კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

კითხვის საღამოები, როგორც საწყისთან მიბრუნება

0

როცა ლიტერატურის გამოვლილ გზაზე ვფიქრობთ, იშვიათად თუ გაგვახსენდება, რომ ევოლუცია განიცადა არა მხოლოდ წერის, არამედ კითხვის პროცესმაც. დღეს კითხვა ინტიმური აქტია, განმარტოების, საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება მოდერნულ, ქაოსურ სამყაროში; მაგრამ თავდაპირველად, ეს ასე როდი იყო.

ანტიკურ საბერძნეთში, მაგალითად, ტექსტები ან იდგმებოდა ან იმღერებოდა- „ოდისეაში“ მოხსენიებული ბრმა აედი დემოდოკოსი გავიხსენოთ. აედები დიდი პატივით სარგებლობდნენ და, როგორც ჩანს, მათ ნამღერსაც საკმაო ზეგავლენა ჰქონდა ხალხზე – სხვაგვარად ვერ აიხსნება ის, პლატონის სახელმწიფოში პოეტების ადგილი რომ არ არის.

შუა საუკუნეებში საკარო პოეტები გაჩნდნენ და დიდგვაროვნები მათ მიერ წაკითხულ ტექსტებს ისმენდნენ ხოლმე. „ბეოვულფზე“ ისიც წამიკითხავს, რომ ეს სარაინდო ეპოსი იმღერებოდა. ხმამაღლა კითხვისა (ან თხრობისა) და მოსმენის ეს კულტურა თავად შუა საუკუნეების ლიტერატურაშიც აისახა: თუ ამ ეპოქის ტექსტებს გაეცნობით, აღმოაჩენთ ერთ მოტივს – იქ ხშირია, რომ ერთი პერსონაჟი მეორეს (ერთი რაინდი მეორეს ან რაინდი მეფეს) თავის თავგადასავალს უამბობს. ზოგჯერ რამდენიმე პერსონაჟი უამბობს მეფეს რაიმეს თავშესაქცევად („ვეფხისტყაოსანი“ და „ამირანდარეჯანიანი“ გაიხსენეთ).

ბუნებრივია, ტექსტების დიდი ნაწილიც ზეპირად გადაეცემოდა მგოსნიდან მგოსანს. ზემოთ ნახსენები „ბეოვულფი“, მაგალითად, ქრისტიანობის გავრცელების ხანაში ჩაწერეს. სწორედ ამიტომ პოემაში გაჩნდა ქრისტიანული ელემენტები, რომლებიც, მკვლევართა ვარაუდით, შედარებით გვიანდელია და ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო.

საბეჭდი დაზგის გამოგონებასთან ერთად, წიგნი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა საჯაროდ კითხვის ტრადიცია არ დაკარგულა – რომანტიზმის ეპოქაში მან სალონებში, ხოლო ავანგარდის ეპოქაში კი ლიტერატურულ კაფეებში გადაინაცვლა. დასავლურმა სივრცემ ეს ტრადიცია დღევანდლამდე შეინარჩუნა: ამერიკაში, მაგალითად, მიღებული წესია წიგნის წარდგენაზე ნაწყვეტის წაკითხვა. ეწყობა კითხვის საღამოებიც, რომლებსაც შეიძლება, მოსდევდეს ან არც მოსდევდეს დისკუსია – ავტორი მხოლოდ წაიკითხავს, პუბლიკა უსმენს და ბოლოს ტაშით აჯილდოებს გამომსვლელს. როგორც ვიცი, ეს ევროპაშიც ასეა. კიდევ ერთი დეტალი: მსმენელი საღამოზე მუდამ მომზადებული მოდის – მას ან ავტორის სხვა წიგნები წაუკითხავს, ან მისი ბიოგრაფია და ინტერვიუები, ან ეს ყველაფერი ერთად. განურჩევლად იმისა, მოჰყვება თუ არა კითხვის საღამოს დისკუსია, მსმენელი-მკითხველი სრულადაა გათვითცნობიერებული ავტორის შემოქმედებასა და ბიოგრაფიაში. ამიტომ მის მიერ დასმული შეკითხვაც კარგად მოფიქრებული და აზრიანია.

მეორე მხრივ, თავად ავტორიც მომზადებულია – ის ტექსტს გამოთქმით კითხულობს, მანამდე კი მცირე შესავალს აკეთებს. იტყვის, მაგალითად, რამ შთააგონა ან რისი მიღწევა სურდა. რაც მთავარია, ამ შესავალში ავტორის ხასიათი, მისი ტექსტთან დამოკიდებულება უკვე ჩანს ხოლმე. ამასთან, განსაზღვრულია ისიც, რა დრო უნდა დაეთმოს კითხვას. შედეგად, კითხვის საღამოზე მოსულ მსმენელს არაფერი ჰბეზრდება, ღონისძიებას მუდამ თავისებური ტემპი და სიხალისე გასდევს.

ჩვენში ეს ტრადიცია დაკარგულია – მიიჩნევა, რომ ტექსტების საჯაროდ წაკითხვა, განსაკუთრებით, პროზაული ტექსტებისა, მოსაწყენი და უნაყოფოა. ამიტომ თუ ავტორი მაინც გარისკავს და ნაწყვეტს წაიკითხავს, ჯერ მოიბოდიშებს ხოლმე, დიდხანს არ შეგაწყენთ თავსო.

სანამ ამერიკაში ჩავიდოდი, მეც მეგონა, რომ საჯაროდ კითხვა უგემური და მოსაბეზრებელი რამ არის. უფრო სწორად, ეს შიში ჯერ კიდევ ამერიკამდე მქონდა – შარშან ივნისში, სომხეთში ვიყავი, ლიტერატურულ ფესტივალზე. გარდა პანელური დისკუსიებისა, პოეტური საღამოც იყო დაგეგმილი. რა თქმა უნდა, არც დამიშვია, გამომეტოვებინა, მაგრამ გულში კი ვამბობდი, რა გაუძლებს-მეთქი ორსაათიან ღონისძიებას, თანაც სამ ენაზე.

შევცდი. იქიდან წამოსულს ემოციები გამომყვა და მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა და ციოდა, მშვენიერ გუნებაზე ვიყავი. გონებაში მოსმენილი ლექსების სტრიქონები მიტრიალებდა.

თუმცა კითხვის საღამოების გემო მაინც ამერიკაში გავიგე. ყოველ კვირა ორ-ორი ასეთი საღამო იმართებოდა: ერთი შამბოს სახლში (ანუ აი, აქ: https://www.facilities.uiowa.edu/named-building/shambaugh-house ) და მეორე – წიგნის მაღაზიაში „Prairie Lights“. აქ აღმოვაჩინე, რომ თურმე არა მხოლოდ პოეზია, პროზაც მშვენივრად ისმინება. წიგნის მაღაზიაში გამართული საღამოები კი განსაკუთრებული იმით იყო, რომ მხოლოდ ჩვენ ანუ პროგრამის მონაწილე მწერლები არ ვკითხულობდით – აიოვას უნივერსიტეტის ორი სტუდენტიც მონაწილეობდა ხოლმე, შემოქმედებითი წერის პროგრამიდან. ყველა მახსოვს. აქედან ერთს გამოვყოფდი: დავიდ დეგუსტას მოთხრობას „ძვლებს ესმით“ (Bones Can Hear). დეგუსტა სანამ აიოვას უნივერსიტეტში ჩააბარებდა, ანთროპოლოგი იყო, ადამიანის ევოლუციას სწავლობდა. ამიტომ ხშირად უწევდა სამარხებთან მუშაობა და დნმ-ანალიზის შედეგების დამუშავება. როგორც თავად გვიამბო, ამ სფეროში თურმე ხშირად გაიგონებ ფრაზას: „რა აქვთ ძვლებს სათქმელი?“ (What bones have to say?). ჰოდა, ერთ დღესაც დაფიქრებულა, მართლა რას იტყოდნენ ძვლები. მოთხრობის პროტაგონისტებიც სწორედ ძვლები არიან.

დეგუსტას მაგალითი კითხვის საღამოების კიდევ ერთ დადებით მხარეს გვაჩვენებს: ავტორის პიროვნებას უკეთ ეცნობი, მის წინარე ცოდნასა და გამოცდილებასაც. აიოვას უნივერსიტეტში კი სრულიად სხვადასხვა აკადემიური წარსულის მქონე სტუდენტები სწავლობენ. ამიტომ შემოქმედებითი წერის მაგისტრანტების მოსმენა მუდამ გამორჩეულად საინტერესო იყო. თუმცა, ვფიქრობ, ეს ზოგადადაც მართალია. ავტორის პიროვნება მნიშვნელოვანია. ბევრჯერ წიგნის წაკითხვა მხოლოდ იმიტომ გადამიწყვეტია, რომ ავტორის პიროვნებით მოვხიბლულვარ. ასე იყო, მაგალითად, მარიკე ლუკას რეინეველდის შემთხვევაში, რომელზეც ერთ-ერთ წინა წერილში უკვე გიამბეთ. ასე იყო იმან ჰუმაიდანის შემთხვევაშიც, შარშანწინ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისთვის რომ ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, ამ მხრივ, მართლაც დიდი საქმეს აკეთებს. წელს მონაწილეობის პატივი მეც მერგო და ვიგრძენი, როგორი აუცილებელია აზრების, შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა. ასე აცნობიერებ, სრულიად სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, სინამდვილეში, რამდენი რამ აქვთ საერთო.

ბუნებრივია, კითხვის საღამოებსაც დავესწარი (ზოგს პირდაპირ ეთერში ვუყურე) და მეორე მნიშვნელოვან საკითხზეც დავფიქრდი: ლექსის მოსმენა მის გააზრებაში გეხმარება. ასე მგონია, „პრაქტიკა“ თავად ავტორს, კარმინ მიხელსს, რომ არ წაეკითხა და არ მომესმინა, ამ ლექსის მშვენიერებას ბოლომდე ვერ შევიგრძნობდი. ყურადღების მიღმა დამრჩებოდა მისი ტემპი და სუნთქვაც, დაძაბული, ჩქარი, ოდნავ ქაოსურიც კი. ლექსი, როგორც ბევრჯერ აღმინიშნავს და თქვენც მოგეხსენებათ, მხოლოდ შინაარსი როდია – ის, უწინარესად, ფორმაა.

ამ მოსაზრების გასამყარებლად კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა. თამარ ჟღენტი, ანა ჯავახიშვილი და ლელა კურტანიძე მონაწილეობდნენ. სამივეს ლექსები წამიკითხავს. ზოგი თითქოს აქამდეც მომისმენია, მაგრამ ეს მოსმენა მაინც სხვა იყო. ანა ჯავახიშვილის ლექსებში ემოციური სიმძაფრე, ლელა კურტანიძესთან მეტაფორული ქსოვილის სინატიფე, თამარ ჟღენტთან კი რითმები ხელახლა აღმოვაჩინე.

ახლაც მახსოვს ის წამი, თამარი რომ „მალარიას“ კითხულობდა და მოულოდნელად სრულიად ორიგინალური რითმა დავიჭირე: მაკედონელი/ აკი დრო ნელა. ეს რაა, თურმე ლექსი სავსეა ამგვარი სარითმო ერთეულებით!

მიკვირდა და ვერ გამეგო: თითქოს უყურადღებო მკითხველი არა ვარ, არც „სმენა“ მაკლია და როგორ მოხდა, რომ სანამ ლექსი არ მოვისმინე, მისი ფორმისა ვერაფერი გავიგე?

აი, ამიტომ ლექსი უნდა მოისმინო.

პროზაული ტექსტიც უნდა მოისმინო.

მოსმენა კითხვის პირველწყაროა, საწყისია.

მგონი, დროა, ამ საწყისთან მიბრუნება ვცადოთ…

მოსწავლეთა და მშობელთა თვალით დანახული საჭიროებები, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის

0

ბოლო, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საერთაშორისო სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის მზარდი  და აქტიური ურთიერთობებიდან გამომდინარე, კვლევა იმისა, თუ რა არის პრობლემა განათლების სფეროში, კერძოდ კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიზეზი ამ პრობლემისა და შემდეგ პრევენცია –    უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ასევე, მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ერთი მხრივ, ეროვნული გამოცდებისა და ესგ-ს შორის, ხოლო მეორე მხრივ – ესგ-სა და სკოლას შორის კორელაციები. მაშინ, როცა ნებისმიერი სასკოლო სახელმძღვანელო, სასკოლო კურიკულუმი, მატრიცა და თითოეული საგაკვეთილო ერთეული შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და საგნობრივ სტანდარტთან, ხოლო – ეროვნული გამოცდების აბსოლუტურად არცერთი საკითხი არ ცდება ამ დოკუმენტს, რეპეტიტორის ინსტიტუტი მაინც აქტუალური და მოთხოვნადია დამამთავრებელ კლასებში.  ეს, ძალიან არასასურველი შედეგია ქვეყნის განვითარების პროცესში და დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. მით უფრო, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას, მატერიალური პრობლემები უდგას. სახელმწიფო კი, მის მოქალაქე – მოსწავლეს სრულად აფინანსებს, რათა მიიღოს სრულყოფილი ზოგადი განათლება.

ჩვენ, მასწავლებლები, მუდმივად  ვეწევით საკუთარი თავისა და სწავლების პროცესის მონიტორინგს. ვადგენთ სამოქმედო გეგმას, ვქმნით კურიკულუმებს, შემაჯამებლების გრაფიკს, ვახდენთ დიაგნოსტირებას, შემდეგ ვახორციელებთ ინტერვენციებს, რემედიაციასა თუ არაფორმალური განათლების გაძლიერებას. ნებისმიერ აქტივობას ვაანალიზებთ და გამოგვაქვს დასკვნები. ეს ყველაფერი, მთლიანობაში ქმნის კვლევას, რომელმაც უნდა გვიჩვენოს მომდევნო სამოქმედო გეგმის მთავარი კონტურები.

