თავის თავში შემოენახა ძალა სახელმწიფოს აღდგენისა და ენის განვითარებისა. ის მძლავრი ნაკადი, რომელიც უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ქართული მწერლობის ზურგზე გადადიოდა, არ გვაძლევს შიშის საფუძველს, რომ ვინმე ან რამე ჩვენს გაქრობას და ვინმესთან ასიმილაციას შეძლებს. ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს – სახელმწიფო აღდგენილია, ენა – განთავისუფლებული.

 

რა დაგვრჩენია ჩვენისთანა კულტურის ერს განათლების გათანამედროვეობისთვის, თუ არა – ყველა იწროებისა და დამთრგუნველი მიზეზებისგან თავის დაღწევა და ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების განვითარებისთვის. ამისთვის კი საჭიროა, ყველა დისციპლინას, იქნება ეს საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული, შევხედოთ ობიექტურობის პრიზმიდან და ე.წ. ურაპატრიოტიზმი შევცვალოთ სამშობლოს ჯანსაღი სიყვარულით. რელიგიას შევხედოთ, როგორც ჩვენს ისტორიულ მოცემულობას, რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს პოლიტიკურ თუ კულტურულ არჩევანში, ხოლო ლიტერატურა გავათავისუფლოთ ყოველგვარი კლიშესგან და ავხსნათ ენას ბორკილები, რომლებსაც სრულიად უგონოდ და გაუაზრებლად ვადებთ. ამ კონტექსტიდან უნდა შევხედოთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, რომელმაც დასავლური გამოცდილების გაკვეთილები შესანიშნავად ჩააბარა და უარი თქვა ფსევდოელიტარიზმზე, სამი შტილის თეორიიდან რომ მომდინარეობს, რადგან ენა, რომელსაც იარაღად იყენებს ესა თუ ის თანამედროვე მწერალი, ხელოვნური და ვინმესგან ძალდატანებით შექმნილი კი არ არის, არამედ, ეპოქის პროდუქტია, ისევე, როგორც ეს იყო წინა საუკუნეებში – რასაც აწესებდა ესა თუ ის ეპოქა, იმ გამოწვევას პასუხობდა ენა. იყო ეპოქა მეტაფორებისა, მითოლოგიზებისა, იგავური მეტყველებისა და არის ენა სრული სოციალიზაციისა, სადაც არავინ და არაფერი დავიწყებული არ შეიძლება იყოს და ამ გზაზე დიალექტსაც თავისი როლი აქვს, ჟარგონსაც, ე.წ, არანორმატიულ ლექსიკასაც, რომელიც კი არ კლავს და რყვნის ენას, არამედ, მარწუხებს აშორებს, ათავისუფლებს რომელიმე თავსმოხვეული „შტილისგან” და, სულაც, ახალ სტილსა და ამინდს ქმნის. ხოლო პედაგოგებმა უნდა დაივიწყონ წარსულ დროებაზე დარდი, არავის მოსთხოვონ „ზრდილობიან” ენაზე წერა, რადგან ეს უკანასკნელი შორს დგას ეთიკისა და ზნეობის ნორმებისგან, მას თავისი საკუთარი „საკანონმდებლო ბაზა” აქვს, რომელიც დროში მოწყვლადია და არა – მოძალადე. ენისა და ლიტერატურის განვითარებას არაფერი აზიანებს ისე, როგორც იდეოლოგიური თუ კულტურული კლიშეები, რომლებიც ვერასოდეს დაეწევა და გადაუსწრებს მათ.

 

დაბოლოს, მწერლობის შეფასება ლექსიკით ანდა რელიგიური მოძღვრებისადმი დამოკიდებულებით სრული ნონსენსია, რადგან ენა იარაღია ლიტერატურისთვის, იდეოლოგია კი – ზემოქმედების საშუალება, რომლის დაძლევაზეც იყო დამოკიდებული დიდი ტექსტების შექმნა. არცერთი დიდი ლიტერატურა არ შექმნილა კანონიკური რელიგიის ჩარჩოებში და თითოეული დიდი ტექსტი ისეთ გარღვევას ახერხებდა უკვე დაშტამპული და გაქვავებული ენობრივი ქსოვილისას, რაც ახალი სამყაროს აღმოჩენას, ანდა ახალი სამეცნიერო მიღწევის სიხარულს უტოლდებოდა.