ერთ-ერთი ასეთი კვლევა დავგეგმეთ იმის გასარკვევად, თუ რატომ არ ყოფნის მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად სასკოლო განათლება, მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ტრენინგებისა, ქოუჩინგისა და  სახელმწიფოს მხრიდან გაღებული უზარმაზარი ინვესტიციისა.

სკოლაში მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა და კოლეგებთან კომუნიკაცია აამაღლებს მათ როგორც საგნობრივ, ისე მეთოდურ კომპეტენციას, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება სასწავლო პროცესზე. იმ სკოლაში, სადაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მიმდინარეობს, თვალში საცემია შემდეგი პროცესები:

  • მასწავლებლები აკვირდებიან ერთმანეთის საქმიანობას, „კრიტიკული მეგობრის“ პოზიციიდან განიხილავენ თითოეულის გამოცდილებას;
  • დაკვირვებისა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე ადგენენ პროფესიულ საჭიროებებს;
  • ერთად მუშაობენ სასწავლო პროგრამის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და შეფასებაზე;
  • უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა გზით მოპოვებულ სიახლეებს სწავლებისა და სწავლის შესახებ საკუთარ გამოცდილებას;
  • იყენებენ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ელემენტებს და უზიარებენ კვლევის შედეგებს როგორც საკუთარი, ისე სხვა სკოლების პედაგოგებს [1].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ გამოგვეკვლია მოსწავლეთა და მშობელთა თვალით დანახული საჭიროებები, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში,  ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე.

კვლევის ობიექტის იდენტიფიცირება მოხდა წინარე ზოგადი კვლევის შედეგად.  კვლევის მეთოდებად გამოვიყენეთ კითხვარისა [2]  და ფოკუსჯგუფის  [3] მეთოდები.  თავდაპირველად მთლიანი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა გამოკითხვით დავიწყეთ, რომელმაც ნათლად დაგვანახა ზოგადი სურათი.

კითხვარის შედეგები და ანალიზი.

კითხვარი მომზადდა Google-ს პლატფორმაზე, Googl-drive-ს ფორმატით. გამოკითხვა ჩატარდა  საბაზო და საშუალო საფეხურზე სხვადასხვა კითხვარით, ფოკუსჯგუფიც – სხვადასხვა შეიქმნა. ამის მიზეზი,  საფეხურებს შორის განსხვავებული მოთხოვნები და ინტერესებია. საშუალო საფეხურის მოსწავლეები უკვე ეროვნულ გამოცდებზე ფიქრობენ და შესაბამისად გეგმავენ სასწავლო პროცესს, რაც არ ითქმის საბაზო საფეხურზე.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საბაზო და საშუალო საფეხურების  130-მდე მოსწავლემ  (კითხვარიდან წარმოდგენილია რამდენიმე დიაგრამა, გარკვეული ნაწილი სკოლის შიდა სურათის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, მხოლოდ ტექსტურად, განზოგადების სახითაა).

სკოლის მიერ შეთავაზებულ წრეებზე და ნებისმიერ აქტივობაში ერთვება ჯამში 35%, რაც ნორმალური მაჩვენებელია, რადგან სკოლა ძალიან დატვირთულია არაფორმალური განათლების პროექტებით, ასევე დამატებითი საგნობრივი წრეებით. მით უფრო, რომ მოსწავლეების უმეტესობა სპორტის სხვადასხვა სახეობის  და სახელოვნებო წრეებზე დადიან.

საგნებში სახალისოდ მიაჩნიათ 5-6 საგანი,  ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში ყოფნა ბავშებისთვის სასიამოვნოა.

თუ ამ დიაგრამას შევადარებთ მომდევნო – სწავლების ხარისხთან დაკავშირებულ დიაგრამას, რომელიც სტატიაში არაა წარმოდგენილი, შედეგები საშუალო მაჩვენებლებით ხასიათდება. აღმოჩნდა, რომ იმ საგნებში, რომლებიც მოსწავლეებს ნაკლებად ეხალისებათ, სწავლების ხარისხი მაღალია. ამ საკითხს დავუბრუნდით ფოკუსჯგუფის მეთოდის გამოყენების ნაწილში, რათა მეტად ნათელი გამხდარიყო კავშირები.

რეპეტიტორის საჭიროების შესახებ კითხვის მიხედვით, მოსწავლეთა 75% დადის დამატებით მეცადინეობებზე და ამის მიზეზი ძირითადად არის მათივე მოსაზრება (აღიარება), რომ გაკვეთილებზე კარგად არ უსმენენ მასწავლებელს, მიზეზად დასახელდა (29%) – არასათანადოდ ჩატარებული გაკვეთილებიც, 13% კი, ვერ იგებს მასალას.

კითხვარში ჩავრთეთ კითხვა შეფასების შესახებ, რომელზეც სავარაუდოდ უნდა გადავიდეს სკოლა მომდევნო წლიდან და ეს განათლების სისტემის ახალი გამოწვევაა. ცხადია, სწავლების ხარისხთან კავშირშია შეფასების მოდელიც. მიუხედავად იმისა, რომ ერთკომპონენტიან სწავლებაზე გადასვლა სკოლას მიაჩნია სწორ, თანამედროვე და სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებულ მოდელად, მოსწავლეთა 60% თვლის, რომ სამკომპონენტიანი შეფასების სისტემა ყველაზე მოხერხებული და მოქნილია.

კითხვაზე, „შენ რომ მასწავლებელი იყო, რაზე გაამახვილებდი ყურადღებას გაკვეთილის ჩატარების დროს?“,  მოსწავლეთა პასუხების  ნახევარზე მეტი ეხება მათ მიმართ მასწავლებლის დამოკიდებულებას.

აღნიშნული დიაგრამის 66% დასაფიქრებელი და ყურადსაღები დეტალიცაა სწავლა-სწავლების პროცესში. იქნებ, ამდენ მეცადინეობას, მეთოდებსა და სტრატეგიებზე ფიქრს, უბრალოდ დამოკიდებულებები შეგვეცვალა და გაკვეთილები ღიმილიანი და მხიარული გაგვეხადა?

საშუალო საფეხურზე გამოკითხული  ბავშვების ერთი მეოთხედი ფიქრობს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით, შესაძლებელია ეროვნული გამოცდების დაძლევა, 38%-ს უჭირს პასუხის გაცემა, დანარჩენ 40%-ს კი – უარყოფითი პასუხი აქვს. აქ ყველაზე დიდი ინტერვენციაა დასაგეგმი და მთლიანად სკოლის სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანაა საჭირო, კურიკულუმების გამართვისა და დამატებითი მეცადინეობების აუცილებლობის შესახებ.

კითხვარის ანალიზის შემდეგ, რანდომული პრინციპით შეირჩა 12 – 12 მოსწავლისაგან შედგენილი საბაზო და საშუალო საფეხურის ფოკუსჯგუფი.   ბუნებრივია, ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები, სამომავლო გეგმები განსხვავდება ამ ორი საფეხურის მოსწავლეებთან და მიუხედავად იმისა, რომ კითხვარის შედეგები თითქმის ანალოგიური იყო, ალოკაციის პრინციპის გამოყენება მაინც ცალ-ცალკე გადაწყდა.

ფოკუსჯგუფში მუშაობის შედეგად გამოჩნდა, რომ მოსწავლეებს მიაჩნიათ,  მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში სწავლების ხარისხი ყველაზე მაღალია, თუმცა რეპეტიტორთან სწორედ  ამ საგნებში ემზადებიან, ამას არ ადასტურებს, ასევე წლის ბოლოს დირექციის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წერები და გამოცდები.  მოეწყო დისკუსია ფოკუსჯგუფში.  ასევე აღნიშნული საკითხი გადაება შეფასების გამართულობასა და ვალიდურობას.

აღნიშნული მეთოდის გამოყენებით გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი პრობლემა:

  • კლასის მართვა;
  • მასწავლებლებისგან არამკაფიო და არაადეკვატური უკუკავშირი;
  • სახელმძღვანელოებისა და რესურსის შეუსაბამობა ეროვნული გამოცდების პროგრამასთან.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი აშკარაა, რომ მოგვარებადია და პირდაპირ ბმაშია მასწავლებლის ვალდებულებასთან და სკოლის მართვასთან.

აღნიშნულ საკითხებზე ინტერვენციის დასაწყისი იყო სასკოლო საზოგადოების წინაშე კვლევის ანგარიშის წარდგენა, რომლის გაგრძელებაც მომდევნო სასწავლო წლის სასკოლო სამოქმედო გეგმაში მკაფიოდ გაწერილი ცვლილებები იქნება. მსგავს საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა მასწავლებელმა და მოსწავლეთა შედეგები განიხილოს ფართო, განზოგადებულ კონტექსტთან.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ჟურნალი: „მასწავლებელი“ N1, 2018 წ. მანანა ბოჭორიშვილი – მასწავლებლის პროფესიული განვითარება სკოლის განვითარებას განაპირობებს, გვ. 12
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=10746
  3. მასწავლებელთა ეროვნული განვითარების ცენტრი 2016, „მილენიუმი – მოდული 1 – მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“, გვ. 6, კვლევის მეთოდების აღწერა

 

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომზე. ბავშვთა ფსიქოლოგების რჩევები

0

(პირველი ნაწილი)

 თუ გვსურს, ადამიანებს ნამდვილი მშვიდობა ვასწავლოთ და ნამდვილი ომი ვაწარმოოთ ომის წინააღმდეგ, ბავშვებით უნდა დავიწყოთ“.

მაჰათმა განდი, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

 

„ომის არდაშვების ერთადერთი გზაა, გვიყვარდეს ჩვენი ბავშვები უფრო ძლიერად, ვიდრე გვძულს ჩვენი მტრები“.

გოლდა მეირი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1969-1974 წლებში

 

დღეს ჩვენგან არც ისე შორს, უკრაინაში, ნამდვილი, სასტიკი, სისხლისმღვრელი და დაუნდობელი ომი მიმდინარეობს და მასში პირდაპირ თუ ირიბად მსოფლიოს ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული. საინფორმაციო საშუალებები, ციფრული მედია და პოლიტიკოსები ყოველდღიურად გვაწვდიან საშინელ „ახალ ამბებს“ უკრაინიდან.

რუსეთ-უკრაინის სასტიკ დაპირისპირებას უკვე შეეწირა ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის – ბავშვებიც, რომლებიც ბედისწერამ საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე, ხარკოვიდან ყირიმამდე გაწელილ ათასკილომეტრიან ზონაში მოახვედრა.

უკრაინიდან სხვა ქვეყნებში ომს გაექცა მილიონობით ადამიანი, ოჯახი, ქალი, მოხუცი და ბავშვი, რომლებსაც ცხოვრების ამ პერიოდის გატარება სხვაგან, სხვა ხალხში, სხვა კულტურაში, ლტოლვილთა ბანაკებსა და დროებით საცხოვრებელში მოუწევთ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეტ-ნაკლებმა მშვიდობამ ევროპაში მხოლოდ 78 წელს გასტანა. დღეს იქ კვლავ დიდი ომის ცეცხლი ტრიალებს და, როგორც მარტინ ლუთერი ამბობდა, „არაფერი კარგი არ იშვება ძალადობისგან“.

დღეს ჩვენ უკრაინის ფრონტზე არნახული სამხედრო დაპირისპირებისა და ძალადობის მომსწრენი ვართ. ამ ძალადობას მედიარესურსების, მედიამატარებლებისა და ციფრული გამოსახვის ხელმისაწვდომი საშუალებების წყალობით უყურებენ ჩვენი შვილებიც.

რა უნდა ვქნათ ამ დროს? როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომზე?

გთავაზობთ ფსიქოლოგ ჯეიმს გარბარინოს მოსაზრებებს ომისა და ბავშვების შესახებ.

 

პროფესორი ჯეიმს გარბარინო, რომელიც კორნელის უნივერსიტეტის ოჯახური ცხოვრების ცენტრის თანახელმძღვანელია, იკვლევს ოჯახებსა და ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რჩევებსა და კონსულტაციებს სთავაზობს მშობლებს იმის თაობაზე, თუ როგორ დაეხმარონ ბავშვებს, რომლებმაც ომის ან ტერორიზმის საფრთხე განიცადეს ან ასეთი ძალადობის, მისი ამსახველი ინფორმაციისა და გავლენის შიში აქვთ.

პროფესორი გარბარინო გახლავთ ბავშვთა განვითარებისა და მოზარდთა შორის ძალადობის ექსპერტი, ავტორი წიგნებისა „No Place to Be a Child: Growing Up in a War Zone“ (Lexington Books, 1991)[1] და „Parents Under Siege: Why You Are the Solution, Not the Problem, in Your Child’s Life“[2] (The Free Press, 2001).

ჯეიმს გარბარინო:

მაშინ, როდესაც ამერიკა იწყებს ერაყთან ომს, მშობლები, მასწავლებლები და სხვა ზრდასრული ადამიანები კვლავ ეჯახებიან სირთულეს: მძიმე საუბარს ბავშვებთან და მათი პასუხების მოსმენას ძალადობის, შურისძიების, უსაფრთხოების, ჭრილობებისა და სიკვდილის შესახებ. ჩვენ გამოცდილებამ რაღაცები გვასწავლა და შეგვიძლია ბავშვებთან ტრავმულ გამოცდილებაზე საუბარი – ომებზე (სპარსეთის ყურის ომები), ბუნებრივ კატასტროფებზე (მიწისძვრები), სკოლაში სროლებზე (კოლუმბაინის ინციდენტი) და ტერორისტულ აქტებზე (ნიუ-იორკის 11 სექტემბერი და ოკლაჰომა-სითის ტერაქტი).

ჩვენ შეგვიძლია, ამ გამოცდილების საფუძველზე ვიმსჯელოთ და მოზრდილებს შევთავაზოთ რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ბავშვებთან საუბრისას გამოადგებათ. ეს აქტუალურია, რადგან ომის გამოსახულებებმა წალეკა საინფორმაციო სივრცე და მედია და მოქმედებს მათ გონებაზე. საუბრები ამის შესახებ მიმდინარეობს სკოლებშიც და ოჯახებშიც: „ბავშვებს სჭირდებათ იმის რწმენა, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები (ასევე –  მეგობრები, ახლობლები, მეზობლები) უსაფრთხოდ არიან. ბავშვებს, განსაკუთრებით – მათი სიყმაწვილის ადრეულ ეტაპზე, სჭირდებათ სიტყვები და ქმედებები, რომლებიც მათ სიმშვიდესა და უსაფრთხოების შეგრძნებას მოჰგვრის, ხელს შეუშლის მათში შიშისა და შფოთვის გაჩენას. ბავშვები გაცილებით უკეთესად ადაპტირდებიან რთულ სიტუაციებთან, როდესაც მოზრდილებს შიში და შეშფოთება არ ეტყობათ. ჩვეულებრივი ცხოვრების წესის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ბავშვების იმაში დასარწმუნებლად, რომ ნორმალური ცხოვრება არ დასრულებულა.

ბავშვებს, რომლებსაც უწევთ რაიმე დანაკარგსა და შიშთან ადაპტაცია, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ – მათ სჭირდებათ იმაში დარწმუნება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბავშვები, რომელთა მშობლებიც ან შინ არ არიან, ან გაშორებულები არიან, ან საავადმყოფოში წვანან, ბავშვები, რომლებმაც დაკარგეს მშობელი/მშობლები ან მიზეზთა გამო ვეღარ ნახულობენ მას/მათ, განსაკუთრებით ღელავენ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და, ჩვეულებრივ, მაღალი [ფსიქოლოგიური] რისკის ზონაში იმყოფებიან. ყველა, ვინც დაკავშირებულია ასეთი რისკის ზონაში მყოფ ბავშვებთან, ვალდებულია, განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიოს და აჩვენოს მათ, რომ მზად არის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური დახმარებისა და ზრუნვისთვის.

ბავშვებს აქვთ უფლება, დასვან კითხვები და მიიღონ ფაქტობრივი ინფორმაცია. მოზრდილებმა უნდა გამონახონ დრო, რათა ბავშვებს მოუსმინონ და პასუხი გასცენ (და არა ლექციები წაუკითხონ იმაზე, რა ჰგონიათ თავად მათ მნიშვნელოვანი). მოუსმინეთ ბავშვებს და შეხედეთ სამყაროს მათი თვალით, რათა მიხვდეთ, რით შეგიძლიათ მათი დახმარება. მოზრდილებმა და მშობლებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ბავშვებს ავაცილოთ შიში, შფოთვა, ცუდ ამბებზე კონცენტრაცია. თუ მოზრდილები „ფსიქოლოგიურად ხელმისაწვდომნი“ არ არიან, ბავშვები დაიტანჯებიან.

მშობლებისადმი გზავნილი ნათელია: ნუ მიეწებებით ტელევიზორს და ნუ დაიკარგებით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებით შვილებს!

რამდენიმე ზოგადი წესი:

პირველი – როგორც წესი, ბავშვები იმეორებენ მათთვის ყველაზე ძვირფასი ზრდასრულების პასუხებს. წყნარი და საკუთარ თავში დარწმუნებული მშობლები და მასწავლებლები, ჩვეულებრივ, წყნარსა და საკუთარ თავში დარწმუნებულ ბავშვებს ზრდიან. ისეთ ბავშვებს, რომლებისაც სჯერათ, რომ ცხოვრება მართვადია. ეს მნიშვნელოვანია! მოზრდილები ბავშვებს სიმშვიდესა და სანდოობას უნდა გადასცემდნენ.

მეორე – მშობლები და მოზრდილები ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ დადებით ქმედებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ან უკვე განხორციელდა: მაშველები ან ჩვეულებრივი ადამიანები დაეხმარნენ მსხვერპლს; პოლიციამ ვინმე გადაარჩინა ან უზრუნველყო ვისიმე უსაფრთხოება და ა.შ. თუნდაც იმაზე, რომ ბევრი პირადად სთავაზობს მსხვერპლს დახმარებას (მაგალითად, სისხლის ჩაბარება დაზარალებულებისთვის).

მესამე – მშობლები უნდა იცავდნენ შვილებს და არიდებდნენ მათ მზერას სასტიკ და ტრავმულ, ძალადობრივ და ნგრევის ამსახველ სურათებსა და რეპორტაჟებს. როდესაც ინტენსიურად გადაიცემა და ემოციურად დატვირთულია, ასეთ ხატებს შეუძლია, ბავშვებზე ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს.

მეოთხე – მშობლებმა და, საზოგადოდ, უფროსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვების უმრავლესობა პირდაპირ ემოციურ კავშირს ამყარებს მოვლენებთან. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სპარსეთის ყურის ომის დროს, ბევრი ბავშვი გრძნობდა ჩართულობას სამხედროების მიერ წარმოებულ ბრძოლებში, რადგან მათი ბიძაშვილი ან სკოლის მასწავლებელი იმ დროს სპარსეთის ყურეში, ამერიკის ჯარის შემადგენლობაში იმყოფებოდა.

მეხუთე – საფრთხისა და კრიზის დროს, ბავშვებს მშობლებისგან მეტი ყურადღება და სიმშვიდის მომგვრელი სიტყვა სჭირდებათ. მშობლებმა მეტი დრო უნდა გაატარონ შვილებთან, მეტი გააკეთონ მათ დასაწყნარებლად. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი საქმიანობისა და წარსულში ერთად გატარებული მომენტების ნაზავი (როგორიცაა სიჩუმე ან ლოცვა).

გარდა ამისა, აი, რა უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს:

პირველი – თანაგრძნობა და ურთიერთგაგება ემყარება სიმტკიცესა და ძლიერებას და არა სისუსტეს. ვადიდოთ ის, ვინც ეხმარება, ვინც საუბრობს სამართლიანობაზე და არა სისხლის აღებაზე.

მეორე – უნდა დავიცვათ ისინი, ვისაც რამეს აბრალებენ, სტიგმებით ამკობენ ან დამნაშავედ მიიჩნევენ სტერეოტიპების გამო.

მესამე – ურთიერთგაგება და თანაგრძნობა ზიზღისა და ფანატიზმის წინააღმდეგ ღირსებებია და მათი არ უნდა გვეშინოდეს. ეს მეტია, ვიდრე ჩვენი სიკეთე და მათი ბოროტება. ჩვენი ნამდვილი მტერი დეჰუმანიზაცია ანუ ადამიანური თვისებების დაკარგვაა.

 

წყარო:

https://news.cornell.edu/stories/2003/03/how-parents-can-talk-their-children-about-war

[1] „No Place to Be a Child: Growing Up in a War Zone“ (ინგლ.) – „ცუდი ადგილი ბავშვობისათვის: როცა იზრდები საომარ ზონაში“ (სათაურის თარგმანი ლ. ალფაიძისა)

[2] „Parents Under Siege: Why You Are the Solution, Not the Problem, in Your Child’s Life“ (ინგლ.) – „მშობლები ალყაში – იმის შესახებ, თუ რატომ ხართ თქვენ გადაწყვეტა და არა პრობლემა თქვენი ბავშვის ცხოვრებაში“ ((სათაურის თარგმანი ლ. ალფაიძისა)

ობსესიური ჩანაწერები # 1

0

ზუგდიდიდან ვიდრე ქუთაისამდე ერთი ძველი მეგობარი, არაქართულენოვანი ქალი გამომყვა, რომელიც გზაზე რაღაცას მიყვებოდა, მე კი თავი ერთხელაც არ მიმიბრუნებია მისკენ. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მკითხა, რა იყო ამის მიზეზი. გავუმხილე, რომ კოვიდვირუსის გადატანის შემდეგ, კისერი მაქვს გაშეშებული, რაღა აღარ ვცადე, მაგრამ… – „ანდრეი!“ – წამოიძახა ქალმა. ,,რა ანდრეი!“ – შევცბი მე. ,,ანდრეი მოგარჩენს. ქილებით სასწაულებს ახდენს. ძალიან გაგიმართლა, ახლა ქუთაისშია!“.

 

ექიმი დაბინავებული იყო ერთ-ერთ სასტუმროში, ქუთაისის გარეუბანში, სპეციალურად მისთვის მოწყობილ კაბინეტში. შევედი და ხელი მძლავრად ჩამოვართვით ერთმანეთს, როგორც ეს ორი წელი მუჭებით მისალმებამობეზრებულ ხალხს გვჩვევია. ანდრეი გამოდგა ეროვნებით ოსი კაცი, ნახევრად რუსი, ვლადიკავკაზიდან – ოღონდ გარეგნულად ინდოელი გურუს თანაშემწეს ჰგავდა. კედელზეც დიდწილად ეგეთი ნახატები ეკიდა, კიდევ გამხარი ზაფრანა და ასევე ვიგრძენი ჰიპერმარკეტის მესამე რიგის ბოლოში, საპნების შემდეგ სექციაში ნაყიდი სურნელოვანი სანთლის სუნი. მხიარული კაცი იყო ანდრეი, მოწადინებული და კეთილგანწყობილი – რასაც ვერ ვიტყვი ქილებზე. პირველივე სერია ძალიან მწარე გამოდგა. „ნევრალგიაა!“ – თქვა მშვიდად ანდრეიმ – „მაგრამ ყველაფერი თავიდან მოდის“ და ხელი კეფაზე დამადო.

 

– გაგიმართლა, რომ თმები არ გაქვს!

 

– რატომ? – ვიკითხე მე.

 

– არ ვიცი, – გულწრფელად მიპასუხა მან და ქილას ადგილი შეუცვალა.

 

– ეს ყველაფერი კორონას მერე დამრჩა, – ვთქვი თხუთმეტწუთიანი მდუმარე ასკეზის შემდეგ.

 

– მოიცა, თქვენ აცრაც გაიკეთეთ? – ხისტად მკითხა ანდრეიმ და ვიგრძენი, როგორ ნერვიულად შეუცვალა ადგილი ქილას ბეჭის მარჯვენა დაბალ კუთხეში.

 

– დიახ! – ვუპასუხე შეძლებისდაგვარად მტკიცედ.

 

– თქვენც კი მოგატყუეს! კორონა მსოფლიო აფიორაა! საუკუნის აფიორა!

 

ჩემმა იპოქონდროულმა ტვინმა, უცებ დაიბრუნა ძველი ობსესია და წარმოვიდგინე, რომ ჩემი ხალი ზურგზე ამ ქილებმა ამოწვეს და უსათუოდ სიმსივნე დამემართება. ძალიან რომ მომაწვა, ჩემი ფიქრი ანდრეის გავანდე.

 

– კიბო არ არსებობს, ეს ყველაფერი ფსიქო-სომატიკაა! ჩვეულებრივი სოკოა და საერთოდ, რასაც ფიქრობ, ის შეგემთხვევა! – გაიცინა ანდრეიმ და გააგრძელა – სხვათა შორის, იყო ასეთი შემთხვევა, ერთი ქალი კრასნოდარში…

 

გავნადგურდი. ვიფიქრე, მადლობას ვეტყვი და წავალ, მიზეზით „რიკოთის უღელტეხილი იკეტება“, მაგრამ ქილების ალყაში ვიყავი და ისევ გაძლება ვარჩიე – ოღონდ აღარ ვიცი რომლის უფრო – ქილების მხურვალების თუ ანდრეის აზრების.

 

ძველი ჩინური სიბრძნეა: „სამყაროში რაც მოძრაობს, მას აუცილებლად აქვს სასრული, რაც არა – მარადიულია“. ამ იმედით, შეუმჩნევლად ვირხეოდი და სიბრძნის დასტურად, საათ-ნახევრის შემდეგ ეს ამბავიც დასრულდა.

 

სწრაფად და ზერელედ გადავიცვი პერანგი. ბევრი წყალი დალიეთ! – მომაძახა ანდრეიმ და კიდევ რაღაც მომაძახა, ოღონდ აღარ გამიგონია.

 

– ხუთი დღე დაგაჩნდება ზურგზე და მერე გადაგივლის, – მითხრა დამშვიდობებისას მეგობარმა ქალმა ქუთაისიდან და ჭიათურის გზისკენ გადავუხვიე.