 

მხოლოდ ასეთ თავისუფალ, იდეოლოგიისა და სტერეოტიპებისგან თავდაღწეულ ისტორიასა და ლიტერატურაზე შეიძლება დაშენდეს თანამედროვე ადამიანის სწავლა-განათლება, რომელმაც უნდა შეძლოს გზის გაგნება, ახალი ორიენტირების ძიება, მომავალი სამყაროს სურათების სწორად წარმოსახვა.

 

 

დაცული ტერიტორიები ტანზანიაში

0

ტანზანია ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა და ცხოველთა მრავალფეროვან ჰაბიტატებს შეიცავს, ამიტომ მისი ფართობის 44%-ზე მეტი დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს უკავია. ტანზანიაში მდებარეობს აფრიკის უდიდესი და ულამაზესი ეროვნული პარკები და ნაკრძალები.

ტანზანიისა და კენიის სახელმწიფო საზღვართან მდებარე სერენგეტის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და აფრიკაში ერთ-ერთ საუკეთესო ველური ბუნების ნაკრძალად მიიჩნევა. კენიის მხარეს ის მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალით გრძელდება. პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ნგორონგოროს დაცული ტერიტორია, დასავლეთით კი – იკორონგოსა და გრუმეტის სპორტული ნადირობის ნაკრძალები.

აფრიკის ყველა ნაკრძალიდან სე რენგეტი პირველია სახეობათა რაოდენობით. მის თვალუწვდენელ ტერიტორიაზე (მასაის ენაზე  „სერენგეტი“ „უსასრულო ვაკეებს” ნიშნავს) მილიონზე მეტი დიდი ძუძუმწოვარი ბინადრობს. აქ ნახავთ დაბლობის ცხოველების დაახლოებით 35 სახეობას და 500-ზე მეტი სახეობის ფრინველს. მათ შორის არის „დიდი ხუთეულიც“: სპილოები, მარტორქები, ლომები და ლეოპარდები, ჰიპოპოტამები და კამეჩები. სხვა გავრცელებული ცხოველებიდან აქ სახლობენ ჟირაფები, სერვალები, გაზელები, გნუები, ზებრები, იმპალები, გეპარდები, ნიანგები, აფთრები, ბაბუინები…

სერენგეტის ეროვნულ პარკში ყველაზე დიდი ტურისტული სანახაობა მაშინ იწყება, როდესაც ველური ანტილოპების უზარმაზარი ჯოგი კენიის მწვანე საძოვრებისკენ მიემართება. ყოველწლიურად, აპრილში, ფრინველებთან, ლომებსა და სხვა მტაცებლებთან ერთად, სერენგეტის სამხრეთი დაბლობების გავლით მილიონობით ცხოველი მიგრირებს. როგორც წესი, ამ დროს იგეგმება ყველა საფარი და სანადირო ტური.

 

სელუსის ნაკრძალში მთელი ეკვატორული აფრიკის ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობებია თავმოყრილი და საგულდაგულოდ დაცული. აქ იმართება საფარი, ტურები საჰაერო ბურთით, იღებენ ასობით ფილმს. საჰაერო ბურთით ფრენა საშუალებას მოგცემთ, დააკვირდეთ ცხოველებს მათ ბუნებრივ საარსებო გარემოში, ისე, რომ მათი ყურადღება არ მიიპყროთ.

ნგორონგოროს კრატერი სერენგეტის კიდეზე მდებარეობს. ის ჩამოყალიბდა დაახლოებით 2,5 მილიონი წლის წინ, როდესაც ვულკანური კონუსი ჩამოინგრა. ეს არის ყველაზე დიდი ხელუხლებელი კალდერა მსოფლიოში. მისი ბრტყელი ფსკერი და ციცაბო ფერდობები, რომელთა სიმაღლეა 610 მეტრამდეა, ქმნის 265 კმ²  ფართობის ბუნებრივ ამფითეატრს. ნგორონგოროს მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებენ და ის იუნესკოს მიერ შეტანილია “მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის” სიაში.

მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტი ძალიან მრავალფეროვანია: ვულკანები, მთები, ვაკეები, ტბები, ტყეები. ტროპიკული ტყე კრატერის გარე ფერდობებზე იწყება. იქ 25 000 დიდი ძუძუმწოვარი ბინადრობს, უმთავრესად – ზებრები, ანტილოპები, გაზელები, კამეჩები, ელანდები, მეჭეჭები, სპილოები, ლომები, ლეოპარდები, ჰიენები, ჰიპოპოტამები, მაიმუნები და სირაქლემები. აღრიცხულია 100-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომლებიც, მაგალითად, სერენგეტშიც კი არ გვხვდება. უთვალავი ფლამინგო ვარდისფერი ნისლივით ახვევია კრატერში მდებარე თვალწარმტაც მაგადის ტბას.

ნგორონგორო მნიშვნელოვანია ფრინველების სიმრავლითაც, რომლებიც ან ბუდობენ იქ, ან იზამთრებენ, ან მისი ტერიტორიას დასასვენებელ პუნქტად იყენებენ უფრო შორეული მიგრაციის დროს. მუდმივ ბინადრებს შორის არიან სირაქლემა, შავი აფრიკული არწივი და ულვა. წვიმების სეზონზე აქ აფარებენ თავს ჩრდილოეთური ზამთრის სიცივეს ევროპის გადამფრენი ფრინველები.

კრატერიდან არცთუ ისე შორს არის ოლდუვაის ხეობა, რომელსაც პრეისტორიული პერიოდის უმდიდრესი გათხრების ადგილს უწოდებენ. აქ ნაპოვნი იქნა გაქვავებული ნაშთები, რომლებიც დათარიღებულია მილიონობით წლით.

ტბა მანიარას ეროვნული პარკი მდებარეობს ამავე სახელწოდების ტუტე ტბასა და დიდი აფრიკული რიფტის კლდეს შორის. აქ შეგიძლიათ ნახოთ ყველა აფრიკული ცხოველი, გარდა ლეოპარდებისა და გეპარდებისა. პარკის ყველაზე ცნობილი სანახაობაა აკაციებზე მცოცავი ლომები. გაუვალი ტყეების გამო ისინი დღის უმეტეს ნაწილს მიწიდან 6-7 მეტრ სიმაღლეზე, აკაციის ტოტებზე ატარებენ, ამიტომ მათი ერთდროულად დანახვა საკმაოდ ძნელია.

პარკი საოცარი სილამაზისაა. ტყე გზას უთმობს ნათელ ტყეებს, მდელოებს, ჭაობებსა და ტბებს, სადაც იშვიათი ფრინველები ბინადრობენ.

ტბები ტანგანიკა და ნიასა წაგრძელებულია და ციცაბო მაღალი ნაპირები აქვს. ტანგანიკა სიღრმით (1470 მ) მხოლოდ ბაიკალს ჩამოუვარდება. მისი ფსკერი ზღვის დონიდან 660 მეტრით დაბლაა. ნიასას ტბის ფართობი 31 ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო სიღრმე 706 მეტრს აღწევს.

ტარანგირის ეროვნული პარკის დაარსების წლად 1970 მიიჩნევა. პარკს 2600 მ² უკავია. მან სახელი მიიღო მდინარე ტარანგირისგან, რომელიც პარკში მიედინება. პირველი, რასაც პარკში ტურისტები ხედავენ, უზარმაზარი მრავალსაუკუნოვანი ბაობაბებია. ამ პარკში ბინადრობს ტანზანიაში სპილოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულაცია – დაახლოებით 6000 სული, ასევე – ფრინველების 300–მდე სახეობა და ბუზ ცეცეს მოზრდილი კოლონია. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადგილთაგანი აფრიკაში, სადაც ის შემორჩა მის წინააღმდეგ მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ.