 

 

წარმოიდგინეთ, რომ შენთან სტუმრად არის გოგო. შეიძლება, საუკეთესო გოგოც კი საქართველოში და ამ გოგოს უცებ გაუტყდა ღვინის ბოთლი. ან შენ გაგიტყდა. შხეფები მიესხა კედელს და დააჩნდა. ჩვეულებრივი ამბავი რა. ძალიან ჩვეულებრივი. სრულიად უწყინარი. და ამ დროს მთელი შენი ყურადღება კედელზე გადადის. ყელში გიჭერს. საშინელი მოუსვენრობა გიპყრობს. ცდილობ, მთელი მონდომება დაახმარო და არ გააკეთო იგივე, რასაც დედაშენი იზამდა ამ დროს. არადა, ტრივიალური მატერიალიზმის ნასახი არ არის შენში. არც ღვინის ბოთლის გატეხვაა სირთულე და არც კედელი. სულ რომ სახლი დაგიწვას ვინმემ უნებლიედ, შეიძლება ხმა არ ამოიღო და ამ დროს ეს საშინელი ლაქა, რომელიც კედლიდან გონებას მიეცხო და ვეღარ იშორებ. ერთი სული გაქვს, როდის წავა გოგო. და აჰა, წავიდა. მთელი ღამე წმენდ ყველა შესაძლო და ნაკლებად შესაძლო საშუალებით იმ საზარელ ლაქას. აი, გაბაცდა, მაგრამ მაინც აჩნია. ძლივს იძინებ მოუსვენრად და დილით შვიდზე ურეკავ დამხმარეს, რომ ეგებ დაგეხმაროს. ერთი სული გაქვს, აღდგეს ძველებური წესრიგი და მთლიანად მოირღვეს – ყველგან შეასხა ღვინო. თან წარმოიდგენ, რომ ბოლო-ბოლო, თუ არ ამოვიდა, გადავღებავ ან კარადას დავდგამ. და იმ გოგოს მთელ ამ სცენას ატყობინებ. თან ზუსტად იცი, რას ფიქრობს ახლა ის: ,,მე ხომ სიყვარულის გამო არ ვეტყოდი ამას, მოვითმენდი, რომ გული არ სტკენოდა, ხელოვანი კაცი როგორი არარომანტიკულია, წვრილმანებზე ფიქრობს, მე საერთოდ არც მახსოვს ის ამბავი.

 

და ის ცამდე მართალია.

 

მაგრამ შენც მართალი ხარ.

 

ამიტომაც ცხოვრობ მარტო.

 

მშობელი ვიყო შვილისთვის, თუ საუკეთესო მეგობარი?

0


წლის განმავლობაში უამრავ შეხვედრას ვატარებ მშობლებთან. ისინი დაინტერესებული არიან აღზრდის საკითხებით. გამუდმებით აინტერესებთ პასუხების მოძებნა ისეთ საკითხებზე, რომლებიც სულს უფორიაქებთ. არ დავუშვა ისეთი შეცდომა, რომელიც გამოუსწორებელი იქნება მომავალში ან არ მოვიქცე იმგვარად, როგორც მე მეპყრობოდნენ – ეს წუხილი ყველა ასეთ შეხვედრაზე ისმის ან კითხვებს შორის იკითხება, როგორც ერთი მუდმივი დილემა, რომელზეც ისეთი პასუხის მოსმენა, როგორიც მე წარმომიდგენია, ბევრს არ ეხატება გულზე.

უნდა ვიყო თუ არა ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი?

აღზრდის ავტორიტეტულ ან თავისუფალ სტილს შორის მერყეობა ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა, რომელიც ყველა მშობლის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რადგან რთულია თქმა ერთი სჯობს, თუ მეორე. ეს რაღაცნაირად ორგანიზაციის მართვის სტილს ჰგავს, ვიღაცას ამაზონის მოდელი მოსწონს, სხვას – გუგლისა. მთავარია, ბავშვი მინიმალურად დავაზიანოთ ჩვენი მოუგვარებელი პრობლემებით. დანარჩენი გემოვნების ამბავია.

მაშ, უნდა ვიყო თუ არა შვილის საუკეთესო მეგობარი?

ჩემი პასუხია – არა. გადაჭრით – არა, რაც, როგორც წესი, ყოველთვის იწვევს უკურეაქციას მსმენელში? – „მამაჩემი/დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“, „ჩვენ ვმეგობრობთ და ამიტომაც ყველაფერს მიყვება“.

რთული ასახსნელია ხოლმე, რომ ჩვენი დაუოკებელი სურვილი, ვიყოთ შვილის საუკეთესო მეგობარი, სხვა არაფერია თუ არა ლატენტური ნარცისული მოთხოვნილება ბოლომდე მიჯაჭვული გვყავდეს პირმშო, ოღონდ იმგვარად, რომ სინდისი მშვიდად დაგვრჩეს – მაკონტროლებელი მშობელი არ ვარ და სრულ თავისუფლებას ვაძლევ შვილსო.

იკონტაქტოთ შვილთან მეგობრულად, როგორც პიროვნებასთან სულაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ დარჩე მშობლის როლშიც, რადგან ყველა ბავშვს სჭირდება მეგობარიც და მშობელიც, რომელზე ჩვენი მხრიდან უარის შემთხვევაში პატარა და მერე უკვე მოზარდი აუცილებლად ეცდება ახალი კანდიდატის პოვნას. ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ საზღვრები (ზომიერი), წესები და მენტორი, ვინც მათზე ზრუნავს, ვისაც აზრს დაეკითხებიან და ვისაც გარკვეულ ასაკში აუმხედრდებიან კიდეც. ეს ის გასავლელი გზაა, რომელზეც ჩვენი ვითომ ტოლერანტულობით თავგზა არ უნდა ავურიოთ შვილებს, რომლებსაც ისევე სჭირდება ავტორიტეტის ხატ-სახე, როგორც მორწმუნეს – ღმერთი. აზრი – თითქოს შვილის საუკეთესო მეგობარი ვიქნები და მისი არაფერი გამომეპარება – ჩანასახშივე განწირული იდეაა, როგორც ძალიან მკაცრ მშობელს უმალავენ ბავშვები თავიანთი ცხოვრების ნაწილს, ისე თქვენ დაგიმალავთ, რადგან მათთვის ავტორიტეტად ვეღარასდროს დარჩებით.
ზრდასრულ ადამიანსა და ბავშვს შორის არსებული ძირითადი სხვაობა გამოცდილებაა, რომელიც უფროსმა ადამიანმა (კარგ შემთხვევაში) დააგროვა და ახლა შეუძლია უსასყიდლოდ გადასცეს საყვარელ ადამიანს. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვებს მოსწონთ ამ გამოცდილების მიღება და რაგინდ (თითქოს) აგდებული დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ „მამის დარიგებასთან“, ისინი მაინც იმახსოვრებენ, უსმენენ და ითვალისწინებენ მშობლის აზრს, როცა მშობელი ავტორიტეტია.

ცხოვრების მთავარი იმედგაცრუებების დროსაც, როდესაც მოზარდს თანატოლებთან, მეგობრებთან სოციუმში რაიმეზე გული გაუტყდება, გამკლავების საუკეთესო ხერხად სწორედ მშობლის საიმედო ფრთის ქვეშ დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ესახებოდეს. ცხადია, ეს შეიძლება ასე არც მოხდეს და ალბათ არც უნდა მოხდეს. პირადი ბარიერები ჩვენივე გადასალახია, მაგრამ იმედი, რომ სადღაც შენ უპირობოდ მიგიღებენ სწორედ ისეთს, როგორიც ხარ, ძლიერი ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმია.

წლის განმავლობაში ასობით მოსწავლეს ვესაუბრები ხოლმე მათ პირად ცხოვრებაზე. როგორც წესი, ისინი პერიოდულად წუწუნებენ იმაზე, რომ მშობლები ზედმეტად მკაცრი არიან, უწესებენ საზღვრებს და არ აძლევენ თავისუფლებას იქ, სადაც უნდათ, იყვნენ უფრო ლაღები. თუ მშობელი ზედმეტად ავტორიტარი არ არის და ეს „შეზღუდვები“ რაციონალურ ხასიათს ატარებს (მაგალითად, კომპიუტერულ თამაშებზე ლიმიტის დაწესება), მოზარდები ამ ამბავს, როგორც მოცემულობას ისე იღებენ და სამართლიანობის შეგრძნება არ უქრებათ.

შიდა ოჯახური იერარქია, სადაც ერთი მეორეზე მეტი კი არა, მეტად პასუხისმგებელია რაღაცაზე, მოზარდისთვის გარდატეხის ასაკში გარანტირებული დაცულობის კარგი საშუალებაა.

წამიკითხავს, რომ ბევრი კვლევაა ჩატარებული იმაზე, როგორ ანაწილებენ სუსტი და ხშირად უნებურად უნებისყოფო მშობლები საკუთარი ცხოვრების ტვირთს შვილებზე, იმგვარად, რომ ამაზე არც დაფიქრდებიან ხოლმე. მაგალითად, მარტოხელა დედები ცდილობენ ქალიშვილებთან ან ვაჟებთან იმგვარად დაახლოებას, რომ მთლიანად გულს გადაუშლიან ხოლმე მათ პირადი ცხოვრების დეტალებიდან დაწყებული, ფინანსური ვალდებულებებითა თუ სამსახურში არსებული სტრესული სიტუაციების განხილვით დასრულებული. ისინი არც მეუღლის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას უმალავენ შვილებს, რაც, თითქოს რაღაც პერიოდის განმავლობაში დედისა და შვილების მეტად დაახლოების, „გათანაბრებისა“ და საუკეთესო მეგობრობის საწინდარია, მაგრამ მოწიფულობაში, მოზარდობაში მიღებული ეს მძიმე ტვირთი შვილებისთვის მძიმე სატარებელი აღმოჩნდება ხოლმე.

ლიტერატურაში არის საინტერესო კანონი, რომელიც კემპბელს ეკუთვნის. მას „გმირის მოგზაურობა“ ჰქვია და ამ მოგზაურობაში პერსონაჟის გმირად გადაქცევას ვადევნებთ თვალს. გზას, რომელსაც პროტაგონისტი გაივლის ხოლმე, მას ბევრი ბარიერი ხვდება, თუმცა, ამ გზაზე ერთი საინტერესო გაჩერებაცაა, მას მენტორი ჰქვია. მენტორი ადამიანია, ვინც მთელი წრის განმავლობაში ან ერთი თავგადასავლიდან მეორემდე მიჰყვება, ამხნევებს, აგულიანებს გმირს, რათა კარგად მოფრთიანდეს, თავი მყარად იგრძნოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეშვება ხოლმე. თუმცა შინაგანი კავშირი გმირსა და მენტორს შორის მაინც მუდმივია. ასეთი მენტორები ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ჩნდებიან. იქნებიან ეს მასწავლებლები თუ ადამიანები, ვინც რაიმე ახალი საქმის დასაწყებად შეგვაგულიანეს. მშობელს კი ვალდებულებაც კი აქვს, იყოს საკუთარი შვილის იმგვარი მენტორი, ვინც, კი ბატონო, მისი მეგობარიც იქნება, მაგრამ მთავარ ფუნქციას მაინც არ დაკარგავს – დარჩეს შვილისთვის გზის გამკვლევი ან მთავარი გულშემატკივარი.

ეს საკითხი ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიაში, ადამიანების არქეტიპულ მეხსიერებაში საინტერესოდ ინახება და დაფიქრებული მკითხველი ადვილად გაავლებს პარალელს საკუთარ მაგალითებთან.

იშვიათ ბიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ ანომალიებს თუ არ ჩავთვლით, ცხადია, არ მჯერა, რომ მშობელს გაცნობიერებულად სურს, ზიანი მიაყენოს საკუთარ შვილს. ჩვენთვის ყველაზე მიუღებელ სიტუაციაშიც კი, მშობელი საკუთარი ტრავმების გათვალისწინებით მოქმედებს და აზიანებს პირმშოს იმგვარად, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას.

არავის სურს, იყოს დიქტატორი შვილთან. მშობლები ურთიერთობის ამ გზას იმიტომ ირჩევენ, რომ ეშინიათ ავტორიტეტის დაკარგვის ან უბრალოდ სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ ურთიერთობა. ისინი ჩანან საზოგადოებაში და ჩვენ მათზე ბევრს ვსაუბრობთ (ზურგს უკან მაინც), ვაკრიტიკებთ და ყურადღებას ვამახვილებთ, მაგრამ მშობლები, ვინც საკუთარ როლზე უარს ამბობენ და ცდილობენ შვილზე ასაღები პასუხისმგებლობა შვილზევე გადაანაწილონ, ასევე იმსახურებენ კრიტიკას.

დიახ, შვილთან მეგობრული ურთიერთობა დიდი ფუფუნებაა ყველასთვის. ასეთი ბავშვები გაცილებით თავდაჯერებული და შემეცნებაზე ორიენტირებული არიან ხოლმე, ნაკლებად ჩხუბობენ ან არიდებენ თავს კონფლიქტებს, არ ქურდობენ, არ აფუჭებენ ნივთებს წინასწარგანზრახულად, არ აწვალებენ ცხოველებს. ეს ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს და არა მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული (მშობლობაზე უარის თქმით), როგორც ზოგს წარმოუდგენია.

მენტორს, მშობელს მწვრთნელის, გზის გამკვალავის და როგორც ზევით დავწერე, საკუთარი მეტი ცხოვრებისეული გამოცდილების უსასყიდლოდ, სიყვარულით გადაცემის მოვალეობა აკისრია, იმგვარად, რომ თავისუფალი სივრცე არ წაართვას შვილს. თუ შენ პარაშუტით გადმოხტომა გადაგიწყვეტია, მოდი, ჯერ გასწავლი მის დაკეცვას, გაგავარჯიშებ, გაგწვრთნი, დაგანახებ რისკებს, გაგიზიარებ გამოცდილებას; დავრწმუნდები, რომ შენს უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და მხოლოდ ამის მერე დაგრთავ ნებას, თავად გადაწყვიტო – გინდა გადახტომა თუ არა.

პრობლემა, როგორც ყველა სხვა ამბავში, აქაც ჩნდება – როდის დავიხიო უკან, როდის მივხვდე, რომ ჩემი, როგორც მენტორის როლი უნდა შევზღუდო, როდის დავიწყო „მისითღა მაყურებელი თვალებით ყურება“ და როდის მივცეთ შვილებს მეტი და სრული თავისუფლება ისე, რომ ჩვენი როლი შევასრულოთ.

მშობლის როლური უკან დახევა შვილის სიმწიფის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს. მაგრამ როგორ მომწიფდება შვილი, თუ მშობელი მხოლოდ მენტორია და მიაჩნია, რომ საკმარისად არ გაზრდილა მისი პირმშო? ეს ურთიერთდაკავშირებული კითხვები და მოქმედებებია. ამიტომ აქაც, მშობელს სამაგალითო, ბიბლიური სიფხიზლე მოეთხოვება.

შვილთან დროის გატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში, მაგრამ როდესაც მშობელი მხოლოდ შვილის ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და მთელ პირად დროს მხოლოდ ბავშვებთან ატარებს, მხოლოდ მათთან მეგობრობს და შვილებისთვისაც თავადაა საუკეთესო მეგობარი, ამით უნებურად დამოკიდებული ხდება შვილებზე და ბავშვებსაც იმგვარად მიიჯაჭვავს ხოლმე, რომ ორივესთვის სოციალური რეალიზაციისა და გართობის ერთადერთი საშუალება შიდა ოჯახური ურთიერთობებია. ეს აუცილებლად წარმოშობს გაუგებრობებსა და პრობლემებს, ძირითადად შვილებში.

იუნგი წერდა, რომ ადამიანის ინდივიდუალიზაციის გზაზე (რაც აუცილებელია და ძალიან ჰგავს კემპბელის გმირის მოგზაურობას) ბავშვობის ხანა უმნიშვნელოვანესია, სადაც მშობელი შვილისთვის ბარიერი კი არა, თანამგზავრი უნდა გახდეს. როგორც ავტორიტარი მშობელია ბარიერი, ასევე მშობლის როლზე უარის მთქმელი მშობელი აფერხებს ბავშვის სწორ განვითარებას. ინდივიდუალიზაციის დროს, შვილი გეგმაზომიერად ამცირებს ფიზიკურ, ემოციურ დამოკიდებულებას მშობელზე და ხდება სრულფასოვნად დამოუკიდებელი, რასაც ხელს მეგობრულ ურთიერთობაზე უარის მთქმელი ან მხოლოდ მეგობრულ კავშირზე (მშობლის როლის უარყოფით) წამსვლელი მშობლები უშლიან.

ინდივიდუალიზაცია მთელი ცხოვრების პროცესია, მაგრამ ბავშვობაში შეჩერებული განვითარება ზრდასრულობაში გასავლელ გზასაც აფერხებს. თუ მე შვილს ბავშვობაში, მოზარდობაში, თინეიჯერობაში ერთნაირად „ვძალავ საიდუმლოებებს“ და აღარ ვუტოვებ პირად სივრცეს, მას გაუჭირდება სრული ინდივიდუალიზაცია და ოდესმე მაინც მოინდომებს კონფიდენციალურობის დაცვას ჩვენგან და ამას გააკეთებს შეცდომებით (გაიხსენეთ მეგობრებიც, ვინც ჩვენს პირად სივრცეში ძალიან იჭრებიან, გვღლიან და მათთან არაცნობიერად დისტანცირებას ვცდილობთ).

ბავშვის ან უფრო მეტად ბავშვობაში დათმობილი და ვერგავლილი განცალკევების პროცესის საკომპენსაციოდ, „მეგობარ“ მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტები მოგვიანებით მაინც მოხდება, ან კონფლიქტს უკვე ზრდასრული ადამიანი დაიწყებს ყველა იმ ავტორიტეტთან, რომლებიც მის ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოჩნდება (ცნობილი ადამიანები, დღის წესრიგი, ისტორიული ფიგურა და ასე შემდეგ).

მშობლების ნაწილს, სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც გაუჭირდება, უარი თქვას შვილთან ურთიერთობის არჩეულ სტილზე, როდესაც ის ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობას ბავშვთან ერთადვე ინაწილებს, მაგრამ საკითხი დასაფიქრებელია. ალბათ უნდა გავიხსენოთ მაგალითები ჩვენ ირგვლივ, დავაკვირდეთ სხვასაც, ვკითხოთ აზრი გამოცდილ პედაგოგებსა თუ ფსიქოლოგებს და ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა უარყოფითი შედეგი არ მივიღოთ შვილებისთვის და საკუთარი თავებისთვისაც.

 

 

შთაბეჭდილების შემგროვებელი

0

ზაფხულის მოახლოება გულისხმობს სკოლის დასრულებას, დავალებებისგან გათავისუფლებას, ბევრ თავისუფალ დროს, ბევრ მზეს, უფრო მეტ ჟანგბადს, თაროებზე გადარჩეულ ლიტერატურასთან მიბრუნებას და დანატრებულ ადამიანებთან შეხვედრის ბედნიერ წუთებს. ამიტომაც, ზაფხულს მოსწავლეებზე არანაკლები სულმოუთქმელობით მასწავლებლები ელოდებიან. სწავლის დასრულების ბოლო კვირა ხშირად ეთმობა იმის განხილვას, თუ ვინ სად აპირებს არდადეგების გატარებას, სოფლად თუ ქალაქად, ზღვაზე თუ მთაში; ვინ რას წაიკითხავს; ვინ რა ფილმს ნახავს და ა.შ. მოსწავლეები იღებენ მხატვრული ლიტერატურის ჩამონათვალს და ამის შემდეგ მასწავლებლისთვისაც დგება ნანატრი დრო. თუმცა პედაგოგის შვებულება, მაინც პირობითი ცნებაა და უფრო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, რადგან სასკოლო საფიქრალი მასწავლებელს არ ელევა. მით უფრო, თუ მასწავლებელი მშობელიცაა და სურს, არდადეგები შვილებთან ერთად შთაბეჭდილებების წყაროდ აქციოს.

ამ წერილში ვეცდები, გაგიზიაროთ ჩემი მშობლურ-მასწავლებლური გამოცდილება, როგორ შეიძლება გავხდეთ შვილებთან ერთად „შთაბეჭდილების შემგროვებლები“ ან „30 დაუვიწყარი დღის“ ავტორ-მონაწილეები და დრო საინტერესო მოგონებად ვაქციოთ.

პირველ აქტივობას „შთაბეჭდილების შემგროვებელი“ დავარქვით. ალბათ ხშირია ისეთი დღეები, მეხსიერებას რომ არ შემორჩა და მხოლოდ შეგრძნებებით გვახსოვს. გვინანია კიდეც, ფოტო ან ჩანაწერი რომ არ შემოვინახეთ და დასავიწყებლად გავიმეტეთ. ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი შვილების ზაფხულის ნატეხები შემეგროვებინა.

ყველა ლაშქრობა, მოლოცვა, პიკნიკი თუ საგანმანათლებლო ღონისძიება შეგიძლიათ მოინიშნოთ და „ჩაკეცოთ“ გონების ეკრანზე.

მომდევნო აქტივობის ინსპირაცია პინტერესტის აპლიკაცია გახლავთ, რომელსაც ხშირად იდეების გენერატორად ვიყენებ. ბარათს „30-დღიანი გამოწვევა“ დავარქვით და ყველაზე „ცხელი“ კალენდარი დავამზადეთ.

ამ აქტივობის დახმარებით, შესაძლოა ჩვენს კალენდარზე თანმიმდევრულად გადავხაზოთ ნაყოფიერად გატარებული დღეები და ამავდროულად, შევქმნათ „მოგონებების ბანკი“, დავიმახსოვროთ მნიშვნელოვანი ფაქტები, დავაკვირდეთ აქამდე შეუმჩნეველ დეტალებს, დროებით გვერდზე გადავდოთ სმარტფონები და რაც ყველაზე მთავარია, წერა-კითხვის პროცესი სახალისო და მხიარულ გართობად ვაქციოთ.

ზაფხული ბავშვობის ლაღი და კისკისა დროა, რომელსაც, თუკი წამიერად მოვიხელთებთ, შესაძლოა მთელი ცხოვრების საგზლად იქცეს და ზამთრის გრძელი ღამეებიდან არიადნეს ძაფის გორგალივით გამოგვიხსნას.

 

„რას ფიქრობ, გამოვაო?“ – ინტერვიუ ბავშვებთან, სასკოლო კვების შესახებ

0
This artwork by Donna Grethen refers to hunger and families

2023 წლის 18 ივნისს, მოძრაობა ხმის ინიციატივითა და ორგანიზებით, სასკოლო კვების თემატიკაზე ძალიან საინტერესო პიესა – „შოშია“ – დაიდგა. პიესა შვიდმა მოსწავლემ დაწერა.  როგორც ღონისძიების განაცხადშია აღწერილი, პიესა სკოლაზე, შიმშილზე, მშიერი ბავშვების ყოველდღიურობაზეა. მოძრაობა ხმა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სასკოლო კვების თემატიკაზე 2021 წელს აქტიური კამპანია დაიწყო და მას შემდეგ ამ მიმართულებით თანმიმდევრულად საქმიანობს. დღესდღეობით, ეს საკითხი უკვე მოექცა პოლიტიკის დღის წესრიგში. მიუხედავად მთავრობის მხრიდან საკმაოდ ნელი მოქმედებისა, იმედი მაქვს, პროგრამის განხორციელება მალე დაიწყება.

 

რაც შეეხება აღნიშნულ სტატიას, პიესით შთაგონებულმა, გადავწყვიტე ინტერვიუ მის მთავარ შემოქმედებთან, ბავშვებთან ჩამეწერა. დასაწყისშივე დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო, რადგან ძალიან მარტივად და გასაგებად გადმოსცემენ საკითხის სიმწვავესაც და სასკოლო კვების დანერგვის აუცილებლობასაც.

ინტერვიუში, ყოველგვარი რედაქტირებისა თუ შელამაზების გარეშე, მაქსიმალურად დაცულია საუბრის სტილი.

გიორგი: პირველ რიგში, საიდან გაიგეთ, პიესის შექმნაში  მონაწილეობის მიღება რომ შეგეძლოთ ?

 

თეკლა, მე-12 კლასი: მე ძალიან შემთხვევით გავიგე, ფეისბუქიდან. თეატრიც მიყვარს, წერაც მიყვარს და ჩავთვალე საინტერესო პროექტი იქნება მეთქი. მაგრამ, ამ საკითხზე (სასკოლო კვებაზე) ბევრი არაფერი ვიცოდი.

შემდეგ უკვე პირველი ეფექტი ის იყო, რომ ეს პრობლემა თურმე მეც მაწუხებს და ყველას გვეხება. იქამდე, უბრალოდ ლამაზი სლოგანი მეგონა – „უფასო საკვები სკოლებს.“

 

ელენე, მე-11 კლასი: მეც ფეისბუქიდან გავიგე და რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ისეთი თემაა, რაღაც კარგ საქმეს გავაკეთებდი. ადგილის დასუფთავება ან რაიმე მსგავსი მეგონა. კარგი, კეთილი საქმე, ეგრე ვხედავდი და არა ისე, რომ ჩემს თავს და ჩემს მეგობრებს ვეხმარები. სახლში რომ მივედი, მკითხეს, რას ვაკეთებდით და დავიწყეთ ამ თემაზე ლაპარაკი, ამ დროს გავაანალიზეთ მეც და ჩემმა მშობლებმაც საკითხის აქტუალობა.

 

ტასო, მე-9 კლასი: მე მითხრა „პრაქტიკის“ ერთ-ერთმა წევრმა. მეც ასეთ ინიციატივებზე სულ ვთანხმდები ხოლმე, თუმცა კონკრეტულად რა იყო და რატომ, ზუსტად არ ვიცოდი. ნამდვილად არ მეგონა, რომ პიესას დავწერდით და არ მეგონა, რომ შევძლებდით და საერთოდ, აქამდე მოვიდოდით.

 

ლიზი, მე-12 კლასი: დედაჩემმა იცოდა, რომ თეატრალურით ვიყავი დაინტერესებული და რადგან თეატრალურზე ვერ დავდიოდი მოსამზადებლად, ასეთ პატარ-პატარა პროექტებს სულ ვეცნობოდი. რაღაცები ნაკლებად მაინტერესებდა ხოლმე, რაღაცები – მეტად. ამ შემთხვევაში, დედაჩემმა ნახა ინფორმაცია ფეისბუქზე და გამიზიარა. ძალიან დავინტერესდი. ვიფიქრე, ვცდი- თქო და მოვედი. საკმაოდ ბევრი წინაღობა შეგვხვდა და მეც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შევძლებდით ბოლომდე მიყვანას, მაგრამ მოვედით აქამდე.

 

გიორგი: საბოლოოდ თეატრალურზე აბარებ?

ლიზი: მინდა, მაგრამ – არა.

გიორგი: და სად აბარებ?

ლიზი: კომპიუტერულ მეცნიერებებზე.

 

თეკლა: მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. რომ მოვდიოდით, გვეგონა სხვებს დავეხმარებოდით და მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ეს ამბავი, პირველ რიგში, ჩვენ გვეხება.

თავიდან სულ სხვანაირი იყო პიესა. შემდგომ სულ სხვა რამ შევქმენით. მივხვდით, რომ  ჩვენც სტერეოტიპულად ვუყურებდით ამ საკითხს, რომ თითქოს სკოლაში შიმშილი აუცილებლად იმას ნიშნავს, რომ გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან ამ მდგომარეობაში. რეალურად, ეს პრობლემა ყველა ბავშვს აწუხებს.

 

გიორგი: როდესაც სკოლაში კვებაზე ვსაუბრობთ, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფდით?

ლიზი: პირველ რიგში, ის რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ბავშვებს არ ეხებათ ეს საკითხი.