ტანზანიის აღმოსავლეთ სანაპიროდან 40 კილომეტრზე, ინდოეთის ოკეანეში, მდებარეობს ზანზიბარის ნახევრად ავტონომიური რეგიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ზანზიბარი, პემბა და მრავალი მცირე კუნძული.

ყველაზე დიდი კუნძულია ზანზიბარი (ყოფილი უნგუჯა). მისი ნახევარზე მეტი უკავია მიხაკისა და დარიჩინის პლანტაციებს, ამიტომ ზანზიბარს სანელებლების კუნძულსაც უწოდებენ.

ზანზიბარის დედაქალაქია ზანზიბარი, რომლის ისტორიული ცენტრი, სტოუნ-თაუნი (ინგლ. Stone Town), მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ნამდვილი პატარა სასახლეები და ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები ქალაქის კოლორიტს ქმნის. სხვა ღირსშესანიშნაობებს შორისაა: მალინდის მეჩეთი, მარაჰუბის სასახლის ნანგრევები, რომლის გარშემო ინდოეთიდან ჩამოტანილი მანგროს ხეები ხარობს, მთონის სასახლე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ძველი არაბული ციხესიმაგრე, რომელიც 1710-1715 წლებში აშენდა. დღეს ის ხშირად მასპინძლობს აფრიკული და არაბული ცეკვების, სიმღერებისა და მუსიკის წარმოდგენებს.

შუა საუკუნეებში ზანზიბარის არქიპელაგი და ტანზანიის სანაპირო ერთ მთლიანობად ითვლებოდა. არაბი ვაჭრები ამ მიწებს უწოდებდნენ „ზინჯ ელ-ბარს“, რაც „შავკანიანთა ქვეყანას“ ნიშნავს. არქიპელაგის მთავარი კუნძულის – უნგუჯას აღმოსავლეთ სანაპიროზე დღემდე შემორჩენილია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი. მოქცევის დროს სანაპირო სოფლების ყველა მცხოვრები ოჯახებს ზღვაზე ასხამს. კაცები მარჯნის რიფზე მიდიან თევზის საჭერად, ქალები და ბავშვები კი მარჩხ წყალში დადიან და ზღვის სხვა პროდუქტებს აგროვებენ.

ითვლება, რომ ზანზიბარის პირველი მკვიდრები იყვნენ ბანტუს ხალხები, რომლებმაც სრუტე კონტინენტიდან გადმოლახეს 2 ათასი წლის წინ. ზანზიბარი უხსოვარი დროიდან ვაჭრობით ცხოვრობდა. აქედან მონები, ოქრო, სპილოს ძვალი და ხე მიეწოდებოდა ინდოეთსა და აზიას. სანაცვლოდ აღმოსავლეთიდან ვაჭრებმა კუნძულებზე სანელებლები, მინა და ქსოვილები ჩამოიტანეს.

Menai Bay Conservation Area ზანზიბარის უდიდესი საზღვაო დაცული ტერიტორიაა.

ტანზანიაში მოიპოვება უნიკალური მწვანე ტურმალინები, საფირონები, ძოწი, ლალი, ზურმუხტი და ალმასი. მინერალი ტანზანიტი, ნაპოვნია მხოლოდ ტანზანიაში, კილიმანჯაროს მთის ვულკანურ საბადოებში.

გასაკვირია, რომ სულ რაღაც ასი წლის წინ, აფრიკის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი იდუმალი და უცნობი ჩანდა და მხოლოდ დროდადრო აღწევდა ჩვენს ყურამდე აღმოსავლეთ აფრიკაში მომხდარი საოცარი აღმოჩენების ამბები…

 

ამ საოცარი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე:

https://damskisecret.ru/ka/proekt-na-temu-sozdanie-nacionalnogo-parka-geografiya-tanzanii/ ; https://en.wikipedia.org/wiki/Tanzania ; https://youtu.be/EZ2_JE0thXE  https://peakvisor.com/park/serengeti-national-park.html https://serengetinationalpark.com/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...