ელენე: ამ პიესამდე ჩემს მეგობრებთან ამ საკითხზე, მაგალითად, ლობიანზე ან ნისიაზე უამრავჯერ მისაუბრია. ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც ხშირად ვხუმრობდით. სერიოზულად არ აღვიქვამდით. ამ პიესის შემდეგ, მსგავს დიალოგებს უფრო სხვანაირად ვუყურებ, უფრო სევდიანად.

კიდე ერთი რაღაცაა. მე რეალურად რომ ვიყო გამოკვებილი და დანაყრებული და ეს პრობლემები არ მაწუხებდეს, მაგალითად, ის რომ კონცენტრაცია მაკლია ბოლო გაკვეთილებზე და მშია და გული მიმდის, ამისთვის მხოლოდ  საკვები არ მჭირდება, გარემოც მჭირდება, სადაც სხვა ბავშვებსაც არ შიათ. წარმოიდგინეთ, კლასში ხარ, იცით, რომ ყველას შია და ამ დროს შენ ჩანთიდან იღებ რაღაც საჭმელს, რომელსაც ძალიან მაგარი სუნი აქვს, მთელ კლასში გემრიელი სუნი დგას, მათ შიათ და შენ ჭამ. საშინელი გრძნობაა. ამ სტრესს მირჩევნია, ბოლო სამი გაკვეთილი რაღაცნაირად გადავაგორო და სახლში მივიდე მშიერი.

 

გიორგი: ხშირად მსმენია და რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ სკოლა მხოლოდ სწავლა-სწავლებისთვის არის და ჩვენც ხომ ვშიმშილობდით?

ლიზი: დღეს, ბავშვებს რომ შიათ, სკოლის მერე გარბიან და მაღაზიიდან იპარავენ. ქურდობები რომ არ მოხდეს, ხომ ჯობია ჯანსაღად გამოიკვებონ. იყოს უფასო საკვები. შესაძლებლობა სახელმწიფოს აქვს და აღარც ქურდობები მოხდება და ეს ბავშვებიც ნორმალურ ადამიანებად გაიზრდებიან.

 

ტასო: სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ცვლილებაზე შეიძლება მაგის თქმა და ყველაფერს ასე თუ შევხედავთ, ვერასდროს განვვითარდებით.

 

თეკლა: ხომ ამბობენ, რომ სკოლა ის დაწესებულება არაა, სადაც ვიკვებებით?! და ის დაწესებულებაა, სადაც ვსწავლობთ?! ზუსტად ეგ არის, რომ მხოლოდ  მიდიხარ და მოდიხარ. და ამ წასვლა-წამოსვლას შორის 20 წუთი რომ ჰქონდეს ბავშვს გამოსაკვებად, იქნებ უფრო უკეთესი შედეგები გვქონდეს.

 

ტასო: ხელოვნება და მუსიკა გვაქვს სულ ბოლო ხოლმე. სამოქალაქოც, საიდანაც ხშირად ვიპარებით. როცა გვეკითხებიან მიზეზს, ვპასუხობთ, რომ არასაინტერესო საგანია. მასწავლებლებს ვუთხარით, რომ თუ არ გინდათ გავიპაროთ, მაშინ პირველ ნაწილში გადაიტანეთ ეს საგნები თქო. მასწავლებლების პასუხი კი იყო, რომ მესამე-მეოთხე გაკვეთილის შემდეგ გიჭირთ გაგებაო და მათემატიკა და ქართული უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ეს საგნებიო.

 

ელენე: მასწავლებლებს ხშირად აქვთ ნათქვამი ბოლო გაკვეთილებზე, რომ „ახლა მშივრები ხართ და ტესტს არ გაწერინებთ.“ რეალურად, მათაც კარგად ესმით ეს პრობლემა.

 

თეკლა: უფასო სასკოლო კვებას კიდევ ის ეფექტი ექნება, რომ იმ ბავშვებს დააბრუნებს, ვინც დღეს არ დადის. ასევე, მოტივაციას გაგვიზრდის, უკეთ ვისწავლოთ.

 

ოთხივე ერთად: რამდენჯერ გვქონია სიტუაცია, რომ მერხის ქვემოთ, ჩამალული, მოუხერხებლად ვჭამდით (იცინიან).

 

თეკლა: ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ბავშვებმა დაიწყონ ამაზე ლაპარაკი. მე, მაგალითად, სულ მეგონა, ეს ჩემი ან ცალკეული ოჯახების პრობლემაა. ამ დროს, არ არის ეგრე. თანაც, შიმშილი სირცხვილთან არის დაკავშირებული. „არ მშია, მართლა,“ „დილით ვერ ვჭამ,“ „დიეტაზე ვარ,“ და მსგავსი რაღაცებით ირიდებ თავიდან, ოღონდ არ თქვა, რომ გშია.

ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს, რაც შეგვიძლია ჩვენს კონტექსტს მოვარგოთ. ნელ-ნელა გავაკეთოთ. არიან ისეთებიც,  რომლებსაც ყველაფერი ახლავე უნდათ, თუმცა რთულია. ბავშვები ამას ვხვდებით, რომ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ.  მაგრამ, დამანახე, რომ ამისკენ მაინც მიდიხარ.

გიორგი: თქვენს სკოლებში გაიგეს პიესის შესახებ? რაიმე გავლენა ჰქონდა ამას?

ტასო: მე, მაგალითად, სკოლაში უფასო კვების გოგოს მეძახიან.

მასწავლებლებშიც ჰქონდა გამოხმაურება. დაინტერესდნენ. რუსულის მასწავლებელმა მკითხა, – რას ფიქრობ, გამოვაო?

ფოტოები: მოძრაობა “ხმა”

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება -მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება აუცილებელია მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად. ქვემოთ მოცემულია სტრატეგიული და ინოვაციური მიდგომები აკადემიური პერსონალის განსავითარებლად. მოდულები შექმნილია სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით, ფოკუსირდება სასწავლო ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე და შეესაბამება უმაღლესი განათლების სტანდარტების ჩარჩოს.

  1. კურიკულუმის შედგენა

კურიკულუმის სწორად შედგენა პირველი ნაბიჯია მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისთვის. ის უნდა ითვალისწინებდეს ისეთ კომპეტენციებს, როგორებიცაა – პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება და კომუნიკაცია. საგაკვეთილო აქტივობა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეების მომავალ პროფესიულ საჭიროებებს.

  • შეისწავლეთ სწავლების პრაქტიკის ეფექტურობა მომავალი სამუშაო ძალისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გასაუმჯობესებლად;
  • შეიმუშავეთ გაკვეთილის გეგმა, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებზე;
  • განსაზღვრეთ სტრატეგიები, რათა კურსის მასალა და აქტივობები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული სტუდენტისთვის.
  1. გაუმარტივეთ სწავლა მოსწავლეებს

რამდენად ხშირად აფასებთ გაკვეთილებს მოსწავლეების გადმოსახედიდან? ინოვაციური სტრატეგიების შესაქმნელად მნიშვნელოვანია, გაკვეთილებს დააკვირდეთ მოსწავლეთა პოზიციიდან და გაიზიაროთ მათი გამოცდილება.

  • შეიმუშავეთ და დანერგეთ აქტივობები, რომლებიც წაახალისებენ მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობისკენ;

 

ურთიერთკავშირი საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ერთმანეთს დაუახლოვდნენ და სასწავლო გარემოში თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ.

 

  1. ციფრული ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია

 

როგორია თქვენი როლი მოსწავლეებთან ციფრული წიგნიერების უნარების პოპულარიზაციაში? მათ უნდა შეეძლოთ ტექნოლოგიების გამოყენება ინფორმაციის მისაღებად, პრობლემების გადასაჭრელად, კომუნიკაციისა და სწავლის გასამარტივებლად. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მოსწავლეებთან და მიიღეთ ერთობლივი მიდგომა მათი ციფრული სწავლის საჭიროებების გასაუმჯობესებლად.

  • გამოცადეთ მოსწავლეების ციფრული უნარები და შესაძლებლობები;
  • შეიმუშავეთ სწავლების ისეთი დიზაინი, რომ ხელი შეუწყოთ მოსწავლეებში ციფრული უნარების განვითარებას;
  • გამოიყენეთ სწავლის ანალიტიკური პრინციპები, რათა შეაფასოთ სტუდენტების აკადემიური მოსწრება.
  1. შეფასებისა და უკუკავშირის გაძლიერება

 

რამდენად ნათელია შეფასების სისტემა თქვენი სტუდენტებისთვის? ეფექტურია თუ არა შეფასებები, რომლებსაც მოსწავლეებს აძლევთ?

  • ჩართეთ მოსწავლეები შეფასების პროცესში;
  • შეადგინეთ შეფასების სქემა თანამედროვე პრინციპებიდან გამომდინარე;
  • შექმენით რუბრიკა მოსწავლეთა შედეგების შესაფასებლად.

თქვენს საჭიროებებზე მორგებული რუბრიკის შემუშავება შეიძლება იყოს რთული და შრომატევადი პროცესი, მაგრამ ის დაეხმარება მოსწავლეებს იმის გაგებაში, თუ რას მოელიან მათგან.

 

  1. სტუდენტური გამოცდილების გაუმჯობესება

 

რა ფაქტორები ახდენს გავლენას სტუდენტების წარმატებაზე? როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებამდე? გამოიკვლიეთ წარმატების ძირითადი ფაქტორები, დაფიქრდით, როგორ შეიძლება მათი გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად და შეიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ახალ ეტაპზე გადასვლაში.

 

  1. დაფიქრდით თქვენს სასწავლო პრაქტიკაზე

 

რამ გიბიძგათ გამხდარიყავით მასწავლებელი? შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენი ღირებულებები, როგორც პედაგოგმა? შეესაბამება თუ არა თქვენი ამჟამინდელი პრაქტიკა თქვენს პროფესიულ მიზნებს? გააძლიერეთ თქვენი, მასწავლებლის იდენტობა, ისევე როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენს პროფესიულ განვითარებას.

  • შეაფასეთ თქვენი ვინაობა პროფესიული, სამართლებრივი და ეთიკური პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია მასწავლებლობასთან;
  • ჩამოაყალიბეთ პირადი სწავლების ფილოსოფია.

აღნიშნული რჩევების გათვალისწინება ხელს შეუწყობს მოსწავლეების კეთილდღეობასა და პროგრესს.

წყარო : https://learningandteaching-navitas.com/articles/ten-pd-program/

 

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე

0

ყოველდღიური ამბები მარწმუნებენ, რომ ბავშვები სულ უფრო მეტად უნდა დავიცვათ ცუდი ამბების მავნე გავლენისგან, ცუდი განწყობებისგან და ისეთი მდგომარეობებისგან, რომელმაც შეიძლება მათზე არასასურველი კვალი დატოვოს. ბავშვებისთვის ყოველთვის უნდა იქმნებოდეს ისეთი ატმოსფერო, სადაც ისინი თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ. თუმცა, არსებობს საკითხები, რომლებიც, ისევ ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასურველია, ძალიან ფრთხილად განვიხილოთ მათთან ერთად, რათა მივცეთ მათ წარმოდგენა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, და ჰქონდეთ ყველაზე მთავარი – მშობლების მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი.

 

რამდენიმე დღის წინ ისევ შევიტყვეთ საზარელი ამბავი: საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, 13 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასეთი ამბები ლამის ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობაა, რომელიც წამიერად გვამუნჯებს, მეტყველების უნარს გვართმევს და დაუცველობის, გარემოსადმი უნდობლობისა და მუდმივი საფრთხის განცდას გვიჩენს. ყველა მშობელს უმძაფრდება სურვილი, უფრო მეტად დაიცვას, უფრო მეტად მოუფრთხილდეს, უფრო მეტად დააზღვიოს შვილი მსგავსი რისკებისგან. მაგრამ, როგორ უნდა დავიცვათ, ამის ცოდნაც მნიშვნელოვანია…

 

„საქართველოში პედოფილიის სტატისტიკა შემაშფოთებელია, გასულ წლებთან შედარებით მონაცემები მზარდია. 2023 წლის პირველ სამ თვეში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 46 არასრულწლოვანი გახდა”, – ეს სტატისტიკური მაჩვენებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა ვარაუდობენ, რომ რიცხვების უკან არაერთი მძიმე დანაშაული იმალება და რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

 

ჩვენს საზოგადოებაში სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით არაერთი ტაბუ არსებობს. სწორედ ამიტომ მშობლებისთვის რთული და უხერხულია, ბავშვს ესაუბრონ ისეთი თემის შესახებ, როგორიც არის სექსუალური ძალადობა, როგორ უნდა დაიცვას ბავშვმა თავი ასეთ დროს, როგორ იყოს თავადაც გათვითცნობიერებული მშობელი, რომ დროულად შენიშნოს საგანგაშო ნიშნები. ასეთ თემებზე საუბარი მშობლისთვის დისკომფორტის შემცველია, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მშობლებმა ბუნებრივ გარემოში უნდა შევძლოთ ბავშვების ისე ინფორმირება, რომ ეს არ იყოს მატრავმირებელი მისთვის და რომ ყველაზე მთავარი პრევენციული მექანიზმი ბავშვის სწორი ინფორმირებაა.

 

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ აზრი ვკითხეთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ივანე საათაშვილს. მან უპასუხა ჩვენს შეკითხვებს იმის შესახებ – როდის უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის ინფორმირება ბავშვისთვის გასაგებ ენაზე? რა უნდა იცოდეს თავად, როგორც მშობელმა, როგორც ბავშვის მთავარმა მეკავშირემ მეტი სიფრთხილისთვის?

 

„როდესაც მშობლებს ვხვდებით, თავიდან ვეკითხებით, როდის იწყება მსგავსი განათლების მიწოდება ბავშვებისთვის. ყველაზე დაბალი ასაკი, რომელსაც ისინი გვისახელებენ, ეს არის 6 წელი. და მაშინვე ვუბრუნებ კითხვას, როდის ასწავლით ბავშვს, სად არის თავი, სად არის ხელი, თვალი და ა.შ. ბავშვისთვის საკუთარი უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უპირველესი საჭიროება მისთვის. მთავარი ფუნდამენტური ცნება, რაზეც დგას ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციული მექანიზმი, არის „პირადისა“ და „საჯაროს“ ცნებების განმარტება და ბავშვისთვის სწავლება.

 

როდესაც სექსუალურ ძალადობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ნათლად განვსაზღვროთ, რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა. ეს არის ძალიან დიდი ქოლგა, რომლის ქვეშაც მოიაზრება ძალიან ბევრი ქცევა. ხშირად გვგონია, რომ სექსუალური ძალადობა მაინცდამაინც ძალადობრივი ფორმით გამოიხატება ხოლმე და ესეც ართულებს სექსუალური ძალადობის გამოვლენას. ძალიან იშვიათად ხდება ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა ფიზიკური ძალადობის თანხლებით. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც სპეციალისტები ვეძახით ბავშვის „გრუმინგს“, როდესაც მოძალადე ცდილობს ბავშვთან დაახლოებას, გადის მთელ პროცედურებს, რომ მოიპოვოს ბავშვისა და ოჯახის წევრების ნდობა, დარჩეს ბავშვთან მარტო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მას. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, როცა მოძალადე ძალიან ნელა უახლოვდება მისთვის საინტერესო ობიექტს. „გრუმინგის“ მიზანია, მოძალადემ მოიპოვოს ბავშვის ნდობა ოჯახის წევრების გავლით, რათა განახორციელოს განზრახვა.

 

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა მითი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ, რაც ძალიან დიდი ბარიერია პრევენციისთვის – ეს არის „უცხოს“ შიში. მშობლებსა და საზოგადოებასაც ჩამოყალიბებული აქვთ შეხედულება, რომ ბავშვის მიმართ სექსუალური მოძალადე შეიძლება იყოს უცხო ადამიანი და ბავშვებს ადრეულ ასაკშივე უნდა ვასწავლით, რომ უცხოს არ უნდა დაელაპარაკოს, უცხოს არაფერი გამოართვას და ჩვენი ეს პრევენციული მექანიზმი, აგებული და დამყარებულია მთლიანად „უცხოს“ შიშის მითზე. რეალობაში, სტატისტიკურად, როგორც წესი, ბავშვთა მიმართ სექსუალური მოძალადეები არიან ბავშვისთვის ძალიან ნაცნობი ადამიანები – ისინი, ვისაც ბავშვები ენდობიან და ვისთან მარტო დარჩენისაც არ ეშინიათ. ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი აღარ ასწავლის შვილს თუ მოსწავლეს, როგორ უნდა დაიცვას ბავშვმა თავი მისთვის ნაცნობი და სანდო ადამიანისგან. ამის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფროსები ძალიან დიდ რესურსს ვდებთ იმაში, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იყოს, მაგრამ რეალური საფრთხე, როგორც ამას სტატისტიკა გვეუბნება, მოდის ბავშვის ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან, რომლებთანაც ის თავს კომფორტულად გრძნობს. ერთ-ერთი მითი ისიც არის, რომ მოძალადე გამოიყურება ძალიან უშნოდ, აცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ა.შ. ჩვენ ამაზეც გვაქვს ძალიან ინფანტილური წარმოდგენა. ეს საფრთხე შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს, ამიტომ გვჭირდება დიდი ინფორმაციული და საპრევენციო რესურსის ჩადება ბავშვში, რადგან ჩვენ ყოველთვის მასთან ერთად ვერ ვიქნებით და ბავშვმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, როცა ის თავს ცუდად იგრძნობს.

 

სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული მითები ჩვენ გვიქმნის უსაფრთხოების ილუზიას, რომ მოძალადე უცხოა, რომ მოძალადე აუცილებლად ცუდად გამოიყურება და ა.შ. ეს გვიქმნის წარმოსახვით უსაფრთხოებას, რომელიც ძალიან საშიშია. არ უნდა ეგონოს მშობელს, რომ ბავშვი ძალადობას ამოიცნობს. შესაძლოა ასეთი ქცევა წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს ბავშვის მიმართ და ბავშვი ვერც კი მიხვდეს, რომ მის მიმართ ხორციელდება სექსუალური ძალადობა. ამიტომ ბავშვმა თუ არ იცის თავისი სხეულის ნაწილები, რომ ასეთ ადგილებში არავინ უნდა შეეხოს, არ შეხედოს, ასეთი საიდუმლო არ უნდა შეინახოს, მან შესაძლოა ვერც იგრძნოს, რომ ის საფრთხეშია. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა იშვიათად გულისხმობს ცხადი ფიზიკური ძალის გამოყენებას. ეს უფრო ხშირად შეფუთულია ბავშვის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით ოჯახის მეგობრის მხრიდან, ან ოჯახის წევრის მხრიდან, განსაკუთრებული ინტერესი, სიყვარული და განსაკუთრებული, მისი ასაკისთვის შეუსაბამო „მეგობრობა”. ასეთი ადამიანი ბავშვისთვისაც ხდება საინტერესო და სასიამოვნო პიროვნება, რადგან შეიძლება ერთად ჭამდნენ შოკოლადებს ჩუმად და არ ეუბნებოდნენ დედას. ასეთი შეფარვითი ქცევით მოძალადე შესაძლოა, ცდილობდეს ამ ყველაფრის „შეფუთვას“. ამიტომ ბავშვს ძალიან ხშირად უჭირს ამის იდენტიფიცირება და აუცილებელია, ვასწავლოთ მას სხეულის ნაწილების დასახელება; როგორი საიდუმლო შეინახოს, როგორი საიდუმლო არ შეინახოს; ვის მიმართოს, როდესაც მას უსიამოვნო საიდუმლოს შენახვას მოსთხოვენ, როცა ვინმე შეეხება და მისი სხეულის ნაწილებს დააკვირდება. ბავშვს აქვს უფლება, რომ იცოდეს ეს ყველაფერი”.

 

ჩვენ ხშირად გვაქვს იმის განცდა, რომ მსგავსი ამბები, ჩვენგან შორს, სხვა კულტურის, სხვა სტილის ოჯახებში ხდება და არა ჩვენს წრეში, ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ნაცნობ ან მეგობართა ოჯახებში და ჩვენ მისგან დაცული ვართ. ამიტომ ხშირად არ ვლაპარაკობთ ამ თემებზე, რადგან ზედმეტი გვგონია, რადგან უხერხული გვგონია, მეტიც, ზოგჯერ თავსმოხვეული და გამომწვევიც კი.

 

ციფრები საგანგაშოა, რეალობა – არსებულ ციფრებზე მეტად მძიმე. დიდი ყურადღება გვმართებს, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც…

 

 

 

მოსწავლეების ხელნაწერები

0

თეკლა, ნაწერი ისე შეგეცვალა, ძლივს გიცანიშენ ცნობ ჩემს ხელნაწერს?

ჩემი აზრით, შენს ხელნაწერს ვცნობ! კალიგრაფია ადამიანს გამოხატავს როგორია იმ დროს, რა ხასიათზეა ან როგორ ასრულებს დავალებას. სწრაფად წერს, მალე უნდა მორჩეს და ზედაპირულად ასრულებს დავალებას თუ თავის აზრებს ვერ ეწევა. ახლაც სხვანაირად ვწერ. ყოველ ორ წუთში მეცვლება წერის მანერა. ჩემი კალიგრაფია იზრდება  whith me“.

ეს მიმოწერა ზუსტად მაშინ ვიპოვე, როცა სტატიის დასაწყისზე ვფიქრობდი. გვიან ღამით ჩემი მერვეკლასელი შვილის (თეკლა ჩემი მოსწავლეა) ქართულის რვეული გადავშალე. მაინტერესებდა, როგორ გაართვა თავი საკმაოდ რთულ დავალებას და უეცრად ჩემი განმავითარებელი კომენტარის პასუხად მისი ჩანაწერი ვიპოვე. მოზარდი გოგოს ფიქრები ხელნაწერებზე ჩემს სათქმელს  თამამად გამოხატავდა.

ხშირად ჩაძინებამდე თვალწინ ბავშვების ხელნაწერები გამიელვებენ ხოლმე. მშვენიერი წამებია, ბავშვების სახეები და ხელნაწერები ერთმანეთს რომ ენაცვლებიან. წერის მანერით თითოეულს ვცნობ, რაც მათ ინდივიდუალიზმს სძენს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები  შფოთავენ, თუკი ბავშვი ლამაზად არ წერს. მე კი ვფიქრობ, არ ღირს ამაზე დარდი. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობასა და შრომისმოყვარეობას არ უნდა მივაჩვიოთ და ზედაპირულობისკენ უნდა ვუბიძგოთ. დაფიქრებულხართ, რას გრძნობს ბავშვი იმ დროს, როცა კალმით ასოების გამოყვანას ცდილობს? როგორც თეკლა წერს, ზოგჯერ აზრები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ფურცელზე გადმოტანას ვერ ასწრებო. ბავშვები ლამაზად წერას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. ამ დროს კი პასუხად მოელიან უარყოფით შეფასებას, კრიტიკას, უკმაყოფილებას.
სულ რომ არაფერი ვუთხრათ, სხეულის ენითაც კარგად მიხვდებიან, რამდენად მხარს ვუჭერთ მათ. კალიგრაფიასთან დაკავშირებით მშობლისა და მასწავლებლის მხრიდან მუდმივ შენიშვნას შედეგად მოჰყვება გულაცრუება. როგორც წესი, ამ დროს ბავშვები თავს არწმუნებენ, რომ “ცუდად წერა” ცუდად აზროვნებას, წერილობით აზრის ვერგამოხატვას გულისხმობს, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვთ და, დიდი ალბათობით,  ეს შემოქმედებით პროცესზეც აისახება. დავალებას შეასრულებენ, ოღონდ არა დიდი სიხარულითა და კეთილი ნებით, არამედ, ვალდებულების მოხდის მიზნით.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დრო – დღეს ბავშვები როგორ გარემოში იზრდებიან. ტექნოლოგიების ჭარბად შემოჭრა ნებელობას ასუსტებს. თითის ოდნავი შეხებით მყისიერად ასრულებენ მოქმედებას. კალმისა და ფანქრის გამოყენებას კი გაცილებით მეტი დრო სჭირდება, რაც მასწავლებლებმა და მშობლებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
სკოლამდელი განათლების როლიც გამოსაკვეთია. საინტერესოა, რამდენად ხშირად ძერწავდა, აფერადებდა, ხატავდა, მაკრატლით ჭრიდა ბავშვი ბაღის ასაკში? წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის რა გააკეთა მშობელმა თუ ბაღის მასწავლებელმა?

თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ლამაზი ხელნაწერის აუცილებელ წინაპირობად წვრილი მოტორიკის განვითარებაც არ არის საკმარისი.

ხშირად ვფიქრობ, რატომ ხდება ისე, რომ ერთ კლასში ზოგი ულამაზესად წერს, ასოებს ქარგავს, ზოგის ასოები კი აცაბაცად გამოიყურება.
“ხასიათი ბედისწერაა” ამოვიკითხე კარლოს ლუის საფონის რომანში “ქარის ჩრდილი”. მეც ასე მგონია, ხელნაწერი არის თითოეული ჩვენგანის ხასიათის გამოვლინება. ვფიქრობ, მთელი ჩვენი ბავშვობა არის დაშრევებული ხელნაწერში. გაიხსენეთ, როგორ ისწავლეთ წერა, როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორ იცვლებოდა თქვენი ხელნაწერი ასაკთან ერთად. ბავშვობასთან მიბრუნება თქვენი შვილებისა და მოსწავლეებისადმი მეტად შემწყნარებელს გაგხდით.

კიდევ ერთ საკითხი უნდა გამოვკვეთოთ, კერძოდ, სწრაფად წერა. როგორც 13 წლის გოგო წერს, კალიგრაფია იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად და  სწრაფად ვწერთ.
იაპონიაში კალიგრაფია ხელოვნების დარგად მიიჩნევა და ფუნჯებით ხატავენ იეროგლიფებს. როგორც ჩანს, იაპონელ მასწავლებლებს მეტი დრო აქვთ მოსწავლეებთან კალიგრაფიაზე მუშაობისთვის. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა არ არის მორგებული იმას, რომ ხელნაწერის დახვეწას დიდი დრო დავუთმოთ. ძირითადად, პირველ კლასში მთავრდება ეს პროცესი. ვფიქრობ, ხელნაწერზე მუშაობას მეტი დრო რომ დაეთმოს, უფრო ლამაზად წერას შევძლებდით. ცხადია, ეს კეთილ ნებაზე უნდა იყოს დამყარებული. პროცესით სიამოვნება უნდა მიიღოს მოსწავლე-მასწავლებელმა და მშობელმაც დასჯის ნაცვლად სწორი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებით კლასებში დაწერენ ლამაზად, სუფთად, საბაზო-საშუალო საფეხურზე გადასვლისას კი წერითი დავალებებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას გამოავლენენ.

აქვე უნდა აღვნიშნო, “სუფთად წერის”, ანუ შეცდომების, როგორც ხშირად ვუწოდებთ, “გადაჯღაბნილების” გარეშე წერის მოთხოვნა შემოქმედებითი პროცესისა ასევე ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როგორი მცირე დრო გვაქვს გაკვეთილისთვის და რამდენი მიზანია მისაღწევი. ბავშვმა რომ ნელა წეროს, მუშაობის პროცესს ჩამორჩება. რაც შეეხება საშინაო დავალებას, თუკი ყურადღებას გავამახვილებთ პასუხისმგებლობაზე, დროსთან ერთად მათი წერითი დავალებების ხარისხიც დაიხვეწება.

მთავარია, ბავშვი წერისადმი დადებითად განეწყოს, შეცდომის დაშვების შიში არ ჰქონდეს, საკუთარი ნაშრომის რედაქტირება და წერის პროცესით ტკბობა ვასწავლოთ, პარალელურად, ლამაზად წერისკენ ვუბიძგოთ და თუკი მაინც წვრილი, მობრეცილი ასოებით წერას განაგრძობს, მთელი გულით შევიყვაროთ მისი ნაწერი. ვუთხრათ, რომ მათ ხელნაწერს ბევრი სხვა თანატოლის ხელნაწერებს შორის სწორედ მისი უცნაური წერის მანერით ვცნობთ. ხელნაწერზე ყურადღების გამახვილებით წერისას ფსიქოლოგიური ბარიერები არ შევუქმნათ.

ერთ დღეს მერვეკლასელებს შევთავაზე პატარა ფურცლებზე წერილობითი კომენტარები დაეწერათ, სახელი და გვარი კი არ მიეთითებინათ. მე კი მათი ვინაობა ხელნაწერის მიხედვით უნდა გამომეცნო. შედეგმა ყველა გაგვაკვირვა. ბავშვების უმრავლესობის ხელნაწერის ვინაობა ადვილად გამოვიცანი და მერე კი თავგზა ამებნა – სხვადასხვა ბარათზე დაწერილი ასოები ერთმანეთს დაემსგავსნენ. ზარიც დაირეკა. ბარათები მოვაგროვე და საკლასო ოთახი იმედგაცრუებულმა დავტოვე. ერთი ბიჭი დერეფანში შემხვდა და ნაწყენმა მომაძახა, როგორ ვერ გამოიცანით ჩემი ნაწერიო. მერე სათითაოდ დავაკვირდი და ამ პატარა ბარათებიდან ნაცნობი ხმების მოსმენა დავიწყე. ამჯერად უფრო მეტი ბავშვი ამოვიცანი.

აი, რას მეტყველებენ ხელნაწერები მოსწავლეზე:

  • წერის როგორი სტილი აქვს;
  • იყენებს თუ არა იუმორს, თვითირონიას, მხატვრულ ხერხებს, შორისდებულებს, პუნქტუაციას;
  • ნაწერის ტონით კი განწყობის, ხასიათის ამოცნობაა შესაძლებელი.

ამ ყველაფერზე დაკვირვება ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც ძალიან სახალისო და ემოციური იყო.

იგივე აქტივობა შევთავაზე მეექვსე კლასს და ამჯერად ყველა ხელნაწერის ავტორი გამოვიცანი. შემაჯამებელი წერისთვის დაფაზე ჩაღრმავებული კითხვის სქემას ვამზადებდი. ამასობაში ბავშვები პატარა ბარათებზე 5-წუთიან ჩანაწერს წერდნენ. განწყობისთვის მუსიკა ჩავურთე. ალექსს ბარათების აგროვება დავავალე. სანამ ისინი მუშაობდნენ, მე მასწავლებლის მაგიდაზე ბარათები გავშალე, სათითაოდ ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ხელნაწერის ვინაობის გამოცნობას. რამდენიმე მათგანის ნაწერი სტატიაში დავიმოწმე იმის საჩვენებლად, თუ რის მიხედვით ამოვიცანი თითოეული:

“ჰეი! მე ვარ ****** მიყვარს ******** და ვარ ****** მიყვარს როდესაც გარეთ ვთამაშობ. მიყვარს კატები და ა.შ.შ. ნეტა ვინ ვარ?“ – სანდროს წვრილ ასოებს ადვილად ვცნობ და თან მხოლოდ ის იყენებს უცნაურ პიქტოგრამებს.

 

„გამარჯობა, ლელა მას. ძალიან გახარებული ვარ. ახლა მზე მიჭყუტუნებს. შესანიშნავი მუსიკა ისმის. რა კარგია, როცა ნისლი არ არის. მთელ ქალაქს ვხედავ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ეს ქვეყანა, როგორც ერთ-ერთმა მწერალმა თქვა, ქვაბს ჰგავს, რადგან ჩაღრმავებულია“. – ნატალის ოთხი წლის განმავლობაში ყველასგან გამორჩეული ხელნაწერი ჰქონდა. ამ ბოლო დროს კი მკვეთრად შეცვალა ასოების მოხაზულობა, თუმცა, ჯერ კიდევ იცნობა ნატალის წერის სტილი. ამჯერად ბოლო წინადადებამ, წიგნიდან მოყვანილმა პერიფრაზმა, მიმახვედრა მისი ვინაობა.

 

„ჩვენი ლელა მასწავლებელი შეეცდება, რომ გამოიცნოს ჩვენი ხელ+ნაწერები. ჩემი აზრით, ჩემს ხელ ნაწერს ვერ გამოიცნობს ლელა მასი. თუ გამოიცნო, გამიკვირდება. იმედია ბევრს გამოიცნობს, მაგრამ ჩემსას ვერ გამოიცნობს. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გამოიცნობს“. – როგორც წესი, საბა ვრცელ ტექსტებს არ წერს ხოლმე, რაც თავგზას მიბნევს. მერე ასოებს ვაკვირდები და ხელნაწერიდან საბას სახე ამონათდა. ეს შენ ხარ-მეთქი, ბარათს ვაჩვენებ და არასდროს დამავიწყდება, როგორ გაებადრა სახე.  საბა წერს, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მასწავლებელი ჩემს ნაწერს ვერ გამოიცნობსო და ამ კომენტარს მნიშვნელოვან გზავნილად ვიღებ,  ვხვდები, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციო მას. ორი კვირის წინ საყვარელი ილუსტრაციის კლასისთვის გასაცნობად ანტონ ჩეხოვის „კაშტანკა“ მოიტანა. ვთხოვე, წავიკითხავ და დაგიბრუნებ-მეთქი. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება, საბას ნათხოვარი წიგნის წაკითხვა და მისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება.

 

„გამარჯობა, ახლა ძილის მეტზე არაფერზე ვფიქრობ. გარეთ ვერ გაიგებ, როგორი ამინდია. ცის ნაწილი მოწმენდილია, ხოლო ნახევარი მოღრუბლულია. დღეს კოსმეტიკა (ტუში, ლაინერი, ჰაილაითერი და გლოსები) მოვიტანე“. – ნატალის ხელნაწერზე დაკვირვება არც დამჭირვებია, რადგან დიდი ხანია შევამჩნიე, როგორ დაატარებს სკოლაში კოსმეტიკით გაძეძგილ პატარა ჩანთას და მისი მწვანე ტუშით რაღაც კონკურსს აწყობენ ხოლმე.

 

„ Hellow. ახლა კლასში სიხარული სუფევს. ლელა მასმა თავისი საყვარელი ანიმეს მუსიკა ჩაგვირთო. შემაჯამებელი უნდა ვწეროთ. დღეს ამ კლასიდან ოთხი ბავშვი ძალიან ბედნიერია. სახელსა და გვარს არ დავასახელებ. ლელა მასის სვიტერი მომწონს. ის ჩემს ნაწერს ყოველთვის ცნობს. ამიტომ არა მგონია, ახლა ვერ იცნოს. კარგი, ნახვამდის!!!“ – მარიამი მართალია. მისი ხელნაწერს ადვილად ვცნობ, რადგან ძალიან ხშირად მწერს წერილებს. გარდა ამისა, სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს კლასში ყველაზე კარგად მარიამი ცნობს.

„ბოლო გაკვეთილია. მასწი სიმღერას რთავს განწყობისთვის. გარეთ ქარია. დილით თოვდა. შემაჯამებლისთვის ვემზადებით ყველა. ნიკა სკამზე ტრიალებს (პროწიალებს). ყველა გასუსული წერს, როგორც ძაღლი ჭამის დროს.“ – ნინას შედარებების დედოფალს ვუწოდებ ხოლმე და ადვილად ვხვდები მის ვინაობას.

 

„დღეს ქარია. არადა ეზოში ჩასვლა მინდა. კარგ ხასიათზე ვარ. კარგი დღე მაქვს. მზე „გმირი ღამის ავტობუსს“ ანათებს და ძალიან ლამაზია. ყველა ალექსის ეძახის, რომ წერილი აკრიფოს. ყველა ფაციფუცობს – ეს ჩემი გამოგონებული სიტყვაა. ლელა მასწავლებელი ძალიან ლამაზი მაისური აცვია. ძალიან მომწონს. კარგი, ახლა წავედი.“ – თამარი ამ ბოლო დროს ისე ლამაზად წერს, შეიძლება, გამჭირვებოდა ამოცნობა. ამჯერად სიტყვა „ფაციფუცის“ ამბავი გამახსენდა. ერთხელ, საშინაო დავალებებს რომ კითხულობდნენ, სახალისო ვიქტორინისთვის საკვანძო სიტყვებს ვიწერდი და სწორედ მაშინ გავამახვილეთ ყურადღება თამარის მიერ გამოყენებულ სიტყვა „ფაციფუცზე“. ეს აღმოჩნდა თამარის ვინაობის გამორკვევის გასაღები.

 

„ჰეიიი, როგორ ხართ? ახლა ყველა პატარა ფურცელზე 5 წუთიან ესეს ვწერთ. მიყვარს „ესეების“ წერა. გარეთ მზე კაშკაშებს. მიყვარს ასეთი ამინდები. თან დღევანდელ დღეს შეეფერება. რა საოცარი დღეა!“ – ეს ელენეა. შორისდებულებით ხშირად იწყებს ხოლმე წერას. თან მისი ხალისიანი, სიყვარულით სავსე ბუნება ისეა გაცხადებული, რომ ელენეს განწყობა გადამდებად მოქმედებს და ვეთანხმები, რომ საოცარი დღეა.

 

ამრიგად, მოსწავლეების ხელნაწერებთან ურთიერთობა უზომოდ საინტერესო, ამაღელვებელი პროცესია. დროდადრო ხელნაწერების ვინაობის გამოცნობანას თამაში ორმხრივად სასარგებლოა, მასწავლებლები ვხედავთ, ვის უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება, მოსწავლეები კი დიდი სიხარულით ივსებიან, როცა სიტყვებით, ფრაზებით, ხასიათით, წერის სტილით, ასოების მოხაზულობით შეგვიძლია მათი ამოცნობა. ვფიქრობ, ნებისმიერ წერით დავალებასა და ხელნაწერს უფრო გააზრებულად და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

სტატიის ბოლოს გიზიარებთ ხელნაწერთა ინსტიტუტის მკვლევრის, ნესტან ბაგაურის, მოსაზრებას ბავშვისთვის  წერის სწავლების შესახებ. ერთხელ მას რჩევა ვკითხე და დიდი გულისხმიერებით გამიზიარა საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები:

„ლამაზად წერა სტრესი შეიძლება იყოს მაშინ, როცა ეს არის ისეთი დავალება, როგორიცაა: ამოცანის ამოხსნა, ინგლისურის წესის დაზეპირება და სხვა. თუკი ბავშვებს კალიგრაფიას მივაწვდით არა როგორც სუფთა წერას, არამედ როგორც თვითგამოხატვის შესაძლებლობასა და ხელოვნებას, ეს სრულიად სხვა სამყაროში აღმოაჩენს მათ.

თუ დავაწერინებთ, მაგალითად, სიტყვა „ქარს“ და მათი ემოციის გათვალისწინებით, ასოები მიქნეულ-მოქნეული თავ-ბოლოთი იქნება მიმოფანტული თუნდაც მთელ გვერდზე და არა უჯრებში, სწორ ხაზზე და მინდვრების დაცვით, შემდეგ კი დავაწერინებთ, მაგალითად, „მინდორს“ ან სხვა განსხვავებული ხასიათის სიტყვას, ნახავენ, რომ დაწერეს ისე, როგორც უნდათ და ეს უკვე თავგადასავალია;

თუ წერისას შევიტანთ სიძველეს: მელანს, კალამს ან პასტელებით რამდენიმე შრედ დაფერილ ფენას შევთავაზებთ და ასოებს ამოკაწრავენ, თუ საზედაო ასოებს დაამსგავსებენ ჩიტებს, ყვავილებს, მთვარეს, ზღვას ან სულაც ბურთს და ამას მათივე ხელით გაკეთებულ თიხის ნაძვის ხის სათამაშოზე დაიტანენ საღებავებით, ფერადი თვლებით – მაშინ ეს იქნება დღესასწაული; თუ მაქმანებითა და მუყაოთი შექმნიან მისალოც ბარათებს – ესეც თავგადასავალია“.

ნესტანის რჩევებზე დაყრდნობით, გადავწყვიტე, მოსწავლეთა ასაკის შეუზღუდავად, მეტი დრო დავუთმო ქართულ ანბანს და როგორც მკვლევარი გვირჩევს, თითოეული ასოს მოხაზულობა ბავშვებისთვის თავგადასავლად ვაქციო. თუკი ხელნაწერს ვერ დავხვეწთ, მშობლიური ანბანისადმი სიყვარულს გავაღვივებთ. მთავარია, ბავშვისთვის ლამაზად წერა შფოთვასა და დაბალი შეფასების მოლოდინს არ უკავშირდებოდეს.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...